შაბათი, ნოემბერი 8, 2025
8 ნოემბერი, შაბათი, 2025

მიგრაციების მუზეუმი „ფენიქსი“ – ამბავი ხელახლა დაბადებისა

თანამედროვე მუზეუმი რომ მხოლოდ საცავი არ არის და შემეცნების, გააზრების, კომუნიკაციის, ინტერპრეტაციის, დიალოგის სივრცეცაა, უკვე ყველამ ვიცით. თანამედროვე მუზეუმის კონცეფცია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კომუნიკაციას გულისხმობს, დროთა კავშირის აღდგენისა და ექსპონატის მნიშვნელობის ჩვენებას და ხელახალ გააზრებას.

მუზეუმი, რომელმაც ბოლო ხანს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როტერდამის მიგრაციების მუზეუმი „ფენიქსია“. იქ ივნისის დასაწყისში მოვხვდი და ამ არეულ, საშიშ, დაულაგებელ დროში კიდევ ერთხელ გავიაზრე ყველა სირთულე, რომელიც მიგრაციას მოჰყვება.

როტერდამის მიგრაციების მუზეუმს, რომელსაც მრავლისმეტყველი სახელი-მეტაფორა, „ფენიქსი“, ჰქვია, არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და თანამედროვე, მარადცვალებად გარემოში კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ადამიანების ბედზე. ადამიანთა ცხოვრება, მათი ბედი აქ მთავარი ექსპონატია.

მუზეუმი მდებარეობს ძველ საწყობში, რომელიც უნიკალური კონცეფციის წყალობით თანამედროვე საგამოფენო სივრცედ იქცა. სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს სარკისებრი ხვეული კიბე შეადგენს. მიგრაციის გზა წრფივი არ არის, ის ხვეულია, მრავალ სირთულესა და წინააღმდეგობას გულისხმობს.

როტერდამი მიგრაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო და არის დღემდე. სწორედ ამ საპორტო ქალაქიდან გადიოდნენ გემები ამერიკისკენ და თან ახალი ბედისა და ცხოვრების მაძიებელი ადამიანები მიჰყავდათ.

მუზეუმში თავმოყრილია მიგრანტთა პირადი ისტორიები, არქივები, აუდიო- და ვიდეომასალა, კულტურული არტეფაქტები. მუზეუმი არ ეყრდნობა მხოლოდ ისტორიულ თარიღებს – აქ წარმოდგენილია რეალური ადამიანების რეალური გამოცდილებები. ექსპოზიციებში შეხვდებით სხვადასხვა თაობის მიგრანტების ინტერვიუებს, ინტერაქციულ ინსტალაციებს, რომლებიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, „გამოსცადოს“ მიგრანტის გზა, ნამდვილ არტეფაქტებს, რომლებიც მიგრანტებმა თან წამოიღეს როგორც მოგონებების მატარებელი ნივთები.

პირველ სართულზე მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დარბაზია – ჩემოდნებისგან ნაგებ ლაბირინთებში დადიხარ, ჩემოდნების მფლობელების სახელებსა და წარმოშობას ეცნობი, ხოლო აუდიოგიდით კონკრეტული ადამიანების ისტორიების მოსმენა შეგიძლია. ასე გავიგე, როგორ აღმოჩნდნენ ადამიანები ჰოლანდიიდან ამერიკაში, ჰონდურასიდან ჰოლანდიაში, როგორ იცურეს ნავით, როგორ გადმოლახეს საზღვარი, როგორ გაექცნენ ფაშიზმის საშინელებას თუ სხვა დიქტატურულ რეჟიმებს, როგორ გადარჩნენ, როგორ გარდაიცვალნენ და მერე გაცოცხლდნენ, ფერფლიდან ხელახლა დაიბადნენ ფენიქსებივით.

ფოტოექსპოზიცია რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. ხედავ გამგზავრებებსა და შეხვედრებს, გაქცევებს, გადარჩენებს, მაშველ რგოლს თუ თოფს, რომელიც მესაზღვრემ დაგიმიზნა.

ყველა გზა სხვადასხვანაირია. ზოგი უდაბნოებზე გადის, ზოგი – ცეცხლწაკიდებულ ქალაქებზე, ზოგი – ჭაობებსა თუ ზღვებზე. ცნობილი ფოტოგრაფების ფოტონამუშევრები მიგრაციის ყველაზე დიდ ტკივილს განგაცდევინებთ და, ამასთან ერთად, გაგაძლიერებთ ადამიანის თვითგადარჩენის საოცარი უნარით, რომელიც ომებისა და უსამართლობების ფონზე ადამიანთა გადარჩენის მთავარი საშუალებაა.

მეორე სართულის ექსპოზიცია მთლიანად მეტაფორაა – საპასპორტო კონტროლი, რომელიც ევროპის მოქალაქეებმა და დანარჩენებმა ცალ-ცალკე უნდა გაიარონ, ეკლის უზარმაზარი გვირგვინი, ამ ტანჯვის მარადიული სიმბოლო, ეკალბარდი თუ წვეტიანი ჭიშკარი, გალია თუ ჩანთებით დახუნძლული მანქანა, ავტობუსი თუ ადამიანი-ბარგი, ადამიანი, რომელიც იმ ბარგისგან შედგება, რომელსაც ეზიდება.

რა თქმა უნდა, მიგრაციის გზაზე იდენტობის შენარჩუნება და ახალ სივრცესთან ადაპტირებაც უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ექსპოზიციაში ეთნიკური სამოსი თუ ეთნიკური ხელოვნების ნიმუში მრავლად არის წარმოდგენილი.

რა თქმა უნდა, ომს ვერავინ აუვლის გვერდს, ომს, რომელიც გადასახლების მთავარი მიზეზია. სპეციალური ინსტალაცია ეძღვნება რუსეთის აგრესიას უკრაინაში, აალებულ სახლებს, დაღუპულ ადამიანებს…

ეს მუზეუმი თან მოგყვება, თითქოს შენც უზარმაზარი ექსპოზიციის ნაწილი ხარ. აეროპორტშიც, სადაც ნიდერლანდელი მესაზღვრე საგულდაგულოდ ამოწმებს, რაიმე უცნაური საკვები ხომ არ მიგაქვს; მაშინაც, როცა  ამსტერდამის უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდები უნიკალურ კულტურულ სივრცეში – Verhalenhuis Belvédère-ში, რომელიც ოდესღაც მიგრანტთა სასტუმრო იყო, დღეს კი ინტერკულტურული კომუნიკაციის ცენტრია. ეს არის უნიკალური კულტურული ინსტიტუცია როტერდამში, რომელიც მდებარეობს კათენდრეხტის უბანში – ერთ-ერთ იმ ადგილას, სადაც პირველი მიგრანტები ჩამოდიოდნენ XX საუკუნის დასაწყისიდან. ტრადიციული მუზეუმებისგან განსხვავებით, ის უფრო საზოგადოებრივი და ნარატიული სივრცეა, სადაც ადამიანები – ადგილობრივები და მიგრანტები – თავიანთ ისტორიებს და კულტურას გვიზიარებენ, აგროვებენ ზეპირ ისტორიებს, მართავენ კულტურულ და კულინარიულ საღამოებს, ერთმანეთს უნაწილებენ საკვებს, გამოცდილებასა და მოგონებებს.

მიგრაციის მუზეუმში, როტერდამის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე, ქართულ ლექსებს კითხულობ უკრაინელ პოეტთან ერთად, რომელსაც შინ, ომის ქარცეცხლში გახვეულ კიევში, 14 წლის შვილი ეგულება.

და სამყაროც თითქოს ერთი დიდი მიგრაციის მუზეუმი „ფენიქსია“, სადაც ან დაიღუპები, ან ფერფლისგან აღდგები და გადარჩები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

მეცა, სიტყუაო…

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“