სამშაბათი, ივლისი 14, 2026
14 ივლისი, სამშაბათი, 2026

ამბის თხრობის ხელოვნება  გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

თხრობა გეოგრაფიის სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია: ის მშრალ ფაქტებს დასამახსოვრებელ ნარატივებად გარდაქმნის, ქმნის ემოციურ კავშირებს, ხსნის საგნებსა და მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს, ავითარებს წარმოსახვას და სივრცითი ურთიერთობების გაგებას, ეს კი გეოგრაფიას მომხიბვლელ მოგზაურობად აქცევს.

ამბის თხრობის ხელოვნება, ე.წ. სთორითელინგი, სწავლების მეთოდია, რომელიც ისტორიებს, სიუჟეტებსა და ნარატივებს იყენებს, რათა მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრონ და განიცადონ შესასწავლი მასალა. ამბავი ქმნის ემოციურ კავშირს, ააქტიურებს წარმოსახვას, ასწავლის მიზეზშედეგობრივ კავშირებს და რთულ კონცეფციებს მარტივად, ბუნებრივად და მოტივაციურად აქცევს.

თანამედროვე პედაგოგიკაში ამბის თრობის ხელოვნება (Storytelling) არა მხოლოდ შემოქმედებით მეთოდად, არამედ საბაზისო კომპეტენციის განვითარებისა და ფუნქციური ცოდნის ამაღლების მნიშვნელოვან საშუალებადაც აღიქმება.

 

როგორ მუშაობს ამბის თხრობის ხელოვნების მეთოდი?

ამბის თხრობის ხელოვნება განიხილავს ცოდნის გადაცემას ისტორიების მეშვეობით, სადაც მოქმედებენ პერსონაჟები, ვითარდება კონფლიქტი ან პრობლემა, ხდება მოვლენათა განვითარება და ბოლოს გარკვეულ გეოგრაფიულ დასკვნამდე მივდივართ.

მეთოდის არსი რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება:

  1. ემოციური ჩართულობა ისტორია იწვევს ემოციას, რაც მოსწავლეს საგნისადმი ინტერესს უჩენს. ემოციის გარეშე მოსწავლეს ინფორმაცია ხშირად სწრაფად ავიწყდება, მაშინ როცა ნარატივი მეხსიერებაში დიდხანს რჩება.
  2. რეალური სიტუაციების სიმულაცია გეოგრაფია თავისი არსით თხრობადი საგანია: თითოეული ლოკაცია, კლიმატი, დასახლება, მიგრაცია ან ბუნებრივი მოვლენა ან კატასტროფა ადამიანის ისტორიაა. სწორედ ამიტომ, ამბავი მოსწავლეს რეალურ ცხოვრებას აჩვენებს და მასთან აკავშირებს.
  3. რთული კონცეფციების გაშიფვრა – ისტორია ამარტივებს აბსტრაქტულ, რთულად აღსაქმელ თემებს, ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ურბანიზაცია, გარემოს გავლენა პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე, ცირკულარული პროცესები და სხვ.
  4. მრავალსენსორული სწავლება – ნარატივს ხშირად ახლავს ვიზუალი, რუკა, დიაგრამა, როლური თამაში ან ხატვა, რაც სწავლის სხვადასხვა სტილის მქონე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ცოდნა კომფორტულად შეითვისონ.

 

რა მნიშვნელობა აქვს ამბის თხრობის ხელოვნებაგეოგრაფიის სწავლებისას?

გეოგრაფია ის საგანია, რომელიც ადამიანებს სამყაროს უკეთ აცნობს და შეამეცნებს. სწორედ აქ ენიჭება ამბის თხრობის ხელოვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობაა. მისი საშუალებით შეგვიძლია:

  • გეოგრაფიული ფენომენების „გაცოცხლება“: მშრალად ახსნილი ცნებები – „მიგრაცია“, „გლობალიზაციაა“, „ურბანიზაცია“, „გაუტყიარება“, „აბრაზია“ , „ტემპერატურული ინვერსია“, „გაუდაბნოება“, „კლიმატის ცვლილება“, „სიმაღლებრივი სარტყლურობა“ და სხვ. – მოსწავლეს აბსტრაქტული ეჩვენება. როცა ეს მოვლენები ადამიანურ ისტორიებში ეხვევა, მოზარდი უკეთ ხვდება, რატომ ტოვებენ ადამიანები სახლებს და ქვეყნებს; როგორ იცვლება ქალაქები და რატომ; რა ემართება ნიადაგს, როცა ტყე იჭრება; როგორ და რატომ იცვლება ტემპერატურა განედისა და სამაღლის მიხედვით; როგორია სიცოცხლე პოლარულ რეგიონებში. ამბავი ამ საგნობრივ კონტენტს პირად, ემოციურ გამოცდილებად აქცევს.
  • ამბის თხრობის ხელოვნება ავითარებს კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას, რადგან ამბის თხრობა მოსმენით არ მთავრდება – მას თან ახლავს კითხვები: რა იყო მოვლენების მიზეზი? სხვა რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს? როგორ შეიძლებოდა პერსონაჟის ქცევის ან გეოგრაფიული მოვლენის მსვლელობის შეცვლა? რა გეოგრაფიული ფაქტორები მოქმედებდა? ასეთი მიდგომა მოსწავლეს თავად აქცევს მიკროანალიტიკოსად.
  • მეთოდის საშუალებით ხდება მონაცემებსა და რუკებთან ინტეგრაცია. კარგი გეოგრაფიული ნარატივი ყოველთვის ეყრდნობა ან უკავშირდება რუკებს, კლიმატურ დიაგრამებს, მოსახლეობის სტატისტიკასთან დაკავშირებულ გრაფიკებს და ცხრილებს, სატელიტურ ფოტოსურათებს. ამბის თხრობის ხელოვნება აქ ქმნის ფუნქციურ ხიდს – მოსწავლე ამბიდან გადადის მონაცემების კითხვაზე და პირიქით, რაც აძლიერებს გეოგრაფიულ წიგნიერებას – XXI საუკუნის მთავარ უნარს.
  • მეთოდის საშუალებით ძლიერდება მრავალფეროვანი კულტურების გაგება. გეოგრაფიული განათლება გულისხმობს კულტურის, უნარ-ჩვევების, ბუნებრივ-კლიმატური პირობების აღქმას. ამბები აძლიერებს ემპათიას, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას, გლობალური მოქალაქეობის შეგრძნებას. როცა მოსწავლე კითხულობს რაიმე ისტორიას თანატოლზე, რომელიც მიგრაციის მძიმე გზას გადის ან რომელიმე კუნძულის მკვიდრ ხალხზე, რომლებიც კლიმატის ცვლილებას ებრძვიან, მას გლობალური საკითხები სხვაგვარად ესმის.
  • ამბის თხრობის ხელოვნების გამოყენება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესს. ამბავი ყოველთვის შეიცავს მოტივს, ინტრიგას და ემოციას, ეს კი მოსწავლეს სწავლისადმი ინტერესს, ქმედით ჩართულობას და უმაღლეს შინაგან მოტივაციას აღუძრავს. გაკვეთილი, რომელიც ამბით/ისტორიით/სიუჟეტით იწყება, უკვე სხვა ელფერს და ტონალობას იღებს და მოსწავლეებიც ბუნებრივად ერთვებიან პროცესში.

 

რატომ არის ამბის თხრობის ხელოვნება განსაკუთრებით ეფექტური გეოგრაფიის სწავლებაში და როგორ გამოვიყენოთ?

გეოგრაფია სივრცის, გარემოსა და ადამიანის ურთიერთობის მეცნიერებაა, ეს ურთიერთობა კი ამბისთვის/ისტორიისთვის იდეალური ნიადაგია. გეოგრაფიულ მოვლენებში ყოველთვის ფიგურირებენ ადამიანები, მიზეზები, შედეგები, გამოწვევები, დასკვნები.

გეოგრაფიული თემები ადვილად ერწყმის ვიზუალურ მასალას – რუკებს, ფოტოებს, დიაგრამებს, ქრონოლოგიურ ხაზებს. ამბის თხრობის ხელოვნება ეხმარება მოსწავლეს, სამყარო დინამიკურ, ცვალებად, ცოცხალ არსებად აღიქვას.

გეოგრაფიის სწავლებაში ამბის თხრობის ხელოვნების ძლიერი მხარეებია:

  • პერსონალიზაცია და ჩართულობა – ამბები/ისტორიები გეოგრაფიულ მახასიათებლებს აცოცხლებს. ამაზონის მკვლევრის მოგზაურობის შესახებ ისტორია უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე მდინარის შესახებ ფაქტების უბრალო ჩამონათვალი.
  • კონტექსტი და მიზეზშედეგობრივი კავშირები – ამბები/ისტორიები გვეხმარება იმის ახსნაში, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა/პროცესი. მაგალითად, გვალვის ან კონფლიქტის გამო ადამიანების მიგრაციის შესახებ ისტორია ხსნის დემოგრაფიულ პროცესებს რეგიონში.
  • წარმოსახვისა და თანაგრძნობის განვითარება – სხვადასხვა კლიმატურ პირობებში ადამიანების ცხოვრების შესახებ მოსმენით მოსწავლეები იწყებენ მათი გამოწვევებისა და მახასიათებლების უკეთ გააზრებას, რაც მათ თანაგრძნობის უნარს უვითარებს.
  • ინფორმაციის სტრუქტურირება -ამბებს/ისტორიებს აქვთ დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული, რაც მოსწავლეებს გეოგრაფიული ცოდნის სტრუქტურირებასა და მის თანმიმდევრულად დამახსოვრებაში ეხმარება.
  • ემოციური მეხსიერება – ემოციურად დამუხტული ამბები/ისტორიები მეხსიერებაში უფრო მეტხანს რჩება, ვიდრე მშრალი მონაცემები.
  • რთული ცნებების ახსნა – რთული გეოგრაფიული ცნებები (მაგ., მიწისძვრების წარმოქმნა, ვულკანების ამოფრქვევა ან წყლის ციკლი) უფრო ადვილად ისწავლება მასწავლებლის მიერ შექმნილი მეტაფორებისა და ისტორიების მეშვეობით.

 

გამოყენების მაგალითები

  • ვულკანის (მაგ., ვეზუვის, კრაკატაუს) ამოფრქვევა: ოჯახი, რომელიც ვულკანის ამოფრქვევას გადაურჩა და შემდეგი ნაბიჯები უნდა დაგეგმოს;
  • ნავთობის აღმოჩენის ისტორია, რამაც გავლენა მოახდინა მთელი ქვეყნის განვითარებაზე;
  • გეოგრაფიულ სახელებსა და მახასიათებლებთან დაკავშირებული ლეგენდები და მითები (მაგ., მდინარის, მთის, ქვეყნის, ქალაქის სახელის წარმოშობა);
  • კლიმატის ცვლილება: პერსონაჟის ისტორია, რომელიც სანაპირო ქალაქში ან პატარა კუნძულოვან სახელმწიფოში ცხოვრობს და ზღვის დონის აწევას საკუთარი გამოცდილებით ხედავს;
  • მიგრაცია: მოზარდის ისტორია, რომელიც კულტურულ ადაპტაციას გადის;
  • ურბანიზაცია: ამბავი ბავშვისა, რომელსაც ქალაქის სწრაფი ზრდა ყოველდღიურობას უცვლის;
  • მდინარეების ეკოსისტემა: მეთევზის ისტორია, რომელიც წყლის დაბინძურებას ხედავს.

ამრიგად, ამბის თხრობის ხელოვნება გეოგრაფიის სწავლებისას უბრალოდ „ამბის მოყოლა“ კი არ არის, არამედ მძლავრი პედაგოგიური ინსტრუმენტია, რომელიც ამდიდრებს სწავლებას, ხდის მას უფრო ვიზუალურს, ემოციურს და ეფექტურს, ამძაფრებს ინტერესს და მოტივაციას, ამაღლებს გეოგრაფიულ წიგნიერებას, აყალიბებს სივრცით აზროვნებას, ააქტიურებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, აძლიერებს ემპათიას და გლობალურ ხედვას, გარდაქმნის მეხსიერებაში დარჩენად ცოდნას.

გეოგრაფია როგორც „მსოფლიოს შემსწავლელი მეცნიერება“ სთორითელინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი ნიადაგია, რადგან სამყაროს შესახებ ცოდნა ყოველთვის ამბით/ისტორიით იწყება.

ჟურნალ “მასწავლებლის” 2026 წლის მესამე ნომერი გამოიცა

0

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ინფორმაცია აღარ არის დეფიციტური რესურსი. ყოველდღიურად ათასობით პლატფორმა, ალგორითმი და ხელოვნური ინტელექტის სისტემა იბრძვის იმ უხილავი, თუმცა უაღრესად ძვირფასი საუნჯისთვის, რომელსაც ადამიანის ყურადღება ჰქვია. სწორედ ამიტომ, თუ წარსულში სკოლა მხოლოდ ცოდნის გადაცემის სივრცეს წარმოადგენდა, დღეს ის სულ უფრო მეტად ხდება ყურადღების შენარჩუნების, აზროვნების დაცვისა და კონცენტრაციის კულტურის განვითარების ადგილი. თანამედროვე მასწავლებელი „ყურადღების არქიტექტორია“, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, გაარჩიოს უმნიშვნელოვანესი უმნიშვნელოსგან და იპოვოს ოქროს ბალანსი ტექნოლოგიურ ოკეანესა და ადამიანურ შესაძლებლობებს შორის.

ჟურნალ „მასწავლებლისა“ ახალი, მესამე ნომერი სწორედ ამ დიდ გამოწვევებს ეხმიანება და მკითხველს სთავაზობს როგორც სიღრმისეულ სააზროვნო პუბლიკაციებს, ისე უაღრესად პრაქტიკულ საყრდენებს ყოველდღიური სასკოლო ცხოვრებისთვის.

ამ ნომერში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განათლების ციფრულ ტრანსფორმაციასა და ტექნოლოგიების ეთიკურ, შემოქმედებით ინტეგრაციაზე. ტექნოლოგიებთან თანამშრომლობის თემას აგრძელებს ნომრის სტატიებიც, რომლებიც გვიჩვენებენ, როგორ ვაქციოთ ხელოვნური ინტელექტი არა მზა პასუხების იოლ მოკარნახედ, არამედ აზროვნების სტიმულატორად, და როგორ გამოვიყენოთ მისი შესაძლებლობები გაკვეთილის დაგეგმვისა თუ დიფერენცირებული სწავლების პროცესში.

ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ჟურნალი არ ივიწყებს იმ ფუნდამენტურ საგანმანათლებლო დილემებს, რომლებიც მასწავლებლის ყოველდღიურობას ქმნის. ახალ ნომერში წაიკითხავთ:

პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის მოდელებზე: როგორ წარვმართოთ სასწავლო პროცესი ისე, რომ მოსწავლეებმა ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემები განსხვავებული კუთხით დაინახონ და მზა შაბლონების ნაცვლად, არასტანდარტული გზებით იპოვონ პასუხები.

ღირებულებათა სწავლებასა და მორალურ განვითარებაზე: როგორ ვაქციოთ ეთიკური კატეგორიები არა თავსმოხვეულ თეორიებად, არამედ ცოცხალ სასწავლო კონტექსტად დისკუსიებისა და მორალური დილემების დახმარებით.

ვრცელი ტექსტების სწავლების მარადიულ გამოწვევაზე: რა სჯობს – ვასწავლოთ ბევრი და ზედაპირულად, თუ შედარებით ცოტა და სიღრმისეულად? ნომერში გაეცნობით საერთაშორისო პრაქტიკას და იმ მიდგომებს, რომლებიც მოსწავლეს ვრცელი ლიტერატურული ნაწარმოებების მიმართ შიშს უქარწყლებს.

განათლების თავისუფლება მაშინ იწყება, როდესაც სასწავლო გარემოში მოსწავლეს არა მხოლოდ მზა პასუხების დამახსოვრებას ვთხოვთ, არამედ კითხვების დასმას, ვასწავლით შეცდომებზე ფიქრს და საკუთარი არჩევანის გაცნობიერებულ მართვას.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი,  ქეთევან  ნიკოლეიშვილი,  ნათია ორმოცაძე

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:

სოფიკო ლობჟანიძე, მანანა ბოჭორიშვილი, მაია ზიბზიბაძე, მაია ინასარიძე, ნატო ინგოროყვა, ნინო ფეტვიაშვილი, ნინო მარღიშვილი, ნოდარ ცაგარეიშვილი, ლელა ეძგვერაძე, მარიტა ჩერქეზიშვილი, ნატო ქობულაძე, თეა ვახტანგაძე, ანი ანუშიძე, ნინო ცხაკაია, ციცინო მაზმიშვილი, გიორგი სილაგავა.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი#3

 გრავიტაციული ტალღები – სამყაროს კვლევის ახალი მეთოდი

0

გრავიტაცია ფიზიკის ერთ-ერთი საბაზისო ცნებაა. ის განსაზღვრავს სხეულების ვარდნას, პლანეტების მოძრაობას და, საზოგადოდ, სამყაროს სტრუქტურას. სკოლაში გრავიტაციას ვასწავლით როგორც მიზიდულობის ძალას, რომელიც სხეულებს შორის მოქმედებს. თანამედროვე ფიზიკამ აჩვენა, რომ გრავიტაციას შეიძლება ჰქონდეს ისეთი გამოვლინება, რომლის შემჩნევაც უშუალო დაკვირვებით შეუძლებელია. ამ მოვლენას გრავიტაციულ ტალღას უწოდებენ. მისი არსებობის ექსპერიმენტული დადასტურება მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. შესაძლებელი გახდა სამყაროზე ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც ადრე მხოლოდ არაპირდაპირი ნიშნებით იყო სავარაუდო.

იმის გასაგებად, რას ნიშნავს გრავიტაციული ტალღა, საჭიროა, გრავიტაციას სხვა კუთხით შევხედოთ, ვიდრე ამას კლასიკურ მექანიკაში ვაკეთებთ. თანამედროვე ფიზიკაში გრავიტაცია აღარ განიხილება მხოლოდ ძალად, რომელიც სხეულებს შორის მოქმედებს – ის დაკავშირებულია სივრცისა და დროის ერთიან სტრუქტურასთან, რომელსაც სივრცედრო ეწოდება. სწორედ ამ მიდგომამ გახადა შესაძლებელი გრავიტაციული ტალღების იდეის ჩამოყალიბება და მისი ფიზიკური მნიშვნელობის ახსნა.

 

ვრცლად 

ნესტან მიქაძე -გრავიტაცია

 

გენეტიკური კოდიდან ემპათიამდე: როგორ ვაქციოთ ბიოლოგიის გაკვეთილი ჰუმანურობის მაგალითად

0

თანამედროვე განათლების მთავარი გამოწვევა მშრალი აკადემიური ცოდნის გადაცემა როდია; გაცილებით ძნელია, მეცნიერული ფაქტების მიღმა მოსწავლემ დაინახოს რეალური ადამიანი, მისი ყოველდღიურობა და ისწავლოს თანაგრძნობა. ბიოლოგია როგორც სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერება ამისთვის საუკეთესო პლატფორმას იძლევა.

როდესაც მოსწავლეებს გენეტიკურ ცვალებადობასა და მუტაციებს ვასწავლით, ხშირად დნმ-ს ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობათა განხილვით შემოვიფარგლებით ხოლმე. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც გენში გაპარული ერთი „ორთოგრაფიული შეცდომა“ კონკრეტული ადამიანის ბედს წყვეტს? სწორედ ასეთი სისტემური დარღვევის მკაფიო მაგალითია დიუშენის კუნთოვანი დისტროფია (DMD) – დაავადება, რომელიც X ქრომოსომასთან არის შეჭიდული, ძირითადად ბიჭებს ემართებათ (სტატისტიკის თანახმად, ყოველი 3500 ახალშობილიდან ერთს) და დისტროფინის – კუნთის ერთგვარი ამორტიზატორი ცილის – დეფიციტს იწვევს.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ გაიგონ მუტაციის ბიოქიმიური მექანიზმი, არამედ გააცნობიერონ მულტიდისციპლინური მიდგომის, სამედიცინო ეთიკისა და სოციალური მხარდაჭერის ძალაც, გთავაზობთ გაკვეთილის ინტეგრირებულ გეგმას, რომელიც ბიოლოგიასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას აერთიანებს.

ბიოლოგიის გაკვეთილის გეგმა

თემა: გენეტიკა

საკითხი: ცვალებადობა, გენური მუტაციები და დიუშენის სინდრომი

ესგსადმი შესაბამისობა: სასიცოცხლო თვისებები, სტრუქტურა და ფუნქცია, ჯანმრთელობა და დაავადება

მიზნები:

მოსწავლეები შეძლებენ:

  1. გენეტიკური ცვალებადობის ახსნას მაგალითებით;
  2. გენური მუტაციის პროცესის და ცილის სტრუქტურასა თუ ფუნქციაზე მისი გავლენის აღწერას;
  3. დიუშენის სინდრომის გენეტიკური მიზეზებისა და კუნთების მუშაობაზე მისი ეფექტის შესწავლას;
  4. კრიტიკული აზროვნებისა და ემპათიის განვითარებას გენეტიკური დაავადებების განხილვისას.

საკვანძო კითხვა: როგორ მოქმედებს გენეტიკური ცვალებადობა ადამიანის ორგანიზმზე და რა კავშირი აქვს გენურ მუტაციებს ჯანმრთელობასთან?

სასწავლო აქტივობები

აქტივობა 1. მინილექცი

მასწავლებელი მარტივი და თვალსაჩინო სქემების გამოყენებით ხსნის ფუნდამენტურ ჯაჭვს: გენები/ მუტაციები / ცვალებადობა.

გამოყენებული რესურსი:   https://bit.ly/4dMFCic

 

აქტივობა 2. სქემის ანალიზი (ჯგუფური მუშაობა)

მოსწავლეები აანალიზებენ ქრომოსომულ და გენურ ცვლილებებს (დელექცია, ინვერცია, დუბლიკაციისა,  ტრანსლოკაციის, მისენსის, ნონსენსის და ა.შ შეცდომებს). თითოეული ჯგუფი სიტყვიერად ხსნის ლოგიკურ მოდელს: გენი/მუტაცია / ცილის ცვლილება (დისტროფინის დეფექტი) / ფუნქციის დარღვევა.

შედეგი: მუტაციის გავლენის სიღრმისეული გააზრება უჯრედულ დონეზე.

 

აქტივობა 3. საინფორმაციო ტექსტის განხილვა და დისკუსი

კლასი ეცნობა დიუშენის სინდრომის დეტალურ კლინიკურ სურათს საინფორმაციო ტექსტზე დაყრდნობით (https://bit.ly/43eJthM ), მის ქრონოლოგიას (ადრეული ნიშნები 1-დან 6 წლამდე, გოვერსის მანევრი (ეს მანევრი მიუთითებს მენჯისა და ფეხის კუნთების მნიშვნელოვან სისუსტეზე), ეტლის საჭიროება (12 წლის ასაკში) და სისტემურ გავლენას (ფილტვები, გული, ხერხემალი).

სადისკუსიო პუნქტები: მიზეზები (გენური ცვლილება), სიმპტომები (კუნთების სისუსტე, ფსევდოჰიპერტროფია) და მათი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მთავარი აქცენტი: რით შეგვიძლია დავეხმაროთ და როგორ შევუმსუბუქოთ ყოველდღიურობა ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს?

 

აქტივობა 4. შემოქმედებითი დავალებ

მოსწავლეები ინდივიდუალურად ან წყვილებში ქმნიან საინფორმაციო პოსტერებს ან ამზადებენ ციფრულ პრეზენტაციებს.

თემები: „როგორ მოქმედებს დაავადება ორგანიზმზე“; „ჩვენი მხარდაჭერა – გარემოს ადაპტაცია“.

შედეგი: ინფორმაციის ვიზუალიზაცია და ემპათიის უნარის გააქტიურება.

 

აქტივობა 5. თანამედროვე კონტექსტი (ინოვაციები მედიცინაში)

მოკლე სამეცნიერო სტატიის ან ვიდეოს მიმოხილვა თანამედროვე გენური თერაპიის (მაგალითად, CRISPR ტექნოლოგია, მიზნობრივი თერაპიები) შესახებ.

სამსჯელო კითხვები: რა იმედს აჩენს გენური თერაპია მართვის თანამედროვე პარადიგმაში და რა ეთიკური კითხვები იბადება მეცნიერების წინაშე?

 

აქტივობა 6. როლური თამაშ

კლასში თამაშდება სცენარი: „მე ვარ მკვლევარი“, „მე ვარ ექიმი ნევროლოგი“, „მე ვარ ოჯახის წევრი/ასისტენტი“. მოსწავლეები სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ მულტიდისციპლინურ მიდგომას (სტეროიდული ფარმაკოლოგია, ფიზიოთერაპია).

შედეგი: ემპათიისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.

 

საშინაო დავალება:

https://bit.ly/4o0DB5b

ნახე ვიდეომასალა და ჩაინიშნე სამი ფაქტი მომდევნო გაკვეთილისთვის.

