ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

დავიწყების უპირატესობანი

„რაღაც ქარაფშუტულად ვგრძნობ თავს, პეპივითო“,- ამოიოხრა. ავდექი და მაგრად ვუჩქმიტე. მეწყინა.

სინამდვილეში, კარლსონივით თითქმის სახურავზე ცხოვრობს, პატარა პრინცივით ოქროსფერი თმა აქვს და დინ მორიარტივით სულ გზაზეა გამოკიდებული. ერთი ნაკლი აქვს, წინასწარ ყველაფერზე ისე ნერვიულობს, თითქოს წვრილმანები მისი ცხოვრების ერთი ხელისმოსმით დანგრევის ზებუნებრივ ძალას ფლობდნენ. რა იცის, რომ ყველა ზებუნებრივ ძალას თავად ჩვენ ვფლობთ და საერთოდაც, პატარ- პატარა ღმერთები ვართ. პეპი კი ქარაფშუტა მხოლოდ იმის გამოა, რომ არც სკოლაში დადის, მაჭკატებს რაღაც ძალიან არაპრაქტიკული მეთოდით აცხობს, ფულისადმი არაყაირათიანი დამოკიდებულებით გამოირჩევა და ძაღლის ნაცვლად მაიმუნი, სახელად მისტერ ნილსონი ჰყავს. მიუხედავად ამ სულელური სტერეოტპებისა, იოჰანი ჩემი მეგობარია.

საერთოდაც, ჩემი ერთმანეთისგან განსხვავებული მეგობრები განსაკუთრებით მე არ მგვანან. მაგრამ ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს: ვაკეთებთ იმას, რაც ძალიან გვინდა. ვაკეთებთ მხოლოდ ამას და მეტს არაფერს. მაგრამ სანამ ამას მივხვდებოდით, სანამ ჩვენი სურვილები ჩვენთვისვე ცხადი გახდებოდა, მანამდე ყველაზე საინტერესო, ყველაზე გრძელი და ხიფათიანი გზა გავიარეთ:  ასე შეუცნობელი, ასე იდუმალი, ასეთი მნიშვნელოვანი და მშვენიერი თავების შეცნობის  რთული, თავგადასავლებით აღსავსე წლები.

სკოლაში, ზამთრულ ცივ, გაყინულ კლასებში მოკუნტულები, უარაფროები, სამი ზომით დიდ, გაცვეთილ ტანსაცმელში შეხვეულები, ლიდერები და არალიდერები ან ასე: ლიდერები და მსხვერპლები მაინც კეთილ ამბებზე ვფიქრობდით. საკუთარი თავის გამორკვევა ყველაზე კეთილი საქმეა და იმიტომ. სიცივით და სიღარიბით, ოჯახური თუ შიდა, სასკოლო კონფლიქტებით დამძიმებულები ჩვენს ძვირფას თავებზე ვფიქრობდით და მხოლოდ მაშინ, როცა შენი თავის შესახებ უფრო მეტის გაგებას მოინდომებ, სხვებსა და სხვების სურვილებზე ფიქრსაც იწყებ. ხვდები:

არაფერია ადამიანებზე მნიშვნელოვანი.

არაფერია მათ სურვილებზე მნიშვნელოვანი.

არაფერია მათ უსასრულო ზრდაზე მნიშვნელოვანი.

ერთი სიტყვით, დიდი მოგზაურობა საკუთარი თავებიდან იწყება. და, რა თქმა უნდა- პრობლემებიც, რომლებიც ხშირად დიდ მნიშვნელობასაც იძენენ. პრობლემები, რომლებიც დიდებსაც ისევე გვაქვს, როგორც- ბავშვებს.

მაშინ, როცა მშობლები ბინას ეძებენ და ოთახების რაოდენობაზე, ადგილმდებარეობაზე, რემონტსა და კეთილმოწყობაზე საუბრობენ, პატარები გულგახეთქილები ფიქრობენ, რამდენი დრო დაჭირდება ავეჯის გადაზიდვას ახალ სახლში, ან საერთოდაც, ამხელა კარადებს ვინ გადაათრევს, კარადები ტანსაცმელებივით ხომ არ დაპატარავდებიან. ან ეს სარკე, ძველი, ჩვენს გამოსახულებებს ნაჩვევი სარკე რომ დაზიანდეს. ვაითუ, ახალ სახლში ჭრაჭუნა იატაკი არ დახვდეთ, ეს ხომ ერთგვარი თავდაცვაა- ღამით მხოლოდ იატაკის აჭრაჭუნებისას თუ მიხვდები, რომ საფრთხე რომელიღაც სულელი მოჩვენების სახით გიახლოვდება, რომელიც რომელიღაც სულელური ფილმიდან პირდაპირ ჩვენს ოთახში გადმოვიდა. ნუ, იმედია, საცხოვრებლად- არა. ან განიცდიან მამის მივლინებას უცხო ქვეყანაში, იმ ქვეყანაში, სადაც სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ. ვაითუ, მამა დაიკარგოს. ვაითუ.

ბავშვები ათას რამეზე ფიქრობენ და დარდობენ. ისინი არც ისე პრაქტიკულები არიან, როგორც დიდები და მათი წარმოსახვაც საყოფაცხოვრებო დეტალებს ცოტათი მაგიურ ელფერს აძლევს.

მე, სამწუხაროდ, მსგავსი დიდური უნარები არ განმივითარდა. ამბობენ, ვერ გავიზარდე, რადგან დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ წავალ ჩინეთში სამოგზაუროდ, ჩინური თუ არ ვიცი. მერე მახსენდება  რომ, როგორც წესი, იქაც ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ინგლისურადაც ლაპარაკობენ. მერე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რა უნდა ქნას მან, ვინც არც ინგლისური იცის და არც ჩინური, მაგრამ ძალიან, არანორმალურად უნდა ჩინეთში გამგზავრება. პირდაპირ გიჟდება ჩინეთზე. უფრო მერე მეცინება და მახსენდება ერთი აზიელი ტურისტი დიუსელდორფის მთავარ სადგურზე, რომელიც ვერცერთ ენაზე ვერ ლაპარაკობდა მშობლიურის გარდა და მე კი ზუსტად ოთხ ენაზე ვუხსნიდი, როგორ მიეღწია სასურველ ტრანსპორტამდე. იმას კი ხელში მშვიდად ეჭირა მისამართი, ლათინურად ამოწერილი, როგორც იმედი, როგორც გზა, რომელიც აუცილებლად მიიყვანდა დანიშნულების ადგილამდე და იმეორებდა: „Tram, Tram”.

ცოტათი გავიზარდე, ცოტათი ვერ. იოჰანიც ცოტა გაიზარდა, ცოტა- ვერ. ამას შეუძლია ინერვიულოს, როგორ დაავიწყდა საწვიმარის წაღება წვიმიან ლონდონში და მხედველობიდან გამორჩეს ის ჭეშმარიტება, რომ ბრიტანული საწვიმარებიც ზუსტად იმავე ფუნქციას ასრულებს, როგორსაც- მშობლიურ გერმანული.

მე შემიძლია, დილიდან ჩემი შესასრულებელი მოქმედებების ჯაჭვს ვითვლიდე, კბილების გაწმენდიდან საუზმემდე ყველა, სულ ყველა, ერთი ბეწო ქმედებასაც კი. მერე  მიკვირდეს, როგორ ჩამითრია ამ სულელურმა, დიდურმა რუტინამ.

ერთი წამით მაინც რომ დავფიქრებულიყავი, რა მარტივი რამეა ტვინის გათიშვა, რომ ცხოვრება რუტინად და პრობლემების ჯაჭვად არ იქცეს, სულ ერთი წამით ეს რომ გამეკეთებინა, უფრო მეტი დრო მექნებოდა, დავმტკბარიყავი სისხამი დილის ფერებითა და სურნელით, ფანჯარა ფართოდ გამომეღო და ნამძინარევი სხეულით მეგრძნო ადრეული გაზაფხულის სუსხი.

დიახ, ჩვენ ყველანი საკუთარი თავებისა და საკუთარი ცხოვრების მართვის ზებუნებრივ ძალას ვფლობთ. მაგრამ ხშირად კი გვავიწყდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი