ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

კითხვის სწავლა სწავლებამდე -წარმოსახვა და ხელახლა წაკითხვა

წინამდებარე წერილში კითხვის ორი სტრატეგიის შესახებ ვისაუბრებთ ვიზუალიზაციის ანუ წარმოსახვისა და ხელახლა წაკითხვის შესახებ. (ჩვენი სტრატეგიების მიმდევრობაში მე-5 და მე-6 რიგით) სანამ ჩვენეულ ბარათებს გავეცნობით, ამ ორი სტრატეგიის შედარების სქემას დავაკვირდეთ:

  1. ვიზუალიზაცია, წარმოსახვა

რა არის ეს?

ვიზუალიზაცია არის წაკითხული ტექსტის მიხედვით სურათების დანახვა, წარმოდგენა. ამ სტრატეგიისთვის უკეთესი იქნება, თუ გამოვიყენებთ ქართულ სიტყვას: წარმოსახვა. ეს საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ დანახვაზე, ვიზუალზე გავაკეთოთ აქცენტი, არამედ გაგონებაზეც, შეგრძნებაზეც, დაგემოვნებაზეც, ყნოსვაზეც. შესაბამისად,  ბავშვებს უნდა დავეხმაროთ წარმოიდგინოს, გონებაში გააცოცხლოს წაკითხული.  ჩვენი ხელშეწყობით მან უნდა დააინახოს, გაიგონოს, შეიგრძნოს, გემოთი და სუნით აღიქვას ის, რასაც ვუკითხავთ.

ზოგადადაც, წაკითხულის წარმოსახვა არის ის კომპეტენცია, რომელიც კითხვას შემოქმედებით აქტად გარდაქმნის და მკითხველი პასიური მიმღების როლში კი არ რჩება, არამედ აქტიური თანაშემოქმედის ამპლუას ირგებს. რაც უფრო მეტად განუვითარდება ბავშვს ეს უნარი, მით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება მისი წარმოსახვითი სამყარო, როგორც კონკრეტული ტექსტის, ასევე ზოგადად.

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?

წაკითხულის წარმოსახვის შედეგად ბავშვი უფრო სიღრმისეულად იაზრებს ტექსტს, ივითარებს წარმოსახვის, ნაამბობის/წაკითხულის დანახვისა და მასზე დაკვირვების უნარებს.

როგორ გავაკეთოთ ეს?

წაკითხულის წარმოსახვაში დასახმარებლად განსხვავებული მიდგომაა საჭირო ბავშვის ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით. განსხვავებული იქნება თვითონ წიგნებიც, რასაც ვუკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი ასაკისთვის საბავშვო წიგნი უხვად და მიმზიდველად არის ილუსტრირებული, ხოლო სასკოლო ასაკისთვის — შედარებით ნაკლებად, წაკითხულის ვიზუალიზებას ორივე შემთხვევაში უნდა შევუწყოთ ხელი.

ილუსტრირებული წიგნები ბავშვებს ყველაზე ეფექტურად ეხმარება წაკითხულის წარმოსახვაში, რადგან ამაზე უკვე წიგნის გამომცემელ-ილუსტრატორებმა იზრუნეს. მაგრამ ჩვენც უნდა გამოვიყენოთ დამატებითი აქტივობები, რადგან, ჯერ ერთი, ყველაფრის ილუსტრირება წიგნში ვერ მოხერხდებოდა, მეორეც, ილუსტრაციაზე დაკვირვება და  დამატებითი დეტალების მოფიქრება საუკეთესოდ ავითარებს ბავშვის ვიზუალიზების უნარს.

როდესაც წიგნის ერთ მონაკვეთს წავიკითხავთ, ბავშვს ყურადღება უნდა გავამახვილებინოთ იმ  გარემოზე, სადაც ამბავი ვითარდება, პერსონაჟებზე, ამინდზე, ფერებზე და ამის შესახებ დავუსვათ შეკითხვები. თუკი წიგნში მოცემულია ესა თუ ის კონკრეტული ილუსტრაცია, მასზე  დაკვირვებისა და აღწერის შემდეგ შეგვიძლია დავაფიქროთ ბავშვი იმაზე, თუ რის დამატება შეიძლებოდა კიდევ.

ასე რომ, წიგნის ხმამაღლა კითხვისას სასარგებლოა, რომ დავეხმაროთ ბავშვს ამბის წარმოსახვაში, დანახვაში, ხმების გაგონებაში, ვიზუალიზებაში.

ნიმუში:

ვთქვათ, ბავშვს ვუკითხავთ ზღაპარ „ნაცარქექიას“. რა შეიძლება დაინახოს ბავშვმა ამ ზღაპრის კითხვისას? რა შეკითხვები დაგვეხმარება ბავშვის წარმოსახვის უნარის განვითარებაში?

– როგორ სახლში ცხოვრობს ნაცარქექია? რა აცვია? რა ფერის ტანსაცმელი აცვია?

– რას ხატავს/ხაზავს ნაცარში ნაცარქექია?

– როგორ გამოიყურება დევი? როგორი გამოხედვა აქვს? (აქ შეიძლება ბავშვს განვასახიერებინოთ დევის  გამომეტყველება.)

— რა ხმები გესმის მდინარის პირას, სადაც დევი და ნაცარქექია პირველად შეხვდებიან?

– როგორ ამოიღებს ნაცარქექია ჭყინტ ყველს ჩოხიდან? როგორ გამოადენს წვენს?

– როგორი იქნება დევის სახლი? რა და როგორი ნივთები ექნება სახლში?

— როგორი გემო და სუნი ექნება დევის სახლში გამომცხვარ პურს? და ა. შ.

ბოლოს, გავეცნოთ უფრო დეტალურ ნიმუშს წინა წერილში (შეკითხვების დასმა) გამოყენებული ,,კომბლეს” მაგალითზე. ამისთვის ჩვენ მიერ შემოთავაზებული ტექსტი დავყოთ ნაწილებად და გვერდით მივუწეროთ წარმოსახვის უნარისთვის სასარგებლო შეკითხვები. ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშნვა, რომ ყველა შემოტავაზებული შეკითხვის დასმა ბავშვს გადატვირთავს და სულ შეაძულებს წაკითხვის პროცესს.

,,კომბლე” შეკითხვები
ზღაპრის წაკითხვამდე, სათაურსა და ყდის ილუსტრაციაზე დაკვირვებისას ●     როგორ ხმა ექნება კომბლეს? ცხვრებს?

●     როგორი იქნება კომბლეს სახლი შიგნით? რა ექნება შინ?

●     როგორ დაუძახებს ხოლმე კომბლე ცხვრებს?

კომბლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი. ეს კაცი მთელი დღის განმავლობაში თავის სახლის წინ იჯდა, კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. შემდეგ დაგროვებული კომბლები ბაზარში მიჰქონდა და კარგ ფასად ყიდდა. ამიტომ ამ კაცს ყველა კომბლეს ეძახდა.

— დილა მშვიდობისა, კომბლე! — ესალმებოდნენ ხოლმე შეხვედრისას.

— როგორ ხარ, კომბლე? — მოიკითხავდნენ ხოლმე საუბრისას.

— ნახვამდის, კომბლე! — ემშვიდობებოდნენ ხოლმე განშორებისას.

კომბლეს ჰყავდა სამი ცხვარი: კომბლესი, კომბლუსი და კომბლოსი. ეს ცხვრები დილით წავიდოდნენ ხოლმე საბალახოდ, მთელი დღის განმავლობაში ბალახობდნენ და საღამოს შინ ბრუნდებოდნენ. კომბლე სულ არიგებდა ხოლმე მათ:

— ყურადღებით იყავით, სადმე მგელი თუ შეგხვდეთ, მაშინვე შინ გამოიქეცითო!

●        როგორი სახლი, ეზო ექნება კომბლეს?

●        რა ფერის ცხვრები ჰყავს კომბლეს?

●        სად დადიან კომბლეს ცვხრები საბალახოდ? რას ხედავ მინდორში?

●        მარტო კომბლეს ცხვრები ბალახობენ თუ კიდევ არიან სხვა ცხვრებიც?

●        რა ხმები გესმის კომბლეს სახლის წინ, მის ეზოში?

●        რა ხმები გესმის ბაზარში, სადაც კომბლე თავის კომბლებს ყიდის?

●        ვის ხედავ კიდევ ბაზარში? სად არის ხოლმე კიდევ ბევრი ხალხი?

●        რა ადგილებშ ბალახობენ ხოლმე ცხვრები დილიდან საღამომდე? არის თუ არა იქ წყარო? მდინარე? ტყე?

●        რა ხმები გესმის ცხვრების საბალახო ადგილებში?

ერთ დღესაც წავიდნენ ცხვრები საბალახოდ. იარეს, იარეს და შემოხვდათ მელია. მელამ ჰკითხათ:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცვხრებმა.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! – თქვა მელიამ და ტყისკენ წაცუნცულდა.

●        სად შემოხვდათ ცხვრებს მელია? რა ადგილია?

●        როგორი სახეები აქვთ ცხვრებს , როდესაც მელიას ესაუბრებიან?

●        როგორი სახე აქვს მელიას ამ დროს?

●        როგორ მიდი მელია ტყისკენ? როგორ შეიძლება წაცუნცულდეს მელია? ადამიანი?

ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ დათვი. დათვმა ჰკითხა:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— უი! მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა დათვმა და ტყისკენ წაბაჯბაჯდა.

●        როგორა დათვი? როგორი ხმა აქვს?

●        როგორ დგანან ცხვრები დათვის წინ?

●        სად არიან დათვი და ცხვრები? როგორი ადგილია? რას ხედავ იმ ადგილას?

●        როგორ წაბაჯბაჯდა დათვი ტყისკენ?

●        ტყე როგორია?

●        ცა როგორი იქნებოდა? ღრუბლიანი თუ მზიანი?

●        როგორი ამინდი იქნებოდა?

ცხვრებმა გზა განაგრძეს. იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი. მგელმა ჰკითხათ:

— ცხვრებო, ვისი ხართო?

— კომბლესიო, — უპასუხეს ცხვრებმა და სულ არ არ გაახსენდათ კომბლეს დარიგება.

— კომბლე რა კაციაო?

— კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.

— არ მეშინია თქვენი კომბლესიო! — თქვა მგელმა და გადაყლაპა ცხვრები.

●        სად შეხვდებოდა მგელი ცხვრებს?

●        როგორ უყურებენ ისინი ერთმანეთს? როგორ საუბრობენ?

●        როგორი სახეები აქვთ მგელსა და ცხვრებს?

●        დღის რომელი მონაკვეთი (დილა, შუადღე, საღამო) იქნებოდა იმ დროს?

მოსაღამოვდა. კომბლემ უცადა თავის ცხვრებს, უცადა და, რომ აღარ დაბრუნდნენ, გაიდო მხარზე ერთი დიდი კომბალი და წავიდა საძებნელად.

იარა, იარა და შემოხვდა მელია. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო!

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა მელიამ კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ გაუშვა მელია და გზა განაგრძო. იარა, იარა და შემოხვდა დათვი. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო.

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა დათვმა კბილები და არ ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ გაუშვა დათვი და გზა განაგრძო. იარა, იარა და ბოლოს შემოხვდა მგელი. კომბლემ ჰკითხა:

— ჩემი ცხვრები არ გინახავსო?

— არა, ჩემმა მზემაო!

— აბა, კბილები დაკრიჭეო!

დაკრიჭა მგელმა კბილები და ჰქონდა ჩიჩია.

კომბლემ სდრუზა მგელს კომბალი, გაუჭრა მუცელი და ამოიყვანა თავისი ცხვრები. კუდამოძუებული მგელი კი ყმუილით წაძუნძულდა ტყისკენ.

კომბლემ წამოიყვანა თავისი ცხვრები და მას შემდეგ ცხოვრობდნენ ტკბილად და გემრიელად.

●        რა აცვია კომბლეს, რომელიც ცხვრების მოსაძებნად მიდის? როგორი სახე აქვს მას? ხელში რა უჭირავს?

●        სად შეხვდებოდა კომბლე მელიას? დათვს?

●        როგორ ესაუბრება კომბლე მელიასა და დათვს?

●        როგორ გარბიან მელია და დათვი?

●        როგორი სახეები ექნებოდათ კომბლესა და მგელს? როგორ ელაპარაკებიან ისინი ერთმანეთს?

●        როგორ გაიქცეოდა კუდამოძუებული მგელია?

●        როგორ შეხვდებოდნენ ცხვრები კომბლეს?

●        როგორ ბრუნდებიან კომბლე და ცხვრები შინ?

ჭირი — იქა,

ლხინი — აქა,

ქატო — იქა,

ფქვილი — აქა.

ელასა, მელასა,

ჭიქა მეკიდა ყელასა.

მთქმელსა და გამგონებელსა

ჯვარი გვწერია ყველასა!..

(ძილი გვაამოს ყველასა!..)

 

  1. ხელახლა წაკითხვა

რა არის ეს?

ხელახლა წაკითხვა გულისხმობს წიგნის უკვე წაკითხული ნაწილის ხელხლა გადაკითხვას გარკვეული მიზნით. რა შეიძლება იყოს ეს მიზნები?

  • შეკითხვებზე პასუხის გაცემა
  • ინფორმაციის გადამოწმება, გახსენება
  • ბავშვის თხოვნის შესრულება

ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვგულისხმობთ უკვე წაკითხული წიგნის სხვა დროს (მეორე დღეს, ერთი კვირის შემდეგ…) ხელახლა წაკითხვას. თუკი ბავშვს ჩვენ მიერ წაკითხული წიგნი მოეწონება, იგი აუცილებლად გვთხოვს მის ხელმეორედ წაკითხვას. ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ და შეგვიძლია რამდენჯერმე  მივუბრუნდეთ კიდეც წაკითხულ წიგნს. ხელახლა წაკითხვის ეს ვარიანტიც ძალიან სასარგებლოა – ამ დროს უკვე ბავშვთან ერთად ვიხსენებთ წაკითხულ ამბებს და ვამოწმებთ, რა გვახსოვს და როგორ.

მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ წაკითხვის პროცესში უკვე წაკითხულ ადგილებთან მიბრუნებას და მათს ხელახლა წაკითხვას.

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?

კიდევ ერთხელ დავსვათ შეკითხვა: რა საჭიროა წიგნის უკვე წაკითხული ადგილების ხელახლა წაკითხვა?

რასაკვირველია, წიგნის კითხვის პროცესში აქტიურად ვსვამთ შეკითხვებს. შეკითხვები ბავშვს ეხმარება როგორც ვარაუდების გამოთქმაში, ასევე უკვე წაკითხული ნაწილის გახსენებაშიც. სწორედ ამ მიზნით გვჭირდება ხოლმე ხელახლა წაკითხვა.

ხალახლა წაკითხვის პროცესში ბავშვი: 1. აკვირდება ტექსტს კონკრეტული მიზნით, მაგალითად, დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად; 2. რწმუნდება, რომ ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია და არცაა საჭირო; 3. ეჩვევა, რომ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად (ამ შემთხვევაში, პასუხის მოძიება) ტექსტის კიდევ ერთხელ წაკითხვაა საჭირო.

როგორ გავაკეთოთ ეს?

წიგნის წაკითხვისას ბავშვიც ხშირად გვისვამს ხოლმე შეკითხვებს და ჩვენც ვეკითხებით როგორც უკვე წაკითხული ნაწილების შესახებ, ისე დარჩენილი ნაწილის შესახებ ვარაუდების გამოთმის მიზნით. სწორედ ამ პროცესშია სასარგებლო უკვე წაკითხულ ადგილთან მიბრუნება და მისი ხელახლა წაკითხვა. ამისათვის ბავშვს მივმართავთ: „მოდი, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, მართლა ასე იყო თუ არა…“ თუკი ბავშვის არ გაუჩნდება ასეთი შეკითხვები, მაშინ ჩვენ დავსვამთ და ბუნებრივა საჭიროებას დავინახავთ წიგნის შესაბამისი ადგილის ხელახლა წაკითხვისას.

ასე რომ, კარგი იქნება, თუკი წიგნის ხმამაღლა კითხვის პროცესში უკვე წაკითხულ ადგილებს კიდევ ერთხელ მივურბუნდებით მიზნობრივად, ხელახლა წავიკითხავთ და გადავამოწმებთ ჩვენ მიერ გაცემულ პასუხს.

ნიმუში:

დავუშვათ, ბავშვს ვუკითხავთ ზღაპარ „ნაცარქექიას“  და მივედით იმ ადგილას, სადაც ნაცარქექიამ ჩოხის კალთაში გამოხვეული ყველი ამოიღო წვენის გამოსადენად:

„დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა“.

და ამ დროს ვიკითხავთ:

– სად ჰქონდა ნაცარქექიას ყველი?

– სახლიდან ხომ გამოატანეს?! – აუცილებლად გვიპასუხებს ბავშვი, რომელიც მანამდე ყურადღებით გვისმენდა.

– სახლიდან გამოატანეს? მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხოთ, სად წერია, რომ სახლიდან გამოატანეს, — ვამბობთ ჩვენ, ვუბრუნდებით ზღაპრის დასაწყისს, ვკითხულობთ ხელახლა და ბავშვიც სიამოვნებით გვისმენს, როგორ მართლდება მისი პასუხი.

კიდევ ერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ ,,კომბლეს” მიხედვით. როდესაც ცხვრები უკვე დათვს ხვდებიან და მასთან ლაპარაკობენ. შეიძლება წამკითხველსა და ბავშვს შორის ასეთი ინტერაქცია წარიმართოს:

— რა უთხრეს ცხვრებმა დათვს, კომბლე რას აკეთებსო?

— კომბლებს თლის და ჭერში აწყობსო…

— მელიას რა უთხრეს?

— მელიასაც ხომ ასე უთხრეს?

— გინდა, გადავამოწმოთ, მელიასაც ასე უთხრეს თუ არა? მოდი ხელახლა წავიკითხოთ…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“