 

შეფასება და რეფლექსი

პროცესის შეფასება: ჯგუფური მუშაობის, სქემების წაკითხვისა და დისკუსიაში ჩართულობის დონე

შემოქმედებითი ნამუშევრის  შეფასება: პოსტერების მეცნიერული სიზუსტე და გზავნილის ჰუმანურობა

ინდივიდუალური რეფლექსია: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები წერენ მოკლე ესეს/ჩანაწერს: რა ვისწავლე დღეს გენეტიკური კოდის შესახებ და როგორ შემიძლია ვიყო უფრო ემპათიური და სოლიდარული ჩემს სოციუმში

დასკვნა

გაკვეთილის ეს გეგმა ნათლად აჩვენებს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება დიდი ხანია გასცდა ფორმულებისა და ტერმინების მექანიკური დაზეპირების ჩარჩოებს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მაგალითზე მოსწავლეები ხედავენ ცოცხალ კავშირს მოლეკულურ ბიოლოგიასა და ადამიანის ყოფიერებას შორის. ისინი სწავლობენ, რომ თუმცაღა სრული განკურნების გზა ჯერ კიდევ ძიებაშია, სწორი მულტიდისციპლინური მართვით – სიმპტომების ადრეული პრევენციით, ფიზიკური და მორალური მხარდაჭერით – შესაძლებელია პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (35+ წლამდე და მეტიც).

როდესაც სკოლა ახერხებს, რთული სამედიცინო დიაგნოზი  აქციოს არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თანაგრძნობისა და სამოქალაქო შეგნების გაკვეთილად, ჩვენ ვიღებთ საზოგადოებას, რომელიც მზად არის ინკლუზიური და თანასწორი მომავლის მშენებლობისთვის. სწორედ აქ იქცევა ბიოლოგია მეცნიერებად სიცოცხლისა და ადამიანობის შესახებ.

გამოყენებული წყაროები:

https://medlineplus.gov/ency/article/000705.htm

https://www.youtube.com/watch?v=6wLnR7GJakY

https://www.aversi.ge/ka/cnobari/2631/diushenis-kuntovani-distrofia

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა – რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის

0
xr:d:DAF0cPaCaHY:20,j:8905151866235661499,t:23111716

ერთიანი ეროვნული გამოცდები მხოლოდ ცოდნის შემოწმების პროცესი არ არის. ეს არის ხიდი, რომელიც მოსწავლეებისთვის ერთგვარ კავშირს ქმნის სკოლის ცხოვრებასა და ახალ შესაძლებლობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს პროცესის ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში წარმართვას, მოსწავლეთა წარმატების საფუძველი სკოლებში იქმნება. მასწავლებლები, როგორც ამ პროცესის უხილავი არქიტექტორები, ყოველდღიური შრომით ზრუნავენ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ იმაზეც, რომ მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი ეტაპი თავდაჯერებულად და ემოციური სტაბილურობით გადალახონ.

პირველი გამოცდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს აბიტურიენტებსა და მშობლებში. ჩვენი წერილის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ შემაჯამებელი რეკომენდაციები მივაწოდოთ აბიტურიენტებს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტი ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ცვლილება კი 2022 წელს განხორციელდა და აბიტურიენტს მიეწოდება ელექტრონული ტესტი, რომელიც სამ დავალებას მოიცავს. მათ შესასრულებლად განსაზღვრულია სამი ასტრონომიული საათი. ტესტი შედგენილია პრინციპით „მარტივიდან რთულისაკენ“ და სასურველია, აბიტურიენტმა იმავე თანმიმდევრობით იმუშაოს გამოცდაზე, რა თანმიმდევრობითაც არის დავალებები წარმოდგენილი ტესტში. პირველი დავალებაა დაახლოებით 140-სიტყვიანი, სამაბზაციანი საინფორმაციო ტექსტის რედაქტირება, მეორეა მხატვრული ტექსტის გააზრება, აბიტურიენტმა უნდა უპასუხოს 10 კითხვას ტექსტის იდეურ-მხატვრული, სახეობრივი და სტილური თავისებურებების გარშემო და ბოლო დავალებაა ლიტერატურული ესეი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საიდანაც 16 ქულით ფასდება ტექსტის რედაქტირება, თითოქულიანია მხატვრული ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული კითხვები (ჯამში 10 ქულა) და 34-ქულიანია კომბინირებული ესეი, რომელიც 10 კრიტერიუმის მიხედვით ფასდება. აბიტურიენტს ასარჩევად ეძლევა ორი ტექსტი (ერთი პროგრამული და ერთი უცხო), ერთი პოეტური და ერთი პროზაული, საიდანაც უნდა აირჩიოს საანალიზო ტექსტი.

ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ესეის აგების საკითხებზე. ესეის კომბინირებულს ვეძახით, რადგან ეს არის პრობლემაზე ორიენტირებული თხზულება, რომელშიც აბიტურიენტმა უნდა გააანალიზოს მოცემული მხატვრული ტექსტი (სრულად ან საგანგებოდ შერჩეული ეპიზოდი); უნდა უპასუხოს თეზისს, რომელშიც გამოკვეთილია ტექსტში წარმოჩენილი პრობლემა; უნდა შეძლოს სინთეზირება, ანუ უნდა დაუკავშიროს/შეადაროს საანალიზო ტექსტი სხვა მხატვრულ ტექსტებს და ასევე იმსჯელოს, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა თანამედროვე სამყაროში.

ესეის შეფასების კრიტერიუმები ათი ნაწილისგან შედგება. პირველი კრიტერიუმი აფასებს დავალების პირობის ადეკვატურ გაგებას (2 ქულა), მეორე – ნაშრომის აგებას (2 ქულა), მესამე – მხატვრული ტექსტის ანალიზს (6 ქულა), მეოთხე – პრობლემის/საკითხის აქტუალობის დასაბუთებას (5 ქულა), მეხუთე – ზოგად განათლებას (3 ქულა), მეექვსე – დამოუკიდებელ აზროვნებას (3 ქულა), მეშვიდე ამოწმებს, დაშვებულია თუ არა ფაქტობრივი შეცდომა და თუკი ასეთი არ არის, ნაშრომს ერთი ქულა ემატება, დარჩენილი სამი კრიტერიუმი კი აფასებს აბიტურიენტის ენობრივ (გრამატიკულ) კომპეტენციებს. ლექსიკასა და სტილში იწერება მაქსიმალური სამი ქულა, მორფოლოგია-ორთოგრაფია-სინტაქსში – 5 ქულა და პუნქტუაციაში – მაქსიმალური 4 ქულა. თუკი პირველ კრიტერიუმში (დავალების პირობის ადეკვატური გაგება) ნაშრომი განულდა, მაშინ ის არ სწორდება და თხზულება ფასდება 0 ქულით, რამდენად საინტერესოდაც არ უნდა მსჯელობდეს აბიტურიენტი. თუკი ის ასცდება განსახილველ პრობლემას, არაადეკვატური გაგება იწვევს ნაშრომის განულებას. ესეის მითითებაში გვეუბნებიან, რომ „ნაშრომი, რომლის მოცულობაც 150 სიტყვას არ აღემატება, VIII, IX და X კრიტერიუმებით არ შეფასდება“, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 150-სიტყვიანი ესეი ვერ იქნება შეფასებული მაღალი ქულით, რადგან ეს მოცულობა ვერ ამოწურავს პრობლემის გარშემო მსჯელობას.

აბიტურიენტები ხშირად სვამენ კითხვას, რა მოცულობის ესეია საუკეთესო ეროვნული გამოცდისთვის. მასწავლებლები სხვადასხვაგვარად პასუხობენ ამ კითხვაზე, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ მაღალი ქულის მისაღებად აუცილებელია, მსჯელობა იყოს სიღრმისეული, არგუმენტირებული; ტექსტი უნდა იყოს სათანადოდ აღქმულ-გაანალიზებული, აბიტურიენტს არ უნდა გამოეპაროს დეტალებსა და ქვეტექსტებში მიმალული ავტორის სათქმელი, უნდა გაავლოს პარალელები, იპოვოს მსგავსი პრობლემა ან პერსონაჟის სახე სხვა ტექსტებში და ბოლოს გაიაზროს მოცემული პრობლემა თანამედროვე კონტექსტებში. ეს ყველაფერი ითხოვს მწყობრ, გაშლილ, ფართოპლანიან მსჯელობას და კრიტერიუმებში მაქსიმალური ქულების მისაღებად სასურველია, რომ ესეის მოცულობა იყოს 400-დან 600 სიტყვამდე. უფრო მეტი მოცულობის თხზულება პასუხების ფურცელში უბრალოდ ვერ დაეტევა. მსჯელობა უნდა იყოს მაქსიმალურად „დაწურული“, ეფექტურად მორგებული ტექსტში წარმოჩენილ აქცენტებზე.

ხშირად საუბრობენ ლიტერატურულ პარალელებზე, მათ საჭიროებასა და ამ მიმართულებით აბიტურიენტის ვალდებულებაზე. ზოგი ამტკიცებს, რომ არ არის სავალდებულო პარალელური ტექსტის მოხმობა და ტექსტების სინთეზირება, ზოგ სპეციალისტს კი მიაჩნია, რომ ეს სავალდებულოა და ამის გარეშე ზოგად განათლებაში მაქსიმალური ქულის მოპოვება შეუძლებელია. ხშირად არის ხოლმე წამოწეული ისეთი პრობლემა, რომლის გარშემო უამრავი პარალელი გვახსენდება, ან ისეთიც, რომლის მსგავსი არ შეგვხვედრია სხვა ტექსტებში, ან უბრალოდ არ გვახსენდება პარალელები. დავსვათ კითხვა: როგორ უნდა მიიღოს აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა ზოგად განათლებაში, დამოუკიდებელ აზროვნებაში, მხატვრული ტექსტის ანალიზსა და საკითხის აქტუალობაში? ამ მომიჯნავე კრიტერიუმებში იჩენს თავს აბიტურიენტის განათლება, ნაკითხობა, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, კრიტიკული აზროვნება, მეხსიერება, ლიტერატურული გემოვნება. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ზოგადი განათლება მჟღავნდება, როცა აბიტურიენტი იმოწმებს სხვა ტექსტს, მსჯელობს არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით, პრობლემას წარმოაჩენს განსხვავებული რაკურსებით, ამჩნევს საერთოსა და განმასხვავებელს მოვლენებსა და სახეებს შორის და მთავარი: იაზრებს ეპოქის ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტებს. რას გულისხმობს ეპოქის კონტექსტების გააზრება?

ქართული ლიტერატურის პროგრამა მოიცავს საგანგებოდ შერჩეულ კლასიკურ ტექსტებს მეხუთე საუკუნიდან თანამედროვე ეპოქამდე. ეს 16-საუკუნოვანი გზა ქართული მწერლობისა მოიცავს განსხვავებულ პერიოდებს, რომელთა ფონზე შექმნილ ნაწარმოებებსაც საერთო იდეურ-თემატური, ესთეტიკური და სტილური მარკერები ახასიათებს.

ეს პერიოდებია:

  • ჰაგიოგრაფია (წმინდანთა ცხოვრების აღწერა, სასულიერო მწერლობის დარგი);
  • კლასიკური ხანის მწერლობა (რომელიც წარმოდგენილია საგმირო-სარაინდო და სატრფიალო-სამიჯნურო ეპოსის მწვერვალით, „ვეფხისტყაოსნით“);
  • აღორძინების ხანის მწერლობა (სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის დიდაქტიკური ხასიათის, განმანათლებლური ტექსტებით);
  • რომანტიზმის ხანა (XIX საუკუნის პირველი ნახევარი, თავისი ლირიკული ჟანრებით);
  • რეალიზმის ეპოქა (XIX საუკუნის II ნახევარი);
  • მოდერნიზმის ხანა (იმპრესიონიზმი (ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“) და სიმბოლიზმი ( გალაკტიონი და „ცისფერყანწელები“) – XX საუკუნის პირველი ნახევარი);
  • პოსტმოდერნიზმის ხანა (XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე).

აბიტურიენტი ყველაზე მეტად მაშინ ავლენს ზოგად განათლებას, როცა მას წარმოდგენა აქვს ამ პერიოდებზე, მსჯელობს ამ ეპოქების ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტებზე, რამაც შვა ტექსტი და მასში ასახული პრობლემის აქტუალობა განაპირობა. უდავოა, რომ ლიტერატურა ცხოვრების პროექციაა. ის თავისი ეპოქის, გარემოს, ობიექტური სინამდვილის ყველა შუქ-ჩრდილს ასახავს, ზოგჯერ მარადიულ ადამიანურ პრობლემებს, მორალურ-ეთიკურ საზომებს, ზოგჯერ კი კონკრეტული ეპოქის მიერ მოტანილ ისტორიულ რეალიებს, რასთანაც დაკავშირებულია პატრიოტული, რელიგიური, ჰუმანისტური ღირებულებები.

ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ზედა საფეხურისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომ სავალდებულო და აუცილებელია ჩაღრმავებული მსჯელობა ეპოქალურ კონტექსტებზე. წარმოუდგენელია, რომ დაწერო ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში დასმულ პრობლემაზე ესეი და არ იმსჯელო იმ პერიოდის ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტებზე, სასულიერო მწერლობის სტილზე, ხედვაზე, იმაზე, თუ რამ შვა მარტვილის, დიდმოწამის მონუმენტური სახე.

წარმოუდგენელია შთამბეჭდავი მსჯელობა გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ რომელიმე ეპიზოდზე ისე, რომ არ შევეხოთ სამ სამთავროდ დაყოფილი ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ქრისტიანული ეკლესიის სვლა-გეზს, წმინდა მამათა ცხოვრების უმკაცრეს კანონებსა და ტრადიციებს. ან როგორ წარმოგვიდგენია „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდებზე წერა ისე, რომ თამარის ეპოქის სული და მაშინდელი ლიტერატურული ესთეტიკა არ წარმოვაჩინოთ?

ყოველი ავტორი და მისი ნაწარმოები ხომ ეპოქის მაჯისცემის, სულიერების, გამეფებული კულტურის განუყრელი ნაწილია. სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის სატკივარი სხვა რა არის, თუ არა ქვეყნის დაუძლეველი ისტორიული კრიზისის გააზრება, ხსნის გზების ძიება, საზოგადოებაში გამეფებული სიბნელის გმობა, განმანათლებლობის აუცილებლობა, მათი ყოველი სიტყვა, ყოველი იდეა გარშემო არსებული რეალობით არის შთაგონებული.

რამ შვა ქართული რომანტიზმი? რასაკვირველია, ისტორიულმა სინამდვილემ. 1801 წელს სახელმწიფოებრიობის წართმევამ, რუსულმა იმპერიალიზმმა, რუსიფიკაციის საფრთხემ, 30-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის დასრულებამ, იმ ტკივილმა და ცრემლებმა, რაც ქართული სახელმწიფოს სიკვდილმა მოუტანა პატრიოტ ხელოვანებს. ვერ იქნება ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ტექსტებზე მსჯელობა სრულყოფილი, თუკი არ გავითვალისწინებთ ამ ისტორიულ მოვლენებს და არ შევეხებით რომანტიკული ლიტერატურული სკოლის ტრადიციებს, ხედვას, გემოვნებას. ან როგორ წარმოგვიდგენია ილიას, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგის ნაწარმოებებზე წერა ისე, რომ არ გავითვალისწინოთ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული პერიპეტიები? მაშინ ხომ პოლიტიკურ რეალობას, მეინსტრიმს მთლიანად მწერლები ქმნიდნენ და წარმართავდნენ? ილიაზე დიდი პოლიტიკოსი ვინმე იყო? მწერალთან ერთად ის იყო ერის მამა, სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა, რომლის შემოქმედებაშიც გაიწერა საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი, ეროვნული ხსნის კონცეფცია, ქართველი ხალხის ყველა სატკივარი.

შეუძლებელია გავაანალიზოთ რეალისტების მონუმენტური, უდრეკი, ამაღლებული სულის პერსონაჟების სახეები თუ საქმეები, ეპოქალური მოვლენების ფონს თუ არ გავითვალისწინებთ. ზოგჯერ აბიტურიენტები ერთმანეთისგან ვერ არჩევენ ცარისტული რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირს, არ იციან, როდის მოღვაწეობდნენ ქართული მწერლობის უკვდავი და ელვარე სახეები.

აბიტურიენტი უნდა ერკვეოდეს, რა განსხვავებაა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების რეალობასა და ამ ეპოქების მხატვრული ტექსტების სათქმელს შორის. თუკი მოგვიწევს წერა პოეტისა და პოეზიის მისიაზე მეოცე საუკუნის სიმბოლისტთა შემოქმედებაში (მაგალითად: გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, ტიციანის „ლექსი-მეწყერი“, პაოლო იაშვილის „პოეზია“, გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე“), ეს ტექსტები უსათუოდ უნდა განვიხილოთ მეცხრამეტე საუკუნის რომანტიკოსებისა და რეალისტების ამავე თემაზე შექმნილი ლექსების პარალელურად. აბიტურიენტმა უნდა გამოკვეთოს, რომ რეალისტებს სხვაგვარად ესმოდათ ხელოვნების დანიშნულება, ხოლო სიმბოლისტებმა მოიტანეს ახლებური ხედვა, სხვა სიღრმე და სიმაღლე შემატეს პოეტურ სიტყვას.

აბიტურიენტმა უნდა მოახერხოს, რომ ერთმანეთს შეადაროს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების პერსონაჟები და იპოვოს საერთო და განმასხვავებელი. თუ XIX საუკუნეში აქტუალური იყო გმირის ძიება, პიროვნების გმირული სულისკვეთება, თავგანწირვის უნარი და სულიერი სიმტკიცე, XX საუკუნემ მოიტანა ურბანიზაციის გრიგალისებური მოვლენების ფონზე ადამიანის სულიერი დაცემა, ფსიქოლოგიური მსხვრევა, პიროვნების დაპატარავება და ღმერთთან დაშორება, რწმენის შერყევით გამოწვეული ტანჯვა და ტკივილი, ე.წ. „ზედმეტი ადამიანის“ პრობლემა, რაც აქტუალური იყო მთელ მსოფლიოში. ევროპელი და ამერიკელი მწერლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში წერდნენ სწორედ ამ თემებზე, აქტუალური გახდა ინტროსპექცია, ანუ „შიგნით ჭვრეტა“ პერსონაჟის სულში. ამიტომაც ვხვდებით პლატონ სამანიშვილის, ელი გორდელიანის, თეიმურაზ ხევისთავის მსგავს ფსიქოტიპებს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ნაშრომი, რომელშიც აბიტურიენტი ავლებს პარალელებს სხვა ტექსტებთან, ფილმებთან, პერსონაჟთა სახეების დეკოდირებისას გაითვალისწინებს ეპოქის ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტებს.

გამოცდაზე წარმატების მისაღწევად აუცილებელია აბიტურიენტის ფსიქოლოგიური მზაობა, სიმშვიდე, შრომა საიმისოდ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ დაგროვილი ცოდნის რეალიზაცია. საგამოცდო დრო გონივრულად არის დაწესებული, არც ცოტაა და არც ბევრი, აბსოლუტურად საკმარისია ტესტის დასაძლევად, თუკი მონდომებით ვიმუშავებთ. ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული კითხვები გვეხმარება ნაწარმოების გაგებასა და ანალიზში, ქვეტექსტების წვდომაში, გვაძლევს ფიქრისა და ჩაღრმავების შესაძლებლობას. გამართული, საინტერესო და შთამბეჭდავი ესეის შესაქმნელად საჭიროა 1,5-2 საათი. ზოგს ურჩევნია, რომ ჯერ შავად დაწეროს და შემდეგ გადაათეთროს, ზოგი უბრალოდ ინიშნავს ტექსტის კითხვის დროს ნაფიქრ მიმართულებებს და პირდაპირ თეთრად წერს, პასუხების ფურცელში, ორივე მეთოდი გამართლებულია, გააჩნია, ვის როგორ უადვილდება წერის პროცესი. სასურველია, რომ ნაშრომის დასრულების შემდეგ მოვასწროთ წაკითხვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უნებლიე, ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომები გავასწოროთ. დროის მენეჯმენტზე აბიტურიენტმა წლის განმავლობაში პრეტესტირებების დროს უნდა იმუშაოს და სწორად გათვალოს, რაში რამდენი დრო დასჭირდება.

დასასრულ, ვურჩევ აბიტურიენტებს, რომ თუკი მათი დამოკიდებულება მოვლენებისა და პერსონაჟებისადმი ეწინააღმდეგება ავტორის ხედვასა და კონცეფციას, აქვთ განსხვავებული, მწვავედ კრიტიკული დამოკიდებულება ან მიუღებლობა, ნეგატიური აღქმა ტექსტის აქცენტებისა, რაც ხშირად მომისმენია აბიტურიენტებისგან, სასურველია, რომ არგუმენტირებული მსჯელობითა და ტექსტის დამოწმებით გამოხატონ მსგავსი პოზიცია. აბიტურიენტის შეხედულებები არ უნდა იყოს კაპრიზი, ახირება ან აკვიატება, უნდა იყოს განმტკიცებული საგანგებოდ მოძიებული არგუმენტებით, ციტატებითა და პარაფრაზებით. გამოცდაზე არ გვეძლევა საეჭვო ღირებულების, ბულვარული ნაწარმოებები, ყველა არის ეპოქებისა და ხალხის (მკითხველის) მიერ გამოცდილი, იდეურად, სახეობრივად და სტილურად უზადოდ შესრულებული ქმნილება, რომელსაც დრო ღირებულებასა და აქტუალობას არ უკარგავს. უნდა შეგვეძლოს დაშვება, რომ შესაძლოა ჩვენი სწორხაზოვანი აღქმა იყოს პრობლემა და არა კლასიკოსი ავტორის პოზიცია. ახალგაზრდებს მეამბოხე ბუნება აქვთ და ხშირად შეაქვთ ეჭვი მხატვრული ტექსტის ან მისი სათქმელის ღირებულებაში, ეწინააღმდეგებიან ლიტმცოდნეობაში გავრცელებულ წაკითხვებს, მკვლევართა და მეცნიერთა მოსაზრებებს, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ რადიკალური კრიტიკული მოსაზრებები სათანადოდ არგუმენტირებული უნდა იყოს, ტექსტში კი საამისო არგუმენტები ხშირად არ იძებნება. ლიტერატურული ტექსტების აღქმა გემოვნებას, ფართო ხედვას, ნაკითხობასა და საღად აზროვნებას ითხოვს. სწორხაზოვნება და რადიკალიზმი კი ზოგჯერ საჭირო სვლა-გეზს გვაშორებს. მხატვრული ტექსტის აღქმა თავისუფალია, მაგრამ გარკვეულწილად – შემოზღუდულიც. არავის ეკრძალება თავისუფალი აზროვნება, პირიქით, ორიგინალური ხედვა ფასდება, უბრალოდ უნდა შეგვეძლოს მოსაზრების სათანადოდ არგუმენტირება.

მედლის მეორე მხარე – როგორ დავძლიოთ „მარცხის სინდრომი“

0

წარმოიდგინეთ ტიპური სურათი სკოლის სპორტული დარბაზიდან: ბავშვების ერთი ჯგუფი მონდომებით დარბის, ყვირის, ბურთს ერთმანეთს აწვდის და თამაშის ყოველი წამით ტკბება, იქვე, კუთხეში კი ზის მოსწავლე, რომელიც სკამს არის მიჯაჭვული, იატაკს დასცქერის და ცდილობს, მასწავლებელს თვალი არ გაუსწოროს, რომ მოედანზე გასვლა არ მოუწიოს. თუ მაინც გამოიძახებენ, ზანტად დგება, პირველივე წამზე აგებს და ჩუმად ამბობს: „ხომ ვამბობდი, მაინც არაფერი გამომივაო“.

ეს არ არის უბრალო სიზარმაცე ან ფიზიკური მომზადების ნაკლებობა. ხშირად ასეთი ქცევის მიღმა იმალება უხილავი ბარიერი, რომელსაც ფსიქოლოგები მარცხის სინდრომს უწოდებენ.

სპორტი თავისი არსით ძალის, დისციპლინისა და გუნდურობის განვითარების საუკეთესო გზაა, მაგრამ მოედანზე მოგებასთან ერთად ყოველთვის არის წაგებაც. როდესაც წაგებები ერთმანეთს ებმის, ხოლო გარშემო მყოფებისგან მხარდაჭერის ნაცვლად იღებს მხოლოდ კრიტიკას, ბავშვის გონებაში ნეგატიური ჯაჭვი იკვრება.

 

რა არის მარცხის სინდრომი და როგორ ვლინდება ის?

ეს არის სპეციფიკური ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს მუდმივი განცდა, რომ წარმატებას ვერასდროს მიაღწევს. მოსწავლე წინასწარ, თამაშის დაწყებამდე ელის წარუმატებლობას, სრულიად კარგავს მოტივაციას და ხშირად თავიდანვე უარს ამბობს ბრძოლაზე. ის აღარც ცდილობს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას – აზრი არ აქვს, შედეგი ხომ, მისი აზრით, მაინც ნეგატიური იქნება.

 

როგორ ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა?

თუ ბავშვის ქცევას დავაკვირდებით, სასკოლო სივრცეში ამ პრობლემის შემჩნევა ძნელი არ არის. ძირითადი ნიშნებია:

  • აქტივობებისთვის თავის მიზანმიმართული არიდება;
  • გუნდური თამაშების დროს პასიურობა და ყურადღების ცენტრში მოხვედრის შიში;
  • საკუთარი თავის მიმართ გამოხატული ნიჰილიზმი: „მე ეს არ შემიძლია“, „მაინც წავაგებთ“.

ეს დამოკიდებულება მხოლოდ ნიშნებზე ან სპორტულ შედეგებზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ ბავშვის პიროვნულ განვითარებასაც აფერხებს. ის კარგავს საკუთარი თავის რწმენას და მომავალში ცხოვრებისეული გამოწვევების მიღებაც უჭირს.

 

რატომ ედება მარცხი საფუძვლად ფსიქოლოგიურ ტრავმას?

თავისთავად, სპორტში მარცხი ჩვეულებრივი მოვლენაა. მეტიც, ის აუცილებელიც კია – სწორედ წაგება ასწავლის ადამიანს მოთმინებას, შეცდომების გაანალიზებას და მომავალში უკეთესად მოქმედებას. მაგრამ ეს ფორმულა მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა გარემო ჯანსაღია. როდესაც მარცხს თან ახლავს მკაცრი კრიტიკა, დაცინვა და ზურგს უკან ჩურჩული, სპორტსმენის (და, მით უმეტეს, მოსწავლის) თავდაჯერება მომენტალურად ჩამოიშლება, მის ადგილს კი სტრესი და შიში იკავებს.

 

რა როლს ასრულებს სოციალური გარემო?

მარცხის სინდრომის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მუდმივი შედარებაა. როდესაც მოსწავლეს სხვებს უსახავენ მაგალითად და ხაზს უსვამენ, რომ თანაკლასელები მასზე ბევრად ძლიერები ან სწრაფები არიან, მას უჩნდება მუდმივი არასრულფასოვნების განცდა. მოზარდ ასაკში, როცა თანატოლების აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს მიდგომა განსაკუთრებით მტკივნეულია.

იქ, სადაც ნორმად არის ქცეული შეცდომების გამო დაცინვა ან მასწავლებელი არაადეკვატურად ბევრს ითხოვს, ბავშვი სპორტს მხოლოდ ნეგატიურ ემოციებთან აიგივებს.

 

როგორ შევცვალოთ რეალობა?

სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვმა უნდა იპოვოს და არა დაკარგოს საკუთარი ძალების რწმენა. სწორი მხარდაჭერითა და გარემოს შეცვლით სავსებით შესაძლებელია, მარცხი აღქმულ იქნეს არა კატასტროფად, არამედ წინ გადადგმულ ნაბიჯად.

ამისთვის საჭიროა მუშაობა ორი მიმართულებით:

  1. პრაქტიკული გზები სპორტის მასწავლებლებისთვის

პედაგოგის როლი აქ გადამწყვეტია. შედეგიდან (ვინ მოიგო, ვინ გაიტანა გოლი) მან ფოკუსი უნდა გადაიტანოს პროცესზე – მონდომებაზე, შრომასა და ინდივიდუალურ პროგრესზე.

რა ნაბიჯები დაეხმარება პედაგოგს?

  • მცდელობის დაფასება: შეაქეთ მოსწავლე არა მხოლოდ საბოლოო ქულისთვის ან გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მოინდომა და სცადა. ხშირად ერთი თბილი სიტყვაც კი საკმარისია მოტივაციის დასაბრუნებლად.
  • შეცდომა როგორც სამუშაო მასალა: აჩვენეთ კლასს, რომ შეცდომა სწავლის ბუნებრივი ნაწილია. შეცდომის გამო ბავშვი არ უნდა გახდეს გაკიცხვის ან დაცინვის ობიექტი.
  • ინდივიდუალური რეალობა: მოერიდეთ ბავშვების ერთმანეთთან შედარებას. ყველას სხვადასხვა ფიზიკური მოცემულობა აქვს. უმჯობესია, მოსწავლის დღევანდელი შედეგი მისსავე გუშინდელ შედეგს შევადაროთ.
  • ჯანსაღი მიკროკლიმატი დარბაზში: მკაცრად გააკონტროლეთ, რომ კლასში არ იყოს აგრესია, დაცინვა ან თანაკლასელების გარიყვა. გაკვეთილზე მთავარი ურთიერთპატივისცემაა.
  • მიღწევადი მიზნები: დაუსახეთ მოსწავლეს პატარა ამოცანები, რომელთა შესრულებასაც ნამდვილად შეძლებს. მცირე წარმატებაც კი თავდაჯერების საუკეთესო საძირკველია.
  • ყველას ჩართულობა: ნუ დაუშვებთ, გაკვეთილი მხოლოდ „ლიდერების“ თამაშად იქცეს. მოიფიქრეთ ისეთი როლები და თამაშის წესები, რომ თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს თავს გუნდის საჭირო წევრად.
  1. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ოჯახის როლი

თუ ბავშვის შინაგან განწყობაზე არ ვიმუშავეთ, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში ვერაფერს შეცვლის. მას, უწინარეს ყოვლისა, ემოციურ ტრანსფორმაციაში უნდა დავეხმაროთ.

როგორ?

  • ემოციური კონსტრუქციულობა: ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი ემოციების მართვა, სტრესთან გამკლავება და იმის გაცნობიერება, რომ წაგება მისი პიროვნული მარცხი არ არის.
  • სპორტი სიამოვნებისთვის: აქცენტი გადავიტანოთ იმაზე, რომ სპორტი ენერგია, ჯანმრთელობა და მეგობრებთან ერთად მხიარულებაა და არა მხოლოდ სპორტული ტაბლო.
  • ოჯახური მხარდაჭერა: მშობლების მხრივ გადამეტებული მოლოდინი და გამარჯვების მუდმივი მოთხოვნა ბავშვს თრგუნავს. მან სახლშიც და სკოლაშიც უნდა იგრძნოს, რომ მას უპირობოდ უჭერენ მხარს.
  • კრიტიკის ფორმა: ნებისმიერი შენიშვნა უნდა იყოს რბილი, მეგობრული და იმაზე ორიენტირებული, თუ „როგორ გავაკეთოთ უკეთესად შემდეგში“ და არა იმაზე, „რა გაფუჭდა ახლა“.

მთავარი სათქმელი: სპორტის უპირველესი მიზანი ჩემპიონის გამოზრდა კი არა, ჯანსაღი, ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანის ჩამოყალიბებაა. ცვლილებები სწორედ იმ წამიდან იწყება, როდესაც მოსწავლე იჯერებს მარტივ ჭეშმარიტებას: უდიდესი ჩემპიონებიც კი ათასჯერ დამარცხებულან, მაგრამ სწორედ ამ გამოცდილებამ აქცია ისინი იმად, ვინც დღეს არიან. საკუთარი თავის რწმენა და პატარა, მტკიცე ნაბიჯები ნებისმიერ ბარიერს დაგვაძლევინებს.

როგორ ვასწავლოთ საბავშვო ლიტერატურა ციფრულ ეპოქაში

0

როგორ ვასწავლოთ საბავშვო ლიტერატურა ისე, რომ არ წავაგოთ ბრძოლა ციფრულ ეპოქასთან და მოსწავლეებს ლიტერატურის ნამდვილი ხიბლი დავანახოთ? – ეს არის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს თითოეული პედაგოგი, განსაკუთრებით კი ლიტერატურის მასწავლებელი დგას. თანამედროვე სამყაროში, სადაც ორწუთიანი ვიდეორგოლები ბევრად უფრო სწრაფად იპყრობს ყურადღებას, ვიდრე ასგვერდიანი წიგნი, ტრადიციული მიდგომა – „წაიკითხე და შინაარსი მომიყევი“ – ფუჭი დროის კარგვაა, რადგან ჩვენ გვიწევს იმ თაობის სწავლება, რომელიც ინფორმაციას სწრაფად ფილტრავს.

როგორ გარდავქმნათ წიგნის კითხვის პროცესი ინტელექტუალურ ხარაჩოდ (Scaffolding), რომელიც მოზარდს მედიაწიგნიერებას, სოციო-ემოციურ კომპეტენციებსა და ემპათიას გამოუმუშავებს? წინამდებარე სტატია სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და სწავლების ახალ, ინოვაციურ მეთოდოლოგიას ეხება.

  1. არ ვებრძოლოთ ციფრულ ჩვევებს – გამოვიყენოთ ისინი

ბავშვებს წიგნს ვერ შევაყვარებთ, თუ მათ ციფრულ ინტერესებს ტექსტის სიღრმისეული გააზრების ინსტრუმენტად არ ვაქცევთ.

TikTok-ის ფორმატი კლასში (AI-ასისტირებული წიგნის სარეკლამო ვიდეორგოლები):

ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, ნაცვლად შინაარსის ტრადიციული გამოკითხვისა, სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან წიგნის მოკლე ციფრული ანონსი (book trailer). მათ შეუძლიათ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი (AI) ილუსტრაციებისა თუ მუსიკალური გაფორმების შესაქმნელად. იმისათვის, რომ მოსწავლემ სულ რაღაც 60 წამში მოაქციოს ნაწარმოების მთავარი სათქმელი და იდეა, მას დასჭირდება უმნიშვნელოვანესი უნარები: სტრუქტურირება  და კრიტიკული ანალიზი.

კოლაბორაციული პრომპტ-ინჟინერია (Prompt Engineering):

შესთავაზეთ მოსწავლეებს გუნდური მუშაობა, სადაც ისინი ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის შეადგენენ ზუსტ ბრძანებებს (პრომპტებს) პერსონაჟების ალტერნატიული ისტორიებისა თუ ვიზუალური სახეების შესაქმნელად. როდესაც მოსწავლე ცდილობს, ტექნოლოგიას ზუსტად აღუწეროს გმირის ემოციური მდგომარეობა, ეპოქის კონტექსტი ან გარემო, ეს პირდაპირ მიმართულია მულტიმოდალური წიგნიერების განვითარებაზე.

  1. დაამსხვრიეთ ერთფეროვნება დიფერენცირებული სწავლებით

თუ კლასს დავალების შესრულებას ვაიძულებთ, მივიღებთ პროტესტს. სჯობს, გამოიყენეთ სასწავლო მენიუები (Learning Menus) და არჩევანის დაფები (Choice Boards), რათა არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა.

ვიზუალური სწავლის სტილის მქონე ბავშვებს მიეცით საშუალება, წიგნის მიხედვით შექმნან კომიქსი ან STEAM პროექტის ფარგლებში ააგონ პერსონაჟის/გარემოს მაკეტი (მაგალითად, რობოტექნიკის გამოყენებით შექმნან მოკლე ვიდეოინსტრუქციები).

აუდიტორული სტილის მოსწავლეებს შესთავაზეთ პოდკასტის ჩაწერა, სადაც ისინი განიხილავენ პერსონაჟთა მორალურ დილემებს.

ანალიტიკოსებს კი სთხოვეთ RAFT მატრიცის გამოყენებით კონკრეტული როლის მორგება (მაგალითად, დაწერონ წერილი პერსონაჟის სახელით საზოგადოების მისამართით, რაც ემპათიასა და გლობალურ მოქალაქეობას ავითარებს).

  1. აქციეთ ტექსტი ფუნქციურ ხიდად რეალობასთან

ლიტერატურის ანალიზისას დაეყრდენით დევიდ პერკინსის „თეორია ერთს“ (Theory One), სადაც სწავლება ეფუძნება გასაგებ ახსნასა და აქტიურ პრაქტიკას. წიგნი/ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გახდეს ხიდი მოსწავლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ემპათია და ინკლუზიური კულტურა: ისეთი ნაწარმოებების განხილვისას, რომლებიც ბულინგს, დისლექსიას ან სოციალურ იზოლაციას ეხება (მაგალითად, „ბიჭი ბოლო მერხზე“ ან „თევზი ხეზე“), აქცენტი გადაიტანეთ  პარალელებზე. ჰკითხეთ მოსწავლეებს: არის ჩვენს გარემოში „უხილავი“ ბავშვი? როგორ შეიძლება ვგრძნობდეთ თავს, როცა სისტემა ან საზოგადოება ჩვენს უნიკალურობას ვერ ამჩნევს?

სტერეოტიპების მსხვრევა და პიროვნული თავისუფლება: როდესაც ვკითხულობთ ასტრიდ ლინდგრენის „ყაჩაღის ასული რონიას“, მოსწავლეებს უნდა ვკითხოთ არა ის, თუ სად ცხოვრობდა პერსონაჟი, არამედ – როგორ უმკლავდებოდა ის თავსმოხვეულ სოციალურ მტრობას და როგორ იცავდა საკუთარ პოზიციას მაშინ, როცა უფროსები ეწინააღმდეგებოდნენ.

  1. საზაფხულო საკითხავის ახალი ფორმატი: „ლიტერატურული მარათონი და ციფრული დღიურები“

ზაფხულის არდადეგები საუკეთესო დროა წიგნთან დასამეგობრებლად, თუმცა არა თავსმოხვეული, გრძელი სიებით. ტრადიციული ფორმატი უნდა ჩავანაცვლოთ „საზაფხულო გამოწვევის დაფით“ (Summer Reading Bingo/Choice Board) და ციფრული რეფლექსიით:

საკითხავი ბინგოს დაფა: ნაცვლად კონკრეტული წიგნების მკაცრი ჩამონათვალისა, მოსწავლეებს ვთავაზობთ კატეგორიებს, სადაც არჩევანის თავისუფლება აქვთ. მაგალითად: „წაიკითხე წიგნი, რომლის მთავარი გმირი შენი ტოლია“, „წაიკითხე წიგნი ბუნებაზე“, „წაიკითხე კომიქსი ან გრაფიკული რომანი“. ეს მიდგომა მასწავლებელს აძლევს საშუალებას, გაითვალისწინოს მოსწავლეთა განსხვავებული ინტერესები და კითხვის მზაობის დონე.

ვლოგები (Vlogs) და ციფრული დღიურები: ტრადიციული, სქელტანიანი საზაფხულო დღიურების ნაცვლად, სადაც ბავშვები მექანიკურად გადაწერდნენ ხოლმე შინაარსს, ვთავაზობთ „ლიტერატურული ვლოგერის“ როლს. მოსწავლეები ზაფხულის განმავლობაში იღებენ მოკლე, 1–2 წუთიან ვიდეოებს (დახურული ჯგუფისთვის), სადაც საუბრობენ არა წიგნის სიუჟეტზე, არამედ საკუთარ ემოციებზე: „რაზე დამაფიქრა ნაწარმოების ამ სიუჟეტმა? „ „რატომ გამაბრაზა ამ პერსონაჟმა?“, „რა აჩუქა ამ წიგნმა ჩემს ზაფხულს?“. სექტემბერში, რუტინული გამოკითხვის ნაცვლად იმართება ერთგვარი  „საზაფხულო ლიტერატურული ფესტივალი“, რაც აჩვენებს, თუ როგორ იქცა წიგნის კითხვა თავგადასავლად.

პარადიგმების ცვლა პრაქტიკაში

იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ,  რას ნიშნავს საბავშვო ლიტერატურის ახალი როლი და როგორ უნდა შეიცვალოს მასწავლებლის მიდგომა ციფრულ ეპოქაში, შევადაროთ ერთი და იმავე ტექსტის სწავლების ორი სრულიად განსხვავებული მოდელი:

კომპონენტი ტრადიციული აქტივობა:

„კითხვის ანალიზი და პერსონაჟის დახასიათება“

ახალი (ინოვაციური) აქტივობა:
„RAFT მატრიცა და AI-ბუკტრეილერი“
რა ხდება? მოსწავლეები სახლში კითხულობენ ნაწარმოების კონკრეტულ თავს. გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს სტანდარტულ, რეპროდუქციულ კითხვებს ფაქტების გადასამოწმებლად (მაგ. „რა თქვა პერსონაჟმა?“, „სად მივიდნენ?“). მასწავლებელი იყენებს დიფერენცირებულ მიდგომას და არჩევანის დაფას, სადაც მოსწავლეები გუნდურად ინაწილებენ როლებს მათი ინტერესების მიხედვით.
დავალების ფორმატი მოსწავლეები რვეულებში წერენ შაბლონურ ესეს თემაზე: „რონიას ხასიათის დადებითი თვისებები“. ჯგუფი ა: ქმნის წიგნის 60-წამიან ციფრულ ანონსს (TikTok/Reels ფორმატში) AI-ის გამოყენებით.

 

ჯგუფი ბ: იყენებს RAFT მატრიცას და პერსონაჟის სახელით წერს პოსტს სოციალური ქსელისთვის აქტუალურ პრობლემაზე (მაგ. ბულინგი).

მოსწავლის როლი პასიური შემსრულებელი. იგი მექანიკურად პასუხობს კითხვებს და ასრულებს ერთფეროვან სამუშაოს, რომელიც მოწყვეტილია მის ყოველდღიურობას. აქტიური შემოქმედი. იგი თავად ხდება ციფრული პროდუქტის ავტორი, იყენებს ტექნოლოგიას ტექსტის სიღრმისეული გააზრებისთვის და ავითარებს ემპათიას.
შედეგი ტიკტოკის ეპოქაში მოსწავლეს უქრება კითხვის მოტივაცია, რადგან პროცესი მისთვის მოსაწყენია და ვერ უძლებს კონკურენციას ციფრულ სიგნალებთან. მოსწავლე ხედავს ლიტერატურის ფუნქციურ კავშირს რეალობასთან. მცირე ტექსტის თუ 100-გვერდიანი წიგნის კითხვა მისთვის ცოცხალ, საინტერესო გამოცდილებად იქცევა.

2-წუთიანი ვიდეოების სამყაროში ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ის სიღრმეა, რომელსაც ლიტერატურა ინახავს. თუმცა, ამ სიღრმემდე ბავშვი იმ ციფრული, მეთოდური და შემოქმედებითი ხიდებით უნდა მივიყვანოთ, რომლებიც მისთვის გასაგები, საინტერესო და ორგანულია. აქციეთ საკლასო ოთახი სივრცედ , სადაც ტექნოლოგიების დახმარებით წიგნი ახალ სიცოცხლეს შეიძენს, საინტერესო და ინფორმაციული იქნება მოსწავლეებისთვის, რაც მათში ემპათიის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს და ცხოვრებისეულ გამოცდილებაც შესძენს.

 

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვიგოტსკი, ლ. (Vygotsky, L.). სოციალურ-კოგნიტური განვითარების თეორია.
  2. ლინდგრენი, ა. (2018). ყაჩაღის ასული რონია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
  3. პერკინსი, დ. (Perkins, D.). Theory One / თეორია ერთი.
  4. ციფრული კომპეტენციების ჩარჩო განათლებაში (DigCompEdu / ISTE standards).
  5. ჰანთი, ლ. მ. (2020). თევზი ხეზე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
  6. RAFT მეთოდოლოგია. Role, Audience, Format, Topic.
  7. Tomlinson, C. A. (2014). The Differentiated Classroom: Responding to the Needs of All Learners. ASCD.

 

ერთი სიტყვის მრავალშრიანობა

0

(„თავი სემანტიკური და ფუნქციური ერთეული ქართულ ენაში)

ქართული ენის ლექსიკურ სისტემაში ზოგი სიტყვა განსაკუთრებული სემანტიკური მრავალფეროვნებითა და ფუნქციური დატვირთვით გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სიტყვა „თავი“ – ლექსემა, რომელიც ერთდროულად არის მრავალმნიშვნელობიანი სიტყვა, ბევრი იდიომატური გამოთქმის საფუძველი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიტყვაწარმოებაში და, რასაკვირველია, გრამატიკულ ფუნქციასაც იძენს. სწორედ ამიტომ „თავი“ შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც სხეულის ნაწილი, არამედ როგორც ერთგვარი მოდელი, რომლის მეშვეობითაც კარგად ჩანს, როგორ ვითარდება და იცვლება ერთი კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობა.

თავი – მრავალმნიშვნელობიანი სიტყვა

ძირითადი მნიშვნელობით „თავი“ ადამიანის ან ცხოველის სხეულის ნაწილია, თუმცა ქართულში მისი სემანტიკა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, სხვა სომატური ლექსემების მსგავსად, ეს ფორმაც პოლისემიურია (ახასიათებს მრავალმნიშვნელობიანობა). ის განიმარტება ასევე, როგორც:

  • ტექსტის, თხზულების გამოყოფილი ნაწილი (თავებად დაყოფა, ბოლო თავი);
  • ხელმძღვანელი, წინამძღოლი, წამომწყები (ოჯახის თავი, ჩხუბის თავი);
  • რაიმეს დასაწყისი ნაწილი (ვენახის თავი);
  • ერთი მთლიანი რამ (ერთი თავი ხახვი);
  • ზედა ნაწილი ან ზედა მხარე (კლდის თავი, კარადის თავი)…

ამგვარი სემანტიკური გაფართოება შემთხვევითი არ არის, ადამიანმა სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ცნობიერებაში მთავრის, წინამძღოლის, საწყისის და არსებითის სიმბოლოდ აქცია.

მოსწავლეებს ხშირად უჭირთ იმის გააზრება, როგორ შეიძლება ერთსა და იმავე სიტყვას ამდენი მნიშვნელობა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მაგალითებზე დაფუძნებული გააზრება. მათ შეიძლება შევთავაზოთ წინადადებები და ვთხოვოთ, განსაზღვრონ, რომელი მნიშვნელობითაა გამოყენებული სიტყვა: თავი ასტკივდა; გზის თავი გამოჩნდა; წიგნის პირველი თავი წავიკითხე; სოფლის თავი ჩამოვიდა და მისთ.

ამგვარი აქტივობა ეხმარება მოსწავლეს:

  • სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობების გამიჯვნაში;
  • პოლისემიის გააზრებაში;
  • კონტექსტური აზროვნების განვითარებაში.

თავიროგორც პიროვნების აღმნიშვნელი

ქართულში „თავი“ ხშირად პირის ნაცვალსახელის ფუნქციითაც გვევლინება და პიროვნებას, ,,თავისთავს“ გულისხმობს. ასეთ შემთხვევებში სიტყვა უკვე ადამიანის შინაგანი სამყაროს, ღირსების, პასუხისმგებლობის ან სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელად გვევლინება. მაგალითად, გამოთქმებში: თავი გაწირა, თავი შეაკლა, თავი გამოიჩინა, თავი დაიმცირა, თავი შეირცხვინა – „თავი“ თავად პიროვნებას ენაცვლება. საინტერესოა, რომ სხვადასხვა კონტექსტში ლექსემა განსხვავებულ სემანტიკურ ელფერს იძენს:

თავი არ დახარა – შინაგან სიმტკიცესა და ღირსებას გამოხატავს;

თავს უშველა, თავი დააღწია – თვითგადარჩენის იდეას უკავშირდება;

თავის პატრონია – დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის მაჩვენებელია.

სომატური იდიომები ქართული ფრაზეოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფენას ქმნის (ბერძნ. soma – სხეული), ხოლო „თავი“ ამ სისტემაში განსაკუთრებული სიხშირით გვხვდება. საინტერესოა, რომ იდიომებში აღნიშნული ლექსემა მრავალ სხვადასხვა სემანტიკურ სფეროს უკავშირდება. იდიომატურ გამოთქმებში ადამიანის ქცევის, გადაწყვეტილებისა და სოციალური პოზიციის შეფასება ხშირად სწორედ ამ სიტყვის მეშვეობით ხდება:

თავზე გადასდის – რაიმე უხვად აქვს;

თავზე დაისვა – გაათამამა, გაანებივრა, თავის ნებაზე მიუშვა;

თავს არ იღებს – შეუსვენებლად შრომობს;

თავზე დაჰკანკალებს – მზრუნველობას იჩენს, თავს ევლება;

თავი ქუდში აქვს – საიმედოდაა, არხეინადაა;

საქმეს თავი გაართვა – დაძლია, გააკეთა საქმე;

თავი არ აქვს (რისამე) – არ შეუძლია, უნარი არ შესწევს და ა.შ.

სემანტიკური სფერო იდიომები
თვითგადარჩენა თავს უშველა, თავი დააღწია
ემოციური მდგომარეობა თავი დაკარგა, თავგზა აებნა
ღირსება და სოციალური სახე თავი მაღლა უჭირავს, თავი დაიმცირა
პასუხისმგებლობა და რისკი თავს იღებს, თავი გაწირა
გონება და აზროვნება თავი აქვს, თავში უქრის, თავში ჩაუჯდა

მსგავსი ტიპის ცხრილზე მუშაობა მოსწავლეს ეხმარება:

  • იდიომების მნიშვნელობის გააზრებაში;
  • საერთო სემანტიკური ნიშნების აღმოჩენაში.

სიტყვა „თავის“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქცია მისი რეფლექსიური გამოყენებაა. ქართულში იგი ხშირად საკუთარ თავზე მიმართულ მოქმედებას გამოხატავს, როცა მოქმედება ისევ თავად მოქმედ პირს უბრუნდება: თავი შეიქო, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, თავს ვერ პატიობდა, თავს უფლება მისცა…

ფუნქციის გასამიჯნად შედეგის მომცემია ისეთი სავარჯიშოების შეთავაზება, რომლებშიც მოსწავლე კონტექსტის მიხედვით განსაზღვრავს, როდის გამოხატავს თავი სხეულის ნაწილს და როდის – საკუთარ თავზე მიმართულ მოქმედებას.

თავი – ეს ფორმა აგრეთვე ქართული სიტყვაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული საფუძველია. მისგან ნაწარმოები სიტყვები სხვადასხვა სემანტიკის მატარებელია:

თავმოყვარეობა – პიროვნულ ღირსებას უკავშირდება;

თავდაჯერება – შინაგან რწმენასა და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს;

თავგანწირვა – საკუთარი თავის დათმობის იდეას;

თავქარიანობა – გონივრული კონტროლის ნაკლებობას;

თავშეკავება – ემოციების, სურვილების და ქცევის უნარს.

კონტექსტი მნიშვნელოვანია, ამიტომ მოსწავლემ სიტყვა არა იზოლირებულად, არამედ კონტექსტში უნდა აღიქვას. ამავე დროს, მსგავსი აქტივობები ეხმარება მასწავლებელს, ლექსიკა მხოლოდ განმარტებების დონეზე კი არა, ცოცხალი ენობრივი სისტემის სახით დაანახოს მოსწავლეს. სიტყვა „თავის“ ნიმუში კი კარგი მასალაა კონტექსტის როლის გასააზრებლად და მოსწავლეს ეხმარება: პოლისემიის გააზრებაში, სიტყვათწარმოებითი მოდელების დანახვაში, ფრაზეოლოგიური კომპეტენციის გაღრმავებაში, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და, რაც მთავარია, იმის გააზრებაში, რომ ენა ცოცხალ, მრავალშრიან და ურთიერთდაკავშირებულ სისტემად აღიქვას.

 

სამაგიდო თამაში ბავშვის უფლებებზე

0

(ეფუძნება პირად პრაქტიკულ გამოცდილებას სსიპ ქალაქ ქუთაისის #23 საჯარო სკოლასა და აწსუ-ს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის სტუდენტებთან თანამშრომლობას)

 სტატია განიხილავს სასწავლო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესწავლას სამი საგნის (სამოქალაქო განათლება, ქართული ენა/ლიტერატურა და ხელოვნება) ინტეგრაციით.

სტატიაში აღწერილია მოსწავლეთა მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი „სამაგიდო თამაში“, რომელიც ეფუძნება რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებსა და ლიტერატურული ტექსტის ანალიზს.

საბაზო საფეხურზე, მეშვიდე კლასში, საგან მოქალაქეობის გაკვეთილებზე სამართლებრივი დოკუმენტების შესწავლა იწყება ბავშვის უფლებათა კონვენციით. მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს მოსწავლეებს, რომ თითოეული სამართლებრივი მუხლი გაიაზრონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ დაუკავშირონ რეალურ ცხოვრებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ შეძლოს კონკრეტული მუხლის ამოცნობა სხვადასხვა შემთხვევის განხილვის დროს და გააცნობიეროს, როგორ ვლინდება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაფიქრდეს პრობლემის გადაჭრის გზებზე.

თამაშზე დაფუძნებული სწავლება პირობისეული ცოდნის შეძენის საუკეთესო გზაა. როცა მოსწავლე რეალურ ან ლიტერატურულ სიტუაციას ჰოლისტურად, თამაშის ფორმატში განიხილავს, ის არა მხოლოდ იმახსოვრებს კონკრეტულ მუხლს, არამედ სიღრმისეულად იაზრებს მის მნიშვნელობას, იძენს ტრანსფერულ უნარებს და იწყებს ცოდნის გამოყენებას ცხოვრებაში, როგორც პასუხისმგებლობიანი მოქალაქე.

სამაგიდო თამაშის შექმნა მიმდინარეობს ოთხ ძირითად ეტაპად:

  • პირველი ეტაპიჯგუფების შექმნა

ლიტერატორებიაგროვებენ ლიტერატურულ ნაწარმოებებიდან ნასწავლ ეპიზოდებს ბავშვის უფლებების დარღვევაზე.

მედიამკვლევრები – მოიკვლევენ და აგროვებენ მაგალითებს სოციალური ქსელებიდან;

სკოლის დამკვირვებლები – მოიკვლევენ და სწავლობენ სასკოლო გარემოში არსებულ შემთხვევებს;

თემის მკვლევრები – მოიკვლევენ თემში და ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ რეალურ ამბებს.

  • მეორე ეტაპი – მასალების შეგროვება და დახარისხება

მასწავლებლის ან უფროსკლასელი მოსწავლეების ფასილიტაციით ხდება თითოეული ჯგუფის მიერ შეგროვებული მასალის დახარისხება, ანალიზი და კონვენციის მუხლებთან დაკავშირება.

ქეისბარათი

 ერთ-ერთ სკოლაში გადაწყდა ახალი მულტიფუნქციური სათამაშო მოედნის აშენება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სთხოვეს საკუთარი იდეების წარმოდგენა და მოედნის დიზაინის დახაზვა. ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროცესში, წარმოადგინეს სხვადასხვა ხედვა და საკუთარი საჭიროებები.

სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეთა ნამუშევრები განიხილა. დაგეგმა დასკვნითი შეხვედრა და მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი და დამტკიცებული დიზაინის გეგმა გააცნეს.

  •   აქვთ თუ არა ბავშვებს უფლება, მონაწილეობა მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი გარემოს დაგეგმვაში?
  •   ბავშვის უფლებათა კონვენციის რომელი მუხლი იცავს ბავშვის უფლებას, გამოთქვას საკუთარი აზრი და მისი მოსაზრება გათვალისწინებული იყოს?
  •   როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა ისე, რომ მოსწავლეთა მონაწილეობა რეალური გახდეს?

 

 

მესამე ეტაპი – რესურსის შექმნა

შეგროვებული მასალების საფუძველზე იქმნება ქეისბარათები კონკრეტული სიტუაციებით. ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეები მოხატავენ ქეისბარათებს, ასევე თემატურად მოიხატება გასაშლელი მთავარი დაფა-პოსტერი სამაგიდო თამაშისთვის.

ქეისბარათების შექმნის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეთიკის ნორმებს: აუცილებელია, დავიცვათ რესპონდენტთა კონფიდენციალურობა და ღირსების ხელშეუხებლობის პრინციპი. ამ მიზნით უმნიშვნელოვანესია სახელების ანონიმიზაცია და ამბების ისე ტრანსფორმირება, რომ არ მოხდეს პიროვნების იდენტიფიცირება.

მეოთხე ეტაპი – თამაშის პროცესი, დემონსტრირება

ამ ეტაპზე მოსწავლეები რეალურ პრაქტიკაში გამოცდიან სასკოლო საზოგადოების წინაშე სამაგიდო თამაშს.

 

კავშირი საგნობრივ სტანდარტებთან:

მოქალაქეობა – საზოგადოება (მოქ.საბ.1,2); დემოკრატია (მოქ.საბ.1,2,3,4); მონაწილეობა (მოქ.საბ.2,4) მდგრადი განვითარება (მოქ.საბ.3)

საკვანძო კითხვები:

  • რატომ არის ოჯახი და საზოგადოება ბავშვის განვითარების საუკეთესო გარემო და როგორ იცავს კონვენცია ჩვენს იდენტობას?
  • როგორ უზრუნველყოფს დემოკრატიული პრინციპები ყველა ბავშვის თანასწორობას და რატომ არის დაუშვებელი დისკრიმინაცია?
  • როგორ გვეხმარება საკუთარი უფლებების ცოდნა და გამოხატვის თავისუფლება, რომ შევცვალოთ ლოკალური და გლობალური სამყარო უკეთესობისკენ?
  • რატომ არის ჩვენს უფლებებზე ზრუნვა (ჯანსაღი გარემო, განათლება) სახელმწიფოს პრიორიტეტი და მდგრადი მომავლის გარანტი?

 

ქართული – ჟანრი (შედეგები: 3, 6, 8, 11, 12); კონტექსტი (შედეგები: 4, 6, 11, 12)

საკვანძო კითხვები:

  • როგორ გამოვიყენო ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა?
  • რა შეიცვლება ან არ შეიცვლება ნაწარმოების ჟანრის შეცვლის შედეგად?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი კონტექსტის ცოდნა?
  • რა გავლენას ახდენს კონტექსტი ნაწარმოებზე?

 

ხელოვნება – სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები) (ს.გ.საბ.1,2,3,4)

სხვადასხვა ეპოქის/კულტურის/მიმდინარეობის/სტილის ხელოვნების სახასიათო ნიშნები/მხატვრული მახასიათებლები (ს.გ.საბ.1,2,3,4)

საკვანძო კითხვა:

  • როგორ გავლენას ახდენს ხელოვნებაზე საზოგადოების მოთხოვნები და ინტერესები?
  • რა შეგვიძლია გადმოვცეთ და გავიგოთ ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით?
  • რისთვის და როგორ ვიყენებ სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებს, ტექნიკას, მასალას და იარაღს?

 

გრძელვადიანი შედეგები:

სამართლებრივი წიგნიერება კონვენციის მუხლების პრაქტიკული აღმოჩენა და გამოყენება. რთული სამართლებრივი მუხლები გარდაიქმნება გასაგებ, ყოველდღიურ სიტუაციებად და საინტერესო ლიტერატურულ კაზუსებად.

მოსწავლეები სწავლობენ მხატვრული ტექსტის კითხვას უფლებრივ ჭრილში, პოულობენ კავშირს ავტორის სათქმელსა და ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლებს შორის.

ანალიტიკური უნარები პრობლემის გადაჭრის გზების ძიება ლიტერატურულ და რეალურ ამბებზე დაფუძნებით. ვითარდება წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, სადაც მოსწავლე არგუმენტირებულად ამტკიცებს თავის პოზიციას უფლებების დარღვევის შესახებ.

თამაშის დასრულების შემდეგ აუცილებელია რეფლექსიის ეტაპი, სადაც მოსწავლეებთან ერთად განიხილავთ, რომელ ქეისში იყო ყველაზე რთული პრობლემის ამოცნობა? როგორ დაგვეხმარა ლიტერატურული პერსონაჟის ემოციების გაგება კანონის აქტუალურობის აღქმაში? როგორ დაგვეხმარა ლიტერატურული პერსონაჟის ემოციების გაგება იმ ფერებისა და სიმბოლოების შერჩევაში, რომლებითაც ქეისბარათები და პოსტერი გავაფორმეთ?

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ შემოთავაზებული სამაგიდო თამაში ლიტერატურის კონტექსტში აყალიბებს ემოციების გააზრებისა და ემპათიის უნარს; მოქალაქეობა გვთავაზობს რეალური მოქმედების მექანიზმს პრობლემის აღმოსაჩენად და გადასაჭრელად; ხელოვნება გვაძლევს ფერებისა და ფორმების გამოყენებით პრობლემის ვიზუალიზაციის და გრძნობების გადმოცემის საშუალებას.

 

თამაშის წესები და რესურსები:

სათამაშო დაფა-პოსტერი, ეს არის ქაღალდის დიდი ფორმატი მოსწავლეების მიერ მოხატული ლაბირინთით, სადაც დატანილია 42 უჯრა. რიცხვი 42 შემთხვევითი არ არის. ის ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის 42-ე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ბავშვებმა და უფროსებმა იცოდნენ ამ კონვენციის შესახებ.

ლაბირინთის გავლა ნიშნავს გზას დაბადებიდან სრულწლოვანებამდე, სტარტი – ფინიში.

ქეისბარათები – ოთხი ფერის ბარათები – ოთხი ჯგუფის მიხედვით: ლიტერატურული, სასკოლო, მედია და თემის ქეისებისათვის;

კონვენციის გზამკვლევი – ამონარიდები ბავშვის უფლებათა კონვენციიდან (დამხმარე რესურსი);

ფიგურები და კამათელი – სასურველია, ხელით იყოს შექმნილი, მეორადი ქაღალდის გამოყენებით.

 

თამაშის მსვლელობა

  1. მოთამაშეები იყოფიან გუნდებად. თითოეული გუნდი ირჩევს ფიგურას და ათავსებს სტარტზე. თამაშს იწყებს ის, ვინც კამათელზე ყველაზე მაღალ ციფრს დასვამს.
  2. სვლები და ქეისების ამოხსნა

მოთამაშე აგორებს კამათელს და გადაადგილდება იმდენი უჯრით წინ, რამდენსაც აჩვენებს კამათელი.

თუ ფიგურა გაჩერდება ფერად უჯრაზე, გუნდი იღებს შესაბამისი ფერის ქეისბარათს. გუნდმა უნდა წაიკითხოს ბარათზე დატანილი ამბავი და დაასახელოს, კონვენციის რომელი მუხლი ირღვევა და მოიფიქროს პრობლემის გადაჭრის გზა.

უჯრებზე, ოთხ ადგილას, არის პასუხისმგებლობის ზონა. ეს ოთხი ზონა პირდაპირ კავშირშია კონვენციის ოთხ პრინციპთან, ოთხ მუხლთან: მუხლი 2 – დისკრიმინაცია; მუხლი 3 – ბავშვის საუკეთესო ინტერესები; მუხლი 6 – სიცოცხლე და განვითარება; მუხლი 12 – მონაწილეობა. თუ მოსწავლე მოხვდება პასუხისმგებლობის რომელიმე ზონაში, მან უნდა გაიხსენოს პირადი მაგალითი, როცა გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

მაგალითად: მოსწავლე მოხვდა პასუხისმგებლობის ზონაში – მუხლი 2. ის იხსენებს დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევას, რომლის მომსწრეც თავად გახდა, და აღწერს საკუთარ პასუხისმგებლობიან ქმედებას.

