ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

როცა ბავშვს მარცხის აღიარება უჭირს

0

„ჩემს შვილს ძალიან არ უყვარს წაგება, სურს, ყოველთვის მოგებული იყოს. არ ვიცი, რა მოვუხერხო“, – გულისტკივილი ვერ დამალა მეხუთეკლასელი გიოს დედამ, როცა მისი ბიჭუნა დამარცხების შიშით შუა გზიდან გამოეთიშა თანატოლებთან სპორტულ შეჯიბრებას.

არიან ბავშვები, რომლებიც ყოველგვარ მარცხს კატასტროფად აღიქვამენ, ავადმყოფურად რეაგირებენ წაგებაზე, ისტერიკაში ვარდებიან და აგრესიასაც კი ამჟღავნებენ მოწინააღმდეგის მიმართ, შეურაცხყოფენ, საყვედურებს არ იშურებენ და საკუთარ წარუმატებლობას მას აბრალებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩუმად, უსიტყვოდ განიცდიან, საკუთარ თავში იკეტებიან და შეჯიბრებებში მონაწილეობას გაურბიან.

თითოეული ჩვენგანი ესწრაფვის წარმატებას. ეს ბუნებრივია და საჭიროცაა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევდით დასახულ მიზნებს, მაგრამ ასევე ბუნებრივია, რომ ყოველთვის გამარჯვებული ან ყოველთვის დამარცხებული ვერავინ იქნება. ცხოვრება რთულად არის მოწყობილი, არაპროგნოზირებადია და ხშირად უფროსებსაც კი გვიჭირს ამასთან შეგუება. მარცხის აღიარების უნარი სოციუმში ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნარი თანდათან ყალიბდება, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და უფროსების დაუხმარებლად მოზარდს ვერ გამოუმუშავდება.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს წაგების მიღება და მარცხის აღიარება? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, გავერკვეთ იმ მიზეზებში, რომლებიც, წაგების შემთხვევაში, ბავშვის ფსიქიკისთვის დამანგრეველ რეაქციებს იწვევს:

  • თუ პატარაობაში, დედ-მამასთან ან უფროს და-ძმებთან თამაშის დროს ბავშვს ყოველთვის აგებინებდნენ, რათა თავი ბედნიერად ეგრძნო, მოგვიანებით, როცა თანატოლებთან თამაშის დროს ვინმე დაჯაბნის, მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება მარცხის მიღება, წაგების აღიარება. შესაძლოა იტიროს, შეშინდეს, იმედგაცრუებული დარჩეს საკუთარი თავით. რაც მთავარია, მას არ ეცოდინება, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციაში.
  • ადრეულ ბავშვობაში პატარა სამყაროს ცენტრად აღიქვამს თავს და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საზღვრებს, რომლებსაც ცხოვრება უწესებს.
  • მარცხის აღიარება დედისერთებს უფრო უჭირთ, ვინაიდან მათთვის უცხოა და-ძმებთან კონკურენცია, თუმცა ისიც შესაძლოა, ასეთ დამოკიდებულებას საფუძვლად ედოს მეტოქეობა უმცროსებსა და უფროსებს შორის. გამარჯვების მოპოვებით ხშირად ბავშვი მშობლებს თავის არსებობას „უცხადებს“, აგრძნობინებს, რომ ისეთივე ღირებულია, ისევე დასაფასებელი, როგორც მისი და ან ძმა, რომლის მიღწევებითაც უფროსები ზოგჯერ ზედმეტადაც კი ამაყობენ. თუ ბავშვს სურს, იყოს ყურადღების ცენტრში და თავი წარმატებულად იგრძნოს, ეს სავსებით ნორმალურია.
  • შესაძლოა, ბავშვს ეგონოს, რომ წაგების შემთხვევაში ის ნაკლებად ეყვარებათ, ხოლო თუ მოიგო, გარშემო მყოფთა სიყვარული გარანტირებული ექნება.
  • ზოგიერთ ბავშვს წაგება აღიზიანებს და აბრაზებს, რადგან ეშინია, იმედი არ გაუცრუოს მშობლებს, რომლებიც ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ყოჩაღია და ყველაფერი გამოსდის. თუ წაგების შემთხვევაში მშობლებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს, ბავშვი გამოიტანს დასკვნას: „მოგება კარგია, წაგება ცუდი; მე წავაგე, ესე იგი, ცუდი ვარ“.
  • დამარცხების მიუღებლობის მიზეზად შესაძლოა იქცეს როგორც არაადეკვატურად მაღალი, ისე არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება. მოგება თავდაჯერებას გვმატებს. ხშირად ბავშვის თვითგამორკვევა გამარჯვებაზეა აგებული, ის აძლევს საყრდენის შეგრძნებას სამყაროს შემეცნებისას. წაგების შემთხვევაში ბავშვი ამ საყრდენს კარგავს და რაც უფრო დაბალია მისი თვითშეფასება, რაც უფრო აკლია საკუთარი თავის რწმენა, მით უფრო უჭირს მარცხის მიღება. ამ დროს ბავშვს უჭირს იმის აღიარება, რომ რაღაცას თავს ვერ ართმევს. ის თავს გრძნობს ადამიანად, რომელიც სიყვარულს და პატივისცემას არ იმსახურებს. არანაკლებ მტკივნეულია მარცხის აღიარება არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის. ის ხომ თავისი ოჯახისთვის სამყაროს ცენტრს წარმოადგენს. ასეთი ბავშვები არ არიან მიჩვეული უარს და ვერ იტანენ ხელის მოცარვას. წარუმატებლობამ ისინი შესაძლოა ძლიერ გააღიზიანოს და იმედგაცრუებული დატოვოს.

 

მიზეზის გარკვევის შემდეგ მნიშვნელოვანია ადეკვატური სტრატეგიის შერჩევა, რაშიც ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს წაგების უმტკივნეულოდ მიღებასა და დამარცხების აღიარებაში

  • განურჩევლად იმისა, ბავშვი ბრაზობს, ჩხუბობს თუ თვალები ცრემლებით აქვს სავსე და უსიტყვოდ განიცდის საკუთარ მარცხს, მას უფროსების დახმარება სჭირდება, რადგან ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებია სირთულეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი.
  • გამოვიჩინოთ მოთმინება. არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც დაგვეხმარება, ერთ დღეში ვასწავლოთ ბავშვს მარცხის აღიარება. ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.
  • ყურადღებით მოვეკიდოთ ბავშვის გრძნობებს, მის საქმიანობას. ვასწავლოთ წესებით თამაში და გავხდეთ მისი პარტნიორი თამაშის დროს. ამისთვის გამოდგება ნებისმიერი თამაში, რომელშიც ზრდასრულისა და ბავშვის წარმატების შანსი პრაქტიკულად თანაბარია. თამაშის დაწყებამდე განვიხილოთ დასასრულის ვარიანტები, მათ შორის – მარცხიც, დასრულების შემდეგ კი ვკითხოთ, რას გრძნობს, ვესაუბროთ საკუთარ განცდებზეც. წინასწარ მოვიფიქროთ სპეციალური რიტუალი წაგებულისთვის, მაგ., მან გამარჯვებულს ტაში უნდა დაუკრას – მარცხის მიღება ხომ მეტოქის გამარჯვების აღიარებით იწყება.
  • ერთად თამაშის დროს მივცეთ ბავშვს როგორც მოგების, ისე წაგების საშუალება, რათა სხვადასხვა როლი მოირგოს. ცრემლების შიშით ნუ დავნებდებით ნაკლებსავარაუდოა, ყალბი მოგება ბავშვს თავდაჯერების, საკუთარი თავის რწმენისა და სირთულეების გადალახვის უნარის გამომუშავებაში დაეხმაროს.
  • თუ ბავშვი მარცხს ვერ ეგუება, მოვერიდოთ უკმაყოფილების გამოხატვას და მის შედარებას იმ თანატოლებთან, რომლებიც წაგებაზე უფრო მშვიდად რეაგირებენ: „აი, შეხედე, ნინი საერთოდ არ ნერვიულობს, როცა აგებს“. სხვებთან შედარებით ბავშვს ვართმევთ საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობას. ის შეეცდება, დაემსგავსოს ნინის ან ვინმე სხვას. მას ყოველთვის ექნება როგორც სხვისი აზრის, ასევე შეცდომების შიშიც.
  • კარგი იქნება, თუ წაგების გამო განაწყენებულ ბავშვთან საუბრისას გამოვიყენებთ შემდეგ ფრაზებს: „მესმის, რომ ნაწყენი ხარ. ვიცი, რომ მოგება გინდოდა. მომდევნო ჯერზე მოიგებ!“
  • ძალიან მნიშვნელოვანია, მარცხის შემთხვევაში ვაჩვენოთ ბავშვს ჩვენი უპირობო სიყვარული და, ამასთან ერთად, გამარჯვების გზის პოვნაშიც დავეხმაროთ.

 

იმედი მაქვს, ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, ბავშვს წაგების მიმართ სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოთ. ასეთი დამოკიდებულება კი, თავის მხრივ, მას თუნდაც ყველაზე წარმოუდგენელი მიზნების მიღწევაში დახემარება. მიზნისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა იყოს მარცხიც, მაგრამ ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ აუცილებელია რაღაცის შეცვლა და სვლა წინ, საკუთარი ოცნებებისკენ.

 

 უდედონი

0

 „ხან იფიქრებდა, უდედოდ

გაზრდა ვინა თქვა შვილისა…“

                                                                                                                             ხალხური

 არც თინათინს, არც ავთანდილს, არც ტარიელს…  როსანსა და როდიასაც კი დედები არა ჰყავთ.

სად არიან დედები?

ერთადერთს, ნესტან-დარეჯანს ჰყავს დედა, რომლის ყოფნაც ლამის არყოფნაზე უარესია – თავის ქალიშვილს არც ზრდის, არც თანაუგრძნობს, არც იმის ღირსად მიიჩნევს, რომ ხვარაზმშას ძეზე გათხოვების გადაწყვეტილება არა თუ შეუთანხმოს, წინასწარ მაინც შეატყობინოს.

საინტერესოა, დასწყდებოდა თუ არა გული ინდოეთის დედოფალს, თავისი ქალიშვილის მიერ ვიღაც უცხო ქალისათვის მიწერილი წერილი რომ ენახა, რომელიც ასე იწყებოდა: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!“

ფატმან-ხათუნმა კი მართლაც შეძლო ნესტან-დარეჯანის დედობა: გადარჩენაც, პატრონობაც, თანაგრძნობაც, გაფრთხილებაც, მისი სურვილების პატივისცემაც, განძის უშურველად მიცემაც, მისთვის თავგანწირვაც და ბევრი, ბევრი ისეთი რამ, რაც დედისა და გამზრდელი მამიდისაგან აკლდა, რაც უსიყვარულო ინდოეთში მთელი ცხოვრება ენატრებოდა. უცხო ქვეყანაში პირველივე შემხვედრი უცხო ქალისაგან ისეთი  დედობრივი სითბო და მზრუნველობა იგრძნო ნესტანმა, რომ მთელი გულწრფელობით უთხრა: „შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა…“

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა რუსთაველმა, რომ  ფატმანი ყოფილიყო იდეალური დედისა და დედობილის სახე. ის ხომ არც იდეალური ქალია, არც იდეალური ცოლი, არც იდეალური საყვარელი…

როგორც ჩანს, შვილები ფატმან-ხათუნის სუსტი წერტილია.  როცა უარყოფილი საყვარელი დაემუქრა: „ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად…“, მისი სიტყვები ზუსტად მიზანს მოხვდა. თავზარდაცემული ფატმანი პანიკაში ჩავარდა და მოთქმა დაიწყო: „მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი…“; შეცბუნებულ ავთანდილსაც ასე შესტირა: „დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა…“.

არსად ჩანს, რომ ფატმანი თავის რეპუტაციაზე, სახელის გატეხაზე, ქმრის ღალატის გამჟღავნებაზე დარდობს. რას იტყვის ხალხი, როგორც ჩანს, დიდად არ აწუხებს. ყველაზე მეტად რაც აშინებს, ის საფრთხეა, რომელიც შესაძლოა მის შვილებს დაემუქროს. ამიტომ კიდევ ერთხელ უმეორებს ავთანდილს: „თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“.

ავთანდილისთვის კაცი, რომელიც ქალს დასმენითა და შვილებით აშანტაჟებს, უკვე სრულიად უღირსი და ამაზრზენია. რა შეიძლება იყოს მუქარის მიზეზი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. ამიტომაცაა, იოლად რომ იღებს უცნობის მოკვლის გადაწყვეტილებას: „იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად…“.

ჭაშნაგირის მოსაკლავად მისულ ავთანდილს არც ხელი უკანკალებს, არც სინდისის ქენჯნას განიცდის. და რადგან ჯერაც ტარიელის მონათხრობის გავლენის ქვეშაა, უსისხლოდ ხოცავს  ჭაშნაგირის მცველებს: „თავი თავსა შეუტაკა“ (აკი ასე უთხრა ტარიელმა   ხვარაზმშას ძეზე: „თავი სვეტსა შევუტაკე“, ანუ უსისხლოდ მოვკალიო), ხოლო თავად ენატანიობის მოყვარულ ჭაშნაგირს ხვარაზმშას ვაჟივით  საწოლში  უღებს ბოლოს.

ჭაშნაგირის სიკვდილი ხსნაა ფატმანისთვის, რადგან ეს მისი შვილების გადარჩენას ნიშნავს.  ამიტომაცაა ბედნიერი ამ ამბის გაგებით: „მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით“.

და ბოლოს, როცა უცნობი ქალის საოცარ თავგადასავალს ფატმანი ბოლომდე უამბობს  ავთანდილს, დასძენს, რომ საყვარელი სწორედ ამ ქალის  ამბის გამჟღავნებით ემუქრებოდა. ამიტომაც არაფერს ნანობს და კიდევ ერთხელ დაბეჯითებით  იმეორებს, რომ ჭაშნაგირის სიკვდილი აუცილებელი იყო მისი შვილების გადასარჩენად. თუ მეფე  შეიტყობდა,  რომ   მისი ვაჭართა უხუცესის ცოლი  ნესტანს გაპარვაში დაეხმარა, როგორც ფატმანი ამბობს: „შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!“

როცა ატირებული ამ ამბავს ჰყვება და ავთანდილიც მასთან ერთად ცრემლებს ღვრის, ფატმანმა ჯერ არც კი იცის, რომ მისი მხსნელი შესაძლოა მასზე დიდი გულშემატკივარია ნესტან-დარეჯანისა. უკვირს და ახარებს  კი საყვარლის ამგვარი თანაგრძნობა.

ასეთი თავგანწირული დედაა ფატმან-ხათუნი და ამიტომაც ჭრის მკითხველს ყურს მისი ნათქვამი: „სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა“. თუ გავიხსენებთ, რომ ფატმანი ასეთ მდგომარეობაში მაშინ აღმოჩნდა, როცა მისი ენაგრძელი ქმრის გამო ნესტანი გულანშაროდან გადაიხვეწა, ხოლო ფატმანმა ჯერაც არაფერი იცოდა მის შესახებ, მივხვდებით, რომ შვილებზე არანაკლებ დარდობდა ის თავისი შვილობილის გამო.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ავთანდილი  გადაწყვეტს, ფატმანს თავისი დიდი საიდუმლო გაუმხილოს და ნესტანის პოვნა-გამოხსნაში დახმარება სთხოვოს, უკვე დარწმუნებულია, რომ უფრო ერთგულ მოკავშირეს ვერ იპოვის: „მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა…“. არც შემცდარა. ფატმან-ხათუნმა მაშინვე მოთოკა თავისი ქალური ვნებები და კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მისმა დედურმა ბუნებამ: „ფატმან თქვა: „ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“

და ნამდვილი დედისაგან განსხვავებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მისი შვილობილი  მართლაც ბედნიერი ყოფილიყო. ამიტომაცაა, რომ, როცა „მათ სამთა გმირთა მნათობთა“ ქაჯეთი აიღეს, ვინც პირველი გაიხსენეს, ფატმანი იყო და „თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“.

ფატმანს უკვე ჩუმად არავინ გადაუხდის ვალს. ზღვათა სამეფოს მეფემაც უნდა იცოდეს, რომ ინდოეთის მეფის ასულის გადარჩენა  მისი ქვეშევრდომის დამსახურებაა. ამიტომაც უთვლის ტარიელი მადლობას სწორედ ზღვათა სამეფოს მეფეს და ატყობინებს: „ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია…“, ამიტომაც უძღვნის ქაჯეთის სამეფოს ზღვათა სამეფოს მეფეს, ხოლო ქაჯთა საჭურჭლეს  – ფატმან-ხათუნს, რომელსაც, მეფის ურჩობის მიუხედავად, თითსაც ვეღარავინ დააკარებს გულანშაროში.

კიდევ ერთი ქალია „ვეფხისტყაოსანში“, რომელიც დედაზე არანაკლები დედაა თავისი  ძმისწულებისათვის და ეს ქალი ქაჯეთში ცხოვრობს. როცა ქაჯთა მეფე გარდაიცვალა: „შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა“, მისმა დამ  მეფის ობოლი შვილების მზრუნველობა ითავა: „აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა“.

ესეც  ქაჯეთი…  მეფეც გულმოწყალე ჰყოლიათ და მამიდაც – მზრუნველი  ობლებისა. როცა დულარდუხტსა და  დავარს ადარებ,  ხვდები, ქაჯეთიც კი თურმე ერთი თავით უსწრებს ინდოეთს…

რატომ ისურვა რუსთაველმა, რომ მისი პერსონაჟები უდედონი ყოფილიყვნენ?  არის კი  პასუხი ამ კითხვაზე?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასე, ჩემო ბატონო!

0

***

ნამდვილი ამბავი მოყოლით კვდება, გამოგონილი  – ცოცხლდება.

რომლით დავიწყო, არ ვიცი. ორივე დასაწერი მაქვს.

***

დილით ადრე ორი მოპირდაპირე კორპუსის ხალხი ერთმანეთს გავცქერით. ყავის ბოლო ყლუპი ფანჯარასთან უნდა შეისვას. თუ შარვალი გაცვია, მარცხენა ხელი – აუცილებლად ჯიბეში.

***

გაწვიმდა და მაღაზიას შევაფარე თავი უბნის ლოთებთან ერთად. ლუდს სვამდნენ და კონსულტანტს ებოდიშებოდნენ, გადაიღებს და წავალთო.

გადაიღო და დარჩნენ.

***

ყველაფერი გამორჩეული, დახვეწილი, ელეგანტური, ძლიერი, თავდაჯერებული ქალებისთვისაა. ერთი თუ თქვან, ეს  სუნამო სევდიანი ქალისთვის შევქმენითო. გადავიხდიდი მილიონს.

***

იმ ეპოქაში, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ელექტრონული დღიურები, ბიჭების დედები ხუთოსან გოგოებთან რეკავდნენ  საშინაო დავალებების გასაგებად.

– შენ ის მითხარი, განვლილი მასალიდან ტატიანას რომელი ჭია უყვარს? – იყო ასეთიც.

***

„დღეს ბრაზიანები არიან ჩაწერილები. ორს ერთად ვერ მივიღებთ.“

ჰოლის გრუმინგი გადაიდო.

***

დედაჩემის ატრაქციონი

იატაკის ჯოხზე ჩამოცმული ძველი, მწვანე კაბა, სახლის ლაგებისას ტილოზე დასკუპება და დიდ ოთახში კისკისით სრიალი – ბავშვობის მოგონებებში მსგავს ამბებს ვეძებთ მე და ელენე.

***

„აქანე ვცხოვრობთ, თუარა ოჯახი იქინე გვაქვს.“

ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების კვეთაზე ტაქსის მძღოლს ქუთაისი ენატრება.

***

ექიმებს და მასწავლებლებს რომ მიმართავენ, ლამარა მასწავლებელო, თამრიკო ექიმო. აბა, თქვენი სახელი და პროფესია დააწყვილეთ.

***

დღეს ბარვას მოვრჩიო. უი, დილის ყვავილი, მზესუმზირა და სატაცურიც უნდა დავთესოთ და „გატეხილი გულის“ ფესურებიც უნდა დავფლათ-მეთქი. დაავლო ისევ ბარს ხელი, გაჰყვნენ გოგოები და ძაღლები. დაუზარელია, მაგრამ მაინც ატეხს შაირს:

“არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი,

არ მაძლევს ეს ქალი

მოსვენებას!”

***

ეგღა გვაკლია! – იტყვის ხოლმე მამაჩემი, როდესაც დედაჩემი შავი შოკოლადის ნატეხს გაუწოდებს.

 

***

ერთი ფრიალა თეფშია, რომლითაც დედაჩემი გოზინაყს მატანს ხოლმე. ნაახალწლევს დაბრუნებაც მავიწყდება, შემოივლის და წაიღებს ცარიელს, ნაპირზე აყვავებული ვარდებით.

***

პარიზი-ნიცის რეისზე ერთ განსაკუთრებულ მგზავრს მთელი ეკიპაჟი ეახლა, შამპანური და მისალოცი ბარათი მიართვეს. ასი წლის თვალციმციმა ქალი საკუთარ დაბადების დღეზე პარიზიდან მონაკოში მიემგზავრებოდა.

***

„მთვარის სინათლეზე მოკლე ხანჯლებივით ჩანან მდინარეში თევზები.“

დახატა ვოვა სიხარულიძემ.

„მეათე მოწმე“

***

იუსტიციის სახლში მისულმა პირადობის მოწმობისთვის ფოტოს გადაღება გადავიფიქრე. განწყობა უნდა ყველაფერს.

***

საქმე ისაა, რომ გზად სკამი ვიყიდე ვინტაჟებში და მერე ნახევარი ქალაქი შემოვიარე. ყველგან ჩემი სკამით მივედი – თქვენი არაფერი არ მინდა-მეთქი.

***

მაინც რეჟიმის ხალხი ვართ – ყოველდღიურ რეჟიმში, ონლაინ რეჟიმში, საცდელ რეჟიმში, რეალურ რეჟიმში, ჰიბრიდულ რეჟიმში…

***

მეწაღის ჯიხური ყველგან და ყოველთვის განსაკუთრებით მაფორიაქებს. შეიძლება იმიტომ, რომ „ედიკას ბუტკა“ იყო მთავარი ორიენტირი, ვინმესთვის ბარნოვზე ჩემი სახლის მისამართი რომ ამეხსნა. როგორ ვეტეოდით იმ პატარა ჯიხურში ეზოს ბავშვები, ახლაც ვერ გამიგია, მაგრამ ზამთარში ყველანი იქ ვთბებოდით. ხის, ტყავის და ცხელი წებოს სუნი ერთმანეთში ირეოდა და ალბათ ესეც გვსიამოვნებდა. ედიკა რომ გარდაიცვალა, ჯუმბერი მოვიდა. თავისი პატარა გოგოც ხშირად მოჰყავდა ხოლმე და სანამ მამა საქმეს მორჩებოდა, ელენესთან ერთად თამაშობდა. მახსოვს, „მეგობრობის დღიურში“ ყველა ბავშვმა „ჰარი პოტერი“ ჩაწერა საყვარელ წიგნად, მხოლოდ ერნა გრიგორიანმა  – „ვეფხისტყაოსანი.“

ისე, ხელით მოხატული აბრების კოლექციასაც სიამოვნებით შევაგროვებდი.

***

არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ამბობენ, რომ დადგმულია. როგორც კი რაღაც მართლა დადგმული აღმოჩნდება, მათი გაბრწყინების წამიც დგება ფეისბუქზე –  აი, ხო ვთქვი დადგმულია-მეთქი! ვთქვი?! ხანდახან დამიჯერეთ, რა!

არადა, ეგეც დადგმულია. ყველაფერი დადგმულია.

***

მატასი საზაფხულო ბანაკისთვის ალაგებს ბარგს, საგულდაგულოდ არჩევს ტანსაცმელს – ეს იმ შორტს მოუხდება? არ დამცხება? ტრენდულია? კაბებზე ვეკითხები, ესენი რაღად გინდა-მეთქი და დაანებე თავი, church outfit-ია, მგონი, ალავერდშიც მივდივართო.

***

თელავის ერთ-ერთ მაღაზიაში ქალი შემოვიდა, მეპატრონეს კოხტად შეფუთული ჩირების ფოტოებს აჩვენებს, ჩაბარებაზე უთანხმდება.

– ესა ვაშლი, ესეც ფორთოხალი, ამას სხვაც შემოგიტანს, მაგრამ, ლექსო, იცოდე, ხეჭეჭური ჩემი ექსკლუზივია!

***

ავტობუსში ქალი ლაპარაკობს მობილურზე. უფრო სწორად, ვიღაცის მონოლოგს უსმენს 15 წუთია. როგორც იქნა, ამანაც ხმა ამოიღო, მაგრამ ის მაინც არ აცდის.

– ამ

– ამ

– ამ ცხოვრებაში

– ყველა

– ყველა

– ყველა ეგრე

– ყველა ეგრე ვართ

– ამ ცხოვრებში ყველა ეგრე ვართ, თალიკო!

***

“მეჩქარება, ცუდ ადგილას მიჩერია მანქანა.”

 

ფალიაშვილზე გაგონილი

***

სსო – სულხან-საბა ორბელიანი მატასის საგამოცდო ჩანაწერებში.

***

მატასი კუს ტბაზე ამყავს ტაქსით სკოლის მარათონის სარბენად. წვიმაში როგორ უნდა ირბინოთ-მეთქი, დავიწუწუნე. მძღოლმა, მერე რა, პატივცემულო, წვიმა რა მიზეზიაო. ყოფილი მორბენალი აღმოჩნდა. მხოლოდ კარგი რჩევები და გამხნევება კი არა, ბოლოს მანქანიდან გადმოვიდა, მაინტერესებდა ფეხზე რა ეცვაო.

***

თუ ფულს უპრაგონოდ აპრანტალებ ანუ უყაირათოდ ხარჯავ, იმერეთში მოგაძახებენ: რაია, შონაა?!

***

„როდის შედგა კბენის პროცესი?“

ინფექციურში გაგონილი.

***

იტკიცეთ ყაყაჩოს კოკორი შუბლზე და გონება გაგინათდებათ.

***

მოხუცმა კაცმა ადგილი დამითმო ავტობუსში, ბრძანდებოდეთ, ჩავდივარ-მეთქი. ყველანი ჩამსვლელები ვართ, აქ არავინ დავრჩებითო.

***

– ალიკ, ვაშლი რა ღირს?

– ხუთი ლარი.

– მარწყვი?

– ათი ლარი.

– ბალი?

– ეგა თხუთმეტი.

– რა ამბავია?!

– მაშა! ჯერ როდის გვითხრა მაგთიმა, ბალი სულ სხვაა!

***

გამოვიძახეთ ხელოსანი. გვერდით ოთახიდან მშობლიური კილო მესმის. მივაყურადე და იმერული კი არა, ქვემოიმერული გამოვარჩიე. მხოლოდ ქვემოსაც ვერ იტყვი, ხონურად უქცევს. უფრო მეტიც, ხონი-სამტრედიის გზაზე ნარონიებს ჰგავს, იქიდანაც მოაქვს სიტყვა და აქედანაც. ერთ მდინარეში ორჯერ შემსვლელია…

რა თქმა უნდა, ღანირ-ქუტირელი სანიკიძე!

P.S. ღანირი სამტრედიაა, ქუტირი – ხონი, უწინდელი ღანირ-ქუტირი.

***

მობილურზე საუბრისას მამაჩემის იმერულ ტონს ავყვები ხოლმე და ერთმანეთს ვასწრებთ:

კი, ბატონო!

კაი, ბატონო!

ასე, ჩემო ბატონო!

 

 

Gizmo-ს სარგებელი

0

ელექტრონული რესურსების მრავალი პლატფორმა არსებობს. ერთი მათგანია https://gizmos.explorelearning.com/

პლატფორმის სლოგანია „ჩვენ დაგეხმარებით მაშინაც კი, როცა სკოლა დახურულია“. ესენია ონლაინ სიმულაციები, რომლებიც მოსწავლეს გაგებისა და კვლევა-ძიების უნარის ჩამოყალიბებაში ეხმარება. Gizmo ინტერაქციული სიმულაციებისა და ვირტუალური ლაბორატორიების უდიდესი ბიბლიოთეკაა მათემატიკასა და მეცნიერებაში, რომელიც გათვლილია მესამედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის.

რესურსი გამოიყენება კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისთვის, რაც, მრავალი კვლევის მიხედვით, საკითხის გააზრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მეცნიერებასა და მათემატიკაში. კოგნიტიური ფსიქოლოგიის მკვლევრები მიუთითებენ, რომ დასწავლა/დამახსოვრება ორი ფორმით ხდება: სიტყვით და ხატით (სურათით). როცა ორივე ფორმა გამოიყენება, მოვლენა თუ პროცესი უფრო ღრმად რჩება ადამიანის მეხსიერებაში. მაგალითად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის სქემატურად წარმოდგენილი წილადების შედარება უფრო მარტივია, ვიდრე რიცხვების სახით ჩაწერილი წილადებისა.

საშუალო კვადრატული გადახრის ასახსნელად საინტერესო კვადრატების მეთოდია წარმოდგენილი:

რესურსის უპირატესობა ის არის, რომ მოსწავლეს თავად შეუძლია მანიპულირება. წითელი წერტილების გადაადგილებით სხვადასხვა სიტუაციის მოსინჯვაა შესაძლებელი.

პლატფორმაზე წარმოდგენილია მრავალი ინტერაქციული რესურსი მეცნიერების მიმართულებით. ზოგი მათგანი STEM სწავლებისთვის არის განკუთვნილი, ზოგი კი ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიისთვის.

  • ვიზუალურად ხედავენ დენის გავლას ელექტრონების ნაკადზე დაკვირვებით;
  • მიწისძვრის ეპიცენტრის დასადგენად სამკუთხედის მეთოდი გამოიყენება;
  • მსჯელობენ ოკეანის მიქცევასა და მოქცევაში მზისა და მთვარის როლზე;
  • ზრდიან მცენარეებს სხვადასხვა პირობებში და ადგენენ საუკეთესო გზას.

გიზმოს რესურსების უპირატესობა ის არის, რომ, ვიდეოფილმებისგან განსხვავებით, მანიპულირებადია.

რესურსზე რეგისტრაცია უფასოა. გთავაზობთ ვიდეოინსტრუქციას. გარკვეული რაოდენობა რესურსი უფასოა. არსებობს ისეთი სიმულაციებიც, რომლებზეც ხუთწუთიანი წვდომა გვაქვს, თუმცა, როცა გიზმოს სათავო ოფისი ხედავს მასწავლებლის აქტივობას, ელექტრონულ ფოსტაზე მოდის წერილი, სადაც ადმინისტრაცია გთხოვთ აუხსნათ, საიდან შეიტყვეთ რესურსის შესახებ, რაში იყენებთ, რატომ არის ის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ერთდღიან უფასო წვდომას გაძლევთ როგორც თქვენ, ისე თქვენი სახელით დარეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს.

გაგაცნობთ ორ რესურსს თავისი სამუშაო ფურცლებით. პირველი ბიოლოგიის მეშვიდე კლასისთვის არის განკუთვნილი, მეორე კი ფიზიკის მეთერთმეტე კლასისთვის.

  1. Gizmo გვთავაზობს მეშვიდე კლასში ბიოლოგიაში მცენარეების ზრდაზე მოქმედი ფაქტორების შესასწავლად საინტერესო სიმულაციას/ვირტუალურ ლაბორატორიას. რესურსი მოცემულია ბმულზე: https://https://apps.explorelearning.com/gizmos/launch-gizmo/615

მიზანი: მოსწავლე

  • განსაზღვრავს, რა სჭირდება თესლს აღმოცენებისთვის, მცენარეს – ზრდისთვის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად;
  • დაადგენს, რა გავლენას ახდენს წყლის რაოდენობა, სინათლის ინტენსივობა და ნიადაგში სასუქის ან კომპოსტის არსებობა მცენარის ზრდა-განვითარებაზე;
  • დასვამს საკვლევ შეკითხვას;
  • გამოთქვამს ჰიპოთეზას;
  • შეაგროვებს მონაცემებს;
  • გააანალიზებს მონაცემებს და ააგებს გრაფიკებს.

სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია, სამუშაო ფურცელი.

  1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ოპტიკა მეცხრე და მეათე კლასებში აღარ ისწავლება, მეთერთმეტე კლასის ახალი წიგნები კი მომავალი წლიდან დაინერგება. რესურსი იმ მოსწავლეებს გამოადგებათ, რომლებიც ეროვნულ გამოცდაზე ფიზიკას აბარებენ.

https://apps.explorelearning.com/gizmos/launch-gizmo/634

მიზანი: მოსწავლე

  • განასხვავებს ნამდვილ და წარმოსახვით გამოსახულებას;
  • აღწერს, როგორ იცვლება გამოსახულების ზომა და მდებარეობა საგნის მდებარეობის ცვლილების შესაბამისად;
  • აღწერს, როგორ იცვლება გამოსახულების ზომა და მდებარეობა ფოკუსის მდებარეობის ცვლილების შესაბამისად;
  • ადარებს შემკრებ და გამბნევ ლინზებს;
  • ადგენს და იყენებს თხელი ლინზის ფორმულას შემკრები და გამბნევი ლინზებისთვის;
  • ადგენს და იყენებს ლინზის გამადიდებლობის გამოსათვლელ ფორმულას;

(სამუშაო ფურცელი და მუშაობის ინსტრუქცია)

პლატფორმაზე კიდევ ბევრი საინტერესო რესურსია წარმოდგენილი. ადმინისტრატორები დაინტერესებულები არიან, რომ ქართველმა მასწავლებლებმა მათ მიერ შექმნილი რესურსით შრომა შეიმსუბუქონ, საინტერესო გაკვეთილები დაგეგმონ და დანერგონ ქართულ სკოლებში საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლება. მოსწავლეებს სთავაზობენ ვიზუალურად კარგად გაფორმებულ და საინტერესო სიმულაციებს, სადაც თავად ცვლიან სიტუაციას, გამოჰყავთ ფორმულები, გამოაქვთ დასკვნები. იმედი მაქვს, „გიზმოს“ საინტერესო რესურსები თქვენც გამოგადგებათ.

კრიტიკული აზროვნების საოჯახო გეზი

0

ნებისმიერ მშობელს სურს, განათლებული, მოაზროვნე შვილი ჰყავდეს, თუმცა ცოტას თუ შეუძლია ახსნას, რა არის კრიტიკული აზროვნება და კიდევ უფრო ნაკლები ასწავლის შვილს აზროვნების ინსტრუმენტებს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან დღევანდელი მშობლების უმრავლესობას სკოლაში კრიტიკული აზროვნება არ გვისწავლია. მეტიც: არცთუ შორეულ წარსულში სოციუმში კითხვების დასმა და განსხვავებული პოზიციის გამოხატვა უზრდელობადაც კი მიიჩნეოდა. დღემდე ნაწილობრივ ცუდ ტონად ითვლება, როცა ბავშვი მშობელს ან სხვა უფროსს თუნდაც თავაზიანად ეკამათება.

ეს სტატია მშობლებს აღზრდის პროცესის ისე წარმართვაში დაეხმარება, რომ ხელი შეუწყონ შვილებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რადგან თუ ადრეული ასაკიდან არ ვიზრუნეთ ბავშვის აზროვნების უნარის გაუმჯობესებაზე, ის შეიძლება ვერ გადაურჩეს ჩვენი დროის ყველაზე აქტუალურ საფრთხეებს, ადვილად მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ, გახდეს მანიპულაციის, დეზინფორმაციის მსხვერპლი, გაუჭირდეს პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზების პოვნა.

წავახალისოთ კითხვების დასმა – დავიწყოთ იმით, რომ კრიტიკული აზროვნება ცნობისმოყვარეობას ეფუძნება. ბავშვის აღზრდა კი ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელსაც უამრავი გამოწვევა ახლავს თან, მათ შორის – მშობლის გადაღლა, გამოფიტვა, გადაწვა, რი გამოც დიდია რისკი, ბავშვს კითხვების დასმა ავუკრძალოთ, მით უმეტეს, თუ ეს კითხვები უხერხულობას ქმნის, უადგილო გვეჩვენება, არასოდეს მთავრდება და იმაზე მეტ დროს მოითხოვს ჩვენგან, ვიდრე გვაქვს.

სპეციალისტები გვირჩევენ:

  • არასოდეს დავსაჯოთ ბავშვი კითხვების გამო;
  • არ შეურაცხვყოთ, მაგალითად, არ ვუთხრათ: „რა სისულელეს მეკითხები“;
  • თუ შეკითხვა უდროო ან უადგილოა, ვთხოვოთ საუბრის გადადება;
  • თუ პასუხი არ გვაქვს, ვაღიაროთ, ვითხოვოთ დრო, მოვიძიოთ ინფორმაცია და ისე დავუბრუნდეთ ჩვენს პატარას.

ამ რეკომენდაციების შესრულებით მივაღწევთ იმას, რომ ბავშვს არ მოერიდება კითხვების დასმის, რაც დაეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში, ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების, დიალოგის წარმართვის უნარების გამომუშავებაში. ეს ყველაფერი კი მეტად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის.

დავუთმოთ დრო არგუმენტირებულ მსჯელობას – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბავშვთან ჯანსაღი დისკუსიის წარმოება, საუბრის დროს მრავალფეროვანი და გასაგები არგუმენტების მოშველიება.

ზოგჯერ მშობლებს გვსურს, ბავშვებმა ჩვენს/სხვის შეცდომებზე ისწავლონ და საჭიროდ აღარ მიგვაჩნია, ავხსნათ ანბანური ჭეშმარიტება. მაგალითად, „ეკრანთან ბევრი დროის გატარება არ შეიძლება“, „ბევრი ტკბილეულის ჭამა ჯანმრთელობისთვის საზიანოა“ და ა.შ. გვავიწყდება, რომ ასეთ საკითხებზე მოჭრილი შაბლონებით საუბრით შვილებს შესაძლებლობას ვართმევთ, იფიქრონ, თვალი გაუსწორონ პრობლემას, თავად გაიაზრონ და თავადვე მოიფიქრონ გამოსავალი. ასეთ დროს მშობლები ხშირად ვეუბნებით შვილებს: „დედა ვარ/მამა ვარ და შენზე უკეთ ვიცი!“, „უნდა დამიჯერო, შენზე დიდხანს მიცხოვრია!“  „უფროსს სიტყვას ნუ უბრუნებ!“, „უფროსი რომ გეუბნება, ე. ი. ასეა“, რასაც გასწავლი, ის ისწავლე!“, „სად მაქვს ამდენი დრო, ერთხელ რომ გეტყვი, დაიმახსოვრე!“ – და ა.შ. მაგრამ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვმა ჩვენი რჩევა გაითვალისწინოს. ამ დროს იზრდება კონფლიქტის რისკი და იმის საფრთხე, რომ იქ, სადაც ჩვენ არ ვიქნებით, ბავშვი მაინც ჩაიდენს ჩვენთვის მიუღებელ საქციელს. ამიტომ არის აუცილებელი საკითხის სიღრმისეული განხილვა, დეტალური ანალიზი, რომ ბავშვმა თავად შეძლოს იმ ზიანის გააზრება, რომელიც მას ემუქრება.

მშობლებს შეგვიძლია, აღზრდის პროცესში გამოვიყენოთ საკვანძო კითხვები, რათა წავახალისოთ ბავშვების აზროვნება. ეს კითხვებია:

  • რას ფიქრობ ამ საკითხზე?
  • რატომ გგონია ასე?
  • საიდან იცი ეს?
  • შეგიძლია, უფრო მეტი მითხრა ამაზე?
  • კითხვა ხომ არ გაქვს?

დავაზღვიოთ ავტორიტეტისადმი უპირობო მორჩილების რისკი – მზად ვიყოთ იმისთვის, რომ შეიძლება, შვილმა უპირობოდ არ მიიღოს ჩვენი მითითება. ზოგჯერ ასეთ მომენტებს მშობლები პირად შეურაცხყოფად ვიღებთ და ეს მოთმინებას გვაკარგვინებს. მშობლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ავტორიტეტისადმი უპირობო მორჩილება გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დიდი ზიანის მომტანი გახდეს ჩვენი შვილისთვის, ამიტომ შევიარაღდეთ არგუმენტებით და მოვემზადოთ ხანგრძლივი დებატებისთვის, მაშინაც კი, როცა მიგვაჩნია, რომ ანბანური ჭეშმარიტების ახსნა გვიწევს, და ნუ გაგვახარებს, რომ ბავშვი არასოდეს გვეკამათება, არასოდეს გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, სურვილებს და მზად არის მიიღოს ყველაფერი, რასაც ვთავაზობთ. ბავშვს საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულის საკითხები.

კრიტიკული აზროვნების ინსტრუმენტების გამოყენება მეტ დროს, ენერგიას და განათლებას მოითხოვს, მაგრამ ეს დანახარჯი შედეგად ნამდვილად ღირს: ბავშვი პრობლემის გადაჭრას, მსჯელობას, არგუმენტების მოშველიებას, დისკუსიის ტექნიკას, საწინააღმდეგო აზრის მშვიდად დაფიქსირებას ეჩვევა და არა ავტორიტეტისადმი უპირობო მორჩილებას.

„ულმობელი საქმის კაცი“ და თანამედროვე მოზარდები

0

ანუ რატომ უნდა ვასწავლოთ სკოლაში ნიკო ნიკოლაძის შესახებ?

წერილი I

 

ნიკო ნიკოლაძესა და მის საარაკო საქმეებზე ადრეც ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ მისი სახლ- მუზეუმის ნახვის შემდეგ სრულიად შეპყრობილი გავხდი ამ ადამიანით – რაღაც დამემართა, ის, რაც ამბებად ვიცოდი, სრულიად ხელშესახები და თითქოს თანადროული გახდა. როცა მუზეუმის გიდს, კომპეტენტურ ადამიანს, ძალიან კარგ მთხრობელს, ვუსმენდი რამდენიმე მეგობართან ერთად, ძალიან დამწყდა გული, რომ იქ არ იდგნენ ჩემი მოსწავლეები. თან საშინლად შემრცხვა, რომ აქამდე არასოდეს მისაუბრია მათთან დიდ ნიკოზე. მალე სკოლაც იწყებოდა. გამალებით დავიწყე ყველაფრის კითხვა ნიკო ნიკოლაძეზე, რაც ინტერნეტში მხვდებოდა, რაც წიგნებში მომეძევებოდა და პარალელურად ფიქრი იმაზე, ბავშვებამდე რა და როგორ მიმეტანა. მერე მაქსიმალურად ვეცადე, ნიკოს ფართო დიაპაზონის ინტერესები, საქმეები, ნაფიქრალ-ნაწერი დამევიწროებინა, კონკრეტულ ჭრილში მომექცია და ისე მიმეწოდებინა ჩემი მოსწავლეებისთვის. ავირჩიე სამი საკითხი, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იპოვონ პასუხები ამ თემებზე დასმულ კითხვებზე, ნიკოს კი ბევრ კითხვაზე აქვს მზა პასუხი თავისი საქმით თუ ნაწერით. ეს საკითხებია:

 

  • რატომ არის აუცილებელი და რას აძლევს პიროვნებას, ქვეყანას კარგი განათლება?
  • რატომ ევროპა და ევროპული არჩევანი?
  • რას გულისხმობს ნამდვილი პატრიოტიზმი?

 

ა) განათლების მნიშვნელოვნება

 

თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით მოზარდების სამყაროში, თითქოს კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა განათლების უალტერნატივობის საკითხი. რა საჭიროა განათლება, წიგნებში გადაშვება, გამუდმებით მუშაობა საკუთარ თავზე, თუ დღეს უბრალო, ყოფით თემებზე ტიკტოკერობითაც შესაძლებელია, ფულიც იშოვო და ცნობილიც გახდე?! დაახლოებით ასეთ კითხვებს სვამენ ისინი. ამ მოცემულობაში მცხოვრები მოზარდებისთვის ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულება განათლებისადმი სრულიად შოკისმომგვრელი და ცოტა დამაბნეველიც კი აღმოჩნდა. ნიკოს ცხოვრებისა და ნააზრევის გაცნობისას შეგვიძლია, ამ საკითხზე მოსწავლეები სხვადასხვა კუთხით დავაკვირვოთ.

 

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი: რამდენად გრძელი და მრავალფეროვანი გზა გაიარა ნიკომ, რათა სრულყოფილი განათლება მიეღო მაშინ, როცა პირველი გილდიის ვაჭრის შვილი იყო და თუ მამის არჩეულ გზას გაჰყვებოდა, უსწავლელადაც სრულიად უზრუნველად გალევდა თავის სიცოცხლეს. პეტერბურგის უნივერსიტეტიდან პროტესტის გამო გარიცხული ჯერ სორბონაში სწავლობდა, მერე კი გადავიდა შვეიცარიაში, იქ ციურიხის უნივერსიტეტში დაწერა სადოქტორო ნაშრომი და მიიღო დოქტორის ხარისხი – იგი მიიჩნევა პირველ ქართველად, ვინც დოქტორის ხარისხი ევროპაში მიიღო. მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ნიკო ნიკოლაძე თავისი საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მუდმივად ახლის მაძიებელ, თვითშემმეცნებელ ადამიანად დარჩა. კონსტანტინე გამსახურდია იგონებს: „ნიკო ნიკოლაძეს მე ორჯერ შევხვდი: ერთხელ ბერლინში და მეორეჯერ პარიზში 1923 წელს. უნდა ითქვას, აღტაცებაში მომიყვანა მისმა დიდმა ერუდიციამ, განსწავლულობამ და გონებამახვილობამ. რა და რა დარგის გამო არ გაესაუბრებოდი მას – ბერგსონის „ელან ვიტალის“ მოძღვრება იქნებოდა ეს თუ ინგლისისა და ამერიკის კოლონიური პოლიტიკა, ჩინური ფილოსოფია თუ ინდური ბრაჰმანიზმი, ისლამური მისტიციზმი თუ მასონების მოძრაობა ევროპაში, იტალიური რენესანსის თუ ძველბერძნული პლასტიკის საკითხები… ეს ხანდაზმული კაცი ყოველ საკითხში ერკვეოდა, ყველგან შინ იყო. პირველხარისხოვანი ევროპელი დიდი მწერლის, ან მეცნიერის სიმაღლეზე იდგა მისი გამობრძმედილი ინტელექტი, რომელსაც სიბერე ჯერ არ გაჰკარებოდა“.

 

მეორე, ასევე უაღრესად საინტერესო მხარეა ნიკოს ცხოვრების, თუ რა სარგებლობა მოუტანა მისმა განათლებულობამ სამშობლოს. ამ უგანათლებულესი კაცის გაკეთებული საქმეების ჩამონათვალი ლამის უსასრულოა და ამ ფორმატში ნამდვილად ვერ ჩაეტევა, მაგრამ ერთს მაინც აღვნიშნავ: განათლების აუცილებლობის, პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობიანობის ძალიან კარგი მაგალითია თუნდაც ის ცნობილი ფაქტი, რომ ფოთის მშენებლობისას ნიკომ არა მხოლოდ ევროპაში იმოგზაურა 8-ჯერ, არამედ ჩრდილოეთ აფრიკის 12 სხვადასხვა საპორტო ქალაქიც მოუნახულებია, რათა თავის ქვეყანაში ერთი პატარა ქალაქისთვის ნავსადგურის სრულყოფილი პროექტი შეედგინა.

 

მესამე მიმართულებაა, თავად რას აკეთებდა ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებისთვის – როგორ აქცია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად დიდი ჯიხაიშის სახლი და მამული თავისი შვილებისა და ქართველი ახალგაზრდების განათლების კერად. აქვე აღვნიშნავთ: ნიკო თვლიდა, რომ განათლების მიღება იწყება ადრეული ასაკიდანვე და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ოჯახის როლი: „თუ ყმაწვილს გონება თავის ენაზე გახსნილი არა აქვს, უცხო ენის სწავლაში მეტად ბევრს ეწვალება. მშობელი შვილებზე სკოლაში შესვლამდე უნდა ზრუნავდეს, რომ ყმაწვილს თავისი ენა კარგად ასწავლოს, გონება გაუხსნას და სკოლაში მომზადებული მისცეს. საკვირველია, რომ ეს უბრალო ჭეშმარიტება ჩვენს საზოგადოებას აქამდე ვერ შეუგნია. ერთი სიტყვით, ვისაც კი სურს, რომ ყმაწვილი გონების გახსნასა და სწავლაში სწორ გზაზე დააყენოს და განათლების მიღება გაუადვილოს, ის უთუოდ უნდა ეცადოს, სწავლა იმ საგნებიდან დააწყებინოს, რომლებიც ყმაწვილთან უფრო ახლოს არიან, მის გრძნობას იზიდავენ და ადვილად შეითვისებიან“. სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე ის უკვე ხანშიშესულიც მუშაობდა თავის შვილთან, რუსუდანთან ერთად, რომელმაც სწორედ მამის ხელმძღვანელობით შექმნა სკოლამდელი აღზრდის სახელმძღვანელო.

