სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

აღზრდა – კონტროლი? ზემოქმედება? შეთანხმება?

აღზრდა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში განიმარტება ასე:

„სახელი აღზრდის‚ აღიზრდება ზმნათა მოქმედებისა. 1. ვისიმე განვითარებაზე სისტემატური ზემოქმედება‚ გარკვეული ჩვევების ჩანერგვა‚ წვრთნა“.

„ვისიმე განვითარებაზე სისტემატური ზემოქმედება“ – სასკოლო ფორმატში ეს პოზიციები ნაწილდება ასე: აღმზრდელი (მასწავლებელი) და აღსაზრდელი (მოსწავლე).

და აქ იბადება მთავარი კითხვა: როგორ, რა გზით უნდა განხორციელდეს „სისტემატური ზემოქმედება“ აღსაზრდელზე?

როგორ უნდა დაარწმუნო/აიძულო(?) აღსაზრდელი – თანამედროვე მოზარდი – მოიქცეს ისე, როგორც მისთვისაა სასიკეთო, განმავითარებელი? რა მეთოდებს მივმართავთ აღმზრდელები ამ „სისტემატური ზემოქმედებისას“ და რა შედეგებს ვიღებთ? აღზრდისას ზემოქმედება/ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ კონტროლითაა შესაძლებელი თუ სხვა მექანიზმებიც „ჭრის“?

დავიწყოთ დაკვირვებით:

სკოლაშიც და სახლშიც მშობლის/მასწავლებლის ენერგიის დიდი ნაწილი იმაზე იხარჯება, რომ გავაკეთებინოთ აღსაზრდელებს ის, რაც, ჩვენი აზრით, სასიკეთო, განმავითარებელია მათთვის. ესაა, პირობითად, გაკვეთილების ჯეროვნად, ხარისხიანად მოსმენა, დავალებების სრულფასოვნად შესრულება, დისციპლინის წესების ზედმიწევნით დაცვა, „კარგად მოქცევა“, უფროსის ნათქვამის დაჯერება-გაგონება-მოსმენა-შესრულება…

სკოლაშიც და სახლშიც აღმზრდელების კიდევ უფრო მეტი ენერგია იხარჯება იმაზეც, ვაიძულოთ მათ, გააკეთონ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოსმენისას კლასში სამარისებური სიჩუმე უნდა იყოს, მოსწავლე ნათქვამს ისრუტავდეს, ერთხელ გაგონილი სამარადჟამოდ (გამოცდებამდე მაინც!?) უნდა დაიმახსოვროს, 45 წუთი გაუნძრევლად უნდა იჯდეს, დაიჯეროს-გაიგონოს – მოისმინოს და მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა!

ამასთან, ჰკითხეთ ნებისმიერ აღმზრდელს და ის აუცილებლად დაგიდასტურებთ, რომ მოზარდი უნდა იყოს ცნობისმოყვარე, მოძრავი, ინტერესიანი, შემმეცნებელი, „ცოცხალი“, მკვლევარი, მხიარული, ბედნიერი, დაუდგრომელი. ახლა ერთი მნიშვნელოვანი რამ: პარადოქსული კია, მაგრამ ეს ორი მიზანი ერთმანეთს მეტწილად ეწინააღმდეგება და თუ ჩვენი (უფროსების) უმთავრესი (ყოვლისმომცველი) სურვილი ისაა, რომ ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა იყოს „კარგად აღზრდილი“, მიაღწიოს წარმატებას, ბედნიერებას, აკეთოს მხოლოდ სწორი და კარგი, სასარგებლო, მარგებელი რამეები, არ შეგვიშალოს ხელი, განვითარდეს, ისწავლოს, დაისწავლოს, მაშინ ჩუმად, წყნარად ყოფნა და უპირობო მორჩილება, უბრალოდ, არ გამოვა.

ახლა, ვფიქრობ, უფრო თვალნათელია პარადოქსულობა და ურთიერთგამომრიცხაობა ამ ორი „დაკვეთისა“.

ისევ დაკვირვება: აღზრდისას, ყოველ შემთხვევაში, სასკოლო სივრცეში, ჩვენს სკოლებში (დერეფნებში, გარე სივრცეებში, გაკვეთილებზე – საკლასო ოთხში) ენერგიას, ძალისხმევას აღმზრდელები მივმართავთ კონტროლზე. კონტროლი ეფექტიანი, შედეგიანი მექანიზმია. კარგად გამოცდილი და მისი აღსრულების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა „გათიშე და იბატონე“. ანუ – გათიშე აღსაზრდელის ნება, სურვილი, ბუნებრივი იმპულსი დაუდგრომლობის, ცნობისმოყვარეობის და იბატონე. მართე. აკონტროლე, მოახდინე ზემოქმედება და შესაბამისად – ზეგავლენა. შედეგი – მშვიდი, უთქმელი, დამჯერი, კარგი, მორჩილი, წესიერი და გამგონე აღსაზრდელია.

კარგი შემსრულებელი.

ეტყვი – შეასრულებს. გაგიგონებს. დაგიჯერებს.

სასკოლო აღზრდის ჩვენი სისტემა ამ მიმართულებით მეტ-ნაკლებად წარმატებულია. „სახრე-თაფლაკვერის“ ინსტრუმენტი მუშაობს. „ცუდი“ საქციელის აღმოფხვრა სასჯელით, „კარგის“ დაჯილდოება მაღალი ნიშნით ან შექებით „საჩვენო“ ქცევას განამტკიცებს, „არასაჩვენო“ კი მარგინალიზებულია, მიუღებელი, დასჯადი.

საკლასო სიტუაცია:

ხშირად მასწავლებელს სიამაყისა და კმაყოფილების განცდას გვრის, თუ კლასში „ბუზის გაფრენის ხმა ისმის“. ეს თვითშეფასებაზეც კარგად მოქმედებს. გსმენიათ გამონათქვამები „კლასი მაგრად უჭირავს“, „ვერ უბედავენ/არ აბედვინებს“, „მასთან გასუსული არიან“. ეს შეფასებები პოზიტიური კონოტაციისაა.

დისციპლინის დამყარების პოლიციური მეთოდი ეფექტური, ეფექტიანია. ეფუძნება, მეტწილად, ავტორიტარულობას – „არ იქნები გასუსული – დაისჯები!“. შედეგი მყისიერია და აღსაზრდელი ჩუმი, დამჯერი, გასუსულია. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს შემმეცნებელ და გონებრივი შრომით დაკავებულ მოსწავლეს? ყოველთვის – არა. უფრო სწორად, საერთოდ არა. „გასუსული“ და „შემმეცნებელი“ არაა ერთი და იგივე. უფრო – პირიქით.

პოლიციური რეჟიმის დამყარება რთული არაა და სამარჯვიც ბევრი არსებობს: საკუთარი ხმა, ხმის დიაპაზონი, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მანდატურის/დირექტორის ავისმომასწავებლად ხსენება, შესაძლოა ფიზიკური შეხება (კი, ჩვენს სკოლებში არის ამის პრეცედენტები!). ამასთან – ამ სამარჯვებით დამყარებული დისციპლინის ფასი არის ნულის ტოლფასი. უფრო ზუსტად – დაუშვებელია, მიუღებელია და აღსაკვეთია ამ მეთოდებით სკოლებში „დისციპლინის“ დამყარება. ამას უნდა მივხედოთ ერთობლივად. აღზრდის მთელი სასკოლო „ოთხკუთხედი“ უნდა იყოს ჩართული – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, დირექცია.

დისციპლინის ძალისმიერი მეთოდებით დამყარება ნორმალიზებული არ უნდა იყოს საზოგადოებაში, რომელსაც სურს აღზარდოს ქვეყნის აქტიური მოქალაქეები. ეს მოსწავლეებს არ და ვერ „უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და {არ/ვერ} ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში“ (ამონარიდი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტიდან).

თუ ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, მოაზროვნე, შემოქმედებითი, საკუთარი პასუხისმგებლობის გამთავისებელი, კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე, „დაჩუმებულ“ კლასებში ასეთებს ვერ აღვზრდით.

როდესაც ჩვენ ვაიძულებთ მოზარდს მოიქცეს „კარგად“ და მისი მოდრეკის შედეგად ვიღებთ სასურველ შედეგს, საამაყო აქ არაფერია. მიზანი აქ არც აღმზრდელობითია, არც პედაგოგიური. მიზანი მორჩილებაა.

დავსვათ კითხვები:

  • როგორი ახალგაზრდების ხილვა გვსურს?
  • რა არის ჩვენი აღზრდა-განათლების გრძელვადიანი მიზნები?
  • როგორებად ვხედავთ ჩვენს მოსწავლეებს ათწლეულების შემდეგ?

შევიხედოთ კლასებში. ვკითხოთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, აღზრდის რა მეთოდებს იყენებს სკოლა, როგორც ინსტიტუცია. როდის და რამდენად არიან მოსწავლეები ჩართულნი სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში? მათ ინიციატივებს, სურვილებსა და პროექტებს რამდენად ეთმობა ყურადღება? როგორ და რა ხორციელდება სკოლებში მოსწავლეთა ინიციატივით და მათი უშუალო ჩართულობით? რამდენადაა წახალისებული უპირობო მორჩილება? დისციპლინის დამყარების რა ხერხებს მიმართავენ მასწავლებლები? რა არის, საერთოდ, ეს დისციპლინა და როგორ შეგვიძლია განვმარტოთ ის? კონტროლის გარდა, ახალგაზრდებთან ურთიერთობის რა ფორმებს მიმართავს სკოლა?

შემდეგ დავაკვირდეთ: გამორიცხავს თუ თანხვდება მიზნები (როგორები გვინდა იყვნენ ახალგაზრდები ათწლეულების შემდეგ) და პროცესი (ინსტიტუციაში, სისტემაში – შიგნით – 12 წელი) ერთმანეთს?

თუ მიზანი მოქმედი, შემოქმედი, ინიციატივიანი მოქალაქეების აღზრდაა, რამდენად ეძლევათ მათ ამ უნარების გაწაფვის შესაძლებლობა სკოლაში (მიზანი<პროცესი)? ანუ, თუ მიზანი საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელი ადამიანის აღზრდაა, მაშინ პროცესში კონტროლის მექანიზმი საფრთხილო გამოსაყენებელია, რადგან კონტროლით ზემოქმედება კი შესაძლებელია, სასიკეთო (აღმზრდელობითი) ზეგავლენის მოხდენა კი სათუო.

რატომ?

კონტროლი ზემოქმედების ხისტი, პირდაპირი მეთოდია. არჩევანი აქ მიმღებს არ აქვს, მაკონტროლებელი ზედამხედველია, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს. აღსაზრდელი კი პასიურად მიმღები იმისა, რაც მაკონტროლებელს „სასარგებლოდ“ მიაჩნია. კონტროლი გარდაუვალია აღზრდის ეტაპზე და აღმზრდელმა უნდა გააკონტროლოს აღსაზრდელის ცხოვრება – თავიდან, ახალშობილთან, ყველა მიმართულებით, თანდათან – რაც შეიძლება ნაკლებად, მოზარდობის ხანაში კი საბაზისო დონეზე (უსაფრთხოების ნორმები). აღმზრდელმა აღსაზრდელს ცხოვრებისეული გამოცდილებების მიღება უნდა „აცადოს“. ამის მიღება მუდმივი კონტროლის პირობებში შეუძლებელია. სულ რომ არაფერი, კონტროლის მექანიზმი ყველგან მსუფევი და ყოვლისმომცველი ვერ იქნება.

როგორ ისწავლოს ახალგაზრდამ მედგარი წინააღმდეგობის გაწევა მაშინ, როცა ეს აუცილებელია, თუ ის მორჩილებასაა მიჩვეული? როგორ გააკეთოს საუკეთესო არჩევანი საკუთარი თავისთვის, კეთილდღეობისთვის, თუ მის ნაცვლად ყველაფერს სხვა წყვეტდა? არჩევანის გაკეთება, პასუხისმგებლობის აღება, შედეგების გათვლა, თვითრეგულირება, დაგეგმვა, პრიორიტეტების დასახვა, საკუთარი თავის მხარდაჭერა, საკუთარი თავის შეცნობა, წვნევა უარყოფითი შედეგებისა, თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი გქონდა, გამოსავლის ძიება დამოუკიდებელი გზაა.

„ვცდილობ, ვუშვებ შეცდომებს, ვაკეთებ შესაბამის დასკვნებს, ვცდილობ ხელახლა“ – ეს აღსაზრდელის გზაა. „შეეცადე, დაუშვი შეცდომები, გააკეთე შესაბამისი დასკვნები, შეეცადე ხელახლა. მე აქ ვარ, გვერდით ვარ, მხარს დაგიჭერ, თუ დაგჭირდება, დაგანახვებ, კიდევ რა ვარიანტები გაქვს“ – აღმზრდელის გზაა.

„სმენა იყოს და გაგონება“, „როგორც მე ვიტყვი, ისე იქნება“, „სიჩუმე-მეთქი“, „სწორდით! სმენა!“, „ხმა გაიკმინდეთ!“ – კონტროლის, დროებითი ზემოქმედების გზა, რომელიც სასიკეთო ზეგავლენამდე ვერ მიგვიყვანს.

როგორ მოვიქცეთ?

იდეალურ შემთხვევაში, სტატია უნდა ბოლოვდებოდეს რეკომენდაციებით, კონკრეტული რჩევებით, მზა რეცეპტებით, როგორ უნდა მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში, რით ჩავანაცვლოთ კონტროლი, როგორ მოვახდინოთ სასურველი „საუკეთესო ზეგავლენა“ აღსაზრდელებზე.

სასურველია – პუნქტობრივად.

სასურველია – წყაროების მითითებით და გარანტირებული შედეგების დაპირებით, მაგრამ ასეთი რამ არსენალში მე არ მაქვს. რასაკვირველია, მშობლობისა და მასწავლებლობის 20-წლიანმა გამოცდილებამ შემძინა გარკვეული სამარჯვები, გავაკეთე გარკვეული დასკვნები, ვიწვნიე შეცდომების შედეგები, ვისწავლე შეცდომების გამოსწორების ხარჯზე ბევრი რამ, მაგრამ მზა რეცეპტები არ მაქვს.

წერილიც მეტწილად აქცენტირებას ემსახურება. იმის ხაზგასმას, იმის ჩვენებას, რომ კონტროლი და საკონტროლო მექანიზმები აღზრდაში არ არის, ვერ იქნება სამარჯვები, რომლებიც ზედოზირებით უნდა გამოვიყენოთ.

თანამშრომლობა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა, გადაწყვეტილებების თანმდევი შედეგების გათვლა და პასუხისმგებლობის აღება, გააზრებული, გაცნობიერებული, ფხიზელი გონებით გაკეთებული არჩევანი – დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კონტროლის ნაცვლად ურთიერთობის ეს ფორმატი უფრო აღმზრდელობითი, უპრიანი და სასიკეთოა ახალგაზრდა ადამიანისთვის.

სკოლა კი არ უნდა „ამზადებდეს“ ცხოვრებისთვის, სკოლაში უკვე უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობები მოზარდებს, გამოავლინონ საკუთარი უნარები, დახვეწონ ისინი, გაიწაფონ, აიღონ პასუხისმგებლობები, მოვალეობები, გაითავისონ უფლებები, დაიცვან საკუთარი უფლებები და მოითხოვონ საუკეთესო ცვლილებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“