ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ორნახადის სიყვარულით

0

***

მე და ღვინჯო სტუდენტობის მერე პირველად აღმოვჩნდით ერთად ავტობუსში და მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან მივდიოდით, მაინც უნივერსიტეტთან ჩამოვედით.

 

***

შემოდგომაზე ქალაქგარეთ თუ გაისეირნებთ, ნიჩბისიდან აუყევით დიდგორის გზას. სოფელშიც ბევრია სანახავი – უმზეურის ეკლესია, თავკაპიწას სასახლის ნანგრევები, სასხორის წმინდა გიორგის საყდარი, ციციშვილების ციხესიმაგრე… მერე შეუყევით დიდგორის წითელ-ყვითელ ტყეებს, რომლებიც სავსეა ანწლით, თრიმლით, ასკილით, ხმელი დიყით (უფრო საშემოდგომო თაიგულის მოსართავად). ზაფხული ისევ მოვა, თქვენ მაგაზე არ იდარდოთ.

 

***

ნიჩბისის მაღაზიაში ქარხნის ყველს ყიდიან. სოფლებს საძოვრები აღარ აქვთ, კერძო მესაკუთრეების ხელშია მიწა. კავთისხეველები კიდევ უფრო ცუდ დღეში ყოფილან. ნიჩბელებმა, მაწვნით მოვიკითხავთ ხოლმეო. ადრე თუ 500 ძროხას გადენიდნენ, ახლა ნახირში 50 სულიაო. ძალიან კარგია ეს თვალმახარა ნუშის ბაღები, მაგრამ ნუშის რძეზე გადავიდეთ? მა ძროხის კაპუჩინო?!

 

***

რიგის ქუჩაზე მოხუცი ქალი შემომხვდა წაბლებით ხელში.

 

– შვილო, ეს გაისამდე უნდა შევინახო, არა?

– როგორც გნებავთ.

– ვაიმე, ვინმემ რომ გადამიყაროს, რა ვქნა, ჰა?! ვინმემ რომ გადამიყაროს?

– აი, მე ჩანთის ფარულ ჯიბეში შევინახე.

 

მე ჩემი სიბერე დავინახე, იმან  – თავისი ახალგაზრდობა.

 

***

ერთ ზაფხულობით კოჯორში ვისვენებდით. დილაობით მეფუნთუშე ჩამოივლიდა ხოლმე, ორი დიდი ჩანთით. ჩვენ ყველაზე დიდები და დაბრაწულები ამოვიჩემეთ, ნიგვზიანი გულსართით. ერთხელაც ლევანს ვეუბნები, იმ ქალის მოსვლამდე არ ავდგეთ და ფუნთუშების ლოდინსაც ადვილად გავუძლებთ-მეთქი. მზე რომ მოადგა ფანჯარას, ცუდად მენიშნა და დიასახლისს გავძახე, ის ქალი ხომ არ გამოჩენილა-მეთქი. ჩაიარა უკვე, ეტყობა ჩაგეძინათო. თმაგაწეწილი ქუჩაში გავვარდი, კოჯრისთვის წრის დარტყმას ვინ ჩივის, ყველა ეზოში შევირბინე, მეფუნთუშე აქ ხომ არ არის-მეთქი. თან ყველგან იმ ქალის მაღალი შლაპა მელანდებოდა. ვერ დავეწიე, კვალს ვერ მივაგენი. ხელცარიელი, მაგრამ ათლეტი დავბრუნდი.

 

***

ყველა სარეკლამო მესიჯს წაუკითხავად ვშლი, რომელიც იწყება ასე: რუსუდან, იჩქარე…

ამათ ჩემი სიარულის ტემპი არ უნახავთ, თავსხმაშიც კი.

 

***

მამაჩემმა ის ვერ მითხრა, წონაში მოგიმატიაო და ინგა გრიგოლიას ნამეტანი დოუკლიაო.

 

***

ავტობუსმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, ქალს ჩანთა დაუვარდა და სიცილი აუტყდა, ვაიმე, ორიანს მივიღებო. მარტო მე და ის ვიცინოდით.

 

***

თქვენ გაქვთ 360 ღიმილი, მეუბნება ფარმაცევტი. დავრჩი გაღიმებული და ეგაა.

 

***

ლევანი ბრუნდება ლაშქრობიდან, მატასი ეხუტება: მა, ბუნების სუნი გაქვს.

 

***

დააინიციირო – კითხვის ტემპს აგდებს, დანარჩენი ვნახოთ.

 

***

„საბას“ ჟიურის ორჯერ წევრობა უდრის მაგისტრის ხარისხს ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში.

 

***

ლაპის ლაზული

 

წლების წინ ოლესია თავაძის თავისუფლების დღიურში ამოვიკითხე: „თიბვისას ჩემი ლაზურიტები გამიწყდა (კიდევ კარგი, გათიბულში). ავხიკე, ავასხამ.“ წელს გათიბულზე ეს კადრი ისევ გამახსენდა და ლაჟვარდის მძივი ვიყიდე. მთელი ზაფხული ყელიდან არ მომიშორებია, ღამითაც კი.

 

***

ბავშვობაში რაჭაში ვისვენებდით. ხან ვინ მომიტანდა ერთი უთქმელი ბიჭის ამბავს და ხან ვინ. მოსწონხარ, მოსწონხარ, გიჟდება შენზეო. ერთხელაც გაბედა, პანსიონატის კინოში უკან დამიჯდა და ჩემს ვარდისფერ ბაფთას უყნოსა. ვიგრძენი კიდეც და ბიჭების სიცილითაც მივხვდი.

 

სოხუმი რომ დაეცა, პირველად რამაც გამიელვა თავში, ეგ იყო  –  სადაა ძაძამია?!

 

***

ნებისმიერ ამბავს გამოხდა სჭირდება, ლიტერატურად რომ იქცეს. აი, კარგი მოთხრობა მთლად ორნახადი უნდა იყოს.

 

***

სახურავიდან წვიმა ჩამოვიდა. ისეთი წიგნები დამისველდა და ისეთები გადამირჩა, სადღაც მხოლოდ საუკეთესოს კითხულობენ.

 

***

ხალხი ვიცი, ქუჩაში მისალმება ვერ ვასწავლე და დღეს ფეისბუქზე გამოუდიათ: გამარჯობა, შემოდგომა!

 

ოჰ, გაგიმარჯოს, გენაცვალე!

 

***

მამაჩემს ყავას რომ შევთავაზებ, პატარა ჭიქითო, ხელით მანიშნებს. მე კიდევ სულ დიდი ჭიქები მაქვს, ჩაისთვის. ამ ზაფხულს რამდენჯერმე რომ გადადო ნიჩბისში ამოსვლა, ბოლოს პატარა ჭიქა ვიყიდე და დავურეკე, ახლაც არ ამოხვალ-მეთქი.

 

შესანიშნავია, დუდი, შესანიშნავი! – არ ვიცი, ყავა მოსწონდა თუ ამბავი, საგანგებოდ რომ გავისარჯე.

 

***

სადღაც იქიდან ისმის ხოლმე ტურების კივილი. ნიჩბელი ძაღლებიც აიჯაგრებიან, ხევის პირას დადგებიან და გაბმულად ყეფენ.

 

***

ცხოვრება 80 წლის მერე

 

„მამა, ვალტერს ვურეკავ და რეგისტრირებული არ არისო. რამე ხომ არ მოუვიდა უბედურს?!“

 

***

„გრამატიკაში დედნის ასლი ვარ.“

 

გრამატიკას შენგან ვსწავლობო, მატასიმ.

 

***

სოფელში მხოლოდ ლოკის თანხლებით დავიარები. ჭიშკარს გავცდები თუ არა, შავი ძაღლიც ამედევნება და სახლამდეც აუცილებლად მიმაცილებს. სხვათა შორის, გლახა საქციელში იყო შემჩნეული თეთრ ნაგაზთან ერთად. რა ჰქონდათ გასაყოფი არ ვიცი, მაგრამ ძროხებთან და ღორებთან ჩხუბობდნენ. სოფელი კიდევ ამათზე მეტად დაუნდობელი აღმოჩნდა და არ მოვუთმენთო… ამიტომაც ბელი ეზოში გამოამწყვდიეს, ამფსონის გარეშე დარჩენილმა ლოკიმ კი გამცილებლად დაიწყო მუშაობა.

 

***

რ.რ.: გავალ ბაღში, მივხედავ ცოტა.

ლ.ც.: ცხელა ჯერ. სანამ ძაღლი არ გადის გარეთ, შენც არ უნდა გახვიდე.

 

***

FAQ

 

„ექიმი ბრძანდებით?“

„მოიცა, არ ხარ ფილოლოგი?“

 

არა და არა.

 

***

ქუჩაში უცებ ვგრძნობ კისერზე შეხებას. თან მესმის: „რომ არ გამესწორებინა არ შემეძლო, იარლიყი გქონდათ ამობრუნებული.“ სანამ გონს მოვედი, ახალგაზრდა ქალმა ნერვიული ნაბიჯით გამასწრო. თან თმას ისწორებდა ორივე ხელით.

 

***

მაღაზიის მეპატრონე ტელეფონზე ლაპარაკობს, საჩვენებელი თითით მანიშნებს, ერთი წუთი მადროვეთო.

 

– კი, ისევ გვაქვს. თუ ღამე არ გეძინათ და ბორგავდით, უნდა იყიდოთ აუცილებლად.

– მესმის, აღარ გაუშვათ ხელიდან.

-.

– ახლა წარმოიდგინეთ, როგორი იქნება თქვენს სახლში… წარმოიდგინეთ?

– ჰოდა, გელოდებით!

 

მე კი არაფერი მიყიდია, მაგრამ ამ მაღაზიაში კიდევ შემოვივლი.

 

***

წისქვილის გასაღებზე გაგზავნა დიდი პატივი იყო, ყოველ შემთხვევაში, ბავშვები ასე აღვიქვამდით. გასაღები ოჯახებს მონაცვლეობით ჰქონდათ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. დაბლაგვებული ქვის მოკოდვის ხარჯს ყველა ინაწილებდა ბალავაძეები, ღვინერიები, რუხაძეები, კიკაჩეიშვილები, ხაბეიშვილები… ხანდახან მოწილეები დღეებს უცვლიდნენ ერთმანეთს, ან შეუთვლიდნენ – სტუმრები მყავს, მასისხე ან ჩამომაღერღიე. წყლის ჩაგუბება ბიჭებს ევალებოდათ, გოგოები პატარა ცოცხით ვასუფთავებდით იქურობას. ვლაპარაკობდით ცოტას და ხმამაღლა, რომ წისქვილის ხმა გადაგვეფარა. საღამოს იქვე ვიჭერდით ღორჯოებს და კიბოლეებს (კიბორჩხალებს). შეწვისას, რა თქმა უნდა, საფანელად სიმინდის ჯერ კიდევ თბილ ფქვილს ვიყენებდით.

 

ვისი დღეც იყო, კიბეზეც ის იჯდა – იმ დღის მეწისქვილე, იმ დღის მასპინძელი.

 

***

ბებიაჩემს ნაბოლარა და რომ მოენატრებოდა და შვილიშვილებს თავისახლისკენ გაგვიძღვებოდა, ბამბუკის ჯოხზე დაყრდნობილი შატულია სიხარულით შემოგვეგებებოდა –  სად რაია, კი იცით, თქვენც ჭამეთ და მეც მაჭამეთო. ვახშმის სამზადისს ყველანი ერთად შევუდგებოდით, სუფრას გავშლიდით, მეზობლებსაც მოვიწვევდით და გემრიელად მოვილხდენდით. მერე ჩვენივე თეფშებით სიმაღლის მიხედვით დავეწყობოდით, ასწლოვანი კოპიტის ძირას მოჩუხჩუხე წყაროსკენ გავემართებოდით, დავრეცხავდით და საშრობზე რიგ-რიგობით ჩამოვალაგებდით. ჭელიძეებში ლხინი კარალიოკებს შორის გაბმულ ჰამაკებში ნებივრობით სრულდებოდა.

 

რაც ასაკი მემატება, სულ უფრო მომწონს შატულიას წესი.

 

***

ლ.ც.: ამ დილითაც ოფოფი იყო მოსული.

რ.რ.: და რა იცი?

ლ.ც.: დავინახე! შენ გგონია, წერილი დატოვა, ვიყავი, არ დამხვდით, ხვალაც შემოვივლიო?

 

***

მე და მატასის შლაპუნა არ გვეუცხოება. მგონი, 2-3 წლის წინ დაწერა ფეისბუქზე ძვირფასმა ანა ჭაბაშვილმა და მაშინვე ძალიან მოგვეწონა.

 

შარშან კი ამიწყდა და რიგის ქუჩა ფეხშიშველმა ავიარე.

 

***

Mastsavlebeli.Ge რომ არა, ჩემს ჩანაწერებს ვერასოდეს მოვუყრიდი თავს. თან გაირკვა, რომ 200 გვერდამდე ყოფილა.

 

 

 

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მოდელები

0

საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა საზოგადოებები ჭაობებს უყურებდნენ როგორც უკაცრიელ მიწებს, რომლებიც უნდა „გარდაექმნათ და აღედგინათ“ უფრო დიდი მიზნებისთვის. ჩინეთმა მდინარეებისა და ჭაობების ფართომასშტაბიანი ცვლილება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 486 წელს დაიწყო დიდი არხის მშენებლობით, რომელიც ჯერ კიდევ ყველაზე გრძელი არხია მსოფლიოში. ჰოლანდიელებმა ჭარბტენიანი ტერიტორიების ამოშრობა დაახლოებით 1000 წლის წინ დაიწეს ფართომასშტაბიანი დრენაჟით, თუმცა შემდეგ მრავალი მათგანი ისევ აღადგინეს. ჯორჯ ვაშინგტონი, როგორც ამზომველი და მიწის დეველოპერი, ხელმძღვანელობდა ვირჯინიასა და ჩრდილოეთ კაროლინას შორის მდებარე დიდი ჭაობის დაშრობის წარუმატებელ მცდელობებს.

ჭაობები ყველაზე მრავალფეროვანი და პროდუქტიული ეკოსისტემებია დედამიწაზე. ისინი ასევე დაუფასებელი, მაგრამ შეუცვლელი ინსტრუმენტებია კლიმატის ცვლილების ტემპის შესანელებლად, ქარიშხლებისა და წყალდიდობისგან დასაცავად.

მეცნიერები აღიარებენ, რომ ჭაობები ძალზე ეფექტურია ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის გამოდევნასა და ცოცხალ მცენარეებად და ნახშირბადით მდიდარ ნიადაგად გარდაქმნაში.

დღეს მსოფლიოს მრავალი თანამედროვე ქალაქი ჭაობებზეა გაშენებული. ფართომასშტაბიანი დრენაჟი გრძელდება განსაკუთრებით აზიის ნაწილებში. არსებული მონაცემების საფუძველზე, ბუნებრივი ჭაობების მთლიანი კუმულაციური დანაკარგი 54%-დან 57% -მდეა.

ათასობით წლის განმავლობაში ჭაობებში ნახშირბადის უზარმაზარი მარაგი დაგროვდა, რამაც ატმოსფეროში ორი ძირითადი სათბურის აირის – ნახშირორჟანგისა და მეთანის დონე შეამცირა. რომ არა ეკოსისტემები, განსაკუთრებით ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ადამიანის საქმიანობის შედგეად ყოველწლიურად 28%-ით გაიზრდებოდა.

ჭაობები ინახავენ ნახშირბადს. მცენარეები იღებენ მას ატმოსფეროდან და გარდაქმნიან მცენარეულ ქსოვილად, საბოლოოდ კი ნიადაგად, როდესაც იხოცებიან და იშლებიან. იმავდროულად, ჭარბტენიან ნიადაგში არსებული მიკრობები ატმოსფეროში გამოყოფენ სათბურის აირებს, რადგან ისინი მოიხმარენ ორგანულ ნივთიერებებს.

ბუნებრივი ჭაობები, ჩვეულებრივ, უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავს, ვიდრე გამოყოფს. მაგრამ როდესაც კლიმატი ათბობს ჭარბტენიან ნიადაგებს, მიკრობული მეტაბოლიზმი იზრდება, რაც დამატებით სათბურის აირებს ათავისუფლებს. გარდა ამისა, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაშრობა ან დარღვევა იწვევს ნახშირბადის გამოყოფის დაჩქარებას.

ამ მიზეზების გამო აუცილებელია ბუნებრივი, ხელუხლებელი ჭაობების დაცვა. ჭარბტენიანი ნიადაგის ნახშირბადი, რომელიც გროვდება ათასწლეულების განმავლობაში და ახლა ატმოსფეროში აჩქარებული ტემპით გამოიყოფა, მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვერ აღდგება, რაც უარყოფითად აისახება კლიმატის ცვლილებაზე. ზოგიერთი ტიპის ჭაობში ასწლეულები და ათასწლეულები სჭირდება ნიადაგის განვითარებას, რაც ხელს უწყობს ნახშირბადის დაგროვებას.

არქტიკული ჭარბტენიანი ნიადაგი, რომელიც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გაყინული რჩება, თითქმის ორჯერ მეტ ნახშირბადს ინახავს. იმის გამო, რომ ნიადაგი გაყინულია, მიკრობები მას ვერ მოიხმარენ. მაგრამ დღეს მუდმივი ყინული სწრაფად დნება და არქტიკული რეგიონები, რომლებმაც 40 წლის წინ ატმოსფეროდან დიდი რაოდენობით ნახშირბადი „ამოიღეს“, ახლა მნიშვნელოვანი რაოდენობის სათბურის აირებს გამოყოფენ. თუ მიმდინარე ტენდენციები გაგრძელდა, 2100 წლისთვის მყინვარების დადნობის შედეგად გამოიყოფა იმდენი ნახშირბადი, რამდენსაც გამოყოფს აშშ-ს ყველა ელექტროსადგური, მრეწველობის ობიექტი და ტრანსპორტი.

ჩრდილოეთი კანადის ჭაობები

 

გარდა სათბურის აირების დაგროვებისა, ჭაობები ეკოსისტემებსა და ადამიანთა თემებს უფრო გამძლეს ხდის კლიმატის ცვლილების მიმართ. ისინი, შეიწოვენ რა დიდი რაოდენობის წყალს, ამცირებენ ძლიერი წყალმოვარდნის საშიშროებას. ჭაობები გვალვის დროს მტკნარი სუფთა წყლით ასაზრდოებენ მდინარეებს, ტბებს, მიწისქვეშა წყლებს და ხელს უწყობენ მიმდებარე ტერიტორიების გაგრილებას მაღალი ტემპერატურის დროს. ჭაობები და მანგროს ტყეები სანაპიროებს ქარიშხლებისა და შტორმებისგან იცავს. ზღვის დონის მატებასთან ერთად სანაპირო ჭარბტენიანი ადგილების სიმაღლემაც კი შეიძლება მოიმატოს.

მანგროს ტყე ბიოსფერული ნაკრძალის სანაპიროზე მექსიკაში, სიან კაანში

 

კლიმატოლოგები და პოლიტიკოსები ჭაობებს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. უფრო მეტიც – კლიმატის საკითხები ხშირად ჭარბტენიანი ტერიტორიების მართვაში არ არის ინტეგრირებული.

ჭაობების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება რამსარის კონვენციაა, რომელიც არ შეიცავს ჭაობების შენარჩუნების შესახებ დებულებებს როგორც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ სტრატეგიას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მთავრობა ეფექტურად იცავს ჭაობებს, კლიმატის ცვლილების კონტექსტში მათ მაინც არ განიხილავენ. მხოლოდ 2016 წელს შემოვიდა გაეროს კლიმატის აღრიცხვის სისტემაში ნებაყოფლობითი დებულება ჭაობებიდან ემისიების შესახებ.

კანადამ მიიღო კანონი, რომელიც იცავს აუთვისებელ მიწებს. პროვინციის ჩრდილოეთის ტორფიანი მიწები, რომლებიც შეიცავს მინერალებსა და პოტენციურ ჰიდროელექტრორესურსებს, დაფარულია მუდმივი ყინვით, რომელსაც დეგრადაციის შემთხვევაში სათბურის აირების გამოყოფა შეუძლია, ამიტომ ონტარიოს შორეული ჩრდილოეთის აქტი კონკრეტულად აცხადებს, რომ მიწის 50%-ზე მეტი 51°-იანი გრძედის ჩრდილოეთით დაცული უნდა იყოს, ხოლო დანარჩენი შეიძლება ათვისებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კულტურული, ეკოლოგიური და სოციალური ღირებულებები არ იქნება დარღვეული და დეგრადირებული.

კანადაში, ფანდის, აულაკის მახლობლად, ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, როგორ გაიზარდა ნახშირბადის კონცენტრაცია, რომელიც დაფიქსირდა ჭაობების აღდგენის შემდეგ. 300 წლის განმავლობაში ჭაობის დრენაჟი ხდებოდა დამბებით, რამაც გამოიწვია ნიადაგის და ნახშირბადის დაკარგვა. მაგრამ დამბების დარღვევიდან სულ რაღაც ექვსი წლის შემდეგ აღდგენილ ჭაობში ნახშირბადის დაგროვების ტემპი საშუალოდ ხუთჯერ აღემატებოდა ახლომდებარე ჭაობში მოხსენიებულ სიჩქარეს.

ჭაობების დაშრობისა და დაცვის შესუსტების ნაცვლად, ყველა დონის მთავრობებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები მათი როგორც კლიმატის ცვლილების შეჩერების სტრატეგიის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის. კლიმატის დაცვა და ქარიშხლების, წყალდიდობისა და გვალვისგან კლიმატთან დაკავშირებული ზიანის თავიდან აცილება ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შეცვლა მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლისთვის.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

  1. https://theconversation.com/what-the-world-needs-now-to-fight-climate-change-more-swamps-99198
  2. მ. ბლიაძე – ჭაობების გეოგრაფია – https://mastsavlebeli.ge/?p=17284

მხედველობა, თვალი – ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ჭრილში

0

სათაურიდან კარგად ჩანს, რომ წერილი თვალის აგებულებასა და მხედველობას ეხება. თვალი ორგანოა, მხედველობა კი – ერთ-ერთი შეგრძნება და მკითხველი ალბათ იფიქრებს, რატომ ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის…, აქ ხომ მთავარი ბიოლოგიააო, მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ორგანიზმის აგებულებას, ფუნქციას. წერილის სრულად გაცნობის შემდეგ კი ნათლად გამოჩნდება ქიმიური რეაქციებისა და ფიზიკური პროცესების მნიშვნელობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეგრძნების ორგანოს მუშაობისთვის.

თვალის აგებულება და ფუნქცია ბიოლოგიაში მეცხრე კლასის პირველ სემესტრში ისწავლება, თვალში გამოსახულების წარმოქმნის ფიზიკური აზრი – ფიზიკაში, მეთერთმეტე კლასის მეორე სემესტრში. ფერის და ზოგადად სინათლის აღქმის დროს მიმდინარე ქიმიური რეაქციები ქიმიის კურსში მეთორმეტე კლასში იქნება, სავარაუდოდ, განხილული. ცოდნის ტრანსფერი კიდევ ერთი პრობლემაა ჩვენს მოსწავლეებში. გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, რამდენიმე აქტივობის სახით, რომლებიც საკითხის დამუშავებისას გამოადგება მასწავლებელს. მსგავსი გაკვეთილი ჩავატარე მეორე თაობის სასწავლო გეგმის ფარგლებში და შედეგი ძალიან კარგი აღმოჩნდა.

აქტივობა 1: ინტერესის აღძვრა ხალხური ლექსის გამოყენებით:

,,ვაჟკაცსა – გული რკინისა,

აბჯარი – თუნდაც ხისაო,

თვალნი – ქორებულ მხედველნი,

მუხლები უნდა მგლისაო“.

ამ სტროფის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები ჩამოთვლიან ლექსის მიხედვით ვაჟკაცისთვის დამახასიათებელ თვისებებს, განსაკუთრებული აქცენტი მესამე ხაზზე უნდა გაკეთდეს.  გაიხსენებენ ქორის მტაცებლობასთან შეგუებულობებს და მხედველობის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. მოსწავლეები გაეცნობიან საკითხავ მასალას.

აქტივობა 2: თვალის აგებულების გაცნობა

მასწავლებელი მოსწავლეებს საკუთარი საპრეზენტაციო მასალის გამოყენებით გააცნობს თვალის ძირითად და დამხმარე ორგანოებს, მათ აგებულებას, მდებარეობასა და ფუნქციას. გაგების დონის შემოწმების შემდეგ იმუშავებენ ორ დავალებაზე:

  1. მოძებნე ტერმინები ასოების ლაბირინთში;
  2. მოძებნე სტრუქტურები თვალის ფოტოზე;

აქტივობა 3: გამოსახულების წარმოქმნის მექანიზმის ახსნა

მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს გამოსახულების წარმოქმნის შესახებ, შემდეგ იმუშავებენ სიმულაციაში, სადაც შეცვლიან მანძილს საგანსა და თვალს შორის. დააკვირდებიან მიღებული გამოსახულების ზომას, მდებარეობას და მის ტიპს. კლასის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია მუშაობა თემატურ ინტერაქტივიაში.

აქტივობა 4: მოსწავლეები გაეცნობიან მხედველობის ქიმიური მექანიზმს და იმსჯელებენ საკვების როლზე ჯანმრთელი თვალების შესანარჩუნებლად. (ქვემოთ მოცემული მცირე ტექსტი მარტივი ენით აღწერს ყვითელი ხალის აგებულების თავისებურებას). მასწავლებელი ამ აქტივობის დროს უბრუნდება ქორის მხედველობის სიმკვეთრის მიზეზს.

„მტაცებელ ფრინველებს, რომლებიც მთებში ცხოვრობენ ორი ყვითელი ხალი აქვთ, ადამიანს – ერთი. ყვითელი ხალი გუგის პირდაპირ მდებარეობს. ის დიდი რაოდენობით კოლბებს შეიცავს. 1 მმ2 ფართობზე 150 000 კოლბაა. რაოდენობის გარდა, ყვითელ ხალში განთავსებული კოლბები ინდივიდუალურად უკავშირდებიან ბიპოლარულ ნეირონებს და ინფორმაციას უფრო დეტალურად აღიქვამენ, შემდეგ გადასცემენ ტვინს. ბადურის სხვა მონაკვეთების კოლბები (სამ-სამი) უკავშირდება ერთ ბიპოლარულ ნეირონს, ერთიან ინფორმაციას გადასცემენ კეფის წილის მხედველობის ზონას.

სინათლის აღქმა ცილა როდოპსინის საშუალებით ხდება რეცეპტორებში. აქ ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, მიზეზი კი მემბრანის პოლარიზაციაა. ცის იზომერი ტრანს იზომერში გადადის.

ვიდეო ასახავს როდოპსინის მოქმედებას. იონური არხების მოქმედება კი მეორე ვიდეოშია ასახული.

აქტივობა 5: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სახის დაავადებას. ახლო და შორსმხედველობის გამოსწორების საშუალებებს, კონტაქტური ლინზების მოქმედების მექანიზმს, კომპიუტერული თვალის სინდრომს და გაჯეტების უარყოფით გავლენას თვალის ჯანმრთელობაზე.

დამატებითი რესურსები:

ადამიანის თვალი;

სხვადასხვა დაავადების დროს თვალში წარმოქმნილი გამოსახულებები;

თვალის ვარჯიშები;

თვალის ევოლუცია;

გუგისა და ბროლის ცვლილების ამსახველი სიმულაცია;

 

დევიდ ლინჩი – თევზის თარგმნა

0

კაფკას წიგნში ვარ, – დგება წუთები, როცა ამ დასკვნას ვერაფერს ვუპირისპირებ: რაც ხდება, მხოლოდ მწერლის სამყაროს ლოგიკით შეიძლება აიხსნას. ლინჩის ფილმია და სხვა არაფერი, – ეს სიტყვებიც მადგება ხოლმე ენაზე. მერე თავის დასამშვიდებლად ვიხსენებ, რომ მსგავსი შეგრძნება ბევრს გასჩენია მათ შორის, ვინც მისი ნამუშევრებით მოხიბლულან და ნანახთან გაუცხოება წლების მანძილზე ვერ მოუხერხებიათ.

„მე ერთი კონკრეტული სახეობის თევზს დავეძებ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის; მას, რომლის თარგმნაც კინოს ენაზე შეიძლება. თუმცა კი იქ, ღრმად, ათასი ჯურის თევზი დაცურავს“, – გვიმხელს დევიდ ლინჩი ჩანაწრების წიგნში „როგორ დავიჭიროთ დიდი თევზი“[1] და მოლოდინს გვიქმნის, რომ კითხვისას საჩვენოს მოხელთებასაც შევძლებთ – რაღაცას მართლაც ვისწავლით.

კინო ენაა, – გვიმეორებს უბრალო სიმართლეს – სამუდამოდ დასამახსოვრებლად. ეს პირველი გასაღებია მრავალგვარი გასაღებების იმ აცმიდან, რომლის ჩხარუნიც ყურს სწვდება, ცნობისმოყვარეობას აღიზიანებს. წიგნის მოკლე თავებში ცხოვრების ამბებიცაა გაბნეული და ცხოვრებანანახი კაცის რჩევა-დარიგებებიც, ახალგაზრდების დასამოძღვრად შემდგარის ფრაზებიც და თითქოს მხოლოდ საკუთარი თავის დასარწმუნებლად ნათქვამი სიტყვებიც.

„მე ერთი უბრალო კაცი ვარ, რომელიც მონტანას შტატის ქალაქ მიზულაში დაიბადა, ჩემს საქმეს ვაკეთებ და დანარჩენებივით, საკუთარ გზას მივუყვები“, – ნეტავ რა დრო დასჭირდა იმისთვის, რომ სამყარო, სამყაროში დატოვებული კვალი ასე გაემარტივებინა? არ დავიწყებ ახსნას და იმ ფილმების ჩამოთვლას, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა ნახოთ, თუ ლინჩის სიდიდეში ეჭვი გეპარებათ. თუ საერთოდ არაფერი გინახავთ, მაშინ „ლურჯი ხავერდით“ დაიწყეთ – თუნდაც მხოლოდ კინოსა და ენის იგივეობაში დასარწმუნებლად.

ჩანაწერების წიგნში კი ყველაზე საყურადღებოდ ეს აზრი მეჩვენება: „წარმატებასა და მარცხს შორის წონასწორობის მოპოვებაა საჭირო. წარმატებამ ისევე შეიძლება დაგღუპოს, როგორც მარცხმა“. უფრო მნიშვნელოვანს ვერაფერს ეტყვი ახალგაზრდას, რომელსაც მუდმივად ის ესმის, რომ ყოველგვარ დოღში პირველი უნდა იყოს, რომ ცხოვრება სხვა არც არაფერია – მხოლოდ ქანცგაწყვეტამდე სირბილი, მხოლოდ ელვარე მედლისთვის თავგანწირვა.

ავტორი ბედნიერების შესაძლებლობაზეც გვესაუბრება, რომელსაც ტრანსცენდენტური მედიტაციის გამოცდილებას უკავშირებს. „ცხოვრებაშიც და სამსახურშიც ყველას ერთმანეთის უნდა გვესმოდეს. ისე უნდა გვიხაროდეს, როგორც პატარა ლეკვებს უხარიათ ხოლმე და ამას კუდის ქიცინით გამოხატავენ“. სამოთხე აქვეა, ხელის გაწვდენაზე – საკმარისია, ახლად მოჭრილი ფიჭვი გადახერხოს ან ფიჭვის წიწვები მოსრისოს თითებში.

ერთ თავში ის განათლების საკითხებსაც უღრმავდება. ჩანს, რომ ბევრს ფიქრობს ბავშვებზე, რომლებიც სტრესულ გარემოში იზრდებიან და სხვადასხვა მიზეზით იტანჯებიან. დოქტორ ჯორჯ რუტერფორდს, სკოლის დირექტორს ვაშინგტონში, ტრანსცენდენტური მედიტაცია სამ ისეთ სკოლაში დაუნერგავს, სადაც ხშირი იყო ძალადობის შემთხვევები, სროლა, სუიციდი… და ყველაფერი მალევე შეცვლილა უკეთესობისკენ.

ლინჩი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ თუნდაც ორ ათწუთიან მედიტაციას მოსწავლის სასწაულებრივად გარდაქმნა შეუძლია. საკუთარ თავში ჩაღრმავება მას შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ეხმარება. „ტრანსცენდენტურ მედიტაციასთან შედარებით, სტანდარტული სასკოლო პრაქტიკა ბლეფია, – ვკითხულობთ წიგნში, – მოსწავლე სწავლობს მხოლოდ ფაქტებსა და სტატისტიკას და არაფერს – საკუთარი თავის შესახებ“. ამ გზაზე დამდგარმა კი როგორ უნდა გაიაზროს, რომ ნამდვილი ბედნიერება მასშივეა და არა სადღაც სხვაგან?

დევიდ ლინჩის ჩანაწერების წიგნში, რომლის ქვესათაურიც „მედიტაცია, ცნობიერება და შემოქმედებაა“, კიდევ ბევრ საგულსხმო მოსაზრებას ვიპოვით. მთავარია, მეჩხერ წყალში მოთევზავის მცირე ნადავლს არ დავჯერდეთ და ჯიუტად გავაგრძელოთ ჩვენი საქმე.

 

 

[1] ქართული თარგმანი 2018 წელს გამოცა გამომცემლობა ინდიგომ.

როგორ წავიკითხოთ ქალაქები

0

ცოტა ხნის წინ თბილისს ერთი საინტერესო არტისტი სტუმრობდა – თიხის ფირფიტებით დადიოდა ქუჩებში და შენობების “ანაბეჭდებს” იღებდა. ეს მისთვის ქალაქის აღქმის და დეტალების დამახსოვრების პრაქტიკაა, რომელსაც სხვადასხვა ქალაქებში იყენებს ხოლმე. თიხის ფირფიტებზე ზოგჯერ ჩვეულებრივი სახლების კედლები გადმოდის, ზოგჯერ ჩუქურთმები და ორნამენტები, ხანაც დაზიანებები და წარწერები.

ქალაქებზე დაკვირვება და ურბანული ქსოვილების შესწავლა ჩემი დიდი ვნებაცაა და ხშირად და ბევრს ვფიქრობ იმაზე, რას ამბობენ ადგილები მათი მაცხოვრებლების შესახებ, რა ქმნის ამა თუ იმ ადგილის ხასიათს და როგორ უნდა ისწავლო ქალაქების მოსმენა, მათი წაკითხვა. ამ თემებზე აქაც დამიწერია, მაგრამ ვინაიდან ეს უწყვეტი პროცესია, დაე, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმაზე, რატომ და როგორ შეიძლება აკვირდებოდე დეტალებს და ამით თავსაც ირთობდე და გარემოს აღქმის საკუთარ მეთოდებსაც აყალიბებდე. ქალაქების “კითხვა” ერთდროულად არის ვარჯიში კონცენტრაციაში, ინტერპრეტაციასა და ამბის თხრობაში. ამ პროცესში ყველაფერს გაიგებ: ადგილობრივების გემოვნებას, იუმორს, რწმენა-წარმოდგენებს, ჩაგვრის მექანიზმებს და თაყვანისცემის ობიექტებს, ფესვგადგმულ სტერეოტიპებს და ცხოვრების სტილს, უკმაყოფილების მიზეზებს და დაუვიწყარ აღფრთოვანებებს, ურბანულ ლეგენდებს და გადაულახავ შიშებს, საკითხებს, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება და თეზისებს, რომელიც სადაო აღარ არის – მთავარია, შენ რა გაინტერესებს, რისი დანახვა გინდა, ვისი სულის დაჭერა გსურს.

მაგალითად, მე ძალიან მიყვარს იმ წარწერებზე დაკვირვება, რასაც ადამიანები ქუჩებში ტოვებენ გვარ-სახელების გარეშე – ამ წარწერების შინაარსს ფართო დიაპაზონი აქვს: სიყვარულის ახსნიდან პოლიტიკურ სლოგანებამდე. ზოგიერთი წარწერა დიალოგად იქცევა ხოლმე, ზოგი ცენზურას ექვემდებარება, ზოგი გაფრთხილებს, ზოგი რაიმე კონკრეტულ მოვლენაზე კომენტარია, ზოგი მარადიული სევდების და სიხარულის გამოძახილია, ზოგი პოეზია, ზოგიც კლიშე ან სულაც სისულელე.

კიდევ იმაზე დაკვირვება მიყვარს, რა რჩება სახლებიდან, როცა მათ ანგრევენ გარდა მათი ბინადრების მოგონებებისა ამ სახლში გატარებულ დღეებზე. არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, რა კვალს ტოვებენ შენობები “მათი მეზობლების” კედლებზე. ეს შეიძლება იყოს კერამიკის ფილები ყოფილი აბაზანის კედლიდან, შპალერის ნაგლეჯები ვიღაცის საძინებლიდან, ბუხარი, თაროები ან სულაც პირსაბანი უკვე დაჟანგებული მილით. “ურბანული პალიმფსესტების” კითხვა ქალაქის განაშენიანების აღმწერი პროცესია და ფანტაზიის სავარჯიშოდაც გამოდგება იმ ამბების გამოგონებას თუ შევყვებით, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ამ უკვე დანგრეულ სახლებში.

სხვათა შორის, შენობების, როგორც პალიმფსესტების კითხვა, არაურბანულ სივრცეებშიც შეიძლება – პატარა დასახლებებში მშენებლობის განვითარების მთელი ეტაპები ჩანს ხოლმე შერეული მასალებით ნაშენ კედლებზე და შეიძლება იმის მიმანიშნებლადაც გამოდგეს, როგორი განსხვავებული ხედვა ჰქონდათ საცხოვრებლის შესახებ ამა თუ იმ შენობაში მცხოვრებ სხვადასხვა თაობებს.

ქალაქის “კითხვის” კიდევ ერთი მეთოდი ქუჩების სახელებზე დაკვირვებაა – აქ კარგად ჩანს გავლენები, მისწრაფებები, ისტორია და იდეალები. მაგალითად, საქართველოს გორის ცენტრალურ ქუჩას ჯერ კიდევ საბჭოთა დიქტატორის სახელი რომ ჰქვია, ეს შეგვიძლია იმის ნიშნად მივიღოთ, რომ ადგილობრივებს წინ აქვთ საბჭოთა მემკვიდრეობის ლანდებთან ომის მოგება და საამაყო გორელებისთვის საკადრისი პატივის მიგებაზე ფიქრი. შეიძლება იაკობ გოგებაშვილის ან ეკატერინე გაბაშვილის სახელი იმდენმა ადამიანმა არ იცის მსოფლიოში, რამდენმაც სტალინი იცის, მაგრამ ვისი მემკვიდრეობა უფრო საამაყოა, მგონია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ გაჭირდება, თუკი კითხვა ასე დაისმება.

ქუჩებზე ერთი შესანიშნავი არტისტული ნამუშევარი გამახსენდა და ბარემ მაგაზეც გეტყვით – ემოციური კარტოგრაფია ჰქვია და ქუჩების, მოედნების და სკვერების საკუთარი შეხედულებების, მოგონებების, განცდების შესაბამისად სახელდების გზით ქალაქების მოწყობის მცდელობაა. მგონია, მოსწავლეებიც გაერთობიან, თუკი რომელიმე მათი წარმოსახვით შექმნილ დასახლებაში ადგილების სახელდება ექნებათ დავალებად ან რუკაზე ვარჯიშის საბაბად ექცევათ გრძნობებთან, ემოციებთან დაკავშირებული ადგილების მოძებნა.

ქალაქების წასაკითხად კიდევ ერთი გზა არა თავად ქალაქზე, არამედ ადამიანებზე დაკვირვებაა – ვინ გხვდებათ პარკებში დღის საათებში? ვინ დადის ქუჩაში დილის 8 საათამდე ან ღამის საათებში? ვინ დარბის სავარჯიშოდ ტროტუარებსა და სანაპიროებზე? შეგხვედრიათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის ადამიანები ვისაც ტელევიზორის ეკრანიდან იცნობთ? ეზოებში სკოლის საათებში თქვენთანაც ეწევიან უფროსკლასელები სიგარეტს გამალებით? თქვენც ხშირად შეგინიშნავთ, ეტლში მყოფი შვილები მშობლებს მანქანის სავალ ნაწილებზე დაჰყავთ იმის გამო, რომ ტროტუარი მოუწყობელია, ზედ მანქანები დგას ან უბრალოდ არ არსებობს? თქვენს ეზოებშიც აღარ დატოვეს ავტომობილებმა ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი? თქვენი მეზობლებიც ღობავენ მათი ფანჯრების წინ მიწის ნაგლეჯს, რაც სინამდვილეში საჯარო სივრცეა და ყველას ერთნაირად ეკუთვნის? და მერე ამ შემოღობილში თქვენთანაც ყრიან სხვები ათასნაირ ნაგავს? შეგიმჩნევიათ, რომელიმე კაფეში ან სანაყინეში პირის ჩასატკბარუნებლად მარტო შემოსული მოხუცი? და იმას თუ დაჰკვირვებიხართ, დიდ მაღაზიებში დიასახლისები ზოგჯერ ისე რომ მიდიან, როგორც სასეირნოდ და ან მეგობრის სანახავად, უმიზნოდ დახეტიალობენ და უსარგებლო ნივთებითაც კი ინტერესდებიან იმის გამო, რომ შეიძლება ეს არის ერთადერთი ადგილი სახლის გარდა, სადაც ისინი რეგულარულად და უპრობლემოდ ახერხებენ გასვლას. და ხმაური? რა ხმები გესმით? რა არის ამ ხმებიდან განმეორებადი და რა სპონტანური? ვისია ეს ხმები და რას ითხოვენ ისინი სხვა ადამიანებისგან?

ქალაქების კითხვა ჩემი მოგონილი ცნება არ არის – უნივერსიტეტებში სემინარები იმართება ამ დისციპლინაში და Google-ში წიგნები იძებნება ამ პრაქტიკაზე. ეს ფართო და მრავალმხრივი პროცესია და დაინტერესების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ყველას შეუძლია მისი, თუ შემეცნების გზად არა, გასართობად მაინც გამოყენება და საკუთარ ინტერესებსა და ჭკუაზე მორგება.

გზა დეკლარაციულიდან პირობისეულამდე

0

განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი სპეციალისტები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას და ამ მიმართულებით სწავლების ტექნოლოგიების დახვეწას. მრავალმა კვლევამ ცხადყო, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა იმ ასაკში, როდესაც მოსწავლე თავის მომავალ კარიერაზე იწყებს ფიქრს, ზრდის საბუნებისმეტყველო სფეროში დასაქმების მსურველი მოსწავლეების რაოდენობას [1]. ჩვენმა ჩატარებულმა კვლევებმაც გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა უმეტესობას მოსწონს განსხვავებული ფორმატით ჩატარებული გაკვეთილები. მათ მიაჩნიათ, რომ ჯგუფური სამუშაო, მიგნებებით სწავლება და საკუთარი პრეზენტაციების მომზადება გაცილებით საინტერესო, სახალისო და შემეცნებითია, ვიდრე ჩვეულებრივი, კლასიკური, ტრადიციული მეთოდი. განსაკუთრებით დასამახსოვრებლად მიაჩნიათ ინტეგრირებული, პრობლემაზე ორიენტირებული და მედიაწიგნიერების კომპეტენციით ჩატარებული გაკვეთილები [2].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინტეგრირებული გაკვეთილის იდეასა და გეგმას სამ საგანში: ქიმიაში, ბიოლოგიასა და მათემატიკაში. გაკვეთილი განკუთვნილია საშუალო საფეხურისთვის. სასურველია, ჩატარდეს მე-11 კლასში. სწორედ ამ ასაკში დგება მოსწავლე პროფესიის არჩევანის წინაშე.

 

თემა: PH, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ლოგარითმები.

გაკვეთილს ეთმობა 2 საგაკვეთილო საათი, სასურველია, საათობრივი ბადე დალაგდეს ორი ერთმანეთის მომდევნო გაკვეთილის შესაბამისად.

ინტეგრირების მიზანი: მოსწავლემ გამოიმუშაოს ტრანსფერის უნარი – შეძლოს PH-ის მნიშვნელობის შინაარსობრივი დაკავშირება და ცოცხალი ორგანიზმების შინაგან და გარეგან ტუტე- და მჟავა გარემოზე მისი ზემოქმედების ახსნა, PH-ის სკალის განსაზღვრამდე კი თავად მივიდეს ათობითი ლოგარითმის გამოყენებით.

სამივე ეს თემა ცალ-ცალკე ვრცლად ისწავლება შესაბამის საგნებში, მაგრამ მათი ურთიერთკვეთა, გამოყენება და ფართო კონტექსტში დანახვა პასუხობს თანამედროვე განათლებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შეძენის გამოწვევებს.

 

აქტუალურობა: საგანთაშორისი ტრანსფერის განხორციელება, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის საფუძველზე, ერთ-ერთი ფოკუს-ჯგუფის ანალიზიდან გამომდინარე, გამოიკვეთა მოსწავლეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ წინარე ცოდნისა და მასწავლებლის ფასილიტაციის გარეშე, ინტერნეტის დახმარებით, ნებისმიერი საკითხის სწავლა ამომწურავად შეიძლება. ამ „ამბიციის“ მართებულობის შესაფასებლად საჭიროა დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი აქტუალურ თემაზე და წარიმართოს ისე, რომ მასწავლებლის დახმარების გარეშე, მხოლოდ მოკლე ინსტრუქციებით, პირდაპირ შეუდგნენ ბავშვები ჯგუფურ მუშაობას მოდელით: „მასწავლებელი – პასიური, მოსწავლე – აქტიური“.

მსგავსი გაკვეთილის ჩატარებით მასწავლებელი ერთგვარ მინიკვლევასაც ატარებს და ადგენს, რამდენად შესაძლებელია მასწავლებლის მხოლოდ მცირედი ჩარევით საკმაოდ ღრმაშინაარსიანი საკითხის გააზრება, დამუშავება და გამოყენება სხვა საკითხების შესწავლის პროცესში.

აქტივობა 1. დრო – 10 წთ. მასწავლებლის შესავალი, თემის მიმოხილვა და მკაფიო ინსტრუქცია გაკვეთილის ფორმატისა და სტრუქტურის შესახებ. დავალებების გაცემა – საორგანიზაციო საკითხები.

ჯგუფები კომპლექტდება დიფერენცირებულად.

კლასი იყოფა სამ ჯგუფად სახელწოდებებით: „ბიოლოგები“,ქიმიკოსები“ და „მათემატიკოსები“. შემადგენლობა შეირჩევა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. გარემოს გასახალისებლად და განწყობის შესაქმნელად წინ დაიდებენ წარწერებს გუნდების სახელებით. ყოველ ჯგუფს აქვს ლეპტოპი, პლიფჩარტი, მარკერები, რომელთა გამოყენებითაც მოამზადებენ პრეზენტაციას (ვისაც რომელი ეხერხება ან მოსწონს), ასევე – ამობეჭდილი თეორიული მასალა, რათა არჩევანი ჰქონდეთ ბეჭდურ და ელექტრონულ რესურსებს შორის და მოიძიონ ინფორმაცია დიფერენცირებული სწავლების მეთოდის შესაბამისად, ინტერესების, ხასიათისა და უნარების გათვალისწინებით.

აქტივობა 2. დრო – 30 წთ. მეთოდი – ჯგუფური მუშაობა.

