ინგლისურის მასწავლებლობა მართლა სახალისო რამეა. მით უმეტეს ჩემნაირი მომთაბარე მასწავლებლისთვის, რომელიც ერთ სკოლაში იზამთრებს და მეორეში იზაფხულებს. მუდმივად ცვალებადი რიტმი, მოთხოვნები, გამოწვევები, პროფესიას დინამიკას სძენს და ცვლილებები უწყვეტი განვითარებისკენ მიბიძგებს. ასე თავს სულ ახალგაზრდა „მასწად“ ვგრძნობ. ხუმრობა იქით იყოს და, სანამ ჩემი ერთ ადგილზე დარჩენისა და მუშაობის რეკორდის მოხსნის გზას ვადგავარ, იმაზე მეტი უცხო გამოცდილება შევიძინე, ვიდრე აქამდე აღებული ერთად. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მომიწია თან ინგლისურის მასწავლებელი ვყოფილიყავი და თან სპექტაკლის რეჟისორი. თავიდან კარგად შევფიქრიანდი, მით უმეტეს, როცა სანაცვლოდ ფონისკების კურსზე გადასვლა შემომთავაზეს, თუმცა ერთფეროვნების არასასიამოვნო სუნი მეცა და მაშინვე თავი გავაქნიე – ეს არ მინდა, თეატრის კურსი იყოს-მეთქი.
აქედან რამდენიმე კვირაში საკლასო ოთახში ხუთ ბავშვთან ერთად აღმოვჩნდი და პირველ რიგში სხვადასხვა სავარჯიშოთი მათი სამსახიობო ნიჭის შემოწმება დავიწყე. ისეთებიც კი, ვინც ბოლო დღეს სცენაზე ბრწყინავდნენ, პირველ დღეს მორცხვად და ჩუმად ლაპარაკობდნენ.
On Stage EF China-ს საზაფხულო კურსია, რომელიც უფრო თეატრის კლუბს ჰგავს, ვიდრე ტრადიციულ გაკვეთილს. კურსს აქვს თავისი სახელმძღვანელო, რომელშიც სხვადასხვა კომედიური ჟანრის მოკლე პიესებია მოცემული. თითოეულ პიესას თან ახლავს სავარჯიშოები, რომლებიც პირველ რიგში მოსწავლეებს სცენარის აღქმასა და გააზრებაში, უცხო სიტყვებისა და ფრაზების დასწავლაში ეხმარება. თითოეულ პიესას აქვს თავისი ვიდეოც, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ უყურონ, როგორ დადგეს იგივე პიესა სხვა ბავშვებმა. ჩამონათვალში, რასაკვირველია, კოსტიუმები და სხვა სასცენო დეკორაციები და საჭირო ნივთებიც შედის.
კურსის მიმდინარეობისას, უამრავი აღმოჩენა გავაკეთე. მოსწავლეებს ძალიან უყვართ როლური თამაშები, თუნდაც თავიდან იმორცხვებდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ, მათთვის ეს პროცესი გაცილებით სახალისოა, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივობა. ამიტომ იქნებ სულაც არ არის შორს საღი აზრისგან, რომ შევძლოთ და როლური თამაშები ხშირად შევთავაზოთ მათ, მსგავსი კურსების გარეშეც, თუნდაც მხოლოდ იმ ტექსტებით, რომლებიც კონკრეტულ სახელმძღვანელოებში გვაქვს მოცემული და რომლებსაც სულ მარტივად გადავწერთ სცენარად.
იმისთვის, რომ პროცესი მარტივად დაძრათ და დაძაბულობა მალე განმუხტოთ, მარტივი სავარჯიშოების გამოყენებით დაიწყეთ. დაწერეთ დაფაზე ერთი მარტივი წინადადება და სთხოვეთ მოსწავლეებს ის სხვადასხვა ემოციებით წაიკითხონ. მაგალითად, სიცილით, ტირილით, გაბრაზებული ხმით, გაოგნებული ხმით, შეშინებული ხმით და ა.შ. ეს სავარჯიშო მოსწავლეებს ამხიარულებს, ეს კი პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ მორცხვობის გარეშე გაბედონ და როლში შევიდნენ. პარალელურად კი, როგორც ნამდვილმა რეჟისორმა თქვენც უნდა უჩვენოთ, რა როგორ და რანაირად უნდა გააკეთონ. პირადი მაგალითი ხომ ყველაფერია?!
რატომ მუშაობს ასე წარმატებით როლური თამაშები და რატომ უნდა ჩავრთოთ ისინი გაკვეთილებში (თუნდაც კვირაში ერთხელ):
- როლური თამაშები ხელს უწყობს სტრესის შემცირებას და, შესაბამისად, უსაფრთხო გარემოს შექმნას. მოსწავლეები არ ღელავენ იმაზე, რომ საუბრის დროს შეცდომას დაუშვებენ და ეს ტრაგედია იქნება. როლური თამაშის დროს დაშვებული შეცდომა როლის ნაწილად აღიქმება და ეს ხასიათს ქმნის, ამიტომ მოსწავლეები მას ისე აღარ უყურებენ, როგორც პირად წარუმატებლობას. გარდა ამისა, როლური თამაშები დროთა განმავლობაში ბავშვებს ეხმარება შესრულების წინა შფოთვის დაძლევაში და ნელ-ნელა მცირდება ენის ბარიერიც, ვინაიდან ისინი ინგლისურს ბევრი ფიქრის გარეშე, თავისუფლად იყენებენ. მოსწავლეები ხდებიან უფრო მეტად გახსნილი და მზად არიან უფრო მეტი იფიქრონ და თქვან, ვიდრე ამას ჩვეულებრივ გაკვეთილზე იზამდნენ.
- როლური თამაშები ხელს უწყობს მათი თავდაჯერებულობის ზრდას; როლში წარმატებით ყოფნა საბოლოოდ მოსწავლეს თვითშეფასებას უმაღლებს. ეს კი მათ არამხოლოდ დადგმებში, არამედ სხვადასხვა სასკოლო საქმეებშიც ეხმარება, იქნება ეს საკლასო სამუშაოები თუ საშინაო დავალება.
- როლური თამაშები ეხმარება მოსწავლეებს გამოცადონ სხვადასხვა სოციალური როლები და გაიღრმაონ ემპათია: იმის დასწავლა და შესრულება თუ როგორ ‘ცხოვრობს’ სხვადასხვა პერსონაჟი, მათ აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა ადამიანების ემოციები და მოტივები გაითავისონ. ამგვარად ბავშვი სწავლობს არამხოლოდ ლაპარაკს არამედ მოსმენას და გაგებასაც. ამასთანავე მოსწავლეები აქტიურად იწყებენ ერთმანეთის ტექსტების დასწავლასაც და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთისთვის შეხსენებასაც იწყებენ, ზოგჯერ ისე, რომ გამოცდილი თვალი თუ შეატყობს მხოლოდ. ეს კი ნამდვილი გუნდური მუშაობაა.
- როლური თამაშები ეხმარება მოსწავლეებს, სხვა კუთხით შეისწავლონ ენა. ამ დროს სიტყვები და ფრაზები არ რჩება მხოლოდ წიგნში შავით თეთრზე ამოკითხულ თეორია. ისინი მეხსიერებაში ინახება ემოციასთან, მოძრაობასთან და სიტუაციასთან ერთად.
- როლური თამაშები ბავშვებს მოტივაციას უძლიერებს, რადგან თამაშის ელემენტი და სცენაზე გამოსვლის სიამოვნება ქმნის შინაგან მოტივაციას. როცა მოსწავლე ენას სწავლობს იმიტომ, რომ სურს, როლი უკეთ მოირგოს და შეასრულოს, ეს გაცილებით ძლიერი შინაგანი მოტივატორი ხდება, ვიდრე ნებისმიერი ქულა ან ტესტის შედეგი.
როლური თამაში არ არის უბრალოდ აქტივობა, რომლითაც გაკვეთილი საინტერესო ხდება. ეს უსაფრთხო სივრცეა, სადაც მოსწავლეებისთვის ინგლისური ბუნებრივ მოცემულობად იქცევა. ისინი მეტს ამბობენ, მეტს გრძნობენ და მეტს გამოხატავენ. არ არის აუცილებელი როლური თამაშებით ყოველი გაკვეთილი დავტვირთოთ. სრულიად საკმარისი იქნებოდა, თუკი მათ თვეში რამდენჯერმე მივცემდით შესაძლებლობას, ყოფილიყვნენ ვინმე სხვა – დეტექტივი, ექიმი, მეფე, ჯინი, შეშლილი მეცნიერი თუ პრეტენზიული მომხმარებელი. ასე სწავლა აღარ იქნება ვალდებულება, არამედ – თავგადასავალი.