ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
10 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ბავშვის განვითარების კრიზისული პერიოდები

0

ბავშვის განვითარება მარტივი, სწორხაზობრივი და ერთგვაროვანი პროცესი ნამდვილად არ არის და ამას ყველა მშობელი ამჩნევს. განვითარება დროში გაგრძელებული და ძალიან უჩვეულო პროცესია. ბავშვის ფსიქიკა სხვადასხვანაირია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ცვლილებები ბავშვში შეიძლება მიმდინარეობდეს ნელა, თანდათან, ან შეიძლება რომელიმე ეტაპზე მიმდინარეობდეს მკვეთრად, ნახტომისებურად. სწორედ ამიტომ განვითარებაში გამოიყოფა სტაბილური და კრიზისული პერიოდები. როგორც წესი, სტაბილური პერიოდები იცვლება კრიზისული პერიოდებით და პირიქით. სტაბილური პერიოდები ხასიათდება ახალი უნარ-ჩვევებისა და ახალი ცოდნის, გამოცდილების დაგროვებით. მაგ. ბავშვი სწავლობს სიარულს, მეტყველებას. სკოლის წინარე ასაკის ბავშვს უკვე შეუძლია საჭირო ინფორმაციის დამახსოვრება და ა.შ. ამ პერიოდებში ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ მათი შემჩნევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა გაჩნდება ახალწარმონაქმნი (მეტყველება, სიარულის უნარი, ნებისმიერი მეხსიერება და ა.შ.). მაგრამ, კრიზისულ პერიოდებში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. ამ დროს ბავშვის განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ცვლილებები ადვილად, შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. მშობლები საგონებელში არიან ჩავარდნილი. „რა მოხდა?“, „რატომ შეიცვალა?“, „რატომ გართულდა ასე ბავშვი?“, რა ემართება?“ – ეს ის ფრაზებია, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის კრიზისულ პერიოდში მყოფი ბავშვების მშობლებისგან.

 

კრიზისულ პერიოდებში მომხდარი ცვლილებები შეიძლება რევოლუციურ ცვლილებებს შევადაროთ. ისინი ძალიან მღელვარეა, იწყება უეცრად, მოულოდნელად და ასევე უეცრად მთავრდება, როცა მიღწეულია გარკვეული მიზნები. ბავშვის განვითარების კრიზისულ პერიოდებში მიმდინარე ცვლილებები შეიძლება იყოს ძალიან მძიმე, როგორც ბავშვისთვის, ასევე უფროსისთვისაც და შეიძლება მიმდინარეობდეს საკმაოდ უმტკივნეულოდაც. თუმცა, ამ კრიზისების გარეშე ადამიანის ნორმალური განვითარება შეუძლებელია. თუ ბავშვი კრიზისულ პერიოდს დროულად არ გაივლის, ის სრულფასოვნად ვერ განვითარდება. კრიზისები გარდამტეხი მომენტებია განვითარებაში და მეტ-ნაკლები სიმწვავით პრაქტიკულად ყველა ბავშვთან ფიქსირდება.

 

რამდენად შესაძლებელია კრიზისული პერიოდის დაწყების შემჩნევა? – კრიზისები იწყება და მთავრდება შეუმჩნევლად. მათი საზღვრები ბუნდოვანია. სიტუაციის გამწვავება, როგორც წესი, კონკრეტული პერიოდის შუა ნაწილში ხდება. გარშემომყოფი უფროსები ამას აღწერენ, როგორც „ძნელადაღსაზრდელობას“ –„ნორმალური იყო და არ ვიცი, რა მოუვიდა“. მართალია, ძირითადი ცვლილებები ბავშვში „შიგნით“ მიმდინარეობს, მაგრამ ისინი აისახება „გარე დონეზე“. ეს ის ეტაპებია, როცა გვეჩვენება, რომ ბავშვი განვითარებაში თითქოს უკან ბრუნდება. ის, რაც მას აქამდე უკვე ათვისებული ჰქონდა, უცებ ინგრევა, იშლება. ბავშვი განიცდის სირთულეებს გარშემომყოფებთან, წყვეტს იმით დაინტერესებას, რაც ადრე იზიდავდა. ყველაფერი, რაც ადრე ახარებდა, აღარ ახარებს, ღირებულებები მოულოდნელად იცვლება. მშობლისთვის გაუგებარია, რა მოუხერხოს ბავშვს, როგორ გააგრძელოს მასთან ურთიერთობა. ურთიერთობის ჩვეული ხერხები უეცრად კარგავს ზემოქმედების ძალას. ამასთან ერთად ჩნდება რაღაც ახალი, რაც ხშირად აშინებს მშობლებს, რადგან ბავშვის ასეთ გამოვლინებებთან საქმე ჯერ კიდევ არ ჰქონიათ, ისინი მათთვის უცხოა. კრიზისული პერიოდების მთელი სირთულე ის გახლავთ, რომ ამ დროს ჩნდება ახალი მოთხოვნილებები, მათი რეალიზების შესაძლებლობები კი ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს – უკვე ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები მათზე მზრუნველ უფროსებთან არანაირად არ შეესაბამება ახალ მოთხოვნილებებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისული და სტაბილური პერიოდები, როგორც წესი, ერთმანეთს ენაცვლება, ბავშვებს და მშობლებს ცოტა ამოსუნთქვის საშუალება ეძლევათ. ამასთან, კარგი იქნება, თუ მშობელს ექნება სათანადო ინფორმაცია და ეცოდინება, რა ელოდება მას უახლოეს მომავალში, გარკვეული იქნება კრიზისული პერიოდების თავისებურებებში და ეცოდინება, როგორ მოიქცეს, რომ უმტკივნეულოდ, გართულებების გარეშე გაიაროს ეს პერიოდები ბავშვთან ერთად.

 

ბავშვის განვითარებაში დაბადებიდან ზრდასრულობამდე ძირითადად შემდეგი კრიზისული პერიოდები გამოიყოფა: ახალშობილობის, ერთი წლის, სამი წლის, 6-7 წლის, 13 და 17 წლის კრიზისი. მართალია, თითოეული კრიზისული პერიოდის დასახელებაში ფიგურირებს კონკრეტული ასაკი, მაგრამ ეს საზღვრები შედარებით პირობითია. თითოეულ ბავშვს განვითარების თავისი საკუთარი, ინდივიდუალური გზა აქვს გასავლელი, ამიტომ, ესა თუ ის კრიზისული პერიოდი შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ცოტა ადრე, ან ცოტა უფრო გვიან დაიწყოს.

 

ახალშობილობის კრიზისი – შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი დაბადებისთანავე უკვე კრიზისულ ვითარებაში ხვდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საშვილოსნოდან ის გადის დედის ორგანიზმის გარეთ არსებულ გარემოში. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარ დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს – პატარა უნდა შეეგუოს სუნთქვისა და კვების ახალ ტიპს, მისთვის უცხო და უჩვეულო პირობებს, სინათლეს, ბგერებს და ა.შ. იწყება ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი, რომელიც დაახლოებით 1-2 თვე გრძელდება. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია პატარა გარემოცული იყოს მაქსიმალური ზრუნვით, სითბოთი, ყურადღებით. ცხოვრების პირველი თვეები ყველაზე რთულია, როგორც ბავშვისთვის, ასევე მისი მშობლებისთვის, მაგრამ როდესაც კრიზისი გადაივლის, აღმოჩნდება, რომ პატარა უკვე მეტად არის შეგუებული ცხოვრებასთან და იწყებს სოციალური კონტაქტების დამყარებას თავის უახლოეს გარემოცვასთან, პირველ რიგში დედასთან და მამასთან.

 

ერთი წლის კრიზისი – ამ პერიოდიდან ბავშვი ეუფლება სიარულსა და მეტყველებას, რისი წყალობითაც მისთვის ხელმისაწვდომი ხდება უფრო მეტი სივრცე კვლევისთვის – სიარულის უნარი შესაძლებლობას აძლევს პატარას, აიღოს საგნები, რომლებიც უფროსებს ეკუთვნით და ადრე მიუწვდომელი იყო. ამ პერიოდში, 1-2 წლის ასაკში ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს ნეგატივიზმი, რომელიც ხდება საპასუხო რეაქცია უფროსების მხრიდან სხვადასხვა შეზღუდვაზე. პატარა პირველად ეჯახება იმას, რომ „მინდა“ და „უნდა“ ხშირად შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და ეს იწვევს მის უკმაყოფილებას. მოცემულ პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს სხვადასხვა აფექტურმა გამოხტომებმა და აგრესიამ. ბავშვი ტირის და ეცემა იატაკზე, ითხოვს რაღაცას და განაწყენებულია, თუ ვერ მიიღებს, შეიძლება ზრდასრულს ესროლოს სათამაშოები და ა.შ. ჩნდება პირველი მისწრაფება, ყველაფერი გააკეთოს დამოუკიდებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს პატარასთან ურთიერთობაში გამოვიჩინოთ მოთმინება, ტაქტი და სიბრძნე. გავითვალისწინოთ, რომ ყვირილი, დასჯა, ასევე ახირებების, ჭირვეულობის, ჯიუტობის საერთოდ ყურადღების მიღმა დატოვება ნაკლები სარგებლის მომტანია. ემოციური „აფეთქების“ დროს უმჯობესი იქნება ბავშვის ყურადღების სხვა მიმართულებით გადართვა (მაგ. ვუჩვენოთ რომელიმე ცხოველი, ფრინველი, ან მისთვის საყვარელი რაიმე სათამაშო შევთავაზოთ). შეგვიძლია „მოლაპარაკებასაც“ შევეცადოთ მასთან – თუ ბავშვს რაიმეს ვუკრძალავთ, ავუხსნათ, რატომ არის ეს შეუძლებელი. დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი უკვე საკმაოდ ადრეული პერიოდიდან უნდა წავახალისოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი შეწყვეტს მის გამოვლენას, მოგვიანებით კი უარს იტყვის უმარტივესი მოქმედებების შესრულებაზეც კი და ამას ახსნის იმით, რომ არ შეუძლია, არ იცის როგორ ჩაიცვას, როგორ ჭამოს დამოუკიდებლად და ა.შ.

 

 3 წლის კრიზისი – სამი წლის კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე რთული ასაკობრივი კრიზისია. ამ დროს ბავშვი ხდება „ძნელადაღსაზრდელი“. მასთან ხშირად ძალიან ძნელი ხდება საერთო ენის გამონახვა. ბავშვი მიისწრაფვის, ცდილობს საკუთარი თავი დაუპირისპიროს უფროსებს, უჩვენოს, რომ ის „დამოუკიდებელი“ ადამიანია, დედისგან განცალკევებული. ყველაზე ხშირად ამ დროს შეიძლება დავაფიქსიროთ შემდეგი გამოვლინებები:

 

  • ნეგატივიზმი – ბავშვის ყველა მოქმედება, ქცევა სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც მას უფროსები სთავაზობენ. ბავშვი უარს ამბობს რაიმეს შესრულებაზე არა იმიტომ, რომ ეს ნამდვილად არ სურს, არამედ იმიტომ, რომ ეს ზრდასრულისგან მოდის;
  • თავნებობა – დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ამ პერიოდში ძლიერ არის გამოხატული. ხშირად ბავშვისგან შეიძლება მოვისმინოთ ფრაზა – „მე თვითონ“. ამასთან ის ძალიან განაწყენდება და შეიძლება აგრესიაც გამოავლინოს, თუ მას ამ დამოუკიდებლობას არ „მივანიჭებთ“;
  • ჭირვეულობა – ბავშვი უარყოფს ადრე დამკვიდრებულ ცხოვრების წესს, ოჯახში დადგენილი აღზრდის წესებსა და ნორმებს – უარს ამბობს დასაძინებლად დაწოლაზე, სეირნობაზე და ა.შ. უარს ამბობს ჩვეულ დროს რაღაც ჩვეული საქმის კეთებაზე, საბავშვო ბაღში სიარულზე და ა.შ.;
  • სიჯიუტე – თუ ბავშვმა რაიმე მოითხოვა, ის დაჟინებით შეეცდება, გაიტანოს თავისი სიტყვა. ამასთან, ის ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ ნამდვილად უნდა, არამედ იმიტომ, რომ უფროსთან უკვე გამოხატა ეს სურვილი. ამ პერიოდში ბავშვში პირველად ვლინდება კრიტიკა უფროსის მიმართ, ვისი სიტყვები, ქცევა, ნება ადრე უპირობოდ იყო მიღებული;
  • „დესპოტიზმი“ – ამ ასაკის ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს ეჭვიანობა, აგრესია, ხშირად ჩავარდეს ისტერიკაში;
  • საპროტესტო ბუნტი – პატარა ადამიანის ქცევის პრაქტიკულად ყველა ასპექტი ატარებს საპროტესტო ხასიათს, ამასთან აშკარა მიზეზის გარეშე;
  • ფანტაზიორობა – ფანტაზიორობას და გამოგონილი ისტორიების თხრობას ამ ასაკის ბავშვი ხშირად სასჯელისგან თავის დასაცავად იყენებს, მაგ. „ვიღაც უცხო ბიჭი მოვიდა და იმან აიღო ყველა კანფეტი“; „ფანჯრიდან ვიღაცამ ბურთი შემოაგდო და ლარნაკი გატეხა“. ამას აცხადებს ბავშვი იმ დროს, როცა კანფეტიც თავად შეჭამა და ლარნაკიც შემთხვევით გაუტყდა ბურთით თამაშის დროს.

აღნიშნული კრიზისული გამოვლინებების ჩახშობის სურვილი შედეგს არ მოგვცემს. მასთან გამკლავებისათვის სასურველია, გამოვიჩინოთ მოთმინება და თუ ბავშვის მოთხოვნებისა და სურვილების შესრულება საზიანო და საფრთხის შემცველი არ იქნება მისი ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესებისთვის, მივცეთ პატარას არჩევანის თავისუფლება და გარკვეულ საზღვრებში დავუკმაყოფილოთ დამოუკიდებლად მოქმედების სურვილიც. ამასთან არ არის რეკომენდებული, რომ ბავშვმა ისტერიკით მიაღწიოს სასურველ მიზანს, მიიღოს ის, რისთვისაც ისტერიკა მოაწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ისტერიკა გახდება ბუნებრივი ხერხი სასურველის მისაღებად.

6-7 წლის კრიზისი – ამ ასაკში ბავშვი მიისწრაფვის ახალი სოციალური კონტაქტებისკენ, იწყებს ორიენტირებას გარედან მიღებულ შეფასებაზე, იძენს ახალ სოციალურ სტატუსს – მოსწავლის სტატუსს. პატარა თანდათან კარგავს ბავშვურ უშუალობასა და გულუბრყვილობას. ახლა მისი გაგება გაცილებით რთულია, ვიდრე ცოტა ხნის წინ. ამ პერიოდში უცხო ადამიანების მხრიდან მიღებული შეფასება მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბავშვისთვის თვითშეფასებისა და საკუთარ თავზე წარმოდგენის ფორმირებისთვის.

13 წლის კრიზისი – მოზარდობის კრიზისი წარმოადგეს მეორე ყველაზე აშკარა, რთულ და ბევრი რამით სამი წლის კრიზისის მსგავს კრიზისს. ის დაკავშირებულია ბავშვის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებთან და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლასთან – ეს არის ბავშვობიდან ზრდასრულობაში გარდამავალი პერიოდი და ხასიათდება შემდეგი გამოვლინებებით:

  • ემოციური არამდგრადობა, არასტაბილურობა – ეს უფრო მეტად ჰორმონალური ფონის ცვლილებებთან არის დაკავშირებული. მოზარდს ხშირად ეცვლება გუნება-განწყობა, მისთვის ძნელია საკუთარი გრძნობებისა და ემოციების კონტროლი;
  • დიდობის გრძნობა – მოზარდი მიისწრაფვის, რომ გარშემომყოფების მიერ „დიდად“ აღიქმებოდეს. მას არ სურს ბავშვურად გამოიყურებოდეს და მიმართავდნენ, როგორც ბავშვს. თავისი ქცევით, ჩაცმის მანერითა და ა.შ. ის ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ უკვე ზრდასრულია;
  • დამოუკიდებლობისკენ, ემანსიპაციისკენ სწრაფვა – მოზარდი აქტიურად მიისწრაფვის, ცდილობს, მშობლებისგან განცალკევებას, ავლენს დამოუკიდებლობის მაქსიმუმს, გულმოდგინედ მალავს თავის პირად ცხოვრებას, განცდებს და ა.შ.;
  • კონფლიქტები მშობლებთან – მოზარდი თვლის, რომ მისი არ ესმით, მწვავედ რეაგირებს მშობლების მხრიდან მეურვეობისა და მზრუნველობის ნებისმიერ გამოვლენაზე, ასევე კრიტიკაზე მათი მხრიდან, აკრძალვებზე და ა.შ. ამას მივყავართ ხშირ კონფლიქტებამდე თაობათა შორის;
  • თანატოლებთან ურთიერთობისკენ მისწრაფება – თუ ადრე ბავშვი უფრო მეტად მიისწრაფოდა უფროსებთან ურთიერთობისკენ და ორიენტირებული იყო მათზე, ახლა თანატოლები და ოდნავ უფროსი ასაკის ბავშვები მისთვის ავტორიტეტები ხდებიან;
  • ინტერესი საპირისპირო სქესის ადამიანების მიმართ – ჩნდება ინტერესი საპირისპირო სქესის ადამიანების მიმართ, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ემოციურ სფეროზე და საერთო ინტერესებზე.

ამ პერიოდში შეიძლება ასევე შევნიშნოთ ინტერესის გაძლიერება საკუთარი გარეგნობის მიმართ, იმიჯისა და ინტერესების ხშირი ცვლა, კომუნიკაციის სირთულე, სასწავლო მოტივაციის და აკადემიური მოსწრების დაქვეითება. მოზარდი ეძებს საკუთარ თავს ამ სამყაროში, ყველანაირად ცდილობს, მიისწრაფვის, გამოაცხადოს თავი ზრდასრულად, წარუდგეს გარშემომყოფებს როგორც ზრდასრული.

შეუძლებელია მშობელმა იმ დოზით მისცეს მოზარდს თავისუფლება, რა დოზითაც ის ითხოვს. თუმცა არც ის შეიძლება, რომ არ ვაღიაროთ მისი დამოუკიდებლობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სასურველია, მოვეპყროთ მას, როგორც თანასწორს, მოვუსმინოთ, გავუგოთ და გავხდეთ მისი მეგობარი.

17 წლის კრიზისი – ჩვიდმეტი წლის კრიზისი, როგორც წესი, აღმოცენდება ახალი ცხოვრების ზღურბლზე, სკოლის დამთავრებამდე. ამ დროს კრიზისული გამოვლინებები დაკავშირებულია მომავალ არჩევანზე პასუხისმგებლობის გაცნობიერებასთან. მოზარდს უჩნდება ახალი ცხოვრების დაწყების შიში, იმატებს შფოთიანობის, ნევროზულობის დონე. აღნიშნული კრიზისის დროს მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა – მშობლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შვილის ცხოვრებაში, მაგრამ მიანიჭონ მას დამოუკიდებლობა, განსაკუთრებით მომავალი ცხოვრების გზის არჩევისას. ასევე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მას თავდაჯერებულობის გაძლიერებაში მშობლებთან ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი კრიზისი გარდაუვალი მოვლენაა ბავშვის განვითარებაში. მისთვის ამ რთულ პერიოდებში საჭიროა გამოვიჩინოთ მოთმინება და ვეცადოთ მოზარდს მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. გავიხსენოთ საკუთარი თავი ამ ასაკში. ალბათ ჩვენც განგვიცდია რაღაც მსგავსი. შევიდეთ ბავშვის მდგომარეობაში და მასთან ერთად გავუმკლავდეთ კრიზისულ გამოვლინებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუძლეველი ასაკობრივი სირთულეები დიდი ალბათობით მომავალში ბავშვში ხასიათის ამა თუ იმ, ჩვენთვის არცთუ სასურველი თვისებების ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება გახდეს.

 

 

მოძრავი მედიტაცია – სენსორული გასეირნება ქუჩაში

0

შემოქმედებით ტალღაზე

მედიტაციის შესახებ წიგნში დევიდ ლინჩი წერს: „იდეები ჰგვანან თევზებს, თუ პატარა თევზების დაჭერა გსურთ, შეგიძლიათ დარჩეთ პატარა წყლებში, ხოლო თუ დიდი თევზების – მაშინ თქვენ სიღრმეებისკენ უნდა წახვიდეთ. კვანტური ფიზიკა მას ამ სივრცეს უწოდებს ერთიან ველს, რაც უფრო ფართოვდება თქვენი ცნობიერება/გაცნობიერება, მით უფრო ღრმად მიიწევთ ამ სათავისკენ და მით უფრო დიდი თევზის დაჭერა შეგიძლიათ.“

მედიტაცია კი – ეს არის გზა, ინსტრუმენტი, ცნობიერების/გაცნობიერების  გაღრმავებისთვის.

მედიტაცია – ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა. მისი ზუსტი განმარტება არც არსებობს, ყველა სხვადასხვა ასპექტს უსვამს ხაზს; როგორ სულიერი მამები ამბობენ, მისი განმარტება შეუძლებელია, რადგან ეს მდგომარეობა სიტყვებს მიღმაა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მივანიშნოთ მასზე.

მედიტაცია – ფოკუსის ცვლილებაა… მაგალითად, ზიხარ და უყურებ ხეს და ხედავ ხეს… შემდეგ კი უყურებ მას „გაფანტული მზერით“ და ან რამდენიმე ხეს ხედავ, ან საერთოდ ვეღარ ხედავ ხეს… ეს მხოლოდ მხედველობის აღქმა არაა, იგივე ემართება ჩვენს დანარჩენ სენსორებსაც: ხედვა, სმენა, შეგრძნება, გემო, სუნი…. იცვლება მათი მიღების პარამეტრები და ბოლოს შეიძლება, დიად არაფერში ამოყო თავი, სადაც აზრიც კი გამქრალია, მაგრამ არსებობს სხვა შეგრძნება, ენით აღუწერელი. ყვავილი, რომელიც შენ წინაა, უცებ შეიძლება შენში აღმოჩნდეს, სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, აღმოჩნდება, რომ სამყარო ცხოვრობს შენში…. ყველაფერი პირიქით ხდება… აი, ზუსტად ამ განწყობას გამოხატავს ილია ჭავჭავაძის ლექსი-მედიტაცია: „ხმა გულისა“:

„ჩუმ მაღნარშია წამოწოლილი

ვიყავ, ზედ მედგა ხის უხვი ჩრდილი,

და საიდამღაც  ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

დიდხანს და დიდხანს ვუგდებდი მე ყურს

იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს;

ვგრძნობდი ჩემ სულის მშვიდ აღმაფრენას

და გულის ჩემის სულ სხვა-რიგ ცემას.

დიდხანს ვატარე, დავღალე თვალი,

ვერსად ვერ ვპოვე ის მომღერალი;

თურმე, ჩემს გულში ნაზი ბულბული

სტვენდა სიყვარულს გაგიჟებული.

ნებისმიერ ადამიანს პერიოდულად აქვს მსგავსი შეგრძნებები: ხელოვნების, მეცნიერების ან ცხოვრებისეული განსაკუთრებული მოვლენების გავლენით; თუმცა ციფრული ეპოქის მოქალაქე ადამიანი სულ უფრო მეტად კარგავს ამ განსაკუთრებულ უნარს და ავტომატიზმში ეფლობა.

მედიტაცია – გამოღვიძებაა… რუმი წერს: ,,შენ რომ შეგეძლოს იცნობდე საკუთარ თავს, თუნდაც სულ წამით, შენ რომ შეგეძლოს შენი უმშვენიერესი სახისთვის თვალის შევლება, ეგებ ასე ღრმად არც ჩაგეთვლიმა მაგ თიხის ჭურჭელში. რატომ არ შედიხარ შენი სიხარულის სახლში და რატომ არ ანათებ ყველა ბზარიდან  და ნაპრალიდან ეს საიდუმლოა შენთვის, განძის მზიდავო, და საიდუმლო იყო ყოველთვის.“

თუ ჩვენ გამოვიკვლევთ ჩვენი გონების მუშაობას – არა მხოლოდ აზრების შინაარსს, არამედ თავად აზროვნების პროცესს – იცით, რას ვიპოვით? სიტყვების, გამოსახულებების, მოგონებების, ისტორიების  თვითწარმოებად ნაკადს; ან ჩვენი ბავშვობის ტრავმების, ისტორიების, გეგმების, სინანულის, სურვილების განმეორებად ციკლებს.  იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ ჩვენს აზრებს და არც კი ვფიქრობთ მათზე მიზანმიმართულად. ისინი უბრალოდ ხდება და ხდება ღრმად ფესვგადგმული ნიმუშების, კლიშეების მიხედვით. ჯეკ კორნფილდი 2009 წელს დაწერილ  წიგნში “ბრძენი გული” წერს: “როგორც სანერწყვე ჯირკვლები გამოყოფს ნერწყვს, გონება გამოყოფს აზრებს. ფიქრები თავისთავად ფიქრობენ. აზრების ეს წარმოება ცუდი არ არის, უბრალოდ გონება აკეთებს ამას“. აი, სწორედ ამის გაცნობიერებაში გვეხმარება მედიტაცია.

შემოქმედი ადამიანის მტერი, პირველ რიგში, არის სწორედ  ჩვენი ცხოვრებისეული ჩვევები – ავტომატური ქცევები და მოქმედებები. თუ თქვენ ერთფეროვან საქმიანობას ეწევით ერთი კვირის განმავლობაში, კვირის ბოლოს შეიძლება ვერც გაიხსენოთ, რომელ დღეს რა იყო მნიშვნელოვანი და, საერთოდ, ერთი დღე გავიდა თუ ერთი კვირა. იმდენად ავტომატურად და გაუცნობიერებლად ვასრულებთ მოქმედებებს, რომ სახლიდან გასულს შეიძლება ეჭვი გაგვიჩნდეს: დავკეტეთ თუ არა კარი, გამოვრთეთ თუ არა უთო ან ონკანი ხომ არ დაგვრჩა ღია და სხვა; ასეთ შემთხვევაში ტვინი ავტოპილოტზეა და სულ ბეტა სიხშირეზე.

იმისათვის რომ გავზარდოთ ჩვენი  ცნობიერების რესურსები, გთავაზობთ ძალიან სახალისო მოძრავ – მედიტაციურ სავარჯიშოს, რომელსაც ეწოდება: სენსორული გასეირნება ქუჩაში.

ტვინი გადადის ყოველდღიური აქტიური ბეტა სიხშირიდან ალფა (შემოქმედებით) სიხშირეზე, აქტიურდება ჩვენი ბიოლოგიური სენსორები და შეიძლება, ლექსების წერაც კი დაიწყოთ, თუ ამ მედიტაციას ხშირად მიმართავთ.

ამ მედიტაციით ვარჯიშდება ჩვენი სენსორული აღქმა: ვიზუალური, აუდიალური და  კინესთეტური (შეგიძლიათ დაუმატოთ გემო და სუნიც).

ქუჩაში სეირნობისას გონებრივად დააფოკუსეთ 5 კადრი, რომელიც მოგეწონებათ შეგიძლიათ ტელეფონით გადაიღოთ კიდეც და კადრებს სახელებიც დაარქვათ: მაგალითად: ფანჯრის რაფაზე აყვავებული ოთახის ყვავილები და კატა; ჩამავალი მზის სინათლე შენობის თავზე, მაღაზიის ვიტრინაში თოჯინას სახე და სხვა… (ვიზუალური აღქმა);

შემდეგ: დაიმახსოვრეთ 5 ხმა, რომელსაც ქუჩაში მოისმენთ: რომელიმე მანქანის სიგნალი, მუსიკის ხმა მანქანიდან, ჩიტების ხმები ეზოში, ძაღლის ყეფა ან კატის კნავილი და ასე შემდეგ;

დაიმახსოვრეთ  5 კინესთეტური (შეხება / შეგრძნებები) კადრი: ბავშვის შეხება შემთხვევით; მცენარეებს შეეხეთ და დაიმახსოვრეთ, რასაც იგრძნობთ, ნაცნობი შეგხვდათ და გადაეხვიეთ, წვიმა წამოვიდა და დაგასველათ… ნებისმიერი, რაც შეხების ემოციასთან არის დაკავშირებული.

 

მეორე დღეს შეეცადეთ, გაიხსენოთ, ეს კადრები და დააკვირდეთ, რომელი უფრო დაგამახსოვრდათ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ვარჯიშად კი არ აღიქვათ, არამედ, სიამოვნებად და აქციოთ ცხოვრების წესად.

სიარულის დროს მედიტაციას ფესვები ძენ-ბუდიზმში აქვს. იაპონიაში, მაგალითად, შეიძლება ქუჩაში შენიშნოთ ჯგუფი, რომელიც ზანზალაკის რიტმულ ხმაზე მოძრაობს. ეს პრაქტიკა ეხმარება ადამიანებს სუნთქვისა და მოძრაობის რიტმის სინქრონიზებაში. ეს კი იწვევს ყოველი მომენტის ღრმად შეგძნობის განცდას. ძველი წიგნების მიხედვით, თავად ბუდას ძალიან უყვარდა ტყეში სიარული და მედიტირება.

 

მედიტაცია ჩვენი ცხოვრების ხარისხი და განუყოფელი ნაწილია!

 

 

ენობრივი კომპეტენციების გაძლიერება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე

0

მესამე ნაწილი

CLIL მეთოდთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წინა სტატიებში აღნიშნულია, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს იმ მისწავლეთა ენობრივი უნარების განვითარებაზე, რომლებიც სწავლა-სწავლებას არამშობლიურ ენაზე გადიან. ამ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ პრაქტიკულ სიტუაციებსა და აქტივობებს, რომლებიც გამოსადეგი იქნება იმ მოსწავლეთათვის, რომელთათვისაც ქართული მეორე ენაა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტატიაში მოცემული შინაარსის დატვირთვა ორგვარია: ერთი მხრივ, მასწავლებელს შეუძლია მეთოდი პირდაპირ ან მოდიფიცირებით დანერგოს საკლასო სივრცეში, ხოლო, მეორე მხრივ, გამოიყენოს ის ნიმუშად და შექმნას მსგავსი დავალებები სხვა საკითხებთან მიმართებით.

სასწავლო შინაარსი

თემა: დედამიწა

საკითხი: მაგნიტის თვისებების შესწავლა

გრძელვადიანი მიზნები

სამიზნე ცნება: სხეული

მკვიდრი წარმოდგენები

  • ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ არის, სხეულია;
  • ყველა სხეული შედგება ერთი ან რამდენიმე მასალისგან/ნივთიერებისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება თვისებებით: (სითბოს, სინათლის, მაგნიტურობის, დენის გატარების უნარით, აგრეგატული მდგომარეობით, ფერით, სუნით, გემოთი, წყალში ხსნადობით, და ა.შ.);
  • სხეულები ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ფუნქცია აქვს;
  • ადამიანის მიერ შექმნილი სხეულის დანიშნულებას მასში შემავალი მასალების/ნივთიერებების თვისებები განსაზღვრავს.

შედეგი 1: პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით სხეულების შემადგენელი ნივთიერებების/მასალების თვისებების აღწერა მათ შორის მსგავსება-განსხვავებების დასადგენად/გასაანალიზებლად

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

სხეული – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • მარტივ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ნივთიერებების მაგნიტური თვისებების აღწერა, მაგნიტის მნიშვნელობის გააზრება

საკითხზე – „მაგნიტის თვისებების შესწავლა“ დაფუძნებით მასწავლებელი ქმნის გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულ, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ კომპლექსურ დავალებას, უთითებს, თუ რომელი პროდუქტი უნდა შექმნას მოსწავლემ და აყალიბებს შეფასების კრიტერიუმებს მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით. ქვემოთ წარმოდგენილ სამუშაო ფურცლებზე შემოთავაზებული დავალებები კი მასწავლებელს შეუძლია, გამოიყენოს კომპლექსური დავალების შესასრულებლად გასავლელ ეტაპებსა და ნაბიჯებში, რათა ააგოს საკუთარ მოსწავლეებზე მორგებული მატრიცა. მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რომ მაგნიტის თვისებების შესწავლა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, კვლევითა და აღმოჩენებით ხორციელდება!

