როგორც მასწავლებელი, მუდმივად ვფიქრობ, რამდენად შეესაბამება ჩემი სასწავლო პრაქტიკა მოსწავლეთა საჭიროებებს და როგორ შემიძლია სწავლა უფრო საინტერესო, გააზრებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად ვაქციო. ეს კითხვები ჩემთვის რესურსების შექმნისა და შერჩევის მნიშვნელოვანი საფუძველია.
თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩემთვის ის არის, როგორ დავაკავშირო სასწავლო შინაარსი მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებებთან, ინტერესებსა და სწავლის გზებთან. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თავისთავად არ ნიშნავს მის გააზრებას, ისევე როგორც მოსწავლის გართობა ყოველთვის არ იწვევს სწავლას. მასწავლებელს სჭირდება ისეთი მიდგომები, რომლებიც ცოდნას თვალსაჩინოს გახდის, მოსწავლეს ცოდნის აგების პროცესის აქტიურ მონაწილედ აქცევს და თავად პედაგოგსაც საკუთარი გადაწყვეტილებების გააზრებისკენ უბიძგებს. სწორედ ამ გამოწვევების გააზრებამ განაპირობა ჩემს კრებულში ვიდეორესურსების, სასწავლო თამაშებისა და მეთოდური სტატიების გაერთიანება.
ჩემს სასწავლო რესურსებში სამი მიმართულება გავაერთიანე:
1.ვიდეომასალები
2. სასწავლო თამაშები
3.მეთოდური სტატიები
თითოეული მათგანი სწავლების განსხვავებულ შესაძლებლობას მაძლევს, თუმცა მათი მნიშვნელობა მხოლოდ ფორმატების მრავალფეროვნებით არ განისაზღვრება.
ვიდეორესურსებზე მუშაობისას ვფიქრობ, როგორ წარმოვაჩინო სასწავლო საკითხი თვალსაჩინოდ და მოსწავლისთვის გასაგებად. თამაშების გამოყენება კი მახსენებს, რომ ცოდნის მიღება მხოლოდ ინფორმაციის მიღება-გაცემას არ უნდა გულისხმობდეს. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იმოქმედოს, გამოსცადოს საკუთარი ცოდნა, დაუშვას შეცდომა და იპოვოს გამოსავალი. მეთოდური სტატიები ამ პროცესების გააზრებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას ქმნის.
ამ მიმართულებებზე მუშაობამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: რესურსის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ეფექტიან სწავლებას. გადამწყვეტია, რატომ ვიყენებ კონკრეტულ მასალას, რა სასწავლო მიზანს ვუკავშირებ მას და როგორ ვაფასებ მოსწავლის პროგრესს. სწორედ ამ კითხვებით იწყება ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის გააზრება და გაუმჯობესება.
ჩემთვის პროფესიული განვითარება მზა პასუხების პოვნა კი არა, საკუთარი გადაწყვეტილებების მუდმივი გადახედვაა. ვცდილობ, შექმნილი რესურსები ამ პროცესის ნაწილად ვაქციო, მათ გამოყენებაზე დავფიქრდე და ახალი იდეების ძიება გავაგრძელო.
ამ კრებულის გაზიარებით მსურს, კოლეგებსაც შევთავაზო მასალები პროფესიული განსჯისა და პრაკტიკული გამოყენებისთვის. საინტერესო იქნება, თუ თითოეული მასწავლებელი მათ საკუთარ გამოცდილებასა და მოსწავლეთა საჭიროებებს შეუსაბამებს.
იხილეთ ჩემი რესურსების კრებული:



