შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მედლის მეორე მხარე ანუ ასსიტყვიანმა ესეიმ რა ჰქმნა

უკვე მეექვსე წელია, რაც პირველკურსელ სტუდენტებს წერას ვასწავლი, შესაბამისად, მშვენიერი გამოცდილებაც დამიგროვდა. ჩემი პირველკურსელების ნაწერები საუკეთესო თვალსაჩინოებაა, თუ რას ვაკეთებთ და ვაფუჭებთ სკოლის პერიოდში, როდესაც მოსწავლეებს წერას ვასწავლით.

მრავალი საგულისხმო დეტალი ჩავინიშნე, რამდენიმეს მიზეზსაც მივხვდი, ზოგიერთი ჯერ ვერ გავშიფრე, თუმცა, ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი გამოცდილებაა.
ამ სტატიაში ერთ მნიშვნელოვან ნიშანსა თუ მოვლენაზე მინდა ვისაუბრო.

ერთ-ერთი მთავარი აზრობრივი თუ სტილისტური ხარვეზი, რაც თითქმის ყველა ნაწერს ახასიათებს, ზედმეტი, უფუნქციო სიტყვებია. მუშაობის პროცესში ასეთ სიტყვებს საპნის ბუშტები დავარქვით. ეს ისეთი სიტყვებია, რომელთა არსებობა თუ არარსებობა არაფერს ცვლის, ლუარსაბისა და დარეჯანის არ იყოს, მათი ყოფნა-არყოფნა არც არავის შეუმჩნევია, ეს სრულიად უფუნქციო სიტყვები წინადადების აზრსა და მნიშვნელობას არაფერს მატებენ, ხოლო სინტაქსს უფრო რთულს, მძიმეს, ჩახლართულს ხდიან.
ამ სიტყვა-ბუშტების როლში მეტყველების სხვადასხვა ნაწილები გვხვდება, ყველაზე ხშირად კი ნაცვალსახელები, კავშირები და ნაწილაკები, თუმცა არც უფუნქციო არსებითი და ზედსართავი სახელების ნაკლებობაა.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი! ამ უფუნქციო სიტყვების ერთ-ერთი მიზეზი ის დავალებებია, სადაც მოსწავლეებს ვთხოვთ, რომ ტექსტი განსაზღვრული რაოდენობის სიტყვების გამოყენებით შექმნან. ასეთ დავალებას მე პირობითად, ასსიტყვიან ესეის დავარქმევ და თქვენ შეგიძლიათ სიტყვების სხვა რაოდენობაც იგულისხმოთ და ტექსტის სხვა ჟანრიც.

მერე ჩემი „აღმოჩენა“ სტუდენტებს გავუზიარე და მათაც დამიდასტურეს. მითხრეს, რომ როდესაც თავიანთი არგუმენტირებული თუ ანალიტიკური ესე, ან სხვა ტიპის ტექსტი გარკვეული სიტყვების რაოდენობამდე უნდა შეავსონ, ხშირად შინაარსზე უფრო მეტ ყურადღებას სიტყვების რაოდენობას აქცევენ. ასეთ დროს გამოსავალი ხდება ნაცვალსახელის, ნაწილაკის, კავშირის, უფუნქციო სინონიმების, ტავტოლოგიების გამოყენება.

როგორ მოვიქცეთ?

არადა, როდესაც დავალების შესასრულებლად გარკვეულ პირობებს ვუყენებთ, როგორიცაა სიტყვების განსაზღვრული რაოდენობა, გარკვეული სამუშაო დრო და ა.შ, გვსურს, რომ რესურსებისა და დროის სწორად გამოყენების, მითითების მიხედვით მუშაობის, დაკვირვებისა და ყურადღების უნარი გამოვუმუშაოთ, მაგრამ გამოდის, რომ ამ ტიპის დავალების სიკეთესთან ერთად, ფუჭსიტყვაობასაც ვახალისებთ.
მოდით, ერთად ჩამოვაყალიბოთ ის წესები, რომელთა საშუალებითაც უფუნქციო სიტყვების გამოყენებას გავექცევით და ამავე დროს, არც დავალების იმ ტიპზე ვიტყვით უარს, რომელსაც ახლა ვსაუბრობთ.

1. მივცეთ მოსწავლეებს სიტყვების განსაზღვრული რაოდენობით შექმნილი დავალება, მაგრამ აქვე დავუზუსტოთ, რომ 10 სიტყვით ნაკლები ან მეტის გამოყენება, ხარვეზად არ ჩაითვლება.
2. ვასწავლოთ მოსწავლეებს ტექსტის წინასწარი ჩარჩოს შედგენა, სანამ წერას დაიწყებენ, კარგად განსაზღვრონ, რისი თქმა სურთ, ამ შემთხვევაში, უფუნქციო სიტყვების გამოყენებაც აღარ დასჭირდებათ.
3. ვასწავლოთ მოსწავლეებს ტექსტის სტრუქტურა, მაგალითისთვის, თუ დავალება შედგება ასი სიტყვისგან, ისე უნდა გაანაწილონ ეს ასი სიტყვა, რომ მისი ყველა ნაწილი: შესავალი, განვითარება, ძირითადი ნაწილი, დასკვნა -სრულყოფილი იყოს და თან, ყველა ნაწილისთვის თანაბრად გამოიყენონ სიტყვები.
4. აუცილებლად გავამახვილოთ ყურადღება წერის იმ უპირატესობაზე, რასაც ქართული ენა გვაძლევს, როგორიცაა ნაცვალსახელთა გამოყენების თავისუფლება, სიტყვათა რიგი და სხვა.
5. წინასწარ ჩამოვწეროთ ე.წ. „აკრძალული სიტყვების სია“, სადაც სწორედ უფუნქციო სიტყვებსა და კლიშედ ქცეულ ფრაზებს შევიტანთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი