სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მსოფლიოს ცხრა აკრძალული მწვერვალი – ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილისთვის

ნაწილი მეორე

„მამაჩემისთვის მთებში სიარული, ეკლესიაში სიარულის ტოლფასი იყო“.

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი,  ინგლისელი მწერალი (1894-1963),

რომანის „საოცარი ახალი სამყაროს“ (ინგლ. Brave New World) ავტორი

 მსოფლიოს ხალხების მითოლოგიაში მთის არქეტიპი ყოველთვის არსებობდა და მისი მნიშვნელობა ადამიანის მიერ სამყაროს აღქმაში ყოველთვის განუზომლად დიდი იყო. მთის ან მწვერვალის თაყვანისცემა საერთო საკაცობრიო კულტურულ უნივერსალიას წარმოადგენს და მიუხედავად მდებარეობისა, ყველგან არის გავრცელებული. სინას მთა (ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე), მთა არაფატი (საუდის არაბეთში), ტაი-შანი (ჩინეთში) თუ პოპოკატეპეტლი (მექსიკაში) სხვადასხვა კონტინენტისა და ხალხების წმინდა მთებია.

 როგორც ჩანს, მთების, პირველ რიგში როგორც გეოგრაფიული ობიექტის სიდიადე ყოველთვის პატივისცემის გრძნობას აჩენდა ადამიანში. „მსოფლიო მთის“ არქეტიპი, სამყაროს ორნაწილიან მოდელს გულისხმობს, რომელშიც ადამიანთა სამყარო (მთის ძირი) და ღმერთების სამყარო (მთის მწვერვალი) ერთმანეთისგან მკაცრად არის გამიჯნული და სამყაროებს შორის საზღვარი მთაზე გადის.

ასე, ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღმერთები, ელვისა და ქუხილის ღმერთის, ზევსის წინამძღოლობით, თესალიისა და მაკედონიის საზღვარზე მდებარე ოლიმპოს მთაზე ცხოვრობენ.

ძველ არიელთა წარმოდგენების თანახმად, არიელთა ღმერთები მთა ჰარა-ბერეზაითზე (იგივე სუ-მერუზე) ცხოვრობდნენ და არიელთა ინდოელებად და ირანელებად გაყოფის შემდეგ, ღმერთებმა თავიანთი სასუფეველი მთა დემავენდზე (ალ-ბორზის მთაგრეხილი, ირანი) და კაილაშის (ჰიმალაი, ჩინეთი) მწვერვალებზე დააფუძნეს.

ბუდიზმის მიმდევართათვის, მთები, ბოდ(ჰ)ისატვების საცხოვრებელია (ბუდიზმში, ბოდჰისატვა გახლავთ ადამიანი, რომელმაც შეიძინა გამოღვიძების, ანუ ბუდად გახდომის უნარი. ბოდჰისატვა გულწრფელად თანაუგრძნობს ყველას, ვისაც ჯერ არ მიუღწევია ევოლუციის ამ უმაღლესი საფეხურისთვის და/ან უარს ამბობს ბუდად ქცევაზე, რათა ყველა ადამიანი მიიყვანოს ხსნამდე). იგივე მნიშვნელობა აქვს მთებს იაპონურ ტრადიციულ რწმენაში, შინტოიზმში, სადაც მთები წმინდანთა და ღმერთთა საცხოვრებელია და ისინი ადამიანის აქტივობის სივრცედ არასოდეს ქცეულან.

#4. მეილის თოვლიანი მთები (ჩინ. 梅里雪山; მეილი შუე-შან), ან ტიბეტურად, სმინ-გლინგ-განგ-რი (སྨིན་གླིང་གངས་རི།,), ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, იუნნანის პროვინციაში მდებარეობს და დასავლეთით, ტიბეტის გულს, უ-ცანგის რეგიონს ესაზღვრება. მეილის, სხვაგვარად, უფლისწულის მთიანი მასივის უმაღლესი მწვერვალი, მთა კავაგარბო/კავაკარპო (სიმაღლე: 6,740 მ, დ’ცინის ავტონომიური რაიონი) ტიბეტელი ბუდისტების წმინდა მთად ითვლება და მათთვის, კავაგარბოს მარადი თოვლით დაფარული მწვერვალი, ტიბეტური ლეგენდის თანახმად, მკვდარი უფლისწულის, კავაკარპოს, რეინკარნაციას წარმოადგენს და უფლისწული, როგორც მებრძოლი ღმერთი, უბედურებისგან იცავს ადგილობრივ მცხოვრებთ.

ჩინეთის იუნნანის პროვინციაში მდებარე მეილის თოვლიანი მთაგრეხილი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია, რადგან შედგება 6,000 მეტრზე მაღალი ცამეტი (!) მწვერვალისგან, რომლებიც დაახლ. 1,500-1,900 მეტრზე არიან აზიდულნი, ქედის სხვა მწვერვალებთან შედარებით (სხვა ცნობილი მწვერვალებია: მიანზიმუ, ცოგარ ლაკა, და ცზიარირენი) და შეუდარებლად ლამაზ, თოვლით დაფარულ მწვერვალთა პანორამას ქმნიან. ადგილობრივი მთავრობისა და მცხოვრებთა შეთანხმებით, მწვერვალების დალაშქვრა აკრძალულია და მათზე ადამიანი არასდროს ასულა. ქვემოთ გთავაზობთ გასული საუკუნის 90-იან წლებში, მეილის მთებში მომხდარ ისტორიას, რომელიც ზღაპარს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში მოხდა:

 

ამბავი მეილის თოვლიანი მთების დალაშქვრისა

 მეილის მთაგრეხილის მწვერვალების დალაშქვრის რამდენიმე ადრინდელი მცდელობა და მის უმაღლეს მწვერვალთან, მთა კავაგარბოსთან დაკავშირებული რამდენიმე ფატალური ინციდენტი, ტიბეტელთა მიერ ყოველთვის მთის ღმერთების საპასუხო ქმედებად ითვლებოდა.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, კავაგარბოს მწვერვალის მისადგომებთან, 4,500 მ-ის სიმაღლეზე მდებარე თოვლიანი კედელთან, მთისძირში მდებარე სოფლის მცხოვრებთა რწმენით, ადგილობრივი მებრძოლი ღმერთის სასუფეველი იწყება და მისი გადაკვეთა არავის შეუძლია.

1990 წელს იაპონელ მთამსვლელთა 11-კაციანმა ჯგუფმა გადაწყვიტა კავაგარბოს მასივის დალაშქვრა. მიუხედავად ადგილობრივების მკაცრი გაფრთხილებებისა, იაპონელებმა გადაკვეთეს 4,500 მ.-იანი სიმაღლის „საზღვარი“ და მწვერვალის დალაშქვრისთვის მზადება დაიწყეს.

სოფლის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, როგორც კი გამყოლებისგან იაპონელი მთამსვლელების საეჭვო გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, მაშინვე შეიცხადეს და ადგილობრივ ლამას სთხოვეს მათთან ერთად ელოცა, თავზეხელაღებული ალპინისტების გადარჩენისთვის. როგორც ადგილობრივები შემდგომ ჰყვებოდნენ, ლამას სამი გამოცხადება ჰქონდა, როცა მთამსვლელებმა 4,500, 5,500 და 6,500 მეტრის სიმაღლეები გადაკვეთეს…

28 დეკემბერს, იაპონელმა ალპინისტებმა მწვერვალისწინა მეოთხე ბანაკს მიაღწიეს, მწვერვალიდან 240 მ.-ით დაბლა. მიუხედავად იმისა, რომ მათ საკვები პრაქტიკულად აღარ ჰქონდათ (გარდა შოკოლადის რამდენიმე ფილისა) და ამინდიც შესამჩნევად გაუარესდა, მთამსვლელებმა მაინც გადაწყვიტეს მთაზე ასვლა. მათი გეგმით, მწვერვალის დალაშქვრა მე-5 ბანაკიდან 1991 წლის 3 იანვარს უნდა ეცადათ. ჯგუფს საბაზო ბანაკთან უკანასკნელი კონტაქტი 3 იანვარს, დილის 10 საათზე ჰქონდა. 4 იანვრიდან ჯგუფი კონტაქტზე აღარ გამოსულა, თუმცა სალაშქრო გუნდის ყველა წევრს „ვოქი-თოქი“ გადამცემები ჰქონდათ… თუმცა არცერთი აღარ მუშაობდა. ლამას მორიგი განცხადება ავბედითი აღმოჩნდა. მან თქვა, რომ მის მოსასხამს ჩვიდმეტი ბუზი დააჯდა… ცუდმა ამინდმა სამაშველო ვერტმფრენის აფრენას ხელი შეუშალა. გარდა ამისა, არავინ იცოდა მთის ფორმა და თავისებურებები ზემოდან. შესაბამისად, მაშველებმა არ იცოდნენ, რომელი მხრიდან აფრენილიყვნენ მთისკენ ან სად შეიძლებოდა საფრენი მანქანის დასმა… 8 იანვარს დაკარგულთა საშველად ჩინური გუნდი გაემართა, თუმცა მათ ვერაფერი იპოვეს. დაკარგული ალპინისტების კვალიც კი არსად ჩანდა… საბოლოოდ, ვერტმფრენმა შეძლო აფრენა და მთის ყველა მხარის ფოტოგრაფირება. როგორც გაირკვა, მთიდან უზარმაზარი ზვავი ჩამოსულიყო, რომელსაც სპეციალისტების გათვლებით 300,000 ტონაზე მეტი თოვლი და ყინული ჩამოეტანა მთის ძირისკენ. იაპონელთა ძებნა-ძიების მცდელობები ამით არ დასრულებულა: აპრილში, ჩინეთის მთავრობამ კიდევ ერთი სამაშველო გუნდი გააგზავნა დაკარგულთა ცხედრების საძებნელად, მაგრამ მთამ არც ისინი მიიღო და მაშველების მცდელობებს ერთდროულად 48 ზვავით უპასუხა.

მთისძირა სოფელში ადგილობრივებმა ერთი ძველი ლეგენდა გაიხსენეს, რომლის მიხედვითაც ადამიანებს, რომლებიც უპატივცემულოდ მოექცეოდნენ კავაგარბოს მთას, მთის ღმერთი სიკვდილის შემდეგაც დასჯიდა. გადმოცემის თანახმად, წმინდა მთის წესის დამრღვევნი, შვიდი წლით მთის პატიმრები ხდებოდნენ. ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, 1998 წლის ივნისში, ადგილობრივმა მწყემსებმა მთაზე გაუჩინარებული მთამსვლელების ჯგუფის კუთვნილი რამდენიმე ნივთი იპოვეს. 1999 წელს დაკარგული ჯგუფის ბოლო ცნობილი მდებარეობიდან 4,000 მ.-ის მოშორებით, მინგ-იონგის მყინვარზე, 3,700-3,800 მ-ის სიმაღლეზე. დაკარგული ჩვიდმეტი მთამსვლელიდან, თექვსმეტის სხეული აღმოაჩინეს! ერთ-ერთი ალპინისტის მაჯის საათი დილის 1:34 წთ-ს აჩვენებდა… 2001 წელს ჩინეთის მთავრობამ და ადგილობრივმა ადმინისტრაციამ სამუდამოდ აკრძალეს მეილის თოვლიან მწვერვალებზე და მთა კავაბარგოზე ასვლა.

#5. წმინდა მთა განგხარ პუენსუმი, (სიმაღლე: 7,570 მ)

ეს გიგანტური მთა ჩინეთი-ბჰუტანის საზღვარზე მდებარეობს და მასზე ადამიანი არასდროს ასულა. ეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი დაუპყრობელი მწვერვალია. ბჰუტანის ენაზე (სინო-ტიბეტური ენა ბჰუტანში), განგხარ პუენსუმი „სამი სულიერი ძმის თეთრ მწვერვალს“ ნიშნავს. 1994 წლიდან ბჰუტანის მთავრობამ რელიგიური მოსაზრებებით საერთოდ აკრძალა ალპინიზმი 6,000 მ-ზე მაღლა, ხოლო 2003 წლიდან, მთავრობამ აკრძალვა ზოგადად მწვერვალების დალაშქვრაზეც გაავრცელა. აკრძალვის მიზეზი გახლდათ მთების ძირში მცხოვრები თემების უკმაყოფილება და პროტესტი, ამ მთების სულიერი და რელიგიური მნიშვნელობის უგულვებელყოფის გამო. ბჰუტანის ბუდისტთა, ინდუისტთა, ბონის მიმდევართა და სხვა ადგილობრივი რელიგიური ჯგუფებისთვის მთები წმინდა ადგილებია და ისინი ღმერთებისა და სულების სამყაროს ნაწილებად განიხილებიან.

#6. მწვერვალი ხუმბუ-იულა (წმინდა მთა ევერესტის მისადგომებთან)

ვისაც ჯომოლუნგმა/ევერესტის ალპინისტური ისტორიები წაგიკითხავთ, აუცილებლად შეხვდებოდით გეოგრაფიულ სახელს ხუმბუს ხეობა. სწორედ ხუმბუს ხეობიდან იწყება გზა საოცნებო ჯომოლუნგმისკენ. ამ ხეობაში მდებარეობს ადგილობრივი შერპების (ტიბეტური წარმოშობის ხალხი ნეპალში) სათაყვანებელი წმინდა მთა ხუმბუ-იულა ან ხუმბილა (ინგლ. Khumbu Yül-Lha – „ხუმბუს ღვთაება“, სიმაღლე: 5,761 მ). სერპების გადმოცემით ხუმბუს მწვერვალის ღმერთზე მათი წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ ლოცულობდნენ, როდესაც შერპები ტიბეტის ზეგანზე ცხოვრობდნენ. წმინდა მწვერვალისადმი შერპების (რომლებიც გამყოლებად დადიან ჯომოლუნგმასა და ჩო-ოიუზე) დამოკიდებულება ხუმბუ-იულასადმი კატეგორიულია და მასზე ასვლა ყველასთვის აკრძალულია (!). სამწუხაროდ, შერპების წესებს ზოგი არ დაემორჩილა და ამბავი სამწუხარო შედეგით დასრულდა: 1980 წელს, ერთმა ექსპედიციამ გადაწყვიტა ხუმბილაზე ასვლა, თუმცა მთის ფერდიდან წამოსულმა ზვავმა ექსპედიციის ზესვლა შეუძლებელი გახადა. ექსპედიციის ყველა წევრი დაიღუპა. ადგილობრივებს სწამთ, რომ ხუმბუ-იულას მწვერვალზე ფეხის დადგმა ღმერთის თავზე დაბიჯების ტოლფასია… თქვენ ყველგან ნახავთ ბამბუკის ჯოხებზე მორგებულ ჭრელ დროშებს, რომლებიც ხუმბილას ღმერთის პატივსაცემად არის გამოფენილი შერპების საცხოვრებელ სახლებთან.

#7. მწვერვალი მაჩაპჰუჩარე, ხეობის საოცრება ანაპურნას მასივის მისადგომებთან

მაჩაპჰუჩარეს ულამაზესი მწვერვალი ჰიმალაებში, ნეპალში, ანაპურნას მასივში, ქ. პოხარას მახლობლად მდებარეობს. ბუნების ამ საოცრების სიმაღლე 6,999 მ.-ია და საგრძნობლად „ჩამორჩება“ ანაპურნის მასივის სხვა 8 000-იანი სიმაღლის მწვერვალებს, თუმცა სხვებისგან განცალკევებულად მდებარეობის გამო, ყველასგან გამორჩეული და ბევრისთვის სანუკვარი მთა, უცნაური, ორწვერიანი, დახვეული მწვერვალით დღესაც აოცებს ათასობით მნახველს თავისი განუმეორებელი სილამაზით. ევროპელები მას „ჰიმალების მატერჰორნსაც“ უწოდებენ. ნეპალელებისთვის მაჩაპჰუჩარე წმინდა მთაა. ამიტომაც, დღემდე ამ მწვერვალზე ძეხორციელს არ დაუდგამს ფეხი! არასდროს! თვით მოუსვენარ ევროპელებსაც კი, რომლებიც მოერიდნენ მათ არმიაში მომსახურე მთიელების, ნეპალელების, გურუნგების და გურკჰების გაღიზიანებას, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, არასდროს გაუბედავთ მწვერვალზე ასვლა. როგორც ჩვენთან მთაში იტყოდნენ: „არ გაიცვლების ვერცხლადა…“.

 

#8. კუნლუნის მთაგრეხილი (კუნლუნ-შანი)

 

კუნლუნი აზიის ერთ-ერთი ყველაზე გრძელ მთათა სისტემაა აზიაში და მისი მწვერვალები თითქმის 3,000 კმ-ზეა გადაჭიმული. კუნლუნი დასავლეთით ესაზღვრება ყარაყორუმსა და პამირს, ჩრდილო-დასავლეთით – ტიან-შანს, ხოლო სამხრეთით – ტიბეტის ზეგანს. ჩინურ მითოლოგიაში, კუნლუნი ჩინელი ერის წინაპართა სამყოფელი და ჩინელების დაბადების ადგილია. ჩინური მითოსის თანახმად, კუნლუნი ზეცისა და მიწის ცენტრია და ეს მთები ცისკენ მიმავალი კიბეა. ჩინელების უმთავრესი ისტორიოგრაფის, სიმა ციანის (145 -86, ჩვ. წ-მდე) ცნობით, ჰანის დინასტიის იმპერატორმა ვუმ, მეცნიერები გააგზავნა ქვეყნის დასავლეთში, მდ. ხუანხეს (ე.წ. „ყვითელი მდინარე“) სათავის საპოვნელად, რომლებმაც სათავეებს სახელი „კუნლუნი“ უწოდეს. კუნლუნი აღნიშნულია უძველეს ჩინურ წყაროებში („შან-ჰაიცზინში – მთებისა და ზღვების აღწერა“ და ვუ-ჩანგ-ენის „მოგზაურობა დასავლეთში“), სადაც კუნლუნი აღწერილია, როგორც მითური სამოთხე უკვდავთათვის. ჩინური გადმოცემებით კუნლუნი, ლეგენდარული ყვითელი იმპერატორისა („ი-ჰუანგის“, ჩინ. 玉皇) და დასავლეთის დედა-დედოფლის („ში-ვანგ-მუს“, ჩინ.西王母) საცხოვრებელი წმინდა ადგილია.

 

#9. მთა მერუ (Mount Meru; Sanskrit/Pali: मेरु)

ეს მთა მართლაც ლეგენდაა და ასევე ცნობილია სუმერუს, სინერუს ან მაჰამერუს სახელებით. მერუ წარმოადგენს წმინდა მთას ინდოელებისთვის, ჯაინებისთვის და ბუდიზმის მიმდევართათვის. მერუ ითვლება წმინდა ხუთმწვერვალიან მთად, რომელიც მთელი ფიზიკური, მეტაფიზიკური და სულიერი სამყაროების ცენტრში მდებარეობს.

ეს მთა მოიხსენიება რამდენიმე არაინდურ წყაროშიც. კერძოდ, დაოსისტურ ტექსტებში, რომლებზეც გავლენა იქონია ინდოეთიდან ჩინეთში შემომავალმა ბუდიზმმა. მიუხედავად მერუს მთის მისტიკური მნიშვნელობისა, არსად არის აღნიშნული მთა მერუს ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა. ბევრი ცნობილი ინდური, ჯაინური და ბუდისტური ტექსტი, სწორედ ამ მთის სიმბოლურ წარმოსახვაზეა აგებული. „სუმერუს ტახტის“ (須彌座, ჩინ. „სიუ-მი-ძუო“) სტილი, ხშირად ჩინური პაგოდების კონსტრუქციის ელემენტია. ყველასთვის კარგად ნაცნობი ბირმული ბუდისტური მონასტრების მრავალსაფეხურიანი სახურავი, პიატ-ჰატი (კენტი რაოდენობის კონცენტრული წრეები, რომლებიც ზემოთ ვიწროვდება) სწორედ მერუს მთის არქიტექტურული სიმბოლოა. შესაძლოა სწორედ შუმერთა და ბაბილონელთა ზიგურატების (შუამდინარეთის ხალხთა საკულტო მთა-პირამიდები) ბუნებრივ მანიფესტაციად მოიაზრეს ძველმა ჰინდუებმა და არიელებმა, ჩინელმა დაოსისტებმა და ბუდას მიმდევრებმა მთა მერუ, ღმერთების საუფლო. როგორც ძველი შუმერები და ბაბილონელები ამბობდნენ, ბაბ-ილუ – ღმერთის კარი, რომელიც სწორედ ზიგურატის წვერზე მდებარეობდა…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“