სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

იდეიდან ტექსტამდე

(პირველი ნაწილი)

ამ წერილს უფრო ჩემთვის ვწერ და კიდევ – ჩემი მკითხველებისათვის. ჩემთვის იმიტომ, რომ შემოქმედებითი პროცესი უკეთ გავიაზრო (გამოცდილი მწერალი ამას უსტატიოდაც მოახერხებდა, მაგრამ მე ხომ ასეთი არ ვარ). მკითხველებისთვის კი იმიტომ, რომ ყველა მკითხველს სურს ხოლმე, თავის საყვარელი ავტორის შიდა სამზარეულოში შეიჭყიტოს. ეგ მეც მიყვარს, როგორც მკითხველს და ჩემი მკითხველებიც შემოქმედებითი საქმიანობის დეტალებით ხშირად ინტერესდებიან. ამ წერილში მხოლოდ ერთ, კონკრეტულ საკითხს შევეხები, მაგრამ იმედი მაქვს, მათ ცნობისმოყვარეობას ნაწილობრივ მაინც დავაკმაყოფილებ.

არ ვიცი, შეიძლება, ზოგი ავტორი, თავში იდეა მოუვა თუ არა, მაშინვე იწყებს წერას. მე – არა, იდეის მოსვლიდან წერის დაწყებამდე თვეები გადის და ზოგჯერ, შეიძლება წლებიც გავიდეს. ახლა, მაგალითად, მაქვს იდეა, რომელიც „აკუმის“ იდეაზე ადრინდელია, მე კი დღემდე არ შევდგომივარ მის განხორციელებას. არადა, სათაურიც მაქვს და პირველი ფრაზაც. სულერთია – ის დასაწერად მზად არ არის, არ არის მზად და მორჩა. აი, მზად როდის იქნება ან იქნება თუ არა საერთოდ, ეგ უკვე ჩემზე აღარაა დამოკიდებული.

აბა, ვისზეა დამოკიდებული?

იდეა ხომ ჩემია და მის განხორციელებასაც მე უნდა მოვაბა თავი?

ამ კითხვებზე პასუხი, სამწუხაროდ, არა მაქვს. მგონი, ესაა ზუსტად ის საიდუმლო, რაც შემოქმედებას შემოქმედებად აქცევს, ის, რისი წყალობითაც ჩანაფიქრი თუ მონახაზი ხელოვნების ნიმუში ხდება.

მე რაც ვიცი, იმას გეტყვით: იდეის გაჩენიდან დაწერამდე ჩემი ტვინის ერთი ნაწილი მუდამ მასზე ფიქრობს. ფიქრისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობები არ მჭირდება, თუმცა გამოგიტყდებით, რომ მგზავრობა, გზაში ყოფნა იდეალურია. მეტრო, ავტობუსი, თუნდაც მანქანით შორ მანძილზე წასვლა – აი, ასეთ დროს გონების მოკრება უფრო მიადვილდება ხოლმე. ამიტომ ყველა ჩანთაში, უფრო სწორად, ორივე ჩანთაში (რომელი ჩანთების კოლექცია მე მაქვს), ყოველთვის მიგდია პატარა წიგნაკი – თუ იდეამ ბევრი სხვა აზრი გამოისხა, ჩემი ბატიფეხურით იქვე რომ მოვინიშნო. მერე ზოგჯერ (ბოლო დროს უკვე – ხშირად) თვითონვე ვეღარ ვარკვევ, რა ჩავიწერე, რაც კიდევ დამატებითი ნერვიულობის წყაროა.

მარგარეტ ეტვუდი გვირჩევს, თუ სადმე მიდიხართ, თან იქონიეთ ფანქარი და ფურცლები, რადგან კალამი, შეიძლება გაგითავდეთ, ფანქარს კი გათლითო. მაგრამ თუ თვითმფრინავით გიწევთ მგზავრობა, მაშინ ეგრევე გათლილი ფანქრები წაიღეთ, სათლელს კაბინაში არ აგატანინებენო.

რა ვიცი, მე კალმით დავდივარ და მინდა გითხრათ, სულ არ ვუჩივი.

რატომ ვინიშნავ?

შიშის გამო ანუ შიშით, რომ დამავიწყდება. სინამდვილეში, არასოდეს არაფერი მავიწყდება. და თუ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩანაწერებში ჩანიშნული რომელიმე დეტალი გამომრჩა და ტექსტში არ გადამიტანია, როგორც წესი, ისიც აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს დეტალი არც ყოფილა ტექსტისთვის საჭირო.

აბა, რა თავს ვიკლავ?

მ ე შ ი ნ ი ა.

და ეს საკმარისი მიზეზია თავის მოსაკლავად.

დამიჯერეთ.

ეს პირველი ეტაპია. მეორე ეტაპია შეგრძნება, რომ იდეა დასაწერად მზად არის. ამას როგორ ვხვდები, ვერ აგიხსნით – თვითონაც არ ვიცი. ამიტომ თუ იდეა მეტისმეტად დიდხანს ვხარშე გონებაში და მის დასაწერად მზაობას მაინც ვერ ვგრძნობ, შიში მიორმაგდება: რა ხდება? საერთოდ რომ ვერ დავწერო? ზედმეტი რომ ვიფიქრო და ფიქრში დაწერამდე გაუვიდეს ყავლი? რომ ვერ მივხვდე, რომ მზადაა? მაგას როგორ უნდა მივხვდე?

ფიქრში ყავლის გასვლა ჩვეულებრივი ამბავია. ჩემი აზრით, ეგ იმას მიგვანიშნებს, რომ ასეთი იდეა არც ღირდა დასაწერად. ამიტომ მასზე გულის ხეთქა ფუჭია. შეიძლება, პირიქითაც მოხდეს – დაიწყო წერა, შუამდე ჩახვიდე და აღარ დაასრულო, რადგან სანამ შუამდე ჩახვედი, შენი ცხოვრება შეიცვალა და ის აღარაა შენი სათქმელი, რაც წერის დაწყებისას იყო. მაქვს ერთი ეგეთი ტექსტი – აიოვაში ყოფნისას დაწყებული რომანი, რომლის პირველი ორასი გვერდი დაწერილია და მეტი აღარ დაიწერება – იქ იმდენი რამ მოხდა, რომ ჩამოვედი, უკვე სულ სხვა საფიქრალში ვიყავი. მერე რაც შემემთხვა, იმან კიდევ სხვა იდეის განვითარებას შეუწყო ხელი.

ერთი სიტყვით, გარდაუვალი კანონია – რაც დასაწერია, აუცილებლად დაიწერება. რაც არა და, ესე იგი, ასე უმჯობესი იყო ყველასთვის.

წერამდე მე კიდევ ერთი ეტაპი მაქვს: კვლევა. ზოგჯერ ის თავად წერის ეტაპსაც ემთხვევა ხოლმე. მოკლედ, ქრონოლოგიას მნიშვნელობა არა აქვს, თავად პროცესის მიმდინარეობაზე გეტყვით:

აიოვაში ყოფნისას მექსიკელმა პოეტმა, დავიდ ანუარმა ილაპარაკა წერისწინა სამუშაოებზე და რომელიღაც სხვა პოეტის ციტატა მოიხმო, როცა წერ, ყოველი სიტყვა სისხლში უნდა იყოს ამოვლებულიო. თავად კი დაამატა, საამისოდ ორი გზა არსებობს: ან პირად გამოცდილებას უნდა დაეყრდნო ან უნდა იკვლიო. თვითონ ორივე გზას კარგად იცნობს – თუ ერთი კრებულისთვის ბიძგი დედის ავადმყოფობამ მისცა, მეორე კრებულისთვის არქივებსა და ბიბლიოთეკებში ძრომიალი დასჭირდა.

დავიდს რომ ვუსმენდი, მივხვდი, რომ მე მეორე გზის მწერალი ვარ – მწერალი, რომელიც იკვლევს. პირად გამოცდილებას არასდროს ვეყრდნობი, დიდი-დიდი რაღაც მოტივები ავიღო იქიდან, რომლებსაც მერე კიდევ გარდავქმნი, მაგრამ მთლიანი ამბავი ჩემი ცხოვრებიდან ჩემს ტექსტებში არასდროს ხვდება. ბევრჯერ მსმენია ეს დარიგება: „დაწერე იმაზე, რაც იცი!“ მე კი პირიქით, ყოველთვის იმაზე ვწერ, რაც არ ვიცი. ვწერ იმისთვის, რომ ჩემი არცოდნა კითხვებად დავშალო, ვწერ შეცნობის იმედით, მაგრამ ამ მდგომარეობას ვერასდროს ვაღწევ. ალბათ, ამიტომ ვაგრძელებ წერასაც.

ცოდნისა და სწავლისადმი ჩემი სიყვარულის მიუხედავად, წერის წინა კვლევა მეზიზღება – მე ხომ ამ შემთხვევაში, ვიკვლევ იმას, რაც ტექსტს სჭირდება და არა იმას, რაც მაინტერესებს. ახლა იტყვით, რომ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები. სულაც არა – „ახალ აღქმაზე“ მუშაობისას ბიბლიის ეგზეგეტიკა, რაც იყო კიდეც ჩემი წერის საგანი, ნამდვილად მაინტერესებდა, აი, ძველი ისრაელის ყოფა-ცხოვრება და არქეულოგიური გათხრების შედეგები კი – არა. მაგრამ ამ უკანასკნელის შესწავლის გარეშე ტექსტის მხატვრულ სამყაროს ვერ ავაშენებდი. „აკუმის“ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივადაა საქმე: ცხადია, მედიცინა არ მაინტერესებს, რომ მაინტერესებდეს, ექიმი გამოვიდოდი. მაგრამ რა მექნა? იდეა მოითხოვდა, რომ სამედიცინო ნაწილი კარგად შემესწავლა. მაგალითად გამოდგება ჩემი ზემოთ ნახსენები დაუსრულებელი რომანიც – მარტოხელა მამაზეა. მარტოხელა მამის თემა უთუოდ მაინტერესებდა და არ ვიცოდი (რადგან, როგორც მოგეხსენებათ, არც მამა ვარ და არც – მარტოხელა), მაგრამ მისი შვილის ავადმყოფობის შესახებ უამრავი სამედიცინო სტატია წავიკითხე და ეს სულაც არ იყო სასიამოვნო საქმე. მისი ცოლი პოსტსამშობიარო ფსიქოზით იტანჯებოდა – ეს თემაც მიზიდავდა, თუმცა აქაც უამრავ სამედიცინო ლიტერატურას გავეცანი და ბოლოს ცოტა მომწყინდა. აი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც მივადექით – კვლევის კიდევ ერთი უბედურება ისიცაა, რომ დანამდვილებით იცი: უმეტეს ნაწილს იმისას, რასაც წაიკითხავ, წერისას არ გამოიყენებ. ეს ყოველთვის ასე ხდება. მით უფრო, რომანის შემთხვევაში – აბა, როგორ უნდა განსაზღვრო, საით წავა ამბავი და მესამასე გვერდზე რისი ცოდნა დაგჭირდება და რისი არა? ამიტომაც სჯობს, იცოდე მეტი, ვიდრე ნაკლები. არც ჰემინგუეის დასჭირდა ის ყველაფერი, რაც თევზაობაზე იცოდა, როცა „მოხუცი და ზღვა“ დაწერა, გამოვტოვეო, – დასძენს, – როცა იცი და ტოვებ, არ ეტყობაო. როცა არ იცი და ამის გამო გამოტოვებ, დაეტყობა.

ამიტომ კვლევისას სიზარმაცე გაუმართლებელია.

თუმცა არც კარგად ნაკვლევი საკითხია კარგი ტექსტის დაწერის გარანტია. შესაბამისად, ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები შიშიც არასოდეს გტოვებს. მაგრამ ეს უკვე შემდეგი წერილის თემაა…

გაგრძელება იქნება

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“