შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

კითხვის სწავლა სწავლებამდე -წარმოსახვა და ხელახლა წაკითხვა

0

წინამდებარე წერილში კითხვის ორი სტრატეგიის შესახებ ვისაუბრებთ ვიზუალიზაციის ანუ წარმოსახვისა და ხელახლა წაკითხვის შესახებ. (ჩვენი სტრატეგიების მიმდევრობაში მე-5 და მე-6 რიგით) სანამ ჩვენეულ ბარათებს გავეცნობით, ამ ორი სტრატეგიის შედარების სქემას დავაკვირდეთ:

  1. ვიზუალიზაცია, წარმოსახვა

რა არის ეს?

ვიზუალიზაცია არის წაკითხული ტექსტის მიხედვით სურათების დანახვა, წარმოდგენა. ამ სტრატეგიისთვის უკეთესი იქნება, თუ გამოვიყენებთ ქართულ სიტყვას: წარმოსახვა. ეს საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ დანახვაზე, ვიზუალზე გავაკეთოთ აქცენტი, არამედ გაგონებაზეც, შეგრძნებაზეც, დაგემოვნებაზეც, ყნოსვაზეც. შესაბამისად,  ბავშვებს უნდა დავეხმაროთ წარმოიდგინოს, გონებაში გააცოცხლოს წაკითხული.  ჩვენი ხელშეწყობით მან უნდა დააინახოს, გაიგონოს, შეიგრძნოს, გემოთი და სუნით აღიქვას ის, რასაც ვუკითხავთ.

ზოგადადაც, წაკითხულის წარმოსახვა არის ის კომპეტენცია, რომელიც კითხვას შემოქმედებით აქტად გარდაქმნის და მკითხველი პასიური მიმღების როლში კი არ რჩება, არამედ აქტიური თანაშემოქმედის ამპლუას ირგებს. რაც უფრო მეტად განუვითარდება ბავშვს ეს უნარი, მით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება მისი წარმოსახვითი სამყარო, როგორც კონკრეტული ტექსტის, ასევე ზოგადად.

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?

წაკითხულის წარმოსახვის შედეგად ბავშვი უფრო სიღრმისეულად იაზრებს ტექსტს, ივითარებს წარმოსახვის, ნაამბობის/წაკითხულის დანახვისა და მასზე დაკვირვების უნარებს.

როგორ გავაკეთოთ ეს?

წაკითხულის წარმოსახვაში დასახმარებლად განსხვავებული მიდგომაა საჭირო ბავშვის ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით. განსხვავებული იქნება თვითონ წიგნებიც, რასაც ვუკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი ასაკისთვის საბავშვო წიგნი უხვად და მიმზიდველად არის ილუსტრირებული, ხოლო სასკოლო ასაკისთვის — შედარებით ნაკლებად, წაკითხულის ვიზუალიზებას ორივე შემთხვევაში უნდა შევუწყოთ ხელი.

ილუსტრირებული წიგნები ბავშვებს ყველაზე ეფექტურად ეხმარება წაკითხულის წარმოსახვაში, რადგან ამაზე უკვე წიგნის გამომცემელ-ილუსტრატორებმა იზრუნეს. მაგრამ ჩვენც უნდა გამოვიყენოთ დამატებითი აქტივობები, რადგან, ჯერ ერთი, ყველაფრის ილუსტრირება წიგნში ვერ მოხერხდებოდა, მეორეც, ილუსტრაციაზე დაკვირვება და  დამატებითი დეტალების მოფიქრება საუკეთესოდ ავითარებს ბავშვის ვიზუალიზების უნარს.

როდესაც წიგნის ერთ მონაკვეთს წავიკითხავთ, ბავშვს ყურადღება უნდა გავამახვილებინოთ იმ  გარემოზე, სადაც ამბავი ვითარდება, პერსონაჟებზე, ამინდზე, ფერებზე და ამის შესახებ დავუსვათ შეკითხვები. თუკი წიგნში მოცემულია ესა თუ ის კონკრეტული ილუსტრაცია, მასზე  დაკვირვებისა და აღწერის შემდეგ შეგვიძლია დავაფიქროთ ბავშვი იმაზე, თუ რის დამატება შეიძლებოდა კიდევ.

ასე რომ, წიგნის ხმამაღლა კითხვისას სასარგებლოა, რომ დავეხმაროთ ბავშვს ამბის წარმოსახვაში, დანახვაში, ხმების გაგონებაში, ვიზუალიზებაში.

ნიმუში:

ვთქვათ, ბავშვს ვუკითხავთ ზღაპარ „ნაცარქექიას“. რა შეიძლება დაინახოს ბავშვმა ამ ზღაპრის კითხვისას? რა შეკითხვები დაგვეხმარება ბავშვის წარმოსახვის უნარის განვითარებაში?

– როგორ სახლში ცხოვრობს ნაცარქექია? რა აცვია? რა ფერის ტანსაცმელი აცვია?

– რას ხატავს/ხაზავს ნაცარში ნაცარქექია?

– როგორ გამოიყურება დევი? როგორი გამოხედვა აქვს? (აქ შეიძლება ბავშვს განვასახიერებინოთ დევის  გამომეტყველება.)

— რა ხმები გესმის მდინარის პირას, სადაც დევი და ნაცარქექია პირველად შეხვდებიან?

– როგორ ამოიღებს ნაცარქექია ჭყინტ ყველს ჩოხიდან? როგორ გამოადენს წვენს?

– როგორი იქნება დევის სახლი? რა და როგორი ნივთები ექნება სახლში?

— როგორი გემო და სუნი ექნება დევის სახლში გამომცხვარ პურს? და ა. შ.

ბოლოს, გავეცნოთ უფრო დეტალურ ნიმუშს წინა წერილში (შეკითხვების დასმა) გამოყენებული ,,კომბლეს” მაგალითზე. ამისთვის ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტექსტი დავყოთ ნაწილებად და გვერდით მივუწეროთ წარმოსახვის უნარისთვის სასარგებლო შეკითხვები. ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშნვა, რომ ყველა შემოტავაზებული შეკითხვის დასმა ბავშვს გადატვირთავს და სულ შეაძულებს წაკითხვის პროცესს.

,,კომბლე” შეკითხვები
ზღაპრის წაკითხვამდე, სათაურსა და ყდის ილუსტრაციაზე დაკვირვებისას ●     როგორ ხმა ექნება კომბლეს? ცხვრებს?

●     როგორი იქნება კომბლეს სახლი შიგნით? რა ექნება შინ?

●     როგორ დაუძახებს ხოლმე კომბლე ცხვრებს?

კომბლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი. ეს კაცი მთელი დღის განმავლობაში თავის სახლის წინ იჯდა, კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. შემდეგ დაგროვებული კომბლები ბაზარში მიჰქონდა და კარგ ფასად ყიდდა. ამიტომ ამ კაცს ყველა კომბლეს ეძახდა.

— დილა მშვიდობისა, კომბლე! — ესალმებოდნენ ხოლმე შეხვედრისას.

— როგორ ხარ, კომბლე? — მოიკითხავდნენ ხოლმე საუბრისას.

— ნახვამდის, კომბლე! — ემშვიდობებოდნენ ხოლმე განშორებისას.

კომბლეს ჰყავდა სამი ცხვარი: კომბლესი, კომბლუსი და კომბლოსი. ეს ცხვრები დილით წავიდოდნენ ხოლმე საბალახოდ, მთელი დღის განმავლობაში ბალახობდნენ და საღამოს შინ ბრუნდებოდნენ. კომბლე სულ არიგებდა ხოლმე მათ:

— ყურადღებით იყავით, სადმე მგელი თუ შეგხვდეთ, მაშინვე შინ გამოიქეცითო!

●        როგორი სახლი, ეზო ექნება კომბლეს?

●        რა ფერის ცხვრები ჰყავს კომბლეს?

●        სად დადიან კომბლეს ცვხრები საბალახოდ? რას ხედავ მინდორში?

●        მარტო კომბლეს ცხვრები ბალახობენ თუ კიდევ არიან სხვა ცხვრებიც?

●        რა ხმები გესმის კომბლეს სახლის წინ, მის ეზოში?

●        რა ხმები გესმის ბაზარში, სადაც კომბლე თავის კომბლებს ყიდის?

●        ვის ხედავ კიდევ ბაზარში? სად არის ხოლმე კიდევ ბევრი ხალხი?

●        რა ადგილებშ ბალახობენ ხოლმე ცხვრები დილიდან საღამომდე? არის თუ არა იქ წყარო? მდინარე? ტყე?

●        რა ხმები გესმის ცხვრების საბალახო ადგილებში?

ერთ დღესაც წავიდნენ ცხვრები საბალახოდ. იარეს, იარეს და შემოხვდათ მელია. მელამ ჰკითხათ:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცვხრებმა.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! – თქვა მელიამ და ტყისკენ წაცუნცულდა.

●        სად შემოხვდათ ცხვრებს მელია? რა ადგილია?

●        როგორი სახეები აქვთ ცხვრებს , როდესაც მელიას ესაუბრებიან?

●        როგორი სახე აქვს მელიას ამ დროს?

●        როგორ მიდი მელია ტყისკენ? როგორ შეიძლება წაცუნცულდეს მელია? ადამიანი?

ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ დათვი. დათვმა ჰკითხა:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა დათვმა და ტყისკენ წაბაჯბაჯდა.

●        როგორა დათვი? როგორი ხმა აქვს?

●        როგორ დგანან ცხვრები დათვის წინ?

●        სად არიან დათვი და ცხვრები? როგორი ადგილია? რას ხედავ იმ ადგილას?

●        როგორ წაბაჯბაჯდა დათვი ტყისკენ?

●        ტყე როგორია?

●        ცა როგორი იქნებოდა? ღრუბლიანი თუ მზიანი?

●        როგორი ამინდი იქნებოდა?

ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი. მგელმა ჰკითხათ:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა და სულ არ არ გაახსენდათ კომბლეს დარიგება.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— არ მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა მგელმა და გადაყლაპა ცხვრები.

●        სად შეხვდებოდა მგელი ცხვრებს?

●        როგორ უყურებენ ისინი ერთმანეთს? როგორ საუბრობენ?

●        როგორი სახეები აქვთ მგელსა და ცხვრებს?

●        დღის რომელი მონაკვეთი (დილა, შუადღე, საღამო) იქნებოდა იმ დროს?

მოსაღამოვდა. კომბლემ უცადა თავის ცხვრებს, უცადა და, რომ აღარ დაბრუნდნენ, გაიდო მხარზე ერთი დიდი კომბალი და წავიდა საძებნელად.

იარა, იარა და შემოხვდა მელია. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო!

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა მელიამ კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ გაუშვა მელია და გზა განაგრძო. იარა, იარა და შემოხვდა დათვი. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო.

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა დათვმა კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ გაუშვა დათვი და გზა განაგრძო. იარა, იარა და ბოლოს შემოხვდა მგელი. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო!

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა მგელმა კბილები და ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ სდრუზა მგელს კომბალი, გაუჭრა მუცელი და ამოიყვანა თავისი ცხვრები. კუდამოძუებული მგელი კი ყმუილით წაძუნძულდა ტყისკენ.

კომბლემ წამოიყვანა თავისი ცხვრები და მას შემდეგ ცხოვრობდნენ ტკბილად და გემრიელად.

●        რა აცვია კომბლეს, რომელიც ცხვრების მოსაძებნად მიდის? როგორი სახე აქვს მას? ხელში რა უჭირავს?

●        სად შეხვდებოდა კომბლე მელიას? დათვს?

●        როგორ ესაუბრება კომბლე მელიასა და დათვს?

●        როგორ გარბიან მელია და დათვი?

●        როგორი სახეები ექნებოდათ კომბლესა და მგელს? როგორ ელაპარაკებიან ისინი ერთმანეთს?

●        როგორ გაიქცეოდა კუდამოძუებული მგელია?

●        როგორ შეხვდებოდნენ ცხვრები კომბლეს?

●        როგორ ბრუნდებიან კომბლე და ცხვრები შინ?

ჭირი — იქა,

ლხინი — აქა,

ქატო — იქა,

ფქვილი — აქა.

ელასა, მელასა,

ჭიქა მეკიდა ყელასა.

მთქმელსა და გამგონებელსა

ჯვარი გვწერია ყველასა!..

(ძილი გვაამოს ყველასა!..)

 

  1. ხელახლა წაკითხვა

რა არის ეს?

ხელახლა წაკითხვა გულისხმობს წიგნის უკვე წაკითხული ნაწილის ხელხლა გადაკითხვას გარკვეული მიზნით. რა შეიძლება იყოს ეს მიზნები?

  • შეკითხვებზე პასუხის გაცემა
  • ინფორმაციის გადამოწმება, გახსენება
  • ბავშვის თხოვნის შესრულება

ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვგულისხმობთ უკვე წაკითხული წიგნის სხვა დროს (მეორე დღეს, ერთი კვირის შემდეგ…) ხელახლა წაკითხვას. თუკი ბავშვს ჩვენ მიერ წაკითხული წიგნი მოეწონება, იგი აუცილებლად გვთხოვს მის ხელმეორედ წაკითხვას. ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ და შეგვიძლია რამდენჯერმე  მივუბრუნდეთ კიდეც წაკითხულ წიგნს. ხელახლა წაკითხვის ეს ვარიანტიც ძალიან სასარგებლოა – ამ დროს უკვე ბავშვთან ერთად ვიხსენებთ წაკითხულ ამბებს და ვამოწმებთ, რა გვახსოვს და როგორ.

მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ წაკითხვის პროცესში უკვე წაკითხულ ადგილებთან მიბრუნებას და მათს ხელახლა წაკითხვას.

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?

კიდევ ერთხელ დავსვათ შეკითხვა: რა საჭიროა წიგნის უკვე წაკითხული ადგილების ხელახლა წაკითხვა?

რასაკვირველია, წიგნის კითხვის პროცესში აქტიურად ვსვამთ შეკითხვებს. შეკითხვები ბავშვს ეხმარება როგორც ვარაუდების გამოთქმაში, ასევე უკვე წაკითხული ნაწილის გახსენებაშიც. სწორედ ამ მიზნით გვჭირდება ხოლმე ხელახლა წაკითხვა.

ხალახლა წაკითხვის პროცესში ბავშვი: 1. აკვირდება ტექსტს კონკრეტული მიზნით, მაგალითად, დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად; 2. რწმუნდება, რომ ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია და არცაა საჭირო; 3. ეჩვევა, რომ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად (ამ შემთხვევაში, პასუხის მოძიება) ტექსტის კიდევ ერთხელ წაკითხვაა საჭირო.

როგორ გავაკეთოთ ეს?

წიგნის წაკითხვისას ბავშვიც ხშირად გვისვამს ხოლმე შეკითხვებს და ჩვენც ვეკითხებით როგორც უკვე წაკითხული ნაწილების შესახებ, ისე დარჩენილი ნაწილის შესახებ ვარაუდების გამოთმის მიზნით. სწორედ ამ პროცესშია სასარგებლო უკვე წაკითხულ ადგილთან მიბრუნება და მისი ხელახლა წაკითხვა. ამისათვის ბავშვს მივმართავთ: „მოდი, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, მართლა ასე იყო თუ არა…“ თუკი ბავშვის არ გაუჩნდება ასეთი შეკითხვები, მაშინ ჩვენ დავსვამთ და ბუნებრივა საჭიროებას დავინახავთ წიგნის შესაბამისი ადგილის ხელახლა წაკითხვისას.

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი წიგნის ხმამაღლა კითხვის პროცესში უკვე წაკითხულ ადგილებს კიდევ ერთხელ მივურბუნდებით მიზნობრივად, ხელახლა წავიკითხავთ და გადავამოწმებთ ჩვენ მიერ გაცემულ პასუხს.

ნიმუში:

დავუშვათ, ბავშვს ვუკითხავთ ზღაპარ „ნაცარქექიას“  და მივედით იმ ადგილას, სადაც ნაცარქექიამ ჩოხის კალთაში გამოხვეული ყველი ამოიღო წვენის გამოსადენად:

„დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა“.

და ამ დროს ვიკითხავთ:

– სად ჰქონდა ნაცარქექიას ყველი?

– სახლიდან ხომ გამოატანეს?! – აუცილებლად გვიპასუხებს ბავშვი, რომელიც მანამდე ყურადღებით გვისმენდა.

– სახლიდან გამოატანეს? მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, სად წერია, რომ სახლიდან გამოატანეს, — ვამბობთ ჩვენ, ვუბრუნდებით ზღაპრის დასაწყისს, ვკითხულობთ ხელახლა და ბავშვიც სიამოვნებით გვისმენს, როგორ მართლდება მისი პასუხი.

კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ ,,კომბლეს” მიხედვით. როდესაც ცხვრები უკვე დათვს ხვდებიან და მასთან ლაპარაკობენ. შეიძლება წამკითხველსა და ბავშვს შორის ასეთი ინტერაქცია წარიმართოს:

— რა უთხრეს ცხვრებმა დათვს, კომბლე რას აკეთებსო?

— კომბლებს თლის და ჭერში აწყობსო…

— მელიას რა უთხრეს?

— მელიასაც ხომ ასე უთხრეს?

— გინდა, გადავამოწმოთ, მელიასაც ასე უთხრეს თუ არა? მოდი ხელახლა წავიკითხოთ…

 

როდესაც მშობელს შვილის გამო საყვედურობენ

0

ალბათ, ძნელად მოიძებნება მშობელი, რომელიც ერთხელ მაინც არ დაუბარებიათ სკოლაში შვილის საქციელის გამო. მშობელს უწევს საყვედურების მოსმენა, რაც მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

ერთ დღეს, ქუჩაში მიმავალი, სკოლიდან გამოსული აღშფოთებული მშობლის მეუღლესთან სატელეფონო საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. „მე აქ მომსვლელი აღარ ვარ, მომავალში უკვე შენ მოგიწევს ამ საყვედურების მოსმენა – ცუდად იქცევა, მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარების საშუალებას არ აძლევს, მათემატიკაში სულ დაბალ ქულებს იღებსო. რა არ ვცადე, დავაშინე, ბევრი რამ ავუკრძალე. აღარ ვიცი, რა ვქნა!“

ვფიქრობ, აღწერილი სიტუაცია ბევრი მშობლისთვის ნაცნობია. ბავშვებს უჭირთ, სასკოლო გარემოში, თანატოლთა წრეში, გაკვეთილზე ყოველთვის ისე მოიქცნენ, რომ მათი ქცევა უფროსების მოლოდინს შეესაბამებოდეს. როდესაც ბავშვის ასეთი ქცევის გამო მშობელს საყვედურობენ, ბუნებრივია, მას თავმოყვარეობა ელახება, რადგან ამ საყვედურებს საკუთარ  მარცხად აღიქვამს, რცხვენია, იწყებს თავის დადანაშაულებას და ვერ ხვდება, როგორი რეაქცია ჰქონდეს  – ეჩხუბოს ბავშვს, აუხსნას, სთხოვოს, ჯილდოს დაჰპირდეს თუ მისთვის საყვარელი საქმიანობა აუკრძალოს.

ეს ყველაფერი ვერ დაეხმარება მშობელს. თუ ბავშვს ეჩხუბა, შესაძლოა, დაკარგოს მისი ნდობა, პრობლემა კი მაინც ვერ მოგვარდეს. ვერც ბავშვის დაცვა ჩაითვლება პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზად. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. მოქმედების სწორი სტრატეგიის შესარჩევად სასურველია გავარკვიოთ, რა განსაზღვრავს კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვის ქცევას.

 

სასკოლო გარემოში ბავშვის გამომწვევ ქცევას თავისი მიზეზები აქვს:

* ყურადღების ცენტრში მოხვედრის სურვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზარდის ყურადღების, პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება საკლასო გარემოში დაუკმაყოფილებელი რჩება;

* პრობლემები ოჯახში – თუ ბავშვი არაკომფორტულად გრძნობს თავს სახლში და განიცდის ზეწოლას მშობლების მხრიდან, შესაძლოა, დაგროვილი არასასიამოვნო ემოციები სკოლაში ამოაფრქვიოს;

* კონფლიქტები მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან – ასეთ დროს ცუდი ქცევით ბავშვს სურს, გამოიწვიოს კონკრეტული ადამიანის გაღიზიანება. როგორც წესი, ის ცელქობს და გამომწვევად იქცევა იმ მასწავლებლის გაკვეთილზე, რომელიც არ უყვარს;

* თვითგამოხატვისკენ სწრაფვა – გარდატეხის ასაკში მოზარდებს სურთ თანატოლების პატივისცემის  მოპოვება, აღიარება. მიზნის მისაღწევად ისინი ხშირად არღვევენ წესებს, იქცევიან მიუღებლად;

* მოწყენილობა – საგაკვეთილო პროცესის მიმართ ინტერესის ნაკლებობა ბავშვს ხანდახან გართობისა და მიუღებელი ქცევისკენ უბიძგებს;

* დაქვეითებული თვითშეფასება, საკუთარი ძალების რწმენის ნაკლებობა.

 

როგორ უნდა წარიმართოს სკოლაში დაბარებულ მშობელთან საუბარი, რომ შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდეს? გთავაზობთ რეკომენდაციებს:

* უპირველეს ყოვლისა, მოვუსმინოთ ერთმანეთს. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს – მოზარდის განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვა და მის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება.

* ნუ გაგვიკვირდება, თუ საუბრისას აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ და მშობელი ბავშვს სხვადასხვა მხრიდან ვიცნობთ. სკოლასა და სახლში მოზარდს სხვადასხვა როლის შესრულება უწევს – სკოლაში ის მოსწავლეა, ჯგუფის წევრი, შინ კი ხშირად საყოველთაო ყურადღებისა და მზრუნველობის ობიექტია, რაც მის ქცევაზეც პოვებს ასახვას.

* სასურველია, მშობელთან საუბრისას შევაფასოთ ბავშვის ქცევა და არა მისი პიროვნება. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მშობელს ვუთხრათ: “თქვენი შვილი ზარმაცი და მოუწესრიგებელია”, – ჯობია ვაცნობოთ, რომ მან საშინაო დავალება არ შეასრულა და გაკვეთილისთვის საჭირო ნივთები არ წამოიღო სკოლაში.

* ვისაუბროთ ფაქტებზე და ვერიდოთ განზოგადებულ დასკვნებს. მაგალითად, უკეთესი იქნება გამოვიყენოთ ფრაზა: „გუშინ ცუდად დაწერა საკონტროლო მათემატიკში“, – და არა „თქვენს შვილს სწავლა არ უნდა, ტყუილად დადის სკოლაში“.

* თუ მშობლისაგან მოვითხოვთ, ზეგავლენა მოახდინოს შვილზე, ისიც უნდა ვურჩიოთ, რა შეიძლება გააკეთოს ამისთვის.

* ვერიდოთ ბავშვის კრიტიკას მშობელთა კრებაზე, სხვა ბავშვების მშობლების თანდასწრებით. ამით მხოლოდ გავირთულებთ ურთიერთობას და თანამშრომლობის ყველა გზას მოვიჭრით.

* ასევე არ არის  სასურველი  მშობელთან საუბარი მოზარდის თანდასწრებით, მით უმეტეს, თუ მშობელი საყვედურის სათქმელად და ბავშვთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ გვყავს დაბარებული.

* დაუშვებელია მშობლისთვის იმის თქმა, რომ ის სათანადოდ ვერ ასრულებს მშობლის მოვალეობას და შვილი უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული. ასეთი მიდგომით პრობლემას ნამდვილად ვერ მოვაგვარებთ.

 

კარგი იქნება, თუ მშობელიც დაიცავს გარკვეულ პირობებს პედაგოგთან საუბრისას:

* არ იქნება მტრულად განწყობილი. მას ესაუბრება სპეციალური განათლებისა და ბავშვთან მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი. მან შეიძლება შეამჩნიოს ის, რასაც მშობლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

* შეინარჩუნოს კეთილგანწყობა და თავაზიანობა, ნუ გამოხატავს ეჭვებს პედაგოგის პროფესიონალიზმის თაობაზე. ეცადოს, იპოვოს მასთან საერთო ენა.

* აჩვენოს პედაგოგს, რომ პატივს სცემს მას და მის აზრს, მოუსმინოს და მერე გამოთქვას თავისი თვალსაზრისი იმის შესახებ, რატომ შეიძლებოდა ბავშვი ასე მოქცეულიყო. იქნებ ოჯახში რთული ვითარებაა მშობლების განქორწინების გამო, ან უბრალოდ ბავშვი ნელა ითვისებს მიწოდებულ ინფორმაციას. აუხსენით ეს პედაგოგს, შესაძლოა, ის საქმის კურსში არც იყოს.

მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რას შეიძლებოდა მოეხდინა ბავშვის მიუღებელი ქცევის პროვოცირება, სთხოვეთ მასწავლებელს რჩევა. ამით მის მიმართ პატივისცემას გამოხატავთ და მიახვედრებთ, რომ არ აპირებთ საყვედურის უყურადღებოდ დატოვებას.

* შესთავაზეთ მასწავლებელს კომპრომისი. არ ღირს მასთან კონფლიქტში შესვლა და იმის მტკიცება, რომ ჰუმანიტარული საგნებით დაინტერესებულ ჩვენს შვილს სულაც არ სჭირდება მისი მათემატიკა. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მასწავლებელი დარწმუნებულია საკუთარი საგნის მნიშვნელოვნებაში. მაგრამ თუ ბავშვს უჭირს მათემატიკადა არც ინტერესს ამჟღავნებს მის მიმართ, ნება მიეცით, მეტი ყურადღება დაუთმოს ჰუმანიტარულ საგნებს, მათემატიკაში კი მინიმალური ქულაც ეყოფა.

* პედაგოგთან თქვენი ჩვენი თვალსაზრისი კორექტულად, მშვიდად გამოთქვით და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშიც მოუხადეთ საუბრისას გამოჩენილი უხეშობისთვის. საზოგადოდ, ისწავლეთ ბოდიშის მოხდა და ასწავლეთ ეს ბავშვსაც. შეცდომა ყველას მოგვდის. ურჩიეთ ბავშვს, ნუ გადავა თავდაცვაზე, თუ რაიმე დააშავა, პირიქით, აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს, თანაც გულწრფელად და არა საჩვენებლად. უკეთესი იქნება, თუ პირადად მივცემთ მაგალითს –  ბოდიშს მოვუხდით, თუ უსამართლოდ მოვექეცით, მერე კი იმავეს მოვითხოვთ მისგანაც თანატოლებთან, მასწავლებლებსა და მეგობრებთან მიმართებით. შეცდომის აღიარების უნარი თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ღირებული უნარია, რომელიც მომავალში მოზარდს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.

 

ამრიგად, ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზა ოჯახისა და სკოლის, პედაგოგისა და მშობლის თანამშრომლობაა. პასუხისმგებლობის სწორად განაწილება და არა ერთმანეთის დადანაშაულება წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სასწავლო პროექტი,  გეომეტრიული ფიგურები  ყოფა-ცხოვრებაში

0

ეს პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებს გააცნოს გეომეტრიული ფიგურები, მათი შლილები და მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროექტის განმავლობაში, მოსწავლეები შეისწავლიან გეომეტრიულ ფიგურებს, შექმნიან მათი შლილები და გაიგებენ, როგორ გამოიყენება ისინი სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა არქიტექტურა, ხელოვნება, დიზაინი და მეცნიერება.

პროექტის მიზნები:

  1. გეომეტრიული ფიგურების ცოდნა: მოსწავლეებმა უნდა გაიგონ გეომეტრიული ფიგურების სახეები, მათი თვისებები და კლასიფიკაცია.
  2. შლილების შექმნა: მოსწავლეები შექმნიან გეომეტრიული ფიგურების შლილები და განსაზღვრავენ მათ პერიმეტრსა და ფართობს.
  3. ფიგურების გამოყენება: მოსწავლეები იკვლევენ გეომეტრიული ფიგურების გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში და წარმოადგენენ მათ ნიმუშებს.

პროექტის სტრუქტურა:

  1. მოსამზადებელი აქტივობა:
  • მასწავლებელი გაცნობს მოსწავლეებს პროექტის თემას და მიზნებს.
  • დისკუსია გეომეტრიული ფიგურების გამოყენებაზე სხვადასხვა სფეროში.
  1. ფიგურების შესწავლა:
  • გეომეტრიული ფიგურები: მოსწავლეები ისწავლიან სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების (სამკუთხედი, მართკუთხედი, კვადრატი, წრე, მრავალკუთხედები) თვისებებს.
  • შლილების შექმნა: მოსწავლეები ისწავლიან, როგორ შეადგინონ გეომეტრიული ფიგურების შლილები და განსაზღვრონ მათი პერიმეტრი და ფართობი.
  1. კვლევა:
  • მოსწავლეები იკვლევენ, როგორ გამოიყენება გეომეტრიული ფიგურები სხვადასხვა სფეროში.
  • თითოეული მოსწავლე ირჩევს კონკრეტულ სფეროს (მაგ. არქიტექტურა, ხელოვნება, დიზაინი) და პოულობს მაგალითებს, სადაც გეომეტრიული ფიგურები გამოიყენება.
  1. პრაქტიკული დავალებები:
  • შექმნა: მოსწავლეები ქმნიან გეომეტრიული ფიგურების მოდელებს და შლილებს ქაღალდზე ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.
  • გამოყენება: მოსწავლეები ქმნიან პრაქტიკული პროექტების ნიმუშებს, რომლებიც აჩვენებს, როგორ გამოიყენება გეომეტრიული ფიგურები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  1. პრეზენტაცია:
  • თითოეული მოსწავლე ამზადებს პრეზენტაციას თავისი კვლევის შედეგებზე.
  • პრეზენტაციაში შედის გეომეტრიული ფიგურების შლილების და მათი გამოყენების მაგალითები.

პროექტის გეგმა:

  1. შესავალი და გეომეტრიული ფიგურების შესწავლა.
  2. შლილების შექმნა და პერიმეტრისა და ფართობის განსაზღვრა.
  3. კვლევა და ფიგურების გამოყენების მაგალითების პოვნა.
  4. პრაქტიკული ნიმუშების შექმნა და მომზადება.
  5. პრეზენტაციების მომზადება და წარმოჩენა.

 

სასწავლო პროექტის შეფასების ცხრილი:

კრიტერიუმი შეფასების ასპექტი ქულები
ფიგურების ცოდნა გეომეტრიული ფიგურების და მათი თვისებების ცოდნა 2
შლილების სიზუსტე შლილების სწორად შექმნა და გამოთვლები 2
კვლევის ხარისხი გეომეტრიული ფიგურების და მათი შლილების ყოფა ცხოვრებაში გამოყენების შესწავლა და ინფორმაციის სიზუსტე 2
პრაქტიკული ნიმუშები გეომეტრიული ფიგურების შლილების ნიმუშების შექმნა და სიზუსტე 2
პრეზენტაცია პრეზენტაციის ხარისხი, ვიზუალი და წარმოდგენის უნარი 2

მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები შეძლებენ გეომეტრიული ფიგურების და მათი თვისებების გაგებას, შლილების შექმნას და მათი გამოყენების მაგალითების იდენტიფიცირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი გაიუმჯობესებენ კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარებს.

გეომეტრიული ფიგურების გამოყენების მაგალითები:

არქიტექტურა (Architecture) – გეომეტრიული ფიგურების გამოყენება არქიტექტურაში. მაგალითად, საგრადა ფამილია ბარსელონაში – იყენებს მრავალი გეომეტრიულ ფორმას დიზაინში.

ხელოვნება ხელოვნებაში გეომეტრიული ფიგურების გამოყენება. მაგალითად, კაზიმირ მალევიჩის სუპრემატისტული კომპოზიცია.

დიზაინი (Design) – დიზაინში გეომეტრიული ფიგურების გამოყენება. მაგალითად, ნიუ-იორკის მეტროს რუკა, რომელიც იყენებს მართკუთხედებს და წრეებს.

მეცნიერება (Science) – მეცნიერებაში გეომეტრიული ფიგურების გამოყენება. მაგალითად, დნმ-ის ორმაგი სპირალი, რომელიც შეიცავს გეომეტრიულ ელემენტებს.

რჩევები მოსწავლეებისთვის:

  1. შექმენით საკუთარი ნახაზები და შლილები: გამოიყენეთ გრაფიკული პროგრამები, როგორიცაა GeoGebra ან უბრალოდ ფურცელი და ფანქარი.
  2. ფოტოების მოძებნა: მოძებნეთ ფოტოების ბაზებზე, როგორიცაა Wikimedia Commons, Creative Commons, ან გამოიყენეთ Google Images, ფილტრების გამოყენებით, რომ მიიღოთ უფასო გამოსაყენებელი სურათები.
  3. პრეზენტაციებისთვის: პრეზენტაციის დროს გამოიყენეთ ნახაზები და ფოტოები, რათა უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი კვლევა და ნამუშევრები.

ეს რესურსები დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ გეომეტრიული ფიგურები, მათი შლილები და მათი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში, რაც ხელს შეუწყობს მათ პრაქტიკული უნარების განვითარებას.

პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მოსწავლეებს შეეძლებათ გამოიყენონ შემდეგი ნახაზები და ფოტოები, რათა უკეთ გაიგონ გეომეტრიული ფიგურები, მათი შლილები და მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჰელენ კელერის კვირეული — აუდიოაღწერები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის

0

საქართველოში, 2018 წლიდან მოყოლებული, ყოველ ივნისის თვეში,  ჰელენ კელერის კვირეულს აღვნიშნავთ. 27 ივნისს მსოფლიო ამერიკელი უსინათლო და, ამავდროულად, სმენის არმქონე  განმანათლებლის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის, ჰელენ კელერის დღეს აღნიშნავს და, შესაბამისად, კვირეულიც, მრავალფეროვანი აქტივობებით, მას ეძღვნება. გასულ წლებში ამგვარ ღონისძიებებს პოლონელი მეგობრების — პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ვახორციელებდით. სწორედ მათი დამსახურებაა უსინათლო პირებისთვის აუდიოაღწერის დანერგვის მცდელობა ქართულ კულტურულ სივრცეებში, მაგალითად, 2023 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივლისთვის რეჟისორ ნანა ჯორჯაძის გენიალური ფილმის — „პეპლების იძულებითი მიგრაციის“, ასევე შალვა ამირანაშვილის ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებისთვის აუდიოაღწერების მომზადება და სხვა. 

სწორედ მათ კვალობაზე, დაგროვილი გამოცდილებითა და ცოდნით სენსორული დარღვევის მქონე პირების, კონკრეტულ შემთხვევაში, უსინათლო ადამიანებისთვის მეტი მისაწვდომობის მიზნით, მოხალისეობრივად მომზადდა აუდიოაღწერები ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში დაცული ექსპონატებისთვის.  შექმნილი ტექსტები გახმოვანდა, ჩაიწერა და დამუშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს რადიოს სტუდიაში, ითარგმნა, თითოეული მათგანისთვის შეიქმნა QR კოდი, რომელიც მუზეუმს გადაეცა და განთავსდება აღსაწერ ექსპონატთან. სმენის შეზღუდვის, ყრუ და მცირემხედველი პირებისთვის კი იქვე გამოიფინება აუდიოტექსტის ბეჭდური ვერსიები, რომლებიც ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში იყო მზად ამგვარი სახით:

რას ნიშნავს აუდიოაღწერა?

ტერმინი აუდიოაღწერა [ინგლ. Audio description] ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის. გამოსახულების შინაარსის უსინათლო პირთათვის აღწერის პირველი თეორიული საფუძვლები გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში შეიმუშავა გრეგორი ფრაიზაერმა სანფრანცისკოს უნივერსიტეტიდან. ოფიციალურად სისტემა ამოქმედდა 1981 წელს, აშშ-ში, ვაშინგტონის თეატრ ARENA STAGE-ში.

როგორც წესი, აუდიოაღწერას მიმართავენ ვიზუალური ელემენტების გადმოსაცემად უსინათლო ან ყრუ-უსინათლო ადამიანების ინფორმირების მიზნით კინოში, თეატრებში, სატელევიზიო გადაცემებსა თუ სხვადასხვა ვებპორტალებზე. თხრობის ამგვარი ფორმა აქტიურად გამოიყენება მუზეუმებსა თუ ვიზუალური ხელოვნების გალერეებში, ვებგვერდებზე, რომლებსაც თან ახლავს დასურათებული მასალა. აუდიოაღწერის მეშვეობით უსინათლო პირს მიახლოებითი ან ზუსტი წარმოდგენა ექმნება ამა თუ იმ სურათზე მოცემული პეიზაჟების, პორტრეტების, კოსტუმებისა თუ სცენების შესახებ, ასევე ­– ფონის, კონტრასტების, საგანთა განლაგების, კონკრეტული დეტალების აღქმის თვალსაზრისით[2]. ორმაგი სენსორული შეზღუდვის — ყრუუსინათლობის — შემთხვევაში აუდიოაღწერაში ჩართულია თარჯიმან-მეგზური, რომელიც ბენეფიციარს ინფორმაციას აწვდის საგანგებოდ შემუშავებული საკომუნიკაციო ანბანებისა (მაგალითად: ლორმის ანბანი, ტაქტილოგრაფია) თუ მეთოდოლოგიის საშუალებით.

აუდიოაღწერის ნიმუშისთვის მოვიტანთ ნიკო ფიროსმანის ნახატის, ,,ბეგოს კამპანიის დეკრიპციას, რომელიც მომზადდა ორგანიზაციების: საქართველოს ყრუ-უსინათლო კავშირის, HumanDoc-ის და Polish Aid-ის ეგიდით.

ბეგოს კამპანია

მხატვარინიკო ფიროსმანი;

შექმნის თარიღი – 1907 წელი;

ზომა: 71 x 103.5 სმ.

შესრულებულია ზეთით მუშამბაზე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის

ხელოვნების მუზეუმის კოლექცია.

 

სურათი თარაზულია. მოქმედება ხდება მინდორში. წინა პლანზე ჩანს ქართული სადღესასწაულო სუფრა და ექვსი ადამიანი. ფონად გამოსახულია მწვანე ველი და ბორცვები. ცა ლაჯვარდისფერია.წინა პლანზე თარაზულად დგას მართკუთხა მაგიდა თეთრი სუფრით, რომლის ორივე ბოლოში, მაგიდის სიგანეზე,  ქალბატონები სხედან.  შუაში, მაგიდის უკანა მხარეს, სამი კაცი ზის. ყველანი ნახევართაღად სხედან. მაგიდის წინა ნაწილი, რომლითაც ნახატს დავცქერით, თავისუფალია.

გამოსახულების მარცხენა მხარეს კიდევ ერთი მამაკაცი დგას. მას აზიდულ, მარცხენა ხელში დოქი უჭირავს, ჩამოშვებულ მარჯვენაში კითეთრი ქსოვილი. სავარაუდოდ, ეს არის მერიქიფე (ღვინის მსხმელი), რომლის მარცხნივ სუფრასთან მსხდომი სამი კაციდან ორს ქართული ჩოხა აცვია. მერიქიფესთან უფრო ახლოს მყოფს, თავზე მუქი ალისფერი ყაბალახი თუ ბაღდადი მოუხვევია, აქვს ულვაში და მარჯვენა, აზიდულ ხელში ყანწი უჭირავს; მეორეს მაღალი, შავი კრაველის ბოხოხი ახურავს. თავსაბურავის ტიპებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვიფიქროთ, რომ ის არის შეძლებული სოციალური კლასის წარმომადგენელი ყარაჩოხელიტრადიციების მიმდევარი ძველთბილისელი ხელოსანი ტრადიციული ქართული სამოსით, შავი ჩოხით. მასაც აქვს ულვაშები და მარცხენა ხელით მასაც ყანწი აუწევია; მესამე, ევროპულად გამოწყობილი მამაკაცი, შავი შლაპით ზის მაგიდის მარცხენა მხარეს და აღწერილ პერსონაჟებს შეჰყურებს. წინ მარჯვენა ხელით თავის სიმაღლემდე აუწევია თევზი, რომლის სიგრძე სუფრამდე აღწევს; ქალი მარცხნივ, შავი, გრძელმკლავიანი კაბით და ევროპული ქუდით, გამოსახულია მარცხენა პროფილით. მაგიდის მოპირდაპირე ბოლოში მჯდომ ქალსაც შავი კაბა აცვია. თმა შეკრული აქვს. თეთრ სუფრაზე თევზეულის მრავალფეროვანი მენიუა, აქვეა: ქათმის ბარკალი, ორი პური და კახური შოთი.

ნახატის ქვედა, მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში ქალების სიახლოვეს აწყვია ღვინის ორი ქვევრი, რომელთა ზომები მსხდომი ქალების მხრებს აღწევს. ტარებდაგრეხილი შამფურები ეყრდნობა ქვევრებს. მარცხნიდან პირველზე მწვადი აუსხამთ, მეორეზებოსტნეული. მათ შორის, იატაკზე, მარცხნიდან აწყვია: სინით ბოლოკი, საზამთრო ნახევარმთვარის ფორმის ამოჭრილი ნაჭრით; შუაშირუხი, მოლურჯო ტიკჭორა; დოქი; ხახვის კონა, გოგრა. აქვეა ერთი ცარიელი სინიც. სურათის მარცხენა ქვედა კუთხეში დგას (ლობიოს) ქოთანი. გამოსახულების ორივე მხრიდან ერთმანეთისკენ წახრილა მწვანეფოთლოვანი ხეები, რომლებიც ფარავენ ჰორიზონტს. სურათის ზედა, ცენტრალურ ნაწილზეცაში, მუქ ლურჯ ფონზე მარცხნიდან მარჯვნივ დაფრინავს სამი თეთრი ფრინველი. მათ ზემოთ თეთრი საღებავით, სამ რკალად, ქართული ასოებით შესრულებულია წარწერები. პირველ თაღად წერია: კამპანიას გაუმარჯოს”,  შემდეგ – „ბეგო კეთილი ცხოვრება”,  ხოლო მესამე თაღად – „ღმერთმა ყველას გამრავლოს“.

რაც შეეხება ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აუდიაღწერებს, მათთვის ექსპონატები თავად დაწესებულების ხელმძღვანელობამ შეარჩია. ისინია:

 

  1. კოლხური ვერცხლის მონეტები

 

  1. ასალი, იგივე ყაჯარი

 

 

  1. სასწაულმოქმედი ხატი დედაქალაქისა ქუთაისისა

 

  1. ქვევრ-სამარხი სოფელ ქვედა მესხეთიდან.

https://youtu.be/g7IyZRFfuNY?si=SjK4998N5U-YYuZd

  1. გელათის ღმრთისმშობლის კარედი

 

https://youtu.be/g7IyZRFfuNY?si=SjK4998N5U-YYuZd

 

  1. ლაშეს კარი

 

  1. ჩაფრასტები

https://youtu.be/AGSgM24nrMk?si=ENp9Nt1ORsQ3XQLp

  1. სახარება – საქართველოში სტამბური დაბეჭდვით გამოცემული პირველი წიგნი

https://youtu.be/8tpA1xeBMMU?si=CTSaZAh7L9s4s0Tz

  1. სამარხეული ინვენტარი ბაგრატის ტაძრიდან

https://youtu.be/F_b8AWma1wQ?si=iT-_9KxKUwGRweaI

აქვეა ინგლისურენოვანი ვერსიებიც:

A Miraculous Icon – The Mother of God of Kutaisi from Paliastomi .png

 

https://www.youtube.com/watch?v=ElnIeKrRp4o&t=6s

 

Chafrast https://www.youtube.com/watch?v=wYL_I0P1h5o&t=6s

PendanticonEngolpionPangheaHolyMotherofGod.png

 

https://www.youtube.com/watch?v=sHlB3L56Slo&t=10s

https://www.youtube.com/watch?v=yusOXT4yzNM

https://www.youtube.com/watch?v=slspGUdXwvY&t=1s

The Door from the Lashe Church of Our Lady

https://www.youtube.com/watch?v=CWsMe8agz0o

The Gospel First Book Published in Georgia Using a Printing Press

https://www.youtube.com/watch?v=G_-Cy4Rkdow&t=8s

 

Triptych of the Holy Mother of God from Gelati Monastery

 

https://www.youtube.com/watch?v=WQBQ5BcwAWY

ამგვარ პროექტებში ყველაზე მნიშვნელოვანი  უსინათლო პირების, როგორც უსინათლო კონსულტანტების, მონაწილეობაა, რამდენადაც აუდიოაღწერისას მნიშვნელვანია უსინათლო კონსულტანტის რჩევა თუ თვალსაზრისი. განვითარებულ ქვეყნებში მათი შრომა ჯეროვნად დაფასებული და ფინანსურად ანაზღაურებულია, მსგავსი პროექტების სერვისის სახით დანერგვა კი უსინათლო თუ ყრუ-უსინათლო პირების დასაქმებასაც უწყობს ხელს.

ჩვენი აღწერების ქართული ვერსიები მომზადებულია ქუთაისელი უსინათლო კონსულტანტების  — თემურ მიქაძისა და დავით კვესელავას დახმარებით, უსასყიდლოდ, ინგლისური ვერსიისათვის კონსულტირება ვთხოვეთ ესმა გუმბერიძეს. მადლობას გამოვხატავთ მათ და პროექტში ჩართული თითოეული პიროვნებისა თუ მხარდამჭერი პირის (მაია წიწილაშვილის, ქეთი ჯოჯიშვილის, იოსებ კეპულაძის, თორნიკე სამხარაძის, კამილა სკალსკას, ნონა ქარციძის, მზია ზარნაძის) მიმართ! მადლიერებას ვუცხადებთ ხელშემწყობ პირებს — ეკა ტალახაძეს და გიორგი ბერიძეს! მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა  ინტერნეტჟურნალ ,,მასწავლებელი-გე-ს” ძვირფას რედაქციას!

მსგავსი პროექტები დაგვეხმარება  უნივერსალური დიზაინის სივრცეების შექმნის და საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით,  ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას,  ამა თუ იმ მდგომარეობის მქონე ადამიანების ღირსეული ფუნქციონირებისა და ჩართულობის მიზნით.

 

 

 

 

 

 

სიმულაციების გამოყენება ზოგიერთი მათემატიკური კონცეფციის გასააზრებლად

0

ექსპონენციალური ფუნქციები მათემატიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ის გამოიყენება   ბევრ რეალურ სიტუაციაში, როგორიცაა ფინანსები, მოსახლეობის ზრდა, რადიოაქტიური დაშლა, ვირუსების გავრცელება და სხვა. წინა სტატიაში ჩვენ ამ რეალური მაგალითების მოდელირება გავაკეთეთ ფორმულის / ფუნქციის განტოლების სახით, თუმცა ეს ზოგჯერ საკმარისი არაა, საჭიროა მათი ვიზუალური „ფერწერული“ გამოხასვა. ექსპონენციალური ზრდის ან ექსპონენციალური დაშლის, მოდელირება ექსპონენციალური ფუნქციის გრაფიკით მძლავრი ინსტრუმენტია რეალურ სამყაროში არსებული სიტუაციის აღწერისა და პროგნოზირებისათვის.

გაგიზიაროთ მე-11 კლაში დაგეგმილი გაკვეთილის ზოგიერთი აქტივობა, მაჩვენებლიანი ფუნქციის გრაფიკისა და მისი თვისებების გასაცნობად.

ალგებრა  და კანონზომიერება

თემატური ბლოკი

მოდელირება ტექნოლოგიებისა და სიმულაციების მეშვეობით.

თემა: შესაბამისობა,  გრაფიკი, დამოკიდებულება, ფუნქცია

 

სამიზნე ცნება:

მათემატიკური მოდელი

ფუნქცია/ფუნქციის გრაფიკი

კანონზომიერება

შესაბამისობა, მიმართება

ლოგიკა

მსჯელობა

საკითხი: მაჩვენებლიანი ფუნქცია.

 

მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკური ცნებების გააზრებას, ცნებებს შორის ლოგიკურ მიმართებათა გარკვევას;  მაჩვენებლიანი ფუნქციის გრაფიკის აგებას ტექნოლოგიების გამოყენებით. განუვითარდებათ  კვლევის განხორციელებისას კომპიუტერული სიმულაციების გამოყენების, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარები

მისაღწევი შედეგი სტანდარტის მიხედვით

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლები მე-11 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/metertmete/
  3. მათემატიკური წიგნიერება. ალგებრა. მე-9 თავი ავტორი: ქეთევან ცერცვაძე, ევგენი გუგულაშვილი https://drive.google.com/file/d/1ZDQasUQZh8rrdP3RNu_qfj4qUb9jijUm/view

 

 

ფილმი, როგორც სასწავლო რესურსი  გეოგრაფიაში

0

გეოგრაფიაში სხვადასხვა საკითხების სწავლებისას მნიშვნელოვანია  სასწავლო რესურსად ფილმების გამოყენება. რაც არის შესანიშნავი საშუალება მოსწავლეების ინტერესის გაძლიერების და სხვადასხვა თემის უკეთ გააზრებისთვის. განსაკუთრებით აქტუალურია ვიზუალური მასალების გამოყენება ბიომების შესწავლისას.

ბიომების სწავლება მულტიმედია რესურსების გამოყენებით არის ინოვაციური და ეფექტური მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს  საკითხის უკეთ აღქმას, მოსწავლეთა მეხსიერების გაუმჯობესებას, ემოციური ჩართულობის ზრდას და გლობალური პერსპექტივის გააზრებას. ვიზუალური და აუდიტორული სტიმულები ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და დაიმახსოვრონ ინფორმაცია, რაც საბოლოოდ ზრდის სწავლების ეფექტიანობას.

  1. “Planet Earth” (BBC)

ეს დოკუმენტური სერია, რომელიც წარმოადგენილია დევიდ ატენბოროს მიერ, მოიცავს დედამიწის სხვადასხვა ბიომებსა და ეკოსისტემებს. სერია აჩვენებს ცხოველების ცხოვრების ციკლს და მათ ადაპტაციას გარემოში. იგი განსაკუთრებით გამოსადეგია ბიომების და ბიომრავალფეროვნების დაცვის თემების გასაგებად.

  1. “An Inconvenient Truth”

ეს დოკუმენტური ფილმი ალ გორის მიერ შექმნილია და განიხილავს კლიმატის ცვლილების პრობლემებს. ფილმი კარგად ასახავს გარემოს დაცვის და დაბინძურების პრობლემებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება გლობალური დათბობისა და მისი შედეგების უკეთ გაგებაში.

  1. “Chasing Ice”

ეს დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ჯეიმს ბალოგის ექსპედიციაზე, რომელიც იკვლევს გლობალური დათბობის შედეგებს მყინვარებზე. ფილმი უჩვენებს ფოტოებს და ვიდეოებს, რომლებიც აღბეჭდავს მყინვარების დნობას და კლიმატის ცვლილების ეფექტებს.

  1. “The 11th Hour”

ლეონარდო დიკაპრიოს მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმი, რომელიც განიხილავს გარემოს დაცვის პრობლემებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, ხეების გაჩეხვა და წყლის რესურსების დეფიციტი. ფილმი აჩვენებს, როგორია კაცობრიობის ზემოქმედება ბუნებაზე და რას შეიძლება გავაკეთოთ მის დასაცავად.

  1. “Our Planet” (Netflix)

ეს დოკუმენტური სერია, რომელიც ასევე დევიდ ატენბოროს მიერ არის წარმოდგენილი, აჩვენებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არსებულ ბუნებრივ გარემოს და ბიომებს. სერია მოიცავს ოკეანეებს, უდაბნოებს, ტუნდრას და ტროპიკულ ტყეებს.

  1. “Before the Flood”

ლეონარდო დიკაპრიოს დოკუმენტური ფილმი, რომელიც განიხილავს კლიმატის ცვლილების პრობლემებს და როგორ მოქმედებს ეს პრობლემა ადამიანებზე და ბუნებაზე. ფილმი აჩვენებს გლობალური დათბობის შედეგებს და მოითხოვს მოქმედებას მის შესაჩერებლად.

  1. “The Lorax” (2012)

ეს ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება დოქტორ სიუსის წიგნს, მოსწავლეებს აცნობს ეკოლოგიის თემებსა და გარემოს დაცვის მნიშვნელობას. ფილმი უჩვენებს, როგორ მოქმედებს ინდუსტრიული საქმიანობა ბუნებაზე და რას შეიძლება გავაკეთოთ გარემოს დასაცავად.

  1. “March of the Penguins”

ეს დოკუმენტური ფილმი აღწერს იმპერატორ პინგვინების ცხოვრებას და მათ რთულ გარემოში გადარჩენის უნარს. ფილმი მოსწავლეებს აცნობს ანტარქტიკის ბიომს და ცხოველების ადაპტაციის პროცესს.

  1. “Blue Planet II” (BBC)

ეს სერია, რომელიც ასევე დევიდ ატენბოროს მიერ არის წარმოდგენილი, აჩვენებს ოკეანეების და ზღვის ბიომების ცხოვრების უნიკალურობას. სერია ასახავს ზღვის ცხოველების ცხოვრებას და ზღვის ეკოსისტემების სირთულეებს.

  1. “Wall-E”

ეს ანიმაციური ფილმი პიქსარის სტუდიის მიერ შეიქმნა და მომავალში ცხოვრებას აჩვენებს, სადაც დედამიწა დაბინძურებულია და დაღუპულია. ფილმი მოსწავლეებს აჩვენებს დაბინძურების შედეგებს და გარემოს დაცვის მნიშვნელობას.

ფილმების გამოყენების უპირატესობები ბიომების სწავლებაში

1. ვიზუალური აღქმა და მეხსიერების გაუმჯობესება

ფილმები ვიზუალურ და აუდიტორულ სტიმულებს აერთიანებს, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას. ვიზუალური მასალები, როგორიცაა დოკუმენტური ფილმები და ანიმაციები, აშკარად აჩვენებს ბიომების გეოგრაფიულ განლაგებას, კლიმატურ პირობებს და ეკოსისტემების ურთიერთობას. ვიზუალური მედია ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გააცნობიერონ და გაიაზრონ ისეთი კონცეფციები, რომლებიც მხოლოდ ტექსტური ინფორმაციისგან შეიძლება რთულად გასაგები იყოს .

2. ემოციური ჩართულობა

ფილმები ემოციურად ჩართულობის მაღალი დონით გამოირჩევიან. ისინი იწვევს ემოციურ რეაქციებს, რაც ხელს უწყობს ინფორმაციის უფრო ღრმად დამახსოვრებას და გააზრებას. მაგალითად, დოკუმენტური ფილმები, რომლებიც აჩვენებს ბიომების დაცვის აუცილებლობას და კლიმატის ცვლილების შედეგებს, შეიძლება შთააგონონ მოსწავლეებს და გაზარდონ მათი მოტივაცია გარემოს დაცვისკენ .

3. სხვადასხვა სასწავლო სტილის მხარდაჭერა

სწავლების პროცესში მოსწავლეების განსხვავებული სასწავლო სტილების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ზოგი მოსწავლე უკეთ სწავლობს ვიზუალური მასალების გამოყენებით, ზოგი – აუდიტორულად. ფილმების გამოყენება სწავლებაში ეხმარება ყველა ტიპის მოსწავლეს, რათა მათ უკეთ გაიგონ და დაიმახსოვრონ ინფორმაცია. აუდიოვიზუალური მასალა აერთიანებს ტექსტურ, ვიზუალურ და აუდიო სტიმულებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილებას .

4. გლობალური პერსპექტივის მიწოდება

ბიომების სწავლება ფილმების გამოყენებით მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაიაზრონ გლობალური პერსპექტივა და გარემოს გლობალური პრობლემები. ფილმები, რომლებიც აჩვენებს სხვადასხვა ბიომების მდგომარეობას და მათ პრობლემებს, ეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიგონ, როგორ არის დაკავშირებული ბუნება და როგორ მოქმედებს გლობალური კლიმატის ცვლილება სხვადასხვა ბიომებზე .

ბიომების შესახებ ფილმის “Planet Earth”  ნახვა და  მასზე დაყრდნობით პრეზენტაციის მომზადება

მიზნები:

  1. მოსწავლეების ინფორმირებულობის ამაღლება ბიომების შესახებ.
  2. გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.
  3. პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარების გაძლიერება.

ინსტრუქციები:

      1. ჯგუფებად დაყოფა:

მოსწავლეები დაყავი 4-5 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება, მოამზადონ პრეზენტაცია კონკრეტული ბიომის შესახებ, რომელიც ფილმში “Planet Earth” ნაჩვენებია.

https://mykadri.tv/1529-bbc-planet-earth-jungles.html

2. ბიომების არჩევა:

თითოეული ჯგუფი აირჩევს ერთ კონკრეტულ ბიომს ფილმიდან, როგორიცაა:

  • ტროპიკული ტყე
  • სავანა
  • უდაბნო
  • ტუნდრა
  • ტყის ბიომი
  • მარჯნის რიფები

3.მოსამზადებელი პრეზენტაციის შინაარსი:

        • გეოგრაფიული მდებარეობა: აღწერონ ბიომის გეოგრაფიული მდებარეობა და მოიყვანონ მსოფლიო რუკა.
        • კლიმატი: ახსნან ბიომის კლიმატური პირობები, ტემპერატურის დიაპაზონი და ნალექების რაოდენობა.
        • ფლორა და ფაუნა: აღწერონ, რა სახის მცენარეები და ცხოველები ბინადრობენ ამ ბიომში.
        • ეკოლოგიური პრობლემები: განიხილონ ბიომის ეკოლოგიური პრობლემები, მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ადამიანის მოქმედება, დეგრადაცია და მათი გადაჭრის გზები.

4.პრეზენტაციის ფორმატი:

          • სლაიდები: თითოეულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 სლაიდი, რომელიც შინაარსის მიხედვით იქნება დაყოფილი.
          • ვიზუალური მასალა: გამოიყენონ სურათები, გრაფიკები, რუკები და სხვა ვიზუალური მასალა ინფორმაციის უკეთ გადასაცემად.
          • დამოწმება: მითითებული უნდა იყოს წყაროები, საიდანაც მიღებულია ინფორმაცია.

5.დროის მართვა:

            • ჯგუფებს მიეცემათ 1 კვირა პროექტის მომზადებისთვის.
            • თითოეული პრეზენტაცია არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 15 წუთზე მეტი.

EPA – Environmental Protection Agency

WWF – World Wildlife Fund

National Geographic – Environmental Issues

ამ ლინკებზე მოცემულია   დამატებითი ინფორმაცია და რესურსები, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეებს უფრო ღრმად გააანალიზონ სხვადასხვა სახის დაბინძურების ზემოქმედება ბიომებზე და ცოცხალ არსებებზე.

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა SOLO ტაქსონომიით:

 

დონე აღწერა შეფასების კრიტერიუმები
პრესტრუქტურული დონე

1-2

ჯგუფი ვერ აჩვენებს ბიომის ძირითად მახასიათებლებს. ინფორმაციის ნაკლებობა, არ არის განხილული გეოგრაფია, კლიმატი, ფლორა და ფაუნა.
უნისტრუქტურული  დონე

3-4

ჯგუფი აღწერს ბიომის ერთ მახასიათებელს. წარმოდგენილია ერთი მარტივი სეგმენტი ბიომის შესახებ (მაგალითად, მხოლოდ გეოგრაფია ან კლიმატი).
მულტისტრუქტურული დონის

5-6

ჯგუფი აღწერს რამდენიმე მახასიათებელს, მაგრამ მათ შორის კავშირი არ არის სრულდ აღწერილი და გაანალიზებული. წარმოდგენილია რამდენიმე მახასიათებელი (მაგალითად, გეოგრაფია და კლიმატი), მაგრამ სრულფასოვნად არ არის აღწერილი კავშირი მათ შორის.
მიმართებითი დონე

7-8

ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა მახასიათებლებს და ქმნის კავშირებს. წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი (გეოგრაფია, კლიმატი, ფლორა და ფაუნა) და გაანალიზებულია  კავშირები მათ შორის.
გაფართოებული აბსტრაქტული დონე

9-10

ჯგუფი აკეთებს ღრმა ანალიზს და აფასებს ბიომის ეკოლოგიურ პრობლემებს და გვთავაზობს გადაჭრის გზებს. წარმოდგენილია ღრმა ანალიზი, გლობალური და ლოკალური პრობლემების შესახებ. აფასებს ბიომის ეკოლოგიურ პრობლემებს და გვთავაზობს გადაჭრის გზებს.

ეს აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს, ღრმად შეისწავლონ და გააცნობიერონ ბიომების მრავალფეროვნება და მათთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები. SOLO ტაქსონომიის რუბრიკა უზრუნველყოფს ობიექტურ და სისტემატურ შეფასებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. National Geographic. (2020). The Importance of Visual Learning in Education. National Geographic Education.
  2. Smith, J. (2018). Visual Learning: Engaging Students with Effective Visuals. Journal of Educational Technology.
  3. Brown, A. (2017). Emotional Engagement in Learning: The Role of Media. Educational Psychology Review.
  4. Gardner, H. (1999). Intelligence Reframed: Multiple Intelligences for the 21st Century. Basic Books.
  5. WWF. (2021). Global Environmental Issues and Their Impact on Biomes. World Wildlife Fund Report.
  6. BBC Earth. (2006). Planet Earth. BBC Earth.
  7. Gore, A. (2006). An Inconvenient Truth. Paramount Classics.
  8. Attenborough, D. (2019). Our Planet. Netflix.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტი – ჩემი თვალით დანახული ფიროსმანი

0

პროექტი „ჩემი თვალით დანახული ფიროსმანი“ მოიცავდა – მოსწავლეებისთვის  ნიკო ფიროსმანის შემოქმედების გაცნობას, მოსწავლეების მიერ ფიროსმანის სტილში ნახატების შექმნას, მოწვეული მხატვრის დავით გუა/დავით ბაძაღუას მასტერკლასს და გამოფენის მოწყობას. ეს პროექტი მიმართულია 1-3 კლასის მოსწავლეების მხატვრული უნარების განვითარებაზე და ქართული ხელოვნების ისტორიის გაცნობაზე.

პროექტი გულისხმობს მუშაობას შემდეგ ქვეცნებებზე: ელემენტები: ხაზი; ფერი (ძირითადი, კონტრასტული); შუქ-ჩრდილი; ფაქტურა; ფონისა და გამოსახულების ურთიერთმიმართება.პრინციპები: კომპოზიციური განაწილება, ხედვის წერტილი.დარგები: დაზგური ფერწერა.ჟანრები: პეიზაჟი, ყოფითი და სხვ.ტექნიკა: ფერწერა.ეპოქა/მიმდინარეობა/სტილი: მე-XX საუკუნის ქართული ხელოვნება

მიზნები:

  • ნიკო ფიროსმანის შემოქმედების გაცნობა.
  • ფიროსმანის სტილში ხატვის უნარების განვითარება.
  • შემოქმედებითი აზროვნების წახალისება.
  • მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება ხელოვნებაში.
  • ნამუშევრების გამოფენის ორგანიზება.

აქტივობები და ეტაპები:

  1. ნიკო ფიროსმანის  შემოქმედების გაცნობა:
    • ლექცია და პრეზენტაცია ნიკო ფიროსმანის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.
    • ფიროსმანის ცნობილი ნახატების ჩვენება და განხილვა.
    • ფიროსმანის ხატვის სტილის ანალიზი და განხილვა.
    • მხატვრული ტექნიკის შესწავლა:
    • ნახატების დეტალების ყურადღების ცენტრში მოქცევა: ფერთა პალიტრა, ფორმები, თემატიკა.
  2. მოსწავლეების ხატვა ფიროსმანის სტილში:
    • ინდივიდუალური მუშაობა და ჯგუფური აქტივობები.
    • თითოეული მოსწავლის მიერ ნამუშევრის შექმნა ფიროსმანის სტილში.
  3. მასტერკლასი მოწვეული მხატვრისგან:
    • პროფესიონალი მხატვრის მოწვევა, რომელიც მოსწავლეებს ფიროსმანის ტექნიკაზე და სტილზე უკეთესად აუხსნის.
    • პრაქტიკული გაკვეთილი და მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების განხილვა.
  4. გამოფენის მოწყობა:
    • მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა სკოლის ან სხვა შესაბამის სივრცეში.
    • გამოფენის გახსნა და მოსწავლეების ნამუშევრების პრეზენტაცია მშობლებისა და სხვა სტუმრების წინაშე.

საჭირო მასალები:

  • ფერწერის მასალები (ფანქრები, ფუნჯები, აკვარელის ან აკრილის ფერები).
  • ფურცლები და ტილოები ხატვისთვის.
  • კომპიუტერი და პროექტორი პრეზენტაციისთვის.
  • გამოფენის მოწყობისთვის საჭირო აქსესუარები (ჩარჩოები, სტენდები).

შეფასების კრიტერიუმები:

  • მოსწავლეების ჩართულობა და აქტიურობა.
  • ფიროსმანის სტილში ნახატების ხარისხი.
  • შემოქმედებითი აზროვნების გამოვლენა.
  • ჯგუფური მუშაობის უნარები.
  • ნამუშევრების პრეზენტაციის უნარები.

მოსალოდნელი შედეგები:

  • მოსწავლეების უფრო ღრმა ცოდნა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ.
  • გაძლიერებული მხატვრული უნარები და ტექნიკები.
  • შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
  • ნამუშევრების პრეზენტაციის და გამოფენის ორგანიზების გამოცდილება.

SOLO ტაქსონომიით შეფასების რუბრიკა პროექტისთვისჩემი თვალით დანახული ფიროსმანი

დონე კრიტერიუმები განმარტება
Prestructural პროექტის დასაწყისი და ჩართულობა მოსწავლე ჯერ კიდევ არ არის ჩართული და არ გააჩნია ინფორმაცია ფიროსმანის შესახებ. არ ჩანს პროექტის მიმართ ინტერესი.
Unistructural ფიროსმანის შესახებ ინფორმაციის ცოდნა მოსწავლე იცის ფიროსმანის რამდენიმე ფაქტი, მაგრამ არ შეუძლია მათ შორის კავშირების შექმნა. მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ინფორმაციაა დაფიქსირებული.
Multistructural ფიროსმანის სტილის ანალიზი მოსწავლე ფლობს რამდენიმე ფაქტს ფიროსმანის შესახებ და შეუძლია რამდენიმე ელემენტის ანალიზი, მაგრამ არ შეუძლია მათი ურთიერთდაკავშირება.
Relational ფიროსმანის სტილში ნახატის შექმნა მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ელემენტები ფიროსმანის სტილში, ანალიზი და ურთიერთდაკავშირება. მისი ნახატი ავლენს ფიროსმანის სტილის გარკვეულ მახასიათებლებს.
Extended Abstract შემოქმედებითი აზროვნებისა და ტექნიკის განვითარების უნარები მოსწავლე აქტიურად და შემოქმედებითად იყენებს ფიროსმანის სტილს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად. ახორციელებს ინოვაციებს და გამოფენის ორგანიზებაში ჩართულია აქტიურად.

რუბრიკა დაეხმარება მოსწავლეებს და მასწავლებლებს უკეთ გაიგონ შეფასების კრიტერიუმები და შესაძლებლობები, რათა პროექტის ყველა ეტაპზე  გაითვალისწინონ.

პროექტი „ჩემი თვალით დანახული ფიროსმანი“ ხელს შეუწყობს მოსწავლეების მხატვრული უნარების განვითარებას და ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ღრმა შესწავლას, რაც მათი შემოქმედებითი და კულტურული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.

 

სიტყვები და მეტაფიზიკა

0

„და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ. და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი“ (დაბადება, 2, 19-20).

ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ ადამმა, ღმერთის დავალებით, ყველაფერს თავისი სახელი უწოდა. მაინც, რა უწოდა ადამმა თითოეულს? რა ენაზე? რომელი ენის ბუნება გაითვალისწინა? პასუხი ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, არ გვაქვს.

სიტყვებსა და მათ მნიშვნელობებს ენის ბუნება განსაზღვრავს, ენის ბუნებას კი, თავის მხრივ, რაოდენ სტერეოტიპულადაც არ უნდა ჟღერდეს, ადამიანი და ეროვნება განაპირობებს. იმის მიხედვით, როგორია ბუნება ადამიანისა, ენა იცვლის დამოკიდებულებას სათქმელის მიმართ, ენა გამოხატავს თავისებურ ფილოსოფიას, თავისებურ ფსიქოტიპს. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ ფონეტიკურ ჟღერადობას სიტყვებში (თუმცა, ესეც საინტერესო და თავისთავადია), არამედ ვგულისხმობ სათქმელის მიმართ მთქმელის დამოკიდებულებას. მაგალითად, გავიხსენოთ ქართულ ლექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა „მადლობა“ – ის მადლს, მადლის ქმნას უკავშირდება და თითქოს, შენით კმაყოფილი ადამიანი გლოცავს ამ სიტყვით, შენ მიერ გაღებულს უკან ლოცვის, მადლის სახით გიბრუნებს. ამ მხრივ ქართული მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ენებისგან. როგორ ჟღერს ეს სიტყვა სხვა ენებში? რუსული გავიხსენოთ: спасибо, სიტყვა ხსნასთან ასოცირდება. სხვა ენებსაც რომ გადავხედოთ, ყველგან სპეციფიკური იქნება.

მისასალმებელი ლექსიკაც განსხვავებულია, თავისთავად. „გამარჯობა!“ – უკვე გამარჯვების სურვილს აღვიძებს, გამარჯვებაზე გვესაუბრება. ვიღაცისთვის პრიორიტეტული ჯანმრთელობაა (здравствуйте სწორედ ჯანმრთელობიდან მოდის), სხვისთვის – დიდება (ave), პატივი, ან, უბრალოდ, გამომაფხიზლებელი შეძახილი (hallo)…

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არის სიტყვები, რომლებიც მხოლოდ ჩვენ, ქართულად მოლაპარაკეებს გვესმის ზუსტად, ყბადაღებული „შემომეჭამასი“ არ იყოს… რომელი ენა შეძლებს, ზუსტად გადმოსცეს ეს მნიშვნელობა ერთი სიტყვით?

ან თუნდაც სიტყვა „ზეგ“ – ყველგან ასე იქნება: დღე ხვალის შემდეგ. ქართული ამ მხრივ გამონაკლისია.

სიტყვების გარდა, ხშირად ენაში ფორმებიც არის გამორჩეული. ასეთი ჩვენთვის მოთხრობითი ბრუნვის ფორმაა, რომელიც არც ერთ ენას არ აქვს მსოფლიოში, ქართველური ენებისა და ბასკურის გარდა…

განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობის მატარებელია სიტყვები: „გენაცვალე“, „შენი ჭირიმე“, „შენ შემოგევლე“… ამ ფრაზებით და მათი ემოციური გამოხატულებით ალბათ უნიკალურია ქართული. ეს უნიკალურობა, რასაკვირველია, მხოლოდ ჩვენს ენას არ აქვს. ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან და სწორედ იმის თქმა მინდა, რომ ესაა უნიკოდი, რომელიც ყოველ ენას განსაკუთრებულს ხდის, რომელიც ყველა ენას თავის ადგილს მიუჩენს სხვა ენათა შორის, თორემ ჩვენ სულაც არ ვიცით, რომელ ენაზე დაარქვა პირველყოფილმა ადამიანმა ყველაფერს თავისი სახელი, ან, ზოსიმეს თქმისა არ იყოს, რომელ ენაზე ამხელს კაცობრიობას ღმერთი განკითხვის დღეს.

 

ვარსკვლავებს დამსგავსებული ნაჭამი კვერცხის ნამცეცები

0

(ანრი ბერგსონი – „მატერია და მეხსიერება“/გი დე მოპასანი „ფუნთუშა“)

 ყველანაირი დისციპლინისა თუ საგნის არსი ცხოვრების ხედვის კუთხეა. ყველგან, ყველა რაობაში, ცხოვრება მოედინება. ფილოსოფია იმდენად მიყვარს, რომ რელიგიაც მასთან მიმართებითაა ჩემთვის უფრო გასაგები და ჩემი უძვირფასესი პროფესიაც – ლიტერატურაც. მოდი, ამჯერად ავიღოთ მსგავსი კონცეფციები სამყაროს ფილოსოფიურ-ლიტერატურული „გაშლით“.

ანრი ბერგსონის ეს გამოკვლევა სხეულისა და სულის ურთიერთმიმართებაზეა ანუ უმთავრესი საკითხისა ფილოსოფიაში. ფილოსოფოსი ამ შემთხვევაშიც ყოფიერების სიღრმეებში გონით წიაღსვლებს მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კვლევა ასე ჰგავს სამეცნიეროს, – ესაა სხეულის ცნების ირგვლივ ტრიალი, მატერიის რეალისტური და იდეალისტური თეორიების შედარება მათ შორის არსებული განსხვავებებისა და ურთიერთკავშირის მექანიზმებზე. ასე მივადგებითო მეტაფიზიკის უზოგადეს პრობლემებს. ხოლო გზამკვლევი ამ შემთხვევაში შეიძლება ფსიქოლოგია იყოსო…

სწორია კი ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს აზროვნებას დაუძლეველი მიდრეკილება აქვს საკუთარი კონცეფციების რეალობად ქცევისკენ, ოცნებების „გამატერიალურების“ ანუ ამოქმედებისკენ. ეს სულსა და სხეულს შორის კავშირია თუ წინააღმდეგობა?!

სად არის სულისა და მატერიის შეხების წერტილები? როგორ აღმოვჩნდეთ „იქ“? „ამგვარად განსაზღვრული ფილოსოფია შეგნებული და გააზრებული შემობრუნებაა ინტუიციის მონაცემებისკენ“ (79). ეს კი რაციონალურიდან „გადახვევაა“ აშკარადო, ბერგსონმა…

ჩვენი წარმოდგენები არჩევენ სახეებს. როგორია სხეულის – რომელიც სამყაროს აღიქვამს ხუთი გრძნობით – როლი ამ მხრივ? ჩვენ განვიხილავთ იმ პირობებს, რომლებშიც ეს გრძნობები ჩნდება. თითქმის ყოველი გრძნობათაგანი შეიცავს მოქმედებისკენ სხეულის გამოწვევას და, „ამასთანავე, მოლოდინისა და თვით უმოქმედობის ნებართვასაც“ (80). აქ ნაკლებადაა ძალდატანება, რომელიც არჩევანს გამოხატავს. თუმცა როცა სხეულის მოქმედება ხდება ავტომატური, ის ცნობიერებასთან კავშირს აღარ საჭიროებს.

ჩვენი ნერვული სისტემის ცენტრალური მოძრაობები სხეულს გადააადგილებს, ეს კი ქმნის, წარმოშობს წარმოდგენას გარეგანი სამყაროს შესახებ; ტვინია მატერიალური სამყაროს ნაწილი და არა პირიქით – მატერიალური სამყარო ტვინის ნაწილი (თუმცა ზოგი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ სამყარო ისაა, რაც ჩემშია. როცა აღარ ვიქნები, არც ეს სამყარო იქნებაო). „მატერიალური სამყაროს მთლიანობაში ჩემი სხეული ის სახეა, რომელიც სხვა სახეთა მსგავსად მოქმედებს, იღებს და გადასცემს მოძრაობას, შესაძლოა, იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ ჩემი სხეული, გარკვეულწილად, თითქოს ირჩევს მიღებულის გადაცემის წესს“ (83).

ჩემი სხეული – საგანი, რომელიც განკუთვნილია სხვა საგანთა მოძრაობაში მოსაყვანად – მხოლოდ მოქმედების ცენტრია და ის ვერ წარმოშობს წარმოდგენებს. თუმცა უკვე მივადექით „მაგრამს“ – თუ წარმოვიდგენთ, რომ სკალპელის რამდენიმე მოძრაობით გადაიჭრება ზოგიერთი სისხლძარღვოვანი კონა: სამყაროს და თვით ჩემი სხეულის დანარჩენი ნაწილი დარჩება ის, რაც იყო. ცვლილება თითქოს უმნიშვნელოა, სინამდვილეში კი სავსებით ქრება მთელი „ჩემი აღქმა“. სამყაროსეულ სახეებს ჩვენ თავისა და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედებით აღვიქვამთ. ცენტრალური ნერვების გადაჭრას მოჰყვება ტვინში იმ მოძრაობათა გადაცემის შეწყვეტა, რომლებსაც ეს პერიფერიები აპროვოცირებს. ანუ ჩემს სხეულს აღარ შეეძლება გარემოზე, საგნებზე ზემოქმედება.

ეს – რაც შეეხება მოქმედებას.

მაგრამ ჩემი აღქმაც ხომ ქრება? ანუ სკალპელმა მოახდინა ჩემში მატერიალური სამყაროს ცვლილება; მეორე მხრივ, ის, რაც გაქრა, მატერიის „ჩემეული აღქმაა“. გამოდის, აქ ორი მოცემულობაა: მატერია და მატერიის აღქმა – ერთიანობაში!

ახლა – რაც შეეხება წარმოდგენებს: რომ შევცვალოთ საგნები, მათი მიმართება ჩემი სხეულისადმი, ყოველივე შეიცვლება არა მარტო „ჩემი აღსაქმელი ცენტრალური წერტილების შინაგან მოძრაობებში, არამედ ყოველივე შეიცვლება „ჩემს აღქმაშიც“. ეს კი ნიშნავს, რომ მე მარტო ჩემი ტვინის ნივთიერებების მოლეკულურ მოძრაობებს კი არ წარმოვადგენ, არამედ ამ მოლეკულურ მოძრაობებში შეიძლება ისეთი რამის დანახვაც, რაც მხოლოდ მატერიალური სამყაროს ანალოგია არ არის, მას ბევრად აღემატება, მისგან განსხვავებული ბუნებისაა და ქმნის წარმოდგენებს, რომლებიც ჭეშმარიტი სასწაულის გზით გვევლინება.

ამ კვლევების გაგრძელებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ეგზისტენციალიზმთან, პერსონალურ კონცეფციებთან, ფროიდთან, ჰაიდეგერთან, შელესთან და ა.შ. მაგრამ ამაზე – სხვა დროს…

მოდი, ახლა ადამიანის სხეულსა და ჭკუაზე დაკვირვება გადავიტანოთ ლიტერატურაში და გავაანალიზოთ სხეულებრივისა და სულიერის სინთეზურობა, ურთიერთჩაწნეხილობა, ერთმანეთში გადადინება გი დე მოპასანის „ფუნთუშას“ მიხედვით.

გაგახსენებთ კონტექსტს ამ ნოველისა: ფრანგები დამარცხდნენ პრუსიელებთან და ფრანგი მოსახლეობის ერთი, საკმაოდ ჭრელი ნაწილი განერიდება ერთ ადგილს და მიემგზავრება მეორისკენ დილიჟანსით. ზემოთქმული კონცეფციიდან გამომდინარე, საინტერესოდ მოგვეჩვენება მწერლის საოცრად რეალისტური და ვიზუალურის მიღმა არსის დამნახავი მახვილი მზერა მგზავრი მონაზვნების აღწერისას: „ერთი მოხუცი იყო და სახე დაკენკილი ჰქონდა ყავილისგან, თითქო ვიღაცას საფანტით გატენილი თოფი მიბჯენილად შიგ სახეში უსვრიაო. მეორეს, ძალზე მიკნავებულს, ლამაზი და ავადმყოფური სახე ჰქონდა, გულმკერდი – ჩავარდნილი და ჭლექიანი, დახრული იმ სარწმუნოებისგან, რომელიც მოწამეებსა და ფანატიკოსებს წარმოშობს ხოლმე“ (17). ეს სარკაზმი არ არის გასაკვირი, თუ გავიხსნებთ, რომ გი ძალიან მოუთოკავი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, დიდად მორწმუნეც არ იყო ალბათ ან სულაც გარკვევას ცდილობდა იმ უდიდეს საიდუმლოში, ღმერთს რომ უწოდებს ადამიანთა მოდგმა. თუმცა ეს სკეპტიციზმი მოპასანს სიცოცხლის ბოლოს უფრო გაუძლიერდა, რაც მისმა სულიერმა დაავადებამ, ცალკე გენეტიკით, ცალკე კი ათაშანგით გამოწვეულმა, გადაულახავ უფსკრულად აქცია – მან, ავადმყოფმა, დაძაბუნებულმა და ალბათ სასოწარკვეთილმაც, ღმერთი „დუელში“ გამოწვია.

აი, როგორ აღწერს ცნობილი მექალთანე გი დე მოპასანი მსუბუქი ყოფაქცევის ფუნთუშას პორტრეტს (მან ხომ ასე ბევრი იცოდა მსგავსი ტიპის ქალებზე): „ადრეულად დამსხვილებულიყო და იმიტომ მეტსახელად ფუნთუშას ეძახდნენ. პატარა ტანისა იყო, ჩამრგვალებული, ჩასუქებული; ფუნთუშა თითები, სახსრებთან ჩაჭერილები, მოკლე ძეხვების ასხმას მიუგავდა. ხორცის კანი მოლაპლაპე და დაჭიმული ჰქონდა, უშველებელი გულმკერდი ტანისამოსში არ ეტეოდა. მაინც იმის წყალობით, რომ ქორფა იყო, კაცს მისი ყურება ესიამოვნებოდა, მადას უღვიძებდა, პირზე ნერწყვს მოადენდა. მისი სახე ჰგავდა თურაშაულ ვაშლს, გასაშლელად გამზადებულ იორდასალამის ყვავილის კოკორს; შიგ ესხდა ორი მშვენიერი, ყუყასავით შავი თვალი, დაჩრდილულ, გრძელ და სქელწამწამებიანი, რომლებიც შიგ ჩრდილს აყენებდა; თვალებს ქვემოთ მოსდევდა მომხიბვლელი პირი, კოპწია, ნამიანი, საკოცნელი, მიჯრით მიწყობილი პაწაწუნა და თვალისმომჭრელ სითეთრის კბილებიანი…“ ჩვენ წინაშეა ხორციელი სილამაზე ამ ქალისა, თუმცა სული ყოველთვის მეტს არ ამბობს ადამიანზე?!

ფუნთუშა პატრიოტია, იგი ნაწარმოებში არა მარტო ვიწრო სოციალურ ფენას, არამედ სამშობლოსაც წარმოადგენს, თანაც სხვებზე გაცილებით ღირსეულად! „უთხარით ამ საზიზღარს, ამ ბინძურს, ამ პრუსიელ ლეშს, რომ თავის დღეში არ ვიზამ, გაიგონე, თავის დღეში!“ არადა, წარმოსადეგ პრუსიელ ოფიცერს ყველა ქალს შორის ის მოეწონება და დაადგამს თვალს. ეს ქალი მტერთან ლოგინის გაზიარებას არასდროს იკადრებდა, რომ არა გარემოებანი. სხვა მედილიჟანსეები, რომლებიც გზაში ყოვნდებიან ქალის სიჯიუტის გამო, თითქოს ემდურებიან ფუნთუშას – „რატომ არ ინახულა ჩუმად პრუსიელი და სახათაბალოდ რად გაუხადა თავის თანამგზავრებს საქმე. იმაზე ადვილი, რაღა უნდა ყოფილიყო და ან ვინ გაიგებდა რასმე? შეეძლო ეთქვა ოფიცრისთვის, ისინი მეცოდებიან და ამიტომ დავყევი თქვენს ნებასო, და ამით თავის გასამართლებელი საბუთი ექნებოდა. მერე ოფიცერთან დაწოლით რა უნდა დაშავებოდაო“ (49). რომელს აქვს ღირსება, რომელიც აქვს ფუნთუშას?! ქალისთვის ეს მსხვერპლია, მათთვის – ირონიული გასართობი, საქონელივით „ცოხნა“ ცინიზმისა, რომლითაც ფუნთუშას წინააღმდეგ შეთქმულება „გააჩაღეს“.

ფუნთუშას სოფელ ივტოში გლეხებისთვის აღსაზრდელად მიბარებული შვილი ჰყავს, რომელსაც წელიწადში ერთხელ ნახულობს.

„- რა კარგია ზოგჯერ ლოცვა!“ – სევდიანად ეიფორიულია ნათლობიდან დაბრუნებული ფუნთუშა.

„შეთქმულები“ კი რა გზას არ მიმართავენ ქალის გადასაბირებლად: მოუყვანენ მაგალითად ივდითსა თუ კლეოპატრას, არც წმინდანთა ცხოვრებები ავიწყდებათ, რომლებსაც ეკლესიამ ადვილად შეუნდო ცოდვები, მოყვასის საკეთილოდ ჩადენილი, რამეთუ ბრძოლის ველად სხეული აქციეს, რადგან ის გახდა საშუალება მტრის დამორჩილებისა.

მიზანი ამართლებს ყოველგვარ საშუალებას! – ასეთია ბევრ მეძავზე გარყვნილი საზოგადოებრივი მორალი, ადამიანური სამართლის „ჭრა-კერვა“. ასე განმარტავენ ღვთის განგებას მრავალნი ადამიანური მერკანტილიზმით, „ისეთ საქმესაც რომ მოახვევენ ხოლმე თავს ზეციერს, რაც მას სრულებითაც არ ეკითხებოდა“ (59). არადა, მონაზვნებიც, კაცო, მონაზვნებიც ცოდვისკენ, ღირსებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ ადამიანს, ღმერთმა საკუთარ ხატად რომ შექმნა… და მიაღწევენ თავისას – საბრალო ქალს აცდუნებენ.

„- ყველას უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ საძაგლობა ჩაიდინეთ!“ (64) – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

აი, როგორაა დახატული გი დე მოპასანთან ნათლისა და ბნელის, სულიერისა და მატერიალურის, მშვენიერისა და მდორეს შერწყმა; განზრახ გვაჩვენებს ამას მწერლის გენიალური კალამი: „თეთრი მტრედების მთელი გუნდი, მოქურუხებულები, ვარდისფერთვალებიანნი, შუაგულში შავი წინწკლები რომ ესხათ, მძიმე-მძიმედ მიდი-მოდიოდნენ ექვსი ცხენის ფერხთქვეშ, მათს აორთქლებულ მჩორესა ჰქექდნენ და შიგ საკენკს ეძებდნენ“ (66).

ეს საზოგადოება კი, რომელიც ფუნთუშას მსხვერპლის წყალობით ისევ გაუდგება გზას, მას ახლოს აღარ იკარებს – „თითქოს თავის კაბებით რამე გადამდები სენი მოეტანოსო“. მონაზვნებსაც კი ეს ჰგონიათ ქრისტიანობა, თუმცა ღმერთი, უბრალოდ, არ ტყუვდება – „მონაზვნებმა ქამარზე დაკიდებული კრიალოსანი ხელში დაიჭირეს, ორივემ ერთად პირჯვარი გამოისახეს და ერთბაშად ტუჩები ააცმაცუნეს, მერე უფრო და უფრო აუჩქარეს და მოუხშირეს რაღაც ჩურჩულს, როგორც წირვაზე მღვდელთან ერთად ლოცვის დროს იცოდნენ ხოლმე, ჟამ-და-ჟამ პატარა ხატს ჰკოცნიდნენ, ხელახლა პირჯვარს ისახავდნენ და მერე ისევ განაგრძობდნენ ჩქარ და გაგრძელებულ ბუტბუტს“ (68). ხატის კოცნა კარგია, მაგრამ იქვე გვერდით ღვთის ხატს რომ ვერ გრძნობ, თვალებზე ლიბრგადაკრულივით, მის ტანჯვა-ვაებას, ეს სულიერი სიჩლუნგეა სწორედ და მზერის სიბლაგვე, როცა ხედავ სხეულს და გიჭირს მის მიღმა სულის ამოცნობა.

მოპასანმა კარგად გვაჩვენა ადამიანის მიწიერი, ბნელი ბუნების ზეობა, ჩვენი „მგლობა“ უფრო, ვიდრე „კრავობა“. მტრედების ეპიზოდისა არ იყოს, იქვე, დილიჟანსის მგზავრთა ტრაპეზის აღწერისას, ხაზგასმულია ადამიანის სხეულის წარმავალ-ხრწნადობა, ჟამისჟამად სულსაც რომ რყვნის, როგორც წესი… ასეთი სულმდაბალი ადამიანური აგრესია თუ ამბიცია ხან რელიგიას არის ამოფარებული, ხან – კლასობრივ წოდებას, ხანაც – ქონებრივ მდგომარეობას, ანუ ესაა მაინც „ძალა აღმართს ხნავს“ ფილსოფია.

ტირის ფუნთუშა, ტირის კაბირია, ტირის გრიგოლ ხანძთელის „დედაკაცი სიძვისაჲ“ და „მაღალგანვითარებული საზოგადოება“ (აი, ის, მარიტასთვის ქვისა და ტალახის სასროლად პირველი რომ დაიხრება) ამაზე ზიზღით „ღაღადებს“, ეს სირცხვილის ცრემლებიაო. არადა, ბევრი მეძავი სწორედ ამ საზოგადოების უნიათობის გამოა „საშოვარზე“ გასული, ქალობადაკარგული, მის მიერ ცოდვისკენ ნაბიძგები, როგორც მოპასანთან. „პატიოსან არამზადებს“ უწოდებს მათ ჩემი დიდებული გი. ხალხს, რომელსაც, დამშეულს, ფუნთუშამ დაუნანებლად უწილადა ხვავიანი საგზალი.

ფუნთუშას რაც შეეხება, მან იცის ის მთავარი (დოჩანაშვილისეული „გრიშა და მთავარი“), რაც ბევრმა არ იცის – ჩვენი სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა ეს „საგზლის გაზიარება“. ამის დაგროვებით მიგვყვება იმქვეყნიური „საგზალიც“.

…არადა, ეს ცრემლები აგორებულ გუნდასავითაა, სამყაროს წამლეკავი ტკივილების სიღრმით, „წუთისოფლის წყევლა-კრულვიანი საკითხავით“…

როგორც თქვა პოეტმა:

 

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში

და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა –

ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.

ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე

ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც

მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,

ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც

თუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს.

ჰოდა მიმღერე შენი ხმამწარე იავნანა – მათთვის, ვინც ღმერთზე

მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს

მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.

მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი

კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა

ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით

ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად

ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,

რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს სჭირდება ჯერაც;

სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,

მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.

(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი

და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.

სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,

მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)

 

მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა

მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს

და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება

ლიფტის კარი და ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ

სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს

და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,

როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს

და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს

ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით

ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,

ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,

ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს

და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.

აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.

(ზვიად რატიანი)

 

 

ციტატები წიგნებიდან:

. ლარი, N1, „ხელოვნება“, 1991

. გი დე მოპასანი „ფუნთუშა“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2020

 

 

ფეხბურთის საქმე

0

ათასგვარად შეიძლება გაიხსენო, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ფეხბურთი – ბევრია ასეთი მოგონება და კადრი – მხატვრულიც, ნამდვილიც და მითიურიც.

არის ეს მსოფლიოში ფეხბურთზე გადაღებულ საუკეთესო ფილმის ფინალში (მარტო ის ღირს საამბოდ, ქალმა რომ შექმნა ,,პირველი მერცხალი”) მოტყუებული ფოთელი ფეხბურთელების სიმღერა თუ სხვა სურათში, იპოლიტე-ფეოლას უნებლიე მწვრთნელობა და მღელვარება.

არის ეს უიმედო რიგები ბილეთისთვის სტადიონზე მოხვედრის მოსურნე ჯიბის ქურდებით, საზარელი იმადგაცრუბისთვის რომ წირავდნენ ბილეთშეძენილ პატიოსან მოქალაქეებს თუ მესხისტი ორბილეთიანები, რომლებიც საგანგებოდ ყიდულობდნენ ორ საშვს ორივე კარის უკან და ტაიმებს შორის გადაინაცვლებდნენ, იმის მიხედვით, თუ საით უტევდა მიშა მესხი – ზოგი ამბობს, ტყუილია ორი ბილეთის ამბავი, ერთსაც ძლივს იშოვიდი, უბრალოდ გადაჯგუფდებოდნენ და ერთ სკამს ორი იყოფდაო, მაგრამ ორივე ლეგენდა ლამაზია – ტყუილიც და მართალიც.

არის ეს ყიფიანის კისერზე გაყინული ბურთი თასების თასის ფინალში თუ გაბელიას მოულოდნელად გადაწერილი პირჯვარი გადამწყვეტი პენალტისას.

არის ეს მიკერძოებული მსაჯის მოსაკლავად აზვირთებული სამოციათასი გულშემატკივარი სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს, ,,დინამოს” და ,,ზარიას” შეხვედრისას და ხალხის დასაშოშმინებლად მინდორზე გასული ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე თუ 1981 წლის ტრიუმფი და ადამიანებით სავსე თბილისის ქუჩები, როცა მოსისხლე მტრებიც კი ერთმანეთს კოცნიდნენ და ულოცავდნენ.

დემიკო ლოლაძის მოცახცახე ხელით გადაღებული საოცარი ფოტოები ამავე ფინალიდან თუ ერთი ფოტო, ქართული ფეხბურთის პატრიარქის, ანდრო ჟორდანიასი, როცა სახურავგადახდილ მანქანაში ფეხზე მდგარი ისეთი ამაყი სიხარულით იმზირება, თითქოს, ნოე ჟორდანიას ძმისშვილობის გამო, ყოველწუთიერად თავს ბოლშევიკური ტერორის აჩრდილი არ დასტრიალდება.

გენიალური ეროსი მანჯგალაძის მიერ წაყვანილი რადიო-რეპორტაჟები, რომელიც ცალკე, ტრაგი–კომიკურ მონო-სპექტაკლად ღირდა თუ გენიალურივე მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის თითქოს აუღელვებელი სახე და იშვიათი ბოლთის ცემა გატანილი გოლებისას, თითქოს სიხარულის გამხელა ერიდებაო.

პანტიანის მინდორი, სადაც ფეხბურთის ტელე-სიგნალთან ერთად, ქართველები წლების წინ უგზო-უკვლოდ გაფრენილ თავისუფლებასაც იჭერდნენ. შეულამაზებელს, ზუსტს და აუცილებელს. ეს იყო ამ ამბავის მთავარი მაგია და არსი. ეს არის ალბათ ფეხბურთის უმთავრესი ძალაც.

ოთხმოცდაათიანების უნიჭიერესი და უიღბლო თაობა, საგანგებოდ დატენილ აკუმულატორზე შეერთებულ პატარა ,,კორფუჯებში” რომ ვამხნევებდით. გვეგონა, რომ ესმოდათ. და მგონი – ესმოდათ კიდეც.

არავინ იცის. ალბათ ყველა ერთად და ცალცალკე.

ჩემს ბავშობაში საბჭოთა კავშირი უკვე დანგრეული იყო, მაგრამ ფეხბურთის ყურება მაინც რთული საქმე გახლდათ. ჯერ ხომ ელექტროენერგიის უქონლობის გამო, დიდწილად ფეხბურთს უფრო ვკითხულობდით – ,,სარბიელში’’ თუ სხვა რომელიმე გაზეთში. მომისმენია ტრანსლაცია ტელევიზორიდან, რომელსაც გამოსახულება აღარ ჰქონდა – ეს რადიო-რეპორტაჟს როდი ჰგავს – აბა, რა იცის კომენტატორმა, რომ სადღაც დასავლეთ საქართველოში, ზის ერთი ბიჭი და რასაც უნდა უყურებდეს, იმას აყურადებს. ვწევარ და თვალდახუჭული საკუთარ ბავშვობას ვსუნთქავ. ვსუნთქავ და ეს სუნი მახსენებს იმ ღამეებსაც, რომელთაც ვათევდით, ლიბერტადორესის თასის მატჩები რომ გვენახა. უბრალოდ ფეხბურთის ცქერა გვინდოდა და იმიტომ, თორემ იმ კლუბებისა დიდი არაფერი გაგვეგებოდა, ვერც უმეტეს ფეხბურთელს ვცნობდით, მაგრამ გამთენიისას ხომ ბედნიერს გვეძინებოდა – მეორე დღეს ამბავი იყო მოსაყოლი.

ახლა საცქერელი და მოსაყოლი მეტი გვაქვს. თან სულ ჩვენზე და ჩვენებზე.

////

საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე ასე კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა, ევროპის ჩემპიონატს ახალ, დიდ ტელევიზორში ვნახავთო. თქვენ იცით, რა არის ახალი, დიდი ტელევიზორი? გაგიმხლეთ: მე და მამაჩემმა ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის თამაშებს ვუყურეთ ერთად პირველად ისეთ ტელევიზორში, თავში რომ უნდა ჩაგერტყა და ციმციმი ათი წუთით ჩერდებოდა. სახელად ,,ჰორიზონტი’’ ერქვა. სიმბოლური კი იყო ეს სახელი. კარგად აჩვენებდა იმდროინდელი ჰორიზონტის ახლო საზღვარს, თუმცა მაშინ ასეთი დასაზღვრულობაც მიხაროდა.

ბავშვობა უმიზეზო სიხარულების დროა და იქ მთავრდება, სადაც სიხარულის მიზეზებს ეძებ. სადაც ხვდები, რომ საზღვარი არ არსებობს, ყველა სიხარული გეცოტავება და ახალს ითხოვ. ამიტომაც ყველა სხვა ასაკში უბედურების განცდა ჭარბობს.

ეს იქით იყოს და მეორე ტელევიზორი უკვე ფერადი გახლდათ, ოღონდ ხშირად დასაბომბი ეკრანით. ფერები ადვილად ბაცდებოდა და ამ საკითხის ოზურგეთელი ოსტატი, რაღაც ხელსაწყოს ადებდა და გეფიცებით, ამუქებდა. დაბომბვა უწოდებდენ ამ ალქიმიას. მგონი ,,ტაურასი’’ ერქვა. მგონი არა, ნაღდად. შუა ჩემპიონატისას, ერთ-ერთ ასეთ დაბომბვას ემსხვერპლა. მერე ჩემი ზაფხულები ოზურგეთს აცდა. იმ წელს კიდევ ახალ, დიდი ტელევიზორში უნდა გვეყურებინა. მაგრამ უკვე ხომ გითხარით – ბავშვობა დამთავრდა. ბავშობის მერე ძნელია ასეთი ამბების მოხერხება.

ახლა რომ ამბავს გიყვებით, ეს არ მომიყოლია. მაშინ სტუდენტი ვარ და სხვადასხვაგან ვათევ. მეგობართან, ნათესავთან და ხან სასულიერო აკადემიის საერთო საცხოვრებელშიც კი. ამ საცხოვრებელში ჩემი მამიდაშვილი, გელა ცხოვრობს. გელა იმიტომ ცხოვრობს, რომ აკადემიის სტუდენტია. მე იმიტომ, რომ გელას ბიძაშვილი ვარ.

უკვე ზაფხულია და სწავლა მორჩა. სტუდენტები და ლოგინები ერთდორულად გათავისუფლდნენ და მეც წამოვწექი ერთ–ერთ მათგანზე. ხის ლოგინი ჭრელი და ცხელი ,,ადიალათი’’. თავთან ხატები მეკიდა და პატარა რადიო. ხელის რადიო. ასე ეძახდნენ. უკვე ზაფხულია და წესით გურიაში უნდა წავიდე. მეც ხომ არდადეგები მაქვს და თან მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მამაჩემს დავპირდი, ერთად ვუყუროთ მეთქი. ზამთარში რომ ვიყავი, მაშინ. გაუხარდა. ძალიან, ძალიან გაუხარდა. ისე, რომ შეტრიალდა და რადგან შეტრიალდა, ესე იგი თვალებში ცრემლი იგრძნო. მორცხვი კაცების ამბავია. ნაცნობი. კი, კი უეჭველი ჩამოვალ მეთქი.

უკვე ზაფხულია და შარდენზე გოგოები დასეირნობენ. თან ცალი თვალით გოგოებს დავსდევ, ცალით განცხადებებს ვკითხულობ სამსახურზე, ცალი ყურით გელასგან დოგმატიკის ამბებს ვისმენ, ცალით ცნობებს ფეხბურთელების ჯანმრთლობის შესახებ. ვფიქრობ, იმ საშინელ ტელევიზორში ყურებას, იმ კიდევ უფრო საშინელ მოწყენილობაში ალბათ ჯობს, რომ აქ დავრჩე. თან რამე სამსახურსაც მოვძებნი, თან ვინმე გოგოსაც გავიცნობ, თან ფეხბურთსაც ვუყურებ. უფრო კარგ ტელევიზორში.

ამ ტელევიზორის საქმეც უცნაურად იყო, ისე როგორც ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. აჩვენებდა და ხმა არ ჰქონდა. ამ ხელის რადიოს ვრთავდით და რადიოში ვუსმენდით და ტელევიზორში ვუყურებდით. მაგრამ ხარისხი იყო უკეთესი და თან სასულიეროს ბიჭებიც გადასარევი ხალხი, ყველა სხავადასხვანაირი და ახლაც განსხვავებული გზის გამყოლი, მაგრამ მართლა ყველა გადასარევი. ვინც იმ ოთახში ცხოვრობდა. ჰოდა, ალბათ ასე ღიად ვერ ვფიქრობდი, მრცხვენოდა საკუთარი თავის, მაგრამ მაინც მათთან ერთად ყურება მერჩივნა და მხიარულება. ჰოდა, დავრჩი.

ჩავედი აგვისტოში. ვერც სამსახური ვიშოვე და ვერაფერი. გოგოების ამბავი კარგად არ მახსოვს და რადგან არ მახსოვს, ალბათ მანდაც ვერაფერი. მამაჩემი ბოსტანში მუშაობდა. რაფერ ხარ და ამბავი. ჩვეულებრივი კითხვები. ველოდები, როდის მკითხავს, რატომ არ ჩავედი. ველოდები. მინდა, რომ მკითხოს. არაფერს ამბობს. ვერც მე. აგრძელებს პამიდვრების აკონვას. დახრილი. ძალიან, ძალიან მინდა, რომ მკითხოს, ისე რომ გული გამისკდება სადაცაა.

არ არსებობს ასეთ დუმილზე უფრო საშინელი, გირჩევნია, გლანძღოს და გაძაგოს დაუსრულებლად. მამაჩემი კი დახრილია და მუშაობს. მუშაობს. მუშაობს. მამაჩემი, მამაშენი და მამამისი. ისინი ოდესღაც ოცნებოდნენ რაღაც სხვაზე და უფრო მეტზე. ვიდრე პამიდვრის აკონვაა. ვიდრე გაფუჭებული ტელევიზორია. ვიდრე ფეხბურთის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ჩამოსული შვილია. მაგრამ უცებ რაღაც მოვარდა – დრო, უიღბლობა და კიდევ რაღაც და წალეკა ეს ხალხი. მას მერე თავდახრილები მუშაობდნენ. და არაფერს გვეკითხებოდნენ და ამით ყველაფერს გვეუბნებოდნენ და ვერაფერს ვპასუხობდით.

////

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ ყველა ეგ ჩვენი წყრომა და აღფრთოვანება ფეხბურთელებით, დიდწილად პერსონალურია. მოლოდინიც. იქითაც და აქეთაც. პოლიტიკურს დავარქმევდი, მაგრამ მესმის ეგ – იმდენად ცხელი ზურგი აქვს ამბავს. იყოს. პერსონალურიც. პილიტიკურიც. ადამიანი ეგეთია. ოღონდ ფეხბურთის არაფერი სცხია დიდწილად დავას. ფეხბურთის რომ იყოს, იოლად გაგიგებდით. ახლაც გაგიგებთ – ოღონდ ფეხბურთს ნუ აბრალებთ. იმაზე არ მოგდევთ, ფეხბურთი იცით თუ არა. ფეხბურთის მაგია სწორედ ეგ არის, რომ ცოდნას არ ითხოვს, ამიტომაც ჰყავს მილიარდობით ფანი, თორემ მხოლოდ ცოდნა და მეცნიერება რომ ჭირდებოდეს საცქერლად, უყურებდა გიო ახვლედიანი და ბიძინა ბარათაშვილი და მორჩა. ფეხბურთზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს. ალბათ – ყველაფერზე, მაგრამ ფეხბურთზე განსაკუთრებით.

თუ მაინცდამაინც, ცოდნა-არცოდნის დავა ეს არის და პასუხი მარტივი აქვს; ამ სცენარის და მუხტის თამაშში კარგი მეკარე საჯარიმოში აუცილებლად ჩაირბენს. აუცილებლად. მესმის ბურთების შეფარდების საქმე და სხვა – მაგრამ იმ წუთს და იმ მომენტში ეგრე მოხდება. ცარიელ კარში კიდევ, როცა მოედანზე წაქცეული არავინაა, ყველა გაიტანდა – დი კანიოც და ლუკას რადებეც – დიდი მკითხაობა არ ჭირდება ამას.

მაგრამ თუ ძალიან გვინდა, ვიკამათოთ ამაზეც – ფეხბურთი ხომ სუბიექტური საქმეა. ადამიანიც. ჩვენ ვიკამათოთ. ოღონდ დიდი ფეხბურთელი – დიდ ფეხბურთელად დარჩება. კარგი მოქალაქე – კარგ მოქალაქედ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...