პრეზენტაციაში უნდა წარმოაჩინონ:

ქიმიკოსებმა:

  • როგორ მიმდინარეობს მჟავებისა და ტუტეების დისოციაცია;
  • რა არის PH, როგორ გამოითვლება, რატომ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ;
  • რა კავშირია ყოფა-ცხოვრებასა და ორგანიზმისა და საკვები პროდუქტების მჟავატუტოვან ბალანსს შორის.

სამიზნე ცნებები: ნივთიერება (ქიმ. საშ. 1,2,3,4); ქიმიური ბმა – (ქიმ. საშ. 1,2,3,4)

 

ბიოლოგებმა:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულება და ფუნქციები;
  • ორგანიზმის რომელ ნაწილშია ტუტე გარემო და რა მნიშვნელობა აქვს მას იქ მიმდინარე პროცესებისთვის;
  • ორგანიზმის რომელ ნაწილშია მჟავა გარემო და რა მნიშვნელობა აქვს მას იქ მიმდინარე პროცესებისთვის;
  • რომელი გარემო უწყობს ხელს ინფექციების გავრცელებას, მაგ.: პირის ღრუში, ნაწლავებში, სისხლში და ა.შ.

სამიზნე ცნებები: სასიცოცხლო თვისება (იოლ. სა.1.2,3,4,5); ჯანმრთელობა და დაავადება (ბიოლ. სა. 1.2,3,5)

 

მათემატიკოსებმა:

  • რას ნიშნავს ლოგარითმი;
  • რისთვის გამოიყენება იგი;
  • როგორ იწარმოება ათობითი ლოგარითმი;
  • მოცემული ინფორმაციის საფუძველზე (ეძლევათ რესურსი: წყალში წყალბადიონების ან ჰიდროქსონიუმის კონცენტრაციის შესახებ ხსნარში) შექმენით PH სკალა და წარმოადგინეთ კოორდინატთა ღერძზე.

სამიზნე ცნებები: სიდიდეები, რიცხვები და მოქმედებები (მათ. საშ. 1,2,3,4); ალგებრული გამოასახულება (მათ. საშ. 1,2,3,9)

ჯგუფებს დავალების ბარათები ურიგდებათ ვერბალური ინსტრუქციების გარეშე, მაგრამ დიფერენცირებულად. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი თავს ვერ ართმევს დავალებას, ერთვება მასწავლებელი ჯგუფის დროებით წევრად.

 

აქტივობა 3. დრო – 25 წთ. მეთოდი – პრეზენტაციები.

 

წარდგენისთვის თითო ჯგუფს ეძლევა 5-6 წუთი.

 

აქტივობა 4. დრო – 10 წთ. მასწავლებლების რეფლექსია – უკუკავშირი.

 

აქტივობა 5. დრო – 10 წთ. მოსწავლეთა რეფლექსია – 3, 2, 1.

მაგალითად, ძალიან ცნობილი და მარტივი:

  • სამი რამ, რაც სრულყოფილად გავიგე
  • ორი რამ, რაც ნაწილობრივ გავიგე
  • ერთი რამ, რისი გაგებაც ამ თემაზე დამატებით მინდა.

 

აქტივობა 6. განმავითარებელი შეფასებები სოლო ტაქსონომიის მიხედვით ბიოლოგიის, ქიმიისა და მათემატიკის საგნობრივ კომპეტენციაში, ასევე – უნარ-ჩვევების მიმართულებით.

 

ამ ტიპის გაკვეთილი საშუალებას იძლევა, მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ დამოუკიდებლად, როცა მასწავლებელი არის ფასილიტატორი და მონიტორინგს უწევს სწავლის პროცესს.

ამ გაკვეთილიდან მოსწავლეების სარგებელი ის იქნება, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების შეფასებას, იმას, რამდენად შეუძლიათ დამოუკიდებლად სწავლა, რა ხარისხით არის საჭირო მასწავლებლის ჩარევა, ნათლად დაინახავენ საგანთა შორის კავშირს, ყველა საგნის სწავლების საჭიროებას და გაიგებენ, რომ ნებისმიერი საკითხი კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს.

მასწავლებლის სარგებელი კი იქნება მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესება. გარდა ამისა, განსხვავებული ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, რადგან „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ (ჯონ კოტონ დანა).

გაკვეთილის ძლიერი მხარეა შერჩეული თემა, რომელიც მთლიანად შეესაბამება ბიოლოგიისა და ქიმიის საგნებს, აქვს გამოყენებითი ხასიათი, ხოლო მათემატიკური ნაწილი მას კიდევ უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის. გაკვეთილი დაგეგმილია ისე, რომ მასში ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყოს ჩართული, რაც დიფერენცირებული ჯგუფების შექმნითა და რესურსის შეთავაზებით იქნება უზრუნველყოფილი.

ამრიგად, წარმოდგენილი რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ფორმით. ჩვენ, სტატიის ავტორები, ასეთ ინტეგრირებას მივმართავთ, როდესაც მოსწავლის აქტიური როლის დანახვა და განვითარება გვაქვს დასახული მიზნად, თუმცა შეიძლება, აღნიშნული თემა პირდაპირ ახსნან მასწავლებლებმა, ჩაატარონ მინილექცია, გამართონ პრეზენტაცია და შემდეგ ქვიზის ან გასასვლელი ბილეთების გამოყენებით შეამოწმონ მოსწავლეთა გაგება-გააზრების დონე, ჩაატარონ ზეპირი გამოკითხვა და შინ შესასრულებლად მისცენ კომპლექსური დავალება მიღებული ცოდნის გამოყენებით. ყველა შემთხვევაში სამუშაო მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარაციულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA, თბილისი, 2015. მოსწავლეთა დამოკიდებულებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ, გვ. 43
  2. ხ. თეთვაძე, ნ. პოპიაშვილი, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა – „საბუნებისმეტყველო საგნებში დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზების დადგენა და ანალიზი“

ჩანაწერები

0

ერთხელაც ხმაურიან ქუჩაში მიმავალმა ჩემს თავს ვკითხე: „რა უქენი შენს ცხოვრებას? სადამდე მიიყვანე შენი თავი?“ გამეცინა – მე ხომ საერთოდ არ მქონია სხვა ცხოვრება.

შეიძლება, მაღალმა ღმერთმა რაღაცის სიყვარულითაც დაგსაჯოს.

თოვდა აპრილში,

მე გელოდებოდი ფიჭვის ქვეშ

და ვუყურებდი, როგორ აჩენდა

ტალღებსა და ბუშტუკებს გაწყალებული თოვლი

პატარა გუბეში.

ბზობას მარტმა მეცხრე კაბა

თეთრი ჩაიცვა.

სრუტუნებდნენ ცხვირით სველი ბატკნები

და დედებს ეკვროდნენ.

მამაჩემი ჩხუბობდა, არაფრის დარდი არ იცი და არაფერზე ფიქრობო.

როგორ მეთქვა, შვინდის ყვავილებზე ვდარდობ –

სიცივე დახოცავს და გაყინულ მიწაზე ჩამოყრის-მეთქი?

წაბლისფერ ბუჩქად ეყარა საბანზე მისი თმა. აჭერდა მზე ფანჯრიდან და ოფლის წვრილი წვეთებით დაეწინწკლა მისთვის შუბლი. ბორგავდა ლოგინში. სიცხესთან ერთად ცუდი სიზმარიც აწუხებდა. უფრო მამაცი რომ ვყოფილიყავი, ვაკოცებდი მზით გამთბარ სველ შუბლზე.

ვიცი, როგორ ტანჯავს ეშმაკი ჯოჯოხეთში ცოდვილ სულებს. ალოდინებს, სულ ალოდინებს. უღამდებათ ცოდვილებს თვალები ლოდინით, გულიც უწვრილდებათ ძაფზე ძაფზე ეკიდებათ.

ფიფქები ღამის პეპლებივით ეხეთქებიან ბუხრის ცხელ მილს. სკდებიან და შიშინით ქრებიან.

მაწყევარიც მლოცველივით აღაპყრობს ხოლმე ცაში ხელებს.

ღარიბებს გვიხარია, როცა ვხედავთ, რომ მდიდრებსაც თავიანთი უსაშველო სატკივარი აქვთ.

იმაზე უნდა იფიქრო კაცმა, რომ ერთი თაროზე მოდებული მტვერი ხარ, რომელსაც ერთხელაც ტილოს მოუსვამენ და გადაწმენდენ.

ისეთი სიარული იცოდა, თითქოს ეკლიანი ხე ჰქონდა გადებული გაწვრილებულ მხრებზე.

მწერალი მარტო იმისთვის აკეთებდა ძალიან კარგსაც და ძალიან ცუდსაც, რომ მერე ამაზე დაეწერა.

ნიკაპზე რომ ჭაღარა თმა აქვს ამოსული, იმაზე არ ფიქრობს; იმაზე ფიქრობს, რომ დიდ ქალაქში მცხოვრებ პატარა ვაჟს ახალ წელს კაკალი დასჭირდება. ამიტომაც ჩურჩავს კაკალს მუქი ხელებით.

ის სიბერეში ერთ კარგ რამეს მაინც აკეთებდა: კარში წაიკუზებოდა და ისაქმებდა ხოლმე – უპატრონო ლეკვებს კვებავდა.

– რატომ აკეთებდი ამდენ რამეს მათთვის?!

– იმიტომ რომ მძულდნენ.

– რატომ აკეთებდი ამდენ რამეს მათთვის?

– უბრალოდ მინდოდა, ჩემთვის გიჟი აღარ დაეძახებინათ.

მშიერი ძაღლივით დაწანწალებდა მთვარე ცაზე.

ცეცხლი თავის თავს ათბობდა მხოლოდ.

– ჩავიფსი, – მეუბნება მოხუცი არსენა და ბავშვივით იღიმის. მერე უცბად შეტრიალდება და გაბუტული შედის თავის ოთახში. დილით გავიგე, რომ მაკრატელი ჩაერტყა უბეში.

დამავიწყდა, რამდენს ვატკინე გული, მაგრამ მახსოვს, რამდენი ხე მოვჭერი.

როგორ მშურს ისეთი ადამიანების, ცუდუბრალო საუბრის დროს ისე რომ შეუძლიათ გაცინება, თითქოს მართლა რამე სასაცილო იყოს.

ეს არის დიპლომატია.

სულ იმის მეშინია, ჩემი მოსწავლეები ისე არ მომექცნენ, როგორც მე ჩემს მასწავლებლებს ვექცეოდი.

გაწბილებული მათხოვრის თვალებით იყურებოდა.

ჩემი ხნის ქალი ნოემბრის ბნელ ღამეში ხბორებს ეძებს. ბებიაჩემი კი მიწაში წევს.

ამაოებას ყველაზე მეტად ლამაზი ქალის სიკვდილის დროს ვგრძნობ.

რატომ არ არის ჩემს ნაწერებში სიცილი? მინდა, ისეთი ადგილი იყოს სადმე, სადაც არავინ იცინებს, როცა ვიღაც ტირის.

მადლობა, ღმერთო, რომ გამაღვიძე.

ამიტომაც ნუ იდარდებ, მეგობარო. ხანდახან ყველაზე მიამიტ თევზსაც გარეულ მხეცზე მეტი ძალა აქვს. ქვიშა კი ყოველთვის ილექება ოკეანეთა, ზღვათა, მდინარეთა ფსკერზე.

ბეღურები – ღმერთის შორისდებულები

0

გაგა ნახუცრიშვილის პოემაძველი მიქარვები

 ცხოვრება ხშირად მოვლენათა განლაგებას გთავაზობს და შენც ვიღაცისხელით“, ფაზლის ფიგურასავით, გსვამენ ამ კონტექსტში ანუ შენიშინაარსითუნდა ჩაეწერო მასში (ან ვერ ჩაეწერო). შემოქმედი ცალკე ქმნის წუთისოფლის კონფიგურაციას, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეგრძნებებითა და აღქმებით. ხშირად თვითგამოხატვის ფორმა შინაარსთან მისადაგებულია. სწორედ ამიტომ გაგა ნახუცრიშვილის ლექსწყობა ზუსტად ისე გადმოვიტანე, როგორც წიგნშია, რადგან ვფიქრობ, რომ ის პოეტის სათქმელსაც (მინიმალისტური ფორმით მაქსიმალისტურის გადმოცემას) შეეფერება, იდეურ კონტექსტსაც უხდება („მარტოსული“, ცალკე დასმული სიტყვა თითქოს საკუთარ სათქმელს ამბობს) და სამყაროს ადამიანური აღქმის ამორფულობასაც ზუსტად გადმოსცემს, რაც შემდეგ მკითხველის სულში გაყოლილ მკვეთრ გამოძახილად თუ დაუვიწყარნაკვალევადმიიწევს სიღრმეებისკენ

აი, გზასაც მივადექით. გაგა ნახუცრიშვილის ეს პოემაც გზაზეა.

 

  1. გზა ნაბიჯებით იზომება

 

გზა, როგორც მარადი დინამიკა ანუ როგორც პარადიგმა, საწყისიც და თავმოყრაც ყველაფრისა, როგორც ბორხესი იტყოდა. არ სრულდება ის, რაც არ იწყება, ამბობს გაგა ნახუცრიშვილიესაა გზა, დრო (მარადისობაში გარდამავალი და არა დასაზღვრული), სიცოცხლე. მათ ხან დაეძებ, ხანაც გაურბიხარ რეალობასავით. ყველაფერი ხდება: ხშირად სიზმარცხადი გერევა კაცს, ზოგჯერ პარალელური წრფეების გადაკვეთის რეალობაშიც ხვდები, როცა დრო თან დგას, თან სწრაფად გადის, რეალობა კი მაჭარივით მოთუხთუხეა და გარდამავალი – „სულ დაკარგული სიზმრებია/ სულ ბუნდოვანი ცხადი“. რეალობა, რომელიც გაქცევისკენ გიბიძგებს; ადამიანები, მაგრამ უცხონი („უცხო ხალხს ვხვდები და იმათსას ვერაფერს ვხვდები“) ანუდეჟავუსსაწინააღმდეგო განცდამაგრამ საკუთარ თავს ვინ გაჰქცევია?! უნდა ჩაიძირო ცხოვრების ჭაობში? („გავიპარსოარ გავიპარსო“; „აღარ გავსვრი ფურცელს,/ რადგან ვერაფერს ვცვლი ამით“) როგორ უნდა გადაიჭრას ყოფის, რუტინის დილემა? მაგრამ, განა, სიცოცხლე წყალობა არაა, ღვთისა თუ ადამიანისა?

ის მათხოვრობდა სიცოცხლეს მხოლოდ,

ასე შემჩივლა სიცოცხლის ბოლოს,

რომ ვერ იცხოვრა,

სულ იყო მკვდარი,

ბევრი გვეძახა

და გვიკაკუნა,

მაგრამ არავინ გაუღო კარი,

ხმას დამჩნეოდა

წყენა და ბრაზი.

მან თურმე ჩვენი ჯვარი ატარა,

მაგრამ ემძიმა თავისი ჯვარი.“

წამსვე მახსენდება ტატო ბარათაშვილი, „კოჭლი ღმერთი“, როგორც მას გიორგი ლობჟანიძე უწოდებს თავის ლექსში. გაგას ლექსშიმკვდარინიშნავსგაუშლელ“, ოცნებებდამსხვრეულ ცხოვრებას. თუმცამკვდარი კაცობაამ მოცემულობასთან დანებებაა, ცხოვრების მატერიალიზმში ჩახრჩობა, საკუთარი იდეალური თავის უარყოფა, ღალატიმაგრამ თუჯვარი იტვირთე“, როგორც ბარათაშვილმა, უკვე შეგიძლია ბედისწერის ჩარჩოებიც გაარღვიო, დამარცხებით გაიმარჯვოგაგა ნახუცრიშვილის ლექსის მინიმალიზმში თითქმის წუთისოფელია ჩატეული, მასში გაურკვევლობისა და ამ უკანასკნელის გაუმხელელობის, სხვათაგან გაუგებრობის ნაღველი. როცა გინდა განდობა და ვერავის ენდობი, შესაფერისი ადრესატი ვერ გიპოვია. გინდა ცხოვრების ღვინის თასივით ბოლომდე გამოცლა, მაგრამსადღეგრძელოსკარგი გამგონე არსადაა, რომელიც სიცოცხლის ფერხულში შეგიძღვება. ამ მოლოდინში კი შეიძლება ცხოვრებამ გვერდზე ჩაგიქროლოს, როგორც ღამის ტრასაზე მდგარს გაჩახჩახებულმა ავტობუსმა, რომელსაც ჩამორჩი.

გაგას ეს პოემაც სულის ხეტიალია, მოგზაურობა, გასკონელები ვიქნებით, უკანასკნელი მოჰიკანები, პირობითობების ქსელიდან თავდახსნილი დერვიშები თუ ქარის წისქვილებთან მებრძოლი, მარად ომებში ჩართული დონკიხოტები („ისევ გვინდა ბრძოლა, თან ისევ ვეძებთ ომს“)…გზაზე მზესთან დამგზავრების მოლოდინიცაა („მე ოდესმე წავალ, ოღონდ მზესთან ერთად“). არადა, „მზესულ ჩვენთანაა, გვერდით, ჩვენ გარშემო

 

სადაც ჩემი სახლი, ჩემი ვენახია“, „მზე ჩადის, როგორც ძველი სიზმარი“ – იქნებ სამყაროცმზისსიზმარია?! და ამსიზმარშიიქნებ დრომაც და გზამაც თვითონ ამოგირჩიეს გამყოლად. ამიტომაა მათი დუმილი მრავლისმეტყველი, მაგრამ ის ყოველთვის როდიაოქრო“.

საინტერესოა გაგა ნახუცრიშვილის ფარდობითობის ანუ ყველაფერარაფრის ფილოსოფია – „თოვლმა გააქრო ყველა ფერი და სულ ყველაფერი გამოჩნდა თეთრი“. თეთრი მიწა და თეთრი დუმილი, თითქოს ყველაფრის დამტევიარაფერი“. საბოლოოდ ხომ ყველაფერი, მთელს გამოყოფილი და დასაზღვრული, ისევ საწყისს, ერთიანობას, მთლიანობას უბრუნდება, როგორც მისი შემავსებელი.

ყველა ნამდვილმა პოეტმა იცის ადამიანობის საკრალური აზრი; სიცოცხლით თრობის საიდუმლო, რომელზეც თუნდაც ბოდლერი ოქსიმორონებით წერდა. ცხოვრებაც ხომ გზაა, „უკან ვიტოვებ და წინ არისდა რაც მეტად განურჩეველია ის შენთვის, მით ეჯაჭვები ამაოებას, ნებსით თუ უნებლიეთ.

 

  1. წითელი კაბა

 

ევა, ქალი, მიზეზი თუ წინაპირობა წუთისოფლისა და როგორც დაკარგული სამშობლო („პატარა გოგო დამეკარგა, წითელპერანგა“).

ქვეყნად ყველაფერი უკვე ითქვაო, გვეუბნება პოეტი, მაგრამ ასე მსუბუქი დარდიმანდობით მხოლოდ გაგა ნახუცრიშვილმა თქვა:

დღეს მუზა მოვიდა,

გავერთეთ,

მნახა.“

ან:

ყურეზე ნისლი

ჩამოყრის ყურებს.“

ვინ არ მისტირის რაინდების ეპოქას? გახუნებულ იდეალებს? გარდასულ, შემაწუხებელ ზღაპრად ქცეულ დიდებას? ეს ზღაპარია ჩვენი თანამგზავრი, თუ ჩვენ მისი მგზავრები? წუთისოფელი როგორი ზღაპარია: კეთილი თუ ბოროტი, გასარკვევია. წამების მოხელთება პოეტის საპატიო ხელობაა ამზღაპრის ბილიკებზე“, რომლებზეც შემოქმედისთვის ყველანაირი შეგრძნება საინტერესოა: ნიავს აყოლილწუთები ჭრიჭინითუ მოცინარი სიცარიელე, მონატრებას რომ მიათრევსმტვრიანი წარსულისგზებზე.

აი, ეს კი ყველას დაგვმართვია:

საკუთარი თავის შეცოდება,

როცა არ განაღვლებს

დანარჩენი,

საკუთარი თავის სიბრალული

ასე სასაცილოდ ამაზრზენი.

სიყვარულიც მალე დამთავრდება,

შენ თუ შენთვის გინდა

სიყვარული.“

რა მარტივი და გენიალური კონსტატაციაა! ნამდვილი სიყვარული სხვისთვისაა. მარტივი არ გეგონოთ, – ესეც ბრძოლაა: საკუთარ თავთანაც, სამყაროსა და ყოფასთანაც, რადგან სიყვარულით იწყება და მთავრდება ყველაფერი. რატომააო ცხოვრება ბრძოლა, ერთხელ მკითხეს. „რომ ჩემ შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“ – ამიტომ! ეს უდიდესი სიყვარულია და ზრუნვა, მაღალადამიანური პასუხისმგებლობები. ყველა ვერ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ პოეტი ვალდებულია. ეს გაგამაც იცის: „ვეღარავინ, ვეღარავინ მნახავს დაღლილს“. წარმავლის მძაფრი მონატრება ძალიან დამღლელია, მაგრამ ყველას არ უნდა აჩვენო ეს, მითუმეტეს, როცა ძლიერ სქესს გეძახიან ან შემოქმედს, რომელსაც საქართველოში დიდ ტვირთს აჰკიდებს ხოლმე წუთისოფელიცა და ასე განებივრებული მკითხველიც

 

  1. სადღაც მეგობრები ქეიფობენ

 

მოყვრობა, როგორც ძალიან ქართული მომენტი, ჩვენი სინამდვილის უცვეთელი სამკაული, – რა პირობებშიც გინდა ჩაგვაყენოს ცხოვრებამ, „ვინ მოყვარესა არ ეძებს…“ ყოველთვის აქტუალურია. მაგრამ ყველას განგვიცდია მეგობრის დაკარგვის უმტკივნეულესი განცდაც: ფიზიკურად წავა იგი სახვა სამყოფელში თუ სულიერად გშორდება, „გიკვდება“ („მე ვცდილობ ლექსებში დაგტოვოთ ცოცხლები“).. ეს არ გვიკვირს საბჭოთა ეპოქა გამოვლილებს, როცა პირდაპირ ადამიანურ სულიერებას ცდიდა სისტემა, იდეოლოგია და ნათელ მხარეებს ახშობდა („ზოგს სწამდა მარქსის/ზოგს სწამდა ღმერთის“). არც შემდგომ განვითარებულა დალხინებული, „სასათბურეპირობები ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთათვის. ყველაზე მეტად კი ასეთიქარტეხილებიზნე და სულფაქიზ ადამიანებს ატყდებათ ხოლმე. პოეტის სული კი არა მარტო ზემგრძნობიარეა, ის ძლიერიც უნდა იყოს, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ამ ორი რამის შეთავსება ურთულესია და ყველა როდი ახერხებს, მითუმეტეს, როცა ხშირად აღმოგიჩენია:

ცხოვრება თურმე უღრანიაქვეყნიდან წასვლა უხარიათ“.

უამრავ ქიმერას შორის, სიკვდილისა ყველაზე მტანჯველია. არც მისი დამარცხებაა პატარა საქმე:

ხმამაღლა მეძახდა,

მაგრამ არ ავიღე,

მაგრამ დავუძვერი,

იდო მაუზერი.“

ჩვენი საბრალო ქვეყანა კი არა მარტო შინმოუსვლელების (ცოცხლებისა და გარდაცვლილების) მარადი ჭირისუფალია, თვითონაცააშინმოუსვლელი“ – საქართველოში ვერ გვიპოვია საქართველო. ასე იცის ყალბად ნამღერმა მრავალჟამიერმაო, გვეუბნება პოეტი. ბრჭყალებს არ იყენებდა, – ვხვდებით, რომ მეტაფორულად ცხოვრებაცაა მოაზრებული („ცხოვრება განა სიმართლეა“), რომელიც ეფემერულიცაა და სასტიკიც, ერთდროულად

მომენატრა ძველი მიქარვები

და თავიც ჯიუტად მელოტდება,

ჩუმად ბავშვობისკენ ვიპარები,

გაქცეულა, აღარ მელოდება.“

ბავშვობა ხომ მარადი ნავსაყუდელია, თავშესაფარი დამაშვრალი სულებისთვის. თუმცა ცხოვრებას მოსწრებაც უნდა, რადგან ის შეიძლება ჩემოგეცრას ხელში დროისქვიშასავითდა ბოლოსკენ მიგახვედროს, რომ არ გიცხოვრია ისე, როგორც გინდოდა შენ, როგორც უნდოდა სხვას ან ღმერთს („გახსოვთ, მეგობრებო,/ცხოვრებას ვიწყებდით,/ ცხოვრებას ვიწყებდით/და ვერ მოვასწარით“).

 

  1. სიცოცხლის მერე

 

წუთიაო სოფელი, ქართველმა და ყველას მოგვიწევს იმ სამანის გადალახვა, რომლისიქითგადასვლა ურთულესია, საშიში და იდუმალად შემზარავი. ფასეულობათა გადაფასებები, თავის ძიებამიგნებადავიწყებათავიდან ძიება, მარადცვალებადი და უცვლელი ცხოვრებისეული მოცემულობების გააზრება, „შეცდომების გასწორებადა თავიდან დაწყება ანუსუფთა წერა“, მოწყენა იმისა, რაც გიყვარდა და მონატრების სურვილი იმისი, ვინ ან რაც მოგბეზრდა, მაგრამ მერე ისევ უნდა გაგახსენდეს:

თურმე სადაც შევცდი,

ის სწორია

და სადაც არ შევმცდარვარ,

შევცდი

და თურმე მაჟორიმინორია…“

სადაა ასე ნანატრიშინ“? („გზა შინისაკენ მოჭრილია“). უძღები შვილებიც აღარ (თუ ვეღარ?) ბრუნდებიან. სიმარტოვეში იხლართები, როგორც ძნელად მოსაშორებელ ბლონდებში („მოლანდებამ იცის მონატრება/მონატრებამ იცის მოლანდება“). ასე და ამგვარად, იღლები, იცლები ხანდახან, გინდა დროის შეჩერება, მოხელთება. პოეზია, განა, სხვა რამაა? – ავტოგრაფითგაკაწრულიდრო, – გაგა ნახუცრიშვილის ასეთიკოხტამეტაფორაარც მარადაკვიატებული (ჩემსავით ხანდახან ბავშვობიდანაც) კითხვა: „იქპოეზია არის?!

 

სიცოცხლის მერე მზე

თუა ცაზე?

შეხვედრის სიტკბო

და გაყრის ბრაზი

არსებობს ვითომ?…

სიცოცხლის მერე

თუ ჩანან მთები?

თუ გადის წლები?

მეძახის გზები?

ვინც გენატრება,

გზაზე თუ ხვდები?…

სიცოცხლის მერე

ლექსებს თუ წერენ?“

გზისპარადიგმა მარადიულია ორთავ სოფელსა შინაო, პოეტმა

 

  1. ლურჯი ღამის პერანგი

 

პოემის ეს ნაწილიც გზაზეა, როგორც იოანე საბანისძე იტყოდა, „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაზე“, სამშობლოში გაუსაძლის დილემებთან ბრძოლაზე, საშიშ გათენებებზე თუ ისევ დაღამებებზე, „ვარსკვლავების სასაფლაოთი“.

გამგზავრება განა წამალია,

მაგრამ რომ იცოცხლო, მაგრამ რომ გადარჩე,

რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს.“

 ეს ილიას მოძრაობის, დინამიკის (შინაგანიცა და გარეგანიც) ფილოსოფიაა, „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“. აქ კი გვერდს ვერ აუვლი თავგანწირვას, ყველაზე მაღალ ზღვარს ადამიანურობისაიქ ასვლა ღვთის სიბრტყეზე, ველში, მოხვედრაა.

ბაღი, შადრევანი, ჯვარცმა,

წყალზე არეკლილი მზე,

დღეს თავი მოიკლა კაცმა

და იდგა მზიანი დღე.

თურმე ჩვვეთვის ჰქნა,

რაც ჰქნა,

უკეთ რომ გვეცხოვრა ჩვენ.“

კაცის თავგანწირვა, როგორც ღმერთის თვითმკვლელობა, ზავარაკობა ადამიანური ცოდვების სამსხვერპლოზე

უძნელესია სოცოცხლე რწმენის გარეშე („რაღაცის უნდა იწამო კაცმა“). მთლად უარესი, როცა საკუთარი ქვეყნის რწმენას კარგავ. სამშობლო საკრალიზებულია ჩვენს რეალობაში. ისლურჯი ქვეყანაა“, როგორც თუნდაც ინგა მილორავა ამბობს; ან ლურჯი ღამის პერანგი, რომელსაც სულ გიქსოვს ესდაბინდულქლიავისფერმთებიანიქვეყანა და სულ დაუმთავრებელია მიზეზთა გამო ეს ნაქსოვი, – ლურჯი ძაფის (თუ ჯაჭვის?) გორგალს მისდევ, როგორც ზღაპარში, რომმქსოველსმიაგნო და სათანადო პატივი მიაგო; შედიხარ უღრანში, ეძებ, ეძებ, ეძებ, რომ სთხოვო, დაგიმთავროს პერანგი, შეგმოსოს ჯადოსნურად და შენც იყო დაცული, როგორც სამოსელ პირველშიდა ასე ძიებების ტკივილებში გადის ცხოვრება („დაკარგული წლები მტკიოდა, როგორც ხეებსაც შემოდგომის სტკივათ ფოთლები“).

სულ გვინდასხვანაირი გზები“, სულ გვიდა ფრენის სწავლა, მაგრამ სულ ექოდ მოგვყვებაფრენა ვერაფრით ვისწავლე…“

თუმცა არის მყარი ცოდნაც, წონასწორობას რომ გინარჩუნებს. თუ გმირი ვერ გახდი, ნაძირალაც ხომ არასდროს ყოფილხარ? წონასწორობა კი იმ ნისლოვანებაში, რომელსაცცხოვრებაჰქვია, უდიდესი ნიჭია. მიწაზე მყარად უნდა იდგე, რომ საკუთარი თავი ეძებო, მეორე ადამიანი ეძებო, ეძებო ისეთი სისადავისკენ, როგორიც გაგა ნახუცრიშვილის პოეზიაშიაისევე, როგორც ყველა დანარჩენი სათქმელი……..

 

 

 

ციტატები გაგა ნახუცრიშვილის წიგნიდანძველი მიქარვები“, „ინტელექტი“, 2022

 

 

 

 

 

 

საჭიროებების კვლევა კლასისა და სკოლის დონეზე

0

ნუ გაგიკვირდებათ, და ცოტა შორიდან უნდა დავიწყო… თითოეულმა თქვენგანმა წარმოიდგინოს თავი მზარეულად. ზოგიერთი თავს მყუდრო სახლის პატარა სამზარეულოში მოფუსფუსედ წარმოიდგენს, ზოგი – უზარმაზარი რესტორნის შეფმზარეულად. ვინც რა უნდა იფიქროს და სადაც არ უნდა წარმოიდგინოს თავი, მზარეულის საქმიანობა ყველგან ერთი და იგივეა – კერძებისა და ნუგბარის მზადება.

მომზადების პროცესში მზარეული თვალს ადევნებს დაწერილ რეცეპტს, ან მიჰყვება კარგად გამოცდილ ჩვეულ პრაქტიკას. მაგრამ სხვადასხვა მზარეულის მიერ ერთსა და იმავე რეცეპტის მიხედვით მომზადებული კერძი, შესაძლოა სხვადასხვაგვარი გამოვიდეს. რა შეიძლება იყოს მიზეზი? მაგალითად, ცეცხლის ალის ინტენსივობა, ქვაბის სისქე და სხვა. მომზადების შემდეგ მზარეული ფრთხილი მზერით აკვირდება დამგემოვნებლის ემოციას. შემდეგ ფიქრობს, აანალიზებს, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა უკეთესი შედეგისთვის? რა ცვლილებები უნდა მოახდინოს შემდეგში? როგორ გააუმჯობესოს შედეგი?

რეფლექსია და შეფასება ყველა საქმიანობას სჭირდება…

მოდით, ერთად განვიხილოთ, როგორ ვაფასებთ ჩვენ მიერ წარმართულ სასწავლო პროცესს? რამდენად ვაანალიზებთ ჩვენ მიერ შეთავაზებული აქტივობების, მიდგომების ეფექტურობასა და ეფექტიანობას? რამდენად ვცდილობთ უკეთესი შედეგის მიღწევას და რას ვაკეთებთ ამისთვის?

ბევრი კოლეგა იტყვის, რომ ამ საკითხებზე მუდმივად ვსაუბრობთ, ვფიქრობთ და გამოსწორების გზებსაც ვეძებთო. ძნელი წარმოსადგენია მხოლოდ ზეპირი მიდგომით:

  1. რამდენად ზუსტად გამოიკვეთება კლასის თითოეული მოსწავლისა და სკოლის საჭიროება;
  2. რამდენად ეფექტიანი იქნება ამ საჭიროებების გასაუმჯობესებელი აქტივობები;
  3. იქნება თუ არა შესაძლებელი ჩვენი მიგნებების კოლეგებისა და საზოგადოებისთვის გაზიარება და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესსა და საკუთარ მიდგომებზე მასწავლებლის დაკვირვებას, საჭიროებების გამოკვეთასა და ქმედით ღონისძიებებს მიეცეს დოკუმენტური ხასიათი, რომელიც საბოლოოდ კვლევის ანგარიშის სახეს იღებს. ყველა მასწავლებელი ბუნებით მკვლევარია. არაერთი ლიტერატურა ითარგმნა ქართულ ენაზე და დაიწერა სტატიები. თუმცა დღესდღეობით კვლავ გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს კვლევის ეტაპების სტრუქტურირება, ეტაპებს შორის მიზეზ-შედეგობრიობის გამოკვეთა, ანალიზი და სხვა.

სკოლის საჭიროებებისა თუ საკუთარი პედაგოგიური მიდგომების კვლევის დროს საჭიროა, დავსვათ შემდეგი მნიშვნელოვანი შეკითხვა/საკითხები და ეტაპობრივად ვიმოქმედოთ მათ შესაბამისად.

პრობლემის იდენტიფიცირება – რამ მიბიძგა, გამომეკვლია კონკრეტული საკითხი და არა სხვა?

სასწავლო პროცესში მუდმივად ჩნდება სხვადასხვა საჭიროება. დაკვირვებული მასწავლებელი გონივრულად მიანიჭებს პრიორიტეტს ერთ-ერთ მათგანს. მნიშვნელოვანია, რომ საკვლევი საკითხი დაკონკრეტდეს და არ იყოს ზოგადი.

როგორ დავადგინო იდენტიფიცირებული პრობლემის ძირეული მიზეზები?

მედიცინაში კარგი და ზუსტი დიაგნოსტირება მკურნალობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სწორი დიაგნოზის დასმით ექიმმა ზუსტად იცის, რას უნდა უმკურნალოს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ უმკურნალოს. მაგალითად, თავის ტკივილი არის პრობლემა, მაგრამ საიდან, რა მიზეზით არის თავის ტკივილი გამოწვეული, ამისათვის ტარდება გამოკვლევა სხვადასხვა მეთოდისა და ინსტრუმენტის საშუალებით: ანამნეზის შეკრება პაციენტის ან ახლობლებისგან, სისხლის ანალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა. ექიმი აანალიზებს ყველა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს კოლეგებთან და სვამს დიაგნოზს.

ახლა გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემაში ამა თუ იმ პრობლემის გამომწვევი მიზეზის ძიება, დიაგნოსტირება, რისთვისაც მასწავლებელი, ექიმის მსგავსად, იყენებს სხვადასხვა მეთოდსა და ინსტრუმენტს – ჩანაწერები დღიურში, კოლეგებთან გასაუბრება, მშობლებთან გასაუბრება, მოსწავლეთა ნამუშევრების განხილვა, დიაგნოსტიკური ტესტირება და სხვა. შემდეგ კი აანალიზებს შეგროვილ მონაცემებს და გამოაქვს დასკვნა.

რა ქმედებები უნდა განვახორციელო პრობლემის გამოსასწორებლად?

პრობლემის გამომწვევის მიზეზის ცოდნა, როგორც აღვნიშნე, აადვილებს პრობლემის მოგვარებას. მასწავლებელი პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე დაყრდნობით გეგმავს და ახორციელებს გარკვეულ ნაბიჯებს, რომლებსაც ინტერვენციებს ვუწოდებთ. მასწავლებელი გონივრულად თავად განსაზღვრავს ინტერვენციების რაოდენობას, ჩატარების ინტენსივობასა და ხანგრძლივობას. პარალელურად აკვირდება ინტერვენციების ეფექტიანობას და ინიშნავს დღიურში.

როგორ შევაფასო, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ჩემ მიერ განხორციელებული ქმედებები?

მასწავლებელი აკვირდება ინტერვენციების განხორციელების პროცესს აკეთებს ჩანიშვნებს, აანალიზებს დაკვირვების შედეგებს და აფასებს. ინტერვენციების დასრულების შემდეგ რომელიმე ინსტრუმენტის გამოყენებით ამოწმებს ინტერვენციების შედეგიანობას. მნიშვნელოვანია, რომ შეფასებისთვის გამოყენებული კვლევის ინსტრუმენტი უკავშირდებოდეს საკვლევ შეკითხვასა და დიაგნოსტირების ფაზაში გამოყენებულ კვლევის ინსტრუმენტს.

სკოლის საჭიროებებისა და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მასწავლებლების უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს და ზემოთ აღწერილი ქმედითი ნაბიჯებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

 

 

 

 წლის მიზნად ქცეული ერთი გაკვეთილის თემა

0

სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მასწავლებელი მისი საგნისთვის განკუთვნილ ამა თუ იმ კლასის სტანდარტსა და სახელმძღვანელოებს გადახედავს ხოლმე, რათა სასწავლო გეგმის დაახლოებითი მონახაზი შეადგინოს. მერე კი იწყებს მის სიღრმისეულად დამუშავებას საგაკვეთილო პროცესისთვის. გეგმავს და ფიქრობს საინტერესო აქტივობებს, ეძებს საჭირო რესურსებს, რათა სტანდარტით განსაზღვრული შედეგები მარტივად მიღწევადი გახადოს მოსწავლეებისთვის.

თუ მოსწავლეები ისეთ ასაკში არიან, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მათში ახალ მკითხველს ეძებს, მაშინ წინამძღოლობისთვის და კარგი ფასილიტაციისთვისაც მზად უნდა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა პედაგოგი მოსწავლეებისთვის ავტორიტეტია, რადგან ეს ნდობას ზრდის და მათ კარგ მიმბაძველებად აქცევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი მასწავლებელი იყოს კარგი მკითხველის პირდაპირი მაგალითი და ამით გავუჩინოთ სურვილი ბავშვებს, თავადაც დაიწყონ საბავშვო ლიტერატურის კითხვა.

სასწავლო წლის დასაწყისში, როცა მესამე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს გადავხედე და გავეცანი, რა სასწავლო თემებს მოიცავდა იგი, აღმოვაჩინე, რომ მასში ერთ-ერთ საგაკვეთილო თემად შესულია ანტუან დე-სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცის“ ის ეპიზოდი, როცა უფლისწული რიგით მეხუთე, ვარსკვლავთმრიცხველის პლანეტას ეწვევა. ვისაც ეს წიგნი ერთხელ მაინც წაუკითხავს, დამეთანხმება, რომ მთელი ტექსტიდან მხოლოდ ამონარიდის წაკითხვა-დამუშავება იგივეა, ადამიანს გემრიელი ხის ნაყოფი გაასინჯო და თავად ნაყოფის დასაკრეფად ხეზე ასვლა აუკრძალო. ამიტომ სასწავლო წლის დასაწყისშივე გადავწყვიტე, რომ ეს ძალიან ძვირფასი ნაწარმოები, კლასში საკითხავ წიგნად შემერჩია. კალენდარულად გაწერილი თემატიკის მიხედვით მისი წაკითხვა, სავარაუდოდ, გაზაფხულის პერიოდში გვიწევდა. მანამდე კი მოსწავლეთა ინტერესებისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივება იყო საჭირო, რათა წიგნის კითხვას შესაბამისი მზაობით შეხვედროდნენ.

დასაწყისისთვის ვიზუალით გამოწვეული მოულოდნელობა ბევრად ეფექტურია, განსაკუთრებით ამ ასაკის მოსწავლეებისთვის. რადგან სასწავლო წლის პირველი დღე ყოველთვის და ყველასთვის დასამახსოვრებელია, მასწავლებელმა შეიძლება საკლასო ოთახში ან მის გარეთ გამოყოს სივრცე წიგნის შინაარსის დეტალების საილუსტრაციოდ. ეს სივრცე შეიძლება იყოს საკლასო ოთახის გარე კედელი, შემოსასვლელი კარი, ან სულაც ფანჯარა, რომელზეც აუცილებლად უნდა ჩანდეს:

  • წიგნისმიერი გარემო, თუ სად და რა პირობებში ხდება მოქმედება, შეიძლება ეს იყოს კოსმოსი, პლანეტები, უდაბნო, ვერტმფრენი, ვარსკვლავები და ა.შ.

 

  • ამ წიგნისმიერ გარემოში წინასწარ გამოსახეთ პერსონაჟები, რომლებსაც გაიცნობენ წიგნის კითხვის პროცესში. რადგან სწავლის დაწყების პირველი დღეა, საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი მათ ფოტო-კადრშიც მოხვდეს. ვვარაუდობ, წლების შემდეგ ამ გზით თავად წიგნი და მისი გმირებიც ყოველთვის შეახსენებენ თავს მოსწავლეს.
  • გამოიტანეთ მნიშვნელოვანი ციტატები, ფრაზები, რომლებსაც წაიკითხავენ და დაამახსოვრდებათ. შემდეგ კი მარტივად აღმოაჩენენ წიგნის კითხვის პროცესში და აღნიშვნაც არ გამოეპარებათ: „ეს ხომ ამ კედელზე/ფანჯარაზე წერია?“.
  • საგანგებოდ შეარჩიეთ და ხშირად გამოიყენეთ ისეთი ნივთები, როგორებიცაა, ფურცლების დამჭერი დაფა, ჩანთა, ბროში, საყურე ან სხვა დეტალი, რასაც მოსწავლე აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას და დაიმახსოვრებს. მეტიც, შეიძლება თავადაც ისურვოს მსგავსი ნივთების შეძენა.
  • როცა დრო დადგება და წიგნის კითხვას დაიწყებთ, შეეცადეთ ჯერ სახელმძღვანელოში მოცემული ამონარიდი წაიკითხოთ და დამუშაოთ სხვადასხვა საინტერესო მეთოდითა თუ სტრატეგიით, რის შემდეგაც მოსწავლე ბევრად მეტი ინტერესით ჩაებმება მთლიანად წიგნის კითხვის პროცესში. ამით მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ მასწავლებელმა კი არ უბიძგა მოსწავლეებს წიგნის სრულად წაკითხვისკენ, არამედ თავად მოსწავლეებმა მოინდომეს ასე. ეს მათ პასუხისმგებლობას გაზრდის წიგნის კითხვის პროცესში და დავალებებსაც მეტი ენთუზიაზმით შეასრულებენ.
  • თავად კითხვის პროცესის დროს აუცილებლად გამოიყენეთ ხმამაღლა ფიქრის მეთოდი. რადგან ისინი დამწყები მკითხველები არიან, ჯერ არ არიან მიჩვეულნი ასეთი სქელტანიანი წიგნების კითხვას. ამიტომ კარგი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს მასწავლებელი, რომელიც კითხვის პროცესში ხმამაღლა იწყებს ფიქრს იმის შესახებ, რა მოეწონა, რამ გააცინა, რამ გააბრაზა, რა გაახსენა ამა თუ იმ ეპიზოდმა, რომელ სიტყვებს მოაქცევდა საკუთარ ლექსიკონში, რომელ ფრაზასა და წინადადებას გამოიყენებდა ციტატებად და ა.შ.
  • წიგნის კითხვის პროცესში აუცილებელია, მათთან ერთად განიხილოთ თითოეული ილუსტრაცია, რადგან სხვა ყველა სიკეთესთან ერთად იგი გამორჩეულია იმით, რომ შეიცავს ავტორისეულ ნახატებს, რაც არცთუ ისე ხშირი შემთხვევაა ლიტერატურაში.
  • ბავშვებისთვის საინტერესო იქნება, თუ ერთ-ერთ დავალებად მისცემთ პეპისა და პატარა უფლისწულის შეხვედრა/დიალოგს, რადგან სახელმძღვანელოდან პეპი ახლად გაცნობილი პერსონაჟი იქნება და მათ შორის პარალელების ძიება, ძალიან საინტერესო პროცესად შეიძლება მიიჩნიონ ბავშვებმა. მუშაობის პროცესში აღმოაჩენთ, რა მარტივად გამოსდებენ კაუჭს იმ ფაქტს, რომ არცერთ პერსონაჟს არ სურს გაზრდა, რომ ბავშვები უფრო მარტივად უყურებენ ყველაფერს და რომ თავისუფალი აზროვნება ყველაზე დიდი მონაპოვარია კაცობრიობის.
  • წიგნის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენეთ ისეთი სახალისო თამაში, როგორიცაა „მხიარული ბანქო“.
  • მოსწავლეები გადაანაწილეთ 4-5 ბავშვიან ჯგუფებში;
  • თითოეულ ჯგუფს დაურიგეთ დანაწევრებული (ილუსტრაციებად და შესაბამის ტექსტებად დაყოფილი) ბანქო დაულაგებელი სახით და სთხოვეთ გააფერადონ;
  • გაფერადების შემდეგ წაიკითხონ ამონარიდები ტექსტიდან და შეუსაბამონ საკუთარ ილუსტრაციებს;
  • შემდეგ ნაბიჯად მოუწოდეთ, გაიხსენონ ტექსტის შინაარსის თანმიმდევრობა და მოცემული მასალა დაალაგონ სწორი სიუჟეტური განვითარებით;
  • ბოლოს კი სთხოვეთ, გადაიტანონ ამავე თანმიმდევრობით დიდი ზომის ფერად ფორმატებზე და გამოაკრან თვალსაჩინო ადგილას.

გაითვალისწინეთ, ამ თამაშს თუ ჯანსაღი შეჯიბრის სახეს მისცემთ, მოსწავლეები მეტი ენთუზიაზმითა და აზარტით მოახერხებენ ჩაბმას სამუშაო პროცესში. საჩუქრად კი შეჰპირდით, რომ აუცილებლად წაიყვანთ ამავე სახელწოდების სპექტაკლის სანახავად რუსთაველის თეატრში (რა თქმა უნდა, მშობელთა შეთანხმებითა და ჩართულობით). აქ კი ნამდვილად გაიხსენებენ წაკითხულ მასალას და დაუკავშირებენ წიგნიესმიერ ფაქტებსა და ეპიზოდებს სპექტაკლზე წარმოდგენილ სცენებს. ეს მოგცემთ საშუალებას, ხელოვნების კუთხითაც ერთგვარი შემეცნებითი გაკვეთილი დაგეგმოთ.

თუ მოხერხდა, ბავშვებისთვის დღეს კიდევ უფრო ბედნიერსა და დაუვიწყარს გახდის მსახიობების დასთან შეხვედრა, მათთან ფოტოსესია. ამგვარი ემოციური დასასრული აუცილებლად ღრმად ჩაებეჭდებათ ბავშვებს მეხსიერებაში და დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო მოგონებად ექცევათ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, წიგნი რომელიც პირველად მესამე კლასში წაიკითხეს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...