შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„ვწერ მასწავლებლისთვის“ სკოლის მთავარ გმირებთან

გამოცხადდა თუ არა ლიტერატურული კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“, ვიცოდი, რომ ჩავუსაფრდებოდი ათ საუკეთესო მოთხრობას, რადგან გამოცდილებამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ მაჩვენა: დიდია ინტერესი, როცა პერსონაჟის თანატოლი მკითხველი ხარ.

მოსწავლეებმა ჯერ ჩემ მიერ ჩამორიგებული მოთხრობების გვერდები გადაითვალეს, მერე კი კითხვას შეუდგნენ. ჩუმი კითხვის წუთებია. მათ სახეზე გაკვირვებას, ღიმილს, ირონიას, შეშფოთებასაც კი ვხედავ… ეს უკვე კარგია – ვფიქრობ ცოტათი კმაყოფილი. კითხვა დაასრულა ერთმა, მეორემ მთხოვა: მასწ, სახლში გამატანთ? აქ ვერ მოვასწრებ, მესამემ მაგიდაზე უტყვად დამიდო თაბახზე ამობეჭდილი მოთხრობა, მეოთხემ თავი ჩაღუნა და ელოდება ჩემს რეაქციას, რომელსაც არ ვჩქარობ. ბოლოს ვეუბნები მათ, რომ რამდენიმე გამარჯვებულ ავტორს შევახვედრებდი. უკვირთ და თან მოსწონთ ეს მათთვის ახალი ამბავი. ავტორებს ძალიან უხარიათ, თუ ვინმემ, მით უფრო, პატარა ასაკის მკითხველმა მისი წიგნი წაიკითხა, მის დაწერილზე იფიქრა. ამიტომ მოსწავლეებს ვთხოვე: თუ სურვილი გექნებათ, გავახაროთ მოწვეული ავტორები, გავუზიაროთ მათ თქვენი ემოცია, რეაქცია, შთაბეჭდილება, მერე კი ამ შთაბეჭდილებას საშინაო დავალებების რვეულში გადაიტანთ-მეთქი. საღამოს მოსწავლის ბებიის მოკლე ტექსტური შეტყობინება მომდის: შვილიშვილთან ერთად მეც დავინტერესდი და დიდი სიამოვნებით წავიკითხე მოთხრობაო. ჩვენ ერთმანეთის პატრონები ვართ, მე მის გარდა აქ არავინ მყავს, მისი მშობლები ემიგრაციაში არიან და მახარებს, რომ მისი გულის კარი ასე ადვილად და თბილად შეაღეთო. მან მოინდომა რომელიმე თანამედროვე მოთხრობის გადმოგზავნა, თუ არ შეწუხდებითო… მეტი მეც რა მინდოდა… უკვე კარგი დასაწყისი იყო პროექტისა, რომელიც წლების წინაც ვცადე სხვა სკოლის ბაზაზე.

ახალი სკოლა, ახალი გარემო, რაც არ უნდა ვთქვათ და როგორც არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი უაღრესად პასუხისმგებლობიანი საქმე, მაინც გამოწვევაა. ეს ის მომენტია, როცა გეოგრაფიულ არეალს მნიშვნელობა არ აქვს და მიზანი კვლავ იგივეა: თინეიჯერი კითხვის სიყვარულთან მიაახლოვო. არაა მარტივი გზა, მით უფრო თბილისში, მაგრამ ეს ხომ ჩემი არჩევანია?!. თან რომ ვერ წყდები და დღითიდღე მარტივად ახერხებ „ჯერ კიდევ ახალი“ მოსწავლე-მეგობრების შეყვარებას.

სამი მოთხრობის ავტორს იმ საღამოსვე დავუკავშირდი. აქედან ორი მწერალი-მასწავლებლები – თამთა დოლიძე და ნინო ქადაგიძე ვიდეო-ჩართვაზე დავითანხე (ფრიად ობიექტური მიზეზების გამო ფიზიკურად ვერ მოვიდოდნენ). ხოლო ერთს – ათეულის გამარჯვებულს, პირველადგილოსან ნათია როსტიაშვილს კი უკვე წუთი-წუთზე ველოდით. მართალია, მოსწავლეებმა ათივე მოთხრობა წაიკითხეს, გაიაზრეს. ამ ყველაფერს ყველაზე საინტერესო პროცესიც მოჰყვა: ერთმანეთს გაუზიარეს. თითქოს, სურვილი კითხვისა აღძრულია. ყველაზე ონავარმა ბიჭებმა კლასშივე გადახედეს ტექსტებს, თუმცა ვერ ვიცრუებ – მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გამიზიარეს საკუთარი დამოკიდებულებები. ესეც ბუნებრივია, როცა ასეთი რამ მათ თავს არ მომხდარა. ღელავდნენ, თუმცა ეს გადაჭარბებული ემოციურობა თავად ავტორმა პირველივე წუთებიდან ჩააშოშმინა. აღარც ფასილატატორი სჭირდებოდათ უკვე ჩემი სახით, იმდენად გაუშინაურდნენ, გულწრფელი აზრები შეაგებეს უცნობ მწერალს. ნათია როსტიაშვილმა ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ფუტკარი ბარამბოს ტოტზე“, „ამ ომში არავინ დაბერდება“ და „ანიკო მასწავლებელი“ – ამ სამი მოთხრობის გარშემო გავერთიანდით. მსჯელობა, რამდენად რეალური ისტორიებია ან რატომ მოუნდათ სკოლაზე, მასწავლებელზე წერა – ამ ყველაფერზე უკვე პირისპირაც და ვიდეო-ჩართვიდანაც მიიღეს სათანადო უკუკავშირი ავტორებისგან. მათ მოსწავლეების წინაშე საკუთარ მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, მოსწავლეობის პერიოდზე და ბევრ აქტუალურ საკითხზე, რაც მკაფიოდაა გაშლილი ათივე ავტორის ნაწერში. ვინმეს სასკოლო ცხოვრების ამრეკლავი კვლევის ჩატარება რომ მოუნდეს, საკმარისია ამ მოთხრობებში ასახული ამბებით რეალური დასკვნები დაიწეროს.

ქვევით გთავაზობთ რამდენიმე მოსწავლისა და მოწვეული სტუმრის უკუკავშირს:

ანდრია ცქვიტიშვილი, ახალი გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: მოთხრობა ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი ეპიზოდი იყო მოსაწონი, ბევრიც – მეტ-ნაკლებად. რა მასწავლა ამ მოთხრობამ? ის, რომ არ უნდა იყო მორცხვი, თამამად, თავდაჯერებულად გამოთქვა აზრი. კარგია, რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი ყოველთვის მისმენს; მიღებს ისეთს, როგორიც ვარ. ავტორთან შეხვედრა უჩვეულო და დაუვიწყარი იყო, რადგან მომეცა საშუალება, შეუზღუდავად მესაუბრა ჩემი სასკოლო დღეების რეალობაზე.

ანა-მარია ფერიაშვილი, ახალი ქართული გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: ინტერესით და ძალიან მოკლე დროში წავიკითხე მოთხრობა. პირველ რიგში, ყურადღების ეპიცენტრში მოხვდა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა. ავტორი ცდილობს, დაგვანახოს, როგორი უნდა იყოს ერთიც და მეორეც; რომ დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმ დეტალის გათვალისწინებით, როცა კექსს ერთად მიირთმევენ. ბევრი ბავშვის პრობლემაა დღეს ჩაკეტილობა. ნდობა იმდენად დაბალია, რომ პედაგოგთან ვერც იხსნები… ეს კვლავ მასწავლებელმა უნდა შეძლოს! რითი? ასე მიმაჩნია, რომ ერთმა სწორმა ქცევამ, სწორად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება სასიკეთოდ შეცვალოს ადამიანების ურთიერთობა, „მოგიხსნას ჩარჩოები“.

ანასტასია ტაბატაძე, ახალი ქართული გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: სტრეოტიპული აზროვნება, რომელიც ამ მოთხრობაში ნათლად ჩანდა, ჩემთვისაც თვალში საცემი იყო: თუ ვერ იტირე, გრძნობები ხმამაღლა თუ ვერ გამოხატე, დამკვიდრებული მორალის მიხედვით, ე.ი. არ გადარდებს შენთვის ძვირფასი ადამიანის დაკარგვა. ან კიდევ – დავალება მშვენივრად გიწერია და გრცხვენია კლასის წინაშე წაკითხვა. მეც მქონია ასეთი არაერთი შემთხვევა და განსაკუთრებით ადვილად წარმოვიდგინე თავი. ასაკს ალბათ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, არადა, დღემდე მიუღებლად მიგვაჩნია ბევრი რამ, რის გამოც საზოგადოება „ავად“ შეგაფასებს.

ანანო გორდელაძე, ახალი გიმნაზიის მეშვიდეკლასელი: მოთხრობაში „ამ ომში არავინ დაბერდება“ კარგადაა აღწერილი პერსონაჟები. სკოლა არის ადგილი, სადაც წყდები გარე სამყაროს და შეაბიჯებ თუ არა შენობაში, ყველაფერი იცვლება. მასწავლებელი ამხიარულებდა ბავშვებს, ზრუნავდა მათ უსაფრთხოებაზე და აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან – ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მუსიკა რომ ალამაზებს ცხოვრების ყველა წამს, ეს ცხადია, მაგრამ ავტორს შევეკითხებოდი – დღემდე ასეა თქვენთვის? რაც შეეხება მოთხრობას „ანიკო მასწავლებელი“, ყველაზე მთავარი აქ მასწავლებლის სიტყვა და შეხედულებაა სამშობლოზე, რომელსაც ასე ცხადად, დღისით, მზისით რუსები დაეპატრონენ. ანიკო მასწავლებელი რომ ჩემი მასწავლებელი ყოფილიყო, აუცილებლად შევიყვარებდი მას. მისთვის მიუღებელია დასჯა.

ნათია როსტიაშვილი, „ვწერ მასწავლებლისთვის“ კონკურსის გამარჯვებული ავტორი: ნეტავ, ბავშვებიც ისეთივე განწყობით დაბრუნდნენ სახლებში, როგორც მე? ბევრი რამ მკითხეს, ვკითხე. ფინალისტების მოთხრობებზე განხილვები დაუწერიათ. სულ გულიდან ამოსული აზრები. ხელში შემოგვადნა მთელი ორი საათი გულწრფელ საუბარში. გასახარია, როცა მთავარი ხაზი შეხვედრისა იყო კონკურსი „ვწერ მასწავლებლისთვის“. მთავარია, ბავშვებთან იყოს ლიტერატურაზე შეყვარებული პედაგოგი. ამ კუთხით მათ ძალიან გაუმართლათ.

ვიცი, არ გაგიკვირდებათ – შეხვედრის დასრულება არცერთ მხარეს არ უნდოდა… ჩვენი თანამშრომლობა აქ არ დამთავრებულა. სხვა წიგნებთან, სხვა ლიტერატურულ ამბებთან ერთად კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. ასეა, როცა სამახსოვრო ფოტოს გადაღებაც დიდი დღესასწაულია! სტატიის დაწერამდე ყველაზე მაგარი სიახლეც წამოგვეწია: მასწავლებელზე მოთხრობები ერთ წიგნად აიკინძა და ეს სიხარული, როგორც რიგითმა მკითხველმა, მოსწავლეებს გავუზიარე, რომლებთან ერთადაც თბილისის წიგნის დღეებიც მოვიარე. თანამედროვე სკოლის თანამედროვე მასწავლებელს სჭირდება ამგვარი წიგნები, როგორც რესურსი, როგორც გზა შემოქმედობითობის უნარის გასავითარებლად, ფიქრის ბილიკზე გასაყვანად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი