კვირა, მაისი 31, 2026
31 მაისი, კვირა, 2026

ფოკუსი წვრილმანებზე – ყურადღების გაფაციცება

0

ბავშვებს ალბათ არასოდეს აქვთ იმდენი თავისუფალი დრო, რამდენიც ზაფხულის არდადეგებზე. ამავე დროს, ეს არის პერიოდი, როცა მოგზაურობის, ახალი ადგილებისა და ადამიანების გაცნობის, ახალი გამოცდილების მიღების შანსი მეტია, შთაბეჭდილებები კი – უფრო შთამბეჭდავი. ზაფხული იმედგაცრუებების დროც არის: მეტი თავგადასავალი გინდა, მეტი სიყვარული, მეტი მეგობარი, მეტი გართობა და ისევ ჩვეულებრივი დღეებით ცხოვრობ, დიდად არაფერი იცვლება, მეტი დრო გაქვს და ისევ უინტერესოდ ატარებ – ვინ არის ამისგან დაზღვეული?

როგორ ვატარებთ დროს, დიდწილად მაინც ჩვენზეა დამოკიდებული და ცოტათი გარემოზეც – თუ თავის გადარჩენისა და გართობის ხრიკებს ფლობ, ყველგან იპოვი რამე ხელჩასაჭიდს. როგორც კლასიკოსი ამბობს ცნობილ და ბავშვებისთვის ალბათ ოდნავ რთულად აღსაქმელ ტექსტში, „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“. ეს წერილიც იმაზეა, როგორ ვისწავლოთ წვრილმანებზე ფოკუსით თავის გართობა და ყურადღების გაწვრთნა. წერილის ავტორი ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანია, რომელიც წვრილმანების დამახსოვრების ნაცვლად მუდმივად დიდი სურათის ასაწყობი ფაზლის ნაწილებს ეძებს, თუმცა პერიოდულად იხსენებს, რომ ეშმაკი ზოგჯერ სწორედ წვრილმანებშია და გაფაციცებით ეძებს ნიშნებს და მარკერებს რუტინულ ყოფაში.

ყოველდღიური წვრილმანების შემჩნევა და დეტალებზე დაკვირვება ბავშვებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს უყალიბებს, როგორიცაა კონცენტრაცია, ცნობისმოყვარეობა, ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითობა. ამ პროცესის თამაშად ქცევა კი ყველაზე ეფექტური გზაა, რადგან თამაში ბავშვისთვის ბუნებრივი სწავლაა, ამიტომ მეც რამდენიმე მარტივ თამაშს გთავაზობთ, რომლებმაც შესაძლოა თქვენც გაგიხალისოთ ზაფხულის დღეები და ბავშვებსაც თქვენ გარშემო.

ერთი წუთი და ათი რაღაც

ვიღებთ რაიმე საგანს, მაგალითად, ჭიქას კაფეში, სათამაშოს მაღაზიაში, გამვლელს ქუჩაში, ძაღლს პარკში, და ბავშვს ვთხოვთ, 1 წუთის განმავლობაში ჩამოთვალოს რაც შეიძლება მეტი რამ, რაც ამ საგანს ახასიათებს: ფერი, ფორმა, ხასიათი, ზომა, წონა, დანიშნულება და ა.შ.

ეს უმარტივესი და სახალისო სავარჯიშო შეუმჩნეველი დეტალების დანახვის უნარს ავითარებს, დროითი შეზღუდვა მას სასიამოვნო დაძაბულობას სძენს, აღწერის ნაწილი კი ვერბალურ განვითარებას უწყობს ხელს.

 მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ და ის არის

ეს თამაში შეიძლება ითამაშო ყველგან: შინ, გარეთ, მოძრაობისას, სტატიკურ მდგომარეობაში. ერთი მოთამაშე ამბობს, რას ხედავს და რა ფერია ის, რასაც ხედავს. დანარჩენები იწყებენ გარემოს თვალიერებას და აღმოაჩენენ ათას საინტერესო და უინტერესო რამეს: საგზაო ნიშნებს, მიყრილ ნარჩენებს, სარეკლამო აბრებს, გამვლელს და გამომვლელს და ა.შ. ის, ვინც გამოიცნობს რას გულისხმობდა პირველი მოთამაშე, შემდეგ თავად ირჩევს ახალ სამიზნეს და კვლავ ფერის მითითებით აძლევს მინიშნებას სხვა მოთამაშეებს.

გარე სივრცეში ეს თამაში გაცილებით სახალისოა  და გარემოს აღქმას და შეცნობას ამარტივებს.

„დღის დეტალი“ – ოჯახური თამაში

 დავალება მუდმივია და ყველასთვის ცხადი: ყოველ საღამოს ოჯახის ყველა წევრი დანარჩენებს უყვება რაღაც ისეთზე, რამაც მისი დღე განსაზღვრა, რაც პირველად შეამჩნია ან რამაც მოულოდნელად მიიპყრო მისი ყურადღება.

ეს რიტუალური თამაში ერთმანეთისთვის გაზიარების კულტურას ავითარებს და უინტერესო დღეებშიც კი რამე განსაკუთრებულის შემჩნევისა და აღმოჩენისკენ გიბიძგებთ.

დაკვირვების მარშრუტი

შეადგინეთ იმ გზის რუკა, რომელსაც ყველაზე ხშირად გადიხართ უფროსებთან ერთად ან მარტო. რუკაზე დატანილი უნდა იყოს უსაფრთხო გადასასვლელები, მნიშვნელოვანი ობიექტები (მაგალითად, მეგობრის სახლი, საყვარელი საფუნთუშე, ძაღლის ჯიხური, რომელსაც სეირნობისას ხვდებით) და ყველა ის სივრცე, რომლის აღწერაც შეიძლება (სალონი, სადაც დედა თმას იჭრის, მაღაზია, სადაც სკოლის შემდეგ სასუსნავის ყიდვა შეიძლება და ა.შ). რაც უფრო მეტი ობიექტია რუკაზე და რაც უფრო დაწყვრილებით არის ისინი აღწერილი, მით უკეთესი.

მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ მარშუტები და შეადარეთ ახალ გზებზე გაკეთებული აღმოჩენები ადრინდელს.

დეტექტივის დღიური

ეს უკიდურესად პირადი რამაა, რასაც მარტო თქვენთვის აკეთებთ – აქ ხვდება ყველაფერი უცნაური, რაც შეიძლება ადამიანს თავს გადახდეს ან მისი ყურადღება მიიპყროს: უცნაური ხმები, უცხო ადამიანები, თამაშის დროს ეზოში შემთხვევით ნაპოვნი მკვდარი ჩიტი თუ კალია, საეჭვო საუბრები, უცნაური ნიშნები – ყველაფერი ეს დეტექტივის დღიურში აღირიცხება, რა იცი, როდის გახდება ეს ნიშნები მნიშვნელოვანი და საყურადღებო.

ხალხი და ერი

0

(ჩანაწერებიდან)

ერთგან აკაკი ბაქრაძე მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისგან ხალხს და ერს. მისი თქმით, ხალხი არის მიმდინარე, არსებული პოპულაცია, ხოლო ერი – უწყვეტი გენეტიკური ჯაჭვი დასაბამიდან დღემდე. ხალხთან შეიძლება ბევრი პრეტენზია გვქონდეს, მაგრამ ერის დაკნინების უფლებას არავის მივცემო, ამბობს ის და მართალიც არის. „ქართველი ერი“ მისი არსებობის სამი ათასი წლის განმავლობაში ჩვენი სისხლისა და ხორცის საუკეთესო ნაწილის უწყვეტობას გულისხმობს და არა იმ ბიოლოგიურ ნაგავს, რომლის ერთადერთი ფუნქცია პოპულაციის გამრავლება იყო და არის.

*
ამ დღეებში ისევ გამწვავდა კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის. ისრაელის აშკარა პრევალენტურობით წარმოებულ საჰაერო ურთიერთდარტყმებს ხალხი ეწირება ორივე მხრიდან… ამ კონფლიქტში მორალისა და მინიმალური ინტელექტის მქონე ადამიანის ადგილი, ვიცით, ვის მხარესაცაა… არ მშურს, რომ ისრაელელებმა ხრიოკზე გასაოცარი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ააშენეს (ეს მათ დაიმსახურეს) – ეს ჩვენც შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ. არა, ეს არ მშურს. მე მათი ერთიანობისა მშურს, ქვეყნის შიგნით ერთმანეთს მამასისხლად გადაკიდებული პოლიტიკური ელიტა და ხალხი როგორ იკვრება ერთ მუშტად, როცა საქმე ეგზისტენციალურ საფრთხეს – გარეშე მტრებს ეხება. მშურს ამ ხალხის, მშურს, როგორ თავდაუზოგავად, ყველა (ხშირად – საკამათო და კონტროვერსიული) გზით იცავს თავს… წარმოგიდგენიათ, რისი მშურს? – იმისი, რომ ხალხს სძულს თავისი ქვეყნის მტერი! ჩვენთან ხომ მტრის სიძულვილიც გაიშვიათდა, ენდემური ჯიშის უამრავი იდიოტი რუსეთ-უკრაინის ომში იმ ქვეყნის მხარესაა, რომელმაც ბოლო ორასი წელია სისხლი გაგვიშრო და ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი აქვს მიტაცებული, ირან-ისრაელის ომში კი იმ ქვეყნის მხარეს, რომელმაც – ლამის მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფორმაციით ვარსებობთ – მილიონჯერ გადაგვიარა, გადაგვთხარა, ამოგვძირკვა… რა ჰქვია ამას, სტოკჰოლმის სინდრომი?! ცხადია, არა! – ამას ჰქვია სისხლის გაწყალება, ეროვნული თავმოყვარეობისა და იდენტობის სრული ატროფია, და ეს – მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე იმ სალაფავის მიღების გზები არ ჩაიკეტოს, რომელსაც დოზირებულად, ულუფებად აწვდიან. კარგა ხანია, ჩვენში „სიფრთხილედ“ (რა მოხდენილი ევფემიზმია!) საღდება სილაჩრე. ისევ აკაკი ბაქრაძე რომ მოვიშველიოთ, დათვისთვის ბაბაიას დაძახების შესახებ ანდაზა არ უნდა იყოს მთლად ძველი, ახლო წარსულში უნდა ვეძიოთ მისი ფესვები.

ეს ხალხი დღეს არ აღმოცენებულა, მას ჰყავს სულიერი წინაპარი, ჩვენი ისტორია ხომ, გმირობათა ამაღელვებელ ქრონოლოგიასთან ერთად, ღალატის, ოპორტუნიზმისა და ლაჩრობის ქრონოლოგიაცაა, უბრალოდ, გულის გახეთქვამდე მძიმეა, როცა ამას საკუთარი თვალით ხედავ.

*
ახლახან ისრაელის სპეცსამსახურების საიდუმლო დანაყოფზე გადაღებული ძალიან მაგარი სერიალის – „ფაუდას“ – ყურება დავასრულე. ბოლო სეზონი სულისშემძვრელი ეპიზოდით მთავრდება: მთელი დანაყოფი დაჭრილი წევს, ხელი აქვთ ჩაკიდებული ერთმანეთისთვის და ჩურჩულებენ: „დიდება უფალს! დიდება ისრაელს!“

*
გუშინ ჯემალ აჯიაშვილის კონგენიალური „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია“ გადავიკითხე, ერთი კონკრეტული ფრაგმენტის გახსენება მინდოდა მხოლოდ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ჩამითრია და ვეღარ მოვწყდი. ქართული ენის თეზაურუსული ფლობა (ენის ნებისმიერი დიაქრონიული შრიდან საჭირო მადნის ამოღების უტყუარი ალღო), ქართული ლექსის საუკეთესო ტრადიციების ზედიდოსტატური ფლობა და, რაც მთავარია, ლინგვისტური ოკაზიონალიზმი, მხოლოდ ამ თარგმანებისთვის შექმნილი იდიოლექტი (პოეტური ენა) – ასეთია ჩამონათვალი მთავარი მახასიათებლებისა, რომლებიც ამ შედევრალურ ანთოლოგიას ამკობს. ეს არის გაბმული სიმფონია, ლამის ლიტურგიული კონტრაპუნქტი, რომლის კითხვისას კონცეპტისთვის გონების მიდევნებას ხშირად აზრიც არა აქვს (ვერც ახერხებ), უბრალოდ, წამლეკავ დინებას უნდა მიჰყვე. მოშე იბნ ეზრას თუნდაც ეს პატარა მარგალიტი როგორია აჯიაშვილის ხელში:

მეაკვნენი და მესაფლავენი

ყოვლის მნგრეველ და ყოვლის მშენებელ

ვინ არის, ვინა? – გრგვინავს მთა-ველი…

კვლავ დავიწყების მტვერში შერევენ,

კვლავ მიეჯრება მტკაველს მტკაველი…

აქ უდრტვინველად განისვენებენ

მეაკვნენი და მესაფლავენი…

ქართულის გაკვეთილები და დამხმარე სასწავლო რესურსები

0

არავის ეუცხოება, თუ ვიტყვით, რომ განათლება ცოცხალი და მუდმივად განვითარებადი პროცესია, რომლის შეჩერება, ერთ ადგილზე გაყინვა შეუძლებელია. სისტემა მუდმივად განიცდის ცვლილებებს. მასწავლებლებს ამ სიახლეების მიღება, საკუთარი ცოდნის ამაღლება და ახალ-ახალი მეთოდების ძიება გვიწევს, რათა შევინარჩუნოთ მორალური უფლება, ვასწავლოთ სხვას.

არც ის გახლავთ სიახლე, რომ ქართული ენა სკოლაში მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არ არის – ის ერთ-ერთი ფუნდამენტია განათლებისა, შემეცნებითი და ეთიკური განვითარებისა. ამ მიმართულებით დამხმარე სასწავლო რესურსები, სახელმძღვანელოები, გრაფიკული მაორგანიზებლები, სხვადასხვა ვიზუალური და ინტერაქციული მასალა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა ინტელექტუალურ და მენტალურ განვითარებაში.

ძირითადი სახელმძღვანელოები მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლების სისტემის თავისებურებებს, სწავლა-სწავლების ძირითად მოდელს და არაერთ გამოწვევას სცემს პასუხს, თუმცა გრიფირებული სახელმძღვანელო, მიუხედავად მისი ფართო გამოყენებისა და გათვალისწინებული საჭიროებებისა, ვერ ართმევს თავს ყველა ინდივიდუალურ საჭიროებას, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს. ამ დროს შეუცვლელი როლი ეკისრება დამხმარე სასწავლო რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს მასალის უკეთ გაგებას და ინფორმაციის გადამუშავებას, ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, გააზრებულ კითხვებზე პასუხების პოვნას, სიტყვების სწორ გამოყენებას და მეტყველების ხარისხის გაუმჯობესებას.

მაგალითად, სერია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, გამოიყენოს მეტი ინტერაქციული აქტივობა, რაც მხოლოდ სწავლის პროცესში კი არ ეხმარება მოსწავლეებს, არამედ ლიტერატურული გემოვნების დახვეწასა და წარმოსახვის განვითარებაშიც უწყობს ხელს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძირითადი სახელმძღვანელო გრიფირების პროცესზეა მიბმული და მისი ყოველწლიური განახლება და გამოცემა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ ჩვენ, მასწავლებლებმა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ რესურსების შერჩევას, რომლებიც კონკრეტულ კლასში მოსწავლეთა საჭიროებებს შეესაბამება.

გარდა ამისა, დამხმარე სასწავლო რესურსების გამოყენება ბავშვებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ ახალი სიტყვები, განმარტონ და უკეთ გაიგონ მათი მნიშვნელობა, რაც არა მხოლოდ მეხსიერების განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, სერია „გრამატიკა და მართლწერაში“ მოყვანილია დეტალური განმარტებები და პრაქტიკული დავალებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად.

ტექსტის ანალიზი, საკითხის თეორიული გაგება და კითხვა-პასუხის ტექნიკა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას: მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გააანალიზონ ტექსტები, გამოიტანონ დასკვნები და მიიღონ გადაწყვეტილებები.

თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის – ვიდეოები და ინტერაქციული აპლიკაციები, სასწავლო პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას. ინტერაქციული პლატფორმები, რომლებიც ტესტირებასა და დავალებების შესრულებაზეა ორიენტირებული, მოსწავლის შედეგების დინამიკის გარკვევაში გვეხმარება.

გრაფიკები, სქემები და სლაიდები მხოლოდ კითხვა-პასუხის პროცესს კი არ აადვილებს, არამედ ვიზუალურ მეხსიერებასაც აუმჯობესებს. თვალსაჩინოებათა გამოყენება საშუალებას იძლევა, სწრაფად აღვიქვათ და დავამახსოვროთ ინფორმაცია.

თანამედროვე ტექნოლოგიები ასევე ქმნის რესურსებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, პრაქტიკულად გამოვიყენოთ ენა რეალურ კონტექსტში. ინტერნეტტესტები და საგანმანათლებლო პლატფორმები ცოდნის გამდიდრების მრავალფეროვან და უნიკალურ შესაძლებლობას გვთავაზობს.

თუმცა ერთი და იგივე სასწავლო რესურსი ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად ეფექტური არ არის, ამიტომ პედაგოგებს ხშირად უწევთ, მოსწავლეებს ინდივიდუალურად შეურჩიონ მათ საჭიროებებს მორგებული დამხმარე რესურსები. ზოგს თვალსაჩინოება უკეთ ეხმარება, ზოგს – აუდიომასალა.

არსებობს მზა რესურსებიც, რომლებსაც სხვადასხვა გამომცემლობა თუ გამოცდილი ავტორი სთავაზობს მოსწავლეებს. უმეტესობა გამოცდილია ცოცხალ საგაკვეთილო პროცესში და დახვეწილია მასწავლებელთა უკუკავშირის მიხედვით (ასეთია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“, „გრამატიკა და მართლწერა“, „წერა და წაკითხულის გააზრება“ დაწყებითი კლასებისთვის და სხვა). ასეთი მასალის სანდოობის ხარისხიც, შესაბამისად, მაღალია. ვიწრო საჭიროებებს მორგებული სასწავლო მასალა გვეხმარება მასწავლებლებს, თითოეული ბავშვის შესაძლებლობები, ინტერესები და სუსტი მხარეები გავითვალისწინოთ და მათ მოვერგოთ.

მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ გამოყენებას გარკვეული გამოწვევებიც ახლავს. რესურსების არასაკმარისმა რაოდენობამ ან არასწორმა შერჩევამ შესაძლოა პრობლემები წარმოშვას. ასევე შესაძლოა, დაბრკოლებები წარმოიშვას რეგიონებში, სადაც ინტერნეტსა და ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე წვდომა შეზღუდულია.

დამხმარე სასწავლო რესურსები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქართული ენის სწავლების პროცესში. მათი ეფექტური გამოყენება შესაძლებელია, თუ სწორად შევარჩევთ და გამოვიყენებთ მასალებს, რომლებიც კონკრეტული მოსწავლის საჭიროებებს უპასუხებს.

მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ მრავალფეროვანი დამხმარე რესურსები, რათა ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა გახდეს უფრო ინტერაქციული, საინტერესო, ეფექტიანი და ეფექტური.

არდადეგები

0

საზაფხულო არდადეგები დაიწყო. როგორც ყველა ბავშვს, ტიდასაც (ჩემს შვილს) უხარია, მაგრამ განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ვერ ვატყობ. ჩემთვის კი საზაფხულო არდადეგები, რომლებიც უფრო ადრე, მაისის ბოლოს იწყებოდა, წარმოუდგენელი ზეიმი იყო. თუ ზამთრის ორკვირიან არდადეგებს არ ჩავთვლით, ზაფხულის არდადეგები გახლდათ ის, რაც ღამეები მესიზმრებოდა, რაზეც ვოცნებობდი, რისკენაც ტაატით მივიწევდი… ერთი სიტყვით, ზოგადად სამყაროს არსებობის გამართლება იყო საზაფხულო არდადეგები. ახლა რომ ვუფიქრდები, ამხელა ეგზისტენციალური მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ სკოლა იყო ჯოჯოხეთი – ყოველ ნაბიჯზე შიში, რიდი, იძულება… დღევანდელ ბავშვებში სკოლის გარემოთი გამოწვეული ეს სტრესული განცდა ნაკლებადაა. იმას კი არ ვამბობ, რომ საჯარო სკოლებში ყველაფერი რიგზეა, – არა, სკოლის მასწავლებლების ოთხმოცი პროცენტი ძველი ყაიდის კონფორმისტია, – უბრალოდ, ზოგადი გარემო არ იძლევა ამ კონფორმიზმის სრულფასოვნად რეალიზების საშუალებას, ბავშვებმაც მეტი იციან საკუთარ უფლებებზე… ჰოდა, ამიტომაც არ არის ალბათ ტიდასთვის არდადეგები იმხელა სიხარული, რამხელაც ჩემთვის იყო და მადლობა ღმერთს, რომ ასეა.

როგორც აღვნიშნე, ჩემთვის საზაფხულო არდადეგები ყველაფერი იყო. ვცდილობდი, თითოეული დღის თავისუფლებით დავმტკბარიყავი. არავინ მაიძულებდა, გაკვეთილები მესწავლა და მევლო ინგლისურისა და ქართულის რეპეტიტორებთან, არავინ მაღვიძებდა დილაუთენია… კაცი ვიყავ და ქუდი მეხურა – თვითონ განვკარგავდი საკუთარ ცხოვრებას და დღის წესრიგს. ყველა იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც მსიამოვნებდა: ვცურავდი მდინარეში, ვთამაშობდი ფეხბურთს, ვხატავდი, ვძერწავდი და ვკითხულობდი იმას, რაც მინდოდა, კაციშვილი არ იყო დამშლელი. ამაზე დიდი სამოთხე, აბა, რა შეიძლება, იყოს.

აი, აგვისტოს დასაწყისში უკვე ყრუდ, სადღაც შიგნით ვგრძნობდი განგაშის ვიბრაციებს – ილეოდა არდადეგები… აგვისტოს შუიდან კი ეს ვიბრაციები ხელშესახებ სულიერ დრამად იქცეოდა ხოლმე. ერთადერთ ნუგეშად ზაფხულის გვირგვინი – ჭეჭეთობა ღამე მრჩებოდა, ქრისტიანობასთან შერწყმული ეს წარმართული რიტუალი: მარიამობის წინა ღამეს საბურავებისგან კოცონს დავანთებდით და ვახტებოდით ზედ ავსულების დასაფრთხობად. ამავე მიზეზით უფროსები სანთლის ნაჭრებს გვაწებებდნენ თმაში, ჭიშკრებზე კი რკინის ჯვრებს ჰკიდებდნენ. შუქი მაშინ არ იყო და ასე, კოცონის პირას იშლებოდა დიდი სუფრა. დილამდე ქეიფობდნენ უფროსები, იყო ცეკვა-სიმღერა ჩემი მეზობლის აკორდეონის და „დოლის“ (ამოტრიალებული ჯამის ან ხის სკამის) აკომპანიმენტით.

და სამიოდე დღეში – პირველი სექტემბერი, ისევ ჯოჯოხეთი…

გადატანა, ანჟანბემანი

0

გააღეთ საკანი, ის გველოდება

სეანსი გვაქვს ჩანიშნული,

კურნავს სიცილით.

გააღეთ კარი. მელოდებიან.

მოსამართლემ აიცილა მისი სიცილი,

პროკურორმა აიცილა მისი სიცილი,

 ცრუ მოწმეებმაც აიცილეს მისი სიცილი,

ერთხმად დათანხმდნენ უკურნებელ ავადმყოფობას.

სიცილი მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,

სიმართლე მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,

არ დამარცხდება.

/ნატო ინგოროყვა/

სად, სად და იმგვარ დროებაში, როგორშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ზოგჯერ ჯობია, პოეზიის ჩეროს შეაფარო თავი, სული მოითქვა. თუმცა, ცხოვრებისა არ იყოს, გადასატანი ამბავი აქაც ბევრია. ანჟანბემანს ვგულისხმობ.

ლექსთმცოდნეობის ამ ძალიან საინტერესო საკითხის მოსაკვლევად საჯარო ბიბლიოთეკაში მომიხდა ჩასვლა. განცდა მქონდა, რომ კარგა ხნის უნახავ პოეტსა და მეცნიერს შევხვდი, გამორჩეულ პედაგოგს. საჯარო ბიბლიოთეკის მესამე სართულზე ჩამოვსხედით (მე – სკამზე, ის, ჩვეულებისამებრ – მაგიდაზე). ანჟანბემანზე მინდოდა ფიქრი, ლექსთწყობის ამ საკითხში ხომ მასავით ვერავინ გამარკვევდა. ჩემს კითხვაზე პასუხიც მივიღე, დასაბუთებაც ქართული ფოლკლორული ლექსთწყობის კომპარატივისტული გადააზრებით და წამოვედი მადლიერი.

ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვეტყვი, რომ კომპარატივისტიკა ისტორიულ-შედარებითი მეთოდია ლიტმცოდნეობასა და ენათმეცნიერებაში. ამ საგნებს ჩვენ ბატონი მიხეილ ქურდიანი გვასწავლიდა და სწორედ მისივე წიგნად გამოუცემელ სადოქტორო დისერტაციაში გადავამოწმე ენათა ნათესაობის დონეებზე მოძიებული თუ აღდგენილი ესა თუ ის სალექსო ვარიაცია. აქვე უნდა ითქვას, რომ მის ვრცელ ნაშრომში ანჟანბემანს ცალკეული თავი არ ეთმობა, მხოლოდ ერთგან ამბობს: ორსტრიქონედი ერთი სრული სამეტყველო პერიოდია (წინადადება, ფრაზა) და ამას ანჟანბემანიც (გადატანაც) ადასტურებს, რომელიც, როგორც ქართულ ლექსმცოდნეობაში დამკვიდრებული თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ ემპირიული მასალა ცხადყოფს, არსებობდა ყოველთვის, საერთოქართველურ დონეზეცო, სწორედ ორსტრიქონედის შიგნით რეკონსტრუირებადი სისტემის ფარგლებში, და პირველი ორსტრიქონედის გარდა, ვერ გადალახავდა რითმით მონიშნულ მიჯნასო[1].

რა იყო დამკვიდრებული თვალსაზრისი და რა მაეჭვებდა? განსაზღვრებით დავიწყოთ.

გადატანა ანუ ანჟანბემანი (enjambement) პოეტური გამოსახვის ხერხად მიიჩნევა და მოიაზრებს წინადადების ნაწილის გადატანას ტაეპიდან ტაეპში. ეს გამოწვეულია იმით, რომ ლექსის ინტონაციურ-ფრაზობრივი დაყოფა არ ემთხვევა მეტრულს. ანჟამბემანი ხელს უწყობს ცალკეული სიტყვების გამოკვეთას, აძლიერებს მეტყველების ექსპრესიულობას, ლექსში შეაქვს სასაუბრო ინტონაცია.

აკაკი გაწერელიაც იმავეს ამბობს. მისი თქმით, სილაბურ-ტონური სისტემის ლექსთწყობაში ლექსის ერთ-ერთ რიტმულ განმსაზღვრელად ითვლება სტროფის ჩარჩოში რიტმის სინტაქსური ზეგავლენის შემთხვევები. ყველაზე თვალსაჩინო მომენტს ამ მხრივ წარმოადგენს ე. წ. ანჟანბემანი (გადატანა), რომელიც გულისხმობს ლექსის ამა თუ იმ ტაეპის დასასრულის გადატანას მიმდევნო ტაეპში, რაც ინტონაციურ კონფლიქტს სწევს მეტრსა და ტაეპის სინტაქსურ დაბოლოებას შორის, მაგრამ ქართულ კლასიკურ ლექსში XIX საუკუნემდე ანჟანბემანის არცერთი შემთხვევა არ არის ცნობილიო. მკვლევარი შენიშნავს, რომ ქართველ რომანტიკოსებამდე ქართულ ლექსში ტაეპის სინტაქსური დაბოლოება ზუსტად ემთხვეოდა მეტრის აქცენტურ დასასრულს. მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილმა შეარყია პირველად ეს კონსერვატიზმიო.

მკვლევარს მაგალითად შემდეგი სტროფები მოჰყავს:

თვითონ მეფენიც უძლეველნი, // რომელთ უმაღლეს ამაო სოფლით არღა არის სხვა რამ დიდება, // ჰშფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: // „როდის იქნება, ის სამეფოცა ჩვენი იყოს“, // და აღიძვრიან იმავ მიწისთვის, // რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან“.

და იქვე დასძენს, XIX საუკუნემდე ამის მსგავსი არაფერია ქართულ ლექსში, რის გამოც წინამდებარე მონოგრაფიაში ანჟამბემანის საკითხს ვრცლად ვერ შევეხებითო[2].

არადა, იმავე მონოგრაფიაში აკაკი გაწერელია რუსთველის სტროფებს ინტონაციური თვალსაზრისით განმარტავს და მათ სულაც არ უკავშირებს ანჟანბემანს ანუ გადატანას. საანალიზოდ მას შემდეგი სტროფები მოჰყავს: „ვინ დამბადა, შეძლებაცავინ არს ძალი უხილავივინ საზღვარსა დაუსაზღვრებს იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად!

ან ეს:თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან ვერ დამიტიროს მშობელმან, ·და ვერცა მისანდობელმან, — მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე მლმობელმან!

დასასრულ კი, აი, რას ასკვნის: პირველ შემთხვევაში ტაეპების დასაწყისი სიტყვებია გაძლიერებული და მეოთხე ტაეპი უშუალო დასკვნას წარმოადგენს, მეორე შემთხვევაში კი ტაეპთა ბოლო სიტყვების სინტაქსური ერთფეროვნება მჭიდრო კავშირს ამყარებს მათ შორის და სტროფს ერთი მთლიანი წინადადების სახეს აძლევს. ყოველივე ზემოთ თქმულის საფუძველზე, ქართულ კლასიკურ ლექსში ინტონაციის ანუ ტონის ცვალებადობის (მახვილების გაძლიერება, ტემპის შენელება თუ აჩქარება და სხვ.) ზეგავლენა ვრცელდება უმთავრესად ანაკრუზის უბანზე (იცვლება მეტრული რიგი მახვილებისა: მეტწილად ერთმახვილიანი და ერთმარცვლიანი სიტყვები იკავებენ ორდა მეტმარცვლოვან სიტყვების ადგილს).

როგორც ვხედავთ, მკვლევარი გადატანას არ ახსენებს, არადა, ფაქტია, გვაქვს.

ანჟანბემანს უფრო ვრცლად მიმოიხილავს მედეა ციქურიშვილი ჟურნალ „ცისკარში“ (1991, 11-12) გალაკტიონის პოეზიის მაგალითზე.

სურ. 1.

მკვლევარს საანალიზოდ გალაკტიონის არაერთი მშვენიერი ფრაზა მოჰყავს, მაგრამ არსად ახსენებს, რომ ეს ძველი მოვლენაა. მხოლოდ გალაკტიონის ტაეპების ანალიზით შემოიფარგლება.

საბედნიეროდ, არსებობს ფრანგი ენათმეცნიერის, ჟან კოენის წიგნი – „პოეტური ენის სტრუქტურა“, რომელშიც ნათქვამია, რომ ანჟანბემანი მე-17 საუკუნემდე საკმაოდ იყო გავრცელებული და ამის შესახებ პიერ დე რონსარიც მიუთითებს. მისი „პლეადის“ წინასიტყვაობაში კი ვკითხულობთ: ახალგაზრდობაში ანჟანბემანი მიუღებლად მიმაჩნდა ჩვენი პოეზიისთვის, მაგრამ კარგი ბერძენი და რომაელი ავტორების წაკითხვის შემდეგ საწინააღმდეგო აზრი გამიჩნდაო. მე-17 საუკუნეში ბუალოს ცნობილი სიტყვებით – სტანსები პაუზებზე სასიამოვნოდ ჯდება,// ვეღარ ბედავს ტაეპი სხვა ტაეპში გადასვლას“// – აიკრძალა ანჟანბემანის ხმარება. მოგვიანებით, რომანტიკოსების ეპოქიდან, მან აღიდგინა უფლებები და ზოგჯერ სისტემატურადაც გამოიყენებოდა, მაგალითად, მალარმეს „ჯეროდიადეშიო“.

ანჟაბემანს ჟ. კოენი განიხილავს როგორც დაპირისპირებას ტაეპების მეტრულ და სინტაქსურ დაყოფას შორის, როცა ერთმანეთს აღარ ემთხვევა მეტრული და სემანტიკური პაუზები. ამავე დროს ანჟანბემანი მას მიაჩნია მეტრულ-სინტაქსური კონფლიქტის ერთ კერძო შემთხვევად მრავალთა შორის, რომლებიც ინტენსიურობით განსხვავდება ერთმანეთისგან. კონფლიქტის მოსახსნელად მეტრული პაუზა ზუსტად უნდა დაემთხვეს სემანტიკურს, მაგრამ ვერცერთ ფრანგულ ლექსში ამგვარ დამთხვევას ვერ ვხედავთ, მაშასადამე, კლასიცისტებმა შეძლეს აღნიშნული დაპირისპირების მინიმუმამდე დაყვანა და არა მოხსნაო. ფრანგული პოეზიის ისტორიაში დასტურდება ამ კონფლიქტის გაძლიერება კლასიციზმიდან რომანტიზმამდე და რომანტიზმიდან სიმბოლიზმამდე, რაც იმით გამოიხატება, რომ ანჟანბემანი არღვევს მეტად მყარ გრამატიკულ კავშირებს: არსებით სახელსა და ეპითეტს შორის, კავშირსა და მომდევნო სიტყვას შორის, არტიკლსა და არსებით სახელს შორისო. პოეტები მართლაც მიხვდნენ, რომ კონფლიქტი მეტრსა და სინტაქსს შორის თვით ლექსის არსებაშია ფესვგადგმულიო[3], დასძენს კოენი.

საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ არსებობს ტაეპური და სტროფული გადატანა. გამოყოფენ ტაეპურ ანჟამბემანს, რომელიც სხვადასხვა ხასიათისაა:

ა) ფრაზა ავსებს პირველ ტაეპს და მთავრდება მეორის დასაწყისში: „შორეული ქალის ეშხი// მოვამაგრამ როდის?(. ტაბიძე).

ბ) ფრაზა იწყება ტაეპის ბოლოს და ავსებს მეორე ტაეპს:ბაღში გავედიიქაც ბილიკზე //ფენილი იყო ფოთოლი რბილი“ (. ტაბიძე).
გ) ფრაზა იწყება პირველი ტაეპის ბოლოს და მთავრდება მეორე ტაეპის დასაწყისში: მივედი სახლში. ქორწილი გაჩაღებულა, მღერიან“ (ვაჟაფშაველა).

დ) იშვიათია ისეთი ანჟამბემანი, როდესაც ტაეპიდან ტაეპში გადატანილია სიტყვის ნაწილი (დამარცვლის წესით): არაფერი! სტყუი! მაშ და– //ლალის ბეწვბუსუსი…// გვერდზე რისთვის ათამაშდა?!//ჰოდა, სუ! სუ! სი //ტყვა არ თქვა“ (. გრიშაშვილი).

სტროფული ანჟამბემანი სხვადასხვა ხასიათისაა:

ა) მთელი სტროფის აზრობრივ-ფრაზეოლოგიური კომპოზიცია სრულდება მომდევნო სტროფის პირველ ტაეპში: „შავს ენას და შავსა გულს // აფარებენ თეთრ კბილებს // არა! გიჯობს, რომ მიჰყვე //შენ იმ მამულიშვილებს// ქვეყნისთვის რომ ყოველდღე // ოფლში იწურებიან // და, ვით ბნელში ვარსკვლავი, // ისე ჩუმად ჰქრებიან!(. წერეთელი).

ბ) მთელი სტროფი აგებულია ანჟამბემანის პრინციპზე: ძარღვებს თანდათან // ეს უცნაური// წეწდა, არღვევდა // აურზაური. // ზღვა ხმაურობდა“. (გ. ტაბიძე).

ვერ მოვითმინე და ელმეგობარს ვკითხე, რა მიგაჩნია ანჟანბემანის კოგნიტიურ საფუძვლად-მეთქი. აი, რა მიპასუხა: 1. ანჟანბემანი ქმნის ინფორმაციულ დაძაბულობას (Suspended Closure) – გონება ელოდება წინადადების დასრულებას, მაგრამ სტრიქონი წყვეტს მას მოულოდნელად. ეს აყოვნებს „დასასრულის“ კოგნიტიურ მოდელს და ზრდის ყურადღებას. გონება ავტომატურად ცდილობს სტრუქტურული მთლიანობის აღდგენას. უკავშირდება Gestalt-ის პრინციპს – სურვილს, რომ აღვიქვათ მთლიანი, დასრულებული ერთეულიო.

  1. ანჟანბემანი აყოვნებს წინადადების „დასრულებას“, რაც გონებას აიძულებს, გადაანაწილოს დროითი რესურსები. ჩვენ გვიწევს წაკითხული სტრიქონის დროებით „დატოვება მეხსიერებაში“, რათა შევავსოთ აზრი შემდეგ სტრიქონში. ამას კოგნიტურ მეცნიერებაში working memory load ეწოდებაო.
  2. გონება მუდმივად ჭვრეტს, რა მოჰყვება წინას. ანჟანბემანი ხშირად არღვევს ამ მოლოდინს. ეს ქმნის „პროგნოზულ შეცდომას”(Prediction Error-), რაც იწვევს ინტერესს და გვამახსოვრებს სტრიქონსო.
  3. ანჟანბემანი მუშაობს ფონოლოგიურ დონეზეც. ვინაიდან პაუზები და ხაზის გადანაწილება ქმნის მუსიკალურ ეფექტს, გონება ამ მეტრულ ხარვეზებზე სმენით რეაგირებს და ცდილობს მათ მულტიმოდალურ „დამუშავებას“ როგორც რიტმისა და ინტონაციის ნაწილისასო.
  4. ამბივალენტურობა და მეტაფორების ინტეგრაციანჟანბემანი ხშირად გამოიყენება მულტიმნიშვნელოვნების წარმოსაჩენად. როდესაც სიტყვა გადადის შემდეგ სტრიქონში, ის შეიძლება წაკითხვის მომენტში დროებით სხვა მნიშვნელობით აღიქმებოდეს, ვიდრე საბოლოოდ. ეს იწვევს კოგნიტიურ რეფრემინგს, რაც დაკავშირებულია მეტაფორული აზროვნების მექანიზმებთანო.

ამდენად, ანჟანბემანის კოგნიტიურ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კოგნიტიურად ის: აყოვნებს აზრის დასრულებას → აძლიერებს ყურადღებას, მეხსიერებაში ინახავს დეტალებს; ქმნის პროგნოზის შეცდომას → ზრდის ლინგვისტურ სიამოვნებას; ანიჭებს ტექსტს მრავალშრიანობას → ააქტიურებს მეტაფორულ და სიმბოლურ აზროვნებასო.

ანჟანბემანი ხშირად მუშაობს ისე, რომ: დაუმთავრებელი აზრი ეძებს მეორე სტრიქონში ემოციურ ან მორალურ დაბრუნებას; სტრიქონებს შორის იშლება პოეტური დუმილი, რომელიც ააქტიურებს კოგნიტიურ ინტერპრეტაციას; ხშირად გვაქვს პარადოქსი ან განმარტების საჭიროება, რაც ზრდის გონებრივ ჩართულობასო.

პარადოქსები – იცოცხლეთ! ისინი ხომ ჩვენი დროების განუყოფელ ატრიბუტებად იქცნენ. მაგრამ ამასაც გადავიტანთ!

 

სხვა რესურსები:

  1. “Enjambment – Definition and Examples of Enjambment”. Literary Devices. 2020-12-22. Retrieved 2021-09-05.
  2. “Enjambment”. www.cs.lewisu.edu. Retrieved 2021-09-05.
  3. Jump up to:a b c d e Preminger 359
  4. William R. Taylor, The Book of Psalms, The Interpreters’ Bible, volume VI, 1955, Abingdon Press, Nashville, p. 169.

[1] მიხეილ ქურდიანი, საერთოქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსწყობის ზოგადლინგვისტური თეორია. დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1998. გვ. 30.

[2] აკ აკ ი გაწერელია, რჩეული ნაწერები, ტომი III ვეტრსიფიკაცია, მერანი, თბილისი, 1981.

[3] იხ. რუსუდან თურნავა, ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართების საკითხისათვის პოეზიაში, ლიტერატურული ძიებანი №23 (ნაწილი II).

 

„ხეების სუნი აქვს კედის“ – აუტიზმი, არომატები და ენის დარღვევა

0

„ხეების სუნი აღარა აქვს კედის და მე ავტირდი“.

უილიამ ფოლკნერი, ხმაური და მძვინვარება

 ორიოდ წლის წინ, ჩემი სპეციალური მასწავლებლობის ბოლო წელს, კერძო პრაქტიკით სამუშაოდ მომიყვანეს პირველკლასგავლილი გოგონა ნუშის თვალებით, ქერა თმითა და სიყვარულით სავსე გამოხედვით. არ მეტყველებდა. გაცნობისთანავე თითები, მაჯა-ხელები საგულდაგულოდ დამიყნოსა, ინტერესით აკვირდებოდა ჩემს სამუშაო მაგიდაზე არსებულ ნივთებს, რომლებსაც აღებისთანავე ყნოსავდა და ვგრძნობდი, მათი გემოც აინტერესებდა. განსაკუთრებული სიფრთხილე გახდა საჭირო წებოს, ჰიგიენური სითხისა და სხვა თხევადი ნივთიერებების მიმართ, პირთან რომ არ მიეტანა და არ დაელია.

ეს იყო აუტიზმის შემთხვევა სუნისა და გემოს გამძაფრებული შეგრძნებით. სტატიის მომზადებაც მაშინვე მომინდა, მაგრამ დაკვირვება ვამჯობინე. ცოტა ხნის წინ კი კარგად მოაზროვნე ბიჭი გამაცნეს, ოღონდ ენისა და მეტყველების თავისებური მდგომარეობით. აღმოჩნდა, რომ ყნოსვა მისთვისაც პრიმარული ფაქტორია.

წინამდებარე სტატიაში სწორედ აუტიზმის იმგვარი ფორმის შესახებ ვისაუბრებ, სადაც ყნოსვა თითქმის წამყვანი შეგრძნებაა.

საზოგადოდ, ცნობილია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებთან ხშირია სინათლის, ხმების, ტექსტურებისა და სუნების მიმართ მომეტებული მგრძნობელობა.

ამ სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ მომეტებულ ყნოსვით მგრძნობელობას, ანუ ჩვეულებრივზე ძლიერ ყნოსვის შეგრძნებას, ასევე – ყნოსვითი მგრძნობელობის ეფექტებს აუტიზმის მქონე ბავშვებში და იმას, თუ როგორ დავეხმაროთ ასეთ ბავშვებს სიმპტომების მართვაში.

ცოტა რამ ყნოსვითი სისტემის შესახებ

როგორც ცნობილია, ყნოსვითი სისტემა პასუხისმგებელია ყნოსვაზე. ეს სისტემა ჰაერში სხვადასხვა სუნს ცხვირისა და ცხვირის ღრუს მეშვეობით აღიქვამს და შემდეგ სიგნალებს ანუ ინფორმაციას უგზავნის ტვინს. ტვინიც ამა თუ იმ სურნელსა თუ სუნს გადაამუშავებს და უკვე არსებული ცოდნის საფუძველზე აანალიზებს. ტვინი დიდ როლს ასრულებს ყნოსვითი სისტემის მუშაობაში.

სხვა გრძნობების მსგავსად, ყნოსვაც დაკავშირებულია მოგონებებსა და ემოციებთან. შეიძლება, სუნი ჩვენი ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდს ან საკვებს დავუკავშიროთ. ვინაიდან გამოცდილება ინდივიდუალურია, ამგვარი ასოციაციებიც ინდივიდუალურია ყოველი ადამიანისთვის. ამასთან, ყნოსვითი მეხსიერება ყველაზე ხანგრძლივია.

აუტიზმი და გაძლიერებული ყნოსვა

მრავალი კვლევა ჩატარდა იმის დასადგენად, აქვთ თუ არა აუტიზმის მქონე ბავშვებს ყნოსვითი ჰიპერმგრძნობელობა. 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები, ნეიროტიპურთაგან განსხვავებით, ტვინის სხვადასხვა უბანს იყენებენ სუნების აღსაქმელად. კვლევებმა აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს შესაძლოა გაძლიერებული ჰქონდეთ ყნოსვა.

აუტიზმის სპექტრის ზოგიერთი ბავშვი უსიამოვნო სუნს უფრო დიდი მანძილიდან შეიგრძნობს. ასეთი ბავშვის რეაქცია აუცილებლად იქნება თავის არიდება. ზოგი კი აქტიურად ეძებს ძლიერ სუნს იმ ადამიანებსა და საგნებში, რომლებიც მოსწონთ. კვლევები აუტისტ პირებში ჰიპერმგრძნობელობის უკეთ გასაგებად და მისი სიხშირის დასადგენად უცხოეთში ამჟამადაც მიმდინარეობს.

ძლიერი ყნოსვის გავლენა

სუნების მიმართ ჰიპერმგრძნობელობამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანსა და მისი ფუნქციონირების უნარზე. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვმა შესაძლოა შეამჩნიოს სუნები, რომელთა აღქმაც ჩვენ არ შეგვიძლია.

კვლევებმა აჩვენა, რომ არც ისე იშვიათი ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოჭარბებულ ყნოსვის შეგრძნებას თან ახლავს კომუნიკაციის უნარის დარღვევა. ამავდროულად, ჰიპერმგრძნობელობა შესაძლოა გამოიხატოს უჩვეულო ქცევით. სამყაროს განსხვავებული აღქმა გარშემო მყოფების მიერ შესაძლოა რთული აღმოჩნდეს აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სოციალურ ურთიერთობებში. აუტიზმის მქონე პირთათვის ზრდასრულ ასაკში ყნოსვითი სისტემის გამძაფრებამ შესაძლოა გაართულოს ფუნქციონირება საზოგადოებრივ ადგილებში, მგზავრობისას ან სამუშაო ადგილზე. აუტიზმის მქონე ბავშვებს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ სხვადასხვა გარემოში.

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ყნოსვის გამძაფრებული შეგრძნება, შესაძლოა რთული იყოს სხვადასხვა კვებით დაწესებულებაში, რესტორანსა თუ კაფეში ყოფნა, რადგან ამ სივრცეში უამრავი სხვადასხვა სურნელია, უცნობი ადამიანების უცნობი სურნელებით დაწყებული, საკვებისა და სასმელების მრავალფეროვნებით დამთავრებული, რამაც შესაძლოა ზედმეტი სტიმულაციური რეაქცია გამოიწვიოს სუნის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ბავშვებში. ახალ რესტორანში წასვლისას გასათვალისწინებელია რესტორნის ტიპი, მისი დატვირთულობა და გარემო. ამ ფაქტორებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი რესტორანში ყოფნაზე.

გამძაფრებული სტიმულაციური რეაქციები

სტიმულაცია არის განმეორებადი ან უჩვეულო მოძრაობები ან ხმები, მათ შორის – ხელების ქნევა, თავის ქნევა, რხევა. ასეთი რეაქციები მხოლოდ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის არ არის დამახასიათებელი. ნეიროტიპულ ადამიანებში სტიმულაციური რეაქცია შეიძლება იყოს ფრჩხილების კვნეტა, თმის ტრიალი ან ფეხის ქნევა. ეს ქმედებები ეხმარება აუტისტ პირებს ემოციების მართვასა და კომფორტის პოვნაში სენსორული გადატვირთვის დროს.

დამამშვიდებელი სურნელების საჭიროება

აუტიზმის მქონე ბავშვებს შესაძლოა დასჭირდეთ (მზრუნველის ან სათამაშოს) დამამშვიდებელი სურნელი სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ამან შესაძლოა შეზღუდოს ბავშვების სხვებთან ურთიერთქმედების გზები, რადგან მათ მხოლოდ კონკრეტული სურნელები სურთ. შესაძლოა, ყურადღება გადაიტანოთ ისეთმა სუნებმა, რომლებიც ნეიროტიპული ადამიანისთვის შეუმჩნეველია.

თუ თქვენს საკლასო ოთახში ასეთი მოსწავლე გამოჩნდა, აუცილებლად ჩართეთ სასწავლო კომპონენტად ბუნებრივი საგნები და მათზე ყნოსვითი დაკვირვება. გახსოვდეთ, ყნოსვით ამ ბავშვებს უამრავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამა თუ იმ საგნისა და მოვლენის შესახებ. ამგვარი აქტივობების მოფიქრება არცერთ დისციპლინაში არ უნდა იყოს რთული, მთავარია, გული გულობდეს!

 

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს: აუტიზმის მქონე ბავშვი შესაძლოა შეაწუხოს ისეთმა ქიმიურმა სუნმა, რომელიც ნეიროტიპული ტვინისთვის შეუმჩნეველია.

ძლიერმა უცნობმა სუნებმა, მაგალითად, სუნამოს ან საწმენდი საშუალების სუნმა, სენსორული გადატვირთვისა და კომუნიკაციის უნარების ნაკლებობის გამო შესაძლოა ჰიპერმგრძნობიარე ბავშვის აჟიტირება გამოიწვიოს. საკლასო ოთახში აუტიზმის მქონე ბავშვს შესაძლოა გაუჭირდეს ფოკუსირება, სანამ მისი ტვინი გადაამუშავებს სუნებს, რომლებსაც სხვა ვერავინ ამჩნევს. სენსორული ძიების მქონე ბავშვს განსაზღვრულმა სუნებმა შესაძლოა ყურადღება გადაატანინოს, როდესაც ის სურნელთან მიახლოებას ცდილობს.

 

ბავშვმა შესაძლოა უარი თქვას არასასიამოვნო სუნის მქონე სივრცეში შესვლაზე.

ახალ სივრცეში შესვლამ, სადაც უცნობი სურნელებია (მეგობრის სახლი, ექიმის კაბინეტი, მაღაზია, რესტორანი) აუტიზმის მქონე ბავშვში შესაძლოა ინტენსიური რეაქცია გამოიწვიოს, რაც შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად, ხელების ქნევით, თავდასხმით ან გაქცევით.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც ყნოსვითი ჰიპერმგრძნობელობა აქვს?

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მომატებული ყნოსვითი მგრძნობელობა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სურნელებს ძლიერ და ინტენსიურ სუნებად აქცევს. ისეთმა გავრცელებულმა სუნებმა, როგორიცაა, მაგალითად, ცხარე საკვების, სურნელოვანი შამპუნის ან ბენზინის სუნი, შესაძლოა ბავშვი დათრგუნოს. ასეთმა ბავშვებმა შესაძლოა უარი თქვან განსაზღვრულ საკვებზე, თავი აარიდონ გარკვეულ ადგილებს ან გამოავლინონ უჩვეულო ქცევა.

ჰიპერმგრძნობიარე ბავშვის დახმარების უმარტივესი გზებია:

  • მხოლოდუსუნოსაწმენდისაშუალებებისგამოყენება;
  • სურნელოვანისანთლების, სუნამოებისადადეოდორანტების გამოყენებისთვისთავის არიდება;
  • ოთახისკარგადგანიავება, ცხვირზეხელსახოცისანსხვადამცავისაშუალებისაფარების შეთავაზება.

სენსორული აღქმის მქონე ბავშვისთვის მუდამ თან იქონიეთ ქსოვილის ნაჭერი, რომელსაც მისი საყვარელი სურნელი აქვს, მოამზადეთ სურნელოვანი კერძები.

როდესაც შვილთან ერთად მუშაობთ მისი რეაქციების წყაროს დასადგენად, შეგიძლიათ, მოიფიქროთ გადაწყვეტა, რომელიც მას უსაფრთხოდ და კომფორტულად აგრძნობინებს თავს.

არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელთა გამოცდაც შეიძლება თქვენს შვილთან ერთად. ერთი მათგანია ABA თერაპია – გამოყენებითი ქცევითი ანალიზი. ABA არის სტრატეგია, რომელიც შექმნილია, რათა დაეხმაროს ჰიპერმგრძნობიარე ბავშვებს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში. გაწვრთნილ ABA თერაპევტთან მუშაობით თქვენს შვილს შეუძლია, განივითაროს ენობრივი და კომუნიკაციის უნარები, გაიუმჯობესოს ყურადღება, კონცენტრაცია, სოციალური უნარები. ABA თერაპია აუმჯობესებს მეხსიერებასა და აკადემიურ მოსწრებას და შეუძლია, შეამციროს პრობლემური ქცევა.

ABA თერაპია მოქნილი და ინდივიდუალურია. მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია დადებითი განმტკიცება. ABA თერაპიის ხანგრძლივი კვლევები აჩვენებს დადებით შედეგებს ინტელექტუალური ფუნქციონირების, ენობრივი განვითარების, ყოველდღიური ცხოვრებისა და სოციალური უნარების კუთხით.

 

სენსორული მხარდაჭერის ინსტრუმენტები

სენსორული მხარდაჭერის ინსტრუმენტებია სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებიც შექმნილია ერთი ან მეტი გრძნობის სტიმულირებისთვის. ისინი მიმზიდველია აუტიზმის სპექტრის მქონე ზოგიერთი ბავშვისთვის, რადგან შეუძლია, მოჰგვაროს ბავშვს სიმშვიდის შეგრძნება და მისცეს სასურველი სენსორული გამოცდილება მათი სენსორული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

კარგი დამხმარე საშუალებებია დამძიმებული ჟილეტები და საბნები, მოძრავი ბალიშები და ბალანსის დაფები, ფიჯეტ სპინერი, პოპიტი, ტყლარწი და რბილულა.

 

სოციალური ისტორიები

„სოციალური ისტორიები“ არის თხრობითი აქტივობა, რომლის მიზანია, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმაროს სოციალურ სიტუაციებში გარკვევაში სათანადო კომუნიკაციისას. სოციალურ ისტორიებს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს აუტიზმის მქონე ბავშვების ურთიერთობა როგორც თანატოლებთან, ისე უფროსებთანაც. შეუძლია, აჩვენოს და ასწავლოს, როგორ მოიქცნენ (და როგორ არ მოიქცნენ) სოციალურ სიტუაციებში და პრობლემების წარმოშობის დროს. სოციალური ისტორიების გამოყენებით თქვენ აწვდით ინფორმაციას და სტრუქტურას, რათა დაეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს სოციალურ სიტუაციებში ორიენტირებაში. სოციალური ისტორიის მაგალითი შეიძლება იყოს გადმოცემული კომიქსის ფორმით ან მარტივი წინადადებების სერიით, რომელიც ასახავს, რას უნდა ელოდოს ბავშვი და რატომ.

 

გამოყენებული რესურსები:

Autism and Smell Sensitivity

Autism and Smell Sensitivity

საზაფხულო გასართობი აქტივობები მშობლებისა და ბავშვებისთვის

0

ზაფხულის დადგომასთან ერთად მშობლებს საზრუნავი ემატებათ. ბავშვები სკოლისგან გამოთავისუფლებულ უამრავ დროს გაჯეტებთან ატარებენ, რაც არც ისე კარგია მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

გთავაზობთ უცხოელი კოლეგების გამოცდილებას, გასართობ აქტივობებს ბავშვებისთვის, რათა ზაფხულის ცხელ დღეებში დაკავებულები იყვნენ და შინაარსიანად გაატარონ დრო.

ამ იდეებს ზაფხულის სურვილების სიად აქცევთ თუ მხოლოდ რამდენიმე მათგანს აირჩევთ და მათგან შესანიშნავ მოგონებებს შეიქმნით, თქვენი საქმეა; მთავარია, ოჯახთან ერთად ისიამოვნოთ ზაფხულის თვეებით.

 ბუნების აქტივობები

ისარგებლეთ გრძელი მზიანი დღეებით და შეისწავლეთ ბუნების საიდუმლოები. არ დაგავიწყდეთ  მზისგან დამცავი კრემი და მწერებისგან დამცავი სითხე.

დაკვირდით ფრინველებს. გადაიღეთ ფოტოები, გამოიყენეთ აპლიკაცია ან სახელმძღვანელო ბუმბულიანი მეგობრების ამოსაცნობად.

კონტეინერებში მოიყვანეთ ახალი მწვანილი. გამოიყენეთ ძველი ყავის ქილები, რძისა და ლიმონათის ბოთლები, პლასტმასის ჭიქები, ნებისმიერი სხვა ნივთი, რასაც შინ იპოვით. ტერასაზე ან ფანჯრის რაფაზე მოაწყვეთ მწვანილის ბაღი და თვალი ადევნეთ მის ზრდას.

მოძებნეთ ფორმები ღრუბლებში. ბალახზე დააფინეთ ლეიბი  და ცას ახედეთ. რიგრიგობით ისაუბრეთ იმაზე, რას ხედავთ ღრუბლებში.

შეაგროვეთ ქვები და მოხატეთ. მოხატული ქვები აქციეთ ბაღის დეკორაციებად ან ოჯახის წევრებს აჩუქეთ.

მოაწყვეთ ფოტოსესია. ბუნებაში გადაიღეთ ფოტოები. უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ ფოტოების კომპიუტერში რედაქტირება და საოჯახო ალბომის შექმნა.

საცალფეხო ბილიკები ცარცით გააფორმეთ. გამოიყენეთ ჩვეულებრივი ტროტუარის ცარცი ან თავად დაამზადეთ სიმინდის სახამებლის, წყლისა და საკვები საღებავისგან.

 

წვიმიანი დღეების აქტივობები

როდესაც ამინდი შინ დარჩენას გაიძულებთ:

გაამდიდრეთ თქვენი ფილმების კოლექცია, მოაწყვეთ კინომარათონი და აკნატუნეთ პოპკორნი.

მუყაოს ყუთებისგან ააშენეთ ციხესიმაგრე, მოაწყვეთ თქვენი შვილის ოცნების სამალავი.

მთელი ოჯახი ჩაებით ლეგოს ციხესიმაგრის აშენებაში.

დაბანაკდით. საძილე ტომრები იატაკზე დააწყვეთ და ოჯახთან ერთად წვეულება გამართეთ.

მოსინჯეთ ახალი ვარცხნილობები. მიეცით ბავშვებს საშუალება, მოირგონ სტილისტის როლი და შექმნან თქვენთვის განსხვავებული ვარცხნილობა.

შეიძინეთ ორიგამის ქაღალდი, დაამზადეთ სახალისო ფიგურები და მეგობრებს ან ოჯახის წევრებს აჩუქეთ.

დაამზადეთ დროის კაფსულა. ოჯახის თითოეულ წევრს სთხოვეთ, ჩამოწეროს, რისთვისაა ბედის მადლიერი. ეს წერილი განსაკუთრებულ ნივთთან ერთად დროის კაფსულაში ჩადეთ. შეინახეთ დანიშნულ თარიღამდე. შეგიძლიათ, გახსნათ მადლიერების დღეს ან რომელიმე განსაკუთრებულ დღესასწაულზე.

შექმენით ზაფხულის ფრესკა. გააკარით სარდაფში ან ავტოფარეხში თეთრი ქაღალდის დიდი ფურცელი და შექმენით ოჯახური ფრესკა. იმუშავეთ მთელი ზაფხული, თანდათანობით შეავსეთ. ზაფხულის ბოლოს გამართეთ „გახსნის“ წვეულება ნათესავებისთვის.

 

ტვინის სავარჯიშო სახალისო აქტივობები

ბავშვების ფიქრისა და სწავლის უნარების გასავითარებლად აიღეთ გამოცანების წიგნი და შეეჯიბრეთ ერთმანეთს, მერე კი თქვენ თვითონ მოიგონეთ გამოცანები.

გამართეთ შეჯიბრება თავსატეხებში. ჯერ ბავშვებთან ერთად მოიფიქრეთ, მერე კი შესთავაზეთ, დამოუკიდებლად შექმნან თავსატეხები. ვინ დაასრულებს პირველი?

ყოველდღე უკითხეთ ერთმანეთს ხმამაღლა წიგნის ერთი თავი.

აჩვენეთ ბავშვებს, რომ მეცნიერება სახალისოა. სცადეთ მათთან ერთად სახალისო ექსპერიმენტების ჩატარება.

მოიფიქრეთ კომიქსის სიუჟეტი და დაასურათეთ. შეიძლება ხატვა როგორც ჯგუფურად, ისე ცალ–ცალკეც.

ყოველდღიე შეავსეთ დღიური.  ზაფხულის ბოლოს გაუზიარეთ ერთმანეთს  მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ჩანაწერები.

 

აქტივობები ბავშვებისა და მათი მეგობრებისთვის

ზაფხულში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია თქვენი შვილის სოციალური და ემოციური ჯანმრთელობისთვის. შეკრიბეთ სკოლის მეგობრები, რომელთა ნახვაც თქვენს შვილებს ენატრებათ და ერთად გააკეთეთ რაიმე სახალისო. მოაწყვეთ საგანძურის ძიება თქვენს საკუთარ ტერიტორიაზე ან ქალაქის შემოგარენში. ცოტა შეცვალეთ სიტუაცია და გადააქციეთ ის ფოტო საგანძურის ძიებად, სადაც ბავშვებმა უნდა გადაუღონ ფოტოები სიაში შესულ სხვადასხვა ნივთს ტელეფონით .

ეზოში მოაწყვეთ წვეულება. მოაწყვეთ ბურგერ-ბარი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თავად აირჩიონ ინგრედიენტები.

მოაწყვეთ სამაგიდო თამაშების საღამო ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

 

კულინარიული პროექტები

შესთავაზეთ ბავშვებს რამდენიმე კულინარიული პროექტის შესრულება. ამით არა მხოლოდ ფასეულ ცხოვრებისეულ უნარს შეიძენენ, არამედ გაფართოვდება მათი ინტერესი სხვადასხვა სახის საკვების მიმართ.

ბავშვების მიერ  შერჩეული ინგრედიენტებით გამოაცხვეთ პიცა. შეუძლიათ, დაგეხმარონ მომზადებაში ყველის დაქუცმაცებით, სოკოს გარეცხვით, ბოსტნეულის დაჭრით.

მიეცით ბავშვებს საშუალება, თავად მოამზადონ ვახშამი. წაახალისეთ, დამოუკიდებლად დაგეგმონ მენიუ და შეიძინონ ინგრედიენტები. ზედამხედველობა გაუწიეთ უმცროს ბავშვებს, მაგრამ მოზარდებს მიეცით საშუალება, ეს მარტო გააკეთონ.

ასწავლეთ ბავშვებს თქვენი საყვარელი ბავშვობის ნუგბარის, ლიმონათის, ნაყინის მომზადება.

მიეცით ბავშვებს საშუალება, რეცეპტს რაღაც საკუთარი შემატონ.

 

გისურვებთ მხიარულ და შინაარსიან ზაფხულს!

 

გამოყენებული რესურსები:

https://ktlikescoffee.com/simple-and-fun-summer-activities-for-kids/

https://campsouthernground.org/summer-fun/

 

ხელოვნური ინტელექტი და მიკერძოება

0

„მასწ, შეიძლება, ChatGPT-ს ვკითხო? შეიძლება, ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენო?“ – ეს კითხვები სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა. AI-ს განვითარებამ, ერთი მხრივ, გაამარტივა შემეცნების პროცესი, მეორე მხრივ კი ერთგვარი საფრთხის ქვეშ დააყენა განათლების სისტემა.

დღეს მასწავლებელიც და მოსწავლეც აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. მასწავლებლები ქმნიან დავალებებს, ხოლო მოსწავლეები ხშირად ირჩევენ მარტივ გზას ამ დავალებების შესასრულებლად. ამის შესახებ „მასწავლებელში“ არაერთი წერილია გამოქვეყნებული.

თითქმის ყველა ტექნოლოგიურ გიგანტს და ზოგიერთ შემთხვევაში ქვეყანასაც საკუთარი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა აქვს. შეიძლება თუ არა, ერთსა და იმავე კითხვაზე ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმამ სხვადასხვა პასუხი შემოგვთავაზოს? ჩემი სტატია სწორედ  AI-სა და მისი შემქმნელების შესაძლო მიკერძოების საფრთხეს ეხება.

როგორ დავაფიქროთ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების შესაძლო მიკერძოებულობაზე ჩვენი მოსწავლეები და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს AI-ს მხრივ ინფორმაციის შეგნებულ დამახინჯებას?

შეგვიძლია, მოსწავლეები ჩავრთოთ მარტივ ექსპერიმენტში: ვთხოვოთ, მოიფიქრონ კითხვები და დაუსვან ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმას, შემდეგ პასუხები ერთმანეთს შეადარონ და განსხვავებათა მიზეზებზე იმსჯელონ.

კითხვა: რამდენად უსაფრთხოა tiktok-ი? გთხოვ, მიპასუხო ერთი წინადადებით.

Deepseek

TikTok-ის უსაფრთხოება დამოკიდებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვაზე და პლატფორმაზე გამოყენებულ პარამეტრებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია პრივატობის პარამეტრების გულდასმით დაყენება და ფრთხილად გამოყენება.

Gemini

TikTok-ის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ჩინეთის მთავრობასთან კავშირების გამო, რამაც მრავალ ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია.

ChatGPT

TikTok-ს აქვს გარკვეული უსაფრთხოების მახასიათებლები, თუმცა მასზე კვლავ არსებობს სერიოზული შიშები მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ჩინეთის მთავრობასთან შესაძლო კავშირების გამო.

პირველივე მარტივ კითხვაზე განსხვავებული პასუხები მივიღეთ. მოდი, გავაგრძელოთ.

კითხვა: რომელია ყველაზე წარმატებული, პოპულარული და ხშირად გამოყენებადი AI პლატფორმა მსოფლიოში? გთხოვ, მიპასუხე რეალური მონაცემების საფუძველზე.

Gemini

ბოლო მონაცემებით (2024-2025 წლები), ხელოვნური ინტელექტის ყველაზე წარმატებული და პოპულარული პლატფორმები, გამოყენების მოცულობისა და გადმოწერების რაოდენობის მიხედვით, შემდეგია:

  1. ChatGPT (OpenAI):
  2. GoogleGemini (ყოფილი Bard)

Deepseek

2024 წლის მონაცემებით, ყველაზე წარმატებული, პოპულარული და ხშირად გამოყენებადი AI პლატფორმები მსოფლიოში შემდეგია:

  1. OpenAI (ChatGPT, GPT-4, DALL·E, Whisper)
  2. Google AI (Gemini, Bard, DeepMind, PaLM 2)

როგორც ვხედავთ, ამ კითხვაზე ორმა სხვადასხვა AI პლატფორმამ იდენტური პასუხი გაგვცა. შეგვიძლია, კითხვა ოდნავ გავართულოთ და გავამწვაოთ:

კითხვა: რატომ არ დაუჭირა მხარი ჩინეთმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას   საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, თავიანთ სახლებში დაბრუნების თაობაზე?

Deepseek

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია არჩარევა სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. გაეროს რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს), შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევად, რაც ჩინეთის პოზიციას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ჩინეთი ხშირად თავს არიდებს კონფლიქტებთან დაკავშირებულ რეზოლუციებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს მხარეებიდან ერთის მხარდაჭერად.

ChatGPT

  1. ძირითადად ნეიტრალიტეტზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა

ჩინეთი ცდილობს, თავი შეიკავოს ისეთი რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც სეპარატიზმის, ტერიტორიული მთლიანობის ან საერთაშორისო დაპირისპირების საკითხებს ეხება, თუ ეს არ ემთხვევა მის პირდაპირ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. ის, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში თავს იკავებს კენჭისყრაში მონაწილეობისგან ან აძლევს ხმას „წინააღმდეგ“, რათა არ დაიკავოს მკაფიო პოზიცია.

  1. საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკა

ჩინეთი ძალიან სენსიტიურია საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ (მაგალითად, ტაივანი, ჰონკონგი, ტიბეტი, სინძიანი). შესაბამისად, ის მოერიდება იმ რეზოლუციების მხარდაჭერას, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, რათა არ შექმნას პრეცედენტი, რომელიც ორმაგი სტანდარტის ბრალდებას გამოიწვევს მის მიმართ.

ამ კითხვას AI პლატფორმები უკვე განსხვავებული ინტერპრეტაციით პასუხობენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

კითხვა:

Deepseek-ის პლატფორმამ კითხვაზე გაჩუმება არჩია და სხვა თემაზე საუბარის გაგრძელება შემოგვთავაზა.

ChatGPT

ჩინეთი ითვლება არადემოკრატიულ ქვეყანად იმიტომ, რომ მას მართავს ერთპარტიული რეჟიმი – ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც არ ატარებს თავისუფალ და მრავალპარტიულ არჩევნებს, ზღუდავს სიტყვის, პრესის, შეკრებისა და პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებებს და არ უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას.

Gemini

ჩინეთი არადემოკრატიულ ქვეყნად ითვლება მისი პოლიტიკური სისტემისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო, რაც შემდეგი ძირითადი მახასიათებლებით არის განპირობებული:

  • ერთპარტიული მმართველობა
  • არჩევნების არარსებობა
  • სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა
  • ადამიანის უფლებების დარღვევა
    • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნა
    • თავისუფლების შეზღუდვა
    • წამება და არაადამიანური მოპყრობა
    • სოციალური საკრედიტო სისტემა
  • სასამართლო სისტემის ნაკლებობა

 

კითხვა: რამდენად სანდო და მიუკერძოებელი AI ხელსაწყოა Deepseek?

ChatGPT

DeepSeek არ ითვლება განსაკუთრებით სანდო ან მიუკერძოებელ AI ინსტრუმენტად, რადგან ის აჩვენებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა:

  • მნიშვნელოვანი სიზუსტის ნაკლებობა;
  • ცენზურა და პოლიტიკური ბაიასი;
  • უსაფრთხოების სუსტი დაცვა;
  • მონაცემთა კონფიდენციალურობის რისკები.

 

Gemini

DeepSeek, ჩინური ხელოვნური ინტელექტის მოდელი, მიუკერძოებლობისა და სანდოობის კუთხით არაერთ კრიტიკას იმსახურებს, განსაკუთრებით დასავლურ ალტერნატივებთან შედარებით (მაგალითად, ChatGPT, Gemini).

Deepseek

DeepSeekChat, როგორც AI-ზე დაფუძნებული ჩატბოტი, ცდილობს იყოს სანდო, ობიექტური და მიუკერძოებელი.

 

ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი იმ მონაცემებზე დაყრდნობით გვპასუხობს, რომლებსაც შემქმნელები აწვდიან. თუ ამ მონაცემებში არსებობს შეგნებული მიკერძოება ან მონაცემები არასრულია, AI შესაძლოა მოვლენისა თუ ფაქტის მიმართ მიკერძოებული იყოს. AI-ის მიკერძოების შესახებ ცოდნა გვეხმარება, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პლატფორმის გამოყენებისას ვიყოთ კრიტიკულები და ობიექტურად ვაანალიზებდეთ მოწოდებულ ინფორმაციას.

სასწავლო წლის შეჯამება

0

დასრულდა 2024-2025 სასწავლო წელი. მასწავლებლები ყოველი სასწავლო წლის დასასრულს განსხვავებული მიდგომით ვაჯამებთ განვლილ პერიოდს, თავს ვუყრით შექმნილ რესურსებს, მოსწავლეთა მიღწევებს, საკუთარ შეცდომებს, ვფიქრობთ მათი გამოსწორების გზებზე და ა.შ.

რაც სკოლაში მუშაობა დავიწყე, ასეთი რთული და კრიზისული სასწავლო წელი არ მქონია. ამ წერილზე მუშაობაც კი ძალიან მიჭირს. ვეძებ სიტყვებს, რათა წინადადებები ავაწყო და მკითხველამდე მივიტანო ჩემი სათქმელი. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, მოტივაციაზე, განცდებზე… შეუძლებელია, უყურებდე დამდგარ რეალობას და არ გეუფლებოდეს გაურკვევლობის, შიშისა თუ ბუნდოვანების განცდა.

კანონი დაირღვა და…

ადამიანების (მათ შორის – განათლების სფეროში დასაქმებულთა) ნაწილი დაკავებულებს დამნაშავეებად, კანონის დამრღვევებად მოიხსენიებს და მათთვის თავისუფლების აღკვეთას ამართლებს.

მიხეილ ჯავახიშვილმა დაარღვია კანონი. მან საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის 58.8 და 58.11 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები „ჩაიდინა“.  ის დახვრიტეს. სანდრო ახმეტელმაც, კლასიკური გაგებით, დანაშაული ჩაიდინა. მას „ტროიკამ“ „დაუმტკიცა ბრალი“.

დღეს რეპრესირებულ ადამიანებზე ვამბობთ, რომ ისინი სისტემის, უსამართლობის, ჩაგვრის, რეჟიმის მსხვერპლები იყვნენ. მაშასადამე, ვაღიარებთ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში შესაძლოა, ძალაუფლების მპყრობელმა წმინდა ფორმალური სამართლებრივი თვალსაზრისით დასაჯოს მოქალაქე, მაგრამ ისე, რომ მას არ ჰქონდეს დანაშაული. შესაძლოა, მიხეილ ჯავახიშვილი მართლა ხვდებოდა პოლონეთის ან გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებს, მაგრამ ამით ის კონტრრევოლუციურ საქმიანობას არ ეწეოდა…

„ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“

კითხვა თენგიზ აბულაძის შედევრიდან „მონანიება“ ყველაზე უკეთ შეესაბამება დღევანდელ ქართულ რეალობას. ჩვენ, ახალგაზრდებთან მომუშავე ადამიანებმა, ყველაზე ხშირად უნდა დავსვათ კრიტიკული კითხვები იმ პლატფორმიდან, საიდან საუბარი თუ აზრების გავრცელებაც ჯერ კიდევ შეგვიძლია.  მე ხშირად ვეკითხები გარშემო მყოფებს: „ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით? ასეთი საზოგადოების მშენებლობისთვის ვიხარჯებით? ეს არის ის ბედნიერი ქვეყანა, სადაც უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა, მოსწავლეებმა, მთელმა საზოგადოებამ? ეს არის ის გზა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს?“ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვს მინიმალურ დაკვირვებას, დაფიქრებას, ისტორიის, ლიტერატურისა თუ სამართლის ცოდნას.

უსასრულო წყვდიადში სინათლე განათლებას შემოაქვს. სწორედ განათლებას შეუძლია, გაარღვიოს მოჯადოებული წრე, აგვიხილოს თვალი, მოგვცეს შესაძლებლობები ინდივიდებსა თუ ქვეყანას. განათლებისადმი მიძღვნილ წერილში ილია ამბობს: „განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“.

იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, ანუ ავანთოთ სანთელი წყვდიადში, უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა, მოვლენებს მიუკერძოებლად შევხედოთ, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავძლიოთ შიში.

 რა არის შიში?

ჩვენ გვაქვს გამონათქვამი „შიში ოხერია“.

მაგალითად, მიდიხართ ქუჩაში, ხედავთ თავახდილ ჭას ან დაზიანებულ გზას, გინდათ, ფოტო გადაუღოთ, სოციალურ ქსელში ატვირთოთ, მონიშნოთ შესაბამისი მუნიციპალური სამსახური და ასე აცნობოთ პრობლემის შესახებ, მაგრამ ამას არ აკეთებთ, რადგან გეშინიათ, რომ ინტრიგანობას დაგდებენ ბრალად.

გავიხსენოთ ედმუნდ ბრეიკის სიტყვები: „კარგი ადამიანების უმოქმედობა საკმარისია ბოროტების გასამარჯვებლად“.

მაგალითად, ხართ მასწავლებელი და არ მოგწონთ სასწავლო პროგრამა ან სახელფასო პოლიტიკა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობთ. რატომ? გეშინიათ, ვინმემ ცუდად არ გაიგოს თქვენი უკმაყოფილება და არასასურველი იარლიყი არ მოგაწებოთ.

ან მშობელი ხართ და არ მოგწონთ თქვენი შვილის სკოლაში არსებული სიტუაციით, მაგრამ ვერაფერს აკეთებთ, რადგან შესაძლოა, თქვენი შვილი აითვალწუნონ, გარიყონ, საჯაროდ გაკიცხონ.

შიში მუდმივად მუშაობს.

შიშის გამო ვერ ვბედავთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ კოლეგა მასწავლებელს, რომელსაც 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შიშია ისიც, რომ ასეთ წერილებს კითხულობთ, გულის სიღრმეში ეთანხმებით ავტორს, მაგრამ ვერ აზიარებთ…

ვოლტერს უთქვამს: „ვინც შენს აზროვნებას აკონტროლებს, ის აკონტროლებს შენს ქმედებებსო“, – და მართალიც ყოფილა. ის, ვინც შიში ჩაგვინერგა, თამამად აკონტროლებს ჩვენს ქმედებებს.  „ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს, თავად შიშია“, – ამბობს რუზველტი.

საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებული ჩემი დანიელი მეგობრები ბოლო ხანს გამუდმებით მკითხულობენ და ემოციურ მხარდაჭერას მიცხადებენ. ის, რაც აქ ხდება, მათ ვერაფრით წარმოუდგენიათ. რატომ? იქ ადამიანი, პიროვნება უმაღლესი ფასეულობაა. დანია საქართველოზე პატარა ქვეყანაა საქართველოზე ნაკლები პოტენციალით, მაგრამ განათლებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით შეძლო, სამაგალითო სახელმწიფოდ ქცეულიყო. დანიაში ვერასოდეს გაიგონებთ ასეთ ფრაზებს:

– სამსახური რომ დავკარგო, რა მეშველება?

– უმუშევარია და რა ქნას, წამალი როგორ იყიდოს?

– ექიმთან როგორ წავიდეს, საჭმელზეც არ ჰყოფნის ფული.

– 24 საათი მუშაობს და მაინც უჭირს.

– სწავლა უნდა, მაგრამ ოჯახს საშუალება არ აქვს.

– პენსია წამლებზე არ ჰყოფნის, საჭმელი რით იყიდოს?

– მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო…

აი, ამ პრობლემებზე და ბევრ სხვაზეც ფიქრობს სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანი თანაბრად მნიშვნელოვანია და კანონი – მართლა უზენაესი.

დღეს მთელ ქვეყანას, მთელ საზოგადოებას უდგას ეგზისტენციალური საფრთხე – საფრთხე საკუთარი სახის დაკარგვისა, ღირებულებებზე უარის თქმისა, ემპათიის უნარისგან სრულიად გაძარცვისა. ჩვენი უმოქმედობით უფრო და უფრო ვშორდებით შოთას, ილიას, ვაჟას… ვშორდებით იმ გმირებსა და მათ სულისკვეთებას, რომლებიც იბრძოდნენ სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, მეგობრობისთვის, სამშობლოსთვის, სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის…

სტატიას ვაჟა-ფშაველას სიტყვებით დავასრულებ: „თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის. იგი გამოვლინდება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია“.

„ქუდი – მე, ქუდი – მთვარეს“

0

კითხვის გაწაფულობაზე ორიენტირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის თავდაპირველი ვერსია შექმნილია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში

 

გაკვეთილის მიზანი: გაგება-გააზრების სტრატეგიებით ტექსტის წაკითხვა და კითხვის გაწაფულობაში ვარჯიში (მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის წაკითხვას, მის გააზრებას და გაწაფულად წაკითხვას)

წინარე ცოდნა: მოსწავლეები კითხულობენ მათი ასაკისა და ცოდნის შესაბამის სასწავლო ტექსტებს, შეუძლიათ მათი გააზრება და გამომუშავებული აქვთ ასეთი ტექსტების გაწაფულად წაკითხვის უნარები.

სასწავლო პერიოდი: მესამე-მეოთხე კლასი, 2 გაკვეთილი (90 წუთი)

გამოსაყენებელი რესურსი: ტექსტი „ქუდი – მე, ქუდი – მთვარეს“,  ტექსტის ილუსტრაციები, სამუშაო ფურცლები.

გაკვეთილის ქარგა:

  1. ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი
  2. სამოდელო წაკითხვა პაუზებით
  3. სიტყვებზე დაკვირვება
  4. დამოუკიდებელი კითხვა, კითხვებზე პასუხი
  5. გაწაფული წაკითხვის აქტივობა
  6. გაკვეთილის შეჯამება

აქტივობა 1. ტექსტის ილუსტრაციაზე საუბარი

აქტივობის მიზანი: მოსწავლეების დაინტერესება და მოტივაციის აღძვრა, საჭირო ლექსიკის წინასწარ დამუშავება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეთა ინტერესის გამოწვევა და წასაკითხი ტექსტის ზოგიერთი ლექსიკური ერთეულის გაცნობა ბავშვებს ტექსტის აღქმაში დაეხმარება.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს წასაკითხი ტექსტის „ქუდი – მე, ქუდი – მთვარეს“ ერთ-ერთ საკვანძო ილუსტრაციას და ეკითხება, რას ხედავენ მასზე.

ბავშვები ასახელებენ ყველა საგანს: ხე, ქუდი, ბიჭი, გოგო, ფოთლები…

შემდეგი ინტერაქცია შესაძლოა წარიმართოს შემდეგნაირად:

– რას აკეთებენ ბავშვები?

– ხეს უყურებენ?

– რატომ უყურებენ ხეს?

– იმიტომ, რომ ხეზე ქუდია.

– როგორ ფიქრობთ, ვისი ქუდია ხეზე?

– პირველი ბავშვის… მეორე ბავშვის?

– როგორ ხასიათზე არიან ბავშვები? უხარიათ? არ უხარიათ?

– როგორ ფიქრობთ, რა მოხდება ამ ტექსტში? რაზე იქნება ეს ამბავი?

აქტივობა 2. სამოდელო წაკითხვა პაუზებით

აქტივობის მიზანი: ტექსტის გაწაფულად წაკითხვის მოდელირება და მის გააზრებაში დახმარება

აქტივობის საჭიროების დასაბუთება: მასწავლებლის მიერ სამოდელო წაკითხვა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ წაკითხვის საუკეთესო მაგალითს. ამასთან ერთად, მასწავლებელი ეხმარება მათ ტექსტის სათანადოდ გააზრებაში.

მასწავლებელი კითხულობს ტექსტს პაუზებით, ხმამაღლა, ზომიერი სიჩქარით, სწორად, ინტონაციით, პაუზების დროს განმარტავს და აზუსტებს ზოგიერთ სიტყვას, სვამს კითხვებს ტექსტის უკეთ გაგების მიზნით და ეხმარება მოსწავლეებს პასუხების გაცემაში.

ტექსტის კითხვის დროს პაუზების შერჩევა დამოკიდებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე.

აქტივობა 3. სიტყვებზე დაკვირვება

აქტივობის მიზანი: სიტყვების მნიშვნელობაზე დაკვირვება და მათი დამახსოვრება

ვრცლად

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...