სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

თანამედროვე ბავშვი და წიგნიერება

რაც დრო გადის, წიგნს სულ უფრო მეტი კონკურენტი უჩნდება. ბავშვების გულშიც და ხელშიც ფურცლებს ტექნიკა ანაცვლებს. მშობლებს დღითიდღე მეტი ძალისხმევა გვჭირდება იმის მისაღწევად, რომ თანამედროვე ბავშვი წიგნებთან დავამეგობროთ.

კითხვა საბაზისო უნარია, რომელზეც სხვა უნარები უნდა დაშენდეს. თუ ბავშვი გამართულად ვერ კითხულობს, წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს ან მისი კრიტიკულად გააზრება არ შეუძლია, ცხადია, მას საგნების სწავლაც გაუჭირდება და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაც.

რა არის საჭირო მშობლებისგან იმისთვის, რომ ბავშვმა წიგნი შეიყვაროს?

ბავშვებსა და წიგნებს შორის არსებული დისტანციის შესამცირებლად შედეგიანია წიგნთან დაკავშირებული რიტუალების დანერგვა, რომლებიც სამ ფაზად შეგვიძლია დავყოთ:

  • რიტუალი კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად;
  • რიტუალი წიგნების შესარჩევად;
  • წიგნის კითხვის რიტუალი.

დავიწყოთ იმით, რომ კითხვა ბავშვების ექსკლუზიური მოვალეობა არ არის. კითხვა პროცესია, რომელიც ნებისმიერ ასაკში საჭირო და სასიამოვნოა.

თუ ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობლები ან ოჯახის სხვა ზრდასრული წევრები არასოდეს კითხულობენ, ხოლო მას მუდამ წიგნისკენ უბიძგებენ, ის ამ მითითებას მოვალეობად განიხილავს და არ მოუნდება მისი გაკეთება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელი იყოს ბავშვის როლური მოდელი და შვილს თავისი ქცევით აძლევდეს მაგალითს.

სკოლამდელ და დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია, მშობელმა დრო დაუთმოს შვილთან ერთად ხმამაღლა კითხვის რიტუალს, სადაც ბავშვი ხან მკითხველის როლში იქნება, ხან მსმენელის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ წაკითხული ფურცლების რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვი აქტიურად იყოს ჩართული კითხვის პროცესში. მშობელი აზუსტებდეს, რამდენად ესმის ბავშვს წაკითხული; რა ემოცია მოაქვს შინაარსს? ეკითხებოდეს აზრს, როგორ მოიქცეოდა გმირის ადგილას? როგორ დაასრულებდა სიუჟეტს? გარდა კითხვის უნარის განვითარებისა, ასეთი რიტუალი ბავშვს და მშობელს ერთმანეთთან დააახლოებს. მშობელთან ერთად გატარებული დრო სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვისთვის წიგნის მნიშვნელობას ერთი-ორად გაზრდის.

მშობლები ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებთ იმ წიგნებს, რომლებსაც ბავშვები ირჩევენ. ვფიქრობთ, რომ სადაც ბევრი ნახატი და ცოტა ტექსტია, ასეთ წიგნს ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია და აქედან ბავშვი ვერაფერს ისწავლის. ამ მიზეზით ხშირად ხდება, რომ ბავშვს მშობელი ურჩევს წიგნს თავისი გემოვნებით ან გამოცდილებით და არ ითვალისწინებს, რამდენად შეუძლია პატარას წაიკითხოს, გაიგოს და ისიამოვნოს მშობლის არჩევანით. დღეს წიგნის მაღაზიებში საბავშვო ლიტერატურის უზარმაზარი არჩევანია, რასაც მშობლების თაობა მოკლებული იყო ბავშვობის ასაკში. შესაბამისად, მათი გამოცდილება ბევრად უფრო ნაცრისფერია, ვიდრე დღეს შეგვიძლია შევუქმნათ შვილებს. თანამედროვე ბავშვის ლიტერატურით დაინტერესება სწორედ ფერადნახატებიანი წიგნებით არის შესაძლებელი. ბავშვი, რომელსაც ჯიბეში სმარტფონი უდევს, წიგნის კითხვას პირდაპირ კლასიკური ნაწარმოებით ვერ დაიწყებს. მას სჭირდება წიგნთან მარტო დარჩენის გამოცდილება, გადაფურცვლის შეგრძნება და ახლის აღმოჩენის სურვილის გაღვივება.

იმისთვის, რომ ბავშვმა სიამოვნება მიიღოს, ის აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს წიგნის შერჩევის რიტუალში. ოჯახთან ერთად წიგნის ფესტივალზე, ბიბლიოთეკაში თუ წიგნის მაღაზიაში წასვლა ზეიმს უნდა დაემსგავსოს, რომლისთვისაც ოჯახი საგანგებოდ ემზადება.

ბავშვზე დადებით გავლენას ახდენს მშობლის მიერ წაკითხული წიგნის შინაარსზე საუბარი. როცა შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი მშობელი შვილს აღტაცებით უყვება, რა მოხდა წიგნში ისეთი, რომ პერსონაჟი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ეს ბავშვის ინტერესს აღძრავს.

არანაკლები დატვირთვა აქვს წიგნის კითხვისთვის დროის შერჩევას. დაძალება, როცა ბავშვს სხვა რამის კეთების სურვილი აქვს, პატარას და წიგნს ერთმანეთთაც ვერ დააახლოებს. უფრო პირიქით. ხოლო სასჯელის მიზნით ბავშვის წიგნის წაკითხვით დასანქცირებამ შეიძლება სამუდამოდ ჩამოაშოროს ბავშვი ლიტერატურის სიყვარულს. ბავშვს უნდა ჰქონდეს არჩევანი, რა წაიკითხოს, როდის წაიკითხოს და უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თავისი თავისთვის კითხულობს და არა მშობლისთვის ან მასწავლებლისთვის.

მშობლის ამოცანა უნდა იყოს, რომ ბავშვს შეაყვაროს კითხვა.

თანამედროვე მშობლები ხშირად რადიკალურად აფასებენ წიგნის კითხვისადმი შვილის დამოკიდებულებას. თუ ბავშვი არ კითხულობს, მუდამ შენიშვნებს აძლევენ, აძალებენ, აძაგებენ. და პირიქით, თუ ბავშვი კითხულობს, ამ თვისებას მის მთავარ ღირსებად ასახელებენ. ილიას სიტყვებით რომ ავუხსნათ მშობლებს: „არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის“.

ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაუდგეს მომენტი, როცა წიგნის კითხვა არ სურს, დრო არ აქვს ან შეიძლება იმდენად გადატვირთული იყოს, რომ კონცენტრაცია ვერ შეძლოს. ბავშვის ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს იგივე და ეს ბუნებრივია.

ამიტომ მშობლის მხრიდან რადიკალური ნაბიჯების გადადგმა შედეგზე ორიენტირებული არ არის. მისი მხრიდან უფრო კრეატიული მიდგომების გამოყენება სჯობს, ბავშვის მოსმენა, დაკვირვება, შეთანხმება, ზემოთ ჩამოთვლილი რიტუალების დანერგვა და ახალი წესებით მოქმედება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანს ბავშვს წიგნის სიყვარულამდე.

 

სტატია მომზადებულია დისკუსიის „თანამედროვე ბავშვი და წიგნიერება“ მიხედვით, რომელიც მიეძღვნა წიგნის კითხვის მსოფლიო დღეს. ვიდეორესურსი იხილეთ ბმულზე https://www.facebook.com/100057146123097/videos/718000313734581

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“