შაბათი, მაისი 30, 2026
30 მაისი, შაბათი, 2026

პირველი დღე სკოლაში

0

სკოლის პირველი დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელია. უდიდესია პირველი მასწავლებლის როლი, რომელმაც უნდა შექმნას პოზიტიური და კეთილგანწყობილი სოციალური გარემო, რათა ეს დღე იყოს ხალისიანი, საინტერესო, სტრესისგან თავისუფალი და დაუვიწყარი.

გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც საგანგებოდ 6-7 წლის პირველკლასელებისთვის არის შექმნილი.

გაცნობითი თამაში: „სახელის ბურთი“

ბავშვები დგებიან წრეში. ის, ვისაც ბურთი უჭირავს, ამბობს თავის სახელს და ერთ სიტყვას, რომელიც მას ახასიათებს (მაგ., „მე ვარ ანა, მიყვარს ძაღლები“), მერე კი ბურთს გადაუგდებს გვერდით მდგომს. ეს თამაში მოსწავლეებს ეხმარება ერთმანეთის სახელების დამახსოვრებასა და თავდაჯერების განვითარებაში.

 „ჩემი საყვარელი ნახატი

ბავშვებს სთხოვეთ, დახატონ თავიანთი საყვარელი ცხოველი ან სათამაშო, აჩვენონ თანატოლებს და მოკლე აღწერილობაც დაურთონ, რა დახატეს და რატომ უყვართ.

ეს აქტივობა ეხმარება მასწავლებელს ბავშვების ინტერესების გაცნობაში, ბავშვებს კი შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

პოსტერი „ხელის ანაბეჭდის ხე“

მასწავლებლის დახმარებით თითოეული ბავშვი ტოვებს თავისი ხელის ანაბეჭდს ფერადი ქაღალდის დიდ ფურცელზე, რომელზეც ხეა გამოსახული. ანაბეჭდებზე მასწავლებელი ბავშვების სახელებს წერს.  აქტივობა ქმნის განცდას, რომ თითოეული ბავშვი კლასის ნაწილია. იმავდროულად, პოსტერი ამშვენებს საკლასო სივრცეს.

მუსიკალური თამაში „გაყინე“

ჩართეთ მხიარული მუსიკა, ბავშვები ცეკვავენ, ხოლო მუსიკის გაჩერებისას „იყინებიან“.

ეს აქტივობა ეხმარება მათ ჭარბი ენერგიის დახარჯვაში და საკლასო ოთახის ატმოსფეროს ახალისებს.

„ჩემი სკოლის ჩანთა“

ბავშვებს სთხოვეთ, მოკლედ აღუწერონ თანაკლასელებს, რა ნივთები მოიტანეს სკოლაში (ფანქარი, რვეული, სათამაშო) და რა დანიშნულება აქვს ამ ნივთებს. შეიძლება, იმაზეც ისაუბრონ, რომელი მათგანი მოსწონთ ყველაზე მეტად და რატომ.

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

 მოთხრობის წაკითხვა

წაიკითხეთ პატარა მოთხრობა/ზღაპარი ფერადი წიგნიდან სკოლის ან მეგობრობის შესახებ, მერე კი სთხოვეთ ბავშვებს, დახატონ ან მოყვნენ, რა მოეწონათ ყველაზე მეტად.

ეს აქტივობები ქმნის თბილ, მისაღებ გარემოს, ეხმარება ბავშვებს ერთმანეთთან დაკავშირებაში და სკოლისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას უღვივებს.

რჩევები ახალბედა მასწავლებლებს:

  • აქტივობები წარმართეთ მოკლე და მარტივი ინსტრუქციებით, რადგან პირველკლასელებს ყურადღების ხანმოკლე კონცენტრაცია აქვთ.
  • გამოიყენეთ ფერადი ვიზუალური მასალები (სურათები, სტიკერები).
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მორცხვ და შეშფოთებულ ბავშვებს, წაახალისეთ ისინი.

სელფი – Google Arts & Culture

0

გაინტერესებთ, რომელი პორტრეტი გგავთ ყველაზე მეტად?

აპლიკაცია Google Art Selfie-ს შეუძლია, თქვენი ფოტო მსოფლიოს მუზეუმებში დაცულ ხელოვნების ათასობით ნიმუშს შეუსაბამოს. მსგავსება ზოგჯერ აშკარაა, ზოგჯერ – ნაკლებად, მაგრამ შედეგი ყოველთვის სახალისო და საინტერესოა.

ამისთვის რამდენიმე მარტივი ოპერაციის შესრულებაა საჭირო:

  1. ჩამოტვირთეთ უფასო Google Arts & Culture აპლიკაცია Google Play-დან ან App Store-იდან

https://play.google.com/store/apps/details?id=com.google.android.apps.cultural&hl=en

https://apps.apple.com/us/app/google-arts-culture/id1050970557

  1. Art Selfie-ს საპოვნელად გადაახვიეთ მთავარ ეკრანზე ქვემოთ, შემდეგ შეეხეთ „დაწყებას“.
  2. სელფის ძებნის ფანჯარაში კვლავ შეეხეთ ღილაკს „დაწყება“.
  3. მოთხოვნის შემთხვევაში Google Arts & Culture-ს მიეცით სურათის გადაღებისა და ვიდეოს ჩაწერის ნებართვა.
  4. კამერა თქვენს სახესთან გაასწორეთ და შეეხეთ გადაღების ღილაკს.
  5. გადაახვიეთ შედეგები, რათა იპოვოთ პროფესიონალური ნამუშევარი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს პორტრეტს.
  6. თუ რომელიმე შედეგით არ ხართ კმაყოფილი, შეეხეთ „გადაღებას“.

 

Google Arts & Culture-ის ეს ფუნქცია, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, მსოფლიოს ადამიანებს დაეხმარა, ხელოვნების ისტორიაში ეპოვათ თავიანთი „ორეულები“.

აპლიკაცია Art Selfie 2 გთავაზობთ, გადაიღოთ სელფი მარტომ ან მეგობრებთან ერთად და აირჩიოთ სასურველი სტილი ოცდახუთზე მეტი ვარიანტიდან, მერე კი ნახოთ, როგორ ქმნის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი სტილიზებულ გამოსახულებას თქვენი სახის გარშემო, ნერგავს თქვენს სელფის არჩეულ სცენარში, გარდაქმნის თქვენს ავტოპორტრეტს ცნობილ ნახატად ან ისტორიულ მოვლენად.

 

 

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ქმნის თქვენს უნიკალურ, პერსონალიზებულ იმიჯს ახალ კონტექსტში.

ამასთანავე, სურათის გენერირებისას აპლიკაცია გთავაზობთ ფაქტობრივ ინფორმაციას არჩეული სტილის ან ისტორიული კონტექსტის შესახებ, რაც მას საგანმანათლებლო გამოცდილებად აქცევს.

შეგიძლიათ, შეაბიჯოთ კადრში ხელოვნებით შთაგონებული სტილით, ესტუმროთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეს მოგზაურობის სტილის გამოყენებით, იმოგზაუროთ დროში ისტორიული სტილის დახმარებით, გახდეთ მკვლევარი, ახვიდეთ ევერესტზე, იქცეთ მონეს ნახატის მუზად ან რომაელ გლადიატორად.

Art Selfie 2 უბრალოდ გასაზიარებელ სელფებს არ ქმნის – ის, იმავდროულად, კულტურული განათლების კარიბჭეა. თითოეული სტილი თქვენი სურათის გენერირებისას აქტუალურ ფაქტებსაც გაწვდით – სელფის გარდაქმნის პარალელურად აღმოაჩენთ თქვენს ვირტუალურ იმიჯთან დაკავშირებულ ისტორიებს, არტეფაქტებს და სხვ.

შედეგების ეკრანზე დააწკაპუნეთ „დამატებითი ინფორმაციისთვის“, რათა გაეცნოთ მხატვრულ მიმდინარეობებს, ისტორიულ პერიოდებს და შორეულ ადგილებს, რომლებმაც თქვენი ახალი იმიჯი შექმნა.

ხელოვნების მოყვარული ხართ, ისტორიკოსი თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე, Art Selfie 2-ში თქვენთვის აუცილებლად მოიძებნება რაღაც უნიკალური და საინტერესო.

შეგიძლიათ, დღესვე დაიწყოთ თქვენი შემოქმედებითი იდეების განხორციელება, შესაძლებლობები უსაზღვროა.

 

გამოყენებული რესურსი:

https://artsandculture.google.com/camera/selfie

 

 

 

ფაზლის ერთი დეტალისთვის

0

ხევსურეთი, ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ტრადიციული ღირებულებებით მცხოვრები რეგიონი, საბჭოთა ხელისუფლების თვალში თანდათან გადაიქცა „იდეოლოგიურად საშიშ“ ზონად. მისი მოსახლეობა საბჭოთა წესრიგისადმი ლოიალურობით არ გამოირჩეოდა, პირიქით, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული, ამიტომ ხევსურეთი მიიჩნეოდა არასანდო რეგიონად, რომელსაც განსაკუთრებული მეთოდებით „გადამუშავება“ სჭირდებოდა. ამისთვის საბჭოთა რეჟიმი იყენებდა იდეოლოგიური, პოლიტიკურ-სტრატეგიული და რეპრესიული აპარატების სინთეზს.

ხევსურთა „მოთვინიერების“ პროცესში პროპაგანდას გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა. ამისთვის ერთი მაგალითიც საკმარისი იქნება.

1932 წელს ბოლშევიკი ეთნოლოგი და ლიტერატორი ალექსი ყამარაული (მოგვიანებით – 1930-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი) გამოსცემს წიგნს „ხევსურეთი“, რომელიც საქართველოს ამ რეგიონში მოწყობილი ექსპედიციის შედეგებს მიმოიხილავს და ხევსურეთის ყოფასა და ადათებზეც უამბობს მკითხველს. როგორც ჩანს, ალექსი ყამარაულს ვითარების წინასწარი მოკვლევა, შესწავლა დაევალა. სხვათა შორის, ამ კუთხით მუშაობა წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. გარკვეულწილად ხევსურეთის შესწავლის ამბავს მოგვითხობს მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „თეთრი საყელოც“, რომელიც პირველად სწორედ ოცდაათიან წლებში გამოქვეყნდა.

ასეთი მოკვლევებისთვის ჩანერგვა გადასასახლებელ თუ მოსათვინიერებელ  კოლექტივებში ნაცადი პრაქტიკა იყო. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში მაჰმადიან ქართველთა სოფლებში მთელი წელი იყვნენ ჩასახლებული სხვადასხვა დარგის „სპეციალისტები“, რომლებმაც აღრიცხეს არასანდო პირები და შეადგინეს გადასასახლებელთა სიები. ასეთი „მომკვლევი“ არაერთი ჰყავდა ხევსურეთს, ივანე ლიქოკელის თქმით, ბარისახოში „დასასვენებელი სახლიც“ აშენდა ამ სპეციალური მისიით მივლენილი ადამიანებისთვის.

ალექსი ყამარაულის წიგნში მრავლად არის პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ხევსურეთის უკეთეს მომავალს ბოლშევიზმსა და კოლექტივიზაციაში ხედავს. თვალსაჩინოა რამდენიმე ლექსი, რომლებიც კრებულს ერთვის. მაგალითად, ასეთი (ავტორი – ალექსანდრე გომიაშვილი):

 

„ილევა, ჰქრება უკანასკნელ ბინდი ღამისა,

არის მთების სხვლა, სად ქალაქის ცეცხლი დაინთა,

სად გუგუნია ხევისა და ნიაღვარისა

ციხეებიდან, კოშკებიდან, ჩარდახებიდან

სხვა ჟრიამული განახლებულ მთა-გორებს მისდევს

და მთები იგი – ხევის ნაღმის ხმებიდან

მთები მიიწევს ინდუსტრიის ქალაქებისკენ“.

 

ამ კრებულში ბევრია ასეთი ტექსტი, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო და საინტერესო თავად წიგნის ავტორის, ალექსანდრე ყამარაულის ლექსია, რომელიც ყველაზე ცნობილი და მთავარი ქართული პატრიოტული ლექსის, ქართული თვითშეგნებისა და თვითიდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი სიმბოლოს, რაფიელ ერისთავის „სამშობლო ხევსურისას“ გადაკეთებულ ვერსიას წარმოადგენს:

 

სამშობლო ხევსურისა

მიბაძვა

 

სადაც აღმზარდეს, მასწავლეს, გადამავიწყეს ისარი

დავტოვე მღვდელი, ხატები, სამრეკლოს კარის ფიცარი,

ფარ-ხმალი წიგნით შევცვალე, ჩემი სამშობლო ის არი.

არ გავცვლი საწერ-კალამსა ხანჯალზე, შვილდისარზედა,

არ გავცვლი განათლებასა ჩაჩქან-აბჯარზე, ფარზედა.

მე რაად მინდა შავი კლდე, თოვლიან-ყინულიანი,

ორბი რომ ბუდობს, ჩანჩქერით გადმოჰქუხს ბროლი წყლიანი.

თუ გვეგონება ბუნება დევიან-ეშმაკიანი

და არ იქნების დიაციც თანასწორუფლებიანი.

არ გავცვლი საწერ-კალამსა ხანჯალზე, შვილდისარზედა,

არ გავცვლი განათლებასა ჩაჩქან-აბჯარზე, ფარზედა.

ყველა ჩაგრული სიბნელით დღეს სწავლისაკენ იხარის,

გაცვდა დროება ქაჯების, ხატის მსახურის, მკითხავის,

ძველისა მოგონებაზე  ახალი მეტად მიხარის.

არ გავცვლი საწერ-კალამსა ხანჯალზე, შვილდისარზედა,

არ გავცვლი განათლებასა ჩაჩქან-აბჯარზე, ფარზედა.

ძველად თავს ადგა ხევსურსა მჭამელი უთვალავია

მღვდელ-დეკანოზნი მაცდურნი, პრისტავი-მოურავია,

ჩაკვროდენ სალსა კლდეებსა, საქმე ეჭირათ ავია.

განდევნა რევოლუციამ, დღე დააყენა შავია.

არ გავცვლი საწერ-კალამსა ხანჯალზე,, შვილდისარზედა,

არ გავცვლი განათლებასა ჩაჩქან აბჯარზე, ფარზედა.

საბჭოთა ხელისუფლება არ გაიცვლების სხვაზედა,

თავისუფლება მონობას მირჩევნის ორსავ თვალზედა,

პროლეტარების სამშობლო ერთია ქვეყანაზედა.

 

გადამღერებული „სამშობლო ხევსურისა“ კლასიკური ტექსტის ტიპური იდეოლოგიური მიტაცებაა: დედანში ხევსური გმირობისა და თავისუფლების სიმბოლოა, ხოლო საბჭოთა ვერსიაში ორივე ეს იდეა „სიბნელედ“ და ჩამორჩენილობად არის წარმოჩენილი. ხანჯლისა და ხატის უარყოფა, განათლებისა და საბჭოთა ხელისუფლების განდიდებით შეცვლილი, ლექსს პოეტურ ღირებულებას ართმევს და აგიტაციურ ლოზუნგად აქცევს. აქ ეროვნული სულიერი მემკვიდრეობა წარმოჩნდება არა როგორც კულტურული თვითმყოფადობის გამოხატულება, არამედ როგორც პარტიული იდეოლოგიის  იარაღი, რაც ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება, ლიტერატურა პოლიტიკური ძალაუფლების ინტერესს მოერგოს.

„გადასაკეთებლად“, იდეოლოგიური მიტაცებისთვის, პროპაგანდა ნებისმიერ ტექსტს არ ირჩევს. მისთვის მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი, ცენტრალური წერტილები. ის  შეგნებულად იღებს ეროვნული კულტურის საკვანძო ტექსტებს, აშორებს მათ ნამდვილ მნიშვნელობას და თავს ახვევს „ახალ“ შინაარსს, რათა ხალხისთვის ნაცნობი სიმბოლოები ხელისუფლების იდეოლოგიას მოარგოს.

დასასრულ, ერთი პაწია დეტალი ავტორის პიროვნებასთან დაკავშირებით:

ყამარაული ალექსი იაკობის ძე (1885)

დაბადების თარიღი: 1885 წ.

სახელის ვერსიები: ყამარაული ალექსანდრე იაკობის ძე

დაბადების ადგილი: საქართველო, ყაზბეგის რაიონი, სოფ. კარკუჩა

ეროვნება: ქართველი

განათლება: უმაღლესი

სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სამტრესტის კიევის განყოფილების მმართველი

პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1918 წლიდან; გაირიცხა 1937 წ. დაპატიმრების გამო.

ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის აქტიური წევრი, სადაც გადაიბირა კუხალეიშვილმა კ/რ მავნებლური სამუშაოს ჩასატარებლად საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სამტრესტის კიევის განყოფილებაში. სხვებთან.

გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: შაპირო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

მუხლი: 58-10

(წყარო: სტალინური სიები საქართველოდან)

ავტონომიური რეგიონები – კომპრომისის პოლიტიკა

0

ავტონომიური მმართველობის მოდელები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განსხვავებული ფორმით ვითარდება. ზოგიერთმა სახელმწიფომ ავტონომიის იდეა სრულად მიიღო და შესაბამისი სტატუსი ყველა შიდა რეგიონს მიანიჭა, ხოლო სხვებმა ავტონომია განსაზღვრეს მხოლოდ კონკრეტულ, ეთნიკურად ან გეოგრაფიულად გამორჩეული ტერიტორიებისთვის. ავტონომია ხშირად დაკავშირებულია თვითგამორკვევის სურვილთან, ისტორიულ მემკვიდრეობასთან, ან ცენტრალური მმართველობისგან დამოუკიდებლობისკენ მიმართულ სწრაფვასთან.

ეს ფაქტორები ხშირად ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გლობალურ გეოპოლიტიკურ პროცესებში, კოლონიალიზმის მემკვიდრეობა კვლავაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფოების შიდა სტრუქტურასა და რეგიონული ავტონომიის პოლიტიკაზე. კოლონიალიზმის მემკვიდრეობა არა მხოლოდ ისტორიული ფონის ელემენტია, არამედ აქტიური ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე პოლიტიკურ სისტემებს, ეთნიკურ ურთიერთობებს და ტერიტორიული სტატუსების სამართლებრივ აღქმას.

ყოფილი იმპერიებიდან წარმოშობილი დიდი თანამედროვე ქვეყნები, როგორებიცაა – ჩინეთი და რუსეთი, ავტონომიის მოდელს მრავალეთნიკური მოსახლეობის მართვისთვის იყენებენ. თუმცა, თვითგამორკვევის შესაძლებლობები რეგიონებს შორის განსხვავდება, რაც ხშირად დაძაბულობას იწვევს. მოსახლეობა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ისეთ მმართველობას, რომელიც მათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სამართალი აღიარებს თვითგამორკვევის უფლებას. ავტონომია, როგორც კომპრომისული გადაწყვეტა, ყოველთვის ვერ ამართლებს ადგილობრივი თემების მოლოდინებს.

პოსტკოლონიური ეპოქის შემდეგ, ბევრმა ყოფილმა კოლონიამ განსხვავებული განვითარების გზა გაიარა: ზოგმა დამოუკიდებლობას მიაღწია, სხვამ ავტონომია აირჩია, ხოლო მესამემ – სრული ინტეგრაცია კოლონიზატორ სახელმწიფოში. ეს მრავალფეროვანი მიმართულებები იმ გამოწვევებს ასახავს, რომლებიც კოლონიური მემკვიდრეობის დაძლევასთან და თანამედროვე მმართველობის მოდელების ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული.

ეს პროცესები ნათლად აჩვენებს, როგორ ცდილობენ სახელმწიფოები, გაუმკლავდნენ კოლონიური მემკვიდრეობის გავლენას და ჩამოაყალიბონ მმართველობის ისეთი მოდელები, რომლებიც ეთნიკურ, კულტურულ და გეოგრაფიულ თავისებურებებს ითვალისწინებს. გაეროს მიერ ტერიტორიის დეკოლონიზაციად აღიარებისა და არათვითმმართველი ტერიტორიების სიიდან ამოღებისათვის საკმარისია სამი ძირითადი კრიტერიუმიდან ერთის შესრულება. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ მიდგომას წლების განმავლობაში თან ახლდა უთანხმოება. მაგალითად, საფრანგეთის ზღვისიქითა ორი ტერიტორია – ახალი კალედონია და ფრანგული პოლინეზია – კვლავ შეიტანეს გაეროს არათვითმმართველი ტერიტორიების სიაში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დეკოლონიზაციის პროცესში სტატუსის გადახედვა და საერთაშორისო აღიარება კვლავ აქტუალურია.

დასავლეთ პაპუა (პროვინცია ინდონეზიაში) და აღდგომის კუნძულები (ჩილეში) კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმას, რატომ არ მოხვდნენ ისინი გაეროს არათვითმმართველი ტერიტორიების სიაში. ისინი ფიქრობენ, რომ ამ სიის კრიტერიუმები არასწორად იყო გამოყენებული. მათი პოზიცია ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ ისტორიული, ეთნიკური და პოლიტიკური თავისებურებების გათვალისწინებით, აღნიშნული ტერიტორიები შესაძლოა თავიდანვე უნდა ყოფილიყვნენ შეტანილი გაეროს დეკოლონიზაციის პროცესის ფარგლებში. ჰავაის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ 1959 წელს მან მიიღო შტატის სტატუსი და ოფიციალურად აღარ ითვლებოდა არათვითმმართველ ტერიტორიად, ადგილობრივი თვითგამორკვევის საკითხები კვლავ წარმოადგენს აქტიურ თემას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სრული ავტონომიაც კი ხშირად ვერ აკმაყოფილებს რეგიონების მოლოდინს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა წლების განმავლობაში ავტონომია აირჩია დამოუკიდებლობის ან სრული ინტეგრაციის ნაცვლად, ეს სტატუსი ყოველთვის არ პასუხობს მათ საჭიროებებს. როგორც კოლონიური, ისე სხვა ტიპის სახელმწიფოებრივი ურთიერთობების ფარგლებში, ავტონომია ხშირად წარმოადგენს კომპრომისს, რომელსაც ცენტრალური მთავრობები სთავაზობენ. თუმცა, ეს მიდგომა ყოველთვის ვერ აჩერებს გამოყოფისკენ მიმართულ სწრაფვას.

ამ პროცესების მაგალითები გვხვდება სხვადასხვა რეგიონში, სადაც ავტონომიის მინიჭება ან მისი გაფართოება ვერ აღმოჩნდა საკმარისი კონფლიქტების დარეგულირებისთვის. მაგალითად, კამერუნში, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიანიჭა გარკვეული ავტონომიური უფლებები ინგლისურენოვან რეგიონებს, თუმცა ამ ნაბიჯმა ვერ შეაჩერა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. პაპუა-ახალი გვინეაში, ავტონომიური კუნძული ბუგენვილი კვლავ აქტიურად ისწრაფვის სრული სუვერენიტეტისკენ.

ავტონომიური რეგიონების სტატუსისა და მომავლის შესახებ კითხვები მრავალი წლის განმავლობაში ღია რჩება – მაგალითად, ერაყის ქურთისტანში და ტანზანიის ზანზიბარში.

ავტონომიის გარშემო არსებული ჩიხური მდგომარეობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა დე ფაქტო სახელმწიფოებში, როგორებიცაა – სომალის სომალილენდი, მოლდოვის დნესტრისპირეთი და საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

გამოყოფის საკითხზე საუბრისას აღსანიშნავია შოტლანდია, რომელიც, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მსგავსად, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის როგორც ოფიციალურად აღიარებული ქვეყანა, რომელსაც გადაცემული აქვს გარკვეული მმართველობითი უფლებამოსილებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონები არ განეკუთვნებიან ტიპურ კოლონიურ შემთხვევებს, შოტლანდიაში მრავალი მოქალაქე კვლავ დამოუკიდებლობას ესწრაფვის.

ჩრდილოეთ ირლანდიის ავტონომია რეგულირდება „კარგი პარასკევის შეთანხმებით“, 1998 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმებით, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი და საფუძველი ჩაუყარა მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესის განვითარებას. ამ შეთანხმებამ ჩრდილოეთ ირლანდიას მიანიჭა განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიულ, ეთნიკურ და პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. გაერთიანებული სამეფო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მოიცავს ავტონომიის სამივე ტიპს. ამასთან, ქვეყანას აქვს მრავალი დამოკიდებული ტერიტორია, რომელთა უმეტესობა კვლავაც არ ითვლება არათვითმმართველად – მათ მიერ მიღწეული ავტონომიის დონე შეზღუდულია.

ანალოგიური მდგომარეობა არსებობს შეერთებული შტატების ტერიტორიებზე, როგორებიცაა – გუამი, ამერიკული სამოა და აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები, რომლებიც კვლავ ითვლებიან არათვითმმართველ ტერიტორიებად. პუერტო რიკოს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ გაერომ მოუხსნა არათვითმმართველი სტატუსი, დამოუკიდებლობისა და სრული ინტეგრაციის საკითხები კვლავ ღიად რჩება.

ავტონომია ხშირად მიიჩნევა კომპრომისად ცენტრალურ და რეგიონულ ძალებს შორის. თუმცა, მისი ფორმა, მოცულობა და ეფექტურობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ისტორიული გამოცდილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინების მიხედვით. ავტონომიური სტატუსის მინიჭება არ წარმოადგენს პრობლემების საბოლოო გადაწყვეტას – პირიქით, ის ხშირად ხდება ახალი პოლიტიკური დაძაბულობის წყარო, რომელიც მოიცავს თვითგამორკვევის, ეროვნული იდენტობისა და საერთაშორისო სამართლის რთულ საკითხებს. ავტონომია რჩება დინამიურ პროცესად, რომელიც მუდმივად ექვემდებარება გადაწყვეტილებების მიღებასა და მისი განვითარების გზის ძებნას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.statista.com/chart/34171/countries-that-have-autonomous-regions/ ; https://www.statista.com/topics/3512/global-megatrends/ ; https://www.theguardian.com/world/2025/jan/10/no-one-will-stop-our-people-bougainville-president-defiant-in-push-for-independence

კლიმატის ცვლილება და უძველესი ცივილიზაციები

0

კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად აისახება ჩვენს რეალობაზე და სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე. თუმცა, სკეპტიციზმი, რომელიც ხშირად პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესებზეა დაფუძნებული, აფერხებს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას. კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად აუცილებელია ერთობლივი, სწრაფი და მდგრადი ქმედებები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კლიმატის ცვლილება საუკუნეების განმავლობაში გავლენას ახდენდა საზოგადოებებზე. დაახლოებით 4200 წლის წინ ჩრდილოეთ მესოპოტამიაში აქადის იმპერიის დაშლა, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება, თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. ეს მაგალითი გვახსენებს, რომ კლიმატი წარსულშიც განსაზღვრავდა ცივილიზაციების ბედს.

გოლ-ე-ზარდის მღვიმე მდებარეობს ირანის ჩრდილოეთით, 5000 მეტრზე მაღალი მთა დემავენდის ძირში. მღვიმეში არსებული სტალაგმიტები და სტალაქტიტები, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში ნელა ფორმირდებიან, ინახავენ წარსული კლიმატური ცვლილებების კვალს.

მღვიმეში არსებული სტალაგმიტების ქიმიური ანალიზი მეცნიერებს ეხმარება, აღადგინონ ძველი კლიმატური მოვლენები და დააკავშირონ ისინი გლობალურ პროცესებთან. ერთ-ერთი აღმოჩენა მიუთითებს, რომ დაახლოებით 4200 წლის წინ კლიმატის ცვლილება შესაძლოა, დაკავშირებული იყოს აქადის იმპერიის დაშლასთან. გოლ-ე-ზარდის მღვიმე გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ მოქმედებდა კლიმატი უძველეს ცივილიზაციებზე.

აქადის იმპერია დაარსდა მესოპოტამიაში დაახლოებით 4300 წლის წინ, როდესაც სარგონ აქადელმა გააერთიანა დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოების კონფედერაცია. აქადის მმართველობის პერიოდი ზოგჯერ ისტორიაში პირველ იმპერიად ითვლება, რადგან მან განავითარა ცენტრალური მთავრობა, რათა ემართა უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ერაყს, სირიას, ირანის ნაწილებსა და ცენტრალურ თურქეთს. დაახლოებით 4600 წლის წინ დაარსებული იმპერია ორი საუკუნის შემდეგ მოულოდნელად დაიშალა, რადგან დასახლებები უეცრად მიატოვეს.

ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმული აქადური იმპერიის ტერიტორია მოიცავდა მრავალფეროვან კლიმატურ ზონას, ჩრდილოეთი ნაყოფიერი მიწებით წარმოადგენდა მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო რეგიონს, რომელსაც ხშირად „აზიის პურის ბეღელს“ უწოდებდნენ. ეს რეგიონი დამოკიდებული იყო ნალექებზე.

სამხრეთი კი ალუვიური ვაკეებით ხასიათდებოდა, სადაც მიწათმოქმედება სარწყავი სისტემების მეშვეობით ხორციელდებოდა. ამ გეოგრაფიულმა მრავალფეროვნებამ განსაზღვრა იმპერიის ეკონომიკური სტრუქტურა და კლიმატური მდგრადობა, რაც მას საშუალებას აძლევდა, სხვადასხვა გარემო პირობებში შეენარჩუნებინა ფუნქციონირება და განვითარება.

აქადის იმპერია ნარამ-სინის (ძვ.წ. 2254-2218) მეფობის დროს

იმპერია სულ უფრო მეტად იყო დამოკიდებული ჩრდილოეთის მიწების პროდუქტიულობაზე და ამ რეგიონიდან მოპოვებულ მარცვლეულს იყენებდა არმიის გამოსაკვებად და საკვების მარაგის ძირითადი მხარდამჭერებისთვის გადასანაწილებლად. მისი ჩამოყალიბებიდან დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, აქადის იმპერია მოულოდნელად დაიშალა, რასაც მასობრივი მიგრაცია და კონფლიქტები მოჰყვა. ამ პერიოდის სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ნათლად აისახება უძველეს ტექსტში – „აქადის წყევლა“, რომელიც აღწერს წყლისა და საკვების დეფიციტით გამოწვეულ არეულობას.

აქადური იმპერიის კოლაფსის მიზეზი დღემდე აქტიური განხილვის საგანია ისტორიკოსებს, არქეოლოგებსა და კლიმატოლოგებს შორის. ერთ-ერთი გავრცელებული ჰიპოთეზა, რომელსაც იელის უნივერსიტეტის არქეოლოგი ჰარვი ვაისი უჭერს მხარს, ამტკიცებს, რომ იმპერიის დაშლა გამოწვეული იყო მოულოდნელი და ხანგრძლივი გვალვით. ამ კლიმატურმა ცვლილებამ მნიშვნელოვნად დააზარალა ჩრდილოეთის ნაყოფიერი რეგიონები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმპერიის სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური სტაბილურობისთვის.

ვაისმა და მისმა კოლეგებმა ჩრდილოეთ სირიაში აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ეს განვითარებული რეგიონი დაახლოებით 4200 წლის წინ მოულოდნელად მიატოვეს. ეს დასკვნა ეყრდნობა არქეოლოგიური მასალის – თიხის ჭურჭლისა და სხვა ნარჩენების ნაკლებობას. ნაყოფიერი მიწები, რომლებიც ადრე სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენებოდა, ქარის მიერ გადმოტანილი მტვრისა და ქვიშის მასებმა შეცვალა, რაც გვალვის დაწყებაზე მიუთითებს.

დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვეს ომანის ყურისა და წითელი ზღვის ნიმუშების ანალიზით, რომელმაც აჩვენა, რომ მტვრის კონცენტრაციის ზრდა ზღვაში უკავშირდებოდა მესოპოტამიიდან წამოსულ მტვერს. ეს მიუთითებს იმ პერიოდის რეგიონულ გვალვაზე. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ რეგიონში კლიმატური ცვლილებები მოხდა, რაც სავარაუდოდ, აქადური იმპერიის დაშლასთანაა დაკავშირებული.

გოლ-ე-ზარდის მღვიმის სტალაგმიტების მონაცემები ასახავს მტვრის აქტივობას 5200-3700 წლის წინ. კვლევის მიხედვით, მღვიმეში მოხვედრილი მტვრის დაახლოებით 90% სირიისა და ერაყის უდაბნოებიდან მოდის, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ იმ პერიოდის კლიმატური პირობები აქადის იმპერიის პერიოდში.

ირანის უმაღლესი მწვერვალი. მთა დემავენდი

უდაბნოს მტვერში მაგნიუმის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე იმ კირქვაში, რომლისგანაც გოლ-ე-ზარდის მღვიმის სტალაგმიტები წარმოიქმნება. ამიტომ, როცა სტალაგმიტებში მაგნიუმის დონე იზრდება, ეს მიუთითებს მტვრიან და მშრალ კლიმატურ პერიოდებზე.

სტალაგმიტების კვლევამ გვაჩვენა, რომ მესოპოტამიის რეგიონში ორი მნიშვნელოვანი გვალვის პერიოდი იყო. პირველი შედარებით ხანმოკლე იყო, ხოლო მეორე – ბევრად უფრო ხანგრძლივი და სწორედ ამ დროს მოხდა აქადის იმპერიის დაშლა. ეს დამთხვევა იმის მძლავრი არგუმენტია, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იმპერიის კოლაფსში.

გვალვამ გამოიწვია საკვებისა და წყლის დეფიციტი, რაც თავის მხრივ მასობრივი მიგრაციის მიზეზი გახდა ჩრდილოეთიდან სამხრეთით. დაახლოებით ძვ. წ. 2200 წელს მიგრაციის შესაკავებლად, ტიგროსსა და ევფრატს შორის ააგეს 180-კილომეტრიანი თავდაცვითი კედელი, „ამორეველთა მომგერიებელი“, რომელიც მიზნად ისახავდა მესოპოტამიაში ამორეველთა შეჭრის აღკვეთას.

აქადის იმპერიის დაშლა 4200 წლის წინ აჩვენებს კლიმატური ცვლილებების გავლენას საზოგადოებაზე. „კლიმატის ცვლილებაში” იგულისხმება არა თანამედროვე გლობალური დათბობა, არამედ უძველესი კლიმატური ცვლილებები, როგორიცაა გვალვები და გაუდაბნოება, რომლებმაც გავლენა იქონიეს ძველ ცივილიზაციებზე.

გოლ-ე-ზარდის სტალაგმიტებისა და საზღვაო ნიმუშების მონაცემები ადასტურებს, რომ გვალვამ, რომელიც 4260 წლის წინ დაიწყო, ხელი შეუწყო იმპერიის კოლაფსს. მასობრივი მიგრაცია და „ამორეველთა მომგერიებელი“ კედელი ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებზე, რაც თანამედროვე საზოგადოებებისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილს წარმოადგენს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.global.hokudai.ac.jp/blog/strong-winter-dust-storms-may-have-caused-the-collapse-of-the-akkadian-empire/

https://theconversation.com/how-climate-change-caused-the-worlds-first-ever-empire-to-collapse-109060

https://www.pnas.org/doi/10.1073/pnas.1808103115 https://www.forbes.com/sites/davidbressan/2019/10/30/climate-change-caused-the-worlds-first-empire-to-collapse/

 

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქრონიკები – მასწავლებლისა და მშობლის თვალით

0

ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება წელს განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენი, რადგან ჩემი შვილი აბარებდა. დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი. მან სამხატვრო აკადემია აირჩია მომავალ უნივერსიტეტად. იქ მოსახვედრად კი წარმოუდგენლად ბევრი უნდა ეხატა და ემუშავა. საათობით ხატავდა, ქმნიდა, მუშაობდა. ამ პირობებში რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ქართულისთვის დრო საერთოდ აღარ დარჩა. ქართულში მისი მომზადება კი მე ავიღე საკუთარ თავზე, რაც ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც შენს მოსწავლეს უბრალოდ არ სცალია.

ერთი კარგი გადაწყვეტილება ის იყო, რომ წინა ზაფხული „ვეფხისტყაოსნის“ კითხვას მივუძღვენით. ვკითხულობდით ხმამაღლა, ხან მე და ხან ჩემი შვილი, ერთმანეთს ვუზიარებდით მოსაზრებებს, ვეძებდით უცნობი სიტყვების განმარტებებს, ვსაუბრობდით საინტერესო დეტალებზე. ეს პროცესი საოცრად შედეგიანი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. „ვეფხისტყაოსნის“ ენისა და ლექსიკის მიჩვევის შემდეგ, მას აღარ გასჭირვებია სხვა ძველი ქართული ტექსტების ენის გაგება. კიდევ ერთი ბენეფიტი ის იყო, რომ პოემა ძალიან, ძალიან მოეწონა და შეუყვარდა, იმდენად, რომ პერსონაჟების დახატვაც კი სცადა.

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურობა იმაშიც გამომჟღავნდა, რომ მისი სიუჟეტი, პერსონაჟების ხასიათი, შინაგანი სამყარო თუ ურთიერთობები შესანიშნავი მასალა იყო არგუმენტირებული ესეებისთვის – თითქმის ყველა თემას ესადაგებოდა პრობლემების გადაჭრის რუსთაველისეული მიდგომა. ისიც კი ვუთხარი, თუ არაფერი გაგახსენდა, „ვეფხისტყაოსანი“ ყოველთვის გახსოვდეს, იქიდან აუცილებლად გამოანათებს უამრავი იდეა-მეთქი.

მთელი წელი თითქმის არ გვქონია ქართულის „კლასიკური“ გაკვეთილები, უბრალოდ ვკითხულობდით მნიშვნელოვან პროგრამულ ტექსტებს; ვმსჯელობდით; თუ დრო გამოგვიჩნდებოდა, ვუყურებდით კარგ ფილმებს, რომლებიც, წესით, უნდა გამოსდგომოდა მსჯელობისას. წერილის დასასრულ გაგიზიარებთ ამ ფილმების ჩამონათვალს. ბოლო ორი კვირა ვიმუშავეთ ინტენსიურად, წინა წლების ტესტებს ვაკეთებდით და თემებს ვწერდით. სულ ეს იყო. ქართულში ნორმალური ქულა აიღო, აი ისეთი, არც დაბალი, არც მაღალი – საშუალო. რომელიც მისი მიზნებისთვის მშვენიერი შედეგია.

ჰოდა, რატომ მოვყევი ჩემს ამბავს, იმიტომ, რომ ერთმა აზრმა მოსვენება დამიკარგა – რატომ წვალობენ ამდენს ბავშვები, რატომ ხარჯავენ ამდენ თანხას, როცა ზოგადი ცოდნითა და მცირე ძალისხმევით შედეგის მიღება მაინც შესაძლებელია? მით უმეტეს დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტში ყველანაირი რესურსი ხელმისაწვდომია. რატომ აქვთ ამხელა სტრესი?

მეც, რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი, ფეისბუქ -ჯგუფშიც კი გავწევრიანდი, სადაც აბიტურიენტები საკუთარ გასაჭირს ერთმანეთს უზიარებდნენ. ამ ჯგუფში უამრავი რეპეტიტორი და მასწავლებელი, ან უბრალოდ მშობლებიც იყვნენ.

ჰოდა, ერთხელ გადავაწყდი, რომ ეს ზრდასრული ხალხი, ზრდასრული კიდევ არაფერი, მასწავლებლები და ლექტორები, ბავშვებს ამუნათებდნენ, საყვედურობდნენ დაბალი ნიშნების, „სიზარმაცის“, ინტერესის უქონლობის გამო. ურჩევდნენ, რომ სულ არ იყო საჭირო უმაღლესი დაემთავრებინათ, სჯობდა რაიმე პროფესიებს დაუფლებოდნენ. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და ფართოდ სამსჯელოა, თუმცა ამ შემთხვევაში მაინც კონტექსტია გასათვალისწინებელი – აღელვებულ, განერვიულებულ აბიტურიენტს, რომელიც ქულების მოლოდინშია, რომელსაც არ იცნობ, არ იცი მისი ისტორია, მისი ამბავი – ამუნათებ და რაღაცნაირად აკნინებ კიდეც.

ეს მიდგომა ახალი არ არის და იმ სტერეოტიპული ფიქრებიდან მოდის, რომ მოსწავლე ყოველთვის დამნაშავეა, მასწავლებელი კი – ყოველთვის მართალი. მასწავლებლებს ძალიან უჭირთ საკუთარი შეცდომების აღიარება და ბრალს ისევ ბავშვებში ეძებენ.

ამას კიდევ არა უშავს, მიჩვეული ვართ. ყველაზე გასაოცარი რამ შემდეგ მოხდა, როდესაც ბავშვების გასამხნევებლად ჩემი ამბავი მოვყევი, რომ დაბალი ქულები არ მოქმედებენ წარმატებულ მომავალზე; რომ ჩემი ქართულის საკონტროლოს სამიანების შემდეგ ასე თუ ისე წარმატებული მასწავლებელი ვარ; რომ, მთავარია უნარები და შემოქმედებითობა, და დაბალი ქულებიც შეიძლება შესანიშნავი ტრამპლინი გახდეს. ძალიან ბევრი აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარი მივიღე და, სამწუხაროდ, ამ კომენტარების ავტორები, ძირითადად მასწავლებლები იყვნენ. ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, დანიელ პენაკი, რომელიც „ხელჩაქნეული“ ბავშვი იყო, ოროსანი და უიღბლო, მისი მასწავლებლები ფიქრობდნენ რომ დანიელისგან არაფერი გამოვიდოდა. მანამდე გრძელდებოდა მისი ეს საშინელი, დამაკნინებელი მდგომარეობა, სანამ პენაკის ცხოვრებაში ისეთი მასწავლებელი არ გამოჩნდა, რომელმაც წარუმატებელ მოსწავლეს მოტივაცია და ახლის შექმნის სურვილი გაუღვიძა. ეს ახალი რამ კი წიგნი იყო, წარმოიდგინეთ, იმდენად ენდვნენ „ოროსან“ მოსწავლეს, რომ მას წიგნის დაწერა შესთავაზეს. მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება ხომ ზუსტად ესაა – მისი წარმატების გასაღები თვითრწმენა და აღიარების მოლოდინია. დღეს დანიელ პენაკი ნობელიანტი მწერალია, ის თავად ჰყვება საკუთარ ამბებს. მე მგონია, ყველა მსწავლებელმა უნდა წაიკითხოს „სკოლის სევდა“ და „რომანივით საკითხავი“. ჰოდა, როცა ისევ მოსწავლეებს ვამუნათებთ, ცინიკურ რეპლიკებს ვეუბნებით თუ ვუწერთ, იქნებ დავფიქრებულიყავით, რა გავაკეთეთ ჩვენ, მასწავლებლებმა, იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო? მგონი, კარგი კითხვაა და ყველა მასწავლებელმა საკუთარ თავს ერთხელ მაინც უნდა დაუსვას. „რა გავაკეთეში“ კი საერთოდ არ იგულისხმება მასალის სწავლება, არამედ რაღაც სხვა, უფრო ადამიანური და ჰუმანური.

ძალიან ბევრ წუხილსა და პოსტს გადავაწყდი იმის შესახებ, რომ ბავშვებმა უცხო ენაში, ინგლისურში გაცილებით მაღალი ქულები აიღეს, ვიდრე ქართულში, მშობლიურში. სამწუხაროდ თუ არა სამწუხაროდ, ჩემმა შვილმაც, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურში საერთოდ არ მომზადებულა, ქულების მაქსიმუმი აიღო.

რატომ ხდება ასე? სად არის პრობლემა ქართულის სწავლებაში თუ მოსწავლეების ან მასწავლებლების გულგრილ დამოკიდებულებაში? საქმე ისაა, რომ ინგლისურად აუარებელი, ზღვა რესურსია ხელმისაწვდომი. ჯერ კიდევ პატარა ასაკის ბავშვებისთვის საოცრად ლამაზი, მიმზიდველი სიმღერები და ანიმაციებია, რასაც თავისთავად ქართული რესურსი კონკურენციას ვერ უწევს, ეს რესურსიც სულ თითებზე ჩამოსათვლელია. იგივე გრძელდება სასკოლო ასაკშიც, ბავშვები უამრავ ფილმს უფასოდ სწორედ ინგლისურად უყურებენ, უამრავ წიგნს – უფასოდ ინგლისურად კითხულობენ, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ახალი თაობა ინტერენტდამოკიდებული და გაჯეტების მომხმარებელია, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომუნიკაცია თუ მასალის მოძიება ინგლისურად უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია.

მოდი, ისიც ვთქვათ, რომ როდესაც უკვე ბავშვები შეგნებულად უნდა ეზიარონ ქართულ მხატვრულ ლიტერატურას, მოეწონოთ, დაინტერესდნენ – სწავლას იწყებენ ჰაგიოგრაფიით, რაც, რა თქმა უნდა, რთულია და ხშირ შემთხვევაში გულაცრუებასაც იწვევს. სწორედ ამიტომ, როდესაც აბიტურიენტთან მაქვს ურთიერთობა, აუცილებლად ჯავახიშვილით ვიწყებ ქართული ლიტერატურის გაცნობას, იმიტომ, რომ მიხეილ ჯავახიშვილი ისეთი ავტორია, ყველას გულთან რომ მიდის და ყველა პოულობს საკუთარ თავს. თითქოს სატყუარასავითაა, ქართული მხატვრული მწერლობის სიყვარულისკენ ერთი გადადგმული ნაბიჯია. აქვე აუცილებლად უნდა შევეხოთ სწავლების მეთოდებსაც – ვინ თქვა, რომ სახალისო სწავლება მხოლოდ დაწყებითი კლასების პრეროგატივაა? იქნებ სულ პირიქითაა, როცა ჩვენი მოსწავლეები იზრდებიან, ხდებიან უფრო გულგრილები, კრიტიკულები, უჩნდებათ უამრავი ინტერესი, იქნებ სწორედ ამ დროსაა უპრიანი სწავლება სახალისო და საინტერესო იყოს? იქნებ თინეიჯერული ასაკის გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები უნდა შევთავაზოთ და არა მონოტონურად მოყოლილი ჰაგიოგრაფიის ისტორია?

ფაქტია, რომ დღეს ქართულის ცოდნას, ინგლისური დიდ კონკურენციას უწევს – საერთაშორისო ენის სტატუსითა და პრიორიტეტებით. ფაქტია, რომ დღეს ქართულის მასწავლებლებს, რაღაც ძირეული გვაქვს შესაცვლელი და მე მგონია, ეს ძირეული სწორედ მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებაა. ჩვენ ბავშვებისთვის ვირჯებით და არა შედეგებისთვის. შედეგი მხოლოდ მაშინ იქნება სასიხარულო, თუ ამას წინ ასევე საინტერესო და სასიამოვნო სწავლების პროცესი უძღვის წინ, მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარია პროცესი და არა შედეგი.

და რადგან ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებასაც ვეხებით, აქვე მშობლების მოლოდინი და ზოგ შემთხვევაში ძალიან არასწორი დამოკიდებულებებიც უნდა ვახსენოთ.

გასაგებია, რომ შვილის განათლებასა და მომზადებაში უზარმაზარი რესურსი გაქვთ ჩადებული ამ დუხჭირ დროებაში, თუმცა როდესაც ბავშვებს ძალიან მაღალ თამასას უწესებთ, როცა დაძაბული ხართ და ერთი სული გაქვთ შვილის მაღალ ქულებს როდის ააფრიალებთ სოციალურ ქსელებში და მეგობრებთან თავს მოიწონებთ, ამ ყველაფერს თქვენი შვილის ნერვები ეწირება. ვერ წარმოიდგენთ რამდენი აბიტურიენტი წერს ანონიმურად, რომ საშინლად დათრგუნულია და განერვიულებული მშობლების დამოკიდებულებებით, მოლოდინებითა და წამოძახილებით.

არადა, არავინ იცის, როდის გაიხსნება ადამიანის პოტენციალი ბოლომდე, როდის აღმოაჩენს ის საკუთარ თავს, როდის გაიფურჩქნება, ჩვენ რომ რეალიზაციას ვეძახით… და ეს „გაფურჩქნა“ თავისით იშვიათად ხდება, ხელის შეწყობა, ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. აი როგორც პენაკის შემთხვევაში, რაღაცამ ან ვიღაცამ უნდა მისცეს ბიძგი, თუმცა გაფუჩქნამდე ამ ყველაფრის ჩაკვლა გაცილებით იოლია. ერთი დაუფიქრებელი ფრაზაც კი შეიძლება აღმოჩნდეს ამის მიზეზი. მოზარდის ბუნება ხომ საოცრად სათუთი და მოსაფრთხილებელია.

ისევ ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედო, სკოლაში მხოლოდ მას შემდეგ აღმოვაჩინე, რომ წერა კარგად გამომდის, როცა ერთმა საოცარმა მასწავლებელმა გააღვიძა ჩემში ეს განცდა, და ეს მოხდა სკოლის დასასრულ, სკოლის გარეთ, რეპეტიტორთან – უკარგეს ნატასთან. ბაკალავრიატზე ისევ შევიკუმშე თუ ჩავიკარგე, თითქოს ისევ დავკარგე საკუთარი თავი. მაგისტრატურაზე კი საოცარმა ლექტორებმა ისევ შეძლეს, რომ შინაგანი სიმყარე მეპოვა და ჩემი მიღწევებით მეამაყა. ჰოდა, ეს ცხოვრება აი ასეთი პერიპეტიებია, აღმართ-დაღმართი, როგორც ამბობენ, და როგორ შეიძლება ამ პირობებში ქულები განსაზღვრავდეს რაიმე ისეთს, სამომავლოს, მნიშვნელოვანს? იქნებ დავაცადოთ მოსწავლეს, როდის აღმოაჩენენ დაფარულ ნიჭებს და ეროვნული გამოცდების მაღალ ქულებზე ჩაბარება ცხოვრების მიზნად არ დავუსახოთ?

აბიტურიენტებს კი ვურჩევდი, რომ მოდუნდნენ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ამ სამყაროში შრომა, მონდომება ასმაგად ფასდება, ასეთია სამყაროს კანონი. გაღებული აუცილებლად დაგიბრუნდებათ, სწორედ იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ახლა კი ზემოთ დაპირებული ფილმების სია, რომლებსაც აბიტურიენტებს ვურჩევდი უფრო მეტი ინფორმაციისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად.

ქართული ფილმები:

  • მონანიება“ (თენგიზ აბულაძე) — ტოტალიტარიზმი, მორალური პასუხისმგებლობა, ისტორიული მეხსიერება;
  • შერეკილები“ (ელდარ შენგელაია) — ინდივიდუალიზმი vs საზოგადოებრივი სტერეოტიპები, სიგიჟისა და სიბრძნის ზღვარი;
  • ნატვრის ხე“ (თენგიზ აბულაძე) — ბედისწერა, სიყვარული, ტრადიციები და პიროვნული თავისუფლება;
  • დედე“ (მარიანა ექვთიმიშვილი, ლაშა ხუთსიაური) — ტრადიციები და თავისუფალი არჩევანი;
  • ანდრო“ (გიორგი ოვაშვილი) — ომი და ადამიანური ურთიერთობები;
  • თბილისური ლოტო“ (თენგიზ გოგოძე) — ადამიანთა ამბიციები, მატერიალური და სულიერი ფასეულობები.

უცხოური ფილმები:

ადამიანი და საზოგადოება

  • Dead Poets Society — პიროვნების თავისუფლება, განათლების როლი, კონფორმიზმი;
  • The Truman Show — რეალობა vs ილუზორულობა, თავისუფალი ნება, მედიის ძალა;
  • 12 Angry Men — კრიტიკული აზროვნება, წინასწარი განწყობები.

ისტორიული და სოციალური დრამები:

  • Schindler’s List — ჰოლოკოსტი, ადამიანის ღირებულება, პირადი გმირობა;
  • The Pianist — გადარჩენა, ომის ზეგავლენა პიროვნებაზე;
  • Hotel Rwanda — გენოციდი, მორალური არჩევანი.

ფილოსოფიური და ფანტასტიკა:

  • Inception — რეალობა და სიზმარი, გონების შესაძლებლობა;
  • Arrival — ენის ძალა, დროის აღქმა, კომუნიკაცია;
  • Interstellar — დრო, სიყვარული, მეცნიერების საზღვრები;
  • Gattaca — გენეტიკა, დისკრიმინაცია, თავისუფალი ნება.

მოზარდებისთვის ნაცნობი თემატიკა:

  • The Perks of Being a Wallflower — მეგობრობა, იზოლაცია, პიროვნული ზრდა;
  • Wonder — ემპათია, განსხვავებულობა, ინკლუზია;
  • Inside Out (ანიმაციური) — ემოციების როლი გადაწყვეტილებებში;
  • Soul — ცხოვრების აზრი, შემოქმედება, ბედნიერება.

 

 

 

 

ბავშვები უფრო აწმყოზე ფიქრობენ?

0

ჩემი აზრით, ბავშვები უფრო აწმყოზე ფიქრობენ, ახლა რა გავაკეთოდა ეგეთ რამეებზე, მაგალითად…“ ეს პაწაწუნა მინაწერი ჩემი თითქმის 11 წლის შვილის ქართულის რვეულში შემომხვდა სასწავლო წლის ბოლოს მისი ჩანთიდან ამოყრილი ნივთების თვალიერებისას. იმ დღეს დავალება ჰქონია, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე თავისი ფიქრები უნდა აღწერა და ამ გზით სცადა თავის დაძვრენაც და იმის ახსნაც, რომ მის ასაკში ყველაფერი ისე არ არის, როგორც უფროსებს ჰგონიათ, როცა ივიწყებენ, თვითონ როგორები იყვნენ ბავშვობაში.

ხომ ვითომ არაფერი, მაგრამ ამის შემდეგ პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე ფიქრს იმაზე, რაზე ფიქრობენ ჩვენი შვილები და მათი მეგობრები და რაზე ველაპარაკებით ჩვენ მათ.

და როცა ამაზე იწყებ ფიქრს, გრძელი მძივივით ესხმება ერთმანეთს კითხვები:

 

  • რაზე ვეკითხებით აზრს და რისი მოსმენა გვინდა ბავშვებისგან?
  • რამდენად დიდია აცდენა მათ ინტერესებსა და ჩვენს სურვილებს შორის? როდის დავივიწყეთ, როგორები ვიყავით ჩვენ 7, 11, 15 წლის ასაკში?
  • რამდენად ვახდენთ გავლენას მათ მომავალზე ჩვენი შეგონებებით, აუსრულებელი სურვილებით, გავლილი გზით და მათთვის გამოუსადეგარი ჩვენი გამოცდილებებით? უფრო მეტს ველაპარკებით თუ ვუსმენთ?
  • როცა ვუსმენთ, მათი გაგებაა მიზანი თუ ყურადღების გამოჩენა, მოვალეობის მოხდა, თავის დამშვიდება, რომ ბავშვებს ვუსმენთ, მათით ვინტერესდებით?
  • რას გვეუბნებიან ბავშვები – იმას, რაც აწუხებთ და აინტერესებთ თუ იმას, რაც იციან, რომ დაგვამშვიდებს, გვესიამოვნება, რასაც მათგან ველით?
  • რისი გაკეთება უნდათ მათ ახლა და რის გაკეთებას ვთავაზობთ ჩვენ იმისთვის, რომ მერე უფრო წარმატებულები და სასურველები იყვნენ?
  • შესაძლებელია კი ასეთი კითხვების გარეშე ამ პერიოდის გავლა, ეჭვების, შეცდომების, გაბეზრების გარეშე ბავშვების გაზრდა?
  • აცლის მომავალზე მუდმივი შფოთვა და წარსული გამოცდილებები გემოს დღევანდელ ცხოვრებას, ტკბობას იმით, რაც გაქვს და იმ დანაკლისების შევსების სურვილს, რაც დღეს არის მნიშვნელოვანი?

 

რაღაცები წავიკითხე, ვიღაცებს მოვუსმინე, რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე ამ თავსატეხებზე და ასეთი ამბავია: მომავალზე ჩვენი სურვილებისა და წარმოდგენების თავს მოხვევა ლამაზი საქციელი არ არის, მაგრამ ისეც არ გამოვა, რომ სრულიად გამოვრიცხოთ დღის წესრიგიდან ზრდასრული ასაკისთვის მომზადება. და ამ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მათი ემოციური მხარდაჭერა, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საჭირო დროს, კრიზისებისა თუ გაურკვევლობების პერიოდში, საიმედო ადამიანად ყოფნაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

რაც ახლა ყველაზე მეტად მინდა, ის არის, რომ მაქსიმალურად დატკბნენ ცხოვრების ამ ყველაზე არხეინი და უდარდელი წლებით, რომელთა მსგავსიც მეტად აღარასოდეს ექნება ადამიანს, იცოდნენ დასვენების ხიბლიც, გართობის გემოც, პასუხისმგებლობის აღებით და მათთვის დაკისრებული ამოცანების კარგად შესრულებით მოგვრილი სიამოვნებაც და ისიც, რომ ამდენი დრო, რამდენიც ბავშვობაში აქვს ადამიანს თამაშისთვის, უსაგნო ფიქრებისთვის, კითხვებზე პასუხების საპოვნელად თუ ცდისა და გამოცდის პრინციპით სამყაროს შემეცნებისთვის, მეტად აღარასოდეს ექნებათ.

 

 

ეილერის ფორმულა კვლევითი მეთოდით

0

ეს სტატია აღწერს, თუ როგორ შეიძლება მათემატიკის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და მარტივი კანონზომიერების, ეილერის ფორმულის, სწავლება მეექვსეკლასელებისთვის კვლევითი მეთოდების გამოყენებით. ასეთი მიდგომა მოსწავლეებს პასიური მსმენელებიდან აქტიურ აღმომჩენებად აქცევს. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, ჰიპოთეზების გამოთქმას, მათ გადამოწმებას და დასკვნების გამოტანას, რის შედეგადაც სივრცული ფიგურების სტრუქტურა მათთვის გაცილებით გასაგები და მყარი ხდება.

 

თემატური ბლოკი

გეომეტრია და სივრცის აღქმა

თემა: ბრტყელი და სივრცული გეომეტრიული ფიგურები
საკითხი: სივრცული ფიგურები; ეილერის ფორმულა

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი

  • გეომეტრიული ფიგურების მოდელირება (კუბი, პირამიდა, პრიზმა…)
  • წვეროების, წახნაგების და სიბრტყეების რაოდენობის აღწერა
  • სიმბოლოების გამოყენება მოდელის გამოსახატად (V – წვეროები, E – წიბოები, F – წახნაგები)
  • მონაცემების შეგროვება და წარმოდგენა (ცხრილი, სქემა, დიაგრამა)

 კანონზომიერება

  • მონაცემებში მუდმივი კავშირის ძიება (V – E + F = ?)
  • მაგალითებზე დაკვირვება და ჰიპოთეზის ფორმულირება
  • მიღებული ჰიპოთეზის გამოცდა სხვა მაგალითებზე
  • გამონაკლისების აღმოჩენა და ახსნა

 ლოგიკა

  • დასკვნების გამოტანა დაკვირვებული მონაცემებიდან
  • არგუმენტების წარდგენა, რატომ მუშაობს ფორმულა
  • „თუ… მაშინ…“ ტიპის მსჯელობა (თუ წვეროების რაოდენობა შეიცვალა, მაშინ რა მოხდება ფორმულაში?)

 

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლე შეძლებს სივრცული ფიგურების ელემენტებს შორის რაოდენობრივი დამოკიდებულების (ეილერის ფორმულის) გამოყენებას.

გაკვეთილის მსვლელობა

I აქტივობა: წინარე ცოდნის გააქტიურება და პრობლემის დასმა

გაკვეთილი მარტივი სივრცული ფიგურების (კუბი, პირამიდა, პრიზმა) განხილვით დავიწყე. მოსწავლეებმა გაიხსენეს და დაასახელეს ფიგურების ძირითადი ელემენტები: წვეროები (V), წიბოები (E) და წახნაგები (F).
შემდეგ გამოწვევის მიზნით ვუთხარი, რომ ამ სამ რაოდენობას შორის ყველა მრავალწახნაგისთვის არსებობს საოცარი, უცვლელი კავშირი და მათ ერთად უნდა აღმოაჩინონ ეს კანონზომიერება.

II აქტივობა: კვლევის პროცესი და მონაცემების შეგროვება

მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მივეცი სხვადასხვა ფიგურის მოდელი (მაგ.: კუბი, მართკუთხა პრიზმა, სამკუთხა პრიზმა, ოთხკუთხა პირამიდა, სამკუთხა პირამიდა).
ჯგუფებმა დაითვალეს თავიანთი ფიგურების ელემენტები და მონაცემები ცხრილში შეიყვანეს. მე როგორც დამკვირვებელი და ფასილიტატორი საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებოდი, მაგრამ მზა პასუხებს არ ვაძლევდი.

ჯგუფი 1

ფიგურის სახელი წვეროების რაოდენობა (V) წიბოების რაოდენობა (E) წახნაგების რაოდენობა (F)
ხუთკუთხა პრიზმა
ოთკუთხა  პირამიდა

 

ჯგუფი 2

ფიგურის სახელი წვეროების რაოდენობა (V) წიბოების რაოდენობა (E) წახნაგების რაოდენობა (F)
მართკუთხა პარალელეპიპედი
სამკუთხა პირამიდა

 

ჯგუფი3

ფიგურის სახელი წვეროების რაოდენობა (V) წიბოების რაოდენობა (E) წახნაგების რაოდენობა (F)
ექვსკუთხა პირამიდა
კუბი

 

ჯგუფი 4

ფიგურის სახელი წვეროების რაოდენობა (V) წიბოების რაოდენობა (E) წახნაგების რაოდენობა (F)
სამკუთხა პრიზმა
ხუთკუთხა პირამიდა

 

III აქტივობა – ჰიპოთეზის ჩამოყალიბება და ფორმულის აღმოჩენა

როდესაც ყველა ჯგუფმა დაასრულა ცხრილის შევსება, მოსწავლეებმა გააზიარეს ნამუშევრები და საერთო მონაცემები დაფაზე გადაიტანეს. შემდეგ დავსვი მიმართული კითხვები:

– რა კავშირს ხედავთ V-ს, E-სა და F-ს შორის?

– მოსინჯეთ სხვადასხვა არითმეტიკული მოქმედება და ნახეთ, რომელი მუშაობს ყველა მაგალითში, რომ მიიღოთ ერთი და იგივე რიცხვი ყველა ფიგურისთვის.

როცა მოსწავლეებს გაუჭირდათ, კიდევ უფრო დავუკონკრეტე კითხვები:

– აბა, წვეროებისა და წახნაგების რაოდენობათა ჯამი შეადარეთ წიბოების რაოდენობას, რას ამჩნევთ?

ერთობლივი მსჯელობის შედეგად მოსწავლეებმა დაადგინეს, რომ V – E + F ყოველთვის 2-ის ტოლია. ამ ეტაპზე მათ გავაცანი, რომ ეს გამოსახულება ცნობილია როგორც ეილერის ფორმულა და მოკლედ ვესაუბრე ლეონარდ ეილერზე, მის ეპოქასა და აღმოჩენაზე.

IV აქტივობა: ცოდნის განმტკიცება და განზოგადება

ფორმულის აღმოჩენის შემდეგ მოსწავლეებმა ის ახალი ფიგურებისთვის (მაგალითად, ოქტაედრისთვის) შეამოწმეს. შემდეგ მივეცი საპირისპირო ამოცანები, მაგალითად: „თუ ფიგურას აქვს 10 წვერო და 15 წიბო, რამდენი წახნაგი ექნება?“

V აქტივობა: გაკვეთილის შეჯამება

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად შევაჯამე მასალა. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ დაეხმარა მათ „მაძიებლის თამაში“ კანონზომიერების აღმოჩენაში. მოსწავლეებმა  ერთმანეთს გაუზიარეს როგორც სირთულეები, ისე სასიხარულო მომენტები, როდესაც ფორმულა „დაიჭირეს“.

ამ აქტივობით დავრწმუნდი, რომ მათ ფორმულა კი არ დაიმახსოვრეს, არამედ ნამდვილად გაიგეს მისი არსი.

გაკვეთილი აქტიური და სახალისო გამოვიდა. კვლევითი მეთოდით მოსწავლეები არ იღებენ მხოლოდ მზა ინფორმაციას, ისინი თავად „ბადებენ“ მას, რაც ზრდის მოტივაციას და ამყარებს ცოდნას. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თავიდანვე კი არ გაამჟღავნოს ფორმულა, არამედ მოსწავლეებს მისცეს მისი აღმოჩენის შანსი.

კვლევითი სწავლება ეილერის ფორმულის გაგებას კი არ ამარტივებს, არამედ ავითარებს, საზოგადოდ, პრობლემის გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და ლოგიკური აზროვნების უნარებს, ეს კი მათემატიკური წიგნიერების საფუძველია.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი, მეექვსე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meegvse-klasi/
  4. http://mathinschool.com/page/961.html

 

მათემატიკის გაკვეთილი საკლასო ოთახის საზღვრებს მიღმა

0

მოსწავლეს ზოგჯერ საკლასო მაგიდიდან წამოდგომა და გარემოს შეცვლა სჭირდება, რომ სწავლის პროცესში ინტერესით ჩაერთოს. ჩატარებულმა დიაგნოსტიკურმა წერამ აჩვენა, რომ კლასს პროცენტების გამოთვლა უჭირდა. ამოცანების უმეტესობაში მოსწავლეები ზერელე გამოთვლებს აკეთებდნენ და ვერ იყენებდნენ პროცენტის ძირითად პრინციპებს, რამაც მოსალოდნელზე დაბალი შედეგები გამოიწვია.

ამიტომ გადავწყვიტე თემის განმტკიცება უფრო ინტერაქციული გზით – მეთოდით „მათემატიკა კედლებზე“ – გამემყარებინა. ამ მიდგომისას ამოცანები და დავალებები ნაბეჭდი QR კოდების სახით სკოლის სხვადასხვა ადგილას მაგრდება -კედლებზე, კარებზე, ფანჯრის ჩარჩოებზე, დერეფანში. QR კოდების გამოყენება ამ აქტივობას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის, რადგან ტექნოლოგიური ელემენტი მოსწავლეებს ააქტიურებს, სწრაფად აწვდის მათ ამოცანებს და სწავლის პროცესს თამაშის ელემენტს მატებს.

გიზიარებთ ჩემ მიერ მე-8 კლასში ჩატარებულ გაკვეთილის მოკლე გეგმას.

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემა: პროცენტი

საკითხთა კლასტერი:

  • რიცხვის პროცენტის პოვნა
  • ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია
  • რაოდენობის პროცენტით გაზრდა ან შემცირება
  • პროცენტული ცვლილება
  • ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა პროცენტის მეშვეობით.

 

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი:

 

კანონზომიერება:

 

ლოგიკა:

 

პროცენტის, პროპორციებისა და განტოლებების გამოყენება რეალური ცხოვრებისეული ამოცანების (მაგალითად, ფასდაკლების) ამოსახსნელად.

 

კავშირის დადგენა პროცენტული ცვლილებების სხვადასხვა ფორმას შორის (მაგალითად, რიცხვის 10%-ით გაზრდა იგივეა, რაც მისი 1.1-ზე გამრავლება)

 

უცნობი სიდიდეების (მაგალითად, საწყისი ფასის) პოვნის გზების დასაბუთება და მათზე მსჯელობა.

 

 

შეფასების ინდიკატორები: მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • (სტანდარტის მიხედვით) რიცხვების წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით (მათ. საბ. 3, 5, 6, 7, 9, 11)
  • გამოთვლებსა და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა (მათ. საბ. 8, 9, 10).

გაკვეთილის მომზადება და დაგეგმვა

რესურსები:

  • 8-12 QR კოდი ამოცანებით (შექმნილია უფასო ონლაინ გენერატორით, მაგალითად: qr-code-generator.com ან goqr.me)
  • სმარტფონები ან ტაბლეტები მოსწავლეებისთვის (ჯგუფში თითო მოწყობილობა საკმარისია)
  • კალმები/ფანქრები და სამუშაო ფურცლები პასუხების ჩასაწერად
  • წებოვანი ლენტი ან სხვა საშუალება QR კოდების დასამაგრებლად

 

გაკვეთილის დაწყებამდე მოვამზადე და დავგეგმე შემდეგი ეტაპები:

  1. მასალის შექმნა: მოვამზადე 8-12 სხვადასხვა სირთულის ამოცანა: მარტივი (პირდაპირი გამოთვლა), საშუალო (რამდენიმე ნაბიჯი) და რთული (უკუამოცანები ან ტექსტური ამოცანები). თითოეული ამოცანა QR კოდის სახით შევინახე და გამოვიყენე ფერადი ქაღალდები QR კოდების გასაფორმებლად, რომ უფრო თვალში საცემი ყოფილიყო.
  2. ლოკაციების შერჩევა: QR კოდები სკოლის სხვადასხვა ადგილას – კედლებზე, კარებზე და დერეფანში გავაკარი. რთული ამოცანები ნაკლებად თვალსაჩინო ადგილას განვათავსე, რათა დავალებითვის ძებნის ელემენტი შემემატებინა.
  3. გაკვეთილის სტრუქტურა: სკოლაში გაკვეთილის დროს დერეფნის გამოყენება რთულია, რადგან შესაძლოა, მოსწავლეებმა სხვა კლასებს ხელი შეუშალონ. ამის გათვალისწინებით, გაკვეთილის სტრუქტურა ასე დავგეგმე:
    • პირველი 10 წუთი: კლასში თამაშის წესების ახსნა-განმარტება და ინსტრუქტაჟი;
    • მომდევნო 15-20 წუთი: „მათემატიკური ნადირობა“ დერეფანში;
    • ბოლო 10-15 წუთი: კლასში დაბრუნება და ამოცანების საერთო განხილვა.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1. თამაშის წესები

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები ჯგუფებად დავყავი და თამაშის წესები გავაცანი: „თქვენ უნდა იმუშაოთ გუნდებად. იმოძრავეთ ლოკაციიდან ლოკაციაზე, დაასკანერეთ კოდი, ამოხსენით ამოცანა და პასუხი ჩაწერეთ სამუშაო ფურცელზე. დროის ამოწურვის შემდეგ პასუხებს კლასში წარმოადგენთ. თითოეული სწორი პასუხი ქულას მოგიტანთ. ქულების რაოდენობა ამოცანის სირთულეზეა დამოკიდებული. ქულების მიხედვით გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი“.

აქტივობა 2. „მათემატიკური ნადირობა“ დერეფანში

მოსწავლეები ინსტრუქციის მიხედვით იწყებენ ამოცანებზე მუშაობას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ამოცანა (სულ 8-12 ლოკაცია), რომლებიც სხვადასხვა ადგილას იყო განთავსებული (როგორ შექმნათ QR კოდი, იხილეთ  აქ )

ლოკაცია # ამოცანის პირობა QR კოდი

(ყოველ ამოცანას შეესაბამება QR კოდი, რომ მოსწავლეებმა ადგილზე სკანირებით ნახონ)

 

ლოკაცია 1: მაღაზიაში 15%-იანი ფასდაკლებაა.  რა ეღირება 80 ლარის საქონელი ფასდაკლებით?
ლოკაცია 2: კონცერტზე 500 ბილეთიდან გაიყიდა 320. ბილეთების რა პროცენტია გაყიდული?
ლოკაცია 3: ფასდაკლების შემდეგ ფეხსაცმლის ფასი გახდა 68 ლარი. რამდენი იყო მისი საწყისი ფასი, თუ ფასდაკლება იყო 15%?


აქტივობა 3. ამოცანების განხილვა და შედეგების შეჯამება

გაკვეთილის ბოლო 10-15 წუთი ეთმობა ამოცანების მთელ კლასთან ერთად გარჩევას, პასუხების შემოწმებას და მოსწავლეებისთვის შესაბამისი ქულების მინიჭებას.

ეს გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სახალისო და დაუვიწყარი აღმოჩნდა. მათ  შეძლეს ამოცანების სწორად ამოხსნა, განუვითარდათ გუნდური მუშაობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. ამ მიდგომით მიღწეული შედეგიდან გამომდინარე, კმაყოფილი დავრჩი. მოსწავლეთა მიღწევები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სწავლის ახალმა, არატრადიციულმა ფორმამ მიზანს მაიღწია.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მერვე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/
  3. https://www.youtube.com/watch?v=EvUyrc_rZuI

აღქმის მოდალობების კვლევა საგაკვეთილო პროცესში

0

ყოველ ადამიანს აქვს გარემოს აღქმის უნიკალური უნარი, რომლის მეშვეობითაც ხედავს, ესმის და შეიმეცნებს სამყაროს. ინდივიდუალურობა განსაზღვრავს, როგორ ვიღებთ, ვამუშავებთ და ვიმახსოვრებთ ინფორმაციას. აღქმის განსხვავებული სტილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პიროვნების აკადემიურ წარმატებაზე. სწორი სასწავლო მიდგომების შემთხვევაში, მოზარდს ეძლევა საშუალება, სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი და სწავლა აქციოს საინტერესო, ნაყოფიერ პროცესად.

სამყაროს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს, ზოგი ხედავს მას დასურათებულად, ზოგი უკეთესად ერკვევა ხმებისა და საუბრის საშუალებით, ზოგი კი უშუალო მოქმედებით და შეხებით შეიგრძნობს ინფორმაციას. აღქმის ტიპები, ანუ მოდალობები, არის ის არხები, რომლებითაც ადამიანები ყველაზე ეფექტურად შეიმეცნებენ გარემოს. განათლების ფსიქოლოგიაში ეს განსხვავებები ხშირად აღწერილია, როგორც აღქმის მოდალობები (ტიპები)ვიზუალური, აუდიალური და  კინესთეტური.

 ვიზუალები

  • სწავლაში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ, როდესაც ინფორმაციას ხედავენ. ვიზუალისთვის აუცილებელია სურათები, გრაფიკები, დიაგრამები, ფერადი სქემები და სხვა ვიზუალური დამხმარე რესურსები;
  • მათთვის მნიშვნელოვანია ჩანაწერების გაკეთება და სხვადასხვა ფერის ფანქრისა თუ მარკერის გამოყენება. მოსწონთ საილუსტრაციო მასალა, პლაკატები და ფილმები.

აუდიალები

  • წარმატებულად სწავლობენ, როდესაც ინფორმაციას ისმენენ. აუდიალებისთვის საუკეთესოა ლექციები, დისკუსიები და ზეპირი ინსტრუქციები;
  • მათთვის ადვილია ახალი ენების ათვისება და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. უკეთ დასამახსოვრებლად, ინფორმაციას ხშირად ხმამაღლა იმეორებენ.

კინესთეტები

  • შედეგიანად სწავლობენ პრაქტიკული გამოცდილებით, მოძრაობისა და შეხების საშუალებით. კინესთეტებისთვის სწავლის საუკეთესო საშუალებაა ექსპერიმენტები, სწავლა კეთებით და როლური თამაშები;
  • მათთვის მნიშვნელოვანია მოძრაობა, ამიტომაც არ შეუძლიათ ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა. სწავლის პროცესში უყვართ სხვადასხვა აქტივობის შესრულება და ფიზიკური ჩართულობა.

სწავლის მკვლევრები ასევე განიხილავენ აღქმის შერეულ მოდალობას. მსგავსი შესაძლებლობის მოზარდი სასწავლო პროცესში ერთდროულად იყენებს სხვადასხვა არხს – ხედვით, მოსმენით და პრაქტიკული საქმიანობით. სწორედ ამგვარი მოქნილი მიდგომა აძლევს მას საშუალებას ყველა სიტუაციაში ადვილად მოერგოს შემეცნებით გარემოს.

ადამიანები იშვიათად მიეკუთვნებიან მხოლოდ ერთი კონკრეტული აღქმის მოდალობას. უმეტესობას აქვს რამდენიმე ტიპის ნაზავი. ერთს შეიძლება უკეთ ახსოვდეს ინფორმაცია, თუ ხედავს სქემატურად და თან ისმენს ახსნას, ხოლო მეორისთვის ვიზუალური მასალის პრაქტიკული მოქმედებით დამყარება უფრო ეფექტურია. შერეული ტიპის მოდალობის ინდივიდი, შეიძლება თანაბრად კარგად იმახსოვრებდეს როგორც ვიზუალურ, ისე სმენით ან  კინესთეტურ ინფორმაციას – ახერხებდეს სწავლის ყველა მეთოდზე კომფორტულად ადაპტირებას.

ბოლო წლებში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ასევე გამოიკვეთა ტერმინი ციფრული მოდალობა. მისი მთავარი მახასიათებელია ინფორმაციის დამუშავება ციფრული ცხრილებით, დიაგრამებით, ალგორითმებითა და ზოგადად, ციფრული რესურსებით. ეს მიდგომა ხშირად უკავშირდება თანამედროვე სასწავლო გარემოს, სადაც ცოდნა ციფრულ ფორმატში გადაიცემა.

ციფრული აღქმა შეიძლება განისაზღვროს, როგორც უნარი, ეფექტურად, კრიტიკულად აღვიქვათ, გავაანალიზოთ და დავამუშაოთ ციფრული წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.

ციფრული მოდალობა მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს:

  • მედიაწიგნიერება როგორ განვასხვაოთ სანდო და არასანდო ინფორმაცია, გავაანალიზოთ მედიაკონტენტის შექმნის მიზანი და მისი გავლენა;
  • ინფორმაციული წიგნიერება შევაფასოთ და ეფექტურად გამოვიყენოთ მოძიებული ინფორმაცია;
  • ტექნოლოგიური უნარები პროგრამების, პლატფორმებისა და სხვა ციფრული ინსტრუმენტების მოხერხებულად გამოყენების ფლობა.

ტრადიციული სწავლის მოდალობებს ციფრული აღქმა სძენს ახალ განზომილებას. ვიზუალმა შეიძლება განსაკუთრებით ეფექტურად აღიქვას ინფორმაცია გრაფიკებიდან ან ვიდეოებიდან; კინესთეტმა ინტერაქციული აპლიკაციებისა და ვირტუალური ლაბორატორიების მეშვეობით; ხოლო აუდიალმა შეიძლება ისწავლოს პოდკასტების, აუდიოწიგნების ან ვიდეოების საშუალებით, სადაც ყურადღება გამახვილებულია საუბრებზე.

ციფრული გარემო საშუალებას იძლევა თითოეული მოდალობის მქონე მოზარდისთვის სასწავლო პროცესი გახდეს უფრო ნაყოფიერი. ვიზუალური სწავლა შეიძლება გამდიდრდეს 3D მოდელებითა და ვირტუალური რესურსებით. კინესთეტური სწავლება შეიძლება განხორციელდეს თამაშებზე დაფუძნებული სასწავლო პლატფორმებითა და სიმულაციებით. აუდიალური სწავლებისთვის კი ეფექტურია სხვადასხვა სახის სასაუბრო პროგრამები და ინტერაქტიული აუდიოსისტემები.

გასათვალისწინებელია ერთი გარემოება – ციფრული სივრცე სავსეა ყურადღების გამფანტველი ელემენტებით. ამიტომ, ციფრული აღქმა მოითხოვს დამატებით უნარებს, როგორებიცაა – ფოკუსირება, კრიტიკული აზროვნება და თვითრეგულაცია.

ციფრული აღქმა არ ცვლის ტრადიციულ მოდალობებს, არამედ ავსებს მათ და გვეხმარება მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროში წარმატებულ ნავიგაციაში.

VAK (ვიზუალური V, სმენითი A და  კინესთეტური K) სწავლების სტილი სათავეს იღებს მარია მონტესორის მიერ შემუშავებული მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებიდან. ის ასევე ეფუძნება უილიამ ჯეიმსის, ვილჰელმ ვუნდტის და ერნსტ მეუმანის პიროვნების სწავლის ტიპების კვლევებს. მისი განვითარება კიდევ უფრო განაპირობა სწავლის უნარის შეფერხების, მათ შორის დისლექსიისა და სმენითი დარღვევების კვლევამ.

1960-იან წლებამდე VAK ძირითადად გამოიყენებოდა სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, განსაკუთრებით კითხვაში. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მან უფრო ფართო გავრცელება მოიპოვა სასწავლო პროცესში და განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ბოლო წლებში, VAK-ის პრინციპები გამოიყენება მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად და სწავლა-სწავლების პროცესში უკეთესი შედეგის მისაღწევად.

ცნობილია აღქმის მოდალობების საკვლევი ბევრი ტესტი. გთავაზობთ სახალისო, კრეატიულ იდეას. ვთხოვოთ მოსწავლეებს გადაიღონ სელფი, სადაც მარტო იქნებიან გამოსახული. ფოტოს ანალიზი საშუალებას მოგცემთ, მათი აღქმის ტიპები შეისწავლოთ არატრადიციული გზით. ასეთი ტესტი მოითხოვს თქვენი მხრიდან ფოტოზე დაკვირვებასა და ანალიზს.

ვიზუალური აღქმის მქონე მოსწავლე დიდ ყურადღებას მიაქცევს ვიზუალურ დეტალებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოტო იყოს ესთეტიკურად სასიამოვნო და მოწესრიგებული.

  • სავარაუდოდ შეეცდებიან, აირჩიონ მოწესრიგებული ან საინტერესო ფონი. შეიძლება დადგნენ წიგნის თაროსთან, ლამაზ კედელთან ან ფანჯარასთან, საიდანაც კარგი ხედი იშლება;
  • შესაძლოა, დააკვირდნენ, როგორ იჭრება მათი სახე კადრში, რა კუთხით არის გადაღებული ფოტო. ვიზუალისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოტო იყოს დაბალანსებული და ჰარმონიული;
  • შეეცდებიან იპოვონ ადგილი, სადაც კარგი განათებაა, ფერებიც ლამაზადაა შეხამებული.

სმენითი აღქმის მქონისთვის ვიზუალური ფონი და დეტალები ნაკლებად პრიორიტეტულია. მათთვის მთავარი შეიძლება იყოს ფოტოზე აღბეჭდილი მომენტის ამბავი ან კონტექსტი, რომელიც შეიძლება სიტყვიერად აღწერონ.

  • სავარაუდოდ, არ დახარჯავენ დიდ დროს ფონის მოსაწყობად. მათთვის ფონი შეიძლება იყოს უბრალოდ ოთახი ან კედელი, რომელიც არ საჭიროებს დეტალურ ვიზუალურ დახვეწილობასა და წესრიგს;
  • თუ მოსწავლეს სთხოვთ, აღწეროს, რატომ გადაიღო ფოტო ასე, ის ყურადღებას გაამახვილებს არა იმდენად ვიზუალურ დეტალებზე, რამდენადაც იმ ამბავზე, რასაც ეს ფოტო ყვება (მაგ. „ეს სელფი იმიტომ გადავიღე, რომ ახალი სიმღერის მოსმენისას ძალიან ბედნიერი ვიყავი“).

 კინესთეტური აღქმის მქონენი სხეულის ენაზე და მოძრაობაზე არიან ორიენტირებულნი. მათთვის მნიშვნელოვანია შეგრძნებები და მოქმედებები.

  • სავარაუდოდ, გამოიყენებენ აქტიურ ჟესტს ან პოზას – ხელის აწევა, თავის გვერდზე გადაწევა, მიმიკა. ეცდებიან, ფოტოზე დაფიქსირებული იყოს მოქმედება.
  • შესაძლოა, ფოტოზე იყვნენ ისეთ ადგილას, სადაც რაიმეს ეხებიან ან რაიმესთან ურთიერთობენ (მაგალითად, ეყრდნობიან კედელს, უჭირავთ საყვარელი წიგნი). მათთვის სელფის გადაღება მოქმედებასთან არის დაკავშირებული.
  • ფოტოს გადაღების პროცესი კინესთეტისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე საბოლოო შედეგი.

მიუხედავად იმისა, რომ სელფი ვიზუალური პროდუქტია, მასზე დაკვირვებითა და მოსწავლის მიერ გაკეთებული არჩევანის გაანალიზებით (ფონი, პოზა, ჟესტები), შეგიძლიათ თითოეული მოსწავლის აღქმის დომინანტური ტიპის შესახებ შეგექმნათ გარკვეული წარმოდგენა.

სწავლა-სწავლებაში წარმატების მისაღწევად განათლების სპეციალისტები გვირჩევენ მრავალფეროვანი აქტივობებით მდიდარ სასწავლო პროცესს. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს სხვადასხვა აღქმის მოდალობების მოსწავლეთათვის სასურველი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. დიფერენცირებული სწავლების წარმატებულად წარმართვის სასურველია, ვიცოდეთ, აღქმის რა „არხებია“ უფრო ეფექტური მოცემულ კონკრეტულ კლასში. მოსწავლეთა ინდივიდუალური ტიპებისა და საჭიროებების უკეთ გასარკვევად სასურველია შესაბამისი კვლევის განხორციელება.

გთავაზობთ ინოვაციურ მეთოდს სამი მაგიდის პრინციპი“. აღნიშნული მეთოდი გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას ისეთი აქტივობებით, სადაც მასალის ახსნის პარალელურად შესაძლებელი იქნება კვლევის განხორციელებაც.

კვლევის მეშვეობით შეგვიძლია გამოვავლინოთ, როგორ იმოქმედებს სხვადასხვა მოდალობაზე ორიენტირებული სასწავლო სივრცე მოსწავლეთა ინტერესზე, აქტიურობასა და შედეგებზე, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება საგაკვეთილო პროცესის ოპტიმიზაციასა და განათლების ხარისხის ამაღლებაში.

ასეთი ფორმატის გაკვეთილზე მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მათი პიროვნული აღქმის ტიპის შესაბამისი სამუშაო გარემო – სასურველი აქტივობები და რესურსები, რაც ხელს შეუწყობს მათ კომფორტულ, მიზნობრივ და ეფექტურ სწავლებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ კვლევითი კომპონენტის შემოტანა, რაც შესაძლებელს გახდის აღქმულ და გადამუშავებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული შედეგების ანალიზს.

მოდალობების კვლევა ტარდება საგაკვეთილო პროცესში. მასწავლებელი სამ მაგიდას ამზადებს შესაბამისი რესურსებით. მოზარდები საკუთარი სურვილით ირჩევენ სასურველ სამუშაო სივრცეს. თითოეული მაგიდა კონკრეტულ აღქმის ტიპზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, თავად აირჩიონ, რომელი რესურსებით სურთ ახალი მასალის ათვისება. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს თითოეულ მაგიდასთან შესასრულებელი დავალების შინაარსს და სთხოვს მათ, დასხდნენ იმ რესურსებთან, რომლებიც ყველაზე მეტად იზიდავთ სამუშაოდ.

ვიზუალები აირჩევენ სურათებთან, გრაფიკებთან და სქემებთან მუშაობას, აუდიალები – აუდიოჩანაწერებთან, კინესთეტიკები – ექსპერიმენტებთან, ფიზიკურ მოდელებთან იგრძნობენ თავს კომფორტულად. ყველა მაგიდაზე უნდა იყოს განთავსებული ციფრული მოწყობილობა, რამდენად მოახერხებენ მოცემული სამუშაოს შესასრულებლად ციფრული რესურსების გამოყენებას.

კვლევის პროცესში მასწავლებელმა უნდა ჩაინიშნოს თითოეული მოსწავლის ჩართულობის დონე, დავალების შესრულების შედეგი და სუბიექტური განცდები (დაინტერესება, კომფორტი, გაგების ხარისხი). ამ მონაცემების ანალიზი საშუალებას იძლევა, შევაფასოთ, რომელი მოდალობაა ყველაზე ეფექტური კონკრეტულ თემაზე და ასაკში; რა სახის აქტივობები უწყობს ხელს ცოდნის უკეთ დამახსოვრებას და გამოავლენს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს.

ასეთი დაკვირვება დაგვეხმარება, გავიგოთ, ერთი და იგივე სასწავლო შინაარსი როგორი არხებით „მიდის“ მოსწავლემდე. ვიღაცას მეტი შედეგი აქვს დანახვის, ვიღაცას მოსმენის, სხვას კი მოქმედების გზით. ამგვარი ინფორმაციის შეგროვება საშუალებას მოგვცემს, მომავალში გაკვეთილები ისე დავგეგმოთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის ძლიერი მხარე და შევუქმნათ მათ წარმატების განცდა და სასურველი სასწავლო გარემო.

ამ ფორმატში მასწავლებელი ერთდროულად ახორციელებს თემატურ აქტივობას და ამავდროულად მოდალობის კვლევას – მოზარდი თავისით ირჩევს მაგიდას, პედაგოგი კი აკვირდება, აკეთებს ჩანაწერებს და იკვლევს, რომელი გზაა თითოეული მოსწავლისთვის უფრო ბუნებრივი.

მსგავსი ფორმატის გაკვეთილების ჩატარება უფრო მიზანშეწონილია დაწყებით და საბაზო საფეხურზე. ამ მეთოდის გამოყენება შეუძლია ყველა საგნის პედაგოგს.

გთავაზობთ გაკვეთილის აქტივობებს მე-7 კლასის მასალაზე ფიზიკაში.

საკითხი: ნივთიერება და ფიზიკური სხეული

მასწავლებელი აკეთებს საჭირო განმარტებებს საგაკვეთილო საკითხთან მიმართებაში. უხსნის მოსწავლეებს, რომ მოამზადა სამი განსხვავებული სტილის რესურსი, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა მაგიდაზე. თითოეულს აქვს თავისუფლება თავად აირჩიოს, რომელ მაგიდასთან იმუშავებს. ასევე, შესაძლებელია მაგიდებს შორის გადაადგილება და ყველა აქტივობაში მონაწილეობა. აღნიშნავს, რომ მსგავსი სასწავლო მიდგომა პედაგოგს მომავალში საშუალებას მისცემს, დაგეგმოს უფრო საინტერესო და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილები.

რესურსები და აქტივობები თითოეული მაგიდისთვის

მაგიდა N1: განკუთვნილია ვიზუალური აღქმის მოსწავლეებისთვის, რომლებიც წარმატებულად სწავლობენ, როდესაც ინფორმაციას ხედავენ.

დავალება: ვიზუალური მასალის გამოყენებით განასხვაონ სხეული და ნივთიერება

რესურსები: მარკერები, ნახატები, ფლიფჩარტი, კომპიუტერი

მაგიდაზე მოთავსებულია ფერადი სურათები, სადაც გამოსახულია სხვადასხვა სხეული და ნივთიერება. მაგ. წიგნი, ფანქარი, ოქროს ზოდი, ოქროს ბეჭედი, ქარვა, ნახშირი, ქვაბი, ალუმინი, მზე, შენობა, გრაფიტი, მარილი, წყალი, დანა, ნავთი, სპირტი, ავტომობილი და სხვა.

  • მოსწავლეებმა უნდა დახაზონ სქემები და დაალაგონ ნახატები შესაბამის კატეგორიებში –
ნივთიერება სხეული
   
   

 

  • შექმნან მარტივი სქემები შესაბამისი ნახატებით, რომელიც აჩვენებს, რომ სხეული შედგება ნივთიერებისგან –

მაგ. ლურსმანი (სხეული)→ დამზადებულია → რკინისგან (ნივთიერება);

  • კომპიუტერის საშუალებით, სადაც ფაილებში იქნება სხვადასხვა ფოტო ნივთიერების და საგნების გამოსახულებით (ან ფოტოებს მოიძევენ ინტერნეტის საშუალებით). მოსწავლეები აქაც მოახდენენ ფოტოების დახარისხებას შესაბამის გრაფებში ან შექმნიან ვიზუალურად მდიდარ პრეზენტაციას Canva-ს ან PowerPoint-ის საშუალებით.

მაგიდა N 2: ეს მაგიდა გათვლილია სმენითი აღქმის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფორმაცია მოსმენით უკეთ ამახსოვრდებათ.

დავალება: აუდიომასალის გამოყენებით მოისმინონ, გაიაზრონ სხეულისა და ნივთიერების ცნებები.

რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, ყურსასმენები და ფლეიერი, ჩამწერი მოწყობილობა (მაგ.დიქტოფონი)

მაგიდაზე ხელმისაწვდომია წინასწარ ჩაწერილი, მოკლე და გასაგები აუდიოლექცია, რომელიც განმარტავს ნივთიერებისა და სხეულის ცნებებს მაგალითებით (მაგ. „კოვზი არის სხეული, რომელიც შედგება ნივთიერება რკინისგან“).

  • მოსწავლეები მოისმენენ ჩანაწერს;
  • შეუძლიათ დისკუსიის შემდეგ ჩაწერონ საკუთარი განმარტება ან მაგალითები;
  • ჯგუფურად იმსჯელონ მოსმენილზე ან ჩაწერონ პოდკასტი.

მაგიდა №3: ეს მაგიდა შეესაბამება  კინესთეტური აღქმის მოსწავლეთა ინტერესებს, რომლებიც სწავლობენ მოქმედებითა და შეხებით.

დავალება: რეალური სხეულების საშუალებით შეისწავლონ და განასხვაონ სხეული და ნივთიერება.

რესურსები: პლასტილინი, სხვადასხვა ნივთი, ინტერნეტი, კომპიუტერი.

მაგიდაზე დევს სხვადასხვა ნივთი – მაგ. ხის კუბიკი, რკინის ზოდი, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ბურთულები (რკინის, პლასტმასის, პლასტილინის), გრაფიტი, რვეული, ფანქარი, სათამაშო, წყალი ჭიქაში და სხვა.

  • მოსწავლეებმა ეს ობიექტები უნდა დაალაგონ ორ ჯგუფად: სხეული და ნივთიერება;
  • შექმნან პლასტილინით რაიმე კონკრეტული სხეული, რათა შეექმნათ წარმოდგენა, რომ პლასტილინი არის ნივთიერება, ხოლო მისგან შექმნილი ფიგურა – სხეული;
  • კომპიუტერში გახსნან Paint პროგრამა და დახატონ სხვადასხვა სხეული.

(კომპიუტერული ხატვა ხორციელდება მაუსით ან თითით (თუ ეკრანი სენსორულია), რაც არის კინესთეტური მოქმედება. მოსწავლეები აკეთებენ, ეხებიან (თუმცა ვირტუალურად) და ალაგებენ, რაც ეხმარება მათ, დააკავშირონ აბსტრაქტული ცნებები მოძრაობასთან და მოტორულ აქტივობასთან).

 

თითოეული მაგიდა საშუალებას მისცემს მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და მასალა მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ფორმით აითვისოს. მასწავლებელი ამ აქტივობების შესრულების დროს არის აქტიური დამკვირვებლის როლში და აკეთებს ჩანაწერებს.

 

  • რომელი მაგიდა აირჩია პირველად?
  • კიდევ რომელ მაგიდასთან მივიდა?
  • რა დრო დაყო თითოეულ მაგიდასთან?
  • რომელი სამუშაო აღმოჩნდა მისთვის პროდუქტიული?

 

დაკვირვების ფურცელი მასწავლებლისთვის

 

მოსწავლის

სახელი, გვარი

პირველი

არჩევანი მაგიდა N

კიდევ რომელი სივრცე აარჩია

მაგიდა N

მუშაობის ხანგრძლივობა მაგიდასთან ჩართულობის დონე, შესრულებული სამუშაოს ხარისხი

(კომენტარი)

         
         
         

 

გაკვეთილის ეს მეთოდი უფრო კვლევითი მიდგომაა, სადაც:

  • მოსწავლე თავად წყვეტს, რომელ რესურსთან იმუშავებს;
  • მასწავლებელი აფიქსირებს, სად მიდის პირველად, სად რჩება დიდხანს, რომელ რესურსს იყენებს აქტიურად;
  • შედეგი ორმაგია, მოსწავლე სწავლობს, და მასწავლებელი იღებს ინფორმაციას მისი სწავლის სტილის შესახებ.

 

სამი მაგიდის პრინციპიშექმნის დინამიკურ გარემოს და საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეებზე დაკვირვებით განსაზღვროთ, რომელი აღქმის ტიპი დომინირებს თითოეულ მათგანში.

ეს პრინციპი „გაჩერებებით სწავლების“ მსგავსია, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ მოზარდისთვის სავალდებულო არ არის ყველა მაგიდასთან მისვლა. ამ შემთხვევაში მთავარი იდეაა არა მთელი მასალის გავლა, არამედ მოსწავლის სასწავლო სივრცის არჩევანისა და შესაბამისი მოდალობის გამოვლენა.

აღნიშნული ფორმატით ჩატარებული გაკვეთილი მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, დააკვირდეს მოსწავლეთა აღქმის ინდივიდუალურობას და გამოავლინოს, რომელ მოდალობას ანიჭებს უპირატესობას თითოეული მათგანი. უნდა აღინიშნოს, რომ აღქმის მოდალობები ერთმანეთისაგან მკაცრად იზოლირებული არ არის. ყველა ინდივიდს აქვს მრავალმხრივი აღქმის პოტენციალი, თუმცა მათი გამოყენების ინტენსივობა და ეფექტურობა განსხვავებულია. მსგავსი კვლევა ხელს უწყობს გამოვლინდეს მოზარდის დომინანტური მოდალობა, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის დიფერენცირებულად წარმართვას და სწავლების მრავალმხრივი შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.

„სამი მაგიდის პრინციპზე“ დაფუძნებული სწავლების მეთოდი ინოვაციურია. ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალური აღქმის სტილს და უზრუნველყოფს სწავლების დინამიკურობასა და მრავალფეროვნებას. თითოეული „მაგიდა“ ქმნის ერთსა და იმავე თემის ფარგლებში განსხვავებულ სივრცეს – ვიზუალური, აუდიალური და  კინესთეტური რესურსებით. შედეგად, გაკვეთილი გარდაიქმნება მრავალფეროვან საგანმანათლებლო გარემოდ, სადაც თითოეული მოსწავლე საკუთარი გზით მიდის ცოდნამდე, ხოლო მასწავლებელი იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მაღალი დონის ჩართულობისა და გააზრებული სწავლების უზრუნველსაყოფად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://rebrand.ly/gnadke4

https://rebrand.ly/718c8e

https://rebrand.ly/yxq3qsa

https://rebrand.ly/o1mpp2z

https://rb.gy/utpx79

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...