ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

აღწერა და აუდიოაღწერა, როგორც მულტიდისციპლინური საგანმანათლებლო მეთოდი

ლიტერატურის სწავლებას, ფაქტობრივად, კლასში თუ პირადი პრაქტიკისას ვიწყებთ და ხშირადაც ვახსენებთ მეტყველების ტიპებს, რომელთაგან პირველია აღწერა, შემდეგ – თხრობა და მსჯელობა. სამივე მათგანი მეტყველების სემანტიკურ-ფუნქციონალური ტიპებია და ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები ადრიდანვე შევაჩვიოთ ამოცნობას იმ ნიშნებისა, რომლებიც მეტყველების ამა თუ იმ ტიპის განსაზღვრისთვის გვეხმარება. საყურადღებოა, რომ მეტყველების თითოეული ტიპის შესახებ ცოდნა არა მხოლოდ ლიტერატურისა თუ ენების გაკვეთილებზეა ღირებული, არამედ სხვა, მაგალითად, ისტორიის, გეოგრაფიის, ხელოვნების, მუსიკის და მეცნიერების გაკვეთილებზეც კი. თუმცა როგორც ლიტერატურის მასწავლებელი, ჩემი მხრივ, ყოველთვის ვცდილობდი,  ბავშვების გონებაში ღრმად ჩამებეჭდა აღწერის პარალელურხაზოვანი, თხრობის სამკუთხა და მსჯელობის ხუთკუთხა[1] სტრუქტურები, რომლებიც, როგორც წარმოდგენითი რუკები, აიოლებს აზროვნების, შესაბამისად კი, თხრობისა ან წერის პროცესს.

რაკი ტექსტის ფუნქციონალური და სემანტიკური ორგანიზაციის სახეობებზე საუბარს აღწერით იწყებენ, ამჯერად მეც მასზე გავამახვილებ ყურადღებას.

აღწერა, როგორც მეტყველების ტიპი, არის სტატიკური სურათი, რაღაცის გამოსახულება. ყველამ ვიცით მისი სახეობები: პეიზაჟი, პორტრეტი და სცენა, რომლებშიც თემა ვლინდება ბუნების (პეიზაჟისას), პიროვნებების (პორტრეტისას) ან საგნობრივი მოვლენების თუ მოქმედების მდგომარეობების დახასიათებისას. შესაბამისად, აღწერის სახეტიპიც სამია: პეიზაჟი, პორტრეტი და სცენა. თავის მხრივ, აღწერის ესა თუ ის ტიპი შესაძლოა, ჩაშენებული იყოს თხრობასა ან მსჯელობაშიც კი. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანის?!“ მხატვრულ თხრობას (შესავლის შემდეგ, ცხადია) სცენის – ლუარსაბის ეზო-კარის – აღწერით იწყებს:
კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლკარი. წარმოიდგინეთ შუა კახეთის პატარა სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და იმ ადგილის შუაგულსა ორსართულიანი სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანიწალმით დახურული, და იმ მარნის უკანა კედელზედ ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მოაჯირითურთ. მოაჯირს ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც საქვეშაგებოსა ჰთამაშობდა. კარგა მანძილზედ კიდევ ფიცრულის სათორნეც იდგა, იმას აქედამ ხულა, რომელსაც ზედ ჰქონდა მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე. ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი. ღობესთან, ერთის ფურცლის ხის სიახლოვეს, მოჩანდა ძველი ჩალურიდროთა ბრუნვისაგან ისე გვერდზედ წამოღებული და წამოხრილი, თითქო გრილოში წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერსავით ნეკრესის ქარის ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ ციხედარბაზისა, სიგრძეზედ თუ სიგანეზედ, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობერომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა, რომ ქართველია!...

აღნიშნული აღწერა პარალელურხაზოვანი და თარაზულია, თუმცა – მხატვრული. სწორედ მხატვრულობა განასხვავებს ლიტერატურულ აღწერას აუდიოაღწერისაგან, რომელსაც მიმართავენ ვიზუალური ელემენტების გადმოსაცემად უსინათლო ადამიანების ინფორმირების მიზნით კინოში, თეატრებში, სატელევიზიო გადაცემებსა თუ სხვადასხვა ვებპორტალებზე. თხრობის ამგვარი ფორმა აქტიურად გამოიყენება მუზეუმებსა თუ ვიზუალური ხელოვნების გალერეებში, ვებგვერდებზე, რომლებსაც თან ახლავს დასურათებული მასალა. აუდიოაღწერის მეშვეობით უსინათლო პირს მიახლოებითი ან ზუსტი წარმოდგენა ექმნება ამა თუ იმ სურათზე მოცემული პეიზაჟების, პორტრეტებისა თუ სცენების შესახებ, ასევე ­– ფონის, კონტრასტების, საგანთა განლაგების, კონკრეტული დეტალების აღქმის თვალსაზრისით[2].

ამავე თვალსაზრისით, საინტერესოა მხატვრული და აუდიოაღწერის ნიმუშების შეპირისპირება. ნიმუშისთვის მოვიტანთ ნიკო ფიროსმანის ნახატის, „კალოს ლეწვის[3]“ აუდიოაღწერას, რომელიც მომზადდა ორგანიზაციების: საქართველოს ყრუ-უსინათლო კავშირის, HumanDoc-ის და Polish Aid-ის ეგიდით.

„კალოს ლეწვა“ შესრულებულია ზეთის საღებავებით შავ მუშამბაზე; ფორმა მართკუთხაა და თარაზული; სურათზე ნაჩვენებია პურის მარცვლის აღების პროცესი. ნახატი დაყოფილია ოთხ თარაზულ სიბრტყედ. გამოყენებული ფერებია: თეთრი, ყვითელი, შავი, რუხმწვანე, ასევე: რძის, ჩალის და ნაცრის ფერები. მიწა რუხმწვანეა. წინა პლანზე, წრეში მიმოფანტულია ჩალისფერი ძნა და პურის თავთავები. მარცხენა და მარჯვენა მხარეს რძისფერი ხარები წყვილად უღელშია შებმული. ხარების წყვილი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. ხარები პურეულის ძნას კევრით ლეწავენ საგანგებოდ მოსუფთავებულსა და დატკეპნილ, სწორ, მომრგვალო ადგილას. ხარების უკან, კევრზე დგანან გუთნიდედები. ხარების უკან, მარცხნივ მდგარ გუთნისდედას – მამაკაცს – ზეაწეული ჯოხი უჭირავს. მამაკაცები მსუბუქ ტანსაცმელში არიან გამოწყობილი, აქვთ შავი თმა და ულვაშები, თავზე ქუდები ახურავთ.

სურათის მარცხნივ, პროფილით დგას მსუბუქ ტანსაცმელში გამოწყობილი, შუახნის ქალი, თეთრი თავსაფრით და ხელში – ბოხჩით. იმავ სიბრტყეზე, მარჯვნივ, შავი და თეთრი დედალ-მამალი ხორბალს კენკავს. ფრინველების უკან, ხის ბოძებზე გადაფენილი ფარდაგის კარავია – ყავისფერი ყვითელი, შავი და თეთრი ვერტიკალური ზოლებით. კარვის მარცხენა მხარეს სამი სავსე ჩანთა დგას, მარჯვნივ კი – ცეცხლზე მოთავსებული შავ-თეთრი ქვაბი, მისგან ამომავალი ორთქლით. კარვის ქვეშ პროფილით სხედან თეთრი ძაღლი და თეთრებში ჩაცმული ბავშვი.

მესამე პლანზე, მარცხნივ ჩანს წნელის რუხი ხულა. მის წინ, სურათის ცენტრში, მიწაზე მიმოფანტულია პურის მარცვალი, რომლის მარცხნივ დგას შავ-ნაცრისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი მაღლა აწვდილი ნიჩბით და ჰაერში ატყორცნილი მარცვლეულით.

სურათის უკანა პლანზე მარცვლეულის ოქროსფერი მთებია, მათ უკან კი – რძისფერი ცა. ნახატის ქვედა, მარცხენა კუთხეში გამოსახულია მხატვრის წარწერა რუსულ ენაზე.

როგორც ვხედავთ, მხატვრულ აღწერაში გამოიყენება მეტაფორები, შედარებები, ეპითეტები და ენის გამომსახველობის სხვა საშუალებები, აუდიო და მხატვრული აღწერის ზოგადი მახასიათებლებად კი შეიძლება განვიხილოთ სტატიკურობა და თანადროულობა, მიკროთემები, არსებითებისა და ზედსართავების, ადგილის ზმნიზედების წამყვანობა და ა. შ.. ორივე ტიპის ტექსტის მთავარი ამოცანაა აღწერის საგნის შესახებ წარმოდგენის შექმნა. მათი სწავლება კი დაგვეხმარება, როგორც რამდენიმე კოგნიტიური და აკადემიური უნარის ერთდროული განვითარების, ასე მეტად ინკლუზიური სასწავლო სივრცეების და საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის ზრდის თვალსაზრისით.

 

[1] თუმცა თუ იურიდიულ ტექსტებს (განჩინებებს, განაჩენებს და სხვ.) ჩავხედავთ, მათ, შესაძლოა, ექვსკუთხა სტრუქტურა ჰქონდეს და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ..

[2] ამონარიდი ჩვენი სტატიიდან: „აუდიოარწერა და მისი რამდენიმე მოდელი“.

[3] ნამუშევარი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“