პარასკევი, მაისი 9, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

მოსწავლე – აქტიური შემსწავლელი

0

ზარი ირეკება, გაკვეთილი დაიწყო, მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და იწყებს გაკვეთილს, სვამს რამდენიმე კითხვას განვლილი მასალის აქტუალიზაციისათვის. ორი -სამი მოსწავლე იწევს ხელს და პასუხობს.

წარმოვიდგინოთ სხვა სცენარი: ზარი ირეკება, გაკვეთილი დაიწყო, მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და იწყებს გაკვეთილს, დაფაზე წერს რამდენიმე კითხვას განვლილი მასალის აქტუალიზაციისათვის.  მოსწავლეები რვეულებში წერენ კითხვებზე პასუხს ინდივიდუალურად, შემდეგ მეწყვილეს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს, ბოლოს ორი -სამი წყვილი აზიარებს  ჩანაწერებს.

როგორ ფიქრობთ, რომელი სცენარია უკეთესი?

რომელი მასწავლებლის კლასში მოხდება უკეთ საჭირო საკითხის გახსენება?

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულ კითხვა-პასუხის მეთოდზე, ორი-სამი ხელაწეული მოსწავლე პასუხობს, რას ფიქრობთ მოსწავლეებზე, რომლებიც ხელს არ იწევენ?

ძალიან ხშირად მოსწავლე საკლასო ოთახში ყურადღებით შეჰყურებს მასწავლებელს, თუმცა რეალურად ფიქრებით  საკმაოდ შორს არის. არსებობს უამრავი მეთოდი და აქტივობა, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლე აქტიურად, შემოქმედებითად იყოს ჩართული სწავლების პროცესში.

პერსიდა ჰიმელი  და უილიამ ჰიმელი საკუთარ წიგნში ,, Total participation teqniques” ( მასობრივი ჩართულობის ტექნიკები) გვთავაზობენ საინტერესო მეთოდებს,  მათი  გამოყენება შესაძლებელია სწავლების ნებისმიერ საფეხურზე, ნებისმიერი საგნის შესწავლისას, მასწავლებელს შეუძლია მოდიფიცირება მოახდინოს და მოარგოს საკუთარ მოსწავლეებს.

ჩვენი მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის აუცილებელია, დავეხმაროთ მათ გახდნენ კრიტიკულად მოაზროვნენი, შეძლონ პრობლემის გადაჭრა,  ამისათვის კი საჭიროა საკითხის ღრმად შესწავლა და გააზრება შეძლონ. მნიშვნელოვანია,  გააანალიზონ და შეაფასონ   საკუთარი სწავლის პროცესი.

ყოველთვის, როცა დავაპირებთ დავსვათ კითხვა -,, ვის შეუძლია მიპასუხოს?…“ ან -,, ვინმემ იცის?….“ შევჩერდეთ და შევეცადოთ მოვძებნოთ  უკეთესი გზა, გამოვიყენოთ ის აქტივობა, რომელიც დაგვეხმარება ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს საკითხის განხილვაში.

 

ჩემი მოსწავლეების საყვარელი აქტივობაა დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე.

დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე

ერთ-ერთი მარტივი აქტივობაa, რომელიც ხშირად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ის არავითარ წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.

  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, იფიქრონ საკითხის შესახებ, ჩაწერონ რვეულში საკუთარი მოსაზრება;
  2. გაუზიარონ მეზობელს, ერთად დააზუსტონ და შეავსონ;
  3. რამდენიმე წყვილი კლასს უზიარებს საკუთარ ნამუშევარს.

ამ აქტივობის გამოყენებისას შესაძლებელია წყვილები შეიცვალოს, რათა თითოეულმა მოსწავლემ რამდენჯერმე გაიმეოროს შესასწავლი საკითხი.

სწრაფი ჩანაწერი

ეს აქტივობა ხელს უწყობს  მეტაკოგნიტური  უნარების განვითარებას.

მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს:

,,-სამი წუთი გაქვთ, დაწერეთ ფურცელზე სწავლის პროცესის რეფლექსია:- რა ვისწავლეთ? – რა იყო რთული?  – რა გაგიადვილდა?“

წერის პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაფაზე ამაგრებენ საკუთარ ნამუშევრებს, შემდეგ ეძებენ ან მსგავს ან განსხვავებულ მოსაზრებებს.

მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის მარტივი კითხვა – ,, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?“ – შესაძლებელია დაეხმაროს მოსწავლეებს, ღრმად გაიაზრონ შესასწავლი საკითხი.

მასწავლებლის კითხვა შეიძლება ასეთი იყოს :

„- სამი წუთი გაქვთ, დაწერეთ ფურცელზე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს შესწავლილი საკითხებიდან? რატომ იყო მნიშვნელოვანი? “

ამ აქტივობას შეიძლება ,,დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე” აქტივობის მსგავსი საფეხურებიც მოჰყვეს, ჯერ წყვილებში და შემდეგ მთელ კლასთან ერთად განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები.

ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე, როცა საჭიროდ ჩავთვლით, მოსწავლეებმა განიხილონ თემის მნიშვნელოვანი ასპექტები.

სწრაფი ჩანახატი

ეს აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს,  საკუთარი მოსაზრება გამოხატონ აბსტრაქტულად, ნახატის სახით.

ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს, ნებისმიერი საკითხის შესწავლისას, შეიძლება ვთხოვოთ შექმნას ვიზუალური სურათი  თემის მნიშვნელოვან ასპექტებზე. ამისათვის გამოვყოთ დრო, დაახლოებით 3-5 წთ. შემდეგ კი  მოსწავლეები  საკუთარი ნახატების პრეზენტაციას გააკეთებენ. შესაძლებელია ნამუშევრების გამოფენაც მოეწყოს.

რიგში  ან წრეზე დგომა

ეს სახალისო აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ადგილებიდან წამოდგნენ და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარონ, საკლასო ოთახის მოწყობაზეა დამოკიდებული მოსწავლეების სწორ ხაზზე (რიგში ) ჩადგებიან თუ წრეზე მოეწყობიან, ორივე შემთხვევაში მოსწავლეები წყვილდებიან შემთხვევითობის პრინციპით. ამ აქტივობის პირველად გამოყენების დროს შეიძლება მოსწავლეები დაიბნენ, ამიტომ დაწყებამდე აუცილებელია დეტალური ინსტრუქცია.

  1. მასწავლებელი ამზადებს სადისკუსიო კითხვებს. მოსწავლეები წინასწარ  ეცნობიან კითხვებს, ამზადებენ პასუხებს, აკეთებენ ჩანაწერებს, აქტივობის მსვლელობისას ნებადართულია წიგნების გამოყენება.
  2. მოსწავლეები დგებიან ორ პარალელურ ხაზზე ან ორ კონცენტრულ წრეწირზე, ბრუნდებიან ერთმანეთისკენ და საუბრობენ.
  3. მოსწავლეები პირველი კითხვის პასუხებს განიხილავენ მეწყვილესთან ერთად.
  4. 2-3 წუთის შემდეგ ზარის დარეკვის ან სხვა მინიშნების შემდეგ მოსწავლეები გადაადგილდებიან, გადაინაცვლებენ ერთი ნაბიჯით, ისე რომ აღმოჩნდებიან სხვა მოსწავლის პირისპირ და იწყებენ მეორე კითხვის შესახებ მსჯელობას.
  5. მოსწავლეების საუბრის დროს მასწავლებელი გადაადგილდება რიგებს შორის, ისმენს მათ მოსაზრებებს.

იმისათვის რომ ეს აქტივობა საინტერესოდ წარიმართოს, საჭიროა შერჩეული კითხვები მოსწავლეთა მოსაზრებების დასაბუთებას, კავშირების აღმოჩენას, რაციონალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვდეს. თუ დასმული კითხვები მხოლოდ კი/არა პასუხებს მოითხოვს, აქტივობის მიმდინარეობა უინტერესო იქნება.

ქსელური კავშირები

ეს აქტივობა საუკეთესო საშუალებაა საკლასო ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის.

დეტალური ინსტრუქცია:

  1. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს რამდენიმე შეკითხვას. სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ პასუხები რვეულში ( მაგალითად: 1. ახსენით, რატომაა ნებისმიერი ორი 300-600-900კუთხეებიანი სამკუთხედი მსგავსი? 2. რა იცი მართკუთხა სამკუთხედების შესახებ?)
  2. იპოვოს ვიღაც, ვისთანაც დღეს არ უსაუბრია და განიხილოს მასწავლებლის კითხვის პასუხი მასთან ერთად.
  3. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ ზარის ხმაზე ან სხვა წინასწარ შეთანხმებულ ნიშანზე ეძებენ მეწყვილეს, რომელთან ერთადაც ჯერ არ უმუშავიათ.
  4. მეორე მეწყვილესთან განიხილავენ მეორე შეკითხვას.
  5. ასე გრძელდება სანამ ყველა საკითხი არ იქნება განხილული.
  6. მასწავლებელი მოძრაობს წყვილებს შორის, აკვირდება განხილვის პროცესს.

სწავლა-სწავლების პროცესში ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ყველა მოსწავლეს.  ზემოთ განხილული მარტივი ტექნიკების გამოყენებას არ სჭირდება წინასწარი მომზადება ან რესურსი, ადვილად დასამახსოვრებელია მოსწავლეების მიერ. მათი გამოყენებით ჩვენი თითოეული მოსწავლე აქტიურად იქნება გაკვეთილის მსვლელობაში  ჩართული.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია დავსვათ კითხვა ,,ვის შეუძლია გვითხრას..?“ თუმცა ეს უნდა იყოს ბოლო აქტივობა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, სხვა ნაბიჯების შემდეგ.

გამოყენებული ლიტერატურა    

Persida Himmele, William Himmele  (2017) Total participation techniques.

ფოტო -https://www.freepik.com/premium-vector/kids-classroom-multicultural-pupils-boys-girls-sit-desks-lesson-primary-learning-children-study-subject-write-answer-questions-school-class-interior-cartoon-vector-flat-concept_19960118.htm

 

 

„ბისოციაცია“ ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე

0

ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოუდგენელია ისეთი ტექსტის სწავლება, რომელშიც პრობლემა არ არის დასმული. მოსწავლეებს ყველა კლასში უჭირთ, როგორც  პოვნა, ისე მისი გადაჭრის გზების ძიება. მხატვრული ტექსტის სწავლების ერთ-ერთი  მიზანიც სწორედ პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაა, რაც უამრავი მეთოდით შეიძლება განხორციელდეს. ყველას მოგეხსენებათ, რომ ერთი და იგივე მეთოდის ხშირად გამოყენება რუტინული ხდება და მოსწავლეებს ბეზრდებათ. ამჯერად ვცადეთ სტრატეგია, რომელიც „ბისოციაციის“ სახელითაა ცნობილი. ცნება არტურ კოეზლერის სახელს უკავშირდება, იგი აპრობირებულია, ძირითადად, სამოქალაქო განათლების მიმართულებით, „ბისოციაციის მეთოდი წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსწავლეებში რიგი მოქალაქეობრივი კომპეტენციების (სტერეოტიპების დაძლევა, კრიტიკული აზროვნება, სიახლის მიმღებლობა, განსხვავებული შეხედულების პატივისცემა და სხვა“  (მოქალაქეობრივი განათლება 2.pdf , გვ:79).

ჩვენ, როგორც ქართული ლიტერატურის მასწავლებლებმა, გადავწყვიტეთ „ბისოციაციის“ მეთოდი ჩვენი საგნის სწავლებისას გამოგვეყენებინა. ექსპერიმენტი კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდა, რადგან სხვადასხვა სკოლების მასწავლებლები ვიყავით, სტრატეგიის დატესტვის შედეგების ურთიერთშეჯერება გადავწყვიტეთ.  თავიდანვე  ვფიქრობდით, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება ყველა კლასშია შესაძლებელი, თუმცა ჩვენ მე-5 კლასი შევარჩიეთ.

იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნას“ სწავლებისას  ქვეთავის __ „ქეთო საშინლად იტანჯება“__ ტექსტის გააზრების შემდეგ ეკრანზე გამოვიტანეთ რამდენიმე ფოტოსურათი, რომელთაგან არცერთი არ უკავშირდებოდა ამოსავალ საკითხს. თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვეთ სურათის შერჩევა. ერთი მასწავლებლის შემთხვევაში აირჩიეს -ვრცელი მწვანე მდელო, უზარმაზარი მთებით გარშემორტყმული, შუაში ტბითა და მის პირას კარვებით, ჩამავალი მზის სხივებით განათებული. მეორე მასწავლებლის შემთხვევაში-საცხოვრებელი კორპუსის ეზო, სადაც ბავშვები თამაშობენ. არჩეული ფოტოს შემდეგ მოსწავლეებს მაგალითებით ავუხსენით რა  იყო ასოციაცია,  როცა დავრწმუნდით, რომ კარგად გაერკვნენ და კარგად ართმევდნენ თავს თითოეული საგნით გამოწვეული ასოციაციების დასახელებას, ვთხოვეთ  წინასწარ დარიგებულ სტიკერებზე ინდივიდუალურად დაეწერათ თუ რა ახსენდებოდათ მათ მიერ შერჩეულ სურათზე დაკვირვებისას. შემდეგ ნაბიჯზე ერთად გავფილტრეთ პასუხები და ასეთი შედეგები მივიღეთ,  პირველი სურათის შემთხვევაში: თავგადასავალი, დასვენება, პიკნიკი, ექსკურსია, სოფელი, მეგობრები, გართობა, მუსიკა,  ოჯახი, დასვენება, თავისუფლება, ზღაპრები, სურათები… ხოლო  მეორე სურათის შემთხვევაში- მოედნის თამაშები, გართობა, ფერადი, მეგობრები, ფიქრი, მეზობლები, ურთიერთობა, ბავშვობა, მზე, ლაპარაკი….

პასუხები ასოციაციების დაფაზე გავაკარით. შემდეგ ისევ ტექსტს დავუბრუნდით და   ვთხოვეთ მოსწავლეებს, დაესახელებინათ აღნიშნული ქვეთავის  მთავარი პრობლემა. მათ ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ქეთოსთვის წარსულის გახსენება.

შემდეგი ნაბიჯზე მოსწავლეებმა შექმნეს ანალოგიები და მათ მიერ დასახელებული ასოციაციები დაუკავშირეს ტექსტის მთავარ პრობლემას;  ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქეთოს მშობლებს და ასოციაციების მეშვეობით შეემუშავებინათ წარსულის გახსენების ოპტიმალური გზა.

თუ ქვემოთ მოცემულ მაგალითებს დავაკვირდებით, ადვილად მივხვდებით ტერმინის „ბისოციაციის“ (ორჯერ ასოციაცია) არსს. ფოტოთი გამოწვეული ასოციაციები იქცნენ პრობლემის გადაჭრის გზებად. მაგ:

თავგადასავალი– წავიყვანოთ ქეთო ექსკურსიაზე ან ლაშქრობაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი და განსაკურებული იყო. შევეცადოთ იმავე მარშრუტით ვიმოძრაოთ და თან მოვუყვეთ ამ ადგილების შესახებ

პიკნიკი-მოვაწყოთ პიკნიკი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, რომელზეც მის საყვარელ კერძებს წავიღებთ და თან აღვწეროთ მისი მომზადების პროცესი

სოფელი– ვესტუმროთ ბებია-ბაბუას სოფელში, გადავიდეთ მდინარეზე, რომელზეც ოდესღაც უთევზავიათ, უბანავიათ და მივცეთ ქეთოს დათვალიერების, ფიქრის საშუალება. მივცეთ საშუალება, რომ კვლავ ითევზაოს, იბანაოს

ზღაპრები-წავუკითხოთ მისი საყვარელი ზღაპრები, ვაჩვენოთ ამავე ზღაპრების წიგნში მოცემული სურათები

თავისუფლება– მივცეთ ქეთოს სოფელში თავისუფლად მოძრაობის საშუალება, რომ არ ჰქონდეს გრძნობა თითქოს იძულებით ჰყავთ იქ

თამაში-ქეთოსთან ერთად ვცადოთ ბავშვობის თამაშების მოწყობა. ავუხსნათ თამაშის წესები

სურათები– დავათვალიერებინოთ ძველი ფოტოები, სადაც იგი მეგობრებთან, დედ-მამასთან ერთად არის აღბეჭდილი და მოვუყვეთ სად და როდის გადაიღეს იგი

გართობა– წავიყვანოთ რომელიმე მეგობრის დაბადების დღეზე და ჩავურთოთ მისი საყვარელი მუსიკა….

შემდეგ ეტაპზე ვთხოვეთ მოსწავლეებს დაეხარისხებინათ რეკომენდაციები კატეგორიებად:

ყველაზე ეფექტიანი

ეფექტიანი

ნაკლებად ეფექტიანი

მათი თვალსაზრისით  პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა გამოიკვეთა — ერთი მასწავლებლის შემთხვევაში „წავიყვანოთ რომელიმე მეგობრის დაბადების დღეზე გასართობად და ჩავურთოთ მისი საყვარელი მუსიკა“; მეორე მასწავლებლის კლასში –„ვესტუმროთ ბებია-ბაბუას სოფელში, გადავიდეთ მდინარეზე, რომელზეც ოდესღაც უთევზავიათ, უბანავიათ და მივცეთ ქეთოს დათვალიერების, ფიქრის დრო,  საშუალება, რომ კვლავ ითევზაოს და იბანაოს“

ორივე მასწავლებლის დაკვირვებით „ბისოციაცია“, გარდა იმისა, რომ „მეთოდის გამოყენების საშუალებით მოსწავლეებს უვითარდებათ: გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობის, პრობლემის გააზრების, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, იდეების ურთიერთ გაცვლისა და ერთმანეთის მოსაზრებების პატივისცემის უნარები, რაც, საბოლოოდ, იდეების საქმედ ქცევის უნარების განვითარებას უწყობს ხელს. (მოქალაქეობრივი განათლება 2.pdf გვ82), ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე გამოჩნდა, რომ იგი ასევე უწყობს ხელს ინიციატივების გამოვლენას და უმძიმესი პრობლემების გადაჭრის  დროსაც კი შემოაქვს საგაკვეთილო პროცესში მხიარული განწყობა, არის კრეატიულობის წამახალისებელიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეთოდი, რომელიც ორ განსხვავებულ მოვლენას აკავშირებს ერთმანეთთან, ხშირად ქმნის კომიკურ სიტუაციებს , თუმცა ეს ხელს არ უშლის მოსწავლეებს გონივრული დასკვნების გამოტანაში.

ბისოციაციურ მიდგომას აქტიურად მიმართავენ სწავლების ყველა ეტაპზე, მრავალი მიმართულებით, მათ შორის  წარმატებულად მოიაზრებენ მარკეტინგში, გაყიდვებში და, ზოგადად, ბიზნეს სექტორში. მიუხედავად ამისა, სტრატეგია  ეფექტიანად დაინერგა სასკოლო სწავლებაშიც, როგორც ორიგინალური იდეების მისაღები მეთოდი.

აღწერილი მეთოდი პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას-სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია, რომელიც  გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა. რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი საფეხურის საგნობრივ სტანდარტს, აქტიურდება

სამიზნე ცნება:

ტექსტი

ქვეცნება:

მხატვრული ჟანრი-მოთხრობა

ტექსტის შინაარსობრივი მხარე-თემა; მთავარი იდეა/დედააზრი,  ძირითადი საკითხი;

გამოყენებული ლიტერატურა

 

მოქალაქეობრივი განათლება 2.pdf

https://www.ask-flip.com/method/649?fbclid=IwAR1KiSDWvhe2D9LoDOVIuEg_QT5pFwg4U8GmfRRTs_pm4jo1TC_UNcElKHE

https://eiexchange.com/content/bisociation-teaching-exercise-spurs-business-model-innovation?fbclid=IwAR26yVepk4AG-BjhkwbG6xL_TAj0RJRluTZFZHVMoAuERXo8NaQO5SUSMnw

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტები მუზეუმში

0

მუზეუმებში საგანმანათლებლო ვიზიტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ცნობიერებისა და თვითშეგნების  ჩამოყალიბებაში. მუზეუმებთან ურთიერთობით მოსწავლეს უყალიბდება ღირებულებითი დამოკიდებულება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, სწავლობს საგნებისა და მოვლენების ახლებურ ხედვას, ეჩვევა კულტურულ ძეგლებთან ურთიერთობას, უვითარდება შემოქმედებითი ინტერესები.

მუზეუმებში ვიზიტის დაგეგმვას მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება, როგორებიცაა: კლასის კრების მოწვევა და მშობლების ინფორმირება/ჩართვა ვიზიტის მომზადებაში,  მოსწავლეებისთვის მუზეუმებში მოქცევის წესების გაცნობა, რესურსების მობილიზება, ვიზიტის გეგმის შედგენა და დროის განაწილება, მუზეუმების შესახებ  ინფორმაციის მიწოდება – ეს ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს ვიდეორესურსების სახითაც, როგორიცაა, მაგალითად: საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტის, სალომე დადუნაშვილის, საავტორო გადაცემის „ერთი დღე მუზეუმში“ ჩანაწერები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო-შემეცნებითი სასწავლო აქტივობების სწორად და ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება. მინდა გიამბოთ მუზეუმებში ჩემ მიერ სადამრიგებლო კლასში (მეხუთე კლასი) დაგეგმილ   და განხორციელებულ აქტივობებზე, რომელთა  შედეგები ეფექტიანი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ვიზიტამდე ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩავატარე. ვინაიდან მეხუთეკლასელები პატარები არიან, ვიზიტები დავგეგმე ტერიტორიულად ახლომდებარე მუზეუმებში: ბორჯღალოს ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და გონიოს ციხის არქეოლოგიურ მუზეუმში.  დავგეგმე და განვახორციელე  საინტერესო აქტივობები: „სამუზეუმეო ნივთის აღწერა“ და  „სამუზეუმეო ნივთის ყოფილი მფლობელის წარმოსახვითი პორტრეტის შექმნა“. წარმოგიდგენთ თითოეულ აქტივობას.

 

ვიზიტი ბორჯღალოს მუზეუმში (ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური)

აქტივობა -„ სამუზეუმეო  ნივთის აღწერა“ (ინდივიდუალური სამუშაო).

მუზეუმის გიდის ლექციის მოსმენისა და მუზეუმის სივრცის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებს მივეცი  დავალება: შეარჩიონ სამუზეუმეო სივრციდან ერთი რომელიმე ნივთი, საგანი, რომელმაც მათი დაინტერესება გამოიწვია და აღწერონ წერილობით. გამოიყენონ გიდის ლექციაც, მუზეუმში არსებული წარწერებიც და დაიხმარონ მშობლებიც, თუ რაიმე გაუგებარი აღმოჩნდა (ეს ვიზიტი დაგეგმილი მქონდა მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად). აღწერითი ტექსტს დაურთონ ნახატიც და მოამზადონ ნაშრომი წარსადგენად. მუშაობის პროცესი საინტერესოდ წარიმართა, ბავშვები პასუხისმგებლობით მიუდგნენ დავალებას, შეარჩიეს აღსაწერი ნივთი და სამუშაო სივრცე. მუზეუმში  დიდი და კომფორტული სივრცეებია, ამიტომ ბავშვები თავისუფლად მუშაობდნენ. აქტივობაში ჩართული იყვნენ მშობლებიც, დავალების შესრულების პროცესს მასწავლებლები ვაკვირდებოდით და რეკომენდაციებსაც ვაძლევდით. სამუშაოს დასრულების შემდეგ მუზეუმის ეზოში პრეზენტაციებიც დავიწყეთ. თითოეულმა მოსწავლემ წარადგინა თავისი ნაშრომი. მოსწავლეთა პრეზენტაციებს მუზეუმის დამაარსებელი ქემალ თურმანიძეც ესწრებოდა. მან პოზიტიური შეფასებები მისცა თითოეულ მოსწავლეს,  საუკეთესოდ შეაფასა ჩვენი აქტივობა და მადლობა გადაუხადა ბავშვებს დაინტერესებისთვის.

 

ვიზიტი გონიოს ციხის მუზეუმში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გონიო)

აქტივობა „სამუზეუმეო ნივთის ყოფილი მფლობელის წარმოსახვითი პორტრეტის შექმნა.“ (ჯგუფური სამუშაო).

მუზეუმის გიდის ლექციის მოსმენისა და მუზეუმის სივრცის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები დავყავი ოთხ ჯგუფად და მივეცი ასეთი დავალება: შექმნან/დახატონ სამუზეუმეო ნივთის ყოფილი  მფლობელის წარმოსახვითი პორტრეტი. დავალებებისთვის მუზეუმიდან შერჩეული მქონდა შემდეგი ნივთები: ქალის ცისფერთვლიანი მძივი და რომაელი ლეგიონერების კატაპულტა, კარავი და შუბი. რა თქმა უნდა, მშობლებიც უნდა დახმარებოდნენ ბავშვებს დავალებების შესრულებაში. როცა ნივთის ყოფილი  მფლობელის წარმოსახვით პორტრეტს შექმნიდნენ, პრეზენტაცია უნდა გაეკეთებინათ ჯგუფურად. მშობლებმა ჯგუფებს სამუშაო მასალაც მიაწოდეს (ფანქრები, ფლომასტერები და ფურცლები). აქაც საინტერესოდ წარიმართა მუშაობა. მოსწავლეები გიდისგან იღებდნენ დამატებით ინფორმაციას, ინტერნეტით იძიებდნენ ინფორმაციას იმ ეპოქის შესაბამისი ჩაცმულობის, აღჭურვილობის შესახებ,  მშობლებისგან იღებდნენ რჩევებს. პრეზენტაციები მუზეუმის ეზოში  გაიმართა წინასწარ შერჩეულ ადგილას. თითოეულმა ჯგუფმა საინტერესო ნაშრომები წარმოადგინა, წარდგენაში ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობდა. პრეზენტაციები შეაფასა მშობლებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ და თითოეული ნამუშევარი საუკეთესოდ აღიარა.

მოსწავლეებმა  იმუშავეს გააზრებულად, მოიძიეს ინფორმაციები, გააკეთეს არჩევანი,  შექმნეს წერილობითი ტექსტები, შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტები,  ითანამშრომლეს მშობლებთან, გიდთან და ერთმანეთთან, პრეზენტაციები წარმოადგინეს მშობლების, მასწავლებლებისა და მუზეუმის თანამშრომლების წინაშე და იყვნენ ბედნიერნი და კმაყოფილნი თავიანთი შედეგებით.

მუზეუმებში ამგვარი აქტივობებით დაგეგმილი ვიზიტები მოსწავლეებისთვის  არის როგორც სახალისო და  გასართობი აქტივობა, ასევე – საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობაც, მუზეუმებში მოსწავლეები არა მარტო ისმენენ ინფორმაციას და ათვალიერებენ სამუზეუმო ექსპონატებს, არამედ აქ მიღებულ ინფორმაციას თავიანთ წარმოდგენებში აცოცხლებენ და გარდაქმნიან შემოქმედებით პროდუქტად.

პერსონაჟის წერილი მეორე პერსონაჟს

0

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო  გეგმით გათვალისწინებული გრძელვადიანი სამიზნე ცნებების დამუშავების დროს მნიშვნელოვანია შუალედური მიზნების, ანუ კომპლექსური დავალებების სწორად შერჩევა და შესრულება.

კონსტრუქტივისტული სწავლების პრინციპის გათვალისწინებით წინარე ცოდნაზე დაფუძნებით აიგება ახალი ცოდნა. ამიტომ სასურველია  ეტაპებისა და ნაბიჯების თანამიმდევრობით გაწერა.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული გამოცდილება – კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარი.

სამიზნე ცნება  ტექსტი (ჟანრები)(შედეგები:  (I).1, 2, 3, 4, 5)

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება;

2.ტექსტში მოცემული მინიშნებების  საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა;

3.ტექსტი  შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება;

ქვეცნება – არამხატვრული ჟანრი -წერილი;

საკითხი – იგავის ,,თაგვი და ლომი“  – პერსონაჟ ლომის სახელით წერილის მიწერა მეორე პერსონაჟ თაგვისთვის.

ქვესაკითხი – იგავის ,,თაგვი და ლომი“ პერსონაჟის (ლომის)ხედვის კუთხე, მისი  წერილის: სტრუქტურა, თემა, მიზანი, ადრესატი და  ენა;

წერის სტრატეგიები: კრიტერიუმების ბადის შექმნა, იდეების გენერირება; პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება.

იგავის ,,თაგვი და ლომი“ ახალი სიტყვები, პერსონაჟების თვისებები, ხედვის კუთხე

საკვანძო შეკითხვები

  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა გადარჩენილი ლომის წერილი თაგვისთვის?
  • როგორ გამოვხატო ლომის დამოკიდებულება მომხდარის მიმართ?

 

კომპლექსური  დავალების  პირობალომის წერილი თაგვს

წარმოიდგინე, რომ ხარ იაკობ გოგებაშვილის იგავის ,,თაგვი და ლომი“ პერსონაჟი, კერძოდ, ლომი და ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის შემდეგ წერილს სწერ  თაგვს.

მოირგე ლომი როლი და  თაგვისადმი  მიწერილ წერილში: გამოკვეთე, რატომ, რა მიზნით გადაწყვიტე წერილის მისთვის მიწერა; წარმოაჩინე  ლომის განცდები და ემოციები,  მისი დამოკიდებულება მომხდარის მიმართ; გამოკვეთე, როგორია მისი დამოკიდებულება  იგავის მთავარი სათქმელის (შეგონების) მიმართ; დაიცავი წერილის აგებულება (მიმართვა, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა); გამოიყენე სასვენი ნიშნები.

შეფასების კრიტერიუმი – (კონკრეტულ კომპლექსურ დავალებაზე მისადაგებული)

ნაშრომში წარმოაჩინე:

  • ვის სწერ, რატომ, რა მიზნით გადაწყვიტე მისთვის მიგეწერა (ტ. 1, 2);
  • როგორი აგებულება აქვს წერილს(მიმართვა – მისალმება, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა) (ტ.3).
  • რა მინიშნებებს დაეყრდენი ლომის ფიქრების, დამოკიდებულებების ამოსაცნობად (ტ. 2)

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარეცოდნის გააქტიურება

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ? რა გაგიადვილდებათ? რა გაგიძნელდებათ? რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1 . ქვესაკითხები: ახალი სიტყვები.

რა ხერხები გამოიყენე ტექსტის შინაარსის უკეთ გასაგებად?

რესურსი 1: „ლომი და თაგვი“

აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით;

აქტივობა 2.ტექსტის პაუზებით კითხვა და ანალიზი;

აქტივობა 3. ტექსტის დამუშავება კითხვა-პასუხი;

 

რესურსი 2. თხრობის რუკა

მთავარი პერსონაჟები:

სხვა პერსონაჟები:

მოქმედების დრო და ადგილი:
რა მოხდება შენი ამბის დასაწყისში? რა მოხდება შენი ამბის  შუა ნაწილში? რით დასრულდება შენი ამბავი?
„ერთხელ…

 

 

„ამის შემდეგ…

 

„ბოლოს…

 

 

აქტივობა 4. თხრობის რუკის ერთობლივად შევსება და მასზე დაყრდნობით შინაარსის თანმიმდევრულად გადმოცემა.

აქტივობა 5.  მოსწავლეები შეარჩევენ ანდაზას, რომელიც შეესაბამება იგავის მთავარ სათქმელს და დაასაბუთებენ, რატომ ფიქრობენ ასე.

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • რას გეუბნებათ პირველადი მინიშნებები (მაგ., სათაური, ილუსტრაცია) შინაარსის  შესახებ? რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას?(აქტ.1)
  • როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? რატომ ფიქრობთ ასე? (აქტ. 2)
  • როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიხარხარა ლომმა?
  • რამე საშიშროება ხომ არ ელის რომელიმე ცხოველს?
  • რა მოხდება მოთხრობის ამ ნაწილში?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ სურდათ მონადირეებს ლომის ცოცხლად წაყვანა?
  • რას განიცდით ლომის მიმართ?
  • რა ელის ლომს?
  • როგორ მოგეწონათ მოთხრობის დასასრული?
  • ელოდით ასეთ დასასრულს?
  • რაზე დააფიქრა თაგვმა ლომი იგავის დასასრულს?

 

  • სად და როგორ ეძინა ლომს?  (აქტ. 3)
  • რატომ გადაურბინა თაგვმა ლომს თავზე?
  • როგორ ფიქრობ, გაბრაზდა ლომი თაგვზე?
  • რას დაჰპირდა თაგვი ლომს გაშვების შემთხვევაში?
  • როგორ ფიქრობ, დაიჯერა ლომმა თაგვის სიტყვები (დანაპირები)?
  • როგორ გგონია, შეეშინდა განსაცდელში ჩავარდნილ ლომს?
  • როგორ შეიტყო თაგვმა ლომის გასაჭირის შესახებ?
  • როგორ შეძლო თაგვმა ლომის დახმარება?
  • რას მასწავლის ეს იგავი? რა შეგონებით სრულდება ის?
  • რატომ ფიქრობ, რომ ეს ანდაზა შეესაბამება იგავის შეგონებას?

აქტივობა 6. ლექსიკაზე მუშაობა 1

აქტივობა 7. შეავსე სქემა ახლად ნასწავლი სიტყვების გამოყენებით. 2

 

სიტყვის განმარტება ნახატი
სინონიმი, ანტონიმი სიტყვა წინადადებაში

 

აქტივობა 8. გაგრძელებებით კითხვა.

აქტივობა 9.  შერჩეული პასაჟის გამომსახველობითად წაკითხვა.

აქტივობა 10. აბზაცების ფუნქციის ამოცნობა.

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორ გესმით: „დაბურულ ტყეში“? (აქტ.6)
  • სხვანაირად როგორ იტყოდით: „მშვიდად ეძინა“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? მოიყვანეთ მაგალითები.
  • როგორ გესმით „ღრიალი მორთო“, ,,გულიანად გადაიხარხარა“? საიდან მიხვდი ამას? მოიფიქრე ერთ-ორწინადადებიანი ამბავი ამ სიტყვების გამოყენებით.
  • როგორ გესმით ,,მიცუნცულდა“? კიდევ რაზე შეიძლება ითქვას „მიცუნცულდაო“? სხვანაირად როგორ იტყოდი ამას?
  • როგორ წავიკითხოთ ტექსტი გამომსახველობითად? (აქტ.9)
  • რატომ არის მნიშვნელოვანი სასვენი ნიშნების წინასწარ დანახვა?
  • რამდენად გამოხატე ინტონაციით, მახვილებით, ხმის ტემბრით მთხრობლის/პერსონაჟების ემოციები, განცდები?
  • რამდენი აბზაცია ამ ტექსტში? (აქტ. 10)
  • დააკვირდი, რისთვისაა საჭირო მეორე აბზაცი? რა ცვლილებას აღნიშნავს? (მაგ., მოქმედების დროის, მოქმედების ადგილის შეცვლას? ახალი მოქმედების დაწყებას? და სხვ.
  • რატომ არის მნიშვნელოვანი აბზაცის გამოყოფა? რით უადვილებს მკითხველს ტექსტის გაგებას? რა იქნებოდა ტექსტებში აბზაცები რომ არ ყოფილიყო?

 

ნაბიჯი 2 . ქვესაკითხები:  იგავის ,,თაგვი და ლომი“ პერსონაჟის (ლომის) წერილის სტრუქტურა, თემა, მიზანი, ადრესატი, ენა;

როგორი აგებულება აქვს წერილს (მიმართვა-მისალმება, ძირითადი ნაწილი, ხელმოწერა) (ტ.3)

რესურსი 1. პირადი წერილის სამოდელო ვარიანტი

გამარჯობა, სანდრო!

როგორ ხარ? როგორ არიან თამრიკო დეიდა და ვახტანგი ბიძია? ორივე მომიკითხე.

სანდრო, მინდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი გაგაცნო.მას თომა ჰქვია. თომა ჩემზე ერთი წლით უფროსია. სამი თვის წინ გადმოვიდა ჩვენს ეზოში საცხოვრებლად. მე და თომა მალე დავმეგობრდით. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს.  თომაც ჩემსავით მხიარული და ცნობისმოყვარეა, გარეგნობით კი ჩემთან შედარებით უფრო მაღალი და გამხდარია, აქვს დიდი თაფლისფერი თვალები და ქერა თმა. თომა ფეხბურთზე დადის. იცი, რა მაგრად თამაშობს ფეხბურთს? მეც ვაპირებ მასთან ერთად სიარულს. რომ ჩამოხვალ, აუცილებლად გაგაცნობ.

აბა, შენ იცი, ნახვამდის!

                                                           დათო

  12 თებერვალი, 2021 წ.

 

 

რესურსი 2. წერილის სტრუქტურა

 სტრუქტურა მაგალითი განხილული წერილიდან მოვიფიქროთ  სხვა შესაძლო ვარიანტები
მისალმება/მიმართვა გამარჯობა, სანდრო! ძვირფასო სანდრო! ჩემო სანდრო!  . . .
 

ძირითადი ტექსტი

 

როგორ ხარ? როგორ არიან თამრიკო დეიდა და ვახტანგი ბიძია? ორივე მომიკითხე.

სანდრო, მინდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი გაგაცნო. . . . .

როგორ გიკითხო?. . .
გამომშვიდობება, ხელმოწერა აბა, შენ იცი, ნახვამდის!                                                            დათო იმედი მაქვს მალე გნახავ,

შენი დათო . . .

შენი მეგობარი დათო

. . . . . . .. .

 

აქტივობა 1.  სამოდელო წერილის განხილვა სტრუქტურული და შინაარსობრივი თვალსაზრისით (რესურსი1)

აქტივობა 2. წერილის სტრუქტურული ჩარჩოს დამუშავება (რესურსი 2)

 

გეზისმიმცემი შეკითხვები:

 

  • ვინ წერს წერილის? საიდან ჩანს?
  • ვის სწერს წერილს? საიდან ჩანს?
  • რა არის წერილის მიზანი? რატომ ფიქრობ ასე?
  • სად არის მიმართვა?
  • სად არის გამომშვიდობება ? ხელმოწერა?
  • რომელია ძირითადი ნაწილი?
  • რამდენი აბზაცისგან შედგება ძირითადი ნაწილი? რატომ არის მეორე აბზაცი გამოყოფილი?
  • რამდენი ნაწილისგან შედგება წერილი?

 

ნაბიჯი 3 . ქვესაკითხები: იგავის ,,თაგვი და ლომი“ პერსონაჟების თვისებები და ხედვის კუთხე

რა მინიშნებებს დაეყრდენი ლომის ფიქრების, დამოკიდებულებების ამოსაცნობად (ტ2)

რესურსი 1. პერსონაჟის რუკა

აქტივობა 1. სიტყვა-ცნების „მინიშნების“ გაგებინება (იხ. მეთოდიკური დანართი)

აქტივობა 2:  მსჯელობა ლომის ფიქრებსა და ემოციებზე, მინიშნებაზე დაყრდნობით;

აქტივობა 3. პერსონაჟის რუკის შევსება (რესურსი 1)

 

 

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • რას ფიქრობდა ლომი, როდესაც ნახა, რომ მისი გაღვიძება პაწაწუნა თაგუნამ გაბედა? რატომ ფიქრობ ასე, რა მინიშნებებს ეყრდნობი?
  • რა ემოცია დაეუფლებოდა ლომს თაგვის ნათქვამზე?
  • როგორ გგონიათ, რას გრძნობდა და ფიქრობდა ლომის ტყვეობისგან გათავისუფლებული თაგვი? რატომ ფიქრობ ასე?
  • რას იფიქრებდა მონადირეების მიერ ხეზე მიბმული ლომი? რატომ ღრიალებდა? გაახსენდებოდა მას ამ მომენტში თაგვი?
  • რას გაიფიქრებდა თაგვის დანახვაზე დაბმული ლომი?
  • როგორ გგონიათ, რაზე დაფიქრდებოდა ლომი იგავის დასასრულს თაგუნას სიტყვების მოსმენის შემდეგ?
  • რისი თქმა მოუნდებოდა ლომს თაგვისათვის?

 

 

ნაბიჯი 4 . ქვესაკითხები:  წერის სტრატეგიები.

რა სტრატეგიები გამოიყენე წერილის დასაწერად?

ვის წერ, რატომ, რა მიზნით (ტ.1.2)

 

რესურსი 1.

 

წერის დაწყებამდე

 

 

 გავიხსენოთ, ვინ არის წერილის ავტორი, ვისთვის წერს წერილს;

დავფიქრდეთ, რის სათქმელად მოუნდებოდა წერილის მიწერა?

შევადგინოთ დამხმარე გეგმა-ჩარჩო;

 

წერის დროს

 

 შევქმნათ პირველი, შავი ვარიანტი გეგმა-ჩარჩოს დახმარებით;
 

წერის შემდეგ

 

 გადავიკითხოთ მკითხველის თვალით;

კრიტერიუმების გამოყენებით აღმოვაჩინოთ ხარვეზები, შეცდომები;

გავაუმჯობესოთ, გავასწოროთ შეცდომები;

გადავათეთროთ წერილი და მოვემზადოთ წერილის გამომსახველობითად წასაკითხად.

 

 

რესურსი 2. წერილის გეგმა-ჩარჩო

მიმართვა როგორ მიმართავდა თაგვს?

 

ძირითადი ნაწილი რა მიზნით მისწერდა წერილს?

რისი გაზიარების სურვილი ექნებოდა?

 

გამომშვიდობება, ხელმოწერა

 

როგორ გამოემშვიდობებოდა?

 

რესურსი 3. შეფასების სქემა

 

 

კარგია გასაუმჯობესებელია
გამოკვეთე თუ არა მიმართვა, ძირითადი ნაწილი, გამომშვიდობება/ხელმოწერა ?  

 

 

 

ჩანს თუ არა წერილის მიზანი – რისთვის წერს ლომი წერილს?
ჩანს თუ არა ლომის დამოკიდებულება მომხდარის მიმართ? იგავის შეგონების მიმართ?
მაქვს თუ არა გამოტოვებული ასოები?
დავსვი თუ არა სასვენი ნიშნები?

 

აქტივობა 1. მეტაკოგნიტური პაუზაგეზისმიმცემი შეკითხვებით სტრატეგიების სქემის ერთობლივად შევსება (რესურსი 1.; იხ. მეთოდიკური დანართი );

აქტივობა 2. გონებრივი იერიშით წერილის გეგმა-ჩარჩოს ერთობლივად შევსება (რესურსი 2);

აქტივობა 3. წერილის პირველადი ვერსიის დაწერა;

აქტივობა 4. წერილის გაუმჯობესება კრიტერიუმების ბადის გამოყენებით (რესურსი 3);

აქტივობა 5. საბოლოო ვარიანტის დაწერა.

 

 

 

გეზისმიმცემი შეკითხვები:

  • როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ გაგვიადვილდეს წერილის დაწერა? (აქტ. 1)
  • რა ხერხები გამოვიყენოთ წერის დაწყებამდე? ვის როგორ წარმოგიდგენიათ? კიდევ რა ხერხების გამოყენება შეიძლება, ვის რა მოსაზრებები გაქვთ?
  • რა ხერხები გამოვიყენოთ წერის დროს? რა დაგვეხმარება წერის პროცესში?
  • რა ხერხები გამოვიყენოთ ნაწერის გასაუმჯობესებლად?
  • როგორ მიმართავდა ლომი თაგვს? ვის როგორ წარმოგიდგენიათ? (აქტ. 2)
  • რა მიზნით მისწერდა ლომი თაგვს? ვის რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
  • როგორ, რა ფორმით გამოემშვიდობებოდა, როგორ მოაწერდა ხელს?

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად,  თითოეული მათგანის  წინსვლისა და რეფლექსიის უნარის  ხელშესაწყობად.

 

ხსენი,  რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით

  • როგორი აგებულება აქვს შენს წერილს?
  • რატომ ფიქრობ, რომ წერილი დაწერილიალომის ხედვის კუთხიდან?
  • როგორ ამოიცანი პერსონაჟების თვისებები და დამოკიდებულები, რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
  • შენი თანაკლასელების ნამუშევრებიდან რომელი მოგეწონა განსაკუთრებით? რამ მიიქცია შენი ყურადღება?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და  რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ქართული ენა და ლიტერატურა- დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების)

გზამკვლევი -მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი)

https://bit.ly/3yWZ1bR

 

 

 

 

საჭიროებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა

0
Online Education with Small People Characters Around of Computer Screen. Outline School Stuff Icons. Young Guys and Girls Collective Learning. Distance Internet Courses. Flat Vector Illustration.

მინდა გაგაცნოთ სკოლაში ჩატარებული კვლევის ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციის  შედეგები.   კვლევა ეხებოდა პოსტპანდემიური პერიოდის/ონლაინსწავლების შემდგომი ეტაპის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელთა  საჭიროებებს. კვლევის თემა და სახელწოდებაა – „ონლაინსწავლების შემდგომი პერიოდის სკოლის/მასწავლებლები საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები“.

რატომ ეს თემა? საქმე ის არის, რომ პოსტპანდემიური/ონლაინსწავლების შემდგომმა პერიოდმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა სკოლა და მასწავლებელი. საჭირო გახდა სასწავლო პროცესის გამდიდრება მეთოდოლოგიურად, რისთვისაც  მნიშვნელოვანია,  მასწავლებელმა სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით შექმნას მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და დანერგოს საგაკვეთილო პროცესში.

კვლევის მთავარი მიზანი იყო დაგვედგინა – პოსტპანდემიურ პერიოდში სკოლის მასწავლებელთა საჭიროებები სხვადასახვა ციფრული რესურსების შექმნა-გამოყენების კუთხით.

კვლევის განხორციელებისთვის შევარჩიეთ სამიზნე ჯგუფები – სკოლის მეორე და მესამე საფეხურის მასწავლებლები.

კვლევისთვის წინასწარ ჩამოვაყალიბეთ  სამუშაოს გეგმა, რომელიც განვახორციელე ეტაპობრივად.   კვლევა მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:

  • პრობლემის გამოვლენა;
  • საკვლევი საკითხის შერჩევა;
  • მასწავლებლებთან კვლევის შესახებ საუბარი და მიზნის გაცნობა;
  • ანკეტირება მასწავლებლებთან;
  • მონაცემების დამუშავება;
  • მონაცემებიდან გამომდინარე ინტერვენციების დაგეგმვა;
  • ინტერვენციების განხორციელება;
  • განხორციელებული ინტერვენციების შედეგების ანალიზი;
  • შეჯამება.
  • პედაგოგებმა ვიმსჯელეთ არსებული პრობლემის ირგვლივ და შევარჩიეთ საკვლევი საკითხი. გადავწყვიტეთ  საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში მაქსიმალური გამოყენება.

დავამუშავეთ არსებულ საკითხთან დაკავშირებული შესაძლებლობები. ანუ რა პროგრამები და პლატფორმების ფარგლებში შეგვეძლო შეგვექმნა ელექტრონული სასწავლო რესურსები, რომელსაც გამოვიყენებდით სწავლების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა საგნის სწავლებაში.

შემდეგ ეტაპზე მასწავლებლები  აქტიურად ჩაერთნენ პროცესში.

მოვახდინეთ მასწავლებელთა ანკეტირება და დავადგინეთ საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებით დავგეგმეთ ინტერვენციები. ინტერვენციები განვახორციელე სკოლაში მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შეხვედრების ფარგლებში.

 

ინტერვენციების მანძილზე ვავსებდი დაკვირვების დღიურს. მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შეკრებებში მონაწილე მასწავლებლები კი რეფლექსიური შეხვედრებისას გვაცნობდნენ  ინტერვენციების დროს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში შექმნილი სასწავლო ელექტრონული რესურსების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების შედეგებს.

 

2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში  სკოლაში მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების  რამდენიმე შეხვედრის ფასილიტაცია გავწიე. ეს შეხვედრები რამდენიმე ხასიათის იყო:

  1. ინფორმაციული ხასიათის – ამ დროს კოლეგებს გავაცანი მარტივი, უფასო პროგრამები და პლატფორმები, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სასწავლო რესურსების შექმნა.
  2. პრაქტიკული ხასიათის – ამ დროს კოლეგებს დავეხმარე სხვადასხვა პროგრამებზე დარეგისტრირებულიყვნენ და დაეწყოთ რესურსების შექმნა.
  3. რეფლექსიური ხასიათის შეხვედრები – ამ დროს კოლეგებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები და გაგვიზიარეს სასწავლო პროცესში მათი გამოყენების შედეგები (მოსწავლეთა ჩართულობის ზრდის, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ზრდის მონაცემებზე დაყრდნობით).

გაგაცნობთ იმ ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც  სკოლის ათამდე მასწავლებლებმა შევქმენით.  მაგალითად  wordwall.net პროგრამაში, მოსწავლისთვის  ადვილად  გასაგები ინსტრუქციით. კარგი ის არის, რომ  აქტივობის დასრულებისთანავე მოსწავლე ამოწმებს საკუთარ ნამუშევარს და არასწორი პასუხის შემთხვევაში შეუძლია ისევ სცადოს.

გთავაზობთ სკოლის მასწავლებლებთან თანამშრომლობით, ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ  სხვადასხვა საგნებში შექმნილი რესურსების ნაწილს.

საგანი – ბიოლოგია

ეს ელექტრონული რესურსები მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს, როგორც ახალი მასალის ახსნის დროს, ასევე ცოდნის განმტკიცების ფაზაზე და მასალის შეჯამების დროს.

რესურსი 1.   ცხოველური უჯრედი        კლასი- 10

ეს რესურსი  განკუთვნილია მეათე კლასის მოსწავლისათვის. ის ითვალისწინებს ცხოველური უჯრედის ვიზუალურ მასალაში  სტრუქტურების ამოცნობასა და მის დაკავშირებას ფუნქციებთან. მოგეხსენებათ, რომ იმას, რასაც მოსწავლე თვალით ვერ ხედავს, უჭირს აღქმა და დამახსოვრება, ჩვენ თუ ამ სახით მივაწვდით მასალას, ვფიქრობ, რომ სახალისოც იქნება და ადვილად დასამახსოვრებელიც.

საგანი –  ბუნებისმეტყველება

რესურსი 2.    ადამიანის ჩონჩხი

ეს რესურსი მერვე კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.  მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ძვლები და წარმოდგენილ ფოტოს ხაზებით სწორად  დაუკავშიროს  მისი  დასახელება.

საგანი – ისტორია

რესურსი 3. გაერთიანებული საქართველოს მეფეები

ეს რესურსი VIII კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, მოსწავლემ საქართველოს მეფეები უნდა დააკავშიროს მათი მოღვაწეობის წლებს.

 

რესურსი 4.  ამოვიცნოთ სურათები.

ეს რესურსი განკუთვნილია  VIII კლასის მოსწავლეებისთვის, რესურსში მოცემულია სხვადასხვა უჯრედის ფოტოები, მოსწავლემ უნდა ამოიცნოს უჯრედის ტიპი და უჯრებში ჩაწერილი  ასოები გადაანაცვლოს ისე, რომ სწორი პასუხი მიიღოს.

Tik-Tok პლატფორმის გამოყენება სწავლების პროცესში

0

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ტიკ-ტოკი და სწავლა ვერ მეგობრობენ, მაგრამ საწინააღმდეგოს დამტკიცებაც შეიძლება. ჩემი მოსწავლეების  შესვენებების დროს მუდმივად ტელეფონში ჩარგული თავები და მოღიმარი სახეები მაიძულებდა მეფიქრა, როგორ გამომეყენებინა ეს პლატფორმა, მათი ასეთი ინტერესის სფერო, სწავლებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტად. სწავლაც ხომ გართობაა. არაფერი გვიყვარს მასწავლებლებს იმაზე მეტად, როგორც გაკვეთილის პროცესში ჩართული ყველა მოსწავლე. ტიკ-ტოკი გვთავაზობს უთვალავ გზას, როგორ მოვიზიდოთ მოსწავლეების ყურადღება და აღვაფრთოვანოთ ისინი ჩვენი გაკვეთილების შინაარსით. მასწავლებლებს შეუძლიათ წვდომა უამრავ მასალაზე ჰეშთეგის გამოყენებით #TeachersOfTiktok. ასევე, არის უამრავი ვიდეო, რომლებიც შეგიძლიათ ინსპირაციის წყაროდ გამოიყენოთ.

ჩემი მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკის მიხედვით მოსწავლეებს ყველაზე მეტად მოსმენის და საუბრის დავალებების შესრულება უჭირთ. ამიტომ შევეცადე, ეს საინტერესო პლატფორმა ამ უნარების განვითარებისთვის გამომეყენებინა. როდესაც გაკვეთილს ტიკ-ტოკ ვიდეოთი ვიწყებ, ჩემი მოსწავლეების ინტერესით სავსე თვალების და მოლოდინით სავსე სახეების ვერ შემჩნევა შეუძლებელია. რატომ მაინცდამაინც ტიკ-ტოკის ვიდეო?

  • მოკლეა (დაახლოებით 60 წამი);
  • დაფორმატებულია ისე, რომ მხოლოდ საინტერესო მომენტებზეა ყურადღება გამახვილებული;
  • ნებისმიერ საკითხზე შეიძლება სასურველი ვიდეოს მოძებნა;
  • ახალგაზრდებისთვის მუდმივად აქტუალური და საინტერესო შინაარსის თემებითაა სავსე;
  • თავად პლატფორმა ძალიან პოპულარულია ამ ასაკობრივ ჯგუფში;
  • თავადაც შეგიძლიათ შექმნათ ვიდეოები ნებისმიერ სასურველ თემაზე.

მარტში ჩატარებული ოსკარების ცერემონიიდან ვიდეომ პირველივე წუთიდან მიიზიდა ჩემი მოსწავლეების მთლიანი ყურადღება. დამეხმარა სტანდარტის შედეგების მიღწევაში, მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის მოსმენა და გაგება საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ენობრივ-გრამატიკული საშუალებების, ჟანრული მახასიათებლების ცოდნისა და სტრატეგიების გამოყენებით ზეპირი მეტყველება/ლაპარაკი კომუნიკაციის დასამყარებლად განსხვავებულ ფიზიკურ თუ ვირტუალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში.

უფრო კონკრეტულად, გაკვეთილი დავიწყეთ KeHuy Quan-ის მონოლოგით ოსკარებიდან, რომელიც დაჯილდოვდა ოსკარით მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ის მაყურებლების წინაშე ძალიან ემოციური სიტყვით გამოვიდა. პირველ რიგში თავის 84 წლის დედას მადლობა გადაუხადა და ახარა, რომ ოსკარი მოიპოვა. შემდეგ კი მსმენელებს მოგვმართა, რომ თავშესაფრიდან დაიწყო ცხოვრება და შემდეგ ამ დიდებულ სცენაზე აღმოჩნდა, ამიტომ არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა ჩვენი ოცნებებისთვის, თუ გულით გვინდა რაიმე, აუცილებლად გამოგვივა. მისი ამბავი, რომელსაც ის გვიყვება მოკლე ვიდეოში, ბავშვობიდან იწყება, ბავშვებმა იმ გაკვეთილზეც და იმის მერეც იმდენჯერ მოუსმინეს მის სიტყვას, რომ ბუნებრივად ჩაჯდა მეხსიერებაში ის გრამატიკული ერთეულებიც, რომლებიც წარსულის ამბების მოყოლის დროს დასჭირდა მსახიობს. ერთი მოკლე ვიდეო დამეხმარა მათთვის შემეხსენებინა წარსული დროის გრამატიკული დროები, მოსწავლეებმა სწორად მოძებნეს ყველა ზმნა წარსულ ფორმაში და აღნიშნეს მათ შორის განსხვავებებიც. ასევე ვიდეო დამეხმარა  მესწავლებინა ახალი ფრაზა I was afraid I would…. ვიდეოში მსახიობი ამბობს:

– I was afraid I would never surpass what I achieved as a kid.

–მეშინოდა, რომ ვერასდროს ვაჯობებდი იმას, რასაც მივაღწიე ბავშვობაში.

ვაჯობებდი – would surpass მსგავს წინადადებაში ამ ნაწილის სწორად ჩასმა ჩემს მოსწავლეებს საუბრის დროს ყოველთვის უჭირდათ. ამ ვიდეოს შემდეგ  კი– როცა წარსულში მომავალი დროის გამოყენება სჭირდებათ, სულ ეს ვიდეო ახსენდებათ ან ერთმანეთს ახსენებენ ამ კონკრეტულ წინადადებას და მათთვის უფრო მარტივი ხდება ზმნის სწორად გამოთქმა. ინფორმაციის ტრანსფერს ახდენენ ყოველდღიურ საუბრებში, დისკუსიების დროს და იყენებენ საკუთარ თავზე საუბრისას.

მოსწავლეებმა ასევე გაიზიარეს მსახიობის სიხარული, გულწრფელად უხაროდა ყველას მისი და მისი 84 წლის დედის გამო. ამბავი დამეხმარა მათი ემპათიის უნარების კიდევ უფრო გაღრმავებაში. გავავლეთ პარალელი ქართულ კულტურასთან, რომ ჩვენც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მშობლების რეაქციებს ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იამაყოს დედამ ჩვენი მიღწევებით. მოვიყვანეთ მაგალითები, როგორ ვუზიარებთ მშობლებს ჩვენს წარმატებებს და ვინ გვახსენდება პირველი, როდესაც რაიმე საამაყოს ჩავიდენთ. ამით დავანახე მათ სხვადასხვა ქვეყნის სოციოკულტურულ კონტექსტებსა და კულტურებს შორის არსებული მსგავსებები– დედის და ოჯახის პატივისცემა. ტრადიციების და ღირებულებების მიმართ უვითარდებათ საკუთარი პასუხისმგებლობა. ასევე გაიაზრეს როგორი მნიშვნელოვანია წინსვლა და წარმატება. გააანალიზეს რას ნიშნავს ზოგადი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი: „იყო შემოქმედი, თავად შექმნა ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე“. სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად, ამიტომ ეს პატარა ვიდეო შესანიშნავად დამეხმარა მოსწავლეებისთვის  ამემაღლებინა მოტივაცია. დაეჯერებინათ,რომ თუ გულით მოინდომებ და ძალიან ბევრს იშრომებ, ყველაფერი გამოგივა. მთავარია, არ დანებდე, ბევრი იშრომო, შენს ოცნებებს მიჰყვე და აუცილებლად გამოგივა. KeHuy Quan–ს 30 წლის შემდეგ გამოუვიდა და ძალიან ბედნიერია მიღწეული წარმატებით. თავადაც მოუწოდებს ვიდეოში ყველას, რომ წარმატების ისტორიები მხოლოდ ფილმებში არ ხდება, ბევრი შრომით ყველაფერია შესაძლებელი და არ დაივიწყოთ თქვენი ოცნებები. მოსწავლეებმა დატოვეს  ვიდეოზე კომენტარები, გამოვხატეთ ჩვენი გულწრფელი ემოციები. შესაძლებლობა, რომ  შენი კომენტარი ერთ დღესაც  შეიძლება თავად ჰოლივუდის ვარსკვლავმაც  მოიწონოს ან გიპასუხოს დადებითი ემოციით, ჩემს მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ სურვილს უჩენს, დაწერონ უამრავი კომენტარი ინგლისურად.

ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ავკრძალოთ ყველაფერი ,რაც სწავლების პროცესს „აფერხებს“, უმჯობესია, გამოვიყენოთ ისინი ჩვენ სასარგებლოდ. მივიღოთ სიახლე, თანამედროვე გამოწვევები, ავირჩიოთ ის, რასაც ირჩევენ ბავშვები, მოვარგოთ გაკვეთილები მათი ინტერესის სფეროს და გამოვიყენოთ ყველა რესურსი მათ საგაკვეთილო პროცესში მთლიანად ჩასართველად. მეორე დღეს მოსწავლეებმა როლური თამაშებით გააცოცხლეს ოსკარების ცერემონია, მოკლე სიტყვით მიმართეს საზოგადოებას დაჯილდოების შემდეგ, წარმოთქვეს ემოციური სიტყვები, დაიწყეს ამბის მოყოლა წარსულიდან, გაიხსენეს ბავშვობა, გამოიყენეს წარსული დროის შესაბამისი გრამატიკული ფორმები, ახსენეს ასევე რისი ეშინოდათ ბავშვობაში, რომ არ გამოუვიდოდათ, ვერ მიაღწევდნენ, გაუჭირდებოდათ. გამოიყენეს შესაბამისი გრამატიკული ფორმა. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი სათანადო სტრატეგიების გამოყენებით გრამატიკული საკითხების ცოდნის ფუნქციურ კონტექსტში მართებულად გამოყენებას. მოსწავლეებმა მოახერხეს სამეტყველო ქმედებების მიზნობრივად განხორციელება სათანადო გამონათქვამებისა და ლექსიკურ–გრამატიკული ცოდნის გამოყენებით. მადლობა გადაუხადეს ოჯახის წევრებს. გაუზიარეს სიხარული მშობლებს, ისაუბრეს, რა მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში გქონდეს მიზანი და შრომობდე ამ მიზნის მისაღწევად. მოუწოდეს სხვებსაც, რომ მთავარია, გქონდეს სურვილი და არ დანებდე, წარმატება აუცილებლად მოვა ადრე თუ გვიან.

 

 

 

კურიკულუმის განვითარების ასპექტები

0

კურიკულუმის დანერგვისა და განვითარების პროცესი  განსაკუთრებული ინტერესის საგანია,რადგან  ეს პროცესი მოიაზრებს სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობასა და ჩართულობას. რეფორმის ფარგლებში დაინერგა კომპლექსური დავალებით სწავლება. კომპლექსური დავალება შუალედური მიზანია გრძელვადიანი სამიზნე ცოდნის /საგნობრივი სტანდარტის შედეგების მისაღწევად. ამ ტიპის დავალება ემყარება სწავლების ხუთ პრინციპს და ხელს უწყობს როგორც საგნის სიღრმისეულად დაუფლებას, ისე მოსწავლეებში გლობალური ფუნქციური უნარების გააქტიურებას

კათედრის შეხვედრაზე კეთდება ანალიზი, რომელმა აქტივობამ გაამართლა, რა არის შესაცვლელი, რომელი მოერგო კარგად ამა თუ იმ კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ა.შ

გთავაზობთ კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს, რომელიც განხორციელდა მე-2 კლასში .

სამიზნე ცნება: ტექსტი (ჟანრები(შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

ქვეცნებაპოსტერი

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები:

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

საკითხი: ანიტა კაპანაძის მოთხრობის – „ცელქი ბახალა“  დედააზრის გამომხატველი პოსტერის შექმნა.

ქვესაკითხიმოთხრობის „ცელქი ბახალა“დედააზრი; პერსონაჟის ქცევა, პიროვნული მახასიათებლები,შინაგანი სამყარო, გრძნობები. ბახალას? ურთიერთობა სხვა პერსონაჟთან; პოსტერის მახასიათებლები.

საკვანძო კითხვები:

  • როგორ შევქმნა  პოსტერი მოთხრობის დედააზრის გამოსახატავად?
  • რა ხერხებსა და სტრატეგიებს გამოვიყენებ ტექსტის გასაგებად?
  • როგორ დავუკავშირო ჩემს პოსტერზე წარმოდგენილი მაგალითები ნაწარმოების დედააზრს?
  • შეესაბამება თუ არა ჩემ მიერ წარმოდგენილი მაგალითები მოთხრობის დედააზრს?

 კომპლექსური დავალების პირობა: შექმენი პოსტერი, რომელზეც ასახავს ანიტა კაპანაძის მოთხრობის “ცელქი ბახალას“   – მთავარი სათქმელის/დედააზრის შენეულ გაგებას. პოსტერზე გამოკვეთე აზრობრივი კავშირი სათაურს, წარწერებსა და ილუსტრაციებს შორის; გამოიყენე ვიზუალური ეფექტები სათქმელის გამოსაკვეთად.

  • გამოიყენე A4 ფორმატის ცარიელი ფურცელი და სხვადასხვა სახის საწერი თუ სახატავი მასალა.
  • ნამუშევარში გადმოეცი ტექსტში მოცემული საკვანძო, ძირითადი ინფორმაცია.
  • გააფორმე ილუსტრაციებით და/ან სიმბოლოებით.

ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი პოსტერია (ტ. 3);
  • რით და როგორ უკავშირდება შენი პოსტერი ნაწარმოების მთავარ აზრს (ტ. 1);

ისაუბრე, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ  დავალების შესასრულებლად და რა ცოდნა შეიძინე:

  • შეესაბამება თუ არა შენ მიერ მოყვანილი მაგალითი/მაგალითები ნაწარმოების დედააზრს?
  • შეესაბამება თუ არა აზრობრივად ერთმანეთს  პოსტერის სათაური, წარწერა და ილუსტრაციები?
  • რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება? სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?
  • რისი თქმა გინდოდა ამ ნამუშევრით? რით არის ის მნიშვნელოვანი? 
  • რა სირთულეს წააწყდი,რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა?

და რა დაგეხმარა დავალების შესრულებისას?

საკვანძო კითხვები მნიშვნელოვანია, როგორც პირობის წარდგენამდე, ისე წარდგენის შემდეგაც.

სასწავლო ერთეულის  ლოგიკურ აგებას დიდწილად განსაზღვრავს ტექსტი, რომელიც  ერთმანეთისგან განსხვავდება თემატიკით, მოცულობით,  ლექსიკური თუ ჟანრობრივი მახასიათებლებით, სტილითა და სხვა ნიშნებით. შესაბამისად, სასწავლო პროცესში მათ დამუშავებას თავისებური,  ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება,რომ მოსწავლეთათვის საინტერესო და სასარგებლო იყოს.

შერჩეული აქტივობები ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას უნდა ემსახურებოდეს. ეს შესაძლებელია კოგნიტური დიაგრამების გამოყენებით, რაც პროცესს  საინტერესოდ და სახალისოდ წარმართავს. უნდა განისაზღვროს  მიღწევის აქტუალური დონე და საჭიროებები, ნაბიჯ-ნაბიჯ, კონსტრუქტივიზმის პრინციპით   მიზანი  უფრო იოლად მიიღწევა. შემდეგი აქტივობაა ტექსტის წაკითხვა,რომელიც ვარაუდების გამოთქმით იწყება, სათაურსა და ილუსტრაციაზე დაკვირვებით.

შემდეგ ვკითხულობთ პაუზებით და მინიშნებების გათვალისწინებით მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარზე. – ეს კი  სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით შეიძლება წარიმართოს:

ცოდნის კონსტრუირებაში დახმარება მასწავლებელთა თანადგომითა და    თანამშრომლობით არის შესაძლებელი.  თუ მოსწავლეებს  აქტივობების შესრულებისას მეტ თავისუფლებას მივანიჭებთ და გავითვალისწინებთ მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ისინი მეტი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან პროცესში და წარმატებით შეასრულებენ დავალებას.

გასათვალისწინებელია,რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ზოგჯერ გამოწვევაა სასწავლო მიზნების კომპლექსურ დავალებაზე მორგება და ადაპტირება. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებისთვის ჩამოაყალიბოს კომპლექსური დავალების სხვადასხვა პირობა მათი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება თუ როგორ ვგეგმავ კომპლექსურ დავალებას, როგორ ვაფასებ მოსწავლეთა ნამუშევრებს, როგორ ავღრიცხავ მოსწავლეთა შედეგებს, როგორ ვწერ  მცირე ანგარიშს და ამ ანგარიშის საფუცველზე, როგორ ვგეგმავ ინტერვენციებს რომელიც დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მოდელების გამოყენებით.

ამ სქემით მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების შედეგებს ვინიშნავ ცხრილში, სადაც კარგად ჩანს კლასის შედეგიც და თითოეული მოსწავლის მიღწევები და გასაუმჯობესებელი  მხარეები

შემაჯამებლის/კომპლექსურის ზოგადი  ანგარიში

მოსწავლეთა უმრავლესობამ  სწორად შეასრულა კომპლექსური დავალება. სოლო ტაქსონომიის მიხედვით შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა რომ:

  • ერთ მოსწავლეს სჭირდება რემედიაცია და გამოვიყენებ ჩაშენებულ და დამოუკიდებელ რემედიაციულ აქტივობებს.
  • ერთ მოსწავლეს სჭირდება ტექსტის მიხედვით ილუსტრაციების შექმნისას მიმანიშნებელი ინფორმაციების გათვალისწინებაზე ვარჯიში და სწავლებისას  დიფერენცირებისას ამ საკითხს გავითვალისწინებ.
  • სწავლების პროცესში ხშირად გამოვიყენებ ხარაჩოს ტიპის აქტივობებს, რათა მოსწავლეებმა აქტიურ საუბარში შეძლონ ახალი ლექსიკური ერთეულების მიზანმიმართული გამოყენება. ეს დაეხმარება მათ მულტისტრუქტურული დონიდან გადავიდნენ მიმართებით დონეზე.

 

ბოლო დროს ჩატარებული არაერთი  კვლევა წარმოაჩენს განმავითარებელი შეფასების კიდევ  მნიშვნელოვან ასპექტს –   განმავითარებელი შეფასება დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებს უფრო ეხმარება, ვიდრე მაღალი შედეგების მქონეებს. ამის შედეგად მოსწავლეების საერთო მიღწევა იზრდება. ეფექტი მით უფრო დიდია, რაც უფრო ხშირად იღებენ დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეები უკუგებას განმავითარებელი შეფასებისაგან. უფრო მეტიც, მკვლევართა აზრით, ყოველთვის არსებობს განმავითარებელი შეფასების გაუმჯობესების შანსი იმისათვის, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს სასწავლო გეგმასა და სწავლება/სწავლაზე.

ცხადია, ჩამოთვლილი ეფექტები მით უფრო საგრძნობია, რაც უფრო მაღალია განმავითარებელი შეფასების სადიაგნოსტიკო პოტენციალი. რამდენადაც უფრო ზუსტად და დროულად დაადგენს მასწავლებელი მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს, იმდენად უფრო დიდია მართებული კორექტივების შეტანის შანსი სასწავლო პროცესში, მოსწავლეებში კი _ მიღწევების გაუმჯობესებისთვის მზაობის მუხტი. ამაზეა დამოკიდებული აგრეთვე ის, თუ რამდენად ხელშემწყობი იქნება საკლასო თუ სასკოლო კლიმატი.

სოლო ტაქსონომიით შედგენილი შეფასების რუბრიკაზე და მოსწავლეთა შედეგების ცხრილის მონაცემებზე დაყრდნობით იოლია განვახორციელოთ განმავითარებელი შეფასება და ამით დავეხმაროთ მოსწავლეს წარმატების მიღწევაში. ამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ სქემას:

მოსწავლეებმა უნდა მიიღონ კონსტრუქციული მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ გააუმჯობესონ შედეგები. მათ სჭირდებათ შემდგომი ნაბიჯების, საკუთარი ძლიერი მხარეების ცოდნა და ინფორმაცია მათი განვითარების გზების შესახებ, აგრეთვე საკუთარი სისუსტეების ცხადი სურათი და რჩევა, თუ როგორ შეიძლება მათი დაძლევა.

შეფასებამ უნდა გაზარდოს მოსწავლის თვითშეფასების შესაძლებლობები ისე, რომ იგი გახდეს მოაზროვნე და თვითწარმმართველი პიროვნება. დამოუკიდებელ მოსწავლეს შეუძლია, თავად მოიპოვოს ცოდნა და განივითაროს უნარ-ჩვევები.

შეფასებისას უნდა წარმოჩნდეს ყოველი მოსწავლის ყველა მიღწევა – მოსწავლეებს უნდა მიეცეთ საშუალება, საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ საკუთარი თავი, აჩვენონ საკუთარი ”მაქსიმუმი” და მიიღონ კუთვნილი აღიარება.

ამ პროცესის შემდეგ გადავწყვიტე სასწავლო პროცესში, ტექსტის დამუშავების შესაბამის ეტაპზე ინტერვენციის სახით დამენერგა  სასწავლო რესურსი „წიგნის საათი“, რომლის შესახებაც ვიდეოინსტრუქციას გავეცანი USAID საბაზისო განათლების პორტალზე.  https://chemiskola.emis.ge/

ჩემ მიერ გამოყენებული რესურსი“წიგნის საათი“ მოსწავლეებს დაეხმარა წაკითხული ტექსტის გააზრებაში, სქემა  შეავსეს კითხვის პარალელურად. რესურსს აქვს საათის ფორმა, ცალკე გამოყოფილი კონკრეტული დანიშნულების სივრცეებით. შესავსებია სივრცეები შემდეგი მიმდევრობით:

პირველ სივრცეში იწერება წიგნის სათაური, ავტორი;

მეორე სივრცე – ვარაუდი, თუ რაზე იქნება ეს წიგნი და ასევე ვაკომენტარებთ, თუ რას ეყრდნობა ჩვენი მოსაზრება.

მესამე სივრცეში იწერება პირველი შთაბეჭდილება,რაც გაგვიჩნდა პირველად წიგნის/ტექსტის კითხვისას; ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბოლოს ხდება გახსენება და შთაბეჭდილებების შედარება;

მეოთხე სივრცე- უცნობი სიტყვები, რომელიც  თვითონ ამოვიცანით,ან ლექსიკონის დახმარებით გავიგეთ;

მეხუთე სივრცე- ის შეკითხვები,რაც ტექსტის კითხვისას დაგვებადა;

მეექვსემეშვიდე სივრცეები შთამბეჭდავი ილუსტრაციების დასახატად გვესაჭიროება;

მერვე სივრცეში ის მხატვრული ხერხები ამოვიწეროთ, რომელიც ტექსტის დამუშავებისას შეგვხვდება;

მეხრე ნაწილი მთავარ პერსონაჟს ეთმობა,როგორი იყო ნაწარმოების დასაწყისში,რა თვისებები ჰქონდა,რა პრობლემას გადააწყდა,როგორ გადაჭრა, როგორ შეიცვალა და ა.შ

მეათე სივრცე ნაწარმოების სხვა პერსონაჟებს ეკუთვნით;

მეთერთმეტე ნაწილში იწერება ის შეკითხვები,რომელსაც ავტორს დავუსვამდით,შესაძლებელია რჩევა,რომელიც ავტორს ნაწარმოების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა;

ბოლო სივრცეში დავწეროთ, რა მოგვცა,რა გვასწავლა ამ ნაწარმოებმა.

ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის მიზანმიმართული გადააზრება, ყურადღება გაამახვილეს შეთავაზებულ კომპონენტებზე. კერძოდ, ვარაუდებზე, პერსონაჟებზე, ლექსიკურ ერთეულებზე, მხატვრულ ხერხებზე და ა.შ. სახალისოდ იმუშავეს კითხვის სტრატეგიებით, რასაც  ეფექტურად გამოიყენებენ მომავალში.

აღსანიშნავია, რომ ამ რესურსის გამოყენება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არის შესაძლებელი, თუ შევთავაზებთ ადაპტირებულ ვარიანტს. ეს სქემა შესაძლებელია გამოვიყენოთ მაღალ კლასებშიც, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან სამუშაოდ. დიფერენცირებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგ; ოთხდონიანი, ექვსდონიანი   “წიგნის საათი”.

ასეთი აქტივობები გვეხმარება სასწავლო პროცესი მიზანმიმართულად წარვმართოთ,  ხოლო მოსწავლეებს  აღუძრავს მოტივაციას, წინარე ცოდნაზე დააფიქრებს და კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ მობილიზებაში ეხმარება.

მოსწავლეები ემზადებიან კომპლექსური დავალების შესასრულებლად, ხდება უშუალოდ დავალებაზე მუშაობა, ხოლო ბოლო ეტაპზე კომპლექსური დავალების წარდგენა.

შემაჯამებელი დავალებების მონაცემთა ორგანიზებისთვის ვიყენებ ასეთი სახის სქემებს, რაც საშუალებას მაძლევს  კარგად დავაკვირდე თითოეული მოსწავლის დონეზე პროგრესს და მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

მოსწავლეთა სია კომპლექსური-1 კომპლექსური-2 კომპლექსური -3
ნინო პრესტრუქტურული მულტისტრუქტურული მიმართებითი
გიორგი მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული
სალომე მულტისტრუქტურული მიმართებითი მიმართებითი
საბა მიმართებითი მიმართებითი მულტისტრუქტურული
ანი მულტისტრუქტურული მიმართებითი მიმართებითი
თამარი მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული
ზაზა მიმართებითი მიმართებითი მულტისტრუქტურული

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  USAID საბაზისო განათლების ტრენინგმოდულის საპრეზენტაციო  ფაილი;
  2. სსუ USAID საბაზისო განათლების ტრენინგმოდულის საპრეზენტაციო  ფაილი;
  3. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი –  https://ganatldi.ge/app/uploads/2019/03/განმავითარებელი-შეფასება-და-დიფერენცირებული-სწავლება.pdf
  4.  განვითარების და სწავლის თეორიების მინი გზამკვლევი (თეორიის არსი, თეორიის ცენტრალური ელემენტი, პრაქტიკული ქეისი)
  5.  https://mastsavlebeli.ge/?p=28452 – განმავითარებელი შეფასება  და  მასალის უჩვეულო გამეორება
  6. განმავითარებელი შეფასება – დაფის გამოყენება  https://www.youtube.com/watch?v=s4K7amTVPRg
  7. პირველი ნაწილი –  https://www.youtube.com/watch?v=ARQtYw9rK1w&t=14s
  8. მეორე ნაწილი – https://www.youtube.com/watch?v=8oJmxDucVfY&t=60s
  9. განმავითარებელი შეფასება სასწავლო პროცესში SSU USAID https://www.youtube.com/watch?v=MPcnoTVm_pY
  10. განმავითარებელი შეფასება, როგორც კომპასი SSU USAID https://www.youtube.com/watch?v=V54Xm1lSVz8&t=9s
  11. Black, P & Wiliam, D (1998). ‘Assessment and Classroom Learning’, Education: Principles, Policy and Practice, March, vol 5, no 1, pp 7-74.
  12.  Clarke, S (2005).Formative Assessment in Action: Weaving the elements Together. London, United Kingdom: Hodder Murray

 

 

 

 

 

 

 

მხატვრული სიმბოლიკა კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენის“ პროლოგში

0

რაც უფრო დიდია ხელოვანი, მით უფრო მრავალგვარი თვალთახედვით აღიქვამს მის შემოქმედებას მკითხველი და რაც დრო გადის, მით უფრო ემატება დიდება და ბრწყინვალება. მხატვრული სახის შინაარსის საბოლოო ამოცნობა შეუძლებელია, – წერს რევაზ სირაძე, – ,,იგი ჰორიზონტს ჰგავს, რაც უფრო ვუახლოვდებით, სულ უფრო და უფრო გვშორდება. ჭეშმარიტად, მაღალმხატვრულ ნაწარმოებს არ შეიძლება მხოლოდ ერთნაირი გაგება ჰქონდეს, ამიტომაც მასზე ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი აზრი არ არსებობს.(რ.სირაძე ,,სახისმეტყველება“თბ. 1982 გვ.136-138) ხელოვნების ნიმუში იმ მრავალწახნაგოვან ბრილიანტს ჰგავს, რომელსაც უამრავი მხარე აქვს და უთვალავ ფერს გამოაშუქებს. ასეთ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება ,,დიდოსტატის მარჯვენა“. რაც უფრო უღრმავდები რომანის მხატვრულ სამყაროს, მით უფრო ახალი საოცრებანი გადაიშლება თვალწინ. მხატვრულ სახეთა საოცარი კანონზომიერი კავშირი, რაც პროლოგში და არამარტო პროლოგში გამოიკვეთება, მისი ახლებური წაკითხვის კიდევ ერთ საშუალებას იძლევა. გამსახურდიასაც ხომ ასე სწამდა: ,,კრიტიკა ეგ უნდა იყოს ახალი და სავსებით სუბიექტური საშუალებებით გაშუქება პოეტის, მხატვრის, დრამატურგის მიერ არასუბიექტური მეთოდით აღძრული ქმნილებისა…კრიტიკოსს რეპროდუქციის შექმნა როდი ევალება, არამედ უკვე შექმნილისათვის ,,წამატება“.(კ. გამსახურდია ,,თხზულებანი“ ტ.მე-6  გვ.182).

,,დიდოსტატის მარჯვენის“ პროლოგი თავიდანვე დინამიკურია: თანამედროვეობისა და წარსულის დამაკავშირებლად ახლაც დაჰქრიან ცხენები…პირველივე წინადადება გვიჩვენებს საზოგადოებასა და მწერალს შორის განსხვავებას: ,,დასვენების დღეს, როცა თბილისელები კომფორტაბელური ავტოებით მიემგზავრებიან ქალაქგარეთ, ჩვეულებისამებრ ჰიპოდრომზე მივდივარ ხოლმე.“ თუ თანამედროვეებს ცივილიზებული ავტოებით სეირნობა იტაცებთ, მწერალს ,,გარდაუვალი ვნება აქვს ცხენოსნობისადმი“. პირველივე წინადადებაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი განსხვავებული სატრანსპორტო საშუალება – ავტო და ცხენი. ეს დაპირისპირება რეალურიც არის და სიმბოლურიც, მაგრამ ამაზე ქვევით…

მწერალი ცხენთა არჩევანშია: სეირა, ნავარდა, დარდიმანდი. სეირას მანქანების ეშინია, ნავარდა ხიდზე გადასვლას უფრთხის. მანქანები მე-20 საუკუნის ტექნოკრატიული ეპოქის გამოხატულებაა, მშიშარა ცხენი ვერ დასძლევს, ვერ გაუძლებს თანამედროვეობის მტკივნეულ, ცოდვით დაცემულ ყოფას. შიში რწმენის ნაკლოვანებით არის გამოწვეული ან სულაც ურწმუნოებით. ვისაც რწმენა მტკიცე აქვს, მას შიში ვერ შეიპყრობს. სეირას ეშინია ეპოქის ქარტეხილების, ის ვერ გადალახავს თანამედროვეობის უკიდეგანო ლაბირინთებს. ნავარდასაც ეშინია, ოღონდ ხიდის. ხიდი ორ ნაპირს აერთებს ერთმანეთთან, ხიდქვეშ გამდინარე წყალი ამ ნაპირების გამყოფი და გამთიშავია. ეს ნაპირები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. სიმბოლური აზროვნებით, ერთი ნაპირი სოფელია, მეორე –  ზესთასოფელი. წყალი ქვესკნელის განმასახიერებელია, სიკვდილის სამეფო, შავეთი. მიცვალებულთა სულები მდინარეზე ნავით გადაჰყავს ბებერ ქარონს, საშიში და სულისშემძვრელია ქვესკნელის მდინარეთა შხუილი. საიქიოს მდინარეების რწმენა ბევრ ხალხს აქვს: ბერძნებს, შუმერებს, ბაბილონელებს, ეგვიპტელებს. მდინარეში ჩასული და მისი გადამლახავი სული კვლავ აღდგება, ზერეალურ სფეროებში გადის, უკვდავებას მოიპოვებს, ,,გასულფოვანდება“. არავის შეუძლია ქვესკნელის საშიში მდინარეების გადალახვა, ამას მხოლოდ რჩეულები ახერხებენ. სწორედ ასეთი რჩეულია დარდიმანდი. მას არც ავტოების ეშინია და არც ხიდების. ,,იგი შეჩვეულია ლოკომოტივების ბღავილს, ავტოების ზუზუნსა და ტრაქტორების ბუბუნს“, შეჩვეულია, მაგრამ არა შეგუებული. პირიქით, მას აღიზიანებს ქარხნის საყვირების ზუზუნი, რაიონებისკენ მიმქროლავი ტრაქტორების გუზგუზი, ველოსიპედების მხიარული წკრიალი. მხედრის პატივისცემას და სიყვარულს გრძნობს ამაყი ცხოველი: ,,როცა თავწვრილა, მკერდგანიერი, მუხლმაგარი და ყურებდაცქვეტილი ცხენი შემომხედავს შრომისაგან წელში გადრეკილს, წინაპრების ჩემი უშრეტი ენერგია კვლავ იღვიძებს ჩემში, ასე მგონია, ხელახლა ვშობილვარ-მეთქი და ჯერაც არ მეგემნოს სიარულის, ხტომის და ჭენების სიხარული ამ მშვენიერ მიწაზე“. ბუნებრიობისაკენ, პირველყოფილი სილამაზისაკენ ლტოლვა აერთიანებთ ცხენსა და მხედარს, რომლის სულშიც გადმოდის ის მოუღალავი ძალმოსილება, ,,ცხოველისათვის ასე ჭარბად რომ მიუცია დედაბუნებას“. გულთმისანი ცხოველიც გრძნობს მხედრის განწყობას და როგორც ზოგიერთ კაცთაგანს, მასაც სჩვევია, ,,როცა შენ ქედმოდრეკილად ექცევი…ჰგონია ჩემი ეშინია, თორემ რად მომეპყრობოდაო პატივისცემით!..“ და გახელდა დარდიმანდი, ,,თავის დიდრონ, მშვენიერ თვალებს უბრიალებს კრიალა ავტოებს, მუზმუზელა საბარგულებს, ყოველ წუთში მზადაა გამიტაცოს, გადანთქას სივრცე“.

ტექნოკრატია და ცივილიზაცია თანდათან იპყრობს თბილისს. იგი გაიზარდა, გადიდქალაქდა, ,,ლაპლაპებს უზარმაზარი კოცონი მთაწმინდაზე, ელავენ ელექტრონის ლამპიონები“. ქართველთათვის წმინდა მთად წოდებულ ადგილს დაჰკარგვია თავდაპირველი მნიშვნელობა. დავით გარეჯელის მიერ მამადავითზე დამკვიდრებულ სულიერებას და ეროვნულ მოღვაწეთა ძვალთშესალაგს გართობისა და გალაღების ფუნქცია დაკისრებია.

მითოლოგიური და ბიბლიური ტრადიციით, მთა წმინდა ადგილადაა მიჩნეული. ქართულ მითოლოგიაში მორიგე ღმერთმა გერგეტის მთაზე ჩამოუშვა ღვთისშვილები. მთა იგივე ცაა. წვერი ამ მთას ზესკნელში აქვს, ფესვები – უფსკრულში, ისევე როგორც ამ მთაზე აღმართულ ალვის ხესა და ბერმუხას. ბიბლიაში მთაზე ხდება ღვთის ინკარნაცია. მოსემ სინას მთაზე იხილა ღმერთი ცეცხლოვანი მაყვლის სახით, ამავე მთაზე მიიღო ორ ფიქალზე დაწერილი ათი მცნება. ზეთისხილის მთაზე ლოცულობდა იესო, თაბორის მთაზე იცვალა ფერი, გოლგოთაზე აწამეს და ჯვარს აცვეს იგი.

მთაწმინდაზე  პოვებენ საბოლოო განსასვენებელს ქართველი ერის საუკეთესო შვილები, აქ, ამ მარადიულ საუფლოშია მათი სასუფეველი, თითქოს შეჩერებულა წამი. თუმცა აქაც აუღწევია თანამედროვეობას, ცივილიზაციას, ამქვეყნიური გართობა-გალაღების ადგილად უქცევია სულიერების ეს დიდი ნავსაყუდელი, ელექტრონის შუქი ელავს და ლაპლაპებს მთაწმინდაზე, ეს კი სატანური ხარხარის ასოცირებას იწვევს, რადგან ,,საცა სოფელში მიხვიდე, სუყველგან ორი გზა არის“ – ერთი გზა წუთისოფლური, მატერიალური სიამოვნებებით თრობისაა, წარმავალი და ეშმაური, ხოლო მეორე -სულის უკვდავებისკენ, ტაძრისკენ მიმავალი გზა, ღვთაებრივი და ამაღლებული. ქალაქი თავისთავად არის ეშმაური საწყისის მატარებელი. იგი მოხეტიალე კაენის მოდგმის მიერაა აშენებული. ბიბლიიდან ცნობილია, როგორ დასაჯა ღმერთმა სოდომისა და გომორის მოსახლეობა, როგორ გაასწორა მიწასთან ეს ორი ქალაქი. თბილისიც შეუპყრია კაენურ სულს. ამიტომაც გარბის თბილისიდან დარდიმანდი. ის თითქოს გაურბის თანამედროვეობას. ,,გახელდა დარდიმანდი“, სადავე მოსტაცა მხედარს, ,,მივყევი სულმოსწრაფებულ ულაყს და ასე მგონია, ათასი ცეცხლოვანი თვალი მოგვსდევს უკან ქშენითა და გუგუნით, უმატა ჭენებას ცხენმა, გრძნობდეს დარდიმანდი თითქოს,რომ მანქანების ქალაქში  აღარაა ცხენის ადგილი, გარბოდეს იგი ტფილისიდან, სადაც მისი ნათესავი დღეს თუ ხვალ სასტიკად დამარცხდება და მიქროლავდეს ქედფიცხელი ულაყი, რათა დაღუპვას გადაარჩინოს თავის ჯილაგი“.

საქართველოს უძველეს დედაქალაქში, მცხეთაშიც, შეჭრილა ცივილიზაციის სუსხი: ,,ზაჰესის ელნათურები ციმციმებენ მტკვარში, ამ ათასთვალა პოლიფემის ნათელი მისგომია ზედაზნის მთას, რომელიც დემონების საუფლოდ მიაჩნდათ ძველ იბერიელებს ოდესღაც.“ ოდისევსის მიერ თვალებდათხრილ, ცალთვალა, ბოროტ ციკლოპს ელექტრონათურების ათასი თვალი ანთებია თანამედროვე საუკუნეში. ოდისევსი ინიციაციური გმირია. მის მიერ პოსეიდონის შვილის დამარცხება ამ გმირის გაღვთაებრიობისკენ მიმართული საფეხურია. დარდიმანდის მხედარიც ინიციაციურ გმირად გვევლინება, იგი მაღლდება ტექნოკრატიულ საუკუნეზე, მატერიალურ წარმავლობაზე და გადადის ხიდზე (გმირების ხიდზე). ,,გზა და ხიდი უცნაურ ფიქრს აღმიძრავს ხოლმე“– ამბობს მწერალი და, მართლაც,  ისინი ხომ ინიციაციის საშუალებებია: გზა როგორც ძიება, ხიდი როგორც პოვნა, ღვთაების ძიებასა და პოვნასთანაა დაკავშირებული. ამ ხიდზე მხოლოდ გმირები გაივლიან, აკი ასედაც ჰქვია მას- გმირების ხიდი. იმის იქით უკვე მარადისობაა, უკვდავებაა, სადაც ტრანსცენდირდება ღვთაებასთან წილნაყარი სული.

ზედაზენს ანათებს ათასთვალად ქცეული ბოროტი ციკლოპის სინათლე. ზედაზენი მდებარეობს მცხეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, არაგვის პირას,- განმარტავს ავტორი ნაწარმოების ბოლოს დართულ შენიშვნებში. გადმოცემის მიხედვით, ეს სახელი წარმომდგარია ზადენის კერპის სახელწოდებისაგან. ლეგენდის თანახმად, ზედაზნის მთაზე ცხოვრობდა დევი, დარაჯი მცხეთისა. იგი მზის ჩასვლისას დაიჩოქებდა მთაზე და მტკვრიდან წყალს ამოხვრეპდა. საერთოდ, ძველ იბერიელებს ზედაზნის მთაზე დემონების სამყოფელი ეგულებოდათ. ახლა იქ ზედაზნის ეკლესიაა. იქვეა პომპეუსის ხიდი, სავსებით გამოუყენებელი დღევანდელობისთვის. იგი მწერლის გონებაში ათასი ჯურის დამპყრობლის: რომაელების, სარკონოზების, სელჯუკიანების, ურუმთა და ირანელთა ურდოების შემოსევების სურათებს აღადგენს. ასე მყარდება კავშირი ისტორიასთან. ასე იხატება მცხეთა, საქართველოს ეს ძველთაძველი დედაქალაქი, ქართული იერუსალიმი, მტკვრისა და არაგვის ხეობაში ძალუმად გაშლილი, რომლის ცენტრშია საპატრიარქო ტაძარი თორმეტი მოციქულისა. იქვეა მღვიმე ეკლესიის ნანგრევებით, ბეთლემი, თაბორის მთა ფერისცვალების ეკლესიით, ზეთისხილის მთა და ბეთანია. მცხეთის ჯვრის მთას გოლგოთას ეძახდა ქართველი ხალხი, მის ძირში გადმოდიოდა  ,,ძუძუს წყალი“, ქართული მითოსის ვეშა-წყარო, ანუ უკვდავების წყალი. როგორც კ. კეკელიძე წერს: ,,ქართველები ქმნიან მეორე იერუსალიმს და ახალი აღთქმისეული გეოგრაფიული ადგილების სახელწოდებებით ნათლავენ მცხეთის შემოგარენს“ (რ.სირაძე ,,ქართული აგიოგრაფია“თბ. 1987, გვ.84). და ბოლოს, მცხეთაში დგას სვეტიცხოველი. უფლის კვართზე ამოსული ლიბანის ხისგან გამოჭრილ სვეტზე აიგო იგი, სვეტზე, რომელიც თავად იესომ აღმართა. ლიბანის ხე იგივე ცხოვრების ხეა, სამოთხეში მდგარი ხე, რომლის ნაყოფი ადამს და ევას არ უგემნიათ. ,,ხე ცხოვრებისა“ სიმბოლურად ცოდვათდაცემამდელი, ზეციური ევაა, მარადქალური საწყისი სოფია, რომლის ღვთიური არქეტიპია სულიწმინდა. ხე ცნობადისა – ადამია (ზ. გამსახურდია ,,წერილები, ესეები“ თბ. 1994. გვ.104). ცხოვრების ხეს ქართულ მითოსშიც იგივე დანიშნულება გააჩნია. მთის წვერზე მდგარი ციხე და ხე, რომლის ფესვებიდან უკვდავების ვეშა-წყალი გადმოსჩქეფს, და, რომლის ტოტებზეც ,,ყურებადსანატრელი“ თეთრმხრიანი ღვთისშვილები სხედან, სამყაროს მითოსურ მოდელს წარმოადგენს.

სვეტიცხოველი ყველაზე მეტად გამოხატავს საქართველოს სულიერ მისიას, წერს ზვიად გამსახურდია. არსად არ არსებობს, გარდა ამისა, საკულტო სვეტი. ორი სვეტი არსებობდა სოლომონის ტაძარში, იერუსალიმში, რომელთაგან ერთი განასახიერებდა ცხოვრების ხეს და მეორე – ცნობადის, შემეცნების ხეს. ,,სოლომონის ტაძარი უკავშირდება ეზოთერულ იუდაიზმს, როცა ცხოვრებისა და ცნობადის ხეები ჯერ გათიშული იყვნენ. ქრისტიანობა მათ აერთიანებს… ამიტომ არის სვეტიცხოველში ერთი სვეტი“ (ზ.გამსახურდია ,,საქართველოს სულიერი მისია“ თბ 1990. გვ.53). ტაძრის სამხრეთ კედელზე წმინდა გიორგია გამოსახული ლომთან და ვეფხვთან ერთად. ვეფხვი იგივე დრაკონია, პოლიტიკური ასპექტით, ეს არის სიმბოლო ქრისტიანული საქართველოსი, რომელიც ამარცხებს ისლამს, ვეფხვს ანუ თურქეთს და ლომს – ირანს(იქვე).

,,ნინოს ცხოვრების“ ტექსტიდან ვიგებთ, რომ იქვე, ქვის ქვეშ, არის  ულპოლველად შენახული ელიას ხალენიც.

ამდენად, სვეტიცხოველი, როგორც საქართველოს სულიერი მისიის გამომხატველი, მესიანისტური იდეების მატარებელია, რომლის მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს უფალი იესო ქრისტე სწორედ ამ ტაძარში შეიმოსავს თავის კვართს და გაბრწყინდება. მასთან ერთად გაბრწყინდება მთელი საქართველოც.

სწორედ ამ სვეტიცხოვლისაკენ მიისწრაფიან ერთნაირი სულიერი ღელვით გამთლიანებული ,,დარდიმანდი“ და მისი მხედარი.

ცხენის კულტი შეინიშნება საერთოდ გამსახურდიას შემოქმედებაში. ,,ცხენი დემონურ ძალთა განმასახიერებელია, დიონისური ადამიანის ატრიბუტი, სახელმწიფოებრიობის სიმბოლიკა, ქართველების რწმენით – მიცვალებულის განუყრელი თანამგზავრი… ცხენი წარმართულ სამეგრელოში ტოტემად ითვლებოდა. მის ხორცს არ ჭამდნენ, ცხენის სალოცავს თერდობა ეწოდებოდა“ ( ს.სიგუა ,,გამსახურდიას პროზის სტრუქტურა“ თბ. 1989 გვ.177-179).

სიმბოლური აზროვნებით, ,,მხედარი ადამიანის სულია, ცხენი კი მისი სხეული. მხედარი (რაინდი) არის სიმბოლო უფლის, მეუფის, პატრონი ლოგოსი, პატრონი ცხენისა, რომელსაც ხედნის, როგორც სული სხეულს.“(ზ. გამსახურდია ,,ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“თბ 1991, გვ164)

ცხენის მრავალი სახე შეუქმნია კაცობრიობას მითოლოგიასა და ლიტერატურაში: ოლიმპოს ცეცხლის მომტაცებელი პეგასი, განთიადის ქალღმერთის ცის თაღზე დამკვიდრებული ცხენი, ბელერეფონტის ქიმერას დამმარცხებელი ფრთოსანი რაში… გოეთესა და შილერის პოეტური პეგასები, მიცკევიჩის ფარისის ,,ძლიერი რაში“, ბრიუსოვის ,,ფერმკრთალი“ და ბალმონტის ,,მწვანე“ ცხენები, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წითელი, შავი, მწვანე, სპეტაკი ცხენები და კიდევ სხვა… ქართველ ერსაც თავისი სიმბოლური ცხენები და მხედრები ჰყავს – თეთრ ცხენზე ამხედრებული გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგი, ფშავური ზეპირსიტყვიერების ,,ლურჯა“, ქართული პოეტური კულტურის მშვენებანი – რუსთაველის ,,ტაიჭი“, ბარათაშვილის ,,მერანი“, ვაჟა-ფშაველას ,,ლურჯა“… ,,სად შეაჩერა მერანმა ფრენა, სად შთაესვენა ბარათაშვილი?“ – კითხულობს ერთ ლექსში გალაქტიონი და იწყებს ძიებას იქ, სადაც ამთავრებს ქართული რომანტიზმის საუკეთესო წარმომადგენელი (ლ. სორდია ,,გ. ტაბიძის სიმბოლიკა“თბ, 1983, გვ10-11). ეს მხარე ტრანსცენდენტურია, მიღმიერი სამყაროა, არარსებულ არსებათა სავანე. კ. გამსახურდია კი სრბოლას სვეტიცხოვლის გალავანთან ამთავრებს. იქ ,,თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე, მის წიაღში იწყება საუკუნე, რიცხვით მეათე, თავისი მრუდე ღამეებითა და იდუმალებით.“ გალავანს იქით მეათე საუკუნე ცოცხლობს, ისტორია სუნთქავს. მწერალს იზიდავს საკუთარი ქვეყნის წარსული, იზიდავს იმიტომ, რათა უკეთ ემსახუროს თანამედროვეობას. ეს მისი რეალური სწრაფვაა. მაგრამ, ამას გარდა, მის სწრაფვას სიმბოლური მნიშვნელობაც ენიჭება. დარდიმანდი მიჭენდა ტაძართან, რომელიც ერთდროულად არის ,,ღვთის სახლიც“, ნაციონალური სულიერი მისიის გამომხატველიც და ,,ხელოვნების იგავმიუწვდომელი ქმნილებაც.“  მასში, როგორც ფოკუსში, თავმოყრილია ქართველი ხალხის რწმენა, ეროვნული იდენტობა და კულტურა. ტაძარში მისული მხედარი საკუთარ ხორცზე და გარეშე ბოროტებაზე, კოსმიურ დრაკონზე გამარჯვებული გაღვთაებრივებული გმირის, იგივე წმინდანის, შესვლაა ღვთაებრივ სამყაროში, სასუფეველში. ,,დარდიმანდი“ აპოკალიფსური სპეტაკი ცხენია, რომელსაც მოაქვს გამარჯვება, გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე.

ფერთა საოცარი კალეიდოსკოპით ხატავს მწერალი სვეტიცხოველს – ხელოვნების ამ დიდებულ შედევრს, ,,მწუხრში განდგომილს“: ,,დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუმე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა“. თანამედროვეობის ხმაური, ,,ჩქამი და სინათლე“ ვერ მიჰკარებია მას, იგი თითქოს ლოცვად შემდგარა, მწუხრში განმარტოებულა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს სვეტიცხოვლის, როგორც ტაძრის, ღვთის სახლის, ღმერთის საუფლოს მნიშვნელობას. ცივილიზაციის, როგორც ეშმაური საწყისის ჭუჭყი და ცოდვა ვერ ეხება, ვერ აღწევს მისი გალავნის იქით.

მერე ის იყო ელვათა კრთომა, ქარი და ცის უცნაური ცახცახი იხილა მწერალმა, ექვთიმესთან ერთად აივანზე დიდხანს მჯდომარემ. ,,გაიელვებდა, მოიჭრებოდა ცაზე სვეტიცხოვლის სილუეტი, კვლავ დაბნელდებოდა ირგვლივ, შეუდგებოდა ცას უცნაური ცახცახი. ახლა უფრო ძლიერი გახდებოდა ელვათა კრთომა… იძალა ქარმა აღმოსავლეთისაკენ გადალალა ღრუბლები, შემოდგომის ცა მოიწმინდა და ისეთი კაშკაშა მთვარე დაადგა სვეტიცხოველს, როგორიც მაისში მინახავს ხოლმე.“ ბუნების ეს მოულოდნელი არეულობა აპოკალიფსური დაღუპვის ასოცირებას იწვევს. ხოლო ,,მუქლურჯი ცარგვალი“, რომელიც თავს დაადგა ,,ბნელში მთვლემარე ტაძარს“, ღვთის მყოფობის, მისი მფარველობის მომასწავებელია, რამეთუ ლურჯი, რელიგიური სიმბოლიკით, ღვთის სასუფევლის, ღვთის რწმენის გამომხატველი ფერია. ეს უკვე მარადისობის დამკვიდრებაა, ,,უჟამო ჟამია“, უკვდავებაა.

,,ისეთი უცნაური მყუდროება იდგა ირგვლივ, თითქოს დროსაც დავიწყნიაო სრბოლა“ – ამბობს მწერალი. ვერც მთაწმინდა, ვერც ზედაზენი და ჯვარი ვერ შეძლებენ ღვთის ჩამობრძანების და მათში დამკვიდრების უფლების მოპოვებას. ამას მხოლოდ სვეტიცხოველი შეძლებს, რადგან მას ვერ ეხება ,,ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე“. ეს კი იმ მესიანისტური იდეის გამოხატვაა, ამ ტაძრის შესახებ, რომ არსებობს ერში ოდითგანვე.

ტაძრის გალავნის შიგნით შესვლა მხედრის გამარჯვებაა, რომანის მთელი სიუჟეტიც ამ ალეგორიული სრბოლის მხატვრულ ხორცშესხმას წარმოადგენს, რომლის რეალურ, ისტორიულ პლანზეც კ. გამსახურდიამ თავად მიუთითა: ,,ამ რომანში ბრძოლა ქრისტიანობას და წარმართობას შორის თავდება ქრისტიანული კულტურის გამარჯვებით, სვეტიცხოვლის აგებით“ (კ. გამსახურდია ,,თხზულებანი“, თბ. 1967 წ. ტ.მე-7, გვ.439).

რელიგიური აზროვნებით, სამყაროს შექმნა ღვთის განფენაა, ხოლო კაცობრიობის ისტორია – უკუდინება ღვთაებისაკენ. მაშასადამე, დასაწყისი დასასრულია, ხოლო დასასრული – დასაწყისთან მიახლოება. კ. გამსახურდიას სრბოლა სვეტიცხოვლისაკენ არის ლტოლვა წინ წარსულისაკენ, რასაც საბოლოოდ ღმერთთან მივყავართ. პროლოგის ეს ნაწილი თავისი მხატვრული სიძლიერით დამოუკიდებელი ხასიათის ნოველად აღიქმება. იგი გურამ რჩეულიშვილის გმირის ალავერდისაკენ სწრაფვის ასოცირებას იწვევს და იმ გზაზე მიგვანიშნებს, რომელიც აუცილებლად ,,ტაძართან“ მიგვიყვანს. ტაძრისაკენ სრბოლის სიმბოლური პლანიც ხომ რომანის ფინალურ ნაწილში ცნაურდება: არსაკიძე, რომელიც ავტორის ALTER EGO-დ წარმოგვიდგება, ეწირება სვეტიცხოველს, სვეტიცხოველი კი ერთდროულად ღვთის სახლიცაა, ნაციონალური კულტურის ნიმუშიც და ხელოვნების ,,იგავმიუწვდომელი“ ქმნილებაც.

მდგრადი განვითარების ცნების   სწავლება დაწყებით კლასებში

0
illustration of recycle feet on white background

,,შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ.” ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ამ სიტყვებით იწყება  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელმძღვანელო მდგრადი განვითარების კონცეფციის შესახებ.

2015 წელს  შემუშავდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მთავარი დოკუმენტი -„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის”. მდგრადი განვითარების ახალი სამოქმედო გეგმა 17 მიზანსა და 169 ამოცანას მოიცავს. მათი განხორციელება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მრავალმხრივ თანამშრომლობას საჭიროებს როგორც ქვეყნის შიგნით, სხვადასხვა ინსტიტუციას შორის, ასევე საერთაშორისო დონეზე ქვეყნებს შორის. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია, პროცესებში ჩართული იყოს:  ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა, საერთაშორისო ინსტიტუტები, ბიზნესსექტორი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური სექტორი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე და მის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებში მრავალი  თანამედროვე,  გამორჩეული და საინტერესო რესურსია მოცემული, თუმცა დღეს ყურადღება მინდა გავამახვილო  ერთ-ერთ კითხვარზე –  „ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი“ – რომელზეც მუშაობა კომპლექსური დავალების ერთ-ერთ ნაბიჯად  შეგვიძლია განვიხილოთ. მასში მოცემული თემები და აქტივობები ფარავს  სწორედ იმ  4 მიზანს, რომელიც წარმოადგენს ძირითად საყრდენს სოციალური კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.

მიზანი  6: წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უზრუნველყოფა.

მიზანი 13: კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება.

მიზანი 14: ოკეანეების, ზღვებისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება მდგრადი განვითარებისათვის.

მიზანი 15: ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყის მდგრადი მართვა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა/გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების კარგვის შეჩერება.

რესურსის მოსწავლეებისთვის წარდგენით, პასუხების მიზანმიმართული გაანალიზებით  მოსწავლეები იმუშავებენ  ეროვნული სასწავლო გეგმის  საგნობრივ გრძელვადიან მიზნების  მისაღწევად –

“ბუნ.დაწყ.(II).1 პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით სხეულების შემადგენელი ნივთიერებების / მასალების თვისებების აღწერა მათ შორის მსგავსება-განსხვავებების დასადგენად / გასაანალიზებლად.

ბუნ.დაწყ.(II).4 პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით მდგრადი განვითარების ზოგიერთი პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე მსჯელობა სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისა და საკუთარი მომავალი ცხოვრების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით.

ბუნ.დაწყ.(II).5 პრაქტიკული აქტივობების განხორციელების დროს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გარემოზე ზრუნვის მიზნით.

დაუფლებიან  ხუთივე ცნებას: სხეული;  მოვლენა, პროცესი; გეოგრაფიული ობიექტი;    ორგანიზმი;  მდგრადი განვითარება.

რესურსი მოიცავს როგორც ელექტრონულ, ასევე ბეჭდურ ვერსის. სასურველია, მოსწავლეებს მივაწოდოთ ელექტრონული ვერსია  https://eiec.gov.ge/Ge/Topics/Documents/1  და გავამახვილოთ ყურადღება, რომ საკითხავად შეგვიძლია თანამედროვე  ტექნოლოგიების გამოყენება და საკითხავი მასალის   არ დაბეჭდვით დავიცავთ  გარემოს და დავზოგავთ რესურსებს.

  1. პრობლემის დასმა/განსაზღვრამოსწავლეების მიერ პრობლემის გააზრება და პრობლემის ფორმულირება. სასურველია, მოსწავლეებმა კითხვარი მასწავლებლის ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად ან მშობლებთან ერთად შეავსონ, შეაჯამონ თავისი მონაცემები, დაადგინონ – „რამდენი დედამიწა დაგვჭირდებოდა, თუ ყველა იცხოვრებდა ისე, როგორც კითხვარის შემვსები.“

გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ,  მოსწავლეები  იღებენ პასუხს, რომ გვჭირდება საშუალოდ  2 – 3 დედამიწა. ეს პასუხი მათ უბიძგებს დაფიქრდნენ საკუთარ  „ეკონაკვალევზე“, გაანალიზონ გარკვეული საკითხები, გამოკვეთონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება  და დასახონ პრობლემის გადაჭრის მათთვის ხელმისაწვდომი  გზები.

 

  1. საჭირო ინფორმაციის მობილიზება – პრობლემის შესახებ არსებული ინფორმაციისა და რესურსების მოძიება, ორგანიზება. კითხვარი შვიდი თემისგან შედგება. მასწავლებელი ყველა თემას განიხილავს მოსწავლეების ჩართულობით, მოსწავლეზე მორგებული სხვადასხვა ინტერაქტიური მეთოდით. საჭირო თეორიული მასალა მოცემულია ცენტრის გვერდზე განთავსებულ სახელმძღვანელოებში.  – https://eiec.gov.ge/Ge/EducationalResources

 

 თემა რეკომენდაცია
წყალი

 

მოსწავლეები გაეცნონ, თუ რა არის  „ვირტუალური წყალი“ და როგორ დავზოგოთ იგი. ყურადღება გამახვილდეს წყლის რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე, თუნდაც, ჭურჭლის რეცხვის ან შხაპის მიღების დროს წყლის დაკეტვასა და მცირე დენადობის შხაპის თავის გამოყენებაზე.
ტრანსპორტი მოსწავლეებმა იმსჯელონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ფეხით სიარულის მნიშვნელობაზე. გამონაბოლქვზე, როგორც სათბური აირების ძირითად წარმომქმნელზე.
საკვები მოსწავლეებმა გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივად მოყვანილი პროდუქტის, ბოსტნეულისა და ხილის, მოხმარება, ბიოპროდუქტის მოყვანა. გაეცნონ  კომპოსტირებას – როგორც ორგანული სასუქის მიღების ხერხს.

 

საცხოვრებელი მოსწავლეებმა იმსჯელონ  საცხოვრებელ   სახლში   ენერგოდამზოგველ პირობებზე, როგორ შეიძლება ენერგიის მაქსიმალური დაზოგვით, ეფექტიანად მოვახდინოთ ოთახების გათბობა და გაგრილება.

 

ტანსაცმელი მოსწავლეები  გაეცნონ, რომ „სწრაფი მოდა“ და იაფი ტანსაცმელი განიხილება, როგორც კიდევ ერთი გარემოსდაცვითი პრობლემა. ათასობით ტონა  ხელოვნური და ბუნებრივი ქსოვილი თავსდება ნაგავსაყრელზე. გარკვეული ბრენდის სავაჭრო ქსელები საქართველოშიც, მეორადი გადამუშავების მიზნით, იბარებენ გამოუსადეგარ ტანსაცმელს.
ენერგიის მოხმარება მოსწავლეებმა გაიაზრონ ენერგიის მოხმარების შემცირების  და ენერგოეფექტური ტექნიკის გამოყენების  მნიშვნელობა, რაც  ამცირებს ენერგიის და ეკონომიკურ დანახარჯს. ყველა ელექტრონული ხელსაწყო თუ არ არის მუშა მდგომარეობაში, გამორთული უნდა იყოს ქსელიდან. ელემენტები განიხილება, როგორც სახიფათო ნარჩენი, ამიტომ იგი უნდა იყოს სეპარირებული და მისი ჩანაცვლება სასურველია მრავალჯერადი ელემენტით.
სხვა მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ნარჩენების მართვა თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა, ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის  გამოცდილება უკვე არსებობს. ამ ეტაპზე საქართველოში მნიშვნელოვანია ნარჩენების შემცირება და სეპარაცია.  ერთჯერადი ნივთების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანა, მაგალითად  – პლასტმასის ბოთლების შეგროვების პარალელურად, საჭიროა მრავალჯერადი ბოთლის გამოყენების პოპულარიზაცია. თანამედროვე ნარჩენების უმეტესი ნაწილი არის შესაფუთი მასალა, რომლის შემცირება აუცილებელი და შესაძლებელია.

 

 

 

III. ალტერნატიული გზების ძიება – პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების შესახებ

მსჯელობა – პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები  მსჯელობის, ანალიზის, შეფასების საფუძველზე მოახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას, კავშირების დადგენას. თეორიული ცოდნის პრაქტიკულ მაგალითებში გადატანას.  მნიშვნელოვანია მრავალგვარი ალტერნატიული გზის ძიება – პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების შესახებ მსჯელობა. მეტაკოგნიტური და მაღალი სააზროვნო უნარის განვითარების მიზნით,  შესაძლებელია, შევთავაზოთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის, გრაფიკული ორგანიზატორი მაგ:

 

 

 

მნიშვნელოვანია,  მოსწავლეებმა ჩამოაყალიბონ ის კონკრეტული ქმედებები, რომელც მათ შეუძლიათ განახორციელონ ინდივიდუალურად/ოჯახში/სასკოლო საზოდაგოებაში/ თემში. ეს შეიძლება იყოს ნარჩენების სეპარირება – მაკულატურა, პლასტმასის ბოთლები, ერთჯერადი პარკის ნაჭრის ჩანთით ჩანაცვლება, ხეების დარგვა და ა.შ.

 

  1. პრობლემის გადაჭრის დემონსტრირებაშერჩეული გზის გამოყენებით პრობლემის გადაჭრის ჩვენება ან პრობლემის გადაჭრის შესახებ გამოტანილი დასკვნის წარმოდგენა.

დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეებს პირობისეული ცოდნის(რომელიც  გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას)ჩამოყალიბებაში  დაეხმარება განხორციელებულ აქტივობების რეფლექსია და  შეძლებენ  უპასუხონ  საფეხურის საკვანძო შეკითხვას –

როგორ ზემოქმედებს ადამიანსა და სხვა ორგანიზმებზე დაბინძურებული გარემო? რატომ არის ადამიანი ვალდებული, გაუფრთხილდეს გარემოს და მის ბიომრავალფეროვნებას?“ 

მოსწავლეებს შევთავაზოთ, მათთვის მისაღები სახით შექმნან  ერთ-ერთი პროდუქტი:

ლეპბუქი – https://mastsavlebeli.ge/?p=34888

ან პოსტერი – https://mastsavlebeli.ge/?p=7931

ან ვიდეორგოლი – https://bit.ly/3odBwIn

სადაც ჩამოაყალიბებენ საკვანძო შეკითხვაზე პასუხს. ხაზი უნდა გაესვას  მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრებას, კატეგორიზაციის უნარს, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის (ტრანსფერის) შესაძლებლობას იძლევა. დასკვნა უნდა იყოს  დინამიკური ხასიათის და უპასუხოს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ?

დაწყებით კლასებში მდგრადი განვითარების მიზნების განხილვისას, მოსწავლეს ვეხმარებით ჩამოუყალიბდეს მოქალაქეობის ფუნქციური უნარი – ლოკალური თემისთვის აქტუალური პრობლემების, ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების  და  მსოფლიოს ცოდნა და შემეცნების  საკითხების  გააზრებისთვის.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მდგრადი განვითარების კონცეფცია;  მაია ბლიაძე, თეონა შუბლაძე, ნათია სარალიძე, მარიამ არჩუაძე. საქართველო, 2020 – https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/6010
  2. საგანი – ბუნებისმეტყველება გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, 2022 –    https://mes.gov.ge/uploads/files/2022/325-7668657.pdf
  3. განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება; მარიანა ხუნძაყიშვილი სარა ბივერი – https://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/310397.pdf
  4. https://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/biologyactive.pdf
  5. https://mastsavlebeli.ge/?p=34888
  6. https://mastsavlebeli.ge/?p=7931
  7. https://bit.ly/3odBwIn

ჟურნალ “მასწავლებლის” 2023 წლის მეორე ნომერი გამოიცა!

0

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მომავალზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე მომავლის წინაშე.

ხშირად ვსაუბრობთ მომავლის სკოლაზე, მომავლის პროფესიებზე, მომავლის მასწავლებელზე.

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სკოლამ მოსწავლეს მხოლოდ კონცეპტუალური განათლება კი არ უნდა მისცეს, არამედ მომავლის უნარებიც განუვითაროს.

ჯერ კიდევ 1917 წელს დიმიტრი უზნაძე „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანებში“ წერდა: „მომავლის სკოლა, რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება, აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში  თვითმოქმედებას, ინიციატივას, შეუპოვრობას. არსებითია არა შეხედულებათა წრის შეთვისება, არამედ ხასიათისა და ნებისყოფის სამოქალაქო წრთობა. ეს მიზანი კი შეიძლება განხორციელდეს სასკოლო ცხოვრების პრაქტიკაში… სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან. დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი. დაე, მისი მართვა, არსებითად, მოსწავლეთა ხელში გადავიდეს. მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს“.

თითქოს თანამედროვე  სკოლის მიზანს აღწერდა ას წელზე მეტი ხნის წინ მეცნიერი… ასე რომ, დემოკრატიის, განათლებისა და სკოლის როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის ურთიერთკავშირის შესახებ სამეცნიერო დისკუსია საუკუნეზე მეტი ხნისაა.

თანამედროვე სკოლის მდგომარეობის გასააზრებლად აუცილებელია, გვქონდეს პასუხი კითხვაზე: რისკენ ისწრაფვის ჩვენი საზოგადოება?

თუ ისევ დიმიტრი უზნაძეს მივუბრუნდებით, ამავე ნაშრომში ის აღნიშნავს: „უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდით, რომლებსაც უნარი ექნებათ, შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს ცხოვრების განვითარების პროცესში“.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რას ელის ჩვენი საზოგადოება სკოლისგან და რა არის სამოქალაქო საზოგადოება.

კითხვები საჭიროა. მათი არსებობა კრიტიკული აზროვნების მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მაგრამ როდესაც პასუხები ისევ იქ არის, ას წელზე მეტი ხნის წინ, ეს ნიშნავს, რომ ისინი კვლავ მოსაპოვებელია.

მთავარია, სკოლა და მასწავლებელი ისე არ დაშორდნენ მოსწავლეს, მის საჭიროებებს, მოთხოვნებსა და სულისკვეთებას, რომ ასი წლის შემდეგ პასუხები ისევ დიმიტრი უზნაძის ნაშრომებში ვეძებოთ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნან მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე,   ლელა კოტორაშვილი, მაია ჯალაიშვილი, ქეთევან კობალაძე, ქეთევან ოსიაშვილი,  ნინო ლომიძე, ინა იმედაშვილი,    ქრისტინა სურგულაძე, ნათელა ბაღათრიშვილი, თამთა კობახიძე, ლევან ალფაიძე, მანანა სეხნიაშვილი, მაკა სახურია, ანა ღვინიანიძე, ნასტასია არაბული, თემურ სუყაშვილი, მაია იანტბელიძე, ელიზბარ ელიზბარაშვილი, ირმა კახურაშვილი, შორენა ტყეშელეაშილი.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი” მასწავლებელი” #2

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...