  1. შეფასება და დაწინაურება

თუ გუნდი სწორად დაასახელებს მუხლს და კონვენციაზე დაყრდნობით მოიფიქრებს ეთიკურ გამოსავალს, ის აგრძელებს თამაშს წინსვლით.

თუ გუნდი ასახელებს შესაბამის მუხლს, მაგრამ ვერ მოიფიქრებს ეთიკურ გამოსავალს, იგი ბრუნდება ერთი უჯრით უკან.

თუ გუნდი ვერ ასახელებს შესაბამის მუხლს და ვერც გამოსავალს გვთავაზობს, იგი ბრუნდება ორი უჯრით.

  1. 4. ფინიში და გამარჯვება – გამარჯვებულად ითვლება ის გუნდი, რომელიც პირველი მიაღწევს ლაბირინთის ბოლოს.

მოსწავლეთა რეპორტაჟი https://shorturl.at/ElhKu

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია. (1989).
  2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2018-2019). III მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი სტანდარტები (მოქალაქეობა, ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება).
  3. საქართველოს პარლამენტი. (2019). ბავშვის უფლებათა კოდექსი. თბილისი.

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლის მშობელთან თანამშრომლობა

0

ინკლუზიური განათლება ეფუძნება სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორულ თანამშრომლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეების ჩართულობისთვის. კვლევები ცხადყოფს, რომ მშობლის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც მოსწავლის აკადემიურ მიღწევებს, ისე სოციალურ-ემოციურ განვითარებასაც (Schultz et al., 2016; Gaspar & Sahay, 2025).

საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაც ხაზს უსვამს ინკლუზიური განათლების პროცესში მშობლის ჩართულობის მნიშვნელობას და მას მოსწავლის წარმატების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად განიხილავს (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, 2017).

კვლევების მიხედვით, სსსმ მოსწავლეების მშობლები ხშირად გადიან რთულ ემოციურ გზას (უარყოფა, გაბრაზება, მიუღებლობა), რომელიც მოიცავს შფოთვასა და სტრესს. მშობლის რეაქციას რამდენიმე ფაქტორი განპირობებს:

  • სტიგმის შიში – საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხშირად აშინებს მშობელს;
  • ინფორმაციის ნაკლებობა – მშობელს შესაძლოა არ ჰქონდეს რეალური ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ;
  • დაცვის მექანიზმი – უგულებელყოფა, უარყოფა ხშირად ფსიქოლოგიური თავდაცვის ფორმაა.

მეცნიერული ლიტერატურა ხაზს უსვამს, რომ მშობლის ჩართულობის მოდელები ხშირად არ არის ადაპტირებული სპეციალური განათლების კონტექსტთან, რაც კიდევ უფრო ართულებს პროცესს. საქართველოში ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს, რომ მშობლების ნაწილი ინფორმაციის ნაკლებობისა და სოციალური დამოკიდებულებების გამო თავს არიდებს სპეციალური საჭიროებების აღიარებას (განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2020).

სასკოლო პრაქტიკაში მშობლის მხრივ ხშირად ვეჯახებით:

  • დიაგნოზის ან საჭიროებების უარყოფას;
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმით (ისგ) სწავლების მიუღებლობას;
  • მასწავლებლის მიმართ უნდობლობას;
  • შეხვედრებისთვის თავის არიდებას ან დაძაბულ კომუნიკაციას.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები შესაძლოა სკოლასა და ოჯახს შორის კონფლიქტის წინაპირობად იქცეს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელი არ თანამშრომლობს მასწავლებელთან, სკოლასთან, უარყოფს სპეციალისტის შეფასებას, არ თანხმდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმით (ისგ) სწავლებას, ადანაშაულებს მასწავლებელს ბავშვის „დაკნინებაში“, თავს არიდებს შეხვედრებს ან აგრესიულად რეაგირებს.

მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ ქცევას იშვიათად უდევს საფუძვლად პიროვნული წინააღმდეგობა და უფრო მეტად მშობლის შიშისა და დაბნეულობის გამოხატულებაა (Gaspar & Sahay, 2025).

ასეთ შემთხვევებში მეტად მნიშვნელოვანია მშობლის მხარდაჭერისა და ნდობის მოპოვება, რაც ემპათიის გამოვლენითა და პოზიტიური კომუნიკაციით იწყება. აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება პირველივე შეხვედრის ორგანიზებას. მნიშვნელოვანია, შეხვედრა დაიგეგმოს ორივე მხარის (მასწავლებელი, მშობელი) შეთანხმებით, შესაბამის გარემოში. სასრუველია, შეხვედრა შედგეს მასწავლებლის ინიციატივით ორივე მხარისთვის მისაღებ დროს, მშობელს მიეცეს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს სასურველი დრო და თარიღი მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ვარიანტებიდან.

შეხვედრისთვის უნდა შეირჩეს მშვიდი, არაფორმალური გარემო რბილი ავეჯით (შეხვედრის ოთახი, თუ ასეთი არსებობს სკოლაში, ბიბლიოთეკა ან მოსასვენებელი სივრცე). გარემომ უნდა შექმნას მშვიდი საუბრისა და პოზიტიური კომუნიკაციის განწყობა, თანასწორი და უსაფრთხო სივრცე, სადაც მშობელი იგრძნობს, რომ მას უსმენენ და ესმით მისი.

შეხვედრის დასაწყისში მასწავლებელი ღიმილით უნდა მიესალმოს მშობელს და აღნიშნოს, რომ ყოველთვის მოხარულია მასთან შეხვედრის. ასევე მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ მშობელი დროულად მოვიდა შეხვედრაზე, რაც დადებითად აისახება შემდგომ ურთიერთობაზე.

მიზანშეწონილია, საუბარი დაიწყოს მოსწავლის ძლიერი მხარეების წარმოჩენით, გამოიკვეთოს მისი შესაძლებლობები და ინტერესები: დადებითი დამოკიდებულება თანაკლასელების მიმართ, ჩართულობა სასკოლო აქტივობებში, მცირე თუ მნიშვნელოვანი მიღწევები, სურვილი, დაეხმაროს მასწავლებელს ან თანაკლასელებს, საკლასო წესების დაცვის მცდელობა და ა.შ. ეს მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრის პირველ ეტაპზე რეკომენდებულია დიაგნოსტიკური/შეფასებითი ტერმინოლოგიის გამოყენებისგან თავის შეკავება. ასევე არ არის მიზანშეწონილი მშობლისთვის ერთდროულად დიდი მოცულობის ინფორმაციის მიწოდება. სასურველია, ეტაპობრივად მოხდეს სირთულეების განხილვა, ქცევის აღწერა კონკრეტული მაგალითების გამოყენებით (მაგ., „გაკვეთილზე უჭირს ინსტრუქციის დასრულებამდე ყურადღების შენარჩუნება“). სასურველია, კომუნიკაციის პროცესში გამოყენებულ იქნეს მხარდამჭერი ფრაზები: „მესმის, რომ თქვენთვის ეს რთულია“, „ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვმუშაობთ ბავშვის მხარდასაჭერად“, „თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს შედეგზე გასვლას“, „ვხედავ, რომ ცდილობთ შვილის წახალისებას, გამხნევებას“, – და ა.შ. მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა აქტიურად მოუსმინოს მშობელს და სთხოვოს გამოცდილების გაზიარება: როგორ უმკლავდებიან სახლში მსგავს ქცევებს, როგორ და რა გარემოში სწავლობს ან რამდენი დრო სჭირდება ბავშვს უკეთესი შედეგის მისაღწევად, რა სტრატეგიებს იყენებენ, ვისთან ერთად მოსწონს ამა თუ იმ აქტივობაში მონაწილეობა და ა.შ. მშობლის მოსმენა და მისი ემოციების გაზიარება ქმნის წინაპირობას, რომ მშობელმა თავი „დამნაშავედ“ არ იგრძნოს, გაიაზროს თავისი როლი, მასწავლებლისგან მიიღოს მხარდაჭერა.

აუცილებელია მშობლის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მისი ხედვისა და გამოცდილების გათვალისწინება და საერთო მიზნების ერთობლივად განსაზღვრა. კვლევები ხაზს უსვამს, რომ თანამშრომლობა თანასწორობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ნდობის გაღრმავებას და ქმნის პოზიტიური, პარტნიორული თანამშრომლობის საფუძველს.

სსსმ მოსწავლეს პროგრესისთვის ხშირად გარკვეული დრო სჭირდება. სასურველია, მშობელთან შეხვედრებში მონაწილეობდეს სკოლის სპეციალისტების გუნდი. მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, მშობელმა მასწავლებლისგან მიიღოს რეგულარული პოზიტიური და კონსტრუქციული უკუკავშირი. ეს ამცირებს კონფლიქტის რისკს და ზრდის ნდობას.

თუ კონფლიქტი უკვე არსებობს:

  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
  • არ ჩადგეთ თავდაცვით პოზიციაში;
  • ფოკუსირდით ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე;
  • დააფიქსირეთ შეთანხმებები წერილობით.

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი.

სიტუაცია:
მეორე კლასის მოსწავლეს, ნიკას, უჭირდა კითხვა და წერა. მასწავლებლის დაკვირვებითა და სპეციალისტების შეფასებით, მას ჰქონდა სწავლის სპეციფიკური სირთულე, მაგრამ მშობელი კატეგორიულად უარყოფდა ამ შეფასებას და მიიჩნევდა, რომ „ბავშვი უბრალოდ ზარმაცია“.

კონფლიქტი:
მშობელი ხშირად აკრიტიკებდა მასწავლებელს, არ თანხმდებოდა ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებაზე და უარს ამბობდა დამატებით მხარდაჭერაზე.

მასწავლებლის სტრატეგია:

  • პირველ შეხვედრაზე მასწავლებელმა თავი შეიკავა დიაგნოზზე საუბრისგან.
  • გაამახვილა ყურადღება ნიკას ძლიერ მხარეებზე (მაგ., ზეპირი მეტყველება, ლოგიკური აზროვნება).
  • შემდეგ აჩვენა კონკრეტული ნამუშევრები, სადაც სირთულეები ჩანდა.
  • შესთავაზა დროებითი მცირე მხარდაჭერის გეგმა (არა „სპეციალური პროგრამა“, არამედ „დამხმარე აქტივობები“).

შემდგომი პროცესი:
მასწავლებელი რეგულარულად აწვდიდა მშობელს ინფორმაციას პროგრესის შესახებ. რამდენიმე კვირაში მშობელმა შეამჩნია, რომ მხარდაჭერის პირობებში ბავშვი უკეთ ვითარდებოდა.

შედეგი:
მშობელმა თანდათან აღიარა ბავშვის საჭიროებები და დათანხმდა სპეციალისტების ჩართვასა და ინდივიდუალური გეგმით სწავლებაზე.

ამრიგად, მშობლებთან ეფექტიანი თანამშრომლობისთვის გამოგვადგება შემდეგი რეკომენდაციები:

  • ნუ ეცდებით მშობლის „დარწმუნებას“ პირველივე შეხვედრაზე.
  • იმუშავეთ პროცესზე და არა სწრაფ შედეგზე.
  • იყავით თანმიმდევრული და მშვიდი.
  • გახსოვდეთ, რომ მშობელსაც სჭირდება მხარდაჭერა.

სსსმ მოსწავლის მშობელთან თანამშრომლობა კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს პროფესიულ ცოდნას, ემპათიასა და ეფექტურ კომუნიკაციას. მშობელი როგორც პარტნიორი ინკლუზიური განათლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია (Schultz et al., 2016; UNICEF Georgia, 2019). მასთან ეფექტური თანამშრომლობა ქმნის საფუძველს მოსწავლის სრულფასოვანი განვითარებისათვის და აძლიერებს სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორულ ურთიერთობას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Gaspar, C. R., & Sahay, D. (2025). Expanding the Concept of Parent Involvement to Special Education. Journal of Family Theory & Review
  2. Schultz, T. R., Able, H., Sreckovic, M. A., & White, T. (2016). Parent-Teacher Collaboration in Inclusive Classrooms. SAGE Journals
  3. Council, E. H. (2009). Parent Perceptions in Special Education. Temple University
  4. A Complexity Perspective on Parent–Teacher Collaboration in Special Education. ScienceDirect
  5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2017). ინკლუზიური განათლების განვითარების სტრატეგია
  6. საქართველოს განათლების სამინისტრო. (2018). ეროვნული სასწავლო გეგმა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. (2020). ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ანგარიში

  1. UNICEF Georgia. (2019). Inclusive Education in Georgia: Policy and Practice

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...