დიახ, მშობლებმა ყველაფერი უკეთ იციან, მაგრამ – მოზარდებო, იქნებ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მომავალში უკეთესობისკენ შეცვლიან სამყაროს. მსგავსი ცვლილებები ადრეც მრავალჯერ მომხდარა. სინამდვილეში უფროსები შეცდომას უშვებენ, როდესაც ისინი დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერ საკითხში გაცილებით უკეთ ერკვევიან, ვიდრე მათი შვილები. მშობლები, როგორც „ყოვლისმცოდნე“ უფროსები ცდილობენ, გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება შვილებს, რათა თავიდან ააცილონ შესაძლო შეცდომები და პრობლემები.
ძვირფასო მკითხველო, განვაგრძობთ თქვენთვის უკვე ნაცნობი ავტორის Dean Burnett წიგნის – „რატომ ვერ ახერხებენ მშობლები საკუთარი შვილების გაგებას და როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“ – გაცნობას. ავტორი არის ნეირობიოლოგი, კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური სკოლის ლექტორი, ბლოგერი, ექსპერტი, ბესტსელერების ავტორი, ბირმინგემის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი (ავტორის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას შეგიძლიათ წინა სტატიებში გაეცნოთ).
საქმე ის გახლავთ, რომ – განმარტავს ავტორი – მშობლების თავის ტვინს გავლილი აქვს განვითარების ყველა საჭირო ეტაპი, რაც უადვილებს მათ შვილების ცხოვრებაში მოსახდენი ცვლილებებისა და განსაკუთრებით შესაძლო შეცდომების განჭვრეტას. უფროსების ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება წინმსწრებად პროგნოზირებს შესაძლო საფრთხეებსა და მოსალოდნელ უსიამოვნებებზე. აი, ზუსტად ამიტომ კარგი იქნება, თუ მშობლების გაფრთხილებებს შვილები ხანდახან მაინც გაითვალისწინებენ. უდავოა, რომ მშობლები ხშირ შემთხვევაში მართლები არიან, მაგრამ არა ყოველთვის.
როდესაც მოზარდები ცდილობენ, გაერკვნენ, როგორ არის მოწყობილი სამყარო, მათ გარკვეული შეხედულებები უყალიბდებათ. ამ პროცესზე სერიოზულ გავლენას ახდენენ უფროსები. აქ ერთი პრობლემა იჩენს თავს: მშობლებს ხშირ შემთხვევაში საკუთარი მოძველებული მოსაზრებების გადაცემა უწევთ შვილებისთვის. სწორედ ამიტომ უფროსებთან კინკლაობა ან თუნდაც კონფლიქტი ზოგჯერ გამართლებულია.
ძვირფასო მკითხველო, დარწმუნებული ვარ გახსოვს, რომ ეს წიგნი ძირითადად თინეიჯერებისთვის არის დაწერილი, თუ უფროსებიც გაეცნობიან მის ფრაგმენტებს ვეტყვი, რომ მათი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვევაა, უმტკიცონ შვილებს: „ჩვენს ახალგაზრდობაში ყველაფერი უკეთ იყო“. სამწუხაროდ, მსგავსი ამპარტავნული მტკიცებულებები ნეგატიურად აისახება მშობლების შვილებთან ურთიერთობებზე. ზოგადად, მიიჩნევა, რომ ბავშვობის დროინდელი მოგონებები პოზიტივისკენ გადახრის ტენდენციით ხასიათდება. უფროსები ხანდახან იმახსოვრებენ თავიანთი ცხოვრების წარმატებულ მომენტებს, როგორც საკუთარი „გენიალური“ მიღწევების შედეგს. ამით აიხსნება, უფროსების გადაჭარბებული პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი სასკოლო ასაკის მიმართ და კიდევ ის გარემოება, რომ მათ არ ესმით, რა რთულია მოზარდობის პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გადაიტანეს ასაკობრივი კრიზისები. ადამიანის თავის ტვინი ახდენს თავისივე მოგონებების კორექტირებას, რაც ჩვენი წარსული მიღწევების პოზიტიურ ცვლილებას იწვევს. სწორედ ამიტომ, როდესაც ადამიანები „იხსენებენ“ საკუთარ წარმატებებს, მათი თვითშეფასება მაღლდება.
- ტრადიციულად მოკლე შეჯამებისთვის ჩამოვაყალიბოთ პრობლემის არსი: მოზარდები არ ეთანხმებიან მშობლებს ფუნდამენტურ საკითხებში;
- უფროსები მუდამ ამტკიცებენ, რომ ისინი ყოველთვის და ყველაფერში მართლები არიან, რაც განპირობებულია მათი უფრო ჭკვიანი, გამოცდილი და განათლებული პერსონით;
- მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მიერ სამყაროს მსოფლაღქმა თანდათანობით უფრო და უფრო მოძველებული ხდება, ამის ახსნა ძალიან რთულია. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც უფროსები საკუთარ შეხედულებებს თავს ახვევენ შვილებს და ამას დიდი წარმატებით ახერხებენ.
ძვირფასო მოზარდებო, მიმართავს ბრიტანელი ნეირომეცნიერი თინეიჯერებს -უფროსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ყოველთვის რთულია. მაგრამ ამ საბაბით მათთან კამათზე უარის თქმა არ არის სწორი, რადგან მშობლების „მოძველებული“ შეხედულებებისა და თქვენდამი გაზვიადებული მოლოდინების გამო ცხოვრება თავს ცუდად გაგრძნობინებთ. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა დიდი სტრესის გამომწვევი გახდეს აწმყოში, ხოლო მომავალში, დიდი ალბათობით პრობლემებს შეგიქმნით. უკვე ვთქვით, რომ მშობლების დარწმუნება, შეცვალონ საკუთარი შეხედულებები პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ შვილები მაინც უნდა შეეცადონ მშობლების მცდარი შეხედულებების კორექციას, უფროსები ხომ ამას თავისით არ გააკეთებენ.
დასასრულ რამდენიმე რჩევა მოზარდებს:
- თუ თქვენ რაიმე მიზეზის გამო არ შეგიძლიათ მოელაპარაკოთ უფროსებს, არ ღირს ძალიან დიდი დროისა და ყურადღების დათმობა ამ კონკრეტული შემთხვევისთვის. მაგალითად, შენ ვერ თანხმდები შენს მშობლებთან იმის გამო, რომ ისინი ცდილობენ, თავად შეგირჩიონ ტანსაცმელი. ასეთ და მსგავს სიტუაციებში, სჯობს მოახერხო და საუბარი ისეთ თემაზე გადაიტანო, რომელშიც თანხმდებით.
დავუშვათ, თქვენ ვერ თანხმდებით იმაზე, როგორი ჩაცმულობა შეეფერება მოზარდს, მაგრამ შესაძლოა ერთნაირი მოსაზრება გქონდეთ გუშინდელ ნათესაურ შეხვედრაზე, რა შეუფერებლად გამოიყურებოდა ერთ-ერთი ბიძაშვილის კოსტიუმი; ან იქნებ ასე შემოაბრუნოთ სიტუაცია: „ჩემი სამოსი ყველას მოეწონა“; ეს მარტივი მაგალითები იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ თავადაც შეძლოთ მსგავს ან თუნდაც შედარებით განსხვავებულ სიტუაციაში მოძებნოთ კრეატიული და ოპტიმალური გამოსავალი, რათა კონფლიქტი კი არ გააღრმაოთ, არამედ ერთმანეთს მოელაპარაკოთ;
- როდესაც მშობლებსა და მოზარდებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ძალიან სასარგებლოა მოქნილობის გამოჩენა. კამათის დროს მნიშვნელოვანია, მხარეებმა გამოამჟღავნონ ემოციების ფართო სპექტრის გამოხატვის უნარი (მაგალითად, არა მხოლოდ ბრაზისა და მრისხანების ამოთქმაა კარგი, არამედ თუნდაც წყენისა და სინანულის), რაც იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ თქვენ მტკიცე, ჯანსაღი ურთიერთობები გაქვთ. როგორც უკვე ითქვა, მშობლები ხშირად ცდებიან. მშობლებსა და შვილებს, გარკვეული საკითხების გარშემო ერთმანეთისგან განსხვავებული, შეხედულებები აქვთ. მაგრამ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ნებისმიერ უთანხმოებას ერთეულ შემთხვევად განიხილავენ მხარეები და იმ სხვა მრავალ თემაზე კონცენტრირდებიან, რომლებთან დაკავშირებითაც არანაირი უთანხმოება არ არსებობს.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კამათისგან თავის შეკავება ძალიან რთულია მოზარდისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის გაბრაზებულია ან ნერვები აქვს აშლილი. მაგრამ დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელი გახდება, თუ ის მიხვდება, რომ საბოლოოდ თავშეკავება უფრო დიდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე თავშეუკავებლობა. თანაც კამათის განახლება თავისუფლად შეიძლება მოგვიანებით, როდესაც მშობლები საკუთარ სიჯიუტეს მცირედით მაინც შეასუსტებენ.
ძვირფასო მკითხველო, ბრიტანელი ნეირომეცნიერის Dean Burnett მოსაზრებების გაცნობას ვასრულებთ მისი შემაჯამებელი რჩევებით:
- როდესაც, შენ პატარა იყავი, ფიქრობდი, რომ მშობლები მთელი სამყაროს ყოვლისშემძლე მბრძანებლები არიან და მათ ყველაფერი იციან. ახლა შენ უკვე მოზარდი ხარ და ხვდები, რომ ეს ასე სულაც არ არის. შეხედულებების ასეთი მკვეთრი ცვლილება ხშირად თინეიჯერებში ძალიან უსიამოვნო განცდების გამომწვევი ხდება, რაც მოზარდებსა და უფროსებს შორის ურთიერთობების გადახედვას საჭიროებს, თანაც ეს პროცესი შესაძლებელია რამდენჯერმე განმეორდეს;
- გამოდის, რომ შენი მშობლები უბრალოდ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები არიან, რომლებსაც სრულიად ორდინალური და თანაც არცთუ ისე სრულყოფილი თავის ტვინი აქვთ, რაც ხანდახან მათ ცხოვრებას ურთულებს;
- მშობლებს სურთ, რომ ისინი უყვარდეთ, ჰქონდეთ წარმატებები და იყვნენ ბედნიერი;
- მათ, ისევე როგორც დანარჩენ უფროსებს აქვთ ემოციები, განცდები. შფოთავენ და ნერვიულობენ იმ ადამიანებზე, რომლებიც უყვართ;
- მათ ყოველდღიურად უწევთ სტრესისა და სხვა სირთულეების გადალახვა;
- მშობლები არიან ადამიანები და მათ საკუთარ არასრულფასოვნებასა და პრობლემებთან გამკლავება უწევთ;
- ბოლოს და ბოლოს უნდა გახსოვდეთ, რომ მშობლები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე, როდესაც თავად იყვნენ თინეიჯერები, ხშირად კამათობდნენ და ზოგჯერ კონფლიქტებსაც კი აწყობდნენ საკუთარ მშობლებთან.