ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

სკოლაში ჭადრაკის სწავლების მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა

0

ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.geს სტუმარია გიორგი გიორგაძე, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში,  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების ქვეპროგრამის მიმართულება “ჭადრაკი სკოლაში” კონსულტანტი.

  • ბატონო გიორგი, ამბობენ, რომ  ჭადრაკისაერთაშორისო ენაა, რომელსაც თამაშობს მილიარდამდე ადამიანი მთელ მსოფლიოში და რომელიც ცხოვრებას უკეთესს და საინტერესოს ხდის.  რადგან ჭადრაკის სწავლების მნიშვნელობაზე  უნდა ვისაუბროთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება  საქართველოს  სკოლებში ჭადრაკის სწავლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები.

ჭადრაკის  საგანმანათლებლო ინსტრუმენტად  გამოყენების სარგებელი მრავალმხრივია. ის არა მხოლოდ აძლიერებს კოგნიტიურ უნარებს,  არამედ ხელს უწყობს მნიშვნელოვანი სოციალური უნარების განვითარებას, აყალიბებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ავითარებს ურთიერთთანამშრომლობის უნარს, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად.

25 წელზე მეტია, რაც საქართველოს  სკოლებში ჭადრაკის სწავლება დაიწყო. 1999 -2001 წლებში ქუთაისის მეორე დაწყებით სკოლაში, ექსპერიმენტის წესით, მიმდინარეობდა პირველ კლასებში ჭადრაკის, როგორც საგნის, სწავლება.

  • 2012 წლის 15 მარტს (50/2011) ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, საგანმანათლებლო სისტემაში პროგრამის – „ჭადრაკი სკოლაში“ – დანერგვის შესახებ;
  • 2011-2013 წლებში, სკოლებში ექსპერიმენტის სახით,  ჭადრაკში მსოფლიო  ჩემპიონის, გარი კასპაროვის  მეთოდით სწავლების დანერგვა დავიწყეთ;
  • 2013 წლის 20 თებერვალს, თბილისის 1-ელ ექსპერიმენტულ სკოლაში ჩატარდა გარი კასპაროვის საჩვენებელი ღია გაკვეთილი, რომელიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა ქუთაისის და ფოთის სკოლებში.
  • 2014 წელს უნგრელმა  მოჭადრაკე ქალმა, იუდიტ პოლგარმა ღია გაკვეთილი ჩაატარა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში.

როდის და როგორ დაიწყო  ჭადრაკის სწავლების არაფორმალურ განათლებაში ინტეგრირება?  ასევე   საინტერესოა, როგორ ხორციელდებოდა  ევროპის ქვეყნებში აღიარებული პროექტის – „ჭადრაკი სკოლაში“- პილოტირება საქართველოში.

2015 წლის 23 სექტემბერს განათლების, სპორტის სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, საპილოტე პროექტის დაწყების თაობაზე. საპილოტე პროექტი მოიცავდა 300 სკოლას. საქართველოს 5 რეგიონში – თბილისი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა – დავიწყეთ გარი კასპაროვის სასკოლო პროგრამის დანერგვა;                                                                                                                       

2016 წ. 24 თებერვალს ბრიუსელში, ევროპარლამენტში პროექტის -„ჭადრაკი სკოლაში“ – მიმდინარეობის შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც მოხსენებით გამოვედით და საქართველოს სკოლებში მიმდინარე საპილოტე პროექტი აღიარებულ იქნა როგორც ერთ-ერთი წარმატებული;

  • 2016 წლის 24-27 ოქტომბერს, ქ. ბათუმში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ჭადრაკი სკოლაში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის განათლების მინისტრის მოადგილემ, ლონდონის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის „ჭადრაკი სკოლაში“ ორგანიზატორმა, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების პროექტების წარმომადგენლებმა. კონფერენციის ფარგლებში მოვისმინეთ მოხსენებები ევროპის ქვეყნებში არსებული გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესახებ. გაიმართა პანელური დისკუსიები.
  • რა რესურსებს ვთავაზობდით ჭადრაკის მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისთვის? მათთვის ეს ახალი გამოცდილება და გამოწვევა იყო?   
  • 2019 წელს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, ჭადრაკი ტვ – ს სტუდიაში ჩავწერეთ ჭადრაკის გაკვეთილები. კოვიდ-პანდემიის დროს 1- ლი არხის „საკვირაო სკოლაში“ ჩვენი გაკვეთილები წარმატებით იქნა გამოყენებული.                                                  ქართულად ვთარგმნეთ გერმანელი კოლეგების მიერ შექმნილი ვიდეოები:               ჭადრაკი სკოლაში
  • რატომ ჭადრაკი

 

  • ჭადრაკის სავალდებულო საგნად დამატება, მართლაც საპასუხისმგებლო არჩევანი იყო და გამოხმაურებაც არაერთგვაროვანი  გვესმოდა. როგორ დავძლიეთ გამოწვევები, რომელიც ამ პროცესს ახლდა?
  • 2022 წლის 18 მაისის განათლების მინისტრის ბრძანების ( #60/ნ ჭადრაკის სავალდებულო საგნად დამატების შესახებ) შემდეგ დაიწყო ახალი, საპასუხისმგებლო ეტაპი პროგრამის განვითარებაში. განათლების სამინისტროს მათემატიკის ექსპერტებთან ერთად მომზადდა საგნის სტანდარტი, მასწავლებელთა გადამზადების მოდული. უმოკლეს ვადაში გადავამზადეთ 3580 პირველი კლასის მასწავლებელი, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ტესტირება და მიიღეს სერტიფიკატი. გადამზადების პროცესს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალბატონი ნინო გორდეზიანი ხელმძღვანელობს. პროცესში ასევე   ჩართულები იყვნენ ქართული საჭადრაკო სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები: ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები, საჭადრაკო სახელმძღვანელოების ავტორები.

 

  • 2023 წლის 31 იანვრის განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, რომელიც ჭადრაკის მეორე კლასში სავალდებულო საგნად დამატებას ეხებოდა, საგნის სტანდარტისა და მასწავლებელთა გადამზადების მოდულის მომზადების შემდეგ, გადავამზადეთ მე-2 კლასის 2844 მასწავლებელი.
  • 2023 წლის 8 თებერვლის განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე (ჭადრაკის სასკოლო სახელმძღვანელოებზე გრიფირების გამოცხადების შესახებ), განხორციელდა 1-ლი და მე-2 კლასის მასწავლებლის წიგნის და მოსწავლის რვეულების გრიფირება. კონკურსის შედეგად შეირჩა ორი სახელმძღვანელო- პირველი და მეორე კლასის მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის რვეული (ავტორები: ა. არსენიძე, დ. გურგენიძე) და პირველი კლასის მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის რვეული(ავტორი ნ. დათუაშვილი).
  • 2023 და 2024 წელს, სკოლების მოთხოვნით, დამატებით გადამზადდა 132 მასწავლებელი. 2025 წელსაც გრძელდება  მასწავლებელთა გადამზადება.
  • სასკოლო ოლიმპიადები, „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ – რა აჩვენა ამ ოლიმპიადებმა, რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის აქტივობებს   და რაზე მეტყველებს  ოლიმპიადის შედეგები?

2024-2025 წლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა გუნდური სასკოლო ოლიმპიადა „ნონა გაფრინდაშვილის თასი“. თითოეული სკოლის გუნდი შედგებოდა 4 მოსწავლისგან (I-II კლასი) და გუნდის კაპიტნისგან (მასწავლებელი). ოლიმპიადა გაიმართა სამ ეტაპად: ადგილობრივი, რეგიონული და საფინალო ტურნირები.  ოლიმპიადაში ჩართული იყო: 2024 წელს 615 სკოლა/გუნდი, 2453 მოსწავლე და 1228 მასწავლებელი. 2025 წელს 525 სკოლა/გუნდი, 2080 მოსწავლე და 525 მასწავლებელი.  ოლიმპიადის საფინალო ტურნირები გაიმართა ქ. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. პირველი ოლიმპიადის დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვებულები პირადად დააჯილდოვა ჩვენმა ლეგენდარულმა ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა. 2025 წლის მეორე ნახევარში იგეგმება მასწავლებელთა ოლიმპიადის ჩატარება (რეგიონული, ფინალური).

ოლიმპიადების ორგანიზება მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და მასწავლებელთა წახალისებისა და მხარდაჭერისთვის. ჭადრაკის სკოლებში სწავლების მხარდაჭერის მიზნით, უნდა გაგრძელდეს მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა როგორც ონლაინ, ასევე ადგილებზე პირისპირ შეხვედრებით. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ საერთაშორისო პრაქტიკა და ჭადრაკის სწავლება გაგრძელდეს მე-3 და მე-4 კლასებში. ამისათვის კი საჭირო იქნება სტანდარტის, მასწავლებელთა გადამზადების მოდულის და სახელმძღვანელოების შექმნა.

  • „ჭადრაკი ბავშვებს ბედნიერს და ჭკვიანს ხდის!“- ამბობს  ვალტერ ერნსტ რადლერი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პროგრამის – „ჭადრაკი განათლებაში“ – ელჩი გერმანიაში, გერმანიის სასკოლო ჭადრაკის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, ბავარიის სკოლის ჭადრაკის რეფერენტი.  თქვენი დამოკიდებულება როგორია? როგორი თამაშია ჭადრაკი და რატომ უნდა ვითამაშოთ და ვასწავლოთ მოზარდებს?

ჭადრაკი ნამდვილად არის თამაში, რომელიც ქმნის ინკლუზიურ გარემოს. ის არ აწესებს საზღვრებს რასის, სქესის, რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ. საერთაშორისო პრაქტიკით, ჭადრაკი ხშირად არის  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ნაწილი. აღნიშნული  პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭადრაკს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა შედეგებზე. გარდა კოგნიტიური  თუ მათემატიკური უნარების გაუმჯობესებისა, დადებითად აისახება მოსწავლეთა ქცევაზე, თვითშეფასებასა და სოციალურ ინტერაქციაზე.

ჭადრაკის თამაში ავითარებს პრობლემის გადაჭრის, ყურადღების კონცენტრაციის უნარებს. აუმჯობესებს აღქმის, ვიზუალურ, სივრცით,  მეხსიერების, ლოგიკური მსჯელობის, ბაზისურ მათემატიკურ უნარებს. მოსწავლეებს, რომლებსაც სასწავლო მასალის  ათვისების პრობლემა აქვთ, ჭადრაკის თამაშის წესების  სწავლებაც კი მათ აკადემიურ მიღწევებზე   დადებითი გავლენას ახდენს.  კერძოდ, ის აუმჯობესებს მარტივი მათემატიკური მოქმედებების შესრულების შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, მათემატიკური მოქმედებების ამგვარი არაფორმალური მეთოდებით სწავლება, რიგ შემთხვევაში, უფრო მეტი სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს, ვიდრე ფორმალური.

მრავალი საერთაშორისო ექსპერიმენტით დადასტურებულია, რომ ჭადრაკის სწავლება სკოლებში, დაწყებით ეტაპზე, ზრდის აკადემიურ მოსწრებას და ბავშვებს უადვილდებათ სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის ათვისება.  თქვენი გამოცდილებაც ადასტურებს ამ  მოსაზრებას?                                                                             

კლასიკური ჭადრაკისა და მათემატიკის სავარჯიშოები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. საჭადრაკო სიტუაციები და ამოცანები წარმოადგენს ე.წ. სახალისო მათემატიკის განხილვის საგანს. ისინი აერთიანებენ მათემატიკის ისეთ დარგებს, როგორებიცაა:

  • ლოგიკა: მსჯელობის წარმართვის შესწავლა;
  • გეომეტრია: ორიენტირება სიბრტყეზე/სივრცეში;  სივრცის და ფიგურათა თვისებები, საგანთა ზომები;
  • კომბინატორიკა: ელემენტთა დათვლა (ვარიანტების დათვლა) და დალაგება სასრულ სტრუქტურაში;
  • გრაფების თეორია: გრაფების შესწავლა;
  • თამაშის თეორია: მეცნიერება სტრატეგიისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ;
  • რიცხვები, ალგებრა: ფიგურათა ღირებულება (დამწყებთათვის);
  • მონაცემები: მონაცემების შეგროვება, ანალიზი (დაფიდან მონაცემების შეგროვება, ანალიზი გამოყენება);

ცნობილი ფაქტია, რომ მათემატიკა არის მეცნიერება პრობლემის გადაჭრის (ამოცანის ამოხსნის) შესახებ. ასევე, უამრავ, სხვადასხვა სირთულის ამოცანას ვაწყდებით ჭადრაკშიც. სწორედ ესაა მთავარი ასპექტი იმ მოსაზრებისა, რომ პირველივე კლასიდან,                                                                                                           მათემატიკასთან ერთად, ჭადრაკიც ჩავრთოთ სწავლების პროცესში. მათემატიკასთან დაკავშირებული ბევრი უნარი შესაძლებელია განვითარდეს ჭადრაკის  და მათემატიკის სწავლების დროს. მაგალითად:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • კანონზომიერების აღმოჩენა;
  • სივრცის აღქმა.

ჭადრაკი ურთიერთობის უნივერსალური საშუალებაა. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მასწავლებლისა და მოსწავლის გაკვეთილზე ურთიერთობას, რომლის დროსაც  ბავშვებს უყალიბდებათ  მნიშვნელოვანი ღირებულებები.

ჭადრაკში, რომელიც არის როგორც შეჯიბრებითი, ასევე თანამშრომლობითი თამაში, ღირებულებები განსაზღვრავს ქცევას. ღირებულებების სწავლება და ბავშვებთან საუბარი მნიშვნელოვანია მათი ფსიქიკური განვითარებისთვის. საერთო ღირებულებები ქმნის პოზიტიურ საკლასო კულტურას, როდესაც საკლასო ოთახი ხდება უსაფრთხო სივრცე, სადაც ყველა თავს სასწავლო პროცესში ჩართულად გრძნობს. ბავშვი, რომელიც სწავლობს პატივისცემას, მოთმინებას, ფოკუსირებას და პასუხისმგებლობას, შეძლებს უკეთ გაუმკლავდეს გამოწვევებს, იქნება ეს ჭადრაკში თუ მის მიღმა, რაც მათ წარმატებულ მოქალაქეებად და პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

 

 

 

გზას თავმდაბალი გაივლის…

0

ათი წლის შემდეგ კვლავ კავალაში წავედი. იმ ქალაქში, სადაც ბერძნები ქარვისფერ ცხოვრებაზე ოცნებობენ ქარვისფერი ცხოვრება

ამ ათ წელიწადში ჩემთანაც და პლანეტაზეც უამრავი რამ შეიცვალა. მხოლოდ კავალას ცნობილი ციხე-კოშკი დგას ძველებურად ამაყად და ზემოდან გეპატიჟება – ამოდი, რომ გასაოცარი სანახაობით დატკბეო. მეც მივეშურები, მაგრამ მანამდე მოედანი უნდა გავიარო, სადაც შუა საუკუნებში აგებული თამბაქოს მოვაჭრის სასახლე აღმართულა. ახლა აქ კულტურული ღონისძიებები იმართება.

შემდეგ, ცნობილი მოქანდაკის კონსტანტინოს დიმიტრიადის მიერ გამოქანდაკებული ეგვიპტელი მუჰამედ ალის ქანდაკებაა. ბერძნულ ოჯახში აღზრდილმა ბერძნების სიკეთე მთელი ცხოვრება დაიმახსოვრა, ყველა ბერძენის მფარველი და დამხმარე იყოო. ქანდაკებაშიც ხმალს ქარქაშში დებს, რაც ნიშნავს, რომ აღარ უნდა ომი, საკმარისიაო, გვეუბნება.

შემდეგი ადგილი აკვადუკია, ქალაქს თავზე წამოსდგომია და თითქოს ციხესიმაგრისკენ მიმავალ გზას გიღობავს. როგორც კი გაცდები, ვიწრო ბილიკი იწყება და ზემოთ მიიკლაკნება. ძალიან ცხელა, აღმართზე სიარულიც ჭირს, მაგრამ ჩვენი ჯგუფის ხალხს ხომ არ ჩამოვრჩები? ისე გავრბივარ, ყველას ვუსწრებ და ალაყაფთან ვჩერდები. საერთოდ, როგორი დევიზი მაქვს, იცით? – დავისვენებ საფლავში… კი, კი ახლა მეტყვით, რა დროს ეგ არისო და მეც დაგეთანხმებით, მაგრამ იმან იკითხოს, ვინც აქ დარჩება. ჰოდა, როდესაც ერთ დღეს ჩემი რიგიც მოვა, მაშინ დავისვენებ. მანამდე კი წინ, ციხე კოშკის კენწეროსკენ მიმავალი კიბეებისკენ.

მაგრამ…

აქ მხოლოდ თავმდაბალი გაივლის… ასეთი წესებია, უნდა მოიხარო და გახვალ. იყოყლოჩინებ და მოგხვდება ცხვირში.

უგრძელეს, ზემოთ მიკლაკნილ კიბეებზე ფეხაკრეფით მივდივარ. ერთი მცდარი მოძრაობა და…

ბოლოს და ბოლოს, ზემოთ ავაღწიე და კვლავ ქარვისფერი ოცნების ქალაქი გადამეშალა თვალწინ.

ერთი რამ ვერ გავიგე. ამ სიმაღლეზე კოღოები როგორ ამომყვნენ? არა, დაბლა სანაპიროზე სულ თავს მევლებოდნენ, მაგრამ აქაც ჩემთან ერთად წამოსულან. კოღოს საწინააღმდეგო სპრეის ყველგან ვატარებ, ახლაც თან მაქვს და როგორც კი უსაფრთხო ადგილას ვდგები, მაშინვე გარშემო ვისხამ.

ახლავე გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში, ე.წ. ხალხური წესები არ მუშაობს. ჯიბეში არც ყავა გიშველით, არც მიხაკ-დარიჩინი და არც სხეულზე ვანილინის წასმა.

საერთოდ, როგორ გრძნობს კოღო ადამიანს? დავიწყოთ იქედან, რომ ბიძია კოღოები არასდროს არაფერს გერჩიან, ყოველთვის დეიდები არიან სისხლზე დაგეშილი. მათი ანტენა/ულვაშების რეცეპტორები, როგორც კი ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციას შეიგრძნობენ, ტვინს სიგნალს აწვდიან და კოღოც ფრენას იწყებს კონცენტრაციის გრადიენტის მიმართულებით, ანუ იქითკენ, საიდანაც CO2-ის სიგნალი ხშირად მოდის. მიფრინავენ ზიგზაგებით, მაგრამ საბოლოოდ წყაროს აგნებენ. გასაგებია, რომ CO2-ს ჩვენ ამოვისუნთქავთ, მაგრამ ამ გაზის გავრცელების სხვა გზებიც ხომ არსებობს? მაგალითად, როდესაც რაიმე იწვის? დეიდა კოღო კი ჭკვიანია. მისი პატარა ტვინი სხვა ნივთიერებებსაც აანალიზებს. მაგ. 10 მეტრზე დაშორებით ოფლთან ერთად ჩვენი სხეულიდან გამოყოფილი VOG (VOLATIL ORGANIC COMPAUND) ვრცელდება – რძემჟავა, ინდოლი, ოქტენოლი, შარდოვანა, რომელსაც ბაქტერიები ამიაკამდე შლიან და ამ ყველაფერს თავისი სურნელი აქვს, რასაც გრძნობს კოღო დეიდა. მოდის, ჯდება სხეულზე და მის ფეხუნებში და ხორთუმში არსებული რეცეპტორები ახლა არა აქროლად ორგანულ ნაერთებსაც გრძნობენ. აანალიზებენ ამინომჟავების, მარილიანობის და ა.შ. არსებობას. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს კოღოს ტვინი კბენის ბრძანებას.

კოღოს საწინააღმდეგო სპრეი სწორედ იმას ემსახურება, რომ კოღოს რეცეპტორებმა სწორი სიგნალი ვერ მიიღონ და მთელი მისი გეგმები და ნავიგაცია დაირღვეს. ბუნებრივი საშუალებებიდან ასეთი ნივთიერებებია მენთოგლიკოლი, გერანიოლი. ეს უკანასკნელი ზოგიერთი ჯიშის ვარდსა და გერანიაში გვხვდება. პირველი კი ევკალიპტის ფოთლებშია. თუმცა, მთელი ეს ფოთლები გარშემო რომ შემოვილაგოთ, კოღოს დასაბნევად, საკმარისი არ იქნება. ამიტომ, მათ ეთერზეთებს იყენებენ. მაგალითად, მენთოგლიკოლი ფაქტობრივად კონკურენტული ინჰიბიტორის როლს ასრულებს. ის ნახშირორჟანგისა და რძემჟავას ნაცვლად უერთდება კოღოს რეცეპტორ ცილებს და ბლოკავს მათ. ამ ნივთიერებებს ზოგიერთი მწარმოებელი ურთავს თავიანთ სპრეის, თუმცა, ასეთ პროდუქტებში უფრო სინთეზური ნივთიერებები ჭარბობს.

რომელ სინთეზურ ნივთიერებებს შეიცავს სპრეი?

  • N,N-დიეთილ-3-მეთილბენზამიდი (DEET), თუ დავიცავთ ინსტრუქციას და პირის ღრუსა და თვალებში არ მოვიხვედრებთ სპრეის, მაშინ ზიანს არ მოგვაყენებს. გადაჭარბებული მოხმარების შემთხვევაში კი შეუძლია ლორწოვანი გააღიზიანოს, ალერგია და ქავილი გამოიწვიოს. ასევე, ფისუნიებისთვის არის მავნე. მათი ღვიძლი (ისევე, როგორც ჩვენი) შეიცავს ფერმენტს გლუკურონოზილ ტრანსფერაზას. ეს ფერმენტები მავნე ნივთიერებებს იკავშირებს, მათ შორის ბენზამიდსაც. დაკავშირება ხდება გლუკონმჟავასთან და შემდეგ ორგანიზმიდან თირკმელებით გამოიყოფა. თუმცა, ფისოებში ეს ფერმენტი ნაკლებ აქტიურია და ამიტომ, თუ შემთხვევით მათ ორგანიზმში DEET მაღალი კონცენტრაციით მოხვდა, მაშინ პატარა სიყვარული ცუდად გახდება. ცუგოებისთვის, ეს ნივთიერება ასევე საფრთხის შემცველია, თუმცა ფისოებზე უკეთ იტანენ.
  • პიკარიდინი-KBR 3032-ეს ნივთიერება DEET-ზე უფრო უსაფრთხოა, თუმცა ფისუნებისთვის კვლავ საშიში რჩება.
  • ეთილბუტილაცეტილამინოპროპიონატი (IR3535) – წინა ორ ნივთიერებასთან შედარებით, საოცრად უსაფრთხოა ჩვენთვისაც და ცხოველებისთვისაც. ერთი ეგ არის, რომ მოქმედების დრო აქვს მცირე და ხშირი შესხურებაა აუცილებელი;
  • მეთილნონილკეტონი (2 ინდეკანონი) – როგორც გავარკვიე, ჩემი სპრეის მთავარი ნივთიერება ეს აღმოჩნდა. ზოგიერთი მცენარეც შეიცავს, ამიტომ ქილას აწერია „ბიო-ეკო-უსაფრთხო“.

მეც შევისხი, სხვებსაც შევასხი, გარშემოც მიმოვაფრქვიე და იმ სიმაღლეზე ამოყოლილ დეიდა კოღოებს სულ ავუბნიე თავგზა.

მერე, ქარვისფერი ოცნებების ქალაქის ხედების ცქერით გული რომ ვიჯერე, ქვემოთ კვლავ თავდახრილი გამოვეშურე,

რადგან…

ამ გზას მხოლოდ თავმდაბალი გაივლის!

ინტერნეტი და მოზარდი – როგორ მოქმედებს სოციალური მედია მოზარდის აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაზე

0

დღეს, როცა ინტერნეტი ბავშვებისა და მოზარდების ყოველდღიურობის ნაწილია, სულ უფრო ხშირად იკვეთება მისი ჭარბი გამოყენების ნეგატიური გავლენა სწავლაზე და აკადემიურ წარმატებაზე. სოციალურ ქსელებში დროის დიდხანს გატარება, ინფორმაციული გადატვირთვა, ყურადღების დეფიციტთან ერთად, ქმნის სერიოზულ გამოწვევებს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის. ამ საკითხებზე ვესაუბრებით ფსიქოლოგს, პოზიტიური ფსიქოთერაპიის ფსიქოკონსულტანტს და არტთერაპევტს, ნინო დუმბაძეს.

ნინო, მოგესალმებით. გთხოვთ, გვესაუბრეთ, როგორ მოქმედებს ინტერნეტის, სოციალური მედიის ჭარბად გამოყენება ბავშვების საგანმანათლებლო უნარებზე, მოტივაციასა და შრომისუნარიანობაზე? დღეს ეს საკითხი თანაბრად აწუხებთ როგორც მშობლებს, ასევე პედაგოგებს…

 

ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ინტერნეტ-დამოკიდებულება იქცა გლობალურ სოციალურ და საგანმანათლებლო გამოწვევად. მისი გავლენა განსაკუთრებით ცხადად აისახება ბავშვების აკადემიურ მოტივაციასა და შრომისუნარიანობაზე.

დღესდღეობით ბავშვების მოტივაცია სწავლაში საგრძნობლად დაცემულია. მე ვიტყოდი, ესაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღევანდელ სკოლაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათ არ ესმით სწავლის პრაქტიკული მნიშვნელობა თანამედროვე რეალობაში. ბევრი ახალგაზრდა ხედავს, რომ ინტერნეტით (მაგ. ვიდეოების გადაღებით, თამაშებით, სოციალური მედიის მეშვეობით) შესაძლებელია შემოსავლის მიღება კლასიკური განათლების გარეშე. ამიტომ სწავლა აღიქმება როგორც მოძველებული და დროის კარგვა.

რაც შეეხება შრომისუნარიანობას, საინტერესო სურათი გვაქვს: ბევრ ბავშვს არ აქვს მოტივაცია სასკოლო ამოცანებისადმი, მაგრამ დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით მუშაობენ იმ პროექტებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია; მაგალითად, კონტენტის შექმნაზე, თამაშებზე, ან ვიდეო რედაქტირებაზე. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომისუნარიანობა არ გამქრალა, ის მხოლოდ ტრანსფორმირებულია და გადატანილია სხვა მიმართულებებში.

და დიახ, თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოტივაციის ნაკლებობაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სასკოლო განათლება ხშირად ვერ პასუხობს დღევანდელი ახალგაზრდობის ცნობისმოყვარეობასა და ინტერესებს. ამიტომ აუცილებელია განათლების შინაარსისა და ფორმატის გადახედვა ისე, რომ ის რეალურ ცხოვრებას შეეხოს და ციფრულ ეპოქაში მოზარდების ინტერესებს უპასუხოს.

 

ბავშვებისთვის სოციალური არხები TikTok და Instagram, გართობის გარდა, ინფორმაციის მიღების წყაროცაა. შეიძლება თუ არა ეს არხები სასწავლო რესურსად იქცეს და როგორ უნდა მოხდეს ამის სწორად ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში?

 

სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა TikTok და Instagram, თანამედროვე ბავშვებისა და მოზარდებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა. ეს რეალობა შეიცავს როგორც შესაძლებლობებს, ასევე სერიოზულ რისკებს. სწორედ აქ იმალება დღევანდელი განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ არხებზე შესაძლებელია საგანმანათლებლო კონტენტიც, მათი უმეტესობა მაინც არ კონტროლდება და არ გადის ხარისხიან ფილტრაციას. ბავშვს, რომელსაც ჯერ არ აქვს სრულად ჩამოყალიბებული კრიტიკული აზროვნება, ხშირ შემთხვევაში უჭირს, გაარჩიოს სიმართლე ტყუილისგან. ეს მე პირადადაც გამოვცადე, როცა ჩემმა შვილმა სერიოზულად დაიჯერა აბსურდული ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის, როგორც უფროსისთვის, აშკარად მცდარი იყო.

ამ პლატფორმებზე მიღებული ინფორმაცია ხშირად ზედაპირულია, სიღრმისეულ განხილვას მოკლებულია და იშვიათად ეხმარება ბავშვს საკითხის სრულფასოვნად გააზრებაში. სწორედ ეს

 

ქმნის ზედაპირული აზროვნების კულტურას, რომელიც ხელს უშლის ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას.

მაგრამ, აკრძალვა არ არის გამოსავალი, რადგან სოციალური მედია ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სწორი გზა, ალბათ, არის მათი შერჩევითი და მიზნობრივი ინტეგრაცია საგანმანათლებლო პროცესში. მაგალითად, მასწავლებელმა შეიძლება მოიყვანოს კონკრეტული TikTok-ვიდეო და გაკვეთილზე განიხილოს:

  • რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია?
  • რას ეყრდნობა ავტორი?
  • როგორ უნდა გადავამოწმოთ ის?

 

ასეთ მიდგომას აქვს ორი სარგებელი: ერთი მხრივ, სწავლა ხდება ბავშვისთვის უფრო საინტერესო და რეალურ სამყაროსთან დაკავშირებული; მეორეს მხრივ, ბავშვი სწავლობს კრიტიკულად ფიქრს, ანალიზსა და კითხვების დასმას, რაც უმნიშვნელოვანესია ინფორმაციის გადაჭარბებულ ეპოქაში.

TikTok და Instagram არ უნდა იყვნენ მთავარი სასწავლო რესურსები, მაგრამ მათ შეუძლიათ შეასრულონ დამხმარე და შინაარსის გამამდიდრებელი ფუნქცია, იმ შემთხვევაში, თუ სწორად იქნება შერჩეული მასალა და იქნება ჩასმული საგანმანათლებლო კონტექსტში. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსების თანადგომა რეგულარული კომენტარებით, ინფორმაციის გადამოწმება და თანამონაწილეობა.

 

ბავშვები სოციალურ მედიაში უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე წიგნებსა და სასწავლო მასალასთან როგორ შეიძლება ამ ბალანსის აღდგენა?

 

ბალანსის აღსადგენად აუცილებელია დროის მართვისა და ტექნოლოგიის ჯანმრთელი გამოყენების სწავლება. მშობლებმა და სკოლამ ერთად უნდა ჩამოაყალიბონ მკაფიო, მაგრამ გონივრული წესები ეკრანთან დროის შესახებ. წიგნიერება უნდა გახდეს უფრო მიმზიდველი, დამაკავშირებელი რეალურ ცხოვრებასთან, ინტერესებზე მორგებული მასალებით. ეკრანულ დროს არ უნდა ვეწინააღმდეგოთ აკრძალვით, არამედ უნდა შევთავაზოთ ალტერნატივები: საინტერესო წიგნები, საერთო კითხვის დრო, კითხვა თამაშად ან ოჯახის ყოველდღიურ რიტუალად ქცეული. მთავარია, ბავშვმა არ იგრძნოს, რომ წიგნი ვალდებულებაა. უნდა დავანახოთ, რომ ის გზაა აღმოჩენისა და სიამოვნებისთვის.

 

სწავლა რთული პროცესია, მას სჭირდება გარკვეულ მზაობა, კონცენტრაცია და ენერგია. სოციალურ მედიაში ხანგრძლივად გატარებული დრო როგორ მოქმედებს ბავშვების კონცენტრაციას და ყურადღების შენარჩუნების უნარზე სასწავლო პროცესში?

 

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად ბავშვებში ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება იქცა. ეს არის ნომერ პირველი ჩივილი როგორც მასწავლებლების, ისე მშობლების მხრიდან. ამ ტენდენციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სოციალური მედიისა და ეკრანებზე დამოკიდებულების ზრდაა.

სოციალური მედიის პლატფორმები, აგებული არიან ისე, რომ კონტენტი მიწოდებულია სწრაფად, მოკლე მონაკვეთებად, რაც აფორმატებს ტვინის ყურადღების მუშაობის სტილს. ბავშვები ეჩვევიან მუდმივად ცვალებად, სწრაფ სტიმულებზე რეაგირებას და უჭირთ ხანგრძლივად ერთი თემის გარშემო ფოკუსირება. ინფორმაცია მოცემულია ფრაგმენტულად, რაც არ უწყობს ხელს ღრმა გააზრებასა და აზრობრივ დამუშავებას.

გარდა ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება ზრდის დოფამინის გამომუშავებას რაც ქმნის სიამოვნების მოლოდინის დამოკიდებულებას. ბავშვები სწრაფად ეჩვევიან ამ სიამოვნების ციკლს და მათ სულ უფრო მეტი დრო სჭირდებათ ეკრანებთან, რათა იგივე ეფექტი მიიღონ. შედეგად, სხვა აქტივობებს მათ შორის სწავლას ნაკლებად განიცდიან როგორც საინტერესო ან საჭირო საქმეს.

ამ ფონზე, რთულდება ემოციური თვითრეგულაცია, ფოკუსის შენარჩუნება და ამოცანებზე მონდომებით მუშაობა. სასკოლო დავალებები, რომლებიც მოითხოვს დროის, მოთმინებისა და ერთ წერტილზე კონცენტრაციის უნარს, ხშირად ბავშვებში უარყოფით რეაქციას იწვევს. ისინი სწრაფად კარგავენ ინტერესს და იწყებენ ყურადღების გადართვას სხვა სტიმულებზე.

 

როგორ მოქმედებს სოციალური მედიის გავლენით წარმოშობილი იდეალური ცხოვრების სურათებიბავშვების თვითშეფასებასა და თვითდამკვიდრების მცდელობაზე რეალურ ცხოვრებაში?

 

რა თქმა უნდა – ნეგატიურად. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს „სურათები“ რეალობას არ ასახავს. ისინი დამუშავებული, გაფილტრული, სარეკლამო მიზნებზე მორგებული კონტენტია, რომელსაც ბავშვი, განსაკუთრებით მოზარდი, ხშირად აღიქვამს როგორც ერთადერთ სინამდვილეს. უჩნდება განცდა: „ყველა ბედნიერია, ყველას ცხოვრება კარგად მიდის – მარტო მე ვარ უიღბლო”. და ეს პირდაპირ ურტყამს თვითშეფასებას.

ამ მახეში მხოლოდ ბავშვები კი არა, უფროსებიც ებმებიან. თუმცა ბავშვს არ აქვს ჯერ საკმარისი გამოცდილება იმის გასაგებად, რომ ეს იდეალური სურათები ხშირად სცენარითაა შექმნილი. შედეგად, ბავშვი ცდილობს, დაემსგავსოს ვიღაც სხვა ადამიანს, რომელიც, შესაძლოა, თავადაც თამაშობს როლს. აქ უკვე ირღვევა ბუნებრიობა, იშლება ინდივიდუალობა, აღარ აქვს ადგილი კრეატიულობას.

ბავშვს ეკარგება რწმენა საკუთარი თავისადმი. ეჭვი უჩნდება საკუთარ ღირებულებაში. ცდილობს იყოს ისეთი, როგორსაც ეკრანზე ხედავს – იდეალური გარეგნობით, იდეალური ცხოვრებით, იდეალური ურთიერთობებით. მაგრამ ამ „ხატთან“ მიახლოება ხშირად შეუძლებელია, და როცა არ გამოსდის, მოდის იმედგაცრუება, სტრესი, თავის დაძაბუნება. ახალგაზრდები საკუთარ გარეგნობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც კი სწირავენ ამ „იდეალის“ შესაფერის ფორმაში ჩასაჯდომად.

რაც კიდევ უფრო მძიმეა – ის, რომ ამ სოციალურ სივრცეში განსხვავებულობა თითქმის არ არის ასატანი. ყველა უნდა დაემსგავსოს ერთმანეთს. და თუ ვინმე არ ჯდება ამ ჩარჩოში – სწრაფად ხდება კრიტიკის, დაცინვის ან იგნორის მსხვერპლი. რეალურად, „იდეალისგან“ გადახრა განიხილება როგორც უარყოფითი მოვლენა, მაშინ როცა სწორედ განსხვავებულობაა ადამიანის ნამდვილი სიმდიდრე.

ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია უფროსების თანადგომა. ბავშვს სჭირდება, რომ გვერდით ჰყავდეს ისეთი ადამიანი, ვინც დაეხმარება, გააცნობიეროს – სოციალურ მედიაში მოცემული სურათები არ არის ერთადერთი რეალობა. აუცილებელია, ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ღირებულება მოდის არა გარეგნული ფორმიდან, არამედ შინაარსიდან – პიროვნულობისგან, უნარებისგან, განსხვავებულობისგან. უნდა გავაძლიეროთ მათი რწმენა, რომ თავისებურება არ არის სისუსტე – ეს არის ძალა.

 

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვების ფსიქიკური კეთილდღეობა. არის თუ არა კავშირი ბავშვებში დეპრესიის, შფოთვისა და სოციალურ მედიაში გადაჭარბებულ ყოფნას შორის?

 

დიახ, არის. და ეს კავშირი უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება თანამედროვე ბავშვების ყოველდღიურობაში. სოციალური მედიით გადატვირთულმა ციფრულმა რეალობამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ბავშვების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით თვითშეფასებაზე, ემოციურ სტაბილურობაზე და სოციალური შედარებისკენ მიდრეკილებაზე.

სოციალურ მედიაში ბავშვები ხშირად აწყდებიან იდეალურად გაფორმებულ ცხოვრებას: ლამაზი სხეულები, ბედნიერი სახეები, მოგზაურობები, მეგობრული წრეები და ეს ყველაფერი იმგვარადაა წარმოდგენილი, თითქოს ის ნამდვილი და ყოველდღიური რეალობაა. მაგრამ სინამდვილეში ეს არის შერჩეული, გაფილტრული, ხშირად სცენარით აწყობილი შთაბეჭდილებების ნაკრები. და როცა ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია საკუთარი თავის აღმოსაჩენად, ამ მასალებს უყურებს ყოველდღიურად, ბუნებრივია, სვამს კითხვას: „რატომ არ მაქვს მე ასეთი ცხოვრება?” და აქ ჩნდება შფოთვა, უკმაყოფილება, წარუმატებლობის განცდა და საბოლოოდ დეპრესიისკენ მიდრეკილება.

წინა პასუხშიც ვთქვით, ბავშვები ცდილობენ, დაემსგავსონ სოციალურ მედიაში არსებულ იდეალურ ხატს, რომელიც ხშირად არც არსებობს. ეს მუდმივი შედარება, მსგავსებისაკენ სწრაფვა, საკუთარი თავის დაჩრდილვა და ინდივიდუალობის წაშლა, დიდ დარტყმას აყენებს ბავშვის ფსიქიკას. შფოთვა იზრდება: „რას იტყვიან სხვები?”, „საკმარისი ვარ თუ არა?”, „როგორ დავრჩე შიგნით ამ სოციალურ წრეში?”, რაც ყველაზე სავალალოა, ბავშვი მარტო რჩება ამ კითხვებთან.

ამიტომ, სოციალური მედიის გადაჭარბებულად გამოყენებას ნამდვილად აქვს კავშირი ბავშვებში დეპრესიისა და შფოთვის ზრდასთან. და აქაც, როგორც ყოველთვის, მთავარი როლი ეკისრება უფროსების თანადგომას. ბავშვებს სჭირდებათ არა აკრძალვები, არამედ თანაზიარობა, მიმართულება და ემოციური მხარდაჭერა. აუცილებელია, დავეხმაროთ მათ იმის გაცნობიერებაში, რომ სოციალური მედია მხოლოდ ნაწილია სამყაროსი და რომ მათი ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც ეკრანზე ჩანს.

 

გმადლობთ ძალიან საინტერესო პასუხებისთვის, და ბოლოს, რა იქნება თქვენი როგორც ფსიქოლოგის რეკომენდაცია მშობლებისთვის?

 

უპირველესად დავიწყოთ საკუთარი თავით. ნუ მოვთხოვთ ბავშვს იმას, რასაც თავად არ ვაკეთებთ. თუ ვეუბნებით, რომ ნაკლები დრო გაატაროს ეკრანთან, მაგრამ ჩვენ თვითონ მთელი საღამო ტელეფონს არ ვშორდებით, ამით ვგზავნით კონფლიქტურ გზავნილს. ბავშვები კი სიტყვებზე მეტად ქცევებს სწავლობენ. მოდი, არ ვიყოთ ფარისევლები, ვიყოთ ის მაგალითი, რაც გვინდა, რომ ჩვენს შვილებში ვიხილოთ.

გაატარეთ მეტი დრო სახლის გარეთ, ბუნებაში, თუნდაც ახლომახლო პარკში. მოძრაობა, სუფთა ჰაერი და გარემოს ცვლილება არამხოლოდ ბავშვის, არამედ ოჯახის მთელი დინამიკისთვისაა სასარგებლო. ეს აწყნარებს ნერვულ სისტემას და ამცირებს შფოთვას.

ესაუბრეთ თქვენს შვილებს, მოუსმინეთ მათ ფიქრებს და გრძნობებს არა როგორც განმკითხველმა, არამედ როგორც გულწრფელმა თანამოსაუბრემ. გახსოვდეთ, ბავშვებს სჭირდებათ არა სრულყოფილი მშობელი, არამედ მშობელი, ვინც მათ გვერდით დგას, ვინც უსმენს და უსმენს ისე, რომ ესმით.

ერთად აკეთეთ რაღაც, თუნდაც პატარა რამ. ერთად მომზადებული საჭმელი, ოთახის დალაგება, სეირნობა, ნახატის დახატვა. ამ ტიპის ნებისმიერი ერთობლივი აქტივობა აძლიერებს ემოციურ კავშირს და ქმნის იმ ბაზას, რომელიც ბავშვის ფსიქიკურ სტაბილურობას ემსახურება.

და რაც მთავარია, გიყვარდეთ არა მათი ქცევები, არამედ თვითონ ბავშვი, მთელი თავისი სირთულეებითა და განსხვავებულობით. როცა ბავშვი ხედავს, რომ მიღებულია ისეთი, როგორიც არის, მისი ფსიქიკა სულ სხვა სიმტკიცეს იძენს, და მას აღარ სჭირდება სოციალური მედიის იდეალურ ხატებისთვის თავის მორგება.

შავი ხვრელები – სამყაროს ყველაზე იდუმალი ობიექტები

0

რა არის შავი ხვრელი? როგორ შეიძლება არსებობდეს სამყაროში ისეთი სივრცე, საიდანაც ვერანაირი მატერია ვერ აღწევს – ვერც ნივთიერება, ვერც სინათლე? როგორ გახდა შესაძლებელი იმ უხილავი ობიექტების შესწავლა, რომლებმაც თანამედროვე მეცნიერება კიდევ უფრო განავითარა და ახალი, სენსაციური აღმოჩენებისკენ უბიძგა?

მსგავსი კითხვები ხშირად ჩნდება მოსწავლის ცნობიერებაში. შავი ხვრელი არა მხოლოდ აბსტრაქტული ცნებაა, არამედ წარმოსახვის განვითარების კარგი საშუალებაა. ინფორმაცია ისეთ ფენომენებზე, სადაც დრო და სივრცე თითქოს ქრება, მოზარდისთვის მხოლოდ საინტერესო ამბავი კი არა, საგანმანათლებლო სტიმული ხდება – ის აღვივებს ფიზიკისადმი ინტერესს, აღძრავს პასუხების ძიების სურვილს და წარმოშობს ფიქრს ახალი აღმოჩენების შესაძლებლობაზე.

მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, როგორ წარუდგინოს მოსწავლეებს ფარდობითობის თეორიასთან, კვანტურ მექანიკასთან და ასტროფიზიკასთან დაკავშირებული ურთულესი საკითხი მარტივად, ისე, რომ მიწოდებული ინფორმაცია გახდეს ხიდი მეცნიერულ ცოდნასა და მოსწავლის ცნობისმოყვარეობას შორის.

შავი ხვრელის თემა, თავისი სირთულითა და მისტიკურობით, მოზარდისთვის მეცნიერებით დაინტერესების მოტივატორს წარმოადგენს. უნდა დავფიქრდეთ, რა დოზით შევთავაზოთ ინფორმაცია და რომელი ფორმატი იქნება ეფექტური: გაკვეთილზე – როგორც მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი მასალა სამყაროს იდუმალების შესახებ, რომელიც სასწავლო პროცესს ემოციურ ფონს შემატებს; საკლუბო ან საწრეო მუშაობისას – როგორც პროექტი, სადაც მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად შეისწავლონ, მოდელირება სცადონ; თუ კონფერენციაზე – სადაც მოძიებულ და დამუშავებულ ინფორმაციას თანატოლებს გაუზიარებენ.

შავი ხვრელები სამყაროს ყველაზე მასიური და შეუცნობელი ობიექტებია. მათი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს შავი ხვრელების მიზიდულობისგან თავის დაღწევა. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელიც – „შავი ხვრელი“. შავ ხვრელებს აქვთ წარმოუდგენლად დიდი მასა და მასასთან შედარებით ძალიან მცირე მოცულობა. ისინი მკვეთრად ამახინჯებენ სივრცე-დროის ქსოვილს. ყველაფერს იჭერენ, რაც ახლოს ჩაუვლის – მოხეტიალე ვარსკვლავიდან, სინათლის ფოტონამდე.

შავი ხვრელების უმეტესობა მასიური ვარსკვლავის შედედებული ნარჩენია, კოლაფსირებული ბირთვი, რომელიც სუპერნოვას (ზეახალი ვარსკვლავი) აფეთქების შემდეგ რჩება. შავი ხვრელების ზომის დიაპაზონი დაახლოებით შემდეგ შუალედს მოიცავს – ადამიანის უჯრედის ტოლი პაწაწინა სტრუქტურებიდან დაწყებული, ჩვენს მზეზე მილიარდჯერ მასიური უზარმაზარი გიგანტებით დამთავრებული.

შავი ხვრელი შეიძლება იყოს შედარებით პატარა და გიგანტურიც. ზოგიერთი ზემასიური შავი ხვრელი მზეზე 3 მილიარდჯერ დიდია. ეს ფაქტობრივად მთელი გალაქტიკის მასის პროპორციულია. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ყოველი გალაქტიკის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია მოთავსებული, რომელიც თავისი კოლოსალური გრავიტაციის ხარჯზე მილიარდობით ვარსკვლავის სისტემაზე მოქმედებს. დაახლოებით ისე, როგორც მზე – მზის სისტემაზე.

რა არის რეალურად შავი ხვრელი? რა ხდება ამ „მონსტრების“ შიგნით? როგორ ჩნდება ის და რა მოხდება თუ მათი მოვლენების ჰორიზონტს გადავკვეთთ? ან საერთოდ, რა არის მოვლენების ჰორიზონტი? ამ შეკითხვებზე ზუსტი პასუხი კაცობრიობას ჯერ არ აქვს, თუმცა, გარკვეული მოსაზრება უკვე არსებობს.

ტერმინი შავი ხვრელიპირველად ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა 1967 წელს გამოიყენა. თუმცა, შავი ხვრელების იდეა გაცილებით ადრე გაჩნდა. ეს დოქტრინა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაიბადა. პირველი ადამიანი, ვინც ივარაუდა შავი ხვრელების მსგავსი ვარსკვლავური სხეულების არსებობა, იყო ბრიტანელი ბუნებისმეტყველი, ჯონ მიჩელი. 1783 წელს მან პირველმა აღწერა შავი ხვრელის კონცეფცია. 1796 წელს კი, ფრანგმა მეცნიერმა პიერ ლაპლასმა, მსგავსი უცნაური ობიექტის არსებობა იწინასწარმეტყველა. ის მასთან ნიუტონის მიზიდულობის კანონიდან მივიდა.

ლაპლასის მოსაზრებით, თუ ობიექტს ზომაში დავაპატარავებთ და ამასთან, შევუნარჩუნებთ იმავე მასას, მაშინ მისი მიზიდულობის დასაძლევად, უფრო დიდი ძალისხმევა და სიჩქარე გახდება საჭირო. ლაპლასი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ობიექტისგან განთავისუფლება წარმოუდგენელია. ამ მსჯელობის განზოგადებით, მან დაუშვა ისეთი მასიური და დიდი მიზიდულობის მქონე ციური სხეულების არსებობა, რომლებიც არაფერს მისცემდა მისგან თავის დაღწევის საშუალებას, სინათლესაც კი. შესაბამისად, ასეთი ობიექტი ჩვენთვის აბსოლუტურად უხილავი იქნებოდა, ანუ შავი.

აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის (1915წ.) თანახმად, გრავიტაციას სინათლის გამრუდება შეუძლია. 1916 წელს გერმანელმა მათემატიკოსმა კარლ შვარცშილდმა აინშტაინის განტოლებები გამოიყენა ობიექტების ისეთი რადიუსის გამოსათვლელად, რომლიდანაც თვით სინათლეც კი ვერ დააღწევს თავს. ფაქტობრივად კარლ შვარცშილდი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც შავი ხვრელები მათემატიკურად ჩამოაყალიბა. მისი კვლევების შემდეგ გაჩნდა ტერმინი, შვარცშილდის რადიუსი – საზომი, თუ რამდენად უნდა შეიკუმშოს ნებისმიერი ობიექტი, რომ იგი შავ ხვრელად იქცეს.

1970-იან წლებამდე შავი ხვრელები მხოლოდ მათემატიკური ვარაუდები იყო; ვიდრე 1971 წელს, არ აღმოაჩინეს პირველი ფიზიკური შავი ხვრელი Cygnux X-1.

როგორ შეისწავლიან შავ ხვრელებს?

შავი ხვრელების თვისებებზე საუბარი თეორეტიკოსებს შეუძლიათ სამყაროს შესახებ დაგროვილი მეცნიერული ცოდნის საფუძველზე. ასეთი აღმოჩენები კი უკავშირდება ალბერტ აინშტაინს, სტივენ ჰოკინგს და კიპ თორნს. თუმცა, რთულია პრაქტიკულად გამოიკვლიო უხილავი, თან ისეთი ძლიერი ფენომენი, რომელიც შთანთქავს სინათლესა და მის კვანტს – ფოტონებს.

მეცნიერებს არსებული მძლავრი ობსერვატორიების გამოყენებით, შეუძლიათ დაინახონ პლაზმის ნაკადები, რომლებსაც შავი ხვრელები კოსმოსში აფრქვევენ, აღმოაჩინონ შავი ხვრელების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი სივრცე-დროის ტალღები. მიმდინარეობს კვლევები შავი ხვრელების გავლენით დარღვეული მასისა და ენერგიის დისკოს შესახებ, რომელიც შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს აკრავს გარს – საზღვარს, რომლის იქითაც ვერაფერი ვერ ახერხებს გაქცევას.

რა არის შავი ხვრელი?

შავი ხვრელი არის კოსმოსური რეგიონი, სადაც გრავიტაციის მიზიდულობის ძალა იმდენად ძლიერია, რომ სინათლესაც კი არ შეუძლია თავის დაღწევა. ძლიერი გრავიტაცია წარმოიქმნება იმის გამო, რომ მატერია შეკუმშულია პაწაწინა სივრცეში. ეს შეკუმშვა შეიძლება მოხდეს ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლოს. ზოგიერთი შავი ხვრელი მომაკვდავი ვარსკვლავების შედეგია. შავი ხვრელის „ზედაპირი“, რომელსაც მისი მოვლენათა ჰორიზონტი ეწოდება, განსაზღვრავს საზღვარს, სადაც გასასვლელად საჭირო სიჩქარე კოსმოსის სიჩქარის ზღვარია. მატერია და გამოსხივება ხვდება შიგნით, მაგრამ გარეთ ვეღარ გამოდის.

რამდენად დიდია შავი ხვრელები?

შავი ხვრელები შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის. შავი ხვრელის მასა და ზომა განსაზღვრავს მის ტიპს. ყველაზე პატარა შავი ხვრელები პირველყოფილი შავი ხვრელების სახელითაა ცნობილი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ტიპის შავი ხვრელი ერთი ატომის ზომისაა, მაგრამ დიდი მთის მასის მქონეა.

მეცნიერები ვარაუდობენ შავი ხვრელების ორი ძირითადი კლასის არსებობას. საშუალო ზომის შავი ხვრელების ყველაზე გავრცელებულ ტიპს „ვარსკვლავური“ ეწოდება. ვარსკვლავური შავი ხვრელის მასა შეიძლება მზის მასაზე 20-ჯერ მეტი იყოს და დაახლოებით 10-12 კმ-ს დიამეტრის მქონე სფეროში მოთავსდეს. ირმის ნახტომის გალაქტიკაში შესაძლოა ათობით ვარსკვლავური მასის შავი ხვრელი არსებობდეს.

უდიდეს შავ ხვრელებს „ზემასიურს“ უწოდებენ. მათ საშუალოდ, მზეზე მილიონჯერ მეტი მასა აქვთ და მოთავსდებიან მზის სისტემის ზომის დიამეტრის მქონე სფეროს მოცულობაში. სამეცნიერო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ყველა დიდ გალაქტიკას ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელი აქვს. ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში არსებულ სუპერმასიურ შავ ხვრელს მშვილდოსანი A ეწოდება. მისი მასა დაახლოებით 4 მილიონი მზის ტოლია და მოთავსდება დაახლოებით მზის ზომის დიამეტრის მქონე სფეროში.

2019 წლის 21 მაისს, აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლაზერულ ინტერფერომეტრულ გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიამ (LIGO) ორი ვარსკვლავური მასის შავი ხვრელის შერწყმიდან წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინა. ამ მოვლენას GW190521 უწოდეს. GW190521 იდუმალი გრავიტაციული ტალღის სიგნალის შესახებ ინფორმაცია LIGO-სა და Virgo-ს კოლაბორაციების მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. მონაცემების მათეული ინტერპრეტაცია მიუთითებს ორი შავი ხვრელის შერწყმაზე, რომელთა მასა შესაბამისად 66 და 85-ჯერ აღემატება მზის მასას, რომლებიც პირველ დაკვირვებულ საშუალო მასის შავ ხვრელად გაერთიანდნენ.

ვარსკვლავური მასის შავი ხვრელი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მზის მასაზე 2-ჯერ მძიმე ვარსკვლავი ამოწურავს ბირთვულ საწვავს და საკუთარი მასის ქვეშ კოლაფსირდება. კოლაფსი იწვევს სუპერნოვას აფეთქებას, რომელიც ვარსკვლავის გარე ფენებს აფეთქებს. თუ დაქუცმაცებული ბირთვი მზის მასაზე სამჯერ მეტია, ვერცერთი ცნობილი ძალა ვერ შეაჩერებს მის კოლაფსს შავ ხვრელად გადაქცევად. სუპერმასიური შავი ხვრელების წარმოშობა ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ არის ვარაუდი, რომ ისინი გალაქტიკის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან არსებობენ.

შავ ხვრელებს წარმოქმნისთანავე შეუძლიათ ზომაში გაზრდა მათ სიახლოვეს მოხვედრილი მატერიის აკრეციით (ნივთიერების ვარდნა კოსმოსურ სხეულზე მიზიდულობის ძალით), მათ შორის მეზობელი ვარსკვლავებიდან და სხვა შავი ხვრელებიდან მიტაცებული აირების ჩათვლით.

2019 წელს ასტრონომებმა, რომლებიც იყენებდნენ მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) – საერთაშორისო თანამშრომლობას, პირველად გადაიღეს შავი ხვრელის სურათი. ის ბნელი წრის სახით ჩანს, რომელიც ორბიტაზე მოძრავი ცხელი, მანათობელი მატერიის დისკითაა გამოსახული. სუპერმასიური შავი ხვრელი მდებარეობს M87-ის სახელით ცნობილი გალაქტიკის გულში, რომელიც დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს და მზის მასაზე 6,5 მილიარდჯერ მეტს იწონის. მისი მოვლენათა ჰორიზონტი იმდენად ფართოა, რომ შეიძლება მოიცავდეს ჩვენი მზის სისტემის დიდ ნაწილს პლანეტების მიღმაც კი.

შავ ხვრელებთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა 2015 წელს, როდესაც მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს გრავიტაციული ტალღები, სივრცე-დროის ქსოვილში არსებული ტალღები, რომლებიც ერთი საუკუნით ადრე ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიით იყო ნაწინასწარმეტყველები. LIGO-მ ტალღები GW150914 მოვლენიდან აღმოაჩინა, სადაც ორბიტაზე მოძრავი ორი შავი ხვრელი, 1.3 მილიარდი წლის წინ ერთმანეთში შეეჯახა და შეერწყა. LIGO-მ და სხვა ცენტრებმა შავი ხვრელების მრავალი შერწყმა შეისწავლეს მათგანვე წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების მეშვეობით.

ასტრონომები ათწლეულების განმავლობაში სწავლობდნენ შავ ხვრელებს მათ მიერ გამოსხივებული სინათლის სხვადასხვა ფორმის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ სინათლეს არ შეუძლია შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტიდან თავის დაღწევა, მის მახლობლად არსებული უზარმაზარი მოქცევითი ძალები იწვევს ახლომდებარე მატერიის მილიონობით გრადუსამდე გაცხელებას, რაც განაპირობებს რენტგენისა და რადიოტალღების გამოსხივებას. შესაძლოა, მოვლენათა ჰორიზონტთან კიდევ უფრო ახლოს მოძრავი მატერიის ნაწილი გარეთ გამოიტყორცნოს. ეს კი წარმოქმნის ნაწილაკების ჭავლებს, რომლებიც სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით მოძრაობენ და ასხივებენ რადიო, რენტგენის და გამა სხივებს. სუპერმასიური შავი ხვრელების ჭავლებს შეუძლიათ კოსმოსში ასობით ათასი სინათლის წლის მანძილზე გავრცელება.

 NASA-ს Hubble-ის, Chandra-ს, Swift-ის, NuSTAR-ისა და NICER-ის კოსმოსური ტელესკოპები, ასევე სხვა მისიები, აგრძელებენ შავი ხვრელებისა და მათი გარემოს შესწავლას, რათა მეტი გავიგოთ ამ ენიგმატური ობიექტებისა და მათი როლის შესახებ გალაქტიკებისა და სამყაროს ევოლუციაში.

როგორ წარმოიქმნება შავი ხვრელები?

ვარაუდობენ, რომ პირველი შავი ხვრელები ადრეულ სამყაროში, დიდი აფეთქების შემდეგ მალევე ჩამოყალიბდა. ვარსკვლავური შავი ხვრელები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ძალიან მასიური ვარსკვლავის ცენტრი საკუთარ თავში კოლაფსირდება. ეს კოლაფსი ასევე იწვევს სუპერნოვას, ანუ აფეთქებულ ვარსკვლავს, რომელიც ვარსკვლავის ნაწილს კოსმოსში აგდებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სუპერმასიური შავი ხვრელები გალაქტიკასთან ერთად წარმოიქმნა. სუპერმასიური შავი ხვრელის ზომა უკავშირდება იმ გალაქტიკის ზომასა და მასას, რომელშიც ის მდებარეობს.

აფეთქებას, რომლის შედეგადაც ნეიტრონული ვარსკვლავი ჩნდება, სუპერნოვა უწოდეს. ქართველმა ასტრონომებმა ამ მოვლენას უწოდეს ზეახალი. აფეთქების ენერგია გარდაიქმნება ამოტყორცნილი ნივთიერების კინეტიკურ ენერგიად, ნაწილი კი რკინაზე უფრო მძიმე ქიმიური ელემენტების სინთეზს ხმარდება. რკინაზე უფრო მძიმე ყველა ქიმიური ელემენტის ატომბირთვი  ზეახალი აფეთქებისას წარმოიქმნა.

თუ ზეახალი აფეთქებისას გაჩენილი ნეიტრონული ვარსკვლავის მასა მზის გასამკეცებულ მასას აღემატება, გრავიტაციული ძალების გავლენით, ვარსკვლავის შეკუმშვას ვეღარაფერი შეაჩერებს და იგი შავ ხვრელად გადაიქცევა. შავი ხვრელის ზედაპირზე კოსმოსიდან დაცვენილი მტვრის ნაწილაკები და აირის მოლეკულები მის ზედაპირთან სინათლის სიჩქარემდე აჩქარდება. ურთიერთშეჯახებისას მათ მიერ შეძენილი კინეტიკური ენერგია შინაგან ენერგიად გარდაიქმნება, ნივთიერება ცხელდება და შავი ხვრელის გარშემო ძლიერად გამომსხივებელი მბრუნავი დისკო წარმოიქმნება. დისკოს ღრმა ფენებიდან, ხილულ სინათლესთან ერთად, გამოსხივდება ულტრაიისფერი და რენტგენის სხივებიც. ამ მოვლენის საფუძველზე შესაძლებელია შავი ხვრელის ახლო მიდამოების დანახვა.

რა ზომებამდე უნდა შეიკუმშოს M მასის ვარსკვლავი, რომ შავ ხვრელად გადაიქცეს?

აინშტაინის გამოთვლებიდან გამომდინარეობს ფორმულა:

 

თუ შავი ხვრელებიშავია“, როგორ იციან მეცნიერებმა, რომ ისინიიქარიან?

შავი ხვრელის დანახვა შეუძლებელია ძლიერი გრავიტაციის გამო, რომელიც მთელ სინათლეს შავი ხვრელის ცენტრში იზიდავს. თუმცა, მეცნიერებს შეუძლიათ დაინახონ მისი ძლიერი გრავიტაციის გავლენა გარშემო არსებულ ვარსკვლავებსა და აირებზე. თუ ვარსკვლავი კოსმოსში გარკვეულ წერტილში ბრუნავს, მეცნიერებს უჩნდებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ვარსკვლავის მოძრაობა, რათა გაარკვიონ, ბრუნავს თუ არა ის შავი ხვრელის გარშემო.

როდესაც შავი ხვრელი და ვარსკვლავი ერთმანეთთან ახლოს ბრუნავენ, წარმოიქმნება მაღალი ენერგიის სინათლე. სამეცნიერო ინსტრუმენტები ახერხებენ ამ მაღალი ენერგიის სინათლის დაფიქსირებას.

შავი ხვრელის გრავიტაცია ზოგჯერ შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოს იმისთვის, რომ ვარსკვლავის გარე აირები გამოიზიდოს და მის გარშემო დისკი შექმნას, რომელსაც აკრეციის დისკი ეწოდება. როდესაც აკრეციის დისკიდან გამომავალი აირი სპირალურად შავ ხვრელში გადადის, აირი ძალიან მაღალ ტემპერატურამდე თბება და ყველა მიმართულებით რენტგენის სინათლეს ასხივებს. NASA-ს ტელესკოპები რენტგენის სინათლეს ზომავენ. ასტრონომები ამ ინფორმაციას შავი ხვრელის თვისებების შესასწავლად იყენებენ.

შეუძლია თუ არა შავ ხვრელს დედამიწის განადგურება?

შავი ხვრელები სამყაროში არ დახეტიალობენ და შემთხვევით არ შთანთქავენ სამყაროებს. ისინი მიზიდულობის კანონებს ემორჩილებიან ისევე, როგორც კოსმოსში არსებული სხვა ობიექტები. შავი ხვრელის ორბიტა მზის სისტემასთან ძალიან ახლოს უნდა იყოს, რათა დედამიწაზე გავლენა მოახდინოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

თუ მზის მასის მქონე შავი ხვრელი მზეს ჩაანაცვლებდა, დედამიწა მასში არ ჩავარდებოდა. მზის მასის მქონე შავი ხვრელი მზის სისტემას იგივე გრავიტაციას შეუნარჩუნებდა. პლანეტები შავი ხვრელის გარშემო ისევე იბრუნებდნენ, როგორც ახლა ბრუნავენ მზის გარშემო.

გადაიქცევა კი ოდესმე მზე შავ ხვრელად?

მზეს არ აქვს საკმარისი მასა შავ ხვრელად კოლაფსირებისთვის. მილიარდობით წელიწადში, როდესაც მზე სიცოცხლის ბოლოს მიაღწევს, წითელ გიგანტ ვარსკვლავად გადაიქცევა. შემდეგ, როდესაც ის საწვავის ბოლო ნაწილს გამოიყენებს, მოიშორებს გარე ფენებს და პლანეტარული ნისლეულის სახელით ცნობილ აირის მანათობელ რგოლად გადაიქცევა. საბოლოოდ, მზისგან მხოლოდ გაციებული თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი დარჩება.

როგორ სწავლობს NASA შავ ხვრელებს?

NASA შავი ხვრელების შესახებ ისეთ კოსმოსურ ხომალდებს იყენებს, როგორიცაა Chandra-ს რენტგენის ობსერვატორია, Swift-ის თანამგზავრი და Fermi-ს გამა-სხივების კოსმოსური ტელესკოპი. ზემასიური შავი ხვრელების და სხვა ასტრონომიული მოვლენების საძიებლად, 2008 წელს გაუშვეს ტელესკოპი Fermi, იგი აკვირდება სინათლის ყველაზე ენერგიულ ფორმას – გამა სხივებს. ასეთი კოსმოსური ხომალდები მეცნიერებს სამყაროს წარმოშობის, ევოლუციისა და მომავლის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემაში ეხმარება.

https://www.youtube.com/watch?v=EJXTZ5jpSmk

https://www.youtube.com/watch?v=e-P5IFTqB98

ჩამოვაყალიბოთ თეზისებად შავი ხვრელის სტრუქტურა

 

მოვლენათა ჰორიზონტი

ეს არის შავი ხვრელის საზღვარი, რომლის იქით ვეღარაფერი ტოვებს მას – ვერც სინათლე. სწორედ ამიტომ ჩანს შავი ხვრელი „შავად“. გარე დამკვირვებელი ვერ ხედავს მის შიგნით მიმდინარე პროცესებს, თუმცა, ასტრონომები აკვირდებიან მიმდებარე მატერიას, რომელიც გამოსხივებას ახდენს მანამ, სანამ მოვლენათა ჰორიზონტს გადალახავს.

აკრეციის დისკი

შავი ხვრელის მთავარი „სინათლის წყარო“ არის აკრეციის დისკი – ცხელი, მბრუნავი მატერიის ნაკადი, რომელიც შავ ხვრელს ეცემა. აირი და მტვერი თანდათან დისკოს შიდა ნაწილში ილექება და ბოლოს მოვლენათა ჰორიზონტში იძირება. თუ შავი ხვრელი იზოლირებულია და გარშემო მატერია აღარ დარჩა, მას დისკოც აღარ აქვს და აღმოჩენაც რთულდება.

გრავიტაციული ველის გამო სინათლის სწორხაზოვნება ირღვევა. ეს ეფექტი, გრავიტაციული ლინზირება აკრეციის დისკოს უჩვეულო, დამახინჯებულ ფორმად წარმოგვიჩენს, რაც დამოკიდებულია დაკვირვების კუთხეზე.

მოვლენათა ჰორიზონტის ჩრდილი

მოვლენათა ჰორიზონტი იჭერს მასში გამავალ ნებისმიერ სინათლეს, ხოლო მის გარშემო არსებული გამრუდებული სივრცე-დრო იწვევს სინათლის მიმართულების შეცვლას გრავიტაციული ლინზირების გზით. ეს ეფექტი წარმოქმნის ბნელ ზონას, რომელსაც ასტრონომები მოვლენათა ჰორიზონტის ჩრდილს უწოდებენ და რომელიც დაახლოებით ორჯერ აღემატება შავი ხვრელის რეალურ ზედაპირს.

ფოტონის სფერო

ხედვის ყველა კუთხიდან შავი ხვრელის ჩრდილის კიდეზე სინათლის თხელი რგოლები ჩნდება. ეს რგოლები სინამდვილეში აკრეციული დისკის მრავლობითი, ძლიერ დამახინჯებული გამოსახულებებია. დისკიდან წამოსული სინათლე შავი ხვრელის გარშემო რამდენჯერმე ბრუნავს. შავ ხვრელთან უფრო ახლოს მდებარე რგოლები კი უფრო თხელი და მკრთალი ხდება.

დოპლერის სხივური ტომოგრაფია

აკრეციული დისკი შავი ხვრელის მახლობლად იმდენად სწრაფად ბრუნავს, რომ მისი ერთი მხარე უფრო კაშკაშა და ლურჯი ჩანს, ხოლო მეორე – უფრო მკრთალია და წითელი. ეს არის დოპლერის ეფექტის ოპტიკური ანალოგი.

კორონა
აკრეციული დისკის ზემოთ და გარშემო გვხვდება ძალიან ცხელი პლაზმის რეგიონი – კორონა. ის შავი ხვრელის ენერგეტიკული გამოსხივებების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

ნაწილაკების ჭავლები

ზოგიერთ შავ ხვრელთან მატერიის ნაწილი მთლიანად კი არ შთაინთქმება, არამედ ძლიერ ჭავლად გამოიტყორცნება საპირისპირო მიმართულებით. ეს ჭავლები ნაწილაკებს სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით აფრქვევენ და სუპერმასიურ შავ ხვრელებში ასობით ათას სინათლის წელსაც კი აღწევენ. მათი წარმოქმნის მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია, თუმცა დაკვირვებებით ნათელია, რომ ხილვადობა ხშირად დოპლერის ეფექტზეა დამოკიდებული.

სინგულარობა

შავი ხვრელის ცენტრში ფარდობითობის თეორია წინასწარმეტყველებს წერტილს, სადაც მატერია უსასრულო სიმკვრივემდე იკუმშება. სწორედ აქ სრულდება ყველაფერი, რაც მოვლენათა ჰორიზონტში ვარდება. უცნობია, რეალური ფიზიკური სტრუქტურაა ეს, თუ მხოლოდ მათემატიკური მოდელი, თუმცა სინგულარობის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ გრავიტაციის სრულყოფილი აღწერისთვის საჭიროა კვანტური ეფექტებიც.

ვინ სწავლობს შავ ხვრელებს?

როგორ შეიძლება შავი ხვრელების შესწავლა პროფესიულ გზად იქცეს? ამ სფეროში მუშაობენ არა მხოლოდ ასტრონომები, არამედ სხვადასხვა მიმართულების მეცნიერები და მკვლევრები. თეორეტიკოსი ფიზიკოსები, რომლებიც ქმნიან შესაბამის თეორიებს; ასტროფიზიკოსები, რომლებიც ატარებენ დაკვირვებებს და სწავლობენ სამყაროს ფიზიკას – როგორ შეიქმნა სამყარო, რა კანონზომიერებს ემორჩილება მისი არსებობა და განვითარება. ინჟინრები, რომლებიც ქმნიან დაკვირვებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს; პროგრამისტები და მონაცემთა ანალიტიკოსები, რომლებიც ამუშავებენ უზარმაზარ ინფორმაციას; ქმნიან ახალ პროგრამულ უზრუნველყოფებს, რათა შეისწავლონ თეორიული კონცეფციები და შექმნან ალგორითმები. კომპიუტერული მეცნიერების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს ალგორითმები ტელესკოპის მონაცემების დასახარისხებლად შავი ხვრელის პირველი ისტორიული გამოსახულების გადაღების პროცესში. შავი ხვრელების კვლევებში ჩართული არიან ასევე მათემატიკოსებიც, რომლებიც საჭირო მათემატიკური მოდელების შექმნაში მონაწილეობენ.

შავი ხვრელების კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ თანამედროვე მეცნიერება აერთიანებს მრავალ დისციპლინას და ახალგაზრდებისთვის წარმოადგენს ფიზიკისა და ასტრონომიის სიღრმისეულად შესწავლის, კვლევითი უნარების განვითარებისა და მომავალ პროფესიულ არჩევანზე დაფიქრების მნიშვნელოვან შესაძლებლობას.

გამოყენებული ლიტერატურა:

გ.გედენიძე, ე.ლაზარაშვილი, ი.ლომიძე – ფიზიკა, მე-12 კლასი – მასწავლებლის წიგნი;

https://rebrand.ly/xkes330

https://rebrand.ly/e24cd6

https://rebrand.ly/f3l34ak

https://rebrand.ly/21u6ohr

https://rebrand.ly/utgswol

https://rebrand.ly/zgjhbdd

„კანონგარეშე იავნანა“

0

(ზვიად რატიანის სამოქალაქო პოეზია, ოთხი ლექსი)

როგორც ამასწინათ ვწერდი, შოთა ჩანტლაძის შემდეგ, ასეთი მძაფრი ჟღერადობის ქართული ლექსთწყობა მე ჯერ არ წამიკითხავს. ზვიად რატიანის პოეზიაში ერთადაა ამსოფლიური ნაღველი და მისი დამარცხების პერსპექტივით მოგვრილი აღმაფრენა. მათში უდიდესი მუხტია სიცოცხლისა, ოპტიმიზმისა, მიუხედავად მათი „მორუხო შეფერილობისა“; განა, წუთისოფელიც „ბინდისფერი“ არაა?! მაგრამ ამ „ბინდში“ სხივის დამნახავი და შემომტანია სწორედ კარგი პოეტი. პოეტობა კი, მოგეხსენებათ, იოლი არაა საქართველოში. ეს ყველაზე უკეთ დღეს და ზოგადად, ალბათ ზვიად რატიანმა იცის.

მივყვეთ მისი პოეტური ცნობიერების „მარგალიტებს“, რომლებიც ისეთი შესაშური უბრალოებით „აეწყო“ ლიტერატურულ წერილად, მევე გამიკვირდა – როგორც ამ ქვეყნის მარადი თუ დღევანდელობის, ბაგეთაგან უნებლიეთ წამსკდარი, სათქმელი, თავს რომ არასდროს დამალავს…

„ნეგატივი 20 წლის შემდეგ“

სიტყვა „ნეგატივის“ ქვეტექსტს თუ დავიყვანთ უფერულ თუ ეფემერულ „შავ-თეთრობაზე“ და მერე ამას ცხოვრებას ეპითეტად წავუმძღვარებთ, მივხვდებით, რომ ამ ლექსში რაღაცა, გოიას გროტესკული მინიატურებისეულ, მტკივნეულ სიმართლეს „შევეხებით“.

„ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ

და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს“.

პირდაპირ რეალობის/რეალურისა და იდეალურის დაპირისპირებით იწყება ლექსი „საკუთარ წვენში მოხარშულობაზე“. სრულიად თვალში საცემია, რომ ლირიკული გმირი აქ დატყვევებულია – ის ჩვენი ათეული და ათასეული წლებია ნატანჯი თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ა, ჩვენივე სულიერი გაღარიბება/გადაგვარების უტყვი მოწმე („ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ“). ეს სენი „არავისგანგამორჩეულობისა“, „უბრალო ჭანჭიკობისა“, რა თქმა უნდა, ძალით თუ ძილით, როგორც დიდი ილია ამბობდა, შემოგვაპარეს უმწარესი ბანგივით.

სიცოცხლე გაფართოებული შიშისა თუ შუშის თვალებით, აწმყოსა თუ მომავლისადმი (იქნებ წარსულისადმიც – „იქიდან“ ხომ ჩვენი დიდი წინაპრები ჩვენს მაღალადამიანობას ელიან და გვავალებენ?!), ვღალატობთ საკუთარ თავსა და ქვეყანას, როცა სხვის უბედურებაზე, უსამართლობაზე „ძარღვი არ შეგვერხევა“, რადგან „ეს ჩვენ არ გვეხება“.

„შვილო, ჩვენ განა გაჩენიდან ასე ვიყავით…“

ეს კითხვაც პოეტისა, კითხვა აღარაა, იმდენად ძვალსა და რბილშია გამჯდარი მისი პასუხი – „შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო!…“. თუმცა ეს ახლა იმ მოსაბეზრებელ საზეპიროსავითაა, ძალით რომ უნდა დავისწავლოთ და ჩვენი „ცვილის ნიღბების“ შიგნით, ჩვენს მოღლილ სულებში ვეღარ აღწევს. ამ უკანასკნელში ათასჯერ წართმეული ოცნებების სიცარიელე და ნისლივით დამაბრმავებელი ნაღველია. ჩვენ უკვე გადავემტერეთ ჩვენივე ქვეყანას და ამ სიძულვილში, რომელმაც სიცარიელე ვითომ ამოგვივსო… იმაზე „ადვილი“ და იმაზე ძნელი არაფერია, საქართველოს გადააბრალო ყველა ძნელბედობა („ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა“); მისი „მკვდარი ბავშვებით გაჯერებული“ მიწა და „ცრემლით განელებული წყლები“ ვისი ბრალია სხვისი, თუ არა ჩვენი?!

უკვდავება სიკვდილთან გათანაბრება როდია, ის სიკვდილის, მარადი ტრაგიკულობის დამარცხებაა, ანუ მათზე გამარჯვება, ამაღლება.

„ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით“;

სიყვარული კი იდეიდან თუ გულში არ გადმოვიდა, გულიდან საქმეში, საქმიდან – ქვეყანაში, მხოლოდ „ჰაერში აალება“ შეგვრჩება, ჩვენი ხმის ჩახლეწვამდე ენთუზიაზმი: „ჯოს! ჯოს! ჯოს…“

ყველა წამებული შეშლილია წუთისოფლის მკვიდრთათვის, ყველა იდეალისტი კი – „კუზიანი“. ვერავინ დაიკვეხნის, რომ მის „ზეიმში“ ყალბი არ გარეულა. მაგრამ „იმ წლებს, იმ გვამებს“, იმ თბილი სისხლით „წითელპერანგა“, უიმედო სამშობლოს თავს ვერავინ დავაღწევთ, სამარადისოდ დაბნელებული მამების სიზმრებს თუ რეალობად ვერ ვაქცევთ! ალბათ ამას „ყვირის“ სიჩუმეც პოეტის მონოლოგში, რომელშიც როგორც ვთქვი – თავისუფლება ცალკე პერსონაჟია და ცალკეც იგია, ვინც ის დაკარგა, თუმცა არა სამუდამოდ, რადგან ამას მოწმობს და მიგვანიშნებს ჩუმი, მაგრამ მზარდი პროტესტის პათოსი ამ არცთუ მარტივად წასაკითხი ლექსისა…

„წერილი საიდუმლო დედას“

„იმედს ვიტოვებ, რომ მაპატიებ ამ სისუსტეს. ყველამ დამტოვა“ – პიროვნული თუ ეროვნული ძნელბედობისას მარტოსულობის აპოლოგიაა ეს ლექსი, პოეტური აღსარება. პირველივე ტკივილის ნერვი ასე ჟღერს: „საერთოდ, არსი დღეს უკვე არის არა სიღრმე, არამედ გარსი“. მოჩვენებითი „ზედაპირულობა“, დროში ხანმოკლეს ფეტიში, სწორედ „სიღრმეში“ ჩამალულ დილემებსა და მათგან გაქცევის დაუოკებელ სურვილს ცხადყოფს, მათი გადაფარვის მცდელობისდა მიუხედავად. ეს „მხატვრული გაუცხოება“, როგორც პოეტი ამბობს, იმისი ბრალია, რომ ჩვენთვის „არაფერი“ გახდა „ყველაფერი“. აქ შემთხვევითი არაა ალბათ მინიშნება ტექნიკაზე („…კომპიუტერებს, დანადგარებს. სწორედ საჩემო არის გარემო“), არცთუ ძნელადშესამჩნევი ირონიულობით, რაც ასეთი ჩვეულია, ბუნებრივი უკვე ჩვენი მომხმარებლური, ყოველგვარი რომანტიკისა და იდეალურის უშნოდ „მყლაპავი“ გარემოს მიმართ. ეს ხელოვნური გარემოა სწორედ უფრო მშვიდი და კომფორტული უკვე, ვიდრე ბუნება, თანამედროვე ადამიანისთვის, სამწუხაროდ, რომელიც ყველას გაუუცხოვდა. ნუ, საკუთარ თავთან გაუცხოებით იწყება ეს და მოცემული თემა, მწარე „ჰანგი“ ლექსშიც გადმოაქვს პოეტს:

„მე მიყვარს ცივი პოეზია და არა ცხელი,

არა წვნიანში ჩალბობილი, არამედ ხმელი,

რომელიც თითქმის ქვავდება ხმაში“.

კი, ეს ძალიან „მჭრელი“ პოეზიაა; „გასტეხს ქვასაცა მაგარსა“, გულს აგიფორიაქებს, უგემური, ვითომ „თავდამცავი“ მთვლემარებისგან გამოაფხიზლებს ცნობიერებას:

„ხოლო სიმართლე – მოსაწყენია“.

ესეც ამ ზემოხსენებული ცნობიერების „პროდუქტი“; ისევ ირონიაა, ქვეტექსტის ტრაგიკულობაში ჩაკარგული; ამ „ლოგიკით“, ლექსიც არაფერია, უბრალოდ, ნაწერი, რომელშიც „სევდას ათავსებ“, რომელიც საგინებლადაა განწირული. არა, ეს გადამეტება არაა. უკვე სრული გულწრფელობაა მკითხველთანაც და პოეზიის თვალუწვდენელი სიმაღლის მისიონერობის სიტყვებს მიღმა გამხელაც – რომ ეს ყველაფერი, თანაც საქართველოში, ტვირთის ზიდვაა!

თუმცა რაც უნდა მძაფრი იყოს შთაბეჭდილება, ის იფანტება დროში, განქარდება, როგორც „ქალი, რომელსაც ვერაფერს მოარგებ, გარდა დავიწყებისა“. ეს ხომ ჩვენი „თანდაყოლილი სიარაფრის“ („მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ – დაბადება, 3) მიერაა გადავიწყებული.

ეს ყველაფერი და ისიც, რასაც მალავენ სიტყვები, „ძველი და ძველი გულუბრყვილობით“, არის სწორედ იმპულსები სიცოცხლისა, შინაგანი გამარჯვებებისა საკუთარ თავზე, რომლებიც ყველაზე დიდი გამარჯვებებია:

„…ან ძარღვებში უცებ იყივლებს

სისხლის ერთ-ერთი ურჩი წვეთი ან, მით უმეტეს,

რომ გაქვს უფლება სიტყვის (იხილეთ კონსტიტუცია);

ვიწყებ წერას, რომ იშვიათად და ისიც წამით,

მაგრამ მოვწყდე – მიწას, იატაკს, ცხოვრებას,

დაშლილს – ამდენ სიზმრად, ცხადად, ეტაპად,

სამსახურებად, ქალაქებად, მკვდრებად, სუფრებად,

რომ მოვიპოვო ერთადერთი ტკბილი უფლება –

უფლება სიბერის… ასაკისდა მიუხედავად“.

ისე ითქვიფება „ირიბ მზეში ჭადრები“, როგორც წუთისოფლის „სიელმეში“ გამრუდებული ჩვენი გულწრფელობა, იდეალები, უანგარობა, ერთგულება, რაც უკვე უცხო ხილია დღევანდელობისთვის, ატავიზმი, ატროფიისთვის განწირული. აი, „რამ დააგროვა მის (პოეტის – მ.ი.) სიტყვებში ამდენი რკინა“.

დედის ხატი ყველა ხატის პარადიგმაა. ეს ხომ აღსარებაა;

„თუ არ მოირწყა, წალკოტიც ისე გადახმება, როგორც ბოსტანი“.

თითქოს მარტივი მეტაფორისტიკაა, არა? ან რაღაცა პრეისტორიული, მარტივად გენიალური სიბრძნე, რომლის „ცოდნა“ ყველას ყოველთვის გვაქვს, რადგან არავის არასდროს უსწავლებია ის.

„მე ვიწყებ წერას, ანუ ვამთავრებ

ცხოვრებას – უკვე მერამდენედ! – ანუ ვიმსხვრევი.

დავეფინები დედამიწას, მთვარეს, პლანეტებს და

მათთან ერთად ვმთლიანდები… ანუ ვამეტებ“.

სიბერემდე შორია, პოეტო, წინ დიდი და ეკლიანი გზაა, – პოეტის გზა საქართველოში!…

 

„მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა“

ადამიანს ცხოველისგან ზნეობა გამოარჩევს, შინაგანი სიმწყობრე, თანხმობა საკუთარ სინდისთან. თუმცა ერთია ზნეობა, ფართო გაგებისა და მეორე – მორალი, რომელსაც ადამიანთა საზოგადოება თუ ინდივიდი თავად „ირგებს“. ამიტომაა ხშირად, რომ ყველაზე ამორალურები „გვიკითხავენ მორალს“. მოდით, „გლეხურად“ ვთქვათ: როცა შევხედავთ ზოგადი სამართლიანობის თვალსაზრისით, ანუ ღვთის თვალით, ეს ზნეობად ჩავთვალოთ; ხოლო იმ „რეცეპტებს“, ვითომ სწორ წესებს ცხოვრებისა, რომლებსაც ადამიანები იგონებენ და ადგენენ, ხშირად „ზედაპირისა“ და არა „სიღრმის“ დათვალიერებისას, დავარქვათ – „მორალი“.

ამ მხრივ, ლიტერატურაში, ხელოვნებაში არსებობს ე.წ. „წმინდა მეძავის“ ოქსიმორონი, რომელიც პარადიგმულად მარიამ მაგდალინელისგან იღებს სათავეს. ასეთია თუნდაც სონია მარმელადოვა დოსტოევსკის რომანიდან „დანაშაული და სასჯელი“ ან კაბირია ფედერიკო ფელინის ფილმიდან „კაბირიას ღამეები“. მათი ხორცი ბიწიერია, მაგრამ ცხოვრების „ტალახი“ სულს ნაკლებად შეხებია. თუმცა ეს მაინც ილუზიური, უფრო ფანტაზიის, გამონაგონის სამყაროა; – რა ხდება ცხოვრებაში? რომელშიც შეიძლება სრულიად „რესპექტაბელური“ ქალბატონიც ბევრად დაცემული იყოს ზნეობრივად, ვიდრე თუნდაც ზვიად რატიანის ამ ლექსის მთავარი პერსონაჟი, წუთისოფელმა „უკუღმართი იავნანა“ რომ უმღერა;

„ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში

და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა –

ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს“.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ეს ბოლო სტრიქონი ალუზია მგონია ქრისტესშობისა, რომლის დაბადებაც ჩვენს სულებში სწორედ ჩვენი ცოდვით ნატანჯი სხეულების გადარჩენაა. ეს ხომ უკეთესია, ვიდრე საკუთარი თავის უარყოფა, ანუ „მისი“ (ღვთისა თუ თავისა) სიყვარულის შეწყვეტა, „ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნა“… თუნდაც ღმერთზე მხოლოდ ის იცოდე, რომ ტანჯულებთან ყველაზე ახლოა, მის ძიებაშია ყოველი ჩვენგანი, თვით ყველაზე ერეტიკოსიც, რადგან სხეულებსაც და სულებსაც სჭირდება სითბო, ისევე, როგორც ცოდნა, რწმენა იმისი…

„რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,

მით უფრო მშვიდად დაიძინებ…“.

მათ, ტვირთმძიმეთ, ხომ ნახეს საკუთარი საფლავები, „საკუთარი გასისხლიანებული სახე“, აყმუვლებული ჭირისუფალი ძაღლები; მაგრამ არ სვამენ საძილე აბებს და ღმერთის შობას ელოდებიან, რომ მერე „მკვდრეთით აღსდგეს“ თუ აღდგნენ, რომ „სისხლმა თვალებიდან დენა“ შეწყვიტოს, მოვიდეს ცრემლი და შვება, ბალიშზე თითის დახატული ყვავილივით…

ეს ჩემი საყვარელი ლექსია, რადგან, სწორედაც, თავდაყირა აყენებს ადამიანურ ყალბ მორალს, სამართალს და ყველაზე მაღალ რეგისტრს ითხოვს ყოველი, თვით ცხოვრებისგან ყველაზე გათელილი, ადამიანის ცოდვა-მადლის შესაფასებლად…

„აი, ისინიც, ცუდი დღეები“

ამ ლექსში თითქოს მსოფლიო პოლიგონია, ჩვენი დღევანდელობის წინასწარმეტყველება, თუმცა ის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დღეებშია დაწერილი.

აქ სიმშვიდეა ქარიშხლის შემდეგ. როცა ქალაქი აღარ იბომბება, როცა გასაქცევი არსადაა, როცა იცლები ემოციისგან და დღეც ისე თენდება, არქაული უმანკოებით, კვამლში მდგარი გიგანტური ხეებით, როგორც უხსოვარი დროიდან…

ხეები მითოსური აღქმისაა, ამიტომაა გიგანტური; თითქოს, მარადი სიცოცხლისაა ისინი (ხომ ისევ ინათა, არა?!…) თითქოს „ჯერ კიდევ მოგიზგიზე ცეცხლის ფესვებით“ სამუდამოდ მძინარეები უნდა გამოგლიჯონ მიწის შავ წიაღს, შეცოდებას, უსასოო უსუსურობას. თუმცა ამ მიწიდანაა ეს ხეებიც ამოზრდილი, ისევე, როგორც ცა, რომლიდანაც, თუ შეშინდი, ჩათვლი, რომ ისევ წამოვა საფრთხე, ხოლო თუ რწმენით შეხედავ – შველაც გამოჩნდება, რომელმაც სიკვდილის უშეღავათო, უიღბლო, „მყვირალა“ მდუმარებაში საუკუნეები გამოატარა ჩვენი ტანჯულ-ტრაგიკული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ვერავისგან დამონებული სულის ძახილიც:

  • ჩვენ გავიმარჯვებთ!!!

როგორ ამოვიცნოთ დისლექსია ბავშვებში

0

როგორც წესი, ბავშვების ყველა პრობლემა, რომლებიც სწავლას უკავშირდება, მშობლების და არა მხოლოდ მათი მხრიდან, ბანალურ სიზარმაცეს მიეწერება. „ის უბრალოდ ზარმაცია“; „არ ცდილობს“; „მასწავლებელმა რაც არ უნდა გააკეთოს, მას არ სურს სწავლა“; „მე კი ვცდილობ, ვებრძვი, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი“. – ასეთი ფრაზების მოსმენა და საყვედურები, როგორც მშობლების, ისე პედაგოგების მხრიდან დღეს უჩვეულო და იშვიათი აღარ არის. ალბათ, ძალიან ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ პრობლემა შეიძლება სულაც არ იყოს სიზარმაცე. ხშირად ხდება, რომ ბავშვს ობიექტურად უჭირს ინფორმაციის აღქმა და ათვისება. ის ამაში აბსოლუტურად არ არის დამნაშავე, მაგრამ ისჯება. თუმცა, უფროსების ასეთ ქმედებას არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყვება.

თუ პრობლემის მოგვარება გვსურს, პირველ რიგში, ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი უნდა ვიპოვოთ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დღეს ბავშვებში სასწავლო პრობლემების გამომწვევი ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი, საკმაოდ ხშირ შემთხვევაში, დისლექსიაა. დისლექსია, ასევე დისგრაფია და დისკალკულია ინფორმაციის აღქმის თავისებურებებია, რის გამოც ბავშვს უჭირს კითხვის, წერისა და მათემატიკის სწავლა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დისლექსია დაავადება არ არის, ის ნეირობიოლოგიური თავისებურებაა. დისლექსიის მქონე ბავშვის ინტელექტი არ არის დარღვეული, დაქვეითებული და მისი პრობლემა საერთოდ არ არის სწავლის სურვილის არქონა ან სიზარმაცე.

 

ძირითადი ნიშნები, სიმპტომები, რომლებიც დისლექსიის ამოცნობაში დაგვეხმარება:

 მართალია, წერის, კითხვის, მათემატიკური ოპერაციების განხორციელების უნარი სკოლაში იწყებს გამოვლენას, მაგრამ ზოგიერთი ნიშნის შემჩნევა უფრო ადრე, სკოლამდელ პერიოდშიც შეიძლება.

  • ასეთ ბავშვებში მეტყველება ვითარდება უფრო ნელა, ვიდრე მის თანატოლებში;
  • სიტყვების წარმოთქმასთან დაკავშირებული სირთულეები შენარჩუნებულია 5-6 წლის შემდეგაც;
  • უჭირს ლექსების დამახსოვრება და სწავლა;
  • ერთმანეთში ერევა წელიწადის დროები, ასევე კვირის დღეები და დღის მონაკვეთები;
  • ბევრ შეცდომას უშვებს კითხვისა და წერის დროს, ნელა კითხულობს და უჭირს წაკითხულის გააზრება;
  • ახასიათებს კითხვისას – ბგერების, ხოლო წერისას – ასოების ჩანაცვლება, ერთი ასოს ნაცვლად თითქმის ყოველთვის გვხვდება მეორე;
  • ვერ ხვდება წაკითხულის მნიშვნელობას, არ შეუძლია წარმოთქვას, დაასახელოს ახლახან წაკითხული სიტყვა, ვერ იმახსოვრებს მას;
  • ცვლის სიტყვების დაბოლოებებს, ბოლომდე ვერ კითხულობს სიტყვას, ცდილობს უბრალოდ „გამოიცნოს“ ის პირველი ასოთი;
  • წერისას ტოვებს ასოებს, მარცვლებს და მთლიან სიტყვებსაც კი;
  • კითხულობს ასო-ასო, უჭირს წინადადების აგება;
  • აღინიშნება ბგერებისა და მარცვლებისათვის ადგილის შეცვლა ერთ სიტყვაში;
  • არასწორად წარმოთქვამს, არასწორად კითხულობს სიტყვების დაბოლოებებს; ამახინჯებს, ურევს ბრუნვებს;
  • კითხვისა და წერის დროს ფიქსირდება ასოების, მარცვლების, რიცხვების თანმიმდევრობის ცვლილებები;
  • ასეთ ბავშვებთან ასევე შეიმჩნევა მნიშვნელობითა და ბგერებით მსგავსი სიტყვების ჩანაცვლება;
  • ხშირად ბავშვი უარს ამბობს ხმამაღლა კითხვაზე, ასევე დავალებად მიცემული თხზულების დაწერაზე;
  • აქვს მართლწერისა და კითხვის პრინციპების დაუფლების სირთულეები;
  • უჭირს სივრცეში ორიენტაცია და ისეთ ცნებებში გარკვევა, როგორიცაა „მარჯვენა-მარცხენა“, „ზევით-ქვევით“;
  • შეიძლება იგნორირება გაუკეთოს მარცხნივ განთავსებულ ნიშნებს, ასოებს და მთელ გვერდსაც კი;
  • ხატავს ან გვიჩვენებს რაიმეს მარჯვნიდან მარცხნივ; ასევე ცდილობს, წაიკითხოს მარჯვნიდან მარცხნივ;
  • ხშირად სარკისებურად წერს ასოებსა და ციფრებს, ერთმანეთში ურევს მსგავს ასოებს;
  • კითხვისას ვერ მიჰყვება ერთ ხაზს, „ხტება“ ერთიდან მეორეზე, კითხულობს ერთ სიტყვას ერთ ხაზზე და მეორე სიტყვას უკვე მეორე ხაზზე. ბავშვი ჩივის, რომ ასოები და ციფრები „ხტუნაობენ“, „ცეკვავენ“, „გარბიან“, „იმალებიან“;
  • არასწორად ასახელებს ნაცნობ ასოებს, ციფრებს, ფორმებს. ერევა ისრების მიმართულება, უჭირს ოპერირება სივრცითი მიმართულების აღმნიშვნელი სიტყვებით;
  • არ მოსწონს თამაშები, რომლებიც საჭიროებს სივრცით აზროვნებას;
  • მოძრავ თამაშებში ავლენს მოუქნელობას და კოორდინაციის დაბალ დონეს;
  • აქვს პრობლემები წვრილი მოტორიკის განვითარებაში – ვერ ახერხებს ფეხსაცმლის თასმების შეკვრას, მაკრატლის გამოყენებას, მოზაიკის აწყობას;
  • არასწორად უჭირავს კოვზი, ფანქარი, ავტოკალამი;
  • ვერ ახერხებს კონცენტრირებას, არის მოუსვენარი, უყურადღებო, ბოლომდე ვერ მიჰყავს დაწყებული საქმე;
  • ყველაფერს ან ძალიან ნელა აკეთებს, ან პირიქით – იმპულსური და ჰიპერაქტიურია;
  • ახასიათებს ადვილად დაღლა. წერის ან კითხვის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში ბავშვს აშკარად ეტყობა, რომ დაიღალა – იფშვნეტს თვალებს, უჩივის თავის ტკივილს.

 

დისლექსიის გამომწვევი მიზეზები:

  1. ნეირობიოლოგიური – ამ შემთხვევაში ტვინის გარკვეული უბნები, რომლებიც მნიშვნელოვან ფუნქციებზე არიან პასუხისმგებელნი, ნაკლებად აქტიურია, ვიდრე ადამიანების უმეტესობაში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ასფიქსია, ანემია, გულის მანკი, სხვადასხვა ინფექცია, დედის გახანგრძლივებული მშობიარობა ან საკეისრო კვეთა, წამლისმიერი ინტოქსიკაცია, ცვლილებები ნაყოფის განვითარებაში. გარდა ამისა, შეიძლება დაირღვეს ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროების ბალანსი. ამ შემთხვევაში უმჯობესია კორექცია სპეციალისტებთან ჩატარდეს;
  2. გენეტიკური – ითვლება, რომ ბავშვში დისლექსიის გაჩენაზე მოქმედი მთავარი ფაქტორი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მშობელს დისლექსიის ოდნავ შესამჩნევი ფორმა ჰქონდა, მის შვილში კი ეს აშლილობა უფრო სერიოზული ფორმით გამოვლინდა;
  3. სოციალური ფაქტორები:
  • უზომო სასწავლო დატვირთვა, რომელსაც ბავშვი, ასაკიდან გამომდინარე, ვერ უმკლავდება. მაგ. არის შემთხვევები, როდესაც მშობელი ცდილობს 3-4 წლის ბავშვი ვუნდერკინდად „აქციოს“, ასწავლის მას კითხვას, წერას და ვერ აცნობიერებს, რომ ტვინის მთავარი ფუნქცია ამ ასაკში ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური განვითარებაა. მოგვიანებით კი – სკოლა, ახალ გარემოსთან ადაპტაცია, მიღებული ინფორმაციის მოცულობა, საშინაო დავალებები, წრეები, სპორტული სექციები, სხვადასხვა საკლუბო სამუშაოები. ასეთი დატვირთვით მუშაობა, ასეთი რიტმით ცხოვრება უფროსსაც კი გაუჭირდება;
  • სოციალური დეზადაპტაცია – როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბავშვის გარემოსთან ურთიერთქმედების დარღვევა, პირველ რიგში, გავლენას ახდენს ფსიქიკაზე, რომელიც სუსტდება და ვერ ახერხებს გარედან მომდინარე სირთულეების დაძლევას. ეს ფაქტორი ასევე მოქმედებს სკოლის მოსწავლეში სხვადასხვა დარღვევების, მათ შორის დისლექსიის აღმოცენებაზე;
  • არახელსაყრელი ფსიქოლოგიური ატმოსფერო ოჯახში, რომელიც ბავშვის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მის ტვინში ილექება და შესაბამისად გავლენას ახდენს პატარას შემდგომ განვითარებაზე; სიტუაციები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, ბავშვის მიმართ მშობლების გულგრილობიდან ჰიპერმზრუნველობამდე. დასკვნა მხოლოდ ერთია – მშობლის ყველა არასწორი ქმედება სერიოზულ შედეგებს იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანია, შევეცადოთ სიმშვიდის შენარჩუნება, ყოველთვის მოვუსმინოთ და გავუგოთ ბავშვს. დისლექსია ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ცერებრალური დამბლის სხვადასხვა ფორმით, ქალა-ტვინის ტრავმებით და მხედველობის პრობლემებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ბავშვის ტვინი გადატვირთულია და იწვევს ტვინის ზოგიერთი უბნის დეაქტივაციას.

 რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ დისლექსიის დიაგნოზის მქონე ბავშვს:

  • ბავშვის სასწავლო პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. გავითვალისწინოთ, რომ ამ დროს ბავშვს ცუდი მოსწრების გამო საყვედურების, ჩხუბის ნაცვლად დახმარება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა სახის გადახრა;
  • აუცილებელია სპეციალისტებთან – ნეიროფსიქოლოგი, ლოგოპედი, ფსიქოლოგი – დაკავშირება, მათი ჩართვა და მათგან დახმარების მიღება. თუ სპეციალისტები ბავშვს დისლექსიის დიაგნოზს დაუსვამენ, მშობლები მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ მათ დამატებით მოუწევთ შვილთან მუშაობა, მისთვის მეტი დროის დათმობა და ყურადღების მიქცევა. ასეთი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ მიდგომას სწავლებაში და ამისთვისაც აუცილებელია, ვიყოთ მზად. საჭირო იქნება სასწავლო პროგრამის ადაპტირება და ლოგოპედის, ასევე ფსიქოლოგის ჩართვა ბავშვთან მუშაობაში;
  • კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ დისლექსიის მქონე ბავშვები სხვებზე უკეთ აღიქვამენ და უფრო სწრაფად იმახსოვრებენ აუდიოწიგნებით მიწოდებულ ინფორმაციას. ტრადიციული, დაბეჭდილი და ელექტრონული ტექსტები კი მათ დიდ სირთულეებს უქმნის;
  • დისლექსიის მქონე ბავშვები თვალსაჩინო ხატებით აზროვნებენ, მათი აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია. ამიტომ, არ უნდა გავკიცხოთ ბავშვი, თუ საშინაო დავალების მომზადებისას ის ხატავს. დიდი ალბათობით ის ამ გზით უკეთესად იგებს და იმახსოვრებს მასალას. გამოვიყენოთ სწავლებაში მეტი თვალსაჩინო მასალა, ისტორიის შესწავლისას გამოვიყენოთ დოკუმენტური ფილმები, მივცეთ საშუალება, წერისას გამოიყენოს სხვადასხვა ფერის ავტოკალმები და ფანქრები;
  • საჭიროა გვახსოვდეს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვები რაიმე სახის ნიჭიერებით გამოირჩევიან. ისინი შეიძლება იყვნენ შემოქმედებითი პიროვნებები, იაზროვნონ არასტანდარტულად. ამიტომ, საჭიროა, კარგად შევიცნოთ ასეთი ბავშვები და საკმარისი ყურადღება დავუთმოთ მათ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ძლიერი მხარეების განვითარებაში;
  • დისლექსიის პრევენცია ადრეულ ასაკში უნდა განხორციელდეს. მშობლებმა თავად, ან სპეციალისტების დახმარებით უნდა განუვითარონ ბავშვს მეხსიერება, ყურადღება, წვრილი მოტორიკა, ჩამოუყალიბონ ასოებისა და სიტყვების სწორად გამოთქმის უნარი;
  • ვეცადოთ, ვიყოთ ლოიალური პატარას მიმართ. პრობლემას მშვიდად და მოთმინებით მივუდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოვიწვიოთ დანაშაულის გრძნობა ბავშვში. გვახსოვდეს, რომ ის არ არის დამნაშავე აღმოცენებულ პათოლოგიაში. მთავარია, მას დრო მივცეთ. ნუ გადავტვირთავთ მეცადინეობებით, ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს პრობლემის მოგვარებაზე;
  • გავითვალისწინოთ, რომ დისლექსიისგან განთავისუფლება აამაღლებს ბავშვის თვითშეფასებას და თავიდან ააცილებს სირთულეებს კომუნიკაციაში;
  • გვახსოვდეს, რომ დისლექსია, დისგრაფია და დისკალკულია იშვიათად იღებს ტოტალურ ფორმას, როდესაც ადამიანს საერთოდ არაფრის წაკითხვა, არაფრის დაწერა და დათვლა საერთოდ არ შეუძლია. სიტუაციის კორექტირება ყოველთვის შეიძლება იმ დონეზე, რომ ბავშვმა თავი გაართვას არც ისე დიდ და არც ისე რთულ ამოცანებს.

დაბოლოს, დისლექსია განაჩენი ნამდვილად არ არის. სწორი დამოკიდებულების შემთხვევაში შეიძლება მისი დაძლევა. თუ დროულად გავაცნობიერებთ, რომ დისლექსიასთან გვაქვს საქმე და შევიმუშავებთ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ბავშვს ექნება შანსი დაეუფლოს წერასა და კითხვას, გახდეს განათლებული ადამიანი და შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება.

 

ჩვენი თავი აღმოვაჩინოთ ცოცხალი

0

 

( მანანა მენაბდის იგავ-არაკების შესახებ)

„_ მზის დარაჯი რასა იქმს?

_ რასაც აქამომდე იქმოდა!

_ შენ რა, მაგეების მართლა გჯერა?

_ ნუ დაიჯერებ, თუ გინდა, მარა ვიღაცამ ხომ უნდა უმღეროს მზეს“.

მანანა მენაბდე. „და დრო გადიოდა“

 

„ცხოვრობდა სამყაროში შიშველი სიმართლე და ის ძალიან ლამაზი იყო. შეხაროდა ყველა და თვითონაც დაიარებოდა თავაწეული და ბედნიერი. გავიდა დრო, მოხუცდა სიმართლე, ხორცი ჩამოაჭკნა, ნაოჭებით დაიღარა, ზედ აღარავინ უყურებდა, ვისაც ჩაუვლიდა, თვალს მოარიდებდნენ ხოლმე. დაღონდა სიმართლე, ხის ძირში მიწვა და სიკვდილს დაელოდა.

ერთ საღამოს თავზე იგავი წამოადგა – თვალისმომჭრელ შესამოსელში გამოწყობილი. სიმართლესთან დაიხარა, თავზე ხელი გადაუსვა. რა გაგჭირვებიაო, ჰკითხა. სიმართლემ დარდი გაუმხილა. რა ყურები ჩამოგიყრიაო, იგავმა გაამხნევა – მეც შენი კბილა ვარ, ხორცი მეც დამჭკნარი მაქვს, მაგრამ აი ეს ატლასის შესამოსელი მიფარავს, მოდი შენთვისაც შევკეროთ, შემოიცვამ და შენს ნაოჭებს ვეღარავინ დაინახავსო.

მართლაც, ისეთი სამოსი შეუკერა იგავმა, სილამაზისგან ნაპერწკლები რომ სცვიოდა. ჩაიცვა სიმართლემ და შემალა მასში თავისი ასაკი, წელში გაიშალა და იგავთან ერთად ქუჩას გაუყვა – ყველა მათ შესცქეროდა და შეხაროდა. მას შემდეგ დადიან ასე იგავი და სიმართლე და არავინაა მათზე უფრო ლამაზი და მათზე უფრო ახალგაზრდა“.

ეს იგავი ცოტა ხნის წინ მოვისმინე და ისეთი სიხარული მომანიჭა, თითქოს დიდი ხნის დაკარგული ნაცნობი მეპოვოს. იშვიათად წამიკითხავს უფრო სახიერი და შთამბეჭდავი განმარტება იმისა, თუ რა არის იგავი: სიმართლის/ჭეშმარიტების საბურველი, ერთგვარი დაშიფრული კოდი, საიდუმლო შრე, რომელიც ყველაზე მეტად ეხება ადამიანის გულსა და სმენას და მასში აღქმის იმპულსებს ხსნის. ოდითგან წერდნენ და მეტყველებდნენ იგავის ენით. ქრისტემაც ხომ იგავით იქადაგა ჭეშმარიტება. იგავს იშველიებდნენ მწერლები ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, რათა მკითხველისთვის სიმართლე მიეწვდინათ.

თანამედროვე სამყაროშიც იწერება იგავები, თუმცა პოსტპოსტმოდერნისტულმა დრომ თითქოს იგავის ადგილიც გააქრო, რადგან „აღარაფერია დაფარული“, ერთმანეთშია აზელილი ყველაფერი – ტყუილიც და მართალიც, კეთილიც და ბოროტიც, ცოდვაც და მადლიც. ადამიანის ხედვისა და აზროვნების ტოტალურ დეკონსტრუქციას იგავის ნაფლეთებიც გასცვივდა – ფრაგმენტულ ნაწილაკებად იქცა ის საზრისები, რითაც საიგავო ქსოვილი იქმნება.

მაგრამ არსებობენ დიდი ხედვის და ენერგიის ადამიანები, რომლებიც სამყაროს ჯერაც მთლიანობაში აღიქვამენ, მის სრულყოფილ შინაარსში ეძიებენ ნათლისა და ბნელის ფესვს. ეძიებენ, რათა იპოვონ გამოსავალი, იპოვონ უკეთესი გზა ცოდვისა და უიმედობის ჭაობში ჩაძირული კაცობრიობისათვის…

წინ მანანა მენაბდის იგავ-არაკების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კრებული მიდევს – „და დრო გადიოდა“. ის ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“ დასტამბა და გასულ გაზაფხულზე, ლონდონის წიგნის ბაზრობაზეც წარადგინა. მანანა მენაბდე დიდებული ხელოვანია (მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეა გასული და ისევ ვერაფრით ვეგუები, მასზე „იყო“ რომ ვთქვა) – მომღერალი და მუსიკოსი, რეჟისორი, მწერალი, მხატვარი. რენესანსულ ადამიანს ეძახდნენ და ასეც იყო – ხელოვნების ყველა სფეროს უმაღლესი ხარისხით, პასუხისმგებლობითა და ტალანტით ემსახურებოდა. ის თავად იყო შემოქმედება, მუდმივად ჩართული შემოქმედებით პროცესში, მუდმივად აქტიური და გადამდებად ენერგიული. მაძიებელი და მოგზაური. თანამედროვე და ტრადიციონალისტი. ნაცნობი და უცხო.

იგავ-არაკების წერა 90-იან წლებში დაიწყო. მომისმენია მისგან, რომ ეს იმპულსი „ვეფხისტყაოსანმა“ გაუჩინა. ემიგრაციაში ყოფნის დროს საფუძვლიანად ჩაუჯდა „ვეფხისტყაოსანს“, ღამეებს ვათენებდი თითოეულ სიტყვაზე და მოვლენაზე კირკიტშიო და, უცებ ამ რეფლექსიამ ახალ გზაზე გაიყვანა, იქ, სადაც „დრო გადიოდა“… მისი იგავ-არაკები ნამდვილადაა „ვეფხისტყაოსნით“ დარწყულებული – დიდი პოემის შხეფები მასში ახალ ალიტერაციულ სიტყვაქმნადობებად გაიბნა („მოიდარბაზა“, „დაწამწამება“, გახმამყივანდა“…). ვეფხისტყაოსნური სიბრძნე კი მის მხატვრულ-აზროვნებით სივრცეებში ახალ სახე-ხატებად ჩამოიქნა.

ზემოთ რომ მანანა მენაბდის პროფესიები ჩამოვთვალე, ერთი გამოვტოვე. უფრო სწორად, მის პროფესიად არ მივიჩნიე – ეს მისი სულიერი მდგომარეობაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქტიური პროცესი. მანანა მენაბდე ფილოსოფოსია – ამ სიტყვის ყველაზე პოეტური და ინტუიციური გაგებით. ფიქრის მდგომარეობა მისთვის ახალი მხატვრული სამყაროს შექმნის წინაპირობაცაა და ყოფიერების ველიც. ბუნებრივიცაა, რომ იგავ-არაკების კრებული „და დრო გადიოდა“ ჩვენი დროის ყველაზე დიდ ქართველ ფილოსოფოსს – მერაბ მამარდაშვილს ეძღვნება და ამ წერილის სათაურადაც მამარდაშვილის ფრაზა შევარჩიე, ეპიგრაფად რომ წარუმძღვარა კრებულს მანანა მენაბდემ. „ჩვენი ცხოვრება, რა თქმა უნდა, ვერ იქნება სრულად ყოფიერება, მაგრამ ის შეიძლება იყოს ცხოვრება, რომელსაც ყოფიერების ნათელში განვლევთ“ – ესეც მერაბ მამარდაშვილის აზრია. ნათლის მაძიებლობა კი უმთავრესი ვნებაა მანანა მენაბდისათვის. მისი იგავ-არაკების კრებულში ამ გზას მკითხველიც დაადგება.

წიგნის შესავალში, ლიტერატორი გაგა ლომიძე წერს, რომ ეს კრებული, „რომელიც წლების განმავლობაში ორი კულტურის გადაკვეთაზე – ბერლინსა და თბილისში იწერებოდა, ერთიან ციკლს ქმნის. მასში იკითხება ქართული ფოლკლორისთვის დამახასიათებელი მოტივებიც და ევროპული მხატვრული თუ ფილოსოფიური აზროვნების ნაკვალევიც“. ეს, ზოგადად, მანანა მენაბდის შემოქმედებისთვის მახასიათებელი ნიშანია – ქართული და ევროპული ქრისტიანული კულტურის ღრმა შრეებში წვდომა და ცოცხალი მეხსიერებით თვითმყოფადი სამყაროს შექმნა. ამიტომაც, მის იგავ-არაკებში მთავარი გმირი განზოგადებულია და მას „კაცი“ ჰქვია. ეს ის კაცია, ილია ჭავჭავაძემ რომ საუკუნის ერთ ყველაზე ირონიულ შეკითხვას მიუსადაგა – „კაცია ადამიანი?!“. კაცი – ღვთის სინინომიცაა („ძე კაცისა – ქრისტე). მენაბდის იგავებში კაცი იმ თავდაპირველი ადამიანისგან დაშუქებული ჩრდილია ჩვენთვის ნაცნობ სამყაროში, თავისი სისუსტეებით, ვნებებით, მანკიერებებით, სიყვარულით თუ ოცნებით. ეს გმირი სწორედ თავდაპირველი კაცის ნამსხვრევებისგან შედგება, ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ ერთი კი არა, ორია და თავის მეორეს ისევე ელაპარაკება, როგორც სხვას, უცხოს; ზოგჯერ ოთხია და ზოგჯერ მეტიც – ეს დამსხვრეული კაცია, თანამედროვე მყიფე და სულიერებისგან განძარცვულ სამყაროში გაბნეული, სულ თავის დაკარგულ ნაწილებს დაეძებს და გამრთელებას ცდილობს.

გაგა ლომიძე ზუსტად შენიშნავს, რომ ეს ერთიანი ციკლია – სხვადასხვა სიუჟეტის მიუხედავად, კრებულს მაინც მთლიანი დრამატურგია აქვს, თავისი სიურრეალისტურ-პოსტმოდერნული პლასტებითა და მრავალწახნაგოვანი ფინალით. ამ მთლიანობაში კი, სულიწმიდის სუნთქვასავით შთაბერილია მშვენიერი იუმორი, უფრო კი „სოკრატესეული სარკაზმი“ (გაგა ლომიძე). რას გვიმხელს მანანა მენაბდის იგავები? რა დაემართა მის „კაცს“, რომელიც ვიზუალურადაც კი საჩინოვდება, იმდენად შთამბეჭდავია ამ იგავების მხატვრულ-პოეტური ქსოვილი?!

„ნამეტანი ჭკვიანი კაცის ამბავს“ მოვუსმინოთ – ერთი კაცი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ თავში მხოლოდ ჭკვიანური აზრები მოსდიოდა, დილა-საღამოს, ძილისა და ღვიძილის დროს და მოკლედ, ძალიან დაიღალა. ერთხელ, დილით, ადგომაც ვერ მოასწრო, რომ თავში ჭკვიანურმა აზრმა გაუელვა – წინ სიარულს კაცი სიბერემდე და სიკვდილამდე მიჰყავს, ამიტომ აჯობებს, უკან ვიარო, თუ მომინდება, თავიდან დავიბადები და სულ ახალგაზრდა ვიქნებიო! ეს აზრი იმდენად მოეწონა, რომ მაშინვე მისი განხორციელება დაიწყო. უკან-უკან სიარულში კი აივანს მიადგა, „ბიჯი უკან გადადგა და…“ მეასე სართულიდან გადავარდა.

ახლა „მომლოდინე კაცის ამბავს“ არ იკითხავთ? ერთმა კაცმა ყური მოჰკრა, ვიღაც გლახაკმა იმდენი სიკეთე გასცა სხვებისთვის, რომ უფალმა დაასაჩუქრა და გამდიდრდაო. თავადაც მოუნდა, რომ სიკეთე ჰქონოდა და დაიწყო მისი ძებნა. სიკეთის ძებნაში ჯერ მწყურვალი ბრმა შეხვდა, ბრმამ წყალი სთხოვა, კი ჰქონდა კაცს წყალი, მაგრამ იფიქრა, მე რომ ამას მივცე, ვაიდა სიკეთე შემომხვდეს და მას უფრო სჭირდებოდეს, ხო დავრჩი ხელცარიელი, ამიტომ ჯობია მისთვის შევინახოო. მერე მშიერი დედაკაცი შეხვდა, ბავშვებისთვის პური სთხოვა. აქაც იგივე გაიფიქრა – პური კი მაქვს, მაგრამ ამისთვის მიცემას, მირჩევნია, სიკეთეს შევუნახოო და უხმოდ გაეცალა. „სიკეთეს კი პირი არა და არ უჩანდა…“. მთელი ქვეყნიერება მოიარა და სიკეთე ვერსად ნახა, ქანცგაწყვეტილი შინ დაბრუნდა და დარდისაგან მალევე გარდაიცვალა.

არც იმ კაცს დამართნია კარგი დღე, სულ „მე-მეო“ რომ გაიძახოდა. თავის ყველა საქციელს წინ „მე“-ს წაუგდებდა ხოლმე, „მე“-ს იქით ვერავის ამჩნევდა, ჰოდა იმდენი იფრინა და იჭრიჭინა, რომ ისიც ბოლოს „ზეცაში აირინდა…“.

თითოეული იგავი სავსეა ამგვარი ირონიით და მტკივნეული სიკეთით. მანანა მენაბდე თავისი გმირის თანამლმობელია, განა სძულს ან ამათრახებს, უბრალოდ ტკივილით ჰყვება მასზე. ამ ტკივილსაც იმგვარი ფორმით ფარავს, რომ უფრო მეტად აღიქვას ადამიანმა – მკითხველმა და ყოფიერების მკვიდრმა.

ცალკე პოეზიაა ცეროდენა იგავები:

„კაცი თავისუფალი იყო, რადგან იმას არ აკეთებდა, რაც უნდოდა“.

„კაცმა მეგობრების წრე მინიმუმამდე გააფართოვა“.

„კაცს გენიოსობამდე სიკვდილიღა აკლდა“ და ასე შემდეგ…

ქრისტიანული აზრით, ადამიანის უმთავრესი დანიშნულება განღმრთობაა. ღვთისკენ სწრაფვა, ღვთის მაძიებლობა ამ მისიის შესრულების გზაზე მთავარი ჯვარია – ზოგჯერ მხრებით მიგაქვს და გეყვლიფება ძვლები, ზოგჯერ ფრთებადაც გამოგესხმება და თავად მიჰყავხარ. მთავარია, რომ ეს ჯვარი, შენი წილი ჯვარი გახსენებს, ვინა ხარ, ამ სამყაროში საიდან დაეშვი და საით უნდა მიიდრიკო პირი…

მანანა მენაბდის იგავ-არაკების მთავარი გმირი – კაცი – ამ მისიასაც ზუსტად ისე განიცდის, როგორც ყველაფერ დანარჩენს – ეგოიზმით, ამპარტავნებით, არა განღმრთობის მოშურნეობით, არამედ ღმერთად ქცევის ვნებით, რომელიც არათუ გამორიცხავს სულიერ ღვაწლს, არამედ უპირველესად, გულისხმობს ღმერთის ჩანაცვლებას – მისი ადგილის დაჭერას ცათა კაბადონზე თუ დედამიწის კვარცხლბეკზე.

„და დრო გადიოდა“-ს ფინალი ამ უმაღლეს რეგისტრშია გადაწყვეტილი – ღმერთად ქცევის ჟინით შეპყრობილი, საკუთარ თავს ძეგლს უდგამს და მის კვარცხლბეკს ცათა სართულებისკენ ამაღლებს.

„ღმერთი მინდა ვიყო! – თქვა კაცმა და ვეღარ გაჩერდა“.

ყველაფერი თავდაპირველ ქაოსში იძირება, ფერის და ბგერის ეკლექტურ ქაოსში, რომელიც გაფუჭებული ტელევიზორის შიშინს ჰგავს თავისი გამაყრუებელი კაკოფონიით. განღმრთობის ნაცვლად ღმერთის ჩანაცვლება, ამაღლების ნაცვლად – დაცემა. სასტიკი განაჩენი თანამედროვე კაცისთვის, რომელიც ვეღარ ეწევა ადამიანს, ან შეიძლება ასეც ვთქვათ – ვეღარ ერევა. ამ ტრაგიკული სურათის აღსაწერად კი იგავი ყველაზე თვალსაჩინო ენაა, რადგან „დასაბამიდან იყო სიტყვა და, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“.

იოანეს სახარების ამ კამერტონით სრულდება მანანა მენაბდის იგავ-არაკების კრებული.

ყველა იდეა, საზრისი თუ სახე-ხატი, რაც ამ კრებულშია გაცხადებული, მანანა მენაბდემ, მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე ყველა სფეროში განფინა, რასაც შეეხო – ამაზე მღეროდა, ამაზე ხატავდა, ამაზე ფიქრობდა და ამას დგამდა – მისი სპექტაკლი „მართლა“ თუმანიშვილის თეატრში სწორედ მისივე იგავ-არაკების მიხედვით შეიქმნა. ეს იდეები და საზრისები იყო მისი ცხოვრების მთავარი კონსტიტუციაც და ამიტომაც, თამამად ვიტყვი, რომ მან ცხოვრება ყოფიერების ნათელში განვლო.

ეს იდეები და საზრისებია, რაც თითოეულ ჩვენგანს „თავს ცოცხლად აღმოგვაჩენინებს“ და მოგვაქცევს მუდმივ მეხსიერებაში, სადაც ადამიანიც და სამყაროც მთლიანია და ღვთის მაძიებლობის გზა კი – უმთავრესი შემოქმედებითი აღმაფრენა.

და დრო გადიოდა… – ეს ფრაზა რეფრენად გასდევს მის იგავებს. ნატიფად და შთამბეჭდავად დასტამბული წიგნიც ამ სიტყვებს ფურცელ-ფურცელ ისეთივე სიმსუბუქით მიიყოლებს, როგორც სიხარულის გზაზე მორბენალი ბავშვი – ფრანს ან ფერად ბუშტებს.

და დრო გადიოდა… – ამოიქშენს მარადისობა და გზადაგზა გამოგვიწვდის ღონიერ სიტყვებს, როგორც ჭეშმარიტების შხეფებს, გამოგვიწვდის დიდ შემოქმედთა ხელით, იგავის ჩრდილში ჩაწობილთ – გასაღვიძებლად, საფხიზლებლად, განსაკურნებლად, გასამთელებლად…

არეული ჩანაწერები ვარძიიდან (პირველი ნაწილი)

0

ისტორია

ადგილის ნამდვილი და ძველი სახელწოდება ნავერძევია, რადგან ამ მხარეში ცხვრის კულტი ყოფილა. თავდაპირველად, აქ თურმე იყო ორი სოფელი. ერთის, ანანაურის, ნაშთები შემორჩა და საგანგებო ნიშნულიც დაგხვდებათ ზემო სართულებზე ამოსვლამდე. სოფლები ერთმანეთს საიდუმლო გვირაბებით უკავშირდებოდა.

მაინც რატომ შეიხიზნა მოსახლეობა ასეთ მიუვალ კლდეში?

შემოსევებისგან თავის დასაცავად – ნეტა თუ იყო დრო, როცა მესხეთში ომი არ ყოფილა? სწორედ ამავე მიზეზით გადაწყვიტა გიორგი III-მაც თავშესაფრის გამოკვეთა, მაგრამ მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა. მშენებლობა თამარ მეფემ განაგრძო, ოღონდ სხვა დანიშნულებით – რაკი კლდეში ნაკვეთი თავშესაფარი თამარის მიერ მოძლიერებულ ქვეყანას უკვე აღარ სჭირდებოდა, ვარძია მონასტრად აკურთხეს და აქ რამდენიმე ასეული ბერი დასახლდა.

ამ დროიდან შემოგვრჩა სამრეკლო, რომელშიც თურმე უზარმაზარი ფოლადის ზარი ეკიდა. ზარი რამდენჯერმე ყოფილა ნაწრთობი, რომ რაც შეიძლება, ხმამაღალი ყოფილიყო. სამრეკლოს კედლები თითქმის მთლიანად გაშავებულია. თავიდან ვიფიქრე, ეტყობა, აქ ხალხი სანთლებს ანთებდა-მეთქი, მაგრამ არა – მთელ კომპლექსში ასეა. ჰოდა, ეს სიშავე ჭვარტლი არ გეგონოთ – ვარძიას 1551 წელს შაჰ თამაზი შემოესია, ყველაფერი გადაწვა და სრულად რომ მოეღო ბოლო, ბრძანა, კუპრი გამოეყენებინათ, რაკი იცოდნენ, რომ ასეთ შავ კვალს დატოვებდა. ერთი მხრივ, ამის გამოა და მეორე მხრივ, კი ოდნავ მოგვიანებით მომხდარი მიწისძვრის გამო, რომ ვარძიის კომპლექსის მხოლოდ შიდა მხარე შემოგვრჩა, გარე ოთახები დაინგრა. შაჰ თამაზმა კი იზრუნა, რომ კომპლექსი პირწმინდად აღეგავა და ამიტომ კუპრი ახრჩოლეს მიძინების ტაძარშიც, რათა კედლის მოხატულობა გაენადგურებინათ. თუ რამ ძვირფასი იყო, თან მიჰქონდათ: ვარძიის ღვთისმშობლის ხატი, მაგალითად, შემკულობისგან გაძარცვეს (თვალები ლალისგან ყოფილა დამზადებული).

ხატი დაიკარგა, ფრესკებს კი კუპრის შავი ბოლი დამცავ ფენად გადაეკრა, რის გამოც მოხატულობა სრულადაა შემორჩენილი. დღეისათვის ფრესკები გაწმენდილია და ფერებიც საკმაოდ მკვეთრი აქვს.

თვითონ მოხატულობა უცნაურად ზუსტი და სიმეტრიულია. ასეთ რამ არცერთ სხვა ტაძარში არ მინახავს. კომპოზიცია სამ პარალელურ ხაზადაა დაყოფილი. უცხო გეომეტრიულობაა. ტყუილად არ არის, ამ პერიოდს შუა საუკუნეების რენესანსად რომ მოვიხსენიებთ – როცა ქვეყანა დალაგებულია და ღირსეული მმართველი ჰყავს, ეს ყველაფერს ემჩნევა.

 

 

სატრაპეზო

შედიხარ თუ არა, მარცხნივ და მარჯვნივ გრძელი სკამია, კლდეში ნაკვეთი. წინ ასევე ნაკვეთი, წაგრძელებული ლოდები უწყვია – ეს მაგიდებია, მათზე ხის ფიცარი იყო გადაკრული. მაგიდა და სკამი კი ამგვარად განლაგებული იმიტომაა, რომ ტრაპეზობისას ერთმანეთს ზურგს არ აქცევდნენ, აუცილებლად პირისპირ სხდებოდნენ.

შუაში არის ერთი დიდი ორმო, ბოლოსკენ კონუსისებური ღარით. ასეთივე ფორმის, ოღონდ პატარა ორმოები ყველა ოთახშია. სავარაუდოდ, ეს შუაცეცხლის ადგილი იყო, კონუსისებური ღარი კი – საბერველი.

სატრაპეზო დარბაზი ერთ სართულზე რამდენიმეა. ზოგან შემორჩენილია თიხის მილების ნაკვალევი, ზოგან – თავად მილებიც. ასე მარაგდებოდა ვარძია წყლით – წყალი თიხის მილებით მიეწოდებოდა ზემო ვარძიიდან (იქ ახლა დედათა მონასტერია, ისტორიული ტაძრით). ტუალეტი აივნებზე იყო. ვარაუდობენ, რომ ჩარეცხვის სისტემაც ჰქონდათ.

პირველ სართულზე, ცხენების სადგომს რომ ამოსცდებით, შემოგხვდებათ წყლის რეზერვუარის ნაშთი – ეს იმ შემთხვევისთვის, თუ წყალგაყვანილობის სისტემა დაზიანდებოდა, რათა შეკეთებამდე ხალხს წყალი ჩვეულებრივ მისწოდებოდა.

გვირაბები და განათება

სოფლების ერთმანეთთან დაკავშირების სისტემა გიორგი III-მ შეინარჩუნა – ვარძია ერთი დიდი ლაბირინთია, საიდუმლო გვირაბებით. ასეთი გვირაბი რამდენიმეა და მათგან ერთს წყაროსკენ ჩაჰყავხარ. მოხრილმა უნდა იარო, ხელები უნებურად მარჯვნივ და მარცხნივ გამოჭრილი ნიშებისკენ გაგექცევა, მაგრამ ეს სახელურები როდია – არა, ჭრაქებისთვისაა, გასანათებლად.

რით ანთებდნენ ჭრაქს?

ფიქრობენ, რომ სოიას ზეთით – არ ხრჩოლავს და ამიტომ უფრო მოსახერხებელია.

კიდევ არის ვარაუდი, რომ ოთახებში გადასვლა-გადმოსვლა აივნებიდანაც შეგეძლო, ანუ არასაიდუმლო გზით, მაგრამ ვინაიდან კომპლექსის მხოლოდ შიდა მხარეს ვიცნობთ და აივნები არ შემორჩენილა, ეს მხოლოდ ვარაუდად რჩება.

 

„ნუცას სკოლა“ სკოლაში

0

11 წლის წინ, როცა ჩვენს სკოლაში „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი“ გაიხსნა, პირველ ფილმად სწორედ მერაბ კოკოჩაშვილის „ნუცას სკოლა“ ვაჩვენეთ.

ფილმების შერჩევისას ასეთი პრინციპი გვაქვს: ერთად უნდა ვუყუროთ ისეთ ფილმებს, რომლებსაც, როგორც წესი, მოზარდები ცალკე იშვიათად ან თითქმის არ უყურებენ.

სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში შედის ქართული ფილმების უმეტესობა (არაციფრული ხარისხის გამო) და, ზოგადად, ისეთი ფილმები, რომლებიც, უბრალოდ, გასართობი არაა, კარგად დაკვირვება, ღრმად ფიქრი და ერთად მსჯელობა უხდება.

ისე კი, უყვართ თანამედროვე ბოევიკები, მელოდრამები, კომედიები, საშინელებათა ფილმები…

სტუდენტობისას შემთხვევით აღმოვჩნდი „ნუცას სკოლის“ პრემიერაზე და დღემდე არ გამნელებია მაშინდელი ემოციები. არც ისე ცნობილი ფილმია. უმეტესად გაგონილიც არა აქვთ მოზარდებს, არადა, უმნიშვნელოვანეს პრობლემაზეა.

საკმაოდ მძიმეა ემოციურად, რა თქმა უნდა, არც საბავშვოა, ამიტომაც ვაყურებინებ მოზარდებს 15 წლიდან ზემოთ. 2000 წელს გადაღებული ეს ფილმი ძალიან მნიშვნელოვან თემას ეხება: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს და როგორი უნდა იყოს ინკლუზიური საზოგადოება. თემას, რომელიც დღემდე პრობლემად რჩება, დღემდე მტკივნეულია. მაშინ კი სრულიად ახალი იყო.

 

მერაბ კოკოჩაშვილი იხსენებს: „ეს ფილმი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოვიდა. მისი პროტოტიპები გრემში ვნახე, გონებაშეზღუდულ ბავშვთა სკოლაში, რომელიც ნანა ყიფიანმა და ნიკა კვაშალმა დააარსეს. აქ ისინი ოჯახურ გარემოში შრომობენ, ურთიერთობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ. ჩემი თვალით ვნახე, სიყვარულმა, მოთმინებამ და შემწყნარებლობამ როგორი კეთილი ნაყოფი გამოიღო. გმირები ფილმში ლამის უცვლელად გადმოვიტანე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანთა ურთიერთობა, ის სიკეთე და სიყვარული, რომელიც ავადმყოფს ჯანმრთელად აქცევს. თორემ უსიყვარულობის პირობებში ჯანმრთელიც ავადმყოფად გადაიქცევა. გრემის სკოლაში „ნუცას სკოლა“ რომ ნახეს, ნიკა კვაშალმა დამირეკა და მითხრა: ფილმმა ბავშვებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, ისინი თავის თავს და ერთმანეთს ცნობდნენ, ეს მე ვარ და ეს შენ ხარო… ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო….“.

ფილმში ძალიან კარგად ჩანს ის სამკუთხედი, რომელიც ინკლუზიური საზოგადოების მთავარი კომპონენტების ერთობას წარმოადგენს:

  • რა უხარიათ, რა სწყინთ, რა სჭირდებათ სპეციალური საჭიროების ადამიანებს;
  • როგორები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ზრუნავენ მათზე;
  • როგორი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს საზოგადოება, რომელშიც სპეციალური საჭიროების ადამიანებს უწევთ ცხოვრება.

ფილმის მთავარი გმირი ნიკა, რომელსაც თავად ჰყავს, სპეციალური საჭიროების მქონე შვილი, ზრუნავს სხვებზეც, გადადის სოფელში, თავისი წინაპრების სახლში და საოცარ გარემოს ქმნის მათთვის. ეს არის სივრცე, სადაც ყველას თავისი ფუნქცია და მოვალეობა აქვს, თითოეული მათგანი რეალიზებულად გრძნობს თავს. ზოგი სამზარეულოშია, ზოგი ბაღს უვლის, ზოგი – საქონელს. დიდი ოჯახის ყოველი წევრის ფუსფუსი იმის გამოხატულებაა, რომ თითოეული ერთმანეთისგან აღიარებული და დაფასებულია.

ინკლუზიური განათლების საუკეთესო მაგალითია სპექტაკლი, რომელშიც უფროსებიც და უმცროსებიც დიდი სიხარულითა და მონდომებით მონაწილეობენ – ეს ქმნის სრულ იდილიას ამ საზოგადოებაში. მართლა ზღაპრულია შექმნილი გარემო, ჰარმონიულად ავსებენ ერთმანეთს მონაწილეები, მძივივით იკინძება ერთობა.

გარდა სოციალური დატვირთვისა, სპექტაკლს საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს: უამრავ საჭირო უნარს ავითარებს. ისიც ფაქტია, რომ ხელოვნება, შემოქმედებითობა, ინტერესების სფეროს უფართოებს ადამიანს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბებაში.

თუმცა ნიკას მიზნები უფრო შორს მიდის. მას სურს წინაპრების ნასახლარზე სკოლის დაარსება ანიკოსთვის, კუკასთვის, პედროსთვის, ვალიასთვის, არსენისთვის და სხვებისთვის, რათა განათლება დაეხმაროთ მათ, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.

საგულისხმოა, რომ ნიკა მარტო არაა ამ საქმეში, მართალია ცოტანი, მაგრამ მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ და აფასებენ, მის მონდომებას, უანგარობასა და გულითადობას. კახი კავსაძის გმირი სასულიერო პირია, რომელიც თითქოს სულაც არ ჯდება სტანდარტებში, შინაგანი თავისუფლება მის გაბურძგნილ თმა-წვერსა და ბავშვებთან ფეხბურთის სათამაშოდ აკეცილ ანაფორაშიც გამოიხატება. ამ სილაღესა და უშუალობაში ჩანს დიდი სიყვარულიც. ამ ყველაფერს ემატება პასუხისმგებლობის განცდა: „მოგვეც მოთმინება, ამ გზაზე ვატაროთ ისინი, ვისაც უმეგზუროდ არ შეუძლია გზის გაკვლევა!“ – ამას ევედრება ღმერთს.

რაც შეეხება გარშემო მყოფ საზოგადოებას, მათ უმეტესობას არა აქვს არანაირი ემპათია, თანაგანცდა სსმ პირების მიმართ. ისინი ან გულგრილები არიან, ან უფრო მეტიც – აგრესიულები. ადამიანების დამაკნინებელი დამოკიდებულება იკვეთება მაშინაც, როცა ნიკას დიდ ოჯახს „ნუცას სკოლას“ ეძახიან. ერთგვარი მტკივნეული ირონიაა იმაში, რომ სწორედ ადამიანთა დამოკიდებულებებზე ბევრისმთქმელი ეს ფრაზა აირჩია რეჟისორმა სათაურად. საზოგადოების სახე არსენის მაგალითზეც კარგად ჩანს: როცა სურთ, იმსახურებენ; როცა უნდათ, მისით ერთობიან; როცა ეგუნებებათ, დასცინიან და ჩაგრავენ კიდეც. აბსოლუტურად მიუღებელია ეს რეალობა ნიკასთვის. მხოლოდ მისგან იგრძნო სიყვარული და დაფასება არსენმა, ნიკა დააკვირდა მის ინტერესებს, მისცა ფუნქცია და რწმენა, რომ სასარგებლო რამეს აკეთებს და, ალბათ, ეს განაპირობებს არსენის საქმისადმი უსაზღვრო ერთგულებასაც. როცა ამავე დაუნდობელი საზოგადოების გამო ნიკა იძულებულია, დატოვოს სოფელი, არსენი მაინც არ მიჰყვება ქალაქში.

საზოგადოებას რომ ზნეობრივი საყრდენი გამოცლილი აქვს, ღვთის გზიდან გადასულია და ათი მცნებაც დაავიწყდა, ეს ფილმის ბევრი მომენტიდან ჩანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორს ამ საზოგადოების, ალბათ, ყველაზე დაუნდობელი, უარყოფითი წევრი მიჰყავს აღიარებამდე. ის ნიკას არსენსა და კუკაზე მიუთითებს და ეუბნება: „ნიკა, ამათშია ღმერთი! “.

ფილმში კარგად ჩანს, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალური ვითარებაც. როგორ იპარავენ და ანადგურებენ ყველაფერს: „ლევან მეფის ზარბაზანი მოიპარეს, სპილენძისა არისო. 4 საუკუნე თვითონ უვლიდნენ, თვითონ პატრონობდნენ, მერე ადგნენ და თვითონ მაიპარეს“. მხოლოდ საეჭვო „რჩეულებს“ აქვთ უპირატესობა, ძალაუფლება და ავტორიტეტი. ირიბად ჩანს ომიც – ომში უკონტროლოდ მიმავალი ბიჭები. ქვეყანაში არსებული ვითარება, დეგრადირებული, გულგრილი საზოგადოება კარგი ასპარეზია უცხოელი შარლატანებისთვის.

თუმცა ყველა ერთნაირად გულგრილი და შეუბრალებელი არაა ამ საზოგადოებაში. სიუჟეტში ძალიან ფაქიზი დეტალებით შემოდის სიყვარული კაკოი ბიჭისა და ვალიასი, რომელიც ნიკას დადგმულ სპექტაკლში შემთხვევით არ განასახიერებს ბუნებასა და დოვლათს. ისეთი ლაღია და სუფთა, ისეთი ტრაგიკული და თან იმედისმომცემია ეს სიყვარული!

კიდევ ბევრი დიდი თუ მცირე თემის გამოყოფა შეიძლება, რომლებზეც ყურადღების გამახვილება, ნამდვილად დაეხმარებათ მოზარდებს, დაინახონ პრობლემები, დასვან კითხვები, გაუჩნდეთ საკუთარი დამოკიდებულება ფილმში ასახული საკითხების მიმართ.

როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ფილმი არაა მარტივად საყურებელი ბავშვებისთვის, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ტრაგიზმი და პოეტურობა, უსაზღვრო სევდა და იუმორი, ადამიანთა დაუნდობლობა და დიდი კაცთმოყვარეობა ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ ეს სიმძაფრე, პირიქით, იზიდავს ხოლმე მოზარდებს და ფიქრის, ანალიზის, მსჯელობის სურვილს უღვივებს. მთავარია, ჩვენ დისკუსიითა და სხვა აქტივობებით მთავარი ნიშნულები ვაპოვნინოთ, მნიშვნელოვანი აქცენტები აღმოვაჩენინოთ, ფილმში ჩამალულ მინიშნებებზე დავაფიქროთ, პრობლემებს თავად დაინახავენ და გააანალიზებენ, თავადვე მივლენ დასკვნებამდე.

როცა „ნუცას სკოლაზე“ ვფიქრობ, მაქვს განცდა, რომ ამ ფილმში წარმოუდგენლად, უჩვეულოდ ბევრი თემა ჩაატია რეჟისორმა, რომლებზე საუბარიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, თუმცა მათ შორის ყველაზე მთავარი ადამიანი, ადამიანობის არსის განსაზღვრაა: რას გულისხმობს ადამიანობა? რა ზნეობრივ საყრდენებს, ღირებულებებს უნდა ვიყენებდეთ, რომ ადამიანური სახე არ დავკარგოთ?.. ამ კითხვებზე დასაფიქრებლად ბავშვებს ვთავაზობ აქტივობას – „აირჩიე გმირი“. პირობა ასეთია: ფილმში მათ უნდა შეარჩიონ მათთვის განსაკუთრებით საინტერესო ერთ-ერთი გმირი, რომელიც, უბრალოდ კი არ უნდა დაახასიათონ, არამედ დააკვირდნენ და ისაუბრონ, როგორია, მისი დამოკიდებულება, ქცევა სხვა მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების მიმართ (ასე აღმოაჩენენ, რით განისაზღვრება ადამიანის „მე“). ამის შემდეგ, უნდა ეცადონ, წარმოიდგინონ ის, რაც ფილმში ღიად ვერ დაინახეს: რას და როგორ ფიქრობს ხოლმე ეს გმირი სხვადასხვა მომენტში (მიხვდებიან, როგორ დაიჭირონ მინიშნებები კინოენაში და კადრს მიღმა გახედვას ისწავლიან).

კარგი იქნება, თუ გარკვეულ მომენტებს, რომლებზეც მოზარდი საუბრობს, პარალელურად ხელმეორედ ვაჩვენებთ.

ეს აქტივობა ერთ-ერთი მაგალითია მხოლოდ. ამ არაჩვეულებრივი ფილმისგან აღძრული საფიქრალი კი მრავალფეროვანია. მთელი გულით მჯერა, რომ მსგავსი ფილმების (და წიგნების) დახმარებით მოზარდებში თანაგრძნობის გაღვივება, პრობლემებზე დაკვირვება, მათ გადაჭრაზე ფიქრის აღძვრა, ნამდვილად არის ერთი პატარა, მაგრამ მტკიცე აგური ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების შენებაში და ჩვენ, მასწავლებლებს, ეს გვევალება და გამოგვდის კიდეც.

მასწავლებლის პროფესია -Teaching Knowledge Test ანუ TKT

0

მასწავლებლობა მუდმივად განახლებადი პროფესიაა. გადაღლილობის ჟამს შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში სულ სხვადასხვა ამბებით ვართ დახუნძლული. ერთი და იგივე აქტივობებიც კი ყოველ მეორე დღეს და ყოველ მეორე კლასთან სხვადასხვანაირად მუშაობს. თუმცა პროფესიულ განახლებებში მხოლოდ იმ ცვლილებებს არ ვგულისხმობ, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის სხვანაირად და ახლებურად წარმართვაში გვეხმარება, არამედ ყველა ნაბიჯს, რომლებსაც ვდგამთ, რათა უკეთესი პროფესიონალები გავხდეთ. სერტიფიცირება, მათ შორის საერთაშორისო, მუდმივი სწავლა და კვლევა-ძიება ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია.

 

ჩემი ბრძოლა სერტიფიკატების შეგროვების ველზე, ცხადია, საგნის პროფესიული გამოცდის ჩაბარებით დაიწყო, რომელიც უფროსი მასწავლებლობით დაგვირგვინდა. განათლების სამინისტრომ ჯამში ორი სერტიფიკატი რომ გამომიგზავნა სკოლის მისამართზე, იქიდან ზუსტად ერთ წელში ავიკარი გუდა-ნაბადი და შორს გავფრინდი, სადაც არათუ ჩემი უფროსი მასწავლებლობა, არამედ საგულდაგულოდ დაწერილი და ჩემს პროფესიულ პორტფოლიოში ჩადებული „სწავლების ფილოსოფიაც“ კი აღარაფერს ნიშნავდა (რადგან ქართულად იყო დაწერილი). ასე და ამგვარად, ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო, თუმცა არის რაღაც, რაც გამოცდილ მასწავლებელს სულ თან დააქვს: ინტუიცია, თუ როგორ მართოს კლასი, როგორ ეურთიერთოს ბავშვებს, როგორ შექმნას აქტივობები, როგორ ახსნას და მიაწოდოს მასალა მოსწავლეებს და ყველაზე მთავარი – როგორ მიმართოს სწრაფ იმპროვიზაციას საჭიროების შემთხვევაში, აი იმ დროს, როცა არცერთი აქტივობა და არაფერი აღარ მუშაობს. ალბათ ყველას გვქონია ეს მომენტი. ამიტომ, ჩემი თითქოსდა თავიდან დაწყებული კარიერა, სულაც არ იყო თავიდან დაწყებული და პირიქით. ერთადერთი, რაც მაკლდა საერთაშორისო კრედიტები და სერტიფიცირება იყო, რაც სულ ახლახან გამოვასწორე.

 

გასულ თებერვალს სკოლის მეილზე წერილი მოვიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ ყველა მასწავლებელს სავალდებულო ტრენინგები უნდა გაგვევლო და ბოლოს გამოცდაზე უნდა გავსულიყავით. ტრენინგისა და გამოცდის თანხები სკოლამ სრულად დაფარა, რაც იდეალურად ჟღერდა, რადგან საუბარი საერთაშორისო გამოცდაზე იყო. ტრენინგები 5-6 კვირას გაგრძელდა და 22 აპრილს გამოცდაც ჩაინიშნა.

 

TKT იგივე Teaching Knowledge Test Cambridge English-ის საერთაშორისო გამოცდაა, რომელიც მასწავლებლის თეორიულ ცოდნას აფასებს ინგლისური ენის სწავლებისა და ზოგადად სწავლების სფეროში, რაც მოიცავს ენის სტრუქტურას, სწავლის მეთოდებს, გაკვეთილების დაგეგმვას, კლასის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს და ა.შ. TKT სერტიფიცირება განსაკუთრებით სასარგებლოა საერთაშორისო ან დამწყები მასწავლებლებისთვის.

 

TKT-ის სამი ძირითადი და ორი დამატებითი მოდული აქვს:

  • მოდული 1: Language and Background to Language Learning – ფოკუსირებულია ენის სტრუქტურაზე, გაგებასა და გამოყენებაზე. პირველი მოდული განიხილავს ენის შესწავლისა და სწავლების პროცესს სხვადასხვა ასაკისა და კულტურის ადამიანებისთვის. ამ მოდულზე მუშაობისას შეისწავლით ან გაიხსენებთ, როგორ უნდა ვასწავლიდეთ ლექსიკას, გრამატიკას, გამოთქმებს, სტილისტიკას და ა.შ. პირველი მოდული ასევე მოიცავს სწავლების პარადიგმებს და ენობრივი გარემოს გავლენას სწავლაზე.
  • მოდული 2: Lesson Planning and Use of Resources – ფოკუსირებულია გაკვეთილის სტრუქტურაზე, მიზნებსა და რესურსებზე. სწავლობთ, როგორ უნდა დავგეგმოთ გაკვეთილი, როგორ დავადგინოთ მოკლე თუ გრძელვადიანი მიზნები, რა მიმდევრობით გამოვიყენოთ აქტივობები და როგორ ვმართოთ დრო. მეორე მოდულზე მუშაობისას განიხილავთ სასწავლო მასალების (წიგნების, აუდიო-ვიზუალური რესურსების, ტექნოლოგიების) გამოყენებასაც, რათა გაკვეთილი მეტად პრაქტიკული, პროდუქტიული და სასწავლო მიზნებზე მორგებული იყოს.
  • მოდული 3: Managing the Teaching and Learning Process – უფრო მეტად ფოკუსირებულია კლასის მართვასა და სწავლების პროცესის კონტროლზე, შესამოწმებელი შეკითხვების ეფექტურ გამოყენებაზე, დისციპლინაზე, ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების მეთოდებზე. თუმცა შინაარსიდან გამომდინარე მესამე მოდულში ინტეგრირებულია პირველი და მეორე მოდულებიც. მესამე მოდულის მიზანია, მასწავლებელმა შეისწავლოს როგორ შექმნას სწორი სწავლების გარემო, რომელიც მხარს უჭერს თითოეულ მოსწავლეს.
  • YL (Young Learners) – ეს მოდული სწავლობს მოსწავლეებს 3-12 წლის ასაკში, მათ თავისებურებებს, განვითარების ეტაპებს, სწავლების მეთოდებს, ჩართულობას, შეფასების სტრატეგიებსა და კლასის მართვას.
  • CLIL (Content and Language Integrated Learning), – ეს მოდული ეხება სწავლების მეთოდს, სადაც საკვლევი საგანი, მაგალითად, ისტორია, ისწავლება ინგლისურად და ისტორიისა და ინგლისური ენის შესწავლა თანადროულია. ამ მოდულზე მასწავლებელი სწავლობს, როგორ დაეხმაროს მოსწავლეს ერთდროულად ორ სფეროში.

 

მასწავლებლებს შეუძლიათ თითოეულ მოდულის გამოცდაზე ცალ-ცალკე ან ერთდროულად გავიდნენ. თითოეული მოდულის გამოცდა 80 კითხვისგან შედგება, რომელთაგანაც ზოგი შემოსახაზია, ზოგი დასაკავშირებელი, ჩასასმელი და ა.შ. გამოცდა მთლიანად წერითია, შეფასება 1-4 ქულამდეა. ტერმინი „ჩაჭრა“ აქ არ არსებობს, რადგან გამოცდა ძირითადად ცოდნის დონის დადგენაზეა ორიენტირებული შემდეგნაირად: Band1- ძირითადი დონე: მასწავლებელს აქვს ძალიან შეზღუდული ცოდნა. Band2 – განვითარებადი დონე: მასწავლებელს აქვს ზოგადი, თუმცა ფრაგმენტული ცოდნა. Band3 (∼60-75/80) – დამაკმაყოფილებელი დონე: ეს დონე საკმარისია, რომ მასწავლებელმა დამოუკიდებლად და ეფექტურად იმუშაოს. Band4 (∼75-80/80) – მაღალი დონე: მასწავლებელს აქვს სიღრმისეული ცოდნა სწავლების თეორიებისა და პრაქტიკის შესახებ.

 

TKT სერტიფიცირება კარგი სვლაა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების გზაზე, მით უმეტეს თუ კარიერული შესაძლებლობების გაზრდაზე ფიქრობთ. იგი ფართოდაა აღიარებული მრავალი საერთაშორისო სკოლისა და ორგანიზაციის მიერ. სხვა სასერტიფიკატო გამოცდებისგან კი სწორედ ის გამოარჩევს, რომ მისი მიღება შედარებით მოკლე დროშია შესაძლებელი და ფასიც გაცილებით ხელმისაწვდომია. TKT ასევე კარგი საბაზისო საწყისია, თუკი შემდეგში უფრო სერიოზულ და კონკრეტულ კვალიფიკაციებზე მუშაობა გსურთ, მაგალითად CELTA- ზე ან DELTA-ზე.

 

საქართველოში ამ გამოცდის ჩაბარებაში British Council Georgia დაგეხმარებათ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...