ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

კიდევ ერთხელ პატრიოტული ლირიკის შესახებ _ ანუ როგორ გადავცეთ ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება

ფეხბურთის მოყვარულ მამაკაცებს ერთი ჩვეულება აქვთ ხოლმე, თავიანთ ,,ოცნების ნაკრებს” ადგენენ, გეგმავენ, რომელი ფეხბურთელებისაგან დააკომპლექტებდნენ საყვარელ გუნდს. როგორც ყველა ოცნებას სჩვევია, არც მათ აქვთ მისჯილი ,,ზღვათა სილურჯე”, შეუძლიათ უკვე გარდაცვილილი ანდა კარგა ხანია დაბერებული ფეხბურთელიც კი ,,ათამაშონ” თავიანთ ნაკრებში.

მსგავსი ოცნება აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებსაც _ შეადგინონ ,,თავიანთი” სახელმძღვანელო, რომელშიც საკუთარი გემოვნებით შეიტანენ ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს. მეტიც, თუ ქართულის მასწავლებელი რამე ახალს წაიკითხავს და მოეწონება, ერთი პირობა აუცილებლად გაიფიქრებს, ნეტავ ეს პროგრამაში იყოს შეტანილი და ჩემი მოსწავლეები იძულებული იყვნენ, წაიკითხონო. ზოგიერთი იმ იდეათაგანი, რომლებიც მე მსმენია, ნამდვილად არ არის დასაწუნი, მაგალითად, თუნდაც ის, რომ მოსწავლეები სკოლაში ეცნობოდნენ კოტე ჯანდიერის ,,გლობალიზაციას”.

თუმცა იმაზე მეტად, თუ რას შეიტანდნენ სასკოლო პროგრამაში, ჩემი კოლეგები საუბრობენ იმაზე, თუ რას ამოიღებდნენ სასკოლო პროგრამიდან, მათი ნება რომ იყოს. ,,შუშანიკის წამებიდან” დაწყებული ბესიკ ხარანაულის ლექსებით დამთავრებული თითქმის ყველაფერზე გამიგონია, რომ ეს ნაწარმოები სასკოლო პროგრამიდან ამოსაღებია ამა თუ იმ მიზეზის გამო. თვით ,,ვეფხისტყაოსანიც” კი არ დარჩენილა ხელშეუხებელი… თუმცა ყველაზე ხშირად მაინც პატრიოტული ლირიკა ხდება ხოლმე განქიქების საგანი. პათეტიკურობა _ ამ ბრალდებას ყველაზე ხშირად უყენებენ ამ თემატიკაზე შექმნილ პოეზიას. ,,ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები”, ,,გულზე მჯიღის ბრაგუნი”, ,,პატარა ქვეყნის კომპლექსი” _ და მსგავსი მკვეთრი შეფასებები ხშირად გვსმენია ყველას იმ ლექსების მიმართ, რომლებსაც არათუ სკოლაში, ხშირად სკოლამდელ ასაკშიც გვასწავლიდნენ ზეპირად და  გამოთქმით ვამბობდით ისე, რომ მათი შინაარსი და მით უმეტეს, განწყობა ჩვენთვის საკმაოდ ბუნდოვანი იყო.

რასაკვირველია, როდესაც ამ საკითხზე დავფიქრდი, გამიჩნდა კითხვა, არის თუ არა პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი ნაწარმოებებისადმი მიძღვნილი ცალკე ქვეთავი სხვა ქვეყნების ლიტერატურის სახელმძღვანელოებში და საგანმანათლებლო წიგნების ცნობილი ამერიკული გამომცემლობის, ,,პრენტას ჰოლის”, ,,ოქროს სტანდარტის” სახელმძღვანელო გადმოვიღე _ ერთ-ერთ ქვეთავში გვხვდება კარლ სენდბერგის ,,ლინკოლნის” შესავალი, მარტინ ლუთერ კინგის ,,მე ვოცნებობ”, უოლტ უიტმენის ,,მესმის, როგორ მღერის ამერიკა”, მისივე ,,ჰეი, კაპიტანო, ჩემო, კაპიტანო”. მოკლედ, მთელი თაიგული.

ეს ამერიკის ამბავია, თუმცა ისიც ცხადია, რომ პატრიოტული მოტივი პატარა და დამპყრობლებისაგან შევიწროვებული ქვეყნების ლიტერატურისთვის უფროა დამახასიათებელი: შოტლანდიური ლიტერატურა მეტადაა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული, ვიდრე _ ინგლისური; ქართული უფრო მეტად, ვიდრე _ რუსული და ვინ იცის, ეგებ ტიბეტური მეტად _ ვიდრე ჩინური. ამიტომ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული ტენდენცია იყო საუკუნეების მანძილზე, რასაკვირველია, ვერც სასკოლო სწავლებისას ავუქცევთ გვერდს.

სხვა საქმეა, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს თანამედროვე მოსწავლისათვის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”, რომლის მხატვრული ღირებულება და პათოსიც მათთვის გაუგებარი არ რჩება, მაგრამ არც დიდად გულთან მისატანია და მხოლოდ ისტორიული რაკურსის თვალსაზირისით აინტერესებთ; ანდა რამდენად მრავლისმომცემია სკოლაში ილიას ,,ბედნიერი ერის” სწავლა, როდესაც ახალი თაობისთვის კოლექტიური ეროვნული თვითრწმენის ნაკლებობა ისედაც არაა უცხო ხილი.

 პატრიოტიზმი, რასაკვირველია, მარადიული თემაა, მაგრამ ერის განვითარების ყოველ კონკრეტულ პერიოდში იგი სხვადასხვა ნიუანსებით წარმოჩინდება. ის, რაც კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში ერის ხმის გამოძახილი იყო, შემდეგი თაობის სინამდვილისათვის შეიძლება არცთუ დამაჯერებლად ჟღერდეს.

როგორია პატრიოტიზმის დღევანდელი აღქმა? ჩემი მოკრძალებული აზრით, მას ყველაზე უკეთ გურამ დოჩანაშვილის ცნობილი მოთხრობის  სათაური _ ,,ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება” _ ასახავს. ეს აღქმა გულისხმობს ნაკლებ ლაპარაკს პატრიოტიზმის შესახებ და მეტ საქმეს, სამშობლოზე ლაპარაკი, თანაც მაღალფარდოვნად, სულ უფრო ცუდ ტონად ითვლება.

მეოცე საუკუნის პატრიოტული პოეზიის იმ ნიმუშთა უმეტესობა, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოშია შეტანილი, მე პირადად, როგორც ერთ რიგით მკითხველს, მომწონს და მიყვარს, თუმცა, ასევე მგონია, რომ კარგი იქნება, მოსწავლეებმა მეტი შეიტყონ ამ პერიოდის ,,ექპერიმენტატორი” პოეტების, ტარიელ ჭანტურიასა და ვახტანგ ჯავახაძის შესახებ, თუნდაც იმიტომ, რომ გაიგონ, რომ პატრიოტულ პოეზიაში სიღრმე და ამავდროულად, მეტი უშუალობაც შეიძლება სიტყვასთან თამაშითა და აზროვნების ,,ცელქობითაც” იყოს მიღწეული.

და თუ განცდების უშუალობასა და სისადავეზე მიდგება საქმე, ეგებ უმჯობესია თანამედროვე მოსწავლეებს თანამედროვე პოეტების ლექსები შევთავაზოთ, თანამედროვე პრობლემატიკითა და სახეებით.

მაგალითად, ნაწყვეტი ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის, ზვიად რატიანის, ლექსების ციკლ ,,გზები და დღეებიდან”:

III
(12 აგვისტო, 2003)

ეს ქვეყანა ხშირად გაძლევს შესაძლებლობას
გიყვარდეს იგი. იშვიათად – კიდეც სარგებლობ.
განსაკუთრებით – თუ გზაში ხარ, გზა კი ეფლობა
ზაფხულის მთებში, იკლაკნება. “ჩემო კარგებო,
მე თქვენ მიყვარხართ”, _ გინდა უთხრა გზისპირა სოფელს
და სოფლის თავზე დროშასავით გაკიდულ ძერას.
და ტყიან ფერდობს, საიდანაც ეს ძერა მოფრენს.
და ცას, მთებშორის ჩამოწოლილს, რომელსაც სერავს.
ბალახს, რომელსაც მალე მსხვერპლის ბუმბულით მოფენს
და მსხვერპლს, რომელსაც გულდასმით ზვერავს.
ძაღლი კი გიყეფს. ყეფა-ყეფით აწყდება ღობეს.
სოფლელი გოგო შენს მანქანას აყოლებს მზერას.
შენ კი რას უზამ ამ სიხარულს, გულში გალღობილს?
ტკივილი იყოს – აჯობებდა, რამეს დაწერდი.
მაგრამ რას დაწერ სიხარულზე, როცა არცერთი,
არც სიმარტოვე და არც ნიჭი, არ გაქვს სამყოფი?

 ამ ლექსში ასახული შეგრძნება არის ის, რითაც, ჩემი აზრით, ადამიანი პირველად აცნობიერებს სამშობლოს სიყვარულს _ მშობლიური, ნაცნობი და მშვენიერი კადრები გაგრძნობინებენ, რომ შინ ხარ, იმ ადგილას, რომელსაც ეკუთვნი და ჰარმონიას გრძნობ. ვფიქრობ და შემთხვევასაც არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ეს ლექსი მოსწავლეებს მოსწონთ _ მოსწონთ იმიტომ, რომ მათი შეგრძნებებია ასახული, მოსწონთ ის, რომ არც პათეტიკა და არც შეფარული მოწოდება არ ჩანს და თუ ჩანს (,,ეს ქვეყანა ხშირად გაძლევს შესაძლებლობას გიყვარდეს იგი. იშვიათად კიდეც სარგებლობ”) ავტორი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს საყვედურობს და მოსწონთ იმიტომ, რომ სამშობლოს სიყვარული, როგორც იქნა, ბედნიერებასა და სილაღესთანაა კავშირში და არა _ დაბრკოლებების გადალახვასა და სირთულეებთან.

თითქმის ყველა მოსწავლე, რომლის ლიტერატურით დაინტერესებაც გაკვეთილის ანდა გამოცდის ჩაბარების მისწრაფებით არ სრულდება და კარგ თანამედროვე ქართველ ავტორებს ეძებს, მაინც ზვიად რატიანის პოეზიამდე მიდის. მაშ, რატომ არ უნდა მივაწოდოთ მათ ის, რაც ძალიან მოეწონებათ, სკოლაშივე?!

სამშობლოს სიყვარული, რომელსაც ბედნიერებისა და სილაღის შეგრძნება მოაქვს, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ, ამასთანავე პრობლემების განხილვაც არანაკლებ საინტერესოა. ჩვენ მოსწავლეებს არც იარაღით უწევთ სამშობლოს დაცვა (და დიდი იმედი მაქვს, არც მოუწევთ) და მეტ-ნაკლებად თავისუფალ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ის პრობლემატიკა, რომელიც მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია, არის სამშობლოში დარჩენისა თუ მისი დატოვების არჩევანი. ჩემი ყოფილი მოსწავლეების დიდი ნაწილი უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობს და არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი შესაძლებლობები მომავალში საქართველოს განვითარებას მოხმარდება. საკლასო პოლემიკის ყველაზე ხშირი თემაც ეს არის: უნდა წავიდნენ და ბედი ეძებონ თუ დარჩნენ და მცირედს დასჯერდნენ.

ეს ლექსი დარჩენაზეა და იგი ერთ-ერთ საინტერესო თანამედროვე პოეტს, ლელა სამნიაშვილს, ეკუთვნის. ამ ლექსის ინტიმმა დასაწყისში შეიძლება აფიქრებინოს მოსწავლეებს, რომ ის სასიყვარულო პოეზიას მიეკუთვნება და მხოლოდ ტექსტზე დაკვირვების შემდეგ ჩნდება სამშობლოს განცდა:

,,რადგან შენ თვითონ მომახატე მხარზე მერცხალი,

ნუ გიკვირს წასვლა, ნურც დაბრუნება.

ზოგჯერ მგონია თავი _ მეცხვარე _

სიტყვებს გაბარებ თვლით და უვნებლად.

ცარიელი და თავისუფალი _

არადა, მინდა ქარივით ვქროდე,

ადგილის ღმერთთან ვიყო არადანს

და სივრცე  _ კაბის ატლასად მქონდეს.

შენგან და შენკენ რატომ მეწევი,

თუკი ასეთი ლაღი გამზარდე?

მე შემიძლია აღარ მოგწერო,

სიტყვებიანად შენში გავზავდე,

მხრებში ჩაგიწყო მხრები და შუბლში

შუბლი _ ცაზეც რომ ფართო მეგონა _

ჩავტიო შენში, დავემშვიდობო

გზების გადაღმა ყველა მეგობარს

და გავქრე შენში.

მე მსუბუქი ვარ.

ისე მატარებ, თითქოს გაგეშვი.

და მაპატიე ეს უნებური

აწრიალება _ მკერდის არეში.”

ძვირფასო მკითხველო, ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი საფეხბურთო ნაკრების ორი მოთამაშეა, რომლებიც დიდი სიფრთხილით შევარჩიე, თუმცა ვთვლი, რომ ეს სია კიდევ უნდა გაგრძელდეს და რასაკვირველია, სახელმძღვანელოების ავტორები, ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანები, ამას შეძლებენ და მოახერხებენ, რომ, ჯერ ერთი, მოსწავლეებს სიმპათია აღუძრან თანამედროვე ლიტერატურული პროცესების მიმართ და მეორეც, დაარწმუნონ, რომ როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, პატრიოტზმი გულის საქმეა და იგი ერთნაირად აქტუალურია ყველა დროში, ესაა, რომ ყველა დრო გამოსახვის განსხვავებულ, მისთვის დამახასიათებელ ფორმებს გვთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“