კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

,,ლურჯი ია და მაია’’ – მოთხრობის მონაკვეთის დახატვა/ გამოძერწვა

პირველ კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისთვის განსაზღვრულია სამი პერიოდი: წინასაანბანო, საანბანო და ანბანის შემდგომი.

გთავაზობთ საანბანო პერიოდის სახალისო დავალებას, რომელიც შექმნილია პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოსთვის ,,მშობლიური ენის კვალზე’’ (ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი; თანაავტორი ლელა მანგოშვილი; მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას და ამავდროულად მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

რესურსები და აქტივობები იმგვარად არის შერჩეული, რომ საანბანო პერიოდის პირველი დავალების შესრულება შეუძლია ნებისმიერ პირველკლასელს, მიუხედავად იმისა, რომელი სახელმძღვანელოთი სწავლობს.

 

თემა ბავშვი და გარემო.

ძირითადი რესურსი მოთხრობა ,,ლურჯი ია და მაია’’ (ავტორი – ლელა მანგოშვილი).

გრძელვადიანი მიზანი სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

დავალებმოთხრობის მონაკვეთის დახატვა/ გამოძერწვა.

დახატე/გამოძერწე მოთხრობის („ლურჯი ია და მაია“) ის მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა. ნახატი დაასათაურე.

შეფასების კრიტერიუმები

დავალების წარდგენისას ისაუბრე:

  • რით არის ეს მონაკვეთი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი.
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ მონაკვეთში ყველაზე მეტად. რატომ დაასათაურე ასე.

დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები:

რესურსი  1. თოჯინური ფილმი ,,ბომბორა სწავლას იწყებს’’.

ილუსტრაციები

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენებთ თოჯინურ ფილმს „ბომბორა სწავლას იწყებს“. მასწავლებელს შეუძლია, შეჩერებებით ამოაცნობინოს ეპიზოდები, ასევე, შესაძლებელია, პროექტორის საშუალებით ეკრანზე გააშუქოს მოცემული ილუსტრაციები ან ამობეჭდოს.

  • რას ხედავთ პირველ ნახატზე? ეს არის პირველი მონაკვეთი.
  • დააკვირდით მეორე ნახატს. რა მოინდომა ბომბორამ? ეს უკვე მეორე მონაკვეთია.
  • რატომ უსაყვედურა მეეზოვემ მესამე მონაკვეთში? რა ეწერა კარზე? რატომ ვერ
  • წაიკითხა ბომბორამ?
  • რა მოხდა მეოთხე მონაკვეთში, რატომ უკბინა ძაღლმა ბომბორას? შეიძლება ნებართვის გარეშე სხვის ეზოში შესვლა და ვაშლის მოწყვეტა?
  • გაიხსენეთ შემდეგი მონაკვეთი, რა აჩვენა გოგონამ, რა ეწერა ჭიშკარზე? შეძლო ბომბორამ წაკითხვა?
  • დააკვირდით მეექვსე მონაკვეთს. რატომ აღმოჩნდა ბომბორა კარის ქვეშ?
  • მეშვიდე მონაკვეთში რა შესთავაზა გოგონამ ბომბორას? რა წერია დაფაზე?
  • როგორ მოიქცა ბომბორა მერვე მონაკვეთში და რა უთხრა გოგონას?

 

აქტივობა 2. მოსწავლეებს გავაცნოთ და გავააზრებინოთ დავალების პირობა.

 

  • თოჯინური ფილმის რომელი ადგილი, რომელი მონაკვეთი მოგეწონა ყველაზე მეტად, მხატვარი რომ იყო, რომელს დახატავდი?
  • როგორ ამოიცანით მონაკვეთები? (ნახატების დახმარებით).
  • სწორედ ასე უნდა გამოიცნოთ ახალი მოთხრობის – „ლურჯი ია და მაია“ – მონაკვეთები და ერთ-ერთი დახატოთ.

რესურსი 2. ია – ილუსტრაცია წიგნიდან (მოსწავლის წიგნი გვ. 28).

რესურსი 3. ია (აღწერა – იაკობ გოგებაშვილი) მასწავლებლის წიგნი გვ. 183,  მოსწავლის რვეული გვ. 56)

ია (აღწერა)

ეს იაა. იას ყვავილი ასხია. ყვავილი ამოსულია ყლორტზე. ყლორტი ამოსულია ღეროზე. ყლორტებს და ღეროს ფოთლებიც ასხია. ღერო ამოსულია ფესვებზე. ფესვები მიწაშია. ია ფესვებით იწოვს მიწიდან საკვებს და იზრდება. მისი ყვავილი ლურჯია. სურნელი ნაზი აქვს. ია გაზაფხულის დამდეგს აყვავდება ხოლმე.

იაკობ გოგებაშვილი

 

აქტივობა 3.  მოსწავლეები ას აღწერენ ნახატის მიხედვით.

აქტივობა 4. წავუკითხოთ  შემეცნებითი ტექსტი ,,ია’’.

აქტივობა 5. დავამუშაოთ ახალი სიტყვები (ყლორტი, ღერო, ფესვი.)

  • როდის ამოდის ია? რას უწოდებენ მას?
  • სად აქვს ფესვები იას?
  • რა არის ფესვებზე ამოსული? ღეროზე?
  • როგორი სურნელი აქვს იას?
  • რა ფერის არის მისი ყვავილი? გული რა ფერის აქვს? ფოთლები?

რესურსი 4. მოთხრობ„ლურჯი ია და მაია“ (მოსწავლის წიგნი გვ.136 ).

ლურჯი ია და მაია

მაიას დიდედამ ლურჯყვავილებიანი კაბა შეუკერა.

გოგონას კაბა ძალიან მოეწონა, დიდედას ჩაეხუტა, მადლობა გადაუხადა და ჰკითხა:

– დიდედა, რა ჰქვია ამ ლამაზ ყვავილს, ჩემს კაბაზე რომ ხატია?

– შვილო, ეს არის ია, ტყეში ამოდის და გაზაფხულის მოსვლას გვახარებს.

მაიამ დიდედის ნათქვამი დაიმახსოვრა და გაზაფხულზე პაპას სთხოვა, ტყეში წაეყვანა.

იქ გოგონამ ძალიან ბევრი ლურჯი ია ნახა, სწორედ ისეთი, როგორიც მის კაბაზე იყო დახატული. გახარებული ხან ერთ ყვავილთან მირბოდა, ხან – მეორესთან. გადაწყვიტა, მოეკრიფა და დიდედისთვის ეჩუქებინა.

შეშინებულმა იამ კანკალი დაიწყო, თავი მორცხვად დახარა და კიდევ უფრო დაპატარავდა.

– ნახე, როგორ შეეშინდა, მიხვდა, რომ უნდა მოწყვიტო. რამდენიმე დღე იცოცხლებს,

მერე კი გახმება, არ გეცოდება? – ჰკითხა პაპამ გოგონას.

– აბა, დიდედას როგორ მივუტანო ია?– მოიწყინა მაიამ.

– მოდი, ყვავილების მაღაზიაში წავიდეთ და ქოთანში ჩარგული ია ვუყიდოთ – შესთავაზა პაპამ.

– რა კარგია, პაპიკო! წავიდეთ! – სიხარულით ხტუნავდა გოგონა.

მაღაზიაში ქოთანში ჩარგული ძალიან ბევრი ყვავილი იყო.

უცებ მაიამ ლურჯი ია დაინახა და ხმამაღლა შესძახა:

– პაპიკო, შეხედე, აი, ია!

გამყიდველმა გოგონას გაუღიმა და ქოთანში ჩარგული ია მისცა.

გახარებულმა მაიამ პაწაწინა ხელები შემოხვია ქოთანს და ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა დიდედასთან.

 

აქტივობა  6. სათაურზე და ნახატზე დაკვირვებით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.

 

-როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება  მოთხრობა? საიდან მიხვდით?

 

აქტივობა  7. წავუკითხოთ ტექსტი მთლიანად.

 

რესურსი 5. ვიდეობმული ,,ლურჯი ია მაია’’.

https://drive.google.com/file/d/19ReIWc5N9tJeY8iXjcjLKUsHH1KttfaS/view?usp=drive_link

 

აქტივობა 8. მოსწავლეებს ვაჩვენოთ ვიდეობმული.

 

აქტივობა  9. წავუკითხოთ ტექსტი პაუზებით.

 

I პაუზა:  …. გაზაფხულზე პაპას სთხოვა, ტყეში წაეყვანა.

  • როგორი კაბა შეუკერა დიდედამ მაიას?
  • როგორ გამოხატა გოგონამ მადლიერება?
  • რა ჰკითხა მაიამ დიდედას? რით დაინტერესდა?
  • რა უპასუხა დიდედამ, რის მოსვლას გვახარებს ია?

 

II პაუზა:   …. გადაწყვიტა, მოეკრიფა და დიდედასთვის ეჩუქებინა.

  • რა ნახა მაიამ ტყეში? მითხარით, როგორი განწყობა დაეუფლა იების დანახვაზე?
  • რა გადაწყვიტა გოგონამ? ვისთვის უნდოდა იების მირთმევა?
  • რატომ დაიწყო იამ კანკალი?
  • რა რჩევა მისცა პაპამ გოგონას? მოგწონთ პაპის რჩევა?

 

III პაუზა: …. აბა, დიდედას როგორ მივუტანო ია?– მოიწყინა მაიამ.

  • რატომ მოიწყინა გოგონამ?
  • თქვენ როგორ მოიქცეოდით, მაიას ადგილზე რომ ყოფილიყავით? მოწყვეტდით იებს?

 

IV პაუზა: …. მაღაზიაში ქოთანში ჩარგული ძალიან ბევრი ყვავილი იყო.

  • რა შესთავაზა პაპამ მაიას? მოეწონა გოგონას მისი რჩევა? რატომ მოეწონა?
  • იპოვეს მაღაზიაში ქოთანში ჩარგული ლურჯი ია? რა ქნა მაიამ?
  • თქვენ გაქვთ სახლში ქოთნის ყვავილები? როგორ უვლით მათ?
  • რა ისწავლეთ ამ მოთხრობიდან? რატომ არის მნიშვნელოვანი, გავუფრთხილდეთ ბუნებას და ვიზრუნოთ მშვენიერ ყვავილებზე, ხეებზე, მცენარეებზე?

 

რესურსი 6. მონაკვეთების ამსახველი ილუსტრაციები (მოსწავლის რვეული, გვერდი 57.

  1. დიდედა და მაია ლურჯყვავილებიანი კაბით; 2. პაპა და მაია ყვავილების მაღაზიაში; 3. მაია და ტყის ლურჯი იები; 4. გოგონას საჩუქარი დიდედას ).

 

აქტივობა 10. მოსწავლეები თანამიმდევრობით დანომრავენ მონაკვეთების ნახატებს და პატარა ამბავს გადმოსცემენ.

 

  • რას ხედავთ პირველ ნახატზე? სად არიან მაია და დიდედა? მომიყევით, რა მოხდა ამ მონაკვეთში?
  • რომელი იქნება შემდეგი ნახატი, სწორად არის მოცემული რვეულში მეორე მონაკვეთი?
  • რატომ ფიქრობ ასე? (არ არის, რადგან ჯერ ტყეში წავიდნენ მაია და პაპა, სულ ბოლოს კი – ყვავილების მაღაზიაში) ნახატს დააწერეთ შესაბამისი ციფრი.
  • გაიხსენეთ, რა მოხდა მესამე მონაკვეთში (მაიამ გადაწყვიტა იების მოკრეფა…) მომიყევით, რატომ გადაიფიქრა?
  • რომელია ამბის ბოლო მონაკვეთი? რატომ ფიქრობ ასე?
  • რის მიხედვით დაალაგე ნახატები თანამიმდევრულად?

 

შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია, მოცემული ილუსტრაციები პროექტორით გააშუქოს ეკრანზე და ამგვარად შეასრულოს ეს აქტივობა.

 

აქტივობა 11. საუბარი პერსონაჟების შესახებ.

 

  • როგორი ადამიანია დიდედა? პაპა? (მოსიყვარულე, კეთილი, მზრუნველი) საიდან ჩანს?
    • როგორი გოგონაა მაია? საიდან ჩანს, რომ ის ყურადღებიანია? (დაიმახსოვრა, რომ ია გაზაფხულზე ამოდის.)
  • საიდან ჩანს, რომ მოსიყვარულე და მზრუნველია? (გადაწყვიტა დიდედისათვის იების მირთმევა.)
  • როგორი გოგონაა მაია, დამჯერი თუ ჯიუტი? საიდან ჩანს? (მან პაპას დაუჯერა, არ მოწყვიტა ია და ქოთნის ყვავილის ყიდვა გადაწყვიტა.)
    • კიდევ რა თვისება ჩანს, როცა მან ია არ მოწყვიტა? (გაუფრთხილდა ბუნებას.)
    • სწორად მოიქცა მაია? თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე? ხომ არ გახსენდებათ მსგავსი ამბავი, რომელიც თქვენ გადაგხდათ თავს?

 

აქტივობა  12. გოგონას განცდები/გრძნობები – მონაკვეთების ამსახველი ნახატების ქვეშ

მოსწავლეები დახატავენ ღიმილის კაცუნას, როცა მაია გახარებულია, როცა მოწყენილია – მოწყენილ კაცუნას.

 

შენიშვნა: მოსწავლეები, რომლებიც სხვა სახელმძღვანელოთი სწავლობენ, ამ აქტივობას ასე შეასრულებენ: მასწავლებელი პროექტორით გააშუქებს ეკრანზე  ილუსტრაციებს, მოსწავლეები შესაბამის ღიმილის კაცუნას დახატავენ სახატავი რვეულის ფურცელზე ან აჩვენებენ შესაბამის ბარათს. სასურველია, ეს ბარათები ჰქონდეთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს და საჭიროებისამებრ გამოიყენებენ ტექსტების წაკითხვის დროს.

როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს და განიცდის გოგონა პირველ ნახატზე? მოწყენილია თუ გახარებული? რატომ? მეორეზე? მესამეზე? მეოთხეზე?

 

აქტივობა 13. მოსწავლეები დახატავენ ამბის შერჩეულ მონაკვეთს, წარადგენენ და ნახატებს გამოფენენ საკლასო გალერეაში.

 

  • ყველაზე მეტად რომელი მონაკვეთი მოგეწონა? (დიდედამ მაიას ლურჯყვავილებიანი კაბა შეუკერა; პაპა და მაია ტყეში არიან; შეშინებული ია; მაია და პაპა ყვავილების მაღაზიაში).
  • რით უკავშირდება ეს მონაკვეთი შენს პირად გამოცდილებას, ხომ არ გაგახსენდა მსგავსი ამბავი?
  • რით არის ის შენთვის საინტერესო? რომელ მონაკვეთს დახატავ/გამოძერწავ?
  • ამ მონაკვეთში რომელი სიტყვა ან გამოთქმა მოგეწონა ყველაზე მეტად?

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი