შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პაოლო

დედა! ინახულე

 შენ წმინდა ხახული!

 წადი ფეხშიშველი,

 ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე…“.

 „წერილი დედას“ / პაოლო იაშვილი

პირქუში, ნაპრალებიანი ფოტოა: თბილისის რკინიგზის სადგურზე დგას პაოლო იაშვილი, უკან მატარებლის ფრაგმენტი მოჩანს, მის ფონზე – ორი გამვლელი: ქალი და კაცი; კაცს შეუმჩნევია, რომ ფოტოს იღებენ, კამერაში იყურება, ქალი ოდნავ თავდახრილი, გვერდულად, ალმაცერად გასცქერის რაღაცას თუ ვიღაცას, შესაძლოა სულაც პაოლოს, რომელიც მათგან მარჯვნივ, ძალიან ახლოს დგას კამერასთან, ახოვანი და ლამაზი, მაგრამ სრულიად თეთრი (კოკარდიანი ქუდის ქვემოდანაც გაჰყვირის მისი არაბუნებრივი სითეთრე), მხრებგაშლილი, მაგრამ დამსხვრეული, როგორც სამარხში ნაპოვნი ანტიკური ძეგლი, მხოლოდ თვალები უელავს შავ-თეთრ ფოტოზე და მათზეც გადარბიან შემზარავი ჩრდილები.

1936 წლის ფოტოა და მასზე 42 წლისაა პოეტი პაოლო იაშვილი. ერთი წელია დარჩენილი საბედისწერო გასროლამდე, პაოლო კი უკვე ნატყვიარის ბზარებითაა სავსე.

ეს ფოტო აქამდე არ მენახა. ცოტა ხნის წინ, „კავკასიურმა სახლმა“ გამოსცა მწერლისა და კინოდოკუმენტალისტის, ნინო ხოფერიას მიერ შედგენილი მონუმენტური კრებული „პაოლო იაშვილი – ცხოვრებისა და შემოქმედების წიგნი“ და როცა ის გადავშალე, პირველად ზუსტად ამ ფოტომ მომჭრა თვალი. ეს წერილიც ბოლოდან დავიწყე, უფრო სწორად, ბოლოსწინა წელიწადიდან, როცა მზის რაინდად წოდებული, „ცისფერყანწელთა“ ორდენის ყველაზე ექსტრავაგანტური და მანათობელი წევრი, პაოლო იაშვილი სიკვდილის მტანჯველ გზას შეუდგა.

ნინო ხოფერიას მიერ შედგენილი კრებულიც სიკვდილ-სიცოცხლის დაძაბულობის ამ ელვარებითაა დამუხტული. პაოლოს მთლიანი, სრულყოფილი პორტრეტის ფონზე შთამბეჭდავად ამოჩნდება ეპოქის გრავიურა, ყველა დეტალი – ფოტო და ტექსტი – მძლავრი კონცეფციის ნაწილია – მოიხელთოს ის არსობრივ-იდეური და ესთეტიკური სინამდვილე, რომელშიც ცხოვრობდა და ქმნიდა, რომელმაც მოკლა და გააუკვდავყო პაოლო იაშვილი.

„საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილობით და ოცნება დაკარგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ცისფერ ტაძრისკენ“ – ამ მგზნებარე მანიფესტით იწყება „ცისფერყანწელთა“ ორდენის გზა ქართული კულტურის (და არა მხოლოდ ლიტერატურის!) ისტორიაში, იწყება ქუთაისიდან – ამ „თვითრჯული“ (გრიგოლ რობაქიძე) ქალაქიდან, საიდანაც საერთოდ, დაძრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველი დიდი და საბედისწერო სიახლის ვულკანი. „ცისფერყანწელთა“ ორდენი იყო გარდამტეხი სტიქია ქართული პოეტური აზროვნების, ენის, ესთეტიკის ევროპეიზაციის გზაზე. ეს ცამეტი შეფიცული რაინდი არტისტულ-ბოჰემური ვნებით და პოეტური ენერგიით მოედო მთელს საქართველოს, მათ მოიყოლეს ახალი საუკუნის ხმა და გულისცემა, მათი პერფორმანსები, შემოქმედებითი საღამოები, კაფე-ბარებში ჩაღვრილი ცისფერი სისხლის კარნავალები შოკისმომგვრელად ზემოქმედებდა იმდროინდელ საზოგადოებაზე, ხშირად კრიტიკული განწყობის მიუხედავად, მაინც ყველა გრძნობდა, რომ ამ ახალგაზრდა ხელოვანების სახით ახალი დრო მოვიდა, ახალი აზროვნებისა და სინათლის დრო, რომელიც წამლეკავი ძალით ითრევდა თავის არსში ყოველივეს.

ხოლო ყველაზე ელვარე და თვალისმომჭრელი „ცისფერყანწელთა“ შორის, თავისი პიროვნული და შემოქმედებითი არტისტიზმით, ექსცენტრულობით, სილაღით და სიცოცხლის ვნებით – პაოლო იაშვილი იყო. „ავედით მთაზე და არცერთ ძმას არ დაუკვნესია დაღლილობით. ჩვენ გვაოცებდა ჩვენი თვალები: მათი ელვარება სწვავდა ცივ სიბნელეს და როდესაც აენთო ლალისფერი ცეცხლის კოცონი, ამაღლდა ერთი ჩვენს შორის…“ („პირველთქმა“, 1916 წ).

პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძესთან და სხვა „ცისფერყანწელებთან“ ერთად, იყო იმ დროს თბილისსა და ქუთაისში ჩამოსული უამრავი ხელოვანის მთავარი მასპინძელი. კაფეები – „ქიმერიონი“, „ინტერნაციონალი“, „არგონავტთა იალქანი“, „ძმური ნუგეში“ და სხვანი, იყო მუდმივმოქმედი სცენა მათი ფრთაგაშლილი პერფორმანსებისა თუ შეხვედრებისთვის. სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ „ცისფერყანწელთა“ დაბადებიდან ძალიან მალე საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ეს ხომ ერთიანი ეროვნული ენერგიის შედეგი იყო, ერთიანი პოლიტიკურ-კულტუროლოგიური ხედვების, ესთეტიკის და აზროვნების ნაყოფი.

ნინო ხოფერია ვრცელ წერილს უძღვნის ქართველი სიმბოლისტების – „ცისფერყანწელთა“ ორდენის შემოქმედებით-ესთეტიკური კვალის გააზრებას ქართულ კულტურაში, ღრმად ეძიებს პარალელებს ევროპულ და რუსულ სიმბოლისტურ-მოდერნისტულ სკოლებთან მიმართებაში. უამრავი მაგალითის და მეცნიერულ კვლევათა დამოწმების ფონზე, მკაფიოდ ჩანს, რომ ამ სკოლებთან (რუსულ და ევროპულ) მიახლოებამ, „ცალკეულმა მსგავსებამაც, ვერ გამოიწვია მხოლოდ ბრმა გავლენები თუ ერთგვარობა და ტფილისის ლიტერატურულმა მოდერნმა, ყველაზე გამორჩეულად კი „ცისფერყანწელთა ორდენმა“, თავისი ორიგინალური და გარკვეულად აკადემიური ლიტერატურული სახეც გამოხატა და შეინარჩუნა“ (ნინო ხოფერია).

500-ზე მეტ გვერდიან კრებულში პაოლო იაშვილის თითქმის სრული შემოქმედებაა თავმოყრილი – მისი რჩეული ლექსები, დარიანული ციკლი, პროზაული ნაწარმოებები, პირადი და პუბლიცისტური წერილები. ასევე, მის თანამებრძოლთა, ოჯახის წევრთა თუ სხვათა მოგონებები. ამ უნიკალურ მასალაში ყველაზე პირუთვნელად და ცხადად იკვეთება პაოლო იაშვილის პორტრეტი – დიდი შემოქმედისა და პიროვნების, ტრაგიკული ბედის პოეტის, ვინც ურთულესი და ცეცხლოვანი გზები განვლო, ვინც თავისი სიკვდილით მსხვერპლშეწირვის მისტერია აღასრულა ადამიანობის, სინდისის, მამულიშვილობის სამსხვერპლოზე.

ამბობენ, იმდენი ლექსი რომ დაეწერა, რამდენი ენერგიაც თავის პოეტურ ბოჰემას, ცისფერყანწელურ თრობას და სხვათა შთაგონებას შეალია, გაცილებით დიდ შემოქმედებით მემკვიდრეობას დატოვებდაო. ჩაუმცხრალი ვნებით წერდა ექსპრომტებს, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. უძღვნიდა ყველას – უახლოესი გარემოცვიდან დაწყებული, გზად გამვლელით დამთავრებული. პარიზში მხატვრობის შესასწავლად ჩავიდა და იქიდან პოეტი დაბრუნდა, სავსე წარუშლელი შთაბეჭდილებებით, რომლებიც გზადაგზა, თავის ლიტერატურულ ხილვებში გააცოცხლა. მგზნებარე ჟინით აინტერესებდა ყველაფერი, რაც მის გარშემო იყო – ცხოვრების ყველა მოვლენა, ადამიანი, გმირიც და ანტიგმირიც, ფსკერიც და ზეცის კვარცხლბეკიც. ყველაფერს პოეზიად აქცევდა, რასაც ეხებოდა. როგორც თავის დროზე, დაბადების სახელი პავლე პაოლოდ გადააქცია (როგორც ტიტემ – ტიციანი) და ამ ნათლობით სამუდამოდ შეუყენა თავისი გზა პოეტურ-მისტერიულ აღმართებს.

ბიბლიური დრამატიზმითა და სიღრმითაა გამორჩეული პაოლოს მეგობრობა ტიციანთან და სხვა „ცისფერყანწელებთან“. ტიციანის მეუღლე – ნინო მაყაშვილი, თავის მოგონებაში ავთანდილს უწოდებს პაოლოს და მათ მართლაც ჰქონდათ ვეფხისტყაოსნური მეგობრობა. ერთი შეხედვით, ეს გასაკვირიც არ იყო – პოეტური ორდენის მადლით შეკრულმა ძმებმა ეს თავიდანვე განსაზღვრეს. მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ პოეტურ მისტერიებზე მეტიცაა და ხშირად – ბევრად უფრო სასტიკიც. პაოლოს მეგობრობა, მოყვასის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული, თანალმობა, ერთგულება კი ვერაფერმა გატეხა. საბოლოოდ, სწორედ ეს იქცა მისი თვითმკვლელობის მოტივაციადაც – კაენის ცოდვას გაერიდა, სული არ გაყიდა, ადამიანად დარჩა.

„ლამაზ რითმისთვის ერთი წუთით ჩაფიქრებული“ პაოლო თავის პოეტურ დროს და ენერგიას სხვისი გულისათვის ძალაუნებრივ ხარჯავდა ათას წვრილმანებში. ყველას მზრუნველი, შუამავალი და მოფუსფუსე, ყველა საქმეებზე მორბენალი და შუამდგომელი ხშირად თვეობით ვერ ეკარებოდა საწერ მაგიდას. შემოტევები კი ძალზე შეუბრალებელი და მომაბეზრებელი იყო, უფრო ხშირად ისეთი ადამიანებისგან, რომელთაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მწერლობაზე, მით უმეტეს პაოლოს პოეზიაზე“, – იგონებს გიორგი ლეონიძე.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ „ცისფერყანწელთა“ ცხოვრებაც, ისევე როგორც მთელი ქვეყნის და თითოეული ადამიანისა, მკვეთრად შეიცვალა. ორდენის წევრები განიცდიან შემოქმედებით კრიზისს, იწყება საბჭოთა ტერორი, პოეტურ კარნავალებს ბოროტი სისტემის ანტიკარნავალები ცვლის, რომელშიც, როგორც ხორცსაკეპ მანქანაში, ისე იყრება ადამიანთა სული და ძვალი. იყრება და ილეწება.

პაოლო იაშვილს ბევრი მოიხსენებს, როგორც რაინდს. არ ახასიათებდა მეწვრილმანეობა, ვინმეს გაქირდვა-გაქილიკება; ბოლშევიკური მთავრობის პირობებში, ტიციანთან ერთად მაქსიმალურად ეხმარებოდა ყველას, ვისაც სდევნიდნენ ან ავიწროებდნენ (ამის შესახებ მელიტა ჩოლოყაშვილი იგონებს); პაოლო კარგი ორგანიზატორიც იყო – მის სახელს უკავშირდება ისეთი სოციალური პროექტები, როგორებიცაა რიონჰესის და ხრამჰესის მშენებლობა. ამ უკანასკნელთა იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი კი სამხედრო კომისარი და პაოლოს ახლო მეგობარი ვლადიმერ ჯიქია იყო, რომელიც ქართული ჯარის ჩამოყალიბებაზე ოცნებობდა და ამ „ანტისაბჭოთა“ ოცნებისათვის დაისაჯა კიდეც.

ირაკლი აბაშიძის მოგონებებიდან: „იმ წლებში ქუთაისში ორი დიდი ამბავი ხდებოდა: რიონჰესის მშენებლობა და კოტე მარჯანიშვილის თეატრის ახალი და ახალი სპექტაკლების ელვარება. ეს ორივე მოვლენა მთელ საქართველოს იზიდავდა. ქართველი მწერლებიც ქუთაისის ხშირი სტუმრები იყვნენ… ვლადიმერ ჯიქიას, პაოლო იაშვილის და ტიციან ტაბიძის მეგობრობამ განაპირობა მათი საბოლოო ბედ-იღბალიც. ისინი ერთად დაიღუპნენ“.

ამბობენ, სიცოცხლის უკანასკნელ წელს, ეს ჩახჩახა და მუდამ შთაგონებული ადამიანი გულჩათხრობილ, მარტოსულ კაცად იქცაო. „1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავისი ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათას მთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებინა თითქმის დამშრალი ჩანჩქერის პირას…“ (გერონტი ქიქოძე). მის უკანასკნელ ფოტოებზე აღბეჭდილა ასაკთან შეუსაბამო მხცოვანება, უფრორე დაღლა, ჭაღარით შეფერილი ტკივილები, თუმცა თვითონ ამ ჭაღარასაც პოეტურად იხსენიებდა, ჭეშმარიტად ადამიანური შემწყნარებლობით და ამაღლებული სულისკვეთებით: „ნუ გეშინია ჩემო კარგო, თმაში ჭაღარა, ეს სინათლეა, სიყვარულს რომ შემატებია!..“.

ხოლო 1937 წლის 22 ივლისის საღამოს, იმ დროს, როცა მწერალთა სასახლის დარბაზში სხდომა მიმდინარეობდა, პაოლო მეორე სართულზე ავიდა და ჟაკანის ტყვია დაიხალა თავში.

უკანასკნელი წერილი უსაყვარლეს ქალიშვილს, მედეას დაუტოვა: „მაპატიე, გემუდარები მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე… გაიზრდები, დაუკვირდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა…“.

რამხელა წყევლაა ადამიანთა თავს, ცხოვრობდნენ ისეთ ჟამში, სადაც სიკვდილი სჯობია სიცოცხლეს!.. თუმცა, ამ წყევლათა და ჟამიანობათა დაძლევის მაგალითებსაც ეს ადამიანები გვაძლევენ – მთელი არსებით შეწირულნი სიმართლესა და ღირსებას. სიცოცხლე მათი სისხლითაა გამოსყიდული. სინდისი მათი ნამსხვრევებითაა დაბეჭდული.

„უფალო! უსმინე შავარდენს,

მის ხელით გიგზავნი ბარათს,

მიშველე ღორებში ჩავარდნილს,

ღორებში დარჩენილს მარად…“ („მეღორის ლოცვა“)

 

წერილის თავში პაოლოს უკანასკნელი ხატება ვახსენე, დასასრული კი საწყისად მინდა რომ ვაქციო, მით უფრო, რომ ამას თავად ეს არაჩვეულებრივი, მასშტაბური და პირუთვნელი შრომის ნაყოფი – ნინო ხოფერიას მიერ შედგენილი კრებული მკარნახობს. გარეკანზე, პაოლო იაშვილის პორტრეტთან ერთად, მისი მამის – ჯიბო იაშვილის სახლის გადარჩენილი მემორიალური რელიკვიებიდან ერთ-ერთი, კარის სახელურია დატანილი, ამ სახელურს (და კიდევ რამდენიმე სახელურს, რომლებიც განადგურებას გადაურჩა), ყანწის ფორმა აქვთ.

წიგნის კარი ყანწის ფორმის სახელურით იღება. ყველაფერი სიმბოლური, ნამდვილი და წარუშლელია.

ისევე, როგორც პაოლო იაშვილის ცხოვრება და შემოქმედება – ეს მარადიული, ბედისწერული წიგნი ქართული პოეზიისა და კულტურის გალაქტიკაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი