სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ორნახადის სიყვარულით

***

მე და ღვინჯო სტუდენტობის მერე პირველად აღმოვჩნდით ერთად ავტობუსში და მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან მივდიოდით, მაინც უნივერსიტეტთან ჩამოვედით.

 

***

შემოდგომაზე ქალაქგარეთ თუ გაისეირნებთ, ნიჩბისიდან აუყევით დიდგორის გზას. სოფელშიც ბევრია სანახავი – უმზეურის ეკლესია, თავკაპიწას სასახლის ნანგრევები, სასხორის წმინდა გიორგის საყდარი, ციციშვილების ციხესიმაგრე… მერე შეუყევით დიდგორის წითელ-ყვითელ ტყეებს, რომლებიც სავსეა ანწლით, თრიმლით, ასკილით, ხმელი დიყით (უფრო საშემოდგომო თაიგულის მოსართავად). ზაფხული ისევ მოვა, თქვენ მაგაზე არ იდარდოთ.

 

***

ნიჩბისის მაღაზიაში ქარხნის ყველს ყიდიან. სოფლებს საძოვრები აღარ აქვთ, კერძო მესაკუთრეების ხელშია მიწა. კავთისხეველები კიდევ უფრო ცუდ დღეში ყოფილან. ნიჩბელებმა, მაწვნით მოვიკითხავთ ხოლმეო. ადრე თუ 500 ძროხას გადენიდნენ, ახლა ნახირში 50 სულიაო. ძალიან კარგია ეს თვალმახარა ნუშის ბაღები, მაგრამ ნუშის რძეზე გადავიდეთ? მა ძროხის კაპუჩინო?!

 

***

რიგის ქუჩაზე მოხუცი ქალი შემომხვდა წაბლებით ხელში.

 

– შვილო, ეს გაისამდე უნდა შევინახო, არა?

– როგორც გნებავთ.

– ვაიმე, ვინმემ რომ გადამიყაროს, რა ვქნა, ჰა?! ვინმემ რომ გადამიყაროს?

– აი, მე ჩანთის ფარულ ჯიბეში შევინახე.

 

მე ჩემი სიბერე დავინახე, იმან  – თავისი ახალგაზრდობა.

 

***

ერთ ზაფხულობით კოჯორში ვისვენებდით. დილაობით მეფუნთუშე ჩამოივლიდა ხოლმე, ორი დიდი ჩანთით. ჩვენ ყველაზე დიდები და დაბრაწულები ამოვიჩემეთ, ნიგვზიანი გულსართით. ერთხელაც ლევანს ვეუბნები, იმ ქალის მოსვლამდე არ ავდგეთ და ფუნთუშების ლოდინსაც ადვილად გავუძლებთ-მეთქი. მზე რომ მოადგა ფანჯარას, ცუდად მენიშნა და დიასახლისს გავძახე, ის ქალი ხომ არ გამოჩენილა-მეთქი. ჩაიარა უკვე, ეტყობა ჩაგეძინათო. თმაგაწეწილი ქუჩაში გავვარდი, კოჯრისთვის წრის დარტყმას ვინ ჩივის, ყველა ეზოში შევირბინე, მეფუნთუშე აქ ხომ არ არის-მეთქი. თან ყველგან იმ ქალის მაღალი შლაპა მელანდებოდა. ვერ დავეწიე, კვალს ვერ მივაგენი. ხელცარიელი, მაგრამ ათლეტი დავბრუნდი.

 

***

ყველა სარეკლამო მესიჯს წაუკითხავად ვშლი, რომელიც იწყება ასე: რუსუდან, იჩქარე…

ამათ ჩემი სიარულის ტემპი არ უნახავთ, თავსხმაშიც კი.

 

***

მამაჩემმა ის ვერ მითხრა, წონაში მოგიმატიაო და ინგა გრიგოლიას ნამეტანი დოუკლიაო.

 

***

ავტობუსმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, ქალს ჩანთა დაუვარდა და სიცილი აუტყდა, ვაიმე, ორიანს მივიღებო. მარტო მე და ის ვიცინოდით.

 

***

თქვენ გაქვთ 360 ღიმილი, მეუბნება ფარმაცევტი. დავრჩი გაღიმებული და ეგაა.

 

***

ლევანი ბრუნდება ლაშქრობიდან, მატასი ეხუტება: მა, ბუნების სუნი გაქვს.

 

***

დააინიციირო – კითხვის ტემპს აგდებს, დანარჩენი ვნახოთ.

 

***

„საბას“ ჟიურის ორჯერ წევრობა უდრის მაგისტრის ხარისხს ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში.

 

***

ლაპის ლაზული

 

წლების წინ ოლესია თავაძის თავისუფლების დღიურში ამოვიკითხე: „თიბვისას ჩემი ლაზურიტები გამიწყდა (კიდევ კარგი, გათიბულში). ავხიკე, ავასხამ.“ წელს გათიბულზე ეს კადრი ისევ გამახსენდა და ლაჟვარდის მძივი ვიყიდე. მთელი ზაფხული ყელიდან არ მომიშორებია, ღამითაც კი.

 

***

ბავშვობაში რაჭაში ვისვენებდით. ხან ვინ მომიტანდა ერთი უთქმელი ბიჭის ამბავს და ხან ვინ. მოსწონხარ, მოსწონხარ, გიჟდება შენზეო. ერთხელაც გაბედა, პანსიონატის კინოში უკან დამიჯდა და ჩემს ვარდისფერ ბაფთას უყნოსა. ვიგრძენი კიდეც და ბიჭების სიცილითაც მივხვდი.

 

სოხუმი რომ დაეცა, პირველად რამაც გამიელვა თავში, ეგ იყო  –  სადაა ძაძამია?!

 

***

ნებისმიერ ამბავს გამოხდა სჭირდება, ლიტერატურად რომ იქცეს. აი, კარგი მოთხრობა მთლად ორნახადი უნდა იყოს.

 

***

სახურავიდან წვიმა ჩამოვიდა. ისეთი წიგნები დამისველდა და ისეთები გადამირჩა, სადღაც მხოლოდ საუკეთესოს კითხულობენ.

 

***

ხალხი ვიცი, ქუჩაში მისალმება ვერ ვასწავლე და დღეს ფეისბუქზე გამოუდიათ: გამარჯობა, შემოდგომა!

 

ოჰ, გაგიმარჯოს, გენაცვალე!

 

***

მამაჩემს ყავას რომ შევთავაზებ, პატარა ჭიქითო, ხელით მანიშნებს. მე კიდევ სულ დიდი ჭიქები მაქვს, ჩაისთვის. ამ ზაფხულს რამდენჯერმე რომ გადადო ნიჩბისში ამოსვლა, ბოლოს პატარა ჭიქა ვიყიდე და დავურეკე, ახლაც არ ამოხვალ-მეთქი.

 

შესანიშნავია, დუდი, შესანიშნავი! – არ ვიცი, ყავა მოსწონდა თუ ამბავი, საგანგებოდ რომ გავისარჯე.

 

***

სადღაც იქიდან ისმის ხოლმე ტურების კივილი. ნიჩბელი ძაღლებიც აიჯაგრებიან, ხევის პირას დადგებიან და გაბმულად ყეფენ.

 

***

ცხოვრება 80 წლის მერე

 

„მამა, ვალტერს ვურეკავ და რეგისტრირებული არ არისო. რამე ხომ არ მოუვიდა უბედურს?!“

 

***

„გრამატიკაში დედნის ასლი ვარ.“

 

გრამატიკას შენგან ვსწავლობო, მატასიმ.

 

***

სოფელში მხოლოდ ლოკის თანხლებით დავიარები. ჭიშკარს გავცდები თუ არა, შავი ძაღლიც ამედევნება და სახლამდეც აუცილებლად მიმაცილებს. სხვათა შორის, გლახა საქციელში იყო შემჩნეული თეთრ ნაგაზთან ერთად. რა ჰქონდათ გასაყოფი არ ვიცი, მაგრამ ძროხებთან და ღორებთან ჩხუბობდნენ. სოფელი კიდევ ამათზე მეტად დაუნდობელი აღმოჩნდა და არ მოვუთმენთო… ამიტომაც ბელი ეზოში გამოამწყვდიეს, ამფსონის გარეშე დარჩენილმა ლოკიმ კი გამცილებლად დაიწყო მუშაობა.

 

***

რ.რ.: გავალ ბაღში, მივხედავ ცოტა.

ლ.ც.: ცხელა ჯერ. სანამ ძაღლი არ გადის გარეთ, შენც არ უნდა გახვიდე.

 

***

FAQ

 

„ექიმი ბრძანდებით?“

„მოიცა, არ ხარ ფილოლოგი?“

 

არა და არა.

 

***

ქუჩაში უცებ ვგრძნობ კისერზე შეხებას. თან მესმის: „რომ არ გამესწორებინა არ შემეძლო, იარლიყი გქონდათ ამობრუნებული.“ სანამ გონს მოვედი, ახალგაზრდა ქალმა ნერვიული ნაბიჯით გამასწრო. თან თმას ისწორებდა ორივე ხელით.

 

***

მაღაზიის მეპატრონე ტელეფონზე ლაპარაკობს, საჩვენებელი თითით მანიშნებს, ერთი წუთი მადროვეთო.

 

– კი, ისევ გვაქვს. თუ ღამე არ გეძინათ და ბორგავდით, უნდა იყიდოთ აუცილებლად.

– მესმის, აღარ გაუშვათ ხელიდან.

-.

– ახლა წარმოიდგინეთ, როგორი იქნება თქვენს სახლში… წარმოიდგინეთ?

– ჰოდა, გელოდებით!

 

მე კი არაფერი მიყიდია, მაგრამ ამ მაღაზიაში კიდევ შემოვივლი.

 

***

წისქვილის გასაღებზე გაგზავნა დიდი პატივი იყო, ყოველ შემთხვევაში, ბავშვები ასე აღვიქვამდით. გასაღები ოჯახებს მონაცვლეობით ჰქონდათ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. დაბლაგვებული ქვის მოკოდვის ხარჯს ყველა ინაწილებდა ბალავაძეები, ღვინერიები, რუხაძეები, კიკაჩეიშვილები, ხაბეიშვილები… ხანდახან მოწილეები დღეებს უცვლიდნენ ერთმანეთს, ან შეუთვლიდნენ – სტუმრები მყავს, მასისხე ან ჩამომაღერღიე. წყლის ჩაგუბება ბიჭებს ევალებოდათ, გოგოები პატარა ცოცხით ვასუფთავებდით იქურობას. ვლაპარაკობდით ცოტას და ხმამაღლა, რომ წისქვილის ხმა გადაგვეფარა. საღამოს იქვე ვიჭერდით ღორჯოებს და კიბოლეებს (კიბორჩხალებს). შეწვისას, რა თქმა უნდა, საფანელად სიმინდის ჯერ კიდევ თბილ ფქვილს ვიყენებდით.

 

ვისი დღეც იყო, კიბეზეც ის იჯდა – იმ დღის მეწისქვილე, იმ დღის მასპინძელი.

 

***

ბებიაჩემს ნაბოლარა და რომ მოენატრებოდა და შვილიშვილებს თავისახლისკენ გაგვიძღვებოდა, ბამბუკის ჯოხზე დაყრდნობილი შატულია სიხარულით შემოგვეგებებოდა –  სად რაია, კი იცით, თქვენც ჭამეთ და მეც მაჭამეთო. ვახშმის სამზადისს ყველანი ერთად შევუდგებოდით, სუფრას გავშლიდით, მეზობლებსაც მოვიწვევდით და გემრიელად მოვილხდენდით. მერე ჩვენივე თეფშებით სიმაღლის მიხედვით დავეწყობოდით, ასწლოვანი კოპიტის ძირას მოჩუხჩუხე წყაროსკენ გავემართებოდით, დავრეცხავდით და საშრობზე რიგ-რიგობით ჩამოვალაგებდით. ჭელიძეებში ლხინი კარალიოკებს შორის გაბმულ ჰამაკებში ნებივრობით სრულდებოდა.

 

რაც ასაკი მემატება, სულ უფრო მომწონს შატულიას წესი.

 

***

ლ.ც.: ამ დილითაც ოფოფი იყო მოსული.

რ.რ.: და რა იცი?

ლ.ც.: დავინახე! შენ გგონია, წერილი დატოვა, ვიყავი, არ დამხვდით, ხვალაც შემოვივლიო?

 

***

მე და მატასის შლაპუნა არ გვეუცხოება. მგონი, 2-3 წლის წინ დაწერა ფეისბუქზე ძვირფასმა ანა ჭაბაშვილმა და მაშინვე ძალიან მოგვეწონა.

 

შარშან კი ამიწყდა და რიგის ქუჩა ფეხშიშველმა ავიარე.

 

***

Mastsavlebeli.Ge რომ არა, ჩემს ჩანაწერებს ვერასოდეს მოვუყრიდი თავს. თან გაირკვა, რომ 200 გვერდამდე ყოფილა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“