ოთხშაბათი, დეკემბერი 24, 2025
24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

წერა – არდადეგების თავშესაქცევი

არა მგონია, ბავშვებისთვის არსებობდეს ზაფხულის არდადეგებზე ძვირფასი დრო, მშობლებისთვის კი იშვიათია იმაზე დიდი თავსატეხი, ვიდრე სამი თვის განმავლობაში ბავშვების დასვენების, გართობის, განვითარებისა და ახალი გამოცდილების ორგანიზება. ზაფხულში ბავშვებს გართობა და დასვენება უნდათ, მშობლებს კი იმ დანაკლისის ანაზღაურება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გროვდება და არც ამ განსხვავებული პოზიციების დაახლოებაა ადვილი. როგორც ორი თითქმის თინეიჯერი ბავშვის დედა და კიდევ უფრო მეტი მოზარდის მეგობარი, გულშემატკივარი და აქტიური დამკვირვებელი, ერთ ხრიკს გაგიზიარებთ, რომელმაც შესაძლოა ზაფხულის გრძელი დღეები უფრო საინტერესო გახადოს და უფროსებსა და ბავშვებს შორის კავშირიც გააღრმაოს.

მაშ ასე, როგორ გამოვიყენოთ წერითი სავარჯიშოები არდადეგების დროს თავშესაქცევად.

წერის უნარების განვითარებას ბევრი შრომა, ცოტა ნიჭი, ზოგჯერ – ჩარჩოები და წესები და ერთიც კარგი მიმართულების მიმცემი სჭირდება – ამ გრძელ და ზოგჯერ დამღლელ გზაზე ბავშვების დაყენება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ თუ თავგადასავალში ჩაებნენ, აუცილებლად მიხვდებიან, რომ ეს არის საკუთარი თავის უკეთ გაცნობის, გარე სამყაროსთან კომუნიკაციისა და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის მშვენიერი პროცესი.

დავალების ოსტატურად მიცემასაც ცოდნა უნდა – მისი შესრულება დასაზარი რომ არ იყოს, ბავშვს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, თითქოს არდადეგებზეც ამეცადინებენ, შეცდომების გამო გაკიცხავენ ან მოსაზრებების გამო გააკრიტიკებენ. ვამბობთ, რომ ზაფხული კარგი დროა ფიქრისთვის და ამ ფიქრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის წერილობით გადმოცემის უნარების მოსინჯვაც არ გვაწყენდა, იქნებ გასართობიც კი აღმოჩნდეს.

მნიშვნელოვანია, თემები, რომლებზეც გვინდა იფიქრონ და წერონ ბავშვებმა, მათთვის საინტერესო და დამაფიქრებელი იყოს, მათთვის დასახული ამოცანა კი არ ჰგავდეს სასკოლო დავალებას.

შეგვიძლია, მოვსინჯოთ სწრაფი წერის სავარჯიშოები:

საუზმის შემდეგ ვთხოვოთ ბავშვებს, დაწერონ მაქსიმუმ 10 წინადადება შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:

 

  • წარმოიდგინე, ძალიან ცნობილი და წარმატებული ხარ – რა იქნებოდა ის, რითაც სახელს გაითქვამდი?
  • მისწერე წერილი ადამიანს, რომლის მადლიერიც ხარ, მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცის.
  • მისწერე წერილი მას, ვინც დიდი ხნის წინ გაგაბრაზა, მაგრამ სათანადო პასუხი დღემდე არ გაგიცია, არც ის გითქვამს, რომ მასზე გაბრაზებული ხარ.
  • 5 რამ, რაც გინდა, რომ მოხდეს ზაფხულის არდადეგების დასრულებამდე.
  • თამაშები, რომლებიც შენი მშობლების ბავშვობაში რომ ყოფილიყო, მათ ცხოვრებას შეცვლიდა.
  • რაზე ისაუბრებდი, უზარმაზარ სტადიონზე საჯაროდ გამოსვლის შესაძლებლობა რომ მოგეცეს? საკონცერტო დარბაზში რომ გთხოვონ სიტყვის თქმა? სკოლის პირველ დღეს პირველკლასელებისთვის მისასალმებელი ტექტის მომზადება?
  • რა ნიჭის ქონა გინდოდა ყოველთვის?
  • რას შეცვლიდი შენს სკოლასა და სასწავლო პროცესში მომავალ წელს?
  • კარგი იქნებოდა, …-ის დრო მქონოდა.
  • წარმოიდგინე, რომ შენი ძაღლი/კატა ლაპარაკობს – რაზე ისურვებდი მასთან საუბარს?
  • აი, რაზე მინდა, უფრო თავისუფლად შემეძლოს მშობლებთან საუბარი და რაზე – არასოდეს დამისვან კითხვები.
  • ერთ დღესაც გაიღვიძე და აღმოაჩინე, რომ წარსულში მოგზაურობის უნარი გაქვს, მაგრამ მხოლოდ შენი მოგონებების ფარგლებში – რას შეცვლიდი?
  • მომავლის გამოცნობა რომ შეგეძლოს, რა იქნებოდა პირველი 5 რამ, რის გარკვევასაც შეეცდებოდი?
  • იქ რომ არ ცხოვრობდე, სადაც ცხოვრობ, სად იცხოვრებდი?
  • წარმოიდგინე, რომ სახლში უცნობი დღიური იპოვე. რას წერს მისი ავტორი?
  • შენს საყვარელ გმირთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეს, ვინ იქნებოდა ის, ვის გაცნობასაც ისურვებდი?
  • ტყეში შეგხვდა ჯადოქარი, ცოტა საშიში და უცნაური, მაგრამ შთამბეჭდავი. მეტიც: მას შენთვის საჩუქარი აღმოაჩნდა. რა არის ის, რაც მან გისახსოვრა?
  • ერთ დღეს იღვიძებ ქალაქში, სადაც არცერთი მანქანა აღარ არის – აღწერე მომდევნო 24 საათი.

ასეთი მოკლე ტექსტები ბავშვებს საკუთარი თავისა და სურვილების გამოკვლევაში დაეხმარება, უფროსებს კი – მათ უკეთ გაცნობაში.

შეიძლება, კვირაში რამდენჯერმე, უფრო მეტად დილემურ საკითხებზე, უფრო დიდი ტექსტებიც ვცადოთ:

 

  • მშობლებს არ ესმით, რატომ არ ვკითხულობთ იმდენ წიგნს, რამდენსაც ისინი კითხულობდნენ ჩვენს ასაკში, ჩვენ კი…
  • რომელ ისტორიულ მოვლენაზე საუბრობენ ყველაზე ხშირად უფროსები თქვენ გარშემო? რომელი მოვლენის შესახებ გსურთ ჰკითხოთ მათ?
  • უნდა ჰქონდეთ თუ არა მოზარდებს შესაძლებლობა, თავად აირჩიონ სასწავლო საგნები?
  • არის თუ არა სპორტი აუცილებელი ყველა მოსწავლისთვის?
  • აქვთ თუ არა ბავშვებს ონლაინ კონფიდენციალურობის უფლება? უნდა ჰქონდეთ თუ არა მშობლებს მათი მიმოწერისა და სოციალურ ქსელებში პოსტების კითხვის უფლება?
  • აღწერეთ, როგორ ქმნიან უფროსები თქვენი თაობის სტერეოტიპებს და მათგან რომლები გაღიზიანებთ ყველაზე მეტად.
  • გაიხსენეთ, ვინ არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და გვითხარით, რა გავლენა მოახდინა მან თქვენზე.
  • ვისურვებდი, სკოლაში მასწავლიდნენ…
  • ისტორია მნიშვნელოვანი საგანია დღევანდელი მოზარდებისთვის თუ დროის ფუჭად კარგვაა?
  • ჩემი პირველი სამსახური მინდა იყოს…
  • სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარების ნაცვლად მირჩევნია…

ზოგჯერ გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით ჩვენი შვილების, მოსწავლეებისა და მათი მეგობრების შესახებ, მაგრამ სულ ტყუილად – მათი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იციან, რომ ჩვენ მართლა გვაინტერესებს მათი აზრები და არ განვსჯით.

თუ ბევრი ბავშვი ჩაერთვება ამ აქტივობებში, შეიძლება, განხილვებიც მოეწყოს, ან გამოცნობის თამაშები. მაგალითად, ვინ არის ანონიმურად დაწერილი ტექსტის ავტორი? ეს დამატებით ხალისს და მხიარულებას შესძენს სავარჯიშოებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“