ომი, ნგრევა, ქაოსი, ამაფორიაქებელი ამბები ყველა საინფორმაციო არხიდან, სოცქსელებიდან, ტელევიზორიდან – ამ პირობებში ბავშვებს სჭირდებათ მხარდაჭერა, საყრდენი, ფსიქოლოგიური და ემოციური სტაბილურობის შესანარჩუნებელი ორიენტირები.
როგორ მოვიქცეთ უფროსები ამ შემაშფოთებელ ხანაში?
როგორ შევუქმნათ ბავშვებს უსაფრთხოების განცდა, როგორ დავუჭიროთ მხარი?
რა ჯობია, სრულად ავარიდოთ ყველაფერს, შევუზღუდოთ ინტერნეტი და ინფორმაციულ იზოლაციაში მოვაქციოთ?
რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება დღევანდელ დღეს, როდესაც მათ გაჯეტებთან აქვთ წვდომა?
რაკი რამდენიმე კითხვა სწორედ დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებისგან მივიღე, ეს კონკრეტული რჩევებიც ამ ასაკობრივ კატეგორიას ეკუთვნის – სკოლისწინარე და დაწყებითი საფეხურის ბავშვები და საინფორმაციო ლავა:
პედაგოგიკაში გვაქვს უმთავრესი პრინციპი – უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. უსაფრთხოება და ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა. ცოდნის დაგროვება და განათლება მხოლოდ ამის უზრუნველყოფის შემდეგ… პედაგოგიკის ეს უნივერსალური წესი მშობლებისთვისაც საგულისხმოა.
პედაგოგიურად გამართლებული მიდგომა ამ ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება:
- ასაკობრივი განვითარების თვალსაზრისით, ამ ასაკში ბავშვებს „არ ეკუთვნით“ იმის გაანალიზება – რაც ხდება, რატომ ხდება? რა გეოპოლიტიკური მიზეზები განაპირობებს მომხდარს? რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს სამყაროში? აბსტრაქტული ანალიზი, ემოციური რეგულაციის მექანიზმები, კრიტიკული მსჯელობის სათანადო დონე ამ ასაკში ჩამოყალიბებული ჯერ არაა, ამიტომ ეს გადამეტებული, დამაზიანებელი ტვირთია მათთვის. მარტივად, მათ არ სჭირდებათ „ფაქტები, სიმართლე და ჭეშმარიტება“, მათ სჭირდებათ სიმშვიდე და სწორი მორალური, ემოციური მხარდაჭერა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა ჩავუხშოთ ინტერესი ან არ ვუპასუხოთ კითხვებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მივაწოდოთ მათ ცნობები ისე, რომ არ გადავამეტოთ. ნუ დაგვავიწყდება ასაკობრივი განვითარების სპეციფიკა (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვევით).
- განვითარების ამ ეტაპზე მთავარია, უფროსებმა უზრუნველყონ მშვიდი და უსაფრთხო გარემო, კეთილგანწყობილი, მათი ემოციური მდგომარეობის მიმღები.
ახლა აქტუალური ყოველდღიური სიტუაციები და პედაგოგიური მიმართებები:
ფონად ჩართული ტელევიზორი
უნდა მოვაქციოთ თუ არა ბავშვი ინფორმაციულ ვაკუუმში? იზოლირება და სასათბურე პირობები, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, რთული განსახორციელებელია. ბავშვები ამ სამყაროში ცხოვრობენ და წვდომა ინფორმაციასთან, ცნობებთან, ახალ ამბებთან მათ აქვთ და სჭირდებით კიდეც, მაგრამ ჩვენს ოჯახებში ასე გავრცელებული პრაქტიკა – ფონად ხმამაღლა ჩართული ტელევიზორი – დანამდვილებით არის მავნე ხმაური. გამორთეთ ტელევიზორი, იზრუნეთ ბავშვის სმენით ჰიგიენაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი თავისთვის თამაშობს ან ამავე ოთახში რაიმე სხვა საქმიანობითაა დაკავებული, ტელევიზორის ფონური ხმაური და სიტყვები, რომლებიც იქიდან იბეჭდება მეხსიერებაში, დამაზიანებელი, მავნებელია.
ჩაანაცვლეთ ტელევიზორი რაიმე რიტუალით –
მოიფიქრეთ და დანერგეთ რაიმე სასიამოვნო და სახალისო თქვენს ყოველდღიურობაში, რაღაც, რასაც შვილთან/შვილიშვილთან ერთად გააკეთებთ:
- საბავშვო წიგნების ერთობლივი კითხვა – შესაძლებელია პლედებისგან და ზეწრებისგან კარვის აშენება და იქ ფანრით შეყუჟვა. ნახატებიანი წიგნის თვალიერება. ნახატების გაცოცხლება. სიცილი.
- ილუსტრაციების მოფიქრება და ხატვა წაკითხულის მიხედვით. ეპიზოდი თავად ბავშვმა შეარჩიოს. ნახატის ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა. ხატავს ის, ვხატავთ ჩვენ. ვაწყობთ გამოფენას. ვხალისობთ.
- სასაცილო ისტორიების მოფიქრება და ერთმანეთისთვის მოყოლა – „ვსესხულობთ“ პერსონაჟებს საყვარელი წიგნებიდან და ვიგონებთ სასაცილო ამბებს მათი მონაწილეობით. ამბები მარტივია, სახალისო, ალოგიკური. „მივდივართ ერთად და უცბად… ღრუბელი ბობი აფრინდა ცაში. მიფრინავს, მიფრინავს და თან ხელს გვიქნევს. ჰეეეეეი… იძახის. რამსიმაღლე გავიზარდე…“, ვიცინით. ვკისკისებთ.
- ამოკრებთ ზმნებს წაკითხული მონაკვეთიდან და „გააცოცხლებთ“. გმირი ასკინკილით დახტის? ვხტუნავთ ჩვენც. ვინმე გორაობს? ვგორავთ. მილასლასებს? ვლასლასებთ. მიკუნტრუშობს? ვცდილობთ გავკუნტრუშდეთ.
- გაფერადება – დღეში 20-25 წუთი დაეთმოს მხოლოდ გაფერადებას. იღებთ ფურცლებს, ხატავთ კონტურებს და იწყებთ გაფერადებას.
- სეირნობა – ნებისმიერ ამინდში შესაბამისად გამოწყობა და სეირნობა. ნებისმიერ ამინდში. გამონაკლისის გარეშე. 15-20 წუთი – გასვლა, სეირნობა, ამინდზე დაკვირვება. თუ წვიმს, დასველება. თუ მზეა, სითბოსა და მზის სხივების მოლამუნების შეგრძნება კანზე…
და ასე. კითხვა არის ხალისი და კათარსისი.
მოსმენა და მიღება
ბავშვებს, გვინდა თუ არა, ესმით ახალი ამბები. ისინი ინტერესდებიან, რა ხდება, რატომ ხდება და რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს მიმდინარე მოვლენებმა მათზე. მათ ინფორმაციულ ვაკუუმში ვერ მოვაქცევთ, მაგრამ, როგორც აღინიშნა, ვერც იმის მოლოდინი გვექნება, რომ ისინი შეძლებენ სწორი მიზეზშედეგობრივი კავშირების გაბმას, გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გარკვევას.
მნიშვნელოვანია არა იზოლირება, არამედ ინფორმაციის დოზირება და მათი თანდასწრებით მათთვის გასაგებად, მინიმალისტურად და მშვიდად გადამუშავება.
უსუსურობის განცდა ისაა, რასაც უნდა ავარიდოთ ბავშვი. აუცილებელია ემოციური გადახურებისგან მისი დაცვა, მაგრამ თუ ემოცია უკვე არის, თუ ბავშვი ამბობს – „მეშინია“, ამ ემოციის მიღება და გათავისებაში დახმარებაა პრიორიტეტი და არა მიჩქმალვა. მაგალითად, „ნუ გეშინია!“ ან უარესი – „არ გრცხვენია, რის გეშინია?“ და მსგავსი „გამხნევება“ უფრო მისი ემოციები გაუფასურებაა. ბავშვს ეშინია, ის გვიზიარებს ემოციას და ელის ჩვენგან მის მიღებას, მხარდაჭერას და არა მიჩქმალვას.
„მესმის. გეშინია. ასეთ დღეებში მეც ზოგჯერ ვგრძნობ ხოლმე შიშს ან შფოთს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გავუმკლავდები. მოდი, ახლა ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ გრძნობას, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს“.
აქაც ბევრი რამის მოფიქრება შეგვიძლია – მაგალითად, ჩვენ სახლში გვაქვს „მოგონებების ყუთი“, რომელშიც ანოს და ბუბას (ჩემი შვილების) ბავშვობის ნახატები, მათი მისალოცი ბარათები, ფერადი კენჭები, ნივთები, წვრილმანები გვაქვს შენახული. ამ მოგონებების ყუთს ძალიან ვუფრთხილდები. ასეთი მოგონებების ყუთი კარგი რამაა შფოთიანობისას გადმოსაღებად, დასათვალიერებლად, წარსულის დასამახსოვრებელი მომენტების გასახსენებლად. შეიძლება შევქმნათ „შფოთის ყუთიკოც“. ამ „შფოთის ყუთიკოში“ მოვათავსოთ ნახატები, რომლებზეც ჩვენი შიში ან უგუნებობაა გამოსახული, გავაკეთოთ ჩანაწერები, სასაცილო თილისმები. ჩავაწყოთ თავი მჭიდროდ დავახუროთ და მაღლა, მაღლა შემოვდოთ…
ვიზრუნოთ საკუთარ თავზე
თვითმფრინავში ბავშვთან ერთად მგზავრობის უმთავრესი წესი ხომ გახსოვთ – საჭიროებისას ჟანგბადის ნიღაბს ვიკეთებთ ჯერ ჩვენ და მხოლოდ ამის შემდეგ ვუკეთებთ ბავშვს. საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ რიგში გვჭირდება იმიტომ, რომ ბავშვს ვჭირდებით მხნე, მედგარი, მტკიცე და ძლიერი. მშობლობა ურთულესი რამაა. გადაღლა, გადაქანცვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მედგრობა რთული შესანარჩუნებელია ამ ქაოსურ დროებაში, მაგრამ ეს ჩვენი უპირველესი მოვალეობაა.
საკუთარი თავისთვის, მოძრაობისთვის, განტვირთვისთვის აუცილებლად გამოყავით დრო.
მიხედეთ თავს.
მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს.
ესეც საუკეთესო გაკვეთილია ბავშვებისთვის.