 

სოფელ დიდ ჯიხაიშში თავდაპირველად ნიკომ გახსნა სამწლიანი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ტექნიკუმად გადაკეთდა. მოგვიანებით ოლღამ, რომელსაც ასევე ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ევროპაში, აქვე დააარსა ქალთა გიმნაზია და შემოიღო პოლიტექნიკური სწავლება.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისში კი ნიკოს დიდი ძალისხმევითა და უშუალო ჩართულობით სოფელში გაიხსნა უმაღლესი დაწყებითი ტიპის სკოლა. სკოლას ხელმძღვანელობდნენ მისი მეუღლე და ქალიშვილი რუსუდანი, რომელმაც მენდელეევის ლაბორატორიის ნაწილიც კი ჩამოიტანა თურმე ამ სკოლისთვის.

 

ამ ძალიან მოკლედ თქმულ დიდ საქმეებთან ერთად ის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა სახალხო სკოლების საკითხს. თვლიდა და მოითხოვდა კიდეც, რომ დაწყებითი უფასო განათლების შესაძლებლობა უკლებლივ ყველას მისცემოდა. ასევე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა უმაღლეს განათლებასაც, წერდა კავკასიის უნივერსიტეტის აუცილებლობაზე, მისი აზრით, თბილისში უნივერსიტეტის გახსნა გიმნაზიაში სწავლის მსურველებს მოტივაციას გაუჩენდა, მათ რიცხვს გაზრდიდა, რადგან კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა უმაღლესი სასწავლებელი.

 

ამ ყველაფერს დავუმატოთ ისიც, რომ ნიკო ძალიან აფასებდა მასწავლებლის პროფესიას, თითოეული მასწავლებლის ამაგს ქვეყნის წინაშე და თვლიდა, მასწავლებელს სჭირდებოდა არა კონტროლი, არამედ თანადგომა ზემდგომთა მხრიდან და ღირსეული ანაზღაურება.

 

ბ) ევროპისა და ევროპული კურსი მნიშვნელობა ქვეყნისთვის

 

 მეორე საკითხი, რომელზეც, ჩემი აზრით, მოსწავლეების ყურადღება აუცილებლად უნდა შევაჩეროთ, არის ნიკო ნიკოლაძის დამოკიდებულება ევროპის მიმართ და ევროპაში მიღებული გამოცდილების დაკავშირება თავის სამშობლოსთან. მით უფრო, რომ ახლა ჩვენი ქვეყანა განვითარების ისეთ ეტაპზეა, რას ნიშნავს ევროპასთან სიახლოვე და ევროპული კურსი, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული. ამ გააზრებას მოზარდობის ასაკში თუ არ ჩაეყარა საფუძველი, ფაქტია, მერე ჭირს რაღაცების მკაფიოდ დანახვა.

 

არტურ ლაისტი, ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ნ. ნიკოლაძეზე წერდა: „იმ ადამიანთა შორის, რომელთა გავლენა საქართველოზე ვრცელდებოდა, ყველაზე ჭკვიანი ნიკო ნიკოლაძე გახლდათ. ეს უნიჭიერესი და სულიერად ყველაზე მაღლა მდგომი ადამიანი პირველი ქართველი ჟურნალისტია ევროპული მნიშვნელობით. მან ათეული წლით განსაზღვრა თავისი ერისათვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხები და ნათელი გონებით განჭვრიტა!“.

 

ნიკოს ცხოვრებისა და შემოქმედების არაერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ მას არ უცდია ველოსიპედის თავიდან გამოგონება. უბრალოდ, ცდილობდა, ევროპაში მიღებული ცოდნა- გამოცდილება თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა. ოღონდ მაქსიმალურად ითვალისწინებდა ეროვნულ ნიადაგს, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, ქართველი ხალხის ინტერესებსა და მზაობას. საკუთარი ხალხის, ქვეყნისადმი კრიტიკულად შეხედვაც შეეძლო და არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების გზებსაც დაუცხრომლად ეძებდა – მისი ცხოვრების კრედოც ეს იყო – ფეხზე დაეყენებინა ქვეყანა და გააზრებული ჰქონდა, ამაში სწორედ ევროპაში ნანახ-განცდილის გამოყენება დაეხმარებოდა:

 

„ჩვენ სრულიადაც დავრწმუნდით, რომ ევროპული წესი და ცხოვრება, ევროპული მეცნიერება ჩვენ სამაგალითოთ უნდა მიგვაჩნდეს… ჩვენთვის მეტის მეტათ შესახარბებელია სხვა ქვეყნებში გავრცელებული განათლება და კეთილდღეობა, რაკი ჩვენ ვიცით, რომ ეს განათლება და კეთილდღეობა იმათ თავიანთ აკვანში როდი უპოვიათ, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და გამოვიკვლიოთ, თუ რანაირათ და რა გზით მიაღწიეს განათლებულმა ხალხებმა თავიანთ კეთილდღეობამდი, რა და რა წესი და განწყობილება მოუგონიათ იმათ ამ კეთილდღეობის დასაფუძნებლად და გასაძლიერებლათ”.

 

 

 

გ) ჭეშმარიტი პატრიოტიზმი – საქმითა და სიტყვით

 

ევროპისა და მისადმი ქართველების დამოკიდებულების თემას პირდაპირ უკავშირდება საკითხი, რომელიც ასევე სულ ცოცხალია, სხვადასხვა კუთხით ვატრიალებთ, ხან გაცვეთილი გვეჩვენება, ხან ყალბი, ხან დრომოჭმული, ხან გადაჭარბებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, არავინ დავობს, რომ ძალიან საჭიროა- პატრიოტიზმი – საკუთარი ქვეყნის უანგარო და ჯანსაღი სიყვარული.

 

ჩემი აზრით, ნიკო ნიკოლაძე თავისი ოჯახით სწორედ ასეთი პატრიოტიზმის თვალსაჩინო მაგალითია.

 

„მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არ მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია. მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავათ თუ კარგათ როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა. მე შენ მიყვარდი, როგორც ჩვენი ქვეყნის კაცი, ჩემი თანამემამულე და ძმა, როგორც ისეთი პირი, რომლის ბედი და უბედობა, რომლის ავი და კარგი, ჩემი პირადი ბედი და უბედობა, ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა. მე დამივლია მთელი ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა. არც საფრანგეთის ამღელვებელ და აღმტაცებელ ცხოვრებას, არც პეტერბურღის განსაცდელით მიმზიდველ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას, არასოდეს, არც ერთი წამის განმავლობაში, არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შეუცდენივარ და არ მიუზიდივარ, თუმცა ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და დიდი გავლენის იმედს… იმის მაგიერ, რომ იქაურს ცხოვრებას მივებირე და სხვებისავით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც კი ყოფილიყო შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა… სხვაგან და ჩვენში მწერალი და გაჩუმებული ნიადაგ შენი ერთგული და შენი მსახური ვიყავი“. ეს სიტყვები მხოლოდ მას შემდეგ წავუკითხე მოსწავლეებს, როცა ნიკოს საქმეებს ასე თუ ისე კარგად იცნობდნენ. ამიტომ არცერთს არ გასჩენია განცდა, რომ ამ ვრცელი ციტატის რომელიმე სიტყვა, რომელიმე ფრაზა გადაჭარბებული იყო, მით უმეტეს – ყალბი. დამაფიქრებელი აღმოჩნდა მოზარდებისთვის იმის დანახვა, როგორ დაბრუნდა საქართველოში კაცი, რომელსაც ევროპაში უკვე დამკვიდრებული ჰქონდა ადგილი, გარკვეულ წრეებში სახელიც მოიხვეჭა და სიტყვაც ეთქმოდა, მერეც არაერთხელ ჰქონია წასვლის შანსი, მიდიოდა კიდეც, მაგრამ აუცილებლად ბრუნდებოდა, რათა თავისი პატარა, დაჩაგრული, თავისუფლებაწართმეული ქვეყნისთვის ხელი წაეკრა, ფეხზე დადგომაში დახმარებოდა.

 

თანამედროვე საქართველოში ძალიან მტკივნეული პრობლემაა ემიგრაციის თემა, მტკივნეული და თან უკიდურესად სათუთი. რეალობა ასეთია: ძალიან ბევრი ბავშვი იზრდება მშობლებისგან შორს, რადგან ისინი იძულებული გახდნენ, ისევ შვილების კეთილდღეობის გამო ამდგარიყვნენ და წასულიყვნენ გაურკვეველი დროით საზღვარგარეთ სამუშაოდ – სანამ შვილებს დასჭირდებათ. შვილებს კი მუდმივად სჭირდებათ. მეორე მხრივ, ახალგაზრდების უმრავლესობას სურს და ცდილობს კიდეც საზღვარგარეთ მიიღოს განათლება. თავისთავად ეს ფაქტი ძალიან კარგია, ჩემი აზრით. ხარისხიანი განათლების მიღება აუცილებელიც კია უფრო და უფრო მზარდი კონკურენციის პირობებში. მაგრამ გულსატკენია ის, რომ თითქმის არცერთი მათგანი არ გეგმავს დაბრუნებას, ან მხოლოდ შორეულ მომავალში განიხილავს და რთულია ამ დროს შეეკამათო, რადგან ყველას აქვს უფლება, იმუშაოს ადამიანურ პირობებში და მიიღოს საკუთარი შრომით ადამიანური ცხოვრებისთვის საკმარისი ანაზღაურება. ამ რეალობაში იმის გაცნობა, თუ როგორ მოახმარა ნიკო ნიკოლაძემ თავისი ნიჭი, განათლება და გამოცდილება ქვეყანას, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრებაც, თავისი შვილებიც როგორ გეგმაზომიერად, წინასწარი გათვლებით ჩააყენა საკუთარი ქვეყნის სამსახურში. სადაც ყველაზე მეტად უჭირდა, რომელი სფეროს განვითარებაც უკეთ დაეხმარებოდა ქვეყანას, სწორედ იმ სფეროს მიმართ გაუჩინა ინტერესი, იმათაც საზღვარგარეთ მიაღებინა უმაღლესი განათლება, მაგრამ დაბრუნდნენ და თავიანთი ცოდნა- გამოცდილება მაქსიმალურად მოახმარეს სამშობლოს. არცერთი მათგანი ვიწრო ჭრილით არ უყურებდა სამყაროს. გიორგიმ უდიდესი წვლილი შეიტანა მეტალურგიის ჩამოყალიბება- განვითარებაში, თავისი სათქმელი თქვა მათემატიკაში, ლომის წვლილი მიუძღვის და მის სახელს უკავშირდება სპორტის თითქმის ყველა სახეობის განვითარება თავისი სპორტული საზოგადოებით „შავარდენით“, ითვლება ალპინიზმის ფუძემდებლად საქართველოში.

 

ასევე, მრავალმხრივი მოღვაწეობით გამოირჩეოდა რუსუდანი. 1909 წელს პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტი ფიზიკა-ქიმიის განხრით. იქვე განაგრძო სამეცნიერო მუშაობა. ის იყო პირველი ქალი რუსეთის იმპერიაში, რომელმაც წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, აიღო დიპლომი და მოიპოვა უფლება, ეტარებინა ე.წ. „საუნივერსიტეტო ნიშანი“, რომელსაც მანამდე მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ. გარდა პეტერბურგისა, მან არაერთ ევროპულ უნივერსიტეტში მოისმინა ლექციები ცნობილი მეცნიერებისაგან. იცოდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური, იტალიური და ჩეხური ენები. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში, ჯერ დიდ ჯიხაიშში მშობლების მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ კი არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრას ჩაუდგა სათავეში. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სკოლამდელი აღზრდის ე.წ. შრომის სკოლებისა და ბავშვთა ბაღების განვითარებაში და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მამის ხელმძღვანელობით შექმნა სკოლამდელი აღზრდის სახელმძღვანელოც. გიორგისთან ერთად მუშაობდა სამეცნიერო-ტექნიკურ, მათემატიკურ და სპორტულ ტერმინთა ლექსიკონებზე.

 

მესამე შვილიც, თამარიც, მხარში ედგა თავის და-ძმას საქვეყნო საქმეებში, ის იყო ერთ-ერთი პირველი სპორტსმენი ქალი, პროფესიით ფიზიოლოგი.

 

პარადოქსივით გამომივა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულზე, მის სამსახურზე საუბარი მისალმებით უნდა დავასრულო, რომელიც ოლღა გურამიშვილმა მოიფიქრა თურმე, ასე ესალმებოდა შვილებს და მერე პირველი სპორტული საზოგადოების, „შევარდენის“, წევრების უცვლელ მისალმებადაც დამკვიდრდა:

 

  • გუშაგობ ერს?
  • მარად!

 

არ მეგულება ამაზე უფრო ბევრისმთქმელი, გულშიჩამწვდომი მისალმება. ჩემი მოსწავლეებიც დამეთანხმნენ.

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • თხზულებანი, ნიკო ნიკოლაძე – აკაკი ბაქრაძე. I ტომი, თბილისი, 2004 წელი;

 

  • ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს! რესპონდენტი – ნიკო ნიკოლაძის მკვლევარი, პროფესორი დალი ჩიკვილაძე.

https://www.marketer.ge/niko-nikoladze/.

 

 

 

  • ნიკო ნიკოლაძის ადგილისათვის ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში, ვაჟა შუბითიძე

https://for.ge/view/22384/niko-nikolaZis-adgilisaTvis-qarTuli-politikuri-azrovnebis-istoriaSi.html

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

ალექსანდრე დიუმა საქართველოსა და ქართველების შესახებ

0

„[დიუმა] ისეთივე თბილი და კეთილისმყოფელი გახლდათ, როგორ ზაფხულის თავსხმა: როდესაც მოქუფრული ღრუბლები, ჭექა-ქუხილის ღრიალი და ელვის თვალისმომჭრელი ნათება არავის ატყუებენ. ყველამ იცოდა, რომ დიუმა ისეთივე რბილი და გულუხვი იყო, როგორ ზაფხულის წვიმა, რომელიც რწყავს გამომშრალ ნიადაგს“.

ვიქტორ ჰიუგო (1802-1885)

 

„[დიუმა] ყველაზე გულუხვი და დიდსულოვანი არსება გახლდათ დედამიწაზე. გარდა ამისა, იგი ალბათ ყველაზე საინტერესო, აღმაფრთოვანებლად სასაცილო და ეგოისტი ქმნილება იყო რომელიც დედამიწაზე ოდესმე გაჩენილა. მისი ენა ქარის წისქვილივით იყო – როგორც კი მოძრაობას დაიწყებდა, აღარავინ იცოდა, როდის გაჩერდებოდა – განსაკუთრებით, თუ თემა პირადად მას ეხებოდა“.

უოტს ფილიპსი (1825-1874), ბრიტანელი დრამატურგი, მწერალი და ილუსტრატორი, ალექსანდრე დიუმას მეგობარი

 

დიდი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას (1802-1870) სახელი, ალბათ დედამიწის რვამილიარდიანი მოსახლეობის ნახევარს მაინც გაუგია. სავარაუდოდ, ასეულობით მილიონ წიგნის მოყვარულს წაუკითხავს დიუმას დღესაც პოპულარული რომანები, „სამი მუშკეტერი“, „გრაფი მონტე-კრისტო“ და „დედოფალი მარგო“ და მიუხედავად 21-ე საუკუნეში ჩვენს თავს დატრიალებული „ვიდეო-სოციალურ-ციფრული რევოლუციისა“, და იცნობენ ალექსანდრე დიუმას უკვდავ ლიტერატურულ პერსონაჟებს – შევალიე დ’არტანიანს, კარდინალ დე რიშელიესა, მილედი დე ვინტერსა თუ ედმონ დანტესს. დარწმუნებული გახლავართ, მას მომავალშიც ბევრი მკითხველი და დამფასებელი ეყოლება. დიუმას წარმოშობა, დაბადება და ცხოვრება ისეთივე არაორდინარული, მოულოდნელი, რომანტიკული და მჩქეფარე იყო, როგორც მისი ცნობილი რომანების სიუჟეტები.

გრაფი მონტე-კრისტოს მსგავსად, ალექსანდრე დიუმა, მოულოდნელი ნიჭითა და ენერგიით შეიჭრა საფრანგეთისა და მსოფლიოს ლიტერატურულ ცხოვრებაში და მიუხედავად ჰაიტელი ბებიის შავი კანისა, ეჭვიან და კონფლიქტურ ნაპოლეონთან პირად კონფლიქტში მყოფი გენერალი ბაბუის (მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგი სამხედრო, მარკიზი ალექსანდრ-ანტუან დევი და ლა პაიეტერი) გართულებული კარიერისა, ალექსანდ დიუმამ მაინც მოახერხა ფრანგული ლიტერატურის მკაცრი ფილტრების გარღვევა, სახელის დამკვიდრება და გულწრფელი სიყვარულის მოხვეჭა, პირველ რიგში ფრანგი მკითხველის გულში. ალექსანდრე დიუმა (უფროსი) დღესაც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ და კითხვად ავტორად და მისი სიუჟეტები დღესაც საინტერესოა თანამედროვე ახალგაზრდებისათვის.

დიუმა დღესაც ლიდერობს მსოფლიოში დაბეჭდილი წიგნების ეგზემპლარების რაოდენობით – საუბარია ასობით მილიონიან ტირაჟებზე. მისი სიუჟეტების მიხედვით გადაღებულია ორასზე მეტი ფილმი (ეკრანიზაციების რაოდენობით მას მხოლოდ უილიამ შექსპირის სიუჟეტები უსწრებს, ლ.ა.); მარტო საბჭოთა კავშირში, 80-იან წლებში, თვეში 4 მილიონზე მეტი (!) ეგზემპლარი იბეჭდებოდა და სსრკ-ს ჩინეთმაც კი ვერ გაუსწრო (მიუხედავად ათჯერ მეტი მოსახლეობისა) დიუმას გამოცემული წიგნების ეგზემპლარებით, სადაც ფრანგი მწერლის მილიონობით წიგნი იბეჭდება დღესაც!

დიუმას უყვარდა საკუთარ თავზე ხუმრობა და თავს ლიტერატურის ნაპოლეონს ეძახდა. ალექსანდრე დიუმას კალამს ეკუთვნის 1 200-ზე მეტი ნაწარმოები, რომლებშიც 4 500-ზე მეტი მოქმედი პირია, ხოლო მეორეხარისხოვანი გმირების რაოდენობა ათი ათასობით გმირს ითვლის! როგორც ერთმა ფრანგმა კრიტიკოსმა აღნიშნა, დიუმას გმირები ერთ პატარა, ოცდაათიათასიან ქალაქს დაასახლებდნენ!

დღეს ალექსანდრე დიუმაზე საუბარი იმის გამო გადავწყვიტე, რომ ის ძალიან ბევრს წერდა ქართველებსა და საქართველოზე. დიუმას „კავკასია“, რუსულ ენაზე პირველად ტფილისში გამოიცა, 1861 წელს. ქართულად, დიუმას წიგნმა ორჯერ, 1964 და 1970 წლებში იხილა სინათლე (თინათინ ქიქოძის თარგმანით და პროფესორი აკაკი გაწერელიას წინასიტყვაობით). დიუმას „კავკასიის“ მეორე რუსულენოვანი გამოცემა, 125 წლის შემდეგ, 1986 წელს მოხერხდა და წიგნი კვლავ კვლავ თბილისში გამოიცა.

შეიძლება ითქვას, რომ „კავკასია“ მეტწილად საქართველოზე და ქართველებზე დაწერილი ნაწარმოებია. ამას ბევრი არაქართველი ავტორიც აღნიშნავს – მაგალითად, „კავკასიის“ თანამედროვე რუსულენოვანი გამოცემის რედაქტორი, დოქტორი მ. ბუიანოვი, წიგნის წინასიტყვაობაში წერს, რომ „კავკასია“ არ წარმოადგენს წიგნს მთელს კავკასიაზე, არამედ მასში თხრობა ძირითადად საქართველოზეა, მთელი წიგნი ქართული თემატიკით არის განმსჭვალული და ქართული მოტივები [ამ წიგნში] უპირატესია“.

ხშირად იხსენებენ ამბავს, რომელიც დიუმას ტფილისში მოგზაურობის ერთ ეპიზოდს აღწერს.

1858 წელს დიუმას თბილისში სტუმრობისას, უკვე გამოიცემოდა პირველი ქართულენოვანი ლიტერატურული ჟურნალი „ცისკარი“ (1853-57 წწ. გიორგი ერისთვის და შემდგომ, 1857 წლიდან, ივანე კერესელიძის რედაქტორობით, ლ.ა.). ჟურნალმა საზოგადოებას ამცნო თბილისში სახელგანთქმული ფრანგი მწერლის ჩამოსვლისა და რედაქციაში სტუმრობის შესახებ. როგორც თვითონ დიუმა აღწერს „კავკასიაში“, ეს დღე დიდი ბანკეტით დამთავრდა, რომელზეც უამრავი სადღეგრძელო ითქვა. ქართველმა მასპინძლებმა (მათ შორის იყვნენ თ. ნიკოლოზ ჭავჭავაძე, იოზეფ პენერეპსკი, ევანგულ ევანგულოვი და ივანე კერესელიძე), დიუმას სახალისო შეჯიბრი შესთავაზეს და დ’არტანიანისა და პორთოსის შემქმნელ ავტორს, ქართველებთან მოუწია ჭიდილი ღვინის დალევაში. დიუმა, რომელიც თითქმის არასოდეს სვამდა, ამ ამბავს ასე აღწერს:

„მუსიკისა და მომღერლის პასაჟების ფონზე, რამდენი ბოთლი ღვინო დავლიე, ვერ გეტყვით, თუმცა, ვფიქრობ, რაოდენობა სოლიდური იქნებოდა, რადგან სადილის დასრულების შემდეგ, დადგა საკითხი გადმოეცათ ჩემთვის მოწმობა, რომელიც დაადასტურებდა ჩემს ფიზიკურ (და არა სულიერ) უნარებს. წინადადება მაშინვე მიიღეს: აიღეს ფურცელი და მასზე ყველამ გამოხატა თავისი აზრი, დადასტურებული ხელმოწერით. სახლის პატრონმა პირველმა დაწერა შემდეგი: „ბატონმა ალექსანდრე დიუმამ, რომელმაც პატივი დაგვდო და ესტუმრა ჩვენს მოკრძალებულ რედაქციას, მის პატივსაცემად გამართულ სადილზე, ქართველებზე მეტი ღვინო დალია“. (ივანე კერესელიძე. 1858, 25 ნოემბერი. ქართული ჟურნალის“ ცისკრის“ რედაქტორი).

თბილისთან განშორებისას დიუმა წერს: „ძვირფასო ტფილისო! ფიქრით გემშვიდობები – რა კარგად ვმუშაობდი აქ!“. ამ ფრაზაში ნათლად ჩანს დიუმას შრომისმოყვარეობა და სამუშაოსადმი ერთგულება (ტფილისშიც კი). ალბათ ამ უნარმა შეაძლებინა ფრანგ მწერალს მკითხველისათვის ათასზე მეტი ნაწარმოები და ათი ათასობით პერსონაჟი შეექმნა.

დიუმას „კავკასია“, რომელიც ფაქტობრივად მოგზაურობის ჩანაწერების ჟანრშია დაწერილი და მისი ეთნოგრაფიული, ანთროპოლოგიური თუ ლიტერატურული ღირებულების გარდა, საინტერესოა რუსული გამოცემის რედაქტორის, ბუიანოვის მიერ აღნიშნული მისი „ქართველოცენტრულობა“ ან გარკვეულწილად დიუმას „ქართველოფილობა“, რაც საკმაოდ იშვიათია საქართველოს შესახებ დაწერილ წიგნებში და განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ქართულენოვანი მკითხველისათვის.

წიგნის შესახებ საინტერესო მოსაზრებას ახმოვანებს კავკასიათმცოდნე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის პროფესორი, ზოია მუხამედოვა: „კავკასიაში ალექსანდრე დიუმასა და მისი კომპანიონისა და მეგობრის, ჟან-პიერ მუანეს 1858 – 1859 წლების მოგზაურობა გარკვეულ ამოცანას ემსახურებოდა და ეს ამოცანა შემდგომში მდგომარეობდა: [დიუმას] პოპულარობა საფრანგეთში კლებულობდა და მას სურდა მკითხველის ყურადღების მიპყრობა ჩანაწერებითა და მოთხრობებით ისეთ ეგზოტიკურ რეგიონზე, როგორიც კავკასია გახლდათ – ეს იყო დიუმას ვიზიტის მთავარი მიზეზი. ამიტომაც მწერალი თავის წიგნს თავგადასავლის, ისტორიასა და კულინარიაში ექსკურსების ჟანრებში წერს… დიუმას თან ახლდა მუანე, მეგობარი და კომპანიონი. [დიუმასთვის} აუცილებელი იყო, რომ მის გვერდით, ასეთი მარშრუტით მოგზაურობისას, მხატვარიც ყოფილიყო“, – გვეუბნება კავკასიათმცოდნე. პროფ. მახმუდოვა. ის გვეუბნება, რომ ჟან-პიერ მუანეს ამ პერიოდის ნამუშევრები თითქმის არ შემორჩენილა და მისი რამდენიმე ჩანახატი, იშვიათად ჩნდება ხოლმე ფრანგულ აუქციონებზე. 1988 წლის გამოცემაში, მუანეს მხოლოდ ექვსი ნახატია შესული. მუხამედოვას აზრით, დიუმას თავის წიგნში სურდა, აესახა მთიელების ბრძოლა რუსული იმპერიის წინააღმდეგ, თუმცა ავტორი სიტყვას არ ამბობს კავკასიაში ისლამის შესახებ“ (შენიშვნა: დიუმას კავკასიაში მოგზაურობის პერიოდს დაემთხვა იმამ შამილის დაპატიმრება და მისი ეტაპირება სანკტ-პეტერბურგში,1859 წლის აგვისტოში). დიუმას ნაწერში არსად ჩანს მთიელებისადმი ქედმაღლური დამოკიდებულება. მისი ყველა შეფასება კეთილგანწყობილია; მთლიანად წიგნი კეთილია და მასში არ არის მწარე ან ბოროტი შეფასებები“, – წერს პროფ. მუხამედოვა.

საინტერესოდ გვეჩვენება დიუმას ურთიერთობა რუსულ ლიტერატურასთან, რადგან შეიძლება ბევრისთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ ალექსანდრე დიუმა ბევრს თარგმნიდა რუსულიდან. მას, გრიგოროვიჩის დახმარებით რუსულიდან ფრანგულად აქვს თარგმნილი პუშკინის, ლერმონტოვის, ბესტუჟევ-მარლინსკის, ვიაზემსკისა და ნეკრასოვის ნაწარმოებები. რუსული ლიტერატურისადმი ინტერესი დიუმამ პეტერბურგში სტუმრობისას, 1859 წელს გამოავლინა, როდესაც იგი დაუმეგობრდა რუს ლიტერატორსა და მთარგმნელს, დიმიტრი გრიგოროვიჩს, რომელმაც თვითონვე გამოხატა სურვილი, დახმარებოდა ფრანგ მწერალს რუს კოლეგებთან უერთიერთობაში. საინტერესოა დიუმას სტუმრობა პეტერგოფში, რუს მწერლებთან, ივან პანაევთან და ნიკოლაი ნეკრასოვთან (ალ. პუშკინის მიერ დაარსებული ლიტერატურული ჟურნალის „სოვრემენნიკის“ რედაქტორებთან – ჟურნალში რეგულარულად იბეჭდებოდა გოგოლის, ტურგენევის, ჟუკოვსკის, ბიაზემსკის, ოდოევსკის, დავიდოვის, ბარტინსკის, ტიუტჩევის, კოლცოვის და სხვა რუსი მწერლებისა და პოეტების პროზა, პოეზია, კრიტიკა და სხვა ნაწარმოებები), რომელთა წინადადება ფრანგმა მწერალმა სიხარულით მიიღო. მოგვიანებით, დიუმა თავის მოგონებებში წერს, რომ იგი პანაევმა „გულში ჩაიკრა“, ხოლო ნეკრასოვი, როგორც თანამედროვენი აღწერდნენ, შედარებით მშრალად შეხვდა პოპულარულ ფრანგ „რომანისტს“. როგორც ჩანს, ნეკრასოვი იმ მცირერიცხოვან საზოგადოებას ეკუთვნოდა, რომელმაც არ გაიზიარა რუსული პუბლიკის აღფრთოვანება ალექსანდრე დიუმას პეტერბურგში ვიზიტის მიმართ.

როგორც მოგახსენეთ, საინტერესოდ მეჩვენება ალექსანდრ დიუმას ჩანაწერები იმ ადგილების მოხმობა, რომლებშიც დიუმა ქართველების შესახებ წერს და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, ალექსანდრე დიუმას წიგნიდან „კავკასია“:

[თბილისზე]: „რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა ტფილისში, ისევე, როგორც სხვა აღმოსავლურ ქალაქებში, გახლავთ ის, რომ რანაირ სამოსშიც არ უნდა იყოთ გახვეული, როგორი ექსცენტრულიც არ უნდა იყოს თქვენი ტანსაცმელი, ყურადღებას არავინ მოგაქცევთ. ეს ძალიან მარტივია: ტფილისი ყველა ხალხის თავშეყრის ადგილია და თავშეკავებულია, როგორც ნამდვილი ქართველი ქალი. ტფილისს ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს იმისთვის, რომ ასი ათასობით მომსვლელიდან, იქნება ეს თურქი, ჩინელი, ეგვიპტელი, თათარი, ყალმუხი, რუსი, ყაბარდოელი, ფრანგი, ბერძენი, სპარსელი, ინგლისელი თუ გერმანელი, რომლებიც აღმა-დაღმა დაუყვებიან ქალაქის ქუჩებს, რომელიმე ერთის ტანსაცმლის უცნაურობას მიაქციონ ყურადღება“.

 

[ქართველ ქალებზე და ტყვეთა სყიდვაზე]: „დღე არ გადის, რომ ლაზებმა საზღვარი არ გადმოლახონ და ქალი ან ბავშვი არ მოიპარონ, მათი ტრაპეზუნდში გაყიდვის მიზნით. რამდენიმე თვის წინ, მათ მთელი ოჯახი მოიტაცეს და რადგანაც გურულები უაღრესად მამაცი ხალხია, ქურდებს მთელი სოფელი გამოეკიდა. მტარვალებმა, იმისთვის, რომ გატაცებულ ბავშვებს არ ეყვირათ, ყველას პირი აუკრეს. ერთი გოგონა უჰაერობისგან დაიხრჩო, ხოლო მეორე, რომელმაც მოახერხა პირსაკრავის მოხსნა, მდინარეში გადააგდეს, სადაც წყალში დაიხრჩო.

 

ბოლო ხანს, ბათუმის კონსულმა, რომლის მოვალეობებში ადამიანთა ვაჭრობის აღკვეთაც შედის, ტყვეობიდან დაიხსნა დედა და მისი ქალიშვილი, რომლებიც ერთად მოიტაცეს, მაგრამ სხვადასხვა პატრონს მიჰყიდეს. როდესაც დედა-შვილი ერთმანეთს შეხვდნენ, აღმოჩნდა, რომ მშობლიური ენა ორივეს დავიწყებული ჰქონდა.

სრულიად სხვაგვარად არის საქმე ჩერქეზ ქალებში, რომლებიც ოჯახებში ბეჩავად ყოფნის გამო, უცხოეთში გაყიდვას ბედნიერებად თვლიან. ქართველი იმერელი, გურული და მეგრელი ქალები ამ აზრისგან თრთიან, თავს იცავენ და მამაკაცებივით იბრძვიან ტყვეობისგან თავის დასახსნელად. თუმცა იმის გამო, რომ თითქმის ყველა მათგანი ძალიან ლამაზია, ხშირად ხდება, რომ ფაშები და მდიდარი თურქები მათ ყიდულობენ და სამუდამოდ უზრუნველყოფენ მათ მომავალს“.

 

[ქართველების სილამაზეზე]: „ქუთაისს დაბრუნებისას, ჩერქეზულ ჩოხაში გამოწყობილ ახლაგაზრდა გურულს შევხვდით. მას თან, ორი ნუქერი ახლდა, რომელთაც თავზე, ოქროქარგული წითელი ქუდები ეხურათ. მათი შემყურე, გავჩერდით. მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცს არ დაჭირვებია თავისი წოდების მოხსენება, მთელი მისი იერი გვეუბნებოდა: „შემხედეთ, თავადი ვარ“.

 

სანკტ-პეტერბურგში პატივი მქონდა, გამეცნო სამეგრელოს უკანასკნელი მფლობელი, თავადი დადიანის ქალი, რომელსაც ტახტი რუსებმა წაართვეს. შეუძლებელია, სადმე იპოვოთ სილამაზის უფრო სრულყოფილი ნიმუში. მას ოთხი შვილი ჰყავდა, ერთმანეთზე უფრო ლამაზები, რომლებიც დედასთან ერთად ქმნიდნენ ძველი დროისთვის ღირსეულ ანსამბლს.

 

ჩემი სიტყვებიდან გამომდინარეობს ის, რომ მცირეწლოვან თავად ნიკოლოზს (იგი სამეგრელოს მთავარია და დედამისს რეგენტის როლი აკისრია – თუ რუსები არ გადაწყვეტენ, მთლიანად წაართვან მათ სამფლობელო), მართლად შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა. დედა მას ეუბნება:

 

  • მოიხადე ქუდი ნიკოლოზ, ცოტა ხანი ამ გვირგვინის გარეშე იყავი.

და ახალგაზრდა თავადი მაწვდის თავის ქუდს ისეთი გამომეტყველებით, თითქოს ტახტიდან ჩამოაგდეს“.

 

„ამბობენ, რომ ჩერქეზები მსოფლიოს ულამაზესი ხალხია. ეს სიმართლეა მხოლოდ მამაკაცებისთვის და საკამათოა ქალებთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ქართველს მაინც შეუძლია შეეჯიბროს ჩერქეზს სილამაზეში. არასოდეს გამიქრება მეხსიერებიდან შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე მოახდინა, თათარ-ნოღაის სტეპებში შუაგულში, პირველი შემხვედრი ქართველის გარეგნობამ. ამ სტეპებში მცხოვრები ხალხების გარეგნობა, რომელთა მიწაზეც გასულ თვეს გვიწევდა მოგზაურობა და რომელთაც ვხედავდით, უდავოდ წარმოადგენდნენ ადამიანური სიგონჯის ყველაზე მკვეთრ ტიპებს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის, ევროპელებისთვის: სახის ყვითელი ფერი, ალაპლაპებული კანი, წვრილი თვალები, მიჭმუხნული ან თითქმის შეუმჩნეველი ცხვირი, მეჩხერი წვერი, უხეში თმა, საარაკო ფეთხუმობა – აი ის ყველაფერი, რაც დილიდან საღამომდე ატკბობდა ჩვენს მზერას.

 

თუმცა ერთ სადგურზე, დავინახეთ ახალგაზრდა მამაკაცი, ასე ოცდახუთი-ოცდაათი წლისა, რომელიც გრაციოზულად იდგა კართან, პარმაღზე დაყრდნობით, სპარსულის მსგავსი ქუდით, მაგრამ არა ისეთი მაღალი. მას მკრთალი სახე ჰქონდა; შესანიშნავი თმები – რბილი, როგორც აბრეშუმი და შავი წვერი, მოწითალო ელფერით; წარბები კალმით დახატულს ჰგავდა, აქატისფერ თვალებს, გაურკვეველი გამომეტყველებით, ხავერდოვანი წამწამები ფარავდნენ. მისი ცხვირი, თავისუფლად გამოდგებოდა მოდელად აპოლონისათვის. ტუჩები, მარჯანივით წითელნი, შავ წვერთან ერთად, ხაზს უსვამდნენ სადაფივით კბილებს და ამ ყველაფერთან ერთად, ეს ბერძნული ღმერთი, ჩამოსული დედამიწაზე, ეს დიოსკური, რომელსაც დაავიწყდა ოლიმპოზე ასვლა, გამოწყობილი იყო დახეულ ჩოხაში და ასეთივე ახალუხში. ფართო, ლეკური შალიდან შეკერილი შარვლიდან შიშველი ფეხები მოჩანდა. მე და მუანეს, გაოცებისგან უნებლიე ძახილი აღმოგვხვდა; ცივილიზებულ ხალხებში სილამაზე ისე დიდად ფასობს, რომ მასზე დავა არ შეიძლება. მისი არაღიარება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, ქალს ეკუთვნის იგი თუ – მამაკაცს. მე ვკითხე ახალგაზრდა კაცს წარმომავლობის შესახებ და გავიგონე: ის – ქართველია“.

 

„ჩერქეზის უპირატესობა ქართველთან მიმართებაში მდგომარეობს ისეთ სილამაზეში, რომელიც ყოველთვის ექნება მთიელს, ქალაქის მცხოვრებთან შედარებით, ანუ ნახევრად ველური განვითარებისა და ფორმის სინატიფის შეერთებაში. ჩერქეზი, ხელზე დასმული შევარდენით, მხრებზე მოსხმული ნაბდით, თავზე ყაბალახით, ქამარ-ხანჯლით, გვერდზე ხმლით და ზურგზე იარაღით, შუა საუკუნეებს წარმოადგენს, XV ასწლეულს, შუა მეცხრამეტე საუკუნეში. აბრეშუმსა და ხავერდში გამოწყობილი ქართველი კი XVII საუკუნის ცივილიზაციას განასახიერებს, ეს ვენეცია, სიცილია, საქართველოა“.

 

[ბაგრატიონებზე]: „ბუინაკში (ქალაქი დაღესტანში, ყოფ. თემირ-ხან შურა), სადარბაზოსთან, დავინახეთ ასე ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის, დახვეწილ ჩერქეზულ სამოსში გამოწყობილი ბატონი. ეს თავადი ბაგრატიონი გახლდათ. მართლაც, როგორც აღმოჩნდა, იგი ჩვენ გვეძებდა. მე დაუსწრებლად ვიცოდი, თავადის შესახებ. ვიცოდი, რომ იგი რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე მამაცი იყო და სრულიად სამართლიანად, სწორედ იგი მეთაურობდა არმიის სამთო ცხენოსან მილიციას. ქართველი, ანუ ბარის მცხოვრები, რომელიც მთიელებს მეთაურობს, უფრო მამაცი უნდა იყოს, ვიდრე მისი ყველაზე მამაცი ჯარისკაცი. რაც შეეხება წარმოშობას, ბაგრატიონი – ძველი ქართული სამეფო დინასტიის შთამომავალი გახლდათ…“.

 

 

 

[ქალბატონზე, თავად ჭავჭავაძეზე]: „თავადის ქალს, ჭავჭავაძეს, მთელი საქართველო (რომელიც ისედაც ცნობილია ლამაზი თვალებით) იცნობდა მისი სასწაული სილამაზის თვალების გამო; მაგრამ პირველი, რაც მისი დანახვისას გაოცებას იწვევდა, გახლდათ მისი პროფილი; პროფილი ანტიკური სისპეტაკისა, ან უკეთესი იქნება ვთქვათ, ქართული სისპეტაკისა, რომელიც სიცოცხლით იყო შეზავებული. საბერძნეთი გალათეაა, ოღონდ მარმარილოსგან გამოჭრილი. საქართველო კი, იგივე გალათეაა, ოღონდ სულშთაბერილი, ქალად ქცეული“.

 

თქვენის ნებართვით, აქ დავასრულებ მე-19 საუკუნეში, ალექსანდრე დიუმას მიერ ფურცელზე გადატანილ ნაწერებს საქართველოზე და უაღრესად აღმატებულ საუბარს ქართველებზე, რომლებსაც იგი შეხვდა კავკასიაში მისი ცნობილი მოგზაურობის დროს. ვიტყვი მხოლოდ ერთს: მოგზაური, უცნობ მხარეში მოხვედრისას, როგორც წესი, იმას აღწერს, რაც მის თვალწინ იშლება, რასაც მისი აღქმა და ემოციები კარნახობენ და რისიც შემდგომ ქაღალდზე გადატანა სურს, ახალი შთაბეჭდილებებისა და ხატების სიტყვით გამოსახატად. დიდი ფრანგი მოსიტყვისა და მთხრობლის, ალექსანდრე დიუმას სიტყვები საქართველოზე და ჩვენზე, ქართველებზე, მოულოდნელად დადებითი, კეთილგანწყობილი და სითბოთი განმსჭვალულია. 1858 წელს, დიუმას უკვე დაწერილი ჰქონდა „სამი მუშკეტერიც“, „ვიკონტი დე ბრაჟელონიცა“ და „ფარიკაობის მასწავლებელიც“ და მრავალი სხვა ლამაზი რომანიც. ვინმე ახალბედა ლიტერატორი არ გახლდათ, რომელიც უცხო ეგზოტიკურ ქვეყანაში მოხვდა. სწორედ ამიტომ არის საყურადღებო დიდი ფრანგი მწერლისა და მთხრობლის ასეთი აღფრთოვანება ქართველების თვისებებით, სილამაზითა და ხასიათით.

 

ბოლოს მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებული მოსაზრება დიუმას „ქარველოფილობის“ შესახებ. რატომ აღწერა დიუმამ ქართველები ასე აღმატებულად თავის „კავკასიაში“? რატომ წერს ფრანგი ქართველებზე, მოულოდნელი სიყვარულითა და აღფრთოვანებით? რა დაინახა დიდი ფრანგმა მწერალმა მეცხრამეტე საუკუნის ქართველებში ისეთი, რაც მანამდე არ ენახა სხვა ხალხებში, ათი ათასობით ლიტერატურული პერსონაჟის შემქმნელსა და გამომგონებელ მწერალს?

 

ვფიქრობ (და მსურს, ეს ასე იყოს) დიდმა ფრანგმა გამომგონებელმა და ფანტაზიორმა, მეგობრობისა და კეთილშობილების მეხოტბემ, საქართველოს მიწაზე ყოფნისას, ქართველებთან საუბრებისას, მათთან ერთად სუფრებზე მოლხენისას და ქართული ღვინის დაგემოვნებისას, იგრძნო, დაინახა და საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, თუ რამხელა ძალა აქვს ადამიანისთვის ნათქვამ კეთილ სიტყვას; სიტყვას ნათქვამს სადღეგრძელოში; სიტყვას, რომელიც იქვე, შენს თვალწინ იბადება და რომელსაც მთქმელი პირდაპირ შენ გეუბნება, ღვინით სავსე, მაღლააწეული სასმისით, თანამოინახეთა წინაშე…

 

გავიხსენოთ, რომ ქართული სუფრა ჩვენი გამოგონილი, ჩვენ მიერ შექმნილი და მართული უძველესი რიტუალია. რიტუალი, რომლის დროსაც ქართველები ერთმანეთს აქებენ და ადიდებენ, მაღალ ღმერთს მადლობას სწირავენ იმდღევანდელი დღისთვის, ერთად მღერიან, ხარობენ, ილხენენ და სუფრის ყველა მონაწილეს კეთილი სიტყვით ამკობენ; სიტყვით, რომლის ფასი და ძალაც, ძალიან და უაღრესად კარგად იცოდა ალექსანდრე დიუმამ. დიუმამ, რომელიც ალბათ მსოფლიოსთვის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორია.

 

 

 

მასწავლებელთა არაფორმალური ქსელები, როგორც პროფესიული განვითარების გზა

0
Cartoon Businesswoman Hold Meeting Vector Illustration. People Workers Sitting at Table in Office Room. Teamwork, Brainstorming, Cooperation. Statistics Discussion, Report Analysis

მასწავლებლის პროფესია სიახლეებისადმი მუდმივ მზაობასა და თვითგანვითარებაზე უწყვეტ ზრუნვას მოითხოვს. პროფესიულ წინსვლაზე ფიქრი განსაკუთრებით აქტუალურია სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც მუდმივად სიახლეებია.

მასწავლებლების გაძლიერების არაერთი საშუალება არსებობს, მაგალითად, ცენტრალიზებული სერვისები, სკოლის ბაზაზე უწყვეტი პროფესიული განვითარება, საგნობრივი კავშირები და ა.შ.

სტატიაში მიმოვიხილავ კოლეგების ურთიერთმხარდაჭერის ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა ქსელური მუშაობა.

რა უპირატესობა აქვს მასწავლებელთა ქსელურ მუშაობას?

მასწავლებლები ერთიანდებიან შინაგანი მოტივაციის საფუძველზე, ქსელში გაწევრიანებული პედაგოგები ორიენტირებულნი არიან საკუთარი გამოცდილების გამდიდრებაზე, პრაქტიკის გაზიარებასა და მოსწავლეებისთვის ექსტრაკურიკულურ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობების მიცემაზე.

ქსელური მუშაობა მუნიციპალიტეტის თუ რეგიონის დონეზე:

  • გვეხმარება პროფესიულ განვითარებაში;
  • ხელს უწყობს რესურსების ურთიერთგაზიარებას;
  • ამარტივებს კომუნიკაციას;
  • გვიბიძგებს საერთო პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული აქტივობებისკენ.

სკოლაში მუშაობის 10-წლიან პერიოდში, ორჯერ მივიღე მონაწილეობა მასწავლებელთა ქსელის შექმნასა და განვითარებაში. ორივე შემთხვევაში საინტერესო გამოცდილება მივიღე.

პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შექმნა ქვემო ქართლის მასწავლებელთა ქსელი. ქსელში გაწევრიანდა 20-მდე მასწავლებელი. ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, გამოყენებულ მეთოდებს საგანმანათლებლო რესურსებს და ა.შ.

მარნეულის გარემოსდაცვითი ქსელი

2023 წელს ორგანიზაციამ CENN (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია) დაიწყო პროექტი „EduLinks –კავშირების დამყარება განათლების საშუალებით“. პროექტი მიზნად ისახავდა მშვიდობისა და შერიგების ხელშეწყობასა და სამოქალაქო  და სოციალური ჩართულობის ზრდას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე თემებს შორის. პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან შერჩეულმა ხუთმა მასწავლებელმა შევქმენით მარნეულის გარემოსდაცვითი ქსელი, მისი გააქტიურებისთვის მოვიპოვეთ დაახლოებით 2500 ლარის ოდენობის გრანტი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ნაგავს ყრის გზის პირებზე, მდინარეში, რეკრეაციულ ზონებში. შეინიშნება ამ მხრივ გულგრილი დამოკიდებულება მოსახლეობის მხრიდან, რაც იწვევს გარემოს დაბინძურებას.

მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლას აქვს ძლიერი ეკოკლუბები, რომლებიც გარემოსდაცვით აქტივობებს ახორციელებენ. თუმცა, სკოლებს შორის არ არსებობს თანამშრომლობითი პლატფორმა და ურთიერთობა.

ჩვენმა გარემოსდაცვითმა ქსელმა მიზნად დაისახა მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მხრიდან, გარემოს დაბინძურების გაზრდილი მაჩვენებლის დონის შემცირება. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის აქცენტი გავაკეთეთ სკოლებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გაზრდაზე. პროგრამაში ჩართულმა ხუთმა მასწავლებელმა ქსელში გაწევრიანება შევთავაზეთ ახლოს მდებარე იმ სკოლებს, რომლებშიც არ ფუნქციონირებდა ეკოკლუბები.  საბოლოო ჯამში 10 სკოლის მონაწილეობით ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი ქსელი.

გარემოსდაცვით ქსელში გაწევრიანებული სკოლების წარმომადგენლების ჩართულობით, სექტემბერ-ოქტომბერში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება განხორციელდა. კერძოდ:

  • სოფელ მარადისში მოეწყო ქსელის პრეზენტაცია, სადაც შევქმენით გზამკვლევი, რომელიც სკოლებს დაეხმარება ეკოკლუბების შექმნასა და ეფექტურ ფუნქციონირებაში.
  • სოფელ ხოჯორნში ჩატარდა საუკეთესო პრაქტიკისა და ურთიერთსწავლების კონფერენცია, სადაც გამოცდილი სკოლის წარმომადგენლებმა გააზიარეს გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის/გადამუშავების, მდგრადი განვითარების მიზნებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ დაგროვილი პრაქტიკა.
  • გარემოსდაცვით ქსელში ჩართულმა სკოლებმა შეარჩიეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაბინძურებული სამი ლოკაცია დაგეგმეს ერთობლივი დასუფთავების აქციები.
  • პროექტის დასკვნით ეტაპზე ფესტივალის ფორმატით წარმოვადგინეთ სკოლის ბაზაზე წარმოებული ეკომეგობრული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა.

პროექტის დასრულების მიუხედავად, ქსელი გააგრძელებს მუშაობას. დაგეგმილი გვაქვს სკოლებში ვიზიტები და ერთობლივი ეკოლაშქრობები. ვფიქრობთ, ქსელის გაფართოებაზეც.

ქსელური მუშაობის პრინციპმა ხელი შეუწყო ეკოცნობიერების ზრდას. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვის, გადამუშავების, კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მიიღონ ზომები გარემოს დასაცავად.

მასწავლებელთა ქსელური მუშაობა გვთავაზობს უამრავ სარგებელს. კერძოდ, გვეხმარება პროფესიულ ზრდაში და გვიბიძგებს თანამშრომლობისკენ.  პედაგოგთა ქსელის შექმნასა და შენარჩუნებას შეუძლია, გააძლიეროს მასწავლებლის პროფესია და საბოლოოდ ხელი შეუწყოს მოსწავლეებისა და მთლიანად განათლების სისტემის წარმატებას.

გარემოსდაცვითი ქსელის შექმნაში მონაწილეობდნენ:

ლალი მარგიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საშუალო სკოლა;

ფიდან ასკეროვა,  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საშუალო სკოლა;

თემურ სუყაშვილი, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა;

გულდანე შამილოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკისს საშუალო სკოლა;

ლამარა ბოლქვაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საშუალო სკოლა.

 

 

იმის დავიწყება, რაც თავის დღეში არ გისწავლია

0

„ახლა მხოლოდ აღსარებანი მიტაცებენ“

 

„ყოფნა? არყოფნა? საკითხავი, აი, ეს არის“, – ეს ჰამლეტისეული დილემაა, ალბერ კამიუს რიტორიკა კი ასეთია: „გადაწყვიტო, ეს ცხოვრება ღირს თუ არა იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცე პასუხი“. გარკვევა იმისა, რა არის ცხოვრება, – ალოგიკური, აბსურდული პროცესი ხომ არა, რომელშიც ამბოხიც კი უმისამართოა? – ბევრს უცდია. იქნებ წუთისოფლის შეუცნობლობასთან ბრძოლა სიზიფეს შრომას ჰგავს? იქნებ აბსურდი სატყუარაა და მისი ბურუსის მიღმაა ჭეშმარიტება საძებარი?

მოდი, მოვიშველიოთ კამიუს ფრაზები: „სიზიფე ბედნიერი უნდა წარმოვიდგინოთ“, „მე წინააღმდეგობას ვწევ – მაშასადამე, ჩვენ ვარსებობთ“, – და შევუდგეთ „დაცემის“ მთავარ, ენიგმატურ გმირზე საუბარს, რომელიც ერთადერთია და წამყვანი ნაწარმოებში და ეს უკანასკნელიც მისი მონოლოგია, აღსარება, რომელსაც მწერალი ე. წ. „ცნობიერების ნაკადად“ გადმოგვცემს, ასე ხატავს გმირს.

თუ კამიუს ცხოვრებისეულ მოდელს ასე წარმოვიდგენთ: აბსურდი > ამბოხი > მდუმარება, – მივხვდებით, რომ გმირი მის მეორე ფაზაშია და მესამეში გადასვლას მოელის სავარაუდოდ, ანუ მისი ჭარბსიტყვაობა შემდგომ სიჩუმეში დაიდებს ბინას თუ უიმედოს თავშესაფარს, თქვენ განსაჯეთ. ეს წიგნი ჟან ბაპტისტ კლემანსის სულიერი მდგომარეობის გენიალური ფსიქოლოგიური ფორმულირებაა: „მონანიე მსაჯული“. ანუ სინანულიც და განკითხვაც ერთდროულად, ასე უჩვეულო და აცდენილი ქრისტიანულ ცნობიერებას. ნაწარმოები გვაოცებს თავისი ფსიქოლოგიზმებით: „მედუქნის ფრთხილი სიდარბაისლე – თითქოსდა გუმანი აქვს, რომ კაცთა შორის ყველაფერი ვერ არის რიგზე“; „მისი უნდობლობა გამართლებული მეჩვენება და გავიზიარებდი კიდეც, ჩემი გულღიაობა ხელს რომ არ მიშლიდეს. სამწუხაროდ, ყბედი ვარ და ადვილად ვუახლოვდები ადამიანებს. თავს ყველას ვუყადრებ-მეთქი, არ ითქმის, მაგრამ ნაცნობობის გაბმის აერცერთ შემთხვევას ხელიდან არ ვუშვებ“, – და ა.შ.

ყველაფერი კი ადამიანებზე დიდი გულაცრუებით დაიწყო. რა არის იდეა და როგორია მისი ცხოვრებაში გატარება – ამას არ ეძღვნება ყოველი ჩვენგანის ცხოვრება? გულსაც აქვსო მახსოვრობა და სწორედ ამით „ვახარისხებთ“ საკუთარ თუ სხვის პიროვნულ ღირსებებს. აი, მაგალითად, იდეის დონეზე აზროვნება პერსონაჟისა, რომელიც ბარ „მეხიკო-სითიში“ ბურჟუებთან ეგზისტენციალური საუბრებით იქცევს თუ ეძებს თავს: „ქონება თუ გაქვთ? არც მთლად უმაგისობაა? კეთილი, ეგ ქონება გაუყავით თუ არა ღარიბებს? არა? მაშასადამე, იმათ რიცხვს არ ეკუთვნით, ვისაც მე სადუკეველებს ვუწოდებ“ (12). გაურკვეველია, ეს აღსარებაა მოსაუბრისადმი, საკუთარ თავთან საუბარი თუ ღმერთისგან ამაოების არსზე პასუხის მოლოდინი, მისი შეუცნობელი „სიჩუმის ამოკითხვის“ შედეგიანი თუ უშედეგო მცდელობა. ისიც ძნელად გასარჩევია, რომანტიკოსია იგი (ბევრგან პოეტური პროზაა), მეოცნებე თუ იმედგაცრუებული რეალისტი, დაუნდობელი მერკანტილურობით: „…ამ ჭაბუკებივით ოცნებაში გართულნი დასრიალებენ თავიანთი შავი, მაღალი ველოსიპედებით და მგლოვიარე გედებსა ჰგვანან, შეუსვენებლივ რომ დაჰქრიან ზღვათა გარშემო, არხების გასწვრივ. ოცნებობენ, წრეს უვლიან და მთვარეულებივით ლოცულობენ ნისლის მოოქრულ საკმეველში გახვეულები. უკვე აქ აღარც არიან. სადღაც ათასობით კილომეტრის იქით გადახვეწილნი, იავაზე – შორეულ კუნძულებზე – ევედრებიან ინდონეზიის დამანჭულ ღმერთებს, აქ ყველა ვიტრინაში რომ ნახავთ გამოფენილს. ეს ღმერთებია, გარს რომ გვახვევია; ჩვენ ირგვლივ დაძრწიან, ხან მაიმუნებივით ებღაუჭებიან აბრებსა და კიბე-კიბედ გამართულ სახურავებს, რათა გაახსენონ ამ მწუხარე კოლონისტებს, რომ ჰოლანდია მარტო ვაჭართა ევროპა როდია; იგი ზღვაცაა, რომელსაც სიპანგომდე ან იმ კუნძულებამდე მივყავართ, სადაც ადამიანები შეშლილები და ბედნიერები იხოცებიან“ (16).

გმირი ცდილობს, საგანთა არსს ჩასწვდეს იმ სიღრმემდე, რომ მომავლის განჭვრეტაც შეძლოს ბიბლიური წინასწარმეტყველივით („არ შეგინიშნავთ, რომ ამსტერდამის ერთად თავმოყრილი არხები ჯოჯოხეთის წრეებსა ჰგვანან? ბურჟუაზიული ჯოჯოხეთია და, ბუნებრივია, შიგ ავი სიზმრები მოსახლეობენ. ჩვენ აქ უკანასკნელ წრეში ვართ…“ (16)). პერსონაჟის მსჯელობა არც პრაგმატიზმია, არც ჰუმანიზმი – ორივე ერთადაა, შიშად და აბსურდულ თავდაცვად ნაქცევი: „ღამით ხიდზე არასდროს გავდივარ, აღთქმა მაქვს დადებული. ხომ შეიძლება, ვიღაც წყალში გადავარდეს. მაშინ ორში ერთია: ან თან გადაჰყვებით, რომ გადაარჩინოთ და ამისთანა ცუდ ამინდში შეიძლება თავს რაიმე აუტეხოთ; ანდა წყალწაღებულს არ მიხედავთ და მისი უილაჯო ფართხალი დიდი ხნით დაგირღვევთ სულის სიმშვიდეს“ (17).

მონანიე მსაჯულობამდე კლემანსი ადვოკატი იყო. ხელს მარტო კეთილშობილურ საქმეებს ჰკიდებდა, ქვრივ-ობლებს იცავდა („საკმარისი იყო, ბრალდებულს მსხვერპლის სცხებოდა რამე და ჩემი მოსასხამის სახელოებიც ამოქმედდებოდნენ, აფრიალდებოდნენ და მერე როგორ!“ (17)), ფულს იმ ხალხთან კამათში შოულობდა, აგრერიგად რომ ეზიზღებოდა, თუმცა სინდისს იმით იმშვიდებდა, რომ უკეთეს მხარეს იდგა. ეს პასუხისმგებლობაა კაცისა, რომლის წართმევით ის ცოფიან პირუტყვს დაემსგავსებოდაო, გვეუბნება პერსონაჟის პირით მწერალი. ქრთამი არასდროს აუღია, ხოლო ღარიბებისთვის ფული არასდროს გამოურთმევია. ეს კი დიდი თავმდაბლობაა და ასეთივე წესიერება, ერთი შეხედვით. მაგრამ, მოდი, მივყვეთ პერსონაჟისეულ თავის „ჩხრეკას“ და მივადგებით ამ თავმდაბლობის სათავესაც: „ქუჩაში ვინმესთვის გზის სწავლებაც მიყვარდა, ცეცხლის მიწოდებაც, დატვირთული ურიკებისთვის ხელის შეშველებაც, თუ მანქანა გაიხრიგინებდა სადმე, ხელს მაინც წავკრავდი ხოლმე. მოხუცი ქალისგან ყვავილების ყიდვაც მიყვარდა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს ყვავილები მონპარნასის სასაფლაოზე ჰქონდა დაკრეფილი. მოწყალების გაცემა გულით მიყვარდა… მათხოვრის დანახვაზე სიხარულით ცას ვეწეოდი ხოლმე“. აი, აქ, ბოლო წინადადებაშია მიზეზი მისი ნარცისული ამპარტავნებისა – იგი თავისი სიკეთით სამყაროს უსამართლობას კი არ ებრძვის, თავს იწონებს საკუთარი თავის, იდეათა სამყაროს ანუ ღმერთის წინაშე, ასე ვთქვათ, საკუთარი „სრულყოფილებით“ ტკბება. ასე ჰყავს ჟანს თავისი თავი სადღაც სულ ზემოთ, „კვარცხლბეკზე“ შემოსმული და არსად ისე თავისუფლად არ გრძნობს თავს, როგორც ამაღლებულ ვითარებაში: „ისე სისხლსავსედ ვცხოვრობდი, ისე უბრალოდ და ისეთი ძალით ვგრძნობდი ჩემს კაცურ ბუნებას, რომ თავი თითქმის ზეკაცად მყავდა წარმოდგენილი“ (26). ასე იკვებება მთავარი პერსონაჟის სათნოება საკუთარი თავით.

ხალხს ტრაგედია სჭირდება, მას სურს, რაღაც მოხდეს. ჰოდა, ნელ-ნელა შევდივართ კიდეც გმირის ტრაგიზმში, რომელსაც მსუბუქი, შემპარავი და ფილოსოფიური იუმორის საბურველში ხვევს ავტორი: „თუკი მონების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, განა, არ ჯობს, ამ მონებს თავისუფალ მოქალაქეებს ვუწოდებდეთ?“ (39). ჩემს სავიზიტო ბარათზე უნდა ეწეროსო: „ჟან ბაპტისტ კლემანსი, კომედიანტი“, – თვითირონიით ამბობს წიგნის გმირი და გვიმხელს, ბრმებს, გზაზე რომ გადავიყვანდი, ქუდსაც ვუხდიდი ხოლმეო. სინამდვილეში ეს მისი „როლის“ ბოლო აკორდი იყო – მაყურებლის წინაშე თავის დაკვრა.

ქალები მიყვარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს დღეში არავინ მყვარებიაო. არც გულქვა ყოფილა იგი და არც ცრემლს იშურებდა სათანადო მომენტებში, თუმცა მისი სულიერი ძვრების მთავარი მიზეზი, ისევ და ისევ, თვითონვე იყო. „მოკლედ, ყველა ჩემს ღირსებას ასეთი არასახარბიელო სარჩული ჰქონდა“, – ამბობს გმირი და აღარც გვიკვირს, როცა ის გაგვიმხელს, რომ ეს ყველაფერი შეუმჩნევლად იქცა ზიზღად სწორედ მათ მიმართ უფრო, ვისაც ეხმარებოდა. ამის წინაპირობა მის მიერ სამყაროს არასერიოზული აღქმაცაა: „ყველაფერი თავშესაქცევ ანდა გულის გამაწყალებელ თამაშობად მეჩვენებოდა“. ასეთი „სიმსუბუქით“ სახლდება სულში დემონი. დაიწყება გმირის მეტამორფოზაც – „მინდოდა… შემებღალა ჩემი სანაქებო სახელი, აგრერიგად რომ მაცოფებდა“. თუმცა იგი როდი ღალატობს საკუთარი თავისადმი ყველასა და ყველაფერზე აღმატებულ სიყვარულს, სხვის სიყვარულში კვლავ ძაბუნად დარჩენილი. ჰოდა, გაივლის ბევრის მიერ ნაცად „ბილიკებს“: გარყვნილება იქნება ეს, საკუთარი თავისა თუ სხვათა დადანაშაულება და განკითხვის დღის მოლოდინი: „იცით, რად აცვეს ჯვარს ის, ვიზეც შეიძლება თქვენ ახლა ფიქრობთ? საამისოდ უამრავი მიზეზი იყო. კაცის მოსაკლავად მიზეზს რა დალევს. იმის საბაბს კი ძნელად მიაგნებთ, რად იცოცხლოს. აი, რატომ არის, რომ დანაშაულს ყოველთვის ჰყავს დამცველები, სიმართლეს კი მხოლოდ ზოგჯერ“ (87).

ბევრი უსამართლობა და სისასტიკე ხდება ღვთის სახელით. მ ა ს მხოლოდ ის უნდოდა, რომ გვყვარებოდა, ჩვენ კი ერთმანეთის „ჯვარზე გაკვრა“ ყველაზე უკეთ გვეხერხება, ანუ ვხდებით მსაჯულები, დაკნინებული ქრისტიანები. პერსონაჟის მონანიებაშიც კი განდიდების მანიაა. მას ჰგონია, რომ კაცობრიობის ხსნას, გამოსავალს, ჭეშმარიტებას მიაგნო („ო, ნუ დამძრახავთ, მარტოობაში, დაღლილ-დაქანცულს თავი წინასწარმეტყველი მგონია ხოლმე. კაცმა რომ თქვას, მართლაც წინასწარმეტყველი ვარ, ამ ქვათა უდაბნოს, ნისლსა და დამყაყებულ წყალს შეფარებული წინასწარმეტყველი, უბადრუკი წინასწარმეტყველი უბადრუკ დროთა, ელია მესიის გარეშე“ (91). არადა, მისი წყევლა-კრულვა მიმართულია ცისკენ ანუ ინკოგნიტო უკანონობის მოქმედთა მიმართ, რომელთა მსჯავრის ატანა არ შეუძლია. ეს სატანური ვნებებია: „აღარც წიგნებია საჭირო და აღარც უსარგებლო საგნები-მეთქი. გარს მხოლოდ აუცილებელი ნივთები მარტყია, კუბოსავით გალაქულ-გაკრიალებული“, – ეს თავის დასამარებაა. „სიკვდილის მზის ქვეშ“, სადაც იბადებიან იმპერიებიც და ეკლესიებიც, კლემანსისთვის, რომელსაც აღარაფერი გააჩნია, მთავარი ავლა-დიდება სულიერი სიმშვიდეა, თუმცა სულის პაწია სამყაროს კარი დახშული აქვს, რადგან „იქ“ თვითონაა მეფეც, პაპიც და მსაჯულიც. მისი გულახდილობაც მისივე დადგმული ფარსის ნაწილია. ეს არის უნდობლობა არა მარტო ადამიანების, არამედ ღმერთის მიმართაც, სიყვარულის ნაკლებობა. არ მიკვირს, რომ სწორედ ქართველმა თქვა: „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“. ყოფიერების წვდომის ეს გენიალური, თავგანწირული „სიმარტივე“ სრულიად უცხოა „დაცემის“ მთავარი პერსონაჟისთვის. ამ უკანასკნელს საკურთხევლიდან მოპარული პანოს – „მოუსყიდველი მსაჯულები“ ორიგინალი სახლში უკიდია და მშვიდი სინდისით მისდევს „მონანიე მსაჯულის“ ხელობას, რადგან, მისი თქმით, „მართლმსაჯულება საბოლოოდ გამოეყო უცოდველობას“. ამიტომ იგი მზადაა, განურჩევლად ყველას  გამოუტანოს მსჯავრი, თავის დღეში არავის აპატიოს, რომ თვითონ შედარებით ცოტას გადააწყდეს, ვითომ ცოდვა შეუმსუბუქდეს. ეს ძირშივე გმობაა ქრიტიანობისა, რომელიც სინანულზე დამყნობილი, საკუთარი ცოდვის აღიარებიდან ამოზრდილი რელიგიაა, ამ განცდებისგან დაცლილი კლემანსის „სათნოება“ კი ეშმაკეულია, სრულიად ყალბი და ბუტაფორიული. ამიტომ ის, ვინც არ იცის, რა არის ნამდვილი თავისუფლება, „მონობის ჭეშმარიტ თავისუფლებას ქადაგებს“, „ამოტრიალებულ“ ქრისტიანულ პოსტულატებს: „ჯერ თავი უნდა დავიდანაშაულოთ, რათა სხვების განსჯის უფლება მოგვეცეს. რაკი ყველა მსაჯული ბოლოს მონანიედ იქცევა, პირიქით უნდა მოვიქცეთ, მონანიებით დავიწყოთ, რომ ბოლოს მსაჯულები შევიქნეთ“ (105).

ეს საკარნავალო ნიღაბია წარმოდგენისთვის („მინამგვანიც რომაა და ერთობ გამარტივებულიც“), რომელსაც ეს გმირი საკუთარი ცხოვრებისგან ქმნის და თანამედროვეებს სთავაზობს პორტრეტს, სინამდვილეში სარკეს, საკუთარი თავის დასანახს მასში ჩამხედავებისთვის, ანუ თავს უფრო მეტად იმისთვის იდანაშაულებს, რომ სხვები განსაჯოს. რატომ ვაშავებთ, მიზეზი ცოდვებისა, მისთვის ყურადღების მიღმაა და ეს არის მისი შეცდომების, დრამატიზმის მიზეზიც. მისი ზიზღიანი მონობა გულისთქმათა მიმართ ზენიტს აღწევს და საკუთარი თავის მიუღებლობით არის ნაკვები: „ო, ჩემო კარგო, ჩვენ უცნაური, საძაგელი ქმნილებები ვართ“, – ღვთისადმი ყველა პროტესტი სწორედ საკუთარი თავის უარყოფით იწყება. ეს კი შეიძლება ისეც გამოიყურებოდეს, რომ რაღაც თვალუწვდენელ სიმაღლეზე დგახარ და იქიდან ასამართლებ ადამიანებს თუ არსთა გამრიგეს („ადამიანთა მოდგმასა და მთელ სამყაროს ჩემს სიმახინჯეს ვდებ ბრალად“). ეს „ზეკაცობა“ ღვთისადმი მისი ირონიული შურისძიებაა („თავი მამა-ღმერთი მგონია და ხალხს შემცოდეებისა და გარყვნილების მოწმობებს ვურიგებ“ (109)). ასე, ადამიანთა მოდგმის განკითხვით, რომანის გმირისავე შექმნილ „მრუდე სარკეების“ სამყარო-რეალობაში იბადება ყოველი ახალი დღე. ეს არის მანია-გრანდიოზა, რომელიც მოითხოვს ადამიან-ქვეშევრდომებს ბოროტი სიტყვების ბედნიერებით მემთვრალეობისთვის.

„მე იმ მოხუც მათხოვარს ვგავარ, ოდესღაც კაფეში რომ შემხვდა და ხელს არ მიშვებდა: „ცუდი კაცი არა ვარ, ბატონო, ამ ზომამდე იმიტომ მივედი, რომ თვალის ჩინი დამკარგვია“. დიახ, თვალის ჩინი გვაქვს დაკარგული, დილის სინათლე და წმინდა უცოდველობა, თავს შეცოდებას ადვილად რომ მიუტევებს“ (111).

ეს ბნელი დილები რომ დასრულდეს, უნდა დამთავრდეს ცრუ წინასწარმეტყველის „კარიერა“ და აღსარებასაც ბოროტი მგზნებარება მოაკლდეს. ეს კი ღვთისკენ ნაბიჯის გადადგმის გარეშე არაფრით გამოვა, ღვთისკენ, რომლის „ღამეშიც მზეა“, არათუ დილაში.

 

 

ციტატები წიგნიდან: ალბერ კამიუ, „დაცემა“. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1981 წ.

მოსიარულე დავალებების ყუთი

0

დაწყებით საფეხურზე საშინაო დავალებების ინსტრუქციებზე მუშაობამ ჩემი მეექვსეკლასელი მოსწავლეები შემოქმედებით აზროვნებამდე მიიყვანა. ისინი დამოუკიდებლად და დიდი ინტერესით ქმნიან ინსტრუქციებს წერითი დავალებებისთვის. მსურს, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ერთი სასწავლო რესურსის შესახებ. მოსიარულე დავალებების ყუთი ერთ-ერთი საგანმანათლებლო კონკურსისთვის შევქმენი და მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია.

მოსიარულე დავალებების ყუთი წერის სწავლებისთვის არის გამიზნული, თუმცა მისი სხვაგვარად გამოყენებაც შესაძლებელია.

რესურსის დასამზადებლად დაგჭირდებათ მუყაოს ან პლასტმასის ყუთი, პატარა ნივთები და ბარათები ინსტრუქციისთვის.

რესურსის მომზადება

  • მე შევარჩიე პლასტმასის დიდი კონტეინერი, რადგან კლასიდან კლასში სატარებლად მოხერხებულია. მოვძებნე გამხმარი ყვავილები და ყუთი წებოვანი ლენტით შიგნიდან გავაფორმე. ყუთის გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩემი ყვავილების ჰერბარიუმი მოგონებებს ინახავს და უმეტესობა მოსწავლეების ნაჩუქარია. პლასტმასის ყუთზე გაცოცხლებული ყვავილებით ბავშვების საჩუქრებისადმი პატივისცემის გამოხატვა მსურდა.
  • სახლში მოვძებნე 15-მდე საინტერესო ნივთი და თითოეულის შესახებ მოკლედ ვუამბე.
  • მოსწავლეებთან ერთად მოვიფიქრე ერთი ინსტრუქცია.
  • საშინაო დავალებად მივეცი, შეერჩიათ ერთი ნივთი და მეოთხეკლასელებისთვის მოეფიქრებინათ სახალისო დავალების/დავალებების ინსტრუქცია.
  • შემდეგ გაკვეთილზე წაიკითხეს ინსტრუქციები, მიიღეს უკუკავშირი და ტექსტი შეასწორეს.
  • ინსტრუქციები გადავიტანეთ ბარათებზე და ყვავილებიან კონტეინერში მოვათავსეთ.
  • ბარათზე დაწერილ ინსტრუქციებს თავი მოვუყარე, ამოვბეჭდე, გავაფორმე და ნივთებთან ერთად ყუთში მოვათავსე.

 

გამოყენების წესი:

მოსიარულე დავალებების ყუთს ვდგამთ კლასის წინ. მათ უკვე იციან, რომელი ნივთები აწყვია ყუთში. მეოთხეკლასელებსაც ვაცნობთ თითოეული ნივთის ისტორიას. მოსწავლეებს შემთხვევითობის პრინციპით ვურიგებთ ინსტრუქციის ბარათებს, რომლებსაც ხმამაღლა კითხულობენ, ვაძლევთ უკუკავშირს. თუ ინსტრუქცია ერთულათ, ნუსხას დაათვალიერებენ და თავად აირჩევენ სასურველ წერით დავალებას.

შესაძლოა, რომელიმემ ორი ან სამი დავალების შესრულების სურვილი გამოთქვას.

ამგვარად, მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დიფერენცირების საშუალება გვეძლევა.

 

მოსიარულე დავალებების ყუთი სხვადასხვა მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ, კერძოდ:

  • თავისუფალი არჩევანის წასახალისებლად;
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების დიფერენცირებისთვის;
  • მთელი კლასისთვის საერთო დავალების მისაცემად.

 

შეგვიძლია, ყუთი დროდადრო სხვა ნივთებით შევავსოთ ან ახალ-ახალი დავალებები მოვიფიქროთ, მაგალითად:

 

  • თხრობის ბარათები;
  • მახსოვრობის ბარათები ფრაზეოლოგიზმების შესახებ;
  • დღის სიტყვების ნუსხა.

მოსიარულე დავალებების ყუთის მთავარი პრინციპი ის არის, რომ ყველაფერი, რასაც ამ ყუთში მოვათავსებთ, მოსწავლეების მონაწილეობით იქნება დამზადებული.

 

ინსტრუქციები შეიძლება მრავალჯერადად გამოვიყენოთ და მარტივად მოვარგოთ სხვა ნივთს.

რესურსის დამზადებას არ სჭირდება ბევრი დრო, ქმედების სურვილს აღძრავს და მოსწავლეები ხალისით ასრულებენ.

 

მეექვსეკლასელების მიერ შექმნილი დავალებების ინსტრუქციების ნუსხა კი ამგვარია:

ბროლის ქვა

  1. მოიძიე ინფორმაცია ბროლის ქვის შესახებ;
  2. დაწერე 5 რამ, რაც მოგწონს ბროლის ქვაში;
  3. წარმოიდგინე, რომ ბროლის ქვა ხარ და დაწერე 5-წუთიანი ჩანაწერი. დაურთე ილუსტრაცია;
  4. შეავსე სიტყვის რუკა ბროლის ქვის შესახებ.

ინსტრუქციის ავტორი: შოთა მინაშვილი

 

 

 

სანემსე

შეავსე სიტყვის რუკა სანემსეზე და მესამე გრაფაში შენი მოფიქრებული წინადადება დაწერე, მეოთხე გრაფაში კი ლელა მასის სანემსე დახატე.

ინსტრუქციის ავტორი: მარიამ მამულაშვილი

 

ნიჟარა

  1. აალაპარაკე ნიჟარა. შენი აზრით, რა თავგადასავალი გადახდა მას?
  2. შენი აზრით, რატომ ისმის მასში ხმა?

ინსტრუქციის ავტორი: რეზი კაპანაძე

 

ნიჟარა

წარმოიდგინე, რომ ნიჟარა ხარ.

აალაპარაკე ნიჟარა. შენი აზრით, უყვარს თუ არა, რომ ადამიანები ყურზე იდებენ?

დაწერე, შენი აზრით, რისი ხმა აქვს ნიჟარას და რატომ აქვს ეგეთი ხმა. დავალება გააფორმე ნახატით.

ინსტრუქციის ავტორი: დათო ყირიმელი

 

ლიმონის საწუწნი კანფეტი

მოგესალმები, ძვირფასო მეგობარო. მოკლედ, დავალების ინსტრუქცია ამგვარია:

მოძებნე ყვავილებიან ყუთში საწუწნი კანფეტი და დააკვირდი. როგორც ხედავ, ის 6 ნაწილად არის დაყოფილი. ახლა დახატე შენს რვეულში 6-უჯრიანი საწუწნი კანფეტი. თითო უჯრაში ჩაწერე შენი საყვარელი თითო სიტყვა. ქვემოთ მიუწერე, რატომ მოგწონს ეს სიტყვა. წარმატებები!

ინსტრუქციის ავტორი: ნინი ფხიკლეშვილი

 

სანემსე

ყვავილებიან ყუთში იპოვე სანემსე და:

  • მოიფიქრე მისი ისტორია;
  • სანემსის მიხედვით წარმოსახვით შექმენი შენი სანემსე, დახატე და აღწერე;
  • მოიფიქრე შენი შექმნილი სანემსის შესახებ სახალისო ან სევდიანი ისტორია;
  • შენი ნაწერი წაიკითხე ხმამაღლა.

ინსტრუქციის ავტორი: მარიამ მამულაშვილი

 

 

სუნამოს ფლაკონი

  1. აალაპარაკე სუნამოს ფლაკონი.

ინსტრუქციის ავტორი: სევგი ნუგზარ კიზი

 

ქაღალდის გემი

წარმოიდგინე, რომ ქაღალდის გემი ხარ და „ტიტანიკივით“ დაგეჯახა აისბერგი. აღწერე გემის განცდები. დახატე შესაბამისი ილუსტრაცია.

ინსტრუქციის ავტორი: ანდრია დგებუაძე

 

 

ნიჟარა

მოგესალმები,

შენი საინტერესო დავალება ამგვარია:

  • მოძებნე ყვავილებიან ყუთში ნიჟარა;
  • ნიჟარას მეგობრად ყუთიდან შეურჩიე ის ნივთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს;
  • ამ ორი ნივთის შესახებ შექმენი კომიქსი.

ინსტრუქციის ავტორი: ნინი ფხიკლეშვილი

 

სუნამოს ფლაკონი

წარმოიდგინე, რომ სუნამოს ფლაკონი ხარ და მოაყოლე:

  • საინტერესო ისტორია;
  • რას გრძნობს?
  • სად ცხოვრობს?

ინსტრუქციის ავტორი: ნინი ფხიკლეშვილი

 

დაცლილი კალამი და ბროლის ქვა

  1. დახატე დაცლილი კალამი და ბროლის ქვა.
  2. დაწერე 5 რამ, რაც მოგწონს ბროლის ქვაში.
  3. აღწერე კალამი.
  4. წარმოიდგინე, რომ ბროლის ქვა ხარ და დაწერე, რას გააკეთებდი.
  5. გაიხსენე, სად შეგხვდა პირველად ბროლის ქვა ან თუ შეგხვედრია საერთოდ?
  6. დაწერე თავისუფალი თემა დაცლილ კალამზე.

ინსტრუქციის ავტორი: ნიკოლოზ კაკაბაძე

 

საწუწნი კანფეტი

ჰეი, ჰეი,

ინსტრუქცია გინდა?

უფასოა, არანაირი ფული.

  1. წარმოიდგინე, რომ კანფეტების ქარხანაში მუშაობ და შეგიძლია, კანფეტებს შიგნით ჩააყოლო ფურცლები, ხოლო ეს კანფეტები მიდის სკოლაში.

რას ჩაწერდი კანფეტში?

იქნებ დავალებების ინსტრუქციას ჩააყოლებდი?

  1. ვითომ შენ ხარ კანფეტი. შენი აზრით, როგორი მოგზაურობა გექნება?
  2. შენი აზრით, კანფეტი რას იფიქრებს ან რას იზამს? რა მოუვიდა პარკში გაიგუდა თუ…?
  3. დრო გაქვს 20 წუთი. უნდა დახატო 4 კადრი:

ა. ფურცელს რომ დებ კანფეტში;

ბ. კანფეტის მოგზაურობა;

გ. კანფეტის ფიქრები;

დ. კანფეტი სკოლაში მივიდა. რა ეწერა შიგნით?

ინსტრუქციის ავტორი: სანდრო ღირსიაშვილი

 

მოსიარულე დავალებების ყუთი მრავალმხრივ ეფექტური სასწავლო რესურსია. მისი გამოყენებით მოსწავლეები:

  • საგაკვეთილო პროცესისადმი დადებითად განეწყობიან;
  • უღვივდებათ ცნობისმოყვარეობა;
  • არჩევანის თავისუფლება უხსნით შფოთვას და ხალისით წერენ;
  • სწავლობენ შემოქმედებით წერას;
  • უფროსკლასელების მზრუნველობა უმცროსკლასელებისთვის პირად მაგალითად იქცევა;
  • უღვივდებათ თანამშრომლობითი უნარები და სასკოლო ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები შეაქვთ;
  • ყუთის გაფორმება და შერჩეული ნივთები მოტივაციას ზრდის და ბავშვები სიხარულით იწყებენ მუშაობას;
  • იწაფებიან ინსტრუქციის როგორც მცირე ზომის ტექსტის მახასიათებლების ცოდნაში, რასაც მრავალგზის გამოიყენებენ;
  • საკუთარი ნებით შექმნილი ინსტრუქციები საშინაო დავალებებისადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას აყალიბებს;
  • როგორც წესი, ამგვარ შემოქმედებით მუშაობას შედეგად ახალი იდეების გაჩენა მოჰყვება ხოლმე.

ამ ბმულზე იხილავთ, მეექვსეკლასელების მიერ მოფიქრებული ინსტრუქციების მიხედვით როგორი წერილობითი ტექსტები შექმნეს ერთ გაკვეთილზე მეოთხეკლასელებმა:

https://comreadspress.wordpress.com/2023/06/11/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%a3/

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...