ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
15 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

კვლევაზე ორიენტირებული პროექტები – მოსწავლეთა თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალება

0

XXI საუკუნე სწრაფად ცვალებადი პედაგოგიური ტექნოლოგიების ეპოქაა. ამ ტექნოლოგიებიდან გამოირჩევა პროექტების მეთოდი. ის არ არის ახალი პედაგოგიური პრაქტიკისთვის, მაგრამ დღესდღეობით მას მიიჩნევენ ყველაზე ეფექტურ მეთოდად, რომელსაც შეუძლია მოსწავლის უნარების მაქსიმალური გათვალისწინება და შესასწავლ მასალასთან ადაპტაცია. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს, დამოუკიდებლად ააგოს თავისი ცოდნა, შეივსოს ინფორმაციის დეფიციტი, გამოთქვას ჰიპოთეზები, დაადგინოს მიზეზშედეგობრივი კავშირები, შექმნას საკუთარი შემოქმედებითი პროდუქტი და მიიღოს მისგან მაქსიმალური სარგებელი.

ისტორიის სწავლებისას გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროექტები, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ საგანმანათლებლო მიზნებსა და ამოცანებს არის მორგებული. ესენია:

  • კვლევითი პროექტები (თემატური, საარქივო და ადგილობრივი ისტორიის კვლევა);
  • კულტურული პროექტები;
  • ბიოგრაფიული პროექტები;
  • როლური/თეატრალიზებული თამაშები;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ორიენტირებული პროექტები;
  • თანამედროვე პრობლემების ისტორიული ანალიზი;
  • ინტეგრირებული პროექტები;
  • სამუზეუმო პროექტები და სხვ.

ასეთ პროექტებზე დაყრდნობით მოსწავლეები სწავლობენ ისტორიულ ფაქტებს, ივითარებენ კვლევით, ანალიტიკურ, კრეატიულ, კომუნიკაციურ უნარებს. პროექტები ძალზე ფასეულია ღირებულებითი განათლების კუთხითაც.

აღნიშნული პროექტებიდან ისტორიის გაკვეთილებზე, ეფექტიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია კვლევითი პროექტები. ამაში მოიაზრება:

  • თემატურკვლევა კონკრეტული ისტორიული პერიოდის, მოვლენების, პირების ან კულტურის დეტალური კვლევა;
  • საარქივო მასალების კვლევა – ისტორიული დოკუმენტების, ფოტოებისა და არტეფაქტების შესწავლა;
  • ადგილობრივი ისტორიის კვლევა, რაც საინფორმაციო პროექტის ტიპის კვლევაა და მიზნად ისახავს ადგილობრივი, კონკრეტული ისტორიული მოვლენებისა და ობიექტების გამოკვლევას და მათი მნიშვნელობის გაგებას.

გთავაზობთ კვლევითი პროექტის ნიმუშს ისტორიის საგნობრივი კურსიდან, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი ისტორიის კვლევაზე და ხელს უწყობს მოსწავლეების ფართოდ ინფორმირებას კონკრეტულ საკითხზე; ასევე ორიენტირებულია ღირებულებით განათლებასა და სამოქალაქო კომპეტენციების ამაღლებაზე.

 

კლასი – IX

თემა – ახალი დრო (საქართველო და მსოფლიო XVII–XIX საუკუნეებში)

საკითხი – რუსული კოლონიური პოლიტიკა საქართველოში

პროექტის დასახელება – გერმანული დასახლებები საქართველოში

პროექტის ტიპი – ადგილობრივი ისტორიის კვლევა

პროექტის მიზანი – საქართველოს ტერიტორიაზე გერმანული დასახლებების ისტორიის გამოკვლევა; მათი კულტურისა და ტრადიციების გაანალიზება; საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე მათი გავლენის გაცნობიერება და გააზრება.

მუშავდება ძირითადი სამიზნე ცნებები: წყარო/ინტერპრეტაცია (ისტ. საბ. 1, 2, 5, 6); დრო (ისტ. საბ. 3, 7, 8); სივრცე (ისტ. საბ. 3, 9, 10); საზოგადოება (ისტ. საბ. 7, 8, 10, 11, 12); ძალაუფლება (7, 8, 10, 11, 12); ისტორიული მოვლენა/პროცესი (ისტ. საბ. 4, 5, 6, 8, 9).

პროექტის სტრუქტურა და მიმდინარეობა:

I ეტაპის ამოცანა – კვლევა

ამ მიზნით:

ა) შეისწავლეთ გერმანული დასახლებების ისტორიული კონტექსტი და გერმანელების ჩამოსვლის მიზეზები; ყურადღება გაამახვილეთ რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მიზნებსა და მეთოდებზე საქართველოში XIX საუკუნის დამდეგს;

ბ) გააანალიზეთ კონკრეტულ რეგიონებთან (ქვემო ქართლი, თბილისი, ქუთაისი) მიმართებით გერმანული კოლონიზაციის მნიშვნელობა.

რესურსები:

  • ისტორიის სახელმძღვანელო, IX კლასი. მოსწავლის წიგნი. ავტორები: ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნათია ფირცხალავა. თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2020. &23, გვ. 107-109
  • საინფორმაციო ბარათები (ბარათი 1, 2, 3, 4, 5, 6)

 

  • მუშაობა რუკებზე – „წლები და ადგილები“. რუკების ანალიზი
    • რა პერიოდში გაჩნდა საქართველოში გერმანული დასახლებები?
    • რომლები იყო უმთავრესი რეგიონები (ქუთაისი, შიდა ქართლი, კახეთი და სხვ.)?
    • რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა.

 

     

  • მიღებული ცოდნისა და რუკების გამოყენებით საქართველოში გერმანული დასახლებების ისტორიული კონტექსტის, გერმანელების ჩამოსვლის მიზეზებისა და პერსპექტივების გაანალიზება და წერილობითი დასკვნის მომზადება.

 

II ეტაპის ამოცანა – კულტურული ანალიზი

ამ მიზნით:

ა) აღწერეთ გერმანელი კოლონისტების კულტურა, ტრადიციები და სოციალური სტრუქტურა.

ბ) შეაფასეთ, რა გავლენა მოახდინეს მათ ადგილობრივ კულტურაზე.

რესურსები:

ქართულ–გერმანული ურთიერთობები 1918–1921 წლებში

პირველი გერმანელები საქართველოში

გერმანელი კოლონისტები საქართველოში

გერმანული კოლონიები კავკასიაში

ასურეთი

ასურეთი – გერმანული სოფელი

სამეცნიერო ლიტერატურა: ჰაინრიხი, ვოლფგანგი. გერმანული კოლონისტების ისტორია საქართველოში. თბილისი: მერია, 2005; ივანიშვილი, გიორგი. საქართველოს გერმანული დიასპორის ისტორია. თბილისი: უნივერსიტეტი, 2010; კლიმენტი, თეოდორე. კოლონიზაცია და კულტურული ურთიერთობები. ბათუმი: სამეცნიერო ცენტრი, 2012.

დამატებითი ლიტერატურა:

კომახია მ., გერმანელები საქართველოში. „სოლიდარობა“. თბ., 2007 №5 (14).

მანჯგალაძე გ., გერმანელი კოლონისტები ამიერკავკასიაში. „მეცნიერება“, თბ., 1974.

შპრინგჰორნი დ., გერმანელები საქართველოში. თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, 2004.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერის შედეგები.

http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/period/document/HASH72aa3612a13de46159ba24.6?p.s=TextQuery

III ეტაპის ამოცანა – ეკონომიკური გავლენა:

ამ მიზნით: ახსენით, როგორ უწყობდა ხელს გერმანული დასახლებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიაში; კვლევის საფუძველზე აღწერეთ სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება ადგილობრივებსა და გერმანელებს შორის.

თბილისში დაკარგული გერმანული სოფლები

https://blueshield.ge/?p=6433&lang=ka

სოფელი ასურეთი https://tetritskaro.gov.ge/ghirsshesanishnaobebi/423–sofeli–asureti.htmlი საქართველოში მცხოვრები გერმანელების სამეურნეო ყოფა და ტრადიციებ

 

IV ეტაპის ამოცანა – მიმღებლობა და ტოლერანტობა

ამ მიზნით:

ა) გააანალიზეთ, როგორ ამაღლდა კულტურული ტოლერანტობა გერმანულ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის;

ბ) ახსენით, რა გავლენა მოახდინა გერმანულმა კულტურამ ადგილობრივ საზოგადოებაზე.

რესურსები:

თბილისის გერმანული დასახლებები

 

V ეტაპის ამოცანა – დღევანდელი მდგომარეობა

ამ მიზნით: შეისწავლეთ გერმანული კულტურის კვალი თანამედროვე საქართველოში; რა ტიპის საქმიანობას ეწევა დღევანდელი გერმანული დიასპორა საქართველოში.

რესურსები:

გერმანული არქიტექტურა საქართველოში

საქართველოში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორები და მათი პროექტები

საქართველოში მცხოვრები გერმანელების სამეურნეო ყოფა და ტრადიციებ

 

VI ეტაპი: შემაჯამებელი დავალების წარმოდგენა – „გერმანული დასახლებები საქართველოში“

დავალების პირობა: წარმოიდგინეთ, რომ ჟურნალისტი ხართ. თქვენ უკვე გაეცანით XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში გერმანული დასახლებების წარმოშობის ისტორიას, კულტურას და მათ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე. კვლევის ძირითადი ეტაპების დასკვნის საფუძველზე მოამზადეთ რეპორტაჟი, რომელიც შეიცავს ცხრილებს, დიაგრამებს და წყაროების ჩამონათვალს. დასკვნაში წარმოადგინეთ კვლევის მთავარი საკითხები და მიღებული, შემაჯამებელი, ძირითადი დასკვნები. დასკვნა შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი ან PPT-ფორმით, ვიდეოს ან დოკუმენტური ფილმის სახით, ან AI-ტექნოლოგიით (AI ტექნოლოგიის შემთხვევაში გამოიყენეთ ფოტოინსტრუქცია). https://drive.google.com/file/d/1fLlN94A73NUYrZ9pVJvkbJzcO8M3nWPe/view

საბოლოო პროდუქტის მოსამზადებლად, პროექტის რესურსებთან ერთად, გამოიყენეთ სხვა წყაროებიც:

https://www.youtube.com/watch?v=DcvIbhAw45c

 

VII ეტაპი – პროექტის ვადები:

ეტაპები ვადა
პროექტის თემის არჩევა 2 დღე
კვლევის დაწყება 5 დღე
სასწავლო მასალების შეგროვება 7 დღე
დასკვნების მომზადება 5 დღე
დასკვნითი დავალების მომზადება 4 დღე
პრეზენტაციის მომზადება 4 დღე
პრეზენტაციის წარდგენა 2 დღე
პროექტის შეფასება 1 დღე

საერთო ვადა: 1 თვე

VIII ეტაპი – პროექტის შეფასება

კრიტერიუმები:

  • კვლევის სიღრმე (რამდენად ფართო და დეტალური იყო კვლევა);
  • კრეატიულობა (მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებაც);
  • ანალიზი;
  • პრეზენტაციის სანდოობა (ვიზუალური და წერილობითი მასალის ხარისხი).

შესრულებული დავალების ნიმუშები:

ა) PPT – პრეზენტაციის ნიმუშები

ბ) ნაწყვეტი ვიდეორეპორტაჟიდან „გერმანული დასახლებები საქართველოში“

https://drive.google.com/file/d/1ZtF5C5ImQ2pWsWa1L363wChBFPvl0p3L/view

 

შეფასების რუბრიკა

 

მოსწავლის სახელი კვლევის სიღრმე კრეატიულობა გააზრებული შედარებები და ანალიზები პრეზენტაციის სანდოობა საერთო ქულ
––––––––––––  10 ქულა: კვლევა არის ძალიან ფართო და დეტალური, მოიცავს ყველა ასპექტს და მრავალ წყაროს.  10 ქულა: პროექტში გამოყენებულია ინოვაციური და კრეატიული მიდგომები. 10 ქულა: პროექტი მოიცავს კარგად გააზრებულ და დეტალურ ანალიზს.  10 ქულა: ვიზუალური და წერილობითი მასალა არის მაღალი ხარისხის, სტრუქტურირებული და საინტერესოდ წარმოდგენილი.
7–9 ქულა: კვლევა არის ფართო და დეტალური, მოიცავს ასპექტების უმეტესობას და რამდენიმე წყაროს.  7–9 ქულა: პროექტში გამოყენებულია კრეატიული მიდგომები, მაგრამ არა განსაკუთრებულად ინოვაციური. 7–9 ქულა: პროექტი მოიცავს სერიოზულ ანალიზს, მაგრამ ნაკლებად დეტალურია.  7–9 ქულა: ვიზუალური და წერილობითი მასალა საინტერესოა, მაგრამ ნაკლებად სტრუქტურირებული.
 4–6 ქულა: კვლევა არის სერიოზული, მაგრამ არც ისე ფართო და დეტალური, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.  4–6 ქულა: პროექტი ზოგადად კრეატიულია, მაგრამ არ უყენებს თანამედროვე მიდგომებს.  4–6 ქულა: პროექტი მოიცავს ზოგად ანალიზს, არა საკმარისად სიღრმისეულს.  4–6 ქულა: ვიზუალური და წერილობითი მასალა საშუალო ხარისხისაა.

 

დასასრული – პროექტის შეჯამება/რეფლექსია

ისტორიის სწავლებისას პროექტების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზაციას, მოტივაციის ამაღლებას, ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და დაკვირვების უნარებს, ამდიდრებს საგნობრივ ლექსიკას, აფართოებს მოსწავლის თვალსაწიერს და ამაღლებს თვითშეფასებას. პროექტებიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოსწავლისთვის მომავალი პრაქტიკული საქმიანობის რეალური საფუძველია, ამიტომ სასურველია, აქტიურად გამოვიყენოთ ისინი სასწავლო პრაქტიკაში და ჩვენი კურიკულუმების აქტიურ კომპონენტად ვაქციოთ.

 

 

 

ნერვული აფეთქება მოზარდებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ნერვული აფეთქება ადამიანში დღეს აღარავისთვის უცხო აღარ არის. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში აღნიშნულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ხილვა უკვე ძნელად თუ ვინმეს გააკვირვებს. თუმცა, ადამიანის განვითარების პროცესში არის პერიოდები, როდესაც ნერვული აშლილობა ადრეც განსაკუთრებით ხშირად გვხვდებოდა, დღესაც გვხვდება და დიდი ალბათობით მომავალშიც შეგვხვდება. ერთ-ერთ ასეთ პერიოდს მოზარდობის ხანა, გარდატეხის ასაკი წარმოადგენს.

 

მოზარდები ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე უფროსები კარგავენ კონტროლს საკუთარ ემოციებზე, გრძნობებზე და გარეთ გამოაქვთ ისინი. მოზარდები, როგორც წესი, ხშირად ტირიან, ქვითინებენ, ვარდებიან ისტერიკაში. ნერვული აშლილობა მოზარდებში შეიძლება გამოვლინდეს აგრესიული ქცევით გარშემომყოფთა მიმართ, ასევე აუტოაგრესიით – საკუთარი თავისთვის ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზიანის მიყენებით.

 

რატომ ტირიან და ფეთქდებიან მოზარდები ხშირად, რა შეიძლება გახდეს მოზარდის ისტერიკის მაპროვოცირებელი, როგორ დავეხმაროთ მოზარდს იყოს ემოციურად უფრო მდგრადი. აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, უპირველეს ყოვლისა, იმ მიზეზებში უნდა გავერკვეთ, რომლებიც მოზარდის აღნიშნული ქცევის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

 

   მოზარდის ნერვული აფეთქების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • მოზარდთა ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობა. გარდატეხის ასაკში მომატებული, გაზრდილი ემოციურობა გამოწვეულია თავის ტვინის იმ უბნების მოუმწიფებლობით, რომლებიც ეხმარება, ხელს უწყობს ემოციების კონტროლს და ნერვული აფეთქების თავიდან აცილებას;
  • ემოციების გონების დახმარებით მართვის უუნარობა. ეს უნარი დაბადებიდან, გენეტიკურად კი არ გვეძლევა, მას უნდა დავეუფლოთ, ვისწავლოთ განვითარების პროცესში. ამისათვის საჭიროა გამოცდილება, კარგი მაგალითი და ემოციების მართვის ტექნიკაში გარკვევა;
  • მცირე ცხოვრებისეული გამოცდილება და არაადეკვატური თვითშეფასება. მარტივად რომ ვთქვათ, მოზარდის ცხოვრებაში გაცილებით მეტი მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ვიდრე ზრდასრულის ცხოვრებაში. გარშემომყოფთა ქცევა, მათი რეაქციები მოზარდისათვის ძნელად პროგნოზირებადია; მას ხშირად უჭირს წინასწარ განჭვრიტოს, როგორ უპასუხებენ ადამიანები მის ამა თუ იმ ქცევას ან სიტყვას და შედეგად შოკირებული რჩება. ეს გარდაუვალი ეტაპია ადამიანის განვითარებაში, დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების გზაზე ის მუდმივად ხვდება სირთულეებს და იყენებს ახალ სტრატეგიებს აღნიშნული სირთულეების დასაძლევად;
  • ორგანიზმის რეაქციებთან გამკლავების უუნარობა. გარდატეხის ასაკში მოზარდის სხეული, ორგანიზმი განიცდის სერიოზულ ტრანსფორმაციას, ცვლილებებს. იშვიათია მოზარდი, რომელიც საკუთარ სხეულს, ორგანიზმს გონივრულად ეპყრობა – გამოუძინებლობა, არაჯანსაღი და არარეგულარული კვება და ა.შ. შედეგად ვიღებთ გადაღლას. დამოუკიდებლად იმისა, თუ რა ხდება გარემომცველ სამყაროში, მოზარდი, რომელიც გამოუძინებელია ან მკაცრ დიეტაზეა იმისათვის, რომ წონაში დაიკლოს, გახდეს, ჩვეულებრივ ემოციურად არამდგრადია და გარე გამომწვევი მიზეზების გარეშეც შეიძლება ემოციურად აფეთქდეს, დაკარგოს წონასწორობა;
  • უსამართლობის განცდა. თუ მოზარდი, საკუთარი გადმოსახედიდან, აწყდება უსამართლო დამოკიდებულებას მის მიმართ, ჩვენ შეიძლება ნერვული აფეთქების მოწმე გავხდეთ. „დიდობის“ გრძნობიდან გამომდინარე მოზარდს აქვს მოლოდინი, რომ მას ექნება მეგობრების, ქცევის ფორმების, გარეგნული სახის, საკუთარი სხეულის განკარგვის და ა.შ. არჩევანის თავისუფლება. მაგრამ, როცა ის ამ ყველაფერს ვერ აღწევს იმის გამო, რომ მშობლები მუდმივად აკრძალვებს და შეზღუდვებს უწესებენ, ის იწყებს პროტესტის გამოხატვას და ნერვულ აფეთქებამდე მიდის;
  • მარტოობის განცდა. მოზარდებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათი არავის ესმის, მათი ცხოვრებით არავინ ინტერესდება. უბრალოდ ბევრმა მათგანმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა განსხვავება „გაგებასა“ და „დათანხმებას“ შორის. თუ ჩვენ არ ვიზიარებთ მოზარდის შეხედულებებს, მისთვის ეს იმის ნიშანია, რომ მისი არ გვესმის, რაც დიდი ალბათობით მის გაღიზიანებას, უკმაყოფილებას, აფეთქებას და ნერვულ აშლილობას გამოიწვევს.

 

რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ მოზარდს ემოციური აფეთქების თავიდან აცილებაში:

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ მოზარდი ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანია, რომელსაც შიგნიდან ანადგურებს მასში მიმდინარე ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. ამიტომ, გარკვეულწილად კარგიცაა, რომ ის იწყებს აფეთქებას, შეუძლია ყვირილი და ტირილი – ეს ყველაფერი თავისებური დამცავია ზედმეტი ემოციებისა და ტრავმისაგან. თუმცა, ხანდახან ისტერიკა და ნერვული აფეთქება ტკივილს აყენებს გარშემომყოფებს და იწვევს სირცხვილის გრძნობას თავად მოზარდში. ამიტომ, საჭირო ხდება რეაგირება და თანაც ისე, რომ მათ ნაკლები ზიანი მიაყენონ მასაც და გარშემომყოფებსაც;
  • მაშინაც კი, თუ მოზარდის ქცევა დამანგრეველია კონკრეტულ მომენტში, მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფებმა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გვესმოდეს, რომ მოზარდი საკუთარ თავს, საკუთარ ემოციებს ვერ უმკლავდება და მას დახმარება სჭირდება;
  • მოვუსმინოთ მოზარდს და არ გავაუფასუროთ მისი განცდები, ემოციები, გრძნობები, აზრები. ნუ ჩავთვლით მათ უმნიშვნელოდ. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც მოზარდს აღელვებს ახლა, აუცილებლად გაივლის და მასაც დაავიწყდება, მაგრამ შეცდომა იქნება უაზრობად ჩავთვალოთ, ღირებულება დავუკარგოთ მათ და მით უმეტეს ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენი საქმეები, პრობლემები რეალური, მნიშვნელოვანია, მისი საზრუნავი კი – სისულელე და წვრილმანი;
  • თუ მოზარდი მეტისმეტად აღგზნებულია, გაბრაზებულია, ნერვული აფეთქების ზღვარზეა, თვალები უკვე სველი აქვს და თავს ძლივს იკავებს, რომ არ აქვითინდეს, მივცეთ საშუალება გადმოაფრქვიოს, გარეთ გამოიტანოს თავისი ემოციები გარშემომყოფთათვის მისაღები ფორმით, მივცეთ ტირილის საშუალება. ტირილი და ემოციების გადმოფრქვევა ეხმარება მას სტრესული ჰორმონებისგან განთავისუფლებაში. ნუ გავკიცხავთ, ნუ ვუსაყვედურებთ მოზარდს და ნუ შევეცდებით ავუკრძალოთ ტირილი. უმჯობესი იქნება ვუთხრათ, ავუხსნათ, რომ ჩვენ არ განვსჯით, არ განვიკითხავთ მას და ისიც გვესმის, რომ ხანდახან უკეთესიცაა გრძნობები გარეთ გამოვდევნოთ. თუ მოზარდს აქვს მიდრეკილება, რომ საცოდავად კი არ იტიროს, არამედ მრისხანედ იყვიროს, ესეც არ უნდა ჩავახშოთ, პირიქით, დავეხმაროთ გამოხატოს ემოციები, როგორი უარყოფითიც არ უნდა იყოს, მისაღები ფორმით. გავითვალისწინოთ, რომ აგრესიის აკრძალვა არ ეხმარება მოზარდს გახდეს უფრო კეთილი, უფრო დამთმობი. გვახსოვდეს, რომ როდესაც მოზარდი აგრესიას მიმართავს, ეს ნიშნავს, რომ შინაგანად ის საკუთარ თავს ამ სამყაროში ყველაზე ცუდ ადამიანად, არარაობად მიიჩნევს და ცდილობს განთავისუფლდეს ამ გრძნობისგან;
  • ვაღიაროთ მოზარდის ემოციები, დავარქვათ მათ შესაბამისი სახელები: მრისხანება, ბრაზი, სიძულვილი, მაგრამ არ განვსაჯოთ მაშინაც კი, თუ გვეჩვენება, რომ ის ბრაზობს ჩვენზე. ვუთხრათ, რომ ჩვენ გვესმის მისი, ის გაბრაზებულია, მაგრამ ეს მისი უფლებაა. ემოციებისთვის სახელის დარქმევა ძალიან სასარგებლოა, ეს თავისთავად ეხმარება მოზარდს, განთავისუფლდეს აღნიშნული ემოციის სიმძაფრისგან;
  • თუ მოზარდი უკვე აფექტის მდგომარეობაში იმყოფება, მნიშვნელოვანია სწორად მოვიქცეთ მასთან. ნუ დავტოვებთ მარტო, მაგრამ ნურც კონტაქტში შესვლას შევეცდებით. უკეთესი იქნება, თუ გავჩუმდებით – ასეთ დროს ის ადეკვატურად მაინც ვერავის და ვერაფერს აღიქვამს. როდესაც ემოციის სიმძაფრე ჩაცხრება, ბავშვი ტირილს, ქვითინს მოუკლებს, შეგვიძლია ფრთხილად შევამციროთ ფიზიკური დისტანცია, მასთან ახლოს დავსხდეთ. თუმცა, უკეთესი იქნება, თუ ყურადღებით დავაკვირდებით მოზარდს და ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რამდენად მზად იქნება ის ჩვენი ფიზიკური კონტაქტის მისაღებად და თანდათან მივუახლოვდებით. მოზარდთან ჩახუტება შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უარს არ ამბობს ჩვენს მიახლოებაზე. არ არის საჭირო ზედმეტი ახსნა-განმარტებები, ნოტაციების კითხვა, უბრალოდ უსიტყვოდ ჩავეხუტოთ. ამ მდგომარეობაში გონებისადმი მიმართვის მცდელობა მოზარდს უჩენს განცდას, რომ მისი არ ესმით;
  • ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს და ნუ შევეცდებით მოზარდის ნერვული აფეთქებისა და მისი ისტერიული გამოვლინებების ცხელ გულზე განხილვას. ვესაუბროთ მხოლოდ მაშინ, როცა ის გონს მოეგება, დამშვიდდება და ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება. ამასთან, მოვერიდოთ განსჯას, გაკიცხვას, საყვედურებს. ნუ ვეტყვით მას ისეთ რამეს, რამაც შეიძლება მასში დანაშაულის გრძნობა გამოიწვიოს, ასევე ნუ დავუწესებთ აკრძალვებს გრძნობების გამოხატვაში. უკეთესი იქნება, თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რის გამოც მოზარდი თავს ცუდად გრძნობს, როგორ აღიქვამს ის საკუთარ თავს და რას გრძნობს ნერვული აფეთქების შემდეგ. მოვერიდოთ შეფასებას, განსჯას. თუ ის ნანობს მომხდარს, ვესაუბროთ იმის შესახებ, როგორ გახდეს უფრო გაწონასწორებული, მდგრადი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ნერვული აფეთქება და ემოციების ამოფრქვევა გარდატეხის ასაკის, მოზარდობის ხანის განუყოფელი ნაწილია. კარგი იქნება, თუ მოზარდის ნერვული აფეთქების დროს უსიამოვნო გამოვლინებების უბრალოდ შეჩერებას კი არ შევეცდებით, არამედ დავეხმარებით, ისწავლოს საკუთარი თავის და ემოციების კონტროლი. ამას იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ მოზარდს საკუთარი გრძნობების დათრგუნვას კი არ ვაიძულებთ, არამედ მივცემთ საშუალებას, მისაღები ფორმით გამოხატოს ისინი.

 

 

 

ქალაქების გარემოსდაცვითი პრობლემები და ჩვენი მომავალი ქალაქურ გარემოში

0

 „ქალაქებში ნაშენი გარემოს დომინირება ხშირად თრგუნავს ბუნებას, მაგრამ აქ არსებულ ბუნებრივ ელემენტებს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ურბანული ცხოვრების ხარისხი და  ქალაქელებს უკეთესი გარემო და დანარჩენ სამყაროსთან მეტი კავშირი შესთავაზოს“

ლუის ვირთი (1897-1952)

ამერიკელი სოციოლოგი და ურბანისტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო სოცილოგიური ასოციაციის პირველი პრეზიდენტი 

დისკუსია ქალაქებში არსებული ეკოლოგიური გამოწვევებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ არახალია. აქ არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ფრიდრიხ ენგელსი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა თავის გახმაურებულ სტატიაში The Great Towns („დიადი ქალაქები“, 1845), სადაც უკვე აღნიშნავს, რამდენად დაბინძურებულია ჰაერი და წყლის სივრცეები ლონდონის, მანჩესტერის, ლივერპულის, ლიდსისა და დიდი ბრიტანეთის სხვა სამრეწველო ქალაქების მუშათა რაიონებში. გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე, საცხოვრებელი გარემოსა და ჰაბიტატების შენარჩუნებაზე ყველა საუბრობს: ადგილობრივი ეკოაქვისტიც, რომელიც უბნის სკვერს იცავს და გაეროს გენერალური მდივანიც, რომელიც ნაირ-ნაირ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიო საზოგადოებას „ბუნების დასაცავად პრინციპულ ბრძოლას“ სთავაზობს…

სამწუხაროდ, ამ უწყვეტი „ეკოლოგიური შინაარსის“ მქონე საინფორმაციო ნაკადში, რომელიც ჩვენს კომპიუტერებში, ტაბლეტებსა თუ ტელეფონებში, სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმიდან მოედინება, რთულია მტყუან-მართლის გარჩევა და ფასეული ინფორმაციის გამორჩევა. ზოგი ერთს ამბობს და ზოგიც – მეორეს, თუმცა რომლის ნათქვამია სწორი, არგუმენტირებული და აკადემიურად გამართული, ხშირად ძნელი ამოსაცნობია.

განსაკუთრებული სიმწვავითა და სიმწარით წერს ქალაქში ბუნებრივი გარემოს განადგურებისა და მავნე ზეგავლენის შესახებ მე-20 საუკუნის ფრანგი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, სოციოლოგი და პუბლიცისტი ჟან ბოდრიარი (Jean Baudrillard):

„ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ყველა მხრიდან ნარჩენებით ვართ გარშემორტყმულნი, არამედ ის, რომ ჩვენ თვითონ ვიქცევით ნარჩენებად. მთელი ბუნებრივი გარემო ნარჩენად და ნაგვად გადაიქცა, ანუ სუბსტანციად, რომელიც არავის სჭირდება და ყველას უშლის ხელს, რომლისგანაც, მსგავსად გვამისა, არავინ იცის როგორ გათავისუფლდეს. ამასთან შედარებით, ორგანული სამრეწველო ნარჩენების მთები არაფერია. არსებობს საფრთხე, რომ მთელი ბიოსფერო ერთ მშვენიერ დღეს რომელიღაც არქაულ ნაშთად გადაიქცეს, რომლის ადგილიც ისტორიის სანაგვეზე იქნება. თუმცა ისე მოხდა, რომ საკუთრივ ისტორია მოხვდა საკუთარსავე სანაგვეზე, სადაც გროვდება არა მხოლოდ ჩვენ მიერ განვლილი და წარსულს ჩაბარებული პერიოდები, არამედ ყველა მიმდინარე მოვლენაც. დამთავრებისთანავე, ეს [მოვლენები] მაშინვე კარგავენ საზრისს; ამის მიზეზი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დემპინგია – მათ შეუძლიათ მოვლენა ისეთ სუბსტანციად გადააქციონ, რომელიც მზად არის მოსახმარად, ხოლო შემდეგ, მაშინვე ნაგვად გადასაქცევად. ისტორიის ნაგავსაყრელი, საინფორმაციო ნაგავსაყრელად გადაიქცა“ (Jean Baudrillard, 2006).

სამწუხაროდ, ჟან ბოდრიარის შეფასებებითა და მოსაზრებებით, ურბანული გარემო, თანამედროვე ქალაქური სივრცე, ურბანული სოციალურ-კულტურული გარემო, სავსეა შიშითა და სიძულვილით.

ისეთ სერიოზულ საკითხზე საუბარს, როგორიც ჩვენი პლანეტა, დედამიწა, მისი ბუნება და ადამიანის საცხოვრებელ გარემოზე ჩვენივე მავნე ზეგავლენაა, ასეთივე სერიოზული სამეცნიერო მსჯელობა, ფაქტები და მყარი არგუმენტები სჭირდება. ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის შემომეთავაზებინა რამდენიმე ამონარიდი ცნობილი და სერიოზული მკვლევრების სტატიებიდან, რომლებიც, ჩემი აზრით, თავს უყრიან ზოგად მოსაზრებებს ქალაქებში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და იმ მიმართულებებზე, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების, სოციოლოგიის, ურბანისტიკის, ეკონომიკის, კლიმატოლოგების, გეოგრაფების, არქიტექტორების, ქალაქმგეგმარებლების, ეკოლოგებისა და ბიოლოგების წარმოდგენებით, აუცილებლად ყურადსაღებია და ჩვენს ძალისხმევას საჭიროებს.

წარმოდგენილი სტატიის ფორმად შევარჩიე სამეცნიერო სტატიების შესავალში, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა მიერ მოყვანილი მოსაზრებები, რომლებიც, როგორც წესი, ქალაქებში ეკოლოგიური პრობლემების წარმოდგენასა და მათ ნათელ ფორმულირებას შეეხება. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ტექსტური კომპილაცია საინტერესო და სასარგებლო იქნება როგორც სკოლების, ისე – უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისათვის, რომლებიც გაკვეთილებისა თუ ლექციების დროს ამ საკითხებს ეხებიან.

დოქტორი შტეფან პაულაიტი (Dr. Stefan Pauleit), მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TUM-ის) პროფესორი, ლადშაფტური არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი: „ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა, მწვანე ინფრასტრუქტურა (green infrastructure – GI), ბუნებაზე დამყარებული გადაწყვეტილებები (nature-basedsolutions, NBS), და ეკოსისტემების სერვისები (ES) ხაზს უსვამენ ბუნების მნიშვნელობასა და ბუნებრივი სისტემების, როგორც ქალაქის განუყოფელი ნაწილის, არსებობის აუცილებლობას ქალაქების მდგრადი განვითარების საქმეში. თუ, მაგალითად, „მწვანე ინფრასტრუქტურის“ კონცეფციას გამოვიყენებთ, ნათლად დავინახავთ, რომ მისი შინაარსი ფართოდ განიხილება მეცნიერებაში, ქალაქგეგმარებაში და პოლიტიკის ანალიზის სფეროებში. ეს აქტუალური გახდა იმიტომ, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს ბუნების უკეთ დაცვას, ეხმარება ქალაქის მდგრადი განვითარების მიმართულებების დადგენას და შედეგად გვაძლევს ქალაქებს, სადაც საცხოვრებელი პირობები ოპტიმალური და მისაღებია. ყურადსაღებია ისიც, რომ „მწვანე ინფრასტრუქტურის“ კონცეფცია, ახალ კონტექსტში მოხვედრისას, ეჯახება უკვე დიდი ხნის წინ დადგენილ გეგმარებით პრაქტიკებს, რაც ხშირად წარმოშობს შეკითხვებს მათი შინაარსის, დამატებითი ღირებულებისა და განხორციელების საშუალებების შესახებ. „მწვანე ინფრასტრუქტურის“ კონცეფცია აშშ-ში 90-იან წლებში ლანდშაფტის ეკოლოგიის პრინციპებზე დაყრდნობით წარმოიშვა, ამერიკული ქალაქების გარშემო მიმდინარე „ურბანული ცოცვის/განშლის“ პროცესის (გარეუბნების უკონტროლო ზრდა ქალაქების გარშემო და დეველოპერების მიერ ახალ-ახალი „იაფიანი“ ნაკვეთების ჩართვა საგარეუბნო მშენებლობაში, ლ.ა.) საპასუხოდ. უნდა აღვნიშნოთ, რომ „მწვანე ინფრასტრუქტურის“ კონცეფცია თავისი შინაარსით მოიცავს გარკვეულ ორაზროვნებას, რადგან მეცნიერება, გეგმარება და პოლიტიკის ანალიზის სფეროები, განსხვავებულ ლოგიკას, არგუმენტაციასა და ინტერესებს ეყრდნობიან“ (Pauleit, S.,et al., 2021).

დოქტორი როკო პაჩე (Dr. Rocco Pace), EURAC-ის წამყვანი მკვლევარი, ქ. ბოლცანო (იტალია): „მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, კლიმატის ცვლილება, ჰაერის დაბინძურების მაღალი და ზრდადი დონე, სერიოზულ რისკებს ქმნის ქალაქებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით. შესაბამისად, მდგრადი ურბანული გეგმარება აუცილებელია ქალაქებში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემების მთლიანობის შესანარჩუნებლად. ურბანული ტყეები და ქალაქებში არსებული ტყიანი სივრცეები მნიშვნელოვნად არბილებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს და ხელს უწყობს ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას საცხოვრებელ რაიონებში. ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა ტიპი, გამოწვეული ხეების გაკაფვით [ან მათი სიმცირით], მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხეების სახეობებზე და მათ თვისებებსა და შესაძლებლობებზე. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ხეების სახეობების სწორად შერჩევა ქალაქში გარემოსდაცვითი, ოპტიმალური შედეგის მისაღებად გამწვანების ღონისძიებების დაგეგმვისას. ყველაზე მეტად შესაბამისი ხის სახეობების დასადგენად, ან სახეობების ნაზავის შესადგენად ძალიან სასარგებლოა ეკოსისტემების სერვისების მოდელირების საშუალებების გამოყენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი დამხმარე საშუალება (Pace, R., et al. 2018)“.

დოქტორი რიკე ჰანზენი (Dr. Rieke Hansen), ურბანისტი მკვლევარი, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TUM-ის) პროფესორი: „გლობალური მასშტაბის მქონე ურბანიზაციის პროცესისგან გამოწვეული ზეწოლით ქალაქებში ცხოვრების ხარისხმა და მდგრადმა განვითარებამ პოლიტიკური იმპულსი შეიძინეს. გაეროს „ახალი ურბანული დღის წესრიგი“ (The UN’s New Urban Agenda, 2017) მოგვიწოდებს მდგრადი და ამავე დროს „კომპაქტური“ ურბანული განვითარებისკენ. კომპაქტური ქალაქის იდეალი მიზნად ისახავს მზარდ მდგრადობას, „ურბანული განშლის/ცოცვის“ თავიდან აცილებას, მაღალი სიმჭიდროვის მქონე საცხოვრისის განვითარებას, შერეულ ფუნქციურ ზონირებას, ეფექტურ საჯარო სატრანსპორტო სისტემებსა და ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობას. მწვანე სივრცეები და სხვა საჯარო ადგილების განვითარება მიჩნეულია ფუნდამენტურ ღირებულებებად, რომელთაც უნდა დაეფუძნოს კომპაქტური ქალაქების ცხოვრების ხარისხი და მდგრადობა. გაეროს „მდგრადი განვითარების მიზნების“ მე-11 მიზანი გვეუბნება, რომ „ქალაქები უნდა იყოს ინკლუზიური, ელესტიური და მდგრადი სისტემები“, სადაც მწვანე სივრცეებისა და საჯარო ადგილების ხელმისაწვდომობა გარანტირებული უნდა იყოს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წევრისათვის. მაგრამ სინერგია ქალაქების კომპაქტირებასა და მწვანე სივრცეების ხელმისაწვდომობას შორის რთული მისაღწევია. ურბანული კომპაქტირება, ჩვეულებრივ, ითვალისწინებს მიწის ინტენსიურ გამოყენებასა და მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ფართობის ერთეულზე, არსებული განაშენიანების კონვერსია-გარდაქმნასა და „ბრაუნფილდების“ (ქალაქებში ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების, ლ.ა.) ხელახალ გამოყენებას. რეალობა ისაა, რომ ამ პროცესებმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინონ მწვანე და საჯარო სივრცეებზე და გამოყენების გაზრდილი ინტენსივობით და/ან კონვერსია-გარდაქმნის შედეგად, მათი სრული გაქრობა გამოიწვიოს. კლებადი რაოდენობის (ფართობის) საკომპენსაციოდ მნიშვნელოვან სტრატეგიად მიიჩნევა მწვანე სივრცეების ხარისხობრივი გაუმჯობესება ან მათი მულტიფუნქციურობის გაზრდა“ (Hansen, R. et al., 2021).

დოქტორი რუდოლფ ს. დე გროოტი (Dr. Rudolf S. de Groot), მაასტრიხტისა და ვეგენინგენის უნივერსიტეტების (ნიდერლანდები) პროფესორი, მკვლევარი ურბანისტი: „ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეკოლოგიური ეკონომიკის კვლევის მიმართულებამ განსაკუთრებული ზრდა და განვითარება აჩვენა. ეს შეეხება განსაკუთრებით ეკოსისტემების ფუნქციებისა და სერვისების [ეკონომიკურ] შეფასებას (ვალუაციას). ეკოსისტემების ფუნქციებისა და სერვისების კონცეფციაზე და მათ ეკონომიკურ შეფასებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ შუა 60-იანი და ადრეული 70-იანი წლებით თარიღდება. ბოლო ხანს აღინიშნა ბუნებრივი ეკოსისტემებისა და საზოგადოებისთვის მათი მნიშვნელობის შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობის, ფაქტობრივად გეომეტრიული ზრდა (მაგალითად, იხილეთ შემდეგი ავტორები: Pearce, 1993, Turner, 1993, De Groot, 1992, 1994; Bingham et. al. 1995, Daily 1997; Costanza et al. 1997; Pimentel & Wilson, 1997, Limburg & Folke, 1999, Wilson & Carpenter 1999; Daily et al. 2000). მიუხედავად ეკოსისტემების სერვისებისა და სიკეთეების შესახებ პუბლიკაციების რაოდენობის ზრდისა, სისტემატური ტიპოლოგის და ეკოსისტემების ფუნქციების ინტეგრირებული შეფასებისა და ღირებულების დადგენის საყოველთაო ჩარჩო კვლავ ბუნდოვანი და ჩამოუყალიბებელი რჩება“ (Rudolf S. de Groot, 2012).

დოქტორი რობერტ კოსტანცა (Dr. Robert Costanza), კროუფორდის საჯარო პოლიტიკის სკოლა, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი: „ტერმინი „ბუნების მიერ გაწეული სერვისები“ აკადემიურ ლიტერატურაში პირველად 1977 წელს გაჩნდა და იგი პირველად უოლტერ უესტმანმა გამოიყენა ჟურნალ Science-ში დაბეჭდილ შრომაში „რა ღირებულება აქვს ბუნების სერვისებს?“. პრაქტიკულად [უესტმანის] ტერმინის სინონიმური ტერმინი, „ეკოსისტემების სერვისები“ გამოიყენეს ცოლ-ქმარმა ერლიხებმა (Ehrlich and Ehrlich) 1981 წელს, 1983 წელს – ერლიხმა და მუნიმ (Ehrlich and Mooney).

უნდა ითქვას, რომ მსგავსი იდეები ბუნებისა და ბუნებრივი სისტემების დიდი მნიშვნელობის შესახებ ურბანულ სივრცეში დიდი ხნისა გახლავთ და მასზე დისკუსია თუ მისი თავისებურებებისადმი ყურადღება, სამეცნიერო ლიტერატურაში ათწლეულების წინაც აქტუალური იყო. მე-20 საუკუნის შუა წლებში კი მოხდა ის, რომ ქალაქისა და ქალაქთან დაკავშირებული ბუნებრივი სისტემების განადგურებამ და გაქრობამ, მზარდ ურბანიზაციასთან ერთად, სახიფათო მასშტაბებს მიაღწია; ეკოსისტემების გაქრობა უფრო ხილული გახდა და ყველა კონტინენტზე მასობრივი საცხოვრებელი უბნების, კორპუსებისა და მასივების მშენებლობამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. გარდა ფიზიკური განადგურებისა, დიდი ცოდნა დაგროვდა ეკოლოგიის, ეკოლოგიური სისტემებისა და დემოგრაფიის სფეროებში. გაჩნდა ახალი ცოდნა ბუნებისა და ბუნებრივი სისტემების „არასაბაზრო ღირებულებაზე“ (ამ საკითხებზე გამოქვეყნდა რამდენიმე დიდი მნიშვნელობის სამეცნიერო შრომა შემდეგი ავტორების მიერ: Boulding (1966), Daly (1968), Ayres and Kneese (1969), Odum (1971), და Freeman et al. (1973)” (Robert Costanza, 2017).

(პირველი ნაწილის დასასრული)

„კაცმან საქმე მოიგვაროს” – რას გვასწავლის „ვეფხისტყაოსანი“ ერთი ფრაზით

0

„ვეფხისტყაოსანი“ სიბრძნის ამოუწურავი წყაროა, შთამაგონებელი თითოეული სიტყვით, თითოეული წინადადებით, რომელიც ჩვენს გონებაში ცოცხლდება და ყოველთვის აღძრავს ახალ საფიქრალს, ახალ შთაბეჭდილებებსა და განცდებს აჩენს. ალბათ, სწორედ ამიტომ არის, რომ საუკუნეების შემდგომაც კი მისი კითხვისას ყოველთვის ვპოულობთ ისეთ ჩასაჭიდს, რომელიც ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ასრულებს ჩვენთვის, შთაგვაგონებს და მოქმედებისკენ გვიბიძგებს.

„კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს“ – სამოტივაციო ფრაზაა, რომელიც გვაფხიზლებს და მოქმედებისკენ მოგვიწოდებს. ამ პრაქტიკული შინაარსით გამსჭვალულ წინადადებას შოთა რუსთაველი თინათინს ათქმევინებს საკუთარი მამისთვის, რომელიც ჭმუნვასა და მწუხარებას შეუპყრია უცხო მოყმის გამოჩენის გამო. როსტევანი დადარდიანებულია იმ უცნაური შემთხვევით, რომელიც უცხო მოყმემ შემოიტანა მათ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ამ დაბნეულობიდან გამორკვევა და გამოღწევა რუსთაველის გმირებისთვისაც კი რთულია; თანამედროვე ადამიანებისთვის, კი, რომელიც ისედაც გახლართულია ყოველდღიურობის საცეცებში, ორმაგად რთულია მყისიერი გადაწყვეტილების მიღება. მყისიერად ნაბიჯების გადადგმა პრობლემების გადასაწყვეტად ადამიანის ძლიერი უნარების კატეგორიაში გადის, როდესაც ის პოულობს საკუთარ თავში ძალას, დროულად მოაგვაროს პრობლემა, არ მიეცეს ხანგრძლივ ჭოჭმანსა და ფიქრს, და მალევე გადაწყვიტოს, რა სჯობს მისთვის და როგორ მოიქცეს. ამ უნარის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია ბავშვობიდან, მცირე ნაბიჯებით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების აღნიშვნითა და წახალისებით.

სანამ ვეფხისტყაოსანს შევიყვარებდი, მანამდე საყვარელი ბებიის დროში გამოცდილი ფრთიანი გამონათქვამები, ანდაზები მაფიქრებდა იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია დროული, მყისიერი მოქმედება, დროის სწორი მენეჯმენტი, რომელიც გეხმარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების აღსრულებაში. ამ დროს ხომ თავად განკარგავ, როდის გაიღვიძებ, როდის დაუთმობ დროს სწავლას, განვითარებას, მუშაობას, კითხვას, საოჯახო საქმეებს, თამაშს, გართობასა და ა.შ. ბებია ყოველ დილით მზეზე ადრე იღვიძებდა, გაღვიძებისთანავე წვრილ-წვრილ საქმეებს მოილევდა, ნელ-ნელა ბავშვებიც ვიღვიძებდით და მას უკვე თითქმის ნახევარი დღის საქმეები ჰქონდა მოგვარებული. ბებია ამბობდა: ადამიანმა მზეს უნდა დაასწროს გაღვიძებაო; ალიონზე წამომდგარი კაცი ყველაფერს ასწრებსო; საქმე არ უნდა გადადო, გადადებული საქმე გადაგდებულიაო; გადადებული საქმე ეშმაკისააო; დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო და ა.შ.

ახლა, როცა შვილებს ვზრდი და მათთვის რჩევებსა თუ დარიგებებს თავადაც გავცემ, როგორ იცხოვრონ, როგორ განკარგონ დრო, როგორ არ გაფანტონ თითოეული წუთი და წამი, ვფიქრობ, ყველაფერი დისციპლინაა და ის გადაწყვეტილება, რომ რაღაც უნდა    შეცვალო. დროის ჭკვიანური დაგეგმარება, ამ ჩვევის ხასიათში და ქცევაში გადატანა, ამ ჩვევების ორგანულად შეთვისება ნამდვილად გვიიოლებს, გვიმსუბუქებს იმ სირთულეებს, რომლებიც ისედაც მრავლადაა ჩვენს გარემოში და რომელიც ბევრ რამეში გვაფერხებს. წესების მიყოლა კი გვეხმარება, უფრო სრულყოფილად გავატაროთ დღე, უფრო კმაყოფილი დავრჩეთ იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ახალმა დღემ მოიტანა, საკუთარი თავით და ჩვენ მიერ შესრულებული საქმეებით.

პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, ამ სირთულეების მოგვარება, ცხადია, სჯობს უსარგებლო ჭმუნვასა და დარდს, რასაც „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიც შესანიშნავად ხვდებიან და ერთმანეთსაც ამისკენ მოუწოდებენ. ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მათი სიბრძნე საკუთარ ყოველდღიურობაში გადმოვიტანოთ, ეს მრავალგზის გამოცდილი ჭეშმარიტებები ჩვენს პრაქტიკაში დავნერგოთ და ბავშვებსაც ვასწავლოთ, როგორი მნიშვნელოვანია განვითარების გზაზე მყოფებისთვის პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება, თვითდისციპლინა, შესასრულებელი საქმეების სისტემატიზაცია და ყოველდღიური მცირე გამარჯვების აღნიშვნა და სიხარული.

ჟურნალ “სკოლის მართვის” სპეციალური ნომერი გამოიცა!

0

ჩვენი ჟურნალის ამ ნომერს განსაკუთრებული, ექსკლუზიური მისია აქვს – წარმოგიდგენთ ევროპის საბჭოს რეკომენდაციას CM/Rec(2019)10 – „ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების განვითარება და ხელშეწყობა“, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წლის 21 ნოემბერს დამტკიცდა და მიზნად ისახავს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას განათლების სისტემების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ჩვენს უკიდურესად სწრაფადცვალებად ეპოქაში ერთ-ერთი გარდაუვალობა, რასაც კაცობრიობამ თვალი უნდა გაუსწოროს, ციფრული სამყაროს გავლენის ზრდაა. ასეთ რეალობას, ბუნებრივია, ციფრულად კომპეტენტური მოქალაქეები სჭირდება, რომელთა სათანადო კომპეტენციებით აღჭურვაც სწორედ განათლების პასუხისმგებლობაა.

თუ გადავხედავთ ჩვენი ჟურნალის 2023 წლის მესამე ნომერს, ევროპის საბჭოს განათლების სტრატეგიის ერთ-ერთ მიმართულებად სწორედ ციფრული ტრანსფორმაციის გზით ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული განათლების სფეროს განვითარებას აღმოვაჩენთ. სტრატეგიის ამ მიმართულების ერთ-ერთ საფუძველს კი სწორედ წინამდებარე ნომრის ექსკლუზიური შინაარსი – „ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების განვითარება და ხელშეწყობა“ – ევროპის საბჭოს წინამდებარე რეკომენდაცია წარმოადგენს.

მოცემული რეკომენდაცია აყალიბებს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების მიზანსა და სფეროს, გვთავაზობს აუცილებელი ტერმინების განმარტებებს, სახელმძღვანელო პრინციპებს, მიმართულებებს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თვალსაზრისით, დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და ინსტრუქციებს.

იმედს ვიტოვებთ, რეკომენდაციაში მოცემული შინაარსი დაეხმარება საქართველო განათლების სისტემას, ციფრული მოქალაქეობის სათანადოდ დანერგვასა და 2025 წლისთვის მზადებაში, რომელსაც ევროპის საბჭო, კონტინენტის მასშტაბით, ციფრული მოქალაქეობის წლად აცხადებს.

მთავრი რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #2

 

 

როგორ დავიწყოთ წერა

0

(პირველი ნაწილი)

მეექვსე კლასში ვიქნებოდი, ქართულის მასწავლებელმა დასაწერად თავისუფალი თემა დაგვავალა. თემის სათაური არ მახსოვს, სამაგიეროდ მახსოვს ის ღამე თეთრად რომ დამათენდა. დავყურებდი ცარიელ ფურცელს და ჯიუტად ველოდი პირველ სიტყვას, რომელიც ამბავს მოიყოლებდა. მაშინ ვფიქრობდი, წერა ჩემთვის დაუძლეველი სირთულე იყო და ამ გამოწვევას მხოლოდ „კარგი“ ან „კიდევ უფრო კარგი“ მოსწავლეები უმკლავდებოდნენ. იმ დროს არავის უთქვამს, რომ სათქმელს, არათუ 45 წუთი, ხშირად, ბევრად მეტი დრო და მუშაობა სჭირდება, სანამ გონებაში მომწიფდება და ტექსტად გადაიქცევა.

 

„როგორ დავიწყოთ წერა” – არცთუ მარტივად დასაძლევი დილემაა მოზარდებისთვის. წერითი დავალების სირთულეც, ხშირად, ძნელად მოსახელთებელი “დასაბამიდან” მოდის. „მას, დასაწყისი მიკარნახეთ და გავაგრძელებ..“; „როგორ დავიწყო, მას?“ „პირველი სიტყვა თქვენ მითხარით”… – მსგავსი ფრაზები ხშირად მოგვისმენია გაკვეთილზე. ამ დროს მოსწავლეებს, როგორც წესი, ვთავაზობთ არაერთ აქტივობასა და რუტინული დავალებას, როგორც აუცილებელ პირობას წერითი უნარების გასააქტიურებლად, თუმცა, დავალებებთან ერთად, მათ ხშირად მხარდაჭერა, მოტივაცია და შთაგონება სჭირდებათ. ამიტომაც, გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის გამეზიარებინა თანამედროვე ავტორების გამოცდილება, თუ რა გზას გადიან ისინი ფიქრიდან სიტყვამდე, როგორ უმკლავდებიან სირთულეებს შემოქმედებით გზაზე, ელიან, თუ არა პირველ ფრაზას და როგორ ქმნიან ტექსტებს. მჯერა, საყვარელი ავტორების გულწრფელი წერილები გამბედაობას შემატებს მოზარდებს (არა მხოლოდ) და თვითრწმენას გაუღვივებს მათ.

ყველა ავტორს ერთი და იმავე შეკითხვით მივმართე, მათგან კი განსხვავებული, საინტერესო პასუხები დამიბრუნდა.

ვიდრე წერილებს გაგიზიარებთ, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ავტორს გამოხმაურებისა და თანამზრახველობისთვის.

 

  1. როგორ იწყებთ ამბის წერას?
  2. რა გეხმარებათ, ვიდრე წიგნის (მოთხრობის, სტატიის) წერას დაიწყებთ?
  3. ხომ არ გაქვთ თქვენეული მეთოდი (რიტუალი, ჩვევა), რასაც მიმართავთ წერის დაწყებამდე?

 

ნატო დავითაშვილი

(იროელთა ქრონიკები, „ჯიბის კაცუნა და მწვანე კუნძული“)

 

  1. ამბის წერის ბიძგი შესაძლებელია რაღაც მოვლენა, საგანი ან წარმოსახვაში გაჩენილი კადრი გახდეს. დავარქვათ მას მარცვალი. შემდეგ ეს მარცვალი ღივდება, იკეთებს ფესვებს, თან მოაქვს მასთან დაკავშირებული მოვლენები, სამყარო, იდეები. აუცილებელი არ არის მთელი სიუჟეტი დამანახოს… და როდესაც გონება ვეღარ იტევს, ვიწყებ წერას. როგორც წესი, ფინალი წინასწარ ვიცი და ნელ-ნელა მივდივარ ფინალისკენ.
  2. წერის დაწყებაში მეხმარება ამ წიგნის სიუჟეტზე და პერსონაჟებზე საუბარი. მყავს ასეთი ადამიანი, რომელსაც მონახაზს ვუყვები ხოლმე. თხრობისას ბევრად უკეთ ვიგონებ. ამ დროს ვხვდები, მზად ვარ თუ არა, რომ წერა დავიწყო. სიუჟეტის თხრობა, მთავარი გმირისა და მისი ცხოვრების მოყოლა თუ შემიძლია, ეს ნიშნავს, რომ მის დაწერასაც მოვახერხებ.
  3. არავითარი რიტუალი არ მაქვს. დაწყების შემდეგ პირველ რამდენიმე გვერდს ძალიან ბევრჯერ ვკითხულობ. ხმამაღლაც კი. თხრობის ტემპი, სტილი თუ ლექსიკა რომ გავითავისო.

 

თეა თოფურია

(„ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“, „უჩინარი სახლი“ ა. შ)

 

  1. როდესაც მოთხრობას, რომანს ვწერ, ვიწყებ იმით, რაც ნამდვილად ვიცი. ძირითადად ვიცი დასაწყისი და დასასრული, ვიწყებ დასაწყისით და დანარჩენს გზადაგზა ვიგონებ.
  2. წერა შეიძლება წლობითაც გაგრძელდეს. ხანდახან ვჩერდები, იმიტომ, რომ დრო არ მაქვს, ხანდახან – მეზარება, ხან კი უბრალოდ არ ვიცი, წერა როგორ გავაგრძელო და ველოდები, სანამ რამეს მოვიფიქრებ. ყველაზე კარგად მაშინ ვწერ, როცა სხვა საქმე არაფერი მაქვს, შვებულებაში ვარ და შემიძლია, რაც მინდა, ის ვაკეთო.
  3. სტატიის წერა გაცილებით მარტივია, ჟურნალისტიკა და მწერლობა ძალიან განსხვავდება. ჟურნალისტიკაში არაფერს იგონებ, მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობი. საკუთარ თავზე არ ხარ დამოკიდებული, მთავარი ისაა, რასაც რესპონდენტები და ფაქტები გეტყვიან. მწერლობაში კი ყველა გზა ხსნილია, რაც უფრო კარგი ფანტაზია გაქვს, მით უფრო ფასეული იქნება შენი ნაწარმოები.

 

ლელა ცუცქირიძე

(„უუუ კულელე და სხვა მოთხრობები“, „მართიკოს ვაშლის ხე“, „მხიარული ოჯახი“ და ა.შ)

 

  1. ყველა ამბავი პირველი სიტყვით, ან ფრაზით იწყება. შეიძლება, რაღაც გარკვეული იდეა მქონდეს, მაგრამ წერის დროს ამ იდეამ სხვა განვითარება პოვოს, სხვა იდეები „გამოისხას“. მე კი ამ იდეებმა უფრო მომხიბლოს და ყველაფერი „თავდაყირა“ დავწერო. არ ვარ „დალაგებული“ ავტორი, ხანდახან, ნებისმიერ, თავში პირველად გაელვებულ სიტყვას შეიძლება მოჰყვეს ამბავი. ხანდახან კი არა, ყოველთვის შეიძლება, სცადეთ, კარგი ექსპერიმენტია.
  2. მეხმარება შთაგონება, რომლის წყაროდ შეიძლება იქცეს ნებისმიერი რამ: ტკივილი, სიხარული, კარგი წიგნი, ადამიანი, ფოთოლი, ღრუბელი, ხმა… ჩემი „მართიკოს ვაშლის ხე“ აგვისტოს ომის გამოძახილია და გოგონა, რომელიც საბავშვო ბაღში ცხოვრობდა. „ნანომტი ამტომი“ ფურცელზე დამჩნეული ყავის ლაქის დამსახურებაა; „კაქტუსი რებუცია“ ქუჩაში ნაპოვნი კაქტუსის პაწაწინა ბურთულას, წიგნი „მხიარული ოჯახი“ მაღაზიის ვიტრინაში გამოდგმული ბატებიანი სერვიზის და ა.შ. ასევე, ძალიან, ძალიან მეხმარება ხატვა. ხანდახან წერას სულ არ ვაპირებ, მაგრამ ისეთი პერსონაჟი შემომეხატება, მასზე ამბავი რომ არ დავწერო, არც თავად მომასვენებს და ვერც მე მოვისვენებ.
  3. რიტუალი და განსაკუთრებული ჩვევები არ მაქვს. მიყვარს, როცა წერის დროს რაიმე საყვარელი ნივთი ან კომპოზიცია მიდევს ცხვირწინ. ახლა ეს პატარა აკვარიუმია, ოკეანის ქვიშით, ნიჟარებით და კერამიკის ქაღალდის ნავით.

 

ნათია როსტიაშვილი

( „სხვა სკოლა“, „სუნთქვის შემგროვებელი“ და ა.შ)

 

  1. ამბის წერას მის ფურცელზე გადატანამდე ბევრად ადრე ვიწყებ. წერის დაწყებამდე გონების ფაილში იძენს კონტურებს და იქვე ინახება. მოფიქრებული ამბავი ხან ისეთი სხმარტალა და გამჭვირვალეა, არაფრის დიდებით არ გემორჩილება, მისთვის მკვეთრი კონტურის შემოვლება არ გამოდის, მაგრამ როგორც კი გონებიდან ფურცელზე, ან ვორდში გადმოწერას ვიწყებ, ხორცს ისხამს, რეალური, დამყოლი, ხელშესახები ხდება.
  2. ჩემთვის მოთხრობის წერა და სტატიის წერა სხვადასხვა რამეა. სტატიის წერისას მეხმარება იმ თემაზე ინფორმაციის მაქსიმალური ფლობა, რაზეც ვწერ. ჩემი მრავალწლიანი ჟურნალისტობის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია მომეძიებინა, ვიდრე ეს სტატიისთვის იყო საჭირო. როცა იცი რაზე წერ, დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხია. მოთხრობების წერის დასაწყებად გონების ფაილში შენახული ,,მასალა” მეხმარება. პირველი ფრაზა თუ ისეთი გამოვა, როგორიც გინდა, მერე თავისით ეწყობა ყველაფერი. თუ არ გამოვა – უნდა განაგრძო და დანარჩენი ტექსტი თვითონ გიკარნახებს, პირველ ფრაზასთან მიბრუნებული როგორ უნდა მოიქცე.
  3. ზოგადად, რიტუალების გოგო ვარ. უბრალო ჩაის სმასაც რიტუალად ვაქცევ ხოლმე, მაგრამ წერა თვითონ იმდენად რიტუალური და ჯადოსნური ამბავია, რომ კიდევ რაიმეს დამატების მოთხოვნილებას აღარ მიჩენს.

 

ნინო ქადაგიძე

( „ცერცვის ტოლა ამბები“, „ტყუილების ქვეყანა“, „ონანა“ ა.შ)

 

  1. ალბათ რასაც ახლა დავწერ, ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა ქართული სიტყვის მიმართ. მინიატიურებს ვწერ ლამაზი სიტყვების დახმარებით. ჯერ მაქვს სიტყვა და სიტყვებით ვაგებ ამბავს, ეს სიტყვებია, ვთქვათ – ლაბარდანა, გულისაბა, გულგვამი, ხალთაგუდა, თვალმახარა და სხვა…. რა დააშრობს ქართული ენის მადლიან წყაროს და რა ამოწურავს ამოწურავ ქართული სიტყვის მარგალიტებს.. შემდეგ, ამ ლამაზი სიტყვებით იძერწება პერსონაჟის გარეგნობაც, ხასიათიც, თემაც და სათქმელიც. რაც შეეხება საბავშვო პროზას, აქ ძირითად აქცენტს, რის თქმა მსურს ბავშვებისთვის, იმაზე ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას და აი, ამ სათქმელს მორგებული ვიწყებ წერას. აუცილებლად ვცდილობ, ბავშვებთან უფრო ხალისით მივიტანო სათქმელი.
  2. მეხმარება საკუთარ თავში ჩაღრმავება, სათქმელის აქტუალურობა, ან იმ კონკრეტული პრობლემის სიმძაფრე, რომელზეც უნდა დავწერო.
  3. წერის დაწყებამდე ჯერ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ჩავიჭყიტები ხოლმე, ან ერთ პატარა მოთხრობას წავიკითხავ ჩოხელის, ინანიშვილის, საბას სიტყვის კონიდან ან ლეონიძის, ან ლევან გოთიას შემოქმედებიდან…. სულ ლამაზი სიტყვების ძიებაში ვარ. თუ ვიპოვე ის სიტყვა, მასზე ავაგებ ამბავს, თუ არა და მერე სათქმელზე ვფიქრობ, რასაც დავწერ, რომ წაიკითხავს ამას ადამიანი, რას მისცემს, რას მოუტანს, იმაზე უკეთესი გახდება ვიდრე იყო? და რამდენად გულწრფელი ვარ? მე შემიძლია ისეთი გავხდე, როგორიც ჩემი მკითხველი მინდა იყოს? მოკლედ ბევრს ვფიქრობ ხოლმე და მერე ვწერ.

 

 

თეა ლომაძე

( „წერილი ბოთლში“, „პალომა“ ა.შ)

 

  1. მე ვწერ ძალიან იშვიათად. ძირითადად, რამე მომენტი მახსენდება ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებიდან. ზოგჯერ, რაღაც პრობლემა მაწუხებს და არ მეშვება. ვატარებ, ვატარებ დიდხანს. ზოგჯერ, ერთ წინადადებას მივაწერ სადმე, ქაღალდის ნაკუწზე. ახლა უკვე შეიძლება ტელეფონის „ნოუთებში“ და ერთხელაც, შეიძლება დავჯდე და დავიწყო ნაკუწების ძებნა და ამბად ქცევა.
  2. მუსიკა არის მნიშვნელოვანი. მუსიკა მახსენებს ამბავს. ძირითადად, ვიწყებ სიმღერების კრებულის შექმნას, რომლის ფონზეც შემიძლია დავწერო.
  3. ვცდილობ, მოვეჭიდო ჩემს განწყობას. ძირითადად, იდეა რომ გამიჩნდება „აქშას“ ვეუბნები და ვაფრთხობ. რაც გადარჩა, ვერ „გავუშვი“ და ყველა ეს პირობა შეიქმნა, დაიწერება კიდეც.

 

ვასო გულეური

(„დაბრუნებული ბგერები“, „ლუკა და ნუკა“, „ქარის მოყოლილი ზღაპრები“, „ნეტავ, მალე გავიზრდები“)

 

  1. სხვადასხვა ამბავი სხვადასხვანაირად იწერება. ლექსის შემთხვევაში შეიძლება სულ პატარა რაიმე გახდეს ინსპირაცია – ქუჩაში გაგონილი ბავშვის ნათქვამი ფრაზა, ახლობელი ბავშვის ქცევა ან მოყოლილი ამბავი, ან სულაც უბრალოდ, უცებ დაიბადოს იდეა და მერე უკვე ამაზე აეწყოს. ამიტომ ლექსი ხშირად შეიძლება სულ ერთი წინადადებით დაიწყოს და მერე ამაზე „შემოექსოვოს“ ტექსტი. პროზა უფრო სხვაგვარად იწერება – ჩემს გამოცდილებას ვგულისხმობ, ცხადია. პროზისთვის მთავარი სიუჟეტი და პერსონაჟებია. დანარჩენი – როგორ განვითარდება ამბავი, რა მოხდება – ეს უკვე წერის დროს იკვეთება. ყოფილა შემთხვევა, რომ ჯერ პერსონაჟები გაჩენილა და მერე დამიწყია ამბის თხრობა, თუ რა შეიძლება გადახდეთ ამ პერსონაჟებს.
  2. უმეტესად, რა არა, არამედ ვინ – ბავშვები! რა თქმა უნდა, განწყობა მნიშვნელოვანია – საბავშვო ტექსტზე მუშაობისას უხასიათოდ ვერ იქნები. თორემ ტექსტს აუცილებლად დაეტყობა. სადიდო ტექსტების და თარგმანის დროს – ხშირად პირიქით. როცა მოწყენილი ვარ, მაშინ უფრო მეტად ვთარგმნი. ამდენად, ყველას საკუთარი მეთოდი შეიძლება ჰქონდეს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უბრალოდ, სტატიაა დასაწერი – დამიკვეთეს კონკრეტულ თემაზე და უნდა დავწერო. ასეთ დროს, ცხადია, უნდა დაჯდე, მოიკრიბო გონება და იფიქრო. საერთოდ, ნებისმიერ ტექსტს მუშაობა სჭირდება და არ იფიქროთ, რომ „მუზა მოვა“ და თავისით დაიწერება. მთავარია, იდეა – იცოდე, რაზე გინდა დაწერო, დანარჩენი კი უკვე შრომის შედეგია.
  3. არა, სრულიად სხვადასხვაგვარად შემიძლია დავიწყო წერა. ყოფილა შემთხვევები, როცა უცებ, ქუჩაში მიმავალს, გამიჩნდა რაღაც იდეა, ან სულაც ლექსის მთელი სტროფი. ასეთ დროს ტელეფონში ვიწერ ხოლმე, რომ არ დამავიწყდეს. ყოფილა ისეც, რომ დამსიზმრებია ტექსტის იდეა ან ფრაზა. ამას გაღვიძებისთანავე ვიწერ. უმეტესად კი, უბრალოდ, ვჯდები საწერ მაგიდასთან (უფრო სწორად, კომპიუტერთან) და ვიწყებ ფიქრს. თუ პირველი სიტყვა, პირველი წინადადება მოვიდა, მერე უკვე ადვილია. როგორც წესი, დაწყებაა რთული და მერე – დასრულება. ამიტომ, ნუ დაელოდებით განწყობას, მუზებს – თუკი გინდათ, რომ წეროთ, უბრალოდ აიღეთ ფურცელი ან ჩართეთ კომპიუტერი და წერეთ!

 

ამ სტატიის მომზადებისას, ეს წერილები ჩემს შინაგან ბავშვს იმდენჯერ წავუკითხე და ისე გულდასმით, დარწმუნებული ვარ, გული მოეცემა და თავის გზას მონახავს, ისე როგორც, არაერთი ჩემი მოსწავლისთვის გადაიქცევა საყვარელი ავტორების წერილები გამხნევებისა და შეგულიანების ექოდ.

 

 

 

 

 

 

 

როგორ მოაგვარეს დაბინძურების პრობლემა ლიეტუვაში

0

გარემოსდაცვითი პრობლემები XXI საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევა. ჰაერის, წყლის,  ნიადაგის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ადამიანსა თუ ეკოსისტემაზე სათავეში უდგას თანამედროვე სამყაროს დღის წესრიგს.

შევეცდები, ლიეტუვის მაგალითზე გაჩვენოთ, როგორ შეიძლება, პატარა ინიციატივამ  მასშტაბური შედეგები მოუტანოს ქვეყანას და შეცვალოს   მოსახლეობის ქცევა. ასევე გაგაცნობთ ორგანიზაციას „სადაგი“, რომელსაც მიზნად საქართველოს დალაგება აქვს დასახული.

 

ინიციატივა  „Mes Darom“ – ანუ  ჩვენ ვაკეთებთ

საბჭოთა წარსულის მქონე ლიეტუველებს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გარემოს დაბინძურების პრობლემა მემკვიდრეობით ერგოთ. მოსახლეობა ნარჩენებს პირდაპირ ქუჩაში ყრიდა. წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები თუ აქტიური საზოგადოების წარმომადგენლები ცდილობდნენ, აემაღლებინათ მოსახლეობის ცნობიერება და მოეგვარებინათ დაბინძურების საკითხი, მაგრამ უშედეგოდ.

რამდენიმე ხნის წინ ლიეტუვაში წამოიწყეს კამპანია „Mes Darom“, რომელიც მალევე იქცა პოპულარულ გარემოსდაცვით ინიციატივად. ყოველწლიური მოხალისეობრივი კამპანია  ფოკუსირებულია საჯარო სივრცეების დასუფთავებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე. იგი შეიქმნა გლობალური მოძრაობის მოდელის მიხედვით, რომელიც  2008 წელს ესტონეთიდან დაიწყო და ცნობილია როგორც „Let’s Do it“.

კამპანიის ფარგლებში მოხალისეები და დაინტერესებული პირები იკრიბებიან ნარჩენების  შესაგროვებლად. დასუფთავების აქციები ტარდება ტყეებში, პარკებსა და სკვერებში, მდინარეებსა და მათ კალაპოტებში, ზღვის სანაპიროზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.

ინიციატივა ითვალისწინებს:

  • დასუფთავების ყოველწლიური ეროვნული ღონისძიების ორგანიზებას ცალკეული ინდივიდების,  ოჯახების, სკოლების,  ბიზნესისა და სამთავრობო ინსტიტუტების ჩართულობით;
  • მოსახლეობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირებას;
  • გარემოსდაცვითი განათლების წახალისებას. დასუფთავების ღონისძიებების გარდა, ინიციატივის ფარგლებში ხშირად იმართება სამუშაო შეხვედრები, საინფორმაციო კამპანიები და მზადდება საგანმანათლებლო მასალები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი პრაქტიკის დანერგვის წახალისების მიზნით;
  • თანამშრომლობას სხვადასხვა სუბიექტთან, მათ შორის – გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და ბიზნესებთან. ეს პარტნიორობა ხელს უწყობს ინიციატივის გავლენის გაძლიერებას და ღონისძიებათა წარმატებულ ორგანიზებას. ინიციატივა იზიარებს სხვა ქვეყნების მსგავს მოძრაობათა საუკეთესო პრაქტიკას და მონაწილეობს გლობალურ დასუფთავების კამპანიებში.

ინიციატივა „Mes Darom“-ის  წარმატების შედეგად ქვეყანაში გარემოს დაბინძურების პრობლემები აღმოიფხვრა. დღეს ქვეყანა დაბინძურების ნულოვან მაჩვენებელზეა. ამ ყველაფერს დაემატა ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელების დანერგვა – დაიწყო გარემოდან ამოღებული  და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება.

მიმდინარე წლის ივნისში ლიეტუვაში, პატარა ქალაქ სკაუდვილეში, პროგრამა „ერაზმუს+“-ის ტრენინგის ფარგლებში, განვიხილეთ ინიციატივა „Mes Darom“. ლიეტუველი ახალგაზრდების თქმით, მთავარი, რაც კამპანიამ შესძინა ქვეყანას, მოსახლეობის დამოკიდებულების ცვლილება იყო.  ადამიანებმა დაინახეს, რომ მათი თანამოქალაქეები მათ მიერ გარემოში დაყრილი ნარჩენების შესაგროვებლად ერთიანდებოდნენ, დროსა და რესურსებს ხარჯავდნენ. თანდათან კამპანიამ ისეთი ხასიათი მიიღო, რომ  კერძო ბიზნესი და სახელმწიფო უწყებები საკუთარი სურვილით ჩაერთო დასუფთავების აქციებში. ამას აკეთებდნენ არა მოსაჩვენებლად ან რომელიმე მწვანე დღესთან დაკავშირებით, არამედ ჩვეულებრივ სამუშაო დღეებშიც.

მეორე შედეგი იყო კლასიკური დასუფთავების აქციის სახეცვლილება და მისი ქცევა დღესასწაულად, ზეიმად. კამპანიის ავტორებმა აქციებში ჩართეს სპორტული შეჯიბრებები, ტრადიციული სამზარეულოს გაცოცხლება, მუსიკა, თამაშები და სხვა.

დღეს ლიეტუვაში დასუფთავების აქცია საზეიმო მოვლენა რომ არის, საკუთარი თვალით ვნახე. მაგალითად, პატარა ქალაქ სკაუდვილეში ჩვენ მიერ ჩატარებული დასუფთავების აქცია მოიცავდა სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს, რაც ჩართულობის ზრდის დამატებითი მოტივატორია. დაახლოებით ოთხსაათიანი აქციის შედეგად ძლივს გავავსეთ ორი 60-ლიტრიანი ნაგვის ცელოფანი.

https://youtu.be/tnse66zZS88?si=sWrREjEQkmNzc-Eq

 

საქართველოს დამლაგებელთა გილდია (სადაგი)

საქართველოში მსგავსი კამპანია საქართველოს დამლაგებელთა გილდიამ წამოიწყო. „სადაგი“  არის მოხალისეთა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დასუფთავებას და მისი ბუნების დაცვა-გაჯანსაღებას. საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა საზოგადოებრივ საწყისებზე დგას.

„სადაგის“ კამპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი. სწორედ ამ მიზნით დაიწყო კამპანია „მე ვალაგებ საქართველოს“, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის სკოლები ჩაერთნენ. ამ კამპანიის ფარგლებში სკოლებმა მიიღეს დასუფთავების აქციებისთვის  საჭირო  ინვენტარი და ხემსი მოსწავლეებისთვის.

რას მოიცავს სადაგის ერთდროული დალაგების ფესტივალები?

  • პერიოდულად ირჩევა რეგიონები, სადაც  ერთდროულად იმართება დასუფთავების აქციები;
  • ერთდროული დასუფთავების აქციები გულისხმობს 2-3 დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის (50-60) აქტივობათა განხორციელებას;
  • „სადაგი“ ამარაგებს სკოლებს დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარით, წყლითა და ხემსით;
  • სადაგის წარმომადგენლები მასწავლებლებს უტარებენ ინსტრუქტაჟს უსაფრთხოების წესების დაცვის  შესახებ;
  • კამპანია ახალისებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას.

დასუფთავების აქციების დროს მზადდება ვიდეორგოლები, რომლებიც ემსახურება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებასა და ამაღლებას. დალაგების ფესტივალებში ერთვებიან ცნობილი სახეები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დალაგებისა და ეკოლოგიური  ფესტივალების მოწყობა.  ბოლოს ასეთი ფესტივალი 2024 წლის ივნისში გაიმართა დაბა ბაკურიანში და 52 000 ლიტრი ნარჩენი შეგროვდა.

ლიეტუველების ინიციატივა „Mes Darom“ და „სადაგის“ საქმიანობა საქართველოში აჩვენებს, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია. მთავარია სამუშაოს სწორად დაგეგმვა, რესურსების გადანაწილება და სხვადასხვა თემის მობილიზება.

 

გამოყენებული რესურსები:

https://mesdarom.lt/

https://issuu.com/kadikenk/docs/lt_report

https://www.sadagi.ge/

https://letsdoitfoundation.org/

წიგნის სამყაროში – მრავალფეროვანი გაკვეთილი უმცროსკლასელთათვის

0

(გეგმა, მასალა, თვალსაჩინოება)

გამოწვევ

უკვე რამდენი ხანია, ჩვენს წიგნში ვმოგზაურობთ.

ბევრი ლექსი და მოთხრობა წავიკითხეთ, ბევრი ნახატი ვნახეთ, ბევრიც ვითამაშეთ.

ძალიან მაინტერესებს შენი შთაბეჭდილება:

შენ და შენს კლასელებს რომელი ამბავი მოგეწონათ,

რომელმა გაგაცინათ,

რომელმა გაგამხიარულათ.

და საერთოდ,

მოგწონს ეს წიგნი?

სანამ მიპასუხებ, მოდი, წიგნებზე ვილაპარაკოთ.

მთავარი კითხვა:

  • რა არის წიგნი?
  • როდის შეიქმნა პირველი წიგნი?
  • წიგნი არის ფურცლების კონა, რომელიც უნდა იყოს აკინძული, ჰქონდეს ყდა, გარეკანი, ყუა…
  • წიგნს ასევე უნდა ჰქონდეს სათაური;

  • ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ავტორი – ყველა წიგნი ვიღაცის დაწერილია, ზოგ წიგნს, მაგალითად, სახელმძღვანელოს, შეიძლება ათზე მეტი ავტორიც ჰყავდეს;
  • ჰქონდეს სარჩევი – გვერდების მიხედვით დანომრილი ჩამონათვალი იმისთვის, რომ სასურველი ტექსტი უცებ იპოვო;
  • მითითებული ჰქონდეს გამოცემის წელი,
  • გამოცემის ადგილი
  • და სხვა დეტალები.

წიგნში ტექსტების დაბეჭდვასაც თავისი წესი აქვს:

დააკვირდი შენი სახელმძღვანელოს ნებისმიერი გაკვეთილის ტექსტს:

მარჯვენა მხარეს ცარიელი ადგილია, იქ არც რამის დაწერა შეიძლება და არც დახატვა. ამ ადგილს „მინდორი“ ჰქვია და ის წიგნის აუცილებელი ნაწილია.

მოდი, კიდევ ერთხელ დაათვალიერე შენი სახელმძღვანელო – ხომ არაფერი აკლია? 

მთავარი ნაწილი:

წიგნის ისტორია

დარწმუნებული ვარ, სასკოლო ჩანთაში სამი-ოთხი წიგნი მაინც გიდევს და როცა წიგნებზე გელაპარაკები, თვალწინ წარმოგიდგება აკინძული ნაბეჭდი ფურცლები, რომლებიც ფერად გარეკანშია ჩასმული.

ასეა?

მაგრამ წიგნი განა ყოველთვის ასეთი იყო.

წინათ, სანამ ადამიანი საბეჭდ მანქანას გამოიგონებდა, ამბების ჩასაწერად სხვადასხვა მასალასა და საშუალებას იყენებდა.

მაგალითად:

კედლის წარწერები

ყველაზე ძველმა წარწერებმა სწორედ ამ გზით მოაღწია ჩვენამდე.

 

ქვა და ქვის ფირფიტები

თიხის ფირფიტები

პაპირუსი

საწერი ფურცლები სპეციალური მცენარის ფოთლებისა და ღეროებისგან მზადდებოდა.

ტყავი

 

იმის გამო, რომ მასალა ძვირი და იშვიათი იყო, ძველ ნაწერს შლიდნენ და ზემოდან ახალ ტექსტს გადააწერდნენ. წიგნების გადაწერას წლები სჭირდებოდა.

მერე კი, მეთხუთმეტე საუკუნეში, პირველი წიგნიც დაიბეჭდა და აქედან დაიწყო ნაბეჭი წიგნის ხანგრძლივი ისტორია…

პირველი ქართული წიგნი იტალიაში დაიბეჭდა. ეს იტალიურ-ქართული ლექსიკონი იყო.

ლექსიკონი ისეთი წიგნია, რომელშიც ანბანის რიგზე ჩამოწერილია სიტყვები და მათი მნიშვნელობები.

ლექსიკონში შეიძლება უცხო ენიდან, მაგალითად, ინგლისურიდან ნასესხები სიტყვები იყოს განმარტებული

ან ქართული სიტყვა ქართულად იყოს ახსნილი.

მაგალითად:

კალამი – წერისათვის განკუთვნილი სასწავლო ნივთი.

დღეს ნაბეჭდის გარდა არსებობს ელექტრონული და ხმოვანი წიგნებიც. მათ წაკითხვა და მოსმენა სხვადასხვა მოწყობილობით შეიძლება.

  

მათთვის, ვინც მცირედმხედველია ან საერთოდ ვერ ხედავს, წიგნები სპეციალური, ბრაილის შრიფტით იბეჭდება.

 

დამატებითი ტექსტი გაკვეთილისათვის:

 

ჩემი უბნის ბიბლიოთეკა

 

სიტყვების ღრუბელი

ალექსის კითხვა ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კომიქსების. ეს ისეთი წიგნებია, რომლებშიც ტექსტთან ერთად ბევრი ნახატიცაა. უფრო მეტი ნახატიც კი, ვიდრე სიტყვები და წინადადებები. თითქოს წიგნს კი არ კითხულობ, მულტფილმს უყურებ.

ალექსის კომიქსების მდიდარი კოლექცია აქვს. რამდენიმე თვითონ იყიდა, ზოგიც მშობლებმა აჩუქეს. კომიქსებით უფროსი დებიც ამარაგებენ. ბევრი კი აქვს, მაგრამ უკვე ყველა წაიკითხა. ასეთ დროს ბებია ეხმარება.

ბებია ბიბლიოთეკარია. ძალიან უყვარს თავისი საქმე. უბნის პატარა, საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობს. ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც ძალიან ბევრი წიგნია შენახული. მიხვალ, კატალოგში შენს წიგნს მოძებნი და პატარა ბარათს შეავსებ. მერე წიგნის შინ წამოღება შეგიძლია, მაგრამ აუცილებლად უნდა დააბრუნო, რომ სხვებმაც წაიკითხონ.

ბებიას არ უყვარს კომიქსები, სხვანაირი წიგნები ურჩევნია, მაგრამ შვილიშვილი ბიბლიოთეკაში მიჰყავს და სასურველი წიგნის მოძებნაში ეხმარება.

ამას წინათ ალექსიმ ბიბლიოთეკიდან ახალი კომიქსი გამოიტანა. ის არა განსაკუთრებული ძალის მქონე სუპერგმირზე, არამედ ერთ ჩვეულებრივ ბიჭზე იყო. ისეთზე, როგორიც ალექსია.

ალექსის პრიალაყდიანი კომიქსები უყვარს, ბებოს – ძველი წიგნების სურნელი. მაგრამ ორივეს ძალიან უყვარს წიგნები.

  • შენ რის კოლექციას აგროვებ?
  • როგორი წიგნია კომიქსი?
  • ვინ ეხმარება ალექსის კოლექციის შევსებაში?
  • სად მუშაობს ალექსის ბებია?
  • რა ინახება ბიბლიოთეკაში?
  • როგორ უნდა მოიქცე, რომ წიგნები შინ წამოიღო?
  • როგორ გგონია, როგორი წიგნები უყვარს ბებიას?

სახალისო ნაწილი

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები ადამიანებისთვის: 

  1. მოუფრთხილდით წიგნებს!
  2. არ ჩაწეროთ და ჩახატოთ წიგნებში!
  3. დროულად დააბრუნეთ წიგნები!
  4. ბიბლიოთეკაში არ იხმაუროთ!
  5. მეხუთე წესი თავად დაამატეთ! 

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები თაგვებისთვის:

  • წიგნის კითხვისას არ მოაღრღნათ ყდა!
  • არ შეჭამოთ წიგნები!
  • განსაკუთრებით ფერად წიგნებს ნუ შეჭამთ! 

წერითი დავალება:

გაიხსენე წიგნთან დაკავშირებული ერთი შთაბეჭდილება და ჩაწერე რამდენიმე წინადადებით.

ზაფხული ჩვენი მღელვარებისა

0

დადგა ზაფხული და გულები აივსო თავისუფლების, დასვენებისა და შთაბეჭდილებების მოლოდინით. ზაფხული ყველასთვის თანაბრად უკავშირდება ისეთ სიხარულს, რომელმაც შემდეგ მთელი წელი უნდა გვკვებოს, გვასაზრდოოს და გვანუგეშოს. ფოთლები ნელ-ნელა რომ შეყვითლდება, ცა უფრო ხშირად რომ მოიქუფრება, დღე უფრო მეტად რომ დამოკლდება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ეს ყველაფერი გაივლის, ისევ მოვა ზაფხული. ეს ბავშვური მოლოდინია და ვფიქრობ, სწორი მოლოდინიც.

სანამ ბავშვი ხარ, ზაფხულისგან მოელი, რომ ის იქნება ბედნიერებით დატვირთული, ისეთი მრავალფეროვანი, რომ სიამოვნებით მოუყვები თანატოლებს მის შესახებ. ხშირად ილაპარაკებ იმაზე, რა სცადე, რა გამოგივიდა და რა ისწავლე; სად იყავი და ვინ გაიცანი; რა წაიკითხე, რას უყურე, რას მოუსმინე და რამ აღგაფრთოვანა.

ზაფხული ამოსუნთქვის პერიოდია, რომელმაც ხელახლა უნდა დაგვბადოს, ხელახლა გაგვაძლიეროს, ხელახლა შეგვამზადოს დაბრკოლებების გადალახვისთვის, ხელახლა მოგვაკრებინოს მენტალური და ფიზიკური ენერგია, რომ ისევ ვიტვირთოთ პასუხისმგებლობების სიმძიმე ამ მსუბუქი, თავისუფალი და შთაბეჭდილებებით სავსე პერიოდის შემდეგ.  სწორედ ამისთვის გაჩნდა ზაფხული.

ბავშვობის შთაბეჭდილებებისა და სიხარულების ერთი სკივრი რომ არსებობდეს, ის უმთავრესად ზაფხულის დღეებში გადახდენილი ამბებით, თავგადასავლებით და სიხარულებით იქნებოდა სავსე. ამ სკივრში იქნებოდა გამარჯვებებიც, ფიზიკური ტრავმებიც, მტკივნეული სულიერი განცდებიც, იქნებოდა შეცნობის, დაკვირვებისა და აღმოჩენის შთაბეჭდილებებიც. ზაფხულში, გაკვეთილებისგან, სკოლისგან, დავალებებისგან მოშორებით, სხვა გაკვეთილები იწყება. ვფიქრობ, საზაფხულო გაკვეთილებიც უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის, მისი სწორი ჩამოყალიბებისთვის, მისი ბედნიერი და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

მას შემდეგ, რაც ვიზრდებით და მშობლები ვხდებით,  ნელ-ნელა გვავიწყდება, რას ნიშნავს ზაფხული ბავშვისთვის და რას მოელის ის მისგან. ახლა, ჩვენი პრაქტიკული გადასახედიდან, გვაქვს ჩვენ-ჩვენი „დიდური“ მოლოდინები, რომლებიც ძალიან განსხვავდება ბავშვების მოლოდინებისგან. უფროსებს გვინდა, ზაფხულისგანაც პრაქტიკული სარგებელი მივიღოთ, ყველა მტკივნეული „ჩავარდნა“ ავანაზღაუროთ, ბავშვს იმდენი დრო არ დავუტოვოთ, რომ გაზარმაცდეს, მოიწყინოს, კალაპოტიდან ამოვარდეს… ვაითუ დაავიწყდეთ ის ყველაფერი, რაც მთელი წლის განმავლობაში დაისწავლეს, დრო და ენერგია დაახარჯეს, ამიტომ ცუდი არ იქნება, თუ გადაიმეორებენ… ის წიგნებიც უნდა წაიკითხონ, რომლებიც არდადეგების დაწყებამდე ჩამოუწერა მასწავლებელმა, მათემატიკაშიც არ აწყენდათ წავარჯიშება, არც ინგლისურის თუ ფრანგულის დახვეწა, არც კითხვისა და წერის უნარის გაუმჯობესება და ასე დაუსრულებლად.

ცოტას თუ დავფიქრდებით, თუ თავსახურს ავხდით ჩვენი ბავშვობის ზაფხულის სკივრს, თუ ძველ ამბებს ამოვქექავთ, მივხვდებით, რომ ზაფხული სწორედ ამ კალაპოტიდან ამოვარდნის პერიოდი იყო. სიხარულის და შთაბეჭდილებების გაუნელებელი პერიოდი, რომელიც შემდეგ ფეიერვერკივით აინთება და გაგვინათებს მოქუფრულ დღეებს, რომელსაც გასდევს მსუბუქი, სასიამოვნო მღელვარების განცდა. ამ სკივრში თუ ჩავიხედავთ, გაგვახსენდება  ყველა ის დღე, როდესაც რაღაც ვცადეთ და გამოგვივიდა, თუმცა წავქცეულვართ კიდეც, მუხლიც გადაგვიყვლეფია და ნაიარევი ყოველთვის გაგვახსენებს ამ მცდელობებს. გაგვახსენდება, როგორ ვისწავლეთ ველოსიპედის მართვა, ცურვა, ვიმგზავრეთ მარტო და გადავლახეთ მარტოობის შიში.

ზაფხულს უხდება კალაპოტიდან ამოვარდნა, მღელვარე, კეთილი მოლოდინებით სავსე განწყობა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოცდა, მოშვება და იმის შეგრძნება, რომ ცოტა ხანს მაინც აღარ არსებობს ვალდებულებები და თავისუფალი ვართ.

აქცენტები ფიზიკის პირველი გაკვეთილის დასაგეგმად

0

მასწავლებლებს ყოველთვის განსაკუთრებული განცდა გვეუფლება, როდესაც ახალ კლასში შევდივართ. სამომავლო ურთიერთობას მეტწილად პირველი შთაბეჭდილება განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის ღირსეულად წარდგენა. გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს იმ დისციპლინის საჭიროების დასაბუთება, რომლის შესწავლასაც მოზარდები ახლა იწყებენ. საგნობრივი ცოდნის დასაუფლებლად წინ რამდენიმე წელი გვექნება. პირველ დღეს კი უნდა ვეცადოთ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება. ამაში დაგვეხმარება ავუხსნათ მოზარდებს – რა უნდა შევისწავლოთ? რამდენად საინტერესოა? რაში გამოგვადგება?

წარმოგიდგენთ პირველი გაკვეთილის სავარაუდო თემატიკას ფიზიკაში. სტატია უმეტესად გამოადგებათ ახალბედა პედაგოგებს. პირველი და აუცილებელი პირობაა მრავალფეროვანი და ვიზუალურად დატვირთული პრეზენტაციის მომზადება. შესაძლებელია, გამოვიყენოთ ვირტუალური ანიმაციები და მარტივი, ეფექტური ექსპერიმენტები.

საუბარი უნდა დავიწყოთ ფიზიკის შესწავლის საჭიროების დასაბუთებით, ფიზიკა ხომ ფანჯარაა ამოუცნობის ამოსაცნობად. სამყაროს შეცნობას კი ვიწყებთ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით. თავდაპირველად მოსწავლეებს ვთხოვოთ, ჩამოთვალონ მათთვის ნაცნობი ადამიანის შეგრძნების ორგანოები.

შეგრძნების რამდენი ორგანო გვაქვს? – ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი ჯერაც არ გაუციათ. არისტოტელეს სკოლის მიმდევრები ამტკიცებდნენ სამყაროს აღქმის ხუთ გრძნობას, თუმცა მათ მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავდათ. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ადამიანს არა ხუთი, არამედ გაცილებით მეტი გრძნობა აქვს. ყველაზე რადიკალურები ოცდაცამეტამდე გრძნობას ითვლიან. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ადამიანს სულ სამი გრძნობა აქვს: სინათლის, მექანიკური და ქიმიური ზემოქმედების აღმქმელი. კლასიკური კლასიფიკაციის მიხედვით ხაზი უნდა გავუსვათ ხუთ ძირითად გრძნობას – მხედველობას, ყნოსვას, გემოვნებას, სმენასა და შეხებას.

უპირველესად ინფორმაციას ადამიანის ტვინი იღებს. თავად ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რაიმე დაინახა, იყნოსა თუ მოისმინა. მანამდე დიდი გზაა და ეს გზა ყოველთვის ტვინამდე მიდის. თავის ტვინი არქმევს ყველაფერს სახელს და განსაზღვრავს მომხდარს. თუმცა ტვინს სპეციფიკური ენა აქვს. ფერადი სიუჟეტი თუ სასიამოვნო მელოდია, მისთვის სრულიად გაუგებარია. გრძნობათა აღქმის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი ადგილი სწორედ ასეთი ინფორმაციის ტვინის ენაზე თარგმნას უკავია.

გრძნობის ყველა ორგანოს საკუთარი „თარჯიმანი“ ჰყავს: თვალს – ბადურა, ყურს – ლოკოკინა… ეს სტრუქტურები გარედან მომდინარე ინფორმაციას ნერვულ იმპულსებად გარდაქმნიან. იმპულსი ამა თუ იმ ნერვის საშუალებით თავის ტვინამდე მიდის და სწორედ ამ დროს ვხედავთ, გვესმის, შევიგრძნობთ სითბოს, სიცივეს, სუნსა თუ გემოს. ლოგიკურად, ტვინი ხედავს, ტვინს ესმის, ტვინი შეიგრძნობს…

თვალი ურთულესი ოპტიკური სისტემაა, იგი ფოტოაპარატს მოგვაგონებს – სხივებს გარდატეხს, ფოკუსირებას ახდენს და ანალიზატორისკენ გზავნის. თუმცა გაცილებით მაღალორგანიზებული და დახვეწილია, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური აპარატი, გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა და სხვა ოპტიკურ სისტემებზე გაცილებით დიდ მიზანსაც ემსახურება. ეს ის ორგანოა, ურომლისოდაც ჩვენთვის შეუცნობელი დარჩებოდა კოსმოსი, ცა, გარემო, ფერი, სინათლე, სილამაზე… მხედველობა ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობის ორგანოა. გარემოდან მომდინარე ინფორმაციის 80%-ს სწორედ თვალის საშუალებით აღვიქვამთ.
დაქვეითებული მხედველობის ადამიანებს მეტად აქვთ განვითარებული სმენის, გემოვნების, შეხების და ყნოსვის შეგრძნებები. ტვინი თითქოს ერთგვარად გადაეწყობა, რომ შეძლებისდაგვარად უკეთ მოახერხოს გარემოსთან ადაპტირება.

როგორ ვხედავთ? – იმისთვის, რომ დავინახოთ, ინფორმაცია ჯერ თვალმა უნდა დაამუშაოს, მერე კი – ტვინმა გადაამუშაოს. თვალი მასში მოხვედრილი სინათლის სხივების ელექტრულ იმპულსად გარდაქმნას უზრუნველყოფს. ნერვულ იმპულსად დაშიფრული ინფორმაცია მხედველობის ნერვს თავის ტვინამდე მიაქვს, სადაც აღიქმება კიდეც დანახული ობიექტი.

სწორედ თვალით დაიწყო ადამიანმა სამყაროს შემეცნება. ასე გაჩნდა ბუნების შემსწავლელი სხვადასხვა მეცნიერება: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ასტრონომია. ვიზუალური გარემოს შესწავლით დაიწყო ფიზიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება და შემდგომი განვითარება. ფიზიკა არის მეცნიერება გარემოში მიმდინარე პროცესების შესახებ. სიტყვა „ფიზიკა“ წარმოქმნილია ბერძნული სიტყვისაგან ფიუზის“, რაც ბუნებას ნიშნავს. ეს ტერმინი პირველად გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოღვაწე დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში.

ბუნებაში მიმდინარე მოვლენებსა და მათ აღმოჩენას, რომლებმაც საბუნებისმეტყველო და ზოგადად, მეცნიერების განვითარება გამოიწვია, სწორედ ფიზიკის კანონები უდევს საფუძვლად; გეოგრაფები ფიზიკის აღმოჩენებსა და კანონზომიერებს ეყრდნობიან, როდესაც იკვლევენ მიწისძვრებს, წიაღისეულს, ქანებს, ქარებსა და ა.შ. ფიზიკა ეხმარებათ ასტრონომებს, გამოიკვლიონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა – პლანეტების მზის გარშემო ბრუნვა, ვარსკვლავთა ნათება, ეგზოპლანეტებზე დაკვირვება, სხვადასხვა გალაქტიკების შესწავლა და ახლის აღმოჩენა, ზოგადად, კოსმოსის ყველა საიდუმლოება. ფიზიკის დახმარებით იკვლევენ ბიოლოგები ცოცხალ ორგანიზმებს – სისხლის მიმოქცევას, ბგერების გამოცემასა და მათ აღქმას, სუნთქვას, მხედველობას და ა.შ. ხაზგასასმელია ფიზიკისა და ქიმიის ურთიერთკავშირი. სამყაროში მიმდინარე მოვლენათა უმრავლესობა ერთდროულად გულისხმობს ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს.

სასურველია, მოსწავლეებს ვთხოვოთ, დაასახელონ ბუნებაში მიმდინარე მოვლენები. სავარაუდო ჩამონათვალში იქნება ფოთოლცვენა, ჭექა-ქუხილი, წვიმა, თოვა, მირაჟი, ოპტიკური ილუზია, დაღამება, გათენება, ახალმთვარეობა, მზის და მთვარის დაბნელება და სხვა. მოსწავლეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შევეცადოთ, მათთვის გასაგები ტერმინებით შევუქმნათ წარმოდგენა თითოეულ დასახელებულ მოვლენაზე.

ერთი რომელიმე მოვლენა განვიხილოთ დეტალურად. მაგალითად, ფოთოლცვენა – რა პროცესები მიმდინარეობს ფოთოლში მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე, აღმოცენებიდან ფოთოლცვენამდე და ვიდრე ლპობამდე. მოსწავლეებს უნდა განვუმარტოთ, რომ ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ პროცესებს შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. უნდა გავმიჯნოთ, სად იწყება და სად სრულდება ფიზიკური პროცესი.

  • ფიზიკური მოვლენების დროს ნივთიერება ქიმიურად არ იცვლება.
  • ქიმიურ მოვლენებში ერთი სახის ნივთიერება გარდაიქმნება მეორე სახის ნივთიერებად.
  • ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ ბუნებაში მიმდინარე ყველას პროცესს.

მოსწავლეთა მხრიდან დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხისთვის, ცხადია, გამოიკვეთება ახალი ცოდნის დაუფლების საჭიროება. ეს ის მომენტია, როდესაც გვაქვს საშუალება, განვამტკიცოთ ჩვენი საუბრის მიზანი, რომ ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც ფიზიკის სფეროში დაგებადებათ, საჭიროებს სისტემატურ მეცადინეობასა და ძველ ცოდნაზე ახლის დაშენებას.

ფიზიკური მოვლენები შეიძლება დავყოთ შემდეგ კატეგორიებად: მექანიკური, ელექტრული, მაგნიტური, ოპტიკური, სითბური, ატომური. ადამიანი სამყაროს ყოფს ორ ნაწილად: მიკროსამყარო და მაკროსამყარო. ვაჩვენოთ მოსწავლეებს ერთი საინტერესო ვიდეო:

 

ვიდეოს ჩვენების შემდეგ ეფექტური იქნება საუბარი მიკრო- და მაკროსამყაროებზე. მიკროსამყაროს შესასწავლად ვიყენებთ მიკროსკოპს. მიკროსამყაროს ამოცნობაშია სწორედ ის გასაღები, რაც ჭეშმარიტების გარკვევაში გვეხმარება. ფიზიკის ამ ნაწილს კვანტური ფიზიკა ეწოდება, რომელსაც მომავალში შეისწავლიან მოზარდები. უმნიშვნელოვანესია, მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ უმცირესი ზომის ნაწილაკები განსაზღვრავენ მაკროსხეულების არსებობას და მის თვისებებს. მაკროსამყაროს ვაკვირდებით ტელესკოპებით. იმის მიუხედავად, რომ მიკრო- და მაკროსამყაროები ზომებით კატასტროფულად განსხვავდებიან ერთანეთისგან, მათი სისტემური აგებულება ერთმანეთის მსგავსია უნიკალური აგებულებით, საოცრად მოწესრიგებული სტრუქტურითა და მრავალფეროვნებით. ფიზიკა მოსწავლეებს სთავაზობს მოგზაურობას ამ საოცრებაში. ვიმოგზაუროთ და შევიმეცნოთ სამყარო მისი კანონზომიერებებითა და სიდიადით.

ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა, აკვირდებოდა გარემოს, შეძენილი ცოდნით კი იუმჯობესებდა ყოველდღიურ ცხოვრებას. თანდათან ისწავლა ცეცხლით გათბობა, ხის დამუშავება, სიმძიმეების აწევა, ლითონის მოპოვება და დამუშავება; მინის დამზადება და ბოლოს თანამედროვე სახლის აშენება. პრაქტიკული მოთხოვნილებების გარდა, ასევე მნიშვნელოვანი იყო ცნობისმოყვარეობა, რომელიც უბიძგებდა ადამიანს, ეფიქრა და სათანადო პასუხები გაეცა იმ კითხვებზე, რომლებსაც საკუთარი თვალით ხედავდა: რატომ დაფრინავს ჩიტი? რატომ ანათებს და სად ჩადის მზე? სად იკარგება და მერე ისევ ჩნდება მთვარე? რატომ წარმოიქმნება ელვა? რატომ არსებობს წელიწადის სხვადასხვა დრო? რა არის ვარსკვლავი? როგორ შეიქმნა სამყარო?

დაგროვილ ცოდნას ადამიანები თაობებს გადასცემდნენ და ასე დაიწყო ზოგადად მეცნიერების, მათ შორის ფიზიკის განვითარება. ფიზიკის მიღწევების დამსახურებაა რადიო, ტელევიზია, ავტომობილი, თვითმფრინავი, მობილური, კომპიუტერი, ინტერნეტი, კოსმოსური ხომალდი, სატელიტური ანტენა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება და უამრავი სხვა კომფორტი, რომელთა გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის არსებობა. ფიზიკა გვეხმარება თავი ვიგრძნოთ მეტად დაცულად, გავიუმჯობესოთ ყოფა-ცხოვრება და ზოგადად, დავიკმაყოფილოთ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა.

საინტერესო იქნება, ვკითხოთ მოზარდებს ცეცხლის მოპოვების, გათბობის, განათების, მიწის დამუშავების, ტრანსპორტის, ინფორმაციის მოპოვებისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციის ადრეული და თანამედროვე საშუალებების შესახებ. დისკუსია მსგავსი საკითხების ირგვლივ მოსწავლეს უამრავ ისეთ პასუხგაუცემელ კითხვას გაუჩენს, რომლის სიღრმისეულად გაგებისთვის სწორედ ფიზიკის შესწავლაა საჭირო. კარგი იქნება მოსწავლეებს მარტივი ენით ვესაუბროთ ავტომობილის მუშაობის პრინციპის შესახებ. ავტომობილის ყველა კომპონენტის მუშაობა დამყარებულია ფიზიკის კანონზომიერებზე. ნებისმიერი ავტომობილის ეფექტურობისა და უსაფრთხოების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება ფიზიკის კანონების ინტერპრეტაციითა და გამოყენებით მოხერხდა.

  • მანქანის დიზაინის შექმნისას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმძიმის ცენტრის განსაზღვრას, რაც ხელს უწყობს მანქანის მოძრაობის სტაბილურობასა და მართვის პროგნოზირებას;
  • ძრავის მუშაობა და მისი ეფექტურობა დამყარებულია თერმოდინამიკის კანონებზე. საწვავის მოხმარება, წვის პროცესი, სითბოს გადაცემა, გამონაბოლქვის შემცირება და სიმძლავრის განსაზღვრა;
  • მანქანების მოძრაობაზე პასუხისმგებელია ნიუტონის კანონები და სხეულთა ბრუნვითი მოძრაობის კანონზომიერებები;
  • ავტომობილის ექსტერიერის დიზაინის შექმნისას ითვალისწინებენ აეროდინამიკის კანონებს, რათა მანქანას მოუწიოს ჰაერის მინიმალური წინააღმდეგობის დაძლევა. ასევე, საწვავის მოხმარების შემცირებით შეძლოს დიდი სიჩქარის განვითარება;
  • ფიზიკა ასოცირდება უსაფრთხოების სისტემის დიზაინთან. ფიზიკის კანონებზე დაყრდნობით ხდება აირბალიშების სისტემების განლაგება და უსაფრთხოების ღვედის დამონტაჟება. აირბალიშები განაპირობებენ იმპულსის გადაცემასა და ენერგიის შთანთქმას;
  • მანქანის მუშაობასა და გამძლეობას განსაზღვრავს ის მასალა და შენადნობები, რომლებიც შეირჩევა სწორედ ფიზიკის კანონების გამოყენებით;
  • საბურავების დიზაინი და მისი კედლების სიმტკიცე შეირჩევა შესატყვისი ხახუნის ძალის შესაბამისად. საბურავებისთვის იყენებენ რეზინის ისეთ ნაერთებს, რომელიც აუმჯობესებს მანქანის მთლიან მუშაობასა და უსაფრთხოებას;
  • თანამედროვე სამუხრუჭე სისტემების შერჩევა სწორედ ხახუნის ძალისა და ენერგიის გარდაქმნის პრინციპის გათვალისწინებით ხდება. დაბლოკვის საწინააღმდეგო დამუხრუჭების სისტემები (ABS) იყენებენ სენსორებსა და საკონტროლო ალგორითმებს, რათა თავიდან იქნას აცილებული გადაუდებელი დამუხრუჭების დროს ბორბლის ჩაკეტვა;
  • ელექტრომობილები ელექტრულ ენერგიას  მექანიკურ ენერგიად გარდაქმნიან. ელექტროსქემები განსაზღვრავენ ძრავის ეფექტურობას. დამუხრუჭების დროს მიღებული კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად, რომლითაც ხდება მანქანის ბატარეის დატენვა. ეს კი იძლევა ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას;
  • ჰიბრიდულ ავტომობილებში ელექტროძრავა და ბენზინის ძრავა ენერგიის მოხმარების ეფექტურობას განაპირობებენ.

ავტომობილის მუშაობის პრინციპის განხილვა მოიცავს ისეთ განმარტებებსა და საკითხებს, რაც მე-7 კლასის მოსწავლისთვის სიახლეა და შესაძლებელია გამოიწვიოს გაუგებრობა. ამ საკითხის შეტანა გაკვეთილზე უნდა მოხდეს მოზარდისთვის მარტივად, მათთვის გასაგები ტერმინოლოგიით.

ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, მატერია ეწოდება. არსებობს ადამიანის თვალისთვის ხილული და უხილავი მატერია. მატერიის ერთ-ერთი სახეა ნივთიერება. ჩვენ ირგვლივ სხეულები და ნივთიერებები, რომლებისგანაც ეს სხეულები შედგება, მატერიალურია. არსებობს მატერიის სხვა ფორმაც – ველი. მაგ, გრავიტაციული ველით ურთიერთქმედებს დედამიწა სხვა სხეულებთან. ელექტრომაგნიტური ველის დახმარებით შეიქმნა თანამედროვე ცხოვრების ყველა კომფორტი და უპირატესობა.

ფიზიკური მოვლენების შესწავლისას თავდაპირველად მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდსჰიპოთეზას მოვლენის მიზეზების, მისი მიმდინარეობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც მოწმდება დაკვირვებით. ბევრი მოვლენის შესახებ ცოდნა ადამიანმა დაკვირვების შედეგად მიიღო. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დაკვირვება საკმარისი არ არის და საჭიროა ცდის, ექსპერიმენტის ჩატარება. შესაბამისი მოვლენის კვლევა-ძიება მიმდინარეობს ხელოვნურად შექმნილ პირობებში – ლაბორატორიაში. მეცნიერებაში ერთი უბრალო ცდით დასაბუთება ბევრად მეტად ფასობს, ვიდრე ათასი ავტორიტეტი ერთად, – ამბობდა გალილეო გალილეი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ექსპერიმენტული ფიზიკის ფუძემდებელი. ფიზიკას ექსპერიმენტულ მეცნიერებას უწოდებენ. დაკვირვებულ მოვლენაზე გამოთქმული ჰიპოტეზის ჭეშმარიტებას მეცნიერები ექსპერიმენტის საშუალებით ამოწმებენ. ახალი აღმოჩენა სწორედ ჰიპოტეზის ექსპერიმენტით დასაბუთებით მტკიცდება. მეცნიერების ისტორია იცნობს უამრავ შემთხვევას, როდესაც საუკუნეების განმავლობაში აღიარებული შეხედულებები ცდით არ დადასტურდა. ახალი აღმოჩენის დადასტურება სწორედ ექსპერიმენტის შედეგებს ეყრდნობა.

ფიზიკის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასურველია მოზარდის დაინტერესება ვიზუალიზაციით, ექსპერიმენტებით, ვირტუალური ლაბორატორიით. მოსწავლემ თეორიულ განმარტებებთან ერთად იგივე საკითხი უნდა დაინახოს სხვა შესაძლებლობებით; კერძოდ, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით, ცდებით, ანიმაციებით, სამეცნიერო ფილმებით, გრაფიკული ორგანიზატორებით, ცხრილებით, დიაგრამებით, სხვადასხვა საგნის ინტეგრაციით, წარმოსახვით, პრეზენტაციების მომზადებით, პროექტებზე მუშაობით. მნიშვნელოვანია ავხსნათ, ამა თუ იმ ფიზიკური მოვლენის აღწერის შემდეგ რატომ გვჭირდება შესაბამისი სიდიდეების, ერთეულების, ფორმულების შემოტანა.

მოსწავლეებს უნდა ვესაუბროთ იმაზე, რო ფიზიკის შესწავლა მხოლოდ მოვლენის სიტყვიერი აღწერით ვერ მოხერხდება. ნებისმიერი ფიზიკური პროცესის ახსნისას საჭირო ხდება ახალი სიდიდის შემოტანა, რომელიც დაგვეხმარება ამ მოვლენის ფიზიკური შინაარსის აღწერაში და შემდგომი გამოთვლების განხორციელებაში. აქვე თავს იჩენს მოცემული სიდიდის გასაზომი ერთეულების შემოტანის აუცილებლობა. ახალი სიდიდე კი უკვე ნაცნობ სიდიდეებს უკავშირდება დადგენილი კანონზომიერების შესატყვისი ფორმულებით. აღმოჩენებსა და იმ კანონზომიერებებს, რომლებსაც მეცნიერები ასაბუთებენ, სჭირდება მათემატიკური აპარატის გამოყენება. ეს კი გულისხმობს თეორიული ინფორმაციის ფორმულებით ჩაწერას. ამა თუ იმ საკითხის შესასწავლად უმეტესად ვიყენებთ შემდეგ თანმიმდევრობას:

მოვლენაექსპერიმენტისიდიდეერთეულიფორმულა

ზოგადად, ფიზიკის გაკვეთილის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტები:

  • დასახული მიზნის მისაღწევი მეთოდების და სტრატეგიების განსაზღვრა;
  • სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება, რაც აუცილებელია სხვადასხვა სწავლის სტილის მოსწავლეთა ინტერესების დასაფარად;
  • ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად გამოსაყენებლად შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • შესაბამისი დავალებების შერჩევა ლოგიკურ აზროვნებისა და მათემატიკური ოპერაციების შესრულების უნარების გასავითარებლად;
  • ეფექტიანი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, გაკვეთილების დაგეგმვა სადემონსტრაციო ცდების, ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით;
  • ისეთი დავალებებისა და ამოცანების შერჩევა, რომ უფრო ხშირად გამოვიყენოთ ნახაზები, პლაკატები, სურათები, გრაფიკული მახასიათებლები.

სტატიაში ვისაუბრე იმ აქცენტებზე, რომლებზეც ვფიქრობ, სასურველი იქნება ყურადღების გამახვილება. წარმოდგენილი მასალა მოცულობითია და ის ერთი გაკვეთილის ფარგლებში ვერ მოექცევა. შესაძლებელია, პედაგოგმა წაკითხული საკუთარი უკეთესი იდეის განსახორციელებლად გამოიყენოს.

გაკვეთილი აუცილებლად დასრულდება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვით. ვთხოვოთ მოსწავლეებს, მათი კითხვების მიხედვით დაამზადონ პოსტერი ან პრობლემების ხე და გააკრან თვალსაჩინო ადგილზე. სამომავლოდ დადგება ამ კითხვების პასუხის გაცემის დრო.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ფიზიკა- ქ.ტატიშვილი; მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი;

ფიზიკა – მ.ტუღუში, თ.შენგელია, თ. შენგელია, გ. ლომიძე; მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი;

ფიზიკა – ე. ბასიაშვილი, მოსწავლის წიგნი, მე-7 კლასი

https://www.geeksforgeeks.org/applications-of-physics-in-automobile/.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...