სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

გეოგრაფიული რეკორდები (I ნაწილი – ჰიდროსფერო)

I ნაწილი – ჰიდროსფერო

რეკორდსმენები მხოლოდ სპორტს როდი ჰყავს; ისინი გეოგრაფიაშიც მრავლად არიან. გეოგრაფიულ “რეკორდებში” წარმოდგენილია ისეთი გეოგრაფიული ობიექტი ან მოვლენა, რომელიც თავისი მასშტაბურობით, განუმეორებლობით გამოირჩევა.

ოკეანეთაგან ყველაზე დიდია წყნარი ოკეანე, რომლის ფართობი 180 მლნ კვ. კმ-ია. მის ტერიტორიაზე თავისუფლად დაეტეოდა ყველა კონტინენტი და დამატებით კიდევ ერთი აფრიკა. ბუნებრივია, ასეთ დიდ სივრცეზე ყველაზე მაღალი ტალღებიც წარმოიქმნება. 1972 წლის გაზაფხულზე, შტორმისას, წყნარ ოკენეში 34 მ-ზე მეტი სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა, რომელთა გავრცელების სიჩქარე 138 კმ/სთ-ს აღწევდა. რაც შეეხება მიწისძვრების შედეგად წარმოქმნილ ტალღებს – ცუნამის, მათი სიმაღლე კიდევ უფრო მეტია. 1771 წლის 24 აპრილს, მიწისძვრის შემდეგ, იაპონიის კუნძულ ისიგაკისთან (რიუკიუს არქიპელაგი) ტალღამ რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია, ხოლო მისი სიჩქარე 700 კმ/სთ იყო.

წყნარ ოკეანეში ყველაზე შფოთიანია სამხრეთ განედებზე – ე.წ. “ღრიალა ორმოციანსა” და “ცოფიან ორმოცდაათიანს” შორის მდებარე სივრცე. ყველაზე წყნარი კი ოკეანე კუნძულ იავის რაიონშია – წელიწადში მხოლოდ 10-12-ჯერ ბობოქრობს და ძლიერი შტორმი საკმაოდ იშვიათია.

წყნარი ოკეანე ყველაზე ღრმაც არის. მისი საშუალო სიღრმე 4280 მ-ია. მსოფლიო ოკეანეში 19 ღრმულია, რომელთა სიღრმე 7000 მ-ზე მეტია. 15 მათგანი წყნარ ოკეანეში მდებარეობს, 3 – ატლანტის, ხოლო 1 – ინდოეთის ოკეანეში.

დედამიწაზე ყველაზე ღრმა ადგილია წყნარ ოკეანეში მდებარე მარიანის ღრმული – 11034 მ. იგი 1500 კმ სიგრძის წყალქვეშა ხეობას წარმოადგენს. 1960 წელს მარიანის ღრმულში ბატისკაფ “ტრიესტით” ექსპედიცია ჩავიდა, რომელსაც შვეიცარიელი მეცნიერი პიკარი ხელმძღვანელობდა. ექსპედიციამ დაადგინა, რომ ღრმულში წყლის წნევაა 1183 კმ/კვ.მ-ზე, ხოლო ტემპერატურა – 3 გრადუსი.

ყველაზე დიდი მიქცევა-მოქცევის ტალღები ფანდის ყურეში (ჩრდ. ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო, კანადა) იცის. მათი სიმაღლე 18 მეტრს – დაახლოებით ექვსსართულიანი სახლის სიმაღლეს – აღწევს. დღე-ღამეში ორჯერ ამ ტალღებს მოაქვთ და უკანვე მიაქვთ 100 მლრდ ტონა წყალი. 1983 წელს ამ ყურეში მიქცევა-მოქცევის ელექტროსადგური ააშენეს.

როგორც ცნობილია, მიქცევა-მოქცევის ტალღების წარმოშობის მიზეზი მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალაა.

ფანდის ყურის სიგრძე დაახლოებით 300 კილომეტრია, სიგანე – 90 კმ, საშუალო სიღრმე – 214 მ. ყურის გარშემო არსებული ყველაზე დიდი პორტია სენტ-ჯონი (ნიუ-ბრანსუიკი).

ოკეანურ დინებებს ხშირად “ოკეანის მდინარეებსაც” უწოდებენ. ისინი მსოფლიო ოკეანის უზარმაზარ სივრცეზე სხვადასხვა მიმართულებით მიედინება. ცივი და თბილი ოკეანური დინებები გავლენას ახდენს არა მარტო ცალკეული კონტინენტებისა და ქვეყნების, არამედ მთელი ჩვენი პლანეტის კლიმატის ფორმირებაზე, ამიტომ თბილ დინებებს ზოგჯერ “დედამიწის გათბობის მილებსაც” უწოდებენ. ისინი არასდროს შრება, თვით ხანგრძლივი და დიდი გვალვების პერიოდშიც კი, და არასდროს გადმოდის ნაპირებიდან.

არცთუ დიდი ხნის წინ ყველაზე დიდ ოკეანურ დინებად გოლფსტრიმი ითვლებოდა. მას თავის “გაგრძელებასთან” – ჩრდილოატლანტიკურ დინებასთან ერთად მოაქვს თბილი სუბეკვატორული წყლები ჩრდილოეთ ევროპის ნაპირებთან და კოლის ნახევარკუნძულთანაც კი, ამიტომ მან “ევროპის ღუმლის” სახელწოდება მიიღო. სწორედ გოლფსტრიმის წყალობით არის ევროპის სანაპირო უფრო თბილი, ვიდრე ამავე განედებზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო, სადაც ეს დინება სანაპიროდან საკმაოდ დაშორებულია. გოლფსტრიმის დინება მაქსიმალურ სიგანეს, 640 კმ-ს, კ. ნიუფაუნდლენდთან აღწევს. მისი საშუალო სიღრმე 320 მ-ია. დედამიწის ყველა მდინარეს ერთად 22-ჯერ ნაკლები წყალი ჩააქვს მსოფლიო ოკეანეში, ვიდრე მხოლოდ გოლფსტრიმს.

და მაინც, ცოტა ხნის წინ გოლფსტრიმს “ჩემპიონის” ტიტული ჩამოერთვა: რუსმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი ოკეანური დინება ანტარქტიკული, ანუ დასავლეთ ქარების დინებაა, რომელიც გარს უვლის ანტარქტიკას. მისი სიგრძე 30 ათასი კმ-ია, სიგანე – 1000 კმ, ხოლო სიღრმე 2 კმ-დან 4,5 კმ-მდე იცვლება. დინების სიჩქარე ზემო დინებაში 3,5 კმ/სთ-ის ტოლია. ყოველ წამს ანტარქტიკულ დინებას 240 მლნ კუბ. კმ-ზე მეტი წყალი გადააქვს. ეს დინება ციკლონების, ანტიციკლონებისა და ატმოსფერული ნალექების წარმოქმნის მნიშვნელოვანი წყაროა. იგი უდიდეს როლს ასრულებს ამინდის ჩამოყალიბების პროცესში, როგორც სამხრეთ ნახევარსფეროში, ისე მთელ დედამიწაზე.

ყველაზე სწრაფი დინებაა ნაკვატო რაპიდსი წყნარ ოკეანეში, კანადის პროვინციის, ბრიტანული კოლუმბიის ნაპირებთან. მისი სიჩქარეა 29,6 კმ/სთ.

ზღვებს შორის ფართობის მიხედვით აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს სარგასოს ზღვა იმსახურებს, რომელიც ატლანტის ოკეანის ცენტრში მდებარეობს. მისი ფართობი 4-დან 8,5 მლნ კვ. კმ-მდე მერყეობს, რაც მისი ნაპირების არასტაბილურობითაა გამოწვეული. ჩვეულებრივ ზღვებს შორის ჩემპიონია ფილიპინის ზღვა, რომელიც აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წყნარ ოკეანეში მდებარეობს. მისი ფართობი 5,7 მლნ კვ. კმ-ია. ფილიპინის ზღვას საკმაოდ კომპლექსური და განსხვავებული წყალქვეშა რელიეფი აქვს. მისი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ იგი ყველაზე ღრმა ზღვაცაა. აქ მდებარეობს ზღვის ღრმა ღარი, რომელიც მოიცავს ფილიპინისა და მარიანის ღარებს. ეს უკანასკნელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პლანეტის უღრმესი წერტილია.

ზღვებს შორის ყველაზე პატარაა მარმარილოს ზღვა ბალკანეთისა და მცირე აზიის ნახევარკუნძულებს შორის. მისი ფართობი 11,5 ათასი კვ.კმ-ია.

ხმელეთში ყველაზე ღრმად არის შეჭრილი აზოვის ზღვა. ამავე დროს, იგი ყველაზე წყალმარჩხი ზღვაცაა დედამიწაზე. მისი საშუალო სიღრმე 7 მ-ია, ხოლო მაქსიმალური – 13 მ (დაახლოებით ხუთსართულიანი სახლის სიმაღლისა). ამიტომ შემოდგომობით, შტორმების პერიოდში, აქ მეტად სახიფათო პირობები იქმნება ნაოსნობისთვის, განსაკუთრებით კი დიდი გემებისთვის. მათთვის ზღვაში სპეციალური საზღვაო არხებია გაყვანილი.

ყველაზე მლაშე წყალი წითელ ზღვაშია – 1 ლიტრი 42 გ მარილს შეიცავს, ხოლო სუეცის არხში – 43,5 გრამსაც კი.

მტკნარ ზღვებს შორის ლიდერობს ბალტიის ზღვა. მარილის შემცველობა აქ 1 ლიტრ წყალში 2-8 გრამია. ეს იმით აიხსნება, რომ თითქმის ჩაკეტილ ზღვის აუზში 250-მდე მდინარე ჩაედინება. ბოტნიის ყურესთან ზღვის წყალს ფერმერები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასმელადაც კი იყენებენ.

რაც შეეხება ზღვების ტემპერატურულ რეჟიმს, აქ შედარებით რთულადაა საქმე. შეიძლება მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ ყველაზე დაბალი ტემპერატურა , +1.6-დან +1.8 გრადუსამდე (ზამთრის პერიოდში), ახასიათებს აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას, ბოფორტისა და ბერინგის ზღვებს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში და ოხოტის ზღვას წყნარ ოკეანეში. მეტად დაბალია ზღვის წყლის ტემპერატურა ანტარქტიდის ნაპირებთან მდებარე ზღვებშიც.

ზედაპირული წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურით – +35,6 გრადუსი – წითელი ზღვის სამხრეთი ნაწილი გამოირჩევა.

საუკუნეზე მეტია, რაც ზღვის ან ტბის წყლის გამჭვირვალობას სეკის დისკის საშუალებით ადგენენ. ეს ხელსაწყო იტალიელმა ასტრონომმა ანჯელო სეკიმ გამოიგონა. მისი საშუალებით პაპის ფლოტის კაპიტანმა ჩიალდიმ 1865 წელს პირველად განსაზღვრა წყლის გამჭვირვალობა. 20-40 სმ დიამეტრის თეთრი დისკი წყალში იძირება, მკვლევრები კი საზღვრავენ, რა სიღრმემდე რჩება იგი ხილული.

სეკის დისკი

ყველაზე გამჭვირვალედ უკანასკნელ დრომდე სარგასოს ზღვა (ატლანტის ოკეანე) მიიჩნეოდა – მასში დისკი 66,5 მეტრამდე სიღრმეზე ჩანდა, მაგრამ 1986 წელს გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ კუთხით ჩემპიონია უედელის ზღვა ანტარქტიკის ნაპირებთან. მის წყალში ჩაშვებული დისკის დანახვა 79 მეტრამდე სიღრმეზეა შესაძლებელი. შედარებისთვის, დისტილირებულ წყალში სეკის დისკი 80 მ სიღრმემდეა ხილული. ამრიგად, უედელის ზღვის წყალი შეიძლება აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ჩაითვალოს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შედარებით გამჭვირვალეა თეთრი ზღვა, რომლის წყალშიც დისკი 8 მ სიღრმეზე მოჩანს.

ყველაზე დიდი ყურეა ბენგალის ყურე აზიის სამხრეთში (ინდოეთის ოკეანე). მისი ფართობი 2,2 მლნ კვ. კმ-ია, ხოლო საშუალო სიღრმე – 2507 მეტრი.
კუნძულების იერარქიას სათავეში უდგას გრენლანდია. მისი ფართობი 2176 ათასი კვ. კმ-ია, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთისას. მისი ტერიტორიის 90% 2300 მ სისქის ყინულის ფენითაა დაფარული.
გრენლანდია ევროპის სახელმწიფო დანიის საკუთრებაა.
კუნძულთა შორის ყველაზე უკაცრიელია ვულკანური კუნძული ტრისტან და კუნია (ატლანტის ოკეანის სამხრეთი). მასთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული წმინდა ელენეს კუნძული მისგან 2120 კმ-თაა დაშორებული, აფრიკამდე კი აქედან 2741 კმ-ია. 98 ათასი კვ. კმ ფართობის კუნძულზე მხოლოდ 300 კაცი ცხოვრობს.
ფართობით ყველაზე დიდია არაბეთის ნახევარკუნძული (2,7 მლნ კვ. კმ).
ყველაზე განიერია დრეიკის სრუტე. 1100 კმ სიგანის სრუტე ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს ერთმანეთთან აკავშირებს, ხოლო სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიკას ყოფს.
ევროპისა და აზიის გამყოფი ბოსფორის სრუტის მინიმალური სიგანე 0,7 კმ-ია.
ყველაზე გრძელია მოზამბიკის სრუტე. იგი 1760 კმ სიგრძისაა და აფრიკას კუნძულ მადაგასკარისგან გამოყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“