ნიმუში 1. სამუშაო ფურცელი

სამუშაო მაგიდაზე გაქვს კვლევისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა (რესურსი).

  1. მასწავლებელს: ენობრივი მხადაჭერის მიზნით სასურველია, თუ რესურსის ჩამონათვალთან ერთად ფოტომასალა და ლექსიკური ერთულების განმარტებაც იქნება დართული.

    რულეტი – დახვეული ბრტყელი სხეული

    მუყაო – სქელი ქაღალდის სახეობა

    მუყაოს რულეტი

  2.  I-ს ფორმის მაგნიტი
  3.  მაგნიტის რგოლები

 

გამოთქვი მოსაზრება, რა მოხდება, თუ მაგნიტებს ერთმანეთს მივუახლოებთ?

ენობრივი მხარდაჭერა!

მოსაზრების გამოსათქმელად გამოიყენეთ ჩარჩოში მოცემული ფრაზებიდან ერთ-ერთი
მე ვფიქრობ, რომ… ჩემი აზრით… ჩემი ვარაუდით…

მიმაჩნია, რომ… ჩემი ჰიპოთეზაა, რომ… მგონია…

 

_________________________________________________________________________­­­­­­­­­­________________

 

ენობრივი მხარდაჭერა!

მსგავსება – სხვადასხვა სხეულისთვის დამახასიათებელი ერთნაირი ნიშნები და თვისებები

განსხვავება – სხვადასხვა სხეულისთვის დამახასიათებელი არაერთნაირი ნიშნები და თვისებები

მიზიდვა – საკუთარი ძალით სხვა სხეულის მიახლოება

განზიდვა – საკუთარი ძალით სხვა სხეულისგან დაშორება

საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს ანტონიმებს ვუწოდებთ.

ახლა ჩაატარე ექსპერიმენტი ინსტრუქციის მიხედვით და შეამოწმე შენი მოსაზრება:

  • აიღე მუყაოს რულეტი;
  • თავსა და ბოლოში ჩამოაცვი მაგნიტის რგოლები;
  • შექმნილ ურიკას მიუახლოვე I-ს ფორმის მაგნიტი სხვადასხვა (S და N ) მხრიდან (პოლუსიდან);
  • დააკვირდი მოვლენებს და უპასუხე კითხვებს:

 

  1. რა მოხდა, როდესაც ურიკას მიუახლოვე I-ს ფორმის მაგნიტი სხვადასხვა მხრიდან (S და N პოლუსიდან)?
  2. შეამჩნიე თუ არა მაგნიტის მხარეებს შორის რაიმე განსხვავება ან მსგავსება?
  3. რას ფიქრობ, მაგნიტის რა თვისება აღმოაჩინე?
 

 

 

დაწერე, კვლევის შედეგად რა დასკვნა გამოიტანე მაგნიტის შესახებ?

 

 

ენობრივი მხარდაჭერა!

მიიზიდა, მიიახლოვა;

განიზიდა, დაიშორა;

საპირისპირო, საწინააღმდეგო;

მსგავსი შინაარსის მქონე სიტყვებს სინონიმებს ვუწოდებთ.

მზის გარშემო ჩაწერე ის ფრაზები, რომლებსაც უკავშირებ მაგნიტს.

 

როგორ გამოიყენებდი მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში?

 

 

 

ნიმუში 2. სამუშაო ფურცელი

სამუშაო მაგიდაზე გაქვთ კვლევისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა (რესურსი).

რესურსი:

ჯოხი, ძაფი, მაგნიტი, საშუალო ზომის კონტეინერი,

წყალი და სხვადასხვა პატარა ზომის ნივთი: რკინისგან დამზადებული ნივთები, ლურსმნები, ჭიკარტები, ძაფის გორგალი, ხის პატარა კოვზი და სხვა.

 

 

თქვენი აზრით, კონტეინერში არსებული ნივთებიდან რომელს მიიზიდავს „ანკესზე“ დამაგრებული მაგნიტი?

ენობრივი მხარდაჭერა!

მოსაზრების გამოსათქმელად გამოიყენეთ ჩარჩოში მოცემული ფრაზებიდან ერთ-ერთი
მე ვფიქრობ, რომ… ჩემი აზრით… ჩემი ვარაუდით… მგონია…

 

მოსაზრებები აღრიცხეთ ცხრილში X-ით.

სხეული მაგნიტი იზიდავს მაგნიტი არ იზიდავს
მასწავლებელს:

მეორე სვეტში ჩამოიწერება ყველა ის რესურსი, რომლებიც ხელთ აქვთ მოსწავლეებს.

 

 

ენობრივი მხარდაჭერა!

კითხვითი სიტყვებია:

რამდენი? – ვიგებთ რაოდენობას

რომელი? – ვირჩევთ

როგორი? – ვახასიათებთ სხეულს თვისებების მიხედვით

თქვენი აზრით, როგორ საგნებს იზიდავს მაგნიტი?

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეამოწმეთ თქვენი ვარაუდი. იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით!

  • ჯოხზე დაამაგრეთ ძაფზე მიბმული მაგნიტი;
  • წყლით სავსე კონტეინერიდან ჯგუფის თითოეულმა წევრმა „ანკესის” დახმარებით ამოიღეთ თითო სხეული;
  • გადაამოწმეთ, ცხრილში თქვენ მიერ მონიშნული მონაცემი.

 

ენობრივი მხარდაჭერა!

შესწავლილი სიტყვების გამოყენებით შეადგინე 3 წინადადება:

ნიმუში: მაგნიტმა მიიზიდა ლურსმანი.

  1. ___________________________________________________________________________

 

  1. ___________________________________________________________________________

 

  1. ___________________________________________________________________________

რა აღმოაჩინე?

აღმოვაჩინე, რომ …

 

რა დასკვნა გამოიტანე?

 

 

როგორ გამოიყენებდით მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში?

 

 

სამუშაო ფურცლების მესამე და მეოთხე ნიმუშები იხილეთ მომდევნო სტატიაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, ბუნებისმეტყველების სტანდარტი (17.09.22);
  2. მასალა შემუშავებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო პროექტის ESTA (Educating Science Teachers for All) მხარდაჭერით მომზადებული სასწავლო კურსის ფარგლებში, დატესტილია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან და სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის სკოლის მოსწავლეებთან.

 

 

თუ ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე

0
Portrait of cute happy kid girl at home making homework, indoors, view from the back

არცთუ იშვიათად მშობლები აწყდებიან სიტუაციას, როცა ბავშვი კატეგორიულ უარს აცხადებს სკოლაში წასვლაზე, ჭირვეულობს, აწყობს ამბოხს, მაგრამ, თუ მაინც წაიყვანეს, გაკვეთილებზე მშობლის გარეშე არ ჩერდება და ტირილით სახლში დაბრუნებას ითხოვს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სკოლაში არწასვლის სურვილი სასკოლო ცხოვრების ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება დაფიქსირდეს. მართალია, სხვადასხვა ასაკში მას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, მაგრამ თუ აღნიშნული ქცევა ერთჯერად ხასიათს არ ატარებს, განმეორებადია და დროთა განმავლობაში სულ უფრო მწვავედ ვლინდება, საჭირო ხდება ჩარევა და ბავშვისთვის დროული დახმარების აღმოჩენა. აღნიშნულ პრობლემას არცთუ იშვიათად კომპლექსური ხასიათი აქვს და ასეთი ქცევის ერთადერთი მიზეზის გამოვლენა საკმაოდ რთულია, ზოგჯერ კი შეუძლებელიც. თუმცა, არსებობს რიგი ფაქტორებისა, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის სურვილზე, არ იაროს სკოლაში.

 

 ბავშვის სკოლაში არწასვლის სურვილის გამომწვევი მიზეზები:

  • პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის ასაკს. თუ სკოლაში წასვლაზე უარს აცხადებს პირველკლასელი, დიდი ალბათობით ეს სკოლასთან გართულებულ ადაპტაციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. როცა ბავშვი სკოლისათვის მზაობის არასათანადო დონით იწყებს სასკოლო სწავლებას და მისი ფსიქიკა ამისათვის ჯერ მზად არ არის, მას სკოლასთან ადაპტაცია ძალიან გაუჭირდება. დიდი ალბათობით ბავშვს არ ექნება გაკვეთილებზე ჯდომის სურვილი, რადგანაც მისთვის სწავლა ჯერ კიდევ არ არის ქცევის წამყვანი ფორმა, მის ადგილს ისევ თამაში იკავებს, სიტუაციურ-როლური თამაში, როგორც სკოლამდელ პერიოდში. გასათვალისწინებელია, რომ ქცევის ერთი წამყვანი ფორმიდან მეორეზე გადასვლა ასაკის მატებასთან ერთად ავტომატურად არ ხდება. ამის უგულებელყოფამ შეიძლება ბავშვს სერიოზული პრობლემები შეუქმნას, განსაკუთრებით სასკოლო ცხოვრების საწყის ეტაპზე;
  • ბავშვის სასკოლო დატვირთვა შეიძლება ასევე გახდეს იმის მიზეზი, რომ მას აღარ მოუნდეს სკოლაში წასვლა. კონკრეტული ასაკის მოსწავლისათვის შეუფერებელი რეჟიმი ხშირად სერიოზული სირთულეების წინაშე გვაყენებს. ასეთ დროს ბავშვი, როგორც წესი, ვერ უძლებს სასკოლო დატვირთვას. ნებისმიერი სასწავლო პროგრამა ოდნავ წინ უნდა უსწრებდეს მის ასათვისებლად საჭირო ბავშვის შესაძლებლობებს, მაგრამ, ამავე დროს არ შეიძლება, რომ მოსწავლე სერიოზულად გადატვირთული იყოს. გარდა ამისა, არ ღირს ბავშვისთვის ზედმეტად ბევრი დამატებითი მეცადინეობების, წრეების, კლასგარეშე აქტივობების შერჩევა. ნებისმიერ მშობელს სურს, რომ ყველაფერი საუკეთესო და ამასთან დროულად მისცეს საკუთარ შვილს. ამიტომ, სკოლაში შეყვანის ლამის პირველივე დღეებიდან დაჰყავს ის სხვადასხვა წრეზე. თუ ყველაფრის – საშინაო დავალებების, დამატებითი მეცადინეობების, წრეების შემდეგ ბავშვს ორ-სამ საათზე ნაკლები რჩება დასვენებისა და გართობისთვის, საჭირო იქნება მისი დღის რეჟიმის გადახედვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ პრობლემას შეიძლება სხვა პრობლემებიც დაემატოს. ზედმეტი დატვირთვის შემთხვევაში ბავშვი შეიძლება გახდეს უყურადღებო, გაფანტული მეცადინეობის, ისეთი დავალებების შესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ კონცენტრაციას. ამ ყველაფრის თანმხლები იქნება ჭირვეულობა, აგრესიის სხვადასხვა გამოვლინებები, ცუდი ძილი, მადის დაკარგვა, ხშირი ავადმყოფობა, დათრგუნულობა. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ იქნება, თუ ბავშვს გაუჩნდება სურვილი, განერიდოს იმ გარემოს, რომელიც მისი გადაღლისა და გამოფიტვის მიზეზი ხდება;
  • ბავშვში სკოლაში წასვლის სურვილის არქონის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დაძაბული ურთიერთობა მასწავლებელთან. კონფლიქტი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის შეიძლება იყოს როგორც რეალური, ასევე წარმოსახული. ზედმეტად მკაცრმა, ან ზედმეტად ემოციურმა მასწავლებელმა, მით უმეტეს თუ ბავშვს უჭირს ემოციების მართვა, შეიძლება მასში გამოიწვიოს შფოთვა, ნერვიულობა, შეგრძნება, რომ მას ავიწროებენ. თუმცა, მასწავლებელი შეიძლება უბრალოდ ექსპრესიულად, ზედმეტად ემოციურად გამოთქვამდეს საკუთარ აზრს და არავითარ შემთხვევაში არ სურდეს ბავშვის განაწყენება. მეორე მხრივ, ნებისმიერ მასწავლებელს ნამდვილად ჰყავს თავისი ფავორიტები და ისეთებიც, რომლებიც მას აღიზიანებენ, რომლებიც მას აშკარად არ მოსწონს. ჩვეულებრივ, ადამიანისთვის ეს ნორმალურია, მაგრამ პროფესიონალ პედაგოგს, მიუხედავად პირადი სიმპათიისა და ანტიპათიისა, უნდა შეეძლოს პატივისცემით მოეპყროს თითოეულ ბავშვს, მაშინაც კი, თუ მოზარდი თავად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას მასწავლებელთან მისი წონასწორობიდან გამოსაყვანად. მასწავლებელთან გართულებული ურთიერთობა შეიძლება გახდეს სერიოზული მიზეზი იმისა, რომ ბავშვს არ სურდეს სკოლაში სიარული;
  • თანაკლასელებთან უარყოფითი დამოკიდებულება, გართულებული სოციალური ურთიერთობები შეიძლება სერიოზულ ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ზოგიერთ ბავშვს უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა და თანაკლასელებს შორის მეგობრების პოვნა. სამწუხაროდ, მოსწავლეთა ჯგუფებში ყოველთვის არ ყალიბდება ხელსაყრელი ფსიქოლოგიური ატმოსფერო. თუ ბავშვი გამოირჩევა ჩაკეტილობით, სიმორცხვით, ან რაიმე სხვა უცნაურობებით, ის შეიძლება გახდეს თანაკლასელების მხრიდან დაცინვის, ჩაგვრის, დაშინების ობიექტი, რამაც შეიძლება სერიოზული ტრავმა მიაყენოს მოზარდს და ამ ტრავმისაგან ის მრავალი წელი ვერ განთავისუფლდეს;
  • პერფექციონიზმი ან მიზნის არარსებობა შეიძლება სკოლისგან განრიდების სერიოზულ სურვილს უჩენდეს ბავშვს. როდესაც მშობლები ან თავად ბავშვი დიდ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს, ის ელის იდეალურ შედეგებს, ხელს კიდებს რთული ამოცანების გადაწყვეტას, რომლებიც მისთვის ჯერ კიდევ დაუძლეველია, რის გამოც მუდმივად განიცდის იმედგაცრუებას საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. თუ ბავშვი პირიქით, არ ისახავს მიზნებს, თავს არიდებს კონკურენციას, წინასწარ მზადაა დამარცხებისთვის, ინტერესი სწავლისა და სკოლის მიმართ ქრება, რადგან ასეთ შემთხვევაში სკოლა ასოცირდება წაგებასთან;
  • ზოგიერთ შემთხვევაში თავად მშობლები ხდებიან მაპროვოცირებელი, რომ ბავშვს არ სურდეს სკოლაში წასვლა და გაკვეთილებზე დასწრება. გადაჭარბებულმა მოთხოვნებმა ბავშვის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მოთხოვნები არ არის თანხვედრაში მის რეალურ შესაძლებლობებთან, შეიძლება დიდი ტრავმა მიაყენოს მის მყიფე ფსიქიკას;
  • ოჯახური სიტუაცია ასევე შეიძლება გახდეს ბავშვის სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მიზეზი. თუ ბავშვი არ იღებს საკმარის ყურადღებას მშობლებისგან, მას ბუნებრივია მთელი დღის მშობლებთან გატარება უფრო ენდომება, ვიდრე სკოლაში მერხთან ჯდომა;
  • ხანდახან ბავშვებს უბრალოდ უჭირთ ხანგრძლივი არდადეგების ან დასვენების დღეების შემდეგ სკოლაში დაბრუნება და სასწავლო პროცესში ძველი მონდომებით ჩართვა. ასეთ დროს ისინი ყველანაირად ცდილობენ, განერიდონ სკოლასა და საგაკვეთილო პროცესს;
  • გარდატეხის ასაკში მოზარდი მართალია უარს არ აცხადებს სკოლაში წასვლაზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცალკეული გაკვეთილები გააცდინოს ან სკოლისკენ მიმავალმა გზიდან გადაუხვიოს.

 

რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვს სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულების და სწავლისათვის თავის არიდების სურვილის დაძლევაში:

 

  • პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, ან ძალიან ნერვიულობს სკოლაში წასვლის წინ, შევეცადოთ გავარკვიოთ, რა აწუხებს მას, რა იწვევს მის შფოთვას. ამისათვის დავუსვათ მარტივი შეკითხვები: „რა გაწუხებს, როცა სკოლაში მიდიხარ?“, „როგორ ფიქრობ, რა მოხდება, თუ სკოლაში წახვალ?“ ან „რა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, თუ სკოლაში წახვალ?“ ბავშვმა შეიძლება არც გვითხრას, რატომ არ უნდა სკოლაში წასვლა, რატომ ნერვიულობს. ხშირად მას გაჩუმება ურჩევნია რამის თქმას, რადგან ეშინია, რომ მშობელი სკოლაში გაიქცევა პრობლემის გადასაჭრელად და შეიძლება აურზაურიც კი ატეხოს. ასეთ შემთხვევაში მისი თანატოლები იფიქრებენ, რომ ის მაბეზღარაა. სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება მოთმინება და დაჟინებულობა იმისათვის, რომ თავისი შიშებისა და შფოთვების შესახებ ბავშვმა რამე გვითხრას. მივცეთ მას პირობა, რომ მისი თანხმობის გარეშე არაფერს მოვიმოქმედებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შიში უფრო გაღრმავდება იმაზე ფიქრით, რომ მას უფრო აგრესიულად მოეპყრობიან, დააშინებენ, იძალადებენ;
  • პრობლემის დასაძლევად აუცილებელია, ვიპოვოთ ბავშვის ქცევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და მის დაძლევაზე ვიმუშაოთ;
  • წარმატების მისაღწევად საჭიროა მშობლისა და პედაგოგის შეთანხმებული და თანმიმდევრული მოქმედება. ეს ბევრად დააჩქარებს პრობლემის მოგვარებას;
  • რაც არ უნდა იყოს ბავშვის სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულებისა და სკოლისათვის თავის არიდების მიზეზი, დროული და სწორი ჩარევის შემთხვევაში აღნიშნული სირთულე, დიდი ალბათობით, დაძლევადია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ სკოლისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ჯერ კიდევ ბავშვის სკოლაში შეყვანამდე ვიზრუნებთ და ყველა სავარაუდო სირთულის დასაძლევად წინასწარ მოვემზადებით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სკოლა ბავშვისთვის სასურველ ადგილად, სწავლა კი მიმზიდველ საქმიანობად იქცეს.

 

 

ყავაზე მხოლოდ კარგს დავწერ…

0

ყავა, რომ მიყვარს ადრეც არაერთხელ დამიწერია. დღეში სულ სამ ჭიქას ვსვამ. წლების წინ სტატიაში დავწერე, ბალზაკის 33 ჭიქასთან შედარებით, აბა სამი ჭიქა რა მოსატანია-მეთქი და მაშინვე კომენტარი მაახლეს – არ იღელვოთ, ბალზაკმაც ალბათ სამი ჭიქიდან დაიწყოო… ჰმ, დრო გავიდა, მაგრამ რაოდენობა იგივე დარჩა. თუმცა, მისი სიყვარული სტაბილურად მაქვს.

ბოლო დროს სულ უფრო მეტი კვლევა იდება ამ სასმელზე (https://scholar.google.com/scholar?q=research+article+regarding+caffeine&hl=en&as_sdt=0&as_vis=1&oi=scholart). დღეში 3-4 ფინჯანი ყავა თურმე ალცჰაიმერის დაავადებასაც ებრძვის და ღვიძლისთვისაც კარგია (ამ უკანასკნელისთვის რაოდენობის შემცირება გვმართებს, ასე ორამდე).

თუმცა, ერთნი რომ აქებენ, სხვები აქცენტს მის უარყოფით თვისებებზე აკეთებენ და ეს სრულიად ბუნებრივია. აქამდეც ასე ხდებოდა და ისტორიას მისი აკრძალვის მცდელობებიც აქვს შემონახული. თუმცა, მე ყავა მიყვარს და…

დიახ, ყავაზე მხოლოდ კარგს დავწერ.

სწორედ ამიტომ, ამას წინათ თურქულ მაღაზიაში თურქული ყავის შესაძენად წავედი. Osmanli kahve, ანუ ოსმანურ ყავას წამოვავლე ხელი და სახლში როგორი იმედგაცრუებული აღმოვჩნდი, როცა ხელში რძეშერეული თურქული ყავა შემრჩა.

დავიჯერო, ეს ოსმანები ვითომ ძალიან გულზე მჯიღს ირტყამდნენ და რძიან ყავას სვამდნენ?

ადამიანმა ყავა უხსოვარი დროიდან აღმოაჩინა. ის ძირითადად აფრიკიდან მოდის. ეთიოპიაში დღემდე ველური ჯიშების ყველაზე დიდი მრავალფეროვნებაა. სხვა ადგილებში, სადაც ყავა ხარობს, მათი მრავაფეროვნება ნაკლებია. ეს კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადგილებში ყავის ნერგები ხელოვნურად იქნა შემოტანილი.

ლეგენდა ყავაზე ეთიოპელ მწყემს ბიჭ კალდის უკავშირდება. ბიჭი ერთ დღეს მონასტერში შევარდა და ბერებს აღმოჩენის შესახებ ამცნო. მისმა თხებმა ბუჩქებიდან რაღაც წითელი ნაყოფი ჭამეს და ისე გამხიარულდნენ, ენერგიით აღივსნენ და გადაირივნენ, რომ ცეკვა-თამაში დაიწყეს. კალდიმაც გასინჯა ეს ნაყოფი, ისიც ენერგიით აღივსო და სწორედ ამის შესახებ ახარა ბერებს. ბერებმა ცხოვრებაში პირველად იხილეს კოფეინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი და მიხვდნენ, რომ ეს ეშმაკის ნახელავი იყო. ამიტომ, საეჭვო მარცვლები დასაწვავად ცეცხლში ჩაყარეს. ხვდებით, ხომ რა არომატიც დატრიალდებოდა. ზუსტად ამ სურნელის გამო ბერებმა ნაყოფის დაწვა-განადგურება გადაიფიქრეს და ახლა წყალში ჩაყარეს ცეცხლის ჩასაქრობად. კიდევ ერთი საოცრება მოხდა. ახლა ამ წყალმა მიიღო სურნელი და ყველანი გემოს გასასინჯად მიიტყუა, რის შემდეგაც, ერთად დაიწყეს ცეკვა. ამ ამბავში მართალი მხოლოდ ის არის, რომ ზოგიერთ ქვეყანაში თხებს მართლაც იყენებდნენ იმისთვის, რომ გაეგოთ, ესა თუ ის მარცვლეული ან კენკრა საკვებად ვარგისი იყო თუ არა არა. თხებიც ხალისით სინჯავდნენ ყველაფერს. დანარჩენი ამბავი გამოგონილი უნდა იყოს.

სავარაუდოდ, ადამიანები მხოლოდ ყავის მარცვლებს ღეჭავდნენ. ასეთი პრაქტიკაც ყოფილა, რომ მარცვლებს ფქვავდნენ და მათგან ერთგვარ ენერგეტიკულ წასახემსებლებს აკეთებდნენ. დალევა გვიან მოიფიქრეს.

მე-15-ე საუკუნის ბოლოს იემენის საზღვაო სადგურ მოკაში ვაჭრების მიერ შეტანილი ყავის უწყვეტი ნაკადი მოედინებოდა. სწორედ მოკა იქცა ყავის იმპორტის ცენტრად. თავად ყავას კი „არაბიკა“ დაარქვეს.

დღეისათვის ყავას, რომელსაც „მოკო“ ეწოდება და შოკოლადი ემატება ერთი საინტერესო ისტორიიდან იღებს სათავეს. იემენურ ყავას ოდნავი შოკოლადის გემო ყოველთვის დაჰკრავდა. თუმცა, შოკოლადი არასდროს დაუმატებიათ. შოკოლადი ამერიკიდან იტალიაში მე-17-ე საუკუნეში შეიტანეს და ტურინში რძესთან ერთად დაიწყეს მისი ჩამატება ყავაში. მეოცე საუკუნეში კი ასეთ შოკოლადიან და რძიან ყავას „მოკო“ უწოდეს.

მუსლიმანი სუფისტები ყავის პირველი ენთუზიასტები გახდნენ. ღამის თენება და შეკრებები უყვარდათ, ამიტომაც ყავა მათ უცვლელ სასმელად იქცა. მოხეტიალე დერვიშებმა კი უცბად მოახერხეს ყავის გავრცელება მთელ ისლამურ სამყაროში. მე-16 საუკუნის დასაწყისში ყავას უკვე ეგვიპტეში, ჩრდილო აფრიკასა და სხვა ქვეყნებში იცნობდნენ. მორწმუნე მუსლიმანების გულებშიც იოლად დაიმკვიდრა ადგილი. ალკოჰოლი რელიგიით იკრძალებოდა. ყავა კი მშვენიერი სასმელი გახლდათ, რათა ადამიანები ერთად შეკრებილიყვნენ და ამ მთის თუ იმ ბარის ამბები ეთქვათ ერთმანეთისთვის. იმ დროს ყავას ზუსტად იმ მეთოდით ამზადებდნენ, როგორი მომზადებული ყავაც დღემდე მიყვარს, ანუ ე.წ. თურქულად, „ჯეზვეში“. ბევრი ადამიანი ყავის დასაგემოვნებლად სპეციალურად მოწყობილ ყავის დასალევ ადგილებში – ყავახანაში დადიოდა. ასეთი ყავახანები ძირითადად უნივერსიტეტებთან (მედრესეებთან) ახლოს იხსნებოდა და პოლიტიკურ-ფილოსოფიური დისკუსიების ადგილი ხდებოდა. მავანს ეს არ მოსწონდა, რადგან ფიქრობდა, რომ ყავა ხალხს აღაგზნებდა და თავში მმართველების დამხობის აზრებს უჩენდა. ამიტომ, იყო ყავის აკრძალვის მცდელობებიც. ერთი ასეთი ამბავი 1511 წელს მექაში მომხდარა. სწორედ აქ სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ყავას და ადამიანის ცნობიერების გადამგვარებელი სასმელი უწოდა. თავად სიტყვა ყავა არაბული „ქაჰვასგან“ მოდიოდა, რაც ღვინოს ნიშნავდა. ამ სიტყვით აღნიშნავდნენ რაიმე „ბნელ“ სასმელს, სწორედ ისეთს, ტვინს, რომ აგიბნევს. ამიტომ, ყავა აკრძალეს. თუმცა, ამ აკრძალვამ დიდხანს ვერ გასტანა.

თუ ყავის მსმელი ბრძანდებით, მიხვდებით, როგორი რთულია მასზე უარის თქმა. სწორედ ამიტომ, ყავის მსმელებმაც ბარიკადები ააგეს და ცხოვრებაში ყავის დაბრუნება ითხოვეს. ყავას ეკონომიკაზეც ჰქონდა გავლენა, რადგან ვენეციელი ვაჭრები მას დიდი ოდენობით ყიდულობდნენ თურქეთის პორტებში. ასე რომ, ყავისთვის თავის დანებება ვერ გამოვიდოდა.

რა ხდებოდა ევროპაში? პირველად ყავა იტალიიდან, კერძოდ ვენეციიდან გავრცელდა. კათოლიკური ეკლესია ამ სასმელში ასევე ეშმაკს ხედავდა, რომლითაც „ურჯულოები“ ქრისტიანების შეცდენას ცდილობდნენ. 1600 წელს პაპ კლიმენტი მერვეს ეპისკოპოსებმა თხოვნითაც კი მიმართეს – მოგვაშორე ბოლო-ბოლო ეს ყავაო. თუმცა, კლიმენტის ყავა მოსწონებია და კი არ აუკრძალავს, პირიქით, გზა დაულოცავს, სვით ხალხო და ცოტა გამოფხილდითო.

ევროპაში გასაყიდ ყავას მუსლიმანურ ქვეყნებში საგულდაგულოდ ხალავდნენ. დიახ, ყავა სხვა ქვეყნებში მხოლოდ მოხალული უნდა გასულიყო, რათა ევროპაში ყავის მარცვალს არ გაეხარა. ყავის მარცვლების მოხალვასთან დაკავშირებით ადამიანების აზრი ორად იყოფა. ერთნი დარწმუნებული არიან, რომ რაც უფრო მოხალულია, უფრო მეტი კოფეინია გააქტიურებული და უფრო მეტი სიმაგრე აქვს ყავას. მეორენი პირიქით ამტკიცებენ, რომ მოხალვა და ტემპერატურა კოფეინს შლის. ამიტომ, უფრო მაგარი ნაკლებად მოხალული ყავაა. სინამდვილეში, მოხალვა კოფეინზე ვერ ასწრებს ზემოქმედებას. აქ მთავარი ყავის ჯიშია, ზოგიერთი უფრო მეტს შეიცავს, ზოგი ნაკლებს. მეტად მოხალული ყავა კი სიმაგრის შთაბეჭდილებას იმიტომ ტოვებს, რომ მარცვალი მაქსიმალურად გამომშრალია და შიგნით არსებული კოფეინის კონცენტრაცია გაზრდილია. შეიძლება ამიტომაც, ევროპელებმა ყავის მოხარშვის ტრადიციულ ხერხს მისი ფილტრაცია ამჯობინეს. თუმცა, მე ისევ ის ძველი თურქული სტილით მომზადებული უფრო მიზიდავს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იყო დრო ევროპაში, ყავას წამლად აღიქვავდნენ. ყავა მელანქოლიას კურნავდა, კიდევ საჭმლის მონელებაში ეხმარებოდა ადამიანებს. ასევე კურნავდა, პოდაგრას, ყვავილსა და ალკოჰოლიზმს… ჰო, ნუ იცინით, ასე ეგონათ, ვაჰ.

აფთიაქებში მაშინდელი გადამყიდველები ყავას ცეცხლის ფასს ადებდნენ. მერე და მერე უკვე სიამოვნებისთვის დაიწყეს დალევა. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, ევროპელებმა ოსმალებს ნედლი ყავის მარცვლები მოჰპარეს და ყავის ფასიც დავარდა. პირველი ყავის ბუჩქები ჯერ ამსტერდამის სათბურებში გაახარეს, შემდეგ კი ჰოლანდიის კოლონიების ტერიტორიაზე – იავაზე. სწორედ აქედან დაიწყო ყავამ ევროპაში მასობრივი გავრცელება და ყველაზე ხელმისაწვდომ სასმელად გადაიქცა.

თუ სკოლაში ქიმიის კლუბი გაქვთ, ოსმანურ და შუა საუკუნეების ევროპას შეგიძლიათ მიბაძოთ და ყავა შეიტანოთ შიგნით. არა, მოსწავლეებს ნუ შესთავაზებთ, თავად მიირთვით, მათ კი ექსპერიმენტი გააკეთებინეთ.

 

ცდა #1

კოფეინის სუბლიმაცია მაგნიუმის ოქსიდთან ერთად.

 

კოლბაში მოათავსეთ დაფქული ყავა და MgO პროპორციით 1:1. მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში და კოლბას თავზე საათის მინა დაახურეთ. გააცხელეთ 9-10 წუთის განმავლობაში. მოხდება კოფეინის სუბლიმაცია და მინის შიდა ზედაპირი მისი ნემსისებური კრისტალებით დაიფარება.

 

ცდა #2

თვისებითი რეაქცია კოფეინზე

 

წინა ცდის დროს გამოყოფილი კოფეინის ნემსისებრი ფორმის კრისტალები ქიმიურ ჭიქაში მოაგროვეთ და დაამატეთ რამდენიმე წვეთი აზოტმჟავა. უნდა წარმოიქმნას ყვითელი ფერის ტეტრამეთილალოქსანტინი. ახლა ერთი-ორი წვეთი 25%-იანი ამიაკი დავამატოთ. ამონიუმის პურპურატის წარმოქმნის გამო, ყვითელი შეფერილობა წითელში გადავა. თუ მართლაც ასეთი შედეგი მიიღეთ პირველ ცდაზე მართლაც კოფეინი მიგვიღია და ეგ არის.

 

ჰო, მართლა, Osmanli kahve-ისგან ექსპერიმენტი არ გააკეთოთ. რძე აქვს შერეული და ეჭვი მეპარება კოფეინი ჰქონდეს.

 

საუბრები მშობლებსა და შვილებზე

0

ძვირფასო მშობლებო, აღმზრდელებო, უფროსებო. თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ნებით თუ უნებურად შვილებს უღვივებთ სურვილს, მიიღონ ქება და გამხნევება. ზოგჯერ ბავშვებს ნამდვილად აკლიათ უფროსების დადებითი შეფასება და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ თუნდაც გამამხნევებელი ღიმილის მოსაპოვებლად. მაგრამ ისეც ხდება, რომ ბავშვი მთლიანად დამოკიდებულია პოზიტიურ შეფასებებზე და მიაჩნია, რომ ყოველი მისი ქმედება აუცილებლად გამამხნევებელ სიგნალს დაიმსახურებს. ასეა თუ ისე, პატარებს უყალიბდებათ დამოკიდებულება უფროსების რეაქციებზე. ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდით თავს თავად, გამუდმებით ქებაზე ან შენიშვნებზე რომ გეფიქრათ. შეძლებდით ასეთ ვითარებაში, თავისუფალი პიროვნება გამხდარიყავით?

ბავშვებს რომ მივუბრუნდეთ, აუცილებელია მათთან მუდმივი საუბრები და იმის ახსნა, რომ ნებისმიერ ქმედებას აქვს შედეგი. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ ქცევაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამავე დროს, პატარა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სიყვარულის, პატივისცემის და საკუთარი პიროვნების დაცულობის განცდა. სამწუხაროდ, მშობლების უმრავლესობა მიჩვეულია, გამუდმებით აფიქსიროს საკუთარი „ერთადერთი და განუმეორებელი“ მოსაზრებები, როდესაც არ მოსწონს შვილის საქციელი ან, პირიქით, ძალიან კმაყოფილია მისით. მაგრამ განა უფროსებს აქვთ პატარების მუდმივი განკითხვის უფლება? – კითხულობს შეფალი ცაბარი – ამერიკაში მოღვაწე ინდური წარმოშობის ფსიქოლოგი, თავის წიგნში „ბავშვი – ჩვენი საიდუმლო მე-ს სარკე“. დიდების სამყაროში პატარას მოვლინება თავისთავად განაპირობებს მის უფლებას, იყოს თვითმყოფადი. უფროსებმა ეს უნდა გააცნობიერონ და არ შეზღუდონ მისი უფლება.

წახალისება, გამხნევება, უკმაყოფილება კონტროლის ინსტრუმენტებია. თუ ბავშვი აკეთებს იმას, რაც უფროსებს მოსწონთ – შესანიშნავია. მაგრამ თუ მისი ქცევა დიდებს არ აკმაყოფილებთ, მაშინ ბავშვი ცუდია. ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ მშობლები სათუთად უნდა მოეკიდონ შვილების სულიერ განცდებს და პატივისცემა გამოხატონ მათი პიროვნული თავისებურებების მიმართ. ფაქტია, რომ უფროსები დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მატარებლები არიან. სწორედ ამიტომ მშობლებმა უნდა აღმოაჩინონ პატარებში გარკვეული მისწრაფებები და დაეხმარონ მათ არჩეული მიმართულებით განვითარებაში. ზრდასრულებმა უნდა იცოდნენ, რა მოსწონთ მათ შვილებს, მაგალითად, ხეებზე ცოცვა, ენციკლოპედიის ფურცვლა, ბურთით თამაში, სცენაზე დგომა, ფანტაზიორობა, გიტარის სიმების წვალება თუ მშვიდად ჯდომა და წიგნის ფურცვლა? ნება დართეთ, უკრიტიკოდ და გადაჭარბებული კონტროლის გარეშე აკეთონ ის, რაც სიამოვნებთ და ახარებთ. ამით ისინი, ასაკის მატებასთან ერთად, მოახერხებენ, ისწავლონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიიღება.

უფროსები მოვალენი არიან, პატივისცემით მოეკიდონ შვილების გადაწყვეტილებებს. ზოგი კარიერულ წინსვლას ამჯობინებს ოჯახის შექმნას, ზოგი აღმსარებლობის შეცვლას მოინდომებს და არც ის არის გამორიცხული, ვინმემ სქესის შეცვლა გადაწყვიტოს. ნებისმიერი ადამიანი საკუთარი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. ეს დიდებსაც ეხებათ და პატარებსაც. ამიტომ არ უნდა შეზღუდონ მშობლებმა შვილები საკუთარი თავის ძიების პროცესში.

მშობლები ხშირად დგებიან გარკვეული პრობლემის წინაშე, როდესაც მათი ვაჟი ხვდება გოგონას, რომელიც მათ არ მოსწონთ ან მანამდე თვინიერი გოგონა გადაწყვეტს, გახდეს მხატვარი და არა იურისტი. ბევრი მშობელი უარს ამბობს, გაუგოს შვილს და პატივისცემით მოეკიდოს მის გადაწყვეტილებას.

როდესაც ბავშვის პიროვნების მიმართ პატივისცემის გამოხატვაზე ვლაპარაკობ, – განაგრძობს ფსიქოლოგი, – მშობლების უმრავლესობა გაოცებული თვალებით მიყურებს და მეუბნება, რომ ისინი ზრუნავენ შვილებზე, გრანდიოზულ დაბადების დღეებს უხდიან, გასართობ ცენტრებში დაჰყავთ, ყიდულობენ მათთვის ძვირფას საჩუქრებს, მოკლედ, ანებივრებენ. ეს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ მთავარია ბავშვის თვითგამოხატვის უფლების აღიარება და დადასტურება. უფროსები ეხმარებიან პატარებს საკუთარი ცოდნის გადაცემით, მაგრამ მშობლებმა არ უნდა მოახვიონ თავს შვილებს საკუთარი შეფასებები. მშობელი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მშობლობის არსი, შვილებს მხოლოდ ინფორმაციას აწვდის და იმედი აქვს, რომ ისინი თავად გადაწყვეტენ, როგორ გამოიყენონ ეს ინფორმაცია.

მიუხედავად იმისა, რომ უფროსებს ყოველთვის შეუძლიათ, გაუზიარონ საკუთარი მოსაზრება მოზარდებს, მაინც უნდა ეცადონ, ინფორმაცია გასცენ მსჯელობის ფორმით, რაც თინეიჯერს დიალოგისკენ უბიძგებს. შედეგად მშობელი შეიტყობს, რას ფიქრობს მისი შვილი კონკრეტულ საკითხზე. ნებისმიერი ასაკის ბავშვს სჭირდება იმის განცდა, რომ თვითმყოფადია. უფროსები მიჩვეული არიან, მუდმივად შეაფასონ ბავშვების ქცევა და ავიწყდებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, განიცადოს სიხარული მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ადამიანია და ამქვეყნად ცხოვრობს. პატარა ბავშვები დაჯილდოებულნი არიან ცხოვრებით ტკბობის უნარით, მათთვის მთელი სამყარო სასწაულია. ეს მართლაც შესაშური უნარია და თუ ასეა, რატომ ცდილობენ უფროსები, თანდათანობით დააკარგვინონ ის პატარებს? მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა შვილებს მცირედი ეჭვიც კი არ გაუჩნდეთ, რომ მშობლები უსაზღვროდ ბედნიერები არიან მათი არსებობით. ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის რწმენა, რომ უფროსებს ისინი უპირობოდ უყვართ და ყოველთვის მიიღებენ, გულში ჩაიკრავენ, მიუხედავად ყველაფრისა.

ბავშვები ხშირად ცელქობენ და ცუდად იქცევიან, მაგრამ მათი სული მაინც ძალიან ფაქიზი და უმანკოა. პატარები ყოველთვის მზად არიან სიყვარულისა და სითბოს მისაღებად. ამიტომ არის, რომ როდესაც ისინი გრძნობენ საკუთრი პიროვნების მიმართ ყურადღებას, მზად არიან, ნდობა გამოუცხადონ უფროსებს. ნებისმიერ ბავშვს აქვს პრობლემური ქცევის ეპიზოდები. მშობლებს ევალებათ, მსგავს ქცევას მშვიდად შეხვდნენ და შეინარჩუნონ რწმენა, რომ მათი შვილები საუკეთესო ადამიანები არიან, რომლებსაც მდიდარი სულიერი სამყარო აქვთ. ასე შვილები ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებიან.

ახლა მინდა, – მიმართავს მშობლებს შეფალი ცაბარი, – რამდენიმე მაგალითის საფუძველზე მკითხველებს ავუხსნა, როგორ აგრძნობინონ შვილებს უპირობო სიყვარული.

  • უთხარით შვილს, რომ ძალიან ბედნიერი ხართ იმით, რომ სწორედ თქვენ ხართ მისი დედა/მამა;
  • როდესაც თქვენი შვილი ტელევიზორს უყურებს, გვერდით მიუჯექით და უთხარით, რომ ძალიან გსიამოვნებთ მასთან ერთად ტელევიზორის ყურება;
  • მადლობა გადაუხადეთ, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ სწორედ ის არის თქვენი შვილი;
  • უთხარით, რომ ძალიან ბედნიერი ხართ იმით, რომ თქვენი ყოველი დილა მასთან მისალმებით იწყება;
  • ხშირად უთხარით, რომ სწორედ მისი მოფერებაა ის, რაც უსაზღვროდ გაბედნიერებთ;
  • საბავშვო ბაღიდან/სკოლიდან ბავშვის გამოყვანისას არ დაგავიწყდეთ უთხრათ, რომ უკვე ძალიან მოგენატრათ;
  • ბავშვის ღიმილს ყოველთვის ღიმილით უპასუხეთ და დააყოლეთ, რომ უსაზღვროდ გიხარიათ მისი ალერსი და მოფერება;
  • არასდროს დაგეზაროთ იმის თქმა, რომ ძალიან გიყვართ.

მთავარია, მშობლებმა დაარწმუნონ შვილები, რომ მათ არ სჭირდებათ რაიმე განსაკუთრებულის კეთება, რათა უფროსების ყურადღება და სიყვარული დაიმსახურონ. დაე, თქვენი შვილები იზრდებოდნენ იმ განცდით, რომ მათი სიცოცხლე თავისთავად არის დიდი ღირებულების მქონე და ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გიყურებენ სხვა ადამიანები. ეცადეთ, არ გამოუმუშაოთ შვილებს მუდმივად სიყვარულის მოპოვების ჩვევა – ამგვარად აღზრდით ადამიანს, რომელიც სხვების შეხედულებებზე არ იქნება დამოკიდებული.

დასასრულ, თუ მშობლები არ გააკრიტიკებენ შვილების ყოველ ნაბიჯს, არ გააუფასურებენ მათ ქცევას,  მათი შვილები შინაგანი თავისუფლების განცდით გაიზრდებიან. ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვები და მოზარდები მხოლოდ მშობლების ინტერესებით არ იმხელმძღვანელებენ, რაც დამოუკიდებელ პიროვნებებად მათი ჩამოყალიბების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

   დაწუნებული ბიჭი

0

 „ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!“

რეალურად რა სურდა სარიდანს, როცა ფარსადანს ინდოეთის გაერთიანების გეგმა შესთავაზა, ნათელი არ არის. როგორც ტარიელი ჰყვება, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მეფეს თავად ასე  უთქვამს, მინდა: „სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა“. ასე კი უთქვამს, მაგრამ  სამეფო კარის „ჭრელად“ საუბრები ცალსახად  სარწმუნო არაა.  იქნებ სარიდანს გაერთიანებული ინდოეთის ამირბარობა ხიბლავდა, ანდა იქნებ, რადგან ფარსადანს შვილი არ ჰყავდა, სულაც გაერთიანებული ინდოეთის მეფობა სურდა თავისი მემკვიდრისთვის…

ვამბობთ, მემკვიდრისთვისო, თუმცა ზუსტად ისიც არ ვიცით, ამ დროს დაბადებული იყო თუ არა სარიდანის ვაჟი.  თვითონ ტარიელი ასე ეუბნება ავთანდილს: „ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა“. თუ ტარიელი ამირბარის ძედ გაჩნდა, ის ინდოეთის მეფეთა შეთანხმების შემდეგ დაბადებულა. რადგან არ ვიცით, ელოდა თუ არა სარიდანი შვილს  შეთანხმებამდე,  ამიტომ ვერც იმას ვიტყვით,  ეს შეთანხმება სარიდანის მხრიდან უანგარო და გულწრფელი იყო თუ წინასწარ კარგად დაგეგმილი.

რაც ნამდვილად ვიცით, ისაა, რომ ამირბარის ვაჟის არსებობა ფარსადანისთვის გარკვეულ ეტაპზე ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა. მეფის უშვილობა, როგორც ჩანს, მთელ ინდოეთს სერიოზულად აშფოთებდა, განსაკუთრებით – ლაშქარს: „ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა“.

შეშფოთებული ინდოეთის დასამშვიდებლად ფარსადანმა პრაგმატული გამოსავალი იპოვა – ტარიელი მემკვიდრედ გამოაცხადა: „მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა“.

ასე შემთხვევით ეწია ტარიელი ბედს, ინდოეთის შვიდი სამეფოდან ერთ-ერთის ნაცვლად, იგი გაერთიანებული ინდოეთის სრულუფლებიანი მემკვიდრე გახდა. ბიჭი, რომელიც ხუთი წლისა უკვე ლომებს ხოცავდა,  რაც არ უნდა მომხდარიყო შემდეგ, ვერასდროს დაივიწყებდა, რომ ოდესღაც ინდოეთის მეფედ იზრდებოდა. აკი ეუბნება კიდეც ავთანდილს: „საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად…“

ექვსიოდე წელიც და ტარიელის ბედი ნესტან-დარეჯანის ბედისწერას გადაეჭდობა. მეფის ასულის დაბადებას მყისვე არ შეუცვლია ტახტის მემკვიდრის მდგომარეობა.  როგორც ტარიელი ავთანდილს ეუბნება: „ვუყვარდი და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა“.

ერთად იზრდებოდნენ შვილი და შვილობილი. როცა მათი გზები გაიყარა, ნესტან-დარეჯანი შვიდი წლისა უნდა ყოფილიყო, ხოლო ტარიელი – ცამეტისა. ეს განშორება, როგორც ჩანს, სულისშემძვრელ მოგონებად შემორჩა ბიჭის მეხსიერებას, რაკი ამბობს: „მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წრთობილი“.

ცამეტი წლის ბიჭი და შვიდი წლის გოგო… ისინი    წლების შემდეგ კვლავ შეხვდებიან, თუმცა ჩანს,  რომ ერთმანეთი ერთი წუთითაც არ დავიწყებიათ.  არა თუ არ დავიწყებიათ, პირიქით, ნესტანი პირველივე წერილში შესაშური სითამამით სწერს ტარიელს: „შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია…“

„წინასცა“…  ნეტავ როდის, როცა შვიდი წლისა იყო?

რა თქმა უნდა, მცდარია აზრი იმის შესახებ, რომ ტარიელსა და ნესტანს ერთი დანახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. მათი პირველი შეხვედრა დროებითი განშორების შემდეგ, უბრალოდ დიადი წამი აღმოჩნდა,  არაცნობიერის აფეთქების წამი,  ვულკანის ამოფრქვევის წამი.

ტარიელი ამ დროს უკვე დაწუნებული ბიჭია…

ტარიელი პირველად მაშინ დაიწუნეს, როცა  ცამეტი წლისა იყო. არც თუ პატარა ბიჭი ამ დაწუნების გემოს, სავარაუდოდ, კარგად იგრძნობდა. თუ რა იყო  დაწუნების მიზეზი, თავად ტარიელი ამას ასე უხსნის ავთანდილს: „მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწრთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს…“ნესტან-დარეჯანს შეატყვეს, რომ მეფობას შეძლებდა და მე მამასთან დამაბრუნესო.

თითქოს არც საყვედური ჩანს ამ სიტყვებში, არც გულისწყრომა, არც შურისძიების სურვილი. თითქოს არ ისმის ხმა დაწუნებული ბიჭისა. ტარიელმა ღირსეულად დაიხია უკან.

იქნებ იმიტომაც, რომ ყველაფერი  იმისთვის ემეტებოდა, ვისთან დაშორებასაც ვერ გაძლებს „გული ალმასი, წრთობილი“.

მეფობისთვის დაწუნებული ბიჭი მართალია ვეღარ ხვდება ბავშვობის მეგობარს, თუმცა კვლავ აგრძელებს მეფესთან ახლო ურთიერთობას და ისე, რომ ფეხი არ შეუდგამს ნესტანის კოშკში, მაინც ყველაფერი იცის იქაურობის შესახებ.

ჩანს, რომ ნესტანმაც ასევე ყველაფერი იცის ტარიელის შესახებ, რაკი პირველივე წერილში სწერს: „მინდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია“.

თხუთმეტი წლის ტარიელი მოულოდნელად ობლდება. ერთი წელი სიბნელეში ზის და გლოვობს მამის გარდაცვალებას. ერთი წლის შემდეგ შავს იხდის და მამის ადგილს იკავებს – ამირბარის თანამდებობაზე ინიშნება. ტარიელის მეფობაზე საუბარი დასრულებულია. ამ თემას აღარავინ ახსენებს. თუმც არის ვიღაც, ვინც, ტარიელისაგან განსხვავებით, წარსულის დავიწყებას არ აპირებს…

ნესტანზე საუბრისას ასეთი რამ უთხრა ტარიელმა ავთანდილს: „იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა…“ დიახ, ომია ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის ტარიელს და თუ როგორი ბრძოლა შეუძლია მას, ეს არაბეთში თავისი თვალით ნახა ავთანდილმა. როცა ტარიელი თავის თავგადასავალს უყვება ავთანდილს, რაღაც ფაქტების დასამოწმებლად (მაგალითად, თავისი გამორჩეული სილამაზისა – „ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა“ ან „მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა – ჟამი დილისა“)  დროდადრო ასმათს მოიხმობს  და თან იმასაც  ეუბნება, თუ რამე გადავაჭარბო, მამხილე ხოლმეო: „ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა!“

თუ სადმე მოწმე არ სჭირდება ტარიელს, ეს მისი უებრო მეომრობის ამბავია.   ხატაეთის ომის ლამის ფანტასტიკური  ეპიზოდებიც კი გადაუჭარბებელი სიმართლეა ავთანდილისათვის და არა თუ რამე აეჭვებს, არამედ შემდეგ, როცა თვითონ მოუწევს მეკობრეებთან ბრძოლა,  ცდილობს  რაღაც-რაღაცებში მიჰბაძოს კიდეც ტარიელს. ტარიელის მონათხრობი: „კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი“, ერთი ერთში გაიმეორა ავთანდილმა მეკობრეებთან შებრძოლების დროს: „ერთმანეთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა“.

ომია ის, რაშიც ავთანდილი სიამოვნებით დაემოწაფება ტარიელს.

ავთანდილზე ადრე ნესტან-დარეჯანი მიხვდა, თუ სად, რომელ ასპარეზზე შეეძლო თავის გამოჩენა მის მიჯნურს. ამიტომაც გადაწყვიტა მამამისისთვის დაენახვებინა, რომ ინდოეთის სამხედრო ძლიერებისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი სწორედ დაწუნებული ბიჭი იყო და მის გარეშე ნესტან-დარეჯანის გამეფება აზრს დაკარგავდა.

ხომ მეტისმეტად უცნაურია, რომ ტარიელის ხატაეთში საბრძოლველად წასვლის წინ არსად გამოჩენილა ფარსადანი. მეფე თითქოს გამქრალია ინდოეთიდან. მისმა ამირბარმა ისე გააჩაღა მიწერ-მოწერა რამაზ მეფესთან, ისე შეკრიბა ინდოეთის ლაშქარი და ისე გაემართა საომრად ხატაეთში, თითქოს მეგობრებთან ერთად სანადიროდ ან საბურთაოდ წასულიყო. და ეს გააკეთა სულ რამდენიმე ხნის წინ მძიმედ ნაავადმყოფარმა და ძლივს გადარჩენილმა კაცმა, რომელსაც მეფე ლამის თავისი ხელით  ბულიონს ასმევდა.

აშკარაა, ფარსადანი რაღაცას განაბული ელოდება. თუ დაწუნებული ბიჭი  ხატაეთში კისერს წაიტეხს, იქნებ კარგიც აღმოჩნდეს მისთვის; თუ გამარჯვებული დაბრუნდება,  იქნებ უკვე  ამისთვისაც აქვს მოფიქრებული რაიმე.

ნესტან-დარეჯანმა სწორად გათვალა – ტარიელი გამარჯვებული დაბრუნდა და არა მხოლოდ უბრალოდ გამარჯვებული – საპატიო ტყვეები და უამრავი ალაფი ჩამოიყვან-ჩამოიტანა. ინდოელები აღტაცებით ხვდებიან თავიანთ ამირბარს და, სავარაუდოდ, ფარსადანს კარგად ესმის, ინდოეთის ქუჩებში როგორ გაიძახიან ისინი: „ტარიელ! ტარიელ! ტარიელ!“. ესმის და ღიზიანდება… ტარიელის რეიტინგმა აშკარად გადააჭარბა მეფისას.

თავად ტარიელი ასე იხსენებს ამ  მისთვის თურმე საბედისწერო ტრიუმფს: „ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი… ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, – მართლად არს, არ კატაბანი“.

„არ კატაბანი“ – არ ვიტყუებიო…

გვჯერა,  რომ მართლაც არ იტყუება და გულს გვიკლავს ტარიელის ბავშვური მიამიტობა. რუსთაველმაც ხომ კარგად იცის, რომ ფიზიკურად ყველაზე ძლიერი კაცი ამავდროულად ყველაზე დაუცველი, გულწრფელი, ალალი კაცია მის პოემაში, იცის და ამიტომაც გვთხოვს: „მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის არ-შეშრობილი“.

მეტი რაღა უნდა გააკეთოს ერთმა ადამიანმა, რომ ხალხთან ერთად მეფემაც აღიაროს მისი გამორჩეულობა. ამისთვის გაისარჯა ნესტან-დარეჯანი და ეგონა, გაამართლა კიდეც მისმა გეგმამ. ამიტომაცა არიან მეცხრე ცაზე  ის და ტარიელი გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე. პირისპირ მსხდარნი თავიანთ ბედნიერებას ისე ასხივებენ, რომ ლამის ყველამ შეიტყოს მათი გრძნობების შესახებ.

სანამ მიჯნურები სიყვარულითა და წარმატებით თვრებიან, ფარსადანი  თავისი გეგმის განსახორციელებლად ემზადება და ამ გეგმაში დედოფალსაც  მნიშვნელოვანი როლი ექნება.

რამდენადაც პომპეზურიც იყო ხატაელებთან გამარჯვების აღსანიშნავი დარბაზობა, იმდენად ვერაგი და მუხანათური იქნება ზეიმიდან მეორე დღეს  მეფის კარზე დილაუთენია გამართული  მცირერიცხოვანი თათბირი.

„რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა“ არის ალბათ „ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე სასტიკი და ცინიკური ეპიზოდი.

ინდოეთი ასეთი ქვეყანაა – აქ დაწუნებული ბიჭი საკუთარ თავსაც რომ გადაახტეს, მაინც ვერაფერს მიაღწევს, მას ყოველ ჯერზე დაიწუნებენ, რადგან მეფის სამომავლო გეგმებში მისი ადგილი ან ძალიან მოკრძალებულია, ან იქნებ საერთოდაც არ არის. აქ არავინ იტყვის ისე, როგორც არაბეთში უთხრა როსტევანმა ავთანდილს: „თუ არ გაწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედად-რე“. თან ის ამბავი  ომში კი არა, ნადირობაში გამარჯვებას ეხებოდა.

სამეფო კარის თათბირზე კი ერთმანეთთან თვალებით მოსაუბრე მეფე-დედოფალი ორიოდე დიდებულთან ერთად ამას ასმენინებს ტარიელს: დავბერდით, დავჩაჩანაკდით, ჩვენი ქალისთვის ქმარი გვინდა, რომელიც სამეფოს უპატრონებს, რომ მტრებმა არ აგვაწიოკონო.

არ მოესმა.

ამას ასმენინებენ ტარიელს, რომელმაც ორიოდე დღის წინ ინდოეთის აბუჩად ამგდები ხატაეთის მეფე, რომელიც ფარსადანის შესახებ ასე ამბობდა: „ვინ არის თქვენი ხელმწიფე?  ჩვენ ზედა რა პატრონია?“, სასტიკად დაამარცხა, დატყვევებული ლამის ყურით ჩამოუყვანა ფარსადანს, გადაუხდელი ხარაჯა ასმაგად ამოიღო  და საკუთარი გმირობისა და ინდოეთის ლაშქრის უძლეველობის ამბავი მთელ ქვეყანას მოჰფინა. აქ კი მეფე და დედოფალი, თითქოს ამნეზია დამართნიათო,  გულსაკლავად მოთქვამენ: „არ ამოვწყდეთ, მტერთა  ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ“. არ დაგვავიწყდეს, ეს ის დედოფალია, რომელმაც წინა დღეს გამარჯვების აღსანიშნავ წვეულებაზე ტარიელი მადლიერების ნიშნად ისე მაგრად ჩაკოცნა,  რომ ლოყა დაულურჯა და თან ასე უთხრა: „ნუ ეჭვ ამას იქით, თუმცა მტერი შე-ღა-გება!“ – რომელი მტერი გაგიბედავს აწი შებმასო.

ფაქტობრივად, ტარიელს აგრძნობინეს, შენი ტრიუმფი დაივიწყე, არაფერს ნიშნავს,  შენზე უკეთესებიც არსებობენ და ასეთი ხვარაზმშას ძეაო. მარტო დედოფლის სიტყვების ქვეტექსტი  რად ღირს: „მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!“ – სხვა რომელიო…

არავინ თქვას ახლა, ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარულის ამბავი არ იცოდნენ და ასე იმიტომ ამბობდნენო ან ტარიელს შვილივით უყურებდნენო.    სულ მალე გამოჩნდება, რომ ყველაფერი კარგად იცოდნენ და ტარიელს წვეულებაზეც პირისპირ იმიტომ დაუსვეს თავიანთი ქალი, რომ  ვარაუდი ფაქტებით დაედასტურებინათ. ისიც ხომ კარგად გვახსოვს, ხვარაზმშას ძის მოკვლის შემდეგ როგორ ყვიროდა ფარსადანი: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგია: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანეთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან“.

ტარიელი, წინა ღამით ვარსკვლავებს რომ ეთამაშებოდა და მეცხრე ცაზე იყო, მეფე-დედოფალმა ისე დაანარცხა ძირს, რომ გულდამწვარი ამბობს: „ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა“.

მეტი რაღა უნდა ექნათ – სული ამოჰხადეს.

ნუთუ ახლა მაინც არაფერს იზამს დაწუნებული ბიჭი? ნუთუ კვლავ უსიტყვოდ შეურიგდება თავის ბედს და არაფერს შეიმჩნევს, ნუთუ კვლავ ათას მიზეზს მოიგონებს: „ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა“  და გაჩუმდება, თუ ახლა მაინც იბრძოლებს საკუთარი სიყვარულისა და ღირსების დასაცავად…

„მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი“, ბედს შერიგებულივით ამბობს იგი და ჩანს, არაფრის გაკეთებასაც არ აპირებს,  თუმცა როგორ არ აპირებს – საბურთაოდ მიდის და  შემდეგ დაღლილ-დაქანცული საწოლ ოთახში იმისთვის ბრუნდება, რომ ცრემლები ღვაროს და შიგადაშიგ თვითმკვლელობაზე იფიქროს.

ჩვენი არ იყოს, ნესტან-დარეჯანიც მთელი დღე მის რეაქციას ელოდებოდა და როცა მიხვდა, ტარიელი არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, თავისთან იხმო. სწორედ მაშინ დაინახა ტარიელმა, რომ   ქალი კი არა, თურმე ვეფხვი უყვარდა.

ასე ქუშად იჯდა და ელვას ჰგავდა თინათინიც, როცა ავთანდილისთვის დიდი დავალების მიცემას აპირებდა. „ვეფხი პირ-გამეხებულიც“ ელვათა მკრთომელია, ისიც დიდი დავალების მისაცემად ემზადება, მოქმედების გეგმა მასაც დეტალურად აქვს გაწერილი და დაწუნებულ ბიჭთან ერთად  ახალ შეთქმულებას გეგმავს.

როცა ნესტან-დარეჯანის დიდი ძალისხმევითა და ტარიელის მრავალგზის შეჯანჯღარებით ეს გეგმა როგორც იქნა განხორციელდა, ფარსადანი კარგად მიხვდა, რომ ამ გეგმის  მომფიქრებელ-დამგეგმავი ამირბარი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერც ის წარმოიდგინა, რომ მისი თავხედი ქალიშვილი ხატაეთში ომის წამოწყების შემდეგ (რაც, ამ გეგმისაგან განსხვავებით, ფარსადანისთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა) ასეთ ავანტიურაზე წავიდოდა. ამიტომაც სრულიად უსამართლოდ ყველაფერი ნესტან-დარეჯანის გამზრდელ მამიდას, დავარს, დააბრალა და მოკვლით დაემუქრა. ეს მუქარა გაცხარებულ გულზე ნათქვამი არ იყო – დამ იცოდა, რომ ძმა სიტყვას შეასრულებდა და  ამიტომაც დაასწრო, თავადაც სასტიკი გადაწყვეტილება მიიღო – ნესტანი ჯერ კარგად დაალურჯა და შემდეგ ინდოეთიდან გადაკარგა, თვითონ კი თავი მოიკლა. ეს გადაწყვეტილება ფუნჯის ბოლო მონასმი აღმოჩნდა  ინდოეთის სასტიკი ავტოპორტრეტისა, ისეთისა, ყველასგან ყბადაღებულ ქაჯეთშიც რომ არ დაესიზმრებოდათ.

ინდოეთში უკვე სუნთქვაც შეუძლებელი გახდა და სატრფოს მძებნელი ტარიელიც იქიდან  გადაიხვეწა.

ორიოდე სიტყვით იქნებ  იმის შესახებაც ვთქვათ, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ნესტან-დარეჯანს  ასე კატეგორიულად  არ სურდა  ხვარაზმშას ძეზე გათხოვება.

იმიტომ, რომ ტარიელი უყვარდაო, იტყვის ბევრი.

რა თქმა უნდა, უყვარდა, მაგრამ იქნებ სხვა საფანელიც აქვს ინდოეთის მეფის ასულის ზრახვებს.

ნესტანმა უკვე იცის, რომ ხვარაზმშას ძეზე დაქორწინების შემდეგ   ინდოეთის მეფე, ანუ „პატრონი“, თავად ვერ იქნება. როგორც ჩანს, ნესტანის ყურამდე სიტყვა-სიტყვით მივიდა  საბედისწერო თათბირზე  მამამისის მიერ  ნათქვამი: „აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ, რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ“. ყველაფერი დღესავით ნათელია – ინდოეთის ტახტზე არა ნესტანი, არამედ ნესტანის ქმარი უნდა დაჯდეს, ქვეყნის მომავალ პატრონადაც – „სახედ“ – სწორედ ის მოიაზრება. მეფის სიტყვა სწორად გაიგო  ნესტანმა და ტარიელთან შეხვედრისას განრისხებული და გაღიზიანებული ამიტომაც ამბობს: „ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა…“

„ეგრეც მე მაქვს პატრონობა…“ , ანუ ქვეყნის პატრონი მაინც მე ვიქნებიო, იმუქრება, თუმცა მთლად დარწმუნებულიც არ ჩანს თავის ნათქვამში, რადგან შემდეგ, უკვე დამშვიდებული,  ამასაც ამბობს: „მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ!“

არადა, გვეგონა, რომ ტარიელი სწორედ იმიტომ დაიწუნეს, რომ ნესტან-დარეჯანს უპირებდნენ გამეფებას. აკი ასე თქვა ტარიელმა: „მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწრთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს…“

რა შეიცვალა ამის შემდეგ?

იქნებ ფარსადანი მიხვდა, რომ ნესტან-დარეჯანი სამეფოს მართვას ვერ შეძლებდა… ანდა იქნებ ფარსადანს, რომელსაც ასე გვაცნობს ტარიელი – „უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი“ – ახლა  ინდოეთისათვის ხვარაზმელთა სამეფოს შემოერთებაც მოუნდა და ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ორი გაერთიანებული სახელმწიფოს კეისრად ნესტანის ქმარს დასვამდნენ…

ფაქტია, ინდოეთში იმის გაკეთებას არ აპირებენ, რაც არაბეთში უკვე გააკეთა როსტევანმა, როცა მეფედ თავისი ქალიშვილი დასვა და  მეზობელ ქვეყნებში სასიძოების ძებნა არ დაუწყია. იქნებ ინდოეთში ის არ იციან, რაც – არაბეთში, რომ „ლეკვი ლომისა სწორია“.

ნესტანს შანსიც აღარ რჩება გამეფებისა და ამიტომაც აგულიანებს  დაწუნებულ ბიჭს, რომ მან კატეგორიულად  მოითხოვოს ინდოეთის მეფობა, რათა მერე ქვეყანა ერთად მართონ: „მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“.

ნესტანმა ზუსტად არ იცის,  რა უფლებები ექნება ხვარაზმშას ძის ცოლობის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იცის, რა განუსაზღვრელი გავლენა ექნება ინდოეთში ტარიელის მეფობის შემთხვევაში.

არც ტარიელს დავიწყებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნესტანს არ გაამეფებდნენ, ინდოეთის ტახტი მას  ეკუთვნოდა   და სატრფოს საყვედურს, რატომ არ დაუშალე მეფეს იმ ყმის ჩემს საქმროდ გამოცხადებაო, ასე უპასუხა: „მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა? არ იცის თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა? ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა“.

მაგრამ, ბედის უკუღმართობით, დაწუნებულმა ბიჭმა არა მარტო მეფის ტახტი, არამედ ერთდროულად ყველაფერი დაკარგა: სატრფო, სამშობლო, ბოლომდე ერთგული ორასიოდე მეომარი და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთის რწმენა და საკუთარი თავის იმედი. მის გვერდით მხოლოდ ასმათი დარჩა. ერთი ასმათი ამ ყველაფრის საპირწონე როგორ იქნებოდა,  თუმცა ხავსად მაინც გამოადგებოდა წყალწაღებულს.

კარგია, რომ ზოგჯერ ინდოეთში  ასმათებიც იბადებიან, რადგან სანამ  ასმათები იქნებიან,   ინდოეთის გადარჩენის შანსიც იარსებებს.

 „მოვისმინო“, „გავიგონო“ – ეფექტური კომუნიკაციის პირობები გაკვეთილზე

0

ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ურთიერთობენ ერთმანეთთან. მეცნიერების გამოთვლით, ის დრო, რომელსაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობაში ხარჯავენ, შემდეგნაირად იყოფა:

  • კომუნიკაციის 9% იხარჯება წერაზე;
  • 16% – კითხვაზე;
  • 35% – საუბარზე;
  • 40% – მოსმენაზე.

შესაბამისად, მოსმენა და გაგება ეფექტური კომუნიკაციის აუცილებელი პირობაა. ზოგადად ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს საუბარი, დიალოგი. ჩვეულებრივ ერთი საუბრობს და მეორე მოუთმენლად ელოდება, როდის დადგება მისი ჯერი.

მოსმენის სახეებია:

  • საერთოდ არმოსმენა (დამახასიათებელი ნიშნები: როცა მსმენელი აქეთ-იქეთ იცქირება, აბდაუბდად პასუხობს, თან რაღაცას აკეთებს, ინფორმაციას ყურში არც უშვებს..);
  • ვითომ მოსმენა (დამახასიათებელი ნიშნები: ისეთი სახე აქვს, ვითომ ისმენს, სინამდვილეში არ ისმენს, დროდადრო წამოისვრის ფრაზებს – „გასაგებია“, „დიახ“…);
  • შერჩევით მოსმენა (დამახასიათებელი ნიშნები: პასიური მოსმენა, ხან ისმენს, ხან-არა… ალაგ-ალაგ ისმენს… იმას „იჭერს“, რაც უნდა.. გაიგო მხოლოდ კონტექსტი..);
  • აქტიური მოსმენა (დამახასიათებელი ნიშნები: მხედველობითი კონტაქტი თანამოსაუბრესთან; შინაარსის შესაბამისი ემოციური გამომეტყველება; ცალკეული ფრაზებით გამოხმაურება; დამაზუსტებელი შეკითხვების დასმა, თანამოსაუბრის პერიფრაზირება, ძირითადი აზრის გაანალიზება). ასეთი მოსმენა იწვევს „ნდობას“, „თანაგანცდას“, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის კომუნიკაციის პროცესს.

 

მაგრამ სხვის საუბარს სინამდვილეში ბევრი საერთოდაც არ უსმენს. არადა, ყველანაირ საქმეში წარმატების საწინდარი სწორედ ეს უნარია. ამიტომაცაა, რომ გაკვეთილზე მასწავლებლების ძალისხმევის დიდი ნაწილი მოსწავლეებში მოსმენა/გაგების უნარების გამომუშავებისა და გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ისინი მუდმივად ავარჯიშებენ მოსწავლეებს ამ უნარების სრულყოფაში, ხშირად ეკითხებიან:

  • „ვისთან ურთიერთობა გვანიჭებს დიდ სიამოვნებას – ვინც ბევრს საუბრობს, თუ მასთან, ვინც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ, თავად კი სიამოვნებით გვისმენს?“

მოვისმინო/ვუსმინო / გავიგონო /გავიგო ანუ მოსმენა/გაგება მოსწავლის შემეცნების პროცესში უმნიშვნელოვანესია. „მოისმინო სწორად და გაიგო ის, რაც საჭიროა“ – ეს მთელი ხელოვნებაა და მისი სწავლა შესაძლებელია. არსებობს ცალკეული სავარჯიშოებიც, რომლებიც ეფექტურია შედეგის თვალსაზრისით. სასურველია, მასწავლებლებმა ასეთი სავარჯიშოები დროდადრო ჩასვას საგაკვეთილო პრაქტიკაში და მოსწავლეებს მოსმენა/გაგების თვალსაზრისით წინსვლაში დაეხმაროს. მაგალითად, ასეთია სავარჯიშო „არასწორი მოსმენა“. მისი მიზანია, გაააზრებინოს მოსწავლეს, რა მნიშვნელობა აქვს მოსმენას ეფექტური ურთიერთობისთვის. კონკრეტულად:

  • სთხოვეთ რომელიმე მოსწავლეს, გამოვიდეს კლასის წინაშე და ისაუბროს, მაგალითად, ბოლოს ნანახი ფილმის, წაკითხული წიგნის ან თავგადასავლის შესახებ. მისი საუბრის დროს კი შეასრულეთ „ცუდი მსმენელის“ როლი, ანუ არ მიაქციოთ ყურადღება, მიმოიხედეთ ირგვლივ, ისეთი სახე მიიღეთ, თითქოს მოიწყინეთ, წარამარა დახედეთ საათს.
  • რამდენიმე წუთის შემდეგ შეაჩერეთ თამაში და სთხოვეთ კლასს, აპლოდისმენტებით დააჯილდოოს მოსწავლე;
  • შემდეგ კი დასვით შეკითხვები:
    • ვუსმენდი თუ ვსაუბრობდი?
    • როგორ გაიგეთ, როგორ მიხვდით, რომ არ ვუსმენდი?
    • რომელი ქმედებით მიხვდით, რომ არ ვუსმენდი?
    • როგორ მოიქცა მოსწავლე, როცა მიხვდა, რომ არ ვუსმენდი?
    • თქვენი აზრით, რას გრძნობდა, როდესაც არ ვუსმენდი?

ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ეხმარება მოსწავლეებს, გამოთქვან საკუთარი აზრი, გამოხატონ ემოციები და გაიაზრონ ზოგადად „მოსმენის“ მნიშვნელობა.

„მოსმენა“ და „გაგონება“ მსგავსი, მაგრამ მაინც სხვადასხვა ცნებებია. მოსმენის უნარი საკმაოდ იშვიათი უნარია. ის მოიცავს „გაგონებასაც“, ანუ უშუალოდ თანამოსაუბრის მოსმენის უნარს (და არა მოსმენილზე საკუთარი წარმოსახვების შექმნის უნარს) და თანაც ისეთ მოსმენას, როცა გეუფლებათ განცდა, როგორი გულახდილია თქვენი თანამოსაუბრე. მოსმენა გვეხმარება კომუნიკაციაში, თანამოსაუბრის თვალთახედვის გაგებაში. ეს საშუალებას გვაძლევს, მთხრობელს ჩვენთვის საინტერესო საკითხზე გავამახვილებინოთ ყურადღება.

განვიხილოთ კონკრეტული სავარჯიშო: „მოვუსმინოთ მასწავლებელს“

ინსტრუქცია: მასწავლებელი წაიკითხავს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას „მუდამ მწვანე ხეები“. მოსმენილის მიხედვით მოსწავლეები რამდენიმე წუთის განმავლობაში შეავსებენ წინასწარ მომზადებულ კითხვარს, რომელსაც მასწავლებელი ტექსტის წაკითხვის შემდეგ კლასში დაარიგებს:

„ერთმა შოშიამ ფრთა მოიტეხა და ამხანაგებს თბილ ქვეყნებში ვერ გაჰყვა. ფრთამოტეხილი შოშია მიფრინდა მუხასთან და სთხოვა:

– ძლიერო მუხავ! შეიძლება, ზამთარი შენს ტოტებზე გავატარო?

– მალე ფოთლები დამცვივდება და ჩემი ტოტები ბინად არ გამოგადგება, – მიუგო მუხამ.

დაღონებულმა ჩიტუნამ ცაცხვისაკენ გასწია.

– ფოთლები მეც ჩამომცვივა და სიცივისაგან ვერ დაგიფარავ, – მიუგო ცაცხვმა.

– მოდი ჩემთან, ჩიტუნია, – ალერსით ჩამოსძახა ნაძვმა, – ჩემს ტოტებში გაატარე ზამთარი.

მალე ცივმა ქარმა დაუბერა. მუხისა და ცაცხვის ფოთლები ქარს აქეთ-იქით მიჰქონდა. ნაძვს კი მთელი ზამთარი წიწვი არ გასცვენია და შოშიას სითბო არ მოჰკლებია“.

 

კითხვარი

N შეკითხვა სწორია / მცდარია
1 შოშიას სუსტი ფრთები ჰქონდა.
2 თბილი ქვეყნები შორს იყო.
3 მუხის ხე მძლავრი იყო, რადგან შოშიას მასზე ბუდის გაკეთება უნდოდა.
4 შოშია ამხანაგებმა მიატოვეს.
5 მუხა და ცაცხვი შოშიას არ დაეხმარნენ.
6 ცაცხვი მუხის მეზობლად იდგა.
7 ნაძვი ცაცხვზე მაღალი იყო.
8 ნაძვს ხშირი წიწვები აქვს.
9 ცივმა ქარმა მუხასა და ცაცხვს ფოთლები გააცვივა.
10  ნაძვის წიწვები თბილია და შოშიამ ზამთარი თბილად გაატარა.

 

პასუხები

N შეკითხვა პასუხი
1 შოშიას სუსტი ფრთები ჰქონდა. სწორია, რადგან შოშიას ფრთა მოტყდა. მცდარია. არ ჩანს, შოშიამ ფრთა რის გამო მოიტეხა.
2 თბილი ქვეყნები შორს იყო. სწორია. შოშია თბილ ქვეყნებში მიფრინავდა. სწორია. მალე ცივმა ქარმა დაუბერა.
3  მუხის ხე მძლავრი იყო, ამიტომ მოინდომა შოშიამ მასზე ბუდის გაკეთება და გამოზამთრება. სწორია. შოშიამ დახმარება მძლავრი მუხის ხეს სთხოვა. უცნობია. არ ჩანს კონკრეტულად რის გამო უნდოდა შოშიას მუხის ხეზე გამოზამთრება.
4 შოშია ამხანაგებმა მიატოვეს. სწორია. სხვა ჩიტები გაფრინდნენ და ფრთამოტეხილი შოშია მარტო ეძებს გამოსაზამთრებელ ალაგს. უცნობია. არ ჩანს შოშია რატომ დარჩა მარტო, ამხანაგებმა მიატოვეს, თუ თავად არჩია მარტო დარჩენა.
5 მუხა და ცაცხვი შოშიას არ დაეხმარნენ. მცდარია. მათ ფოთლები ცვიოდათ და არ შეეძლოთ დახმარება. მცდარია. მუხას და ცაცხვს შოშიას დახმარებაზე უარი არ უთქვამთ, უბრალოდ, მათ არ შეეძლოთ მისი დახმარება.
6 ცაცხვი მუხის მეზობლად იდგა. სწორია, რადგან შოშია მძლავრი მუხის შემდეგ ცაცხვთან მიფრინდა. მცდარია. არ ჩანს ცაცხვი მუხის გვერდით იდგა თუ არა.
7 ნაძვი ცაცხვზე მაღალი იყო. სწორია. ნაძვი ცაცხვზე მაღალია. დიახ. ნაძვმა ჩამოსძახა შოშიას, როცა ის ცაცხვს დახმარებას სთხოვდა, ესე იგი ნაძვი ცაცხვზე მაღალი იყო.
8 ნაძვს ხშირი წიწვები აქვს. სწორია. ნაძვის ტოტებს უამრავი წიწვი აქვს. უცნობია. არ ჩანს ნაძვის წიწვები ხშირია თუ არა.
9 ცივ ქარმა მუხასა და ცაცხვს ფოთლები გააცვივა. სწორია. მალე ცივმა ქარმა დაუბერა და მუხისა და ცაცხვის ფოთლები აქეთ-იქით მიჰქონდა. უცნობია. არ ჩანს მუხასა და ცაცხვს ფოთლები რატომ გასცვივდათ, ჩანს მხოლოდ ის, რომ მათი ფოთლები ქარმა წაიღო.
10  ნაძვის წიწვები თბილია და შოშიამ ზამთარი თბილად გაატარა. უცნობია. არ ჩანს, ნაძვის წიწვები თბილია თუ არა, ჩანს მხოლოდ ის, რომ ისინი ზამთარში არ ცვივა და ამის გამო ჩიტუნას ბუდედ გამოადგა.

 

კითხვარის დამუშავება/განხილვის ეტაპზე მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს:

  • ვის აქვს შეცდომები? (ზოგადად უმეტესობა შეცდომით ავსებს მსგავსი ტიპის კითხვარს);
  • რატომ გაქვთ ამდენი შეცდომა? (მეტწილად ეს არის მათი წარმოსახვების, ტექსტის საკუთარი ინტერპრეტაციის შედეგი);
  • რა დასკვნა გააკეთეთ სავარჯიშოს მიხედვით?
  • როგორ გავექცეთ მსგავს შეცდომებს?

მსგავსი სავარჯიშოები ხელს უწყობს მოსმენისა და გაგება/გააზრების უნარების გამომუშავებას. ცხადყოფს, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ მოსწავლემ საკუთარი წარმოსახვებისა და წინასწარი გამოცდილების საფუძველზე იმსჯელოს. ასეთი ფორმით შედგენილი სავარჯიშო უბიძგებს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ მოსმენილზე, ინფორმაციის მიღებასა და გადამუშავებას შორის კავშირზე, თანამოსაუბრის სწორად გაგებაზე, უბიძგებს მათ აქტიური მოსმენისკენ, იმის აღქმა/გააზრებისკენ, რაზედაც მიდის საუბარი.

ამგვარი მიდგომებით დავეხმარებით მოსწავლეებს მოსმენის უნარის გამომუშავებასა და გაუმჯობესებაში, ვუბიძგებთ საკუთარ თავზე მუშაობისკენ და გაცილებით ეფექტიან აკადემიურ შედეგზეც გავალთ.

სახლები საბავშვო ლიტერატურიდან, როგორც კითხვისა და გრამატიკის სწავლების რესურსი

0

ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის საცხოვრებელი გარემო რომ პერსონაჟის სახისა და ხასიათის შემავსებელი რგოლია, მეტწილად განსაზღვრავს მის მოქმედებას, ერთგვარად ხსნის მის მნიშვნელობას, ყველამ კარგად ვიცით. ქართული ლიტერატურის კურიკულუმში მრავლადაა ტექსტები, სადაც პერსონაჟის სახლსა და გარემოზე, ლიტერატურულ სივრცეზე ყურადღების გამახვილება გვიწევს. თუმცა, ლიტერატურულ მსჯელობას, პარალელების გავლენას, ტექსტში დამალული საიდუმლოს ამოცნობას, როგორც თამაშს თუ სახალისო აქტივობას, შეგვიძლია დაწყებით კლასებშიც დავუთმოთ საგაკვეთილო დრო.

საბავშვო ლიტერატურაში აღწერილი ლიტერატურული სივრცე, პერსონაჟის სახლი არასდროს არის შემთხვევითი, გარდა ტექსტის ჯადოსნური, სათავგადასავლო, მხიარული კონტექსტისა, ეს კონკრეტული აღწერები პატარა მკითხველის სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს, როგორიცაა, სივრცითი აღქმისა და მიმართულებების, სივრცითი ფორმების შედარება, აღწერითი ტექსტის საშუალებით თხრობის განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ზმნისწინების, ზედსართავებისა, ზმნიზედებისა და ხარისხის ფორმების სწავლება  და სხვა.

რამდენიმე ლიტერატურული სახლის მაგალითზე მოგიყვებით, როგორ შეიძლება საინტერესო და შედეგიანი გაკვეთილების დაგეგმვა.

ეტაპი 1. გავიხსენოთ რამდენიმე სახლი საბავშვო ლიტერატურიდან:

  1. კარლსონის სახლი სახურავზე;
  2. სახლები თოკების ქალაქიდან ( სალამურას თავგადასავალი);
  3. ცეროდენა ნილს კარლსონის სახლი ვირთხის სოროში;
  4. ჰობიტების სახლები;
  5. რეზო ინანიშვილის ზღაპარი „სად ცხოვრობს მეზღაპრე“
  6. ნებისმიერი სხვა წიგნი, რომელიც გაგახსენდებათ.

ეტაპი2

  1. წავიკითხოთ ტექსტი;
  2. განვიხილოთ შინაარსი;
  3. დავაზუსტოთ უცხო სიტყვები.
  4. რამდენიმე სიტყვა ავტორსა და ნაწარმოებზე.

 

ეტაპი 3

  1. რას გვეუბნება პერსონაჟის საცხოვრებელი გარემო პერსონაჟზე?
  2. რატომ დაასახლა ავტორმა ესა თუ ის პერსონაჟი კონკრეტულ ადგილას?
  3. რით გამოირჩევა პერსონაჟის საცხოვრებელი ადგილი?
  4. რით განსხვავდება პერსონაჟთა სახლები ერთმანეთისგან?

 

 

ეტაპი 4

გრამატიკული სამუშაო:

 

  1. რომელი სიტყვაუპასუხებს კითხვას „როგორი“?
  2. დავაკვირდეთ ზედსართავებს აღწერით ტექსტში;
  3. კიდევ რა ენობრივი საშუალებებია გამოყენებული პერსონაჟის გარემოს აღწერისათვის?
  4. ვისწავლოთ სივრცითი მიმართებები, ზმნიზედები;
  5. დავაკვირდეთ ზმნისწინებს.
  6. აღვწეროთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო.

 

ეტაპი5

ლექსიკური სამუშაო:

  1. ლექსიკა
  • სიტყვის მნიშვნელობა
  • სიტყვების დალაგება
  • სიტყვების გადაწყობა ჯგუფების თუ შინაარსის მიხედვით
  • სიტყვების დაკავშირება
  • სიტყვისკოგნიტიური რუკები
  • საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების ამორჩევა
  • სინონიმების ამორჩევა
  • ერთი სიტყვისგან ნაწარმოები სიტყვების ამორჩევა
  • სიტყვის წარმოება-მარტივი, რთული,
  • სიტყვის მისადაგება ილუსტრაციასთან
  • ზედმეტი სიტყვის გამორიცხვა

 

ეტაპი 6

შემოქმედებითი სამუშაო:

  1. დავხატოთ პერსონაჟის საცხოვრებელი გარემო;
  2. ავაწყოთ პატარა დიორამა;
  3. ავაწყოთ დიდი დიორამა;
  4. გამოვიყენოთ ფერადი ქაღალდი, კინეტიკური ქვიშა, პლასტილინიდა სხვა მასალები, ასევე, ბუნებრივი მასალები;

 

ეტაპი7

წერითი სამუშაო:

 

  • აღვწეროთ პერსონაჟის სივრცე;
  • საგნები, რომლებიც გამოყენებულია პერსონაჟის საცხოვრებელ გარემოში;
  • მივუსადაგოთ ჩვენ მიერ დახატული/აწყობილი ილუსტრაციები ტექსტს.
  • მოვუფიქროთ პერსონაჟს ალტერნატიული სივრცე
  • როგორ მოიქცეოდა ერთი რომელიმე პერსონაჟი  მეორესთან სტუმრად რომ აღმოჩენილიყო;
  • როგორი შეიძლება იყოს სივრცე, რომელმაც შეიძლება ყველა ეს პერსონაჟი გააერთიანოს.
  • როგორია ჩემი საცხოვრებელი სივრცე?

 

სად წაგვიყვანს სიმბოლოები?- კონკია, დედაბერი, ქალღმერთი მაკოში და ეზოთერიკოსი ვაჟა

0

რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. /ძველი აღთქმა, ეკლესიასტე/

კაცობრიობას საერთო წარსული გვაერთიანებს, რომელიც ჩვენი, ინდივიდების ქვეცნობიერში ილექება და სახე-ხატებად, ტექსტებად, მუსიკად, ფერწერად, ქორეოგრაფიად წამოტივტივდება ხოლმე… ყველაფერი, რაც არის, ოდესღაც უკვე იყო; და რაც იქნება, ისიც იმ ძველისა და პირვანდელის აჩრდილი აღმოჩნდება, ფიქრობენ ფილოსოფოსები და სამყაროს მუდმივობა და წრებრუნვა უფრო და უფრო ცხადი ხდება. გამქრალი ცივილიზაციები და რწმენები, გამქრალი ღმერთები და ქალღმერთები – დღესაც სახეშეცვლილები და ჩვენს ეპოქასთან მორგებულები აგრძელებენ არსებობას, რადგან ჩვენს სამყაროში არაფერი ქრება, არაფერი იკარგება – მხოლოდ გადაინაცვლებს ერთი ფორმიდან მეორეში. როდესაც ნილ გეიმანი „ამერიკულ ღმერთებში“ გვეუბნება, რომ ეს სახეცვლილი ღმერთები და მითოსური არსებები იმდენად არსებობენ, რამდენადაც ჩვენ გვჯერა მათი, და არ არის გასაკვირი, რომ სუპერთანამედროვე ეპოქაში რომელიმე უძველესი ღმერთი სადღაც თავისთვის ცხოვრობდეს და იმდენჯერ ცოცხლდებოდეს, რამდენჯერაც მათ სახელს წარმოვთქვამთ. ეს მისტიკაა, მაგრამ მისტიკის გარეშე ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივი და მოსაწყენი ხდება.

ოდესმე თუ დაფიქრებულხარ, რას ნიშნავს ღმერთობა? – ჰკითხა კაცმა. მას წვერი ჰქონდა და ბეისბოლისტის კეპი ეხურა, – ღმერთობა იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავისგან მემად იქცევი: იმად, რაც სამუდამოდ აღიბეჭდება ხალხის გონებაში, საბავშვო სიმღერის მელოდიის მსგავსად. ღმერთობა იმას ნიშნავს, რომ ყველა თავისებურად გარდაგქმნის თავის თავში. შენი რაობისგან თითქმის აღარაფერი რჩება. ამის მაგივრად, ხალხი თავად გძენს მისთვის საჭირო ათასნაირ ასპექტს. თანაც, ყველა სხვადასხვა რამეს მოითხოვს შენგან. არაფერია მყარი, უცვლელი”. (ნილ გეიმანი, „ამერიკელი ღმერთები“)

ჰოდა, ყველაზე მეტად ღმერთები და ქალღმერთები, უძველესი ცოდნა და სამყაროს შესახებ ინფორმაცია ზღაპრებს შემოუნახავს, იმ ზღაპრებს რომელთა შექმნაც ათასწლეულებსა და ჩვენს აზრობრივ საწიერს სცდება, სადღაც ისეთ დროში იკარგება, ღმერთები რომ ღმერთობდნენ და ადამიანებთან ჰარმონიაში თანაცხოვრობდნენ, ეხმარებოდნენ თუ რჩევებს აძლევდნენ. მოდი, ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიოს ყველა ხალხის ზღაპარს საერთო იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და სწორედ ამაშიც მჟღავნდება კაცობრიობის საერთო წარსული და საერთო მეხსიერება, რომელიც ჩვენს გენს შემოუნახავს – წინაპრებისგან.

თუ ქართულ ხალხურ ზღაპრებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პერსონაჟების მიღმა შესაძლოა ძალიან საინტერესო არსებები და მითოსური სახეები იმალებოდეს. მაგალითად, ქართული „კონკია“ ყველას ძალიან გვიყვარს. ის დეტალებით განსხვავდება ცნობილი, ევროპული „კონკიასგან“. ჩვენს „კონკიაში“ ძალიან საინტერესოა დედაბერი, რომელიც საწყალ კონკიას ეხმარება. ერთ ვერსიაში დედაბერი ბანიან სახლში, ბანს ქვემოთ ზის, სხვა ვერსიაში კი ჭაში, კონკიას თითისტარი ან ბანს ქვემოთ, სახლში უვარდება ან ჭაში, დედაბერთან ჩადის, ასრულებს მის თხოვნას და ჯილდოსაც იღებს – ოქროს დალალებს. ამ ერთი შეხედვით მარტივ ეპიზოდში, ძალიან საინტერესო სიმბოლოები, თუ ამბებია დაფარული.

სლავური ღმერთების პანთეონში, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქალღმერთი მაკოში, რომელიც ქალების, მათი ბედისა და შრომის მფარველად ითვლებოდა. ის მფარველობდა ხელსაქმეს, ქსოვას, ძაფის დართვას, ქარგვას; იყო ასევე ნაყოფიერებისა და ბუნების ქალღმერთიც. გავიხსენოთ, რომ კონკიას ქართულ ვერსიაში, კონკია ჩადის დედაბერთან და დედაბერი სთხოვს საოჯახო საქმეებში დახმარებას, თითქოს გამოცდის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ სლავურ მითში მაკოში ჭასთან დგას და იქ ქალების ბედს განაგებს, ანუ მას არ შეუძლია მათი შეცვლა, უბრალოდ თვალყურს ადევნებს, რომ ისე წარიმართოს, როგორც „დაწერილია“, აქედან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დედაბერიც ქალღმერთ მაკოშის ერთ-ერთი სახეა. ის ქალია, ჭაში ცხოვრობს, კონკიას საოჯახო საქმეებში გამოცდის, ძაფსაც დაურთავს, და ბოლოს დიდ მაგიურ შესაძლებლობასაც ამჟღავნებს – საბოლოოდ კი კონკიას ბედნიერების ერთ-ერთი განმაპირობებელიც ხდება. ჭა, როგორც ვიცით, ქვესკნელის ერთ-ერთი სახეა და ინიციაციის გამოცდილებასაც უკავშირდება. ჰოდა, ჩვენი კონკია აი ამ საოცარ გამოცდილებას ზუსტად ჭაში ან ბანს ქვემოთ, სახლში იღებს. ის იცვლება იქიდან ამოსული, ცვლილება კი ფიზიკურადაც თვალშისაცემია – ოქროს თმები, ოქრო ღმერთების ნიშანი და ატრიბუტია, ოქროსფერთმიანი ქალღმერთი დალის მთავარი ძალა და ღვთაებრიობაც ხომ ოქროს თმებშია. აი ღმერთისგან ხელდასხმით, ქალღმერთის ნიშნით ჯილდოვდება კონკია: იმიტომ, რომ ის გამრჯეა, კეთილია და მისი ბედისწერის ასრულებას ბიძგი სჭირდება. დედაბრად გარდასახული ქალღმერთი მაკოში სწორედ ამ ბიძგად და ცხოვრების დაწერილ კალაპოტში წარმმართველად გვევლინება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მაკოშის შესახებ – უკვე მეცხრამეტე საუკუნეში, მის მიმართ შესრულებული რიტუალი იყო, მშრალ ჭებში თითისტარის ჩაყრა, თითისტარების შეწირვა. ზოგიერთ მითში მაკოშს თან ახლავს ორი მითური ქალწული: დოლია (კარგი ბედი) და ნედოლია (ცუდი ბედი). დოლია წარმოდგენილი იყო როგორც შრომისმოყვარე ახალგაზრდა ქალი, ლამაზად და სუფთად ჩაცმული, ხოლო ნედოლია აღიქმებოდა როგორც ზარმაცი გოგონა, დაუდევარი, მოუწესრიგებლად ჩაცმული. ეს ორი ქალწული, ცხადია, ჩვენი კონკიასა და გერის ასოციაციას იწვევს, ხოლო მშრალი ჭა და მასში ჩაგდებული თითისტარი პირდაპირ გვაკავშირებს ქალღმერთ მაკოშის სახესთან. წყლის სიმბოლიკაც ძალიან ძლიერია და გაწმენდასთან, გარდაქმნასთან ასოცირდება.

 

Mokosh the Slavic Goddess

by Nella Genkina

უფრო რომ ჩავუღრმავდეთ ამ ჩვენს ზღაპრებს, საბოლოოდ იმ პერიოდში აღმოვჩნდებით, როდესაც კაცობრიობის წარმოდგენები და რწმენები ერთმანეთთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ჰოდა, ეს ღმერთები და ქალღმერთები, როგორც ვთქვით, დღესაც ნამდვილად ცოცხლობენ და მათი აღმოჩენა ძველი ზღაპრებისა და ამბების სიმბოლოებშია შესაძლებელი. როგორც ვიცით, ყველაზე კარგად ინფორმაციას სიმბოლოებით დაწერილი ტექსტი ინახავს, ისევე, როგორც ბიბლია და ახალი აღთქმა.

ეს ძიება ვფიქრობ, ჩვენს მოსწავლეებსაც ძალიან მოეწონებათ. ერთგვარი თამაშივითაა, ამ თამაშით კი მათი ცნობიერება ისე გაიხსნება, იმდენს შეიმეცნებენ, რომ სამყაროს აღქმას მთლიანობაში შეძლებენ, მისი ყველა ფერითა და დეტალით, დროები გაერთიანდება და უძველესი ქალღმერთის სუნთქვაც ყურის ძირში მოელამუნებათ. ის, რაც იყო, არის და რაც არის, იქნება.

განსხვავებული ხედვა, რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენა, იდუმალების ძიება – ეს ისეთი ცდუნებაა, ისეთი მიმზიდველია, რომ ჩვენი ბავშვები აუცილებლად მოიხიბლებიან. აბა უთხარით ვაჟა-ფშაველა დიდი ეზოთერიკოსი იყოო, თავად ნახავთ მათ განცვიფრებულ სახეებს. განცვიფრება და ცნობისმოყვარეობა კი შემეცნების საწინდარია.

თითქოს შევეჩვიეთ და ჩვეულებრივად ვიღებთ იმ ფაქტს რომ ვაჟას ესმის მცენარეების, ისინი ესაუბრებიან, უყვებიან საკუთარ თავებზე, რა დაავადების განკურნება შეუძლიათ, რა სტკივათ, რა ახარებთ. ჰყვებიან და ჰყვებიან, ვაჟა კი წერს და წერს. ეზოთერიკაში ამბობენ, რომ ვისაც განსაკუთრებულ უნარები აქვს, ვინც სხვადასხვა განზომილებას აღიქვამს და უჩინარს ხედავს, მათ შეუძლიათ, დაინახონ მცენარეების გამოსხივება სხვადასხვა ფერად, თითოეული ფერი კი იმის მანიშნებელია, თუ რას კურნავს ეს მცენარე. ისინი საკუთარი ეთერული სხეულებით გვესაუბრებიან და ამ საუბრის მოსმენა მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ. ასეთი იყო ვაჟაც, ნამდვილი გენიოსი, საიდუმლო ცოდნითა და სამყაროს სიღრმისეული გაგებით.

სიმბოლოების შესწავლა ეს არა მხოლოდ ლიტერატურისა და ენის შესწავლაში დაგვეხმარება, ის ცხოვრების აღქმაში, ცხოვრების შეცნობაში გვიწევს მეგზურობას. ასე რომ, მოდით, ვიკითხოთ ზღაპრები, თქმულებები, ამბები, მითები და ამასობაში ჩვენთვის ყველაზე დაფარული და იდუმალი ცოდნაც ნათელი გახდება.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...