სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

9 აპრილი და სირცხვილი

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღიდან მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში ორ ურთიერთსაპირისპირო ემოციას იწვევს. საზოგადოება განსაკუთრებული გულისტკივილით იხსენებს საბჭოთა რეჟიმის მიერ მშვიდობიან დემონსტრაციაზე დახოცილ თავგანწირულ ახალგაზრდებს. თუმცა ხალხს ტრაგედიასთან ერთად ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ტრიუმფი და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენით გამოწვეული სიხარულიც არ ავიწყდება. სხვებისგან არც თავად გამოვირჩევი. ჩემთვისაც ფასდაუდებელია ის გმირობა, რომელიც თავისუფალმა ადამიანებმა ჩაიდინეს და სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი ჩვენს ისტორიაში. მეც მიხარია, რომ, სამოცდაათწლიანი ოკუპაციის მიუხედავად, საქართველომ თავი დააღწია ბოლშევიკურ უღელს. მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი, ამგვარ შეფასებებს არ უნდა დავჯერდეთ, კიდევ რამდენიმე კითხვას უნდა გავცეთ გულწრფელი პასუხი.

9 აპრილის დემონსტრაციაში მონაწილეობა არ მიმიღია, ვერც რეფერენდუმზე მივეცი ხმა საქართველოს თავისუფლებას. მე უფრო გვიან, დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე. შესაბამისად, არ მაქვს პრეტენზია, ამომწურავად და ყოვლისმომცველად შევაფასო გაზაფხულის ამ განსაკუთრებულ დღესთან დაკავშირებული მოვლენები. უბრალოდ, აპრილის ქარტეხილებზე ფიქრის დროს ერთი საშინელი გრძნობა არ მაძლევს მოსვენებას: ხშირად მრცხვენია დაღუპული ადამიანების გამო. ჩემს სირცხვილს ორი საშინელი ეჭვი განაპირობებს.

შეიძლებოდა თუ არა ქუჩაში გამოსული პროტესტანტების გადარჩენა?

საბჭოთა კავშირმა არსებობის უკანასკნელ დღეებში მასობრივი დარბევა სხვა ქვეყნებშიც მოაწყო. დემონსტრანტებს გაუსწორდნენ აზერბაიჯანსა და ლიტვაში. სისხლისღვრამ საბოლოოდ ამხილა რეჟიმი და განაჩენი გამოუტანა მას. დარბევების შემდეგ ამბოხებულ რესპუბლიკებში დრომოჭმულმა კომუნისტურმა ნომენკლატურამ დაკარგა ძალაუფლების მნიშვნელოვანი ბერკეტები და ჯერ კიდევ შემორჩენილი ავტორიტეტი. ტრაგედიებმა ერები გააერთიანა და წინააღმდეგობის მოძრაობები კონსოლიდაციის ახალ საფეხურზე აიყვანა. ეს ყველაფერი გასაგებია. თუმცა საქართველოში 9 აპრილსაც ხომ ყველამ ყველაფერი იცოდა. მოსალოდნელი ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ეროვნული მოძრაობის ლიდერებსაც, პარტიის ცენტრალურ კომიტეტსაც და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც. საქმე „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკასთან“ გვქონდა. დარწმუნებული ვარ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უფრო ხანგრძლივი და გონივრული გზების გამონახვაც შესაძლებელი იყო. ცხადია, ხანგრძლივ და მშვიდობიან წინააღმდეგობას მეტი დრო, ენერგია, ფიქრი და შრომა დასჭირდებოდა. ბუნებრივია, განსხვავებული სტრატეგიის სრულყოფილად განხორციელების საკითხიც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩენილიყო, მაგრამ ეს არ იქნებოდა ნიჩბით და ქამრით ტანკის გაჩერების სპონტანური და ემოციური მცდელობა. ალტერნატიული გეგმის არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა ერთით მეტი ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა გადაგვერჩინა.

ამასთანავე, ჩემს აღშფოთებას დღემდე იწვევს ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელი თავიანთი ძალაუფლება, საზოგადოებრივი მდგომარეობა და ქონება სხვათა სიცოცხლის გადარჩენაზე პასუხისმგებლობის შეგნებული გაუცნობიერებლობით მოიპოვეს, დღეს კი ამაყად დგანან მემორიალის წინ და რუსთაველის გამზირზე ტიტების დაწყობის დროს შარშან ნათქვამ სიტყვებს ხელახლა იმეორებენ.

დაღუპული ახალგაზრდების წინაშე ჩემს სირცხვილს კიდევ ერთი მიზეზი განაპირობებს. ჩვენ ვერსად გავექცევით პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოში დღეს შექმნილი ვითარების გამო გვეკისრება. თავს დავდებ, რომ პარლამენტის შენობის წინ უმოწყალოდ დახოცილი და მოწამლული ადამიანები სხვა საქართველოსთვის იბრძოდნენ. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი გმირობიდან ოცდაათი თვის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, სამოქალაქო ომს კი კიდევ ერთი დაუნდობელი სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვებოდა აფხაზეთში.

მოახერხა თუ არა 9 აპრილმა საბჭოთა პარტიული ელიტის დამარცხება? ბოლშევიკური პარტიის ნომენკლატურა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ძალიან მალე დაბრუნდა ხელისუფლებაში და უფრო გაძლიერდა. სხვების სიცოცხლის ხარჯზე „აპარატჩიკებმა“ განუზომელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოახერხეს – ადრე მათ კერძო საკუთრება არ ჰქონიათ, 90-იან წლებში კი კორუმპირებულ ნეოლიბერალებად და ნაციონალისტებად ქცეულმა კომუნისტებმა თუ მათმა შთამომავლებმა უკვე ხელშეუხებელი, სიწმინდედ გამოცხადებული კაპიტალიც დააგროვეს. გავაგრძელო? ჩამოვთვალო დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ჩვენს თავს გადამხდარი სხვა უბედურებები?

მოკლედ, თავისუფალი რესპუბლიკის ნაცვლად 9 აპრილს დაღუპულმა გმირებმა და მათთან ერთად – ჩვენ, ყველამ, მივიღეთ უცვლელი საბჭოთა ელიტა, დროშა, ჰიმნი და კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური უფლებები.

საბჭოთა კავშირის დროს გვქონდა კეთილდღეობა პოლიტიკური თავისუფლების გარეშე, პოსტსაბჭოთა საქართველოში კი გვაქვს პოლიტიკური თავისუფლება (რომელსაც წარსულში ხშირად გვიზღუდავდნენ) კეთილდღეობის გარეშე. სოციალურ დაცვასა და უსაფრთხოებას სიტყვის, გამოხატვისა და სინდისის თავისუფლების გარეშე ფასი ეკარგება. არც მშიერ, ღარიბ და უმუშევარ ან შრომის დროს სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს სჭირდება დიდად გაზეთში საპროტესტო განცხადების გამოქვეყნების ფასიანი პრივილეგია. „ფაბიანური საზოგადოების“ დამფუძნებელს, სერ ბერნარდ შოუს, არ სჯეროდა, რომ ხიდის ქვეშ მცხოვრები და სასახლეებში გამოკეტილი ადამიანები კანონის წინაშე თანასწორნი იყვნენ. არც მე მჯერა ამ ზღაპრის. ოდნავ სხვა კონტექსტში კი დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ჰერბერტ მარკუზე წერდა: „უფლებები და თავისუფლებები, რომლებსაც ინდუსტრიული საზოგადოების განვითარების საწყისი ეტაპისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, დღეს ნელ-ნელა უჩინარდება – კარგავს ტრადიციულ შინაარსს. აზრის, სიტყვისა და სინდისის თავისუფლება წარმოადგენდა არსებითად კრიტიკულ იდეებს, განკუთვნილს იმისთვის, რომ ჩაენაცვლებინა მოძველებული კულტურა უფრო მეტად რაციონალურით. დღეს მათ ჩანაცვლების უნარი აღარ შესწევთ“.

ჩვენი დღევანდელი ყოფა, სიღარიბე, უთანასწორობა, ჩაგვრის ახალი ფორმების განვითარება და ეკონომიკური ჩამორჩენა 9 აპრილს დაღუპული ადამიანების შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი, ამიტომაც მრცხვენია ხოლმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“