სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ვარსკვლავებს დამსგავსებული ნაჭამი კვერცხის ნამცეცები

(ანრი ბერგსონი – „მატერია და მეხსიერება“/გი დე მოპასანი „ფუნთუშა“)

 ყველანაირი დისციპლინისა თუ საგნის არსი ცხოვრების ხედვის კუთხეა. ყველგან, ყველა რაობაში, ცხოვრება მოედინება. ფილოსოფია იმდენად მიყვარს, რომ რელიგიაც მასთან მიმართებითაა ჩემთვის უფრო გასაგები და ჩემი უძვირფასესი პროფესიაც – ლიტერატურაც. მოდი, ამჯერად ავიღოთ მსგავსი კონცეფციები სამყაროს ფილოსოფიურ-ლიტერატურული „გაშლით“.

ანრი ბერგსონის ეს გამოკვლევა სხეულისა და სულის ურთიერთმიმართებაზეა ანუ უმთავრესი საკითხისა ფილოსოფიაში. ფილოსოფოსი ამ შემთხვევაშიც ყოფიერების სიღრმეებში გონით წიაღსვლებს მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი კვლევა ასე ჰგავს სამეცნიეროს, – ესაა სხეულის ცნების ირგვლივ ტრიალი, მატერიის რეალისტური და იდეალისტური თეორიების შედარება მათ შორის არსებული განსხვავებებისა და ურთიერთკავშირის მექანიზმებზე. ასე მივადგებითო მეტაფიზიკის უზოგადეს პრობლემებს. ხოლო გზამკვლევი ამ შემთხვევაში შეიძლება ფსიქოლოგია იყოსო…

სწორია კი ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს აზროვნებას დაუძლეველი მიდრეკილება აქვს საკუთარი კონცეფციების რეალობად ქცევისკენ, ოცნებების „გამატერიალურების“ ანუ ამოქმედებისკენ. ეს სულსა და სხეულს შორის კავშირია თუ წინააღმდეგობა?!

სად არის სულისა და მატერიის შეხების წერტილები? როგორ აღმოვჩნდეთ „იქ“? „ამგვარად განსაზღვრული ფილოსოფია შეგნებული და გააზრებული შემობრუნებაა ინტუიციის მონაცემებისკენ“ (79). ეს კი რაციონალურიდან „გადახვევაა“ აშკარადო, ბერგსონმა…

ჩვენი წარმოდგენები არჩევენ სახეებს. როგორია სხეულის – რომელიც სამყაროს აღიქვამს ხუთი გრძნობით – როლი ამ მხრივ? ჩვენ განვიხილავთ იმ პირობებს, რომლებშიც ეს გრძნობები ჩნდება. თითქმის ყოველი გრძნობათაგანი შეიცავს მოქმედებისკენ სხეულის გამოწვევას და, „ამასთანავე, მოლოდინისა და თვით უმოქმედობის ნებართვასაც“ (80). აქ ნაკლებადაა ძალდატანება, რომელიც არჩევანს გამოხატავს. თუმცა როცა სხეულის მოქმედება ხდება ავტომატური, ის ცნობიერებასთან კავშირს აღარ საჭიროებს.

ჩვენი ნერვული სისტემის ცენტრალური მოძრაობები სხეულს გადააადგილებს, ეს კი ქმნის, წარმოშობს წარმოდგენას გარეგანი სამყაროს შესახებ; ტვინია მატერიალური სამყაროს ნაწილი და არა პირიქით – მატერიალური სამყარო ტვინის ნაწილი (თუმცა ზოგი ფილოსოფოსი ამტკიცებს, რომ სამყარო ისაა, რაც ჩემშია. როცა აღარ ვიქნები, არც ეს სამყარო იქნებაო). „მატერიალური სამყაროს მთლიანობაში ჩემი სხეული ის სახეა, რომელიც სხვა სახეთა მსგავსად მოქმედებს, იღებს და გადასცემს მოძრაობას, შესაძლოა, იმ ერთადერთი განსხვავებით, რომ ჩემი სხეული, გარკვეულწილად, თითქოს ირჩევს მიღებულის გადაცემის წესს“ (83).

ჩემი სხეული – საგანი, რომელიც განკუთვნილია სხვა საგანთა მოძრაობაში მოსაყვანად – მხოლოდ მოქმედების ცენტრია და ის ვერ წარმოშობს წარმოდგენებს. თუმცა უკვე მივადექით „მაგრამს“ – თუ წარმოვიდგენთ, რომ სკალპელის რამდენიმე მოძრაობით გადაიჭრება ზოგიერთი სისხლძარღვოვანი კონა: სამყაროს და თვით ჩემი სხეულის დანარჩენი ნაწილი დარჩება ის, რაც იყო. ცვლილება თითქოს უმნიშვნელოა, სინამდვილეში კი სავსებით ქრება მთელი „ჩემი აღქმა“. სამყაროსეულ სახეებს ჩვენ თავისა და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედებით აღვიქვამთ. ცენტრალური ნერვების გადაჭრას მოჰყვება ტვინში იმ მოძრაობათა გადაცემის შეწყვეტა, რომლებსაც ეს პერიფერიები აპროვოცირებს. ანუ ჩემს სხეულს აღარ შეეძლება გარემოზე, საგნებზე ზემოქმედება.

ეს – რაც შეეხება მოქმედებას.

მაგრამ ჩემი აღქმაც ხომ ქრება? ანუ სკალპელმა მოახდინა ჩემში მატერიალური სამყაროს ცვლილება; მეორე მხრივ, ის, რაც გაქრა, მატერიის „ჩემეული აღქმაა“. გამოდის, აქ ორი მოცემულობაა: მატერია და მატერიის აღქმა – ერთიანობაში!

ახლა – რაც შეეხება წარმოდგენებს: რომ შევცვალოთ საგნები, მათი მიმართება ჩემი სხეულისადმი, ყოველივე შეიცვლება არა მარტო „ჩემი აღსაქმელი ცენტრალური წერტილების შინაგან მოძრაობებში, არამედ ყოველივე შეიცვლება „ჩემს აღქმაშიც“. ეს კი ნიშნავს, რომ მე მარტო ჩემი ტვინის ნივთიერებების მოლეკულურ მოძრაობებს კი არ წარმოვადგენ, არამედ ამ მოლეკულურ მოძრაობებში შეიძლება ისეთი რამის დანახვაც, რაც მხოლოდ მატერიალური სამყაროს ანალოგია არ არის, მას ბევრად აღემატება, მისგან განსხვავებული ბუნებისაა და ქმნის წარმოდგენებს, რომლებიც ჭეშმარიტი სასწაულის გზით გვევლინება.

ამ კვლევების გაგრძელებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ეგზისტენციალიზმთან, პერსონალურ კონცეფციებთან, ფროიდთან, ჰაიდეგერთან, შელესთან და ა.შ. მაგრამ ამაზე – სხვა დროს…

მოდი, ახლა ადამიანის სხეულსა და ჭკუაზე დაკვირვება გადავიტანოთ ლიტერატურაში და გავაანალიზოთ სხეულებრივისა და სულიერის სინთეზურობა, ურთიერთჩაწნეხილობა, ერთმანეთში გადადინება გი დე მოპასანის „ფუნთუშას“ მიხედვით.

გაგახსენებთ კონტექსტს ამ ნოველისა: ფრანგები დამარცხდნენ პრუსიელებთან და ფრანგი მოსახლეობის ერთი, საკმაოდ ჭრელი ნაწილი განერიდება ერთ ადგილს და მიემგზავრება მეორისკენ დილიჟანსით. ზემოთქმული კონცეფციიდან გამომდინარე, საინტერესოდ მოგვეჩვენება მწერლის საოცრად რეალისტური და ვიზუალურის მიღმა არსის დამნახავი მახვილი მზერა მგზავრი მონაზვნების აღწერისას: „ერთი მოხუცი იყო და სახე დაკენკილი ჰქონდა ყავილისგან, თითქო ვიღაცას საფანტით გატენილი თოფი მიბჯენილად შიგ სახეში უსვრიაო. მეორეს, ძალზე მიკნავებულს, ლამაზი და ავადმყოფური სახე ჰქონდა, გულმკერდი – ჩავარდნილი და ჭლექიანი, დახრული იმ სარწმუნოებისგან, რომელიც მოწამეებსა და ფანატიკოსებს წარმოშობს ხოლმე“ (17). ეს სარკაზმი არ არის გასაკვირი, თუ გავიხსნებთ, რომ გი ძალიან მოუთოკავი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, დიდად მორწმუნეც არ იყო ალბათ ან სულაც გარკვევას ცდილობდა იმ უდიდეს საიდუმლოში, ღმერთს რომ უწოდებს ადამიანთა მოდგმა. თუმცა ეს სკეპტიციზმი მოპასანს სიცოცხლის ბოლოს უფრო გაუძლიერდა, რაც მისმა სულიერმა დაავადებამ, ცალკე გენეტიკით, ცალკე კი ათაშანგით გამოწვეულმა, გადაულახავ უფსკრულად აქცია – მან, ავადმყოფმა, დაძაბუნებულმა და ალბათ სასოწარკვეთილმაც, ღმერთი „დუელში“ გამოწვია.

აი, როგორ აღწერს ცნობილი მექალთანე გი დე მოპასანი მსუბუქი ყოფაქცევის ფუნთუშას პორტრეტს (მან ხომ ასე ბევრი იცოდა მსგავსი ტიპის ქალებზე): „ადრეულად დამსხვილებულიყო და იმიტომ მეტსახელად ფუნთუშას ეძახდნენ. პატარა ტანისა იყო, ჩამრგვალებული, ჩასუქებული; ფუნთუშა თითები, სახსრებთან ჩაჭერილები, მოკლე ძეხვების ასხმას მიუგავდა. ხორცის კანი მოლაპლაპე და დაჭიმული ჰქონდა, უშველებელი გულმკერდი ტანისამოსში არ ეტეოდა. მაინც იმის წყალობით, რომ ქორფა იყო, კაცს მისი ყურება ესიამოვნებოდა, მადას უღვიძებდა, პირზე ნერწყვს მოადენდა. მისი სახე ჰგავდა თურაშაულ ვაშლს, გასაშლელად გამზადებულ იორდასალამის ყვავილის კოკორს; შიგ ესხდა ორი მშვენიერი, ყუყასავით შავი თვალი, დაჩრდილულ, გრძელ და სქელწამწამებიანი, რომლებიც შიგ ჩრდილს აყენებდა; თვალებს ქვემოთ მოსდევდა მომხიბვლელი პირი, კოპწია, ნამიანი, საკოცნელი, მიჯრით მიწყობილი პაწაწუნა და თვალისმომჭრელ სითეთრის კბილებიანი…“ ჩვენ წინაშეა ხორციელი სილამაზე ამ ქალისა, თუმცა სული ყოველთვის მეტს არ ამბობს ადამიანზე?!

ფუნთუშა პატრიოტია, იგი ნაწარმოებში არა მარტო ვიწრო სოციალურ ფენას, არამედ სამშობლოსაც წარმოადგენს, თანაც სხვებზე გაცილებით ღირსეულად! „უთხარით ამ საზიზღარს, ამ ბინძურს, ამ პრუსიელ ლეშს, რომ თავის დღეში არ ვიზამ, გაიგონე, თავის დღეში!“ არადა, წარმოსადეგ პრუსიელ ოფიცერს ყველა ქალს შორის ის მოეწონება და დაადგამს თვალს. ეს ქალი მტერთან ლოგინის გაზიარებას არასდროს იკადრებდა, რომ არა გარემოებანი. სხვა მედილიჟანსეები, რომლებიც გზაში ყოვნდებიან ქალის სიჯიუტის გამო, თითქოს ემდურებიან ფუნთუშას – „რატომ არ ინახულა ჩუმად პრუსიელი და სახათაბალოდ რად გაუხადა თავის თანამგზავრებს საქმე. იმაზე ადვილი, რაღა უნდა ყოფილიყო და ან ვინ გაიგებდა რასმე? შეეძლო ეთქვა ოფიცრისთვის, ისინი მეცოდებიან და ამიტომ დავყევი თქვენს ნებასო, და ამით თავის გასამართლებელი საბუთი ექნებოდა. მერე ოფიცერთან დაწოლით რა უნდა დაშავებოდაო“ (49). რომელს აქვს ღირსება, რომელიც აქვს ფუნთუშას?! ქალისთვის ეს მსხვერპლია, მათთვის – ირონიული გასართობი, საქონელივით „ცოხნა“ ცინიზმისა, რომლითაც ფუნთუშას წინააღმდეგ შეთქმულება „გააჩაღეს“.

ფუნთუშას სოფელ ივტოში გლეხებისთვის აღსაზრდელად მიბარებული შვილი ჰყავს, რომელსაც წელიწადში ერთხელ ნახულობს.

„- რა კარგია ზოგჯერ ლოცვა!“ – სევდიანად ეიფორიულია ნათლობიდან დაბრუნებული ფუნთუშა.

„შეთქმულები“ კი რა გზას არ მიმართავენ ქალის გადასაბირებლად: მოუყვანენ მაგალითად ივდითსა თუ კლეოპატრას, არც წმინდანთა ცხოვრებები ავიწყდებათ, რომლებსაც ეკლესიამ ადვილად შეუნდო ცოდვები, მოყვასის საკეთილოდ ჩადენილი, რამეთუ ბრძოლის ველად სხეული აქციეს, რადგან ის გახდა საშუალება მტრის დამორჩილებისა.

მიზანი ამართლებს ყოველგვარ საშუალებას! – ასეთია ბევრ მეძავზე გარყვნილი საზოგადოებრივი მორალი, ადამიანური სამართლის „ჭრა-კერვა“. ასე განმარტავენ ღვთის განგებას მრავალნი ადამიანური მერკანტილიზმით, „ისეთ საქმესაც რომ მოახვევენ ხოლმე თავს ზეციერს, რაც მას სრულებითაც არ ეკითხებოდა“ (59). არადა, მონაზვნებიც, კაცო, მონაზვნებიც ცოდვისკენ, ღირსებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ ადამიანს, ღმერთმა საკუთარ ხატად რომ შექმნა… და მიაღწევენ თავისას – საბრალო ქალს აცდუნებენ.

„- ყველას უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ საძაგლობა ჩაიდინეთ!“ (64) – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

აი, როგორაა დახატული გი დე მოპასანთან ნათლისა და ბნელის, სულიერისა და მატერიალურის, მშვენიერისა და მდორეს შერწყმა; განზრახ გვაჩვენებს ამას მწერლის გენიალური კალამი: „თეთრი მტრედების მთელი გუნდი, მოქურუხებულები, ვარდისფერთვალებიანნი, შუაგულში შავი წინწკლები რომ ესხათ, მძიმე-მძიმედ მიდი-მოდიოდნენ ექვსი ცხენის ფერხთქვეშ, მათს აორთქლებულ მჩორესა ჰქექდნენ და შიგ საკენკს ეძებდნენ“ (66).

ეს საზოგადოება კი, რომელიც ფუნთუშას მსხვერპლის წყალობით ისევ გაუდგება გზას, მას ახლოს აღარ იკარებს – „თითქოს თავის კაბებით რამე გადამდები სენი მოეტანოსო“. მონაზვნებსაც კი ეს ჰგონიათ ქრისტიანობა, თუმცა ღმერთი, უბრალოდ, არ ტყუვდება – „მონაზვნებმა ქამარზე დაკიდებული კრიალოსანი ხელში დაიჭირეს, ორივემ ერთად პირჯვარი გამოისახეს და ერთბაშად ტუჩები ააცმაცუნეს, მერე უფრო და უფრო აუჩქარეს და მოუხშირეს რაღაც ჩურჩულს, როგორც წირვაზე მღვდელთან ერთად ლოცვის დროს იცოდნენ ხოლმე, ჟამ-და-ჟამ პატარა ხატს ჰკოცნიდნენ, ხელახლა პირჯვარს ისახავდნენ და მერე ისევ განაგრძობდნენ ჩქარ და გაგრძელებულ ბუტბუტს“ (68). ხატის კოცნა კარგია, მაგრამ იქვე გვერდით ღვთის ხატს რომ ვერ გრძნობ, თვალებზე ლიბრგადაკრულივით, მის ტანჯვა-ვაებას, ეს სულიერი სიჩლუნგეა სწორედ და მზერის სიბლაგვე, როცა ხედავ სხეულს და გიჭირს მის მიღმა სულის ამოცნობა.

მოპასანმა კარგად გვაჩვენა ადამიანის მიწიერი, ბნელი ბუნების ზეობა, ჩვენი „მგლობა“ უფრო, ვიდრე „კრავობა“. მტრედების ეპიზოდისა არ იყოს, იქვე, დილიჟანსის მგზავრთა ტრაპეზის აღწერისას, ხაზგასმულია ადამიანის სხეულის წარმავალ-ხრწნადობა, ჟამისჟამად სულსაც რომ რყვნის, როგორც წესი… ასეთი სულმდაბალი ადამიანური აგრესია თუ ამბიცია ხან რელიგიას არის ამოფარებული, ხან – კლასობრივ წოდებას, ხანაც – ქონებრივ მდგომარეობას, ანუ ესაა მაინც „ძალა აღმართს ხნავს“ ფილსოფია.

ტირის ფუნთუშა, ტირის კაბირია, ტირის გრიგოლ ხანძთელის „დედაკაცი სიძვისაჲ“ და „მაღალგანვითარებული საზოგადოება“ (აი, ის, მარიტასთვის ქვისა და ტალახის სასროლად პირველი რომ დაიხრება) ამაზე ზიზღით „ღაღადებს“, ეს სირცხვილის ცრემლებიაო. არადა, ბევრი მეძავი სწორედ ამ საზოგადოების უნიათობის გამოა „საშოვარზე“ გასული, ქალობადაკარგული, მის მიერ ცოდვისკენ ნაბიძგები, როგორც მოპასანთან. „პატიოსან არამზადებს“ უწოდებს მათ ჩემი დიდებული გი. ხალხს, რომელსაც, დამშეულს, ფუნთუშამ დაუნანებლად უწილადა ხვავიანი საგზალი.

ფუნთუშას რაც შეეხება, მან იცის ის მთავარი (დოჩანაშვილისეული „გრიშა და მთავარი“), რაც ბევრმა არ იცის – ჩვენი სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა ეს „საგზლის გაზიარება“. ამის დაგროვებით მიგვყვება იმქვეყნიური „საგზალიც“.

…არადა, ეს ცრემლები აგორებულ გუნდასავითაა, სამყაროს წამლეკავი ტკივილების სიღრმით, „წუთისოფლის წყევლა-კრულვიანი საკითხავით“…

როგორც თქვა პოეტმა:

 

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში

და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა –

ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.

ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე

ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც

მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,

ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც

თუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს.

ჰოდა მიმღერე შენი ხმამწარე იავნანა – მათთვის, ვინც ღმერთზე

მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს

მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.

მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი

კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა

ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით

ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად

ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,

რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს სჭირდება ჯერაც;

სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,

მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.

(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი

და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.

სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,

მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)

 

მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა

მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს

და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება

ლიფტის კარი და ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ

სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს

და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,

როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს

და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს

ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით

ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,

ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,

ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს

და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.

აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.

მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა

მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.

(ზვიად რატიანი)

 

 

ციტატები წიგნებიდან:

. ლარი, N1, „ხელოვნება“, 1991

. გი დე მოპასანი „ფუნთუშა“, გამომცემლობა „პალიტრა“, 2020

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“