ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

დოკუმენტები, რომლებსაც მასწავლებელი უნდა იცნობდეს

თუ თქვენ მასწავლებელი ხართ, ასწავლით საჯარო ან კერძო სკოლაში, იცოდეთ, რომ გამოგადგებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების გაცნობა:
1. საქართველოს კონსტიტუცია

კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, რომელიც პარლამენტმა 1995 წელს მიიღო. კონსტიტუციაში მოცემულია ძირითადი სამართლებრივი საკითხები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული წესები, პარლამენტის, აგრეთვე პრეზიდენტის არჩევის წესი და მათი უფლება-მოვალეობები, მთავრობის დაკომპლექტების წესი, სასამართლო ხელისუფლების შესახებ რეგულაციები, აგრეთვე სახელმწიფო ფინანსებთან და კონტროლთან, სახელმწიფოს თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხები. კონსტიტუციაში მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ძირითადი რეგულირებებიც.
ყველა კანონი თუ კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.
გირჩევთ, 1921 წლის კონსტიტუციასაც გაეცნოთ, რადგან ამ აქტში ჩანს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველო და რა უფლებები უნდა ჰქონოდათ მოქალაქეებს. 1921 წლის კონსტიტუციის მოქმედება მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისთანავე შეწყდა.
2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
1948 წელს გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. დეკლარაციაში გამოცხადებულია ძირითადი უფლებები: სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების გზით სახელმწიფო მართვაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების და ა.შ. უფლებები. რელიგიისა და მრწამსის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლებაც გარანტირებულია დეკლარაციით. აკრძალულია მონობა, მონებით ვაჭრობა. დეკლარაციაში აგრეთვე მითითებულია სისხლის სამართლის, სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის ძირითადი პრინციპები.
3. ბავშვის უფლებათა კონვენცია

კონვენცია მიღებულია 1989 წელს გაეროს მიერ. კონვენციის მიზნებისთვის, ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ადამიანი. ბავშვის უფლებები მოიცავს ორივე მშობელთან ასოცირების უფლებას, ასევე ინდივიდუალურობის შენარჩუნებას, ფიზიკურ უსაფრთხოებას, საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ასაკისა და განვითარების შესაბამის სისხლის სამართლის კანონმდებლობას, თანასწორ მოპყრობას. დაუშვებელია ბავშვის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა მისი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რაიმე ვითარების მიხედვით.
4. „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი

ეს კანონი 2005 წელს მიიღო პარლამენტმა. კანონი აწესრიგებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს სკოლების სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
5. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

დოკუმენტი დამტკიცებულია 2004 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით და მასში განსაზღვრულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.

სკოლაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება; ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა; ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; დამოუკიდებლად ცხოვრება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება; იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე; საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც; კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან; იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე.

ეს დოკუმენტი, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად, სახელმძღვანელო დოკუმენტია სასწავლო პროცესში.
6. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

დოკუმენტი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2008 წელს და განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და ვალდებულებებს. სტანდარტში მითითებული მოთხოვნები საერთოა ყველა მასწავლებლისათვის და მისი ძირითადი მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის განვითარება.
7. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი

დოკუმენტი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2008 წელს და ადგენს მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
8. მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესი

დოკუმენტი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2014 წელს და ადგენს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, დისციპლინური სახდელის სახეებს და ადგენს დისციპლინური წარმოების წესს.
კერძო სკოლის მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს განსაზღვრავს კერძო სკოლა.
9. საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები

დოკუმენტი დამტკიცებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2015 წელს არეგულირებს მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს. დოკუმენტი ეხება მხოლოდ საჯარო სკოლის მასწავლებლებს.
10. საქართველოს შრომის კოდექსი

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომითსა და მის თანმდევ ურთიერთობებს, ანუ თქვენს შრომით ურთიერთობას სკოლასთან. კოდექსში მოცემულია შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რეგულაცია შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან მისი შეწყვეტის ჩათვლით. უნდა გაითვალისწინოთ, რომ შრომის კოდექსი არ არეგულირებს ყველა საკითხს, რაც სკოლასთან თქვენს შრომით ურთიერთობას შეიძლება ეხებოდეს. ამიტომ კოდექსთან ერთად მნიშვნელოვანია, იცოდეთ სკოლის შიდა აქტებითა და სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი უფლებები და მოვალეობები.
ზოგადი განათლების სფეროს ბევრი სხვა სამართლებრივი აქტი ეხება, თუმცა, ზემოაღნიშნული ძირითადი დოკუმენტების გაცნობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ცოდნას სასწავლო პროცესში ჩართული მხარეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

გაითვალისწინეთ, რომ სამართლებრივი აქტები ხშირად იცვლება, დოკუმენტის საბოლოო ვერსიის გაცნობა კი აუცილებელია სწორი სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის. მოქმედი ნორმატიული აქტების საბოლოო ვერსიებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდზე: www.matsne.gov.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი