შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საუბრები მშობლებსა და მათ შეცდომებზე

ძვირფასო მკითხველებო! გაინტერესებთ, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები? ამ საჭირბოროტო საკითხზე საუბარს განვაგრძობთ დინ ბერნეტთან (Dean Burnett) ერთად. მისი წიგნი „რატომ ვერ ახერხებენ მშობლები შვილების გაგებას და რა მოვუხერხოთ ამ პრობლემას“ საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს. ავტორი ნეირობიოლოგია, კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური სკოლის ლექტორი, ბირმინგემის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული მეცნიერი თანამშრომელი, ბლოგერი, ექსპერტი, მსოფლიოს 25 ქვეყანაში გამოცემული ბესტსელერების ავტორი.

წიგნში თხრობა დინამიკურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. მეცნიერი პირდაპირ მიმართავს ბავშვებს და მოზარდებს, მას სურს, ახალგაზრდებმა წაიკითხონ მისი ნაშრომი, რათა უკეთ გაუგონ საკუთარ თავსა და უფროსებს.

 

მოდი, პირდაპირ დავიწყოთ საუბარი, ჩემი აზრით, ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, რომელსაც მშობლები უშვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მოზარდებს ძალიან ბევრი სძინავთ. რაღაც უცნაური ბრალდებაა, არა? არავინ წვება დასაძინებლად იმაზე ფიქრით, რომ, მაგალითად, 11 საათს იძინებს. ნებისმიერი ადამიანი იღვიძებს მას შემდეგ, რაც გამოიძინებს ან მაღვიძარა გააღვიძებს. უცნაურია, მაგრამ მშობლებს ამის გაგება რატომღაც არ სურთ. მათ მიაჩნიათ, რომ თუ შვილი ადრე დაწვება, ადრიანად გაიღვიძებს. სამწუხაროდ, არავინ იცის, როდის დაიღლება მოზარდი და როდის მოინდომებს დასაძინებლად დაწოლას. მშობლების შეცდომა ის არის, რომ მათ სურთ, აკონტროლონ შვილები როგორც სიფხიზლის, ისე ძილის დროს.

იყო მშობელი, ნიშნავს მრავალი წლის განმავლობაში თვალყური ადევნო, როგორ და რამდენი სძინავს შენს შვილის. ამაზე საუბრისას აუცილებელია ითქვას, რომ ძილის ჩვევები ასაკთან ერთად იცვლება. მოზარდები უფრო და უფრო გვიან იძინებენ, შედარებით მეტი სძინავთ და გვიან იღვიძებენ. ამ „პრობლემური სიტუაციის“ ახსნა მოზარდის თავის ტვინის აგებულების თავისებურებებში უნდა ვეძებოთ. სინამდვილეში მოზარდს გაცილებით მეტი ძილი სჭირდება, ვიდრე ბავშვს, უფროსებმა კი ეს არ იციან და ასეთ უბრალო საკითხზეც კი შვილებთან კონფლიქტი მოსდით. ძილის დროს თავის ტვინი კი არ ისვენებს (არადა სწორედ ასე ჰგონია ადამიანების უმრავლესობას, რადგან თავის ტვინის გარკვეული უბნები შედარებით მშვიდად „იქცევიან“), არამედ იმ საქმეს ასრულებს, რომლის შესრულება სიფხიზლეში ვერ ხერხდება. ძილისა და სიფხიზლის დროს თავის ტვინის აქტიურობა ერთნაირია, მაგრამ სხვადასხვანაირად ვლინდება.

ახლა ძილში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

  1. „ნაგვის გატანა“. თუ რეგულარულად არ მოხდა თავის ტვინიდან „ჭუჭყისა და ნაგვის“ გატანა, სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმიანობა წარმოუდგენელი გახდება. დასუფთავება კი ყველაზე უკეთ ძილის დროს მიმდინარეობს.
  2. ახალი ინფორმაციისა და მოგონებების დახასირსხება. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნებისმიერი ახალი მოგონება ან ინფორმაციის ფრაგმენტი, რომელიც თავის ტვინში ხვდება, ქმნის ახალ კავშირებს თავის ტვინის ნეირონულ უჯრედებს შორის. ეს ყველაფერი არ არის – ნეირონული კავშირები წესრიგში მოყვანას, დახარისხებას და დამუშავებას საჭიროებს. მოზარდებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, შეგიძლია, შენს სმარტფონში ნებისმიერი დანართი ან ფაილი ჩამოტვირთო, მაგრამ თუ ის ვერ მოერგო გაჯეტის ოპერაციულ სისტემას, მისგან ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებ. ის გადაიქცევა უსარგებლო ნაგვად, რომელიც ფუჭად იკავებს სმარტფონის მეხსიერებას, თანაც მისი მუშაობის ხარისხს აუარესებს. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის თავის ტვინსა და მეხსიერებაზე.

მშობლებს სურთ, შვილებმა დასაძინებლად „გონივრული დრო“ შეარჩიონ. თუმცა რას ნიშნავს „გონივრული დრო“, საკამათოა, რადგან უფროსების ბიოლოგიური საათი და მოზარდების ბიოლოგიური საათი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. უფროსები ცდილობენ, შვილებს თავიანთი საათის მიხედვით შეუდგინონ გრაფიკი, რაც იგივეა, რომ გამორთულ პრინტერზე მოინდომო რამის ამობეჭდვა. შეგიძლიათ იჩხუბოთ, გაბრაზდეთ, მაგრამ არაფერი გამოგივათ.

ძილის ხანგრძლივობას აკონტროლებენ ჰორმონები, ანუ მოზარდის სხეულის ასაკობრივი თავისებურებები. აქვე გეტყვით, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომ მოზარდების უცნაური ძილის რეჟიმი მათივე ინიციატივაა. უბრალოდ, მათ უყვართ გვიან დაძინება, რის გამოც დილით ადრიანად ვეღარ იღვიძებენ.

ეს თეორია ლოგიკურად ადვილად იხსნება: მთელი დღის განმავლობაში უფროსები აკონტროლებენ, რა და როგორ აკეთონ უმცროსებმა, სად წავიდნენ, რა ჭამონ, რამდენი იმეცადინონ და ა. შ. ჰოდა, ღამით, როდესაც მაკონტროლებლებს სძინავთ, მოზარდები თავად წყვეტენ, როდის დაიძინონ. თუ თავის ტვინის აქტივობის სტიმულირებაც მოხდა, მაგალითად, ვიდეოთამაშებით, ქიმიური ნივთიერებებით (კოფეინი, ენერგეტიკული სასმელები), შესაძლებელია ძილის ხელოვნურად გადავადება. მაგრამ ძილის მოთხოვნილება არსად წავა და როდესაც მოზარდს ჩაეძინება, ის დიდხანს იძინებს დანაკლისის ასანაზღაურებლად.

დიდი ხნის განმავლობაში გვიან დაძინება თანდათან ჩვევაში გადაეზრდება მოზარდს და მისი ბიოლოგიური საათი ასეთ რეჟიმზე გადაერთვება. უფროსები მოზარდების ასეთ ცვალებადობას ვიდეოთამაშებს, სოციალურ ქსელებს და ქიმიურ ნივთიერებებს აბრალებენ, მაგრამ სანამ ასეთი საცდურები დამკვიდრდებოდა, თავადაც ხომ არღვევდნენ თავიანთი მშობლების მიერ დაწესებულ რეჟიმს?

ვფიქრობ, არც მშობლებს და არც შვილებს არ მიაჩნიათ, რომ გამოძინება საჭირო არ არის. ორივე მხარე აცნობიერებს ძილის აუცილებლობას. სამწუხაროდ, მხარეები ვერ თანხმდებიან, როდის და რამდენი უნდა ეძინოთ მოზარდებს. უფროსები დარწმუნებული არიან, რომ ძილი აუცილებელია, მაგრამ ზედმეტი ძილი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თანაც სიზარმაცის მაჩვენებელია. ამიტომ მათ უწევთ ბრძოლა შვილების მავნე ჩვევების წინააღმდეგ. ეს იმას ჰგავს, რომ მარათონელს ეჩხუბო რბოლის შემდეგ გახშირებული სუნთქვის გამო. არავინ იცნობს მშობლების აღზრდის მეთოდებს შვილებზე უკეთ. მოზარდებმა იციან, რომ უფროსები საუკეთესო მიზნებით ხელმძღვანელობენ, როდესაც მათ ძილის რეჟიმს აკონტროლებენ. უბრალოდ, მშობლები აქამდე არ ფლობდნენ ამ ინფორმაციას.

მოზარდებო, რამდენიმე რჩევას მოგცემთ (რომლებიც მშობლებისთვისაც საინტერესო იქნება):

  1. აუცილებელია ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა. რაც უფრო მეტად დაიღლები, მით უფრო ადვილად დაგეძინება.
  2. ტელეფონი და ყველა გაჯეტი ძილის წინ უნდა გამორთო – შენ ხომ მათ გამო გიჭირს დროულად დაძინება. კვლევებმა აჩვენა, რომ ეკრანებიდან მომავალი ცისფერი ნათება ხელს უშლის ძილის ჰორმონის მელატონინის გამომუშავებას. დღეს უკვე ბევრ მოწყობილობას აქვს ფერის რეგულირების ფუნქცია, ამიტომ შეცვალე ეკრანის ფერი, თუ ეს შესაძლებელია. უკვე იცი, რომ გაჯეტები თავის ტვინის მუშაობას ააქტიურებს, ამიტომ გამორთე ისინი დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე, რომ თავის ტვინმა დასვენება მოასწროს. ეცადე, ტელეფონი საწოლიდან რაც შეიძლება შორს დადო, რომ თუ გაგეღვიძება, ხელახლა ჩაძინება არ გაგიჭირდეს.
  3. მოელაპარაკე მშობლებს, რომ თუ სკოლის დღეებში მოახერხებ ადრე დაძინებას და ადრე გაღვიძებას, სანაცვლოდ ისინი ნებას დაგრთავენ, შაბათ-კვირას გამოიძინო. აქვე შეგახსენებ, რომ შენი მშობლები, დიდი ალბათობით, ჩათვლიან, რომ გეხმარებიან. შენ ხომ არ მოგწონს, როდესაც გაკრიტიკებენ, განსაკუთრებით – იმის გამო, რასაც განზრახ კი არ აკეთებ, არამედ ასეა მოწყობილი შენი თავის ტვინი (ამაზე ბევრი ვისაუბრეთ). ჰოდა, არც უფროსებს მოსწონთ მათი მისამართით გაშვებული კრიტიკული შეფასებები. ყველაზე მეტად კი კრიტიკა მაშინ აწუხებთ ადამიანებს, როცა ისედაც ხვდებიან საკუთრ შეცდომას.
  4. თუ მაინც გვიანობამდე მოგიწია გაჯეტებთან ჯდომა, რამე სასარგებლო საქმე მაინც აკეთე, რომ უფროსებმა ძალიან აღარ გისაყვედურონ. მესმის, რომ ზედმეტი საქმის კეთება სულაც არ გხიბლავს, მაგრამ იფიქრე უფროსებზე და მათ საყვედურებზე, რომლებსაც დროებით მაინც გაერიდები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი