ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

გზა დეკლარაციულიდან პირობისეულამდე

0

განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი სპეციალისტები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას და ამ მიმართულებით სწავლების ტექნოლოგიების დახვეწას. მრავალმა კვლევამ ცხადყო, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა იმ ასაკში, როდესაც მოსწავლე თავის მომავალ კარიერაზე იწყებს ფიქრს, ზრდის საბუნებისმეტყველო სფეროში დასაქმების მსურველი მოსწავლეების რაოდენობას [1]. ჩვენმა ჩატარებულმა კვლევებმაც გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა უმეტესობას მოსწონს განსხვავებული ფორმატით ჩატარებული გაკვეთილები. მათ მიაჩნიათ, რომ ჯგუფური სამუშაო, მიგნებებით სწავლება და საკუთარი პრეზენტაციების მომზადება გაცილებით საინტერესო, სახალისო და შემეცნებითია, ვიდრე ჩვეულებრივი, კლასიკური, ტრადიციული მეთოდი. განსაკუთრებით დასამახსოვრებლად მიაჩნიათ ინტეგრირებული, პრობლემაზე ორიენტირებული და მედიაწიგნიერების კომპეტენციით ჩატარებული გაკვეთილები [2].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინტეგრირებული გაკვეთილის იდეასა და გეგმას სამ საგანში: ქიმიაში, ბიოლოგიასა და მათემატიკაში. გაკვეთილი განკუთვნილია საშუალო საფეხურისთვის. სასურველია, ჩატარდეს მე-11 კლასში. სწორედ ამ ასაკში დგება მოსწავლე პროფესიის არჩევანის წინაშე.

 

თემა: PH, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ლოგარითმები.

გაკვეთილს ეთმობა 2 საგაკვეთილო საათი, სასურველია, საათობრივი ბადე დალაგდეს ორი ერთმანეთის მომდევნო გაკვეთილის შესაბამისად.

ინტეგრირების მიზანი: მოსწავლემ გამოიმუშაოს ტრანსფერის უნარი – შეძლოს PH-ის მნიშვნელობის შინაარსობრივი დაკავშირება და ცოცხალი ორგანიზმების შინაგან და გარეგან ტუტე- და მჟავა გარემოზე მისი ზემოქმედების ახსნა, PH-ის სკალის განსაზღვრამდე კი თავად მივიდეს ათობითი ლოგარითმის გამოყენებით.

სამივე ეს თემა ცალ-ცალკე ვრცლად ისწავლება შესაბამის საგნებში, მაგრამ მათი ურთიერთკვეთა, გამოყენება და ფართო კონტექსტში დანახვა პასუხობს თანამედროვე განათლებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შეძენის გამოწვევებს.

 

აქტუალურობა: საგანთაშორისი ტრანსფერის განხორციელება, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის საფუძველზე, ერთ-ერთი ფოკუს-ჯგუფის ანალიზიდან გამომდინარე, გამოიკვეთა მოსწავლეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ წინარე ცოდნისა და მასწავლებლის ფასილიტაციის გარეშე, ინტერნეტის დახმარებით, ნებისმიერი საკითხის სწავლა ამომწურავად შეიძლება. ამ „ამბიციის“ მართებულობის შესაფასებლად საჭიროა დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი აქტუალურ თემაზე და წარიმართოს ისე, რომ მასწავლებლის დახმარების გარეშე, მხოლოდ მოკლე ინსტრუქციებით, პირდაპირ შეუდგნენ ბავშვები ჯგუფურ მუშაობას მოდელით: „მასწავლებელი – პასიური, მოსწავლე – აქტიური“.

მსგავსი გაკვეთილის ჩატარებით მასწავლებელი ერთგვარ მინიკვლევასაც ატარებს და ადგენს, რამდენად შესაძლებელია მასწავლებლის მხოლოდ მცირედი ჩარევით საკმაოდ ღრმაშინაარსიანი საკითხის გააზრება, დამუშავება და გამოყენება სხვა საკითხების შესწავლის პროცესში.

აქტივობა 1. დრო – 10 წთ. მასწავლებლის შესავალი, თემის მიმოხილვა და მკაფიო ინსტრუქცია გაკვეთილის ფორმატისა და სტრუქტურის შესახებ. დავალებების გაცემა – საორგანიზაციო საკითხები.

ჯგუფები კომპლექტდება დიფერენცირებულად.

კლასი იყოფა სამ ჯგუფად სახელწოდებებით: „ბიოლოგები“,ქიმიკოსები“ და „მათემატიკოსები“. შემადგენლობა შეირჩევა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. გარემოს გასახალისებლად და განწყობის შესაქმნელად წინ დაიდებენ წარწერებს გუნდების სახელებით. ყოველ ჯგუფს აქვს ლეპტოპი, პლიფჩარტი, მარკერები, რომელთა გამოყენებითაც მოამზადებენ პრეზენტაციას (ვისაც რომელი ეხერხება ან მოსწონს), ასევე – ამობეჭდილი თეორიული მასალა, რათა არჩევანი ჰქონდეთ ბეჭდურ და ელექტრონულ რესურსებს შორის და მოიძიონ ინფორმაცია დიფერენცირებული სწავლების მეთოდის შესაბამისად, ინტერესების, ხასიათისა და უნარების გათვალისწინებით.

აქტივობა 2. დრო – 30 წთ. მეთოდი – ჯგუფური მუშაობა.

პრეზენტაციაში უნდა წარმოაჩინონ:

ქიმიკოსებმა:

  • როგორ მიმდინარეობს მჟავებისა და ტუტეების დისოციაცია;
  • რა არის PH, როგორ გამოითვლება, რატომ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ;
  • რა კავშირია ყოფა-ცხოვრებასა და ორგანიზმისა და საკვები პროდუქტების მჟავატუტოვან ბალანსს შორის.

სამიზნე ცნებები: ნივთიერება (ქიმ. საშ. 1,2,3,4); ქიმიური ბმა – (ქიმ. საშ. 1,2,3,4)

 

ბიოლოგებმა:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულება და ფუნქციები;
  • ორგანიზმის რომელ ნაწილშია ტუტე გარემო და რა მნიშვნელობა აქვს მას იქ მიმდინარე პროცესებისთვის;
  • ორგანიზმის რომელ ნაწილშია მჟავა გარემო და რა მნიშვნელობა აქვს მას იქ მიმდინარე პროცესებისთვის;
  • რომელი გარემო უწყობს ხელს ინფექციების გავრცელებას, მაგ.: პირის ღრუში, ნაწლავებში, სისხლში და ა.შ.

სამიზნე ცნებები: სასიცოცხლო თვისება (იოლ. სა.1.2,3,4,5); ჯანმრთელობა და დაავადება (ბიოლ. სა. 1.2,3,5)

 

მათემატიკოსებმა:

  • რას ნიშნავს ლოგარითმი;
  • რისთვის გამოიყენება იგი;
  • როგორ იწარმოება ათობითი ლოგარითმი;
  • მოცემული ინფორმაციის საფუძველზე (ეძლევათ რესურსი: წყალში წყალბადიონების ან ჰიდროქსონიუმის კონცენტრაციის შესახებ ხსნარში) შექმენით PH სკალა და წარმოადგინეთ კოორდინატთა ღერძზე.

სამიზნე ცნებები: სიდიდეები, რიცხვები და მოქმედებები (მათ. საშ. 1,2,3,4); ალგებრული გამოასახულება (მათ. საშ. 1,2,3,9)

ჯგუფებს დავალების ბარათები ურიგდებათ ვერბალური ინსტრუქციების გარეშე, მაგრამ დიფერენცირებულად. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი თავს ვერ ართმევს დავალებას, ერთვება მასწავლებელი ჯგუფის დროებით წევრად.

 

აქტივობა 3. დრო – 25 წთ. მეთოდი – პრეზენტაციები.

 

წარდგენისთვის თითო ჯგუფს ეძლევა 5-6 წუთი.

 

აქტივობა 4. დრო – 10 წთ. მასწავლებლების რეფლექსია – უკუკავშირი.

 

აქტივობა 5. დრო – 10 წთ. მოსწავლეთა რეფლექსია – 3, 2, 1.

მაგალითად, ძალიან ცნობილი და მარტივი:

  • სამი რამ, რაც სრულყოფილად გავიგე
  • ორი რამ, რაც ნაწილობრივ გავიგე
  • ერთი რამ, რისი გაგებაც ამ თემაზე დამატებით მინდა.

 

აქტივობა 6. განმავითარებელი შეფასებები სოლო ტაქსონომიის მიხედვით ბიოლოგიის, ქიმიისა და მათემატიკის საგნობრივ კომპეტენციაში, ასევე – უნარ-ჩვევების მიმართულებით.

 

ამ ტიპის გაკვეთილი საშუალებას იძლევა, მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ დამოუკიდებლად, როცა მასწავლებელი არის ფასილიტატორი და მონიტორინგს უწევს სწავლის პროცესს.

ამ გაკვეთილიდან მოსწავლეების სარგებელი ის იქნება, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების შეფასებას, იმას, რამდენად შეუძლიათ დამოუკიდებლად სწავლა, რა ხარისხით არის საჭირო მასწავლებლის ჩარევა, ნათლად დაინახავენ საგანთა შორის კავშირს, ყველა საგნის სწავლების საჭიროებას და გაიგებენ, რომ ნებისმიერი საკითხი კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს.

მასწავლებლის სარგებელი კი იქნება მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესება. გარდა ამისა, განსხვავებული ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, რადგან „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ (ჯონ კოტონ დანა).

გაკვეთილის ძლიერი მხარეა შერჩეული თემა, რომელიც მთლიანად შეესაბამება ბიოლოგიისა და ქიმიის საგნებს, აქვს გამოყენებითი ხასიათი, ხოლო მათემატიკური ნაწილი მას კიდევ უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის. გაკვეთილი დაგეგმილია ისე, რომ მასში ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყოს ჩართული, რაც დიფერენცირებული ჯგუფების შექმნითა და რესურსის შეთავაზებით იქნება უზრუნველყოფილი.

ამრიგად, წარმოდგენილი რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ფორმით. ჩვენ, სტატიის ავტორები, ასეთ ინტეგრირებას მივმართავთ, როდესაც მოსწავლის აქტიური როლის დანახვა და განვითარება გვაქვს დასახული მიზნად, თუმცა შეიძლება, აღნიშნული თემა პირდაპირ ახსნან მასწავლებლებმა, ჩაატარონ მინილექცია, გამართონ პრეზენტაცია და შემდეგ ქვიზის ან გასასვლელი ბილეთების გამოყენებით შეამოწმონ მოსწავლეთა გაგება-გააზრების დონე, ჩაატარონ ზეპირი გამოკითხვა და შინ შესასრულებლად მისცენ კომპლექსური დავალება მიღებული ცოდნის გამოყენებით. ყველა შემთხვევაში სამუშაო მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარაციულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA, თბილისი, 2015. მოსწავლეთა დამოკიდებულებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ, გვ. 43
  2. ხ. თეთვაძე, ნ. პოპიაშვილი, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა – „საბუნებისმეტყველო საგნებში დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზების დადგენა და ანალიზი“

ჩანაწერები

0

ერთხელაც ხმაურიან ქუჩაში მიმავალმა ჩემს თავს ვკითხე: „რა უქენი შენს ცხოვრებას? სადამდე მიიყვანე შენი თავი?“ გამეცინა – მე ხომ საერთოდ არ მქონია სხვა ცხოვრება.

შეიძლება, მაღალმა ღმერთმა რაღაცის სიყვარულითაც დაგსაჯოს.

თოვდა აპრილში,

მე გელოდებოდი ფიჭვის ქვეშ

და ვუყურებდი, როგორ აჩენდა

ტალღებსა და ბუშტუკებს გაწყალებული თოვლი

პატარა გუბეში.

ბზობას მარტმა მეცხრე კაბა

თეთრი ჩაიცვა.

სრუტუნებდნენ ცხვირით სველი ბატკნები

და დედებს ეკვროდნენ.

მამაჩემი ჩხუბობდა, არაფრის დარდი არ იცი და არაფერზე ფიქრობო.

როგორ მეთქვა, შვინდის ყვავილებზე ვდარდობ –

სიცივე დახოცავს და გაყინულ მიწაზე ჩამოყრის-მეთქი?

წაბლისფერ ბუჩქად ეყარა საბანზე მისი თმა. აჭერდა მზე ფანჯრიდან და ოფლის წვრილი წვეთებით დაეწინწკლა მისთვის შუბლი. ბორგავდა ლოგინში. სიცხესთან ერთად ცუდი სიზმარიც აწუხებდა. უფრო მამაცი რომ ვყოფილიყავი, ვაკოცებდი მზით გამთბარ სველ შუბლზე.

ვიცი, როგორ ტანჯავს ეშმაკი ჯოჯოხეთში ცოდვილ სულებს. ალოდინებს, სულ ალოდინებს. უღამდებათ ცოდვილებს თვალები ლოდინით, გულიც უწვრილდებათ ძაფზე ძაფზე ეკიდებათ.

ფიფქები ღამის პეპლებივით ეხეთქებიან ბუხრის ცხელ მილს. სკდებიან და შიშინით ქრებიან.

მაწყევარიც მლოცველივით აღაპყრობს ხოლმე ცაში ხელებს.

ღარიბებს გვიხარია, როცა ვხედავთ, რომ მდიდრებსაც თავიანთი უსაშველო სატკივარი აქვთ.

იმაზე უნდა იფიქრო კაცმა, რომ ერთი თაროზე მოდებული მტვერი ხარ, რომელსაც ერთხელაც ტილოს მოუსვამენ და გადაწმენდენ.

ისეთი სიარული იცოდა, თითქოს ეკლიანი ხე ჰქონდა გადებული გაწვრილებულ მხრებზე.

მწერალი მარტო იმისთვის აკეთებდა ძალიან კარგსაც და ძალიან ცუდსაც, რომ მერე ამაზე დაეწერა.

ნიკაპზე რომ ჭაღარა თმა აქვს ამოსული, იმაზე არ ფიქრობს; იმაზე ფიქრობს, რომ დიდ ქალაქში მცხოვრებ პატარა ვაჟს ახალ წელს კაკალი დასჭირდება. ამიტომაც ჩურჩავს კაკალს მუქი ხელებით.

ის სიბერეში ერთ კარგ რამეს მაინც აკეთებდა: კარში წაიკუზებოდა და ისაქმებდა ხოლმე – უპატრონო ლეკვებს კვებავდა.

– რატომ აკეთებდი ამდენ რამეს მათთვის?!

– იმიტომ რომ მძულდნენ.

– რატომ აკეთებდი ამდენ რამეს მათთვის?

– უბრალოდ მინდოდა, ჩემთვის გიჟი აღარ დაეძახებინათ.

მშიერი ძაღლივით დაწანწალებდა მთვარე ცაზე.

ცეცხლი თავის თავს ათბობდა მხოლოდ.

– ჩავიფსი, – მეუბნება მოხუცი არსენა და ბავშვივით იღიმის. მერე უცბად შეტრიალდება და გაბუტული შედის თავის ოთახში. დილით გავიგე, რომ მაკრატელი ჩაერტყა უბეში.

დამავიწყდა, რამდენს ვატკინე გული, მაგრამ მახსოვს, რამდენი ხე მოვჭერი.

როგორ მშურს ისეთი ადამიანების, ცუდუბრალო საუბრის დროს ისე რომ შეუძლიათ გაცინება, თითქოს მართლა რამე სასაცილო იყოს.

ეს არის დიპლომატია.

სულ იმის მეშინია, ჩემი მოსწავლეები ისე არ მომექცნენ, როგორც მე ჩემს მასწავლებლებს ვექცეოდი.

გაწბილებული მათხოვრის თვალებით იყურებოდა.

ჩემი ხნის ქალი ნოემბრის ბნელ ღამეში ხბორებს ეძებს. ბებიაჩემი კი მიწაში წევს.

ამაოებას ყველაზე მეტად ლამაზი ქალის სიკვდილის დროს ვგრძნობ.

რატომ არ არის ჩემს ნაწერებში სიცილი? მინდა, ისეთი ადგილი იყოს სადმე, სადაც არავინ იცინებს, როცა ვიღაც ტირის.

მადლობა, ღმერთო, რომ გამაღვიძე.

ამიტომაც ნუ იდარდებ, მეგობარო. ხანდახან ყველაზე მიამიტ თევზსაც გარეულ მხეცზე მეტი ძალა აქვს. ქვიშა კი ყოველთვის ილექება ოკეანეთა, ზღვათა, მდინარეთა ფსკერზე.

ბეღურები – ღმერთის შორისდებულები

0

გაგა ნახუცრიშვილის პოემაძველი მიქარვები

 ცხოვრება ხშირად მოვლენათა განლაგებას გთავაზობს და შენც ვიღაცისხელით“, ფაზლის ფიგურასავით, გსვამენ ამ კონტექსტში ანუ შენიშინაარსითუნდა ჩაეწერო მასში (ან ვერ ჩაეწერო). შემოქმედი ცალკე ქმნის წუთისოფლის კონფიგურაციას, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეგრძნებებითა და აღქმებით. ხშირად თვითგამოხატვის ფორმა შინაარსთან მისადაგებულია. სწორედ ამიტომ გაგა ნახუცრიშვილის ლექსწყობა ზუსტად ისე გადმოვიტანე, როგორც წიგნშია, რადგან ვფიქრობ, რომ ის პოეტის სათქმელსაც (მინიმალისტური ფორმით მაქსიმალისტურის გადმოცემას) შეეფერება, იდეურ კონტექსტსაც უხდება („მარტოსული“, ცალკე დასმული სიტყვა თითქოს საკუთარ სათქმელს ამბობს) და სამყაროს ადამიანური აღქმის ამორფულობასაც ზუსტად გადმოსცემს, რაც შემდეგ მკითხველის სულში გაყოლილ მკვეთრ გამოძახილად თუ დაუვიწყარნაკვალევადმიიწევს სიღრმეებისკენ

აი, გზასაც მივადექით. გაგა ნახუცრიშვილის ეს პოემაც გზაზეა.

 

  1. გზა ნაბიჯებით იზომება

 

გზა, როგორც მარადი დინამიკა ანუ როგორც პარადიგმა, საწყისიც და თავმოყრაც ყველაფრისა, როგორც ბორხესი იტყოდა. არ სრულდება ის, რაც არ იწყება, ამბობს გაგა ნახუცრიშვილიესაა გზა, დრო (მარადისობაში გარდამავალი და არა დასაზღვრული), სიცოცხლე. მათ ხან დაეძებ, ხანაც გაურბიხარ რეალობასავით. ყველაფერი ხდება: ხშირად სიზმარცხადი გერევა კაცს, ზოგჯერ პარალელური წრფეების გადაკვეთის რეალობაშიც ხვდები, როცა დრო თან დგას, თან სწრაფად გადის, რეალობა კი მაჭარივით მოთუხთუხეა და გარდამავალი – „სულ დაკარგული სიზმრებია/ სულ ბუნდოვანი ცხადი“. რეალობა, რომელიც გაქცევისკენ გიბიძგებს; ადამიანები, მაგრამ უცხონი („უცხო ხალხს ვხვდები და იმათსას ვერაფერს ვხვდები“) ანუდეჟავუსსაწინააღმდეგო განცდამაგრამ საკუთარ თავს ვინ გაჰქცევია?! უნდა ჩაიძირო ცხოვრების ჭაობში? („გავიპარსოარ გავიპარსო“; „აღარ გავსვრი ფურცელს,/ რადგან ვერაფერს ვცვლი ამით“) როგორ უნდა გადაიჭრას ყოფის, რუტინის დილემა? მაგრამ, განა, სიცოცხლე წყალობა არაა, ღვთისა თუ ადამიანისა?

ის მათხოვრობდა სიცოცხლეს მხოლოდ,

ასე შემჩივლა სიცოცხლის ბოლოს,

რომ ვერ იცხოვრა,

სულ იყო მკვდარი,

ბევრი გვეძახა

და გვიკაკუნა,

მაგრამ არავინ გაუღო კარი,

ხმას დამჩნეოდა

წყენა და ბრაზი.

მან თურმე ჩვენი ჯვარი ატარა,

მაგრამ ემძიმა თავისი ჯვარი.“

წამსვე მახსენდება ტატო ბარათაშვილი, „კოჭლი ღმერთი“, როგორც მას გიორგი ლობჟანიძე უწოდებს თავის ლექსში. გაგას ლექსშიმკვდარინიშნავსგაუშლელ“, ოცნებებდამსხვრეულ ცხოვრებას. თუმცამკვდარი კაცობაამ მოცემულობასთან დანებებაა, ცხოვრების მატერიალიზმში ჩახრჩობა, საკუთარი იდეალური თავის უარყოფა, ღალატიმაგრამ თუჯვარი იტვირთე“, როგორც ბარათაშვილმა, უკვე შეგიძლია ბედისწერის ჩარჩოებიც გაარღვიო, დამარცხებით გაიმარჯვოგაგა ნახუცრიშვილის ლექსის მინიმალიზმში თითქმის წუთისოფელია ჩატეული, მასში გაურკვევლობისა და ამ უკანასკნელის გაუმხელელობის, სხვათაგან გაუგებრობის ნაღველი. როცა გინდა განდობა და ვერავის ენდობი, შესაფერისი ადრესატი ვერ გიპოვია. გინდა ცხოვრების ღვინის თასივით ბოლომდე გამოცლა, მაგრამსადღეგრძელოსკარგი გამგონე არსადაა, რომელიც სიცოცხლის ფერხულში შეგიძღვება. ამ მოლოდინში კი შეიძლება ცხოვრებამ გვერდზე ჩაგიქროლოს, როგორც ღამის ტრასაზე მდგარს გაჩახჩახებულმა ავტობუსმა, რომელსაც ჩამორჩი.

გაგას ეს პოემაც სულის ხეტიალია, მოგზაურობა, გასკონელები ვიქნებით, უკანასკნელი მოჰიკანები, პირობითობების ქსელიდან თავდახსნილი დერვიშები თუ ქარის წისქვილებთან მებრძოლი, მარად ომებში ჩართული დონკიხოტები („ისევ გვინდა ბრძოლა, თან ისევ ვეძებთ ომს“)…გზაზე მზესთან დამგზავრების მოლოდინიცაა („მე ოდესმე წავალ, ოღონდ მზესთან ერთად“). არადა, „მზესულ ჩვენთანაა, გვერდით, ჩვენ გარშემო

 

სადაც ჩემი სახლი, ჩემი ვენახია“, „მზე ჩადის, როგორც ძველი სიზმარი“ – იქნებ სამყაროცმზისსიზმარია?! და ამსიზმარშიიქნებ დრომაც და გზამაც თვითონ ამოგირჩიეს გამყოლად. ამიტომაა მათი დუმილი მრავლისმეტყველი, მაგრამ ის ყოველთვის როდიაოქრო“.

საინტერესოა გაგა ნახუცრიშვილის ფარდობითობის ანუ ყველაფერარაფრის ფილოსოფია – „თოვლმა გააქრო ყველა ფერი და სულ ყველაფერი გამოჩნდა თეთრი“. თეთრი მიწა და თეთრი დუმილი, თითქოს ყველაფრის დამტევიარაფერი“. საბოლოოდ ხომ ყველაფერი, მთელს გამოყოფილი და დასაზღვრული, ისევ საწყისს, ერთიანობას, მთლიანობას უბრუნდება, როგორც მისი შემავსებელი.

ყველა ნამდვილმა პოეტმა იცის ადამიანობის საკრალური აზრი; სიცოცხლით თრობის საიდუმლო, რომელზეც თუნდაც ბოდლერი ოქსიმორონებით წერდა. ცხოვრებაც ხომ გზაა, „უკან ვიტოვებ და წინ არისდა რაც მეტად განურჩეველია ის შენთვის, მით ეჯაჭვები ამაოებას, ნებსით თუ უნებლიეთ.

 

  1. წითელი კაბა

 

ევა, ქალი, მიზეზი თუ წინაპირობა წუთისოფლისა და როგორც დაკარგული სამშობლო („პატარა გოგო დამეკარგა, წითელპერანგა“).

ქვეყნად ყველაფერი უკვე ითქვაო, გვეუბნება პოეტი, მაგრამ ასე მსუბუქი დარდიმანდობით მხოლოდ გაგა ნახუცრიშვილმა თქვა:

დღეს მუზა მოვიდა,

გავერთეთ,

მნახა.“

ან:

ყურეზე ნისლი

ჩამოყრის ყურებს.“

ვინ არ მისტირის რაინდების ეპოქას? გახუნებულ იდეალებს? გარდასულ, შემაწუხებელ ზღაპრად ქცეულ დიდებას? ეს ზღაპარია ჩვენი თანამგზავრი, თუ ჩვენ მისი მგზავრები? წუთისოფელი როგორი ზღაპარია: კეთილი თუ ბოროტი, გასარკვევია. წამების მოხელთება პოეტის საპატიო ხელობაა ამზღაპრის ბილიკებზე“, რომლებზეც შემოქმედისთვის ყველანაირი შეგრძნება საინტერესოა: ნიავს აყოლილწუთები ჭრიჭინითუ მოცინარი სიცარიელე, მონატრებას რომ მიათრევსმტვრიანი წარსულისგზებზე.

აი, ეს კი ყველას დაგვმართვია:

საკუთარი თავის შეცოდება,

როცა არ განაღვლებს

დანარჩენი,

საკუთარი თავის სიბრალული

ასე სასაცილოდ ამაზრზენი.

სიყვარულიც მალე დამთავრდება,

შენ თუ შენთვის გინდა

სიყვარული.“

რა მარტივი და გენიალური კონსტატაციაა! ნამდვილი სიყვარული სხვისთვისაა. მარტივი არ გეგონოთ, – ესეც ბრძოლაა: საკუთარ თავთანაც, სამყაროსა და ყოფასთანაც, რადგან სიყვარულით იწყება და მთავრდება ყველაფერი. რატომააო ცხოვრება ბრძოლა, ერთხელ მკითხეს. „რომ ჩემ შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“ – ამიტომ! ეს უდიდესი სიყვარულია და ზრუნვა, მაღალადამიანური პასუხისმგებლობები. ყველა ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ პოეტი ვალდებულია. ეს გაგამაც იცის: „ვეღარავინ, ვეღარავინ მნახავს დაღლილს“. წარმავლის მძაფრი მონატრება ძალიან დამღლელია, მაგრამ ყველას არ უნდა აჩვენო ეს, მითუმეტეს, როცა ძლიერ სქესს გეძახიან ან შემოქმედს, რომელსაც საქართველოში დიდ ტვირთს აჰკიდებს ხოლმე წუთისოფელიცა და ასე განებივრებული მკითხველიც

 

  1. სადღაც მეგობრები ქეიფობენ

 

მოყვრობა, როგორც ძალიან ქართული მომენტი, ჩვენი სინამდვილის უცვეთელი სამკაული, – რა პირობებშიც გინდა ჩაგვაყენოს ცხოვრებამ, „ვინ მოყვარესა არ ეძებს…“ ყოველთვის აქტუალურია. მაგრამ ყველას განგვიცდია მეგობრის დაკარგვის უმტკივნეულესი განცდაც: ფიზიკურად წავა იგი სახვა სამყოფელში თუ სულიერად გშორდება, „გიკვდება“ („მე ვცდილობ ლექსებში დაგტოვოთ ცოცხლები“).. ეს არ გვიკვირს საბჭოთა ეპოქა გამოვლილებს, როცა პირდაპირ ადამიანურ სულიერებას ცდიდა სისტემა, იდეოლოგია და ნათელ მხარეებს ახშობდა („ზოგს სწამდა მარქსის/ზოგს სწამდა ღმერთის“). არც შემდგომ განვითარებულა დალხინებული, „სასათბურეპირობები ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთათვის. ყველაზე მეტად კი ასეთიქარტეხილებიზნე და სულფაქიზ ადამიანებს ატყდებათ ხოლმე. პოეტის სული კი არა მარტო ზემგრძნობიარეა, ის ძლიერიც უნდა იყოს, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ამ ორი რამის შეთავსება ურთულესია და ყველა როდი ახერხებს, მითუმეტეს, როცა ხშირად აღმოგიჩენია:

ცხოვრება თურმე უღრანიაქვეყნიდან წასვლა უხარიათ“.

უამრავ ქიმერას შორის, სიკვდილისა ყველაზე მტანჯველია. არც მისი დამარცხებაა პატარა საქმე:

ხმამაღლა მეძახდა,

მაგრამ არ ავიღე,

მაგრამ დავუძვერი,

იდო მაუზერი.“

ჩვენი საბრალო ქვეყანა კი არა მარტო შინმოუსვლელების (ცოცხლებისა და გარდაცვლილების) მარადი ჭირისუფალია, თვითონაცააშინმოუსვლელი“ – საქართველოში ვერ გვიპოვია საქართველო. ასე იცის ყალბად ნამღერმა მრავალჟამიერმაო, გვეუბნება პოეტი. ბრჭყალებს არ იყენებდა, – ვხვდებით, რომ მეტაფორულად ცხოვრებაცაა მოაზრებული („ცხოვრება განა სიმართლეა“), რომელიც ეფემერულიცაა და სასტიკიც, ერთდროულად

მომენატრა ძველი მიქარვები

და თავიც ჯიუტად მელოტდება,

ჩუმად ბავშვობისკენ ვიპარები,

გაქცეულა, აღარ მელოდება.“

ბავშვობა ხომ მარადი ნავსაყუდელია, თავშესაფარი დამაშვრალი სულებისთვის. თუმცა ცხოვრებას მოსწრებაც უნდა, რადგან ის შეიძლება ჩემოგეცრას ხელში დროისქვიშასავითდა ბოლოსკენ მიგახვედროს, რომ არ გიცხოვრია ისე, როგორც გინდოდა შენ, როგორც უნდოდა სხვას ან ღმერთს („გახსოვთ, მეგობრებო,/ცხოვრებას ვიწყებდით,/ ცხოვრებას ვიწყებდით/და ვერ მოვასწარით“).

 

  1. სიცოცხლის მერე

 

წუთიაო სოფელი, ქართველმა და ყველას მოგვიწევს იმ სამანის გადალახვა, რომლისიქითგადასვლა ურთულესია, საშიში და იდუმალად შემზარავი. ფასეულობათა გადაფასებები, თავის ძიებამიგნებადავიწყებათავიდან ძიება, მარადცვალებადი და უცვლელი ცხოვრებისეული მოცემულობების გააზრება, „შეცდომების გასწორებადა თავიდან დაწყება ანუსუფთა წერა“, მოწყენა იმისა, რაც გიყვარდა და მონატრების სურვილი იმისი, ვინ ან რაც მოგბეზრდა, მაგრამ მერე ისევ უნდა გაგახსენდეს:

თურმე სადაც შევცდი,

ის სწორია

და სადაც არ შევმცდარვარ,

შევცდი

და თურმე მაჟორიმინორია…“

სადაა ასე ნანატრიშინ“? („გზა შინისაკენ მოჭრილია“). უძღები შვილებიც აღარ (თუ ვეღარ?) ბრუნდებიან. სიმარტოვეში იხლართები, როგორც ძნელად მოსაშორებელ ბლონდებში („მოლანდებამ იცის მონატრება/მონატრებამ იცის მოლანდება“). ასე და ამგვარად, იღლები, იცლები ხანდახან, გინდა დროის შეჩერება, მოხელთება. პოეზია, განა, სხვა რამაა? – ავტოგრაფითგაკაწრულიდრო, – გაგა ნახუცრიშვილის ასეთიკოხტამეტაფორაარც მარადაკვიატებული (ჩემსავით ხანდახან ბავშვობიდანაც) კითხვა: „იქპოეზია არის?!

 

სიცოცხლის მერე მზე

თუა ცაზე?

შეხვედრის სიტკბო

და გაყრის ბრაზი

არსებობს ვითომ?…

სიცოცხლის მერე

თუ ჩანან მთები?

თუ გადის წლები?

მეძახის გზები?

ვინც გენატრება,

გზაზე თუ ხვდები?…

სიცოცხლის მერე

ლექსებს თუ წერენ?“

გზისპარადიგმა მარადიულია ორთავ სოფელსა შინაო, პოეტმა

 

  1. ლურჯი ღამის პერანგი

 

პოემის ეს ნაწილიც გზაზეა, როგორც იოანე საბანისძე იტყოდა, „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაზე“, სამშობლოში გაუსაძლის დილემებთან ბრძოლაზე, საშიშ გათენებებზე თუ ისევ დაღამებებზე, „ვარსკვლავების სასაფლაოთი“.

გამგზავრება განა წამალია,

მაგრამ რომ იცოცხლო, მაგრამ რომ გადარჩე,

რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს.“

 ეს ილიას მოძრაობის, დინამიკის (შინაგანიცა და გარეგანიც) ფილოსოფიაა, „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“. აქ კი გვერდს ვერ აუვლი თავგანწირვას, ყველაზე მაღალ ზღვარს ადამიანურობისაიქ ასვლა ღვთის სიბრტყეზე, ველში, მოხვედრაა.

ბაღი, შადრევანი, ჯვარცმა,

წყალზე არეკლილი მზე,

დღეს თავი მოიკლა კაცმა

და იდგა მზიანი დღე.

თურმე ჩვვეთვის ჰქნა,

რაც ჰქნა,

უკეთ რომ გვეცხოვრა ჩვენ.“

კაცის თავგანწირვა, როგორც ღმერთის თვითმკვლელობა, ზავარაკობა ადამიანური ცოდვების სამსხვერპლოზე

უძნელესია სოცოცხლე რწმენის გარეშე („რაღაცის უნდა იწამო კაცმა“). მთლად უარესი, როცა საკუთარი ქვეყნის რწმენას კარგავ. სამშობლო საკრალიზებულია ჩვენს რეალობაში. ისლურჯი ქვეყანაა“, როგორც თუნდაც ინგა მილორავა ამბობს; ან ლურჯი ღამის პერანგი, რომელსაც სულ გიქსოვს ესდაბინდულქლიავისფერმთებიანიქვეყანა და სულ დაუმთავრებელია მიზეზთა გამო ეს ნაქსოვი, – ლურჯი ძაფის (თუ ჯაჭვის?) გორგალს მისდევ, როგორც ზღაპარში, რომმქსოველსმიაგნო და სათანადო პატივი მიაგო; შედიხარ უღრანში, ეძებ, ეძებ, ეძებ, რომ სთხოვო, დაგიმთავროს პერანგი, შეგმოსოს ჯადოსნურად და შენც იყო დაცული, როგორც სამოსელ პირველშიდა ასე ძიებების ტკივილებში გადის ცხოვრება („დაკარგული წლები მტკიოდა, როგორც ხეებსაც შემოდგომის სტკივათ ფოთლები“).

სულ გვინდასხვანაირი გზები“, სულ გვიდა ფრენის სწავლა, მაგრამ სულ ექოდ მოგვყვებაფრენა ვერაფრით ვისწავლე…“

თუმცა არის მყარი ცოდნაც, წონასწორობას რომ გინარჩუნებს. თუ გმირი ვერ გახდი, ნაძირალაც ხომ არასდროს ყოფილხარ? წონასწორობა კი იმ ნისლოვანებაში, რომელსაცცხოვრებაჰქვია, უდიდესი ნიჭია. მიწაზე მყარად უნდა იდგე, რომ საკუთარი თავი ეძებო, მეორე ადამიანი ეძებო, ეძებო ისეთი სისადავისკენ, როგორიც გაგა ნახუცრიშვილის პოეზიაშიაისევე, როგორც ყველა დანარჩენი სათქმელი……..

 

 

 

ციტატები გაგა ნახუცრიშვილის წიგნიდანძველი მიქარვები“, „ინტელექტი“, 2022

 

 

 

 

 

 

საჭიროებების კვლევა კლასისა და სკოლის დონეზე

0

ნუ გაგიკვირდებათ, და ცოტა შორიდან უნდა დავიწყო… თითოეულმა თქვენგანმა წარმოიდგინოს თავი მზარეულად. ზოგიერთი თავს მყუდრო სახლის პატარა სამზარეულოში მოფუსფუსედ წარმოიდგენს, ზოგი – უზარმაზარი რესტორნის შეფმზარეულად. ვინც რა უნდა იფიქროს და სადაც არ უნდა წარმოიდგინოს თავი, მზარეულის საქმიანობა ყველგან ერთი და იგივეა – კერძებისა და ნუგბარის მზადება.

მომზადების პროცესში მზარეული თვალს ადევნებს დაწერილ რეცეპტს, ან მიჰყვება კარგად გამოცდილ ჩვეულ პრაქტიკას. მაგრამ სხვადასხვა მზარეულის მიერ ერთსა და იმავე რეცეპტის მიხედვით მომზადებული კერძი, შესაძლოა სხვადასხვაგვარი გამოვიდეს. რა შეიძლება იყოს მიზეზი? მაგალითად, ცეცხლის ალის ინტენსივობა, ქვაბის სისქე და სხვა. მომზადების შემდეგ მზარეული ფრთხილი მზერით აკვირდება დამგემოვნებლის ემოციას. შემდეგ ფიქრობს, აანალიზებს, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა უკეთესი შედეგისთვის? რა ცვლილებები უნდა მოახდინოს შემდეგში? როგორ გააუმჯობესოს შედეგი?

რეფლექსია და შეფასება ყველა საქმიანობას სჭირდება…

მოდით, ერთად განვიხილოთ, როგორ ვაფასებთ ჩვენ მიერ წარმართულ სასწავლო პროცესს? რამდენად ვაანალიზებთ ჩვენ მიერ შეთავაზებული აქტივობების, მიდგომების ეფექტურობასა და ეფექტიანობას? რამდენად ვცდილობთ უკეთესი შედეგის მიღწევას და რას ვაკეთებთ ამისთვის?

ბევრი კოლეგა იტყვის, რომ ამ საკითხებზე მუდმივად ვსაუბრობთ, ვფიქრობთ და გამოსწორების გზებსაც ვეძებთო. ძნელი წარმოსადგენია მხოლოდ ზეპირი მიდგომით:

  1. რამდენად ზუსტად გამოიკვეთება კლასის თითოეული მოსწავლისა და სკოლის საჭიროება;
  2. რამდენად ეფექტიანი იქნება ამ საჭიროებების გასაუმჯობესებელი აქტივობები;
  3. იქნება თუ არა შესაძლებელი ჩვენი მიგნებების კოლეგებისა და საზოგადოებისთვის გაზიარება და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესსა და საკუთარ მიდგომებზე მასწავლებლის დაკვირვებას, საჭიროებების გამოკვეთასა და ქმედით ღონისძიებებს მიეცეს დოკუმენტური ხასიათი, რომელიც საბოლოოდ კვლევის ანგარიშის სახეს იღებს. ყველა მასწავლებელი ბუნებით მკვლევარია. არაერთი ლიტერატურა ითარგმნა ქართულ ენაზე და დაიწერა სტატიები. თუმცა დღესდღეობით კვლავ გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს კვლევის ეტაპების სტრუქტურირება, ეტაპებს შორის მიზეზ-შედეგობრიობის გამოკვეთა, ანალიზი და სხვა.

სკოლის საჭიროებებისა თუ საკუთარი პედაგოგიური მიდგომების კვლევის დროს საჭიროა, დავსვათ შემდეგი მნიშვნელოვანი შეკითხვა/საკითხები და ეტაპობრივად ვიმოქმედოთ მათ შესაბამისად.

პრობლემის იდენტიფიცირება – რამ მიბიძგა, გამომეკვლია კონკრეტული საკითხი და არა სხვა?

სასწავლო პროცესში მუდმივად ჩნდება სხვადასხვა საჭიროება. დაკვირვებული მასწავლებელი გონივრულად მიანიჭებს პრიორიტეტს ერთ-ერთ მათგანს. მნიშვნელოვანია, რომ საკვლევი საკითხი დაკონკრეტდეს და არ იყოს ზოგადი.

როგორ დავადგინო იდენტიფიცირებული პრობლემის ძირეული მიზეზები?

მედიცინაში კარგი და ზუსტი დიაგნოსტირება მკურნალობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სწორი დიაგნოზის დასმით ექიმმა ზუსტად იცის, რას უნდა უმკურნალოს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ უმკურნალოს. მაგალითად, თავის ტკივილი არის პრობლემა, მაგრამ საიდან, რა მიზეზით არის თავის ტკივილი გამოწვეული, ამისათვის ტარდება გამოკვლევა სხვადასხვა მეთოდისა და ინსტრუმენტის საშუალებით: ანამნეზის შეკრება პაციენტის ან ახლობლებისგან, სისხლის ანალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა. ექიმი აანალიზებს ყველა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს კოლეგებთან და სვამს დიაგნოზს.

ახლა გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემაში ამა თუ იმ პრობლემის გამომწვევი მიზეზის ძიება, დიაგნოსტირება, რისთვისაც მასწავლებელი, ექიმის მსგავსად, იყენებს სხვადასხვა მეთოდსა და ინსტრუმენტს – ჩანაწერები დღიურში, კოლეგებთან გასაუბრება, მშობლებთან გასაუბრება, მოსწავლეთა ნამუშევრების განხილვა, დიაგნოსტიკური ტესტირება და სხვა. შემდეგ კი აანალიზებს შეგროვილ მონაცემებს და გამოაქვს დასკვნა.

რა ქმედებები უნდა განვახორციელო პრობლემის გამოსასწორებლად?

პრობლემის გამომწვევის მიზეზის ცოდნა, როგორც აღვნიშნე, აადვილებს პრობლემის მოგვარებას. მასწავლებელი პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე დაყრდნობით გეგმავს და ახორციელებს გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებსაც ინტერვენციებს ვუწოდებთ. მასწავლებელი გონივრულად თავად განსაზღვრავს ინტერვენციების რაოდენობას, ჩატარების ინტენსივობასა და ხანგრძლივობას. პარალელურად აკვირდება ინტერვენციების ეფექტიანობას და ინიშნავს დღიურში.

როგორ შევაფასო, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ჩემ მიერ განხორციელებული ქმედებები?

მასწავლებელი აკვირდება ინტერვენციების განხორციელების პროცესს აკეთებს ჩანიშვნებს, აანალიზებს დაკვირვების შედეგებს და აფასებს. ინტერვენციების დასრულების შემდეგ რომელიმე ინსტრუმენტის გამოყენებით ამოწმებს ინტერვენციების შედეგიანობას. მნიშვნელოვანია, რომ შეფასებისთვის გამოყენებული კვლევის ინსტრუმენტი უკავშირდებოდეს საკვლევ შეკითხვასა და დიაგნოსტირების ფაზაში გამოყენებულ კვლევის ინსტრუმენტს.

სკოლის საჭიროებებისა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მასწავლებლების უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს და ზემოთ აღწერილი ქმედითი ნაბიჯებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

 

 

 

 წლის მიზნად ქცეული ერთი გაკვეთილის თემა

0

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მასწავლებელი მისი საგნისთვის განკუთვნილ ამა თუ იმ კლასის სტანდარტსა და სახელმძღვანელოებს გადახედავს ხოლმე, რათა სასწავლო გეგმის დაახლოებითი მონახაზი შეადგინოს. მერე კი იწყებს მის სიღრმისეულად დამუშავებას საგაკვეთილო პროცესისთვის. გეგმავს და ფიქრობს საინტერესო აქტივობებს, ეძებს საჭირო რესურსებს, რათა სტანდარტით განსაზღვრული შედეგები მარტივად მიღწევადი გახადოს მოსწავლეებისთვის.

თუ მოსწავლეები ისეთ ასაკში არიან, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მათში ახალ მკითხველს ეძებს, მაშინ წინამძღოლობისთვის და კარგი ფასილიტაციისთვისაც მზად უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა პედაგოგი მოსწავლეებისთვის ავტორიტეტია, რადგან ეს ნდობას ზრდის და მათ კარგ მიმბაძველებად აქცევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მასწავლებელი იყოს კარგი მკითხველის პირდაპირი მაგალითი და ამით გავუჩინოთ სურვილი ბავშვებს, თავადაც დაიწყონ საბავშვო ლიტერატურის კითხვა.

სასწავლო წლის დასაწყისში, როცა მესამე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს გადავხედე და გავეცანი, რა სასწავლო თემებს მოიცავდა იგი, აღმოვაჩინე, რომ მასში ერთ-ერთ საგაკვეთილო თემად შესულია ანტუან დე-სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ ის ეპიზოდი, როცა უფლისწული რიგით მეხუთე, ვარსკვლავთმრიცხველის პლანეტას ეწვევა. ვისაც ეს წიგნი ერთხელ მაინც წაუკითხავს, დამეთანხმება, რომ მთელი ტექსტიდან მხოლოდ ამონარიდის წაკითხვა-დამუშავება იგივეა, ადამიანს გემრიელი ხის ნაყოფი გაასინჯო და თავად ნაყოფის დასაკრეფად ხეზე ასვლა აუკრძალო. ამიტომ სასწავლო წლის დასაწყისშივე გადავწყვიტე, რომ ეს ძალიან ძვირფასი ნაწარმოები, კლასში საკითხავ წიგნად შემერჩია. კალენდარულად გაწერილი თემატიკის მიხედვით მისი წაკითხვა, სავარაუდოდ, გაზაფხულის პერიოდში გვიწევდა. მანამდე კი მოსწავლეთა ინტერესებისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივება იყო საჭირო, რათა წიგნის კითხვას შესაბამისი მზაობით შეხვედროდნენ.

დასაწყისისთვის ვიზუალით გამოწვეული მოულოდნელობა ბევრად ეფექტურია, განსაკუთრებით ამ ასაკის მოსწავლეებისთვის. რადგან სასწავლო წლის პირველი დღე ყოველთვის და ყველასთვის დასამახსოვრებელია, მასწავლებელმა შეიძლება საკლასო ოთახში ან მის გარეთ გამოყოს სივრცე წიგნის შინაარსის დეტალების საილუსტრაციოდ. ეს სივრცე შეიძლება იყოს საკლასო ოთახის გარე კედელი, შემოსასვლელი კარი, ან სულაც ფანჯარა, რომელზეც აუცილებლად უნდა ჩანდეს:

  • წიგნისმიერი გარემო, თუ სად და რა პირობებში ხდება მოქმედება, შეიძლება ეს იყოს კოსმოსი, პლანეტები, უდაბნო, ვერტმფრენი, ვარსკვლავები და ა.შ.

 

  • ამ წიგნისმიერ გარემოში წინასწარ გამოსახეთ პერსონაჟები, რომლებსაც გაიცნობენ წიგნის კითხვის პროცესში. რადგან სწავლის დაწყების პირველი დღეა, საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი მათ ფოტო-კადრშიც მოხვდეს. ვვარაუდობ, წლების შემდეგ ამ გზით თავად წიგნი და მისი გმირებიც ყოველთვის შეახსენებენ თავს მოსწავლეს.
  • გამოიტანეთ მნიშვნელოვანი ციტატები, ფრაზები, რომლებსაც წაიკითხავენ და დაამახსოვრდებათ. შემდეგ კი მარტივად აღმოაჩენენ წიგნის კითხვის პროცესში და აღნიშვნაც არ გამოეპარებათ: „ეს ხომ ამ კედელზე/ფანჯარაზე წერია?“.
  • საგანგებოდ შეარჩიეთ და ხშირად გამოიყენეთ ისეთი ნივთები, როგორებიცაა, ფურცლების დამჭერი დაფა, ჩანთა, ბროში, საყურე ან სხვა დეტალი, რასაც მოსწავლე აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას და დაიმახსოვრებს. მეტიც, შეიძლება თავადაც ისურვოს მსგავსი ნივთების შეძენა.
  • როცა დრო დადგება და წიგნის კითხვას დაიწყებთ, შეეცადეთ ჯერ სახელმძღვანელოში მოცემული ამონარიდი წაიკითხოთ და დამუშაოთ სხვადასხვა საინტერესო მეთოდითა თუ სტრატეგიით, რის შემდეგაც მოსწავლე ბევრად მეტი ინტერესით ჩაებმება მთლიანად წიგნის კითხვის პროცესში. ამით მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ მასწავლებელმა კი არ უბიძგა მოსწავლეებს წიგნის სრულად წაკითხვისკენ, არამედ თავად მოსწავლეებმა მოინდომეს ასე. ეს მათ პასუხისმგებლობას გაზრდის წიგნის კითხვის პროცესში და დავალებებსაც მეტი ენთუზიაზმით შეასრულებენ.
  • თავად კითხვის პროცესის დროს აუცილებლად გამოიყენეთ ხმამაღლა ფიქრის მეთოდი. რადგან ისინი დამწყები მკითხველები არიან, ჯერ არ არიან მიჩვეულნი ასეთი სქელტანიანი წიგნების კითხვას. ამიტომ კარგი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს მასწავლებელი, რომელიც კითხვის პროცესში ხმამაღლა იწყებს ფიქრს იმის შესახებ, რა მოეწონა, რამ გააცინა, რამ გააბრაზა, რა გაახსენა ამა თუ იმ ეპიზოდმა, რომელ სიტყვებს მოაქცევდა საკუთარ ლექსიკონში, რომელ ფრაზასა და წინადადებას გამოიყენებდა ციტატებად და ა.შ.
  • წიგნის კითხვის პროცესში აუცილებელია, მათთან ერთად განიხილოთ თითოეული ილუსტრაცია, რადგან სხვა ყველა სიკეთესთან ერთად იგი გამორჩეულია იმით, რომ შეიცავს ავტორისეულ ნახატებს, რაც არცთუ ისე ხშირი შემთხვევაა ლიტერატურაში.
  • ბავშვებისთვის საინტერესო იქნება, თუ ერთ-ერთ დავალებად მისცემთ პეპისა და პატარა უფლისწულის შეხვედრა/დიალოგს, რადგან სახელმძღვანელოდან პეპი ახლად გაცნობილი პერსონაჟი იქნება და მათ შორის პარალელების ძიება, ძალიან საინტერესო პროცესად შეიძლება მიიჩნიონ ბავშვებმა. მუშაობის პროცესში აღმოაჩენთ, რა მარტივად გამოსდებენ კაუჭს იმ ფაქტს, რომ არცერთ პერსონაჟს არ სურს გაზრდა, რომ ბავშვები უფრო მარტივად უყურებენ ყველაფერს და რომ თავისუფალი აზროვნება ყველაზე დიდი მონაპოვარია კაცობრიობის.
  • წიგნის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენეთ ისეთი სახალისო თამაში, როგორიცაა „მხიარული ბანქო“.
  • მოსწავლეები გადაანაწილეთ 4-5 ბავშვიან ჯგუფებში;
  • თითოეულ ჯგუფს დაურიგეთ დანაწევრებული (ილუსტრაციებად და შესაბამის ტექსტებად დაყოფილი) ბანქო დაულაგებელი სახით და სთხოვეთ გააფერადონ;
  • გაფერადების შემდეგ წაიკითხონ ამონარიდები ტექსტიდან და შეუსაბამონ საკუთარ ილუსტრაციებს;
  • შემდეგ ნაბიჯად მოუწოდეთ, გაიხსენონ ტექსტის შინაარსის თანმიმდევრობა და მოცემული მასალა დაალაგონ სწორი სიუჟეტური განვითარებით;
  • ბოლოს კი სთხოვეთ, გადაიტანონ ამავე თანმიმდევრობით დიდი ზომის ფერად ფორმატებზე და გამოაკრან თვალსაჩინო ადგილას.

გაითვალისწინეთ, ამ თამაშს თუ ჯანსაღი შეჯიბრის სახეს მისცემთ, მოსწავლეები მეტი ენთუზიაზმითა და აზარტით მოახერხებენ ჩაბმას სამუშაო პროცესში. საჩუქრად კი შეჰპირდით, რომ აუცილებლად წაიყვანთ ამავე სახელწოდების სპექტაკლის სანახავად რუსთაველის თეატრში (რა თქმა უნდა, მშობელთა შეთანხმებითა და ჩართულობით). აქ კი ნამდვილად გაიხსენებენ წაკითხულ მასალას და დაუკავშირებენ წიგნიესმიერ ფაქტებსა და ეპიზოდებს სპექტაკლზე წარმოდგენილ სცენებს. ეს მოგცემთ საშუალებას, ხელოვნების კუთხითაც ერთგვარი შემეცნებითი გაკვეთილი დაგეგმოთ.

თუ მოხერხდა, ბავშვებისთვის დღეს კიდევ უფრო ბედნიერსა და დაუვიწყარს გახდის მსახიობების დასთან შეხვედრა, მათთან ფოტოსესია. ამგვარი ემოციური დასასრული აუცილებლად ღრმად ჩაებეჭდებათ ბავშვებს მეხსიერებაში და დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო მოგონებად ექცევათ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, წიგნი რომელიც პირველად მესამე კლასში წაიკითხეს.

 

 

,,ლურჯი ია და მაია’’ – მოთხრობის მონაკვეთის დახატვა/ გამოძერწვა

0

პირველ კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისთვის განსაზღვრულია სამი პერიოდი: წინასაანბანო, საანბანო და ანბანის შემდგომი.

გთავაზობთ საანბანო პერიოდის სახალისო დავალებას, რომელიც შექმნილია პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოსთვის ,,მშობლიური ენის კვალზე’’ (ავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი; თანაავტორი ლელა მანგოშვილი; მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას და ამავდროულად მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

რესურსები და აქტივობები იმგვარად არის შერჩეული, რომ საანბანო პერიოდის პირველი დავალების შესრულება შეუძლია ნებისმიერ პირველკლასელს, მიუხედავად იმისა, რომელი სახელმძღვანელოთი სწავლობს.

 

თემა ბავშვი და გარემო.

ძირითადი რესურსი მოთხრობა ,,ლურჯი ია და მაია’’ (ავტორი – ლელა მანგოშვილი).

გრძელვადიანი მიზანი სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

დავალებმოთხრობის მონაკვეთის დახატვა/ გამოძერწვა.

დახატე/გამოძერწე მოთხრობის („ლურჯი ია და მაია“) ის მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა. ნახატი დაასათაურე.

შეფასების კრიტერიუმები

დავალების წარდგენისას ისაუბრე:

  • რით არის ეს მონაკვეთი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი.
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ მონაკვეთში ყველაზე მეტად. რატომ დაასათაურე ასე.

დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები:

რესურსი  1. თოჯინური ფილმი ,,ბომბორა სწავლას იწყებს’’.

ილუსტრაციები

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვაჩვენებთ თოჯინურ ფილმს „ბომბორა სწავლას იწყებს“. მასწავლებელს შეუძლია, შეჩერებებით ამოაცნობინოს ეპიზოდები, ასევე, შესაძლებელია, პროექტორის საშუალებით ეკრანზე გააშუქოს მოცემული ილუსტრაციები ან ამობეჭდოს.

  • რას ხედავთ პირველ ნახატზე? ეს არის პირველი მონაკვეთი.
  • დააკვირდით მეორე ნახატს. რა მოინდომა ბომბორამ? ეს უკვე მეორე მონაკვეთია.
  • რატომ უსაყვედურა მეეზოვემ მესამე მონაკვეთში? რა ეწერა კარზე? რატომ ვერ
  • წაიკითხა ბომბორამ?
  • რა მოხდა მეოთხე მონაკვეთში, რატომ უკბინა ძაღლმა ბომბორას? შეიძლება ნებართვის გარეშე სხვის ეზოში შესვლა და ვაშლის მოწყვეტა?
  • გაიხსენეთ შემდეგი მონაკვეთი, რა აჩვენა გოგონამ, რა ეწერა ჭიშკარზე? შეძლო ბომბორამ წაკითხვა?
  • დააკვირდით მეექვსე მონაკვეთს. რატომ აღმოჩნდა ბომბორა კარის ქვეშ?
  • მეშვიდე მონაკვეთში რა შესთავაზა გოგონამ ბომბორას? რა წერია დაფაზე?
  • როგორ მოიქცა ბომბორა მერვე მონაკვეთში და რა უთხრა გოგონას?

 

აქტივობა 2. მოსწავლეებს გავაცნოთ და გავააზრებინოთ დავალების პირობა.

 

  • თოჯინური ფილმის რომელი ადგილი, რომელი მონაკვეთი მოგეწონა ყველაზე მეტად, მხატვარი რომ იყო, რომელს დახატავდი?
  • როგორ ამოიცანით მონაკვეთები? (ნახატების დახმარებით).
  • სწორედ ასე უნდა გამოიცნოთ ახალი მოთხრობის – „ლურჯი ია და მაია“ – მონაკვეთები და ერთ-ერთი დახატოთ.

რესურსი 2. ია – ილუსტრაცია წიგნიდან (მოსწავლის წიგნი გვ. 28).

რესურსი 3. ია (აღწერა – იაკობ გოგებაშვილი) მასწავლებლის წიგნი გვ. 183,  მოსწავლის რვეული გვ. 56)

ია (აღწერა)

ეს იაა. იას ყვავილი ასხია. ყვავილი ამოსულია ყლორტზე. ყლორტი ამოსულია ღეროზე. ყლორტებს და ღეროს ფოთლებიც ასხია. ღერო ამოსულია ფესვებზე. ფესვები მიწაშია. ია ფესვებით იწოვს მიწიდან საკვებს და იზრდება. მისი ყვავილი ლურჯია. სურნელი ნაზი აქვს. ია გაზაფხულის დამდეგს აყვავდება ხოლმე.

იაკობ გოგებაშვილი

 

აქტივობა 3.  მოსწავლეები ას აღწერენ ნახატის მიხედვით.

აქტივობა 4. წავუკითხოთ  შემეცნებითი ტექსტი ,,ია’’.

აქტივობა 5. დავამუშაოთ ახალი სიტყვები (ყლორტი, ღერო, ფესვი.)

  • როდის ამოდის ია? რას უწოდებენ მას?
  • სად აქვს ფესვები იას?
  • რა არის ფესვებზე ამოსული? ღეროზე?
  • როგორი სურნელი აქვს იას?
  • რა ფერის არის მისი ყვავილი? გული რა ფერის აქვს? ფოთლები?

რესურსი 4. მოთხრობ„ლურჯი ია და მაია“ (მოსწავლის წიგნი გვ.136 ).

ლურჯი ია და მაია

მაიას დიდედამ ლურჯყვავილებიანი კაბა შეუკერა.

გოგონას კაბა ძალიან მოეწონა, დიდედას ჩაეხუტა, მადლობა გადაუხადა და ჰკითხა:

– დიდედა, რა ჰქვია ამ ლამაზ ყვავილს, ჩემს კაბაზე რომ ხატია?

– შვილო, ეს არის ია, ტყეში ამოდის და გაზაფხულის მოსვლას გვახარებს.

მაიამ დიდედის ნათქვამი დაიმახსოვრა და გაზაფხულზე პაპას სთხოვა, ტყეში წაეყვანა.

იქ გოგონამ ძალიან ბევრი ლურჯი ია ნახა, სწორედ ისეთი, როგორიც მის კაბაზე იყო დახატული. გახარებული ხან ერთ ყვავილთან მირბოდა, ხან – მეორესთან. გადაწყვიტა, მოეკრიფა და დიდედისთვის ეჩუქებინა.

შეშინებულმა იამ კანკალი დაიწყო, თავი მორცხვად დახარა და კიდევ უფრო დაპატარავდა.

– ნახე, როგორ შეეშინდა, მიხვდა, რომ უნდა მოწყვიტო. რამდენიმე დღე იცოცხლებს,

მერე კი გახმება, არ გეცოდება? – ჰკითხა პაპამ გოგონას.

– აბა, დიდედას როგორ მივუტანო ია?– მოიწყინა მაიამ.

– მოდი, ყვავილების მაღაზიაში წავიდეთ და ქოთანში ჩარგული ია ვუყიდოთ – შესთავაზა პაპამ.

– რა კარგია, პაპიკო! წავიდეთ! – სიხარულით ხტუნავდა გოგონა.

მაღაზიაში ქოთანში ჩარგული ძალიან ბევრი ყვავილი იყო.

უცებ მაიამ ლურჯი ია დაინახა და ხმამაღლა შესძახა:

– პაპიკო, შეხედე, აი, ია!

გამყიდველმა გოგონას გაუღიმა და ქოთანში ჩარგული ია მისცა.

გახარებულმა მაიამ პაწაწინა ხელები შემოხვია ქოთანს და ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა დიდედასთან.

 

აქტივობა  6. სათაურზე და ნახატზე დაკვირვებით მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.

 

-როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება  მოთხრობა? საიდან მიხვდით?

 

აქტივობა  7. წავუკითხოთ ტექსტი მთლიანად.

 

რესურსი 5. ვიდეობმული ,,ლურჯი ია მაია’’.

https://drive.google.com/file/d/19ReIWc5N9tJeY8iXjcjLKUsHH1KttfaS/view?usp=drive_link

 

აქტივობა 8. მოსწავლეებს ვაჩვენოთ ვიდეობმული.

 

აქტივობა  9. წავუკითხოთ ტექსტი პაუზებით.

 

I პაუზა:  …. გაზაფხულზე პაპას სთხოვა, ტყეში წაეყვანა.

  • როგორი კაბა შეუკერა დიდედამ მაიას?
  • როგორ გამოხატა გოგონამ მადლიერება?
  • რა ჰკითხა მაიამ დიდედას? რით დაინტერესდა?
  • რა უპასუხა დიდედამ, რის მოსვლას გვახარებს ია?

 

II პაუზა:   …. გადაწყვიტა, მოეკრიფა და დიდედასთვის ეჩუქებინა.

  • რა ნახა მაიამ ტყეში? მითხარით, როგორი განწყობა დაეუფლა იების დანახვაზე?
  • რა გადაწყვიტა გოგონამ? ვისთვის უნდოდა იების მირთმევა?
  • რატომ დაიწყო იამ კანკალი?
  • რა რჩევა მისცა პაპამ გოგონას? მოგწონთ პაპის რჩევა?

 

III პაუზა: …. აბა, დიდედას როგორ მივუტანო ია?– მოიწყინა მაიამ.

  • რატომ მოიწყინა გოგონამ?
  • თქვენ როგორ მოიქცეოდით, მაიას ადგილზე რომ ყოფილიყავით? მოწყვეტდით იებს?

 

IV პაუზა: …. მაღაზიაში ქოთანში ჩარგული ძალიან ბევრი ყვავილი იყო.

  • რა შესთავაზა პაპამ მაიას? მოეწონა გოგონას მისი რჩევა? რატომ მოეწონა?
  • იპოვეს მაღაზიაში ქოთანში ჩარგული ლურჯი ია? რა ქნა მაიამ?
  • თქვენ გაქვთ სახლში ქოთნის ყვავილები? როგორ უვლით მათ?
  • რა ისწავლეთ ამ მოთხრობიდან? რატომ არის მნიშვნელოვანი, გავუფრთხილდეთ ბუნებას და ვიზრუნოთ მშვენიერ ყვავილებზე, ხეებზე, მცენარეებზე?

 

რესურსი 6. მონაკვეთების ამსახველი ილუსტრაციები (მოსწავლის რვეული, გვერდი 57.

  1. დიდედა და მაია ლურჯყვავილებიანი კაბით; 2. პაპა და მაია ყვავილების მაღაზიაში; 3. მაია და ტყის ლურჯი იები; 4. გოგონას საჩუქარი დიდედას ).

 

აქტივობა 10. მოსწავლეები თანამიმდევრობით დანომრავენ მონაკვეთების ნახატებს და პატარა ამბავს გადმოსცემენ.

 

  • რას ხედავთ პირველ ნახატზე? სად არიან მაია და დიდედა? მომიყევით, რა მოხდა ამ მონაკვეთში?
  • რომელი იქნება შემდეგი ნახატი, სწორად არის მოცემული რვეულში მეორე მონაკვეთი?
  • რატომ ფიქრობ ასე? (არ არის, რადგან ჯერ ტყეში წავიდნენ მაია და პაპა, სულ ბოლოს კი – ყვავილების მაღაზიაში) ნახატს დააწერეთ შესაბამისი ციფრი.
  • გაიხსენეთ, რა მოხდა მესამე მონაკვეთში (მაიამ გადაწყვიტა იების მოკრეფა…) მომიყევით, რატომ გადაიფიქრა?
  • რომელია ამბის ბოლო მონაკვეთი? რატომ ფიქრობ ასე?
  • რის მიხედვით დაალაგე ნახატები თანამიმდევრულად?

 

შენიშვნა: მასწავლებელს შეუძლია, მოცემული ილუსტრაციები პროექტორით გააშუქოს ეკრანზე და ამგვარად შეასრულოს ეს აქტივობა.

 

აქტივობა 11. საუბარი პერსონაჟების შესახებ.

 

  • როგორი ადამიანია დიდედა? პაპა? (მოსიყვარულე, კეთილი, მზრუნველი) საიდან ჩანს?
    • როგორი გოგონაა მაია? საიდან ჩანს, რომ ის ყურადღებიანია? (დაიმახსოვრა, რომ ია გაზაფხულზე ამოდის.)
  • საიდან ჩანს, რომ მოსიყვარულე და მზრუნველია? (გადაწყვიტა დიდედისათვის იების მირთმევა.)
  • როგორი გოგონაა მაია, დამჯერი თუ ჯიუტი? საიდან ჩანს? (მან პაპას დაუჯერა, არ მოწყვიტა ია და ქოთნის ყვავილის ყიდვა გადაწყვიტა.)
    • კიდევ რა თვისება ჩანს, როცა მან ია არ მოწყვიტა? (გაუფრთხილდა ბუნებას.)
    • სწორად მოიქცა მაია? თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე? ხომ არ გახსენდებათ მსგავსი ამბავი, რომელიც თქვენ გადაგხდათ თავს?

 

აქტივობა  12. გოგონას განცდები/გრძნობები – მონაკვეთების ამსახველი ნახატების ქვეშ

მოსწავლეები დახატავენ ღიმილის კაცუნას, როცა მაია გახარებულია, როცა მოწყენილია – მოწყენილ კაცუნას.

 

შენიშვნა: მოსწავლეები, რომლებიც სხვა სახელმძღვანელოთი სწავლობენ, ამ აქტივობას ასე შეასრულებენ: მასწავლებელი პროექტორით გააშუქებს ეკრანზე  ილუსტრაციებს, მოსწავლეები შესაბამის ღიმილის კაცუნას დახატავენ სახატავი რვეულის ფურცელზე ან აჩვენებენ შესაბამის ბარათს. სასურველია, ეს ბარათები ჰქონდეთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს და საჭიროებისამებრ გამოიყენებენ ტექსტების წაკითხვის დროს.

როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს და განიცდის გოგონა პირველ ნახატზე? მოწყენილია თუ გახარებული? რატომ? მეორეზე? მესამეზე? მეოთხეზე?

 

აქტივობა 13. მოსწავლეები დახატავენ ამბის შერჩეულ მონაკვეთს, წარადგენენ და ნახატებს გამოფენენ საკლასო გალერეაში.

 

  • ყველაზე მეტად რომელი მონაკვეთი მოგეწონა? (დიდედამ მაიას ლურჯყვავილებიანი კაბა შეუკერა; პაპა და მაია ტყეში არიან; შეშინებული ია; მაია და პაპა ყვავილების მაღაზიაში).
  • რით უკავშირდება ეს მონაკვეთი შენს პირად გამოცდილებას, ხომ არ გაგახსენდა მსგავსი ამბავი?
  • რით არის ის შენთვის საინტერესო? რომელ მონაკვეთს დახატავ/გამოძერწავ?
  • ამ მონაკვეთში რომელი სიტყვა ან გამოთქმა მოგეწონა ყველაზე მეტად?

 

 

ხელოვნური ინტელექტი და განათლება

0

ქართული გამოცემა მომზადდა ევროპის საბჭოს თანხმობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროგრამა eTwinning-ის მხარდაჭერით. 

წიგნის ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან 

ხელოვნური ინტელექტი და განათლება

მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით

0

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის „ყვითელი ნახევარმზე“

 

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ასეთი ეპიზოდია: ფოტოგრაფი ვასიკო კეჟერაძე კორესპონდენტთან საუბარში ნიგერიას ახსენებს. ინტერვიუერს უკვირს – ნიგერია საიდანღა იციო. ნიგერიაში, ჩემო ბატონო, სამი კარგი მწერალიაო, – მშვიდად პასუხობს ვასიკო კეჟერაძე, – შიიონკა, ჩინუა აჩებე და გაბრიელ ო’ჰარაო.

დარწმუნებული ვარ, იმ დროს, როცა ეს მოთხრობა იწერებოდა, დაბადებული რომ ყოფილიყო, დოჩანაშვილი აუცილებლად მოიხსენიებდა მეოთხე მწერალსაც – ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის – ნიგერიელ ქალს, რომელმაც, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსები ამბობენ, ახალგაზრდა თაობას ყველაზე მძლავრად გააგონა აფრიკული ლიტერატურის ხმა.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი 1977 წელს ნიგერიაში, უნივერსიტეტის პროფესორისა და რეგისტრატორის ოჯახში დაიბადა. ნიგერიის სამოქალაქო ომმა მისი ოჯახის ცხოვრებაში საბედისწერო კვალი დატოვა – ორი ბაბუა ომში დაეღუპა, ოჯახმა კი ყველაფერი დაკარგა.

ბუნებრივია, ეს ტრაგედია ადიჩის უმძაფრეს შთაბეჭდილებად და, შეიძლება ითქვას, შემოქმედებით ინსპირაციადაც იქცა. სწორედ ნიგერიის სამოქალაქო ომის ფონზე იშლება მთავარი ამბავი მწერლის თითქმის ყველა მხატვრულ ტექსტში. ეს ომი განმსჭვალავს პერსონაჟთა ცხოვრებას თუ სულიერ მდგომარეობას, მათ პიროვნულ აქტებს, პოზიციებს, დამოკიდებულებებს… ამდენად, ადიჩის რომანები დიდწილად დოკუმენტური და ავტობიოგრაფიულია, მიუხედავად იმისა, რომ მწერლის უსაზღვრო ფანტაზია და მდიდარი წარმოსახვა მკითხველის წინაშე ავთენტურ მხატვრულ სამყაროებს ქმნის.

ნიგერიის სამოქალაქო ომი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფად არის მიჩნეული. სამი წლის განმავლობაში (1967-1970) ასი ათასზე მეტი ჯარისკაცი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო ორ მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე შიმშილმა იმსხვერპლა. სწორედ ეს შემზარავი ომი იქცა იმდროინდელი კაცობრიობის მთავარ თავსატეხად, რამაც მსოფლიოს უმაღლესი ხელისუფალნი აიძულა, კიდევ ერთხელ გადაეხედათ ჰუმანიტარული დახმარების სისტემისთვის.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანებს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს. „იისფერი ჰიბისკუსი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) და „ამერიკანა“ (გამომცემლობა „პალიტრა L“) ქალის თვალით დანახული შემზარავი თანამედროვე სამყაროს რეტროსპექტივაა, ქალის ხმით მოყოლილი ამბებია მჩაგვრელი სახელმწიფოებრივი თუ რელიგიური სისტემების, სტერეოტიპების ჩარჩოებში მომწყვდეული ცხოვრების, თავისუფლების წყურვილის შესახებ. ამ რომანებში, ისევე როგორც არამხატვრულ ტექსტებში, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი მძლავრად გამოხატავს სამოქალაქო პროტესტს. ეს ტექსტები მისი სამოქალაქო აქტივიზმის ნაწილია, დაუღალავი და შეუპოვარი ბრძოლის გაგრძელებაა. ადიჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ანგარიშგასაწევი აქტივისტი ფემინისტია, რომელიც მუდმივად საუბრობს ქალთა მიმართ ჩაგვრისა და ძალადობის, თანასწორობისა და თავისუფლების შესახებ. მისი ესე „ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ“, რომელშიც ეს იდეები მკაფიოდ და გასაგებად არის გაშუქებული, ქრესტომათიულია ყველა სამოქალაქო აქტივისტისთვის.

ადიჩის აქტივიზმის ასეთი წარმატებისა და პოპულარობის საიდუმლო ისიც არის, რომ მწერალი ყოველგვარ სტერეოტიპს ებრძვის, მათ შორის – სტერეოტიპულ აქტივიზმსაც (ფემინისტურ თუ სხვა სოციალურ-საზოგადოებრივ ტენდენციებში). მისთვის მთავარია არა რომელიმე ლოკალური, კონკრეტული სოციალური ჯგუფი (თუმცა, ცხადია, ამ ჯგუფების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს), არამედ, საზოგადოდ, ადამიანი. ადამიანი თავის მთლიანობაში, სიცოცხლის საზრისებში, ავთენტურ პატერნებში.

რომანი „ყვითელი ნახევარმზე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) ადიჩისთვის რიგით მეორეა „იისფერი ჰიბისკუსის“ შემდეგ. მისი სიმძიმის ცენტრი, ვფიქრობ, მოდის არა რომელიმე პერსონაჟზე (მიუხედავად იმისა, რომ რომანს შთამბეჭდავი, მკაფიო და დაუვიწყარი პერსონაჟები ჰყავს), არამედ უშუალოდ ომზე – ნიგერიის სამოქალაქო ომზე, რომელიც თავად გვევლინება მთავარ გმირად. ომის ხმა და ინერცია განსაზღვრავს ტექსტის ყველა დანარჩენ შრეს.

ეს აზრი სათაურშივე იკვეთება – ყვითელი ნახევარმზე ბიაფრის არაღიარებული რესპუბლიკის ემბლემაა. სწორედ ბიაფრის რესპუბლიკასა და ნიგერიას შორის იყო გაჩაღებული ის სასტიკი სამოქალაქო ომი, რომელშიც ხუთასი ათასამდე ბავშვი შიმშილით დაიღუპა.

რომანის გმირები – ოლანა და მისი მეუღლე ოდენიგბო, თეთრკანიანი რეპორტიორი რიჩარდი, ოლანას ტყუპისცალი და, ოლანას და ოდენიგბოს მსახური უგვუ – ომისგან არიან დევნილნი.

ომი განდევნის მათ არა მხოლოდ საკუთარი სახლებიდან, არამედ საკუთარი თავებიდანაც. კაცობრიობის ეს მთავარი მონსტრი ქმნის რომანის ტექსტში მძლავრ ბარიერებს – ადამიანებსა და სახელმწიფოებს, ენებსა და გულებს შორის, რომელთა გადალახვაც მხოლოდ ყველაზე ძლიერთა ხვედრია.

ძალა „ყვითელი ნახევარმზის“ ერთგვარად საკულტო აქცენტია. ძალა როგორც დეკონსტრუქციის საშუალება და, იმავდროულად, მკვდრეთით აღდგომისა და გამარჯვების წყაროც. ნკალი – ასე წარმოითქმის იგბოს (ერთ-ერთი დიდი ეთნიკური ჯგუფი ნიგერიის კოლონიაში) ენაზე „ძალაუფლება“, რაც ნიშნავს – „იყო უფრო ძლიერი, ვიდრე სხვა“. ყველაფერი ძალით იწყება და ძალით მთავრდება – როცა ქვეყნები ერთმანეთს ძალას უპირისპირებენ, ადამიანებს ისღა დარჩენიათ, ძლიერებით გადარჩნენ. ცხადია, ამ ძალაში სიყვარულიც იგულისხმება, სიკეთეც და ყველა ფასეულობითი კატეგორიაც, მაგრამ ეს უპირველესად სიცოცხლის ძალაა – გადარჩენის, ცოცხლად დარჩენის, სიკვდილისგან გათავისუფლების ძალა, რომელიც ამ რომანში ერთი შეხედვით ყველაზე უმწეოს/უძლურს აღმოაჩნდება.

ცხოვრების დრამატურგიაც ალბათ ეს არის – უზენაესის წინაშე ამგვარი პარადოქსი გაითამაშო. მაშინ, როცა მშვენიერ და ღონიერ ოლანას და მის განათლებულ მეუღლეს, ოდენიგბოს, სამუდამოდ უწევთ უშვილობასთან შეგუება (ოლანამ ომში დაჩეხილი ორსული რომ ნახა, მას შემდეგ დაკარგა შვილოსნობის უნარი), მათი მოსამსახურე უგვუ არა მხოლოდ ფიზიკურად გადარჩენას, არამედ იმგვარი სულიერი ძალისხმევის გამოვლენასაც ახერხებს, რომ რომანის მთავარ გმირადაც გვევლინება ომის შემდეგ… როგორც სახარებაშია: „ყოველნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან და ყოველნი უკანასკნელნი – პირველნი“.

ომი უნაყოფობას ბადებს, ის სიცოცხლეს ჩანასახში სპობს – ფიზიკურადაც და სულიერადაც. ოლანასთან ერთად ომის ამ საბედისწერო თვისების მსხვერპლია რეპორტიორი რიჩარდიც. მთელი სიუჟეტის განმავლობაში ის წიგნს წერს ნიგერიის სამოქალაქო ომზე. წიგნს რეფრენად გასდევს ფრაზა „მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით“. რიჩარდის აზრით, ეს უნდა იყოს სასტიკი წიგნი, წიგნი-მანიფესტი, რომელსაც ულმობელ და მოძალადე მსოფლიოს ააფარებს თვალებზე. მაგრამ ომი რიჩარდსაც გამოაცლის ამ უნარს და მასაც უნაყოფოდ ტოვებს… სამაგიეროდ, მის მწერლურ საქმეს მსახური უგვუ აგრძელებს, ერთ დროს წერა-კითხვის უცოდინარი უგვუ, რომელიც 13 წლისა დაუდგა მსახურად ოლანას და ოდენიგბოს და უკიდურესი ძალისხმევით შეიძინა ყველა სასიცოცხლო ცოდნა და უნარი, მათ შორის – ენა.

ენა, რომელიც ამ ტექსტში ასევე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს – როგორც ძალადობის იარაღი და როგორც დიდი მადლი.

მსახური უგვუ ორივეს ფლობს – ძალასაც და მადლსაც. ის ახალი აფრიკის სახეა, ახალი სიცოცხლის ნაყოფია. ამდენად, ის იმსახურებს, იყოს ახალი ტექსტის, ახალი წიგნის ავტორიც.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის რომანი „ყვითელი ნახევარმზე“ ქართულად ანი კოპალიანმა თარგმნა. მნიშვნელოვანი წიგნია, რადგან მასში ერთ ქვეყანაში/კონტინენტზე მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე ზოგადსაკაცობრიო ამბავია მოთხრობილი, თანამედროვე და არქეტიპული ტენდენციებით, ადამიანური ვნებებით და პატერნებით.

როგორც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში ნახსენები ნიგერიელი მწერალი ჩინუა აჩებე იტყოდა: „წესისამებრ, სიჭაბუკეს სიბრძნესთან არავინ აიგივებს, მაგრამ ამ ახალგაზრდა მწერალს უძველეს მთხრობელთა ნიჭი გადმოსცემია… რომ არა მისი უშიშრობა, ვერაფრით მოჰკიდებდა ხელს ნიგერიის სამოქალაქო ომის სულისშემძვრელი საშინელების აღწერას“.

„ყვითელი ნახევარმზის“ მკითხველი ამ უშიშრობის მისტერიას თავადაც იგრძნობს.

 

 

„ვწერ მასწავლებლისთვის“ სკოლის მთავარ გმირებთან

0

გამოცხადდა თუ არა ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“, ვიცოდი, რომ ჩავუსაფრდებოდი ათ საუკეთესო მოთხრობას, რადგან გამოცდილებამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ მაჩვენა: დიდია ინტერესი, როცა პერსონაჟის თანატოლი მკითხველი ხარ.

მოსწავლეებმა ჯერ ჩემ მიერ ჩამორიგებული მოთხრობების გვერდები გადაითვალეს, მერე კი კითხვას შეუდგნენ. ჩუმი კითხვის წუთებია. მათ სახეზე გაკვირვებას, ღიმილს, ირონიას, შეშფოთებასაც კი ვხედავ… ეს უკვე კარგია – ვფიქრობ ცოტათი კმაყოფილი. კითხვა დაასრულა ერთმა, მეორემ მთხოვა: მასწ, სახლში გამატანთ? აქ ვერ მოვასწრებ, მესამემ მაგიდაზე უტყვად დამიდო თაბახზე ამობეჭდილი მოთხრობა, მეოთხემ თავი ჩაღუნა და ელოდება ჩემს რეაქციას, რომელსაც არ ვჩქარობ. ბოლოს ვეუბნები მათ, რომ რამდენიმე გამარჯვებულ ავტორს შევახვედრებდი. უკვირთ და თან მოსწონთ ეს მათთვის ახალი ამბავი. ავტორებს ძალიან უხარიათ, თუ ვინმემ, მით უფრო, პატარა ასაკის მკითხველმა მისი წიგნი წაიკითხა, მის დაწერილზე იფიქრა. ამიტომ მოსწავლეებს ვთხოვე: თუ სურვილი გექნებათ, გავახაროთ მოწვეული ავტორები, გავუზიაროთ მათ თქვენი ემოცია, რეაქცია, შთაბეჭდილება, მერე კი ამ შთაბეჭდილებას საშინაო დავალებების რვეულში გადაიტანთ-მეთქი. საღამოს მოსწავლის ბებიის მოკლე ტექსტური შეტყობინება მომდის: შვილიშვილთან ერთად მეც დავინტერესდი და დიდი სიამოვნებით წავიკითხე მოთხრობაო. ჩვენ ერთმანეთის პატრონები ვართ, მე მის გარდა აქ არავინ მყავს, მისი მშობლები ემიგრაციაში არიან და მახარებს, რომ მისი გულის კარი ასე ადვილად და თბილად შეაღეთო. მან მოინდომა რომელიმე თანამედროვე მოთხრობის გადმოგზავნა, თუ არ შეწუხდებითო… მეტი მეც რა მინდოდა… უკვე კარგი დასაწყისი იყო პროექტისა, რომელიც წლების წინაც ვცადე სხვა სკოლის ბაზაზე.

ახალი სკოლა, ახალი გარემო, რაც არ უნდა ვთქვათ და როგორც არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი უაღრესად პასუხისმგებლობიანი საქმე, მაინც გამოწვევაა. ეს ის მომენტია, როცა გეოგრაფიულ არეალს მნიშვნელობა არ აქვს და მიზანი კვლავ იგივეა: თინეიჯერი კითხვის სიყვარულთან მიაახლოვო. არაა მარტივი გზა, მით უფრო თბილისში, მაგრამ ეს ხომ ჩემი არჩევანია?!. თან რომ ვერ წყდები და დღითიდღე მარტივად ახერხებ „ჯერ კიდევ ახალი“ მოსწავლე-მეგობრების შეყვარებას.

სამი მოთხრობის ავტორს იმ საღამოსვე დავუკავშირდი. აქედან ორი მწერალი-მასწავლებლები – თამთა დოლიძე და ნინო ქადაგიძე ვიდეო-ჩართვაზე დავითანხე (ფრიად ობიექტური მიზეზების გამო ფიზიკურად ვერ მოვიდოდნენ). ხოლო ერთს – ათეულის გამარჯვებულს, პირველადგილოსან ნათია როსტიაშვილს კი უკვე წუთი-წუთზე ველოდით. მართალია, მოსწავლეებმა ათივე მოთხრობა წაიკითხეს, გაიაზრეს. ამ ყველაფერს ყველაზე საინტერესო პროცესიც მოჰყვა: ერთმანეთს გაუზიარეს. თითქოს, სურვილი კითხვისა აღძრულია. ყველაზე ონავარმა ბიჭებმა კლასშივე გადახედეს ტექსტებს, თუმცა ვერ ვიცრუებ – მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამიზიარეს საკუთარი დამოკიდებულებები. ესეც ბუნებრივია, როცა ასეთი რამ მათ თავს არ მომხდარა. ღელავდნენ, თუმცა ეს გადაჭარბებული ემოციურობა თავად ავტორმა პირველივე წუთებიდან ჩააშოშმინა. აღარც ფასილატატორი სჭირდებოდათ უკვე ჩემი სახით, იმდენად გაუშინაურდნენ, გულწრფელი აზრები შეაგებეს უცნობ მწერალს. ნათია როსტიაშვილმა ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ფუტკარი ბარამბოს ტოტზე“, „ამ ომში არავინ დაბერდება“ და „ანიკო მასწავლებელი“ – ამ სამი მოთხრობის გარშემო გავერთიანდით. მსჯელობა, რამდენად რეალური ისტორიებია ან რატომ მოუნდათ სკოლაზე, მასწავლებელზე წერა – ამ ყველაფერზე უკვე პირისპირაც და ვიდეო-ჩართვიდანაც მიიღეს სათანადო უკუკავშირი ავტორებისგან. მათ მოსწავლეების წინაშე საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, მოსწავლეობის პერიოდზე და ბევრ აქტუალურ საკითხზე, რაც მკაფიოდაა გაშლილი ათივე ავტორის ნაწერში. ვინმეს სასკოლო ცხოვრების ამრეკლავი კვლევის ჩატარება რომ მოუნდეს, საკმარისია ამ მოთხრობებში ასახული ამბებით რეალური დასკვნები დაიწეროს.

ქვევით გთავაზობთ რამდენიმე მოსწავლისა და მოწვეული სტუმრის უკუკავშირს:

ანდრია ცქვიტიშვილი, ახალი გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: მოთხრობა ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი ეპიზოდი იყო მოსაწონი, ბევრიც – მეტ-ნაკლებად. რა მასწავლა ამ მოთხრობამ? ის, რომ არ უნდა იყო მორცხვი, თამამად, თავდაჯერებულად გამოთქვა აზრი. კარგია, რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი ყოველთვის მისმენს; მიღებს ისეთს, როგორიც ვარ. ავტორთან შეხვედრა უჩვეულო და დაუვიწყარი იყო, რადგან მომეცა საშუალება, შეუზღუდავად მესაუბრა ჩემი სასკოლო დღეების რეალობაზე.

ანა-მარია ფერიაშვილი, ახალი ქართული გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: ინტერესით და ძალიან მოკლე დროში წავიკითხე მოთხრობა. პირველ რიგში, ყურადღების ეპიცენტრში მოხვდა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა. ავტორი ცდილობს, დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ერთიც და მეორეც; რომ დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმ დეტალის გათვალისწინებით, როცა კექსს ერთად მიირთმევენ. ბევრი ბავშვის პრობლემაა დღეს ჩაკეტილობა. ნდობა იმდენად დაბალია, რომ პედაგოგთან ვერც იხსნები… ეს კვლავ მასწავლებელმა უნდა შეძლოს! რითი? ასე მიმაჩნია, რომ ერთმა სწორმა ქცევამ, სწორად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება სასიკეთოდ შეცვალოს ადამიანების ურთიერთობა, „მოგიხსნას ჩარჩოები“.

ანასტასია ტაბატაძე, ახალი ქართული გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: სტრეოტიპული აზროვნება, რომელიც ამ მოთხრობაში ნათლად ჩანდა, ჩემთვისაც თვალში საცემი იყო: თუ ვერ იტირე, გრძნობები ხმამაღლა თუ ვერ გამოხატე, დამკვიდრებული მორალის მიხედვით, ე.ი. არ გადარდებს შენთვის ძვირფასი ადამიანის დაკარგვა. ან კიდევ – დავალება მშვენივრად გიწერია და გრცხვენია კლასის წინაშე წაკითხვა. მეც მქონია ასეთი არაერთი შემთხვევა და განსაკუთრებით ადვილად წარმოვიდგინე თავი. ასაკს ალბათ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, არადა, დღემდე მიუღებლად მიგვაჩნია ბევრი რამ, რის გამოც საზოგადოება „ავად“ შეგაფასებს.

ანანო გორდელაძე, ახალი გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: მოთხრობაში „ამ ომში არავინ დაბერდება“ კარგადაა აღწერილი პერსონაჟები. სკოლა არის ადგილი, სადაც წყდები გარე სამყაროს და შეაბიჯებ თუ არა შენობაში, ყველაფერი იცვლება. მასწავლებელი ამხიარულებდა ბავშვებს, ზრუნავდა მათ უსაფრთხოებაზე და აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან – ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მუსიკა რომ ალამაზებს ცხოვრების ყველა წამს, ეს ცხადია, მაგრამ ავტორს შევეკითხებოდი – დღემდე ასეა თქვენთვის? რაც შეეხება მოთხრობას „ანიკო მასწავლებელი“, ყველაზე მთავარი აქ მასწავლებლის სიტყვა და შეხედულებაა სამშობლოზე, რომელსაც ასე ცხადად, დღისით, მზისით რუსები დაეპატრონენ. ანიკო მასწავლებელი რომ ჩემი მასწავლებელი ყოფილიყო, აუცილებლად შევიყვარებდი მას. მისთვის მიუღებელია დასჯა.

ნათია როსტიაშვილი, „ვწერ მასწავლებლისთვის“ კონკურსის გამარჯვებული ავტორი: ნეტავ, ბავშვებიც ისეთივე განწყობით დაბრუნდნენ სახლებში, როგორც მე? ბევრი რამ მკითხეს, ვკითხე. ფინალისტების მოთხრობებზე განხილვები დაუწერიათ. სულ გულიდან ამოსული აზრები. ხელში შემოგვადნა მთელი ორი საათი გულწრფელ საუბარში. გასახარია, როცა მთავარი ხაზი შეხვედრისა იყო კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“. მთავარია, ბავშვებთან იყოს ლიტერატურაზე შეყვარებული პედაგოგი. ამ კუთხით მათ ძალიან გაუმართლათ.

ვიცი, არ გაგიკვირდებათ – შეხვედრის დასრულება არცერთ მხარეს არ უნდოდა… ჩვენი თანამშრომლობა აქ არ დამთავრებულა. სხვა წიგნებთან, სხვა ლიტერატურულ ამბებთან ერთად კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. ასეა, როცა სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც დიდი დღესასწაულია! სტატიის დაწერამდე ყველაზე მაგარი სიახლეც წამოგვეწია: მასწავლებელზე მოთხრობები ერთ წიგნად აიკინძა და ეს სიხარული, როგორც რიგითმა მკითხველმა, მოსწავლეებს გავუზიარე, რომლებთან ერთადაც თბილისის წიგნის დღეებიც მოვიარე. თანამედროვე სკოლის თანამედროვე მასწავლებელს სჭირდება ამგვარი წიგნები, როგორც რესურსი, როგორც გზა შემოქმედობითობის უნარის გასავითარებლად, ფიქრის ბილიკზე გასაყვანად.

 

მშობლები – მაინც რა სურთ მათ?

0
Daughter Accompanied By Her Mother To Visit A Woman Child Therapist. Counselor Counselee. Full Length, Isolated On Plain Color Background. Vector, Illustration, Flat Design, Character.

მშობლებს სურთ, რომ შვილებმა დაიცვან მათთვის დაწესებული საზღვრები. საზღვრები, რომლებიც ბუნებრივად ყალიბდება, მშობლების მოთხოვნილებებისა და უნარების შესაბამისად ერთგვარი აუცილებელი „ფარია“. ასე ფიქრობს გერმანელი ავტორი, რომელსაც მკითხველი წინა სტატიებში უკვე გაეცნო. Susann Mierau-ს ნაშრომი „ბავშვთა აღზრდისადმი განსხვავებული მიდგომები, უპირობო მიმღებლობის საფუძველზე“ არის ძალიან საინტერესო და მრავალ განსხვავებულ მოსაზრებას მოიცავს. გერმანელი პედაგოგი და ოჯახური ურთიერთობების კონსულტანტი ქალბატონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტია ოჯახური ურთიერთობების, ბავშვთა აღზრდისა და განვითარების სფეროში. კარიერის დასაწყისში სუზან მირაუ ასწავლიდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, შემდეგ მშობლებისა და სპეციალისტებისთვის კერძო პრაქტიკა დაიწყო. ის არის ბლოგერი, ატარებს სემინარებს. ესწრება და სპიკერობას უწევს კონფერენციებს, სადაც განიხილავენ ოჯახის მხარდაჭერისა და გაძლიერების საკითხებს. 1980 წელს დაბადებული სამი შვილის დედა Susann Mierau ცხოვრობს ბერლინის გარეუბანში.

ჩვენი შვილები, – ფიქრობს ავტორი, – ყოველდღიურად მრავალ შეზღუდვას აწყდებიან. აი მაგალითად: „მე არ შემიძლია შენთვის ამ ნივთის ყიდვა, რადგან ფული არ მაქვს“; „ამ საღამოს ვერ გამოგყვები სათამაშო მოედანზე, რადგან ძალიან დაღლილი ვარ“; „არ იხმაურო, შენს პატარა დაიკოს სძინავს“… მსგავსი შეზღუდვების/საზღვრების არსებობა და მათი დაცვა სოციუმში ურთიერთობის სრულიად ნორმალური მოვლენაა. საზღვრების დაწესება სულაც არ არის ძალადობა, როცა ისინი ბავშვების აღზრდის „კეთილშობილურ მიზნებს“ ემსახურება. აუცილებელია, ბავშვებმა იცოდნენ, რომ ადამიანებს, ნივთებსა და სოციალურ სისტემებს აქვთ საზღვრები. მათი დაცვის აუცილებლობაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა: მშობლებმა მტკიცედ და მკაფიოდ უნდა აუხსნან პატარას, რომ, მაგალითად, სულაც არ არის სასაცილო, როდესაც ის უფროსებს მტკივნეულად ქაჩავს თმებზე. ეს ქცევა სასწრაფოდ უნდა შეაწყვეტინოთ ბავშვს. თუ თავად მშობელი გაიზარდა ისეთ გარემოში, სადაც მისი საზღვრები მუდმივად ირღვეოდა, ის დიდი ალბათობით ვერ შეძლებს საკუთარ შვილს მტკიცედ მოსთხოვოს, არ დაარღვიოს ისინი. ასე არ უნდა ხდებოდეს, – მიიჩნევს სუზან მირაუ, – უფროსებმა თავად უნდა მოახერხონ საკუთარი საზღვრების გაფრთხილება აქ და ამჟამად, რადგან ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ მშობელს ძალიან უჭირს „არა“-ს თქმა და ეს ხარვეზი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა უფროსებს სურთ შვილები განსხვავებულად აღზარდონ, ვიდრე ისინი თავად აღზარდეს საკუთარმა მშობლებმა. „არა“-ს თქმას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც უფროსებისთვის ასევე მათი შვილებისთვის, რადგან თუ პიროვნებას სამართლიანი „არა“-ს თქმა შეუძლია, მას არც სამართლიანი თანხმობა გაუჭირდება.

ძვირფასო უფროსებო, თუ თქვენ შემთხვევით ამგვარ შეკითხვას დაგისვამენ: „იყენებთ თუ არა საკუთარ ძალაუფლებას ძალადობისთვის?“ მე დარწმუნებული ვარ, – ამტკიცებს გერმანელი ავტორი, – უმრავლესობა იმ მშობლებისა, რომლებიც ამ ფრაგმენტს კითხულობს, უარყოფით პასუხს გასცემს ამ შეკითხვაზე. სინამდვილეში, მშობლები არიან უფროსები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ბავშვებზე, მიუხედავად იმისა, რომ რთულ სიტუაციებში ზოგჯერ ისინიც უსუსურად გრძნობენ თავს. მშობლები ადგენენ დღის განრიგს; განსაზღვრავენ, რა რაოდენობის თანხების დახარჯვის უფლება შეიძლება ჰქონდეთ შვილებს; რა ტიპის სოციალური განწყობები უნდა იყოს მისაღები ბავშვებისთვის. შვილები მშობლებისგან დაცვასა და მზრუნველობას მოითხოვენ, ისინი მათ თვალში ბრძენი, ძლიერი, კეთილი და საიმედო ადამიანები არიან. ავტორი ფიქრობს, რომ იქნებიან თუ არა მშობლები ასეთები, დამოკიდებულია მათ მიმართებაზე ძალაუფლებასთან: ანუ იმაზე, თუ როგორ იყენებენ უფროსები საკუთარ ძალაუფლებას. ისეთ სიტუაციებში, როდესაც მშობლები უსუსურობის განცდით იტანჯებიან, მატულობს იმის რისკი, რომ ისინი შეეცდებიან საკუთარი ძალის დემონსტრირებას, რაც მათი მხრიდან შვილების მოთხოვნილებებისა და სურვილების უგულვებელყოფაში გამოიხატება. როგორც წესი, მშობლები, მიიჩნევენ, რომ მათ მიერ ცხოვრების მანძილზე მრავალ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე დაგროვილი გამოცდილება უფლებას აძლევთ, პრივილეგირებულები იყვნენ და თავად გადაწყვიტონ, რა და როგორ უნდა გააკეთოს პატარამ. საბოლოო ჯამში მოვლენები იმგვარად ვითარდება, რომ თანდათანობით ბავშვებიც კი იჯერებენ მშობლების „ყოვლისმცოდნეობას“.

ანამ მეორე შვილი მაშინ გააჩინა, როდესაც უფროსი გოგონა უკვე თინეიჯერი იყო. თავიდან დედა მეორე გოგონასაც იმავე პრინციპებით ზრდიდა, როგორითაც უფროსს, მაგრამ შემდეგ ანა სოციალური ქსელების მეშვეობით გაეცნო აღზრდის განსხვავებულ მიდგომებს. კერძოდ: „მოთხოვნილებებზე ორიენტაცია“ და „აღზრდის ტრადიციულ შეხედულებებზე უარის თქმა („არა აღზრდას“)“. გარკვეული დროის შემდგომ დედამ გადაწყვიტა, გამოეცადა ეს ახალი მიდგომები, რადგან ჩათვალა, რომ ისინი მისთვის უფრო მისაღებია. ამ დროისთვის პატარა კატოს უკვე ოთხი წელი შეუსრულდა. ის საკმაოდ ძლიერი ბავშვია და დედას მუდმივად კონფლიქტებს უწყობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, საჭმლის ჭამა, დაძინება და გართობა. აღმოჩნდა, რომ პატარას თავგზა აებნა, როდესაც მას ნება დართეს, თავად გადაეწყვიტა „სადავო საკითხები“. კატოს სულაც არ მოეწონა დედის შეთავაზება, რომ თავად დაედო საკუთარ თეფშზე კერძი, (ამ თემაზე მუდმივი დაძაბულობა წარმოიშობოდა დედა-შვილს შორის. კატო თვლიდა, რომ საჭმელი ძალიან ბევრი იყო და მას იძულებულს ხდიდნენ ბოლომდე შეეჭამა მთელი ულუფა). დედა აღიარებს, რომ შვილისთვის ვერც დაძინების შესახებ დამოუკიდებლად მისაღები გადაწყვეტილება აღმოჩნდა ადვილი შესასრულებელი. ეს კონკრეტული ექსპერიმენტი იმით დასრულდა, რომ ანა დარწმუნდა: ახალი კონცეფცია ან პრინციპულად არ არის სწორი, ან ის მათი ოჯახისთვის შეუფერებელია.

ამ ოჯახის ისტორიის მაგალითზე მინდა გითხრათ, – ამბობს გერმანელი ექსპერტი, – პატარა კატო ძალიან დაიბნა. ანას საკუთარი მშობლური გამოცდილება იმდენად აქვს შესისხლხორცებული, რომ ვერ გადალახა იმის „ცოდნა“, თუ რამდენი უნდა მიირთვას, როდის დაიძინოს და, საერთოდ, რა აკეთოს შვილმა. სულაც არ არის ადვილი, ახალი მიდგომების გათავისება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შვილების აღზრდას, მათი კეთილდღეობის შესახებ წლების განმავლობაში გამჯდარი შეხედულებების ცვლილებებს ეხება. ცვლილებები უჭირთ შვილებსაც. ძნელია, ერთ მშვენიერ დღეს გამოუცხადო ბავშვებს, რომ „ხვალიდან მოთხოვნილებებზე ორიენტირებული მშობლები ვხდებით და თქვენ შეგიძლიათ, თავად გადაწყვიტოთ, რა და როგორ აკეთოთ“. მკითხველი მიხვდება, რომ ბავშვებს სჭირდებათ დრო და მუშაობა, რათა თანდათანობით და თანამიმდევრულად გააცნობიერონ საკუთარი მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილებას უმეტესად თვითონაც შეძლებენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მშობლებსა და შვილებს შორის ძალთა დისბალანსის სრულად აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ მშობლები პასუხისმგებლობას თავს არიდებენ, რათა შვილებს დაუთმონ სიტუაციის მართვის შესაძლებლობა ან სურვილი აქვთ მათ თანასწორებივით მოექცნენ. ეს ერთი შეხედვით კეთილშობილური განზრახვები, სავარაუდოდ, პატარის პიროვნებისა და ფსიქიკის ზედმეტად გადატვირთვას იწვევს.

მშობლებს ხომ შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. სწორედ ასეთი სურვილითაა გამსჭვალული დარეჯანი, რომელსაც თავად მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ამიტომ, სურდა მისი სამი წლის გოგონა ლიზა „სულ სხვანაირად აღეზარდა“. დედამ მიზნად დაისახა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ემოქმედა. მას სურდა ლიზას მოთხოვნილებებისთვის პატივი ეცა, რისთვისაც ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში მათზე კონცენტრირდებოდა. მიუხედავად ამისა, გამუდმებით წარმოიქმნებოდა კონფლიქტები დედა-შვილს შორის სულ სხვადასხვა საკითხებზე. დარეჯანი თვლის, რომ მისი გოგონა ცოტათი ინდიფერენტული და ცვალებადი ხასიათისაა. როდესაც საბავშვო ბაღიდან დაბრუნებულ ლიზას დედა ეკითხება, რის გაკეთება სურს, ბავშვს, როგორც წესი, ზუსტი მკაფიო პასუხი არ აქვს. როცა, მაგალითად, პატარას სათამაშო მოედანზე უშვებენ, მას სხვაგან წასვლა ურჩევნია. იგივე ხდება საკვებთან დაკავშირებითაც. ამის გამო დედა ვეღარ იგებს, როგორ მოიქცეს. ერთი მხრივ, მას უნდა შვილის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, ამიტომ მუდამ რამდენიმე კერძს აკეთებს, რომელთაც საბოლოოდ ლიზა მაინც არ ჭამს და დარეჯანს უწევს, გადაყაროს დარჩენილი საკვები. დედა ძალიან დაძაბულია, ის განიცდის საკუთარ „მარცხს“ და თვლის, რომ არაკომპეტენტურია. მამაც ძალიან შეწუხებულია, მას მიაჩნია, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება.

 Susann Mierau ამ ოჯახის მაგალითის განხილვისას ამბობს, რომ: „დედას, რომელსაც სურდა ყველაფერი საუკეთესოდ ეკეთებინა, უკიდურესობაში გადავარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიზას ძალიან დიდი არჩევანის წინაშე აყენებს და საერთოდ არ ეხმარება, თანადგომას არ უწევს გადაწყვეტილების მიღებისას, რაც პატარას უსაფრთხოების განცდას ვერ უყალიბებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვების მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის. აი ახლა, თხრობა უბრუნდება სტატიის დასაწყისში ხაზგასმით ნახსენებ საზღვრებს. სწორედ მათი დაწესებაა აუცილებელი, განსაკუთრებით ლიზას ასაკის ბავშვებისთვის. განმარტებისთვის: ლიზას შეუძლია, აირჩიოს ვახშმად ან სენდვიჩი ან ბოსტნეულის სალათა. მაგრამ დედამ არავითარ შემთხვევაში დამატებით არ უნდა მოხარშოს მაკარონი, თუ შვილი მოულოდნელად უარს იტყვის პურის მირთმევაზე.

მშობლებისა/უფროსების როლი შვილებისთვის უმნიშვნელოვანესია მათი დაცვისა და ზრუნვის თვალსაზრისით. მაგრამ პრობლემა ისაა, როგორ იყენებენ უფროსები მათთვის მინიჭებულ ასეთ მძლავრ შესაძლებლობებს. მშობლებისთვის, საკმარისია კეთილგანწყობილი, თანამგრძნობი, ბუნებრივად დიდი ავტორიტეტის მქონე უფროსის პოზიცია. „მე ასე მსურს“ და „ჩემს შვილს სრულიად სხვა რაღაც უნდა“-ს შორის ბრძოლა არ უნდა გამართოს მშობელმა და მით უმეტეს გამარჯვებულის დაფნის გვირგვინის დადგმა არ უნდა მოიწადინოს.

ძვირფასო მშობლებო, ფსონის დადება ურთიერთგაგებასა და კრეატიულ გადაწყვეტილებებზე უნდა მოახდინოთ. სწორედ ასეთია ბრძენი, ძლიერი და კეთილი მშობლის როლი.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...