პრომპტების ანალიზი
დაწყებითი კლასების მასწავლებელს დღეს ხშირად უწევს ისეთი თემის დამოუკიდებლად შესწავლა, რომელიც მისი სტუდენტობის პერიოდში საერთოდ არ არსებობდა, ხელოვნური ინტელექტის დიდაქტიკა იქნება ეს, ახალი საგნობრივი მეთოდიკა თუ ციფრული ინსტრუმენტი, რომლის ათვისებაც სასწავლო წლის დაწყებამდე გვმართებს. ჩვეულებრივ, ამ დროს იწყება ქაოსური ძიება, ათეულობით სტატიის კითხვა, ვიდეოების ყურება, ფორუმში ჩართვა, საბოლოოდ კი, ნაცვლად სისტემური ცოდნისა, თემაზე ბუნდოვანი წარმოდგენა გვრჩება.
ChatGPT-ს (ან Claude-ის) შეუძლია გახდეს პირადი მენტორი ამ პროცესში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვიცით, როგორ მივცეთ სწორი დავალება. ქვემოთ მოცემულია რვა პრომპტი, შერჩეული Matic Pogladic-ის კრებულიდან „20 ChatGPT Prompts for Learning“, ადაპტირებული ქართველი მასწავლებლის ყოველდღიურ რეალობასთან და დაჯგუფებული ოთხ თემატურ ბლოკად. თითოეული მათგანი მზადაა გამოყენებისათვის, უბრალოდ კვადრატულ ფრჩხილებში მოცემული ცვლადები საკუთარი თემით შეცვალეთ.
- როგორ დავიწყო? – სასწავლო გეგმის აწყობა
როცა ახალი თემის შესწავლა გვჭირდება, პირველი და ყველაზე რთული ნაბიჯი სისტემურობაა – რა თანმიმდევრობით ვისწავლო, რა არის საბაზისო და რა – შემდგომი ეტაპისთვის? ეს პრომპტი სთხოვს AI-ს, შეადგინოს სრული სასწავლო გეგმა და არა უბრალო სია:
„წარმოიდგინე, რომ ხარ გამოცდილი პედაგოგი-მეთოდისტი და სასწავლო პროგრამების დიზაინერი. მინდა, შევისწავლო [თემა – მაგ., „პროექტზე დაფუძნებული სწავლება“] დამწყები დონიდან საშუალომდე, [ვადა – მაგ., 4 კვირა]. შემიდგინე სრული სასწავლო გეგმა: საბაზისო ცნებები, პრაქტიკული მაგალითები, კვირეული გეგმა ნაბიჯებით, თვითშემოწმების კითხვები და ტიპური შეცდომები, რომლებსაც დამწყები პედაგოგები ხშირად უშვებენ“.
თუ ორ ალტერნატიულ მიდგომას შორის ვირჩევთ (მაგალითად, რომელი ციფრული პლატფორმა ავირჩიო საკლასო მართვისთვის), დაამატეთ: „შემიდარე ეს ორი გზა – რომელი უფრო შეესაბამება ჩემს კონტექსტს და რატომ“.
- კი არ დავიზეპირო, არამედ სიღმისეულად გავიგო
ახალი პედაგოგიური ცნება ხშირად უცხო ტერმინებითაა დატვირთული – „ფორმატული შეფასება“, „დიფერენცირებული სწავლება“, „მეტაკოგნიცია“. ეს ორი პრომპტი გვეხმარება, ცნება კი არ დავიზეპიროთ, არამედ ჩავწვდეთ არსს:
„ამიხსენი [ცნება – მაგ., „ფორმატული შეფასება“] პირველადი პრინციპებიდან. დაშალე ყველაზე მარტივ შემადგენელ ნაწილებად, აჩვენე დამოკიდებულებები მათ შორის და გამოავლინე მცდარი წარმოდგენები, რომლებიც დამწყებ მასწავლებლებს ხშირად აქვთ ამ თემაზე“.
„ახლა იგივე ამიხსენი ისე, თითქოს მეექვსეკლასელს ვუხსნი. მარტივი ენით, ანალოგიებით და კონკრეტული მაგალითით ჩემი საგნიდან. თუ სადმე თავად ვერ გავამარტივებდი, მიმანიშნე, სად მაქვს ხარვეზი გაგებაში“.
- შევამოწმო და განვამტკიცო ცოდნა
წაკითხული მასალა სწრაფად გვავიწყდება, თუ აქტიურად არ გამოვიყენეთ. ეს პრომპტები პასიურ საკითხს გარდაქმნის აქტიურად – გამოსადეგია სასერტიფიკაციო გამოცდის, სასკოლო ატესტაციის ან უბრალოდ საკუთარი ცოდნის შესამოწმებლად:
„ვსწავლობ [თემა]-ს. გარდაქმენი აქტიური გახსენების სისტემად – შემიდგინე მზარდი სირთულის კითხვები, ბარათები (კითხვა-პასუხი), დაუსრულებელი წინადადებები და სცენარული ამოცანები, რომლებიც პრაქტიკაში გამოყენებას მოითხოვს“.
„ვემზადები [გამოცდა/ატესტაცია]-სთვის თემაზე [თემა]. შემიდგინე სრული სტრატეგია: რომელ ქვეთემას რამდენი დრო დავუთმო, საცდელი კითხვები და თვითშემოწმების გრაფიკი“.
- გავხდე საკუთარი მენტორი გრძელვადიან პერსპექტივაში
ნაცვლად ერთჯერადი გამოყენებისა, AI შეიძლება მუდმივ თანამგზავრად იქცეს პროფესიულ განვითარებაში, თუ მას ამ როლს მივანიჭებთ:
„იმოქმედე როგორც ჩემი პროფესიული განვითარების მწვრთნელმა. ყოველკვირეულად დამისვი კითხვები ჩემი პროგრესის შესახებ თემაზე [თემა], შეაფასე ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოავლინე შემაფერხებელი ფაქტორები და შემომთავაზე კონკრეტული, პატარა ნაბიჯი მომდევნო კვირისთვის“.
„ასწავლე [თემა] ისე, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი ასწავლიდა – ძირითადი მენტალური მოდელები, გამოცდილი პრაქტიკოსების ჩვევები, ტიპური მარცხის შაბლონები და გრძელვადიანი დაუფლების გზა“.
| რჩევა: 6 წესი მკაფიო პრომპტისთვის
• როლის მინიჭება – დაიწყე „წარმოიდგინე, რომ ხარ…“ ფრაზით. • ამოცანის ზუსტი ფორმულირება – არა „დამეხმარე“, არამედ კონკრეტულად რა გინდა. • ფორმატის მითითება – სია, ცხრილი, კვირეული გეგმა თუ სცენარი. • კონტექსტის მიწოდება – ვინ ხარ, რა იცი უკვე, რა მიზნით სწავლობ. • აღნიშნე, რისი თავიდან აცილება გინდა – “ჟარგონი”, ზედაპირულობა და ა.შ. • იმუშავე ინტერქციულად – პირველი პასუხი იშვიათად არის საბოლოო. |
| გასათვალისწინებელი
• ChatGPT-ს, Claude-ს და მსგავს ინსტრუმენტებს ქართული ინტერფეისი არ აქვს – პასუხი ქართულად რომ მივიღოთ, ეს პირდაპირ უნდა მოვთხოვოთ პრომპტში. • ავტომატური თარგმანის ხარისხი ქართულ თარგმანთან შეუსაბამოა – ფაქტობრივი დეტალები (თარიღები, კვლევების სახელები, სტატისტიკა) ყოველთვის დამატებით გადაამოწმეთ სანდო წყაროში. • საკუთარი პროფესიული სწავლისას პირად თუ სამსახურებრივ ინფორმაციას რომ შეიტანთ პრომპტში, გახსოვდეთ: საქართველოში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობა. ამერიკული FERPA და COPPA აქ არ მოქმედებს. |
| გახსოვდეთ
• ეს პრომპტები შაბლონებია – კვადრატულ ფრჩხილებში [ ] მოცემული ცვლადები საკუთარი თემით, დონითა და ვადით შეცვალეთ. • მოთხოვნა „გამიმარტივე“, „მომეცი მაგალითი ქართული სკოლის რეალობიდან“ ან „ეს ნაწილი უფრო მეტად განავითარე“ – პროცესის ნორმალური და მოსალოდნელი ნაწილია და არა წარუმატებლობის ნიშანი. |
არჩევანი ერთი პრომპტისა და ერთი პატარა, კონკრეტული ამოცანისთვის – ეს არის საუკეთესო გზა, თავად შეამოწმოთ, მუშაობს თუ არა ეს მიდგომა თქვენთვის. სცადეთ ამ კვირაში ერთი თემა, რომლის შესწავლასაც უკვე დიდი ხანია დებთ და დაუშვით, რომ პირველი პასუხი მხოლოდ საწყისი წერტილია და არა საბოლოო შედეგი.
გამოყენებული ლიტერატურა
- Pogladic, M. „20 ChatGPT Prompts For Learning“.
- AI Club. “How to Design Prompts So That a Neural Network Can Understand You” — A Guide to the Six Principles of Prompting.


