„პედაგოგიკა, ადამიანის ბუნების შეცნობის მეცნიერების მსგავსად, წიგნებით კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილებით ისწავლება“
ალფრედ ადლერი
პედაოგიკა – პიროვნული ზრდის ხელშეწყობისთვის
პედაგოგიკის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ერთი და ამომწურავი წინადადება რომ მოგვთხოვოს ვინმემ, ამავე მეცნიერის წიგნიდან ამ ერთ ფრაზას მოვიშველიებდი „რათა ყველას მიეცეს საკუთარი პიროვნების სრულყოფის საშუალება“.
არა რომელიღაც სტანდარტისა თუ სასწავლო მიზნის მიღწევა და მიღწევა/ვერ მიღწევის მონიტორინგი სტანდარტიზებული უნივერსალური ტესტირებებით, არამედ თითოეული ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება და მათი პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
პედაგოგიკა – მეგზურობა საზრისის ძიების გზაზე
მოზარდებთან ხანგრძლივი ურთიერთობა, პედაგოგიური პრაქტიკა და წლობით დაგროვებული გამოცდილება ერთი განზოგადებული დასკვნის გაკეთებისკენ მიბიძგებს – ახალგაზრდა ადამიანს, განსაკუთრებით, გარდამავალ ასაკში მოზარდობიდან ზრდასრულობისკენ, აუცილებლად ებადება კითხვები ცხოვრების საზრისის შესახებ, ასაკობრივი განვითარების უცილობელი თანმდევი არის პიროვნული განვითარებისკენ სწრაფვა, თვითგამოხატვის, სამყაროს შემეცნების, შეცნობის გზების ძიება. ეს წყურვილი, „გულისხმიერებაი სწავლისაი“, მართლაც საკვირველი და დაუოკებელია და მოსწავლეები საკლასო განხილვებისას ან მსჯელობისას მათთვის საინტერესო კითხვებს ხშირად სვამენ, ეძებენ პასუხებს, ითავისებენ ცოდნას, უგულებელყოფენ უკვე გათავისებულს, კვლავ ეძებენ პასუხებს, პოულობენ ან ვერ…და საკუთრივ ეს პროცესი არის იმდენად ღირებული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უმთავრეს პედაგოგიურ ამოცანადაც ეს შეიძლება დავსახოთ – მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, დააკვირდნენ საკუთარ პიროვნულ განვითარებას. მოსინჯონ განვითარების გზაზე სწორი და არასწორი ბილიკები. შევიდნენ ჩიხში და მოიძიონ გზა ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. დაადგნენ შემეცნებისა და თვალსაწიერის გაფართოების გამზირებს, ეძებონ, პოვონ, დაკარგონ და კვლავ ეძებონ საზრისები…
საკუთარი თავის აღზრდის მნიშვნელობა
საფრთხილო, ფაქიზი პედაგოგიური ამოცანაა ახალგაზრდა ადამიანის მეგზურობა ამ გზაზე. მზა რეცეპტები არ გვაქვს და ვერ მივაწვდით. დაზუსტებულ პასუხებს ვერ გავცემთ. რაც შეგვიძლია, უსაფრთხო, ნდობით აღსავსე გარემოს შექმნაა.
და რაც დანამდვილებით გვევალება, როგორც პედაგოგებს, საკუთარი თავის აღზრდა, გამოწვრთნა და მომზადებაა ასეთი გამოწვევებისთვის.
აღზრდა კრიტიკული კითხვების დასმას, რეფლექსიას, კრიზისული სიტუაციების სწორად დაძლევას, განვითარებისკენ დაუდგრომელ სვლას გულისხმობს. დავსვათ ეს კითხვები: რამდენად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი, როგორც პედაგოგების, მნიშვნელობა მოსწავლეების ცხოვრებაში? პროფესიულ მიზნებსა და ამოცანებს როდის ვუღრმავდებით, ვიცხადებთ, ვითავისებთ? საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადებისას დასწავლილ თეორიებში რამდენი პრაქტიკულად გამოსაყენებელი სტრატეგია, ინსტრუმენტი, ტაქტიკა, მეთოდია მოწოდებული? პედაგოგიკის საუნივესიტეტო კურსიდან რაც გვახსოვს, რამდენად წაგვადგა სასკოლო პრაქტიკაში? განათლების ეროვნული მიზნები, ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები და კურიკულუმები ის საბადოა, რომელშიც სწორ მითითებებს ვიპოვით? რამდენად გვაქვს მასწავლებლებს ერთმანეთის გამოცდილებების შეფასება-განსჯის გარეშე გაზიარების საშუალება? როდის და რამდენად გვაქვს საშუალება, თაადვე დავაკვირდეთ ჩვენსავე პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას განსჯისა და შეფასების გარეშე?
პიროვნული განვითარება, როგორც პროფგანვითარების უცილობელი შემადგენელი
კითხვების კორიანტელია. მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელი კითხვების, მაგრამ სტანდარტიზაციის, რეიტინგების, ქულებისა და კრედიტების დევნის, საკვალიფიკაციო მარათონის, სასკოლო ბიუროკრატიული წნეხის პირობებში ამ მნიშვნელოვან კითხვებზე საფიქრალად დრო თითქმის არ გვრჩება.
სასკოლო სისტემა, რომელშიც ყველაფერი ციფრებით იზომება, კონტროლის ილუზიას ქმნის. ჩვენივე საკუთარი პროფესიული განვითარებაც ამ მაკონტროლებელ სისტემაშია მოქცეული და მასწავლებლისთვის უმთავრეს საჭიროებად დოკუმენტაციის სწორად შევსება, საკვალიფიკაციო იერარქიაში ერთი საფეხურით ზევით ასვლა, კრედიტების დაგროვება იქცა. ამ ყველაფრისგან გადაქანცულ მასწავლებელს მოზარდებთან ურთიერთობისთვის, პედაგოგიური საქმიანობისთვის, საკუთარი საქმის ინტერესითა და ხალისით კეთებისთვის ნაკლები დრო, ენერგია, რესურსი რჩება.
პედაგოგიური კონფერენციები – პედაგოგიური განვითარების შესაძლებლობა
ვალდორფის პედაგოგიკაში არის საინტერესო და მნიშვნელოვანი პრაქტიკა – ყოველკვირეული შეხვედრები, რომლებსაც „პედაგოგიური კონფერენციები“ ეწოდება. სხვადასხვა საფეხურის მასწავლებლები იკრიბებიან ყოველკვირეულად, ერთ შერჩეულ დღეს და წინასწარ რეგლამენტირებული დროის განმავლობაში მიმოიხილავენ სხვადასხვა პედაგოგიურ საკითხს, აქტუალურს სასწავლო კვირის განმავლობაში. ეს არ არის ადმინისტრაციული ვალდებულება, დირექციის ბრძანება ან ქულა/კრედიტების მისანიჭებელი ღონისძიება, მასწავლებლები იკრიბებიან მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად.
მსგავსი ტიპის შეხვედრები კოლეგიალური ურთიერთობების გასაუმჯობესებად, თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად და ჯეროვანი, სასწავლო დაწესებულებისთვის შესაფერისი ატმოსფეროს ჩამოსაყალიბებლად შეუცვლელია. საგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის კულტურა ის ეკოსისტემაა, რომელშიც მოსწავლეები და მასწავლებლები ურთიერთობენ, რომელშიც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარეობს და ამ ეკოსისტემის სიჯანსაღეზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
პედაგოგიური კონფერენცია საუკეთესო სამარჯვია პროფესიული განვითარებისა და კოლეგიალური კულტურის ჩამოყალიბებისთვის. როგორც წესი, ის ორი ეტაპისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიულ ნაწილში წინასწარ შერჩეული თემის მიხედვით მომზადებულ პრეზენტაციას ან მოხსენებას ისმენს აუდიტორია.მოსმენის შემდეგ კითხვა-პასუხის, მოსაზრებების გაცვლის დროა. პრაქტიკული ნაწილი კი აქტუალური საკითხების მიმოხილვას ეთმობა. მასწავლებლები ნდობით აღსავსე, მშვიდ, უსაფრთხო, საქმიან ატმოსფეროში ერთმანეთს უყვებიან სწავლების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე, მოსწავლეთა მოტივაციის, ქცევის სირთულეების ან კონკრეტული კლასის დინამიკის პრობლემებზე. ასეთ შეხვედრებზე კი სწორედ ის ხდება, რაც ადლერის „ცხოვრებისეული გამოცდილებით სწავლებაშია“ ნაგულისხმევი.
ჩვენს სკოლებში მასწავლებლებს ერთმანეთთან შეხვედრის დრო და საშუალება ნაკლებად აქვთ. მართალია, ფუნქციონირებს პედაგოგიური საბჭო, როგორც თვითმმართველობის არჩევითი ორგანო, მაგრამ მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები შორსაა იმისგან, რაზეც სტატიაში ვსაუბრობდით. არადა, რეგულარული, ცოცხალი, საინტერესო, შთამაგონებელი შეხვედრები აძლიერებს სკოლას, ქმნის თანამშრომლობით სწავლა-სწავლების კულტურას და შესანიშნავ მაგალითს მოსწავლეებისთვის.