სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როდესაც მშობელს შვილის გამო საყვედურობენ

ალბათ, ძნელად მოიძებნება მშობელი, რომელიც ერთხელ მაინც არ დაუბარებიათ სკოლაში შვილის საქციელის გამო. მშობელს უწევს საყვედურების მოსმენა, რაც მისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

ერთ დღეს, ქუჩაში მიმავალი, სკოლიდან გამოსული აღშფოთებული მშობლის მეუღლესთან სატელეფონო საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. „მე აქ მომსვლელი აღარ ვარ, მომავალში უკვე შენ მოგიწევს ამ საყვედურების მოსმენა – ცუდად იქცევა, მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარების საშუალებას არ აძლევს, მათემატიკაში სულ დაბალ ქულებს იღებსო. რა არ ვცადე, დავაშინე, ბევრი რამ ავუკრძალე. აღარ ვიცი, რა ვქნა!“

ვფიქრობ, აღწერილი სიტუაცია ბევრი მშობლისთვის ნაცნობია. ბავშვებს უჭირთ, სასკოლო გარემოში, თანატოლთა წრეში, გაკვეთილზე ყოველთვის ისე მოიქცნენ, რომ მათი ქცევა უფროსების მოლოდინს შეესაბამებოდეს. როდესაც ბავშვის ასეთი ქცევის გამო მშობელს საყვედურობენ, ბუნებრივია, მას თავმოყვარეობა ელახება, რადგან ამ საყვედურებს საკუთარ  მარცხად აღიქვამს, რცხვენია, იწყებს თავის დადანაშაულებას და ვერ ხვდება, როგორი რეაქცია ჰქონდეს  – ეჩხუბოს ბავშვს, აუხსნას, სთხოვოს, ჯილდოს დაჰპირდეს თუ მისთვის საყვარელი საქმიანობა აუკრძალოს.

ეს ყველაფერი ვერ დაეხმარება მშობელს. თუ ბავშვს ეჩხუბა, შესაძლოა, დაკარგოს მისი ნდობა, პრობლემა კი მაინც ვერ მოგვარდეს. ვერც ბავშვის დაცვა ჩაითვლება პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზად. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. მოქმედების სწორი სტრატეგიის შესარჩევად სასურველია გავარკვიოთ, რა განსაზღვრავს კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვის ქცევას.

 

სასკოლო გარემოში ბავშვის გამომწვევ ქცევას თავისი მიზეზები აქვს:

* ყურადღების ცენტრში მოხვედრის სურვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზარდის ყურადღების, პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება საკლასო გარემოში დაუკმაყოფილებელი რჩება;

* პრობლემები ოჯახში – თუ ბავშვი არაკომფორტულად გრძნობს თავს სახლში და განიცდის ზეწოლას მშობლების მხრიდან, შესაძლოა, დაგროვილი არასასიამოვნო ემოციები სკოლაში ამოაფრქვიოს;

* კონფლიქტები მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან – ასეთ დროს ცუდი ქცევით ბავშვს სურს, გამოიწვიოს კონკრეტული ადამიანის გაღიზიანება. როგორც წესი, ის ცელქობს და გამომწვევად იქცევა იმ მასწავლებლის გაკვეთილზე, რომელიც არ უყვარს;

* თვითგამოხატვისკენ სწრაფვა – გარდატეხის ასაკში მოზარდებს სურთ თანატოლების პატივისცემის  მოპოვება, აღიარება. მიზნის მისაღწევად ისინი ხშირად არღვევენ წესებს, იქცევიან მიუღებლად;

* მოწყენილობა – საგაკვეთილო პროცესის მიმართ ინტერესის ნაკლებობა ბავშვს ხანდახან გართობისა და მიუღებელი ქცევისკენ უბიძგებს;

* დაქვეითებული თვითშეფასება, საკუთარი ძალების რწმენის ნაკლებობა.

 

როგორ უნდა წარიმართოს სკოლაში დაბარებულ მშობელთან საუბარი, რომ შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდეს? გთავაზობთ რეკომენდაციებს:

* უპირველეს ყოვლისა, მოვუსმინოთ ერთმანეთს. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს – მოზარდის განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვა და მის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება.

* ნუ გაგვიკვირდება, თუ საუბრისას აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ და მშობელი ბავშვს სხვადასხვა მხრიდან ვიცნობთ. სკოლასა და სახლში მოზარდს სხვადასხვა როლის შესრულება უწევს – სკოლაში ის მოსწავლეა, ჯგუფის წევრი, შინ კი ხშირად საყოველთაო ყურადღებისა და მზრუნველობის ობიექტია, რაც მის ქცევაზეც პოვებს ასახვას.

* სასურველია, მშობელთან საუბრისას შევაფასოთ ბავშვის ქცევა და არა მისი პიროვნება. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მშობელს ვუთხრათ: “თქვენი შვილი ზარმაცი და მოუწესრიგებელია”, – ჯობია ვაცნობოთ, რომ მან საშინაო დავალება არ შეასრულა და გაკვეთილისთვის საჭირო ნივთები არ წამოიღო სკოლაში.

* ვისაუბროთ ფაქტებზე და ვერიდოთ განზოგადებულ დასკვნებს. მაგალითად, უკეთესი იქნება გამოვიყენოთ ფრაზა: „გუშინ ცუდად დაწერა საკონტროლო მათემატიკში“, – და არა „თქვენს შვილს სწავლა არ უნდა, ტყუილად დადის სკოლაში“.

* თუ მშობლისაგან მოვითხოვთ, ზეგავლენა მოახდინოს შვილზე, ისიც უნდა ვურჩიოთ, რა შეიძლება გააკეთოს ამისთვის.

* ვერიდოთ ბავშვის კრიტიკას მშობელთა კრებაზე, სხვა ბავშვების მშობლების თანდასწრებით. ამით მხოლოდ გავირთულებთ ურთიერთობას და თანამშრომლობის ყველა გზას მოვიჭრით.

* ასევე არ არის  სასურველი  მშობელთან საუბარი მოზარდის თანდასწრებით, მით უმეტეს, თუ მშობელი საყვედურის სათქმელად და ბავშვთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ გვყავს დაბარებული.

* დაუშვებელია მშობლისთვის იმის თქმა, რომ ის სათანადოდ ვერ ასრულებს მშობლის მოვალეობას და შვილი უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული. ასეთი მიდგომით პრობლემას ნამდვილად ვერ მოვაგვარებთ.

 

კარგი იქნება, თუ მშობელიც დაიცავს გარკვეულ პირობებს პედაგოგთან საუბრისას:

* არ იქნება მტრულად განწყობილი. მას ესაუბრება სპეციალური განათლებისა და ბავშვთან მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი. მან შეიძლება შეამჩნიოს ის, რასაც მშობლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.

* შეინარჩუნოს კეთილგანწყობა და თავაზიანობა, ნუ გამოხატავს ეჭვებს პედაგოგის პროფესიონალიზმის თაობაზე. ეცადოს, იპოვოს მასთან საერთო ენა.

* აჩვენოს პედაგოგს, რომ პატივს სცემს მას და მის აზრს, მოუსმინოს და მერე გამოთქვას თავისი თვალსაზრისი იმის შესახებ, რატომ შეიძლებოდა ბავშვი ასე მოქცეულიყო. იქნებ ოჯახში რთული ვითარებაა მშობლების განქორწინების გამო, ან უბრალოდ ბავშვი ნელა ითვისებს მიწოდებულ ინფორმაციას. აუხსენით ეს პედაგოგს, შესაძლოა, ის საქმის კურსში არც იყოს.

მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რას შეიძლებოდა მოეხდინა ბავშვის მიუღებელი ქცევის პროვოცირება, სთხოვეთ მასწავლებელს რჩევა. ამით მის მიმართ პატივისცემას გამოხატავთ და მიახვედრებთ, რომ არ აპირებთ საყვედურის უყურადღებოდ დატოვებას.

* შესთავაზეთ მასწავლებელს კომპრომისი. არ ღირს მასთან კონფლიქტში შესვლა და იმის მტკიცება, რომ ჰუმანიტარული საგნებით დაინტერესებულ ჩვენს შვილს სულაც არ სჭირდება მისი მათემატიკა. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მასწავლებელი დარწმუნებულია საკუთარი საგნის მნიშვნელოვნებაში. მაგრამ თუ ბავშვს უჭირს მათემატიკადა არც ინტერესს ამჟღავნებს მის მიმართ, ნება მიეცით, მეტი ყურადღება დაუთმოს ჰუმანიტარულ საგნებს, მათემატიკაში კი მინიმალური ქულაც ეყოფა.

* პედაგოგთან თქვენი ჩვენი თვალსაზრისი კორექტულად, მშვიდად გამოთქვით და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშიც მოუხადეთ საუბრისას გამოჩენილი უხეშობისთვის. საზოგადოდ, ისწავლეთ ბოდიშის მოხდა და ასწავლეთ ეს ბავშვსაც. შეცდომა ყველას მოგვდის. ურჩიეთ ბავშვს, ნუ გადავა თავდაცვაზე, თუ რაიმე დააშავა, პირიქით, აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს, თანაც გულწრფელად და არა საჩვენებლად. უკეთესი იქნება, თუ პირადად მივცემთ მაგალითს –  ბოდიშს მოვუხდით, თუ უსამართლოდ მოვექეცით, მერე კი იმავეს მოვითხოვთ მისგანაც თანატოლებთან, მასწავლებლებსა და მეგობრებთან მიმართებით. შეცდომის აღიარების უნარი თანამედროვე სამყაროში საკმაოდ ღირებული უნარია, რომელიც მომავალში მოზარდს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.

 

ამრიგად, ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზა ოჯახისა და სკოლის, პედაგოგისა და მშობლის თანამშრომლობაა. პასუხისმგებლობის სწორად განაწილება და არა ერთმანეთის დადანაშაულება წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“