ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

სანოემბრო ფიქრები

0

როდის მთავრდება ბავშვობა?

იქნებ მაშინ, როცა უკვე აღარაფერია იდუმალი მეზობელი კორპუსის ლურჯფარდიან ფანჯარაში, არასდროს რომ არ გაღებულა.

ან იქნებ მაშინ, როცა კორპუსის წინ მდგარი თუთის ხე მხოლოდ ხეა და არა – სანუკვარი და მიუწვდომელი მიზანი, ზედ აძრომას რომ გეგმავ, დედას რომ ეუბნები – შენ ხომ იცი, მეც მასწავლე ხეზე ასვლაო. ან იქნებ მაშინ, როცა დედას მონათხრობი – ლეღვის ხეზე როგორ ადიოდა, იმ ძველ, გამოუცნობ მნიშვნელობას კარგავს?

როდის მთავრდება ბავშვობა?

იქნებ მაშინ, როცა სიკვდილის არსებობას აღიარებ, როცა სიკვდილს, როგორც ნამდვილ დანაკლისს, ისე განიცდი, ისეთ დანაკლისს, შენც რომ გაკლდება. ან იქნებ მაშინ, როცა მეგობრის ბაბუის კი არა, მამის პანაშვიდზე გიწევს მისვლა?

როდის მთავრდება ბავშვობა?

იქნებ მაშინ, როცა უეცრად ამჩნევ, რამდენ ადამიანს უჭირს შენს ქალაქში, როცა ვეღარ არიდებ თვალს შენს მეზობელს, ნაგვის ურნაში რომ იქექება, მწირი პენსიით კი „ნაბეღლავს“ ყიდულობს? ან იქნებ მაშინ, როცა სიცივეში, თოშში მჯდომი ბებოსგან შეიძენ ყვავილს, ასანთს, ლიმონს, მიწის თხილს, მზესუმზირას – ერთი სიტყვით, ყველაფერ იმას, რაც არ გჭირდება?

როდის მთავრდება ბავშვობა?

მაშინ ხომ არა, ქვეყნის გასაჭირი შენი პირადი გასაჭირი რომაა და ქვეყნის სიკვდილის შემყურე შენც რომ კვდები? ან იქნებ მაშინ, როცა ისტორიას კი აღარ სწავლობ, როგორც სასკოლო საგანს, არამედ მისი შემსწრე ხარ და თავად ქმნი?

ან იქნებ მაშინ მთავრდება, სოფელში ჩასულს რომ შემოგეგებება სოფლის სახლის ყველა კუთხე, ყველა კუნჭული რომ გაუჟღენთია თავისი სურათებით, თავისი გემოებით, თავისი სურნელით?

ან იქნებ მაშინ მთავრდება, როცა დგახარ მშობლიურ მიწაზე და იცი, რომ ეს უკანასკნელია. სუნთქავ მშობლიური მიწის ჰაერს და იცი, რომ ეს უკანასკნელია. ხედავ მშობლიური მიწის ცას და იცი, რომ ეს უკანასკნელია? იმიტომ, რომ მორჩა – წაგართვეს სამშობლო და ახლა სხვაგან უნდა ეძებო სახლი.

ან იქნებ მაშინ, როცა დადგება ყვითელი შემოდგომა და შენ აღარ მოგინდება ჩამოცვენილ ფოთლებში გაშრიალება და თამაში. აღარ მოგინდება კი არა, თავში აზრადაც არ მოგივა, რომ ასე მოქცევა შეიძლება.

ან იქნებ მაშინ, როცა ამჩნევ, რომ ძალიან გაწუხებს სიცივე, სიცხე, შიმშილი და წყურვილი და რომ არცერთი საქმე არაა ისეთი, ეს წუხილი დაგავიწყოს.

როდის მთავრდება ბავშვობა?

როცა დროშაშემოხვეული დგახარ და ძველზე ძველ სიმღერას მღერი, როცა იცი, შენშია ძალა, როცა სასოწარკვეთას იმედში მალავ და შიში გულადობაში მიიჩქმალება, მაშინ; მაშინ ისიც იცი, რომ დამთავრდა ბავშვობა. და ეს ყველაზე მშვენიერი, ყველაზე სანატრელი დასასრულია. ან იქნებ პირიქით – შეხვედრაა? ყველაფერ იმასთან, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ: ლექსად, მოთხრობად, სახელმძღვანელოს პარაგრაფად?

ახლა, როცა ამას ვწერ, ოქტომბერი იწურება. და არ ვიცით, რას მოგვიტანს შემდეგი თვე. იქნებ ასეთი ფიქრებია ბავშვობის დასასრული? როცა დროის მდინარებას მიაყურადებ, მისი ნაწილი ხდები?

ან იქნებ მაშინ მთავრდება ბავშვობა, როცა შვებით იტყვი: „გავიარეთ. გავიმარჯვეთ. ბრძოლა დასრულდა“.

და ხმალ და ცეცხლგამოვლილი,

ქვესკნელს მომრევი შიშის,

ახედავ მწვანე გორაკებს,

ათასჯერ ნანახს ძილში[1].

[1] „ჰობიტი“, ლექსები თარგმნა ციცო ხოცუაშვილმა.

ლიდერობა სკოლაში და პროფესიული განვითარება – ესტონეთის გამოცდილება

0

(ნაწილი პირველი)

ესტონური საგანმანათლებლო სისტემის წარმატებისა და ძლიერი სკოლის ერთ-ერთ საყრდენს საგანმანათლებლო ლიდერობაც წარმოადგენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ესტონეთში ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლებიც მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა მომზადება-გადამზადების საკითხებზე მუშაობს. უნივერსიტეტები მჭიდროდ არიან დაკავშირებული სკოლებთან – იღებენ რა მათგან მუდმივ უკუკავშირს საჭიროებების შესახებ და ახორციელებენ სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას – საკუთარი თუ სახელმწიფოს ინიციატივით.

სკოლის ლიდერთა პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა არის Future School programme, რომელიც სკოლისადმი სისტემურ მიდგომას გვთავაზობს. პროგრამის მიზანია, გააძლიეროს სკოლები ინოვაციების, საუკეთესო სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისა და ახალი მეთოდების გამოცდის საშუალებით. ამ პროგრამაში უნივერსიტეტები სკოლებთან ერთად ქმნიან ახალ მეთოდოლოგიებს და ნერგავენ ინოვაციებს (მტკიცებულებებზე დაფუძნებულს) საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებების განსახორციელებლად.

პროგრამა დაიწყო ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობითა და ევროპის სოციალური ფონდის მხარდაჭერით, და რამდენიმე წელია უწყვეტად მიმდინარეობს. პროგრამის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში აღწერილია პროცესის სრული მიმდინარეობა, თეორიული საფუძვლები და მიღებული შედეგები. შესაბამისად, აღნიშნული სტატია დაფუძნებულია ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის ევე ეიზენშმიდტისა და კოლეგების 2019 წლის სტატიებზე (School-University Partnership for Evidence-Driven School Improvement in Estonia).

Future School programme სკოლებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. პროგრამაში ჩართული იყო ხუთი სკოლა, რომლებიც უნივერსიტეტის დახმარებით სწავლობდნენ, როგორ გაეხადათ სასწავლო პროცესი უკეთესი, გაეუმჯობესებინათ ლიდერობის სტილი და დაენერგათ საგანმანათლებლო ინოვაციები. მთავარი არსი სკოლის ლიდერის მენტორობასა და კონსულტაციაში, ასევე ლიდერი მასწავლებლების აღმოჩენასა და მათ საყრდენ რგოლებად ქცევაშია. სკოლის ლიდერების წვრთნის მთავარი ფოკუსი მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უნარების გამომუშავებასა და მათ შედეგებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებშია. უნივერსიტეტის მიერ მოწვეული ექსპერტები, პროფესორები კონსულტაციებით, თეორიული მხარდაჭერითა და კვლევებით ეხმარებიან სკოლის ლიდერებს საგანმანათლებლო საჭიროებების აღმოფხვრაში.

როგორც სტატიის წინა ნაწილებში აღვნიშნეთ, ესტონეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონაცემების შეგროვებასა და ანალიზის უნარებს ყველა დონეზე – რიგითი მასწავლებლიდან დაწყებული მაღალი რგოლის საჯარო მოხელით დამთავრებული – ყველა იაზრებს უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას. ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება თეორიულ საფუძვლებს. ესტონელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წვრთნის, კონსულტაციის დროს (ე.წ. „ქოუჩინგი“) ნებისმიერი ჩვენ მიერ მიცემული რჩევა უნდა ემყარებოდეს სანდო კვლევებს და უნდა გააჩნდეს თეორიული საფუძველი.

2020 წელს ქვეყანაში მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღებული სწავლის სტრატეგიის სხვადასხვა პუნქტი ისეთ აქტივობებს ითვალისწინებდა, რომლებიც უნივერსიტეტისა და სკოლების თანამშრომლობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ეს ასევე ნიშნავდა იმას, რომ ყველა სკოლას ფოკუსირება მოსწავლეთა საჭიროებებზე უნდა მოეხდინა და პრობლემების გადასაჭრელად უკვე მრავალჯერ ნაცადი, უსარგებლო მეთოდები ახალი გზებით ჩაენაცვლებინა.

ახალი გზების ძიებაში კონსულტანტები სკოლებს სთავაზობდნენ ტრადიციული, მრავალსაათიანი ტრენინგების ჩანაცვლებას უკვე არსებული პრაქტიკის მხარდაჭერითა და „inquiry-oriented practice“-ის (მკვლევარი მასწავლებელი) გამოყენებით. აღნიშნული მიდგომა ასახავს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც მასწავლებელი/დირექტორი სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით თავად იკვლევს პრობლემას და ამ პროცესში (თეორია/პრაქტიკის ერთობლიობით) პროფესიულად ვითარდება. პროცესის ამგვარი მიმდინარეობის გამო ამ მიდგომას კონსტრუქტივისტული სწავლების პრინციპებსაც უსაბამებენ. მაშასადამე, შეიძლება გამოიკვეთოს, რომ სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ეს პროექტი ორ მთავარ პრინციპს ეფუძნებოდა:

  • უნივერსიტეტის მხარდაჭერით სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისათვის მონაცემთა ანალიზის უნარის განვითარებას (აქვე შედის ანალიზის საფუძველზე მიღებული საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების გააზრება);
  • სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისათვის მკვლევრის უნარის განვითარებას.

პროგრამის საბოლოო შედეგი მასწავლებლების პრაქტიკისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა. აქტიური საგანმანათლებლო ლიდერობის პროცესში სასკოლო კლიმატის გაჯანსაღება დადებითად აისახება მოსწავლეთა მიღწევებზეც. აქვე მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების რწმენა. მასწავლებლებს/დირექტორებს უნდა სჯეროდეთ, რომ კონსულტაციის შეთავაზებაც დახმარების ერთ-ერთი ფორმაა და რეალურად მისი მხარდაჭერა შეუძლია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კონსულტანტის ავტორიტეტი, მისი ინტერპერსონალური უნარები, მეთოდოლოგიური ცოდნა და გამოცდილება. რადგან კვლევები აჩვენებს, რომ მასწავლებლებს მონაცემთა ანალიზის უნარების არქონა პრობლემად არ მიაჩნიათ, შესაბამისად ნაკლებია ამ მიმართულებით თუნდაც რამდენიმე საათიანი ტრენინგების სიხშირე. ამიტომ პროგრამაში მონაწილე კონსულტანტებმა გამოიყენეს ე.წ. ჩაშენებული მიდგომები, რაც გულისხმობდა ხანმოკლე სწავლებებს და შემდგომ პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით მიღებული ცოდნის გამოყენებას.

დირექტორები არიან ძირითადი მოთამაშეები მასწავლებელთა შორის მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობაში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რესურსებისა და დროის განაწილებაში. მათი შეუძლიათ, დაგვანახონ მონაცემთა გამოყენების მნიშვნელობა, ამიტომ ისინი ხელს უწყობდნენ მონაცემთა გამოყენებას სკოლის გუნდებში. სკოლის ლიდერისთვის მნიშვნელოვანია, განიხილოს მთელი სკოლის პერსპექტივა. თუ სასწავლო და ორგანიზაციული გაუმჯობესებები არ არის თანმიმდევრული, ეს დამაბნეველია მასწავლებლებისთვის. მნიშვნელოვანია ახსნა, თუ რატომ ხდება მტკიცებულებების შეგროვება საკლასო დონეზე და როგორ ეხმარება ეს მთელ სკოლას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მონაცემები არ იქნას გამოყენებული მასწავლებლების დადანაშაულებისა და შეურაცხყოფისთვის. მტკიცებულებებზე ორიენტირებული სკოლის კულტურა ვერ ჩამოყალიბდება მონაცემთა მცოდნე და კვლევითი სკოლის ლიდერის გარეშე. ამიტომ სტრატეგიების მხარდაჭერის გადამწყვეტი მიზანია სკოლებში ლიდერების არსებობა.

პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა:

  • პირველ ეტაპზე სკოლებმა თავად გამოთქვეს ინიციატივა, ჩართულიყვნენ ახალ წამოწყებაში, შესაბამისად შეირჩა ხუთი საჯარო სკოლა;
  • სკოლებმა შეადგინეს სამოქმედო გეგმა და აღნიშნეს, კონკრეტულად რის გაუმჯობესება სურდათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • აღნიშნული გეგმები უნივერსიტეტის კონსულტანტებთან ერთად იქნა განხილული და გადაიხედა წარმოდგენილი მონაცემები. ზოგიერთი სკოლის შემთხვევაში მონაცემები შეგროვდა ცენტრალიზებული მასშტაბით (სახელმწიფო შეფასებები). აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობის შემდეგ სამმა სკოლამ შეცვალა სამოქმედო გეგმა. ცვლილების ძირითადი საფუძველი ის იყო, რომ სკოლებმა ვერ შეძლეს დასახელებული პრობლემის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, ამიტომ ჩაანაცვლეს ისეთი პრობლემით, რომლის ვალიდური მტკიცებულებაც არსებობდა;
  • უნივერსიტეტის კონსულტანტები მხარდაჭერას უწევდნენ სკოლას ყველა ნაბიჯზე – მონაცემთა ანალიზისა და აქტივობების განხორციელების ეტაპებზე;
  • საბოლოო ჯამში ყველა სკოლამ თავად შეადგინა და განახორციელა სამოქმედო კვლევა.

პროგრამის წარმატების მთავარი გასაღები იყო ადამიანური რესურსით სკოლების მხარდაჭერა. ისინი ეხმარებოდნენ სკოლის ადმინისტრაციას – პროექტში ჩართულ სკოლის წარმომადგენლებს ჰქონდათ ყოველთვიური სემინარები და კონსულტაციები. სემინარებზე განიხილებოდა როგორც სამოქმედო გეგმა, ასევე თეორიული და პრაქტიკული მასალები. უნივერსიტეტის გუნდმა ასევე უზრუნველყო პროექტში ჩართული სკოლების ქსელის შექმნა. ერთობლივი განხილვები და პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზის შესახებ მსჯელობა ეხმარებოდა სკოლებს საკუთარი საჭიროებების იდენტიფიცირებაშიც.

კვლევამ აჩვენა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ 20%-ით გაიზარდა იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც კოლეგებთან ერთად გეგმავდნენ თანამშრომლობით აქტივობებს, გაიზარდა სკოლის ადმინისტრაციის მიერ მტკიცებულებებზე მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა.

 

პროგრამის თეორიულ საფუძვლებსა და შედეგებზე დეტალურად მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

 

„უდიდესი საერთო გამყოფი”, აღმოჩენები კლასში და მის გარეთ

0

კლასის დაყოფის ამოცანა ძალიან კარგი დასაწყისია უდიდესი საერთო გამყოფის ცნების გასაგებად. ამ მაგალითზე მოსწავლეებს შეეძლებათ, მოახდინონ პრობლემის ვიზუალიზაცია და დაინახონ, როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული ეს მათემატიკური კონცეფცია რეალურ ცხოვრებაში.

გთავაზობთ ინტერაქციული გაკვეთილის გეგმას მე-6 კლასისთვის უდიდესი საერთო გამყოფის შესახებ. მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ დაგეგმილი აქტივობები, რადგან მათ შეეძლეს თავად აღმოეჩინათ პასუხები და გამოეყენებინათ ცოდნა პრაქტიკულ ამოცანებში.

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემა: ნატურალური რიცხვები

საკითხი: ორი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფი

სამიზნე ცნება
მათემატიკური მოდელი კანონზომიერება  ლოგიკა
·                     უდიდესი საერთო გამყოფის ცნების გამოყენებით რეალური ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციისთვის მათემატიკური მოდელის შექმნა (მაგალითად, ჯგუფებად დაყოფა, ნივთების განაწილება)

·                     ამ მოდელის საფუძველზე გაანალიზება და შედეგების პროგნოზირება

·                     კანონზომიერებების აღმოჩენა უდიდესი საერთო გამყოფის გამოთვლის პროცესში

·                      უდიდესი საერთო გამყოფის პოვნის ეფექტური მეთოდები

 

·                     ლოგიკური მსჯელობა და დასკვნები უდიდესი საერთო გამყოფის შესახებ

 

თემის ფარგლებში შედეგის მიღწევის ინდიკატორი

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         რიცხვებზე მოქმედებათა შესრულება სხვადასხვა ხერხით (ზეპირი ანგარიშით, ვიზუალური მოდელით, წერითი ალგორითმით, შეფასებით), გამოყენებული ხერხის ახსნა

·         რეალური სიტუაციის მოდელირება და პრობლემის გადაჭრა

წინარე ცოდნა: რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად; რიცხვის გამყოფების პოვნა

გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლეები შეძლებენ უდიდესი საერთო გამყოფის პრაქტიკულ გამოყენებას რეალურ სიტუაციაში.
  • განუვითარდებათ ლოგიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი.

აქტივობა 1. უდიდესი საერთო გამყოფის კონცეფციის გაცნობა

  1. სიტუაციის წარმოდგენა: თაბახის ფურცლებზე დავხაზე 12 წრე, რომლებიც წარმოადგენდა ბიჭებს და 18 წრე, რომლებიც წარმოადგენდა გოგონებს. დავურიგე მოსწავლეთა წყვილებს.
  2. ჯგუფებად დაყოფა: ვთხოვე მოსწავლეთა წყვილებს, ეს წრეები ისე დაეყოთ ჯგუფებად, რომ თითოეულ ჯგუფში მოხვედრილიყო თანაბარი რაოდენობის ბიჭი და გოგო.
  3. პრობლემის ფორმულირება: აღვნიშნე, რომ ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა უდიდესი რაოდენობის ჯგუფად შეიძლება დაიყოს კლასი ისე, რომ თითოეულ ჯგუფში იყოს თანაბარი რაოდენობის ბიჭი და გოგო.
  4. მოსწავლეთა ნამუშევრების დათვალიერება: დავათვალიერე მოსწავლეთა ნამუშევრები ზოგიერთს შედგენილი ჰქონდა 6 ჯგუფი გოგონებისა და ბიჭების თანაბარი რაოდენობით, ზოგიერთს – 3, ზოგიერთს არათანაბრად განაწილებული ჯგუფები შეედგინა.
  5. დისკუსია: ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ მათი ნაშრომები გამომაქვს დაფასთან და ვმართავთ მინიდისკუსიას.
  6. უდიდესი საერთო გამყოფის შემოღება: ვხსნი, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად გვჭირდება უდიდესი საერთო გამყოფის კონცეფცია. უდიდესი საერთო გამყოფი არის უდიდესი რიცხვი, რომელზეც ორივე რიცხვი (ამ შემთხვევაში – 12 და 18) გაიყოფა უნაშთოდ.
  7. გამყოფების ჩამოწერა: დაფაზე თვალსაჩინოდ ჩამოვწერეთ 12-ისა და 18-ის ყველა გამყოფი.
  • 12-ის გამყოფებია: 1, 2, 3, 4, 6, 12
  • 18-ის გამყოფებია: 1, 2, 3, 6, 9, 18
  1. უდიდესი საერთო გამყოფის პოვნა: გამოვყავით საერთო გამყოფები და შევარჩიეთ მათგან უდიდესი. ამ შემთხვევაში უდიდესი საერთო გამყოფია 6.
  2. პასუხის პოვნა: ვინაიდან უდიდესი საერთო გამყოფია 6, კლასი შეიძლება დაიყოს 6 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში იქნება 2 ბიჭი (12 ÷ 6 = 2) და 3 გოგო (18 ÷ 6 = 3).

 

აქტივობა 2. გავიყოთ ჯგუფებად.

ჩვენს კლასში 10 ბიჭი და 15 გოგოა. მოსწავლეებს ვეკითხები, როგორ შეიძლება დავყოთ კლასი რაც შეიძლება მეტ მცირე ჯგუფად, რომლებშიც თანაბარი რაოდენობის გოგონა და ბიჭი იქნება.

ამოხსნა:

როგორც წინა მაგალითებში, უნდა ვიპოვოთ 10-ისა და 15-ის უდიდესი საერთო გამყოფი.

  • 10-ის გამყოფებია: 1, 2, 5, 10
  • 15-ის გამყოფებია: 1, 3, 5, 15
  • როგორც ვხედავთ, უდიდესი საერთო გამყოფია

პასუხი:

კლასი შეიძლება დაიყოს 5 ჯგუფად.

თითოეულ ჯგუფში იქნება:

  • ბიჭები: 10 ÷ 5 = 2 ბიჭი
  • გოგონები: 15 ÷ 5 = 3 გოგონა

დასკვნა:

  • ჩვენი კლასი შეიძლება დაიყოს 5 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში იქნება 2 ბიჭი და 3 გოგონა.

დამატებითი კითხვები მოსწავლეებისთვის:

  • შეიძლება თუ არა კლასის დაყოფა უფრო მეტ ჯგუფად? რატომ?
  • შეიძლება თუ არა კლასის დაყოფა უფრო ნაკლებ ჯგუფად? რატომ? როგორ?
  • კლასში რომ ყოფილიყო 12 ბიჭი, რამდენ ჯგუფად იქნებოდა შესაძლებელი მისი დაყოფა?

 

აქტივობა 3. ჯგუფური სამუშაო

ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, დაიყონ 5 ჯგუფად (2 ბიჭი, 3 გოგონა) და თითოეულ ჯგუფს ვთავაზობ რეალური სიტუაციის ამოცანას, რომლის ამოხსნისას მოუწევთ უდიდესი საერთო გამყოფის პოვნა.

 

რეალური სიტუაციების ამოცანები ჯგუფებისთვის

 

I ჯგუფი

საკლასო ოთახში არის 24 ფანქარი და 36 კალამი. მასწავლებელი სურს, ფანქრები და კალმები მოსწავლეებს შორის ისე გაანაწილოს, რომ ყველას თანაბარი რაოდენობის ფანქარი და კალამი შეხვდეს. რამდენ მოსწავლეს შეხვდება ფანქრები და კალმები?

 

II ჯგუფი

საბავშვო ბაღში 15 ბიჭი და 20 გოგონაა. აღმზრდელს სურს, სპორტული აქტივობებისთვის ბავშვები ჯგუფებად დაყოს. რამდენ ჯგუფად შეიძლება დაიყონ ბავშვები, რომ ყველა ჯგუფში იყოს თანაბარი რაოდენობის ბიჭი და გოგო?

 

III ჯგუფი

საცხობში მზარეული აცხობს ორნაირ ნამცხვარს: შოკოლადისას და ვანილისას. მან გამოაცხო 24 შოკოლადის და 30 ვანილის ნამცხვარი. მზარეულს სურს, ისე შეფუთოს ნამცხვრები, რომ ყველა კოლოფში თანაბარი რაოდენობით ეწყოს შოკოლადისა და ვანილის ნამცხვრები. რამდენი შეფუთვა შეუძლია მოამზადოს?

 

IV ჯგუფი

ბაღში ხეებს 18 ვაშლი და 24 მსხალი ასხია. გიორგის სურს, შეაგროვოს ხილი და ისე გაანაწილოს კალათებში, რომ თითოეულში თანაბარი რაოდენობის ვაშლი და მსხალი მოხვდეს. რამდენი კალათის შევსება შეუძლია?

 

V ჯგუფი

სკოლის ბიბლიოთეკაში 30 მათემატიკის და 45 ისტორიის წიგნია. ბიბლიოთეკარს სურს, წიგნები თაროებზე ისე დააწყოს, რომ ყოველ თაროზე მოხვდეს თანაბარი რაოდენობის მათემატიკისა და ისტორიის წიგნები. რამდენი თარო დასჭირდება ბიბლიოთეკარს?

 

ამ ამოცანების დახმარებით მოსწავლეებმა განიმტკიცეს ცოდნა უდიდესი საერთო გამყოფის შესახებ და დაინახეს, როგორ შეიძლება ამ ცოდნსი გამოყენება რეალური ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში.

გაკვეთილის დასასრულს

* რეფლექსია: ვთხოვე მოსწავლეებს, გამოეთქვათ აზრი ამ აქტივობების შესახებ. რა მოეწონათ ყველაზე მეტად? რა იყო მათთვის ყველაზე რთული? რა გაიგეს ახალი?

* შეჯამება: შევაჯამეთ მთავარი იდეები, რომლებიც გაკვეთილზე განიხილეთ. მოსწავლეებმა აღნიშნეს უდიდესი საერთო გამყოფისა და მისი გამოყენების მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში.

ამგვარად, მოსწავლეებმა არა მხოლოდ უდიდესი საერთო გამყოფის პოვნა ისწავლეს, არამედ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარებიც განუვითარდათ.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი მეექვსე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meegvse-klasi/

აღსარება და სინანული გი დე მოპასანის ორი მოთხრობის მიხედვით

0

XIX საუკუნის ფრანგული რომანტიზმის გამორჩეული წარმომადგენელი გი დე მოპასანი უდავოდ უნდა მივიჩნიოთ მსოფლიო მოთხრობის დიდოსტატად. ის რეალისტის მახვილი და კრიტიკული თვალით აკვირდება ადამიანთა ყოფას და ამჩნევს ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი, რაც ადამიანის სულსა და გონებას ამოძრავებს ხოლმე. მისი მოთხრობები გვაფიქრებს მრავალ მორალურ-ეთიკურ პრობლემაზე, რომელიც ადამიანს აწუხებდა მოაზროვნე კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე. მოპასანის კალამს სამზეოზე გამოაქვს ადამიანის სულის უღრმეს ხვეულებში გამომწყვდეული განცდები, ვნებები, ფობიები თუ ღირსებები.

მოპასანის კალამს ეკუთვნის ორი პატარა მოთხრობა, „აღსარება“ და „თეოდულ საბოს აღსარება“. ორივე ნაწარმოებში წარმოჩენილია ადამიანი, როგორც ცოდვილი და სულმოკლე არსება, რომელიც მზად არის საკუთარ კეთილდღეობას ეგოისტურად უმსხვერპლოს ყველა და ყველაფერი, იკადროს უკადრებელი, მიუღებელი და მომაკვდინებელი ცოდვით დამამძიმებელი რამ. მწერალს სურს, რომ მკაცრად, დაუნდობლად ამხილოს საზოგადოებაში ფესვმოკიდებული მანკიერებანი. პარალელი რომ გავავლოთ ამავე ეპოქის ქართველ რეალისტებთან, იდეური ხაზი საერთოა. ჩვენი გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა სწორედ ასე ფსკერამდე აკვირდებიან ცხოვრების მდინარის ტალღებს და სამზეოზე ამოაქვთ ის ლაფი, რომლის მხილების აუცილებლობაზეც ბევრს წერდა ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებშიც, გამოჰქონდა ეს პრობლემები მხატვრულ ტექსტებში.

„აღსარება“ გვიამბობს ბადონ-ლერემენსეს თავგადასავალს. მოთხრობის სიუჟეტი მისი გასვენების ამბითა და საოჯახო წრეში ანდერძის გაცნობით იწყება. პრეფექტურის წარმომადგენელმაც კი თავისი სამგლოვიარო სიტყვა დაასრულა ფრაზით: „ესეც ერთი პატიოსანი კაცი გამოაკლდა ჩვენს საზოგადოებას!“ ბადონ-ლერემენსეს ყოველი ქცევა ქალაქ ვეზიე-ლერეტელის მცხოვრებთათვის იყო სამაგალითო, იდეალური, უზადო. მან იცოდა რჩევა-დარიგების მიცემა, ხელის გაწოდება, ლოცვა-კურთხევა ადამიანისა, ერთი სიტყვით, სათნოებისა და ღირსების განსახიერება იყო. ამ პატივცემულ ბატონს ქალ-ვაჟი დარჩა. მისი ქალიშვილი ნოტარიუსს გაჰყვა ცოლად. ოჯახი საყოველთაო პატივისცემით იყო გარემოსილი. განსვენებულის სურვილი იყო, რომ მისი ანდერძი შვილებს გაეხსნათ მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ.

ანდერძი აღმოჩნდა გარდაცვლილის გულწრფელი აღსარება, მონანიება უმძიმესი ცოდვისა, რომელიც მას მთელი ცხოვრება აწამებდა. 26 წლის ასაკში ბადონ-ლემერენსე პროვინციიდან პარიზში ჩასულა და საადვოკატო საქმიანობა დაუწყია. დიდ ქალაქში თავის დამკვიდრება უბრალო ახალგაზრდა კაცისთვის მარტივი არ ყოფილა. ბიჭს საყვარელი გაუჩენია, ერთი ღარიბი და მოკრძალებული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მალე მისთვის არასასურველი ვაჟიშვილი უჩუქებია. კაცს ამ ქალის თავიდან მოშორება სურდა, თანაც ცხოვრებამ შეახვედრა მომავალი საცოლე, ღირსეული პარტნიორი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. როგორც კაცი აღსარებაში შვილებს მოუთხრობს, მას მთელი არსებით სძულდა ახალდაბადებული შვილი, რადგან ის აიძულებდა, რომ ამ ქალთან ყოფილიყო მიჯაჭვული და ახალ სატრფოს აკარგვინებდა. კაცის სული დემონმა შეიპყრო. იგი შვილის სიკვდილზე ოცნებობდა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე და შემდეგაც. ბავშვი მას გზას უღობავდა ბედნიერებისა და წარმატებული ქორწინებისკენ. ერთხელაც, როცა ამ კაცის საყვარლის დედა ავად გახდა და ქალი მის სანახავად წავიდა, კაცი მარტო დარჩა ბავშვთან. სიმბოლურია, რომ ქრისტეშობისთვე იდგა. ქრისტეს შობის თვეს თითქოს ანტიქრისტემ შეიპყრო კაცი, რომელიც ბავშვის თავიდან მოშორების ჟინმა ისე დააბრმავა, რომ მან ჩვილს საბანი გადახადა და ყინვიან საღამოს ფანჯარა გამოაღო. ბავშვს ხელ-ფეხი მოეყინა, თითქოს ამის შემდეგ მამა გონს მოვიდა, შეეცოდა და შეუყვარდა თავისი პირმშო, მაგრამ უკვე გვიან იყო, ბავშვს ფილტვების ანთება დაემართა და მალევე გარდაიცვალა.

„ამის შემდეგ ერთი საათიც ისე არ გამიტარებია, ჰო, ერთი საათიც, რომ ამ საშინელ, დამწველ მოგონებას, რომელიც ღრღნის, რომელიც თითქოს გრეხს ჩემს ტვინს, ჰო, ამ მოგონებას ჩემში არ ეტრიალა, თითქოს მკბენარე პირუტყვია ჩემს სულში მომწყვდეულიო“. ოჰ, რომ შემძლებოდა და ჭკუაზე შევმცდარიყავი!..“ – წერს აღსარებაში შვილებს ბადონ-ლემერენსე.

მისი შვილებისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა მამის ცოდვა. ნოტარიუსმა სიძემ საშიში აღსარება სანთლის ალზე დაწვა, ხოლო შვილებს ეშინოდათ, რომ დამწვარი საიდუმლოება ბუხრიდან არ გადმოფრენილიყო.

მწერალი მწარედ ჩაგვაფიქრებს იმაზე, რომ უმეტეს შემთხვევაში ცოდვის შვილია ადამიანი. მართალია, ამ აღსარების ავტორმა თავისი ცხოვრების მეორე ნახევარი წესიერი და ღირსეული ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ ოდესღაც მის არსებაში საშიში მკვლელი და მხეცი მძვინვარებდა. ამ  მხეცისთვის საკუთარი კეთილდღეობის გზაზე ადამიანის გასრესა ჩვეულებრივი ამბავი იყო. მისი საყვარელი ღარიბი და უბედური ადამიანი იყო, ის ავადმყოფი დედის მისახედად წავიდა, ხოლო მის შვილთან, უმწეო, უმანკო არსებასთან დარჩენილი მამა მხეცი აღმოჩნდა, საკუთარი წარმატებული ქორწინებისთვის შვილის მკვლელი გარეწარი. ამ ადამიანმა ბოლომდე გაწირა ეს უდანაშაულო და უბედური ქალიც, შვილის სიკვდილის ტკივილითაც დაამძიმა მისი ისედაც მტანჯველი ცხოვრება.

აღსარებაში ნათლად ჩანს, რომ ამ კაცის სინანული უკიდეგანო იყო, მაგრამ… ჰო, ის მთელი ცხოვრება ინანიებდა, მაგრამ მის კეთილდღეობას უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამა კი ინანიებდა და ცდილობდა სულის განწმენდას, მაგრამ რა იმ უმანკო პატარას, რომელიც ცოდვილ დედამიწას მოევლინა არა საკუთარი ნებით, არამედ ორი ადამიანის სიყვარულის ნაყოფად?! მას ხომ უნდა ეცოცხლა, გაზრდილიყო, გამოეცადა სიცოცხლის ნექტარიც და სამსალაც!

მაგონდება ჩემი მოსწავლის, ალექსანდრეს, თვალსაზრისი, როცა აკაკი წერეთლის „გამზრდელს“ ვსწავლობდით. ვიმსჯელეთ საფარ-ბეგის სინანულზე და აღვნიშნეთ, რომ მისი სინანული გულწრფელია, უფალი შეუნდობს მონანიეს. ალექსანდრემ მთელი პათოსით გვითხრა ასეთი რამ: სინანული დიდი სიქველე და ღირსება არ გახლავთ, მთავარია ისე არ შესცოდო, რომ სხვას ატკინო, სხვა დააზიანო, თორემ შენი სინანული ვერაფერი ხეირია დაზარალებულისთვის. კარგი, საფარ-ბეგს მიუტევა უფალმა, ბათუმ, ავტორმა, მკითხველმა, მაგრამ ასეთ დროს ნაზიბროლაზე ვფიქრობთ? მისი ტკივილის კომპენსირება ვინმეს ან რამეს შეუძლია? ადვილია, რომ მოძალადეს შევუნდოთ, კი, ბატონო, სულგრძელობაა, მაგრამ ძალადობის მსხვერპლის სულში ვიხედებით? მას ვინ მოუშუშებს სულის იარებს? აქ ხომ ყველა უძლურია!

ისიც დიდი სიმამაცეა ალბათ, რომ ბადონ-ლემერენსემ ეს საიდუმლო საფლავში არ წაიღო, გაბედა და შვილებს დაუწერა აღსარება, თავი გაიმეტა, შვილებს რომ მასზე საშინელი წარმოდგენა შექმნოდათ, გამოტყდა იმაში, რომ მათ დედასთან ქორწინება, შვილების ყოლა და ბედნიერი ცხოვრება უდიდესი ცოდვის, უმანკო ჩვილის მკვლელობის გზით მოიპოვა. ყველანი ცოდვის შვილები აღმოჩნდნენ. ეს უმძიმესი მორალურ-ეთიკური პრობლემაა. არა კაც კლა! –  მთავარია, გადაურჩე ამ მომაკვდინებელ ცოდვას, თორემ მერე არაფერს ფასი არ აქვს.

გავიხსენოთ მამა ზენონი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“. მას გამეფებული საზოგადოებრივი აზრი ავალდებულებდა, რომ ოჯახის შემარცხვენელი და დის შემაცდენელი მოეკლა, საამისოდ მოემზადა კიდეც, აღიჭურვა და ცხენზე ამხედრდა, მაგრამ გზაზე თვალი აეხილა, სამუდამოდ დატოვა საერო ცხოვრება და ხანძთის უდაბნოს მიაშურა, წმინდა ადამიანებთან, სადაც ღვთისმსახურებითა და კეთილი მოღვაწეობით სასწაულები აკეთა ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე. „უბრალო ხელითა და წმინდა გულითა“ – ასეთი უნდა ყოფილიყო სასულიერო მამა, ხელით უცოდველი. ასე სწამდათ ხანძთელ მამებს და ამიტომაც შექმნეს მათ საოცარი გარემო.

მოპასანის მეორე მოთხრობა “თეოდულ საბოს აღსარება” ასევე საინტერესო მორალურ-ეთიკურ პრობლემებს წარმოაჩენს. დურგალი თეოდულ საბო ქალაქ მარტინვილში განთქმული ათეისტი იყო. როგორც ავტორი გვეუბნება, აბატი მარიტიმი მოქნილი პოლიტიკოსი იყო და უყვარდა მოხერხებული საშუალებისთვის მიემართა გულისნადების მისაღწევად. ამ ორ ადამიანს შორის მსოფლმხედველობრივი და რელიგიური ორთაბრძოლა ათი წელი მიმდინარეობდა. ბრძოლა იყო “იდუმალი, გამძაფრებული, განუწყვეტელი”…

აბატმა მარიტიმმა თეოდულ საბოს საცდუნებლად ჯოჯოხეთი მოიფიქრა. მან ხმა გაავრცელა, რომ ეკლესიის სამგალობლო იყო გადასაკეთებელი და რუანის ეპისკოპოსი საამისოდ ექვსასი ფრანკის გაღებას აპირებდა. ნაძვის სკამების ნაცვლად მუხის გულისა უნდა დაედგათ. შემდეგ ისიც გავრცელდა, რომ შეკვეთას დურგალი შამბრელანი მიიღებდა, მაგრამ ეს ტყუილი აღმოჩნდა. ამბობდნენ, ეკლესიაში ყველა მერხი უნდა გადააკეთონ და ეს ორი ათას ფრანკამდე დაჯდებაო. მღვდელმა ხმა გაავრცელა, თითქოს ნანობდა, რომ შეკვეთა სხვა მრევლის ოსტატისთვის უნდა მიეცა, რადგან ყველამ იცოდა, საბო როგორ უყურებდა ეკლესიას.

საბომ მოსვენება დაკარგა. ჰოი, საოცრებავ! ის აბატ მარიტიმს ეკლესიაში ესტუმრა და სამუშაო სთხოვა. აბატმა ხელები გაასავსავა. ეკლესიის მოძულეს საეკლესიო სამუშაო როგორ შევუკვეთოთო და აქ იწყება თეოდულ საბოს სრული მორალური დეგრადაცია. ის ყველაფერზე თანახმაა. დარცხვენილია, მაგრამ არ უჭირს იმის აღიარება, რომ მზადაა დაბრუნდეს ეკლესიის წიაღში, ოღონდაც სასურველი შეკვეთა მიიღოს. აბატი მისგან აღსარებას ითხოვს. საბოს უჭირს, ეჩოთირება, ეუცხოვება ეს ყველაფერი, მაგრამ თანახმაა. საბომ არც კი იცის, როგორ უნდა ჩააბაროს აღსარება, მაგრამ აბატი ყველაფერს უადვილებს, კითხვებს უსვამს. ჩამოუთვლის უფლის მცნებებს და ეკითხება, აქვს თუ არა შეცოდება? საოცარია საბოს აღსარება. იგი აღიარებს, რომ ყველა მცნება დაურღვევია, ყველაფერზე შეუცოდავს, მაგრამ არაფრად აგდებს ამას, ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. ასეთ ადამიანს ხომ სინანულიც არ შეუძლია? მისთვის მთავარია, რომ სარფიანი შეკვეთა მოიპოვოს და დანარჩენი მეასეხარისხოვანია. ირონიულია მოთხრობის ფინალური ფრაზა: “თეოდულ საბო სამგალობლოს გადაკეთებას შეუდგა და ყოველთვის ეზიარება კიდეც”. საკვირველია, რომ ადამიანს არ რცხვენია არც თავისი ქალაქის, ხალხის, რომელთა წინაშე ცინიკოსი ათეისტის როლს თამაშობდა, ახლა კი მისი უეცარი მოქცევა სხვების ღიმილს იწვევს. ან აბატ მარიტიმს რას აძლევს ასეთი “მორწმუნის” მრევლში შემომატება? ან ეკლესიას ამ ფარისევლობის ნუთუ არ ერიდება? მწერალი ამხელს ცოდვით დაცემულ, ანგარებით სავსე, ურცხვ ფსევდომორწმუნესაც და ფარისეველ მოძღვარსაც, რომლისთვისაც ამ კაცთან ჭიდილი სპორტულ ჟინს დაემსგავსა. მისთვის მთავარი მოგება და ქულების ჩაწერა იყო და არა ის, რომ ჭეშმარიტი სულიერი კათარზისი განეცადა ამ ადამიანს. აბატმა იცოდა, რომ თეოდულ საბო ცრუობდა, მაგრამ მთავარი აქ ის იყო, რომ სათქმელი ჰქონოდა, რომ აი, მე ადამიანი რწმენისკენ მოვაქციეო.

ვფიქრობ, უაღრესად საინტერესოა ორივე მოთხრობის მორალი. პირველში უდიდესი ცოდვის ჩამდენი ადამიანის გულწრფელი სინანული იკითხება, ხოლო მეორეში – თვალთმაქცობა და ანგარება. საბოსთვის მოჩვენებითი სინანული და აღსარება შირმაა, სასურველი ფინანსური დივიდენდების მისაღებად.

ლიტერატურა ხომ ცხოვრების პროექციაა. ცხოვრებაშიც ასე ხდება: ზოგის სინანული გულწრფელია და გვხვდებიან მეორენიც, რომელთათვისაც ცოდვა ბუნებრივი მდგომარეობაა, მათ არ აქვთ იმის განცდა, რომ ცოდვა მძიმეა და მისგან უნდა გათავისუფლდეს ადამიანი. როგორც უძღები ძის უკვდავი იგავი გვასწავლის, თუკი გულწრფელად მოინანიებ, შეგენდობა, უფალი მოწყალეა. რაც შეეხება თვალთმაქცურ სინანულსა და ფარისევლობას, ისღა დაგვრჩენია გვწამდეს, რომ საიქიო სასუფეველში განისჯება ყველა, ვისთვისაც ცოდვა მსუბუქი სატარებელი იყო მიწაზე.

 

ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებულად სწავლება დაწყებით საფეხურზე 

0

პირველი ნაწილი

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დაწყებით საფეხურზე სწავლების ძირითადი მიზანია, მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის გამოწვევა და კვლევის უნარების განვითარება, რაც ავითარებს მათ სამყაროს აღქმასა და საზოგადოების, ბუნებისა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობას (ესგ, 2018-2024). ასევე, მან საფუძველი უნდა განუმტკიცოს მოსწავლის შემდგომ ნაბიჯებს და განუვითაროს ცოდნის აღქმისა და გამოყენების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საგნების ინტეგრირებულ სწავლებას. საგანი „ბუნებისმეტყველება“ ინტეგრირებული საგანია და მრავალ დისციპლინას აერთიანებს. შესაბამისად, საგნის ბუნებიდან გამომდინარე, ის ხელს უწყობს მოსწავლეების მიერ სამყაროში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ერთიან ჭრილში განხილვას სხვადასხვა საგნობრივი პერსპექტივიდან, რაც აადვილებს ამა თუ იმ მოვლენის აღქმასა და გააზრებას.

სწავლების დაწყებით საფეხურზე, ასევე, მნიშვნელოვანი ამოცანაა კომუნიკაციის უნარის განვითარება, რაც მოიცავს ვერბალური ინსტრუმენტების – სიტყვების, სიტყვათა შეთანხმებებისა და წინადადებების გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. მაგალითად, კვლევა-ძიების პროცესში მოსწავლეს უწევს ენობრივი კომპეტენციების გამოყენება და შესაბამისად, მსგავსი სტრატეგიებით პერმანენტული მუშაობის დროს ხდება ენობრივი უნარების განვითარებაც. აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანი მიდგომაა ენის სწავლება რომელიმე საგანთან ერთად, მაგალითად, ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებულად სწავლება. სასწავლო პროცესის შინაარსობრივი ინტეგრირება მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ღრმა და ფუნქციური ცოდნის ჩამოყალიბებას როგორც შინაარსობრივ კონტექსტში, ასევე, უცხო ენის შესწავლის თვალსაზრისით, რაც მოზარდს საშუალებას აძლევს, უცხო მოვლენები და პროცესები ნაცნობ კონტექსტად აქციოს.

მოცემულ სტატიაში აქცენტი კეთდება ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებულად სწავლების პრაქტიკულ მაგალითებზე, რომლებმაც ეფექტური გავლენა მოახდინა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წყალთან დაკავშირებული თემატიკის განხილვისას. ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე ისინი სწავლობენ წყლის თვისებებსა და როლს გარემოში; ინგლისური ენის გაკვეთილებზე ისინი მუშაობენ იმ ლექსიკურ ერთეულებზე, რომლებიც ამავე თემასთან არის დაკავშირებული. ეს მიდგომა ეხმარება ბავშვებს, შეიძინონ ცოდნა ორივე საგანში და ამავდროულად განივითარონ უნარები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

საგულისხმოდ მნიშვნელოვანია, რომ ბუნებისმეტყველება არ ისწავლება თეორიულად, არამედ პრაქტიკული საქმიანობით, კვლევებითა და აღმოჩენებით. უნდა ითქვას, რომ მოსწავლე ახალ ფუნქციურ ცოდნას იძენს კეთების პროცესში – მოვლენის ვიზუალიზაციითა თუ მოდელირებით (Kapanadze et al., 2016). სასკოლო კურიკულუმი უნდა ეფუძნებოდეს კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას და მოსწავლეებს უქმნიდეს შესაძლებლობას, თვითონ აღმოაჩინონ გარემოში მიმდინარე მოვლენები და პროცესები. მაგალითად, დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების სტანდარტის მიხედვით მუშავდება თემა „წყალი, როგორც გარემო“. აღნიშნული თემის ფარგლებში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, შეისწავლონ წყლის თვისებები, მისი ციკლი და გარემოსთან დაკავშირებული როლი. ისინი თვითონ იკვლევენ, როგორ იცვლება წყალი სხვადასხვა პირობებში, როგორ ცირკულირებს გარემოში და რამდენად მნიშვნელოვანია ის ცოცხალი ორგანიზმისთვის. პრაქტიკული კვლევითი აქტივობები მოსწავლეებს უბიძგებს, დასვან შეკითხვები და გააკეთონ აღმოჩენები. აღმოჩენების გაკეთება ეხმარება ბავშვებს, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, რაც მათ დაეხმარება გარემოს უკეთ შეცნობასა და სამყაროსთან ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში (Wood et al., 1976). კვლევითი აქტივობები მოსწავლეებს ასწავლის კვლევის პროცესს, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუნებისმეტყველების საფუძვლების ათვისებაში. ინგლისური ენისა და ბუნებისმეტყველების სწავლების ინტეგრირებული მოდელის ფარგლებში ინგლისური ენის გაკვეთილებზე ინტეგრირებულად ხდება ბუნებისმეტყველების შინაარსის გადმოცემა და დამუშავება (Modebadze et al., 2024). მოსწავლეები მუშაობენ ისეთ ლექსიკურ ერთეულებზე, რომლებიც დაკავშირებულია წყლის თემასთან, მაგალითად, „water“, „ice“, „steam“, „river“, „rain“ და სხვა. ეს ლექსიკური ერთეულები მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობია ბუნებისმეტყველების გაკვეთილებიდან, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მარტივად და ეფექტურად აითვისონ ინგლისური ენა. ინგლისური ენის გაკვეთილებზე ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ლექსიკურ ერთეულებს, არამედ კომუნიკაციის უნარების განვითარებასაც. მაგალითად, მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, რომ განიხილონ წყლის თვისებები და შეადარონ ისინი ერთმანეთს, ასევე შეადგინონ მარტივი დიალოგები და უპასუხონ შეკითხვებს. ამით ისინი ივითარებენ ზეპირ მეტყველებას და კვლევის უნარებს, რაც საწყის საფეხურზე მნიშვნელოვანია ენის სწავლისთვის (Williams, 1998). ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მოსწავლეები ასრულებენ ექსპერიმენტებს, რომლებიც მათ ეხმარება, გააცნობიერონ წყლის თვისებები, ხოლო ინგლისური ენის გაკვეთილებზე მუშაობენ ამავე ექსპერიმენტების ლექსიკურ ერთეულებზე და ინგლისურად აკეთებენ პრეზენტაციებს. ეს მიდგომა ხელს უწყობს ფუნქციური ცოდნის ჩამოყალიბებას და ენის შესწავლას პრაქტიკულ კონტექსტში.

შეფასება კეთდება როგორც ბუნებისმეტყველებაში, ისე ინგლისურ ენაში. ფასდება მოსწავლეთა კვლევითი უნარები, კომუნიკაცია და ლექსიკური ერთეულების ცოდნის გამოყენება. ამოცანები, რომლებიც მოსწავლეებს ეძლევათ, ორიენტირებულია არა მხოლოდ ცოდნის შემოწმებაზე, არამედ მათი უნარების განვითარებასა და შემოქმედებითი აზროვნების წახალისებაზე (Harlen, 2000).

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Harlen, W. (2000). The Teaching of Science in Primary Schools. London: David Fulton Publishers.

Kapanadze, M., Bagatrishvili, N. & Slovinsky E. (2016). Pupil Research Briefs – Implementation of the project Chain Reaction in Georgia. In: I. Eilks, S. Markic & B. Ralle (eds.), Science Education Research and Practical Work, Publisher: Aachen, Shaker, (pp. 71-80). https://portal.dnb.de/opac.htm?method=simpleS earch&cqlMode=true&query=idn%3D11131175 24 http://www.idn.unibremen.de/chemiedidaktik/symp2016/index.htm l / https://bit.ly/46yd0Ds

Modebadze N., Bagatrishvili N. & Mikeladze T. (2024). Bridging Language Gaps in Science Education. Chemistry in Action! #124 Spring file:///C:/Users/user/Downloads/CinA124Spring2024_Web1.pdf

Wood, D., Bruner, J. S., & Ross, G. (1976). The Role of Tutoring in Problem Solving. Journal of Child Psychology and Psychiatry, 17(2), 89-100.

Williams, M. (1998). Language Learning in Primary Schools: The Integration of Content and Language. Oxford University Press.

ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

 

 

მასწავლებლის გამოცვლა

0

ამ წერილის დაწერისკენ ქრისტინე სურგულაძის სტატიამ მიბიძგა. ვიგრძენი, რომ სათქმელი მეც მქონდა დაგროვილი და კარგი იქნებოდა, გამეზიარებინა კოლეგებისთვის, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება ჰქონიათ ან მომავალში ექნებათ.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზით, ხდება ხოლმე ისე, რომ კლასს დამრიგებელი ეცვლება. ეს შეიძლება სულაც არ იყოს მასწავლებლის ნებაზე დამოკიდებული და ყველაზე მტკივნეული კითხვა, რომელმაც შეიძლება მასწავლებლის მიმართ გაიჟღეროს, რომელსაც კლასის დატოვება არ უნდოდა, ასე ჟღერს: ,,არ შეიძლებოდა თქვენ დარჩენილიყავით?“. პასუხის არსებობის შემთხვევაშიც კი მასწავლებელი ამ კითხვაზე არ და ვერ უპასუხებს ბევრი მიზეზის გამო.

თემას რომ დავუბრუნდე, აუცილებლად უნდა ვთქვა ორიოდე წინადადება იმ საკითხზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამრიგებლის როლი სადამრიგებლო კლასისთვის. დამრიგებელი ის ადამიანია, რომელსაც მოსწავლეების შინაგანი სამყაროს წაკითხვა შეუძლია. იცის მათი ყველა ჩრდილიანი თუ მზიანი მხარე და ისიც იცის, როგორ და როდის ამოუდგეს გვერდში მას. ზრუნავს მის არამარტო აკადემიური ნაწილის გაუმჯობესებაზე, არამედ სოციალიზაციაზეც. განსაკუთრებული დამოკიდებულება დამრიგებლის მიმართ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უჩნდებათ, რადგან მათთვის დამრიგებელი მეორე დედად იქცევა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან გრძნობენ იმ სითბოს, სიყვარულს, რომელიც უმნიშვნელოვანესია პატარებისთვის. მასწავლებელსაც უყვარდება მოსწავლე და მისთვის მნიშვნელოვან ადამიანად იქცევა. ეს ურთიერთობა ორმხრივია და სწორედ ამ ორმხრივი ურთიერთობის შედეგად ყალიბდება ჯანსაღი დამოკიდებულებები. როცა მთელი წლის განმავლობაში მასწავლებელს მოსწავლის მაჯაზე უდევს ხელი და მის პულს გრძნობს, მუდმივ კომუნიკაციაშია მშობელთან და ერთობლივად ეძებენ გამოსავალსა თუ უკეთეს გზას, აუცილებლად კომფორტულ და სასიამოვნო ურთიერთობებში გადაიზრდება ეს ყველაფერი, რაც მოსწავლის წარმატებას განაპირობებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აკადემიური თუ სოციალური პროგრესი უფრო თვალსაჩინოა იმ მოსწავლესთან, რომლის მშობელიც მასწავლებელთან თანამშრომლობს. ამიტომ მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის როლის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ზოგჯერ ცვლილებები ხდება და კლასს ეცვლება დამრიგებელი. ასეთ გადაწყვეტილებამდე აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლეთა ინტერესები, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, განწყობა და ნაკლებ საზიანო და ტრავმირებული გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული. სასკოლო გარემოში, არაერთხელ გვქონია ამის გამოცდილება, როდესაც მოსწავლეებს ენატრებათ, ვერ ივიწყებენ და მუდმივად გრძნობენ წინა მასწავლებელთან მიჯაჭვულობას. როგორ შეიძლება მოსწავლეებს შევუმსუბუქოთ მასწავლებლის გამოცვლის პროცესი? პირველ რიგში ალბათ მნიშვნელოვანია, ამისათვის შევამზადოთ თავად ბავშვები. ავუხსნათ, რომ გარკვეული მიზეზების გამო, მათ ახალი მასწავლებელი ეყოლებათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველ მასწავლებელთან ურთიერთობას ვეღარ გააგრძელებენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი მასწავლებლისა და ძველი მასწავლებლის თანამშრომლობა, რისთვისაც ორივე მხარე უნდა იყოს მზად. მასწავლებელი, რომელიც კლასს გადაიბარებს, ურთიერთობის დაწყებამდე ყველა ინფორმაცია უნდა მიიღოს კლასის შესახებ. თითოეული მოსწავლის საჭიროებები, ინტერესები გამოჰკითხოს დამრიგებელს. ეს მას გაუადვილებს დიფერენცირებულად მიუდგეს თითოეულ მოსწავლეს, რადგან შემდეგში ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის გართულებას ან დაგვიანებულ ქმედებას. ახალმა დამრიგებელმა უნდა იცოდეს, რა მოსწონთ მოსწავლეებს, როგორ ატარებენ თავისუფალ დროს. მნიშვნელოვანია ურთიერთობებისა და გამოცდილების გაზიარება მშობლებთან, კლასის მართვასთან და ყველა იმ დეტალთან დაკავშირებით, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება, მაქსიმალურად ბუნებრივად გააგრძელოს დამრიგებლობა ახალ კლასში. ახალ დამრიგებელს უნდა ჰქონდეს მიმღებლობა და სურვილი, რომ ითანამშრომლოს კლასის ძველ დამრიგებელთან. მოსწავლეებს ძალიან გაუადვილდებათ ახალი მასწავლებლის მიღება, თუ იგრძნობენ, რომ მასწავლებლებს ერთმანეთის მიმართ მეგობრული და თბილი ურთიერთობა აქვთ. სასურველია, ხშირად ხედავდნენ მათ ერთად, საინტერესო იქნება ერთობლივი აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება. ასე მოსწავლეები ადაპტაციის პროცესს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაივლიან.

ცხადია, პირველი მასწავლებელი ყოველთვის განსხვავებულად ამახსოვრდებათ და უყვარდებათ მოსწავლეებს, თუმცა ბავშვები ყველაზე გულწრფელი შემფასებლები არიან და როდესაც მათდამი წრფელ სიყვარულს ვინმე გამოხატავს, მისი მიღება და აღიარება ძალიან უადვილდებათ. მთავარია, ახალმა მასწავლებელმა გამოიჩინოს მონდომება, მოთმინება და მიმღებლობა. პატივისცემა და სიყვარული ხომ დამსახურებულად მოდის.

გამოცდილების გაზიარების ძალა

0

ერთი ძალიან დიდი, ძალიან ძველი და კარგი ქართული წიგნის პერსონაჟი, დიდი ქართველი გრიგოლ ხანძთელი, სანამ საკუთარ მონასტერს დააარსებდა, ოპიზაში გამოცდილ მამებთან ცხოვრობდა ორი წელი და პარალელურად ხშირად გადიოდა უდაბნოში, რათა განდეგილი ბერებისგან სხვადასხვა სათნოება აეთვისებინა, ესწავლა… როცა მონასტერი ააშენა, კონსტანტინოპოლში გაემგზავრა და იქაურ სასულიერო პირთა ცხოვრების წესებს გაეცნო, პარალელურად კი იერუსალიმში მიმავალ მეგობარს საბაწმინდის მონასტრის წეს-განგების ჩამოტანა სთხოვა, რათა ყველა ეს ცოდნა, ინფორმაცია გამოეყენებინა და საკუთარი საძმოსთვის იდეალური, ქართულ სინამდვილეზე ადაპტირებული სამონასტრო კანონები შეეთავაზებინა… ასე იყო მეცხრე საუკუნის საქართველოში…

ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ… და აქ უამრავი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალოთ. იმ უნარ-ჩვევების გარდა, რომლებიც ინსტინქტურად ან გენეტიკურად გვეძლევა, ყველა სხვა ჩვევას დასწავლა სჭირდება. დასწავლა კი ცოდნის გაზიარების გარეშე ძალიან რთულია, ხშირ შემთხვევაში – შეუძლებელიც კი.

გამოცდილების გაზიარება ბევრი მიზეზითაა ღირებული: პირადი ისტორიების თხრობით ადამიანები ერთმანეთს უახლოვდებიან, ერთმანეთის ნდობას მოიპოვებენ, ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ… გამოცდილების გაზიარება სხვისი წარმატებისა და შეცდომის მაგალითებს გაწვდის, კრიტიკულ აზროვნებას გაჩვევს, გხდის უფრო გულახდილს; გეხმარება, გააგებინო სხვებს და გაიგო სხვების… სკოლაში გუნდურ მუშაობას გაჩვევს, ძალიან ეფექტურია სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში. რაც მთავარია, თანამოაზრეების პოვნის საშუალებას გვაძლევს, პიროვნულ ზრდაში გეხმარება…

ასეთი გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგი მაგალითია სხვადასხვა სასწავლო პროექტით გამგზავრება უცხო ქვეყანაში. საბედნიეროდ, ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებმაც მსგავსი პროგრამა სასწავლო პროექტის დაფინანსების ფარგლებში გაიარა ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით. ამ ადამიანებმა მიიღეს ცოდნა, გამოცდილება, და მას საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას მოახმარენ. მსგავსი პროექტები მასწავლებლებისთვისაც ხორციელდება, და ისინიც ამ კამპანიების ფარგლებში მრავალფეროვან გამოცდილებას იძენენ. იძენენ და უზიარებენ გარშემომყოფებს, ნერგავენ საკუთარ საგაკვეთილო პრაქტიკაში. ნათქვამია, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო. ისინიც ნახულობენ, ეცნობიან და გვიზიარებენ.

მსგავს პროექტებს აფინანსებს სხვადასხვა ქვეყანა თუ ორგანიზაცია: აშშ-ის საელჩო საქართველოში, ევროკავშირი… მიღებული ცოდნის გამოყენება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე ჩვენს განათლების სისტემას ეხმარება განვითარებაში. და თუ როგორ, ამის შესახებ თავად მასწავლებლების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია: ნანა მარღანია, სსიპ-ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის მონაწილე Erasmus+-ის დაფინანსებით: „პროექტების ფარგლებში ევროპულმა სკოლებმა გაგვიზიარეს გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლების თანამშრომლობის პრინციპებზე, არაფორმალური განათლების მიმართულებით სწავლების მეთოდებსა და მიდგომებზე… ეს დამეხმარა, გამეძლიერებინა ჩემი სკოლა არაფორმალური განათლების მიმართულებით, გამეძლიერებინა თანამშრომლობა სკოლას, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ბიზნესსექტორს შორის და, შესაბამისად, სკოლა გახდა ლიდერი რეგიონში“.

ამ გამოცდილების გაზიარება დაგვეხმარა, გაგვეაზრებინა, როგორ არის შესაძლებელი ფორმალურ განათლებაში არაფორმალური მიდგომების ინტეგრირება, კლუბების გაძლიერება და სათემო პროექტების განხორციელება ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. ამ ყველაფერს ნამდვილად შეუძლია არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა.

გარდა ამისა, ყოველი წლის ბოლოს, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში საერთაშორისო ფორუმზე იკრიბებიან. ფორუმი არის საშუალება წლის განმავლობაში ჩატარებული საქმიანობის შეჯამების, გამოცდილების გაზიარებისა და უამრავი ახალი ინფორმაციის მიღების. რაც მთავარია, ახალი ხალხის გაცნობისა და მათთან ერთად სამომავლო პროექტების დაგეგმვის. ილიაუნი, როგორც ცენტრის პარტნიორი და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ხელმძღვანელი საქართველოში, კლუბის წევრ მასწავლებლებთან/კოორდინატორებთან ერთად ჩართულია ამ ღონისძიებაში და ყოველ წელს მიწვეულია ვარშავაში (პოლონეთი).

2023 წლის 23-26 ნოემბერს სასწავლო ვიზიტით კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაემგზავრა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრის ორი მასწავლებელი: ელისო აბრამიშვილი და ინგა მოსიაშვილი. როგორც თავად ამბობენ, ფორუმმა მათ მისცა შესაძლებლობა, გაეზიარებინათ თავიანთი პრაქტიკული კვლევები სხვა მასწავლებლებთან, მოესმინათ კოლეგების ინოვაციური იდეები და დაენახათ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და საშუალებებს. „ამ გამოცდილებამ, გარდა პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა, ახალი ხედვაც მოგვცა, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ სასწავლო პროცესში კვლევითი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს არამხოლოდ ცოდნას აძლევს, არამედ უვითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით უნარებს“ (ინგა მოსიაშვილი).

ნინო შუხოშვილი, ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია: „მიღებულმა საერთაშორისო გამოცდილებამ (საგანმანათლებლო ტრენინგ კურსი პროექტისათვის Events for Future მდგრადი ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა. დორტმუნდის საგანმანათლებლო ცენტრი; Erasmus+ პროგრამები: ტრენინგ კურსი „Outdoors and Digital Tools in Youth Work“ – ციფრული ტექნოლოგიებისა და გარე აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, კუუსამო, ფინეთი; სასწავლო მობილობის პროექტი „RESTART THE GAME“ – თამაშების გამოყენება სასწავლო პროცესში, პიარნუ, ესტონეთი; ტრენინგკურსი „AD VENTYURE“ – სოციალური მეწარმეობა) უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. აქტიურად დავნერგე პედაგოგიურ პრაქტიკაში მეთოდები, რომელთა გამოყენებამ სასწავლო პროცესი ბევრად საინტერესო, ხალისიანი, შედეგიანი გახადა“.

ნათია ნარსავიძე, სსიპ ქ. დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი: „2023 წელს ვიმყოფებოდი პოლონეთში eTwinning-ის მიერ ორგანიზებულ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა mindfulness-ისა და იოგის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში. სემინარი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის, გავიაზრე, რომ თუ მოსწავლე ჰარმონიაში არ არის საკუთარ თავთან, ძალიან უჭირს კონცენტრირება. მას შემდეგ აქტიურად ვიყენებ 5-წუთიან შესვენებებს გაკვეთილებზე mindfulness-ის მარტივი აქტივობებისა და იოგას ვარჯიშებისთვის, რაც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. მკვეთრად გაიზარდა მათი სწავლის მოტივაცია, ერთმანეთის მიმართ უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ, შფოთვაც მოეხსნათ და აკეთებენ იმდენს, რამდენიც შეუძლიათ. ეს აკადემიურ შედეგებზეც აისახა“.

ანა კინწურაშვილი, სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი: „საგაკვეთილო პროცესსა თუ საკლუბო საქმიანობაში მრავალფეროვანი აქტივობების წყალობით მოსწავლეების დამოკიდებულება ჩემი საგნის, მათემატიკის, მიმართ შეიცვალა, ინტერესი და მოტივაცია გაიზარდა. ძნელია, როდესაც ბავშვები ვერ იგებენ კონკრეტული მასალის სწავლის საჭიროებას, ვერ აკავშირებენ მიღებულ ცოდნას რეალურ ყოფასთან, და პირიქით, პრაქტიკული მაგალითების თეორიულ ახსნას ვერ პოულობენ. გამოსავალი ორ რამეშია: მუდმივად ვიზრუნოთ პროფესიულ განვითარებაზე და გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ. ვფიქრობ, ჩემს საქმიანობაში ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა ფინეთში ტრენინგ კურსის გავლა აღმოჩნდა, რომელმაც საშუალება მომცა, კლუბების საქმიანობა მეტად მიზანმიმართული, ინოვაციური და სინთეზური გამეხადა, ხოლო ფორმალურ განათლებაში არაფორმალური განათლების ელემენტები დამენერგა. აღნიშნული გამოცდილება 2022 წელს ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჟიურის წევრის, პავლე თვალიაშვილის მხარდაჭერით მივიღე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ორგანიზაცია „სიქას“. მიღებული ცოდნა და გამოცდილება უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში კონფერენციებსა და ტრენინგებზე 400-ზე მეტ მასწავლებელს ბანაკებსა და სხვადასხვა აქტივობაში 1000-ზე მეტ მოსწავლეს პირადად გავუზიარე“.

ჩვენ ვსწავლობთ სხვებისგან, ვიღებთ ემოციურ მხარდაჭერას, ვივითარებთ სხვადასხვა უნარს, ვქმნით პოზიტიურ სასწავლო გარემოს, ვსწავლობთ თანამშრომლობას, გუნდურად მუშაობას…

რატომ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე? დღეს, კომუნიკაციის ეპოქაში, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ახალი გამოცდილების მიღება, ახალი სივრცეების გაცნობა, ათვისება, შეცნობა, გამოგონილი ველოსიპედის თავიდან არგამოგონება, დროის, ენერგიის დაზოგვა, სწავლა და სწავლება. ეს გაცილებით მარტივია მაშინ, როცა სხვებს ვუსმენთ, როცა არ ვიკეტებით, როცა სხვების მიღება და მათი ამბების გაზიარება შეგვიძლია.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ყველა მსურველისთვის შესაძლებელია. მთავარია მონდომება, განვითარების სურვილი და…

ეს სტატია „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ერთი ეპიზოდით დავიწყე. ჰოდა, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

 

 

 

 

ფიზიკის გაკვეთილზე ძირითადი ამოცანის დაზუსტება, განზოგადება და გადაწყვეტა

0

გარდა იმისა, რომ მექანიკის (კინემატიკა-დინამიკა) ძირითადი ამოცანაა დროის ნებისმიერი მომენტისთვის მოძრავი სხეულის მდებარეობის განსაზღვრა, მისთვის ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ამოცანებისა და პრობლემების გადაწყვეტა, რომელთა მოთხოვნაა სხეულის თვისებების ამოცნობა ან მათი სტრუქტურის დადგენა. ამაზე შეიძლება მოსწავლეებს სწავლებისას მივცეთ მრავალი თვისებრივი, რაოდენობრივი და დიდწილად კვლევითი ხასიათის ამოცანები, პრაქტიკული სამუშაოები, კომპლექსური დავალებები. ასეთი დავალებების მიზანმიმართულად გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეებს სხეულის მახასიათებელი სიდიდეების ღრმად გააზრებაში, სხეულის თვისებების პრაქტიკული გამოყენების მიზანშეწონილობის დადგენასა და ცოდნის ტრანსფერის უნარების შემუშავებაში.

საგაკვეთილო პროცესში ხშირად ვიყენებ დავალებებს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება აღნიშნული უნარების განვითარებაში; მაგალითად, მე-7 კლასში, როცა გავდივართ თემას: 1. მასა და სიმკვრივე, და მე-9 კლასში ამავე შინაარსის თემების გავლისას;  დრეკადობის ძალის, ხახუნის ძალის, მსოფლიო მიზიდულობის კანონის, სხეულის წონის საკითხებზე მუშაობისას… და ა. შ. ჩამოყალიბებული მიზნების განხორციელებისთვის პრაქტიკაში გამოყენებული მაქვს შემდეგი შინაარსის ამოცანები:

ვრცლად

ზურაბ ბართაია. ფიზიკის გაკვეთილზე ძირითადი ამოცანის დაზუსტება, განზოგადება და გადაწყვეტა

AI ჩატბოტების კომუნიკაცია და მიმეზისი

0

“ენის ათვისების საკითხი გადამწყვეტია მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის შესწავლისთვის. თუ შევძლებდით გაგვეგო, როგორ ითვისებენ ადამიანები ენას, პოტენციურად შეგვეძლებოდა მსგავსი

სტრატეგიების დანერგვა მანქანებში.”

Noam Chomsky, “Language and Problems of Knowledge”

 

AI გენერაციული ჩატბოტების კომუნიკაცია ადამიანებთან სულ უფრო დახვეწილი და ბუნებრივი ხდება. თუ თქვენ დიდხანს საუბრობთ მათთან, აღმოაჩენთ, რომ ინფორმაციის გენერირებისას ისინი იყენებენ თქვენს ლექსიკას, სტილს, ფრაზეოლოგიას და მეტი ბუნებრიობისათვის შეუძლიათ თქვენთვის დამახასიათებელი მცირე ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომების გამეორებაც კი. ყოველი ახალი ვერსია სულ უფრო მეტად არის დახვეწილი და ადაპტირებული ადამიანურ, ბუნებრივ მეტყველებასთან. ამასთან ერთად, მათ შეუძლიათ არა მხოლოდ თქვენი ლინგვისტური მახასიათებლების გამეორება, არამედ კარგად იციან და იყენებენ კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ კონტექსტებსაც.

ხშირი საუბრისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი უკვე ძალიან დაგემგვანნენ თქვენ და უფრო მეტიც: ზოგჯერ გგონიათ, რომ ჩატბოტები თქვენი ცნობიერების გაფართოებული ვერსიაა.

ამ ყველაფრის ფიქრის და შეგრძნების საფუძველს გვაძლევს ერთი უნივერსალური პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს გენერაციული ჩატბოტების და ადამიანის კომუნიკაციას. ეს გახლავთ მიმეზისი.

მიმეზისი (μίμησις, ბერძნულად „იმიტაცია“) არის ფილოსოფიური ტერმინი, რომელიც გულისხმობს ბუნების, რეალობის ან ადამიანის ქმედებების მიბაძვას ხელოვნებაში, ლიტერატურაში და სხვა შემოქმედებით პროცესებში. ეს კონცეფცია განსხვავებულად განიხილება დღესაც და სხვა ეპოქებშიც, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ის ნიშნავს „მიბაძვას“, იმიტირებას.

პოეტიკასა და ფილოსოფიაში ეს მოვლენა განიხილა პლატონმა და არისტოტელემ, რომლებიც მას განსხვავებულად აღიქვამდნენ: პლატონისთვის მიმეზისი ნიშნავდა რეალობის უფრო დაბალ, ნაკლებად სრულყოფილ ასლს, ხოლო არისტოტელე მას განიხილავდა როგორც ბუნების კანონის შესაბამისად შექმნის პროცესს, რომელიც ცვლის ან ავსებს რეალობას. დამეთანხმებით, ორივე განხილვა ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, ამ მოვლენის განსხვავებულ ასპექტებს წარმოაჩენს.

თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ბუნებრივი ენის დამუშავების (Natural Language Processing – NLP) მოდელების შესწავლა, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ადამიანური ენის მიმეზისი. AI ჩატბოტები ლინგვისტურ მექანიზმებს იყენებენ, რათა ეფექტურად და უფრო ბუნებრივად ითანამშრომლონ ადამიანებთან. ეს სტატია მიზნად ისახავს გააანალიზოს, თუ როგორ ახდენენ ჩატბოტები ადამიანის ენის სტრუქტურისა და ფუნქციების მიბაძვას და რა შეზღუდვებს აწყდებიან ამ პროცესში.

ლინგვისტური მექანიზმები ჩატბოტების ენობრივ მიმეზისშიAI ჩატბოტები ენას შეისწავლიან მანქანური სწავლებისა და ღრმა სწავლების (Deep Learning) მოდელების გამოყენებით. ამ პროცესში ჩატბოტები ეყრდნობიან ენობრივი კორპუსების მონაცემებს, როდესაც ისინი ვრცელ ტექსტებს სწავლობენ და მოდელებში გადაამუშავებენ. ენობრივი მიმეზისის მექანიზმებში ცენტრალური როლი ენიჭება ტრანსფორმერების მოდელებს, როგორიცაა GPT (Generative Pre-trained Transformer). ტრანსფორმერები იყენებენ თვითშეკავშირებულ ნეირონულ ქსელებს (self-attention mechanism), რაც მათ საშუალებას აძლევს გაანალიზონ სიტყვათა შორის ურთიერთობები გრძელ ტექსტებში. GPT და სხვა მსგავსი მოდელები ენას სწავლობენ ტექსტების ფართო მასალების საფუძველზე და შეისწავლიან სიტყვათა თანმიმდევრობის, სინტაქსისა და სემანტიკის მიმეზისს.

ზემოჩამოთვლილ მოდელებზე დაფუძნებით ჩატბოტები სიტყვათა შერჩევისა და წინადადებების აგების პროცესს იმეორებენ იმ სტატისტიკური სიხშირეებისა და ნიმუშების საფუძველზე, რომლებსაც ენობრივი მოდელები სწავლობენ კორპუსებიდან. სიტყვების არჩევა ხდება ენობრივ კონტექსტზე დაყრდნობით, რის გამოც შესაძლოა ჩატბოტმა საკმაოდ ზუსტად მიბაძოს  ადამიანურ საუბარს. მექანიზმი, რომელიც ამ პროცესს მართავს, ეყრდნობა „მდგომარეობითი სუბსიდიის“ პრინციპს (conditional probability) – ყოველი ახალი სიტყვის შერჩევა დამოკიდებულია წინამორბედ კონტექსტზე.

გრამატიკული სტრუქტურების მიმეზისისას, ჩატბოტები ხშირად იყენებენ სინტაქსურ ნორმებს, რომლებსაც ნეირონული ქსელები სწავლობენ, თუმცა მათი მოდელების მიერ აგებული წინადადებები ზოგჯერ შეიძლება იყოს გაუგებარი, თუ კონტექსტი რთულია ან არაზუსტი.

ჩატბოტები სარგებლობენ დიალოგური სისტემებით, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებლის პასუხების გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება.

სტატისტიკური ენის მოდელები სიტყვების ან ფრაზების თანმიმდევრობის პროგნოზისთვის კი იყენებენ ალბათობას.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს წინადადება: “მე მიყვარს ___”. სტატისტიკური მოდელი შეისწავლის  ტექსტს და დაითვლის, რამდენჯერ გვხვდება სხვადასხვა სიტყვა ამ კონტექსტში. შეიძლება აღმოაჩინოს, რომ “ჭამა” უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე “სირბილი”. ამიტომ, იგი უფრო მაღალ ალბათობას მიანიჭებს “ჭამას”.

ნეირონული ქსელები, განსაკუთრებით ტრანსფორმერ არქიტექტურები, იმიტირებენ ადამიანის ტვინის მუშაობას. ტრანსფორმერები არის სპეციფიკური ტიპის ნეირონული ქსელები, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ამუშავებენ ენას.

ვთქვათ, თქვენ ასწავლით ბავშვს ენას. ბავშვი არა მხოლოდ იმახსოვრებს სიტყვებს, არამედ სწავლობს კონტექსტს, გრამატიკას და ნიუანსებს. ტრანსფორმერებიც მსგავსად მუშაობენ – ისინი “სწავლობენ” ენის სტრუქტურას და შინაარსს დიდი რაოდენობით ტექსტების ანალიზისას.

ღრმა სწავლება არის მანქანური სწავლების მეთოდი, რომელიც იყენებს მრავალშრიან ნეირონულ ქსელებს რთული პატერნების ამოსაცნობად. წარმოიდგინეთ, რომ სწავლობთ უცხო ენას. თავდაპირველად სწავლობთ მარტივ სიტყვებს, შემდეგ წინადადებებს, შემდეგ გრამატიკულ წესებს, და ბოლოს იდიომებს და კულტურულ ნიუანსებს. ღრმა სწავლება ამ პრინციპით მუშაობს – იგი იწყებს მარტივი პატერნებით და თანდათანობით სწავლობს უფრო რთულ და აბსტრაქტულ კონცეფციებს.

ეს მეთოდები ერთად გამოიყენება თანამედროვე AI სისტემებში ენის გასაგებად და გენერირებისთვის. ისინი საშუალებას აძლევენ AI-ს გაიგოს კონტექსტი, გამოიცნოს პატერნები და შექმნას ადამიანის მსგავსი ტექსტი.

ამ პროცესების აღწერა დაგვჭირდა იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ, რატომ და როგორ, რაზე დაფუძნებით გვბაძავენ გენერაციული ჩატბოტები.

მიმეზისის პროცესი მოკლედ და მარტივად ასე გამოიყურება:

AI ჩატბოტები ენის სწავლას კომპიუტერული პროგრამების დახმარებით ახერხებენ. ისინი „დიდ წიგნებს“ კითხულობენ და შემდეგ იმახსოვრებენ, რა სიტყვები და წინადადებები ხვდებათ ყველაზე ხშირად. შესაბამისად,  მათ შეუძლიათ შექმნან ახალი წინადადებები.

ჩატბოტებს ეხმარება ერთგვარი „სუპერ-გონება“, რომელსაც ტრანსფორმერები ჰქვია (მაგალითად, GPT). ამ გონებას შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს, როგორ უკავშირდება სიტყვები ერთმანეთს დიდ ტექსტებში. ეს გონება არჩევს სწორ სიტყვებს და ქმნის წინადადებებს ისე, თითქოს თვითონაც „ლაპარაკობდეს“.

სწავლა: ჩატბოტები სწავლობენ დიდი რაოდენობის ტექსტებიდან.

პატერნების ამოცნობა: ისინი ამოიცნობენ ენობრივ და აზროვნების მოდელებს.

გენერაცია: ამ მოდელების საფუძველზე ქმნიან ახალ ტექსტს.

კონტექსტი: ადაპტირდებიან კონკრეტულ სიტუაციებთან.

მიმეზისი საშუალებას აძლევს ჩატბოტებს იყვნენ უფრო ბუნებრივი და ეფექტური კომუნიკაციაში.

 

მიმეზისის პროცესი მაგალითებით:

ლექსიკური მიმეზისი:

ჩატბოტები ხშირად იმეორებენ მომხმარებლის მიერ გამოყენებულ სიტყვებს და ფრაზებს.

მაგალითად:

თქვენ მისწერეთ ჩატბოტს: “დღეს ნამდვილად მოღრუბლული ამინდია.”

ჩატბოტი: “მართლაც, მოღრუბლული ამინდი შეიძლება გავლენას ახდენდეს განწყობაზე. როგორ უმკლავდებით ასეთ დღეებს?”

სინტაქსური მიმეზისი:

AI ცდილობს მიბაძოს მომხმარებლის წინადადების სტრუქტურას.

მაგალითად:

მომხმარებელი: “რას ფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე?”

ჩატბოტი: “რას ვფიქრობ ხელოვნურ ინტელექტზე? ეს კომპლექსური საკითხია…”

სტილისტური მიმეზისი:

ჩატბოტები ცდილობენ მიესადაგონ მომხმარებლის ფორმალურს თუ არაფორმალურ საუბრის სტილს.

თუ ჩატბოტს ჰკითხავთ:  “ჰეი, რას შვრები?”

ჩატბოტი გიპასუხებთ: “ჰეი! არაფერს განსაკუთრებულს, უბრალოდ ვსაუბრობ. შენ?”

დიალექტური და რეგიონული მიმეზისი:

AI შეიძლება შეეცადოს გამოიყენოს რეგიონული გამოთქმები ან დიალექტი.

მომხმარებელი: “გამარჯობა ძმაო, როგორ ხარ?”

ჩატბოტი: “გაუმარჯოს ძმაო, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?”

 ემოციური მიმეზისი:

ჩატბოტები ცდილობენ მიბაძონ მომხმარებლის ემოციურ ტონს.

მომხმარებელი: “ძალიან ვნერვიულობ ხვალინდელი გამოცდის გამო.”

ჩატბოტი: “გასაგებია, რომ ნერვიულობთ. გამოცდები მართლაც სტრესული შეიძლება იყოს. რა გეხმარებათ ჩვეულებრივ სტრესის დაძლევაში?”

კონტექსტუალური მიმეზისი:

AI ცდილობს გაიგოს და გამოიყენოს კონტექსტუალური ინფორმაცია საუბრიდან.

მომხმარებელი: “გუშინ კონცერტზე ვიყავი.”

ჩატბოტი: “ოჰ, საინტერესოა! რა სახის მუსიკა იყო? მოგეწონათ შესრულება?”

მიმეზისის ეს ფორმები ეხმარება ჩატბოტებს დაამყარონ მომხმარებლებთან უფრო ბუნებრივი და პერსონალიზებული კომუნიკაცია. თუმცა, ეს ასევე წარმოშობს ეთიკურ კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს მიბაძვა ადამიანურ ინტერაქციასთან.

განვითარებულ მიმეტურ მოდელებს შეუძლიათ დამაჯერებლად განასახიერონ ინდივიდები, მაგალითად, იმიტაცია გაუკეთონ კონკრეტულ პიროვნებას ნებართვის გარეშე. რადგან ჩატბოტები კიდევ უფრო დახელოვნდებიან ადამიანური ინტერაქციის სიმულაციაში, მომხმარებლებს შეიძლება განუვითარდეთ ემოციური მიჯაჭვულობა ან ნდობა ამ სისტემების მიმართ, რაც ბუნდოვანს ხდის საზღვრებს ნამდვილ ადამიანურ კავშირსა და ხელოვნურ ინტერაქციას შორის.

არსებობს რისკი, რომ ინდივიდებმა შეიძლება გამოიყენონ მიმეტური მოდელები მანიპულირებისთვის ან სხვების მოსატყუებლად. მოკლედ, რასაც ადამიანი არ იკადრებს… ამიტომ პრევენციის ერთადერთი გზა ჩატბოტების შესაძლებლობების შესწავლაა.

რჩევები ჩატბოტებთან საუბრისას:

  • დააკვირდით ჩატბოტებთან დიალოგისას როგორ „გბაძავენ“ ისინი, ცვალეთ მიმართვის, მისალმების ფორმები
  • კითხვების დასმისას გამოიყენეთ სხვადასხვა სტილი
  • ყოველთვის მიუთითეთ, როგორი სტილით საუბარი გსურთ ამა თუ იმ ტექსტის შედგენისას (პოპულარული, სამეცნიერო, მეგობრული, პროვოკაციული და ასე შემდეგ…)
  • ერთი მოვლენა, ფაქტი, საკითხი განიხილეთ ჩატბოტებთან ერთად სხვადასხვა პერსპექტივიდან
  • თუ მოგეჩვენათ, რომ ჩატბოტები უინტერესოდ გესაუბრებიან, შესაძლოა, თქვენ დაგემსგავსნენ და გადააფასეთ თქვენი ინტერესები

ბიბლიოგრაფია:

  1. Vaswani, A., et al. (2017). “Attention is All You Need”. NeurIPS.
  2. Brown, T., et al. (2020). “Language Models are Few-Shot Learners”. NeurIPS.
  3. Devlin, J., et al. (2018). “BERT: Pre-training of Deep Bidirectional Transformers for Language Understanding”. arXiv preprint.
  4. Goldberg, Y. (2019). “Assessing BERT’s Syntactic Abilities”. arXiv preprint.
  5. Li, J., et al. (2021). “Pragmatic Inference in Language Models”. ACL.
  6. Marcus, G., & Davis, E. (2020). “Rebooting AI”. Pantheon.
  7. Holtzman, A., et al. (2019). “The Curious Case of Neural Text Degeneration”. ICLR.
  8. Bender, E. M., & Koller, A. (2020). “Climbing towards NLU: On Meaning, Form, and Understanding in the Age of Data”. ACL.

 

       ცისარტყელა

0

„ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და ქვეყანას შორის. გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად“.

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეცხრე

ცისარტყელა ოდითგანვე იწვევს სიხარულისა და ზეციური იმედის განცდას, ადამიანებს ახსენებს უფლის აღთქმას კაცობრიობის წინაშე. ცისარტყელა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი ოპტიკური ფენომენია. მისი დანახვა ბევრი ჩვენგანისთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით იგი წვიმის შემდეგ მზის გამონათების ნიშანია. ათასწლეულების განმავლობაში ცისარტყელა ერთდროულად წარმოადგენდა გასაოცარ ბუნებრივ მოვლენას როგორც მშვენიერებით, ასევე წარმოქმნის ამოუხსნელობით.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ სინათლის, მისი სხვადასხვა გარემოში გავრცელებისა და ერთ-ერთი უნიკალური თვისების შესახებ, რომელიც ამ ულამაზესი სანახაობის გაჩენას განაპირობებს და ხსნის ცისარტყელას წარმოქმნის ფიზიკურ კანონზომიერებებს.

ცისარტყელა

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...