სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

სად წაგვიყვანს სიმბოლოები?- კონკია, დედაბერი, ქალღმერთი მაკოში და ეზოთერიკოსი ვაჟა

რაიც ყოფილა, უკვე არის დიდი ხანია; და რაც იქნება, ის უკვე იყო. /ძველი აღთქმა, ეკლესიასტე/

კაცობრიობას საერთო წარსული გვაერთიანებს, რომელიც ჩვენი, ინდივიდების ქვეცნობიერში ილექება და სახე-ხატებად, ტექსტებად, მუსიკად, ფერწერად, ქორეოგრაფიად წამოტივტივდება ხოლმე… ყველაფერი, რაც არის, ოდესღაც უკვე იყო; და რაც იქნება, ისიც იმ ძველისა და პირვანდელის აჩრდილი აღმოჩნდება, ფიქრობენ ფილოსოფოსები და სამყაროს მუდმივობა და წრებრუნვა უფრო და უფრო ცხადი ხდება. გამქრალი ცივილიზაციები და რწმენები, გამქრალი ღმერთები და ქალღმერთები – დღესაც სახეშეცვლილები და ჩვენს ეპოქასთან მორგებულები აგრძელებენ არსებობას, რადგან ჩვენს სამყაროში არაფერი ქრება, არაფერი იკარგება – მხოლოდ გადაინაცვლებს ერთი ფორმიდან მეორეში. როდესაც ნილ გეიმანი „ამერიკულ ღმერთებში“ გვეუბნება, რომ ეს სახეცვლილი ღმერთები და მითოსური არსებები იმდენად არსებობენ, რამდენადაც ჩვენ გვჯერა მათი, და არ არის გასაკვირი, რომ სუპერთანამედროვე ეპოქაში რომელიმე უძველესი ღმერთი სადღაც თავისთვის ცხოვრობდეს და იმდენჯერ ცოცხლდებოდეს, რამდენჯერაც მათ სახელს წარმოვთქვამთ. ეს მისტიკაა, მაგრამ მისტიკის გარეშე ცხოვრება ძალიან ჩვეულებრივი და მოსაწყენი ხდება.

ოდესმე თუ დაფიქრებულხარ, რას ნიშნავს ღმერთობა? – ჰკითხა კაცმა. მას წვერი ჰქონდა და ბეისბოლისტის კეპი ეხურა, – ღმერთობა იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავისგან მემად იქცევი: იმად, რაც სამუდამოდ აღიბეჭდება ხალხის გონებაში, საბავშვო სიმღერის მელოდიის მსგავსად. ღმერთობა იმას ნიშნავს, რომ ყველა თავისებურად გარდაგქმნის თავის თავში. შენი რაობისგან თითქმის აღარაფერი რჩება. ამის მაგივრად, ხალხი თავად გძენს მისთვის საჭირო ათასნაირ ასპექტს. თანაც, ყველა სხვადასხვა რამეს მოითხოვს შენგან. არაფერია მყარი, უცვლელი”. (ნილ გეიმანი, „ამერიკელი ღმერთები“)

ჰოდა, ყველაზე მეტად ღმერთები და ქალღმერთები, უძველესი ცოდნა და სამყაროს შესახებ ინფორმაცია ზღაპრებს შემოუნახავს, იმ ზღაპრებს რომელთა შექმნაც ათასწლეულებსა და ჩვენს აზრობრივ საწიერს სცდება, სადღაც ისეთ დროში იკარგება, ღმერთები რომ ღმერთობდნენ და ადამიანებთან ჰარმონიაში თანაცხოვრობდნენ, ეხმარებოდნენ თუ რჩევებს აძლევდნენ. მოდი, ისიც ვთქვათ, რომ მსოფლიოს ყველა ხალხის ზღაპარს საერთო იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და სწორედ ამაშიც მჟღავნდება კაცობრიობის საერთო წარსული და საერთო მეხსიერება, რომელიც ჩვენს გენს შემოუნახავს – წინაპრებისგან.

თუ ქართულ ხალხურ ზღაპრებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პერსონაჟების მიღმა შესაძლოა ძალიან საინტერესო არსებები და მითოსური სახეები იმალებოდეს. მაგალითად, ქართული „კონკია“ ყველას ძალიან გვიყვარს. ის დეტალებით განსხვავდება ცნობილი, ევროპული „კონკიასგან“. ჩვენს „კონკიაში“ ძალიან საინტერესოა დედაბერი, რომელიც საწყალ კონკიას ეხმარება. ერთ ვერსიაში დედაბერი ბანიან სახლში, ბანს ქვემოთ ზის, სხვა ვერსიაში კი ჭაში, კონკიას თითისტარი ან ბანს ქვემოთ, სახლში უვარდება ან ჭაში, დედაბერთან ჩადის, ასრულებს მის თხოვნას და ჯილდოსაც იღებს – ოქროს დალალებს. ამ ერთი შეხედვით მარტივ ეპიზოდში, ძალიან საინტერესო სიმბოლოები, თუ ამბებია დაფარული.

სლავური ღმერთების პანთეონში, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქალღმერთი მაკოში, რომელიც ქალების, მათი ბედისა და შრომის მფარველად ითვლებოდა. ის მფარველობდა ხელსაქმეს, ქსოვას, ძაფის დართვას, ქარგვას; იყო ასევე ნაყოფიერებისა და ბუნების ქალღმერთიც. გავიხსენოთ, რომ კონკიას ქართულ ვერსიაში, კონკია ჩადის დედაბერთან და დედაბერი სთხოვს საოჯახო საქმეებში დახმარებას, თითქოს გამოცდის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ სლავურ მითში მაკოში ჭასთან დგას და იქ ქალების ბედს განაგებს, ანუ მას არ შეუძლია მათი შეცვლა, უბრალოდ თვალყურს ადევნებს, რომ ისე წარიმართოს, როგორც „დაწერილია“, აქედან გამომდინარე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დედაბერიც ქალღმერთ მაკოშის ერთ-ერთი სახეა. ის ქალია, ჭაში ცხოვრობს, კონკიას საოჯახო საქმეებში გამოცდის, ძაფსაც დაურთავს, და ბოლოს დიდ მაგიურ შესაძლებლობასაც ამჟღავნებს – საბოლოოდ კი კონკიას ბედნიერების ერთ-ერთი განმაპირობებელიც ხდება. ჭა, როგორც ვიცით, ქვესკნელის ერთ-ერთი სახეა და ინიციაციის გამოცდილებასაც უკავშირდება. ჰოდა, ჩვენი კონკია აი ამ საოცარ გამოცდილებას ზუსტად ჭაში ან ბანს ქვემოთ, სახლში იღებს. ის იცვლება იქიდან ამოსული, ცვლილება კი ფიზიკურადაც თვალშისაცემია – ოქროს თმები, ოქრო ღმერთების ნიშანი და ატრიბუტია, ოქროსფერთმიანი ქალღმერთი დალის მთავარი ძალა და ღვთაებრიობაც ხომ ოქროს თმებშია. აი ღმერთისგან ხელდასხმით, ქალღმერთის ნიშნით ჯილდოვდება კონკია: იმიტომ, რომ ის გამრჯეა, კეთილია და მისი ბედისწერის ასრულებას ბიძგი სჭირდება. დედაბრად გარდასახული ქალღმერთი მაკოში სწორედ ამ ბიძგად და ცხოვრების დაწერილ კალაპოტში წარმმართველად გვევლინება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მაკოშის შესახებ – უკვე მეცხრამეტე საუკუნეში, მის მიმართ შესრულებული რიტუალი იყო, მშრალ ჭებში თითისტარის ჩაყრა, თითისტარების შეწირვა. ზოგიერთ მითში მაკოშს თან ახლავს ორი მითური ქალწული: დოლია (კარგი ბედი) და ნედოლია (ცუდი ბედი). დოლია წარმოდგენილი იყო როგორც შრომისმოყვარე ახალგაზრდა ქალი, ლამაზად და სუფთად ჩაცმული, ხოლო ნედოლია აღიქმებოდა როგორც ზარმაცი გოგონა, დაუდევარი, მოუწესრიგებლად ჩაცმული. ეს ორი ქალწული, ცხადია, ჩვენი კონკიასა და გერის ასოციაციას იწვევს, ხოლო მშრალი ჭა და მასში ჩაგდებული თითისტარი პირდაპირ გვაკავშირებს ქალღმერთ მაკოშის სახესთან. წყლის სიმბოლიკაც ძალიან ძლიერია და გაწმენდასთან, გარდაქმნასთან ასოცირდება.

 

Mokosh the Slavic Goddess

by Nella Genkina

უფრო რომ ჩავუღრმავდეთ ამ ჩვენს ზღაპრებს, საბოლოოდ იმ პერიოდში აღმოვჩნდებით, როდესაც კაცობრიობის წარმოდგენები და რწმენები ერთმანეთთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ჰოდა, ეს ღმერთები და ქალღმერთები, როგორც ვთქვით, დღესაც ნამდვილად ცოცხლობენ და მათი აღმოჩენა ძველი ზღაპრებისა და ამბების სიმბოლოებშია შესაძლებელი. როგორც ვიცით, ყველაზე კარგად ინფორმაციას სიმბოლოებით დაწერილი ტექსტი ინახავს, ისევე, როგორც ბიბლია და ახალი აღთქმა.

ეს ძიება ვფიქრობ, ჩვენს მოსწავლეებსაც ძალიან მოეწონებათ. ერთგვარი თამაშივითაა, ამ თამაშით კი მათი ცნობიერება ისე გაიხსნება, იმდენს შეიმეცნებენ, რომ სამყაროს აღქმას მთლიანობაში შეძლებენ, მისი ყველა ფერითა და დეტალით, დროები გაერთიანდება და უძველესი ქალღმერთის სუნთქვაც ყურის ძირში მოელამუნებათ. ის, რაც იყო, არის და რაც არის, იქნება.

განსხვავებული ხედვა, რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენა, იდუმალების ძიება – ეს ისეთი ცდუნებაა, ისეთი მიმზიდველია, რომ ჩვენი ბავშვები აუცილებლად მოიხიბლებიან. აბა უთხარით ვაჟა-ფშაველა დიდი ეზოთერიკოსი იყოო, თავად ნახავთ მათ განცვიფრებულ სახეებს. განცვიფრება და ცნობისმოყვარეობა კი შემეცნების საწინდარია.

თითქოს შევეჩვიეთ და ჩვეულებრივად ვიღებთ იმ ფაქტს რომ ვაჟას ესმის მცენარეების, ისინი ესაუბრებიან, უყვებიან საკუთარ თავებზე, რა დაავადების განკურნება შეუძლიათ, რა სტკივათ, რა ახარებთ. ჰყვებიან და ჰყვებიან, ვაჟა კი წერს და წერს. ეზოთერიკაში ამბობენ, რომ ვისაც განსაკუთრებულ უნარები აქვს, ვინც სხვადასხვა განზომილებას აღიქვამს და უჩინარს ხედავს, მათ შეუძლიათ, დაინახონ მცენარეების გამოსხივება სხვადასხვა ფერად, თითოეული ფერი კი იმის მანიშნებელია, თუ რას კურნავს ეს მცენარე. ისინი საკუთარი ეთერული სხეულებით გვესაუბრებიან და ამ საუბრის მოსმენა მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ. ასეთი იყო ვაჟაც, ნამდვილი გენიოსი, საიდუმლო ცოდნითა და სამყაროს სიღრმისეული გაგებით.

სიმბოლოების შესწავლა ეს არა მხოლოდ ლიტერატურისა და ენის შესწავლაში დაგვეხმარება, ის ცხოვრების აღქმაში, ცხოვრების შეცნობაში გვიწევს მეგზურობას. ასე რომ, მოდით, ვიკითხოთ ზღაპრები, თქმულებები, ამბები, მითები და ამასობაში ჩვენთვის ყველაზე დაფარული და იდუმალი ცოდნაც ნათელი გახდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი