შაბათი, მაისი 30, 2026
30 მაისი, შაბათი, 2026

დიტერ ველერსჰოფის იმედგაცრუების წიგნი

0

,,სამოთხე არ არის სამყოფელი’’ ამბავია ადამიანად ყოფნის გარდაუვლობაზე. სწორედ იმაზე, რომ ჩვენ მისჯილი გვაქვს დედამიწა, მაგრამ ამ სასჯელში ტრაგიკული არაფერია და თუ არის – მაინც უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთფეროვანი დღეებით სავსე მარადიული კალენდარი

წიგნი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც საკუთარი ცხოვრების რადიკალურ გადახედვას იწყებს. ის ცდილობს გაექცეს რეალურ სამყაროს და ეძებს „სამოთხეს“—მდგომარეობას, სადაც შეძლებს სრულყოფილებას, თავისუფლებას ან სიმშვიდეს, თუმცა საბოლოოდ ხვდება, რომ ასეთი ადგილი არ არსებობს.

ველერსჰოფი ამ რომანშიც, როგორც  სხვა ნაწარმოებებში, იყენებს ექსპერიმენტულ თხრობას ფსიქოანალიტიკური ცოდნის დემონსტრაციით.

ტექსტი რთული, მრავალშრიანი ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროს, იდენტობის კრიზისს, რეალობის აღქმას და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს განიხილავს. წიგნი შეეხება არა მხოლოდ პერსონაჟის პირად ძიებას, არამედ ზოგად ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ თემებს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს უკავშირდება.

მთავარი გმირი  ეგზისტენციალური კრიზისითაა მოცული —ის ცდილობს გაერკვეს, ვინ არის სინამდვილეში და როგორი უნდა იყოს მისი ცხოვრება. მას არ აკმაყოფილებს არსებული რეალობა და ცდილობს ალტერნატიული „სამოთხის“ პოვნას, თუმცა აღმოაჩენს, რომ ეს იდეა ილუზორულია. ველერსჰოფი ხშირად იყენებს პერსონაჟის სუბიექტურ განცდებსა და ცნობიერების ნაკადის ტექნიკას. წიგნში მკითხველი ხედავს, როგორ იშლება რეალობისა და წარმოსახვის ზღვარი, როგორ იცვლება გმირის აღქმა გარემოს მიმართ და როგორ მოქმედებს ეს მის ფსიქიკაზე.

ავტორი ჭვრეტს, თუ როგორ ართმევს თანამედროვე საზოგადოება ადამიანს იდენტობას, როგორ ძალადობს მასზე კონფორმიზმითა და სტანდარტიზებული ღირებულებებით. გმირი ცდილობს ამ ჩარჩოებს გასცდეს, თუმცა ამაოდ.

 

წიგნი სვამს მარადიულ კითხვას— რა არის სიცოცხლის მიზანი და როგორ შეგვიძლია მისი გააზრება იმ სამყაროში, სადაც „სამოთხე არ არის სამყოფელი“? გმირის ფიქრები ხშირად სიკვდილს და არსებობის აზრს მიმემართება, რაც  კიდევ უფრო ღრმად ძირავს შინაგან ქაოსში.

მიწიერი ცხოვრება ვერასდროს იქნება სამოთხის მაგვარი, ყოფა  რთული და წინააღმდეგობებით სავსეა, ხოლო გაქცევა მასთან შეჯახებას ვერ აგარიდებს – ის ყველგანაა, სადაც ჩვენ ვართ, სადაც ვმყოფობთ, სადაც ადამიანი გვქვია.

თუმცა ტექსტის ფინალი ისეთია, რომ მაინც სხვა ფიქრს გიჩენს  და ეს ფიქრი გკარნახობს, რომ მიუხედავად მთელი სიმკაცრისა, რასაც რეალობა გვთავაზობს, შეიძლება ბუნების ერთ რიგით აღწერაში – დედამიწაც დაინახო და სამოთხე. ან ასე – სამოთხე დედამიწაზე: ,, მშვენიერი შემოდგომის დღე იდგა. ფოთლები უკვე შეფერილიყვნენ,  ზოგიერთი ტოტებს წყდებოდა და ნავივით მიტივტივებდა მიწისკენ. გზის მარცხნივ და მარჯვნივ საძოვრები ცარიელი იყო, ბალახი კი უკვე  გახუნებული. რამდენიმე წამით შეჩერდნენ, რათა ირგვლივ მიმოეხედათ, მერე კი უსიტყვოდ განაგრძეს გზა. ცა ლურჯად კამკამებდა.’’

აქ გახუნებული ბალახი დედამიწაა, ლურჯი ცა კი – სამოთხე. მთავარია ხან მაღლა ახედვა ვისწავლოთ და მოვახერხოთ. სხვა – არაფერი.

ფეხბურთი… ფეხბურთი…

0

არ მახსოვს, ფილმში (“პირველ მერცხალში”) როგორაა, მაგრამ – “პენტელი!” – ასე ნიშნავს პენალტს იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟი, პოლიციელი ვარლამი, ლევან ჭელიძის სცენარში, რომელიც სრულიად გადასარევი საკითხავია.

*

სოფელში ჭიშკართან მაქვს სტადიონი, უფრო სწორედ, მოზრდილი მინდორი, რომელზეც ჩემს დროს სტანდარტული ზომის დიდი საფეხბურთო სტადიონიც იყო, მინი სტადიონიც და ფრენბურთის მოედანიც. შესაბამისად, სპორტი, განსაკუთრებით – ფეხბურთი, ბავშვობიდან ღრმად გახლდათ შემოჭრილი ჩემს ცხოვრებაში. ეგეც არ იყოს, მამაჩემი, კომუნისტების დროს, სოფლის გუნდში თამაშობდა და დღემდე ახსოვთ რაიონში მისი თამაში. მწვრთნელი ჰყავდათ გენიალური კაცი, განთქმული შარაფისტი. სადმე ქორწილში რო წავიდოდა, ჩააყრევინებდა უშველებელ პარკში ან ტომარაში პურ-მარილს “თავისი ბიჭებისთვის”, ანუ – ფეხბურთელებისთვის, და დააპირქვავებდა მინდორზე, თურმე, ერთმანეთში აზელილ ხორცს, ნამცხვარს, ტორტს, ხაჭაპურს და ა. შ. , ხოდა, ვარჯიშები, არცთუ იშვიათად, ქეიფებში გადაიზრდებოდა ხოლმე… საბჭოთა კავშირის დაშლის მერე მამაჩემი მხოლოდ გასართობად თამაშობდა ხოლმე უბანში, მერე, ჩემი ასაკისა, უკვე აღარ თამაშობდა, თუმცა, როცა ჩვენი უბანი სხვა უბანს ეთამაშებოდა, დელეგაცია მოდიოდა ხოლმე სათხოვნელად, რო ეთამაშა, როგორც იასონთან მიდიან. მისი ნაქონი შორტი, მაისური და გეტრები მე მეცვა მერე, მართალია, დიდი მქონდა, მაგრამ მაინც მეცვა. მამაჩემი მცველი იყო, მე – თავდასხმაში ვთამაშობდი, ამიტომ მისი მაისურის უკან მიწერილ ნომერ 3-ზე ბებიაჩემმა 10 ნომერი გადააქარგა და ჩემზე ბედნიერი კაცი არ დაიარებოდა ჩხოროწყუში…

როგორც მახსოვს, ფეხბურთელობა არასოდეს მდომებია, უფრო – მხატვრობისკენ და მწერლობისკენ ვიქაჩებოდი, მაგრამ ფეხბურთის თამაში გაგიჟებამდე მიყვარდა. დედაჩემი დღემდე იხსენებს ხოლმე, როგორ დამტოვა ოთახში გაკვეთილის სასწავლებლად, ცოტა ხანში ჩუმად შემოიხედა ოთახში და ნახა, როგორ ვიდექი ფანჯარასთან, მინი სტადიონზე მოთამაშე თანატოლებს გავცქეროდი და ფინტების და დარტყმის იმიტაციას ვაკეთებდი როლში შესული…

ბურთი იყო ჩვენი პრობლემა სულ. უფროსებს ერთი ბურთი ჰქონდათ ხოლმე და მაგას ჩვენთვის, ბავშვებისთვის, ვერ იმეტებდნენ, ამიტომ ჩვენ მუშტისტოლა პლასტმასის ბურთით ვთამაშობდით. ზოგჯერ სტანდარტული ზომის ბურთს რო მოვიხელთებდით, იმ მუშტისტოლა ბურთზე ნაწრთობნი, ისე ვფინტაობდით, მიმიქარავს მარადონა და მესი…

შემდეგ ლარიანი, ფერადი ბურთები შემოვიდა და მაგას ვდებდით ხოლმე ტყავში, ოღონდ სტანდარტულ რეზინაზე ბარე ათჯერ სქელი იყო ის ბურთები, ამიტომ, ტყავში ჩადებული, საშინლად მძიმე გახლდათ, მაგრამ პლასტმასის გორებას, ისევ ეგ სჯობდა. სტადიონს ერთ მხარეს ეკალ-ბარდი და ტრიფოლიატის ბუჩქები ესაზღვრებოდა, ამიტომ ხშირად იხვრიტებოდა ბურთი, ხოდა, ნახვრეტზე ნაჭრებს ვაწებებდით ხოლმე გახურებული დანით (რაღაც უცნაური რეზინა იყო – პლასტიკური მასის და რეზინის ნაზავი, – გახურებულ დანას რო გაუსვამდი ნახვრეტს და იმავე მასალის პატარა ნაჭერს, ზედაპირები წებოვან-მდნარი ხდებოდა და მაგრად ეწებებოდა ერთმანეთს.) ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში სწორედ ამ ლარიანმა ბურთმა გაგვიწია ბურთობა მთელი საქართველოს ბავშვებს…

ზამთარში მოწყენილი და ცარიელი იყო ჩვენი სტადიონი, მხოლოდ ბავშვები თუ გავაგორებდით ზოგჯერ ბურთს, აი, გაზაფხულზე, აღდგომა დღეს, საფეხბურთო სეზონი იხსნებოდა. აღდგომის წინა დღეს, ამოვსებულ ხაზებს ისევ გავავლებდით თოხებით, ჩავყრიდით შიგ ნახერხს და სათამაშოდ მზად იყო მოედანი. აღდგომა დღეს, რაც არ უნდა წვიმა ყოფილიყო, გვერდითა უბნელი ბიჭები მოდიოდნენ (მაგათ საშინელი სტადიონი ჰქონდათ) და იხსნებოდა საფეხბურთო სეზონი. და ასე გრძელდებოდა ყოველ საღამოს, ყანიდან გამოსული და მოწესრიგებული ხალხი ამ ჩვენი სტადიონისკენ მოიჩქაროდა, მეტი გასართობი არაფერი იყო. არც სტუმრად ჩამოსული გოგოების ნაკლებობა იყო სოფელში, ეს კი დამატებითი სტიმული გახლდათ თავგანწირვისთვის და მათთვის თავის მოსაწონებლად ჩაღდებოდა შიშველი ფეხების ხათქა-ხუთქი და ტყაპა-ტყუპი, აბა, სად იყო ბუცები, კედები და კაი ცხოვრება… თავსხმისას მაყურებლები სტადიონის გასწვრივ ჩამწკრივებულ სახლებში გადაინაცვლებდნენ და მეორე სართულის დერეფნებიდან ადევნებდნენ თვალს თამაშს, ჩემი სახლის დერეფანიც ხშირად გამხდარა ასეთი “ტრიბუნა”…

ახლა ჩემი სახლის წინ მაგხელა სტადიონი სრულიად უქმადაა, აღარავინ თამაშობს, ღორების დინგით გადათხრილი და სარეველამოვლილი, უეჭველად მოგვრის ცრემლს გულჩვილ მაცქერალს, რომელსაც ის დიდი თამაშები ახსოვს…

*

ვერ ვიხსენებ, ფილმში როგორაა, მაგრამ – “პენტელი!” – ასე ნიშნავს პენალტს იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟი, პოლიციელი ვარლამი, ლევან ჭელიძის სცენარში.

ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია

0

ზაფხულის არდადეგების, მზიანი დღეებისა და თავისუფლების შემდეგ არცთუ ისე მარტივია საკლასო ოთახში დაბრუნება და სასწავლო ფერხულში ჩაბმა. ჩემს ბავშვურ შეგრძნებებს რომ ვიხსენებ, მაგონდება, როგორ მიხაროდა წინასასკოლო სამზადისი, თუმცა მერე ვღელავდი, ვიდრე დავალებების შესრულებისა და მეცადინეობის რეჟიმს შევეგუებოდი. ეს შეგრძნება არც მასწავლებლობის მეთექვსმეტე წელს არ მავიწყდება. ზემოაღნიშნული და კიდევ სხვა მიზეზების გამო ვცდილობ, ჩემი მოსწავლეების პირველი სასწავლო კვირა ისე დავგეგმო, რომ ბავშვებს ადაპტაციის პროცესში დავეხმარო.

წლის პირველი წერითი დავალების იდეა შთამაგონა ბოლო ხანს ქართულად ნათარგმნი წიგნის გარეკანმა და სათაურმა – „ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია“.

თანაც სწორედ ამ წიგნის წაკითხვა ვურჩიე ჩემს მოსწავლეებს გასულ ზაფხულს და თამამად დავიმგზავრე სკოლისკენ, ასევე ამოვბეჭდე სამუშაო ფურცლები (კინოფირი თეთრ ფონზე 12 უჯრით). არის ხოლმე დღეები, როცა ვერ ვასწრებ გაკვეთილის წინასწარ დაგეგმვას და ეს არ მიყვარს. როცა დაგეგმილი მაქვს გაკვეთილის შინაარსიც და ფორმაც, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს.

ახლა თქვენც გაგაცნობთ ჩემი გაკვეთილის არასტანდარტულ გეგმას.

  • გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით და ბავშვებს ვკითხე, რას ნიშნავდა მათთვის ზაფხული. ვთხოვე, გაეზიარებინათ, რა ემოციები უჩნდებოდათ ზაფხულზე ფიქრის დროს. პასუხების მოსმენის შემდეგ ვუთხარი მათ, რომ ზაფხული ბევრი მწერლის, მხატვრის, კომპოზიტორისა თუ რეჟისორისთვის შთამაგონებელი გამხდარა. მერე გაიხსენეს წიგნები, რომლებიც წაუკითხავთ და საზაფხულო თავგადასავლებზეა: იბენ აკერლის „ზაფხული, რომელმაც ყველაფერი დაიტია“, რეი ბრედბერის ,,მთელი ზაფხული ერთ დღეში“, ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენ სალტკროკელები ვართ“, ენიდ ბლაიტონის „ცნობილი ხუთეული“…

კარგი იქნებოდა, რამდენიმე ნახატიც რომ იქვე მეჩვენებინა, აი, ამ ბმულზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ.

 

აზრების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე სამუშაო ფურცლები, შემდეგ კი ვთხოვე, გაეხსენებინათ ის მომენტები, ამბები გასული ზაფხულიდან, როცა განიცადეს სიხარული, ბედნიერება, აღფრთოვანება, თითოეული გადმოეცათ 1-2 წინადადებით. წერის დროს ერთი სიამოვნება იყო მოსწავლეებზე დაკვირვება, ხან ეღიმებოდათ, ზოგჯერ დასერიოზულდებოდნენ, მზის შუქჩრდილებივით ეცვლებოდათ ჩაფიქრებული სახეები.

    • წერა რომ დაიწყეს, მოვასმენინე ბიტლზების Here Comes The Sun, შემდეგ რამდენიმე ქართული და უცხოური სიმღერა, რომლებიც ზაფხულზეა. ბავშვებსაც ვთხოვე, თანაკლასელებისთვის ჩაერთოთ ის სიმღერები, რომლებსაც ზაფხულში უსმენდნენ. ოთხი კლასის დაახლოებით 80 მოსწავლიდან მხოლოდ ორმა მოგვასმენინა თავისი საზაფხულო მუსიკა. ერთმა მერვეკლასელმა მითხრა, ჯიმი ჰენდრიქსი ამ ზაფხულს აღმოვაჩინე და მისი მოსმენა 2025 წლის ზაფხულს მახსენებსო; მეორემ კი, აი, ეს გაგვიზიარა და დარწმუნებული ვარ, უმრავლესობამ, მათ შორის, მეც, პირველად მოისმინა – Sandman – The Chordettes. ყოველთვის ვამბობ, მასწავლებლობა არის უწყვეტი განვითარება, თუ, ცხადია, მასწავლებელი ამას აცნობიერებს და უნდა. მაგალითისთვის, სწორედ ჩემი მოსწავლის წყალობით გავიგე იმ დღეს ამ მუსიკალური ჯგუფის შესახებ და რამდენიმე ჩემთვის ახალი სიმღერაც გავიცანი.

     

    • მას შემდეგ, რაც სამუშაო ფურცლები შეავსეს და ზაფხულის 12 ბედნიერ მომენტზე დაწერეს, მოსწავლეებს ვთხოვე, მოეხატათ, გაეფერადებინათ სურვილისამებრ. ესეც ძალიან ინფორმაციულია მასწავლებლისთვის, საინტერესოა, როგორ ხედავს და გადმოსცემს საკუთარი ზაფხულის ფერებს და განწყობას ბავშვი.

     

    • ბოლოს მოსწავლეებს დავავალე ასეთი რამ: წარმოედგინათ თავი რეჟისორებად, თითქოს აპირებდნენ 12-13 წლის მოზარდის ზაფხულზე ფილმის გადაღებას, საკუთარი ჩანაწერები მიეჩნიათ სცენარად და გადაეწყვიტათ, რას დაარქმევდნენ საკუთარ ზაფხულზე გადაღებულ ფილმს. თავიდან ცოტა ერთულათ, თუმცა საბოლოოდ ასე დაასათაურეს თავიანთი ნაწერები: „მეცამეტე ზაფხული“, ,,მდინარე“ (მდინარეს ჰგავდა ეს ზაფხული, სწრაფად გავიდაო, ასე ახსნა), „ჩემი საყვარელი ზაფხული“, „უკეთესიც შეიძლებოდა“, „ზაფხული, როცა გავლამაზდი“, „ზაფხულის ქრონიკები“ და სხვა…

     

    • ოთხი გაკვეთილი რომ დამთავრდა, ასე გავშალე ბავშვების ნაწერები და ფოტო გადავუღე: აქ კარგად ჩანს ზაფხულის მშვენიერებაც და ბავშვური ფერადი თავგადასავლებიც.

***

სახლისკენ მიმავალი ბევრ რამეზე ვფიქრობდი: ერთი მხრივ, მახარებდა მოლოდინი, ჩემი მოსწავლეების საზაფხულო თავგადასავლებს რომ გავეცნობოდი, გავიგებდი, რამ გააბედნიერა ისინი. ილუზია არ მაქვს იმისა, რომ რომელიმეს სევდიანი დღეები არ ჰქონდა, თუმცა ცხოვრებაც ხომ ასეა, მთავარია, სევდამ ისე არ გადაფაროს სიხარული, რომ გადაგვავიწყოს. ეს წერითი დავალება სწორედ ამის გააზრებაში დაგვეხმარა.

 

მეორე – ხშირად მოსულა ჩემთან ახალგაზრდა, უფროსკლასელი მოსწავლე თუ სტუდენტი და უთქვამს, რომ წერა არ შეუძლია, მე კი მგონია, რომ წერა ყველას შეუძლია. მთავარია, სწორად შევარჩიოთ სტრატეგიები, მოსწავლეების მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ აქტივობები და დავანახოთ ბავშვებს, რომ წერა თვითგამოხატვის საუკეთესო გზაა, ეს არის ძალა, რომელსაც ვერავინ წაართმევს მათ. თავიდან წერას ერთი წინადადებით ვიწყებთ და ხანდახან ეს ერთი წინადადება მთელ ზაფხულს უდრის.

ენისა და მეტყველების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობანი

0

ენისა და მეტყველების სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობანი

მარიამ გოდუაძე

განათლებაში ჩართულ არაერთ ადამიანს ჰგონია, რომ ენისა და მეტყველების სპეციალისტი ლოგოპედია, რომელსაც საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო სივრცეში კორექციული პედაგოგიკის ფუნქცია-მოვალეობანიც ეკისრება. თუმცა, საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ ენა და კომუნიკაცია არ შედის ლოგოპედის კომპეტენციაში. ლოგოპედია არის დარგი, რომელიც მხოლოდ მეტყველების სირთულეების გამოვლენისა და კორექციისთვის იყენებს სპეციალურ მეთოდებს.

 

მიჩნეულია, რომ ენისა და მეტყველების თერაპევტის მოვალეობაში შედის ისეთი სფეროების განვითარების ხელშეწყობა, როგორიცაა: კომუნიკაცია, ენა და მეტყველება.

 

კომუნიკაცია არის ორ ან მეტ ადამიანს შორის ინფორმაციის, იდეების, ფიქრების, ემოციების გაცვლა. ადრეული კომუნიკაციის უნარი ბავშვის მომავალი ენობრივი და ინტელექტუალური განვითარების წინაპირობაა. სპეციალისტები მიუთითებენ[1], რომ წარმატებული კომუნიკაციის პროცესის მისაღწევად აუცილებელია, ბავშვი ჩაერთოს სხვა ადამიანთან ურთიერთობაში. მან უნდა მისცეს გარკვეული ფუნქცია კომუნიკაციის პროცესს, მიესალმოს, მოითხოვოს სასურველი, შეესიტყვოს, გამოხატოს ემოცია, უარი თქვას არასასურველზე ან, უბრალოდ, დაასახელოს ობიექტი. ამის მიღწევა ბავშვს სხვადასხვა ხერხითა და ფორმით შეუძლია, მაგალითად, თვალით დიდხანს უყუროს ნივთს, რითაც გამოხატოს ამ ობიექტით დაინტერესებისა და მისი მიღების სურვილი; მიგვანიშნოს თითით ან ჟესტით, დაწეროს, დახატოს და ა.შ. აუცილებელია, ყურადღებით დავაკვირდეთ ბავშვის ქცევას და ამოვიცნოთ, რა სახის კომუნიკაციის მიმანიშნებლებს იყენებს. თითოეულ მათგანს მივანიჭოთ გარკვეული მიზანი და ჩვენც შესაბამისი ქცევით ვუპასუხოთ.

 

მეორე ასევე მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც ენისა და მეტყველების თერაპევტის სამუშაოს ნაწილია, არის ენა. ენა არის შეთანხმებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც კომუნიკაციისა და აზრის გადმოსაცემად გამოიყენება. სანამ ბავშვი სიტყვების, სიტყვათშეთანხმებებისა და წინადადებების ფუნქციურად გამოყენებას შეძლებს, მანამდე ენისა და მეტყველების თერაპევტმა, ასევე მშობლებმა და ოჯახის წევრებმა, ბავშვს ბუნებრივ სიტუაციაში უნდა ასწავლონ მათი მნიშვნელობები. მაგალითად, ჩანგლის ფუნქცია და დანიშნულება გააცნოს საკვების მიღების დროს. გარდა ამის, მნიშვნელოვანია, ბავშვს ვასწავლოთ უკვე ათვისებული სიტყვების გარემოსა და სიტუაციის შესაბამისად გამოყენება.

 

ენისა და მეტყველების თერაპევტის კომპეტენციის კიდევ ერთი სფერო მეტყველებაა. მეტყველების დარღვევის დროს საქმე გვაქვს მშობლიური ენისთვის დამახასიათებელი ბგერების წარმოთქმის თავისებურებებთან. მეტყველება თითოეული ბგერისა და ბგერათკომპლექსების სწორად გამოთქმას გულისხმობს. თუმცა სანამ მეტყველებაზე მუშაობამდე მნიშვნელოვანია, ბავშვის სმენის აუდიოლოგიური შეფასება, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის სმენის დაქვეითება. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ მეტყველებაზე მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ნახსენები სფეროები, კომუნიკაცია და ენა, მეტ-ნაკლებად კარგად არის განვითარებული. მეტყველების დარღვევის ერთ-ერთი ტიპია ენაბორძიკიც.

 

ენისა და მეტყველების თერაპევტის სამუშაო მოიცავს კვებასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებზე მუშაობასაც, როგორიც არის ღეჭვა, ყლაპვა და დამოუკიდებლად ჭამა, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველებისთვის.

 

მაშასადამე, ენისა და მეტყველების თერაპევტი მუშაობს 0-დან 18 წლამდე ბავშვებთან და მოზარდებთან, რომელთაც აქვთ სირთულეები შემდეგ სფეროებში:

  • კომუნიკაციის – როდესაც ბავშვს ან მოზარდს უჭირს საკუთარი აზრების და ფიქრების გამოხატვა, თანატოლებთან ურთიერთობა და თამაში, პირადი სივრცის და ემოციების გაზიარება;
  • რეცეფტული ენის – რაც გულისხმობს მოსმენასა და მოსმენილის გაგებას;
  • ექსპრესული ენის – რაც მოიცავს ცალკეული სიტყვებისა და წინადადებების წარმოებას, რამდენად შეუძლია უკვე აღქმულის გადმოცემა;
  • მეტყველების – როცა არის ბგერების წარმოთქმის სირთულე, მეტყველება რთულად გასაგებია, არის საარტიკულაციო აპარატის მოტორული სირთულეები, ჰიპერსალივაცია, ანუ ჭარბი ნერწყვდენა[2].
  • კვების – კვებასთან (ღეჭვა-ყლაპვასთან) დაკავშირებული სხვადასხვა სირთულეები.

მეტყველების სპეციალისტი აფასებს, გეგმავს და წარმართავს სასწავლო პროცესს. თუკი ამა თუ იმ მოსწავლის ენისა და მეტყველების შესახებ სკოლაში უკვე დასკვნა მომზადებულია და დიაგნოსტირებულია ბავშვის უნარები, რომლებიც მოიცავს ბავშვის მეტყველების, ენის, ხმის, სმენის, ყლაპვისა და კომუნიკაციის უნარების შეფასებას, სპეციალური ტესტებისა და დაკვირვების გამოყენებას, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე მდგომარეობის განსაზღვრას, ამის შემდეგ აუცილებელია ჩარევის დაგეგმვა, რაც შემდეგ პროცესებს მოიცავს:

  • ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის გეგმის შედგენა,
    • მიზნების განსაზღვრა ასაკისა და საჭიროებების მიხედვით,
    • გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიების შემუშავება.

აგაკვეთილო სესია უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ განვითარდეს ბგერა, სუნთქვა, არტიკულაცია, ლექსიკა, გრამატიკა, კომუნიკაცია და პრაგმატული უნარები. ამავდროულად. მხარდაჭერილი უნდა იყოს დისლექსიის, დისგრაფიისა და სხვა სწავლის სირთულეები. თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა გამოვიყენოთ ალტერნატიული და დამატებითი კომუნიკაციის საშუალებები (მაგ.: სურათები, ჟესტები, ტექნოლოგია).

პროფილაქტიკისა და პრევენციისთვის აუცილებელია:

  • მეტყველების დარღვევების დროული აღმოჩენა;
  • მშობლებისა და პედაგოგებისთვის რეკომენდაციების გაცემა;
  • სკოლაში, ბაღსა ან სტაციონარში პრევენციული აქტივობების დაგეგმვა.

კონსულტაცია და თანამშრომლობა

  • მშობლებთან, მასწავლებლებთან, ფსიქოლოგებსა და ექიმებთან ერთობლივად მუშაობა;
  • რეკომენდაციები სასწავლო გარემოს ადაპტაციისთვის;
  • ოჯახის წევრთა ინფორმირება სახლში აქტივობების გაგრძელების გზებზე.

დოკუმენტაციის წარმოება

  • შეფასების შედეგებისა და პროგრესის რეგულარული ჩანაწერები;
  • ინდივიდუალური განვითარების გეგმის განახლება;
  • ანგარიშგება

ენისა და მეტყველების სპეციალისტი მუდმივად უნდა აახლებდეს საკუთარ ცოდნას, ეცნობოდეს თანამედროვე მეთოდებსა და კვლევებს, მონაწილეობდეს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სემინარებსა და ტრენინგებში.

[1] https://mhc.ge/post/223; https://cisi.tsu.ge/Files/electronic_textbooks/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90.pdf

[2] https://mhc.ge/post/131

სასკოლო პროექტი –  „იტალიელი მომღერლები  სტუმრად სკოლაში“

0

(„Felicità“ — სიმღერით ბედნიერების გაზიარება)

 დღეს, მუსიკა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად მიიჩნევა. მუსიკა აერთიანებს ემოციას, კულტურას და ენობრივ ელემენტებს, რის მეშვეობითაც სწავლა გადაიქცევა ცოცხალ, მრავალმხრივ გამოცდილებად. სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე დაიგეგმა ქართულ-იტალიური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტი  –  „იტალიელი მომღერლები ქართულ-იტალიურ სკოლაში“.

პროექტის მიზანი იყო კულტურათა დიალოგის გაღრმავება, იტალიური ენის სწავლების ემოციურ და შემოქმედებით ფორმებში ინტეგრირება და მოსწავლეებში პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება უცხო ენის შესწავლისადმი. მთავარი შთაგონების წყარო გახდა ცნობილი იტალიური დუეტის, Al Bano & Romina Power-ის, ცნობილი სიმღერა „Felicità“ (ბედნიერება).

მომღერლების მოსვლამდე განხორციელებული აქტივობები

მოსწავლეებმა მომღერლების სტუმრობამდე იმუშავეს სიმღერის ტექსტზე. მათ განიხილეს სიტყვების მნიშვნელობა, შეადარეს იტალიური და ქართული ვერსიები და შეადგინეს პატარა ლექსიკური რუკები.

მასწავლებელმა წამოიწყო ინტერაქტიული აქტივობა — „ბედნიერების გამომხატველი სიტყვების კედელი“. მოსწავლეებმა ფერად ფურცლებზე დაწერეს სიტყვები, რომლებიც მათთვის ასოცირდებოდა ბედნიერებასთან — amore (სიყვარული), famiglia (ოჯახი), amici (მეგობრები), sole (მზე), sorriso (ღიმილი), musica (მუსიკა) და სხვ.

შემდეგ ეს სიტყვები გამოფინეს  კედელზე, რომელიც  გადაიქცა ემოციების ვიზუალურ რუკად.  გაიმართა დისკუსია – „რა გვაშინებს და რა გვახარებს?“, „რა გვაძლევს ბედნიერებას ყოველდღიურობაში?“ — ამ დიალოგებმა გააღრმავა ემპათია და თანაგრძნობა.

მომღერლების სტუმრობა სკოლაში

პროექტის კულმინაცია იყო იტალიელი მომღერლების სტუმრობა იტალიურ სკოლაში. ეს დღე სავსე იყო მუსიკით, ემოციით და ორ კულტურას შორის უშუალო ურთიერთობით.
მომღერლებმა მოსწავლეებს უამბეს იტალიური პოპ-მუსიკის ისტორიაზე, სიმღერის შექმნის ისტორიაზე და იმაზე, თუ როგორ გამოხატავს „Felicità“ ბედნიერების უნივერსალურ იდეას — უბრალო დეტალებში ბედის პოვნას.

https://www.facebook.com/share/p/177dKzbwpj/

შემდეგ მოხდა ერთობლივი შესრულება — მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სტუმრებმა ერთად იმღერეს „Felicità“. ეს იყო არა მხოლოდ ენობრივი, არამედ ემოციური გაერთიანება, სადაც ყველა მონაწილემ იგრძნო, რომ მუსიკა არის საერთო ენა, რომელიც არ საჭიროებს თარგმანს.

სტუმრობის შემდგომი აქტივობები

ღონისძიების შემდეგ გაკვეთილები გადაიქცა ანალიზისა და შემოქმედების სივრცედ.
მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზე, რა არის ბედნიერება მათი თვალით, როგორ უკავშირდება ეს სიმღერის ტექსტს და როგორ გამოხატავენ ადამიანები ბედნიერებას სხვადასხვა კულტურაში.

ამ ეტაპზე განხორციელდა შემოქმედებითი დავალება — „ბედნიერების გამომხატველი სიტყვების კედლის“ განახლება. მოსწავლეებმა დაამატეს ახალი სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ამ გამოცდილების შემდეგ უფრო ღრმად ესმოდათ: armonia (ჰარმონია), amicizia (მეგობრობა), libertà (თავისუფლება), speranza (იმედი).

დასასრულს მოეწყო მცირე გამოფენა და მუსიკალური წარმოდგენა, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ხელნაკეთი პლაკატების ფონზე ისევ იმღერეს „Felicità“.

პროექტმა აჩვენა, რომ უცხო ენის სწავლა მხოლოდ გრამატიკისა და ლექსიკის დაუფლება არ არის –  ეს არის კულტურული გამოცდილება, რომელიც ემოციით და ურთიერთობით იძენს ნამდვილ ძალას.
„Felicità“-ს სიმღერამ და მომღერლების სტუმრობამ სკოლის ყოველდღიურობას შემატა სიხარული, ერთობა და მოტივაცია. მოსწავლეებმა  გაიაზრეს, რომ ბედნიერება ხშირად ყველაზე მარტივ ჟესტებში იმალება — ღიმილში, მუსიკაში და იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც გულწრფელად გვიზიარებენ სიხარულს.

განვითარებიდან დაავადებამდე – სინციტინი-1-ის გენის დუალისტური ისტორია ადამიანის გენომში

0

ჩვენი გენომი, ერთი შეხედვით, უნიკალური და მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ინფორმაციის კრებულია, თუმცა მისი განხილვისას აღმოჩნდება, რომ უამრავ „უცხო“ ელემენტს შეიცავს. ისინი მილიონობით წლის წინ ჩვენ გენომში ვირუსების მიერ დატოვებული კვალია. ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელი ,,სტუმარია“ გენი, სახელად ERVW-1, ის ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილი გახდა. აკოდირებს ცილას სინციტინი-1. ამბავი ორსულობის პერიოდში იწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პლაცენტის აშენებით, თუმცა ზოგჯერ მთავრდება მიელინის გარსის დაზიანებითა და გაფანტული სკლეროზის ჩამოყალიბებით. ე.ი. ვირუსის გენი სიცოცხლეს აშენებს და ანგრევს კიდეც.

 

გთავაზობთ რესურსს, რომლითაც ბიოლოგიის გაკვეთილზე არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემას შეძლებთ, არამედ კრიტიკული აზროვნებისა და კვლევითი უნარების განვითარებასაც შეუწყობთ ხელს. სტატია საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეებს აჩვენოთ, როგორ ურთიერთქმედებს ევოლუცია, გენეტიკა, მედიცინა და ვირუსოლოგია. ეს არის ისტორია, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი გენომი ცოცხალი და დინამიკური არქივია, სადაც წარსულის მოვლენები მომავალზე ახდენს გავლენას.

 

მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს აქტივობები, რომლებიც გაკვეთილს ინტერაქციულსა და საინტერესოს გახდის:

აქტივობა 1: ქეისის ანალიზი – პრობლემის გადაჭრა

  • დავალება: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი გააანალიზებს სტატიაში დასმულ კითხვას;
  • შედეგი: მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციას ან პოსტერს, სადაც წარმოადგენენ პასუხს.

აქტივობა 2: დებატები

  • სავარაუდო თემა – „ენდოგენური რეტროვირუსები – გენომის მავნე ნარჩენები თუ სასარგებლო სტუმრები“.
  • შედეგი: მოსწავლეები გაიყოფიან ორ ჯგუფად და თითოეული ჯგუფი განიხილავს ვირუსის გენის როლის არგუმენტებს გენის სასარგებლოდ ან პირიქით; მოსწავლეებში კომუნიკაციისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს გააუმჯობესებს.

აქტივობა 3: ინფოგრაფიკის შექმნა:

  • დავალება: მოსწავლეები წყვილებში შექმნიან ინფოგრაფიკს, რომელიც ასახავს სინციტინ-1-ის მოგზაურობას, ვირუსული გენიდან პლაცენტის ჩამოყალიბებამდე და ბოლოს დაავადების განვითარებამდე.
  • შედეგი: აქტივობა ხელს შეუწყობს რთული ინფორმაციის მარტივად და გასაგებად გადმოცემას.

აქტივობა 4: კითხვა პასუხი ,,ვირუსოლოგები“

  • დავალება: მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს, წარმოიდგინონ თავი ვირუსოლოგად და დასმულ კითხვებს უპასუხონ სამეცნიერო ტერმინების გამოყენებით.
  • შედეგი: აქტივობა ხელს შეუწყობს ტერმინების დამახსოვრებას და ცნებების გააზრებას.

აქტივობა 5: თავსატეხი ეს აქტივობა უფრო თამაშს ჰგავს, ის ხელს უწყობს კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.

  • ნაბიჯი1: მოსწავლეები დაყავით 2-3-კაციან ჯგუფებად;
  • ნაბიჯი 2: დაწერეთ ლექსიკონის ყველა ტერმინი ცალ-ცალკე ფურცელზე;
  • ნაბიჯი 3: თითოეულ ჯგუფს მიეცით ბარათები ტერმინებით, ასევე ბარათები ტერმინების განმარტებებით;
  • ნაბიჯი 4: ჯგუფებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააკავშირონ ერთმანეთთან ტერმინი და განმარტება;
  • ნაბიჯი 5: იმარჯვებს ერთი ჯგუფი, რომელიც ყველაზე სწრაფად, უშეცდომოდ დააკავშირებს ტერმინს განმარტებასთან;
  • ნაბიჯი 6: თითოეული ჯგუფი წარადგენს რამდენიმე ტერმინს.

 

საკითხავი მასალა:

საშვილოსნოში მოულოდნელად აღმოჩენილი გენი

ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიწყო – ადამიანის პლაცენტის განვითარების შესწავლისას აღმოაჩინეს გენი, რომელიც მას არ ეკუთვნის. მისი სახელწოდებაა ERVW-1, აღნიშნული გენი აკოდირებს ცილას სინციტინ-1, სინციტინ-1 კი უკიდურესად მნიშვნელოვანია პლაცენტის ფუნქციონირებისთვის. მეცნიერები სწორედ იმან განაცვიფრა, რომ ეს გენი ეკუთვნის არა ადამიანის რომელიმე უძველეს წინაპარს, არამედ რეტროვირუსს.

მილიონობით წლის წინ, რეტროვირუსმა პრიმატების ერთ-ერთი წარმომადგენლის უჯრედი დააინფიცირა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, რეტროვირუსი შეიცავს ფერმენტ უკუტრანსკრიფტაზას, რომელიც რნმ-ში ჩაწერილ ინფორმაციას დნმ-ში გადაწერს. ფერმენტი ინტეგრაზა კი მიღებულ დნმ-ს მასპინძელი უჯრედის გენომში ჩააშენებს. თუ მასპინძელი უჯრედი სასქესოა, ვირუსი აღარ გამოდის ორგანიზმიდან. ამ ვირუსული ნარჩენების უმეტესობა ცნობილია როგორც ენდოგენური რეტროვირუსები (ERVs), სხვანაირად მათ ჩუმ ნაგავს უწოდებენ, თუმცა ERVW1 სულაც არ არის ,,ნაგავი“. ის აგებს პლაცენტას. ცილა სინციტინ-1 ოდესღაც ვირუსის ცილოვანი გარსის ნაწილი იყო, ახლა კი ემბრიონის უჯრედებს აერთიანებს და წარმოქმნის სინციტიოტროფობლასტს. ეს უკანასკნელი პლაცენტის ერთ-ერთი შრეა, რომელიც უზრუნველყოფს დედის ორგანიზმიდან საკვების გადასვლას, იცავს ემბრიონს, „ამშვიდებს“ დედის იმუნურ სისტემას, რომ არ მოხდეს ჩანასახის განადგურება. სინციტინ-1-ის გარეშე ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა.

სხვა ძუძუმწოვრებს სინციტინ-1 არ აქვთ, მაგალითად კატებს, კურდღლებს და ძაღლებს ამავე ფუნქციის შესასრულებლად სხვა ვირუსული გენები აქვთ, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ცილას ასინთეზებენ. ისინი ადრეულ პერიოდში სხვადასხვა ვირუსით დაინფიცირებისას შეიძინეს, მაგალითად, თაგვებს აქვთ სინციტინი-A, ის სხვა რეტროვირუსისგან მიიღეს.

ის ფაქტი, რომ ძუძუმწოვრების სხვადასხვა ჯგუფს ერთი და იმავე ცილის სხვადასხვა ვარიანტი აქვთ, კონვერგენტულ ევოლუციას ადასტურებს. კონვერგენცია ნიშან-თვისებების დამთხვევაა.

როცა წარსული უკან ბრუნდება

ეს ამბავი ორსულობის პერიოდით არ დამთავრებულა. მკვლევრებმა სინციტინ-1 აღმოაჩინეს გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანების ტვინშიც. გაფანტული სკლეროზი მძიმე აუტოიმუნური დაავადებაა, ადამიანის სისტემა შეცდომით საკუთარ მიელინის გარსს ებრძვის. მიელინის ცხიმოვანი გარსის ფუნქცია ნეირონების ერთმანეთისგან იზოლირებაა. მისი დაზიანებისას ფერხდება ნერვული იმპულსის გავრცელება, ირღვევა უჯრედებს შორის კომუნიკაცია, საბოლოოდ ვითარდება კუნთების სისუსტე, მხედველობის დარღვევა და დასწავლის პროცესების შეფერხება.

გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების ტვინის ქსოვილში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სინციტინ-1 განსაკუთრებულად აქტიურია ასტროციტებში. ეს ცილა იწვევს ანთებით პროცესს და იმუნური რეაქციები აქტიურდება. საბოლოოდ თავისუფლდება მოლეკულები, რომლებიც მიელინის გამომუშავებაზე პასუხისმგებელ ოლიგოდენდროციტებს აზიანებს. ლაბორატორიულ კვლევებში ტვინის უჯრედებში სინციტინ 1-ის შეტანას იმავე დაზიანების გამოწვევა შეუძლია.

ეპშტენ-ბარის ვირუსი

ერთი კითხვა პასუხისმგებელი რჩება. რატომ აქტიურდება სინციტინ-1 ტვინში? ERVW-1-ის გენი ჩვეულებრივ სიტუაციაში ზრდასრულ ქსოვილში სრულად გამორთულია. კითხვაზე პასუხი შესაძლოა სხვა ვირუსებში იმალებოდეს. კერძოდ, ეპშტენ-ბარის ვირუსში. ის იმდენად გავრცელებულია, დედამიწაზე თითქმის ყველა ადამიანი სიმპტომების გარეშე მისი მატარებელია. გაფანტული სკლეროზის მქონე თითქმის ყველა პაციენტს გადატანილი აქვს აღნიშნული ვირუსით გამოწვეული ინფექცია. ბოლო კვლევებით კი დადასტურებულია ეპშტენ-ბარის ვირუსის როლი გაფანტული სკლეროზის განვითარებაში.

სავარაუდო შეკითხვები:

  1. რა განსაკუთრებული ფუნქცია აქვს სინციტინ-1-ს?
  2. საიდან მოხვდა სინციტინი ადამიანის პლაცენტაში?
  3. რას ნიშნავს უკუტრანსკრიფცია? კიდევ რომელ ვირუსს აქვს მისი წარმართვის უნარი?
  4. რა არის ინტეგრაზა? რა ფუნქციას ასრულებს ის?
  5. ERV განიხილება როგორც „ჩუმი ნაგავი“. რას ნიშნავს ეს?
  6. რა არის კონვერგენტული ევოლუცია? დაასახელე სხვა მაგალითებიც;
  7. ახსენი, როგორ ხდება რეტროვირუსის შესაბამისი გენი ადამიანის გენომის მუდმივი ნაწილი?
  8. აღწერე სინციტინ-1-ის როლი ადამიანის განვითარებაში;
  9. აღწერე, როგორ შეუძლია სინციტინ-1-ის არასწორ დროს აქტივაციას, გაფანტული სკლეროზის ჩამოყალიბება;
  10. ახსენი ეპშტენ-ბარის ვირუსის როლი სინციტინ-1-ის რეაქტივაციაში;
  11. შეაჯამე, როგორ წარმოაჩენს აღნიშნული ქეისი კავშირს ევოლუციას, ვირუსებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის.

 

 

ქეისის ლექსიკონი:

გენეტიკა და მოლეკულური ბიოლოგია:

  • გენი
  • ცილა
  • დნმ
  • რნმ

ჯანმრთელობა და დაავადებები

  • გაფანტული სკლეროზი
  • აუტოიმუნური დაავადება
  • ასტროციტი
  • ოლიგოდენდროციტი
  • მიელინის გარსი

ვირუსოლოგია და რეტროვირუსები

  • რეტროვირუსი
  • ენდოგენური რეტროვირუსი
  • ERVW-1
  • სინციტინი-1
  • უკუტრანსკრიფტაზა
  • ინტეგრაზა

იმუნოლოგია და პათოლოგია

  • იმუნური პასუხი
  • ანთება
  • ეპშტენ ბარის ვირუსი

ემბრიოლოგია

  • სინციტიოტროფობლასტი
  • პლაცენტა
  • ემბრიონული განვითარება
  • კონვერგენტული ევოლუცია

 

 

ჩემი აზრით, წერილი რამდენიმე მიზეზის გამოა საინტერესო მოსწავლეებისთვის:

  • მოულოდნელობა – სტატიის მთავარი იდეა – ჩვენს გენომში ვირუსული გენი ბინადრობს და ის სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს – ძალიან მოულოდნელი და შთამბეჭდავია. ის არღვევს სტერეოტიპს, რომ ვირუსები მხოლოდ მავნეა, და მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად კომპლექსურია ევოლუციური პროცესები. მოსწავლეებს აინტერესებთ ისტორიები, რომლებიც მათთვის ნაცნობ ფაქტებს ეჭვქვეშ აყენებს;
  • კავშირი რეალურ ცხოვრებასთან – დავალებებში არა მხოლოდ თეორიულ ცნებებზეა საუბარი, არამედ მათ კავშირზე რეალურ დაავადებასთან – გაფანტულ სკლეროზთან. ეს კავშირი აჩვენებს ბიოლოგიის სწავლის მნიშვნელობას ჯანმრთელობის პრობლემების გააზრებაში;
  • მრავალი დისციპლინის ერთიანობა – დავალება აერთიანებს გენეტიკას, ევოლუციას, იმუნოლოგიასა და ემბრიოლოგიას;
  • დროში მოგზაურობის ფორმატი – ქეისი მოგვითხრობს გენის ,,ორმაგ ისტორიას“ – როგორ წარმოიშვა, როგორ გახდა შეუცვლელი და როგორ გადაიქცა პოტენციურ საფრთხედ. ამბავი დრამატული და დამაინტრიგებელია, რაც იპყრობს მოსწავლეების ყურადღებას. სამეცნიერო ფაქტებს მოთხრობის სახით აწვდის და თეორიას აკავშირებს რეალობასთან. ეს კი ასახავს რამდენად გასაოცარი და მოულოდნელია ბიოლოგია.

 

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/07/12/case-study-the-placenta-ms-and-a-viral-past/

 

წლიური განმავითარებელი შეფასება დაწყებით კლასებში

0

მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება ასახავს მათ მიერ მიღწეულ პროგრესს სასწავლო წლის დაწყებიდან დასრულებამდე.

ამ ტიპის შეფასებას მასწავლებლები იყენებენ როგორც სწავლების პროცესში, კონკრეტული დავალების/აქტივობის შესრულების შემდეგ, ისე სემესტრისა და წლის ბოლოს.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილი დაწყებითი საფეხურის გზამკვლევში ( გზამკვლევი – ქართული (I-IV) ) ჩაშენებულია ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტი (I-IV კლასები, გვ. 4).

გრძელვადიანი მიზნები ჩამოყალიბებულია საგნობრივი სამიზნე ცნებებისა და საფეხურის შედეგების სახით.

თითოეული თემის ფარგლებში მუშავდება 6 შედეგი. მოცემულია შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით (გვ. 11). შედეგი მოიცავს როგორც უნარებსა და ფაქტობრივ მასალას, ისე მიზანს/დანიშნულებას, რისთვისაც მოსწავლეს შეძენილი ცოდნა სჭირდება.

ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I) 1, 2, 3, 4, 5)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • კონკრეტული ჟანრის ტექსტის გაგება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა;
  • ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და შეუფერხებლად წაკითხვა;
  • ნაცნობი ჟანრის მცირე ზომის ტექსტის (მაგ., წერილის) შექმნა ნასწავლი ლექსიკისა და ჟანრული მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით.

სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I)  4, 5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, დასაბუთების)

განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;

  • მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;
  • სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა.

 

გრამატიკა (პრატიკული) (შედეგები: (I) 5, 6)

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების კონკრეტული წესის ამოცნობა და მათი ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;
  • გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვა წინადადების/ფრაზის აგებისას;
  • სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის) მართებულად გამოყენება;
  • მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.

როგორ ვაფასებთ კონკრეტულ დავალებას/აქტივობას?

ნებისმიერი წერითი/ზეპირი დავალების (შემოქმედებითი, შემაჯამებელი, სადიაგნოსტიკო ტესტი, ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაცია, როლური თამაში და ა.შ.) განმავითარებელი შეფასება უნდა ეფუძნებოდეს თემის ფარგლებში სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევის ინდიკატორებს სამიზნე ცნებების მიხედვით.

გთავაზობთ შეფასების სარეკომენდაციო ნიმუშს კონკრეტული დავალებისთვის.

 

გრძელვადიანი სამიზნე ცნებები: ტექსტი (ჟანრი); გრამატიკა (პრაქტიკული)

დავალების პირობა: გაიხსენე ლექსი „მზე და მთვარე“ და შექმენი კომიქსი.

შეფასების კრიტერიუმები:

დიალოგურ ღრუბლებში ჩაწერე:

  • რა ბრძანა თავმომწონე მთვარემ;
  • რას ამბობს მზე. გამოკვეთე მისი ორი უპირატესობა.

გადმოეცი სხვა პერსონაჟების ფიქრები, განცდები, სათქმელი.

მართებულად გამოიყენე სასვენი ნიშნები.

 

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

 

სამიზნე ცნება შეფასების კრიტერიუმებსა და სამიზნე ცნებებთან მიმართებით მოსწავლემ უნდა შეძლოს:
 

ტექსტი

(შედეგები: (I) 1, 2, 3, 4, 5)

დიალოგური ღრუბლების დახმარებით წარმოაჩინოს მზისა და მთვარის პოზიცია.

 

გადმოსცეს სხვა პერსონაჟების ფიქრები, განცდები, სათქმელი.
გრამატიკა

(შედეგები: (I) 5, 6)

 

მართებულად გამოიყენოს სასვენი ნიშნები.

 

 

დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკების საფუძველზე ვწერთ შესრულებული სამუშაოს ანალიზს – რა შეძლო/ვერ შეძლო მოსწავლემ.

 

დავალება N 1 – ანალიზი

  მოსწავლის სახელი, გვარი სამიზნე ცნება ტექსტი სამიზ. ცნება – გრამატიკა რეკომენდაცია
დიალოგური ღრუბლებით წარმოაჩინა

მზისა და მთვარის პოზიცია.

გადმოსცა სხვა პერსონაჟების ფიქრები, განცდები, სათქმელი. მართებულად

გამოიყენა სასვენი

ნიშნები.

 
    ü ü ü  
    ü ü ü  
    ü ü ნაწილობრივ  
    ü ü ü  
    ნაწილობრივ ü ü  
    ნაწილობრივ     ნაწილობრივ ü  
    ü ü ü  
    ü ü ü  
    ü ü ü  
    ü ü ნაწილობრივ  

 

 

ამგვარად ვწერთ ყველა დავალების განმავითარებელი შეფასების ანალიზს და საბოლოო შედეგებს ავსახავთ მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების ინსტრუმენტში.

 

N სახელი, გვარი დავალება მოსწავლის შედეგი მასწავლებლის

რეკომენდაცია

ტექსტი სიტყვიდან ტექსტამდე გრამატიკა   1. წინადადების აგებისას ყურადღება გაამახვილოს გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვაზე.

2. მართებულად გამოიყენოს სასვენი ნიშნები.

 
1   N 1

 

ü   ü    
N 2   ü ნაწილობრივ

 

   
N 3 ü  

 

ნაწილობრივ    

 

 

წლის ბოლოს, ქართული ენისა და ლიტერატურის (I-IV) სტანდარტისა და მოსწავლის მიერ შესრულებული ყველა დავალების შედეგის გათვალისწინებით, ვწერთ საბოლოო განმავითარებელ შეფასებას.

 

გთავაზობთ სარეკომენდაციო ნიმუშს.

 

  მოსწავლის სახელი, გვარი მოსწავლეს შეუძლია

 

რეკომენდაცია
1   სამიზნე ცნება – ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I) 1, 2, 3, 4, 5)

·         კონკრეტული ჟანრის ტექსტის გაგება, ჟანრული მახასიათებლების ამოცნობა;

·         ტექსტის ხმამაღლა, გამართულად და შეუფერხებლად წაკითხვა (მეტნაკლებად);

·         ნაცნობი ჟანრის მცირე ზომის ტექსტის (მაგ., წერილის) შექმნა ნასწავლი ლექსიკისა და ჟანრული მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით.

 

სამიზნე ცნება – სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I) 4, 5, 6)

·         მიზნის შესაბამისი სამეტყველო ქმედების (მაგ., თხრობის, აღწერის, დასაბუთების) განხორციელება ზეპირად ან/და წერილობით;

·         მიზნის შესაბამისი ლექსიკისა და ენობრივი საშუალებების შერჩევა;

·         სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვა (მეტნაკლებად);

 

სამიზნე ცნება – გრამატიკა (პრატიკული) (შედეგები: (I) 5, 6)

·         სიტყვის მორფოლოგიური აგებულების, სიტყვის ფორმაცვალების კონკრეტული წესის ამოცნობა და მათი ცოდნის ფუნქციურად გამოყენება;

·         გრამატიკული ფორმების მართლწერის წესების დაცვა წინადადების/ფრაზის აგებისას;

·         სასვენი ნიშნების (წერტილის, კითხვისა და ძახილის ნიშნების, მძიმის) მართებულად

გამოყენება (მეტნაკლებად);

·         მართლმეტყველების, კალიგრაფიისა და მართლწერის ელემენტარული ნორმების დაცვა.

 

ივარჯიშოს კითხვის ტექნიკის გასაუჯობესებლად (ყოველდღე ხმამაღლა იკითხოს მცირე მოცულობის ტექსტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყურადღება გაამახვილოს სამეტყველო ეტიკეტის ნასწავლი ნორმების დაცვასა და სასვენი ნიშნების მართებულად გამოყენებაზე.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებითი საფეხურის (I-IV) გზამკვლევი (შედგენილია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით)

რამდენიმე სიმართლე ტყუილის შესახებ

0

ამ ბლოგში ბავშვებზე,  ლიტერატურასა და ტყუილებზე მინდა ვისაუბროთ.

რატომ იტყუებიან ბავშვები? ყოველთვის საზიანოა ტყუილი? რას ამბობს ტყუილის შესახებ  მისი უდიდებულესობა საბავშვო ლიტერატურა?

ტყუილი ძალიან ცუდია – ვეუბნებით შვილებსა თუ მოსწავლეებს. ცხადია, გვინდა, გვენდობოდნენ, არ გვატყუებდნენ, მაგრამ ასეთი ცალსახა და მარტივი ტყუილის ფენომენი თვით ფსიქოლოგიისთვისაც არაა, თუ ტყუილის შესახებ სხვადასხვა ნაშრომსა და კვლევას ჩავხედავთ, ბავშვთა ფსიქოლოგებსაც გავესაუბრებით, რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნამდე მივალთ.

პირველ რიგში, რაც უნდა უცნაურად და საკამათოდ ჟღერდეს, ტყუილი განსაკუთრებული, კოგნიტური უნარია, რომელიც ფანტაზიას, განზოგადებისა და სიმართლის აღქმის, სტრუქტურირების უნარს მოითხოვს. ტყუილი ემოციური ფენომენიცაა – ხშირად ბავშვების ტყუილის მიზეზი ემოციებია – ჩვენი თუ მათი.

ზოგჯერ ტყუილის მიზანი თავდაცვა ან სხვისი დაცვაა, სიტუაციის განმუხტვა, კონფლიქტის მოგვარება. როდესაც ბავშვები გვატყუებენ, მათ დადანაშაულებამდე, კარგად უნდა ვიფიქროთ, რატომ მოგვატყუეს, ჩვენ ხომ არ ვართ მათი ტყუილის მიზეზი?

ბავშვის განვითარების სხვადასხვა ფაზა ტყუილის სხვადასხვა მიზეზს მოიცავს. ბავშვები ტყუილების თქმას დაახლოებით 2 წლიდან იწყებენ მათი მეტყველებისა და კოგნიტიური აზროვნების განვითარების პარალელურად. მოგვიანებით ტყუილი ფანტაზიის წყარო ხდება, ზოგჯერ დასჯისგან თავის არიდების საშუალება. მცირე ასაკში ტყუილის მორალური აღქმა ბავშვებშია ნაკლებია, სასკოლო და, განსაკუთრებით, მოზარდობის ასაკში ტყუილი სულ სხვა, გააზრებული ფენომენი ხდება, ავტონომიის, პირადი სივრცის, სოციალური სტატუსის დაცვის საშუალება.

ჩემს მოზარდობაში განსაკუთრებით გავრცელებული იყო ურბანული თუ უბნური ფაშიზმი, რაც არ უნდა საინტერესო ადამიანი ყოფილიყავი, კარგი იდეები და ინტერესები გქონოდა, თუ გარეუბნელი იყავი, შენდამი დამოკიდებულება აუცილებლად იცვლებოდა. ამიტომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თუ ლიტერატურის მუზეუმში გახსნილ ლიტერატურულ წრეებზე სიარულისას, რაღაც ეტაპზე, ვმალავდი კიდეც, რომ გარეუბნის უფრო გარეუბნიდან ვიყავი, ვიტყუებოდი, მეტროს სხვა სადგურში ამოვდიოდი და ა.შ.

რა თქმა უნდა, ასე არ შეიძლება, მაგრამ ტყუილის მავნებლობას როგორ აუხსნიდით პატარა გოგოს, რომელიც მხოლოდ იმიტომ შეიძლებოდა გაერიყათ, რომ ცენტრიდან სხვებზე უფრო მოშორებით ცხოვრობდა?

გაიხსენეთ, საბავშვო წიგნებში რატომ ცრუობენ ბავშვები? რატომ იტყუება კარლსონი, რომ ბებიაც ჰყავს და მამლების კოლექციაც აქვს? იქნებ იმიტომ, რომ სინამდვილეში ობოლია.  მატილდა რატომ იტყუება? იქნებ იმიტომ, რომ დაუმსახურებელი სასჯელისგან გადარჩეს. ამავე მიზეზით იტყუებიან ტომ სოიერი და ჰეკიც. თავის გადასარჩენად ტყუიან ნაცარქექია და მისი ბერძენი ძმა-ოდისევსი. „სიკეთის იარაღად“ იყენებს ტყუილს ყველაზე ბრძენი და სამართლიანი ავთანდილიც.

საბავშვო წიგნებში  ტყუილი უფრო დიდი მეტაფორაც შეიძლება იყოს, მაგალითად, ჯანი როდარის „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“. აქ ტყუილი საზოგადო, სისტემური შეთანხმების შედეგია, აქ ყველა იტყუება, სიმართლის საყვირი კი ჯელსომინოა, თავისი ძალიან ძლიერი ხმით. ნაწარმოებში ტყუილი ნაჩვენებია როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენი, ხოლო ბავშვები სწავლობენ, რომ სიმართლე საბოლოოდ უფრო ძლიერია.

არც შეიძლება არ გაგვახსენდეს ანდერსენის „მეფის ახალი სამოსელი“, ზღაპარი, სადაც მთელი საზოგადოება ტყუილს ეთანხმება („მეფეს ახალი, ულამაზესი სამოსი აცვია“), სანამ პატარა ბავშვი სიმართლეს ხმამაღლა არ იტყვის. ეს მაგალითი აჩვენებს, როგორ მოქმედებს კოლექტიური ტყუილი და როგორ ამხელს მას გულწრფელი ხმა.

როდესაც ტყუილზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა,  ბარონ მიუნჰაუზენის სევდანარევ, ტრაბახა ტყუილებს გვერდს ვერ ავუვლით, ისევე, როგორც მძლეთამძლეს, ცნობილი ზღაპრიდან.

და ყველაზე მთავარი, მასწავლებელთა მასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, მან ყველაზე სწორად ამოხსნა და „დაიჭირა“ ტყუილის, როგორც  მორალური საკითხების სწავლების იარაღის ფუნქცია.

ასე რომ, როდესაც გაკვეთილზე ტყუილის შესახებ დააპირებთ საუბარს, მოსწავლეებს ტყუილში გამოიჭერთ ან რომელიმე სხვა კონტექსტში დაგჭირდებათ ამ თემაზე საუბარი, ჯერ დაფიქრდით, მატი თვალით გაიაზრეთ სიტუაცია და მხოლოდ შემდეგ ასწავლეთ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ხოლო პინოქიოს გრძელი ცხვირი.

  1. როდის უნდა შევშფოთდეთ?

თუ ტყუილი ხდება მუდმივი, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ან ახლობლებთან ურთიერთობას ან სკოლის საქმიანობას აშკარად აზიანებს; თუ ერთადერთი კომუნიკაციური გზა გახდა სიმართლის უგულებელყოფა (და ეს თან ახლავს გადაულახავ პრობლემებს) — ასეთ დროს შემჩნევა, რეაგირება და პროფესიონალური კონსულტაცია მნიშვნელოვანია.

პირველი ნაბიჯები სკოლაში: ტრანზიცია და პაწია ჭიანჭველას ამბავი

0

ყველასთვის ცნობილია, რომ  სკოლის წარმატებულად დაწყება ბავშვებისთვის საკმაოდ გრძელვადიან პოზიტიურ შედეგებს უკავშირდება.  განვითარებული ქვეყნების თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში უკვე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვების უმტკივნეულო გადასვლას (ტრანზიციას) ერთი სისტემიდან მეორეში.

ტრანზიციის პროცესი, ბავშვის საკეთილდღეოდ, მოიაზრებს სკოლის თანამშრომლობას ბავშვის ოჯახს,   სკოლამდელ დაწესებულებასა და/ან ადრეული განვითარების მომსახურებას შორის.

ტრანზიციის პროცესი შემდეგ ნაბიჯებს გულისხმობს:

  • სკოლაში დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებთან კომუნიკაციას ბავშვების საჭიროებებისა და მშობლების მოლოდინების შესასწავლად;
  • ტრანზიციის პროცესზე პასუხისმგებელი პირისა თუ ჯგუფის გამოყოფას;
  • კლასების დამრიგებლების განსაზღვრას;
  • თანამშრომლობასა და ერთობივი ღონისძიებების განხორციელებას სკოლამდელ დაწესებულებასთან;
  • სწავლის დაწყებამდე ბავშვებისა და მშობლების ვიზიტების ორგანიზებას – სადაც მოხდება მასწავლებლისა და ბავშვების გაცნობა;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის დამატებითი/გაფართოებული მხარდაჭერის უზრუნველყოფას;
  • სკოლის დაწყების შემდგომ მხარდაჭერას – სკოლის პირველი დღეების დაგეგმვას; პროცესის შეფასებასა და თვითრეფლექსიას – პროცესის დახვეწის მიზნით.

სტატიაში ერთ სტრატეგიას შემოგთავაზებთ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სწავლის დაწყების შემდგომ.  ქვემოთ მოყოლილი ზღაპარი ძალიან მოსწონდათ ჩემს მოსწავლეებს. მათთვის ეს იყო შესაძლებლობა, ესაუბრათ ახალი გარემოთი თუ ცვლილებებით გამოწვეულ ემოციებზე.

 

ამბავი პაწია ჭიანჭველაზე, რომელიც სკოლაში წავიდა

ერთი ტყის შუაგულში, მარწყვის მდელოზე, ჭიანჭველები ცხოვრობდნენ. უფროსი ჭიანჭველები ყოველ დღე სამსახურში დადიოდნენ. პატარა ჭიანჭველები კი ან ბებია – ბაბუასთან რჩებოდნენ, ან მშობლებს ჭიანჭველების საბავშვო ბაღში მიჰყავდათ.

მარწვის მდელოზე დრო სწრაფად გადიოდა და პატარა ჭიანჭველების სკოლაში შესვლის დროც მოახლოვდა. იცით, რას ასწავლიან ჭიანჭველების სკოლაში? კითხვას, წერას, თვლას, საინტერესო ამბებს ტყის ცხოვრებასა  და იმ ჭიანჭველებზე, რომლებიც პატარა ჭიანჭველების დაბადებამდე ცხოვრობდნენ მდელოზე.

პატარა ჭიანჭველების სკოლაში შესვლა ტყის მდელოზე ნამდვილი ზეიმია. ამისათვის მშობელი ჭიანჭველები საგანგებოდ ემზადებიან. გაინტერესებთ როგორ? პატარებისთვის ყიდულობენ ზურგჩანთებს, ფანქრებს და  ხის ქერქისაგან  დამზადებულ რვეულებს.

ჭიანჭველების სკოლას ასეთი წესი აქვს: სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, პატარა ჭიანჭველები მშობლებთან ერთად მიდიან სკოლში, რათა დაათვალიერონ ახალი გარემო.  მასწავლებელი ჭიანჭველა სკოლის კართან ხვდება, ეცნობა პატარა ჭიანჭველებსა და მათ მშობლებს,    აცნობს პატარებს თანაკლასელებს, ხან ზღაპარს უამბობს, ხან კი დიდ ლუპებს ურიგებს და სთხოვს, ერთად დააკვირდნენ მარწყვებსა და ხის ფოთლებს. ზოგჯერ პატარები თავისთვის თამაშობენ ეზოში.  ჭიანჭველების სკოლაში თვლიან, რომ პატარები ასე ნელ–ნელა უკეთ შეეჩვევიან და შეიყვარებენ სკოლას.

და აი, დადგა სკოლაში წასვლის დღეც. პატარა ჭიანჭველები სკოლაში მშობლებმა მიიყვანეს. სკოლის კართან ისევ მასწავლებელი დახვდათ, თბილად მიესალმა და პატარები კლასში შეიყვანა. ზოგიერთი პატარა ჭიანჭველა ხალისით დარბოდა და მანამდე გაცნობილ მეგობრებს ეძებდა, ზოგს კი მაინც ღელვა ეტყობოდა. ასეთი იყო ჩვენი ზღაპრის მთავარი გმირიც, პაწია ჭიანჭველაც. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს უკვე შეხვდა და რამდენიმე თანაკლასელთანაც ითამაშა, მაინც ძლიერად  უცემდა გული და სულ დედაზე ფიქრობდა… შესვენებაზეც კი სულ მარტო იჯდა მოწყენილი.  ისეც ხდებოდა, რომ  ზოგჯერ,  დილაობით, სკოლაშიც არ უნდოდა  წასვლა. ასე გადიოდა დღეები და პაწია ჭიანჭველას ეგონა, აწი  სულ ასე იქნებაო.

ერთ ჩვეულებრივ დღეს, პაწია ჭიანჭველა სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა. ცაც მოღრუბლული იყო და ეს კიდევ უფრო ასევდიანებდა მას. მოწყენილი სახით ცას შეჰყურებდა და ღრუბლებს ხან რას მიამსგავსებდა და ხან რას. ამ დროს დედამ თაფლიანი ბუტერბროდი გაუმზადა, შუბლზე აკოცა და შეახსენა, სკოლაში არ დაგაგვიანდესო.

პატარა ჭიანჭველა უხასიათოდ გაუდგა სკოლის გზას. ამ დროს ციდან წვიმის წვეთი ჩამოვარდა და პაწია ჭიანჭველას მხარზე მოკალათდა.

  • გამარჯობა! – უთხრა წვეთმა. – რატომ ხარ მოწყენილი?
  • გამარჯობა! რატომ და სკოლაში მივდივარ! – უპასუხა უხასიათოდ ჭიანჭველამ.
  • სკოლაში?! და ეს ხომ ძალიან კარგია! მოსწავლე ყოფილხარ! მე კიდევ ღრუბლებიდან ვაკვირდები, როგორ დადიან პატარები სკოლაში და სულ ვოცნებობ, ნეტავ, წვეთებიც დავდიოდეთ სკოლაში -მეთქი.
  • რა გინდა ამ სკოლაში! – გაუკვირდა პაწია ჭიანჭველას. – იცი, იქ რა ძნელია? მერხთან უნდა იჯდე, ყურადღებით ისმინო და თანაც, იქ დედა არ არის!
  • დედა ხომ სამსახურშია! – მხრები აიჩეჩა წვეთმა. -მასაც ხომ საქმე აქვს. მე კიდევ იცი რა მომწონს სკოლაში? პატარები წიგნებს რომ ათვალიერებენ, თამაშობენ და  რაღაც ,,აბლაბუდებს“ რომ ხატავენ რვეულში.
  • რა აბლაბუდებს! ეს ასოებია! – შეიცხადა ჭიანჭველამ.
  • ასოებიო? – გაიკვირვა წვეთმა. – კიდევ რა გასწავლეს ამ სკოლაში?
  • რა მასწავლეს და … წელში გაიმართა პაწია ჭიანჭველა. – ასოებს ვსწავლობ, კიდევ ვიცი, რომ ასოებისგან იქმნება სიტყვები, სიტყვებისაგან წინადადებები და რომ კიდევ არსებობს ძალიან საინტერესო წიგნები.
  • შენ რა, კითხვაც იცი? – ვერ მალავდა გაოცებას წვეთი.
  • ყველა ასო ჯერ არ გვისწავლია. მხოლოდ რამდენიმე, მე ჯერ მასწავლებელი მიკითხავს, მაგრამ მალე ყველა ასო გვეცოდინება და ჩვენითაც წავიკითხავთ საინტერესო წიგნებს.
  • ეეეჰ, მეც როგორ მინდა თქვენთან ერთად სწავლა! – ამოიხვნეშა წვიმის წვეთმა. – რამდენ საინტერესო ისტორიას იგებთ სკოლაში, რამდენ პატარა ჭიანჭველას იცნობთ! თან ეს ამბავი მარტო შენ კი არა, ალბათ შენს მშობლებსაც ახარებს. დაბრუნდები სკოლიდან და მოუყვები, ვის ეთამაშე, რა გააკეთე, რა გითხათ მასწავლებელმა. შენ გექნება დრო, როცა დამოუკიდებლად ახალ რაღაცებს ისწავლი და საღამოს ხალისით მოუყვები სხვებს!
  • და იცი, რა ძნელია, ახალი რაღაცების სწავლა?!
  • გეთანხმები, იოლი არ არის, მაგრამ სულ ადვილი რაღაცები რომ აკეთო მგონი მოგეწყინება! მაგრამ იცი, შენი კარგად მესმის. ზოგი ჭიანჭველა იოლად ეჩვევა სკოლას, ზოგს კი დრო უნდა. ყველა ჭიანჭველა ხომ ერთნაირი არ არის. მაგრამ, ჩემი აზრით, სკოლა და სახლი გავს კიდეც რაღაცით ერთმანეთს. ორივეგან უფროსები საინტერესო ამბებს ყვებიან, პატარებს ეხმარებიან, ასწავლიან და მხარს უჭერენ, არა? ახლა კი გაიქეცი, სკოლაში არ დაგავიანდეს! საღამოს კი მოუყევი დედიკოს, ვისთან ითამაშე, რა გაიგე ახალი.
  • მართალი ხარ, წვეთო! მართლაც, არ დამაგვიანდეს! – გამოცოცხლდა პაწია ჭიანჭველა. – დროებით!

პატარა ჭიანჭველა სირბილით გაიქცა სკოლისკენ, კლასში შევარდა და ერთ კლასელ ჭიანჭველას მიუჯდა.

  • გამარჯობა! – მიესალმა გაკვირვებული კლასელი – რა კარგია, დღეს რომ კარგ ხასიათზე ხარ!
  • გამარჯობა! – გაუღიმა პაწია ჭიანჭველამაც.

ამ დროს კლასში მასწავლებელი შემოვიდა, მოსწავლეებს მიესალმა და დიდი, ფერადი ალბომი მაგიდაზე დადო.

პაწია ჭიანჭველამ გაიხედა ფანჯარაში. და იცით, რა იგრძნო? რომ მოღრუბლული ცა სულაც აღარ ეჩვენებოდა ისე სევდიანად, ვინაიდან იცოდა, რომ იქ ძალიან საყვარელი წვიმის წვეთები ცხოვრობდნენ, შემდეგ შეხედა მასწავლებელს და მიხვდა, რომ არც ის აღარ იყო მისთვის  ძალიან უცხო და ისევ გაეღიმა. ,,მე მოსწავლე ვარ!’’ გაიფიქრა ამაყად და ინტერესით შეხედა მასწავლებლის ფერად ალბომს.

საღამოს კი, როდესაც მშობლები დაბრუნდნენ სამსახურიდან, პაწია ჭიანჭველამ უამბო, რომ დღეს სკოლაში ისწავლეს ახალი ასოები,  ერთი სასაცილო სიმღერა, დაათვალიერეს ჰერბარიუმი  და რომ ახლა სასწრაფოდ უნდა დახატოს შემოდგომა, რადგან ასეთი საშინაო დავალება მისცა მასწავლებელმა. ხვალ კი ადრე უნდა გაიღვიძოს, ვინაიდან ერთი სული აქვს, თუ როდის აჩვენებს მასწავლებელს და კლასელებს საშინაო დავალებას.

 

ტექსტის წაკითხვის შემდეგ,  შეგიძლიათ პატარა მოსწავლეებს მსგავსი შეკითხვები დაუსვათ:

შეკითხვები

  1. სად ცხოვრობდნენ ჭიანჭველები?
  1. რას ასწავლიან ჭიანჭველების სკოლაში?
  2. ვინ დახვდა პატარა ჭიანჭველებს სკოლის კართან?
  3. რას გრძნობდა პაწია ჭიანჭველა, როცა სკოლაში მიდიოდა?
  4. რატომ იყო პატარა ჭიანჭველა მოწყენილი?
  5. შენ რას გრძნობდი,  როცა პირველად სკოლაში მიხვედი?/შენი აზრით, რას გრძნობენ პირველკლასელები, როცა სკოლაში მოდიან?
  6. შენ რას ეტყოდი პაწია ჭიანჭველას, მოწყენილი რომ არ ყოფილიყო?
  7. როგორ ფიქრობ, რით ჰგავს სკოლა სახლს?
  8. დახატე ან მოიფიქრე შენი საყვარელი საგანი ან რაიმე, რაც ყველაზე მეტად მოგწონს სკოლაში.
  9. წარმოიდგინე, რომ შენც შეხვდი ერთ პატარა წვეთს – რაზე ილაპარაკებდი მასთან?

ზღაპრის მოსმენის შემდეგ, ბავშვებს  ძალიან მოეწონათ ილუსტრაციების შექმნა . ამით გამოხატეს საკუთარი ემოციები და დამოკიდებულებები. ხატვა ხელს უწყობს: თვითგამოხატვას, შემოქმედებითი აზროვნების, ემოციური იინტელექტის განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზღაპრის   გაცნობის ამგვარი   აქტივობები ავითარებს კომუნიკაციის უნარებს რაც თავის მხრივ  მოზარდს უადვილებს  ახალ გარემოში ადაპტაციას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. წულაძე, მ. (2021) მზად ვართ პირველკლასელების დასახვედრად – ბავშვების სკოლაში ტრანზიციის მხარდაჭერის სახელმძღვანელო. „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“
  2. Malaspina, D, Rimm-Kaufman, S.E ,, Early Predictors of School Performance Declines at School Transition Points. ’’ RMLE Online—Volume 31, No. 9
  3. Хухлаева О. В. Тропинка к своему я. Генезис. 2004.

მულტიმოდალური მიდგომა ენის სწავლებაში

0

თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში,  უცხო ენის შესასწავლისას  სიმღერის გამოყენება  ერთ-ერთი ეფექტიანი მიდგომაა განსაკუთრებით კი სწავლების პირველ საფეხურზე.   პირველკლასელთა ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, სწავლა უფრო შედეგიანია მაშინ, როცა იგი პოზიტიურ გარემოში მიმდინარეობს და მოსწავლე სწავლობს თამაშით, მოძრაობით და მუსიკით. იტალიური ენა თავის ბუნებრივი მელოდიურობითა და რიტმულობით გამორჩეულია. მუსიკალური ტექსტი ეხმარება მოსწავლეს ბგერების სწორად წარმოთქმაში, სიტყვების დამახსოვრებაში და კომუნიკაციის  მნიშვნელობის გააზრებაში.

სტატიის მიზანია წარმოჩინდეს, როგორ შეიძლება მუსიკისა და მოძრაობის ინტეგრირება იტალიური ენის გაკვეთილში ისე, რომ მოსწავლეებმა ბუნებრივად, ინტერესით და ემოციურად ისწავლონ მისალმების და დამშვიდობების აღმნიშვნელი სიტყვები.
სიმღერა “Ciao In Italian” წარმოადგენს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება მარტივი მელოდია და ჟესტი გადაიქცეს კომუნიკაციური უნარების განვითარებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების ინსტრუმენტად.

საგნობრივი მიზანი – მოსწავლე იყენებს იტალიურ ენაზე მისალმებისა და დამშვიდობების ფორმებს მარტივ კომუნიკაციურ სიტუაციებში.

ინტეგრირებული მიზნები:

  • ემოციური და სოციალური უნარების განვითარება (თანამშრომლობა, კომუნიკაცია);
  • შემოქმედებითი აზროვნების წახალისება (სიმღერის ინტერპრეტაცია, ვიზუალური ასახვა);
  • მოსმენისა და გამოთქმის უნარის დახვეწა;
  • კულტურული ცნობიერების გაღვივება (იტალიური კომუნიკაციური ეტიკეტის გაცნობა).

სასწავლო რესურსები

  • გამოყენებული რესურსი “Ciao In Italian | Learn Six Different Ways to Say Ciao” — YouTube ბმული
  • საკლასო დაფა და პროექტორი
  • ვიზუალური ბარათები სიტყვებით (Ciao, Buongiorno, Arrivederci)
  • ფერადი ფანქრები და ფურცლები შემოქმედებითი დავალებისთვის

მუსიკის მოსმენამდე

  1. მისალმება

მასწავლებელი კართან დგას,  თითოეულ ბავშვს ეუბნება: “Ciao!” და ხელს უწვდის. ბავშვები ცდილობენ უპასუხონ “Ciao!” საკუთარი ხმით – ზოგი ხმამაღლა, ზოგი მორცხვად, ზოგი სიხარულით.

  1. ქართული მისალმებების ფორმების გახსენება დღის მონაკვეთების მიხედვით

მასწავლებელი აჩვენებს ოთხ დიდ  ფოტოს დღის სხვადასხვა მონაკვეთები სთხოვს მოსწავლეებს გამოიცნონ დღის რომელი მონაკვეთია აღბეჭდილი და სთხოვს მათ გაიხსენონ როგორ ესალმებიან დილას, საღამოს, ღამე და დღის ნებისმიერ დროს ადამიანები ქართულად.

დილა, ამომავალი  მზის სურათი →  მისალმება -“დილა მშვიდობისა!”

შუადღის  სურათი (მზე მაღლა ცაში) → მისალმება – “გამარჯობა!”

საღამო,  მზის  ჩასვლის სურათი → მისალმება – “საღამო მშვიდობისა!”

ღამე, ცაზე   მთვარე  ჩანს → მისალმება – “ღამე მშვიდობისა!”

ბავშვები უყურებენ სურათებს და ხმამაღლა  ამბობენ  შესატყვის  მისალმებას.

  1. იტალიური მისალმებების გაცნობა

მასწავლებელი ეუბნება: “ახლა ვნახოთ, როგორ ამბობენ ამ სიტყვებს იტალიაში!”  სატითაოდ აჩვენებს თითოეულ სურათს, მოსწავლეები ამბობენ ქართულად ამ დროს მისალმება როგორ ხდება ქართულად, ხოლო მასწავლებელი ამბობს იტალიურად და მოსწავლეებიც იმეორებან . თითოეულ ბარათს იტალიური სიტყვა:

დილა, ამომავალი  მზის სურათი →  მისალმება -“დილა მშვიდობისა!” Buongiorno! (ბუონჯორნო)

შუადღის  სურათი (მზე მაღლა ცაში) → მისალმება – “გამარჯობა!” Ciao! (ჩაო)

საღამო,  მზის  ჩასვლის სურათი → მისალმება – “საღამო მშვიდობისა!” Buonasera! (ბუონასერა)

ღამე, ცაზე   მთვარე  ჩანს → მისალმება – “ღამე მშვიდობისა!” Buonanotte! (ბუონანოტე)

რატომ არის ეს უკეთესი:

ბავშვები ჯერ ქართულად ასახელებენ   –  ეს ნაცნობია და კომფორტულია.
შემდეგ ხედავენ კავშირს ქართულსა და იტალიურს შორის  –  იგივე დროის მონაკვეთი, სხვადასხვა ენა.
სურათები ქმნის ვიზუალურ მეხსიერებას.
როცა სიმღერას მოისმენენ, უკვე იციან რას ნიშნავს თითოეული სიტყვა.

ასე გაკვეთილი უფრო სტრუქტურირებული და გასაგებია პირველკლასელებისთვის!

მუსიკის მოსმენა

პირველი მოსმენა – “ვუსმენთ და ვთვლით”

მასწავლებელი ამბობს: “ახლა მოვუსმენთ სახალისო იტალიურ სიმღერას! გადახედეთ ჩვენს ბარათებს და ყურადღებით მოუსმინეთ — დათვალეთ თითებზე, რამდენჯერ გაიგონებთ სიტყვას Ciao.”

ჩართავს ვიდეოს. YouTube ბმული

ბავშვები უსმენენ და ცდილობენ დაითვალონ. პირველი მოსმენის შემდეგ მასწავლებელი ეკითხება:

  1. “რამდენჯერ გაიგონეთ Ciao?” (ბავშვები პასუხობენ: ბევრჯერ! ძალიან ბევრჯერ! ათზე მეტჯერ!)
  2. “რომელი სხვა სიტყვა მოისმინეს, რაც ჩვენს ბარათებზეა?” (Buongiorno, Arrivederci…)
  3. “როგორი იყო სიმღერა — სახალისო? ენერგიული? ნელი?” (ბავშვები იზიარებენ შთაბეჭდილებებს)

მეორე მოსმენა – “ვუსმენთ და ვაყვებით”

მასწავლებელი ეუბნება: ” დაიმახსოვრეთ სიტყვები! ახლა კიდევ ერთხელ მოვუსმენთ, მაგრამ ამჯერად  გავიმეოროთ მოძრაობები  და ავყვეთ!”

აჩვენებს/იმეორებს მოძრაობებს:

  • Ciao – ხელის ქნევა
  • Buongiorno – ხელების აწევა ზემოთ, როგორც მზე ამოდის
  • Arrivederci  – ხელის ქნევა უკან, ნახვამდის

ჩართავს ვიდეოს მეორედ. ბავშვები ყურებენ, უსმენენ და:

  • აკეთებენ მოძრაობებს მასწავლებელთან ერთად.
  • ცდილობენ თან იმღერონ ან თან თქვან  სიტყვები.
  • ეხმარებიან ერთმანეთს — თუ ვინმესთვის რთულია, მეგობარი ბავშვი უჩვენებს მოძრაობას.

მასწავლებელი დადის კლასში, აქებს ბავშვებს: “ბრავო! შენ შესანიშნავად ამბობ Ciao! შენ კარგად იმეორებ მოძრაობას!”

მესამე მოსმენა – “ჩვენ ვართ მომღერლები!”

მასწავლებელი ეუბნება: “ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი! ამჯერად თქვენ იმღერებთ იტალიურად! ვიდეო დაგეხმარებათ, მაგრამ თქვენი ხმა უნდა გაისმას ძალიან ხმამაღლა!”

ჩართავს ვიდეოს მესამედ. ამჯერად:

  • ბავშვები აქტიურად მღერიან ვიდეოსთან ერთად.
  • აკეთებენ მოძრაობებს.
  • მასწავლებელი წახალისებს: “უფრო ხმამაღლა! ვინც ყველაზე ხმამაღლა ამბობს Ciao?”

მოკლე დასკვნა:

მასწავლებელი ამბობს: “რა მაგრები ხართ! ახლა თქვენ უკვე იცით იტალიური სიმღერა! დაუკარით ტაში საკუთარ თავს!” (ბავშვები უკრავენ ტაშს).

რატომ არის მესამე მოსმენა მნიშვნელოვანი:

დამოუკიდებლობა — ბავშვები თვითონ მღერიან, აღარ არიან მხოლოდ დამკვირვებლები.
თავდაჯერებულობა — ჯგუფურად მღერიან. უფრო ადვილია და გამბედაობას აძლევს მათ.
ფიზიკური ენერგიის გამოყენება — პირველკლასელებს უყვართ  აქტიურობა და მოძრაობები.
დამახსოვრების გაძლიერება — მესამე განმეორება აფიქსირებს მასალას გრძელვადიან მეხსიერებაში.
წარმატების გრძნობა — “ვაუ, მე იტალიურად ვმღერი!”

 რეფლექსია და შეჯამება

გაკვეთილი სრულდება ემოციური დიალოგით:

  • რა იგრძენით, როცა სიმღერას უსმენდით?
  • რომელი სიტყვა დაიმახსოვრეთ ყველაზე მარტივად?
  • სად შეიძლება გამოიყენოთ “Ciao”?

გაკვეთილი სრულდება ერთობლივი სიმღერითა და ფერად ბარათებზე დატანილი ემოციებით/სმაილებით.

შეფასება

შეფასება ხორციელდება ფორმატიურად — დაკვირვებითა და მხარდაჭერით:

  • მონაწილეობს თუ არა მოსწავლე აქტივობაში;
  • იყენებს თუ არა სწორი გამოთქმით მისალმებებს;
  • ავლენს თუ არა ინტერესს და პოზიტიურ განწყობას ენისადმი.

შესწავლილი ლექსიკური ერთეულები

იტალიური სიტყვა / ფრაზა ქართულად გამოყენების მაგალითი დიდაქტიკური მიზანი
Ciao გამარჯობა / ნახვამდის Ciao, amico! უნივერსალური მისალმება და დამშვიდობება
Buongiorno დილა მშვიდობისა Buongiorno, maestra! ფორმალური მისალმება დილას
Buonasera საღამო მშვიდობისა Buonasera, mamma! დროის შესაბამისი მისალმება
Arrivederci ნახვამდის Arrivederci, amici! თავაზიანი დამშვიდობება
Come stai? როგორ ხარ? Ciao, come stai? დიალოგის ინიციაცია
Bene, grazie. კარგად ვარ, გმადლობ. Come stai? – Bene, grazie! ეტიკეტის სწავლა
A presto! მალე შეხვედრამდე! Ciao, a presto! პოზიტიური დამშვიდობება

დიდაქტიკური მნიშვნელობა –  სიმღერით სწავლა ავითარებს არა მხოლოდ ლექსიკურ ცოდნას, არამედ მეტყველებას და მულტიკურტულარიზმს. მოსწავლე ენის სწავლას უკავშირებს ემოციას, მოძრაობას და სოციალურ ინტერაქციას — რაც ქმნის ღრმა და გააზრებული სწავლის გამოცდილებას.

მუსიკის გამოყენება უცხო ენის ადრეულ სწავლების პროცესში ქმნის ინკლუზიურ, ემოციურად მდიდარ გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მექანიკურად, არამედ სიხარულითა და თამაშით. სიმღერა “Ciao In Italian” აერთიანებს ოთხ ძირითად საყრდენს — მოსმენას, მოძრაობას, ემოციასა და კომუნიკაციას — რაც უცხო ენის სწავლის პროცესს აქცევს ბუნებრივ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ პრაქტიკად.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...