სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ძველი ნივთების გაცოცხლება დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონის მიხედვით“

დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ მეშვიდე კლასს საკითხავ წიგნად შევთავაზე. ამ წიგნის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ნათია ფურცელაძის მრავლისმომცველი სტატია და მისი გამოცდილება თქვენს მოსწავლეებთან ერთად გაიზიაროთ. ყოველი წიგნი საინტერესო აქტივობებისთვის განსხვავებულ იდეებს გვკარნახობს. ამგვარად წიგნის კითხვაც უფრო სახალისო ხდება და თან მოსწავლეებს წაკითხულის გააზრებაში ეხმარება.

წიგნის მერვე თავის სათაურია „დღე, როცა ბიჭმა მეორე უცნაური ლექსიკონი იპოვა“. მთავარი პერსონაჟი,13 წლის გიო, ხელოვნების გაკვეთილს აცდენს და ქალაქში გასეირნებას გადაწყვეტს. გიოს ახსენდება, როგორ დაატარებდა დედა მუზეუმებსა და კაფეებში, სადაც ადამიანებს აკვირდებოდა. შემდეგ მიადგება ქალაქის მდინარეს, რომელიც არის „ჭუჭყიანი, ჭუჭყიანი და მაინც ბრჭყვიალა“. ხიდი, სადაც ძველი ნივთებია გამოფენილი, ადვილად ამოსაცნობია. მშრალ ხიდზე გავლისას და ძველი ნივთების დანახვისას იქ გამოფენილი ნივთების ირგვლივ თხრობისა და წერის უნარების განმავითარებელი აქტივობების შესათავაზებლად მოსწავლეებთან ერთად საგანგებოდ წასვლის სურვილი მიჩნდება. ამჯერად წიგნმა გიოსთან ერთად საკლასო ოთახიდან წარმოსახვით გვამოგზაურა ხიდზე გამოფენილი ძველი ნივთების ბაზრობაზე:

„ხიდთან ძველი ნივთების ბაზრობაა, აქ სიარული ძალიან უყვარს, ათას უცნაურ ნივთს მიათრევს ხოლმე შინ. თუმცა ყველაზე მეტად თვალიერება უყვარს. აი, ეს რადიო, ბაბუას ბავშვობის დროინდელი. ძველებური კედები, მონეტები, მედლები, ბროლის ჭურჭელი და ქანდაკებები. წიგნები, აი, წიგნები, აქ ყველაზე მეტი ლექსიკონი და სასაუბროა“. [ანფიმიადი 2021, 53]

ამ თავს კლასთან ერთად ხმამაღლა ვკითხულობდი, რატომღაც ჩემი ბავშვობის დროინდელი ფირუზისფერი ფაიფურის ჩაიდანი გამახსენდა. მეშვიდეკლასელებს ვუამბე, როგორი ლამაზი იყო გრძელცხვირიანი და ვიწროყელიანი ჩაიდანი, როგორ მიზიდავდა და ჩემი ოჯახის რამდენი ამბის მომსწრე იყო.

გადავწყვიტეთ, მეორე დღეს შინიდან მოგვეტანა ერთი ძველი ნივთი და ერთმანეთისთვის გაგვეცნო. საშინაო დავალების ინსტრუქციაც მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავე. ჩამოვწერეთ რამდენიმე საკითხი, რის მიხედვითაც სათქმელი უნდა აგვეკინძა:

  1. რა მიზანი ჩავიფიქრეთ?
  2. როგორი თავგადასავალი აქვს ჩემს შერჩეულ ნივთს?
  3. რატომ შევარჩიე მაინც და მაინც ერთი ნივთი?

უნდა გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ აღძრავს ინტერესს ძველი ნივთი. ამისთვის უნდა დავკვირვებოდით ჩვენი სახლის ძველ ნივთებს და ჩვენი შერჩეული ნივთის შესახებ ჯერ საკუთარ თავებს ჩავღრმავებოდით, თუ როგორ ემოციებს აღძრავდა ჩვენში და რატომ გვინდოდა სხვებისთვის გაცნობა, შემდეგ კი აუდიტორიისთვის სათქმელი უნდა აგვეკინძა.

ამგვარად, ძველი ნივთების გაცოცხლებით ჩვენ შესახებაც მეტს ვიგებთ, ვაფასებთ საკუთარ ცხოვრებას და ერთმანეთსაც უკეთესად ვეცნობით. მასწავლებელიც მოსწავლეების არჩევანზე დაკვირვებისას და მათი მოსმენისას მრავალ საინტერესო და უცნობ დეტალს აღმოაჩენს მოზარდების შესახებ. ძველი ნივთების გაცნობისას დადებითი შთაბეჭდილებებით ვივსებით და ერთმანეთის სამყაროებისკენ აქამდე უხილავ კარს ვაღებთ.

დავალების ინსტრუქცია ასევე მოიცავდა წერილობითი ტექსტის შედგენას:

  1. შერჩეული ნივთის აღწერა და 2. ნივთის ალაპარაკება

მეორე დღეს დაფასთან ჩავამწკრივეთ ძველი ნივთები და რიგრიგობით ვყვებოდით, თუ რატომ შევარჩიეთ, რა ემოციებს აღძრავდა ჩვენი შერჩეული ძველი ნივთი და როგორი ისტორია ჰქონდა თითოეულს.

დღიურში თანმიმდევრობით ვიწერდი მოსწავლეების ნივთებს და ისიც აღვნიშნეთ, თუ როგორი რთულია სათანადო სიტყვების შერჩევა ნივთების აღსაწერად:

  1. „ვეფხისტყაოსანი“, 1957 წლის გამოცემა – გელას წიგნის ასაკიც გამოუთვლია და 64 წლის „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ გვიამბო, რომ დიდი ხნის წინათ ბებიისთვის უჩუქებიათ, მას კი თბილისში წამოუღია, უკეთ რომ შემენახაო. წიგნი საგულდაგულოდ დავათვალიერეთ და აღმოვაჩინეთ არშიებზე დატოვებული მინაწერები, საზეპიროდ მონიშნული სტროფები და იმაზე დავფიქრდით, თუ როგორ კითხულობდნენ გელას ბებია და დედა „ვეფხისტყაოსანს“.
  2. მოხატული ღვინის ბოთლი – ნინის ღვინის ბოთლმა მამას დაბადების დღე და სტუმრები გაახსენა.
  3. თევზის ფორმის დოქი – მარიამმა გვიამბო, როგორ აგროვებდა ბებია ფაიფურის სუვენირებს. სწორედ ბებოს მოგროვებული ნივთებიდან ერთ-ერთი, თევზის ფორმის დოქი, სილამაზის გამო შეურჩევია.
  4. კვერცხის ფორმის სუვენირი, გამჭვირვალე, თოვლიანი მთებითა და პინგვინებით – ვაჟიკოს მონათხრობმა გული აგვიჩუყა. ღამით მამასთან ერთად მოვდიოდი, დავინახე, ეს სუვენირი და ძალიან მომეწონაო. მამას შეუნიშნავს მისი აღფრთოვანება და რამდენიმე დღის შემდეგ მისთვის საჩუქრად მოუტანია.
  5. პაპას ლექსების კრებული – შოთიკომ ლექსების წიგნი მოიტანა და სიამაყით გვაცნობა, რომ პაპას ლექსების კრებულიაო.
  6. ვერცხლისფერი ყავადანი – თამარი გარდაცვლილი ბებოს შესახებ მუდამ დიდი სიყვარულითა და მონატრებით საუბრობს. ბებო სულ ამ ვერცხლისფერი ყავადნით ადუღებდა ყავას და მას მახსენებსო.
  7. ზარდახშა და ზღვის ცხოველებითა და მცენარეებით მორთული პატარა სკივრი – სევგისა და ელენეს შინ ძველებური ნივთები ვერ უპოვიათ, მაგრამ ორივემ დიდი სიყვარულით ისაუბრა საყვარელი ნივთის შესახებ.
  8. ბროლის ლარნაკი – ანასთვის ნათლიას უჩუქებია და ერთ დღესაც ლარნაკისთვის შერჩეული ვარდებით ხელში სტუმრად სწვევია.

 

 

მოსწავლეების წასახალისებლად უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პირადი მაგალითი, რომელიც მათთვის ზურგის ქარად იქცევა ხოლმე. როდესაც ჩვენ მიერ შეთავაზებული ინსტრუქციის მიხედვით ვწერთ ან ვყვებით, უფრო მკაფიო ხდება, რას ვითხოვთ მათგან. სწორედ ამიტომ მეც მივიტანე ძველი კასეტა, რომელსაც სევდიანი ისტორია აქვს.

კასეტა ჩემი უფროსი ძმის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიპოვე. მთელი ოჯახი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ველოდებოდით, რათა მუცლის ძლიერი ტკივილების გამო ზურა საავადმყოფოში გადაგვეყვანა. მოლოდინის იმ წუთებში კომოდის უჯრა გამოვწიე და კასეტა დავინახე. ზურა მელომანი იყო. შეეძლო მთელი დღეები მუსიკის მოსმენაში გაეტარებინა. კასეტის ლენტი გაწყვეტილი იყო. ცუდად მენიშნა. ჩანთაში ჩავიდე და მას შემდეგ სულ ზურას მახსენებს. ჯერ ვერ მოვუსმინე, რა არის ჩაწერილი კასეტაზე, რომელსაც გაკრული ხელით აწერია „ვასიკო“.

ჩემი არჩევანი მეშვიდეკლასელებისთვის ამგვარად დავასაბუთე, რომ შეიძლება ერთმა პატარა ნივთმა საყვარელი ადამიანები გაგვახსენოს და მათთან ურთიერთობის უხილავ, უცნაურ საშუალებად იქცეს.

ჩემ მიერ აღწერილი აქტივობა – ძველი ნივთების გაცოცხლება ერთი წიგნის მიხედვით, ეროვნულ სასწავლო გეგმას ამგვარად უკავშირდება:

  1. სასწავლო თემებიდან მოიცავს პირველ თემატურ ბლოკს – ადამიანი და მისი ცხოვრება

ადამიანის ცხოვრების გზა (მაგ., ადამიანის ყოფა-ცხოვრება, საქმიანობა, ურთიერთობა სხვა ადამიანთან), ადამიანის შინაგანი სამყარო (მაგ., ემოციები, გრძნობები, განცდები, ოცნებები; წარმოსახვა-ფანტაზია);

საზოგადოებაში თანაცხოვრება (მაგ., ადამიანის ადგილი საზოგადოებაში, საზოგადოების ზეგავლენა ადამიანზე, ადამიანის ზეგავლენა საზოგადოებაზე).

  1. ქართული ენისა და სტანდარტის სტანდარტის შედეგების ჩარჩოდან კი პირდაპირ მიემართება შემდეგ პუნქტს:
ქართ.საბ.8. სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპისა და ჟანრის ტექსტების შედგენა-გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით (ზეპირი ან/და წერითი მეტყველების დროს).

 

ამასთანავე უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები, სწავლობენ დაკვირვებას, დაფასებას, მოსმენას, გაზიარებას. რაც ყველაზე მთავარია, სწავლა ხდება მიზნობრივი და სახალისო.

მოსწავლეების ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი სკოლის ბლოგზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ანფიმიადი, დიანა. 2021. დაკარგული სიტყვების ლექსიკონი. რედ. ნატო გორდელაძე, გვანცა შუბითიძე. თბილისი: არტანუჯი
  2. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“