ზაფხულის დადგომასთან ერთად მშობლებს საზრუნავი ემატებათ. ბავშვები სკოლისგან გამოთავისუფლებულ უამრავ დროს გაჯეტებთან ატარებენ, რაც არც ისე კარგია მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
გთავაზობთ უცხოელი კოლეგების გამოცდილებას, გასართობ აქტივობებს ბავშვებისთვის, რათა ზაფხულის ცხელ დღეებში დაკავებულები იყვნენ და შინაარსიანად გაატარონ დრო.
ამ იდეებს ზაფხულის სურვილების სიად აქცევთ თუ მხოლოდ რამდენიმე მათგანს აირჩევთ და მათგან შესანიშნავ მოგონებებს შეიქმნით, თქვენი საქმეა; მთავარია, ოჯახთან ერთად ისიამოვნოთ ზაფხულის თვეებით.
ბუნების აქტივობები
ისარგებლეთ გრძელი მზიანი დღეებით და შეისწავლეთ ბუნების საიდუმლოები. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი და მწერებისგან დამცავი სითხე.
დააკვირდით ფრინველებს. გადაიღეთ ფოტოები, გამოიყენეთ აპლიკაცია ან სახელმძღვანელო ბუმბულიანი მეგობრების ამოსაცნობად.
კონტეინერებში მოიყვანეთ ახალი მწვანილი. გამოიყენეთ ძველი ყავის ქილები, რძისა და ლიმონათის ბოთლები, პლასტმასის ჭიქები, ნებისმიერი სხვა ნივთი, რასაც შინ იპოვით. ტერასაზე ან ფანჯრის რაფაზე მოაწყვეთ მწვანილის ბაღი და თვალი ადევნეთ მის ზრდას.
მოძებნეთ ფორმები ღრუბლებში. ბალახზე დააფინეთ ლეიბი და ცას ახედეთ. რიგრიგობით ისაუბრეთ იმაზე, რას ხედავთ ღრუბლებში.
შეაგროვეთ ქვები და მოხატეთ. მოხატული ქვები აქციეთ ბაღის დეკორაციებად ან ოჯახის წევრებს აჩუქეთ.
მოაწყვეთ ფოტოსესია. ბუნებაში გადაიღეთ ფოტოები. უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შეუძლიათ ფოტოების კომპიუტერში რედაქტირება და საოჯახო ალბომის შექმნა.
საცალფეხო ბილიკები ცარცით გააფორმეთ. გამოიყენეთ ჩვეულებრივი ტროტუარის ცარცი ან თავად დაამზადეთ სიმინდის სახამებლის, წყლისა და საკვები საღებავისგან.
წვიმიანი დღეების აქტივობები
როდესაც ამინდი შინ დარჩენას გაიძულებთ:
გაამდიდრეთ თქვენი ფილმების კოლექცია, მოაწყვეთ კინომარათონი და აკნატუნეთ პოპკორნი.
მუყაოს ყუთებისგან ააშენეთ ციხესიმაგრე, მოაწყვეთ თქვენი შვილის ოცნების სამალავი.
მთელი ოჯახი ჩაებით ლეგოს ციხესიმაგრის აშენებაში.
დაბანაკდით. საძილე ტომრები იატაკზე დააწყვეთ და ოჯახთან ერთად წვეულება გამართეთ.
მოსინჯეთ ახალი ვარცხნილობები. მიეცით ბავშვებს საშუალება, მოირგონ სტილისტის როლი და შექმნან თქვენთვის განსხვავებული ვარცხნილობა.
შეიძინეთ ორიგამის ქაღალდი, დაამზადეთ სახალისო ფიგურები და მეგობრებს ან ოჯახის წევრებს აჩუქეთ.
დაამზადეთ “დროის კაფსულა“. ოჯახის თითოეულ წევრს სთხოვეთ, ჩამოწეროს, რისთვისაა ბედის მადლიერი. ეს წერილი განსაკუთრებულ ნივთთან ერთად დროის კაფსულაში ჩადეთ. შეინახეთ დანიშნულ თარიღამდე. შეგიძლიათ, გახსნათ მადლიერების დღეს ან რომელიმე განსაკუთრებულ დღესასწაულზე.
შექმენით ზაფხულის ფრესკა. გააკარით სარდაფში ან ავტოფარეხში თეთრი ქაღალდის დიდი ფურცელი და შექმენით ოჯახური ფრესკა. იმუშავეთ მთელი ზაფხული, თანდათანობით შეავსეთ. ზაფხულის ბოლოს გამართეთ „გახსნის“ წვეულება ნათესავებისთვის.
ტვინის სავარჯიშო სახალისო აქტივობები
ბავშვების ფიქრისა და სწავლის უნარების გასავითარებლად აიღეთ გამოცანების წიგნი და შეეჯიბრეთ ერთმანეთს, მერე კი თქვენ თვითონ მოიგონეთ გამოცანები.
გამართეთ შეჯიბრება თავსატეხებში. ჯერ ბავშვებთან ერთად მოიფიქრეთ, მერე კი შესთავაზეთ, დამოუკიდებლად შექმნან თავსატეხები. ვინ დაასრულებს პირველი?
ყოველდღე უკითხეთ ერთმანეთს ხმამაღლა წიგნის ერთი თავი.
აჩვენეთ ბავშვებს, რომ მეცნიერება სახალისოა. სცადეთ მათთან ერთად სახალისო ექსპერიმენტების ჩატარება.
მოიფიქრეთ კომიქსის სიუჟეტი და დაასურათეთ. შეიძლება ხატვა როგორც ჯგუფურად, ისე ცალ–ცალკეც.
ყოველდღიე შეავსეთ დღიური. ზაფხულის ბოლოს გაუზიარეთ ერთმანეთს მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ჩანაწერები.
აქტივობები ბავშვებისა და მათი მეგობრებისთვის
ზაფხულში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია თქვენი შვილის სოციალური და ემოციური ჯანმრთელობისთვის. შეკრიბეთ სკოლის მეგობრები, რომელთა ნახვაც თქვენს შვილებს ენატრებათ და ერთად გააკეთეთ რაიმე სახალისო. მოაწყვეთ საგანძურის ძიება თქვენს საკუთარ ტერიტორიაზე ან ქალაქის შემოგარენში. ცოტა შეცვალეთ სიტუაცია და გადააქციეთ ის ფოტო საგანძურის ძიებად, სადაც ბავშვებმა უნდა გადაუღონ ფოტოები სიაში შესულ სხვადასხვა ნივთს ტელეფონით .
ეზოში მოაწყვეთ წვეულება. მოაწყვეთ ბურგერ-ბარი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თავად აირჩიონ ინგრედიენტები.
მოაწყვეთ სამაგიდო თამაშების საღამო ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.
კულინარიული პროექტები
შესთავაზეთ ბავშვებს რამდენიმე კულინარიული პროექტის შესრულება. ამით არა მხოლოდ ფასეულ ცხოვრებისეულ უნარს შეიძენენ, არამედ გაფართოვდება მათი ინტერესი სხვადასხვა სახის საკვების მიმართ.
ბავშვების მიერ შერჩეული ინგრედიენტებით გამოაცხვეთ პიცა. შეუძლიათ, დაგეხმარონ მომზადებაში ყველის დაქუცმაცებით, სოკოს გარეცხვით, ბოსტნეულის დაჭრით.
მიეცით ბავშვებს საშუალება, თავად მოამზადონ ვახშამი. წაახალისეთ, დამოუკიდებლად დაგეგმონ მენიუ და შეიძინონ ინგრედიენტები. ზედამხედველობა გაუწიეთ უმცროს ბავშვებს, მაგრამ მოზარდებს მიეცით საშუალება, ეს მარტო გააკეთონ.
ასწავლეთ ბავშვებს თქვენი საყვარელი ბავშვობის ნუგბარის, ლიმონათის, ნაყინის მომზადება.
მიეცით ბავშვებს საშუალება, რეცეპტს რაღაც საკუთარი შემატონ.
გისურვებთ მხიარულ და შინაარსიან ზაფხულს!
გამოყენებული რესურსები:
https://ktlikescoffee.com/simple-and-fun-summer-activities-for-kids/
https://campsouthernground.org/summer-fun/


