პარასკევი, სექტემბერი 18, 2026
18 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სამეწარმეო აზროვნება, მათემატიკა და თვითაღმოჩენის გზა

დღეს, როდესაც შრომითი ბაზარი უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება და ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბევრ ტრადიციულ პროფესიას ტრანსფორმაციისკენ უბიძგებს, სკოლის როლიც დროის მოთხოვნებს უნდა მოერგოს. სასკოლო სივრცეში მეწარმეობის განვითარების აუცილებლობა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ეკონომიკური ტერმინების ან ფინანსური წიგნიერების სწავლებას. მეწარმეობა უპირველეს ყოვლისა არის უნიკალური აზროვნების სტილი, რომელიც მოსწავლეს 21-ე საუკუნის უნარებს: კრეატიულობას, პრობლემების გადაჭრისა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღების სიმამაცეს უყალიბებს..

როდესაც სკოლა ხელს უწყობს სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივებას, ის მოსწავლეს პასიური მსმენელიდან აქტიურ შემქმნელად გადააქცევს. მოზარდები სწავლობენ, რომ პრობლემა არის არა დაბრკოლება, არამედ ახალი შესაძლებლობა ინოვაციური გადაწყვეტილებების საპოვნელად. სწორედ ეს კომპეტენციები ხდება მათი საუკეთესო კომპასი მომავალი პროფესიის არჩევისას. მეწარმოების სწავლება სკოლაში არის უსაფრთხო პლატფორმა, სადაც მოსწავლეს შეუძლია რეალურ ცხოვრებასთან მიახლოებულ გარემოში გამოცადოს თავისი ძალები, შეეჯახოს პირველ მარცხს, გააანალიზოს შეცდომები და ისწავლოს საქმის ბოლომდე მიყვანა. სკოლაში სამეწარმეო უნარების განვითარებით ჩვენ ვზრდით არა უბრალოდ ბიზნესმენებს, არამედ მოქნილ, მოტივირებულ და კონკურენტუნარიან ინდივიდებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ პროფესიულ ამპლუაში თქვან: „მე შემიძლია შევცვალო რეალობა“.

სწორედ ამ ხედვამ განაპირობა ჩემი პროექტის – „ფიქრიდან მოქმედებამდე“ – დაგეგმვა მე-11 კლასში. მინდოდა, მოსწავლეებს დაენახათ, რომ წარმატება არ იზომება მხოლოდ მიღწევით. მის უკან დგას იდეა, მიზანი, დიდი შრომა, შიში, რისკი, შეცდომა, წარუმატებლობა, გამოცდილების გაანალიზება და მოქმედების გაგრძელება.

ამიტომ, პროექტის პირველ პრაქტიკულ ეტაპზე, მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს მსოფლიოში ცნობილი ანტრეპრენერების – ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, ბილ გეითსის, სტივ ჯობსის, უორენ ბაფეტის, რიჩარდ ბრენსონის, მარკ ცუკერბერგისა და სხვათა ცხოვრების გზა, გააანალიზეს ამ ადამიანების უმთავრესი მიღწევები, ინოვაციური აღმოჩენები, დიდი ოცნებების რეალობად გადაქცევის ისტორიები და რაც მთავარია, წარუმატებლობები, რომლებმაც მათ უდიდესი გამოცდილება შესძინეს.

პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ის, რომ მოსწავლეებისთვის გაგვეცნო ცნობილი მეწარმეების ცხოვრება, არამედ აქტიურად ჩაგვერთო ისინი კვლევით პროცესში. ისინი ეძებდნენ ინფორმაციას, არჩევდნენ მნიშვნელოვან ფაქტებს, აანალიზებდნენ მიღებულ მონაცემებს, მსჯელობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებებს.

ამ პროცესში ბუნებრივად ვითარდება ისეთი კომპეტენციები, რომლებიც თანამედროვე განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს:

კრიტიკული აზროვნება – ინფორმაციის გაანალიზება და არა მხოლოდ მისი მიღება;

პრობლემის გადაჭრა – არსებული დაბრკოლებების, მიზეზებისა და შესაძლო გამოსავლის ძიება;

კომუნიკაცია – საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება და აუდიტორიის წინაშე წარდგენა;

თანამშრომლობა – საერთო მიზნის მისაღწევად ჯგუფური მუშაობა;

შემოქმედებითობა – განსხვავებული იდეებისა და შესაძლებლობების გააზრება;

პროფესიული ორიენტაცია – საკუთარი მომავლისა და პროფესიული შესაძლებლობების შესახებ დაფიქრება.

ამრიგად, პროექტი თანდათან გასცდა ერთი საგნისა და ერთი კლასის ფარგლებს. იგი იქცა მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების პროცესად.

მეწარმოებრივი აზროვნება მოითხოვს იდენტიფიცირებას, მონაცემების გაანალიზებას, რისკების შეფასებას, ალტერნატივების შედარებასა და გადაწყვეტილების მიღებას. ეს ყველაფერი მათემატიკური აზროვნების მნიშვნელოვანი კომპონენტიცაა. სამეწარმეო განათლება მჭიდრო, ორგანულ კავშირშია მათემატიკურ წიგნიერებასთან. მოსწავლე პროცენტებს, სტატისტიკას, ალბათობას, თუ გეომეტრიულ გათვლებს იყენებს საკუთარი ბიზნესიდეის ბიუჯეტირებისთვის, რისკების შეფასებისა თუ რესურსების ოპტიმიზაციისთვის. საგნის მიმართ შიში ქრება, მშრალი ფორმულები ტრანსფორმირდება მიზანმიმართულ პრაქტიკულ ქმედებად.

მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეს ხშირად ვთხოვთ, იპოვოს პასუხი. მაგრამ, თანამედროვე რეალობა სვამს უფრო რთულ საკითხს: „როგორ უნდა იპოვო საუკეთესო გადაწყვეტილება“. ეს უკვე სხვა ტიპის აზროვნებას მოითხოვს.

ამიტომ, მათემატიკის სწავლებისას მნიშვნელოვანია ისეთი ამოცანებისა და სიტუაციების შექმნა, რომლებშიც მოსწავლეს არა მხოლოდ გამოთვლა, არამედ გადაწყვეტილების დასაბუთება ევალება.

მაგალითად, მოსწავლემ შეიძლება გააანალიზოს ოჯახის ბიუჯეტი, ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა ფინანსური გადაწყვეტილება, შეისწავლოს სტატისტიკური მონაცემები, შეაფასოს რეკლამაში წარმოდგენილი ინფორმაცია ან დაგეგმოს მცირე ბიზნესის ფინანსური მოდელი. ასეთ სიტუაციებში მათემატიკური ცოდნა რეალურ ცხოვრებას უკავშირდება. როდესაც მოსწავლე პასუხს კი არ იღებს, არამედ იღებს გადაწყვეტილებას.

ჩემი პედაგოგიური გამოცდილება მიჩვენებს, რომ მოსწავლის ჩართულობა განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც იგი ხედავს, რატომ სჭირდება კონკრეტული ცოდნა.

თუ მოსწავლემ იცის მხოლოდ ფორმულა, მან შეიძლება სწორი პასუხი მიიღოს. მაგრამ, თუ მას შეუძლია ახსნას, რატომ გამოიყენა ეს ფორმულა, რას ნიშნავს მიღებული შედეგი, რამდენად სანდოა იგი და როგორ შეიძლება მისი გამოყენება რეალურ სიტუაციაში, მაშინ ჩვენ ვსაუბრობთ ცოდნის უფრო მაღალ დონეზე. ამიტომ, მათემატიკის სწავლებისას ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა მოსწავლის მიერ ამოცანის არა მხოლოდ ამოხსნა, არამედ მისი გააზრება, ინტერპრეტაცია და რეალურ კონტექსტში გადატანა.

პროექტმა შექმნა შესაძლებლობა, რომ მოსწავლეების ნამუშევრები და მოსაზრებები ფართო სასკოლო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. სკოლა ამ შემთხვევაში აღარ იყო მხოლოდ ადგილი, სადაც კონკრეტულ კლასში, კონკრეტული გაკვეთილი ტარდება. იგი გადაიქცა სივრცედ, სადაც მოსწავლეები საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს სხვებს უზიარებენ. „ფიქრიდან მოქმედებამდე“ სკოლის საერთო გამოცდილება გახდა. რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროფორიენტაციის თვალსაზრისითაც. უფროსკლასელებისთვის პროფესიის არჩევა აღარ იყო მხოლოდ „რომელ ფაკულტეტზე ჩავაბარო?“ ტიპის კითხვა, არამედ „რა მაინტერესებს? რის გაკეთება შემიძლია? რა პრობლემის გადაჭრა მინდა? რა უნარები უნდა განვივითარო ამით? „რა მჭირდება, რომ ოცნება რეალობად ვაქციო?“.

გლობალურ კომპეტენციებზე ორიენტირებული განათლება მასწავლებლის როლსაც ცვლის. ის აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მთავარი წყარო. არამედ ხდება სასწავლო პროცესის დიზაინერი, მრჩეველი, ფასილიტატორი და მოსწავლის აზროვნების მხარდამჭერი. მასწავლებლის ამოცანაა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მოსწავლეს შეუძლია კითხვის დასმა, შეცდომის დაშვება, საკუთარი შეცდომის გაანალიზება, განსხვავებული მოსაზრების მოსმენა და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება. პრაქტიკული გამოცდილება მოზარდს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გამოსცადოს საკუთარი თავი სხვადასხვა ამპლუაში – იქნება ეს სტრატეგიული დაგეგმვა, კრიზისების მართვა, ფინანსური ანალიზი თუ გუნდური კომუნიკაცია.

დღეს განათლების სფეროში ხშირად ვსვამთ კითხვას: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ? ალბათ ამ კითხვასთან ერთად უფრო ხშირად უნდა დავსვათ მეორე შეკითხვაც – „რის გაკეთება უნდა შეძლოს მან მიღებული ცოდნით?“

მათემატიკის სწავლების საბოლოო მიზანი მხოლოდ ფორმულების ცოდნა და ამოცანის სწორად ამოხსნა არ უნდა იყოს. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცოდნის გამოყენება, პრობლემის დანახვა, მონაცემების გაანალიზება, საკუთარი გადაწყვეტილებების დასაბუთება და რეალურ სამყაროში ორიენტირება. მათემატიკა მეწარმეობას აძლევს ზუსტ, ანალიტიკურ საყრდენს, ხოლო მეწარმეობა მათემატიკას აქცევს რეალურ პრაქტიკულ იარაღად. „ფიქრიდან მოქმედებამდე“: სწორედ ამ იდეის პრაქტიკული მაგალითი გახდა. მოსწავლეები ეცნობოდნენ წარმატებული ადამიანების არა მხოლოდ მიღწევებს, არამედ იმ ნაბიჯებსაც, რომლებიც მიზნამდე მიდის.

სწორედ ეს არის თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – ვასწავლოთ მოსწავლეს არა მხოლოდ ფიქრი, არამედ დავეხმაროთ მას, რომ ფიქრი მოქმედებად აქციოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“