კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

სელფი ლიფტის სარკეში

ერთ საღამოს მე და დედა სტუმრად ლამარა დეიდასთან წავედით. აქ ამბავში სულაც არ არის საინტერესო ის, თუ ვინ იყო ლამარა დეიდა, მთავარია, თეთრი პუდელი „ჟუჟიკო“ ჰყავდა, რომელზეც ვგიჟდებოდი. „ჟუჟაც“ იმავეს გრძნობდა, თუ არა ჩემ მიმართ, არ ვიცი. ის კი მახსოვს, სიამოვნებით ერთვებოდა ჩემთან ორთაბრძოლებში. მაშინ მეხუთე კლასელი ვიყავი. გრძელი და სქელი ნაწნავი მქონდა. ნაწნავს ჩემი ერთი კლასელი – გვარად  პირველი – ემტერებოდა. არც მე ვრჩებოდი ვალში და თუ მის საკმაოდ დიდი ზომის და გაფშეკილი ყურის ბიბილოს მოვიგდებდი ხელში, მანამდე არ ვუშვებდი ხელს, სანამ სუსტი ფხრიწინის ხმას არ გავიგონებდი. შემდეგ რა ბედი ეწია მას, არ ვიცი, ერთხელაც აღარ მომიკრავს თვალი და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება.

თუმცა, „ჟუჟასთან“ სტუმრობას დავუბრუნდეთ. მერვე სართულზე ცხოვრობდა და მე, როგორც დიდმა გოგომ (მეხუთეკლასელმა), დედას გამოვუცხადე, რომ ლიფტით მარტო თავად ავიდოდი. დედა ლიფტით არ სარგებლობდა, კლაუსტროფობია აწუხებდა და ყოველთვის ფეხით ამჯობინებდა სიარულს. სადღაც, მეექვსესა და მეშვიდეს შორის ლიფტი გაჩერდა… გაიჭედა…

  • აჰაჰაააა…, – ასეთი ხმები გაისმაო, შემდეგ იხსენებდა დედა.

ხმების ავტორი მე ვიყავი და უკანასკნელ ხმაზე მოთქმით ვღრიალებდი (სირცხვილი – დიდი, მეხუთეკლასელი, მეკადრებოდა?).

სანამ დედა ლამარას და ნოდარს, ანუ „ჟუჟას“ დედობილ-მამობილს მოუხმობდა, ბოლო ძალა მოვიკრიფე, პატარა ხელებით ლიფტის კარები გავწიე და ქვევით ჩავხტი. დიახ, სწორად მიხვდით, აცდენილი იყო სართულებს. ეს ღონე საიდან მომეცა, არ ვიცი, ეტყობა სასოწარკვეთისას მოვიდა. ლიფტში სარკეც იყო, მაგრამ შიგ ჩახედვა აზრადაც არ მომსვლია. მაშინ არც სელფის გადაღება იცოდნენ და მით უმეტეს, სად იყო მაშინ ან მობილურები, ან ციფრული ფოტო. სურათები ძველმოდური გზით იბეჭდებოდა.

პირველი ფოტო-სურათი 1826 წელს ფრანგ ჟოზეფ ნიეპსს გადაუღია. რაღაც სპეციალური კამერით შუქ-ჩრდილები ასფალტზე გამოსახა. სინათლის მოქმედებით ასფალტი გამყარდა. სინათლე სადაც ვერ მისწვდა, ის ადგილები ზეთით დაამუშავა. რვა საათი მოანდომა მუშაობას. „ხედი ჩემი ფანჯრიდან“ – ასე დაარქვა სურათს. ეს ნამუშევარი ვერცხლის გამოყენების გარეშე შეასრულა.

უფრო რთული იყო ფოტო-პორტრეტების შექმნა. კამერის წინ გაუნძრევლად სულ მცირე 10, 20 ან სულაც 40 წუთი უნდა მჯდარიყავი. ვერცხლი ფოტოგრაფიაში პირველად ინგლისელმა ტალბოტმა და ფრანგმა დაგერმა გამოიყენეს. ვერცხლის მარილებს სინათლის მიმართ მაღალი მგრძნობელობა აქვთ, ამიტომ პროცესს წუთები სჭირდებოდა.

