ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ტექსტები და ქვეტექსტები

„მივიდა თავის მამულში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში, ისე რომ, უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ მისცა ესოდენი სიბრძნე და ძალა? განა ხუროს შვილი არ არის? განა დედამისს მარიამი არა ჰქვია, ხოლო მის ძმებს – იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა?“

სახარება მათესი, 13, 54-55

ლიტერატურულ ტექსტებში (და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ქართული ლიტერატურაა, რომელსაც მდიდარი ტრადიციები აქვს) ხშირია ალუზიები თუ მინიშნებები სხვადასხვა ტექსტიდან. შეიძლება ითქვას, სწორედ მსგავსი დეტალები გვაძლევს გასაღებს, თვალწინ გვიშლის მწერლის მთავარ სათქმელს.

ასეთი შორეული ნიშნები თუ მინიშნებები უცხო არ არის არც ძველი ქართული ლიტერატურისთვის. რით უნდა მიგვანიშნოს მწერალმა სათქმელზე მაშინ, როცა მას პირდაპირ თქმა არ უნდა? რამდენიმე მათგანზე შევჩერდები.

ცოტა შორიდან დავიწყოთ: რუსთაველი დამეგობრების ერთ-ერთ საფუძვლად პერსონაჟთა შორის მსგავსებას მიიჩნევს: მსგავსი უმეგობრდება, შეიმეცნებს მსგავსს. ეს საერთოობა მოიცავს როგორც გარეგნულ, ისე შინაგან მხარეს, მაგრამ არც მარტო ასეა: მნიშვნელოვანი სოციალური თანასწორობაცაა.

ავთანდილი ნესტან-დარეჯანის ძებნას ფრიდონის სამეფოდან იწყებს. მულღაზანზარში მისვლისას მას ასეთი სცენა დახვდება: მსახურებს ორბი ჰყავთ აფრენილი ფრიდონისთვის, მეფეც შემართულია, მიზანში სასროლად ემზადება (ორბი, როგორც ყველაზე მაღლა მფრენი, სამეფო ფრინველად ითვლება). და რა ხდება ამ დროს?

(ა) მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;

(ბ) ყმამან ცხენი შეუტივა, გაამაყდა, არ შეშინდა,

(გ) შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,

(დ) გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.

 

ავთანდილი ფრიდონისთვის აფრენილ ორბს ჩამოაგდებს, ფრთებს დასჭრის და ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდება. რისთვის სჭირდება მას ორბის ფრთები? ორბის ფრთებს, როგორც ძალაუფლების სიმბოლოს, სამეფო ოჯახის წევრები ტანსაცმლის აქსესუარად იყენებდნენ, სხვებს მისი ტარების უფლება არ ჰქონდათ. მწერალი ამით მიგვანიშნებს, რომ ავთანდილი სოციალურადაც თანასწორია თავისი მეგობრობისა, ისიც სამეფო ოჯახის წევრია, და არა მარტო შინაგანი თუ გარეგნული ღირსებით, არამედ წარმომავლობითაც ეკუთვნის მათ გვერდით დგომა…

მსგავსი მინიშნებები ილიასთანაც უხვადაა (მისი შემოქმედება ხომ საზრდოობს „ვეფხისტყაოსნით“!). მხოლოდ ერთი გავიხსენოთ:
„მე და ჩემმა ღმერთმა, მაგის გულში ან ღვთის მადლი ჰტრიალებს, ან ერთი რაღაც უბედურებაა მაგის თავს“ – ამბობენ სოფელში ოთარაანთ ქვრივსა თუ გიორგიზე. და რომელია ამ ორიდან? ცოდვა თუ მადლი? რა თქმა უნდა, მწერალი ამასაც ტექსტით / ქვეტექსტით გვეტყვის, მიგვანიშნებს: გიორგი ქრისტესშობას იბადება, ხოლო ქვრივი ქრისტესშობას კვდება. ამის აღნიშვნა კი ილიას მხოლოდ პერსონაჟების რჩეულობის ხაზგასასმელად სჭირდება. აქ კიდევ ბევრზე შეიძლებოდა გაგვემახვილებინა ყურადღება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ეს იყოს.

და ამბავი მესამე: სულხან-საბა ორბელიანის „წიგნი სიბრძნე-სიცრუისა“ და მისი ერთი იგავი „ძუნწი დიდვაჭარი“: ვაჭარი მთელი ცხოვრება ქონებას აგროვებს, იხვეჭს, მაგრამ დახარჯვა აზრადაც არ მოსდის, მისი ცხოვრების მიზნად მხოლოდ სიმდიდრის ფლობა ქცეულა. „სიბერემდე არა სვა, არა ჭამა, არცა  რა  შეიმოსა.“ ცხადია, ასეთმა მომხვეჭელობამ თავისი შედეგი გამოიღო: ქონება კი დააგროვა, მაგრამ ვერ მოიხმარა. სულხან-საბა გვეუბნება: არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესიაო. თუ შენ არ იყენებ იმას, რაც გაქვს, მას სხვა მოიხმარს, ამ სხვას კი ერთი სახელი აქვს. იგავში ის თითქოს ჩვეულებრივი პერსონაჟია, პროფესიით დურგალი, ხურო, სახელად ნაზარი. მაგრამ ამ სახელში ერთი საიდუმლო იმალება: ნაზარი ნაზარეთია – ადგილი, სადაც ქრისტემ ბავშვობა გაატარა: (იოსები მარიამთან ერთად) „მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.“ (მათე 2,23). ხურო კი იოსების, იესოს მამობილის ხელობაა. სულხან-საბა ამით მიგვანიშნებს… თუმცა, რას მიგვანიშნებს, ეს ისედაც ცხადია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი