სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ემოციები და ბავშვები

როცა ჩემი შვილი სკოლიდან გამომყავს ხოლმე, სკოლასთან დიდი აურზაური და ფაციფუცია. მშობლები და შვილები მთელი დღის მეცადინეობისა და მუშაობის მერე ერთმანეთს ხვდებიან და შინ ერთად ბრუნდებიან.

მეც ერთი სული მაქვს, სკოლის კართან როდის გამოჩნდება ორი შავი თვალი და ბიჭი, რომელიც უკვე ისეთი ბავშვიც აღარაა, ჩახუტება რომ არ ეუხერხულოს, მაგრამ არც ისეთი დიდი, ეს უხერხულობა გამოხატოს.

მერე სკოლის მწვანე ჭიშკრიდან პარკში გამოვდივართ და ხან ნელა, ხან უფრო სწრაფად (თუ სადმე გვეჩქარება) სამარშრუტო ტაქსისა თუ ავტობუსისკენ მივემართებით. ხანდახან ფეხითაც ვბრუნდებით.

პარკში ჩვენნაირი ბევრი მშობელი და შვილია. ამიტომ მესმის ხოლმე, რაზე საუბრობენ ისინი.

როგორ ჩაიარა დღემ?

ვინ გამოგიძახა?

რა ნიშანი მიიღე?

გამოასწორე მათემატიკის შვიდიანი?

შემაჯამებელი დაწერე?

ასეთი კითხვები უფრო მეტია, იშვიათად – თავს როგორი გრძნობდი? რა გეწყინა? რა გაგიხარდა? ვინმემ გაწყენინა? რამემ ხომ არ შეგაწუხა?

ხშირად გესაუბრებიან ბავშვები საკუთარ ემოციებზე? გახსნილად გამოხატავენ გრძნობებს? იქნებ ბევრ რამეს მალავენ, ან იქნებ ემოციურ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ მარტივად გვეჩვენება, იმიტომ არ გვიმხელენ, რომ საპასუხოდ ჩვენი „კარგი რა, მაგაზე როგორ ინერვიულე? არა უშავს, ეგ არაფერი, რა სისულელეზე დარდობ“ – არ მიიღონ.

შევთანხმდეთ, რომ ჩვენსა და ბავშვებს შორის ემოციური შუამავალი, დამხმარე გვჭირდება, რომელიც განსაკუთრებით სკოლაშია აუცილებელი. ყველაზე ხშირად, დაწყებითი კლასების დამრიგებლებს აქვთ ემოციებთან შეხება, არ გქონიათ ასეთი შემთხვევა? როცა ვერაფრით გაიგეთ, რატომ იტირა ბავშვმა, რატომ იმალება მერხის ქვეშ?

„ემოციების დიდი წიგნის“ ავტორი ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩია, ილუსტრატორი კი – სოფო კირთაძე, რომლის ილუსტრაციები ქართული საბავშვო ლიტერატურის გულშემატკივრებმა კარგად იციან. „ცნობისმოყვარე პანდა“, რომელმაც ეს წიგნი გამოსცა, პატარა გამომცემლობაა, რომელიც სწორედ ბავშვებისთვის სასარგებლო წიგნების გამოცემაზეა ორიენტირებული.

„სამწუხაროდ, არცერთ სკოლაში არ ისწავლება საგანი „ემოციები“. მშობლებსაც ხშირად უჭირთ ამ თემისთვის დროის დათმობა. მაგალითად, მშობლები ბაღის ასაკის ბავშვისთვის აქტიურად ყიდულობენ წერისა და კითხვის შემსწავლელ წიგნებს, ცდილობენ ბავშვის შემეცნებით განვითარებაზე ზრუნვას, მაგრამ ავიწყდებათ ემოციურ სფეროზე ყურადღების გამახვილება. ცხადია, ყველა მშობელი უნდა ზრუნავდეს შვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. წარმატებული შვილის დანახვა დიდი ბედნიერებაა მშობლისთვის. თუმცა ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ წარმატება აკადემიური მოსწრებისა და ფაქტობრივი ცოდნის პირდაპირპროპორციულია. ამის საპირისპიროდ, თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ წარმატებისათვის ზოგადი ინტელექტის მაჩვენებელთან ერთად ემოციური ინტელექტიც უმნიშვნელოვანესია” – ვკითხულობთ შესავალში.

ემოციური ინტელექტის განვითარებაზე პასუხისმგებელი კი მშობლებთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებაცაა. მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე ზრუნვა ბედნიერებას ვერც მოსწავლეებს მოუტანს, ვერც მასწავლებლებს.

„ემოციების დიდი წიგნი“ საუკეთესო სასწავლო რესურსად შეგვიძლია გამოვიყენოთ დაწყებით სკოლაში. აქ დაწვრილებით, დეტალური თვალსაჩინოებითაა აღწერილი თითოეული ემოციის მიზეზი, ფორმა, გადალახვის გზები. მშობლებისათვის განკუთვნილ ნაწილში, რომლითაც იწყება წიგნი, დეტალური ინსტრუქციებია უფროსებისათვის, როგორ მართონ, მიიღონ ბავშვების ემოციები.

„ამ წიგნის მთავარი მიზანი ადამიანებისათვის ემოციების მნიშვნელობის ჩვენებაა. წიგნის საშუალებით თქვენს შვილებთან ერთად გაეცნობით ბაზისურ ემოციებს. შეძლებთ ემოციებისა და გრძნობების ერთმანეთისგან განსხვავებას. წიგნი მოგცემთ ძირითად, უნივერსალურ რეკომენდაციებს კონკრეტულ ემოციასთან გასამკლავებლად. გახსოვდეთ, რომ წარმატების ერთ-ერთი პირობა საკუთარი თავის მოსმენაა“, – ვკითხულობთ ანოტაციაში.

უფროსებისათვის განკუთვნილი ინსტრუქციების მერე ბავშვების ნაწილი იწყება, სადაც სოფო კირთაძის ჯადოსნური ილუსტრაციებით თანდათან იხსნება ემოციების რთული სამყარო – რა არის სიხარული, სევდა, შიში, ბრაზი, გაკვირვება, ზიზღი? რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როცა ამა თუ იმ ემოციას განვიცდით, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი და ემოციები. ილუსტრაციებისა და მარტივი ინსტრუქციების გარდა, წიგნში ბევრი საინტერესო სავარჯიშოცაა, რომლებიც ყველაზე კარგად გვასწავლის, როგორ ვმართოთ ემოციები.

ბავშვებს ხშირად უჭირთ ემოციების გარჩევა, განსაკუთრებით, ეს ეხება აუტიზმის სპექტრის ბავშვებს. ეს წიგნი შესანიშნავი დამხმარე რესურსი იქნება ინკლუზიური განათლებისას, თერაპიის ან უბრალოდ, ოჯახური თერაპიის დროს, რადგან დეტალური ნიშნებითაა აღწერილი ამა თუ იმ ემოციის ვიზუალური ხატი.

„ემოციების დიდი წიგნი“ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ბავშვების ემოციური ინტელექტის განვითარების რთულ და აუცილებელ გზაზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“