ფოტოს გამჟღავნების პროცესში მთავარი სინათლე გახლდათ. სინათლე აინიციირებს ქიმიურ რეაქციას, მეტალური ვერცხლი მარილიდან გამოთავისუფლდება. იყენებდნენ ვერცხლის ქლორიდს, ბრომიდს ან იოდიდს. ამზადებდნენ ჟელეს, რომელშიც ჩამოთვლილი მარილებიდან რომელიღაცას წვრილი კრისტალების სახით ურევდნენ. სწორედ მათზე სინათლის დასხივებისას, ფოტოლიზის შედეგად მეტალური ვერცხლი წარმოიქმნებოდა. ფირზე დაფარული გამოსახულება მჟღავნდებოდა. პროცესის მაინიციირებელი რთული შედგენილობის ხსნარი იყო და შედგებოდა ნივთიერებებისგან, რომლებიც სინათლის მსგავსად მოქმედებდნენ, ანუ გამოყოფდნენ მეტალურ ვერცხლს.

ეს ხსნარი პირველ რიგში იმ უბნებზე მოქმედებს, რომლებზეც სინათლე მოხვდა. შედეგად, ვიღებთ ნათელ გამოსახულებას. თუმცა სურათის დამზადებისას მეორე ხსნარსაც იყენებდნენ, რომელსაც ფიქსატორი ეწოდებოდა. ის ფირიდან ვერცხლის მარილების იმ ნარჩენებს ჩამორეცხავდა, რომლებმაც გამოსახულების გამჟღავნებაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ფოტოების შესახებ სხვადასხვა მითქმა-მოთქმაც გავრცელდა.

მაგალითად…

როგორც კი ფოტოგრაფირება დახვეწეს, მაშინვე უცნაური მოდა შემოიღეს. ეს მოდა ვიქტორიანულ ეპოქას (ანუ, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას მეფობის დროს, 1837-1901) ეხება. ზემოთ აღწერილი პროცესიდან ნათელია, რომ ფოტოს გადაღება საკმაოდ შრომატევადი და ძვირი პროცესი იყო (თანამედროვე ფულზე ერთი სურათი 100-150 დოლარი ღირდა). ამიტომ, ადამიანების უმრავლესობას ფოტო-სურათი არ ჰქონდა. ჰოდა, თუ ვინმე შეძლებული ოჯახის წარმომადგენელი  გარდაიცვლებოდა, ოჯახის წევრები იწვევდნენ ფოტოგრაფს, რათა გარდაცვლილთან ერთად სამახსოვრო სურათი გადაეღოთ. ოღონდ, ისე, თითქოს ცოცხალი იყო. ამისთვის გარდაცვლილს ყველაზე საუკეთესო სამოსს აცმევდნენ, თვალებს უხელდნენ და სპეციალურ საყრდენზე მიყუდებულს ამაგრებდნენ. შესაბამისად, სრულიად ცოცხალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ან… მეორე ვერსია

ამ სურათებზე სულაც არ იყვნენ გარდაცვლილები. ფოტოებიც გაიაფდა და ვინც კი ცოტას მაინც მუშაობდა, ფოტოს გადასაღები ფული ყველას ჰქონდა. დიახ, სურათებზე ყველა ისეთი დამწუხრებული და სერიოზულია, როგორც მიცვალებული. თუმცა ამის მიზეზი ის იყო, რომ, ჯერ ერთი, რამდენიმე წუთი გაუნძრევლად უნდა გეცქირა კამერისთვის და გაღიმებულ-გაკრეჭილი ყურება რთული იყო; მეორე კიდევ, ალბათ ეტიკეტი მოითხოვდა სიცივეს და სერიოზულობას. საყრდენი სამფეხებიც ჩანს სურათებზე და ამასაც თავისი ახსნა აქვს – ეყუდებოდნენ ბატონო, რომ ის წუთები, რომელთა დროსაც კამერაში უნდა ეცქირათ, წონასწორობა არ დაეკარგათ. ჰო, კიდევ კითხვის ნიშნები დედის მკლავებზე გადაწოლილი უმწეო ჩვილების სურათებზე რჩება. ზოგი ამბობდა, ეს ჩვილები გარდაიცვალნენო, ზოგიც იმას ამტკიცებს, ოპიუმგარეული სპეციალური სიროფი აქვთ მიღებული, რომ სურათის გადაღებისას არ „ეჭინჭყლათო“.

ახლა, ჯერი ჩვენზეა, რომელ ვერსიას დავიჯერებთ.

გადამავიწყდა, ამ სურათებისკენ საიდან გადმოვუხვიე.

თქვენ ხომ გახსოვთ, რომ მეხუთე კლასელი ვარ და ლამარა დეიდას თეთრ პუდელ „ჟუჟასთან“ მივდივარ სტუმრად. ლიფტში რომ გავიჭედე და თავადვე რომ გავდღლიზე კარები, ესეც ხომ არ დაგავიწყდათ? იმ ლიფტში სარკე იყო, მაგრამ შიგ ჩახედვა აზრად არ მომსვლია. ჰოდა, ვერცხლს სურათების გამჟღავნების გარდა, სარკეების, თერმოსებისა და ნაძვის ხის სათამაშოების დასამზადებლადაც იყენებდნენ/იყენებენ. ეს ვერცხლის იონის თვისებითი რეაქცია გახლავთ და „ვერცხლის სარკის რეაქციას“ უწოდებენ.

კოლბაში ჩაასხით ვერცხლის (I) ოქსიდის ამიაკური და
გლუკოზის ხსნარები, წინასწარ გაცხელებულ წყლიან ჭიქაში მოათავსეთ. სულ მალე
კოლბის კედლებზე ვერცხლის გამოლექვა დაიწყება. ეს „ვერცხლის სარკის” რეაქციაა.

ზოგადად, ქიმიური თვალსაზრისით ვერცხლი საკმაოდ ინერტულია. ამიტომ, აქტიური ლითონები და წყალბადი იოლად აძევებენ ნაერთებიდან:

2AgNO3+Mg=2Ag+Mg(NO3)2;

2AgNO3+H2=2Ag+2HNO3.

სინათლისა და სინესტრის პირობებში ვერცხლს ჰალოგენები ადვილად უერთდებიან ვერცხლის ჰალოგენიდების წარმოქმნით, მაგ. 2Ag+Cl2=2AgCl.

ვერცხლის ქლორიდი, ისევე როგორც ბრომიდი და იოდიდი, წყალში უხსნადია და თითოეული მათგანი ამიაკსა და ციანიდებში იხსნება.

როგორ გავიგოთ ვერცხლის ნაკეთობა მართლაც ვერცხლია, თუ მოვტყუვდით?

გვჭირდება განზავებული, დაახლოებით 60-იანი აზოტმჟავა, რომელსაც მინის პიპეტით ავიღებთ და ვერცხლის ნაკეთობას დავაწვეთებთ (ისეთ ადგილას, რომელიც ნაკეთობის ტარებისას არ გამოჩნდება). მაშინვე, დავაწვეთებთ კალიუმის ბიქრომატის ნაჯერ ხსნარსაც. თუ ნამდვილად ვერცხლთან გვაქვს საქმე, ჯერ წარმოიქმნება ვერცხლის ნიტრატი, რომელიც შევა რეაქციაში კალიუმის ბიქრომატთან წითელი ფერის კომპლექსური მარილის წარმოქმნით, ანუ, ნაკეთობის დამუშავებული ადგილი გაწითლდება.

ყველაზე დიდი თვითნაბადი ვერცხლი კანადაშია ნაპოვნი. მას „ვერცხლის ქვაფენილი“ უწოდეს, რადგან სიგრძით 30 მეტრი იყო. მისგან 20ტ. სუფთა ვერცხლი გამოადნეს.

სუფთა ვერცხლი შავდება. თუმცა, სახლში გაწმენდა შესაძლებელია.

მეთოდი #1. გვჭირდება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და ამიაკის წყალხსნარი, იგივე ნიშადურის სპირტი. შევურიოთ ერთმანეთს, ჩავდოთ შიგნით ნაკეთობა, დავაყოვნოთ მაქსიმუმ ნახევარი საათით და შემდეგ რბილი ღრუბლით გავწმინდოთ.

მეთოდი #2. გვჭირდება ალუმინის ფოლგა ან ალუმინის ფორმა. დავამატოთ ნატრიუმის კარბონატი, იგივე საცხობი სოდა, დავამატოთ ცხელი წყალი და ჩავაწყოთ ვერცხლის ნაკეთობები. შემდეგ, კვლავ ღრუბლით გავხეხოთ.

იმ შორეულ დროს, როდესაც ჟოზეფ ნიეპსმა თავისი აივნის ხედის ფოტო გადაიღო, რით წმენდდნენ სასახლეებში სარკეების ვერცხლის დეტალებს, არ ვიცი. თუმცა, დარწმუნებული ვარ შიგ ხშირად იცქირებოდნენ და საკუთარ თავს აფასებდნენ.

დღეს სარკეში მეც ვიყურები, ლიფტის სარკეშიც კი… თუმცა, სარკეში სელფებს არ ვიღებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი