ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

როგორ აუმჯობესებს CK-12-ის პლატფორმა სასწავლო პროცესს -საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლა

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის ქართულად ადაპტირებულ სასწავლო მასალებს უფრო და უფრო მეტი სკოლა იყენებს. „საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12-ის სკოლების ქსელმა“, რომელიც 2022 წელს შეიქმნა საქართველოში განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო პლატფორმა CK-12-ის ინიციატივით, 2023 წელს 75 სკოლა, 359 მასწავლებელი და 13 705 მოსწავლე გააერთიანა.

CK-12-ის რესურსების პოპულარიზაციასა და სწავლა-სწავლების პროცესში 2023 წელს ჩართული იყო 20 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში უზიარებდნენ კოლეგებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის რესურსების სწორად გამოყენებისა და სასწავლო პროცესში CK-12-ის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს. სასწავლო წლის მიწურულს საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლებიც გამოვლინდა.

CK-12 – ეს არის სასწავლო რესურსების „საცავი“, სადაც თავმოყრილია STEM საგნების ციფრული წიგნები ბევრი პრაქტიკული სავარჯიშოთი და სიმულაციით, რომლებიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გამოადგებათ.

„ინიციატივა „ციფრული სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესება“, რომელსაც კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც შეიქმნა CK-12-ის ქართულენოვანი კომპონენტი, ნაწილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორული პროექტისა, რომელიც საქართველოში ინკლუზიური, თანასწორი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების განვითარებას ისახავს მიზნად.

„პროექტის ფარგლებში შექმნილი CK-12-ის საგანმანათლებლო პლატფორმის ქართული გვერდი განსხვავებული უნარების მქონე ათასობით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს და გამოიყენოს ონლაინ სახელმძღვანელოები და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები. ონლაინ პლატფორმისა და ციფრული რესურსების დახმარებით მასწავლებლები შეძლებენ, უპასუხონ სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს და აღჭურვონ მოსწავლეები ციფრულ ეკონომიკასა და საზოგადოებაში აქტიური ჩართულობისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. CK-12-ის სკოლების ქსელში უკვე ჩართულია 75 სკოლა. ვიმედოვნებთ, საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლები თავიანთ გამოცდილებას მომავალში სხვა სკოლებსაც გაუზიარებენ და ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება“, – ეუბნება ჟურნალ „მასწავლებელს“ ხათუნა იოსელიანი, გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების ოფიცერი.

 

როგორც განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, პლატფორმაზე ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალაა განთავსებული, მაგრამ ყველაფრის გადმოქართულება, ცხადია, შეუძლებელია: „ამიტომ შევარჩიეთ ისეთი რესურსები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს შეესაბამება. შედეგად საბაზო და საშუალო სკოლის თითქმის უკვე ყველა საფეხურისთვის არსებობს წიგნები STEM-ის მიმართულების საგნებში ქართულ ენაზე, ასევე ხელმისაწვდომია სიმულაციები ფიზიკაში, რაც, ვფიქრობთ, გაამდიდრებს ფიზიკის გაკვეთილებს და მასწავლებლებს რიგი საკითხების სწავლებას გაუმარტივებს“.

სასწავლო წლის ბოლოს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლის სია კი ასეთია:

 

  • ​​ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა;
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლა.

 

ჟურნალი „მასწავლებელი“ ხუთივე სკოლის გამოცდილებას გაეცნო. წინამდებარე სტატიის მიზანიც ამ გამოცდილების გაზიარებაა.

 

„მე კონსულტანტ-მასწავლებლად 2 წლის წინ ამიყვანეს კონკურსის წესით და ძალიან კარგად იმუშავა მაშინ ამ პროექტმა, ყველა სკოლა ჩაერთო, ვისაც მივმართეთ. 2022-2023 წელს უკვე კონკურსი გამოცხადდა სკოლების ქსელში ჩართვაზე და, საბედნიეროდ, შერჩეულ 60 სკოლას შორის აღმოვჩნდით. ჩვენი მოსწავლეები სიხარულით ჩაერთნენ. ერთხელ რომ გამოიყენებ ამ პლატფორმას, მერე ვეღარ სწყდები. ძალიან სასარგებლოა, ადვილად აღქმადი და მამოტივირებელი როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც. მორგებულია ეროვნულ სასწავლო გეგმას და შეესაბამება სტანდარტებს. მისი მთავარი მომხიბვლელობა ის არის, რომ ინტერაქციულია, იძლევა სწორი პასუხის პოვნამდე შეცდომის დაშვების უფლებას და, რაც მთავარია, სიმულაციებიც და სავარჯიშოებიც ყოფით სიტუაციებთან არის დაკავშირებული“, – გვიყვება ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი. ამ სკოლას სულ 30 მოსწავლე ჰყავს. ის მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და ბავშვებისთვის თანამედროვე სასწავლო მასალების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სკოლა სრულყოფილად არის აღჭურვილი საჭირო ტექნოლოგიებით, თუმცა, როგორც მაია ამბობს, CK-12-ის გამოყენებისთვის ინტერნეტთან დაკავშირებული ტელეფონიც საკმარისია და სწორედ ასე იმეორებენ ხოლმე მოსწავლეები ამ პლატფორმის გამოყენებით განვლილ მასალას. ალპანის სკოლაში CK-12-ის გამოყენებით ჩატარდა „შებრუნებული საკლასო ოთახის“ ტიპის გაკვეთილები, ახალი მასალის შესწავლისას გამოსცადეს „ინტერვიუ სამი ნაბიჯის“ მეთოდი, კორნელის ჩანიშვნის მეთოდიც დანერგეს პრაქტიკაში. სწავლის პროცესი იმდენად ინტერაქციული და საინტერესო იყო, რომ ახლა უკვე მოსწავლეები გეგმავენ, ამავე პლატფორმის გამოყენებით სხვა სკოლებში ჩაუტარონ გაკვეთილები თანატოლებს და ამ გზით გააცნონ მათი საყვარელი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი.

 

„თავდაპირველად კათედრაზე განვიხილეთ, მასწავლებლებმა, რომლებიც იცნობდნენ და ფრაგმენტულად იყენებდნენ ამ რესურსს სასწავლო პროცესში, ისაუბრეს პროექტის სარგებლიანობაზე. გადავწყვიტეთ, ჩვენც ჩავრთულიყავით. ჯერ ზომიერი სიფრთხილით ვუყურებდით, მაგრამ მასწავლებლებმა მალევე დაინახეს, რომ CK-12-ის გამოყენებით გაკვეთილები უფრო საინტერესო, უფრო ინტერაქციული გამოდიოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით და ვეცნობოდით სხვა სკოლების გამოცდილებას, მაგრამ არ გვინდოდა, მათი მიდგომები პირდაპირ გადმოგვეღო; მიგვაჩნდა, რომ ეს მასალები ჩვენი საჭიროებების მიხედვით უნდა დაგვენერგა სასწავლო პროცესში. საბოლოოდ მოსწავლეებიც ძალიან გააქტიურდნენ, ჩვენც დაგვიგროვდა გამოცდილება და მუშაობა ისე საინტერესოდ წარიმართა, რომ ვითარებამ მოითხოვა სასკოლო საზოგადოებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება. ასე ჩავატარეთ აპრილში კონფერენცია, რომელზეც პარტნიორ სკოლებს ვაჩვენეთ ის შედეგები, რაც ამ პლატფორმის გამოყენებით მივიღეთ“, – უთხრა ჟურნალ „მასწავლებელს“ ნესტან სიხარულიძემ, ქუთაისის №23 საჯარო სკოლის დირექტორმა. მან სასწავლო წლის ბოლოს მშობლებთანაც ჩაატარა კვლევა მომდევნო წლის დასაგეგმავად; აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ იცოდა CK-12-ის შესახებ და სურდა, მათ შვილებს კვლავ აქტიურად გამოეყენებინათ ეს რესურსი სასწავლო პროცესში. მეტიც: მოსწავლეების ნაწილი დაფიქრდა იმაზე, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული STEM საგნებთან მათი მომავალი პროფესიები.

„CK-12-ის გამოყენება ჩვენთვის ოდნავ უფრო რთული იყო, ვიდრე სხვა სკოლებისთვის, რადგან ჩვენი სკოლა სომხურენოვანია და ყველა მასწავლებელს არ შეუძლია ქართულ ან ინგლისურ ენებზე სასწავლო მასალების დამოუკიდებლად გაცნობა და გამოყენება, მაგრამ რაკი გადავწყვიტეთ, რომ [ეს რესურსი] ჩვენთვის სასარგებლო იქნებოდა, დავეხმარეთ, ვისაც სჭირდებოდა, ვუთარგმნეთ მასალები… ბიოლოგიისა და ინგლისურის მასწავლებლებმა ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარეს. [ახალი მიდგომა] ბავშვებისთვის იმითაც აღმოჩნდა საინტერესო, რომ მხოლოდ თეორიულ მასალას კი არ სწავლობდნენ, პრაქტიკულ სიმულაციებსაც ასრულებდნენ. საბოლოოდ გამოგვივიდა, პრაქტიკაშიც დავნერგეთ ახალი პლატფორმა და საუკეთესო პრაქტიკის სკოლების სიაშიც მოვხვდით. ნინოწმინდის სხვა სკოლებსაც გავუზიარეთ გამოცდილება, ჩავატარეთ პრეზენტაციები  და მზად ვართ, ყველას, ვისაც დასჭირდება, მივცეთ ჩვენი თარგმნილი მასალები“, – ამბობს ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის დირექტორი დიანა ტუმასიანი. ნინოწმინდაში სულ ოთხი სკოლაა. ყველაზე მეტი მოსწავლე იმ სკოლაშია, რომელსაც დიანა ტუმასიანი მართავს.

 

„ქიმიის, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლები ჩავერთეთ ამ პროექტში, გამოვიყენეთ მასალები და ჩვენც კმაყოფილები ვართ და ჩვენი მოსწავლეებიც. შეგვეძლო როგორც ელექტრონული ფორმების გამოყენება, ისე ამობეჭდვაც, რაც ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა. როგორც ერთ, ისე სხვადასხვა სკოლაში მომუშავე კოლეგები გამუდმებით ვუზიარებდით გამოცდილებას ერთმანეთს. არის რაღაცები, რაც ჯერ არ გვიცდია, მაგალითად, შებრუნებული გაკვეთილი. ამას ალბათ გაისად ვცდით“, – გვიყვება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ხათუნა ჩადუნელი. ამ სკოლაში ასამდე ბავშვი სწავლობს.

 

„წლებია, ჩვენ სკოლას აქვს ამბიცია, საქართველოში ციფრული მიმართულების ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში სხვადასხვა სახის ელექტრონული რესურსების გამოყენება. CK-12-ის ციფრულ პლატფორმას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისთვის ვიყენებთ როგორც დისტანციური, ისე პირისპირ სწავლებისას. მე თვითონ 2013 წლიდან ვარ Microsoft-ის ინოვაციური სწავლების ექსპერტი და ტრენერი და მაქსიმალურად ვცდილობ ჩვენს სკოლაში ტექნოლოგიებისა და გაჯეტების გამოყენებით სწავლისა და სწავლების დანერგვას.

ჩვენს შემთხვევაში სიახლე ის იყო, რომ CK-12-ის რესურსები არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ არაფორმალურ სწავლებაშიც გამოვიყენეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულების კლუბი. ერთი მთგანია რობოტექნიკის კლუბი, სადაც ბავშვები თვითონვე ქმნიან სენსორებს. ამ კლუბში, Stem საგნების მასწავლებლებისა და რობოტექნიკის კლუბის თანამშრომლობით, ბავშვებმა ზღვის ხარისხი შეისწავლეს“, – გვეუბნება ქუთაისის #33 სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა. ამ სკოლაში დაახლოებით 800 ბავშვი სწავლობს. გარდა ინტერაქციული გაკვეთილებისა და ციფრული პლატფორმებისა, მათ განკარგულებაშია ათზე მეტი კლუბი. მარინა ამბობს, რომ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე კლუბებშიც აქტიურად გამოიყენება, მაგალითად, ბავშვების საყვარელი თამაში Minekraft, დავალებების უფრო მარტივ ფორმატში შესასრულებლად კი lifeworksheets პლატფორმა.

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 თხუთმეტი წლის წინ იმ რწმენით შეიქმნა, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვს აქვს კარგი განათლების მიღების უფლება, ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, განსხვავებული საჭიროებებით, რეალობითა და შესაძლებლობებით და იმისთვის, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ, საჭიროა, სწავლის პროცესი პერსონალურ მოგზაურობას ჰგავდეს.

პლატფორმა, რომელსაც დღეს 221 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და სწავლების ყველა საფეხურისა და ყველა საგნისთვის ასეულობით სასწავლო რესურსს აერთიანებს, ცდილობს, მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს გაუმარტივოს წვდომა საჭირო მასალებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ბავშვების ინტერესებს არის მორგებული და ინტერაქციულია, მეორე მხრივ კი მათ საშუალებას აძლევს, სასკოლო პროცესის მიღმაც შეძლონ ჩავარდნების გამოსწორება, ცუდად ნასწავლ მასალასთან მიბრუნება და იმის შესახებ ცოდნის გამდიდრება, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა გაკვეთილზე.

უკვე ორი წელია, CK-12 ქართულ ენაზეც გამოჩნდა და მეშვიდე-მეთორმეტე კლასების საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებისთვის სასწავლო რესურსების ადაპტირებულ ვერსიებს სთავაზობს ქართულ სკოლებს.

 

2022 წლის მიწურულს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის მქონე სკოლების შესახებ სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი