შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

განათლება მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წახალისებისათვის – ინტერვიუ გიორგი ლაზარაშვილთან

ჟურნალში ჩემი ბოლო სტატიის გამოქვეყნებიდან, რომელიც ჯუმბერ ლეჟავას წიგნს შეეხებოდა, 5 თვის შემდეგ მოვახერხე და გთავაზობთ ახალ და, ვფიქრობ, საინტერესო ინტერვიუს. მანამდე კი უნდა ვთქვა, რომ, საბედნიეროდ, ჯუმბერ ლეჟავას ბიოგრაფიული წიგნი „მოგზაურის ჩანაწერები“ ერთი თვეა, რაც გამოიცა და წიგნის ბოლო ფესტივალზე ბესტსელერადაც კი იქცა. იმედი მაქვს, მოკლე დროში ეს წიგნი სხვა ენებზეც ითარგმნება და საერთაშორისო მკითხველიც გაიცნობს მას.

რაც შეეხება დღევანდელ სტატიას, მსურს, გავაგრძელო ინტერვიუების სერია, რომლებიც ასევე დაკავშირებულია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებასთან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ვფიქრობ, ეს მკითხველისთვის საინტერესო საკითხავი იქნება.

 

მოკლედ, წარმოგიდგენთ გიორგი ლაზარაშვილს, 24 წლის ფეხბურთის ქართველ მწვრთნელს, რომელიც ლონდონში საქმიანობს და იუვენტუსის აკადემიის 14 წლამდელთა გუნდს წვრთნის.

გიორგი ჭანტურია: გიორგი, პირველ რიგში, მოკლედ რომ წარუდგინო თავი მკითხველს – შენი ბიოგრაფია, როგორ გახდი მწვრთნელი და სხვა საინტერესო ამბები.

 

გიორგი ლაზარაშვილი: როგორც მწვრთნელების უმრავლესობა, ჩემი საფეხბურთო კარიერა მეც ფეხბურთის თამაშით დავიწყე. ვთამაშობდი საქართველოში. შემდეგ ბრიტანეთში მომიწია წამოსვლა, სადაც არსენალის მოსამზადებელ ცენტრში მოვხვდი. თან ვთამაშობდი სკოლის გუნდში. სკოლის გუნდიდან მოვეწონე ტოტენჰემის სკაუტებს, რის შემდეგაც მათ აკადემიაში დავიწყე თამაში. იქ დაახლოებით 3 წელი ვიყავი. სხვათა შორის, მათ დამიფინანსეს სპორტის მეცნიერებების სასწავლო კურსის პროგრამა.

 

სამწუხაროდ, ზუსტად ამ პერიოდში საკმაოდ მძიმე ტრავმა მივიღე და ფეხბურთის თამაში ვეღარ გავაგრძელე. ყოველთვის მინდოდა მწვრთნელობა, რის საშუალებაც ამ ტრავმამ ადრეული ასაკიდანვე მომცა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 19 წლის ვიყავი, ვისწავლე და ავიღე სამწვრთნელო ლიცენზია, ასევე, ჩავაბარე უნივერსიტეტში და ვისწავლე სპორტის ქოუჩინგი. ეს ყველაფერი კოვიდის დროს ხდებოდა. კოვიდის შემდეგ, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად დავბრუნდი ისევ არსენალში და ვმუშაობდი, როგორც მოხალისე მწვრთნელი.

 

არსენალის შემდეგ უკვე დამიკავშირდნენ იუვენტუსის აკადემიიდან და მთხოვეს მათი სასკოლო პროგრამისათვის მეხელმძღვანელა. მთხოვეს 8-9 წლამდელთა ასაკში მეცადა ჩემი თავი, რადგან ძალიან მოეწონათ ჩემი სპორტული განათლება და ენთუზიაზმი. საბოლოოდ, ამან ძალიან გაამართლა და 9 წლამდელებში ჩემპიონატი მოვიგეთ, რის შემდეგაც ბევრი ბავშვი წაიყვანეს სხვადასხვა პროფესიონალურ აკადემიაში.

 

ამის შემდეგ იყო 12 წლამდელთა გუნდი. ამჟამად ვმუშაობ 14 წლამდელთა გუნდში. სულ რამდენიმე ხნის წინ მოვიგეთ თასი, ჩემპიონატი და იტალიაში ტურნირზე ნახევარფინალში გავედით.

 

გიორგი ჭანტურია: საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია გაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი მიღწევა გელოდება წინ. რადგან ჟურნალის მკითხველები უფრო მასწავლებლები და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები არიან, იქნებ უფრო მეტი ვთქვათ სასკოლო პროგრამის შესახებ, რომელიც საუბრისას ახსენე. რას გულისხმობდა ეს პროგრამა?

 

გიორგი ლაზარაშვილი: ჩვენ ვმუშაობდით 3 სკოლასთან. ამ 3 სკოლაში ვასწავლიდით როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკას. ყველა სკოლას არჩეული ჰქონდა სხვადასხვა სახეობა, მაგ. კალათბურთი, მძლეოსნობა და ფეხბურთი. შესაბამისად, ამ სამ სპორტში ჩვენ დროს ვუთმობდით როგორც თეორიულ მხარეს, ასევე – პრაქტიკულს.

 

გიორგი ჭანტურია: ძალიან საინტერესოა. გამოდის, რომ ვინც სკოლაში ფიზკულტურას ასწავლის, საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება ფიზიკური განვითარების კუთხით და ევალება სპორტის სხვადასხვა სახეობის ცოდნაც.

 

ამ კითხვას კიდევ დავუბრუნდები. მანამდე ისევ შენს თავზე რომ გვითხრა. როგორც დასაწყისში ჰყვებოდი, ყოველ შენს ახალ გამოცდილებას თან სდევდა გარკვეული წარმატებები, გამარჯვებები. ბანალურად ჟღერს, მაგრამ რა ფორმულა გაქვს ასეთი?

 

გიორგი ლაზარაშვილი: ერთხელ, როდესაც იტალიიდან ჩამოვიდნენ შემოწმებაზე, ჩემმა მენეჯერმა უთხრა ჩემზე – ეს ლეგენდარული მწვრთნელიაო. როცა ვკითხე მიზეზი, რატომ ვიყავი ლეგენდარული მწვრთნელი, მითხრა – სწორი მიდგომა გაქვსო. მე ვფიქრობ, ამაში გარკვეულწილად ქართული ხასიათიც მეხმარება.

 

ინგლისში, მაგალითად, ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალურად წაახალისონ ბავშვი თამაშის დროს. ჩემს შემთხვევაში ეს 50-50-ზეა. არის მომენტები, როცა ბავშვს უნდა მიუთითო, რომ მან შეცდომა დაუშვა და უნდა ისწავლოს შეცდომაზე. არის სიტუაციები, როცა ხედავ, რომ ბავშვი მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ ძალიან უჭირს. ამ შემთხვევაში მას ნამდვილად წახალისება სჭირდება. ანუ მთავარი ფორმულაა – ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა. არ არსებობს უნივერსალური მიდგომა.

 

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია შედეგი, რადგან, როცა ბავშვები ხედავენ, რომ ამა თუ იმ მიდგომით გარკვეულ შედეგს, გარკვეულ წარმატებას აღწევენ, დროთა განმავლობაში უკვე გენდობიან და მაქსიმალურად მოგყვებიან. ჩემს შემთხვევაში, მათ იციან, რომ თუნდაც საყვედურისა და უხეშობის დროს, ამის უკან დიდი უკუკავშირი დგას და ტყუილუბრალოდ არ ვეუბნები.

 

გიორგი ჭანტურია: აბსოლუტურად გეთანხმები. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს თავად ფიზკულტურას და ამ მასწავლებლების მომზადებას, როგორც სპორტის ასევე ქვეყნის განვითარებისთვის? გარკვეულ ასაკამდე საქართველოში სწავლობდი და გეცოდინება, რომ არსებობს, ეგრეთ წოდებული, მეორეხარისხოვანი საგნები, რომელთა შორისაა ფიზკულტურა და სამოქალაქო განათლება, რომელსაც მეც ვასწავლიდი.

 

გიორგი ლაზარაშვილი: პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ფიზკულტურის გაკვეთილები უნდა იყოს სახალისო. როცა ბავშვები რაღაც აკადემიურს სწავლობენ, როგორი თანამედროვეც არ უნდა იყოს ის, მაინც დამღლელია. შესაბამისად, სპორტის გაკვეთილები გარკვეულწილად განტვირთვის ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს. ცხადია, ამ ყველაფრის ორგანიზება და მომზადება მასწავლებლის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც შესაბამისი გარემო. სადაც მე ვმუშაობდი, გვქონდა 6-კვირიანი კურსები, რომლის ფარგლებშიც ვასწავლიდით ორ სპორტს, მაგალითად, ბადმინტონი და კალათბურთი ან ფეხბურთი. სხვათა შორის, ბადმინტონი ძალიან საინტერესო სპორტია და ბევრი მიმართულებით უწყობს ხელს ბავშვების განვითარებას. მისი სწავლებისას ჩვენ, მაგალითად, ხანდახან 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ ჩოგნის დაჭერასა და სწორად დარტყმაში ვავარჯიშებდით ბავშვებს. თითქოს მარტივი ან უმნიშვნელოა, მაგრამ დამიჯერეთ, ეს უნარები შემდეგ როგორც სხვა სპორტში, ისე ზოგადად ცხოვრებაშიც ადგებათ ადამიანებს.

სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სპორტია პოპულარული. არადა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს სპორტის სხვადასხვა სახეობა გავაცნოთ და დავაინტერესოთ. შესაძლოა, ამ სხვა მიმართულებებით ჩვენ ბევრი სპორტსმენი დავკარგეთ.

 

რაც შეეხება მასწავლებლების მომზადებას, ჩემი პირადი აზრია, რომ ფიზკულტურის მასწავლებლებმა უნდა მიიღონ უმაღლესი განათლება სპორტულ მეცნიერებაში. ამასთან, მათ უნდა იცოდნენ ბავშვის განვითარების თავისებურებები, კარგად უნდა ესმოდეთ ფსიქოლოგია, კლასის მართვის ნიუანსები და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რის გარეშეც უბრალოდ გაუჭირდებათ სპორტის ხარისხიანი გაკვეთილების ჩატარება.

 

გიორგი ჭანტურია: როგორ ფიქრობ, რა მნიშვნელობა აქვს ზოგად განათლებას სპორტსმენისათვის?

 

გიორგი ლაზარაშვილი: ძალიან კარგი შეკითხვაა და მოკლედ რომ ვუპასუხო – მე ვფიქრობ, განათლებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფიზიკურ მომზადებას. არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი ხარ, დაბალი ხარ, ძლიერი, სუსტი. მთავარია, გესმოდეს თამაშის პრინციპი. ამისათვის უნდა იცოდე მათემატიკა, უნდა იცოდე ფიზიკა. არავინ გთხოვს უმაღლეს დონეს, მაგრამ საბაზისო დონეზე მაინც. ფეხბურთში, მაგალითად, არის სულ ნახაზები – სად, როგორ და რატომ უნდა იდგე. იქ უბრალოდ დგომით რამდენ ადამიანს უხსნი გზას და ა.შ. ამ ყველაფერში მათემატიკა გეხმარება და გივარჯიშებს ტვინს. შესაბამისად, როცა მწვრთნელი გიხსნის და გელაპარაკება, შენი ტვინი უკვე გავარჯიშებულია და უფრო მარტივად აღიქვამს ყველაფერს. შემდეგ უკვე მარტივად გადაგაქვს ეს ყველაფერი მოედანზე. ძალიან კარგი მაგალითია სერხიო ბუსკეტსი, რომელსაც არც სისწრაფე აქვს, მით უმეტეს როცა ბურთითაა, ფიზიკურად არ არის თითქოს ძლიერი, მაგრამ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, იმიტომ, რომ იცის და ესმის, რასაც აკეთებს.

 

მეორე მხრივ, სკოლებში ფიზიკური განათლება მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წახალისებისათვის. ცნობილია, რომ ფიზიკური განათლების განვითარება ახალგაზრდებში ამცირებს მიდრეკილებას ალკოჰოლზე, სიგარეტზე, კომპიუტერულ თამაშებსა თუ სხვა საშუალებებზე. რაც უფრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობ, სწორად იკვებები და იცი, როგორ მიხედო საკუთარ თავს, მით მეტი შანსია, გქონდეს უკეთესი კარიერა. თუ ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებში, ე.წ. „ჯანდფუდით“ იკვებები, შენი ორგანიზმი უფრო მეტად იღლება. მაკდონალდსიდან გამოსული თუ გამოცდაზე მიდიხარ, მეტი შანსია, ორგანიზმი გადაიღალოს და დაკარგო ენთუზიაზმი.

 

ცხადია, ყველა სპორტსმენი ვერ იქნება, მაგრამ თუ ამ გზას ირჩევ, ე.ი. ირჩევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამ შემთხვევაში კი, ტვინი უფრო სწორად მუშაობს.

 

გიორგი ჭანტურია: ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, რატომ ხდება ისე, რომ მიუხედავად ამხელა სიყვარულისა, საქართველოში ფეხბურთი ნაკლებ განვითარებულია? მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატს რომ ვუყურებ, ხანდახან მგონია სხვა სპორტია. ცხადია, სოციო-ეკონომიკური ფაქტორები და ბევრი რამ განაპირობებს, მაგრამ თქვენ რას იტყოდით, რა არის ამის მიზეზი და რა შეიძლება გავაკეთოთ ამის გასაუმჯობესებლად?

 

გიორგი ლაზარაშვილი: საკმაოდ რთულ თემას შევეხეთ. ბუნებრივია, არის სისტემური პრობლემები, მაგრამ ინდივიდუალურ დონეზე მე ფეხბურთელების მიდგომაზეც ვიტყოდი ორ სიტყვას. როგორც ახსენე, ჩვენი ჩემპიონატი რომ შევადაროთ პრემიერლიგას (ინგლისი), ტემპი ძალიან დაბალია, 20 წუთის შემდეგ თითქმის „მკვდარი“ თამაშებია. ეგ კი არა, იმ თამაშებშიც კი, რომლებიც ინტენსიურია, დროის დიდი ნაწილის განმავლობაში თითქმის არაფერი ხდება. სამწუხაროდ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქართველ ფეხბურთელებს არ აქვთ ნამუშევარი საკუთარ თავზე. ასევე, ზოგადი განათლების მნიშვნელოვანი დეფიციტია. ცხადია, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ, პრობლემას ვასახელებ. ჩვენც გვყავს ძალიან განათლებული ფეხბურთელები, როგორიცაა, მაგალითად, გურამ კაშია. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მისნაირი ბევრი რომ გვყოლოდა, ძალიან ბევრს მივაღწევდით.

 

უნდა ვიცოდეთ, რომ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის ასაკიდანვე. სპორტსმენმა უნდა იცოდეს, რომ მათემატიკა იქნება, ფიზიკა, ბიოლოგია თუ სხვა, მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იცოდნენ. ფიზიკურ განვითარებას რაც შეეხება, თუ სკოლა ვერ გაძლევს ამ ყველაფერს, ალტერნატიული ვარიანტები უნდა სცადო და ბევრგანაც შეგიძლია ამის მიღება.

 

ცხადია, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ იქნება, აქ უბრალოდ ლაპარაკია განვითარებაზე, მათ შორის – ნიჭის განვითარებაზე, რასაც ძალიან დიდი შრომა სჭირდება. სამწუხაროდ, ნიჭი და ფიზიკური მონაცემები ამოწურვადია. შესაბამისად, სულ უნდა ამუშაო ტვინი. ამის კარგი მაგალითია ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომელთა უმრავლესობაც ძალიან ნიჭიერი არიან, მაგრამ 28 წლის შემდგომ უჭირთ თამაში. მეორე მხრივ, მახსენდება ლუკა მოდრიჩი, რომელიც 38 წლისაა და მისი ტვინი ისე მუშაობს და ისეთ რაღაცებს აკეთებს მოედანზე, რომ ერთი გადაცემით შეუძლია მთელი გუნდი „გაჭრას“.

 

მოკლედ, ესეც უდიდესი პრობლემაა, რომ სამწუხაროდ, ახალგაზრდებს ამას კარგად ვერ ვუხსნით და ვერ ვაგებინებთ, რომ ნიჭს თავისი ლიმიტირებული დრო აქვს და მნიშვნელოვანია მუდმივი მუშაობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი