ბავშვის საბავშვო ბაღში პირველად მიყვანა ბავშვისა და ოჯახისათვის მნიშვნელოვანი გარდამავალი ეტაპია. ტრანზიცია მხოლოდ პირველ დღეს არ მოიცავს: ის იწყება ბაღში მისვლამდე, გრძელდება პირველ დღეებსა და კვირებში და მოითხოვს ბავშვის, მშობლისა და აღმზრდელ-პედაგოგის შეთანხმებულ მოქმედებას. თანამედროვე ადრეული განათლების მიდგომები ხაზს უსვამს უსაფრთხო ურთიერთობას, პროგნოზირებად რუტინას, ოჯახის ჩართულობასა და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას.
წარმატებული ტრანზიციის საზომი არ არის ის, იტირა თუ არა ბავშვმა პირველ დღეს. უფრო მნიშვნელოვანია, თანდათან შეძლოს თუ არა ახალ გარემოში უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბება, სანდო ზრდასრულთან ურთიერთობის დამყარება, დახმარების თხოვნა, ყოველდღიურ რუტინაში ჩართვა და თანატოლებთან ურთიერთობის დაწყება.
სწორედ ამიტომ ქვემოთ წარმოდგენილი ოთხი ქეისი გვიჩვენებს არა მხოლოდ პრობლემურ სიტუაციებს, არამედ იმასაც, როგორ შეიძლება მათზე რეაგირება.
ქეისი 1 – „არ მინდა ბაღი!“: განშორების შფოთვა
სიტუაცია. ნინო სამი წლისაა. პირველ დილას დედას ხელს ძლიერად უჭერს, ტირის და ამბობს, რომ ბაღში არ დარჩება. დედა ცდილობს დაამშვიდოს: „ნუ ტირი, აქ ხომ კარგია“, შემდეგ კი დიდხანს უხსნის, რატომ უნდა დარჩეს.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქცევა? ტირილი შეიძლება იყოს ბავშვის ბუნებრივი პასუხი უცნობ გარემოსა და მშობელთან განშორებაზე. ბავშვის ემოციის უარყოფა მას არ ეხმარება, რადგან ამ მომენტში მას არგუმენტზე მეტად უსაფრთხოების განცდა სჭირდება. UNICEF-ის რეკომენდაციებში ხაზგასმულია წინასწარი გაცნობა, სახლში ბაღის როლური თამაში, ახალი რუტინის წინასწარ დამკვიდრება და მოკლე, პოზიტიური დამშვიდობების გეგმა.
მშობლის ეფექტიანი ნაბიჯი. ემოციის აღიარებაა: „ვხედავ, რომ გიჭირს ჩემგან დაშორება. მე შენს წამოსაყვანად მოვალ. ახლა ერთად შევალთ, ჩანთას დავკიდებთ და აღმზრდელს მივესალმებით“. დამშვიდობება იყოს მოკლე, თანმიმდევრული და ყოველდღიურად მსგავსი.
აღმზრდელ-პედაგოგის ეფექტიანი ნაბიჯი. პედაგოგმა ბავშვს პირადად უნდა მიმართოს, შესთავაზოს კონკრეტული პირველი მოქმედება და ხელი შეუწყოს მშობლის მშვიდად გასვლას. მაგალითად: „ნინო, მოდი, ერთად ვნახოთ, სად დავდოთ შენი ჩანთა“.
მთავარი დასკვნა. ბავშვის ტირილის შეჩერება არ არის მთავარი მიზანი; მიზანია, ბავშვმა გამოცდილებით აღმოაჩინოს, რომ განშორება დროებითია და მის გვერდით უსაფრთხო ზრდასრულია.
ქეისი 2 – „ბავშვი ბაღში წყნარია, სახლში კი ბრაზობს“: დაგროვილი დაძაბულობა
სიტუაცია. ლიკა ოთხი წლისაა. ბაღში მშვიდია, იშვიათად ითხოვს დახმარებას და თითქმის არ ლაპარაკობს. სახლში დაბრუნების შემდეგ კი დაღლილია, გაღიზიანებული და მოულოდნელად ტირის.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქცევა? ახალი გარემოს ბევრი სტიმული — ხმები, ადამიანები, წესები, სოციალური ურთიერთობები და ახალი მოთხოვნები — ბავშვისთვის დამღლელი შეიძლება იყოს. ახალ გარემოში გადასვლა ბავშვებისთვის ახალი რუტინებისა და მოლოდინების ათვისებას მოითხოვს, ხოლო ოჯახისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის დღის შემდეგ დასვენებისა და ხელახლა დაკავშირების შესაძლებლობის შექმნა.
მშობლის ეფექტიანი ნაბიჯი. ბაღიდან დაბრუნებისთანავე მოერიდეთ ბავშვის დეტალურ დაკითხვას. შესთავაზეთ წყალი/საკვები, მშვიდი თამაში, ჩახუტება ან დასვენება. მოგვიანებით ჰკითხეთ: „დღეს რა იყო ყველაზე კარგი?“ ან „რა იყო ცოტა რთული?“
აღმზრდელ-პედაგოგის ეფექტიანი ნაბიჯი. აღმზრდელ-პედაგოგი დააკვირდეს, როდის ხდება ბავშვი დაძაბული, რა აქტივობები მოსწონს, სად ითხოვს დახმარებას და რა დროს სჭირდება მცირე პაუზა. ინფორმაცია მშობელსა და პედაგოგს შორის ორმხრივად უნდა გაიცვალოს.
მთავარი დასკვნა. სახლში გამოხატული გაღიზიანება ყოველთვის „ცუდ ქცევას“ არ ნიშნავს; ის შეიძლება ბავშვისთვის საჭირო დასვენებისა და ემოციური რეგულაციის სიგნალი იყოს.
ქეისი 3 – „აქ ძალიან ხმაურია!“: ინდივიდუალური და სენსორული საჭიროებები
სიტუაცია. სანდრო ოთხი წლისაა. ბაღში მისვლისას ჯგუფში ბევრი ბავშვი და ხმაურია. სანდრო ყურებზე ხელს იფარებს, ტირის და მშობელს ეჭიდება.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქცევა? თუ რეაქცია განსაკუთრებით ძლიერია ხმაურიან, ხალხმრავალ ან სწრაფად ცვალებად სიტუაციაში, საჭიროა არა მხოლოდ „განშორების პრობლემის“, არამედ გარემოს დატვირთვის გათვალისწინებაც. ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების წინასწარი დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობისა და განვითარების სხვადასხვა თავისებურების მქონე ბავშვებისთვის. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის, პედაგოგებისა და შესაბამისი სპეციალისტების თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღი იზიარებდეს ინკლუზიური განათლების მოდელს, რომელიც მოიცავს უნივერსალური დიზაინისა და ინდივიდუალური მხარდაჭერის რესურსებს.
მშობლის ეფექტიანი ნაბიჯი. მშობელმა პედაგოგს წინასწარ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის რეაქციების შესახებ და ერთად განიხილონ, რა ეხმარება მას დამშვიდებაში. მიზანი არ უნდა იყოს ბავშვის იძულება „გაუძლოს“ გარემოს.
აღმზრდელ-პედაგოგის ეფექტიანი ნაბიჯი. შესაძლებელია ბავშვის მიღება შედარებით მშვიდ სივრცეში, ვიზუალური განრიგის გამოყენება, აქტივობაში ეტაპობრივი ჩართვა და მშვიდი ადგილის შეთავაზება. საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობა სპეციალურ მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან ან სხვა შესაბამის პროფესიონალთან.
მთავარი დასკვნა. ინკლუზიური ტრანზიცია ნიშნავს არა ბავშვის გარემოსთან იძულებით მორგებას, არამედ გარემოს ისე ორგანიზებას, რომ ბავშვმა შეძლოს მონაწილეობა.
ქეისი 4 – „დედა ვერ ტოვებს ბავშვს“: მშობლის შფოთვა როგორც ტრანზიციის ნაწილი
სიტუაცია. თამარი ხუთი წლისაა. ბავშვი უკვე მზად არის ჯგუფში შესასვლელად, მაგრამ დედა დიდხანს რჩება კართან, რამდენჯერმე ბრუნდება, ეკითხება ბავშვს, ნამდვილად კარგად იქნება თუ არა და ბოლოს ორივე ტირიან.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ქცევა? ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ზრდასრულის ემოციური მდგომარეობის მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ მშობელმა ემოციები უნდა დამალოს; პირიქით, მას შეუძლია თქვას: „მეც ცოტა ვნერვიულობ, რადგან ეს ახალია, მაგრამ ვიცი, რომ შენ უსაფრთხოდ იქნები და მე აუცილებლად დავბრუნდები“.
მშობლის ეფექტიანი ნაბიჯი. წინასწარ შეათანხმოს აღმზრდელთან დამშვიდობების მოკლე რიტუალი და შეასრულოს იგი. მშობლისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, ვის დაუკავშირდება საჭიროების შემთხვევაში, რათა ბავშვის წინაშე გაურკვევლობა არ გაიზარდოს.
აღმზრდელ-პედაგოგის ეფექტიანი ნაბიჯი. პედაგოგმა მშობელს მკაფიოდ და მშვიდად უნდა აუხსნას, როგორ ჩაივლის მიღების პროცესი. ბავშვის ყურადღება გადაიტანოს კონკრეტულ მოქმედებაზე და ოჯახს არ შეუქმნას განცდა, რომ მისი წასვლა ბავშვის „მიტოვებაა“.
მთავარი დასკვნა. ტრანზიცია არის მთელი ოჯახის გამოცდილება. მშობლის ნდობის გაძლიერება ხშირად ბავშვის უსაფრთხოების განცდის გაძლიერებასაც უწყობს ხელს.
გთავაზობთ ჩეკლისტს მშობლებისთვის, რომელიც მათ ბავშვის ტრანზიციის პროცესის ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება.
მშობლის ჩეკლისტი – მზად ვართ ტრანზიციისთვის?
ბაღის დაწყებამდე და პირველ კვირებში მშობელს შეუძლია გადაამოწმოს:
☐ ბავშვთან ერთად წინასწარ მოვინახულე ბაღი და გავაცანი ახალი გარემო.
☐ ბავშვს ავუხსენი, როგორ ჩაივლის მისი დღე და როდის მოვალ მის წასაყვანად.
☐ სახლში ვითამაშეთ „ბაღობანა“ ან სხვა როლური თამაში.
☐ ბაღის დაწყებამდე ეტაპობრივად მოვაწესრიგეთ ძილისა და გაღვიძების რეჟიმი.
☐ ბავშვს ვაძლევ შესაძლებლობას, თავად სცადოს ჩაცმა, ნივთების დალაგება, ჭამა და დახმარების თხოვნა.
☐ ბავშვის ემოციებს ვაღიარებ და არ ვეუბნები „ნუ გეშინია“ ან „ნუ ტირი“.
☐ შევიმუშავეთ დამშვიდობების მოკლე და სტაბილური რიტუალი.
☐ აღმზრდელს გავუზიარე ბავშვის ინტერესები, ჩვევები, დამამშვიდებელი გზები და მნიშვნელოვანი საჭიროებები.
☐ ვაკვირდები ბავშვის მდგომარეობას არა მხოლოდ დილით, არამედ ბაღიდან დაბრუნების შემდეგაც.
☐ თუ სირთულე გრძელდება, ვთანამშრომლობ აღმზრდელ-პედაგოგთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტებთან.
☐ საჭიროების შემთხვევაში, თუ ტრანზიციის ეტაპი ითხოვს გარკვეულ დროს (2 კვირა, 1 თვე ან მეტი), გამოვყოფ შესაბამის დროს/ავიღებ შვებულებას ეფექტიანი, უსაფრთხო ტრანზიციის დაგეგმვა-განხორციელებისათვის.
აღმზრდელ-პედაგოგს – რეკომენდაციები ეფექტიანი ტრანზიციისთვის
- ბავშვის მოსვლამდე გაეცანით მის შესახებ არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ოჯახთან დაამყარეთ საწყისი კომუნიკაცია.
- შეეცადეთ, პირველივე დღეებში ბავშვმა კონკრეტულ ზრდასრულში იპოვოს უსაფრთხო და პროგნოზირებადი საყრდენი.
- შექმენით განმეორებადი დღის სტრუქტურა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ვიზუალური განრიგი.
- პირველ დღეებში ნუ მოითხოვთ სრულ ჩართულობას; შესთავაზეთ ბავშვს დაკვირვებისა და ეტაპობრივი ჩართვის შესაძლებლობა.
- დამშვიდობებისას შეინარჩუნეთ თბილი, მაგრამ მოკლე რიტუალი.
- ბავშვის ქცევა შეაფასეთ კონტექსტთან ერთად: რა მოხდა მანამდე, რის გამოხატვას ცდილობს ბავშვი და რა მხარდაჭერა სჭირდება მას?
- ოჯახთან კომუნიკაცია უნდა იყოს ორმხრივი — გაუზიარეთ არა მხოლოდ სირთულეები, არამედ ბავშვის მცირე წარმატებებიც.
- ინდივიდუალური საჭიროების შემთხვევაში წინასწარ დაგეგმეთ გონივრული მხარდაჭერა და ჩართეთ შესაბამისი სპეციალისტები.
- არ შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს. ტრანზიციის ხანგრძლივობა თითოეული ბავშვისათვის ინდივიდუალურია.
- დაწესებულების დონეზე სასურველია ტრანზიციის ერთიანი პრაქტიკის შექმნა, რათა ბავშვისა და ოჯახის გამოცდილება თანმიმდევრული იყოს.
ბავშვის ბაღში ტრანზიცია არ არის გამოცდა, რომელიც ბავშვმა უნდა „ჩააბაროს“. ეს არის ურთიერთობის, ნდობისა და პროგნოზირებადობის შექმნის პროცესი. მშობელი ქმნის ემოციურ საყრდენს, აღმზრდელ-პედაგოგი — უსაფრთხო და მიმღებ საგანმანათლებლო გარემოს, ხოლო საბავშვო ბაღი — თანამშრომლობის პირობებს. როდესაც ეს სამი რგოლი შეთანხმებულად მოქმედებს, ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, ახალი გარემო საკუთარი ტემპით გაიცნოს და თანდათან იქცეს მისთვის ნაცნობ, უსაფრთხო და საინტერესო სივრცედ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- UNICEF Georgia. (2023). როგორ მოვემზადოთ საბავშვო ბაღისთვის.
- UNICEF საქართველო. Leave No Child Out: ინკლუზიური, თანასწორი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლება საქართველოში.
- დოლიძე, ხ., ცინცაძე, ნ., & კუხალეიშვილი, თ. (2025). ადრეული განათლების კურიკულუმი – თამაში: მეთოდური სახელმძღვანელო 2-იდან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისთვის. თბილისი. ISBN 978-9941-8-8220-3.


